ლგბტქი უსაფრთხოება - Page 2

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ლგბტქი აქტივისტი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს

22 თებერვალს, აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჟურნალისტი და ლგბტქი აქტივისტი, ავაზ შიხმამედოვი (პროფესიულ საქმიანობაში ცნობილი როგორც ავაზ ჰაფიზლი), ნათესავმა, ამრულა გულალიევმა მოკლა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის ოფისმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელეს.

ლგბტქი ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინაში ქვიარ თემს ეხმარებიან

იმ მომენტიდან, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო, ქვეყანაში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი ძალისხმევა  ხალხის დახმარებისკენ მიმართა.

ქვიარის ჟურნალისტს ახმეტელის მეტროსთან თავს დაესხნენ

6 აპრილს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიარის ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით, ფიზიკურად იძალადეს.

ტიკტოკმა ტრანსფობიური და გარდაქმნის თერაპიის მხარდამჭერი მასალის აკრძალვისთვის წესდება შეიმუშავა

სოციალური მედიის პლატფორმა ტიკტოკი გენდერული ნაცვალსახელებისა და მიმართვის ფორმის არასწორი გამოყენების, ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენების, მიზოგინიის და ,,გარდაქმნის თერაპიის” მხარდამჭერი კონტენტის წინააღმდეგ

პრაიდი თქვენს რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის — ვიდეო, რომელიც ომის შუაგულში აღმოჩენილი უკრაინელი ქვიარების ყოველდღიურობას ასახავს

არასამთავრობო ორგანიზაცია Ukraine Pride-მა აპლიკაცია Taimi-სთან ერთად ვიდეო გადაიღო, რომელშიც ომის პერიოდში უკრაინელი ქვიარების ცხოვრებაა ასახული.

პროექტის მიზანი იყო, რომ „საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რა გავლენა მოახდინა ომმა უკრაინაზე, როგორ გრძელდება ბრძოლა და როგორ ხედავენ მომავალს, როცა პრაიდ წვეულებები ისევ ჩატარდება“.

ვიდეოში 6 მთხრობელი ჰყვება ომის დროს შეცვლილ ყოველდღიურობაზე, შიშებზე, მომავლის გეგმებსა და იმედებზე, რომლის ფონზეც მთავარი გზავნილი ჟღერდება — „პრაიდი თქვენს რეგიონში ხელმისაწვდომი არ არის“.

„იმაზე უარესი რა არის, რომ აღარავინ გყავს? უკრაინისთვის სიკვდილი საშიში არ არის, მაგრამ მისთვის სიცოცხლე მირჩევნია! არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია მსხვერპლი, პრობლემებთან გამკლავება აუცილებელია! 

ეჰ, მარშა, როგორი უიღბლო უნდა იყო, რომ ყუმბარა მოგხვდეს. ადამიანთა უმეტესობა ტყვიამფრქვევის ნამსხვრევებით კვდება. ფრაგმენტები 45 გრადუსიანი კუთხით დაფრინავენ. როცა ზუზუნს გაიგებ, მთავარია უმალ მიწაზე დაწვე და თავი ხელებით დაიფარო. 

შემეშინდა, მეგონა ვეღარასდროს გნახავდი. ახლაც მეშინია, მაგრამ ისე აღარ, როცა შენ ახლოს ხარ. როგორც კი ლუჰანსკს ავიღებთ, წაგიყვან და მამაჩემს გაგაცნობ. ცოტაც მოიცადე. 

სანაპირო, ჩემთან იალტაში, იდეალური ადგილი იქნებოდა მარშის ჩასატარებლად. გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება! რადგან სიცოცხლე სიკვდილზე ყოველთვის იმარჯვებს! 

თავში მხოლოდ წარსულის გაელვებები მაქვს: სასწრაფო დახმარების მანქანა, კივილი, და ფრაზა — „ექიმს დაურეკეთ!“ მაშინვე გულის მასაჟი დავიწყეთ, ვერ ვხვდებოდით, რამდენად ღრმა იყო ჭრილობა, მაგრამ ფრაგმენტმა მის გულამდე მიაღწია. ალბათ იმ ბიჭმა გასაოცარი ამბები დაატრიალა… როგორ უნდა ვუთხრა მის მშობლებს, რომ ყველაფერი ვქენი, რაც შემეძლო?

ჰმმ, მოლოტოვის კოქტეილის დამზადება ბარში კოქტეილის მომზადებაზე რთული არაა. ერთი წლის წინ ამას ვერაფრით დავიჯერებდი. პროფესია შევიცვალე, რათა ომი უფრო მალე დავასრულო“.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, პანდემიის გავლენა და დასაქმების პრობლემა — აჭარაში მცხოვრები ქვიარ ადამიანების საჭიროებების კვლევა

სოლიდარობის თემმა კოვიდ პანდემიის პირობებში აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობისა და გამოწვევების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ფსიქოლოგიური და ფიზიკური, ასევე სექსუალური ძალადობის, ეკონომიკური გამოწვევებისა და განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის აღწერას მოიცავს.

