დეკემბერი 2021 - Page 4

სერიალი Queer as Folk 20 წლის შემდეგ ეკრანებზე ბრუნდება

ლეგენდარული ქვიარ სერიალი – Queer as Folk, გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ ეკრანებს განახლებული ვერსიით უბრუნდება. რასელ დეივისის 1999 წლის ბრიტანული სატელევიზიო შოუ, რომელიც ქვიარ მეგობრებისა და მათი ოჯახის წევრების ყოველდღიურ გამოცდილებებზე ჰყვებოდა, მალევე აიტაცა მაყურებელმა და 2000 წელს სერიალის ამერიკული ვერსიაც შეიქმნა, რომელიც ბევრად დიდმა აუდიტორიამ ნახა. სერიალის ამერიკული ანალოგი 5 სეზონისგან შედგებოდა და პირველი სერიალი იყო, რომელმაც გეი კაცებისა და ქალების მეგობრობის, საჭიროებებისა და სირთულეების ასახვა დაისახა მიზნად.

Queer as Folk-ის ბრიტანული ვერსიის მსახიობები / Channel 4

სერიალის განახლებული ვერსიის სიუჟეტი ნიუ ორლეანში განვითარდება. Variety-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სატელევიზიო შოუ Queer as Folk-ის ორიგინალ ვერსიაზე იქნება დაფუძნებული და საკლუბო ცხოვრების მოყვარული მეგობრების ისტორიას გაგვაცნობს, რომლებიც ნიუ ორლეანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ტრავმულ გამოცდილებასთან გამკლავებას შეეცდებიან. ახალი სატელევიზიო შოუს აღმასრულებელი პროდიუსერი რასელ დეივისი იქნება, შემქმნელი კი 2015 წლის კანადური ფილმის – Closet Monster-ის რეჟისორი, სტივენ დანი. შოუ NBCUniversal-ის ახალ სტრიმინგ პლატფორმაზე – Peacock – იქნება ხელმისაწვდომი.

სტივენ დანის თქმით, როდესაც შოუს ბრიტანული ვერსია გამოვიდა, სატელევიზიო სივრცეში ქვიარ ისტორიების მოყოლა პროვოკაციადაც კი ითვლებოდა, ახლა კი ბევრი რამ შეიცვალა.

„როცა შოუს ორიგინალი ვერსია გამოვიდა, ქვიარ ამბების სატელევიზიო სივრცეში მოყოლა პროვოკაციადაც კი ითვლებოდა და სერიალს საიდუმლოდ ვუყურებდი. ახალ თაობას ქვიარ ამბებისთვის თვალის დევნება სიმარტოვეში აღარ მოუწევთ, მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, შოუს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უყურონ“, – აღნიშნა დანმა.

ფოტო: Gay Nation

სერიალში მთავარ როლებს ქვიარ მსახიობები შეასრულებენ. პირველი მსახიობი, რომელიც სერიალზე დაამტკიცეს, არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ჯესი ჯეიმს კეიტლია. კეიტლი „ტრანგენდერი გოგოს როლს შეასრულებს, რომელსაც ზრდასრულობაში გადაბიჯება უჭირს“. უკვე ცნობილია სერიალის სხვა მთავარი როლის შემსრულებლებიც, მათ შორის, ფინ არგუსი, ჯონი სიბილი, ქენდეს გრეისი, რაიან ო’კონელი, არმანდ ფილდსი, ბენიტო სკინერი, ქრის რენფრო და დევინ ვეი.

Queer as Folk-ის განახლებული ვერსიის გადაღებები უკვე დაწყებულია და ახალი, ბევრად მრავალფეროვანი ქვიარ გამოცდილებების ნახვას, სავარაუდოდ, მომავალ წელს შევძლებთ.

წყარო: Slash Film

მთავარი ფოტო: Warner Bros.

პანსექსუალების საერთაშორისო დღე და მათი დროშის ისტორია

8 დეკემბერი პანსექსუალების საერთაშორისო დღეა.

პანსექსუალობა ბისექსუალობისგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანებს, რომლებიც თავს ბისექსუალებად აიდენტიფიცირებენ, ემოციურად და ფიზიკურად მხოლოდ ორი სქესი იზიდავთ, ხოლო პანსექსუალი ადამიანი რომანტიკულ, სექსუალურ, სულიერ და ფიზიკურ ლტოლვას განიცდის ნებისმიერი სქესისა და იდენტობის მქონე ადამიანის მიმართ. „პანსექსუალი“ მომდინარეობს ბერძნული პრეფიქსიდან „პან“, რაც  „ყველას“ ნიშნავს. ტერმინი 90-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ აქტუალური მოგვიანებით გახდა.

პანსექსუალების დროშა სამი ჰორიზონტალური ზოლისგან შედგება – ვარდისფერი, ყვითელი და ლურჯი. ვარდისფერი მდედრობით სქესს აღნიშნავს; ყვითელი წარმოადგენს მათ, ვინც თავს აიდენტიფიცირებს როგორც გენდერქვიარი, არაბინარული, აგენდერი, ანდროგინი;  ხოლო ლურჯი მამრობითი სქესის აღმნიშვნელია. ცნობილია, რომ დროშა ინტერნეტში 2010 წლისთვის გამოჩნდა და მას შემდეგ ინარჩუნებს პოპულარობას.

დღესდღეობით, ბევრი პანსექსუალი ადამიანი „გენდერულად ბრად“ მოიხსენიებს თავს, როდესაც საქმე სხვების მიმართ მათ რომანტიკულ ან სექსუალურ მიზიდულობას ეხება. პანსექსუალობამ საზოგადოება დააფიქრა იმაზე, თუ როგორ ვუყურებთ გენდერს, სექსუალობას, რომანტიზმს და გვიბიძგა, შეგვექმნა მეტი სივრცე, სადაც ნებისმიერი ჩვენგანი კომფორტულად იგრძნობდა თავს.

ბოლო წლებში ტერმინი  უფრო თვალსაჩინო გახდა, რადგან ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც, მაგალითად, მაილი საირუსი და კარა დელევინი არიან, თავიანთ პანსექსუალობაზე საჯაროდ განაცხადეს.

ჩილემ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაუშვა

ჩილემ ისტორიული ნაბიჯი გადადგა და ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაუშვა.

2021 წლის დასაწყისში ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ, თანასწორი ქორწინების ანგარიში დააჩქარა, რომელსაც 4 წლის განმავლობაში განიხილავდა ჩილეს კონგრესი. მან თქვა, რომ ჩილემ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ყველა ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების დაცვა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი ქვედა პალატამ 23 ნოემბერს დაადასტურა 97-35 ხმით და სენატს გადაეცა.

როცა საბოლოო პასუხი გახდა ცნობილი, მთელი სენატი ფეხზე იდგა და უკრავდა ტაშს, ეს მართლაც ისტორიული მომენტია ჩილეს რესპუბლიკისთვის.

კანონი, რომელსაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს, 90 დღეში ამოქმედდება. ჩილე ლათინური ამერიკის მერვე ქვეყანაა, რომელმაც თანასწორი ქორწინება დაუშვა.

მაგრამ ბრძოლა თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის ჩილეში არ დასრულებულა – როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს ჩილეში ძალიან მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ულტრამემარჯვენე და პოპულისტი, ხოსე ანტონიო კასტი და მემარცხენე გაბრიელ ბორიცი მიიღებენ.

გაბრიელ ბორიცი მხარს უჭერს ლგბტ+ საზოგადოებას, ხოლო კასტი პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს ხმების მოსაზიდად. ულტრამემარჯვენე კანდიდატი ასევე იბრძვის აბორტის წინააღმდეგ და ერთ-ერთ გამოსვლაში პინოჩეტის რეჟიმიც გაამართლა

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა სპილბერგის ახალი ფილმი LGBTQ პერსონაჟის გამო აკრძალეს

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ყატარმა, ბაჰრეინმა, ომანმა და ქუვეითმა აკრძალეს დისნეის უახლესი ადაპტაცია West Side Story-ზე, რომლის რეჟისორიც სტივენ სპილბერგია.

Variety იუწყება, რომ დისნეიმ ცენზურა ვერ გაიარა და ფილმს გამოსვლის სერტიფიკატს არ აძლევენ, რადგან მისი ერთ-ერთი პერსონაჟი ტრანსგენდერია.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ცენზორებმა ფილმი ტრანსგენდერის როლის გამო უარყვეს, რომელსაც არაბინარული იდენტობის მქონე მსახიობი, აირის მენასი ასრულებს. ეს ნაბიჯი არ იყო შოკისმომგვრელი, რადგან ამ რეგიონებში ლგბტქ შინაარსის პროდუქტი რეგულარულად იკრძალება. ბოლო პერიოდში მარველისEternals აიკრძალა, რომელშიც ქვიარ წყვილი მონაწილეობს.

West Side Story 10 ნოემბერს გამოვიდა. ფილმში მონაწილეობენ: რეიჩელ ზეგლერი, ანსელ ელგორტი, არიან დებოზი, დევიდ ალვარესი, მიკა ფაისტი, რიტა მორენო და სხვები.

საქართველოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა 9 დეკემბერს შედგება.

წყარო: geo.tv

პასტორი, რომელიც HBO-ს დრეგ შოუში გამოჩნდა, გაათავისუფლეს

კრეიგ დიუკი, ნიუბურგის გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის პასტორი ინდიანას შტატ ქალაქ ევანსვილში, HBO-ს სერიალ We’re Here-ის ბოლო ეპიზოდში გამოჩენის შემდეგ „პასტორალური მოვალეობებისგან გათავისუფლდა.’’

ადგილობრივმა ორგანიზაცია Evansville Pride-მა პასტორს სერიალში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდაცია გაუწია. სერიალში ცნობილი დრეგ ქვინები მონაწილეობენ, რომლებიც პატარა ქალაქებში მოგზაურობენ და ადგილობრივებს თავიანთ ისტორიებსა და გამოცდილებას უზიარებენ. დიუკისთვის ეს იყო შესანიშნავი შანსი, მხარი დაეჭირა ქალიშვილისთვის, რომელიც ორი წლის წინ დაქამინგაუთდა, როგორც პანსექსუალი.

Jake Giles Netter/HBO

დიუკმა შოუში ყოფნის შესაძლებლობა აღწერა, როგორც „წარმოუდგენლად მშვენიერი, სიღრმისეული, ძლიერი სულიერი გამოცდილება.“ შეიძლება ითქვას, რომ სერიალში მონაწილეობამ პასტორის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა. „მე ვიყავი გარშემორტყმული და ჩაძირული ისეთ კულტურაში, რომლის ნაწილიც არასდროს ვყოფილვარ და მივხვდი, თუ გინდა, მსახურებაში განსხვავებული ხალხი შემოიერთო, უნდა გაეცნო მათ და წახვიდე იქ, სადაც განსხვავებული ხალხია, შოუში მონაწილეობამ კი, ამის საშუალება მომცა.“ – თქვა მან.

კრეიგ დიუკის გულისამაჩუყებელი განცხადების მიუხედავად, ნიუბურგის გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ნაწილი, როგორც ჩანს, წინააღმდეგი აღმოჩნდა პასტორის სერიალში გამოჩენის, რის შემდეგაც დიუკი მთავარი პასტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხალხმა დიუკისა და მისი მეუღლის დასახმარებლად GoFundMe-ის საშუალებით ფულის შეგროვება დაიწყო.

Johnnie Ingram/HBO

„პასტორი კრეიგი თავს მორწმუნე ადამიანად, მამად, ქმრად, სოციალური სამართლიანობის დამცველად და ლგბტ+ საზოგადოების მოკავშირედ თვლის. ის იბრძოდა სრულიად ინკლუზიური ეკლესიისთვის, რომელიც მიესალმება ყველა რასის, სქესისა და ორიენტაციის ადამიანს. მას სურდა, დამდგარიყო დღე, როდესაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა დაქორწინებას გაერთიანებულ მეთოდურ ეკლესიაში.“ – განაცხადეს ფონდის დამაარსებლებმა.

დიუკს თანხის შეგროვებაში HBO-ს სერიალის მონაწილე დრეგ ქვინი ევრიკა ო’ჰარაც ეხმარება. მან ტვიტერზე პოსტი განათავსა, რომელიც სრულდება სიტყვებით – „თუ შემოწირულობა შეგიძლია, მშვენიერია! თუ არ შეგიძლია, გააზიარე!“

წყარო: advocate.com

„პატარა საყვარელი მატყუარების“ ჯულიან მორისმა ქამინგაუთი გააკეთა

,,პატარა საყვარელი მატყუარების” მსახიობმა, ჯულიან მორისმა, სულ რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე თავის პარტნიორ მამაკაცთან 18-წლიანი ურთიერთობის საიუბილეო პოსტი გამოაქვეყნა.

„18 წელი ერთად, ეს საუკეთესო წლები იყო იმიტომ, რომ ერთად ვართ. მიყვარხარ, ლანდონ როსს!“ – წერს მსახიობი ინსტაგრამის პოსტში.

ჯულიან მორისი, რომელსაც აქამდე საჯაროდ არ უსაუბრია თავის სექსუალურ ორიენტაციაზე, მაყურებელი გახმაურებული თინეიჯერული სერიალიდან, „პატარა საყვარელი მატყუარებიდან“ იცნობს. სერიალში მსახიობი სამედიცინოს სტუდენტის, ვრენის როლს ასრულებს და რომანტიკული გრძნობები აკავშირებს ერთ-ერთ „მატყუარა” სპენსერთან.

ბრიტანელ მსახიობს ასევე შესრულებული აქვს როლები სერიალებში – 24, New Girl და Once Upon A Time.

მისი ბოიფრენდი, ლანდორ როსი, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი არტისტია, რომელიც სხვადასხვა მედიუმის საშუალებით ქმნის ხელოვნებას.

მსახიობის პოსტს ინსტაგრამზე „პატარა საყვარელი მატყუარების“ სხვა მსახიობებიც, კიგან ალენი და ბრენტ დოგერტიც გამოეხმაურნენ.

მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ გასართობი ღონისძიებები ღამის კლუბებშიც განახლდება

უკვე ორი წელია, ყველა ადამიანის ყოველდღიურობა შეიცვალა კორონავირუსის გამო. პანდემიურმა რეალობამ სოციალური ურთიერთობები შეიწირა, რაც მენტალურ ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახება. ექსტროვერტებისთვის ეს პერიოდი ჩაკეტილობის გამო იყო რთული, რადგან ყოველდღიურობა მცირე სანაცნობო წრით ან სრული მარტოობით შემოისაზღვრა. ინტროვერტი ადამიანები კი, რომლებიც საკუთარი კომფორტის ზონიდან გასვლას ცდილობდნენ და სოციალური ურთიერთობის უნარ-ჩვევებს ავითარებდნენ, არჩევნის გარეშე დარჩნენ.

2021 წლის ზაფხულში შეზღუდვები შემცირდა, ბარები და კაფეები გაიხსნა, მუსიკალური ფესტივალები, მართალია, მცირე რაოდენობით, მაგრამ განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ საკლუბო სივრცეები იყო, რომლებიც ქვიარ ადამიანებისთვის ყველაზე უსაფრთხო და თანასწორია. ამას ,,ხიდისა’’ და ,,ბასიანის’’ ქვიარ ღონისძიებების სერიები – კიკი და ჰორუმის ღამეებიც მოწმობს. მსგავსი ღონისძიებები ქვიარებისთვის საკუთარი იდენტობის ღიად დაფიქსირების, თემის წევრებთან კომუნიკაციისა და ყოველდღიურ გამოწვევებზე ცეკვით პასუხის გაცემის საშუალებად იქცა.

