სექტემბერი 2022

ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ პროგრესულ კანონს პაკისტანში 4 წლის შემდეგ აპროტესტებენ

პაკისტანი 2018 წელს მიღებული ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტის შესწორებას განიხილავს, რომელზეც ზოგიერთი კანონმდებელი და სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ გენდერული იდენტობის შესახებ ისლამურ სწავლებებს ეწინააღმდეგება.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ კანონი არასწორად არის აღქმული და მის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია ტრანსგენდერ ადამიანებს კიდევ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის.

კანონი, რომელსაც იურისტთა საერთაშორისო კომისია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულად მიიჩნევს, პაკისტანში აღიარებს გენდერულ იდენტობას და ტრანსგენდერ ადამიანებს აძლევს დოკუმენტების შეცვლის უფლებას.

კანონის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ეს არაისლამურია და შეიძლება კარი გაუხსნას ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას, რაც ამჟამად პაკისტანში აკრძალულია.

კონსერვატიული პოლიტიკური პარტიის წევრი, სენატორი მუშტაქ აჰმად ხანი 2018 წლის კანონის წინააღმდეგ გამომსვლელთა ლიდერია. ამერიკის ხმასთან საუბრისას მან თქვა, რომ მოქალაქეებისთვის უფლების მიცემა, აირჩიონ გენდერული იდენტობა, “ოჯახისა და მემკვიდრეობის სისტემებისთვის” საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის 220 მილიონი ადამიანისთვის გახსნის კარს, ნებისმიერი რამ აირჩიონ.

პაკისტანი მემკვიდრეობის ისლამურ სისტემას იყენებს, რომელიც ქონებას შთამომავლებს შორის მათი სქესის მიხედვით ანაწილებს. კაცებს ორჯერ მეტი ხვდებათ, ვიდრე ქალებს. მოქმედი კანონი ითვალისწინებს იმასაც, რომ ტრანსგენდერ კაციც ორჯერ მეტ ქონებას მიიღებს, ვიდრე ტრანსგენდერი ქალი.

2018 წლის კანონი

პაკისტანის 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებები ტრანსგენდერ ადამიანს განსაზღვრავს როგორც ინდივიდს, რომელსაც კაცისა და ქალის გენიტალიები აქვს, ადამიანს, რომელსაც დაბადებისას მამრობითი სქესი მიანიჭეს, მაგრამ ტრანზიცია გაიარა, ასევე ადამიანს, რომლის გენდერული იდენტობა ან გამოხატვა დაბადებისას მინიჭებული სქესისგან განსხვავდება.

სენატორი ხანი ამტკიცებს, რომ თუ ადამიანების გენდერული აღქმა ეწინააღმდეგება დაბადების სქესს, მათ ტრანსგენდერებად აღიარების უფლება არ უნდა ჰქონდეთ და “ამის ნაცვლად, ფსიქოლოგიური დახმარება მოიძიონ”.

მის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები სამედიცინო ჯგუფის შექმნას მოიცავს, რომელიც დეტალურ გამოკვლევებს ჩაატარებს და შემდეგ ადამიანებს ურჩევს, რა სქესის უნდა იყვნენ ისინი.

სექსუალური და გენდერული იდენტობის დასადგენად სამედიცინო ჯგუფის გამოკვლევას ეწინააღმდეგებიან ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დამცველები.

ამერიკის ხმასთან საუბრისას, აქტივისტმა, ზანაია ჩაუდრიმ რიტორიკული შეკითხვა დასვა — თუკი გამოკვლევა საჭირო არ არის კაცის ან ქალის გენდერული იდენტობის დასადგენად, მაშინ რატომ ხდება ეს დისკრიმინაციული აქტი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ?

მისი თქმით, 2018 წლის კანონის მიზანი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების დაცვა იყო.

შევიწროება, სიკვდილის მუქარა

ოჯახის მიერ მიტოვებული და სოციალური სტიგმის გამო უმუშევრად დარჩენილი პაკისტანელი ტრანსგენდერი ადამიანები რეგულარულად განიცდიან შევიწროებას, მათ ემუქრებიან და თავს ესხმიან. ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 4 ტრანსგენდერი ქალი მოკლეს.

იურისტთა საერთაშორისო კომისიისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, 2021 წელს პაკისტანში სულ მცირე 20 ტრანსგენდერი ადამიანი დაიღუპა.

2012 წელს, ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს იგივე უფლებები აქვთ, რაც ყველა სხვა მოქალაქეს და რომ ეროვნულ პირადობის მოწმობაში “მესამე სქესის” კატეგორია უნდა დამატებულიყო.