კვლევის ფარგლებში აჭარაში მცხოვრები 14 ქვიარ ადამიანი გამოიკითხა, რომელთაგან მხოლოდ 3 რესპონდენტი საუბრობს საკუთარ იდენტობაზე ღიად.

კვლევის მონაწილეები ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე, საჯარო ადგილებში თავდასხმის შემთხვევებზე, მათ შორის, ჯგუფური თავდასხმის შემთხვევებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საკუთარი ორიენტაციის საჯაროდ გაცხადების გამო საცხოვრებელ ადგილზე პრობლემებიც შეექმნათ.

ამასთან, კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა დიდი ნაწილი ჰომოფობიური, ძალადობრივი გარემოს გამო ქვეყნიდან წასვლას გეგმავს.

„საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას უახლოეს მომავალში. შესაძლოა ლტოლვილად ჩავბარდე, ამასაც განვიხილავ. წლების შემდეგ შეიძლება დავბრუნდე და ვიცხოვრო საქართველოში, თუ ჰომოფობიური გარემო შეიცვლება და უსაფრთხო იქნება აქ ყოფნა ჩემთვის. ბათუმი ძალიან ჰომოფობიური ადგილია, ყოველდღე მეშინია, რადგან არ ვიცი სამსახურიდან სახლში ცოცხალი თუ მივალ. ქუჩაში ბევრჯერ ამდევნებიან და ამ საშიშროების წინაშე ვარ სულ. თავს ფიზიკურად ვერ ვიცავ თუ არ გამოვიყენე სხვა საშუალებები მაგალითად სპრეი“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #9.

ყველა გამოკითხული აღნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა, რომელთაგან 7-ს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება ჰქონია. ერთ-ერთი რესპონდენტი კი „ქუჩის ბანდის“ მხრიდან ჯგუფური ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს.

„ვყოფილვარ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც. სკოლის გარდა უბნის ე.წ ბანდა მუდმივად ძალადობდა ჩემზე, რომლის დეტალებზეც საუბარი არ მინდა. ამის შესახებ არავისთან მილაპარაკია, არც ოჯახთან. მაშინ პოლიციისთვის როგორ უნდა მიმემართა, ეგეც არ ვიცოდი“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #4, რომელიც სექსუალური ძალადობის მცდელობასაც იხსენებს, რისგანაც თავის დახსნა შეძლო.

ტრანსგენდერი რესპონდენტი კი აღნიშნავს, რომ ფიზიკური ძალადობის გამოცდილების შემდეგ სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, გამოძიება დაიწყო, თუმცა პოლიციის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის გამოცდილება ჰქონდა. მისი თქმით, პოლიცია დაცინვით ეკითხებოდა, რა უნდა ჩაეწერათ გენდერის გრაფაში და კამერის წინ პოზირებას სთხოვდნენ.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტების მონათხრობის თანახმად, ქუჩაში ხშირად აწყდებიან დამცინავ მოპყრობას ჩაცმულობის გამო.

4 ლბტქი ადამიანი ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზეც საუბრობენ. ერთ-ერთი რესპონდენტი ლესბოსელი გოგო კი აღნიშნავს, რომ ძმის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ კი ფსიქოლოგიური ძალადობა გაგრძელდა.

„ვყოფილვარ ჩემი ძმისგან ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სახლიდან რომ წამოვედი, მე მაბრალებდა, რომ დედაჩემს რაღაც სჭირდა. მაშანტაჟებდა, რომ თუ არ მოხვალ, ასე ვიზამ და ისე ვიზამ. მეუბნებოდა, რომ შემარცხვენელი გოგო ვარ და თავიდანვე უნდა მყოლოდი ხელში და მაშინ უნდა მოგხვედროდაო“, — აღნიშნავს ლესბოსელი გოგო, რესპონდენტი #6.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების ყოველდღიურობაზე პანდემიის პერიოდი კიდევ უფრო მძიმედ აისახა, რადგან სამსახურის დაკარგვის დარდს სოციალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა დაემატა, ასევე ოჯახთან ერთ სივრცეში მუდმივად ყოფნა, რაც თავისუფალ გენდერულ გამოხატვას ართულებდა და სექსუალური ორიენტაციის დამალვაც ბევრად რთულ ამოცანად ექცათ.

გამოკითხულთა ნაწილმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მათი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ჯანდაცვის და ფსიქოლოგიურ სერვისებზე წვდომა შეეზღუდათ, ამასთან ერთჯერადი სახელმწიფო დახმარებაც ვერ მიიღეს, რადგან სამსახურში ხელშეკრულებით არ იყვნენ დასაქმებული.

