ლგბტქი უსაფრთხოება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ლგბტქი აქტივისტი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს

22 თებერვალს, აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჟურნალისტი და ლგბტქი აქტივისტი, ავაზ შიხმამედოვი (პროფესიულ საქმიანობაში ცნობილი როგორც ავაზ ჰაფიზლი), ნათესავმა, ამრულა გულალიევმა მოკლა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის ოფისმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელეს.

ლგბტქი ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინაში ქვიარ თემს ეხმარებიან

იმ მომენტიდან, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო, ქვეყანაში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი ძალისხმევა  ხალხის დახმარებისკენ მიმართა.

ქვიარის ჟურნალისტს ახმეტელის მეტროსთან თავს დაესხნენ

6 აპრილს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიარის ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით, ფიზიკურად იძალადეს.

ტიკტოკმა ტრანსფობიური და გარდაქმნის თერაპიის მხარდამჭერი მასალის აკრძალვისთვის წესდება შეიმუშავა

სოციალური მედიის პლატფორმა ტიკტოკი გენდერული ნაცვალსახელებისა და მიმართვის ფორმის არასწორი გამოყენების, ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენების, მიზოგინიის და ,,გარდაქმნის თერაპიის” მხარდამჭერი კონტენტის წინააღმდეგ

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალება დაადასტურა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვიარს უთხრა, რომ ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

“საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ისე სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა“, — აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განახლება: ფორმულა დაუკავშირდა ბელგიის პროკურატურას, სადაც განაცხადეს, რომ “გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები“.

სლოვაკეთში შეიარაღებულმა პირმა გეი ბართან ორი ადამიანი მოკლა

13 ოქტომბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გეი ბართან, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 2 ადამიანი მოკლა.

პოლიციის თქმით, მკვლელობის მოტივი ჯერ დაუდგენელია. სლოვაკური მედია კი წერს, რომ დამნაშავე სოციალურ ქსელებში იყენებდა ფრაზას “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”, ასევე, იძებნება ჰეშთეგი #გეიბარი. ახალი ამბების სააგენტო The Dennik N-ის მტკიცებით, თავდამსხმელმა დანაშაულის ჩადენამდე ლგბტქი ადამიანებისა და ებრაელების საწინააღმდეგო მანიფესტიც გამოაქვეყნა.

“თეთრების ბატონობის, რასიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს გამართლება არ აქვს”, — დაწერა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ტვიტერზე.

დანაშაულის ადგილი მოინახულა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ.

“მინდა ლგბტქი ადამიანებს ვუთხრა, რომ თქვენ არ ხართ ისინი, ვისაც საზოგადოებაში ადგილი არ აქვთ, თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ქუჩაში გავლის. სლოვაკეთში სიძულვილის ადგილი არაა”, — თქვა მან.

წყარო: Reuters

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში “მოქცევის თერაპია” აიკრძალა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში კანონი მიიღეს, რომლითაც “მოქცევის თერაპია” აიკრძალა. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ცრუ პრაქტიკა, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის “გარდაქმნას” ისახავს მიზნად. 

სექსუალური და გენდერული იდენტობის “გარდაქმნის” ფსიქოლოგიურ, რელიგიურ თუ ელექტროშოკის თერაპიაში ჩართულ ადამიანებს 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ, არასრულწლოვანი ლგბტქი ადამიანების “მოქცევის” პრაქტიკაში ჩართულებს კი კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი.

ახალი კანონის თანახმად, “მოქცევის თერაპია” განისაზღვრა, როგორც ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამოხატვასთან “ბრძოლის, გარდაქმნის, დამცრობის” მცდელობა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მეხიკო ქვეყნის პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ თანასწორი ქორწინების დაკანონება მექსიკაში თავდაპირველად მეხიკოში მიიღწა, ჯერ კიდევ 2009 წელს.

წყარო: Reuters

კატარის პოზიცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ლგბტქი ფანების უფლებებზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ბალინგჰემის თქმით, კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლგბტქი ფანებს კოცნის ან ცისარტყელას დროშის გაშლის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ატარის ოფიციალურ უწყებებს კითხვებს გასული 6 თვის განმავლობაში ვუსვამდით და მათგან ყველაფერზე დადებითი პასუხია, მათ შორის, ლგბტქი დროშის გამოყენებაზე” — აღნიშნა ბალინგჰემმა, თუმცა ამასთან, მან ისიც თქვა, რომ პასუხები გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი იყო — “გაშალონ, თუ მეჩეთიდან არ გადმოკიდებენ — ეს იყო მათ მიერ მოყვანილი მაგალითი, რაც შეურაცხმყოფელია”.

ბალინგჰემის თქმით, კატარს მუდმივად აფრთხილებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტოლერანტულ გარემოში უნდა ჩატარდეს, ამასთან, დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით ინფორმაციას აქტიურად ითხოვენ.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, 9 სხვა ევროპული ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციულ კამპანია OneLove-ს შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატზე ცისარტყელის სამკლაურით ითამაშებს.

“როგორც კაპიტნები, ჩვენ შეიძლება მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, მაგრამ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ვერთაინდებით. ეს განსაკუთრებით რელევანტურია მაშინ, როცა სოციუმში დაყოფა ჩვეული ამბავია”, — აღნიშნა კეინმა.

კატარი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებშიც ლგბტქი ურთიერთობები კრიმინალიზებულია. ერთი და იმავე სქესის ადამიანების გაცხადებული რომანტიკული ან სექსუალური ქცევა ჯარიმით, 7 წლამდე პატიმრობით, მუსლიმი მოქალაქეების შემთხვევაში კი სიკვდილითაც ისჯება.