ამ გადაწყვეტილებამ 2018 წლის კანონმდებლობას გაუხსნა გზა, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციას საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამუშაო ადგილებსა და ჯანდაცვაში კრძალავდა.

უფლებადამცველი და ადვოკატი, ჰინა ჯილანი უარყოფს მოსაზრებას, რომ 2018 წლის კანონი არაისლამურია.

გასაკვირია, რომ კანონს, რომელიც მარგინალიზებულ საზოგადოებას იდენტობას ანიჭებდა და პარლამენტის მიერ იყო მიღებული, ახლა აპროტესტებენ, — აღნიშნა აქტივისტმა.

ცვლილებები

პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური პარტიის სენატორმა, ფაუზია არშადმა ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც 2018 წლის კანონმდებლობას შეცვლის.

სენატორების — ხანისა და არშადის ცვლილებები მხოლოდ ინტერსექსი ადამიანების დაცვაზე და იმ პუნქტების ამოღებაზეა ფოკუსირებული, რომლებიც ტრანსგენდერ ადამიანებს აღიარებს და აძლევს საშუალებას, მიიღონ მემკვიდრეობის წილი.

სენატის თავმჯდომარემ საკითხი განსახილველად შესაბამის მუდმივ კომიტეტს გადასცა.

ქვეყნის რელიგიური სასამართლო, რომელიც ფედერალური შარიათის სასამართლოს სახელით არის ცნობილი, არგუმენტებს 2018 წლის კანონის სასარგებლოდ და წინააღმდეგ განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის სამართლის მინისტრმა, აზამ ნაზირ ტარარმა კანონის არაისლამურობის შესახებ კრიტიკა უარყო, როგორც “უსაფუძვლო პროპაგანდა”, იგი ხანის შემოთავაზებულ შესწორებებს მიესალმება და პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ რელიგიური სასამართლოს სიტყვა ამჯერად საბოლოო იქნება.

2018 წელს კანონმდებლობა ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შესახებ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით მიიღეს, გარდა რელიგიური პარტიებისა.

2021 წელს, როდესაც ხანმა პირველად წამოჭრა საკითხი კანონის შესწორების შესახებ, მაშინდელი ადამიანის უფლებათა მინისტრი ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა.

ეს საკითხი მეტ დატვირთვას იძენს ხანის სიტყვების ფონზე, რომელიც ამბობს, რომ ამ საკითხზე მისი თანმიმდევრული მუშაობა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს.

საქართველოს სახალხო დამცველობა 19 ადამიანს სურს — სია

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის ვადა ამოიწურა და ცნობილი გახდა, რომ ამ თანამდებობაზე წარდგენილია 19 ადამიანი.

  • ანა აბაშიძეპარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR) ხელმძღვანელი
  • მარიკა არევაძე — საადვოკატო ბიურო არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების ადვოკატი
  • გიორგი ბურჯანაძე — საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
  • ლელა გაფრინდაშვილიქალების ინიციატივა თანასწორობისათვის ხელმძღვანელი
  • სოფიო დემეტრაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
  • თინათინ ერქვანიასაქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
  • ევგენია თავაძე — დროებით უმუშევარი
  • ალექსანდრე კობაიძე — ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია თავმჯდომარე
  • ლევან კოკორაშვილი — ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
  • ნუგზარ კოხრეიძესამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ თაობათა დიალოგის თავმჯდომარე
  • გიორგი მარიამიძე — მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი, დირექტორი
  • სერგო მახარაძე — საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
  • მაკა მინდიაშვილიხალხის ხმის დამფუძნებელი
  • ჯემალ ნათელაშვილისაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
  • ნიკოლოზ ნიკოლაძე — საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
  • ქეთევან ჩაჩავაგანვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
  • გიორგი ცობეხია — საადვოკატო ბიუროს გიორგი ცობეხია და პარტნიორები მმართველი პარტნიორი, დირექტორი
  • იაგო ხვიჩია — საქართველოს პარლამეტის წევრი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი
  • ნაზი ჯანეზაშვილისაქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი

კანდიდატებიდან სამი: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად წარადგინეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “პროცედურა მიდის ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად”.

მისივე თქმით, კანდიდატების შეფასებას შემფასებელთა ჯგუფი 13 ოქტომბრამდე წარადგენს და ისინი იმსჯელებენ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი.

“ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განთლება და გამოცდილება”, — დასძინა მან.

