რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - Page 2

/

საბჭოთა პოსტერები, რომლებიც რუსეთში დღესაც აქტუალურია

24 თებერვალს, პუტინის რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო აგრესიაა. პუტინმა მოქმედებები სპეციალურ სამხედრო ოპერაციად, გნებავთ, სამშვიდობო მისიად შეაფასა. პუტინის დეზინფორმაციის მანქანაც მაშინვე ამუშავდა

უკრაინელი დედები და შვილები ომის დროს – ფოტოები

დღეს საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დედის დღე აღინიშნება, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ყველას ფიქრი უკრაინელი დედებისა და შვილებისკენ, მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ და იმ მებრძოლებისკენ არის მიმართული, რომლებიც სამშობლოს დასაცავად გმირულად იბრძვიან. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა, ქალებს

უკრაინელი ხელოვანების ილუსტრაციები, რომლებიც რუსული ომის საშინელებას ასახავს

/

პუტინის რუსეთის უკრაინაში გამოცხადებული ომიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა. უკრაინელი მებრძოლები, მოქალაქეები თუ საერთაშორისო მოხალისეები რუსულ აგრესიას მედგარ წინააღმდეგობას უწევენ და უკრაინის თავისუფლებისა და

ემზო კვარაცხელია – დარწმუნებული ვარ უკრაინის გამარჯვებაში

დღეს, ისე როგორც არასდროს, მთელი ცივილიზებული სამყარო არის ერთიანი. ამის ნათელი მაგალითია აქციებიც, სადაც ათასობით ადამიანი გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად. პირადად ჩემთვის, ერთგვარი თერაპიაა და

კვლევა – საქართველოს მოსახლეობის 88%-ს უნდა, რომ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს

/

კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანია ACT-მა შემთხვევითობის პრინციპით სატელეფონო კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 87% მიიჩნევს, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“.

მოსახლეობის უმეტესობა (84%) პირდაპირ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „რუსეთი მტერია“. ამ აზრს დაახლოებით 11% არ იზიარებს, ხოლო დანარჩენ 5%-ს ამის შესახებ პასუხი არ აქვს.

მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (91%) ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს და სიმართლე უკრაინის მხარესაა.

კვლევის თანახმად, რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი (49%) არ ელოდა, 17% ფიქრობდა, რომ ომი დაიწყებოდა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო ყოველი მესამე გამოკითხული (31%) ელოდა ომის უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე დაწყებას, მათ შორის, დედაქალაქშიც.

რაც შეეხება ომში გამარჯვებულ მხარეს, 63% მიიჩნევს, რომ გამარჯვება უკრაინას დარჩება, 12%-ს გამარჯვებულად რუსეთი მიაჩნია, 20%-მა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ იცის. ასევე, არიან ადამიანები (5%), რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება.

10-დან 9 გამოკითხულს უკრაინის გამარჯვება სურს (88%), რუსეთის გამარჯვების ნახვა კი – ძალიან მცირე რაოდენობას (1%).

საქართველოს მოსახლეობის 51% რუსეთისგან პრობლემებს ნებისმიერ შემთხვევაში მოელის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები და ფიქრობს, რომ რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია საქართველოში შემოჭრა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ომში განვითარებული მოვლენები მოსახლეობისთვის მტკივნეული და აქტუალურია. გამოკითხულთა უმრავლესობა (96%) თანხმდება იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოს ნაწილობრივ ან სრულად ეხება.

კვლევა 4-6 მარტს ჩატარდა და გამოკითხული რესპონდენტების რაოდენობამ 809 ადამიანი შეადგინა, ხოლო შერჩევის ცდომილებამ – 2.4%.

დაკეტეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენით გავუმკლავდებით – უკრაინის პირველი ლედის წერილი

/

ბოლო დროს, უამრავი მედიაგამოცემა დამიკავშირდა ინტერვიუს ჩასაწერად. ეს წერილი ყველა ამ მოთხოვნის პასუხია და ჩემი, როგორც მოწმის სიტყვა უკრაინიდან. 

შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც ერთი კვირაზე ცოტა მეტის წინ მოხდა. ჩვენი ქვეყანა მშვიდი იყო; ჩვენი ქალაქები და სოფლები სიცოცხლით სავსე. 24 თებერვალს ყველამ რუსეთის თავდასხმის სიახლით გავიღვიძეთ. ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს, თვითმფრინავებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, სარაკეტო დანადგარები ჩვენს ქალაქებს შემოეჯარნენ.