ფეხბურთის გულშემატკივრები და აქტივისტები ფიფას აკრიტიკებენ, რადგან ორგანიზაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ჩატარება გადაწყვიტა და ამის პარალელურად პრაიდის თვე აღნიშნა, მეტიც, მათ მიერ რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში არაერთი ლგბტქი წყვილების მიღებაზე უარს აცხადებს.

2023 წლის ტურიზმის დედაქალაქი LGBTQI ადამიანებისთვის საშიშ ყაზახეთში იქნება

უზბეკეთმა ქვეყნის ტურისტული ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო მოგზაურებისთვის უკეთ გასაცნობად ინფლუენსერები, იუთუბერები და ბლოგერები დაიქირავა, რადგან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სამარყანდი 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დედაქალაქია.

ქვეყანის იმიჯს მსოფლიოს როგორც ფერად, ამაღელვებელ, მოგზაურებისთვის უსაფრთხო ადგილად წარუდგენენ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის — უზბეკეთი ლგბტქი ადამიანებისთვის საშიში ქვეყანაა.

უზბეკეთში, ზრდასრულ კაცებს შორის სექსუალური ურთიერთობა არალეგალურია და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება (კრიმინალური კოდექსის 120-ე მუხლი). ექიმები გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეების აივ-სტატუსს პოლიციას ატყობინებენ. მეტიც, Human Rights Watch-ის ცნობით, 2017-2021 წლებში სულ მცირე 6 კაცს იძულებითი ანალური შემოწმება ჩაუტარეს, რაც სასამართლოს მიერ მხარდაჭრილი პრაქტიკაა, რათა ჰომოსექსუალური აქტივობა დადგინდეს. გაეროს წამების საწინააღმდეგო კომისიამ დროებითი დაკავების იზოლატორებსა და უზბეკეთის ციხეებში წამების — ელექტროშოკის, დაწვის, ფრჩხილების დაძრობის, სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებაც მიიღო ცნობები. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში გარემოებების შესახებ არაერთი დადასტურებული ფაქტი ვრცელდება, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ სამარყანდის 2023 წლის მთავარ ტურისტულ მიმართულებად დასახელების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ამიტომ, თანასწორობისა და ტოლერანტობის მხარდამჭერმა საერთაშორისო მოძრაობა All Out–მა პეტიცია გაავრცელა, რომლითაც უზბეკური ტურიზმის ბოიკოტს ისახავენ მიზნად, სანამ ლგბტქი უფლებების პატივისცემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არ გახდება.

პეტიციის ავტორების თქმით, “გაერო ვალდებულია, ლგბტქი ადამიანების უფლებათა დაცვას ყურადღება მიაქციოს”, ამიტომ მსოფლიო ტურიზმის დედაქალაქის გადარჩევას მოითხოვენ, სანამ კაცებს შორის ნებაყოფლობითი სექსის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება და უზბეკეთი გაეროს კონვენციით გათვალისწინებული წამების საწინააღმდეგო მოთხოვნების დაცვას არ დაიწყებს.

All Out-ის პეტიციის მხარდაჭერა, რომელსაც ამ დროისთვის 7 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, აღნიშნულ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ.

ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთაც რუსეთი დევნის საფრთხის გამო დატოვეს

/

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ჟურნალისტი კარენ შაინიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღიად გეი ადამიანი იყო რუსულ ჟურნალისტიკაში. იმ ქვეყანაში, რომელშიც 2013 წლიდან „გეი პროპაგანდის“ მუხლით ადამიანებს ასამართლებენ, კარენი ლგბტქი ადამიანების ცხოვრების შესახებ წერდა.

შაინიანი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო პირველ საპროტესტო გამოსვლებს ომის დაწყებისთანავე შეუერთდა და რუსული ტანკების საზღვრის მიღმა შეყვანას გმობდა. მალევე მან მშობლიური ქვეყნიდან წასვლის გზების ძიება დაიწყო.

„უცხო ქვეყნის ჯაშუშთა სიაში შემიყვანეს, რამაც ჩემი ცხოვრება რუსეთში გაართულა, მეტიც საშიშად აქცია“, — აღნიშნა ჟურნალისტმა ტომას როიტერის ფონდთან საუბრისას. ინტერვიუ ბერლინში შედგა, ქალაქში, რომელშიც კარენი და მისი შეყვარებული ამჟამად ცხოვრობენ.

რუსეთი „უცხო ქვეყნის ჯაშუშის“ იარლიყს იყენებს და გმობს ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურობას უცხოეთის ფინანსური მხარდაჭერით ახერხებს.

„აქ ვარ, რადგან რუსეთში ქვიარ უფლებებზე მუშაობა უსაფრთხო აღარაა“, — ამბობს ის.

ბერლინში მცხოვრები შაინიანი შეყვარებულზე დაქორწინებას აპირებს, მაგრამ ამისთვის დანიაში უნდათ გადასვლა, რადგან იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაქორწინება ბევრად მარტივია. ის ომის შედეგად დამდგარი რეალობის გამო რუსეთისგან გარიდებას დიდი ხნით გეგმავს.

„მივხვდი, რომ მოსკოვი, რომელიც მენატრება, არ არის მოსკოვი, რომელში დაბრუნებასაც ვერ შევძლებ, რადგან… ჩემი გარშემომყოფების უმეტესობა იქ აღარაა. ჩემი მოსკოვი ახლა ყველგანაა“, — ამბობს შაინიანი.