რაც შეეხება შემფსებელთა ჯგუფს, რომელმაც უნდა იმსჯელოს კანდიდატების შესახებ, წევრები არიან:

  • დავით ასათიანი — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
  • თამარ ზარანდია — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
  • ნათია კუპრაშვილი — საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე
  • რაისა ლიპარტელიანი — საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
  • ელენე რუსეცკაიაქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი
  • არნოლდ სტეფანიანი — საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე
  • ნინო ჩხობაძესაქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები − საქართველოს თავმჯდომარე
  • ეკატერინე ციმაკურიძედემოკრატიის ინდექსი − საქართველოს თავმჯდომარე
  • ლევან ცუცქირიძეორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის აღმასრულებელი დირექტორი.

მოქმედ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს, 6 წლის ვადით.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონის თანახმად, ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში. ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პატივისცემას; გარდა ამისა, სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას; ომბუსმენი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, ასევე, ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.

საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.

სამოსი გენდერული იდენტობის მიხედვით — ახალი სიტყვა ავიაკომპანიების ისტორიაში

ბრიტანულმა ავიაკომპანია Virgin Atlantic-მა ინკლუზიურობის გაზრდის მიზნით, თავისი ერთიანი პოლიტიკა შეცვალა.

ეკიპაჟს, პილოტებსა და სახმელეთო გუნდებს გენდერული ნიშნით გამორჩეული ფორმის ტარება აღარ მოეთხოვებათ. მათ შეუძლიათ, ის სამოსი ატარონ, რომელშიც საუკეთესოდ გრძნობენ თავს.

2019 წელს Virgin Atlantic-მა ქალი პერსონალისთვის მაკიაჟის სავალდებულო მოთხოვნა მოხსნა და მათ შარვლისა და ბრტყელი ფეხსაცმლის ჩაცმის უფლება მისცა. ასევე, ბრიტანული ავიაკომპანია გახდა პირველი, რომელმაც ხილული ტატუს ტარება დაუშვა.

სავალდებულო ინკლუზიურ ტრენინგებთან ერთად, პერსონალისთვის არჩევითი ნაცვალსახელის სამკერდე ნიშნები დანერგეს.

ნაცვალსახელის სამკერდე ნიშნების არჩევა მგზავრებსაც შეუძლიათ. სქესის ნეიტრალური კოდები “U” ან “X” ავიაკომპანიის დაჯავშნის სისტემაში უკვე ხელმისაწვდომია.

Virgin Atlantic-ის ახალ წესებთან დაკავშირებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი პოლიტიკა მხარს უჭერს ხალხის ინდივიდუალობას, რაც საშუალებას იძლევა, ატარონ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც გამოხატავს იმას, თუ როგორ იდენტიფიცირდებიან ან წარმოაჩენენ საკუთარ თავს.

ამ ნაბიჯს ამყარებს კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ წესების ცვლილება პერსონალს საშუალებას მისცემს გაითავისონ თავიანთი ინდივიდუალობა სამსახურში და ქმნის უკეთეს გამოცდილებას როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლებისთვის.

2022 წელს 3Gem-ის მიერ ავიაკომპანიის სახელით შეგროვებული მონაცემებით აღმოჩნდა, რომ ახალი წესები 49%-ით ზრდის ფსიქიკურ კეთილდღეობას, ხოლო ბედნიერების შეგრძნებას 65%-ით. კვლევაში დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 2000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა.

Virgin Atlantic იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი მათ დაუმკვიდრებს სახელს “ყველაზე ინკლუზიური ავიაკომპანია ცაში”.

“ადამიანი თავის ძალაუფლებას გრძნობს, როცა აცვია ის, რაც მას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ეს გენდერული იდენტობის პოლიტიკა საშუალებას აძლევს მათ, გაითავისონ ის, ვინც არიან და გამოიყენონ სრულფასოვანი საკუთარი თავი”, — ამბობენ კომპანიაში.

ყველაფერი პოლიამორიის შესახებ

პოლიამორია სიყვარულის არამონოგამიური მიდგომაა, რომელშიც ადამიანები არა ერთ, არამედ ერთდროულად ერთზე მეტ ადამიანთან რომანტიკულ ან/და სექსუალურ ურთიერთობებს გულისხმობს. პოლიამორიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია უსასრულო რაოდენობის ფორმის მიღება და სიყვარულის, ზრუნვის და თანადგომის უხვად გაცემა. პოლიამორული ურთიერთობის სხვადასხვა სტრუქტურა და ფორმა არსებობს.

რა არის პოლიამორია და რას ნიშნავს იყო პოლიამორული?

ილუსტრაცია: Elena Boils

პოლიამორია პირდაპირ შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც “ბევრი საყვარელი/ შეყვარებული”. ქვიარ ურთიერთობების ექსპერტი და სექს თერაპევტი, რეიჩელ ვრაითი განმარტავს: “გამომდინარე იქედან, რომ ყველა ურთიერთობის ფორმა უნიკალურია, პოლიამორიული სიყვარულის ფორმებიც განსხვავდება, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ — პოლიამორია ითვალისწინებს რომანტიკულ და სექსუალურ კავშირს ერთზე მეტ ადამიანთან და ეს კავშირი შეთანხმებულია დანარჩენ პარტნიორებთან. პოლიამორი არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებს ურთიერთობის ამგვარ სტრუქტურაში”.

თუ მიგაჩნიათ, რომ რთულია რომანტიკული ურთიერთობაში ყოფნა ერთზე მეტ ადამიანთან, იფიქრეთ მეგობრობაზე. მეგობრებთან ჩვენი ურთიერთობები სიყვარულსა და ზრუნვას ემყარება და ეს ემოციები არ არის მიმართული ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი მეგობრისკენ — ჩვენს გრძნობებს ერთდროულად ბევრ მეგობარს ვუზიარეთ და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვართ ერთგული მეგობრები. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ყველა ტიპის ურთიერთობას სჭირდება სხვადასხვანაირი ჩართულობა და ყველა მეგობარს სჭირდება სხვადასხვა დონის ყურადღება. არსებობენ საუკეთესო მეგობრები, გამორჩეული მეგობრები. ამგვარი რამ გვხვდება პოლიამორიულ ურთიერთობებშიც,  სადაც ადამიანები პარტნიორებს პირველად/უპირატესად ან მეორეხარისხოვნად მოიხსენიებენ, თუმცა ამის მიუხედავად, ყველა ურთიერთობის ფორმა მაინც დამყარებულია ზრუნვაზე, სიყვარულზე და თავდადებაზე.

რა განსხვავებაა პოლიამორულ, არამონოგამურ და ღია ურთიერთობებს შორის?

არამონოგამია ერთგვარი ქოლგა ტერმინია, რომელიც აერთიანებს ურთიერთობის ყველა იმ ფორმას, რომელიც არ არის კონცენტრირებული ერთ პარტნიორთან ურთიერთობაზე. პოლიამორიაც და ღია ურთიერთობაც შეგვიძლია ამ ტერმინის ქვეშ გავაერთიანოთ.

ღია ურთიერთობა არის ურთიერთობის ფორმა, რომლის დროსაც პარტნიორებს შორის არსებობს შეთანხმება, რომ მათ ექნებათ სექსუალური ან რომანტიკული კავშირები სხვებთანაც,  თუმცა არსებობს ღია ურთიერთობის ისეთი ფორმებიც, რომლის დროსაც პარტნიორებს სხვა, მესამე ადამიანთან მხოლოდ სექსი აქვთ და შეთანხმება არ ითვალისწინებს რომანტიკული გრძნობების განვითარებას მესამე ადამიანის მიმართ.

ურთიერთობის რა სტრუქტურები მოქმედებს პოლიამორიაში? როგორი შეიძლება იყოს პოლიამორული ურთიერთობა?

ვრაითის თქმით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არსებობს პოლიამორული ურთიერთობების სწორი და არასწორი გზები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გზას აირჩევთ თქვენ და ურთიერთობის რომელი ფორმაა მორგებული თქვენს საჭიროებებზე. მართალია, უკვე არსებობს პოლიამორული ურთიერთობების ფორმები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ერთადერთი სწორი გზა ამ ფორმებზე ბრმად მიყოლაა.

“ჩვენი მონოგამიურ-ნორმატიული საზოგადოება ხშირად გვავალდებულებს, რომ ურთიერთობებში ვეძებოთ წესები და გეგმები, თითქოს გვჭირდება ვიცოდეთ ურთიერთობის წარმათვისთვის სწორი გზები. პოლიამორიის შემთხვევაში უფრო მეტი ადგილი რჩება წარმოსახვისთვის. თქვენ უნდა შექმნათ თქვენზე მორგებული ურთიერთობების სტრუქტურები, იმის მიუხედავად, უკვე არსებობს ამ სტრუქტურისთვის სახელი თუ არა”, — ამბობს სექს თერაპევტი ჯაიდა შუავარნასრი.

