მარტი 2022 - Page 3

ბომბი ჩამოვარდნისას ადამიანის იდენტობას არ არჩევს – Kyiv Pride-ის დირექტორი

სანამ უკრაინა რუსეთის ომისგან თავის დაცვას ცდილობს, ქვეყნის ლგბტქი ლიდერები ახალი გამოწვევების წინაშე არიან. „ომი ყველას ათანაბრებს“ – აღნიშნავს Kyiv Pride-ის დირექტორი, ლენი ენსომი PinkNews-თან საუბრისას – „ბომბი ჩამოვარდნისას ადამიანის იდენტობას არ არჩევს, ის უბრალოდ ვარდება. ეს რუსულ რულეტს ჰგავს. ისინი უბრალოდ თავს გვესხმიან და არ ვიცით, ბომბი სად დაეცემა“.

ლგბტქი ორგანიზაციის დირექტორმა ცხოვრების დიდი ნაწილი უკრაინელი ქვიარ ადამიანებისთვის უკეთესობის მოტანას შესწირა, მაგრამ ბოლო კვირებში მისი ძალისხმევა სხვა მიმართულებით იხარჯება: ცდილობს, რომ თემის წევრები საკვებით და უსაფრთხო თავშესაფრებით უზრუნველყოს.

ამჟამად, უკრაინაში მცხოვრები ქვიარ ადამიანების უმეტესობა გადარჩენაზე და საკუთარი თავისუფლების დაცვაზეა გადართული, მაგრამ დისკრიმინაცია კვლავ არსებობს – მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რასისტული დამოკიდებულების, ტრანსგენდერი ლტოლვილების წინაშე არსებული სირთულეების შესახებ.

ლენის თქმით, ომის მიუხედავადაც კი არიან ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომელთაც ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმისთვის სცალიათ.

„ომის დროს კვლავ თავს ესხმიან ლგბტქი ადამიანებს, რაც საშინელებაა. მხოლოდ პუტინს კი არა – შიდა ჰომოფობიურ ძალებსაც ვებრძვით“, – აღნიშნავს ლენი.

Kyiv Pride-მა ბოლო კვირებში შექმნა დაცული ჩატი ქვიარ უკრაინელებისთვის, ასევე მოამზადა მონაცემთა ბაზა, რომელშიც საზღვრებს მიღმა დაცული ადგილებია მოცემული, ავრცელებს მარტივად შესავსებ დოკუმენტს, რომლითაც იმის დადგენა ხდება, ვის სჭირდება დახმარება. ორგანიზაცია უკრაინის გეი ალიანსთანაც გაერთიანდა, რათა ლგბტქი ადამიანებს ევაკუაციაში და დროებითი საცხოვრისებით უზრუნველყოფაში დაეხმაროს. Kyiv Pride ადგილობრივ ლგბტქი ადამიანებს ომის დროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისსაც სთავაზობს, რომელშიც მოხალისე ფსიქოლოგები არიან ჩართული.

საერთაშორისო მედია ხშირად ბევრად დიდ აქცენტს აკეთებს ლტოლვილებზე, მაგრამ ლენის თქმით, მისი კოლეგები და მეგობრები აქტიურად არიან ქვეყნის დაცვისკენ მიმართული, არმიის და სასაზღვრო დაცვის დანაყოფებში რეგისტრირდებიან.

„ვაფასებ, მათ აქტიურობას. ჩვენს ქვეყნას ვჭირდებით და გავიმარჯვებთ, თუ დავრჩებით და რუსულ აგრესიას შევებრძოლებით. თუ ომს უბრალოდ გავექცევით, რუსეთს ვერაფერი შეაჩერებს“, – ამბობს ლენი და ამატებს – „ხალხი ახალ ამბებს აღარ კითხულობს თავდაცვის ადგილებისკენ მიდიან. კიდევ ვერ ვიჯერებთ, როგორ უნდა დაიჯერო ამ მასშტაბის ომი 21-ე საუკუნეში? ეს იგივეა, დაიჯერო, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას ეწვევიან. ეს ბარბაროსული ომია“.

ლენი ფიქრობს, რომ ეს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მოქმედება კი არა – მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლაა: „ის არ ფიქრობდა, რომ უკრაინა მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ ახლა ნათელია, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება და გამარჯვებაც შეგვიძლია“.

ლესბოსური ორგანიზაცია WA Sphere-ის ხელმძღვანელი, ვერა ჩერნიგინა რუსული თავდასხმისას ხარკოვში ცხოვრობდა, ომის საშინელებამ ქალაქს დიდი ზიანი მიაყენა.

ვერამ 10 დღე ხარკოვში დაჰყო, სანამ ლვოვში გადასვლას გადაწყვეტდა. ხარკოვიდან მუშაობა სცადა, მაგრამ უსაფრთხოებაზე გამუდმებული ფიქრი ენერგიას არ უტოვებდა.

„გონება არ მუშაობს, როცა ირგვლივ აფეთქებებია, 10 დღე ვცდილობდი, მაგრამ ეს შეუძლებელია“, აღნიშნავს Pink News-თან საუბრისას.

უკრაინაში დარჩენა საფრთხისშემცველია, მაგრამ ვერამ გადაწყვიტა, ქვეყანაში დარჩენილიყო და ადამიანთა უფლებების დაცვისთვის შრომა განეგრძო.

„აქტივისტური საქმიანობა საშიშია. ომის დაწყების მეორე დღესვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში დავრჩენილიყავით და ლგბტქი უფლებები პრიორიტეტად გვექცია, ომი დასრულდება.. და არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ორიენტაციას, ქვეყანა ყველამ ერთად უნდა დავიცვათ. ყველას ერთი მიზანი გვაქვს – უნდა გავიმარჯვოთ“, – ამბობს ვერა.

აქტივისტის თქმით, რეალური მუშაობა ომის შემდეგ დაიწყება, როცა ქალაქების ხელახლა შენებას დაიწყებენ, უკრაინელებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დასჭირდებათ, რათა ომის ტრავმას გაუმკლავდნენ. ამბობს, რომ მზადაა ბრძოლაში ჩაერთოს, თუ უკრაინის თავისუფლების დასაცავად საჭირო იქნება.

„თუ აუცილებლობა იქნება, ყველაფერს გავიღებ – შევიარაღდები და ვიბრძოლებ. არ გვაქვს უკან დახევის ან გაქცევის უფლება, ერთადერთი გზა გვაქვს – გამარჯვება. ასეთია უკრაინული შემართება“, აღნიშნავს ვერა და იმასაც ამბობს, რომ ომის დასრულების შემდეგ ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდება და ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდ Pride მოძრაობას შექმნიან, ამისთვის კი სამომავლოდ მხარდაჭერა დასჭირდებათ.

წყარო: Pink News

ლგბტქი ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინაში ქვიარ თემს ეხმარებიან

იმ მომენტიდან, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო, ქვეყანაში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი ძალისხმევა  ხალხის დახმარებისკენ მიმართა. Keep Reading

ოზურგეთელმა აქტივისტებმა ,,კონსერვატიული პარტიის” წევრის მუქარასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს

/

დღეს ოზურგეთელმა სამოქალაქო აქტივისტებმა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. მოქალაქეები პროკურატურას სთხოვენ, დაინტერესდნენ  და სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ძალადობრივი დაჯგუფება ,,ალტ-ინფოს’’ მიერ შექმნილი პრორუსული პარტიის, ,,კონსერვატიული მოძრაობის’’ ერთ-ერთი ადგილობრივი წევრის მუქარასთან დაკავშირებით.

აღნიშნულმა პიროვნებამ 2022 წლის 14 მარტს, მაშინ, როცა მოქალაქეები გეგმავდნენ მშვიდობიან აქციას და აპროტესტებდნენ ოზურგეთში ,,კონსერვატიული მოძრაობის’’ ოფისის გახსნას, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იარაღის ფოტო წარწერით – ,,სამკურნალოს ვუმკურნალებთ’’, რაც პროტესტის მონაწილეებმა მუქარად აღიქვეს.

,,აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ძალიან მნიშნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რათა მომავალში ასეთი ძალადობრივი მოწოდება და მუქარა არ იყოს წახალისებული. დაუშვებელია სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი ტიპის მუქარა პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან რჩებოდეს რეაგირების გარეშე. აქვე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ალტ-ინფოს საქმიანობა დაკავშირებულია ახლო წარსულში ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევებთან, სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენასთან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეისწავლოთ განცხადებაში აღწერილი გარემოებები და მოახდინოთ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.” – ვკითხულობთ გაცხადების ტექსტში.