ერთი თვის წინ ხიდზე სატესტო ღონისძიება გაიმართა, რომელზე დასწრებაც მხოლოდ მწვანე კოვიდ სტატუსის მქონე პირებს შეეძლოთ. ინიციატივა მიზნად ისახავდა საკლუბო სივრცეების გახსნასთან დაკავშირებული რისკების შეფასებასა და კლუბში სტუმრობის მსურველთა უსაფრთხოებაზე ზრუნვას.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 23 მაისს მიღებულ N322 დადგენილებაში მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ცვლილებები შევიდა. უკანასკნელი ცვლილებებით, სათეატრო და კინემატოგრაფიული ღონისძიებების ჩატარება დასაშვები გახდა „მწვანე“ სტატუსის მქონე პირების დასწრების პირობით, სასტუმროს ტერიტორიაზე კონცერტის ჩატარებაზე დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნა, თუმცა ნებისმიერი სხვა გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული ღონისძიებების ჩატარება აკრძალულია. შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხო საკლუბო სივრცეებს, რომლებიც უსაფრთხო ღონისძიებების ჩატარების ინიციატორები იყვნენ და საკლუბო კულტურის აღდგენის მიზნით, საკვლევ ღონისძიებებში იყვნენ ჩართული.

თამუნა აქსანდერი, ხიდის დამფუძნებელი

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman

აკრძალვის მიუხედავად, 3 დეკემბერს ხიდზე ღონისძიება გაიმართა, რის გამოც შრომის ინსპექციამ კლუბი 10 ათასი ლარით დააჯარიმა და ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ,,ხიდის’’ დამფუძნებელმა, თამუნა აქსანდერმა ფეისბუკზე გაავრცელა და თქვა, რომ ფაქტთან შეგუებას არ აპირებენ.

„დღეს ახალი პრეცედენტი მოხდა – პირველ დაჯარიმებასთან ერთად, პირდაპირ დაგვლუქეს. თითქმის 2 წელია გაჩერებულები ვართ, მოწესრიგებულად ველოდებით მუშაობის უფლების მიღებას, ვერთვებით საპილოტე კვლევით ღონისძიებებში იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება ჩვენს სივრცეებში. შემოიღეს მწვანე პასპორტის სისტემა, ჩვენ კვლავ არ აღმოვჩნდით გასახსნელ სიაში. 3 დეკემბერს გავხსენით კარი და ვუმასპინძლეთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე პირებს უფრო მეტად შეზღუდული კრიტერიუმებით, ვიდრე თავად დაადგინეს საქვეყნოდ. დღევანდელი დალუქვის ერთადერთი მიზანი ჩვენი დასჯა, შეშინება და სამომავლო სიგნალია. საკლუბო ფილოსოფია და კულტურა თავისუფლებაზეა დაფუძნებული, მსგავსი პრეცედენტები აქ არ გაგივათ. მოგიწოდებთ, დროულად მოგვიხსნათ ლუქი და მოგვცეთ მუშაობის საშუალება სხვა კლუბებთან ერთად. იმაზე მეტი ვითმინეთ, ვიდრე ვალდებულება გვქონდა“, – დაწერა ხიდის დამფუძნებელმა ფეისბუკზე.

შრომის ინსპექციამ საკლუბო სივრცეში გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და კლუბებს მოუწოდა, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა და დალუქვის პირობა გააჟღერეს.

„მას შემდგომ, რაც პირველი დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა მწვანე პასპორტის კონცეფცია, შრომის ინსპექციამ აქტიურად დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ღამის კლუბების ასოციაციასთან (საქართველოს კულტურისა და შემოქმედების ინდუსტრიების ერთობა / act4culture), რომლის დროსაც განხილულ იქნა საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის საკითხები. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს პერიოდში სექტორი განაახლებს ფუნქციონირებას, რისთვისაც მწვანე პასპორტებთან ერთად, შრომის ინსპექცია სხვა კომპეტენტური უწყებების ჩართულობით შეიმუშავებს უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლს, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის ღონისძიებებზე მომხმარებელთა მაქსიმალურ დაცვას. აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი მხრიდან აქტიურად მიეწოდა სექტორში რეგისტრირებულ სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი, რეგულაციების გვერდის ავლით, კვლავ განაგრძობს არანებადართული ღონისძიებების ორგანიზებას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად უარესდება ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება. სწორედ ამიტომ, შრომის ინსპექცია რეაგირებას მოახდენს ყველა არანებადრთულიეკონომიკური საქმიანობის გამოვლენის ფაქტზე. სექტორული რეკომენდაციის/პროტოკოლის დამტკიცების შემდგომ, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სექტორის ფუნქციონირების განახლება. შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღამის კლუბებს, არ განახორციელონ დადგენილებით აკრძალული საქმიანობები, წინააღმდეგ შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმისა თუ დალუქვის სახით“, – აღნიშნული იყო შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შრომის ინსპექციამ 6 დეკემბერს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ღამის კლუბების უსაფრთხო აღდგენის მიზნით, პროტოკოლის შემუშავება გრძელდებოდა და კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საკლუბო კულტურის უსაფრთხო ფუნქციონირების პროტოკოლზე იმსჯელეს.

ნაჯა ორაშვილი, ბასიანის დამფუძნებელი

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman

კლუბ ,,ბასიანის’’ დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა კი 7 დეკემბერს ფეისბუკზე სასიხარულო სიახლე გაავრცელა – მისი თქმით, 17 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი გამოთქვა, რომ აღარასოდეს დაიხურება.