კარენის მსგავსად, რუსი ლგბტქი ადამიანების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა, მათ შორის, ჟურნალისტებმა, იურისტებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა. მათ რუსეთიდან წასვლა მას შემდეგ მოუწიათ, რაც მოსკოვმა, მათივე სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო, თუმცა როგორც უკრაინა, ისე მსოფლიოს დიდი ნაწილი უწოდებს, ეს არის ომი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობს.

რუსეთში სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისების დარბევა 24 თებერვალს, თავდასხმის დაწყებისთანავე დაიწყო. მიზანი ერთი იყო – დაეპატიმრებინათ ყველა, ვისაც რუსული ჯარის შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელებაში, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დამნაშავედ მიიჩნევდნენ.

არაერთმა დამოუკიდებელმა მედიამ მაუწყებლობა შეწყვიტა ან შეაჩერა, მათ შორის, Novaya Gazeta-მ და Znak.com-მა. უფლებადამცველთა თქმით, სამიზნეები აღმოჩნდნენ ლგბტქი ადამიანთა დაცვის ჯგუფებიც.

ახლა კი, რუსული პარლამენტის ქვედა პალატის წევრები გამოდიან იდეით, რომ 2013 წლის აკრძალვა „არატრადიციული სექსუალური კავშირების“ შესახებ ზრდასრულებზეც გავრცელდეს. აქამდე შეზღუდვა მხოლოდ არასრულწლოვან აუდიტორიას მოიცავდა.

„ახლა აქტივისტების დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვების საფუძველიც კი მოუსპეს, რადგან ზოგი ორგანიზაციის ლიკვიდირება მოხდა ან არასასურველ უწყებებად დასახელდნენ, რომლებიც უცხოეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ“, — აღნიშნავს, სვეტლანა შაიტანოვა, Quarteera-ს, ბერლინში არსებული ლგბტქი ორგანიზაციის პრესსპიკერი, რომელიც რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებებზე მუშაობს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ, 300 ათასზე მეტმა რუსმა ქვეყანა დატოვა. ის ოფიციალური კიევისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილის ინიციატივის წინააღმდეგია, რომლითაც რუსებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა უნდა აეკრძალოთ.

პეტერბურგში დაარსებული ორგანიზაციის Coming Out-ის დირექტორის, ალექსანდრ ვორონოვის თქმით, ლგბტქი რუსების დიდმა ნაწილმა თავშესაფარი იმ ქვეყნებში იპოვა, სადაც უვიზოდ შეუძლიათ გამგზავრება, მათ შორის, თურქეთში, სომხეთსა და საქართველოში. ვორონოვმა ქვეყანა ჯერ კიდევ მარტში დატოვა და ამჟამად ლიეტუვას აფარებს თავს.

იაროსლაველმა ტრანსგენდერმა ბიჭმა, ალექსანდრ დერეკმა თქვა, რომ პუტინის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტივიზმის გამო რისკებს გრძნობდა და ქვეყნის დატოვება ამჯობინა. 23 წლის დერეკი და მისი შეყვარებული სომხეთის დედაქალაქ ერევანში ცხოვრობენ. მათ სათემო ცენტრის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან ლტოლვილი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„სომხეთში ბევრად თავისუფალი ვარ, თუმცა ეს მდგომარეობა სრულყოფილისგან შორს არის“, — ამბობს დერეკი.

ILGA-Europe-ის მონაცემების თანახმად, სომხეთი ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით ევროპაში 47-ე ადგილზეა, რუსეთი 46-ზე, ხოლო თურქეთი 48-ზე. ამ სიაში საქართველო 34-ე პოზიციას იკავებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებელიც კი აქვს, მათ შორის, ლიეტუვაზე, რუმინეთსა და პოლონეთზე.

საქართველოში, აჭარაში იმყოფება სტასია ეკმანი. მისი თქმით, ბევრად დაცულად გრძნობს თავს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ რუსეთში მდებარე ქალაქი ჩერეპოვეცი დატოვა.

„ობიექტურად, ბევრად დაცული ქვეყანაა, ციხეში მოხვედრის, ცემის ან გაუპატიურების შიში გაქრა. გრძნობ, რომ არ მოგკლავენ. მიუხედავად ამისა, პატრიარქატი, გენდერული სტერეოტიპები და ჰომოფობია მაინც შესამჩნევია. მადლიერი ვარ, რადგან საქართველომ მიგვიღო, მაგრამ ახლა გზის გაგრძელების დროა“, — აღნიშნავს სტასია, არაბინარული იდენტობის მქონე ლესბოსელი ადამიანი. 24 წლის ვებ დიზაინერი და მისი პარტნიორი დისტანციურად მუშაობენ და ორ ძაღლთან და ორ კატასთან ერთად სანაპიროზე ცხოვრობენ.

ბევრი რუსი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიეტუვას ირჩევს. ოფიციალური მონაცემებით, დროებით ცხოვრების უფლების მისაღებად 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2 200-მა ადამიანმა შეავსო განაცხადი, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყანა ევროკავშირში მიმდინარე განხილვის ეპიცენტრიც არის, რომლის თანახმადაც, რუს ტურისტებს ვიზის მიცემაზე უარი უნდა ეთქვათ. აღნიშნულ წინადადებას ესტონეთი და ფინეთი უჭერენ მხარს, რაც აქტივისტების თქმით, თავშესაფრის მაძიებელ ლგბტქი ადამიანებს ავნებს.

38 წლის მაქს პოლიაკოვმა ლიეტუვაში ჩასვლიდან ერთ თვეში ჟურნალისტის ვიზა მიიღო და ამ გზით საკუთარი პროფესიით მუშაობის გაგრძელება შეძლო. მედიასაშუალების ვებგვერდი, რომლისთვისაც პოლიაკოვი რუსეთში მუშაობდა, მარტის დასაწყისში დაიბლოკა, რადგან უარი განაცხადეს იმ მასალის აღებაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსი ჯარისკაცების გაუსაძლის პირობებს ამხელდა. მათ არ ჰქონდათ წინდები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები

მისი კოლეგების დიდი ნაწილი ასევე ლიეტუვას აფარებს თავს და ეძებენ გზებს, რომლითაც კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლას შეძლებენ, ამავდროულად ცდილობენ, რუსულენოვან აუდიტორიას ტელეგრამის გავლით მიაწვდინონ ხმა. ამბობენ, რომ ვილნიუსში ცხოვრების ხელახლა დაწყება მარტივი არ ყოფილა.

„იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვარ. არ მესმის ენა, ჩემი მომავალი გაურკვეველია, ვის ენდომება ასეთ ბიჭთან ურთიერთობა?“, — ამბობს პოლიაკოვი.

რუსეთში ჰომოფობიური განწყობები ფართოდ არის გავრცელებული, რასაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო უმაგრებენ ზურგს. 2013 წლიდან აიკრძალა “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” არასრულწლოვანთა შორის. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კი ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა უკრაინაში ომი ლგბტქი ადამიანთა უფლებებს დაუკავშირა, რომელთა დაცვა დასავლური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. რუსული ომის დაწყების შემდეგ მოიმატა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე იერიშებმა და გაძლიერდა ცენზურა, რამაც უფლებადამცველები და ჟურნალისტები სამიზნეებად აქცია.

წყარო: The Thomson Reuters Fund

ავღანელი გეი ბიჭის ამბავი, რომელმაც ქვეყნიდან გააღწია და პაკისტანში ცხოვრობს

2021 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც თალიბანმა, ულტრაკონსერვატულმა ისლამურმა დაჯგუფებამ ავღანეთის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო, Openly-იმ გეი კაცის დღიური გამოაქვეყნა. გავრცელებულ ჩანაწერებს დიდი გავლენა ჰქონდა – დღიურის მონაკვეთები დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დებატებისას ავღანელი ლგბტქი ლტოლვილების საკითხის განხილვის დროსაც კი წაიკითხეს.

ინგლისურის მასწავლებელმა გეი კაცმა სამსახური დაკარგა და შესაძლო მკვლელობას ემალებოდა — ქაბულის დაცემიდან ერთი წლის შემდეგ, Openly დღიურის ავტორს ისევ დაუკავშირდა, რათა გაეგო, როგორ განვითარდა მოვლენები. ახალ, 3-ნაწილიან დღიურში კაცმა, რომლის სახელიც მისივე დასაცავად არის დაფარული, მოჰყვა ავღანეთის დატოვების, მეზობელ პაკისტანში გადასვლისა და დასავლეთით წასვლის მცდელობის შესახებ.

ნაწილი I: ცხოვრება ავღანეთში

Jim Huylebroek / New York Times

გასული წლის 15 აგვისტოს, ქაბულში, სახლში ვიჯექი და ვუსმენდი ახალ ამბებს, როგორ დაამყარა თალიბანმა კონტროლი ქვეყნის 65%-ზე. შემდეგ რადიო გამოირთო. ოთახში დედაჩემი შემოვიდა. “თალიბანმა დედაქალაქი აიღო, ჯარებმა კი საპასუხოდ ბრძოლა არ გამოუცხადეს”, – თქვა მან. ვიცოდი, რომ მეც მომაკითხავდნენ, რადგან სკოლაშიც მაბულინგებდნენ, გეის მეძახდნენ. სახლი დაუყოვნებლივ უნდა დამეტოვებინა. ზურგჩანთა ავიღე და ყველა ოფიციალური დოკუმენტი ჩავყარე, რომლებიც ვიფიქრე, დამჭირდებოდა. ჩემი მშობლები შეშფოთებულები იყვნენ.

„ასე უცნაურად რატომ იქცევი? ასე რის გეშინია?“, – მკითხეს.

სანამ თალიბანი ქვეყანას აიღებდა, ცხოვრება სრულყოფილი არ იყო, მაგრამ რაღაცები თითქოს გამომდიოდა. ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობდი და ცხოვრება კარგი იყო. საკვები არ მაკლდა და არც ოჯახს ვაკლებდი ყურადღებას. იმ დროისთვის ჩემი ოცნება, მიზანი უნივერსიტეტში ჩაბარება და ბაკალავრის ხარისხის მოპოვება იყო. მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა.

15 აგვისტოს თალიბანი მოვიდა და მთელი ქვეყანა აიღო. უცებ ლგბტქი ადამიანებისთვის ადგილი არსად აღმოჩნდა. დაზაფრული ვიყავი. პირველი ფიქრი ის იყო, როგორ გამეღწია. ვიცოდი, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი მათ ყოფილ თანამშრომლებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ. ვფიქრობდი, თუ აეროპორტამდე მივიდოდი და როგორღაც ქვეყნიდან გავაღწევდი, ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას შევძლებდი, სადაც მომავლის იმედი შეიძლებოდა მქონოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ლგბტქი ადამიანებიდან თითქმის არავის გაუღწევია მარტივად. ყველა ჩავრჩით. 

ბევრი შავბნელი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სრულიად მიგვატოვა. თალიბანმა მხოლოდ ქვეყანა კი არა, მედიაც სრულად ჩაიგდო ხელში. მაშინ დაქამინგაუთებული არ ვიყავი — ყველამ იცის, რომ ეს ავღანეთში შეუძლებელია, ასე იყო თალიბანის მოსვლამდეც. სკოლაში იმის გამოც კი მაბულინგებდნენ, რომ სხვებს არ ვგავდი. კლასელები საჯაროდ მეძახდნენ გეის და სკოლაში სწავლის პერიოდში ჩემს თავს უთვალავი საშინელება დატრიალდა. ახლა ეს ბულერები ხელისუფლების შეუცვლელ მსახურებად, ოფიცრებად იქცნენ.

ოქტომბრის დასაწყისში, ისინი ჩემი მშობლების სახლში ჩემი დაკავების ოფიციალური უწყებით მოვიდნენ და მშობლებს უთხრეს, რომ უნდა დავეპატიმრებინე, რადგან გეი ვარ. იღბლის წყალობით, ვხვდებოდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა და მშობლების სახლი იქამდე დავტოვე, ნათესავთან გადავედი. ვეცადე, პასპორტი და ვიზა მომეპოვებინა, რათა ქვეყნიდან გამეღწია. თუმცა, ფინანსები მჭირდებოდა, შემოსავალი აღარ მქონდა და ვერც ვიმუშავებდი. იმ პირველ თვეებში ვერ გადავრჩებოდი, ჩემი ბრიტანელი მეგობრები რომ არ დამხმარებოდნენ (პირველი დღიურის გამოქვეყნების შემდეგ, ავღანელი გეი კაცს ბრიტანეთის ორი მოქალაქე ფინანსურად ეხმარება).

ვიცოდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. გამიგია, რომ თალიბანი ლგბტქი ადამიანების სახელების სიას აწარმოებდა და ვშიშობდი, რომ ჩემი სახელიც იმ სიაში იქნებოდა. თანაც, ვიცოდი, მეძებდნენ.

ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, სულ რაღაც 20-ის, ცხოვრების დიდი გამოცდილებაც არ მაქვს. უბრალოდ, ძალიან მეშინოდა, დასტრესილი ვიყავი, შფოთვა გაუსაძლისი იყო. ჩემი ნათესავის სახლში შიშისა და წუხილის 10 უგრძესი თვე გავატარე. უამრავ ლგბტქი ორგანიზაციას დავუკავშირდი, ვუხსნიდი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.

„დამეხმარეთ“, მივმართავდი მათ, „დამეხმარეთ, სანამ ჩემი ცხოვრების უმძიმესი გამოცდილება დამდგომია: გაუპატიურება, წამება ან სიკვდილი”. მაგრამ საშველი არ იყო. შეყვარებულის დაკარგვა საშინელება იყო. ერთად კარგები ვიყავით და ჩვენი ურთიერთობაც გასაოცარი იყო. დღიურში ვწერდი, რომ განუყოფელნი ვიყავით, მაგრამ დისტანციამ ყველაფერი წაგვართვა. ცხოვრების სიყვარული დავკარგე.

ნაწილი II – გეი კაცი ავღანეთს ტოვებს

Kiana Hayeri / New York Times

ქაბულში, ნათესავის სახლში ვიყავი, როცა ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. თალიბანის მიერ ძალაუფლების მოპოვებიდან 2 კვირაზე ნაკლები იყო გასული. ერთ-ერთი ლგბტქი ორგანიზაცია იყო, რომელსაც დასახმარებლად ვეკონტაქტებოდი. მითხრეს, რომ რამდენიმე დღეში, ღამით, ქაბულში, კონკრეტულ ადგილზე უნდა მივსულიყავი, რათა ავტობუსს აეროპორტამდე გავყოლოდი. ვერაფრის იმედს ვერ მაძლევდნენ. თუ რამე მოხდებოდა, და ამის წარმოდგენა თავისთავად შემზარავი იყო, ეს მათი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა. ვიცოდი, რომ საშიში იყო, მაგრამ არჩევანი არ მქონდა. საკუთარ თავს ვუთხარი, „მოდი, რისკზე წავიდეთ, იქნებ ეს ამად ღირს“. ორი ღამე არ მიძინია.

როცა მივედი და ავტობუსი ვნახე, უფრო შემეშინდა. ავედი და სხვა ლგბტქი ადამიანები დავინახე — ჩემი ადამიანები. შეშინებული სახეები შემომცქეროდნენ. იმ შფოთვას, რაც მათ სახეზე ვიხილე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ავტობუსის მოძებნამდე ყველაფერი გავყიდე: ჩემი ძვირიანი ლეპტოპი სულ რაღაც 100$-ად, მაგრამ მაშინ ეგ ვის ადარდებდა.

ცხელოდა: 38 გრადუსი იქნებოდა. ქალაქის ხმები მიინავლა. იმ მომენტში ტერორი, წუხილი, შიში ვიგრძენი. ავტობუსის კარი დაიხურა და გავიფიქრე, ეს რა ვქენი. საკუთარი თავი მამაცი ადამიანი არასდროს მეგონა. ღარიბი ოჯახი მყავდა და მცირე ასაკიდან უნდა მემუშავა. განათლება წარმატების ერთადერთ გზად მესახებოდა და თავდაუზოგავად ვცდილობდი, რომ მიზნებისთვის მიმეღწია. მერე თალიბანი მოვიდა და მხოლოდ გადარჩენა გახდა მთავარი. ავტობუსში სანამ ჩავჯდებოდი, წარმოუდგენელი სტრესი იყო. სიცოცხლე მინდოდა, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ რთული იყო, ძალიან რთული. საკუთარ თავს ვუმეორებდი, რომ ამ სირთულეებთან გამკლავება გადარჩენისთვის აუცილებელი იყო.  მთელი ღამე ავტობუსში გავატარეთ, შემოწმების რამდენიმე პუნქტი გავიარეთ.

მახსოვს, აისის დადგომასთან ერთად, ქალაქის თავზე ასული კვამლი დავინახე. რაღაც აფეთქება იყო და მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის ფანჯრები ჩაკეტილი იყო, პირი და ცხვირი უნდა დაგვეფარა, რათა სუნი დაგვეხშო. მაგრამ ყველამ ერთად, ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ ავტობუსში მსხდომებმა, ჩავთვალეთ, რომ ამ რისკზე თუ წავიდოდით, კარგად ვიქნებოდით, გაღწევას შევძლებდით. 

ასე არ მოხდა. 7-საათიანი ლოდინის შემდეგ, გვითხრეს, რომ თვითმკვლელი ტერორისტის ბომბის რისკი ემუქრებოდა ყველას, ვინც აეროპორტთან იცდიდა. ამიტომ წამოვედით. სახლში დაბრუნების შემდეგ დამცირებული და განადგურებული ვიყავი. იმედი დავკარგე, ყველა ოცნება და მომავლი გეგმა გაქრა. თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს საკუთარ დაკრძალვას ვესწრებოდით. ამაზე შელახული არასდროს ვყოფილვარ. საკუთარ სახლში დავბრუნდი, შევხედე გიტარას, რომელზეც ბავშვობაში ვუკრავდი და თვითმკვლელობაზე რეალურად დავფიქრდი.

ვფიქრობდი, რომ საკუთარი სიცოცხლის მოსპობა უკეთესი იქნებოდა, ვიდრე თალიბანის წევრების მიერ ჩემი მკვლელობა მხოლოდ ჩემი სექსუალური ორიენტაციის გამო. ვცდილობდი მეპოვა რამე მიზეზი სიცოცხლისთვის, მაგრამ იმ დროს ყველაფერი გაქრა. ნათესავის სახლში დავჯექი და დღიური დავწერე. გამიხარდა, როცა ბრიტანეთის პარლამენტში ჩემი დღიური წაიკითხეს. 

იმ ღამეს არ მეძინა, ჩავთვალე, რომ რომელიმე ორგანიზაცია დამიკავშირდებოდა, ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებდი, მაგრამ — არაფერი.

დღიურის გამოქვეყნებამ ვერ დამიხსნა, მაგრამ დამეხმარნენ. დიდ ბრიტანეთში ვიღაცებმა ჩემი დღიური წაიკითხეს და შემეხმიანნენ, დამიმეგობრდნენ. ორმა ადამიანმა საკვებისა და ავღანეთიდან გაღწევისთვის ფული გამომიგზავნა.

ქვეყნის დასატოვებლად პასპორტი მჭირდებოდა. ნოემბერში ვიღაც ბიჭი მოვძებნე, რომელმაც მითხრა, რომ პასპორტის შოვნაში დამეხმარებოდა, 150 დოლარი წინასწარ გადავუხადე. წაიღო ფული და გაქრა.

ბნელ ოთახში 9-თვიანი მალვის შემდეგ, როცა მრავალჯერ ისე ცუდად გავხდი, რომ მეგონა ასე დავასრულებდი სიცოცხლეს, ერთი კაცი შემეხმიანა, რომელსაც იქამდე დახმარებისთვის ვეკონტაქტებოდი. სასწაულს ჰგავდა. მითხრა, რომ ეს ამბავი ჩემით უნდა მომეგვარებინა, საპასპორტო ოფისში უნდა მივსულიყავი, ხელისუფლებისთვის გადამეხადა და პასპორტი ამეღო. პაკისტანის ვიზას თითქმის სამი თვე ველოდი. როცა ყველაფერი დამთავრდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აღვწერ. ავღანეთს ვტოვებდი და თავისუფლებისკენ მივემართებოდი.

ნაწილი III – გეი კაცის ცხოვრება პაკისტანში

NOORULLAH SHIRZADA/AFP/GETTY IMAGES

პაკისტანი ჯოჯოხეთია.

ოჯახი უნდა მიმეტოვებინა, მეგობრები, ყველაფერი, რისთვისაც ვშრომობდი — პროფესია, განათლება, კარიერა. თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წასვლის გარდა სხვა არჩევანი არ მქონია. ოჯახის მიტოვება ყველაზე რთული იყო. ის ადამიანი ვიყავი, რომელიც მათ ფინანსურად უზრუნველყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ და-ძმებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარ. ჩემი ძმები უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ამიტომ ქირას და საკვების ფულს მე ვიხდიდი. დედას ვუთხარი, რომ სასწავლო ვიზა ავიღე, რათა პაკისტანში მესწავლა.

თვეების განმავლობაში მეკითხებოდა ჩემი უცნაური ქცევის მიზეზს, მაგრამ რეალური მიზეზის თქმა, რა თქმა უნდა, არ შემეძლო. ვუთხარი, რომ ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიმიღეს — მისთვის მოტყუება საშინელება იყო, მტკივნეული. საბედნიეროდ, ჩემი ერთ-ერთი ძმა ამჟამად მუშაობს და ოჯახზე ზრუნვას ახერხებს, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. ისინი მენატრებიან. როცა ისლამაბადის აეროპორტში აღმოვჩნდი და პოლიციის ოფიცრებს შევეჩეხე, შემეშინდა. მოგზაურობის გამოცდილება იქამდე არ მქონია, ქვეყნიდან პირველად გავედი. პაკისტანში გატარებულ პირველ დღეებში უბედურად ვგრძნობდი თავს.

ბრიტანელ მეგობარს დავურეკე, რომელიც დღიურის გამოქვეყნების შემდეგ მეხმარებოდა. ვუთხარი, რომ სახლში მინდოდა დაბრუნება, მაგრამ მან გადამარწმუნა, რომ სწორად მოვიქეცი. ვიცოდი, ავღანეთში მომავალი, განათლების ან უბრალოდ სიცოცხლის შანსი არ მქონდა. ვიცოდი ისიც, რომ შეიძლებოდა მოვეკალი, მაგრამ სახლში წასვლა მაინც საოცრად მინდოდა. ახლა კი პაკისტანში ვცხოვრობ, ამ ჯოჯოხეთში.