 

ფოტო მთავარზე: გურია ნიუსი

„ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, არ განგვიხილავს ეგ ფაქტი“ – გომელაური 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო მოსმენაზე 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდნენ ჟურნალისტებზე თავდასხმას და ეს შესაძლებლობა არ განუხილავთ.

„სამწუხაროდ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, ჟურნალისტებზე აგრესიული თავდასხმა ამ მასშტაბით არასდროს მომხდარა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო, ამ შემთხვევაში ეს ალტ-ინფო და სხვა მოსახლეობა იყო, რაც მიუღებელია და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. ეს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებზე არ იყო, ყველაზე იყო, ფოტოგრაფიც კი სცემეს, რომელსაც ტელევიზიის ნიშანი არ ჰქონდა. ფიზიკურად იძალადეს. რატომ ვერ მოხდა გეტყვით, დაახლოებით  რვა ლოკაციაზე იყო პოლიციის პატარ-პატარა ჯგუფები გაშლილი. აგრესია შეიძლება მომხდარიყო მსვლელობაზე, სადაც შეიკრიბებოდნენ ეს ადამიანები [ღირსების მარშის მონაწილეები]. პოლიციის ძირითადი ნაწილი ფილარმონიასთან იყო გადასროლილი, ვერის ბაღში და ასე შემდეგ, რომ სულ ცოტა კედელი აღგვემართა და გაგვეყვანა ეს ადამიანები იქიდან. სპონტანურად მოხდა რამდენიმე ადგილზე ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა. აქედან გამომდინარე, მესმის ჩვენი გასაკეთებელი იყო, არავის ვაბრალებ, არც თავს ვიმართლებ, ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არ დაგვიშვია, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლა მითუმეტეს. ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, არ განგვიხილავს ეგ ფაქტი. მომავალში იმედია აღარ მოხდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მითუმეტეს ჟურნალისტებზე და პრესაზე აღარ მოხდეს თავდასხმა, მთლიანი აქცენტი გადატანილი იყო ლგბტქი ადამიანებზე. სამწუხაროდ მოხდა ეს“, – აღნიშნა გომელაურმა.

მისი თქმით, 5-6 ივლისამდე ღირსების მარშის ორგანიზატორებთან შეხვედრები გამართეს, კვირეულის პირველი ორი ღონისძიება წარმატებულად ჩატარდა, მსვლელობასთან დაკავშირებით კი სხვადასხვა შესაძლებლობა განიხილებოდა, „მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა და თემა გაჩერდა“.

ლგბტქი ღამის კლუბი ,,კრემლი”- პუტინისთვის აწეული შუა თითი

პოპულარული ირლანდიური ღამის კლუბი – კრემლი, რომელიც 22 წლის წინ ბელფასტში გაიხსნა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დროს სახელის შეცვლას არ აპირებს. თემის წევრების ნაწილმა ომის დაწყების შემდეგ კლუბს სახელის შეცვლისკენ მოუწოდა, მაგრამ ბარის მფლობელების თქმით, ლგბტქი კლუბის სახელი „პუტინისთვის აწეული შუა თითია“, ამიტომ სახელის შეცვლას არ აპირებენ.

კრემლი უკრაინის გვერდით დგას. კლუბის გახსნისას ინსპირაცია რუსული მუშათა რევოლუციიდან და მეფე ნიკოლოზის სასახლეებისგან ავიღეთ. როცა რუსეთში ლგბტქი სიმბოლიკა აიკრძალა, ბევრმა ადამიანმა სახელის შეცვლისკენ მოგვიწოდა, მაგრამ ვთვლით, რომ სახელის შენარჩუნება ბევრად დიდი პოლიტიკური განაცხადია. კლუბის მფლობელი გეია, დასაქმებული პერსონალიც და ეს ადგილი ქვიარ თემის გულია. ის წარმოადგენს ყველაფერს, რასაც პუტინი ეწინააღმდეგება“, – ვკითხულობთ ბარის ფეისბუკ გვერდზე.