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia -ის მიერ ინიციირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია. სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენ მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, იმისთვის რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი. 17 დეკემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასოდეს დაიხურება.

მადლობა ყველას, ვინც ერთგულად და მტკიცედ დაიცვა საკლუბო კულტურის მთავარი მონაპოვარი – უსაფრთხო სივრცის იდეა, სადაც ზრუნვა და ცოდნის გაზიარება ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. მალე შევხვდებით საცეკვაო მოედნებზე“, – ვკითხულობთ ბასიანის დამფუძნებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

შრომის ინსპექციას სამუშაო შეხვედრების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

სექსსამუშაოში ჩართულ ქალს სჭირდება დაცვა და არა დასჯა

Amnesty International სექსსამუშაოს კრიმინალიზების შემდეგ საერთაშორისო მოდელებს გამოყოფს:

  • სრულწლოვანი პირის მიერ სხვა სრულწლოვანი პირისთვის სექსუალური მომსახურების გაწევა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირი, რომელიც ყიდის სექსუალურ მომსახურებას (სექსმუშაკი);
  • სრულწლოვანი პირის მიერ სხვა სრულწლოვანი პირისთვის სექსუალური მომსახურების გაწევა არის დანაშაული. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება სექსუალური მომსახურების მიმღებს (კლიენტს);
  • სისხლის სამართლის წესით ისჯება სექსსამუშაოს ორგანიზება სრულწლოვან პირებს შორის. დასჯადი ქმედებები ასევე მოიცავს პროსტიტუციის რეკლამას, პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემას და სხვ. შესაბამისად, სექსსამუშაოს ორგანიზებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სექსმუშაკებს, ასევე სხვა პირებს, ვინც მათ ორგანიზებაში ეხმარება[2].

საქართველოში მოქმედებს სექსსამუშაოს პენალიზების ქართული მოდელი. ეს მოდელი გულისხმობს ისეთი კანონმდებლობისა და პოლიტიკის არსებობას, რომელსაც კრიმინალიზების მსგავსი ეფექტი გააჩნია და სექსმუშაკის დასჯაზეა ორიენტირებული. სექსსამუშაოს პენალიზების ქართული მოდელი ახდენს ადამიანის ავტონომიის ხელყოფას, კონტროლს და რეპრესირებას სექსსამუშაოში ჩართულობის გამო [3]. აღნიშნული ზომები მოიცავს ჯარიმებს, დაკავებას ,,რეაბილიტაციის“ მიზნით, დეპორტაციას, ბავშვზე მეურვეობის ჩამორთმევას, სოციალური დახმარების მოხსნას[4].

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სექსსამუშაოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს. სექსსამუშაოზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედება და მისი დაცვის გარანტიები, რადგან სექსსამუშაო არ არის მიჩნეული შრომითი საქმიანობის სახედ.

საქართველოს კანონმდებლობა ,,სექსმუშაკის“ და ,,სექსსსამუშაოს“ ნაცვლად, იყენებს ტერმინს ,,პროსტიტუცია“, რაც სახელმწიფოს მხრიდან სექსმუშაკი თემის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მიუთითებს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723-ე მუხლი პროსტიტუციას საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას უქვემდებარებს.

პროსტიტუციის განხორციელება გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს კანონმდებლობა პროსტიტუციის ქმედების შემადგენლობას არ განსაზღვრავს და არც მის განმარტებას ახდენს.

Amnesty International-ის კვლევა[5] ცხადყოფს, რომ სექსსამუშაოს კრიმინალიზება და პენალიზება მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს სექსმუშაკთა ისეთი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, ავტონომიისა და პირადი უსაფრთხოების უფლება, თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციისგან დაცვა, ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, უფლება ჯანმრთელობის შესაძლო უმაღლეს სტანდარტზე, შრომითი უფლება და სხვ[6]. პენალიზებისა და კრიმინალიზების სამართლებრივი მოდელი იწვევს სექსმუშაკთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან უგულებელყოფას და კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევას.

სექსსამუშაო მატრავმირებელი საქმიანობაა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს სექსსამუშაოს რეპრესიული ქართული მოდელი. სახელმწიფო, დასჯაზე ორიენტირებული კანონმდებლობით, სექსმუშაკებს ინსტიტუციურ დაბრკოლებას უქმნის. სექსსამუშაოს პენალიზების მოდელი სექმუშაკებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხის წინაშე აყენებს, ამიტომ ისინი ხშირად გამხდარან პოლიციისა და სხვა ადამიანების მხრიდან ჩაგვრის და გარიყვის მსხვერპლნი.