„მედიკამენტებს ვეღარ ვყიდულობთ, სამედიცინო შემოწმებას ვეღარ გავდივართ, ვერც ექიმთან კონსულტაციას. მედიკამენტები რომ შეიძინო ძალიან ძვირია. 8 თვეა იაფფასიან ჰორმონებს ვიღებ, რამაც ფსიქიკა დამიზიანა, ჯანმრთელობა შემირყია და ვერ გავდივარ ვერც თერაპიას და ვერც ვერაფერს. ტრანსგენდერი რომ ხარ ყველამ იცის როგორია ცხოვრება საქართველოში მითუმეტეს გარეთ რომ დგახარ ქუჩაში, — აღნიშნავს ტრანსგენდერი ქალი, რესპონდენტი #11.

14 გამოკითხულიდან უმაღლესი განათლება 7 რესპონდენტს აქვს მიღებული, მეორე ნახევარი კი აღნიშნავს, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ოჯახში ძალადობის, ფსიქოლოგიური წნეხის, ნაადრევ ასაკში დასაქმების აუცილებლობისა და სკოლაში დამამცირებელი გარემოს გამო შეექმნათ.

„ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლი. მე-4 კლასის შემდეგ სწავლის მიმართ ენთუზიაზმი გამიქრა, რაც, ვფიქრობ, მუდმივი ჩაგვრის შედეგი იყო. მჩაგრავდნენ გარეგნობის, სიმაღლის გამო. მაშინ არ ვიცოდი თავდაცვა და ვისტრესებოდი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი….ხშირად ისეთი აგრესია მოდიოდა მათგან, რომ სკამებს, კალმებს, ჩანთებს მესროდნენ. ახლა ამაზე რომ ვფიქრობ, შესაძლოა, ჩემი ბულინგის მიზეზი ჩემი ორიენტაცია ყოფილიყო, ჩემი მცდელობების მიუხედავად, რომ არავის შეემჩნია ეს“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #4, რომელიც იმასაც ამბობს, რომ მასწავლებლები მოსწავლეთა მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ.

სხვა რესპონდენტი კი იხსენებს, რომ ორიენტაციის გამო წნეხი მასწავლებლების მხრიდანაც იყო და სწორედ ამის გამო სხვა სკოლაში გადასვლა მოუწია.

„სამწუხაროდ ჰომოფობიური განწყობა სკოლებში, რა თქმა უნდა, არის. მე სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი 10 წელი და შემდეგ წამოვედი ამ სკოლიდან, სწორედ ჩემი ორიენტაციის გამო. წნეხი მასწავლებლების მხრად უფრო მეტი იყო, თითქოს ისინი ცდილობენ გამოასწორონ მოსწავლეები, რითაც ამახინჯებენ ადამიანების ფსიქიკას“, — აღნიშნავს ბისექსუალი ქალი, რესპონდენტი #3.

რესპონდენტთა ნაწილი უნივერსიტეტში ჰომოფობიურ დამოკიდებულებებზეც საუბრობს, რის გამოც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების გამოცდაც მოუწიათ, ერთ-ერთი რესპონდენტი კი დამამცირებელმა გარემომ სუიციდის ზღვარზეც მიიყვანა — „ერთხელ ისეთი შემთხვევა მქონდა სუიციდის სურვილი გამიჩნდა და ვაპირებდი თვითმკვლელობას. ამ დროს მესამე კურსზე ვიყავი ისე გამამწარა ჩემმა კურსელმა მაღალი შენობის ბოლო სართულზე ავიპარე და იქედან გადმოხტომას ვაპირებდი“.

„ლექტორებისთვის ყოველთვის მიუღებელი ვიყავი. რაღაც პერიოდი დეპრესია მქონდა და უნივერსიტეტში არ დავდიოდი“, — აღნიშნავს ბისექსუალი ქალი, რესპონდენტი #14.

გამოკითხულთა ნახევარი, 7 ადამიანი დასაქმებულია და მათ დიდ ნაწილს სამუშაო გარემო მოსწონს, თუმცა დამამცირებელი გარემო უმეტესობას გამოუცდია. აღნიშნავენ, რომ დასაქმების პრობლემა თმის ფერის, პირსინგისა თუ სოციალურად მიღებულ გენდერულ თვითგამოხატვასთან აცდენის გამო გამოუცდიათ.

„არ ვმუშაობ დიდი ხანია, ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე მიჭირს სამსახურის შოვნა. ვარ კაცური და ეს ხელს მიშლის დასაქმებაში. საზოგადოება ითხოვს, რომ გრძელი თმა გქონდეს და ქალივით იყო“, — აღნიშნავს ლესბოსელი ქალი, რესპონდენტი #12.

კვლევა აჭარის რეგიონში არსებულ ლგბტქი ორგანიზაციებზე ინფორმაციის დამუშავებასა და იმის გაანალიზებასაც ისახავდა მიზნად, რამდენად მიუწვდებათ თემის წევრებს მათ სერვისებზე ხელი. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თემის წევრების დიდ ნაწილს პანდემიის პერიოდში სერვისებზე წვდომის პრობლემა შეექმნა, ზოგიერთი გამოკითხული კი ორგანიზაციებს არ ენდობა.

სოლიდარობის თემის მიერ გამოქვეყნებული კვლევის სრულად ნახვა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ლგბტქი მოქალაქეები ამსტერდამში არიან

DC Jewelery-ის გუნდმა 100 ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება შეისწავლა, ინსტაგრამის პოსტებს, გუგლის საძიებო სისტემას, მსოფლიო ბანკის მონაცემებსა და The William’s ინსტიტუტის გეი მიმღებლობის ინდექსს გადახედა და შეყვარებული, მათ შორის, ლგბტქი წყვილებისთვის საუკეთესო ქალაქები გამოავლინა.

მსოფლიოს ქალაქებიდან ყველაზე ბედნიერი ლგბტქი მოქალაქეები ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში არიან. მეორე და მესამე ადგილზე კი კანადის ქალაქები ვანკუვერი და ტორონტო აღმოჩნდნენ.

ამსტერდამი ლგბტქი უფლებების დაცვის ხანგრძლივი ისტორიით იწონებს თავს. ქვეყანაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია ჯერ კიდევ 1811 წელს მიიღწა. დღეისთვის კი ლგბტქი მიმღებლობის ინდექსი 9,46-ს შეადგენს, რაც თითქმის საუკეთესო 10-ქულიან შედეგს მცირედით ჩამორჩება.

ყველაზე ბედნიერი ლგბტქი მოქალაქეების საუკეთესო სამეულში კანადის ორი ქალაქიც მოხვდა, რომლებიც აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით ერთი და იმავე ადგილზე არიან. კანადის ლგბტქი მიმღებლობის ინდექსი 9,02-ს შეადგენს.

DC Jewelery-ის სიაში მხოლოდ საუკეთესო სამი ქალაქის მაჩვენებელს ვხვდებით, თუმცა საქართველოს დედაქალაქ თბილისს ვრცელ სიაში სახარბიელო ადგილი სავარაუდოდ არ ექნებოდა, რადგან ეს მაჩვენებელი დიდწილად საზოგადოებაში ლგბტქი მიმღებლობის ინდექსს ემყარება, რომლის მიხედვითაც საქართველოს 10-დან 2,94-ქულიანი მაჩვენებელი აქვს და 141-ე ადგილზეა.

ლგბტქი მოგზაურების უსაფრთხოების ნიშნით საქართველო მსოფლიოში 65-ე ადგილზეა — Asher & Lyric-ის კვლევა

Asher & Lyric-მა ლგბტქი მოგზაურებისთვის ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 203 ქვეყანას ლგბტქი ტურსიტების უსაფრთხოების ნიშნით სწავლობს. ლგბტქი მოგზაურობის უსაფრთხოების ინდექსი არაერთ საერთაშორისო წყაროზე დაყრდნობით ვლინდება და ქვიარ ადამიანებს მოგზაურობის დაგეგმვისას დახმარებას უწევს.

ქვეყნის ინდექსი 10 სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით ითვლება — ქორწინების თანასწორობა, მშრომელთა უფლებების დაცვა, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, ძალადობის კრიმინალიზება, შვილად აყვანის გარემოებები, რამდენად კარგია საცხოვრებელია გარემო, რომელიც Gallup-ის კვლევის შედეგს ემყარება, გენდერის მარკერის ცვლილების სამართლებრივი გარემოებები, ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის შემთხვევები, ერთი და იმავე სქესის წყვილთა ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, მორალის სახელით პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონების არსებობა.

კვლევის მიხედვით, ლგბტქი მოგზაურებისთვის 10 საუკეთესო მიმართულება კანადა, შვედეთი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნორვეგია, ესპანეთი და საფრანგეთია.

10 ყველაზე საფრთხისშემცველი ქვეყანა კი ბრუნეი, ნიგერია, ქუვეითი, საუდის არაბეთი, განა, მალაიზია, მალავი, ტონგა, სომალი და ლიბიაა.

ლგბტქი მოგზაურობის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით საქართველო აღნიშნულ სიაში 65-ე ადგილზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა მეზობელ ქვეყნებს. საქართველოს შემდეგ საუკეთესო შედეგი სომხეთს აქვს და 89-ე ადგილზეა, თურქეთი 103-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი 127-ეზე, მეზობლებიდან ყველაზე ცუდი შედეგი რუსეთს აქვს, რომელიც 132-ე ადგილზეა.

ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცი თავს დაესხა

ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე კაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი.

„20-მდე ბიჭმა გამოიარა, რომლებმაც რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. სახეში ქვა მომხვდა, დაზიანებები მომაყენეს ბოთლის ნამსხვრევებითაც“, — იხსენებს ერთ-ერთი დაზარალებული ფორმულასთან საუბრისას.

მეორე დაზარალებულმა კი აღნიშნა, რომ პოლიციას მიმართეს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს.

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ატარებს

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ატარებს, ქვეყნაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია.

FIFA-მ ტვიტერის ლოგო პრაიდის დროშის ფერებით შეცვალა და ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი „ერთიანობისა და მრავალფეროვნების ზეიმი იქნება“, თუმცა ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიების ჩატარება იმ ქვეყანაში იგეგმება, სადაც ჰომოსექსუალობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, გარკვეულ შემთხვევებში კი ჩაქოლვითაც ისჯება.

ამასთან, შესაძლოა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს პრაიდის დროშა ჩამოართვან, რასაც ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოების დაცვით ამართლებენ.

„თუ გულშემატკივარი ცისარტყელის დროშას გაშლის და ჩამოვართმევ, ეს იმის გამო არ მოხდება, რომ მისი შეურაცხყოფა მაქვს განზრახული, არამედ მისი დაცვის მიზნით. თუ ამას მე არ ვიზამ, შესაძლოა ვინმე თავს დაესხას, ყველას საქციელზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები“, — აღნიშნა გენერალ-მაიორმა აბდულაზიზ აბდულა ალ ანსარიმ AP-ისთან საუბრისას.

The Guardian კი იუწყება, რომ FIFA-ს მიერ ოფიციალურად რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში, რომლის დაჯავშნასაც გულშემატკივრებს ურჩევენ, 3 დაწესებულება აცხადებს, რომ ლგბტქი წყვილებს ოთახში განთავსებაზე უარს ეტყვიან, 20 სასტუმროს წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ლგბტქი წყვილების დაშვებას, თუ საჯაროდ არ გაამჟღავნებენ, რომ თემის წევრები არიან, 33 სასტუმროს კი ლგბტქი წყვილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უელსის ეროვნული ნაკრების ზოგიერთი თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას არ აპირებენ, რისი მიზეზიც ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით ქვეყნის სასტიკი მიდგომაა.

უელსის ნაკრების ხელმძღვანელის, ნოელ მუნის თქმით, „ნაკრები აღნიშნულ პლატფორმას გამოიყენებს, რათა ყატარში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ისაუბრონ. მან FIFA-ს და UEFA-ს იმისკენაც მოუწოდა, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ მასპინძელ ქვეყანას შეარჩევენ.

სპორტულ სამყაროში ლგბტქი თემის ზედაპირული მხარდაჭერა მასშტაბურად არის გავრცელებული, თუმცა FIFA-ს გადაწყვეტილება, რომ პრაიდის თვე აღნიშნონ და იმავე დროს მსოფლიო ჩემპიონატი ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში აღნიშნონ სპორტში არსებული სიყალბის ყველაზე აშკარა დადასტურებაა.

გახდა თუ არა მსოფლიო ლგბტქი ადამიანებისთვის საცხოვრებლად უკეთესი — Gallup-ის გლობალური გამოკითხვა

მსოფლიოს ზრდასრულ მოქალაქეთა ნახევარი თვლის, რომ მათი ქალაქი ან საცხოვრებელი ადგილი ქვიარ ადამიანებისთვის საცხოვრებლად კარგი, უსაფრთხო ადგილია. აღნიშნული მაჩვენებელი გასულ ათწლეულში ორჯერ უფრო უკეთესია, ვიდრე უწინ.

Gallup-ის მიერ 110 ქვეყნის მცხოვრებთა 2021 წლის გამოკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს სხვა გლობალური კვლევების შედეგებს, რომელთა თანახმად, ლგბტქი მიმღებლობა იზრდება. მიუხედავად ამისა, მიმღებლობასთან დაკავშირებით გამოწვევები კვლავ მძაფრად დგას — ყოველი გამოკითხული 10 ადამიანიდან, 4 მიიჩნევს, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი ქვიარებისთვის „სათანადო არაა”, 12%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

2005 წლის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 21%-ს მიაჩნდა, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი ლგბტქი ადამიანებისთვის უსაფრთხო იყო. 2014-2019 წლებში ეს მაჩვენებელი 31%-დან 38%-მდე მერყეობდა, 2020 წელს 49%-ს მიაღწია, ხოლო 2021 წელს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 50% დაფიქსირდა.

ყველაზე დიდი გაუმჯობესება აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია

გასულ ათწლეულში, 73 ქვეყანაში მოსაზრება გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, 5%-ით არის გაზრდილი. 14 ქვეყანაში კი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც გარემოს უსაფრთხოდ თვლიდნენ, უმცირესობიდან უმრავლესობად იქცა.

უსაფრთხო გარემოს შესახებ აზრი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნეპალში, ინდოეთში, ვიეტნამში, ჩეხეთში, მექსიკაში, ტაივანში, ჩილეში, სლოვენიაში, სამხრეთ აფრიკაში, ვენესუელაში, კოლუმბიაში, ლაოსში, პოლონეთსა და ტაილანდში.

უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებით დამოკიდებულება ყველაზე აშკარად ნეპალში შეიცვალა და თითქმის გაოთხმაგდა. 2011 წელს გამოკითხულთა 23% მიიჩნევდა, რომ გარემო უსაფრთხო იყო, ხოლო 2021 წელს — 86%. შესაძლოა, ეს ცვლილება ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებებმა ან ხელისუფლების მიდგომის ცვლილებამ, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დაცვის გარანტიების კონსტიტუციაში ასახვამ განაპირობა. სასიკეთო ცვლილებებია ინდოეთშიც: 2011 წელს, გამოკითხულთა მხოლოდ 12% მიიჩნევდა გარემოს უსაფრთხოდ, ახლა კი ეს მაჩვენებელი 53%-ს აღწევს. ინდოეთში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება 2018 წელს მიიღწა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მცირედი უკეთესობაა. ნეპალს, ისევე როგორც ინდოეთს, ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯერაც არ გადაუწყვეტია.

სულ მცირე, 20%-ით არის გაუმჯობესებული უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებული აზრი ტაივანში (57%), ტაილანდში (54%), ვიეტნამში (51%), 10%-იანი გაუმჯობესებაა ლაოსში და მაჩვენებელი 51%-ს აღწევს.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში — ჩეხეთში (70%), სლოვენიაში (54%) და პოლონეთში (52%) უკვე უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გარემო ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო და კარგია.

გაუმჯობესებულია ლათინური ამერიკის მაჩვენებელიც: ურუგვაიში (82%), მექსიკაში 64%, ჩილეში 63%, ვენესუელაში 59% და კოლუმბიაში 58% თვლის, რომ გარემო უსაფრთხოა.

მოსაზრება ჩინეთში (47%), საბერძნეთში (49%), ისრაელში (45%), კენიაში (24%) და სხვა 24 ქვეყანაშიც ბევრად სასიკეთოა, თუმცა უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ გარემო უსაფრთხო არაა. ხოლო ორ ქვეყანაში — ნიკარაგუასა და პარაგვაიში, უსაფრთხო გარემოსთან დაკავშირებით მოსაზრება უარესობისკენ შეიცვალა. ამის მიზეზი ისაა, რომ ნიკარაგუას პრეზიდენტი დემონსტრაციების ჩატარებას ხელს უშლის, ლგბტქი ორგანიზაციების დახურვას ცდილობს, პარაგვაიში კი კონსერვატიულმა ხელისუფლებამ სახელმწიფო პოლიტიკა, მათ შორის, განათლების ინკლუზიურობის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა ლგბტქი ადამიანების საწინააღმდეგოდ შეცვალა.

სკანდინავიის ქვეყნები ქვიარ ადამიანებისთვის საცხოვრებლად საუკეთესოა

სკანდინავიის ქვეყნებში გარემოს უსაფრთხოების შესახებ მოსაზრება ყველაზე სასიკეთო მაჩვენებელზეა: ნორვეგია —92%; შვედეთი — 91%; ისლანდია — 88%; დანია — 82%; ფინეთი — 82%. გამოკითხვის მიხედვით, საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სხვა ევროპის ქვეყნები ნიდერლანდები (90%), ესპანეთი (88%), მალტა (85%) და ბელგია (80%) არიან.

მსოფლიოს სხვა წერტილებში გამორჩეულად პოზიტიური შედეგი კანადის (87%), ავსტრალიის (86%), ახალი ზელანდიისა (85%) და აშშ-ს (80%) მოსახლეობის გამოკითხვამ აჩვენა.

ყველაზე სამწუხარო მაჩვენებელი აფრიკის კონტინენტზეა, სადაც ქვეყნების დიდ ნაწილში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯება (იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია, ნახევარზე მეტი აფრიკაში მდებარეობს. განსაკუთრებით მძიმე მაჩვენებელი მალავიში (3%), სენეგალში (3%), განაში (7%), ზამბიაში (7%), ბურკინა ფასოსა (8%) და ნიგერიაშია (9%).

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე უარესი მდგომარეობა სომხეთში (4%), ყაზახეთში (4%) და ყირგიზეთშია (6%). Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, არანაკლებ სამწუხარო შედეგია საქართველოშიც და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ქვეყანას ლგბტქი ადამიანებისთვის კარგ ადგილად თვლიან, სულ რაღაც 9%-ია.

Gallup-ის მსოფლიო გამოკითხვა სწრაფად ცვალებად შედეგებს აჩვენებს, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება და საკანონმდებლო ჩარჩოს მეტად გამართვა სწრაფად აისახება სოციალურ ცვლილებებშიც (მაგალითად, ინდოეთი და ნეპალი), თუმცა უმეტეს, 65 ქვეყანაში, უმრავლესობა, 50%-ზე მეტი, თვლის, რომ მათი ქვეყანა ლგბტქი ადამიანებისთვის საცხოვრებლად კარგი არაა. აღნიშნული გამოკითხვა, იმასაც აჩვენებს, რომ მდგომარეობა უარესობისკენაც შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ხშირად ეს მხოლოდ გამონაკლისის სახით ხდება.

Gallup-ის 2021 წლის მსოფლიო გამოკითხვაში უსაფრთხოების მიზეზით და სენსიტიური კითხვიდან გამომდინარე 12 ქვეყნის შედეგი ვერ მოხვდა.

წყარო: Gallup

არაინკლუზიური სასწავლო გარემო და დისკრიმინაციული კანონის არაეფექტური აღსრულება — IGLYO-ს ანგარიშის მიგნებები

ლგბტქი ახალგაზრდებისა და მოსწავლეთა საერთაშორისო ორგანიზაცია — IGLYO-მ, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ლგბტქი ინკლუზიური განათლების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც ასახავს.

კვლევის თანახმად, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ინკლუზიური მიდგომა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური აღსრულებაც არ ხდება. 

 „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი კრძალავს დისკრიმინაციას, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით და სოგის საფუძველსაც ითვალისწინებს, თუმცა სქესობრივი მახასიათებლები გათვალისწინებული არაა. ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონიც კრძალავს დისკრიმინაციას, მაგრამ არ ითვალისწინებს SOGIGESC [სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გენდერული გამოხატვა და სქესობრივი მახასიათებლები] საფუძველს. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის იმპლემენტაცია ეფექტურად არ ხდება“, — ვკითხულობთ IGLYO-ს ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს ანტი-ლგბტქი ბულინგთან ბრძოლისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის ეროვნული პოლიტიკა ან სამოქმედო გეგმა, ამასთან, „SOGIGESC საკითხები სასწავლო კურიკულუმის ნაწილი არაა და როცა მათი ჩართვა ხდება, ძირითადად, ნეგატიური კუთხით განიხილება. მაგალითისთვის, 2020 წელს, სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იმ სახელმძღვანელოების ჩანაცვლების რეკომენდაცია მისცა, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს ნეგატიურ, მასტიგმატიზებელ ჭრილში მოიხსენიებდა. უნივერსიტეტი დათანხმდა, იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვიარ თეორიის სალექციო კურსი შემოიღეს. საქართველოში ისევ არ არის სავალდებულო სქესობრივი განათლება, სამოქალაქო განათლება და ადამიანის უფლებათა კურიკულუმი, რომელიც SOGIGESC საკითხებს ფარავს. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ანგარიშში ჯერ კიდევ 2019 წელს ისაუბრა. ბოლო წლებში SOGIGESC საკითხების კურიკულუმში ასახვაზე დისკუსია გააქტიურდა, რასაც ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და სიძულვილის ენას ავრცელებენ”.

ანგარიში მასწავლებელთათვის ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით სავალდებულო ტრენინგების არარსებობაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნულია ისიც, რომ „მასწავლებლებისა და ლგბტქი მუშაკებისთვის შესაბამისი გზამკვლევი არ არსებობს. ზოგიერთმა სკოლამ, შესაძლოა, თემისა და ახალგაზრდული აქტივობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა ეს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ლგბტქი საკითხების შემცველი საინფორმაციო ბროშურები და პოსტერები სკოლის ტერიტორიაზე დაუშვებელია“. 

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ანტი-ლგბტქი ბულინგის შესახებ სტატისტიკას არ აწარმოებს, მეტიც, „2018 წელს, თანასწორობის მოძრაობას უნდოდა, რომ მასწავლებელთა ლგბტქი ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ კვლევა მოემზადებინა, თუმცა სკოლებმა და განათლების სამინისტრომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს“.  ასევე, მხარდაჭერის სისტემებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ სკოლებს პირდაპირი მხარდაჭერის სისტემა კი აქვთ, თუმცა „არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ისინი SOGIGESC საკითხებზე სპეციფიკურ ტრენინგს არ გადიან. ადგილობრივი უწყებები მოსწავლეებს არაპირდაპირი მხარდაჭერის სისტემით არ უზრუნველყოფენ“.

