მარტი 2022 - Page 2

ერაყში ლგბტქი ადამიანებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება – HRW-ის ანგარიში

Human Rights Watch-ის IraQueer-თან თანამშრომლობით მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ერაყში, შეიარაღებული ჯგუფები იტაცებენ, აუპატიურებენ, აწამებენ და კლავენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, რასაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოსდევს, მეტიც, პოლიცია ლგბტქი ადამიანების დაკავებაში და ძალადობრივ ქმედებებში თანამონაწილეა.

86-გვერდიანი ანგარიში – ყველას ჩემი სიკვდილი სურს: მკვლელობა, გატაცება, წამება და სექსუალური ძალადობა ერაყში, რომელსაც ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები ახორციელებენ – აერთიანებს ლგბტქი ადამიანების მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ დანაშაულებში „სახალხო მობილიზაციის ძალები“ მონაწილეობენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელისუფლების მხრიდან ფინანსდებიან და ქვეყნის პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში არიან. Human Rights Watch-ის ანგარიშში მრავლად არის გატაცების, ხელისუფლების მხრიდან ოფიციალურად გამოტანილი განაჩენის გარეშე მკვლელობის, სექსუალური ძალადობისა და ონლაინ თვალთვალის შემთხვევებიც, რომლებსაც პოლიცია და შეიარაღებული ჯგუფები ახორციელებენ. ლგბტქი ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ერაყის ხელისუფლებაა, მაგრამ მოძალადეებს არ სჯიან.

John Holmes / Human Rights Watch

კვლევის ფარგლებში 54 ერაყელი ლგბტ ადამიანი გამოიკითხა, რომელთაც შეიარაღებული ჯგუფებისა და პოლიციის მხრიდან ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. გამოიკითხა 9 უფლებადაცვითი ორგანიზაცია და საერთაშორისო მისიის 7 წარმომადგენელიც, ასევე ლგბტქი უფლებების ადვოკატირებაზე მომუშავე ჯგუფები, რომლებიც ერაყში მუშაობენ. გამოკითხულებს ბაღდადში და ერაყის სხვა ქალაქებში, ასევე ქურდისტანის რეგიონში უფლებების შელახვა გამოუცდიათ. Human Rights Watch-მა ონლაინ დოკუმენტაციაც შეისწავლა, რომელშიც საუბარია ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის შესახებ. დოკუმენტაცია მოიცავს ვიდეოებს, ფოტოებს და ციფრულ არხებში გაჟღერებულ მუქარის შემთხვევებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლგბტქი ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა და სურვილი, რომ ძალადობის შემთხვევების შესახებ პოლიციას განუცხადონ, რადგან მათი ქმედებები „მორალურ“ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, არ არსებობს საჩივრის დაფიქსირების მოწესრიგებული სისტემა, ამასთან, კანონით არ არის განსაზღვრული დისკრიმინაციისგან დაცვის წესდება.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ქმნის მდგომარეობას, რომელიც ხელისუფლების შეიარაღებულ წარმომადგენლებს, მათ შორის, პოლიციელებს ლგბტქი ადამიანებზე ძალადობის შესაძლებლობას აძლევს, რასაც სამართლებრივი პასუხისგება არ მოჰყვება.

31 წლის ერაყელმა ტრანსგენდერმა ქალმა თქვა, რომ 2021 წლის თებერვალში სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 6 კაცი დაბურულშუშებიანი ჰამერით დაედევნა, ნაგავსაყრელთან შეაჩერეს და სხეული ბასრი საგნებით დაუსერეს, რის შემდეგაც საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

John Holmes / Human Rights Watch

27 წლის გეი კაცი ბაღდადიდან ჰყვება, როგორ აწამა მისი შეყვარებული ბიჭი ოთხმა შეიარაღებულმა ადამიანმა მის თვალწინ. შემთხვევა 2020 წელს მოხდა, რა დროსაც დაზარალებულს 5-ჯერ ესროლეს. 

8 შემთხვევაში პოლიციისა და შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან არასრულწლოვანთა დროებითი დაკავებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები გამოაშკარავდა. დაზარალებულთა უმეტესობამ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ამოცნობა შეძლო და ისინი პასუხისგებაშიც მისცეს.

John Holmes / Human Rights Watch

გამოკითხულები ჰყვებიან დაკავებისა და გამუდმებული ძალადობის შემთხვევებზე, რომლებშიც დამნაშავე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან. მოძალადეები გამოკითხულებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, დროებით აკავებდნენ, იტაცებდნენ, ხშირად ლეგალური საფუძვლის არქონის მიუხედავად.

ლგტქი ადამიანების თქმით, გატაცებისას არ ჰქონდათ საკვებზე და წყალზე წვდომა, ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა, ასევე სამედიცინო დახმარებაზე წვდომა. მათი თქმით, პოლიცია სექსუალურად ძალადობდა ან სცემდა და აიძულებდა ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

2021 წლის ივნისში, ქურდისტანის რეგიონში 11 ლგბტქი აქტივისტი დააკავეს „საჯარო ადგილებში ამორალური ქცევისთვის“. ყველა მათგანი ორგანიზაცია Rasan-ის წევრია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობას. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა აქტივისტები პატიმრობაში აღარ არიან.

John Holmes / Human Rights Watch

გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ახლობლების მხირდან სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ძალადობის გამოცდილება ერთხელ მაინც ჰქონიათ. ძალადობის ფორმები ოთახში დიდი დროით ჩაკეტვას, საკვებზე და წყალზე წვდომის შეზღუდვას, დამწვრობებს, ცემას, გაუპატიურებას, ელექტრო შოკის გამოყენებას, იარაღით მუქარას, „გარდაქმნის თერაპიაში“ იძულებით ჩართვას, იძულებით ქორწინებას და ანაზღაურების გარეშე ხანგრძლივი დროით მუშაობას მოიცავს.

Human Rights Watch-ში აღნიშნავენ, რომ ერაყის ოფიციალური უწყების წარმომადგენლები შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული გამოხატვისა და იდენტობის ნიშნით ძალადობის შემთხვევებს უნდა იძიებდენენ და დამნაშავეებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ, ასევე საჯაროდ გმობდნენ ყველა მსგავს შემთხვევას. აუცილებელია დაზარალებულთათვის და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდაც. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ერაყს სამხედრო, თავდაცვის და სადაზვერვო აღჭურვილობას აწოდებენ, მათ შორის, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებს შემთხვევების გამოძიება, შეიარაღებული ჯგუფების ქმედებების შესწავლა და ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებების გამოძიება უნდა დააკისრონ ან დახმარების მიწოდებაზე უარი საჯაროდ განაცხადონ.

„ერაყელი ლგბტქი ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გაგრძელდება, თუ ხელისუფლება ძალადობის დასრულებისთვის და დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად არაფერს გააკეთებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ლგბტქი ადამიანებზე ძალადობა და უზრუნველყონ მათი დაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნავს იუნისი.

წყარო: Human Rights Watch

10-დღიანი სარეზიდენციო პროგრამა საქართველოში უკრაინელი ქვიარ ხელოვანებისთვის

Untitled Gallery Tbilisi პროექტ ფუნგუსთან და Ria Keburia Foundation-თან ერთად უკრაინელი ქვიარ არტისტებისთვის სარეზიდენციო პროგრამას აცხადებს.

სარეზიდენციო პროგრამა 20-დან 30 აპრილამდე გაგრძელდება და 5 ქვიარ არტისტი იმუშავებს წინასწარ გამოცხადებულ თემებზე, რომელთა გამოფენაც პირველ მაისს შედგება. უკრაინელ არტისტებს სარეზიდენციო პროგრამაზე დარეგისტრირებისთვის ვადა 11 აპრილამდე (18:00 საათამდე) აქვთ. 

„ტერორი, რომელსაც რეგიონში ყველა განვიცდით, სხვადასხვა მიმართულებით შიშებს აძლიერებს. ამ სიტუაციაში, ქვიარ ადამიანიები და ხელოვანები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევისა და ტრავმის წინაშე არიან: ისინი იმ თვითაღმოჩენის პირისპირ რჩებიან, რას ნიშნავს იყო ქვიარი ამ საომარი თავდასხმის კონტექსტში, აქვთ მომავლის იმედები და შიშები იმასთან დაკავშირებით, როგორ ააშენებენ ცხოვრებას ნანგრევებიდან, რა ელით მათი ელემენტარული ადამიანური უფლებების აღიარებასა და დაცვას, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვინ მოიგებს ომს.

მუტაცია და სოლიდარობა იქნება ორი მთავარი თემა, რომელზეც ხელოვანები რია ქებურიას ფონდის რეზიდენციაში (კაჭრეთში) ცხოვრებისას იფიქრებენ. 10 დღის განმავლობაში, 5 ქვიარ არტისტი უკრაინიდან ამ თემებს დაამუშავებს, შემდეგ კი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება და 10-დღიანი პერიოდი გამოფენით დასრულდება. ამის შემდეგ Untitled Gallery-ში, თბილისში მოეწყობა საჯარო დისკუსია“, – ვკითხულობთ Untitled Gallery Tbilisi-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სარეზიდენციო პერიოდში საცხოვრებელ სივრცეს, კვებას და თბილისიდან კაჭრეთამდე და უკან ტრანსპორტირებას პროექტის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

ქალი უფლებადამცველები აქტივისტების დაცვასა და ალტ-ინფოს დანაშაულების გამოძიებას ითხოვენ

/

პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისებს ხსნის, რასაც არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვა მოჰყვა — მესტიაში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, რასაც პრორუსულმა ძალამ აგრესიით უპასუხა და 10-მდე ადამიანი სცემეს, იგივე განმეორდა ქობულეთშიც, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე კონსერვატიული მოძრაობის 12 წევრი და მხარდამჭერი დააკავეს, მოქალაქეთა ორგანიზებით მოეწყო აქცია ოზურგეთსა და ზუგდიდშიც. ალტ-ინფოს ოფისის გახსნა ამბროლაურშიც გააპროტესტეს, გორში ოფისის შენობას წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს, ხულოსა და შუახევში კი პრორუსულ ძალას ოფისები გახსნის დღესვე დაატოვებინეს.

May be art of 1 person
Samira Bayramova / Facebook

განსაკუთრებული წინააღმდეგობით შეხვდნენ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას პროტესტს, რომელმაც ალტ-ინფოს ოფისი უკრაინის ფერებში შეღება და ბანერზე წარწერა – „რუსეთი ოკუპანტია“ დატოვა. სამირა ბაირამოვას პროტესტს ალტ-ინფოს მხარდამჭერებისა და დაჯგუფების წევრების მუქარა მოჰყვა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავდა.

Nino Urushadze / Facebook

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციის ორგანიზატორები ძირითადად ქალი აქტივისტები იყვნენ, პრორუსული ძალის მხარდამჭერების განცხადებები კი, ხშირ შემთხვევაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა. სამირა ბაირამოვამ, ასევე ოზურგეთელმა აქტივისტებმა, სარჩელი მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით შეიტანეს, თუმცა ხელისუფლების მხირდან ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებების დაგმობა ღიად არ გვინახავს. გამონაკლისი იყო ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელმაც სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, რომ სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ წამოწყებული სიძულვილის კამპანიასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტან გომელაურმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, თუმცა ალტ-ინფოსთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ თქვა, რომ ამისთვის გამართული კანონმდებლობაა საჭირო და მისი პირადი სურვილი ვერაფერს შეცვლის, რადგან მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, კანონის აღსრულება ევალება.

სამოქალაქო საზოგადოება მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ალტ-ინფოს ქმედებების მოკვლევა მოხდეს, მათ შორის, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზება, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, დაარბიეს სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები და დალეწეს ორგანიზაციების პირადი ტექნიკა. აქციის ორგანიზატორები დღემდე არ დაუკავებიათ, ძალადობრივ ქმედებაში ბრალდებული პირებიდან კი მხოლოდ ერთი ადამიანის სამართლებრივი პასუხისგება დადგა. დაკავებული 6 ივლისს დაგეგმილი მდუმარე აქციის მოწინააღმდეგე პირია, რომელმაც პალიტრა ნიუსის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ხელისუფლების უმოქმედობის საპასუხოდ და აქტივისტებისთვის სოლიდარობის გამოსახატად, მათ შორის, სამირა ბაირამოვას მხარდასაჭერად, ქალთა მოძრაობამ ღია წერილი გამოაქვეყნა და მუქარის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებას, სამირა ბაირამოვასთვის დაცვის გარანტიების შექმნასა და კონსერვატიული პარტიის მოქმედებების შესწავლას ითხოვენ.

„ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას და სახელმწიფოსაგან მოითხოვს მისი დაცვის გარანტიებს და მყისიერ და ეფექტურ გამოძიებას სამირას მიმართ გამოთქმული მუქარის დანაშაულზე.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან შესწავლონ და შეაფასონ “კონსერვატული პარტიის” საქმიანობა და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს “კონსერვატული პარტიის” აკრძალვის მოთხოვნით ვინაიდან “კონსერვატურლი პარტია” ეწევა  ძალადობის პროპაგანდას და აღვივებს ეროვნულ და რელიგიურ შუღლს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს, როცა რუსეთის აგრესიას უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან პროტესტი ბუნებრივია, ამასთან, ალტ-ინფო „იდეოლოგიურად და ფინანსურად საზრდოობს რუსეთიდან, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს, ღიად აღვივებს ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს საქართველოში, გამოირჩევა მიზოგინიით და ჰომოფობიით, აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს და 5-6 ივლისს თავს დაესხა ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს“.

საერთაშორისო ორგანიზაციის – ქალები საერთო მომავლისთვის და ქალთა მოძრაობის წევრი, უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ „განსაკუთრებით საფრთხისშემცველი სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად. ძალადობრივი ჯგუფები ჯვრის გადაღებაზე აკეთებენ აქცენტს, მაგრამ ეს არის რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, ყველა გადაჯვარედინებული სიმბოლო ჯვარი არ არის. სამირას პროტესტი არ მიემართებოდა ჯვარს და ჯდებოდა პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ფორმაში. გარდა ამისა, ეს პროცესი ქალის მისამართით ჩაგვრის მცდელობაა, მსგავსი ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებით სასტიკნი არიან ლგბტქი აქტივისტებისა და ქალების მისამართით. ხელისუფლების მხრიდან მათი ქმედებების ნაკლებად დასჯა იწვევს აგრესიის, ძალადობის წახალისებას. ქალების მიმართ აგრესიას ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მწვანე შუქს უნთებენ, მეტიც, თავად აჟღერებენ დისკრიმინაციულ განცხადებებს ტრიბუნიდან, რაც ასეთ ჯგუფებს კიდევ უფრო მეტ გამბედაობას სძენს.