პაკისტანში ჩამოსვლამდე ვფიქრობდი, რომ საერთაშორისო ლგბტქი ორგანიზაციები დამეხმარებოდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩვენთვის პროგრამა საერთოდ არ იყო. საკვები, საცხოვრისი — ყველაფერი ძალიან ძვირია და ყოველდღიურად იმაზე ვფიქრობ, ამ ყველაფერს როგორ გავწვდები. როცა ჩამოვედი, 42-გრადუსიანი სიცხე იყო. კონდიციონერიან სასტუმროს ოთახში ვიყავი, მაგრამ სიამაყის გამო დავტოვე, ბრიტანელი მეგობრების მოწყალებაზე ვერ ვიქნებოდი დამოკიდებული, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ახლა პატრა ოთახში ვხოვრობ, რომელსაც პაწაწინა სააბაზანო აქვს. ერთ კუთხეში საწოლია, კედელზე კარადაა მიდგმული და ტუმბო — სულ ესაა. ასეთია ჩემი ცხოვრება: ერთ ოთახამდე დავიწროვდა. ოთახში კონდიცირება არის, მაგრამ ისეთი ხმაურიანი, რომ ვერ ვიძინებ.

სულ ვფიქრობ, სახლში დაბრუნება ხომ არ სჯობს. აქ მეგობრები არ მყავს. ჩემთვის, როგორც გეი კაცისთვის, პაკისტანიც საშიშია – აქ ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია. არჩევანი შეზღუდული მაქვს. ვცდილობ, კანადაში ან დიდ ბრიტანეთში გავაღწიო, მაგრამ რთულია.

ყოველდღიურობა რაიმეთი უნდა შემევსო და ინგლისური ენის საერთაშორისო ტესტირებისთვის დავიწყე მომზადება, რაც დიდ ბრიტანეთში ან კანადაში გადასვლაში დამეხმარება. ჩემს ოთახში სწავლა მიჭირდა, რადგან საშინლად ცხელოდა – უბრალოდ ვერ ვკონცენტრირდებოდი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ტესტი წარმატებით გავიარე. ეს უნივერსიტეტებში განაცხადის გაგზავნის შესაძლებლობას მომცემს, მაგრამ სულ რომ თანხმობა მივიღო, შეიძლება ქვეყანაში არ შემიშვან. 

პაკისტანში ცხოვრება უკეთესია, ვიდრე ავღანეთში, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება მომდევნო დღეს. მოტივაცია უნდა შევინარჩუნო, განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობა. ყოველდღიურად დიდ გამოწვევებთან გამკლავება მიწევს. მადლიერი ვარ მეგობრების, რომლებიც წინსვლის ძალას მაძლევენ. მაინც ყველაფერი რთულია, ძალიან რთული. კანადაში, დიდ ბრიტანეთში წასვლის, ცხოვრების ხელახლა დაწყების იმედი მაქვს. ავღანეთშიც მქონდა ოცნებები, მიზნები. ახლა კი უბრალოდ მათი დაბრუნება მინდა.

ავღანელი გეი ბიჭის ამბავი Openly-ის რედაქტორმა, ჰუგო გრინჰალგმა შეასწორა და მეტი სიცხადისთვის შეამცირა.

ფლორიდაში ახალი კანონის მიღების შემდეგ ონლაინ LGBTQI სიძულვილის ენა 400%-ით გაიზარდა

ახალი კვლევის მიხედვით, ფლორიდაში მიღებული კანონის შემდეგ, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის თემების განხილვაზე შეზღუდვებს აწესებს, სოციალურ ქსელებში ლგბტქი სიძულვილის ენის გამოყენება გახშირდა.

Human Rights Campaign-ის კვლევის მონაცემებით, კანონის — „არ თქვა — გეი“ მიღების შემდეგ იმ ტერმინებისა და მოსაზრებების შემცველი პოსტების ოდენობა, რომლებიც პედოფილიასა და სექსუალურ ორიენტაციას ერთმანეთთან აკავშირებენ, 400%-ით არის გაზრდილი.

მკვლევართა თქმით, ბოლო თვეებში კონსერვატიულად განწყობილმა ადამიანებმა სოციალურ ქსელებში ტერმინ grooming-ის გამოყენება აქტიურად დაიწყეს. აღნიშნული სიტყვით პედოფილთა მიერ, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში მცირეწლოვანებთან მიმოწერას და მათზე სექსუალური ძალადობის მიზნით შეხვედრის მცდელობას მოიხსენიებენ. პედოფილია არის გადახრა, ბავშვებისადმი სექსუალური ლტოლვა და მას არაფერი აქვს საერთო სექსუალურ ორიენტაციასთან. მიუხედავად ამისა, აგრესიულად განწყობილი ონლაინ მომხმარებლები Grooming-ის მხარდამჭერად მოიხსენიებენ ყველას, ვინც საგანმანათლებლო სივრცეში გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის განხილვის აკრძალვას აკრიტიკებს.

სიძულვილის ენის შემცველი 500 ყველაზე პოპულარული პოსტი იანვრიდან ივლისის ჩათვლით 72-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ანტი-ლგბტქი სტატისტიკა და არასწორი წარმოდგენების გავრცელება კონსერვატიულად განწყობილი გავლენიანი, ავტორიტეტული ფიგურების საჯარო პოსტების შედეგია.

კვლევის ავტორების აზრით, გაზრდილი ანტი-ლგბტქი რიტორიკა სიძულვილს აღვივებს, რამაც შეიძლება ძალადობრივი შემთხვევების მატებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, მკვლევრები სოციალურ ქსელებს მოუწოდებენ, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული შინაგანაწესის ეფექტურად გამოყენებას ხელი შეუწყონ. ამასთან, მათი თქმით, 100 გამორჩეულად საზიანო ტვიტი ტვიტერის ადმინისტრაციასაც აჩვენეს, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი წაიშალა.

2022 წლის მარტში, ფლორიდაში ახალი კანონი მიიღეს, რომლითაც სკოლის მასწავლებლებს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მცირეწლოვან მოსწავლეებთან განხილვის უფლება შეეზღუდათ. კანონს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მისი მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მასწავლებლები არ უნდა საუბრობდნენ და ეს მშობლების ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. კანონის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ ის ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით სიძულვილისშემცველი გზავნილების გააქტიურებას უწყობს ხელს.

წყარო: AP News

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი — შსს პრაიდ კვირეულის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიიღებენ „ყველა ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“.

შსს ძალადობრივ ჯგუფებს მოუწოდებს, რომ დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს და პირობას დებენ, რომ  „სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“.

სამინისტრომ განცხადებით დაადასტურა, რომ კვირეულთან დაკავშირებით მუდმივ კომუნიკაციაში არიან ღონისძიებების ორგანიზატორებთან და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით სამუშაო შეხვედრები ტარდება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, თბილისი პრაიდის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა“, — ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

გუშინ, თბილისი პრაიდმა პრაიდ კვირეულის უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და მთავრობის მისამართით ორი მოთხოვნა გააჟღერა:

  1. მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის სამივე ღონისძიებას და მისი თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას. ასევე, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.
  2. დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს.

Tbilisi Pride მთავრობისგან კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიებსა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას ითხოვს

28 ივნისს პრაიდ კვირეული 2022 იწყება, რომელიც 3 დახურულ ღონისძიებას აერთიანებს — ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებას, რეგიონულ კონფერენციასა და პრაიდ ფესტივალს. აღნიშნულთან დაკავშირებით Tbilisi Pride-მა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლითაც მთავრობისგან კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, კვირეულის დღეებში ღონისძიებების ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში წესრიგის დაცვა, საკუთარი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, ასევე გასული წლის 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა დასჯა მოითხოვა.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა ბრიფინგზე გააჟღერა, რომ დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით, წელს საჯაროდ შეკრებისა და მანისფესტაციის უფლებაზე უარი თქვეს და დახურული ღონისძიებების გამართვა გადაწყვიტეს, თუმცა ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ძალადობრივი შინაარსის გეგმების შესახებ იფორმაციას მაინც აჟღერებენ.

„ჩვენ ორი თვეა აქტიურ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვაწვდით სრულ და ზუსტ ინფორმაციას კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებულ დეტალებზე. ასევე, ძალოვან სტრუქტურებს ვაწვდით ფაქტებს გაჟღერებული მუქარების და ძალადობის ორგანიზების შესახებ. შსს-სთან შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და როგორც მათ მიერ გაჟღერდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ განცხადებას. ასევე, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება“, — აღნიშნულია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.

შსს-სთან აქტიური თანამშრომლობის მიუხედავად, ორგანიზაციის წევრებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ, რადგან „მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, ბოლო დღეებში აქტიურად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის დამაზიანებელი, მადისკრედიტებელი და ძალადობის წამახალისებელი განცხადებები“.

პრორუსული, ძალადობრივი გაერთიანება კონსერვატიული მოძრაობის წევრები დაჯგუფების ტელევიზიის, ალტ-ინფოს ეთერში მუდმივად ცდილობენ ლგბტქი ორგანიზაციის დისკრედიტაციას. დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ კი 22 ივნისს განაცხადა, რომ პრაიდ კვირეულის საწინააღმდეგოდ ხალხის მობილიზაციას იწყებენ.

გარდა იმისა, რომ მახარაძის განცხადება ძალადობრივ ნიშნებს შეიცავდა —  „ამათ ჩვენ საბოლოოდ გადავამტვრევთ“, პრორუსული დაჯგუფების ლიდერმა შესაძლო ანტისახელმწიფოებრივი გზავნილიც გააკეთა — „საქართველოში არა ერთი ხელისუფლება მეორით, არამედ წყობა, სისტემა და მიზანი შეიცვლება“. 

მახარაძის განცხადების პარალელურად პარლამენტში პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შედგა, რომლემაც, გასული წლის 5 ივლისის მოვლენები თბილისი პრაიდის პასუხისმგებლობად მოიხსენია და აღნიშნა, რომ „ლგბტ ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია — ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დგას. მათი წახალისებული იყო ეს ვითომ ღირსების მარში თუ რაღაც რომ უნდა  ჩაეტარებინათ. პირდაპირი პროვოკაცია, პირდაპირი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, უნდოდათ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, მასობრივი არეულობა, შეტაკებები, პოლიციას ძალა გამოეყენებინა. ეს ამ ადამიანებმა დაგეგმეს“. 

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები დაიჭირეს და გაასამართლეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დღემდე არ არიან გასამართლებული, მეტიც, დაჯგუფების ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ ტელევიზიის ეთერით ახალი თავდასხმისთვის ხალხის მობილიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გაათანაბრა და აღნიშნა, რომ მორგოშიას და მახარაძის დაკავების სტანდარტს თუ გავითვალისწინებთ, ნახევარი ოპოზიცია დასაჭერია, „არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი — უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის გამონათქვამს აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კონკრეტულ ძალადობასთან“.