კრემლის პროპაგანდის დასაყრდენი გამოცემების მტკიცების მიუხედავად, რომლებიც ამ მოვლენებს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ, ფაქტია, რომ ეს უკრაინის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობაა. ალბათ, ამ თავდასხმის ყველაზე შემზარავი და სამწუხარო ნაწილი ბავშვების სიკვდილია –  ოხტირკას ქუჩებში გარდაცვლილი 8 წლის ელისი, რომლის დაცვასაც ბაბუა ცდილობდა. ან პოლინა კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვისას გარდაიცვალა. 14 წლის არსენი, რომელსაც თავში ნამსხვრევი მოხვდა და ვერ გადაარჩინეს, რადგან ხანძრის გამო სასწრაფო დახმარება დროულად ვერ მივიდა.

რუსეთი ამბობს, რომ ეს „არ არის ომი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, ამიტომ, პირველ რიგში, მოკლული ბავშვების სახელებს ვახსენებ.

ფოტო აღებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილიდან

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ნაღმსაწინააღმდეგო თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ, ყველამ იხილეთ კიევის და ხარკოვის მეტროსადგურების ფოტოები, რომლებშიც ხალხი ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად იატაკზე წევს – გამოკეტილები არიან. ზოგისთვის ეს უბრალოდ ომის შედეგია, უკრაინელებისთვის კი – შემზარავი რეალობა. ზოგიერთ ქალაქში ოჯახები თავშესაფრებს დღეების განმავლობაში ვერ ტოვებენ, რადგან განურჩეველი და შეუწყალებელი დაბომბვაა, რომელიც სამოქალაქო ნაგებობებს ანგრევს.

ომის პირველმა ახალშობილმა სარდაფის ჭერი ნახა, პირველად მიწისქვეშეთის ჩახუთული ჰაერი ჩაისუნთქა და პირველი წამების მოწმეები გამოკეტილი, შეშინებული ხალხი იყო. ამჟამად, ათეულობით ბავშვს არასდროს უნახავს მშვიდობა. ეს ომი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და არა მხოლოდ დაბომბვის გამო. ზოგიერთ ადამიანს ინტენსიური ზრუნვა და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, რომელსაც ვერ იღებენ. რამდენად ადვილია ინსულინის გაკეთება სარდაფში? ან ასთმის სამკურნალო საშუალებების მიღება ხანძარში? რომ არაფერი ვთქვათ ათასობით ონკოლოგიურ პაციენტზე, რომელთათვის აუცილებელი ქიმიოთერაპია და რადიაციული მკურნალობა შეწყვეტილია. 

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში უიმედონი არიან. ბევრი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, მძიმე ავადობის მქონენი და შშმ პირები ოჯახებს დაშორდნენ, არავითარი მხარდაჭერა აღარ აქვთ. ამ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ორმაგი კრიმინალია. ჩვენი გზები ლტოლვილებით არის გადატვირთული. ჩახედეთ ამ გადაღლილ ქალებს თვალებში და ბავშვებს, რომლებიც საყვარელი ადამიანების და იმ ცხოვრების უკან მოტოვების გულისტკივილს დაატარებენ, რომელიც ჰქონდათ. კაცები, რომლებსაც ისინი საზღვრამდე მიჰყავთ, ცრემლებს ვერ იკავებენ, რადგან ოჯახები ერთმანეთს შორდებიან, მაგრამ მაინც გმირულად ბრუნდებიან საომარ ველზე, რათა ჩვენი თავისუფლება დაიცვან. ყველაფრის მიუხედავად, ყველა შემზარავი მოვლენის მიუხედავად, უკრაინელები არ ნებდებიან.

აგრესორ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას ბლიცკრიგით აიღებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი სათანადოდ ვერ შეაფასა. უკრაინელებმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მშობლიური ენისა, რწმენისა და ეროვნებისა, შეუდარებელი ერთობა აჩვენეს.

კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ უკრაინელები, როგორც გადამრჩენებს, ყვავილებით დახვდებოდნენ, მაგრამ მოლოტოვის კოქტეილებით შეეგებნენ. მადლობელი ვარ იმ ქალაქების მცხოვრებლების, რომლებსაც თავს დაესხნენ, რადგან კოორდინირებული დახმარება გაუწიეს ყველას, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მადლობელი ვარ მათიც, ვინც აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, სოციალურ სერვისებზე მუშაობენ, რადგან აჩვენეს, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.

უნდა აღვნიშნო ყველა, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა და მადლობა გადავუხადო უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მადლობა მეზობლებს, რომელთაც საზღვრები გახსნეს და ქალები და ბავშვები შეიფარეს, მადლობა, რომ უსაფრთხოდ ამყოფებთ მაშინ, როცა აგრესორმა ამის გაკეთების შესაძლებლობა შეგვიზღუდა.

მადლობა ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობები მოაწყვეს. გხედავთ! თვალს გადევნებთ და ვაფასებთ მხარდაჭერას.

უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ საკუთარ საზღვრებს დაიცავს, საკუთარ იდენტობას და არასდროს დაეცემა. ქალაქებში, რომლებშიც დაბომბვა გრძელდება, რომლებშიც ხალხი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, სარდაფებიდან ვერ ახერხებენ გამოსვლას, უსაფრთხო დერეფნები გვჭირდება, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ევაკუაცია უზრუნველვყოთ. გვჭირდება, რომ მათ, ვისაც ეს ხელეწიფებათ – ცა დაკეტონ!

დაკეტეთ ცა და მიწაზე მიმდინარე ომს ჩვენით გავუმკლავდებით.

მოგმართავთ მედიასაშუალებებს: განაგრძეთ სიმართლის თქმა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება. რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებული ომის პირობებში ყველა მტკიცებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ წერილით ვადასტურებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინაში მიმდინარე ომი „სადღაც მიმდინარე ომი“ არაა.  ესაა ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვართან ახლოს. უკრაინა ცდილობს იმ ძალის შეჩერებას, რომელიც ხვალ შეიძლება აგრესიით შემოიჭრას თქვენს ქალაქებში და ამის გამართლებად მოქალაქეთა დაცვა დაასახელოს. 

გასულ კვირას ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ეს ყოველივე გადაჭარბებულ შეფასებად ჩანდა, მაგრამ დღეს ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ყოველივე. თუ პუტინს არ შევაჩერებთ, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არსად მსოფლიოში, არავისთვის იარსებებს უსაფრთხო ადგილი.

ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენი ერთიანობის, უკრაინის ერთობლივი სიყვარულის გამო. დიდება უკრაინას!

ემზო კვარაცხელია – დარწმუნებული ვარ უკრაინის გამარჯვებაში

დღეს, ისე როგორც არასდროს, მთელი ცივილიზებული სამყარო არის ერთიანი. ამის ნათელი მაგალითია აქციებიც, სადაც ათასობით ადამიანი გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად. პირადად ჩემთვის, ერთგვარი თერაპიაა და აქციებზე ყოფნით უფრო ახლოს ვარ უკრაინელ ხალხთან. Keep Reading

ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან – KyivPride-ის დირექტორი

„სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ“, – ამბობს KyivPride-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბიგენდერი აქტივისტი ლენი ემსონი Pride Source-თან ინტერვიუში. 

ახლა უკრაინაში ტრანსგენდერი ადამიანები იძულებულნი არიან, ჰორმონალური მედიკამენტების გარეშე იყვნენ, რადგან ლენი ემსონის თქმით, „აფთიაქებში თითქმის ყველანაირი მედიკამენტის მარაგი გამოილია“.

აღნიშნული ინტერვიუ ელენ შანა კნოპოვმა ემსონთან 6 მარტს ჩაწერა.

უკრაინაში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებს რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით რა შიშები აქვთ?

პირველ რიგში, უკრაინელების მიმართ სოლიდარულები ვართ. ვთვლით, რომ თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო და მზად ვართ, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლოთ. რუსული კანონმდებლობის პირობებში არასდროს ვიცხოვრებთ. რუსეთს არასდროს დავემორჩილებით. არ დავუშვებთ ოკუპაციას და არ ვიცხოვრებთ ისე, როგორც რუსეთში: ადამიანური უფლებების, ნებისმიერი უფლების გარეშე, ფაქტობრივად, მუხლებზე მდგარნი.

ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა რუსეთში ბევრად სავალალოა ვიდრე უკრაინაში, როგორ ფიქრობთ, ეს უკრაინელებისთვის საფრთხისშემცველია?

ერთადერთი რისკი, რომელზეც ვფიქრობთ, ლგბტქი ადამიანებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული წნეხი და რეპრესიებია.

ახლა ლგბტქი აქტივისტები არ ვფიქრობთ: „რა უნდა ვქნათ, როცა რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს?“, სულ სხვა ფიქრები გვაწუხებს, მაგალითად: რა უნდა ვქნათ, რომ ეს ასე არ მოხდეს, ასე რომ, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ:

  1. მოწყვლადი ჯგუფების ევაკუაცია – ქვეყნის დატოვებაში ვეხმარებით ტრანსგენდერ ადამიანებს და ლგბტქი თემის წევრებს, რომელთაც ბავშვები ჰყავთ.
  2. ვისაც ბრძოლა, ტერიტორიების დაცვაში დახმარება, არმიაში გაწევრიანება შეუძლია – იბრძვის. 

პირადად ვიცნობ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც არმიას შეუერთდნენ, რათა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლონ, ქვიარ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო დაცვის დანაყოფებს შეუერთდნენ. მინდა, მსოფლიომ გაიგოს, რომ ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან.

რის გაკეთება შეგვიძლია დასახმარებლად?

მადლობელი ვიქნები, თუ დახმარების გზების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებთ. KyivPride ნებისმიერი ადამიანის დახმარებას ცდილობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორია ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა უკრაინაში?

აფთიაქებში თითქმის ყველაფრის მარაგი ამოწურულია. საზღვრებს მიღმა პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა სამედიცინო მედიკამენტების მობილიზება შევძლოთ კიევსა და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხს სჭირდება. ეს პრობლემა ახლახან წარმოიშვა, დაახლოებით ერთი კვირაა.

რა გსურთ, სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ლგბტქი ადამიანებმა უკრაინის ლგბტქი თემზე იცოდეს?

გვინდა იცოდეთ, რომ ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის 30-წლიანი ისტორია გვაქვს. ამ უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ახლაც ვიბრძვით და არასდროს შევწყვეტთ. გასულ წელს, KyivPride-მა კიევის ქუჩებში 7 ათასი ადამიანის მობილიზება შეძლო. ლგბტქი უფლებებისთვის ერთობლივად გამოვედით. ასე რომ, რუსეთზე ძლიერები ვართ და თავისუფლებას ვაფასებთ. რუსეთისგან განვსხვავდებით და რუსულ კანონებს არასდროს დავემორჩილებით, ადამიანის უფლებების შელახვის იმ გამოცდილებას არ მივიღებთ, რაც რუსეთში მრავალი წელია არსებობს.

რა შეუძლიათ ინდივიდებს ან ხელისუფლებებს, რომ მოიმოქმედონ?

ინდივიდების და ხელისუფლების დახმარების გზები ერთმანეთთან არის კავშირში. მოსთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება კარგი საქმის საკეთებლად გამოიყენონ. უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა აუცილებელია, ამ ნარატივს, ფაქტობრივად, ომის დაწყების დღიდან ვაჟღერებთ, რადგან რუსული ბომბდამშენების შეჩერებისთვის რეალური გზაა. ეს ჩვენთვის აუცილებელია, რადგან გვინდა – ვიცოცხლოთ. ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლისთვის ცოცხლები უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ლგბტქი ადამიანების მთავარი მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მიმართ – ცის დაკეტვაა.

ინდივიდებს მხოლოდ დონაციებით დახმარებას კი არა, სიტყვიერ მხარდაჭერასაც ვთხოვთ, მაგალითად, თუ სოციალურ ქსელებში რუსეთის მხარდამჭერ პოსტებს გადააწყდებით ან პროპაგანდას, თითქოს უკრაინაში ომი არაა – დაარეპორტეთ, გააკრიტიკეთ. რუსული პროპაგანდის ადგილი სოციალურ ქსელებში არ უნდა დარჩეს, რუსულ ტყუილებს ინტერნეტში არაფერი ესაქმება. გთხოვთ, ამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი დახმარება იქნება.

რამეს ხომ არ დაამატებდით?

რთულია რაიმეს თქმა, რადგან ამას არავინ ელოდა. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებების შესახებაც ვიცი, დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში ეს მართლაც მოხდებოდა? ვინ იფიქრებდა, რომ პუტინი ადგებოდა და უკრაინის ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა, ახლაც რთულია დაჯერება, რომ ეს მართლაც ხდება, ყველას გონება ცდილობს, რომ ეს ფაქტი უარყოს. დიდი სტრესია იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩვენ თავს ხდება… სიტყვები ზედმეტია. რა შეიძლება ვთქვათ?

წყარო: Pride Source

უკრაინის მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების დასაცავად უმნიშვნელოვანესია – GLAAD

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილი და დეზინფორმაცია უმაგრებს ზურგს და განსაკუთრებით მძიმე გავლენა აქვს უკრაინელ ლგბტქი ადამიანებზე, რომელთაც ცოტა ხანია, რაც ხილვადობა მოიპოვეს და თანასწორობისკენ გადადგეს  ნაბიჯები.

როცა რუსეთის ჯარმა უკრაინას შეუტია, უკრაინელთა დიდი ნაწილი ქვეყნის დასაცავად გაერთიანდა.

„ვხედავთ, რომ ლგბტქი უკრაინელები გმირულ ბრძოლაში ერთვებიან და ქვეყნის თავისუფლების დაცვას ცდილობენ. უკრაინის მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების დასაცავად უმნიშვნელოვანესია. ეს დეზინფორმაციაზე დამყარებული ომია, რომლის სამიზნეც უკრაინა, დემოკრატია და ლგბტქი თემია. ვაგრძელებთ ლგბტქი თემთან დაკავშირებულ ტყუილებთან და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლას, როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ“, – აღნიშნა როს მიურეიმ, GLAAD-ის მედია ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა.

GLAAD თვალყურს ადევნებს ადგილობრივ აქტივისტებს და ლგბტქი უკრაინელების დასახმარებლად მიმდინარე კამპანიებს მხარს უჭერს. ომის დროსაც კი რუსეთი ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ საზიანო ინფორმაციის გავრცელებისთვის იცლის. კრემლმა ისტერია უწოდა აშშ-ის განცხადებებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მოლოდინებთან დაკავშირებით და უარყო იმ უკრაინელი ინდივიდებისა თუ ჯგუფების სიის ქონა, რომელთა მოკვლას ან ბანაკებში გაგზავნასაც აპირებდნენ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. სია მოიცავს ლგბტქი ადამიანებსა და ჯგუფებს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს. რუსეთში დააკავეს ქვიარ კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის მსხვერპლი გახდა. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ კი ომის დაწყება გეი ღირსების მარშის წინააღმდეგ დონბასელთა განწყობებს დაუკავშირა.

სანამ ლგბტქი უკრაინელები იბრძვიან ან ქვეყანას ტოვებენ, ტრანსგენდერი ქალები და არაბინარული უკრაინელები იძულებულნი არიან, ომში ჩაებან, რადგან მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერის გასწვრივ ,,მამრობითი” წერია. მრავლად არის ქალი და ლგბტქი ადამიანი, რომელიც არმიას უერთდება, მაგრამ უმეტესობას არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს. ლგბტქი ლტოლვილები კი მეზობელ კონსერვატიულ ქვეყნებში დისკრიმინაციის სამიზნე ხდებიან. დამატებით, არაერთ შავკანიან სტუდენტს ექმნება პრობლემა ქვეყნის დატოვებისას, რადგან რასიზმი და ქსენოფობიური განწყობები გაძლიერებულია.

უკრაინელების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარება იმ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გავლით შეგიძლიათ, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან, მაგალითად:

უკრაინაში ლგბტქი ადვოკატირებამ შედეგი გამოიღო და განწყობები ნელ-ნელა იცვლებოდა. თავდაპირველად ღირსების მარშები ძალადობრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ ქვეყანაში პროგრესი შეინიშნებოდა, რასაც საომარი სიტუაცია ართულებს.

წყარო: GLAAD

რუსეთის პატრიარქმა უკრაინაზე თავდასხმაში დასავლური საზოგადოება და ღირსების მარში დაადანაშაულა

/

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილემ საკვირაო წირვაში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაზე ისაუბრა და ლიბერალური დასავლური ღირებულებები დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, გეი ღირსების მარშს უჭერს მხარს.

პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ომი 24 თებერვალს წამოიწყო, პუტინთან დაახლოებულმა პატრიარქმა კი განაცხადა, რომ „ღირსების მარშები იმის დემონსტრირებისთვის შეიქმნა, რომ ცოდვა ადამიანური ქცევის ნაწილია და, თუ ამ ქვეყნების კლუბში გაწევრიანება გინდა, ღირსების მარში უნდა ჩაატარო”.

კირილეს თქმით, დონბასის რეგიონში „ამ ღირებულებებს“ უარყოფენ, ამიტომ ომი ღმერთის ღირებულებების არჩევად შეაფასა.

,,8 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, გაენადგურებინათ ის, რაც დონბასში არსებობს. დონბასში კი იმ ღირებულებებს ფუნდამენტურად უარყოფენ, რომელთაც ძალაუფლების მქონენი სთავაზობენ. თუ კაცობრიობა ცოდვას საღვთო კანონების დარღვევად კი არა, ადამიანურ ქცევად მიიჩნევს, ეს ცივილიზაციის დასასრული იქნება“, – თქვა კირილემ, რომელმაც კონფლიქტი „პოლიტიკაზე ბევრად მნიშვნელოვან მოვლენად’’ შეაფასა.

უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომზე ილია მეორემაც ისაუბრა, თუმცა არც უკრაინა ახსენა და არც რუსეთი.

„აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ. ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში’’, – აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებაში.

ომის ვეტერანი ქართველი ქალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი, ომის ვეტერანი სნაიპერი ქალი, 63 წლის დარეჯან მაისურაძე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

დარეჯან მაისურაძე Prime Time-თან ინტერვიუში ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა, უკრაინის დაცვის პირობა კი ბევრად ადრე, აფხაზეთის ომის დროს დადო.

მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დარეჯან მაისურაძის ზუსტ ადგილმდებარეობას, სადაც ახლა ის უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ იარაღით იბრძვის, არ ვაკონკრეტებთ… ამბობს, რომ მან უკრაინისთვის ბრძოლის პირობა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომის დროს დადო. მერე ბრძოლის ჟინი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, კიდევ უფრო გაუღრმავდა და ახლა ის მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილშია.

,,ჩვენი ბიჭების დაღვრილი სისხლისთვის და იმ უკრაინელებისთვის, ვინც ჩვენს მხარდამხარ აფხაზეთში იომა, რუსებზე შური უნდა ვიძიოო”, – ამბობს ქართველი მებრძოლი.

„სოხუმის დასაცავად დნეპროპეტროვსკის ოლქიდან, სხვა უამრავ უკრაინელთან ერთად, საბრძოლველად ერთი კაცი – სერგეი, ორ შვილთან ერთად იყო ჩამოსული. რუსებმა მაშინ მას ერთი ბიჭი მოუკლეს, აფხაზეთის ბრძოლის ველზე დაეცა… სერგეიმ შვილის ცხედარი უკრაინაში გადაასვენა და აფხაზეთში საომრად დაბრუნდა.

როცა ვკითხე, ამხელა ტრაგედიის შემდეგ, როგორ შეძელი უკან დბრუნება და საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა-მეთქი, მიპასუხა: თუ ახლა რუსეთს აქ, აფხაზეთში არ შევაჩერებთ, აუცილებლად მოვა დნეპრშიცო. ახლა, როცა რუსული საოკუპაციო ძალები ხარკოვს ანადგურებენ, როცა კიევს უტევენ და დნეპრს უახლოვდებიან, სულ ამ უკრაინელი კაცის სიტყვები ჩამესმის… რუსეთი ახლა დნეპრთან უნდა შევაჩეროთ! მაშინ ფიცი დავდე, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, მე აუცილებლად ვიომებდი იმ უკრაინელებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომის დროს ბრძოლის ველზე არ მიგვატოვეს და ჩვენს მხარდამხარ იბრძოდნენ. ჩვენ, ქართველებს, მათი ვალი გვაქვს და მე ახლა აქ სწორედ ამ ვალს ვიხდი“, – აღნიშნავს დარეჯან მაისურაძე Prime Time-თან საუბარში და იმასაც ამბობს, რომ საქართველოს გადარჩენისთვის უკრაინის გვერდით ბრძოლაა აუცილებელი.

წყარო: Prime Time

საბჭოთა პოსტერები, რომლებიც რუსეთში დღესაც აქტუალურია

/

24 თებერვალს, პუტინის რუსეთმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო აგრესიაა. პუტინმა მოქმედებები სპეციალურ სამხედრო ოპერაციად, გნებავთ, სამშვიდობო მისიად შეაფასა. პუტინის დეზინფორმაციის მანქანაც მაშინვე ამუშავდა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ერად გამოცხადებას შეეცადა, რაც მარტივი არ აღმოჩნდა. დეზინფორმაციის სიმართლედ გასაღება ციფრულ ეპოქაში ბევრად რთულია. „საბჭოთა დიდებით“ შეპყრობილი პუტინისთვის კი კვლავაც ათწლეულების წინანდელი მდგომარეობაა სამაგალითო, ამიტომ რუსეთში საბჭოთა დროის პროპაგანდისტული პოსტერები ახლაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ძველად.

კომუნიზმის მოჩვენება ევროპაში ისევ დაეხეტება, პუტინის 22-წლიანი ერთპიროვნული მმართველობაც ხომ ამის დადასტურებაა. პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, რუსეთის იმპერიის საზღვრები გააფართოოს იქამდე, სადამდეც ხელი მიუწვდება. თუმცა, თუ რუსეთის აგრესიას წლების განმავლობაში დასავლური საზოგადოება სათანადოდ არ აფასებდა, უკრაინისკენ მიმართული აგრესიის დროს პუტინის რუსეთი 1-2 მეგობარი სახელმწიფოს იმედად დარჩა, დანარჩენი მსოფლიო კი რუსეთის წინააღამდეგ ამხედრდა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებსავარაუდოა, კომუნიზმის მოჩვენებამ რეალობად ქცევა შეძლოს.