დღეს გავავრცელეთ სოლიდარობის წერილი სამირა ბაირამოვას და იმ აქტივისტების მისამართითაც, რომლებიც ბოლო პერიოდია რეგიონებში ალტ-ინფოს ოფისების გახსნას აპროტესტებენ. პირველ რიგში, ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ამ დაჯგუფების მხირდან განხორციელებული ყველა მუქარისშემცველი ქმედება შეისწავლოს, რადგან ეს მყისიერ საფრთხეს უქმნის, როგორც სამირა ბაირამოვას, ისე სხვა აქტივისტებს. აუცილებელია, რომ ამ ქმედებებს სათანადო რეაგირება მოჰყვეს, ამას 5 ივლისიდან მოყოლებული ვითხოვთ და ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი დანაშაულის ორგანიზატორები. დაისაჯა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ორგანიზატორები დაუსჯელები არიან და ახლაც ძალადობის და მუქარისშემცველ ქმედებებს აორგანიზებენ რეგიონული აქტივისტების მისამართით. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან – პარლამენტის და პრეზიდენტისგან, რომ აკრძალონ ამ პარტიის საქმიანობა. ისინი ეროვნულ და რელიგიურ შუღლს აღვივებენ და არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ პარტიასთან.’’

ქალთა მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, ექსპერტი ადამიანის უფლებებისა და გენდერის საკითხებში, მორეტა ბობოხიძე კი აღნიშნავს, რომ ალტ-ინფო რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს და ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევა, ამიტომ, გაუმართლებელია მსგავსი დაჯგუფების არსებობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საბაბით.

ალტ-ინფოს ქმედებების მიმართ ინდიფერენტული მიდგომა იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას არ აქვს სათანადო ცოდნა რელიგიური ექსტრემიზმისა და ანტიგენდერულ მოძრაობებთან დაკავშირებით, ეს გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოში და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მწვავედ დგას. ალტ-ინფოს შევაფასებდი, როგორც ანტიგენდერულ მოძრაობას, გარდა ამისა, ისინი აღვივებენ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს და აშკარად გამოხატულია მათი პრორუსული განწყობებიც. ეს არის ცუდი პროექტი, დადასტურებულად არ ვიცით, საიდან ფინანსდება, მაგრამ მახვილი გონება და დაკვირვებული თვალი მიხვდება – საიდან. შესაბამისად, დიდი საფრთხის წინაშე ვართ, განსაკუთრებით ქალები. მათი ოფისების გახსნის წინააღმდეგაც აქტიურად ილაშქრებენ ქალები – ზუგდიდშიც, მარნეულშიც, ოზურგეთშიც. ქალებმა ყველაზე უკეთ დავინახეთ, რომ ეს არის, მათ შორის, ქალების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაცია, რაც ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

შეიძლება, ხელისუფლებამ ალტ-ინფოს არსებობა სიტყვისა და გამოხატვის, პარტიის ჩამოყალიბების თავისუფლებით გაამართლოს, მაგრამ ამის საპირწონედ დგას უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა. აუცილებელია, შეფასდეს ამ დაჯგუფების გავლენა დემოკრატიული განვითარების პროცესზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე. ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველა პარტიის კეთილსინდისიერება და მიზნები გადაამოწმოს“, – ამბობს მორეტა ბობოხიძე.

მორეტა ბობოხიძე იმასაც ამბობს, რომ „ახლა ალტ-ინფოს მსგავსი ჯგუფებისთვის საუკეთესო ნიადაგია, რადგან ადამიანები დაბნეულები და შეშინებულები არიან, არის რეტრავმატიზირების შემთხვევები, დღეს უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ამიტომ ხალხი დამფრთხალია, ყველანი მოწყვლადები ვართ და ადამიანთა სხვადასხვა მოძრაობაში გაუცნობიერებლად ჩათრევა ბევრად მარტივია, ამიტომ სახელმწიფომ ასმაგი ყურადღება უნდა მიმართოს ალტ-ინფოს მოქმედებებისა და გამონათქვამებისკენ და იმოქმედონ შესაბამისად. ახლა თითოეულ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს ბევრად დიდი წონა. ამ პროცესში დროის დაკარგვა იქნება უკუსვლა და რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

ვესაუბრეთ ადამიანთა უფლებათა სახლის ფონდის უფროს მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ქეთი აბაშიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებების არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა ხელისუფლებას არ აქვს ნება ამ შემთხვევების გამოძიების.

„სახელმწიფოს გულგრილობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაც კი, რაც ჩვენ 5 ივლისსაც მოვისმინეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, შეაჩეროს ისინი და მათთვის მისაღებია ასეთი ქმედებები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი ჯგუფები ხშირად სწორედ უფლებადამცველებს ემუქრებიან, ალბათ ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დღეს მათი მუქარის სამიზნე სამირა ბაირამოვა გახდა. გვახსოვს ისიც, რომ ისინი ლგბტქი აქტივისტების მიმართ ძალადობის წამხალისებლები არიან და თვითონაც ძალადობენ, მაგრამ სახლემწიფო არც სიტყვით გმობს მათ ქმედებებს  და არც სამართლებრივი პასუხისგების საკითხს აყენებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს საგანგაშოა. უკვე დიდი ხანია ეს ჯგუფი მოქმედებს და ჟურნალისტებს შემონახული აქვთ მათი ყველა მოწოდება, საქმიანობა, ეს არ არის მხოლოდ ძალადობის მუქარა, გვაქვს მათ მიერ წახალისებული ძალადობრივი ქმედებების მაგალითები, მათი მონაწილეობით ან მათ მიერ ორგანიზებული ძალადობის ფაქტები, ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მათი ქმედება და ასევე, ხმამაღლა და საჯაროდ დაგმოს კიდეც. სახელმწიფოს აქვს უფლებადამცველების მიმართ ნაკისრი ვალდებულებები – გაეროს სხვადასხვა რეზოლუციის მიხედვით, ამიტომ ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ აღებული ვალდებულებები. რეზოლუციებში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას უფლებადამცველები შესაძლო ძალადობისგან, მათ შორის, არასახელისუფლებო ჯგუფებისგან მომდინარე ძალადობისგან, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას კეთილგანწყობილი გარემო და ამ პროცესში მნიშნველოვანია მხარდაჭერის მკაფიო განცხადებები და სიტყვიერი მხარდაჭერაც უმაღლეს დონეზე, ეს მათი პოლიტიკური ვალდებულებაა, რომელსაც მეტწილად არ ასრულებენ“, – გვეუბნება ქეთი აბაშიძე.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ალტ-ინფოს ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები აშკარად გამოკვეთილია, ამიტომ არსებობს საფუძველი მათი საქმიანობის აღსაკვეთად, თუმცა ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს.

ალტ-ინფო არის რუსული ინტერესების გამტარი დაჯგუფება, რაც სახელმწიფოს, მოქალაქეების მიერ არჩეულ საგარეო კურსთან წინააღმდეგობაშია. ამ მიმართულებით სვლა ჩვენი კონსტიტუციითაც არის გარანტირებული. რუსეთის აგრესია, ომის შედეგები ყველას კარგად გვახსოვს და დღემდე ოკუპირებული აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიები, ამ დროს რომელიმე ჯგუფი ოკუპანტის ინტერესებს თუ ატარებს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ინტერესებს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ჯგუფების თარეში ქვეყანაში შესაძლებელი არ უნდა იყოს, ისინი ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს და ჩვენს კონსტიტუციურ წყობასთან აცდენაში არიან. ამ პრობლემას მეორე ნაწილიც აქვს, ისინი აღვივებენ ხან ეთნიკურ შუღლს, ხან – რელიგიურს, გვახსოვს 5 ივლისის მოვლენებიც, როცა ჰომოფობიური, ძალადობრივი აქცია დააორგანიზეს, ისინი ებრძვიან ყველაფერს, რაც დასავლურ ღირებულებებად მოიაზრება. ისინი ებრძვიან ადამიანების თავისუფლებას არა მხოლოდ გამოსვლებით, არამედ ფიზიკური ძალადობით და დაპირისპირებითაც. ისინი არიან დამნაშავეები, მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ ამისთვის სათანადოდ ისჯებიან, ხელისუფლება არ ატარებს სათანადო ზომებს, რაც მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს. როცა მომსწრეები ვართ ადმინისტრაციული შენობისთვის კვერცხის სროლის გამო დაკავების და ამის საპირწონედ მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ უმოქმედობაა, ისმის კითხვა ხელისუფლების ნებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ როცა მოძალადეს არ სჯი, შესაძლოა, მათი მდუმარე მოკავშირეც იყო“, – აღნიშნავს ნინო დოლიძე.

ქეთი აბაშიძის თქმით, ადამიანის უფლებათა სახლმა 2021 წელს რეგიონში კვლევა ჩაატარა, რომლითაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების რუსეთთან პირადაპირი თუ ირიბი კავშირი დგინდება, რაც ანტისახელმწიფოებრივია. გარდა ამისა, მისი თქმით, „კვლევების უმრავლესობის მიხედვით, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ქალი უფლებადამცველები, აქტივისტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის იბრძვიან, ლგბტქი უფლებადამცველები და ასევე ლგბტქი თემი, გარდა ამისა, გარემოსდამცველები, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები და ჟურნალისტები. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკვეთრ პოზიციას“.

სამირა ბაირამოვას მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, პოლიტიკოსი და უფლებადამცველი ქალები, მათ შორის, ნინო დოლიძე, ბაია პატარაია, ანა ნაცვლიშვილი და ხათუნა სამნიძე მარნეულში იყვნენ ჩასული, ამის ამსახველი ფოტოები ანა ნაცვლიშვილმა პირადი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.

აქტივისტების მიმართ სოლიდარობისა და ალტ-ინფოს ქმედებებთან დაკავშირებული წინააღმდეგობის ორგანიზატორები ხშირ შემთხვევაში უფლებადამცველი და პოლიტიკოსი ქალები არიან, რომლებიც ერთხმად მოითხოვენ სამირა ბაირამოვასთვის და სხვა აქტივისტებისთვის დაცვის გარანტიების შექმნას, ალტ-ინფოს ქმედებების გამოძიებას და ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განცხადებებს, მათ შორის, 5-6 ივლისის ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით. იდა ბახტურიძის თქმით, ელიან უფრო მეტს და ითხოვენ უფრო მეტს. 

ნინო დოლიძე კი აღნიშნავს, რომ „შსს აქტიური კი არა პროაქტიური უნდა იყოს და რეაგირება უნდა ჰქონოდათ მაშინვე, როცა მუქარა გაჟღერდა, მაგრამ გუშინ ამ ჯგუფებმა ენმ-ის ოფისიც გადაღებეს, რაც სამირას წინააღმდეგ მიმართული აგრესია იყო და არა ენმ-ზე ანგარიშსწორება. შსს-ს მოქმედებაში მხოლოდ გამოძიებას კი არ ვგულისხმობ, განცხადებების გავრცელებას, იმის ცხადად თქმას, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში მიუღებელია. სახელმწიფოს პოლიტიკა და პოზიცია არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას გვახსოვს, თუნდაც 5 ივლისთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება, რომელმაც ძალადობა წაახალისა“.

რუსეთის ომი უკრაინაში აივ-კლინიკების მუშაობასა და მედიკამენტების მიწოდებას აფერხებს

მიწისქვეშა თავშესაფრებში და სახელდახელოდ მოწყობილ კლინიკებში მომუშავე უკრაინელი ექიმები აივ-დადებითი ადამიანებისთვის აუცილებელი მედიკამენტების ამოწურვის საშიშროებაზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა ვირუსთან ბრძოლაში მოპოვებული პროგრესი შეაჩეროს. 

რუსეთის მიერ ქალაქების დაბომბვამ და ბრძოლებმა უკრაინის ქალაქებში არსებული აივ-კლინიკების დახურვა გამოიწვია, ზოგიერთი კლინიკა კი იძულებული გახდა, შეეზღუდა საკუთარი სერვისები, გართულებულია მედიკამენტების მიღებისა და მიწოდების პროცესიც.

„ომმა აივ-დადებითი ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა“, – ამბობს ვალერია რაჩინსკა, აივ-დადებითი ადამიანების უკრაინული ქსელის ადამიანის უფლებათა ხელმძღვანელი.

ინფექციური დაავადებების ექსპერტები ფიქრობენ, რომ ომმა შესაძლოა ჯანმრთელობის დაცვის კრიზისი შექმნას, როგორც უკრაინაში, ისე მეზობელ ქვეყნებში და გააძნელოს აივ-ვირუსის, ტუბერკულიოზის, C ჰეპატიტისა და ნარკოდამოკიდებულების მართვა.

აივ-ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის დროებითმა შეწყვეტამ შესაძლოა ორგანიზმის რეზისტენტობა გაზარდოს, რაც მკურნალობის განახლების შემდეგ მედიკამენტის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

დაახლოებით 260 000 უკრაინის მოქალაქეს აივ-ვირუსი აქვს, რომელთა დიდი ნაწილი, 152 000 ადამიანი, მედიკამენტურ მკურნალობას იღებს.

„სამხედრო და პოლიტიკური კუთხით, როგორც არ უნდა განვითარდეს მდგომარეობა, რეგიონში ჯანმრთელობის დაცვის კრიზისი გარდაუვალია“, – აღნიშნავს მიშელ კაზაჩკინი, შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ყოფილი დირექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაახლოებით ყოველი მესამე აივ-დადებით ადამიანისთვის ომის დროს მედიკამენტურ მკურნალობას უზრუნველყოფს, ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმამ კლინიკების მუშაობა შეაფერხა არაერთ ქალაქში, მათ შორის, ხერსონში, მიკოლაივში, სევეროდონეცკში, სლავიანსკში და ოდესაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მედიკამენტების უკრაინაში გაგზავნის მიზნით გაერთიანდნენ, თუმცა კაზაჩკინის თქმით, „არამხოლოდ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა, მათი ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მიწოდებაც პრობლემა იქნება“.

საერთაშორისო ფონდმა დამატებით $15 მილიონი გამოყო, რათა უკრაინაში ინფექციური დაავადებების კრიზისი თავიდან იქნას არიდებული, ასევე, ნარკოდამოკიდებულების მართვა.

აშშ-ის საერთაშორისო აივ-შიდსის პროგრამამ კი დამატებით $6 მილიონი გამოყო, რომლითაც აივ-ვირუსის სამკურნალო მედიკამენტების უკრაინაში გაგზავნა და ლტოლვილებისთვის მიწოდება უნდა მოხდეს.

90 დღის სამყოფი მედიკამენტები პოლონეთში ამ კვირაში ჩააღწევს, რომელსაც შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან, თუმცა საკითხავია, რამდენად მარტივი იქნება მარაგის უკრაინის სხვადასხვა წერტილში გადაგზავნა.

წყარო: Gay Times

პუტინი რუსეთის მარცხს უფლებადამცველებს დააბრალებს – ლგბტქი აქტივისტები რუსეთს ტოვებენ

/

პეტერბურგში მყოფი ლგბტქი ჯგუფ Coming Out-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ვორონოვმა Pink News-თან საუბარში აღნიშნა, რომ პუტინის უკრაინაზე თავდასხმაზე თვალის მიდევნებით, ნათელი გახდა, რა მოხდებოდა მომავალში. 

მისი ჯგუფი და სხვა ადამიანის უფლებადამცველები რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და ომის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები არიან, ამიტომ კრემლისთვის მომავალში ნომერ პირველი მტრები გახდებიან. მსგავს საბაბს ხელისუფლება ათწლეულებია ეძებს.

დევნა უკვე დაიწყო. ვორონოვის თქმით, ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებმა, ომის დაწყების პარალელურად, აქტივისტების სახლები და ოფისები დაარბიეს, ზოგიერთი კი ქაღალდის ნაგლეჯის აღმოჩენისთვის დააკავეს.

„რუსეთმა ომი უკვე წააგო: მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის არმია ვერაფერს უხერხებს ბევრად პატარა ქვეყანას, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სუსტია“, – ამბობს ვორონოვი და ამატებს – „აქ გაურკვეველი ომის მოგება ან წაგება კი არაა, საკითხავია, რას მოიმიზეზებენ, როცა ომს წააგებენ: მარცხი დაბრალდება უფლებადამცველებს, მათი თქმით, „უცხოეთის ჯაშუშებს“ და „ტრადიციული ღირებულებების“ მოღალატეებს, ყველას, ვინც ომის წინააღმდეგ იყო. ომის წაგების ტვირთს ჩვენ აგვკიდებენ“.

მომავლის მოლოდინით დაზაფრულმა ვორონოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრების საზღვარგარეთ გადაყვანა იგეგმება, რაც უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად აუცილებელია. მისი თქმით, მხარდაჭერის სერვისებისა და ადვოკატირების პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ.

„ვშიშობ, რუსეთიდან საქმიანობის გაგრძელება ციხისკენ გზა იქნება“, – ამბობს ვორონოვი.

უკრაინაში მიმდინარე სასტიკ ქმედებებს დასასრული არ უჩანს. 24 თებერვლიდან დღემდე, სულ მცირე, 847 სამოქალაქო პირი მოკლეს, უკრაინელთა ნაწილმა, 3 მილიონზე მეტმა, ქვეყანა დატოვა.

„როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც შოკში ვიყავით. ამას არავინ ელოდა და, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა კიდეც“, – აღნიშნავს ვორონოვი.

ლგბტქი რუსებისთვის უბრალოდ არსებობაც კი წლებია არალეგალური იყო, თუ, რა თქმა უნდა, მათ არსებობას ვინმე აღიარებდა, მაგრამ ომის დროს მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

პუტინის პოლიტიკური გზამკვლევი დიდი ხანია საბჭოთა დროის ნოსტალგიაა. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონის შემოღება, რაც „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ ხსენებასაც კი კრძალავს, მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ქორწინების თანასწორობაზე დაწესებული აკრძალვები კიდევ უფრო გაამკაცრა და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის ლეგალურად აღიარების ყველა შესაძლებლობის მოსპობაც განიზრახა. ამიტომ, ვორონოვს არ გაჰკვირვებია ხელისუფლების ქმედებები ომის პერიოდში. 

„ომის პირველ კვირებში უამრავი ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ დამოუკიდებელი აქტივისტი იქცა პოლიციის ჩხრეკის სამიზნედ, დაარბიეს ოფისები და სახლები. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს ვორონოვი.

პუტინმა აქამდე არნახული სიმკაცრე გამოიჩინა სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

ახალმა კანონმა აკრძალა მნიშვნელოვანი სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა, ამავე დროს ოპონენტებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სისხლისღვრის შესახებ ინფორმაციის გაშუქება აეკრძალათ და ეს კრიმინალურ ქმედებად ჩაითვალა. ზოგიერთი რუსული გამოცემა სასჯელის შიშით დაიხურა, რამაც რუსები მხოლოდ სახელისუფლებო მედიის იმედად დატოვა.

რუსეთის ქმედებებისთვის ,,ომის’’ პირდაპირ დაძახებაც კი კრიმინალურ აქტად ჩაითვალა – კრემლი კვირებია ამტკიცებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“.

„არც ისე რთულია, აკონტროლო ადამიანები, რომელთაც საჭიროებები აქვთ და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა – არა“, – ამბობს Comin Out-ის დირექტორი.

ვორონოვის თქმით, ნახა, როგორ აკავებდნენ არა მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ ომის გასაპროტესტებლად, არამედ ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ სუფთა ქაღალდი ეჭირათ ხელში.

„რუსების უმეტესობას არ ესმის, რა კატასტროფა ხდება. ისინი უბრალოდ ვერ ფიქრობენ ამ პოლიტიკურ ამბებზე – ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა ჭამონ, როგორ გადაიხადონ ქირა და ასე შემდეგ. უკვე 20 წელია, სახელმწიფო ამას აკეთებს“, – აღნიშნავს ვორონოვი.

ვორონოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ მის ორგანიზაციას, რომელიც ქვიარ ადამიანებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს რუსეთიდან წასვლის სურვილით.

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არ უნდათ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა აიძულონ, სხვები კი რუსეთს გართულებული საცხოვრებელი პირობების გამო ტოვებენ. ვორონოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ლგბტქი რუსები ბევრად მოწყვლადები არიან, ძალადობრივი თავდასხმის მუდმივი საფრთხე აქვთ, გამოიმუშავებენ ბევრად ნაკლებს და აქვთ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის ბევრად უარესი მდგომარეობა.

„ახლა რუსეთში ახალი ერა იწყება – ბნელი და ღარიბი. როგორც ჩანს, ამ ახალ ერაში ლგბტქი ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება და ამას უმეტესობა ხვდება. რუსეთის ხელისუფლება მუდამ მტრებს ეძებს და ეს მტრები ახლა უფლებადამცველები, ლგბტქი ხალხი და აქტივისტები არიან, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია, დასავლეთი და სხვები“, – ამბობს ვორონოვი.

Coming Out-ის დირექტორის თქმით, პუტინის რუსეთს მთელი მსოფლიო მტრად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ეს მაინც გააერთიანებს – „ვიმედოვნებ და ვნატრობ, რომ უკრაინაში მალე ყველაფერი მშვიდობიანად იქნება“.

ომში გაღვიძებული უკრაინელი ლგბტქი ლტოლვილების სამი ამბავი

24 თებერვლის, რუსეთის პირველი სამხედრო შეტევის განხორციელების შემდეგ, უკრაინიდან 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა. დღევანდელი მოცემულობით, ომს უკვე მოჰყვა შემაშფოთებელი რაოდენობის Keep Reading

ჩვენ პატარა, მაგრამ დიდი ოჯახი ვართ – ნატალი ჭინჭარაული

მე ვარ ნატალი ჭინჭარაული, 20 წლის ლესბოსელი ქალი და ყოფილი ქვიარ აქტივისტი.

 

ბავშვობა და აქტივიზმი 

ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. საჭმელების მომზადება და ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარდა, მახსოვს, შოკოლადებს ვადნობდი და სხვადასხვა ფორმას ვაძლევდი. როლური მოდელიც მყავდა, ჩემი პაპიდას შვილი – ყოველთვის გამორჩეული იყო, ჰიპურად ეცვა ხოლმე. მახსოვს, ისეთ თემებზე საუბრობდა დედაჩემთან, რასაც სხვისგან ვერ მოისმენდი. ყოველთვის არღვევდა სტანდარტებს, უბრალო იყო და თან, ძალიან განსხვავებული. ძალაუნებურად, სულ მას ვბაძავდი, დღემდე ასეთია და ძალიან ვაფასებ.