სახელმწიფოს, სექსსამუშაოს რეგულირების რეპრესიული მოდელის გამოყენებით, სტრუქტურული ბარიერებიდან, უთანასწორობიდან და სექსსამუშაოში ჩართვის რეალური მიზეზებიდან, ყურადღება დასჯასა და სექსმუშაკთა მორალურ-ეთიკურ გაკიცხვაზე გადააქვს[7]. გაეროს შეფასებით, სექსსამუშაოს კრიმინალიზების პირობებში, სექსმუშაკები იძულებულნი არიან, არალეგალურად იმუშაონ, სადაც უფრო მეტად მოწყვლადები არიან ძალადობის მიმართ[8]. ამ კუთხით, ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს ტრანსგენდერი სექსმუშაკები წარმოადგენენ, რომლებიც ხშირად ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობის მსხვერპლები არიან[9] 

სექსმუშაკები გარკვეულ ბარიერებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გენდერული ძალადობის გამო აწყდებიან. ბარიერებს შორის ყველაზე ხშირია სექსსამუშაოსთვის ადმინისტრაციული წესით გასამართლების შიში, სექსმუშაკთა დევნა და ძალადობა პოლიციის მიერ; პოლიციის არაეფექტური რეაგირება სექსმუშაკთა მიმართ მათი მომსახურების მიმღები და მესამე პირების მხრიდან ჩადენილ ძალადობაზე; პოლიციის მხრიდან სექსმუშაკთა იძულება, მიაწოდონ ინფორმაცია პროსტიტუციის ხელშემწყობ და პროსტიტუციაში ჩამბმელ პირებზე; სექსმუშაკთა სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე და სხვ[10].

სექსსამუშაოში ჩართვის მიზეზები

სექსსამუშაო ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალაუფლების უსამართლო გადანაწილების შედეგია და ხშირ შემთხვევაში, ქალთა სიღარიბით არის გამოწვეული. ეკონომიკური სიდუხჭირე და საზოგადოებაში დამკვიდრებული დაქვემდებარებული როლი, ხშირად აიძულებს ქალებს, ჩაებან სექსსამუშაოში[11].

უამრავი ქალი ერთვება სექსსამუშაოში მძიმე და გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ყოველდღიური ეგზისტენციალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად[12]. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ სექსმუშაკთა განმარტებით, საქართველოში სექსსამუშაოში ჩართვის მთავარი მიზეზი „ეკონომიკური იძულებაა, ვინაიდან სხვა სამსახურში ვერ საქმდებიან და სექსსამუშაო გადარჩენის ერთადერთი გზაა. დარჩენის წამყვანი მიზეზი სწორედ სხვა სამუშაოებთან შედარებით მაღალი ანაზღაურებაა.“[13]

სექსმუშაკთა ნაწილი პროსტიტუციაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მეუღლის მხრიდან ოჯახში ძალადობის ან ტრეფიკინგის მსხვერპლი აღმოჩნდა[14]. 

სექსსამუშაოს რეგულირების საერთაშორისო მოდელები

ახალ ზელანდიაში სექსსამუშაოს დეკრიმინალიზაციის კლასიკური მოდელი ჩამოყალიბდა. ამიტომ სრული დეკრიმინალიზაციის მოდელს სხვაგვარად ,,ახალზელანდიურ მოდელსაც” უწოდებენ. დეკრიმინლიზაციის მოდელის პირობებში პროსტიტუცია სისხლის სამართლის დანაშაულად არ განიხილება.

ახალ ზელანდიაში დეკრიმინალიზებულია როგორც სექსმომსახურების გაყიდვა, ისე ყიდვა. დეკრიმინალიზებულია სექსსამუშაოს ორგანიზებაც და მენეჯმენტიც. კანონმდებლობა სექსმუშაკებს სექსუალურად გადამდები დაავადებების სავალდებულო შემოწმებას არ ავალდებულებს. სავალდებულო არ არის სექსმუშაკთა რეგისტრაცია. სექსსამუშაო რეგულირდება სხვა ბიზნესების მსგავსად, კერძო ბიზნესებისთვის დადგენილი წესით. ახალი ზელანდიის კანონმდებლობით, სექსსამუშაო აღიარებულია სამუშაოს სახედ და იგი არ არის კანონმდებლობით ზედმეტად შეზღუდული[15].

სექსსამუშოს რეგულირების ,,ნორდიკული მოდელი“, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც შვედურ, აბოლოციონისტურ და თანასწორობის მოდელს, სექსსამუშაოს გაყიდვის დეკრიმინალიზაციას ახდენს, ხოლო სექსმომსახურების ყიდვას  სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს. იგი წარმოადგენს გარკვეულ შუალედურ მოდელს სექსსამუშაოს სრულ  კრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. ,,ნორდიკული მოდელის“ მომხრეთა მოსაზრებით, იგი მოწოდებულია, რათა ხელი შეუწყოს სექსუალურ ტრეფიკინზე მოთხოვნის შემცირებას და სექსმუშაკთა უფლებების დაცვას. ,,ნორდიკული მოდელის“ მიზანს სექსმუშაკებიდან სტიგმის და დასჯის ცენტრის კლიენტებზე გადატანა წარმოადგენს[16].

სექსსამუშაოს ლეგალიზების არსი არის ის, რომ სექსსამუშაო და სექსმუშაკები დეტალურად კონტროლდებიან და იზღუდებიან სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებით. მკაცრი რეგულაციები გამოიხატება სექსმუშაკთა რეგისტრაციაში, რაოდენობის შეზღუდვაში, ლოკაციის განსაზღვრაში, სექსსამუშაოს ოპერირების კრიტერიუმებისა და ადგილის განსაზღვრაში, პირობების განსაზღვრაში, თუ ვის შეუძლია სექსმუშაკად მუშაობა, სავალდებულო სამედიცინო შემოწმებაში და სხვა.