 

ილუსტრაცია: CHLOEEIA

“სამყაროში ურთიერთობების უთვალავი სტრუქტურა არსებობს, შენზე მორგებული სტრუქტურის პოვნა არის ის, რაც მონოგამმა ადამიანებმაც უნდა გააკეთონ”, — ამბობს თერაპევტი და დასძენს, რომ სიტყვები შესაძლოა გამოსადეგი იყოს იმის აღსაწერად, “თუ როგორ გადავაადგილები ამ სამყაროში, თუმცა ისინი მაინც არ აღწერენ ყველაფერს ბოლომდე”.

გაგაცნობთ პოლიამორული ურთიერთობების სხვადასხვა, ყველაზე გავრცელებულ სტრუქტურას:

ტრიადა

ტრიადა პოლიამორული კავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, სადაც სამი ადამიანი იმყოფება ერთმანეთთან რომანტიკულ ან/და სექსუალურ ურთიერთობაში.

V

V შეგვიძლია განვმარტოთ, როგორ სამი ადამიანის დინამიკა, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანია ჩართული ორ სხვა ადამიანთან რომანტიკულ ან/და სექსუალურ კავშირში. დანარჩენ ორ ადამიანს ერთმანეთთან მეტამური კავშირი აერთიანებთ და მათ ხშირად შეყვარებულის შეყვარებულსაც უწოდებენ.

ოთხკუთხედი

პოლიამორული ოთხკუთხედი შეგვიძლია ვუწოდოთ ოთხ ადამიანს, რომლებიც რომანტიკულად ან სექსუალურად არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან. ურთიერთობის ამგვარ ფორმას პოლიკულასაც უწოდებენ და ის თანავარსკვლავედს მოგვაგონებს, სადაც ვარსკვლავებს შორის სხვადასხვა ხაზი ივლება.

ოთხ ადამიანს შორის კავშირი შეიძლება იყოს დახურული და ისინი მხოლოდ ერთმანეთთან ამყარებდნენ რომანტიკულ ან/და სექსუალურ კავშირებს, ან შესაძლოა ურთიერთობის ეს ფორმაც იყოს ღია და სცდებოდეს ამ ოთხ ადამიანს.

პოლიამორული ურთიერთობები მრავალ პარტნიორთან შეიძლება იყოს იერარქიული ან არაიერარქიული. იერარქიულ პოლიამორიაში არსებობს ერთგვარი განსხვავება პირველად ურთიერთობასა და მეორად ურთიერთობას შორის, მაშინ როცა არაიერარქიული პოლიამორია ყველას ერთ სიმაღლეზე აყენებს.

ილუსტრაცია: Jackie Lay

სოლო პოლიამორია

სოლო პოლიამორია არის ურთიერთობის კიდევ ერთი სტრუქტურა, სადაც ადამიანი მთავარ პარტნიორად საკუთარ თავს აღიქვამს და პრიორიტეტად თავის საჭიროებებს აყენებს. სოლო პოლიამორია ეჭქვეშ აყენებს იმ აზს, რომ “მთავარი პარტნიორის” ყოლა უნდა იყოს ყველა ადამიანის საბოლოო მიზანი ცხოვრებაში. სოლო პოლიამორს შესაძლოა ჰქონდეს ბევრი რომანტიკული/სექსუალური კავშირი, თუმცა მისთვის პრიორიტეტული საკუთარი თავია.

ანარქისტული ურთიერთობა

ურთიერთობის ფორმაზე მეტად, ანარქისტული ურთიერთობა შესაძლოა ფილოსოფიად მივიჩნიოთ, რომელიც სათავეს ანარქისტული იდეოლოგიისგან იღებს და ის ეწინააღმდეგება სიყვარულის პატრიარქალურ გაგებას, სადაც რომანტიკული ურთიერთობა ნებისმიერ სხვა ურთიერთობაზე აღმატებულია.

ანარქისტული ურთიერთობა არ ასახელებს ზოგიერთ ურთიერთობას, როგორც არსებითად უფრო მნიშვნელოვანს და ცდილობს, შექმნას სივრცე, სადაც თქვენ წყვეტთ, რომელი და რა ტიპის ურთიერთობაა უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის.

ილუსტრაცია: Jee Ferrer

რჩევები ადამიანებს, რომლებსაც სურთ პოლიამორიის ცდა

ექსპერტების თქმით, მნიშვნელოვანია ზედმეტი განსჯის გარეშე, მოთმინებით შევხვდეთ ჩვენს სურვილებსა და მისწრაფებებს. საჭიროა ამ საკითხებზე სწორი ინფორმაციების მოძიება სხვადასხვა სანდო წყაროს დახმარებით. ეცადეთ ისეთ ადამიანებთან გქონდეთ კომუნიკაცია, ვისაც პოლიამორული ურთიერთობის გამოცდილება უკვე აქვს და დაგეხმარებათ სწორი, ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.

