ომში გაღვიძებული უკრაინელი ლგბტქი ლტოლვილების სამი ამბავი

24 თებერვლის, რუსეთის პირველი სამხედრო შეტევის განხორციელების შემდეგ, უკრაინიდან 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა. დღევანდელი მოცემულობით, ომს უკვე მოჰყვა შემაშფოთებელი რაოდენობის სამოქალაქო და სამხედრო მსხვერპლი, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები, რომლებმაც რუსების ყოველდღიური ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა და გაზარდა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე.  ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არასდროს დამდგარა ლტოლვილთა ასეთი მასშტაბური კრიზისი, რომელშიც ლგბტქი ადამიანებიც მოიაზრებიან.

ქვეყნიდან წასვლა უამრავ რისკთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით, ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლოა დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ, ან იურიდიული დოკუმენტების გამო საზღვრებზე დააკავონ და არ გადაუშვან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელიც 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს ქვეყნიდან გასვლის ნებას არ რთავს, რამაც შიში და დაბნეულობა გამოიწვია იმ ადამიანებში, რომელთა სქესიც შეიძლება არ ემთხვეოდეს პირადობის მოწმობაში მითითებულს. ბევრი მათგანისთვის უკრაინაში დარჩენა ომის ეპიცენტრში ყოფნასთან ასოცირდება, ხოლო წასვლა –  პოტენციური ძალადობისგან თავის დაღწევასა და უფრო საიმედო გზასთან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სხვა ქვეყნების საზღვრებთანაც არსებობს საშიშროება.

რა გზა გამოიარეს და რა გზის გავლა უწევთ ტრანსგენდერ და არაბინარულ ადამიანებს, რომლებიც გამოიქცნენ საკუთარი ქვეყნიდან, ან ჯერ კიდევ ემუქრებათ რუსული ბომბების მარწუხებში მოქცევა. მათი ისტორიები მძიმეა და იმ უდიდეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანზე გვიყვება, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პირობებში ლგბტქი სამოქალაქო პირებს უკვე მიადგათ.

 


 

პოლანი, 25 წლის, არაბინარული ადამიანი:

დაბომბვა 24 თებერვალს დაიწყო, დილის 4 საათზე. მეძინა და ახალი სამუშაო მესიზმრებოდა, რომელიც ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე შემომთავაზეს. თავიდან დაბომბვის ხმა ფეიერვერკივით ჟღერდა. ფანჯარაში გავიხედე და როდესაც ვერაფერი დავინახე, გადავწყვიტე, მშობლები გამეღვიძებინა.

8 დღე სახლში გავატარეთ და როცა გაზი, ცხელი წყალი და გათბობა გაგვეთიშა, საბოლოოდ, გერმანიაში წასვლა და ნათესავებთან დარჩენა გადავწყვიტე. ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუა უკრაინაში დარჩნენ. ისინი ძალიან მენატრება.

ტრანსგენდერ ადამიანებს, რომელთა ვიზუალიც რადიკალურად განსხვავდება პასპორტებში მითითებული სქესისგან, შეიძლება საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას პრობლემები შეექმნათ. ამ მხრივ, სირთულე არ შემქმნია, რადგან ჩემს საბუთებში სქესი „ქალია“ მითითებული.  საბოლოოდ, საზღვრის გადაკვეთა მაინც რთული აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურზე რიგის მოლოდინში 6 საათი გავატარე, 20 საათი მატარებლის დერეფანში იატაკზე მჯდომმა ვიმგზავრე, არც საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა გვქონდა. იყო უამრავი ხალხი და არც ერთი სათადარიგო ადგილი. პატარა ბავშვებსაც იატაკზე ძილი უწევდათ. შემდეგი 16 საათი უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ვცდილობდი, შევუერთდი ხალხის უდიდეს ჯგუფს, რომელიც ასევე ესწრაფვოდა ქვეყნიდან წასვლას. მესაზღვრეებმა 28 გრადუსში მთელი ღამის განმავლობაში გვალოდინეს და მხოლოდ დილის მეორე ნახევარში შევძელი გერმანიაში შესვლა.

ახლა აუგსბურგში ვარ. გარეთ მოწმენდილი ცის დანახვაა შესაძლებელი და შესაძლებელია დასვენებაც. შემიძლია, ვისეირნო და დაბომბვის ხმა არ მესმოდეს. ჯერ კიდევ ვიკურნები ბოლო რამდენიმე კვირის ტრავმებისგან. უსაფრთხოდ ვარ, მაგრამ მაინც მეშინია.

 


 

მილანა, 19 წლის, ტრანსგენდერი ქალი:

ამ თვის დასაწყისში ზაპოროჟიეს მატარებელში ავედი ევაკუაციის მიზნით, ლვოვში გადასასვლელად. ზაპოროჟიე ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელშიც ვცხოვრობდი. 24 თებერვლის აფეთქებებმა მიბიძგა, ქალაქი დამეტოვებინა. ლვოვი უკრაინის უსაფრთხო ნაწილია. ევაკუაციის გზის მოძებნა რთული აღმოჩნდა. მამაჩემს არ სურდა ჩემი წასვლა, რადგან მას ვძულვარ და ერჩივნა, უფრო საშიშ ადგილას დავრჩენილიყავი. ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები ზაპოროჟიეში დაბრუნდნენ, მაგრამ თქვეს, რომ ქალაქის დატოვება მათაც სურთ.