არასდროს მქონდა აკრძალვები, ვიქცეოდი ისე, როგორც ვიქცეოდი. 15 წლის ვიყავი, როცა გოგო შემიყვარდა, მანამდე იმასაც ვფიქრობდი, პანსექსუალი ვარ-მეთქი, რადგან პატარაობაში ერთი გრძელთმიანი ბიჭი ძალიან მომწონდა. მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში, ურთიერთობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, თუნდაც იმითაც, რომ ნაკლებად მიზიდავდა ბიჭის სუნი და ყველაფერი, რაც მათ უკავშირდებოდა, მივხვდი, რომ ლესბოსელი ვიყავი.

16 წლის ვიყავი, როცა აქტივიზმში ჩავერთე. ,,ახალგაზრდა მწვანეების’’ ფესტივალზე ვიყავი, მომეწონა მათი იდეოლოგია, შევავსე ფორმა, დამირეკეს და მივედი. აქედან დავიწყე და მერე უკვე ქვიარ აქტივიზმშიც გადავედი. ყოველთვის მომწონდა არაფორმალური განათლების მიღება, ვესწრებოდი ტრენინგებს, გავიცანი ადამიანები და გავიგე, რა სერვისებს აწვდიან არასამთავრობო ორგანიზაციები. აქტივიზმის ამ ფორმაში, სადაც სერვისებს აწვდიან, დღემდე ვარ ჩართული. პროტესტი მთლად ჩემი თემა არ არის.

ქამინგაუთი

ჩემი ორიენტაციის შესახებ ოჯახში ყველამ იცის. თავიდან ბიცოლას და ბიძაჩემს ვუთხარი, რომლებიც ახალგაზრდები არიან და ძალიან დამიდგნენ გვერდში. დედამ ყოველთვის იცოდა, რომ ქვიარ აქტივიზმში ვიყავი ჩართული, სტატიებს ვუკითხავდი ხოლმე ამ თემაზე, რაღაცებს ვაცნობდი და როგორც აქტივისტს, მხარს მიჭერდა. მეც რომ ქვიარი ვიყავი, ეს არ იცოდა, მაგრამ სულ საფუძველს ვუყრიდი, რომ ცუდი განწყობა არ ჰქონოდა. რაც შეეხება ქამინგაუთს, ყველამ მაშინ გაიგო, როცა ერთ-ერთი არხისთვის ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც  სოციალურ პრობლემებსა და იმ სერვისებზე უნდა გვესაუბრა, რომლებიც ქვიარებისთვისაა ხელმისაწვდომი, ვყვებოდი, როგორ დაეხმარა ეს სერვისები ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს ბევრჯერ ვთხოვე, მხოლოდ სერვისებზე ყოფილიყო აქცენტი, საბოლოოდ, ძალიან ცუდად დაამონტაჟეს და ისე გამოვიდა, რომ ლესბოსელი ვარ, რომელიც ხალხს ეცოდება. ამას ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა, პაპაჩემი რეკავდა, საშინელ სიტყვებს იძახდა, ეს ვინ ყოფილა, ქუჩაში თავი როგორ გამოვყო და მეზობლებს როგორ შევხედოო. სხვათა შორის, მერე გადაუარა, მოუშუშდა იარები.

დედაჩემსაც ძალიან დასწყდა გული. მარტოხელა დედაა, ერთი შვილი ვყავარ, ყველაფერი ჩემში ჩადო და ალბათ, ეს იწვევს მის იმედგაცრუებას. ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდა, როცა ჩემი პარტნიორი გაიცნო – ძალიან ცუდად მიიღო და მე და ჩემს შეყვარებულს ცალკე გადასვლა მოგვიწია. იქაც მწვდებოდა და მსაყვედურობდა, როგორ დავტოვე. თუმცა ეს ყველაფერი უფრო  დედის ეგოისტური განცდები იყო და არა ჰომოფობიური. ისე დაემთხვა, რომ იმ პერიოდში მქონდა სამსახური, სადაც მუდმივად მიწევდა ჰეტეროს როლის მორგება, რამდენ ბიჭსაც გავიცნობდი და მხოლოდ მეგობრობას შევთავაზებდი, მეუბნებოდნენ, რომ კომპლექსები მქონდა. ყველასთან ვერ დადგები და ვერ იტყვი, რომ ლესბოსელი ხარ. თან, მეც ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს, ურთიერთობაში სხვებს შეუქმნას კომფორტი, რაც, საბოლოო ჯამში, ჩემზე მოქმედებდა ძალიან ცუდად – აი, ყველას რომ მოსწონხარ, მაგრამ რეალურად არც არავინ გიცნობს. დღეს კი მარტივად ვყვები ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ძალიან ცუდად მახსენდება.

ახლა დედაჩემთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთად ვცხოვრობთ და ამ ეტაპზე ყველაფერი უპრობლემოდაა. ვსაუბრობთ, ვუხსნი, უნდა, რომ გაიგოს ყველაფერი და ამას ვაფასებ. რაღაც იმედები დღემდე აქვს, მაგრამ ეს იმედი ახლა უფრო შვილიშვილს უკავშირდება, უნდა, რომ შვილიშვილი ჰყავდეს.

გამოცდილებები 

ძალიან ცუდი გამოცდილებები, რომლებიც ჩემს ქვიარობას უკავშირდება, არ მახსენდება. მახსოვს, მე-10 კლასში რომ ვიყავი, ჩემი კლასელები ძალიან ჰომოფობიურ რაღაცებს იძახდნენ და როგორც კი ჩემზე გაიგეს, უბრალოდ სტანდარტული გამაღიზიანებელი კითხვებით შემოიფარგლნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ჩვეულებრივად მიიღეს ეს ამბავი. უფრო შემაწუხებელი კაცებთან ურთიერთობა იყო, როდესაც ვამბობდი, რომ ლესბოსელი ვარ, ეს ყოველთვის იწვევდა გაორმაგებულ და გაასმაგებულ სექსუალურ ინტერესს და ძალიან ცუდად, შევიწროებულად ვგრძნობდი თავს ამის გამო. უფრო მეტი მუღამი, უფრო მეტი შემოტევა… იმის ნაცვლად, რომ თავი დაენებებინათ.

მუდმივად იყო კითხვები იმაზე, ,,რა ტრავმა მაქვს ასეთი” და ეს კითხვები მოდიოდა ჩემი მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან. მეუბნებოდნენ, რომ შეყვარებულს უნდა დავშორებოდი, რადგან ,,ბიჭი უფრო მომიხდებოდა.” ჩემი პარტნიორი ნაკლებად ფემინურია, რაც, ამ მხრივ, უფრო უმარტივებს საქმეს, თუმცა, ამავე დროს, მისთვის უფრო რთულია სხვა მხრივ. სხვათა შორის, არასდროს უთქვამთ, რომ ,,გადამივლის.’’ეს რომ პირდაპირ ეთქვათ, მეც პირდაპირ გავცემდი პასუხს, სულ მიწევდა, მიმეხვედრებინა,  რომ ამას გულისხმოდნენ და მათ სიტყვებს ეს ფარული ქვეტექსტი გასდევდა.

ბავშვობის დაქალი დამიკარგავს ჩემი ქვიარობის გამო, არა, კი არ დავკარგე, არც არავინ დამიკარგავს, პრინციპში, უბრალოდ, ისე ხდებოდა, რომ მეუბნებოდნენ – ,,აუ, იცი რა, ნატა, მე ძალიან მიყვარხარ მაგრამ ჰომოფობი ვარ და ვეწინააღმდეგები ამ ყველაფერს’’. ვიცი, რომ ვიღაც-ვიღაცებს, ჩემი ბავშვობის მეგობრებს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ, იყო ზურგსუკან დაცინვები, მაგრამ ბოლომდე არც კი ვიცი ეს ისტორიები.

,,ქვიარ უფლებები ყოველთვის ყველაზე ბოლოშია მოტოვებული”

ქვიარ ქალების პრობლემების, ზოგადად, ქალების პრობლემებისგან განყენებულად განხილვა და გამორჩევა ძალიან მიჭირს. მთელი ჩემი გააზრება ამ პრობლემის დაკავშირებულია იმასთან, რომ განსხვავება არ არის, მაგრამ, რეალურად, არის, როდესაც მესმის და ვიცი ისტორიები, რომ ბავშვები გაუგდიათ სახლიდან და არ მიუღია ოჯახს ქვიარობის გამო. მაგალითად, ჩემი მეგობარი სახლშიც ჩაუკეტავთ და უთქვამთ, რომ გადაეფიქრებინა, რასაც ამბობდა. ასევე, ძალიან დიდი დაბრკოლებაა თანასწორი ქორწინების საკითხი, თუმცა ამაზე დღეს ვერც ვსაუბრობთ, რადგან ჩვენ გარდა ძალიან ბევრ ქვეყანაში არაა თანასწორი ქორწინების შესაძლებლობა. როგორმე გაუმკლავდები ადამიანების არასწორ აზროვნებას, მაგრამ ვერ უმკლავდები კანონს, რომელიც გეუბნება, რომ შენ არ გაქვს იმის უფლება, გყავდეს ოჯახი, არ გაქვს იმის უფლება, რომ დაქორწინდე. ახლა უკვე იმის შესაძლებლობასაც გართმევენ, რომ ბავშვი იშვილო, თუ კაცთან არ ხარ ქორწინებაში. ესეც სახეში შეფურთხებაა, როგორც ზოგადად ქალებისთვის, ასევე, ხაზს უსვამს ქვიარ ქალების ცხოვრებასაც – მეც მეყოლებოდა ბავშვი და გავზრდიდი ჩემს შეყვარებულთან ერთად, ვიქნებოდით ,,მეგობრები,’’ რომლებიც ბავშვს გაზრდიდნენ, მაგრამ ახლა ეგეც არ შეგვიძლია, არც ქორწინება, არც აღიარება, საერთოდ არაფერი. საშინელებაა, მაგრამ უსამართლობის გრძნობაც ვერ მიჩნდება ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით, რადგან ქვიარ უფლებების მიმართულებით, სანამ თანასწორი ქორწინების უფლებას მივიღებთ, კიდევ ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.

როცა ვფიქრობ, რა უნდა ქნას სახელმწიფომ ქვიარების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მგონია, რომ პირდაპირ შეტევაზე და ჩვენი უფლებების აღიარებაზე უნდა გადავიდეს. უნდა გამკაცრდეს კანონი თუნდაც იმაზე, რომ მე ლესბოსელი და ვარ და ვიღაცა ამის გამო ჩემზე სიძულვილის ენით საუბრობს – ამას უნდა მოჰყვებოდეს სათანადო რეაგირება. თუმცა სახელმწიფო ნება არ არსებობს და ქვიარ უფლებები ყოველთვის ყველაზე ბოლოშია მოტოვებული.

 

მომავალი

მე და ჩემი შეყვარებული საქართველოდან წასვლას ვაპირებთ. გვინდა, რომ ერთად ვიცხოვროთ, ოჯახი გვქონდეს. არ გვინდა, ისე იყოს, რომ უბრალოდ ,,გოგოები ერთად ცხოვრობენ და ლესბოსელები არიან’’, მერე ვიღაც რომ ამოვა და რომელიღაცას ლესბოსელობას დაკითხავს. გვინდა, რომ ვიყოთ ოჯახი, აღიარებული, ვმუშაობდეთ ერთად, გვქონდეს იმის უფლება, რომ ვიფიქროთ მომავალზე, სახლზე, თუნდაც რამე საერთოზე  – რად მინდა ჩემი ქონება, თუ ჩემი ცოლისთვის ეს ვერ იქნება? ან, მე ვერ ვისარგებლებ მისი ქონებით.  გვინდა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე და არ ვიყოთ უბრალოდ ლესბოსელები, რომლებიც არავის აღიზიანებენ და მაქსიმალურად ჩრდილში არიან.

ქამინგაუთი შენი ძალაა!

ქვიარებს მინდა ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ეცადონ, ქვიარობის გამო უკან არ დაიხიონ და ერთ ადგილზე არ გაჩერდნენ. ჩვენ ხომ ვეუბნებით სხვებს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და მხოლოდ ჩვენი ორიენტაციაა, ასე მაქსიმალურად მსუბუქად მიუდექი ამ ამბავს თავად შენც. არ შეგეშინდეს, იცოდე, რომ ქამინგაუთი შენი ძალაა. იცოდე, რომ სერვისები გაქვს, იცოდე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გიდგას გვერდში და იცოდე, რომ დიდი ოჯახი გყავს – ჩვენ  პატარა, მაგრამ დიდი ოჯახი ვართ.

 

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

 

მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც პირველად 2006 წელს აღინიშნა, ხოლო 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. Keep Reading

ირანული მანქანის ჰომოეროტიკული გარდაქმნა ლგბტქი უფლებებზე დისკუსიის გააქტიურების მიზნით

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ხელოვანებს 1974 წლის, ისტორიული მანქანის, პაიკან ჰილმანის გარდაქმნისთვის ჰონორარს უხდის. წამოწყების მიზანი ადამიანთა უფლებების მხარდაჭერაა. 

1967 წელს, ირანში პირველი ეროვნული მანქანის, პაიკანის წარმოება დასრულდა, რომელიც ბრიტანული ჰილმან ჰანტერის რეპლიკა იყო. ავტომობილი ირანის თანამედროვეობისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმბოლოდ იქცა. იმავე პერიოდში დიდ ბრიტანეთში სექსუალური ურთიერთობების რეგულირების აქტი მიიღეს, რომლითაც 21 წელს გადაცილებულ კაცებს შორის ნებაყოფლობითი სექსი დაშვებული გახდა. აქტმა თანასწორი უფლებებისკენ გზა გაკვალა, მაგრამ საპირისპირო მოხდა ირანში, ისლამური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლამ ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა შეუძლებლად აქცია, მეტიც, ჰომოსექსუალობა ძალადობის, შევიწროების მიზეზია. 

1979 წლიდან 2008 წლამდე 4 ათასიდან 6 ათასამდე გეი კაცი და ლესბოსელი ქალი სიკვდილით დასაჯეს. ლგბტქი ადამიანების სიკვდილით დასჯა, დაპატიმრება, შევიწროება, ძალადობა ირანში ყოველდღიურად ხდება, მათ არ აქვთ სამართლიან სასამართლოზე წვდომა. 2019 წელს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გეი ადამიანების მკვლელობა „მორალური პრინციპებით“ გაამართლა, რაც რეჟიმის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში მოდის. გარდა ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენისა, ქვიარ ადამიანებს ღირსების სახელით ოჯახის წევრებიც სიკვდილით სჯიან და ამისთვის სამართლებრივი პასუხისგებაც იშვიათად დგება. 

ბოროტების საპასუხოდ ირანელი ხელოვანები, რომელთაც ქვეყანა დატოვეს, სოციალური სამართლიანობისა და თავისუფლების დასაცავად ადვოკატირების პროცესში არიან ჩართული. 

PaykanArtCar

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ერთ წელზე ნაკლებია ჩამოყალიბდა და სამართლიანობისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად. ორგანიზაციის სიმბოლოდ 1974 წლის პაიკან ჰილმან ჰანტერი იქცა, რომელიც ირანის შაჰმა რუმინელ დიქტატორ ნიკოლაი ჩაუშესკუს აჩუქა, როგორც ეროვნული სიამაყის ნათელი დადასტურება, ახლახან კი ორგანიზაციის საკუთრებად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ პაიკანი ირანის ეროვნული ღირსების სიმბოლოა, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის კარგი საშუალებაც არის. 

ორგანიზაციის პირველი კოლაბორაცია ირანელ ლგბტქი ხელოვან ალირეზა შოჯაიანთან შედგა. თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებისთვის ირანული ძალმომრეობის შეხსენებაა, რომელიც ლგბტქი თემს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის. ასევე, ეს არის მცდელობა, რომ აღდგეს დაკარგული ირანული ღირსება, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს მიუხედავად რასობრივი კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციისა. 

პირველი ირანული ავტომობილი ალირეზასთვის ტილოდ იქცა, რომელზეც ანტიკური სპარსული ლიტერატურის გავლენით ნახატი შექმნა. ნამუშევარზე ირანული ეპოსის შაჰნამეს პერსონაჟები სოჰრაბი და შაბანი შირაზის ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ რომანტიკულ მომენტს იზიარებენ. მანქანის მეორე მხარეს კი მათი სიკვდილის სცენას ვხედავთ, რაც საშიში ტრფობის სიმბოლოა. შოჯაიანის ინტერპრეტაცია ირანული კანონმდებლობის 234-ე მუხლს ემყარება, რომლითაც კაცებს შორის სექსუალური აქტი სიკვდილით დასჯის წინაპირობაა. 

ხელოვნება ისტორიის მანძილზე ამბოხის დასაყრდენი იყო, რომელიც მარგინალიზებულ ჯგუფებს საკუთარი ხმის გაჟღერების საშუალებას აძლევდა. ირანული ხელოვნება კი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ გზას არ მიჰყვება, ხელოვნება პროგრესის ხელშემწყობ იარაღად ვერ იქცა, ამიტომ PaykanArtCar-მა ირანული ხელოვნების ინსპირაციით მარგინალიზებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების მოყოლა გადაწყვიტა. 

მხოლოდ ხელოვნება ისლამური რესპუბლიკის მიდგომების შესუსტების წყაროდ ვერ იქცევა, ლგბტქი თემმა ირანის ძალმომრეობას თავდაღწეული ადამიანებისთვის შესაძლებლობები უნდა შექმნას, რაც იმ ბოროტებაზე საუბარს გაააქტიურებს, რაც ირანში ხდება. დასავლურმა საზოგადოებამ კი მეტად უნდა მოინდომოს და ხელისუფლებებს აიძულოს, ყურადღება მიმართოს ქვეყნებისკენ, რომლებშიც ადამიანთა უფლებებს არ იცავენ, მეტიც, ადამიანების სიკვდილით დასჯა სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია. 

PaykanArtCar სწორედ დისკუსიის გააქტიურებას ემსახურება, რომელმაც სულ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოაფხიზლოს და მათი ყურადღება მსოფლიოში არსებულ დანაშაულებზე ფიქრისკენ მიმართოს.

წყარო: Attitude

უკრაინელი ხელოვანების ილუსტრაციები, რომლებიც რუსული ომის საშინელებას ასახავს

/

პუტინის რუსეთის უკრაინაში გამოცხადებული ომიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა. უკრაინელი მებრძოლები, მოქალაქეები თუ საერთაშორისო მოხალისეები რუსულ აგრესიას მედგარ წინააღმდეგობას უწევენ და უკრაინის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვიან.

უკრაინის დახმარებას აქტივისტები, ხელოვანები, მოქალაქეები, პოლიტიკური წრეები – ყველა ადამიანი, რომელიც რუსეთის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებას სწორად აფასებს, სხვადასხვა გზებით ცდილობენ.

უკრაინელმა ილუსტრატორებმა და ხელოვანებმა სხვა ქვეყნიდან საკუთარი ნამუშევრებით გადაწყვიტეს უკრაინელი ხალხის დახმარება და საიტი – SupportUkrainePIC შექმნეს, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი ილუსტრაციები ქვეყნდება, მითითებულია ის გზებიც, რომლებითაც უკრაინის დახმარება შეგიძლიათ.

ამ სტატიაში უკრაინელი ხელოვანების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს ნახავთ, რომლებიც პუტინის რუსეთის მიერ გამოცხადებული ომის საშინელებას ასახავს.


Volodymyr Prokh / Instagram

პუტინის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოცხადებული ომია, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. იბომბება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამშობიარო კლინიკები, შშმ პირთა საცხოვრისები. მარიუპოლის ალყა ამ დროისთვის ყველაზე დიდი სამხედრო დანაშაულია, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ქალაქის მერის მოადგილის თქმით, ქალაქზე გამუდმებულ იერიშებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის მხარეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობა მოუსპო და ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა საკვების, მედიკამენტების, წყლის გარეშე დატოვა.


ბავშვების სიცოცხლის დაცვა ომის დროსაც კი უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ არა რუსეთისთვის – უკრაინული ოფიციალური წყაროების თანახმად, ომს 109 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაიჭრა.


პუტინის ომმა მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია – ქვეყნის შიგნით 6 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლის დატოვება, უკრაინის ტერიტორია კი 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ამასთან, ათიათასობით უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა და რუსეთის აგრესიას დაუპირისპირდა. მშვიდობიანი მოქალაქეები არმიაში ეწერებიან, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში მონაწილეობენ და ერთობლივი ძალებით ომის ზიანის შემცირებას ცდილობენ.


მიუხედავად ომის საშინელებებისა, უკრაინელები მხნეობას არ კარგავენ და ყველაზე მძიმე მომენტებში კიდევ უფრო ერთსულოვანნი არიან. როგორც უკრაინელი აქტივისტი, ვერა ჩერნიგინა ამბობს, „ყველას ერთი მიზანი გვაქვს – უნდა გავიმარჯვოთ“.


უკრაინის ქალაქები განუწყვეტლივ იბომბება, ნადგურდება სამოქალაქო ნაგებობები, რუსეთის აგრესიის მიერ მოტანილი ზარალი მილიარდებს შეადგენს, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება, მაგრამ უკრაინელებმა ერთი მთავარი გამარჯვება მოიპოვეს – საბოლოოდ დაამარცხეს რუსული გავლენა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ გამარჯვების შემდეგ დანგრეულ ქალაქებს ხელახლა ააშენებენ და იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.


პუტინმა სცადა მსოფლიოსთვის თვალი აეხვია და ეთქვა, რომ „ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უცოდინრობა კი ძალა“, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის ერთგული მხარდამჭერების გარდა ამ პროპაგანდის არავის სჯერა. რუსული საბჭოთა წარსულის ხატებით გულანთებული ლიდერი ზუსტად იმეორებს საბჭოთა ლიდერების თუ ნაცისტური რეჟიმის ბოროტებებს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო აქტიურად წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი პუტინის მარცხისკენ მიმავალი გზაა.


ომი დასრულდება, მაგრამ ომის ტრავმის გადასალახად ბევრად დიდი დრო იქნება საჭირო, მსოფლიო კი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო აგრესია ყველა ადამიანს შეეხო. აღდგება ქალაქები, ლტოლვილები სახლებს დაუბრუნდებიან, მაგრამ ვეღარ დავაბრუნებთ ათასობით დაკარგულ სიცოცხლეს, იმ ბავშვების დანგრეულ მომავალს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.