წყარო: Them

ნოემბერში მელბურნის ქვიარ კინოფესტივალი გაიმართება

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ქვიარ კინოფესტივალი გაიმართება. მაყურებლებს 10 ნოემბრიდან 21 ნოემრის ჩათვლით საუკეთესო ქვიარ ფილმების ნახვის საშუალება ექნებათ.

ფესტივალი 32 წელია ტარდება. წლევანდელი ჩვენება ფილმით Private Desert გაიხსნება, რომელიც რამდენიმე ფესტივალის გამარჯვებულია (ნომინაციებში: საუკეთესო სცენარი და საუკეთესო ფილმი) და 2022 წელს გამოსული ფილმით Uýra: The Rising Forest დაიხურება, რომელიც ტრანსგენდერი ხელოვანის პერფორმანსული ხელოვნების მეშვეობით საკუთარი თავის აღმოჩენის მოგზაურობაზე გვიყვება. მთავარი პერსონაჟი, უირა უპირისპირდება სტრუქტურულ რასიზმსა და ტრანსფობიას ბრაზილიაში.

მელბურნის ქვიარ კინოფესტივალის დაჯილდოება 19 ნოემბერს გაიმართება და ავსტრალიელ ქვიარ კინემატოგრაფებს უკეთესად წარმოაჩენს.

კინოფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ჰარისი აღნიშნავს, რომ კინოფესტივალს მელბურნში საუკეთესო მსოფლიო ქვიარ კულტურა შემოაქვს და 2022 წელს მთელი თავისი დიდებულებით დაბრუნდება.

“კინოფესტივალის პროგრამა სავსეა მრავალფეროვანი ფილმებით, რომლებიც განსაცვიფრებელი, ემოციური, ლამაზი, გულისამაჩუყებელი და მხიარულია. მოუთმენლად ველით, რომ ყველა ფილმი მაყურებელს გავუზიაროთ”, — აღნიშნავს დევიდ ჰარისი.

Spaces — უსაფრთხო პლატფორმა ქვიარ ადამიანებისთვის

თუკი დროის სასიამოვნოდ გატარება, სხვადასხვა თემაზე საუბარი და ახალი ადამიანების გაცნობა გინდა, მაშინ ეს პლატფორმა შენთვისაა.

Spaces უფასო აპლიკაციაა ქვიარ ადამიანების დასაკავშირებლად. სხვა გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, მას აქვს უდიდესი სასაუბრო ჩათები ლგბტქი თემის ნიბისმიერი წარმომადგენლისთვის.

კომპანია Hornet, რომელმაც აპლიკაცია შექმნა, 2011 წელს დაარსდა, როგორც გაცნობის აპლიკაცია გეი მამაკაცებისთვის. ახლა ის სოციალური ქსელია და 35 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

“Spaces არის ადგილი, სადაც ადამიანები საუბრობენ იმ თემებზე, რომლის წინ წამოწევაც სურთ”, — განაცხადა Hornet-ის და Spaces-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა, სტეფან ჰორბელტმა The Hustle-თან საუბრისას.

პლატფორმა iOS-ისთვის ხელმისაწვდომი 1 მარტს გახდა. მალე კი მის გამოყენებას ანდროიდის მომხარებლებიც შეძლებენ. აპლიკაციამ ამ დროისთვის 899 000 ადამიანის დაინტერესება შეძლო და 1 500-ზე მეტი ინდივიდუალური სივრცე აქვს.

Spaces-ში ყველას შეუძლია საკუთარი საჯარო ან დახურული სასაუბრო სივრცის შექმნა. არსებობს ჩათები კონკრეტული ინტერესებისთვის, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტისა თუ ლოკაციისთვის.

“ჩვენი აპლიკაცია ღირებულია. ქვიარ ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ ციფრული პლატფორმით, სადაც საკუთარი თავის გამოხატვა გაუმარტივდებათ”, — აღნიშნავს ჰორბელტი.

რას ამბობს EUMM თანამშრომლის სახელით გავრცელებულ პოსტზე

ტვიტერზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლის სახელით რუსული ნარატივის შემცველი პოსტის სქრინი გამოქვეყნდა.