ლეგალიზაციის პირობებში, სექსსამუშაო სრულად რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. სექსსამუშაოს ლეგალიზების სისტემაში, სახელმწიფოსგან ადგილი აქვს სექსსამუშაოს ლიცენზირებას, რეგულარულ ინსპექტირებას ბორდელებში და სხვა სექსმომსახურების ადგილებში. ლეგალიზების სისტემა ლიცენზირებულ ბორდელებში დასაქმებული სექსმუშაკებისგან ზოგჯერ სავალდებულო სამედიცინო შემოწმებასაც ითხოვს. ლეგალიზაციის მომხრეთა აზრით, ლეგალიზებული სექს-სამუშაო შესაძლებლობას აძლევს სექსმუშაკებს, ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმება ჩაიტარონ. ეს არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან თავის დაცვის საშუალება.   ლეგალიზაცია სექსმუშაკებს დასაქმების უფლებას აძლევს[17].

                 [2] Amnesty International Policy on State Obligations to Respect, Protect and Fulfil the Human Rights of Sex Workers, 2016, გვ. 4.

[3] CEDAW,Concluding     Observations:     Russian Federation, UN              Doc.CEDAW/C/RUS/CO/8,  2015,paras.2526

[4] Amnesty          International       Policy,  p.4

[5] Amnesty International Policy on State Obligations to Respect, Protect and Fulfil the Human Rights of Sex Workers, 2016, გვ. 10.

[6] Amnesty International Policy on State Obligations to Respect, Protect and Fulfil the Human Rights of Sex Workers, 2016, გვ. 28-36

[7] თამარ ავალიანი, სექსმუშაკ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოში, EMC, 2020.

[8] UN General Assembly. The protection of human rights in the context of human immunodeficiency virus (HIV) and acquired immune deficiency syndrome (AIDS): Report of the Secretary-General. Human Rights Council, 16th session. UN doc. no. A/ HRC/16/69, 20 Dec. 2010.

[9] Transgender Europe (TGEU) – Sex Work Policy, https://tgeu.org/wp-content/uploads/2014/12/TGEU-sex-work-policy.pdf?fbclid=IwAR1CNEgk2YFNb5PaTaEKlDKCHfIR179dgcp9Pa1NlZzqmmN2kVXTs7Fby-E

[10] თამარ ავალიანი, სექსმუშაკ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოში, EMC, 2020.

[11] თამარ ავალიანი, სექსმუშაკ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები საქართველოში, EMC, 2020.

[12] Amnesty International Policy on State Obligations to Respect, Protect and Fulfil the Human Rights of Sex Workers, 2016, გვ. 8.

[13] თანასწორობის მოძრაობა „ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების კვლევა საქართველოში“, 2019, გვ. 17,

[14] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „გენდერული ძალადობა სექსმუშაკების მიმართ და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები: საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს გამოცდილება“, თბ., 2018, გვ. 32.

[15] ინფორმაცია ახალი ზელანდიაში სექსსამუშაოს რეგულირების შესახებ https://www.nswp.org/country/new-zealand

 

[16] Nordic Model: The Ongoing Criminalization of Sex Workers in Northern Europe, Ales Nielson, July 1, 2018

[17] Prostitute Protection Act, https://www.bmfsfj.de/blob/117624/e0f1dec4fa4488a4b46f7bb17b8e6f16/prostschg-textbausteine-en-data.pdf

შესაძლოა, საფრანგეთში ბულერებს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ

საფრანგეთში სკოლებში ბულინგი სისხლის სამართლის დანაშაული გახდება, რომელიც, შესაძლოა, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთითაც დაისაჯოს. პარლამენტმა ახალ კანონს კენჭი მას შემდეგ უყარა, რაც ბოლო წლებში ბულინგის რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა გასაჯაროვდა.

Keep Reading

ლევან გელბახიანთან სათემო შეხვედრა შედგა – მსახიობმა And Then We Danced-ის თანმდევ მოვლენებზე ისაუბრა

5 დეკემბერს, Tbilisi Pride-ის ოფისში ლევან გელბახიანთან სათემო შეხვედრა შედგა. მსახიობი კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში მიემგზავრება, იქამდე კი ფილმ And Then We Danced-ის გადაღების პროცესსა და გამოწვევებზე ისაუბრა, გაიხსენა ფილმის პრემიერის თანმდევი მოვლენები, ასევე ის გავლენა შეაფასა, რაც ფილმს მის ცხოვრებაზე ჰქონდა.

ლევან გელბახიანის თქმით, პირველი სირთულე როლზე დათანხმება იყო, რადგან აგრესიული განწყობების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა პრემიერის თანმდევი ძალადობრივი აქციების მიუხედავად, აგრესიის სამიზნე არ გამხდარა.

„როცა ფილმში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს, დათანხმება გამიჭირდა, რადგან მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა რთული იყო, თანაც, ოჯახისგან ვიგრძენი დიდი წინააღმდეგობა, ისინი თვლიდნენ, რომ აგრესიის სამიზნე გავხდებოდი. სამსახიობო კარიერა მცირე ასაკიდან ჩემი მიზანი იყო, რაშიც ოჯახიც მხარს მიჭერდა და როცა ფილმში მონაწილეობა საბოლოოდ გადავწყვიტე, ოჯახიც იმ არგუმენტით დავითანხმე, რომ ეს იყო რეალური შანსი, რაც ჩემს კარიერას წაადგებოდა. გასაკვირი იყო ის, რომ პირადი თავდასხმის სამიზნე არ გავხდი, ონლაინ სივრცეში აგრესიული ადამიანებიც მრავლად იყვნენ, თუმცა რეალურ სივრცეში ყველა დადებითად იყო განწყობილი”, — აღნიშნა ლევანმა.

მსახიობმა იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც გადაღების პროცესს უძღოდა წინ. მისი თქმით, ყველაზე რთული ქორეოგრაფისა და მოცეკვავეების დათანხმება იყო, რეჟისორს უარი იმ მიზეზით უთხრეს, რომ ქართულ ცეკვას გეი ვერ შეასრულებს.

„ერთ-ერთ წამყვან ქართულ ანსამბლთან შეხვედრაზე, ფილმის რეჟისორი, ლევან აკინი, შვედეთის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად მივიდა, სადაც განხილვის გარეშე უთხრეს უარი, მიზეზად კი ის უთხრეს, რომ ,,ქართულ ცეკვაში გეი არ არის” და სჯობდა, სხვა ნებისმიერი ცეკვის მიმდინარეობაზე გადაეღო ფილმი. ანსამბლის წარმომადგენელმა სხვა ანსამბლის ხელმძღვანელებიც გააფრთხილა, რომ თანამშრომლობაზე უარი ეთქვათ. მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებლები პერსონალური კონტაქტებითა და კასტინგებით შეარჩიეს. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ის იყო, რომ ფილმის წარმოებაში ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ ჩართული, რამაც გადამღები ჯგუფის შეკრება გაართულა, ამ გამოწვევების გამო, ფილმზე მუშაობა 2 წელი გაგრძელდა, გადაღების პროცესი კი 27 დღის განმავლობაში გრძელდებოდა“, — გაიხსენა ლევანმა.

ლევან გელბახიანის თქმით, პრემიერის თანმდევი მოვლენები საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობისა და საოსკარე კამპანიის პროცესს დაემთხვა, რაც დიდი სტრესი იყო, რადგან ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული სიახლეები მათ მთავარ საზრუნავად იქცა, რაც საერთაშორისო აუდიტორიას დიდად არ ესმოდა.

მსახიობის თქმით, ფილმმა მის კარიერაზე დადებითი გავლენა იქონია, თუმცა სირთულეც ახლდა თან, რადგან როგორც კი ფილმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ურეკავდნენ და გეი პერსონაჟის შესრულებას სთავაზობდნენ, მისი მიზანი კი მრავალფეროვანი, განსხვავებული როლების შესრულება იყო.

„როგორც კი ფილმის შესახებ ხმა გავრცელდა, მირეკავდნენ და სხვადასხვა კლიპში თუ ფილმში გეი პერსონაჟის შესრულებას მთავაზობდნენ, რაც პრობლემა შეიძლება არ არის, თუმცა ჩემი მიზანი მრავალფეროვანი, საინტერესო პერსონაჟების შესრულებაა და მხოლოდ პირველი ფილმის მსგავსი როლებით კარიერის განსაზღვრა არ მინდა“, — აღნიშნა მსახიობმა.

ლევან გელბახიანი კარიერის გასაგრძელებლად ნიუ იორკში მიემგზავრება და სათემო შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და იმ მიზეზებზე, რამაც წასვლა გადააწყვეტინა, უფრო დეტალურად ისაუბრა.

„პანდემიის პერიოდმა მიმახვედრა, რომ საქართველოში ჩემი რესურსი ამოვწურე. ერთ ადგილას გაჩერებამ და უძრაობამ ნათლად დამანახა, რომ წასვლა საუკეთესო გამოსავალია. უკვე გავაფორმე ერთ-ერთ სააგენტოსთან კონტრაქტი, ისინი როლების მოპოვებაში დამეხმარებიან. დიდი მოლოდინებით არ მივდივარ და მცირე ნაბიჯებით ვაპირებ კარიერის განვითარებას, ამჟამად ჩემი მთავარი მიზანი საინტერესო როლების მოპოვებაა, რაც აქ ნაკლებად წარმომიდგენია“, — აღნიშნა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ლევანმა.

მსახიობმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ფილმით უამრავი ადამიანი დაინტერესდა, დისკუსია დაიწყო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აგრესიულად განწყობილი მცირე ჯგუფის მიღმა უამრავი ადამიანია, რომელსაც ცვლილებებისთვის მზაობა აქვს.

„ფილმის ქართულ პრემიერაზე 6 ათასი ბილეთი იყო ხელმისაწვდომი, რომელიც პირველივე დღეს გაიყიდა, არალეგალურად გავრცელებული ჩანაწერი კი 200 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მცირე, მართული ძალადობრივი ჯგუფის იქეთ უამრავი ადამიანია, რომელიც დაინტერესდა, ფილმის ნახვის სურვილი გაუჩნდა, რაც სასიკეთო ცვლილებაა. ფილმს ძირითადად კარგი გამოხმაურება მოჰყვა და ამან ხილვადობას, ქვიარ თემის საჭიროებებზე საუბარს ხელი შეუწყო. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვიარ უფლებების ადვოკატირებაში არიან ჩართული, ბევრად დიდი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, რადგან სასიკეთო ცვლილებების მოტანა კონსტრუქციული ნაბიჯების გარეშე ძნელად წარმოსადგენია, მიხარია, თუ ამ პროცესს მცირედით მაინც შევუწყეთ ხელი“, — აღნიშნა საუბრის დასასრულს ლევან გელბახიანმა.