მეომრებს უკრაინა დღესაც ელის, თუმცა არა გაშლილი ხელებით, როგორც ეს პუტინს ეგონა. რუსეთი, უკვე დიდი ხანია, მხსნელად აღარავის (თითქმის აღარავის) მიაჩნია. საბჭოთა გავლენებისგან თავისუფალი უკრაინა კი რუს აგრესორებს საბრძოლო შემართებით დახვდა, რომლის გატეხაც ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორც პუტინს წარმოედგინა.

მეტიც, დასავლეთის სანქციებმა პუტინის ერთგული მხარდამჭერებიც კი „დიდებული ლიდერის“ წინააღმდეგ აამხედრა. რუბლის გაუფასურებამ, პროდუქტებზე ფასების მატებამ, დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში ნაგროვები კაპიტალის გაყინვამ ოლიგარქები მიახვედრა, რომ რუსეთის აგრესია მათ მიერ მოხვეჭილ ქონებაზე საზიანოდ მოქმედებს.

ამიტომ, პუტინმა გადაწყვიტა, ყველა საწინააღმდეგო მოსაზრებისთვის ცენზურა დაედო, „ლაყბობა“ ხომ დიქტატურის ყველაზე დიდი მტერია. კრიტიკულ მედია საშუალებებს მაუწყებლობა შეეზღუდათ, სხვა ქვეყნებიდან ინფორმაციის ნაკადის შესამცირებლად ღონისძიებები გატარდა, კიდევ უფრო გაძლიერდა პროპაგანდისტული მედიის როლი, თუმცა ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციაზე კონტროლის დამყარება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორიც ეს საბჭოთა დროს იყო. ამის მაგალითად გუგლ მეპში სხვადასხვა რუსული კვების ობიექტების შეფასებებსა თუ ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალში გავრცელებული სწორი ინფორმაციაც გამოდგება, რომელსაც მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან ავრცელებენ.

უცოდინარი მართლაც ბრმაა, პუტინს კი საკუთარ რუსეთში რაც შეიძლება მეტი უცოდინარი ადამიანის ყოფნა აწყობს, რომლებიც მის ერთ მოწოდებაზე სამშობლოს დასაცავად გაემართებიან. თუმცა, უცოდინარ ადამიანებს წარუმატებლობა და უბედურება ელით, რაც უკრაინაზე თავდასხმისასაც გამოჩნდა – ომი, რომელსაც უკრაინის ბედი პირველ დღეებში უნდა გადაეწყვიტა, ბევრად დიდხანს გაგრძელდა, რუსი ჯარისკაცები კი სულ უფრო კარგავენ შემართებას, რადგან ხშირად ისიც არ იციან, საით მიდიან და რა გამართლება მოეძებნება რუსეთის მიერ სხვა ქვეყნის მიწაზე წამოწყებულ ომს.

პუტინის მიზანი ერთია – ბერლინი, კიევი, თბილისი და ყველა სხვა ქალაქი, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ მიზანს შესრულება არ უწერია. მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, რუსი ხალხის მიზნად თუ საბოლოო დანიშნულების ადგილად საქართველო იქცა. ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის აგრესიაზე ხმას არ იღებდნენ, დღეს სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს.

იგივე ელის ყოყოჩ პუტინსაც, თანაც, რუსეთის პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც მასავით გაითავისებენ რუსული იმპერიალიზმის დიდებულ მიზნებს. საერთაშორისო მედია პუტინის მიერ ბირთვული იარაღის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს „განწირულ მცდელობას“ უწოდებს. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პუტინი ვერ შეძლებს ევროპის ნახევრის დაპყრობას, როგორც ეს მისმა ნაცისტმა წინაპარმა მოახერხა.

დღეს პუტინია ქალების, ბავშვების, იმ ადამიანების ყველაზე ბოროტი მტერი, რომელთაც მშვიდობიანი ცხოვრება სურთ, სწორედ ამიტომ ჩაერთო მთელი მსოფლიო პუტინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პუტინი რუსი ხალხის მტერიც არის, ამაზე იმ დედებისა და რუსი ჯარისკაცების ჩანაწერებიც მეტყველებს, რომელთაც არაფერი იციან საკუთარი ოჯახის წევრების საომარ ველზე გაგზავნის შესახებ. რუსეთში გამართულ აქციებზე კი ასობით მოქალაქე დააკავეს, თუმცა რუსების დიდმა ნაწილმა ჯერაც არ იცის, ვის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ ან, უბრალოდ, პუტინის წინააღმდეგ ხმის ამოღებით თავის შეწუხება არ სურთ.

დღეს პუტინი რუსებს დედა-სამშობლოს სახელით იხმობს და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაწყებულ ომში ჩართვას ავალებს, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან წასვლას, მათ შორის, საქართველოში ჩამოსვლისთვის გეგმებს აწყობენ. რუსებს დედა-სამშობლო იხმობს, მაგრამ ამ ძახილს მოქალაქეთა უმეტესობა არ მიჰყვება და არმიაში ჩაწერასაც სხვადასხვა ქვეყნებში გაურბიან.

GDI კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ალტ-ინფოსთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, რომ ტელეკომპანია – ალტ-ინფო სამართალდამრღვევად სცნოს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს, რის მიზეზადაც რუსეთის უკრაინაში თავდასხმის შემდეგ ტელეკომპანიის მიერ პასუხისმგებლობის უკრაინაზე დაკისრების მცდელობას ასახელებენ.

„მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია ალტ-ინფოს მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამართლებას და კრიმინალის გაიდეალებას, რაც აკრძალულია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით… ალტ-ინფო არაერთ გადაცემაში ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების უკრაინის შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც მის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია. მსგავსი განცხადებებით, ალტ-ინფო ამართლებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის რესპუბლიკაში ომის, ლეტალური ძალის არადისკრიმინაციულად გამოყენებისა და ამდენად, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ალტ-ინფოს მაუწყებლობის მთელი ნარატივი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამართლება უკრაინის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის არგუმენტებით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის სამართლებრივ ნაწილზეც აკეთებს აქცენტს.

„2 მარტს, დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, 37-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, მათ შორის, საქართველომ მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოძიების დასაწყებად. ამდენად, როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე საქართველოს სუვერენული პოზიციაა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის ფარგლებში რუსეთის ფედერაცია უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და სჩადის ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.

ამასთან, გარდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა, რუსეთის ფედერაციის ქმედება დანაშაულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 404-413-ე მუხლების მიხედვითაც, რომელიც გულისხმობს დანაშაულებს კაცობრიობის მშვიდობის, უშიშროების წინააღმდეგ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინელი დედები და შვილები ომის დროს – ფოტოები

დღეს საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დედის დღე აღინიშნება, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ყველას ფიქრი უკრაინელი დედებისა და შვილებისკენ, მშვიდობიანი მოქალაქეებისკენ და იმ მებრძოლებისკენ არის მიმართული, რომლებიც სამშობლოს დასაცავად გმირულად იბრძვიან.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა, ქალებს მშობიარობა მიწისქვეშა თავშესაფრებში მოუწიათ – ნახეთ უკრაინელი დედებისა და შვილების ფოტოები, რომლებიც რუსული აგრესიის სისასტიკეს კიდევ ერთხელ დაგანახებთ.

39 წლის დიმა კურგაროვი ცოლს და ორ შვილს ემშვიდობება, რომლებიც მატარებელს პოლონეთში მიჰყვებიან / Ivor Prickett / The New York Times

 

უკრაინელი დედა-შვილი ავტობუსში, კიევის დატოვებისას / AP

 

დონბასიდან ევაკუაცია – ოჯახები დროებითი თავშესაფრის ძიებაში / TASS

 

უკრაინელი დედა და ახალშობილი უკრაინის სამშობიაროს სარდაფში მოწყობილ სამშობიარო ბლოკში / Lynsey Addario / The New York Times

 

უკრაინელმა დედა-შვილმა ომის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთ პოლონეთს შეაფარა თავი / Maciek Nabrdalik / Mauricio Lima / The New York Times

 

მია დაბობვისას, კიევის თავშესაფარში დაიბადა / Hanna Hopko / Twitter

 

სამშობიაროს ბუნეკრში დაბადებული ბავშვი და დედა / Старобільська багатопрофільна лікарня

 

Pipa News

„ნამდვილ ჯოჯოხეთში ვართ, არ მეგონა, რომ 21-ე საუკუნეში ეს მოხდებოდა“ – დედა, რომელმაც ბავშვი ომის დროს გააჩინა.

საშა გონშაროვა 8 თვის შვილთან ერთად მიწისქვეშა თავშესაფარში

 

თავშესაფარში მყოფი უკრაინელი ქალი შვილთან ერთად / Lynsey Addario / The New York Times

 

უკრაინის ეროვნული ფიგურული ციგურაობის გუნდის ქორეოგრაფი, ილონა კოვალი უკრაინას შვილთან და მეგობრის ბავშვთან ერთად ტოვებს / Laetitia Vancon / The New York Times