“აშშ-ის მიერ ორკესტრირებული კიდევ ერთი ომი, რათა ევროპელი ხალხი ამერიკულ ბევრად ძვირ გაზსა და ნავთობზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდეს”, — წერია გავრცელებულ პოსტში. პოსტს მოჰყვება ფოტო, სადაც ადამიანი ევროკავშირის დროშის ფერებში ფეხებზე კოცნის ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში.

EUMM-ის ინფორმაციისა და ცოდნის ექსპერტის სახელით გავრცელებული სქრინი თავდაპირველად ტვიტერზე თბილისი პრაიდის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა გაარცელა. სქრინი ლინკდინიდაა, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი პოსტი კარერას გვერდზე არ იძებნება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ქვიართან საუბარში დაადასტურა, რომ კარერა მათი თანამშრომელია. თაბაგარის პასუხად, EUMM-მა დაწერა, რომ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. მათივე თქმით, მისიის თანამშრომელთა მოსაზრებები მათ პოზიციას არ გამოხატავს და შიდა მოკვლევის შემდეგ შინაგანაწესის მიხედვით იმოქმედებენ. 

 

ვიეტნამში პანდემიის შემდეგ პრაიდ კვირეული პირველად ჩატარდა

2019 წლის შემდეგ პირველად, ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში პირველი სრუმლასშტაბიანი პრაიდ კვირეული ჩატარდა.

ღონისძიება 19 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდა. მასში ლგბტქი თემის წევრებმა და მხარდამჭერებმა მიიღეს მონაწილეობა. კვირეული მარშით დასრულდა და ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

წინა წლების მსგავსად, ჰანოის პრაიდ ფესტივალის მთავარი სპონსორი ბრიტანეთის საელჩო იყო.

ბრიტანეთის ელჩმა ვიეტნამში, იაინ ფრიუმ 25 სექტემბრის ერთ-ერთ ღონისძიებაზე საკუთარი ქმრის შესახებ ისაუბრა, რამაც ხალხში ძლიერი ემოციები გამოიწვია. შემდეგ კი, თავისუფლების, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, სიყვარულის შესახებ გააკეთა განცხადებები.

წლევანდელ ღონისძიებებზე ლგბტქი აქტივისტებსა და უფლებადამცველებს კანადის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის ელჩებიც შეხვდნენ და ქვეყნის სამომავლო გეგმები განიხილეს.

პოლონელი მოზარდი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერისთვის დააკავეს

პოლონელი მოზარდი, მალვინა ჩმარა, რომელიც ტროტუარზე ცარცით ლგბტქი თემის მხარდამჭერ სიტყვებს წერდა, დააკავეს. 17 წლის მალვინა პოლონეთის წვრილმან დანაშაულთა კოდექსის 63-ე მუხლის დარღვევაშია ბრალდებული, რომელიც “ადმინისტრატორის თანხმობის გარეშე საჯარო ადგილას რეკლამების, პლაკატების, ბუკლეტების, წარწერებისა ან ნახატების განთავსებას კრძალავს” და ჯარიმას ითვალისწინებს.

TVN24-ის ინფორმაციით, მოზარდი ამბობს, რომ ბაზრის მოედანზე დაინახა ადამიანები, რომლებსაც ხელში ლგბტქი თემის შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ და ქვიარებს პედოფილებს ადარებდნენ.

მალვინამ მავნე რიტორიკა გააპროტესტა და ეკლესიის გარეთ, ტროტუარზე ყვითელი ცარცით დაწერა “შეეშვით ლგბტქი ადამიანებს”, ასევე, ჩამოწერა იმ მღვდლების სახელები, რომლებიც პედოფილიაში არიან ბრალდებულები.

“პოლიციამ მომთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შემდეგ კი, მღვდლებთან შესახვედრად ეკლესიაში შევიდნენ. ნახევარი საათი ველოდი, სანამ პოლიცია ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებდა. აგრესიული არ ვყოფილვარ, არ ვცდილობდი პოლიციისგან თავის დაღწევას. მათ ხელბორკილები დამადეს და მანქანამდე მიმიყვანეს”, — აღნიშნავს მოზარდი.

მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და სხვებსაც მოუწოდა, არ შეეშინდეთ ლგბტქი უფლებების დაცვის.

“თუ გვინდა, რომ რამე შეიცვალოს, უნდა ავჯანყდეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია ამის შეჩერებას შეეცდება. ჯერ არ მსმენია სოციალური ცვლილებების შესახებ, რომლებიც საზოგადოების, პოლიციისა და მთავრობის სრული თანხმობით განხორციელდა“, — ნათქვამია ვიდეოში.

მალვინას დაკავებამ ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. პოლონელი ლგბტქი აქტივისტი, ბარტ სტაშევსკი აცხადებს, რომ პოლიციის ბანდიტური ქცევა იმის ნიშანია, თუ რამდენად შეიცვალა პოლონეთი მემარჯვენე ხელისუფლების მმართველობის პირობებში.

“პოლიცია არ იცავს მოქალაქეებს, მათ წინააღმდეგ დგას”, — განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ლგბტქი თემის მხარდაჭერას უფრო მეტი ახალგაზრდა აგრძელებს.

უნგრეთმა ლესბოსელი აქტივისტების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს — HRW

Human Rights Watch-ის ცნობით, 1 ოქტომბერს, უნგრელი ლესბოსელი აქტივისტები ევროცენტრალური აზიის ლესბოსელების* თემის (EL*C) კონფერენციის ბოლო დღეს, რიგით მეორე ლესბოსელთა მარშს გამართავენ. Human Rights Watch წერს, რომ წლევანდელი კონფერენცია სახელწოდებით “ლესბოსელთა წინააღმდეგობა” სერბეთის მხრიდან ევროპრაიდი 2022-ის აკრძალვის მცდელობისა და იმ უკანასკნელი ორწლიანი პრაიდ მარშების თავდასხმების შემდეგ გაიხსნება, რომლებიც საქართველოში, ბულგარეთში, რუმინეთში, სერბეთში, თურქეთსა და უკრაინაში მოხდა.

Human Rights Watch-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნგრეთში ევროცენტრალური აზიის ლესბოსელების* თემის კონფერენცია ხელისუფლების მხრიდან ლესბოსელთა აქტივიზმის მუდმივი შევიწროების ფონზე ტარდება. თებერვალში, სააპელაციო სასამართლომ ლაბრისის ლესბოსელთა ასოციაციის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ პროსამთავრობო გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ლესბოსელი აქტივისტები პედოფილებს შეადარეს, მათ რეპუტაციას არ აზიანებს.

2021 წლის ივნისში, უნგრეთის კანონის მიხედვით, ბავშვებისთვის “ნებისმიერი შინაარსის ჩვენება, რომელიც ხელს უწყობს, ან ასახავს სქესის შეცვლას ან ჰომოსექსუალობას” კრიმინალიზებული იყო. ის მოსაზრება, რომ პედოფილია დაკავშირებულია ლგბტქი უფლებებთან, მცდარია. 2021 წლის აგვისტოში მთავრობის დადგენილებამ მომხმარებელს შეუზღუდა წვდომა საბავშვო წიგნებზე “ზღაპარი ყველასთვის”, რომელიც 2020 წელს ლაბრისის ლესბოსელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა და მასში გადმოცემულია ტრადიციული ქვიარ ზღაპრები ფემინისტი პერსონაჟებით. ახალი მოთხოვნის შესაბამისად, წიგნები, რომლებიც ჰომოსექსულაობასთან იყო დაკავშირებული, “დახურულ შეფუთვაში” იყიდებოდა.

“ბუდაპეშტში კონფერენციის ჩატარება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. 1999 წლიდან ლაბრისი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პოლიტიკური ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვის. ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მეტი შრომა გვიწევს, ვიდრე ოდესმე. ვიმედოვნებთ, კონფერენცია სიგნალს გაუგზავნის მთავრობას, რომ ლესბოსელთა წინააღმდეგობა ძლიერია და არასდროს დადუმდება“, — განაცხადა ლაბრისის აქტივისტმა, დოროტია რედაიმ.

ევროცენტრალური აზიის ლესბოსელების* თემის კონფერენცია და ლესბოსელთა მარში მიგრანტების, ლტოლვილების, ბოშათა თემებისა და უმცირესობების უფლებების წინ წამოწევას ისახავს მიზნად. 2018 წელს, უნგრეთის მიერ მიგრანტებისა და ლტოლვილების უფლებების დამცველთა კრიმინალიზების პირობებში, შესაძლოა, ორგანიზატორები რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეს კანონი, რომელიც გაეროს რამდენიმე სპეციალურმა მომხსენებელმა და ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევად დაადგინა, დღემდე ძალაში რჩება.

“ქვიარების, ფემინისტების, მიგრანტებისა და უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული შეტევების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა კონფერენციისა და ლესბოსელთა მარშის მიმდინარეობისას და გააუქმოს კანონები, რომლებიც აქტივისტებისა და უფლებადამცველების მუშაობის კრიმინალიზებას ახდენს”, — აღნიშნულია Human Rights Watch-ის განცხადებაში.