პალიტრანიუსის ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

2021 წლის 6 ივლისს, პალიტრანიუსის ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ირაკლი ყავლაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბექა მშვილდაძეს 6 ივლისს, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის მეორე დღეს, პარლამენტთან დაგეგმილი მდუმარე აქციის დაწყებამდე დაესხნენ თავს, ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა პალიტრა ნიუსის ოპერატორს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში არ ჩატარებულა, მაგრამ გაიმართა ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული აქცია, რომლის დროსაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობის ოფისები, დაამტვრიეს ინვენტარი. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებს ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დღემდე არ დაუკავებიათ.

დრეგ შემსრულებლების შეჯიბრებების სერია The Drag Ball იწყება

„თბილისი პრაიდისა“ და საინიციატივო ჯგუფის ახალი პროექტი THE DRAG BALL უნიკალური ღამეების სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას, ბოლის კულტურის განვითარებასა და უსაფრთხო სივრცის შექმნას, სადაც  ყველას შეეძლება საკუთარი თავის თავისუფლად წარმოჩენა.

24 მარტს დაგეგმილი პირველი ღონისძიება – Prayers and Flowers უკრაინას მიეძღვნება. ხალხს, რომელიც თავდაუზოგადავად იბრძვის საკუთარი ქვეყნისა და უფლებების დასაცავად. ეს არის სიმართლისა და სიცრუის, კეთილისა და ბოროტის ომი. ამ ომში წყდება: ადამიანის უფლებებს დაიცავენ თუ ფეხქვეშ გათელავენ; ვიცხოვრებთ უსაფრთხო გარემოში თუ ქიმიურ და ბირთვულ კატასტროფას მივიღებთ. ეს ჩვენი ომიცაა.

დაძაბული შეჯიბრისა და ლამაზი სანახაობის გარდა, შოუზე ქართული ელექტრონული სცენის გამორჩეული არტისტების მოსმენასაც შეძლებთ.

პირველ ღონისძიებაზე შემოსული შემოწირულობა ამ ომში მებრძოლი ქვიარ ადამიანების დასახმარებლად გადაირიცხება.

Queer Resilience – დარეგისტრირდით კურსზე, რომელიც ქვიარ აქტივისტებისთვის ტარდება

საქართველოს შემეცნებითი ცენტრი და GrlzWave, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პროექტს – Queer Resilience – ახორციელებს, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ქვიარ თემის წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდება.

„მაშინ, როდესაც გარშემო ამდენი სტიგმაა, აუცილებელი ხდება ცნობიერების ამაღლება და თანამოაზრეების გაძლიერება, რასაც ემსახურება ეს კურსი“, -ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში, რომელიც 19 მარტს იწყება და 2 აპრილამდე გასტანს. შეხვედრები Zoom პლატფორმაზე, შაბათ-კვირას გაიმართება.

კურსის განმავლობაში შეხვედრები და დისკუსიები გაიმართება საქართველოში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, დამსწრეები მათ საქმიანობას გაეცნობიან და სურვილის შემთხვევაში, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვასაც შეძლებენ. 

ონლაინ შეხვედრები დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა ფემინიზმი, ინფორმირებული თანხმობა, დისკრიმინაცია, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, ანატომია, სექსუალური გზით გადამდები ინფექციები, კონტრაცეფცია და არასასურველი ორსულობის შეწყვეტა, სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სექსტინგი.

კურსზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

ორსული მამაკაცების ემოჯი და გენდერულად ნეიტრალური Siri: Apple-ის განახლებული iOS

სულ რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა კომპანია Apple-მა ახალი ელექტრონული მოწყობილობები დააანონსა.

ახალ iPhone SE მოდელთან ერთად, Apple-მა საზოგადოებას განახლებული მობილური ოპერაციული სისტემა წარუდგინა, რომელსაც iOS 15.4-ის სახელით ვიცნობთ.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება iOS 15.4-ში, რომელიც სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი Apple-ის მობილურ ტელეფონებზე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, შეხვდებით გენდერულად ნეიტრალურ ხმოვან ასისტენტს, Siri-ს, რომელსაც Quinn ერქმევა და ახალ ემოჯიებს.