ჯერჯერობით უკრაინის საზღვრის გავლას ვერ ვახერხებ. სავარაუდოდ, ამის გაკეთება უკანონოდ მომიწევს, რადგან ჩემი საბუთები ჯერ კიდევ მამრობით სქესზეა. უკრაინა არ მომცემს ქვეყნის დატოვების საშუალებას. საზღვარზე არ ვყოფილვარ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია ასეთი აკრძალვის შესახებ.

ახლა ქალაქის ცენტრში, თავშესაფარში ვცხოვრობ, ლვოვის ოპერის თეატრის გვერდით. კომფორტული არ არის, მაგრამ აქ ცხოვრება შესაძლებელია, საკვებიც საკმარისი. ჯერ კიდევ ვეძებ უკრაინის საზღვართან მისასვლელ გზებს და ადამიანს, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დამეხმარება. უბრალოდ, ვგრძნობ, რომ ჩემი დახმარება არავის მოუნდება და ეს ყველაფერს უფრო საშიშს ხდის.

 


 

ედუარდი, 36 წლის, ტრანსმასკულინური ადამიანი:

შეტევის დაწყებისას მეძინა. როცა გავიღვიძე, მეზობელმა შემატყობინა რუსეთის შემოჭრის შესახებ. სამზარეულოში ვისხედით კატასთან ერთად, ვუყურებდით დაბომბვის ამსახველ ვიდეოებს. ამის გააზრება ძალიან რთული აღმოჩნდა. ვიცოდით, რომ სიმართლე იყო, მაგრამ მაინც ძნელი დასაჯერებელი. მოგვიანებით, იმაზე ფიქრი დავიწყეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა შემდეგ. კიევში, მდინარე დნეპრის მარცხენა მხარეს, სადაც ვცხოვრობდით, საკმაოდ უსაფრთხო იყო – ტერიტორია პირდაპირ არ დაუბომბავთ, თუმცა ორ მეტრო სადგურზე აფეთქებები მოხდა. ეს საშინელება იყო და პირველი ღამის შემდეგ ნელ-ნელა ბრაზი მოგვერია.

გადავწყვიტეთ, უკრაინა დაგვეტოვებინა და საზღვრის გადალახვაც უპრობლემოდ შევძელით. ეს იმან განაპირობა, რომ ტრანზიციის პროცესში ვარ და საბუთები ჯერ კიდევ არ შემიცვლია.

ახლაც, როცა სხვა ქვეყანაში ვარ უსაფრთხოდ, ისევ გაბრაზებული და დაღლილი ვარ. გულში ჯერ კიდევ მესმის საჰაერო თავდასხმის სირენები. ისინი კიევში ერთ ან ორ საათში ერთხელ მეორდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უვნებლად დავტოვე, გამოვლილმა გზამ უკვე იმოქმედა ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომელიც არც თავიდანვე იყო კარგ მდგომარეობაში. მე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, მაიძულეს იზოლაციაში ყოფნა მაშინ, როდესაც არ ვიცოდი, რა იქნებოდა მომავალში და ეს იყო ზუსტად ისეთივე შეგრძნება, როგორიც დიდხნიანი ოჯახური ძალადობა, რომლისგანაც ვიტანჯებოდი.

ტრანსგენდერი ადამიანები რეალურად იბრძვიან ომში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც იარაღის ხელში ასაღებად და ომში წასასვლელად არ არიან მზად, ამიტომ ევაკუაციას არჩევენ. ზოგიერთმა შეძლო გაქცევა, ზოგიერთმა – ვერა. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ლგბტქი ორგანიზაცია, რომელიც მათ ეხმარება. ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი, რომლებმაც ომის ცხელი წერტილები დატოვეს, ამ ორგანიზაციების მიერ შექმნილ თავშესაფრებში ცხოვრობენ, დასავლეთ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში. მათ საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ.

ამჟამად პოლონეთში ვიმყოფები. მალე დანიაში მივდივარ, რადგან აქ უკრაინელი ლტოლვილების დიდი რაოდონებაა და არ მინდა მათთვის განკუთვნილი რესურსები ჩემზე დაიხარჯოს. ონლაინ მუშაობასაც ვახერხებ, ჩემი მთავარი საქმე უკრაინაში ლგბტქი ადამიანების დახმარება და ლტოლვილების ჯანმრთელობის სქემებში გარკვევაა. ვიმედოვნებ, ომი ძალიან მალე დამთავრდება და დაბრუნებას შევძლებ. გონებით ჯერ კიდევ უკრაინაში ვარ და მოუთმენლად ველოდები უკან დაბრუნებას და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობის მიღებას.

 


 

წყარო: Them

წინა

ჩვენ პატარა, მაგრამ დიდი ოჯახი ვართ – ნატალი ჭინჭარაული

შემდეგი

პუტინი რუსეთის მარცხს უფლებადამცველებს დააბრალებს – ლგბტქი აქტივისტები რუსეთს ტოვებენ

ბოლო სიახლეები

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მხარდამჭერი დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანების სასარგებლოდ

FacebookTweetLinkedInEmail 28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების

პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ორი კაცი დააკავეს

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. 1960 წელს დაბადებულს კაცს

მამუკა მდინარაძემ „გეი პროპაგანდის“ კანონით აკრძალვა დააანონსა

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული