ლექსოს პრემია 2021 – საუკეთესო უფლებადაცვითი ნამუშევრების გამარჯვებული ჟურნალისტების ვინაობა ცნობილია

9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ღონისძიება გამართა, რომელზეც ქართველი უფლებადამცველების  წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.

ღონისძიებაზე ლექსოს პრემიის გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. პრემია ყოველწლიური იქნება და იმ ჟურნალისტებს მიაგებს პატივს, რომლებიც პროფესიული საქმიანობით ადამიანის უფლებების დაცვას ცდილობენ.

დაჯილდოებას უფლებადამცველი, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის თავმჯდომარე, ბაია პატარაია უძღვებოდა. მისი თქმით, პრემიის დაწესების იდეა 5 ივლისის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ გაჩნდა.

„მიხარია, რომ ამ პრემიის დაწესების იდეა გაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ლექსო ლაშქარავას პრემიის დაწესების იდეა 5 ივლისის მოვლენების გამოძახილია, როცა 50-მდე ჟურნალისტს თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევებს აშუქებდნენ. ჟურნალისტები, რომლებიც ადამიანის უფლებადაცვის კუთხით არსებულ დარღვევებზე მუშაობენ, ხშირად თვითონ ხდებიან სამიზნეები, რაც ხელისუფლების უმოქმედობისა და პოლიციის პასიურობის ბრალია. ამის მაგალითი 5 ივლისს განვითარებული მოვლენებია, რაც დიდი დანაკლისის მიზეზად იქცა. ლექსო ლაშქარავას სახელისთვის პატივის მიგების მიზნით, აღნიშნული პრემიის დაწესება გადავიწყვიტეთ“, – თქვა ბაია პატარაიამ.

ლექსოს პრემიის ნომინანტები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ:

საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი:

  • ქეთი ნადიბაიძე – ტელეკომპანია „ფორმულა“;
  • გუგა მაისურაძე – „TV პირველი“;
  • თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე – „რადიო თავისუფლება“.

ლექსოს პრემიის გამარჯვებულები რადიო თავისუფლების ჟურნალისტები – თორნიკე მანდარია და დავით ქორიძე გახდნენ, სიუჟეტისთვის – ცრურწმენა და სიამაყე, რომელიც 5 ივლისის მოსამზადებელ პერიოდსა და განვითარებულ მოვლენებს ასახავდა.

თორნიკე მანდარიას თქმით, ადამიანის უფლებები ჟურნალისტური საქმიანობის ქვაკუთხედია და იმედი აქვს, მათი სიუჟეტი სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება.

„ჟურნალისტური საქმიანობა მთელ მსოფლიოში გართულებულია, ჩვენს რეგიონში და საქართველოში კი, სადაც მედიის მდგომარეობა არასდროს ყოფილა იდეალურთან ახლოსაც კი, დღეს განსაკუთრებით იგრძნობა სირთულეები. ჩვენ გვიწევს სოციალურ სტიგმებთან, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვასთან, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმასთან და დისკრედიტაციის მცდელობებთან გამკლავება. 5 ივლისს კი, როცა თანასწორობისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე აღმოვჩნდით, მასობრივი ფიზიკური თავდასხმის სამიზნედ ვიქეცით. ადამიანის უფლებები ჟურნალისტური საქმიანობის ქვაკუთხედია და იმედი მაქვს, იმ კადრების ნახვა, რომლის დამონტაჟებაც ფიზიკური დაზიანების პირობებში მოგვიწია, მალე ბევრ ადამიანს გაუჩენს სირცხვილის გრძნობას და ემპათიას გამოიწვევს“, – აღნიშნა სამადლობელ სიტყვაში თორნიკე მანდარიამ.

ლექსოს პრემიის მეორე კატეგორია საუკეთესო უფლებადაცვით სტატიებს აერთიანებდა. ნომინანტებს შორის რეგიონული მედიის წარმომადგენლები ვიხილეთ, რომელთა ნამუშევრები LGBTQI+ ადამიანთა წინაშე არსებულ გამოწვევებს და ბავშვთა უფლებებს ასახავდა.

2021 წლის საუკეთესო უფლებადაცვითი სტატიის ნომინანტები:

  • ლიზა ტოროსიანი – Aliq Media;
  • ნინო ვართაპეტიანი – ტელეკომპანია „ბორჯომი“;
  • გიულგუნ მამედხანოვა – OC Media.

პრემიის მფლობელი ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტი, ნინო ვართაპეტიანიგახდა. სტატია ბავშვებში არსებულ შფოთვასა და დეპრესიაზე ჰყვებოდა, რაც პანდემიურმა რეალობამ გაამწვავა.

ნინო ვართაპეტიანმა სტატიის მომზადების პროცესზე ისაუბრა.

,,ეს არის დიდი პატივი და მოტივაცია, რომ მეტი მონდომებით ვიმუშაოუფლებადაცვით მასალებზე. ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა პანდემიის პირობებში ის პრობლემაა, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. რეგიონებში ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სიმცირეა, აღნიშნულ თემებზე ნაკლები სიხშირით მუშაობენ. ვეცადე, კვლევები მომეშველიებინა, ამ მიმართულებით მომუშავე ფსიქოლოგები გამომეკითხა და რესპონდენტების ნაამბობით უკეთ წარმომეჩინა პრობლემა“, – თქვა ნინო ვართაპეტიანმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას.

ნინო ვართაპეტიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მსგავსი პრემიის არსებობა უფლებადამცველი მედიის დაფასება და დამატებითი მოტივაციაა.

„ეს პრემია მოტივაციას გაზრდის, რომ იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც ისედაც მუშაობენ უფლებადაცვითი კუთხით, მეტად გააშუქონ ის პრობლემები, რომელიც, შესაძლოა, ზედაპირზე არ ჩანს. იმ მონდომებისა და სირთულეების დაფასება, რომელთა წინაშეც უფლებადაცვითი მედია იმყოფება, პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს, მათ შორის, რეგიონულ მედიას წაახალისებს, რომელიც ბევრად დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. რეგიონებში ბევრად მეტი შრომა გჭირდება, რათა პრობლემის არსი გამოკვეთო, დიდია წინააღმდეგობაც“, – აღნიშნა ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტმა.

ლექსოს პრემია ყოველწლიური იქნება და პატივს მიაგებს იმ მედია პროფესიონალების შრომას, რომლებიც უფლებადაცვითი საქმიანობით არიან დაკავებული და ცდილობენ, გამოწვევები დიდ აუდიტორიამდე მიიტანონ.

წინა

ტოკიომ ლგბტ+ წყვილების პარტნიორობას დაუჭირა მხარი

შემდეგი

ქართველი უფლებადამცველების 2021 – გამოწვევებისა და საჭიროებების შეფასება

ბოლო სიახლეები

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მხარდამჭერი დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანების სასარგებლოდ

FacebookTweetLinkedInEmail 28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების

პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე ორი კაცი დააკავეს

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს. 1960 წელს დაბადებულს კაცს

მამუკა მდინარაძემ „გეი პროპაგანდის“ კანონით აკრძალვა დააანონსა

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული