/

დაკეტეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენით გავუმკლავდებით – უკრაინის პირველი ლედის წერილი

ბოლო დროს, უამრავი მედიაგამოცემა დამიკავშირდა ინტერვიუს ჩასაწერად. ეს წერილი ყველა ამ მოთხოვნის პასუხია და ჩემი, როგორც მოწმის სიტყვა უკრაინიდან. 

შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც ერთი კვირაზე ცოტა მეტის წინ მოხდა. ჩვენი ქვეყანა მშვიდი იყო; ჩვენი ქალაქები და სოფლები სიცოცხლით სავსე. 24 თებერვალს ყველამ რუსეთის თავდასხმის სიახლით გავიღვიძეთ. ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს, თვითმფრინავებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, სარაკეტო დანადგარები ჩვენს ქალაქებს შემოეჯარნენ.

კრემლის პროპაგანდის დასაყრდენი გამოცემების მტკიცების მიუხედავად, რომლებიც ამ მოვლენებს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ, ფაქტია, რომ ეს უკრაინის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობაა. ალბათ, ამ თავდასხმის ყველაზე შემზარავი და სამწუხარო ნაწილი ბავშვების სიკვდილია –  ოხტირკას ქუჩებში გარდაცვლილი 8 წლის ელისი, რომლის დაცვასაც ბაბუა ცდილობდა. ან პოლინა კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვისას გარდაიცვალა. 14 წლის არსენი, რომელსაც თავში ნამსხვრევი მოხვდა და ვერ გადაარჩინეს, რადგან ხანძრის გამო სასწრაფო დახმარება დროულად ვერ მივიდა.

რუსეთი ამბობს, რომ ეს „არ არის ომი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, ამიტომ, პირველ რიგში, მოკლული ბავშვების სახელებს ვახსენებ.

ფოტო აღებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილიდან

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ნაღმსაწინააღმდეგო თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ, ყველამ იხილეთ კიევის და ხარკოვის მეტროსადგურების ფოტოები, რომლებშიც ხალხი ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად იატაკზე წევს – გამოკეტილები არიან. ზოგისთვის ეს უბრალოდ ომის შედეგია, უკრაინელებისთვის კი – შემზარავი რეალობა. ზოგიერთ ქალაქში ოჯახები თავშესაფრებს დღეების განმავლობაში ვერ ტოვებენ, რადგან განურჩეველი და შეუწყალებელი დაბომბვაა, რომელიც სამოქალაქო ნაგებობებს ანგრევს.

ომის პირველმა ახალშობილმა სარდაფის ჭერი ნახა, პირველად მიწისქვეშეთის ჩახუთული ჰაერი ჩაისუნთქა და პირველი წამების მოწმეები გამოკეტილი, შეშინებული ხალხი იყო. ამჟამად, ათეულობით ბავშვს არასდროს უნახავს მშვიდობა. ეს ომი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და არა მხოლოდ დაბომბვის გამო. ზოგიერთ ადამიანს ინტენსიური ზრუნვა და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, რომელსაც ვერ იღებენ. რამდენად ადვილია ინსულინის გაკეთება სარდაფში? ან ასთმის სამკურნალო საშუალებების მიღება ხანძარში? რომ არაფერი ვთქვათ ათასობით ონკოლოგიურ პაციენტზე, რომელთათვის აუცილებელი ქიმიოთერაპია და რადიაციული მკურნალობა შეწყვეტილია. 

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში უიმედონი არიან. ბევრი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, მძიმე ავადობის მქონენი და შშმ პირები ოჯახებს დაშორდნენ, არავითარი მხარდაჭერა აღარ აქვთ. ამ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ორმაგი კრიმინალია. ჩვენი გზები ლტოლვილებით არის გადატვირთული. ჩახედეთ ამ გადაღლილ ქალებს თვალებში და ბავშვებს, რომლებიც საყვარელი ადამიანების და იმ ცხოვრების უკან მოტოვების გულისტკივილს დაატარებენ, რომელიც ჰქონდათ. კაცები, რომლებსაც ისინი საზღვრამდე მიჰყავთ, ცრემლებს ვერ იკავებენ, რადგან ოჯახები ერთმანეთს შორდებიან, მაგრამ მაინც გმირულად ბრუნდებიან საომარ ველზე, რათა ჩვენი თავისუფლება დაიცვან. ყველაფრის მიუხედავად, ყველა შემზარავი მოვლენის მიუხედავად, უკრაინელები არ ნებდებიან.

აგრესორ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას ბლიცკრიგით აიღებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი სათანადოდ ვერ შეაფასა. უკრაინელებმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მშობლიური ენისა, რწმენისა და ეროვნებისა, შეუდარებელი ერთობა აჩვენეს.

კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ უკრაინელები, როგორც გადამრჩენებს, ყვავილებით დახვდებოდნენ, მაგრამ მოლოტოვის კოქტეილებით შეეგებნენ. მადლობელი ვარ იმ ქალაქების მცხოვრებლების, რომლებსაც თავს დაესხნენ, რადგან კოორდინირებული დახმარება გაუწიეს ყველას, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მადლობელი ვარ მათიც, ვინც აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, სოციალურ სერვისებზე მუშაობენ, რადგან აჩვენეს, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.

უნდა აღვნიშნო ყველა, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა და მადლობა გადავუხადო უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მადლობა მეზობლებს, რომელთაც საზღვრები გახსნეს და ქალები და ბავშვები შეიფარეს, მადლობა, რომ უსაფრთხოდ ამყოფებთ მაშინ, როცა აგრესორმა ამის გაკეთების შესაძლებლობა შეგვიზღუდა.

მადლობა ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობები მოაწყვეს. გხედავთ! თვალს გადევნებთ და ვაფასებთ მხარდაჭერას.

უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ საკუთარ საზღვრებს დაიცავს, საკუთარ იდენტობას და არასდროს დაეცემა. ქალაქებში, რომლებშიც დაბომბვა გრძელდება, რომლებშიც ხალხი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, სარდაფებიდან ვერ ახერხებენ გამოსვლას, უსაფრთხო დერეფნები გვჭირდება, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ევაკუაცია უზრუნველვყოთ. გვჭირდება, რომ მათ, ვისაც ეს ხელეწიფებათ – ცა დაკეტონ!

დაკეტეთ ცა და მიწაზე მიმდინარე ომს ჩვენით გავუმკლავდებით.

მოგმართავთ მედიასაშუალებებს: განაგრძეთ სიმართლის თქმა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება. რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებული ომის პირობებში ყველა მტკიცებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ წერილით ვადასტურებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინაში მიმდინარე ომი „სადღაც მიმდინარე ომი“ არაა.  ესაა ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვართან ახლოს. უკრაინა ცდილობს იმ ძალის შეჩერებას, რომელიც ხვალ შეიძლება აგრესიით შემოიჭრას თქვენს ქალაქებში და ამის გამართლებად მოქალაქეთა დაცვა დაასახელოს. 

გასულ კვირას ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ეს ყოველივე გადაჭარბებულ შეფასებად ჩანდა, მაგრამ დღეს ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ყოველივე. თუ პუტინს არ შევაჩერებთ, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არსად მსოფლიოში, არავისთვის იარსებებს უსაფრთხო ადგილი.

ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენი ერთიანობის, უკრაინის ერთობლივი სიყვარულის გამო. დიდება უკრაინას!

წინა

მოუსმინეთ სიმღერას, რომლითაც Circus Mircus საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენს

შემდეგი

ანდრო დადიანი – პაროლი – Art Interrupted: Further and Closer

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების