/

მხოლოდ ხეობის გადასარჩენად?

მათეს 24:10 – მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს

განცხადება, რომელიც ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა, სწორედ იმ ადამიანების შეურაცხყოფა და მარგინალიზებაა, რომლებმაც მათი ბრძოლა ერთი ხეობის პრიზმიდან გამოიყვანეს და საერთო გახადეს.

მიმართვა ხეობის მცველებს – ამდენი ადამიანი მხარს სწორედ იმიტომ გიჭერთ, რომ სჯერათ, თქვენ ხართ ის ნაპერწკალი, რომელმაც ჯერ რიონში, შემდეგ კი სრულიად საქართველოში სამართლიანობისა და თანასწორობის ცეცხლი უნდა დაანთოს. ეს ცეცხლი თქვენ გვერდით მდგომ ახალგაზრდებს გულით დააქვთ და ცდილობენ, თავიანთ გარშემო პატარ-პატარა კოცონებად გაარცელონ, რადგანაც სწორედ ამ კოცონს მოჰყვება დიდი ხანძარი, მე ამის მჯერა. ნუ ეცდებით ამ ცეცხლის ჩაქრობას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ დააზიანებთ, არამედ ყველას თქვენ გარშემო. ეს პასუხისმგებლობა თქვენ უნდა აიღოთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ განსხვავებულობა გვხდის უნიკალურს და განსაკუთრებულს. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით ყოველთვის ჰგავდა აღმოსავლურ ფერად ხალიჩას და ამიტომ იყო საინტერესო თუ მიმზიდველი დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ეს ბრძოლა და ეს ხეობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, მეგობრებო, ხეობა ყველა ქართველისაა. არავის უნდა, სახლში მისასვლელი გზები გადაუკეტონ, ან ქუჩაში გამოსვლის ეშინოდეს, საკუთარი იდენტობის გამო თავს ესხმოდნენ, მდინარეს უშრობდნენ.

როცა ხეობას უჭირდა და დახმარებას ითხოვდით, ქვიარები გვერდში დაგიდგნენ, თქვენი განცხადებით კი, სამწუხაროდ, ყველანი დავსუსტდით.

მათეს 5:39 – ვინც ერთ ლოყაში გაგარტყას მეორეც მიუშვირე

რიონის ხეობის მცველები დახმარებას ითხოვდნენ და მიიღეს კიდეც. არა მხოლოდ 250 დღე, უკვე წლებია, საქართველოში LGBTQ+ თემი იგივე მდგომარეობაშია. სისტემა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ეფარება, ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას არაფრად თვლის, აღარაფერს ვამბობ ქართულ მიწასა და ბუნებაზე. ორივე შემთხვევაში, ბრძოლა ერთ იდეას ემსახურება და ერთიანობის გარეშე მარცხი გარდაუვალია.

მხარდაჭერის ნაცვლად, LGBTQ+ თემს დაუპირისპირდნენ. მხარდამჭერების დაკარგვის შეეშინდათ. ეს უკვე პოლიტიკის ლაბირინთია ადამიანურ შიშებთან ერთად, თავი დაიზღვიეს და ადამიანების იმ ჯგუფზე მიიტანეს იერიში, რომლებსაც იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მათი მხარდაჭერა. დაუცველს დაარტყეს, რაც აბსოლუტურად საპირისპირო ქმედებაა იმისა, რასაც ისინი აქტივისტებისგან ითხოვენ ხოლმე, ან რაც ადამიანურ თუ ქრისტიანულ მორალში ჯდება. იგივე გაიმეორეს, რასაც უმრავლესობა აკეთებს ყოველდღიურად საქართველოშ ი. ეს მათი სისუსტეა, ქვიარების – არა. ქვიარ საზოგადოებამ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას.

ნამახვანელების განცხადებამ თემის წევრებს იმედები გაუცრუა და ეს იმედგაცრუება სოციალურ ქსელში გამოხატეს (”სჯობდა ჰესი აეშენებინათ” და ა.შ.). აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების. მათთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო ხეობის მცველების განცხადება, რომლის გაკეთების საჭიროება სრულებით არ არსებობდა და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნამახვანელების დუმილი ოქრო იქნებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, მგონია, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს და მათი განცხადების გამო, განსხვავებული აზრი ამაზე არცერთ ქვიარს არ უნდა გაუჩნდეს, რადგან პროექტი საფრთხის შემცველი და დამანგრეველია, როგორც ბუნებისთვის, ასევე ადამიანებისთვის.

ეფესელთა 4:32 – იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ

მინდა, ხეობის მცველებმა გაიაზრონ ერთი რამ – ქვიარი ადამიანი პირველ რიგში თანასწორობის დროშით მიიწევს წინ და ამ გზაზე მილიონჯერ მარცხდება. იმარჯვებს, მარცხდება და გზას მაინც აგრძელებს, რადგან თავისუფლება და თანასწორობა არასდროსაა სტატიკური, პირიქით, ის მუდმივ ბრძოლაში იბადება, იზრდება და იწრთობა.

ნამახვანელებო, მჯერა, რომ ის ქვიარი ადამიანები, რომლებიც ახლა კარვებში თქვენთან ერთად ტეხენ პურს და ღამეებს ათენებენ, ისევ დარჩებიან ამ ბრძოლაში – მათ არ აინტერესებთ თქვენი აღმსარებლობა თუ სექსუალური ორიენტაცია, იმ შეურაცხყოფაზეც კი შეუძლიათ თვალი დახუჭონ, რომელიც მიაყენეთ და მინდა, სწორედ მათგან ისწავლოთ მიტევება და შენგან განსხვავებულის პატივისცემა.

როცა ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება (მე ამის მჯერა), როცა ახალი საომარი ველი გადაგვეშლება წინ, იმედია, მაშინ მაინც გამოფხიზლდებით, ბოდიშს მოუხდით ამ ადამიანებს და ეტყვით, თუ რამდენად დიდი შეცდომა დაუშვით და როგორ ნანობთ ამას.

ირაკლი კირკიტაძე

წინა

შვედურმა ორგანიზაციამ რეაბილიტაციისთვის თბილისი პრაიდს 130 000 კრონა შეუგროვა

შემდეგი

10 ფოტო, რომელიც LGBTQ+ თემის ხილვადობის 50-წლიან ისტორიას ასახავს

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