გენდერულად ნეიტრალური ხმის დამატება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაერომ გაავრცელა მოხსენება, სადაც ამბობდა, რომ ქალის ჟღერადობის ვირტუალური თანაშემწის ხმა ,,არის პრობლემური და ხელს უწყობს სტერეოტიპების გავრცელებას”. მოხსენებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ქალის ჟღერადობის ვირტუალური თანაშემწე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქალთან ურთიერთობის ნორმებს, რომელიც ხშირად დაფუძნებულია ცალმხრივ, ბრძანებით კილოზე.

გაეროს განცხადება კომპანიას მაშინვე არ გაუთვალისწინებია, თუმცა ახალი მოწყობილობების გააქტიურებისას მომხმარებელი უკვე თავად ირჩევს სასურველ ხმას.

როგორც Apple-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, გენდერულად ნეიტრალური ხმოვანი ასისტენტის ხმა ლგბტქი საზოგადოების წევრებმა ჩაწერეს და ის ნაკლებად ქალური და მამაკაცურია.

განახლება კიდევ უფრო მეტად არის მორგებული ლგბტქი საზოგადოების საჭიროებებს, განსაკუთრებით, ტრანსგენდერებისთვის. ორსული მამაკაცის emoji-სთან ერთად, განახლებაში ასევე შეხვდებით გენდერულად ნეიტრალური ადამიანების ემოჯიებს.

Apple-ის ახალი iOS 15.4-ით ასევე შესაძლებელი იქნება Face ID გამოყენება და ტელეფონის განბლოკვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირბადე გიკეთია.

 

ანდრეი მაიმულახინი – ის, რომ შესაძლოა „რუსულ სამყაროსთან“ შეგუება მოგვიწიოს, წარმოუდგენელია

უკრაინელი ქვიარ აქტივისტი და ლგბტქი ორგანიზაცია Nash Mir Centre-ის ხელმძღვანელი ანდრეი მაიმულახინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ლგბტქი თემის მდგომარეობაზე გვიყვება.

რუსეთის შეჭრიდან მალევე Nash Mir-ის ოფისი დაარბიეს და თანამშრომლებს თავს დაესხნენ. გასაკვირია, მაგრამ თავდამსხმელები უკრაინელები იყვნენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე.

Nash Mir Center / Facebook

„ჩვენი ორგანიზაცია საკმაოდ პატარაა. ჯგუფი 5 ადამიანისგან და, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 12 აქტივისტისგან შედგება. არავისგან მსმენია, ქვეყნიდან წასვლის სურვილი გამოეთქვა. ეს ჩვენი ქვეყანაა“

უკრაინის ლგბტქი საზოგადოებისთვის მრავალი მიზეზის გამო ომი შოკისმომგვრელი დარტყმა აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში თემის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა. თუკი, რუსეთი მათი ცხოვრების კონტროლს დაიწყებს, ისინი შიშობენ, რომ რთულად მოპოვებული პატარ-პატარა წარმატებები და თავისუფლება კვლავ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ანდრეი ამბობს, რომ 2014 წლიდან უკრაინაში ლგბტქი უფლებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, დადებითისკენ შეიცვალა და რომ ისინი ნამდვილად განსხვავდებიან რუსეთისგან.

„5 წლის წინ, სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების 80% არ უჭერდა მხარს ლგბტქი ადამიანებს, ისინი პრაიდის ჩატარების წინააღმდეგნი იყვნენ. შარშან ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უარყოფითმა პასუხებმა 56% აჩვენა, რაც მიმღებლობის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს. გვჯერა, მიმდინარეობს ნელი, მაგრამ მუდმივი პროგრესი. წარმოუდგენელია, რომ შეიძლება, ე.წ. „რუსულ სამყაროსთან“ შეგუება მოგვიწიოს, მის კანონებთან და მორალთან, რომელიც ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ლგბტქი აქტივისტები საკონცენტრაციო ბანაკებში, ან რუსეთისთვის არასასურველი ადამიანების სიაში აღმოჩნდნენ“

ანდრეი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ის დასავლეთ უკრაინაში შეეცდება გადასვლას, რათა თავის ოჯახთან და შეყვარებულთან ახლოს ყოფნა შეძლოს. ის სხვა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს, უკრაინას დაუჭირონ მხარი და ამბობს, რომ „რუსეთის გზაზე“ სიარულს სიკვდილი ურჩევნია.