საქართველოში ინკლუზიური სასკოლო გარემოს ნაწილში ანგარიში დისკრიმინაციისა და ძალადობის ფესვგადგმულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს და დისკრიმინაციის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვისას WISG-ის 2016 წლის კვლევას იშველიებს. 

„დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში კვლავ გავრცელებულია. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები დაუსჯელები რჩებიან. WISG-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 16%-ს სკოლაში დისკრიმინაცია გამოუცდია, რისი მიზეზიც ხშირად იმგვარი გენდერული გამოხატვა იყო, რაც სოციალურ ნორმებთან თანხვედრაში არაა. კურიკულუმის გარდა დამატებითი აქტივობები სკოლაში არაა და ლგბტქი ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებს სკოლის ტერიტორიაზე შეხვედრის ჩატარების უფლება არ ეძლევათ“, — ნათქვამია ანგარიშში.

IGLYO-ს კვლევის სრულად ნახვა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.

შოტლანდიაში ახალგაზრდა ქვიარები ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე 5 წლის წინ — კვლევა

შოტლანდიაში მცხოვრები ლგბტქი ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანას საცხოვრებლად კარგ ადგილად მიიჩნევდნენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში შემცირდა. Keep Reading

სირიელი ლგბტქი ადამიანების აუტანელი ყოფა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება დუმს

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში ჰომოფობია კვლავ მძვინვარებს. ამ რეგიონების უმეტეს ქვეყანაში ლგბტქი თემის უფლებებს არ აღიარებენ და ქვიარ კავშირები კრიმინალიზებულია. სირიელი ლგბტქი ადამიანები დისკრიმინაციის სამიზნე ყოველდღიურად ხდებიან, ამას სახელმწიფო პოლიტიკა და კანონმდებლობა უმაგრებს ზურგს, რომელიც სიძულვილსა და ნებისმიერი იმ ადამიანის მიმართ აგრესიას აღვივებს, რომლებიც სოციალურ სტანდარტებსა და მოლოდინებთან შესაბამისობაში არ არიან. სირიული კანონმდებლობის 520-ე მუხლი გეი ურთიერთობებზე სანქციებს აწესებს და ლგბტქი ადამიანებს 3 წლამდე პატიმრობის საფრთხესაც კი უქმნის.

ჰაზემმა (აქ და შემდეგ ისტორიებშიც სახელები შეცვლილია), სირიელმა გეი კაცმა, Al-Monitor-თან საუბრისას აღნიშნა — „ვიღაცამ დამასმინა, რის შემდეგაც დამაკავეს და 8 თვის განმავლობაში წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი. როდესაც ამნისტიით გამომიშვეს, [ოპოზიციასთან დაკავშირებულ] სირიის ეროვნული არმიის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავედი, რადგან განმეორებით დაკავების შიში მქონდა. ჩემი სექსუალური ორიენტაციისა და არატოლერანტული საზოგადოების გამო სამსახურის ვერ ვპოულობ. იძულებული ვარ, სრულებით დავმალო ჩემი იდენტობა, რადგან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზიანის საფრთხე მემუქრება“.

მაჯდიც გეი კაცია, რომელიც ახლა თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს. ის ჰყვება — „თურქეთში 6 წელზე მეტია დავსახლდი, რადგან სირიაში სექსუალური იდენტობის გასაიდუმლოება და შიშში ცხოვრება მიწევდა. მდგომარეობა არც თურქეთშია ბევრად უკეთესი — ერთ-ერთ ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში სამსახური 2018 წელს დავკარგე, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ გეი ვარ. ახალ სამსახურს იმავე მიზეზის გამო ვერ ვიწყებ. ახლახან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადი გავგზავნე. ჩემი შიში და უარყოფის განცდა უსასრულოა და მას შემდეგ, რაც თურქეთი სტამბულის კონვენციიდან გავიდა, კიდევ უფრო გამძაფრდა. განსაკუთრებით მაშინ ვშიშობ, როცა სახელმწიფო უწყებებთან მიწევს შეხება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ჰომოსექსუალობა აკრძალული არაა, საზოგადოება მაინც ნეგატიურად არის განწყობილი. თურქეთში ჰომიციდის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია, ხელისუფლებამ კი ყველა ლგბტქი თემთან დაკავშირებული ღონისძიება აკრძალა. მინდა, ეს ქვეყანა დავტოვო და ნორმალური, უსაფრთხო ცხოვრებით ვიცხოვრო, სანამ ძალიან გვიან იქნება“.

ქვიარ ადამიანების სამწუხარო გამოცდილებების პარალელურად, სირიელი ლგბტქი აქტივისტები კამპანიებს გეგმავენ, რათა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები შეიცვალოს და უფლებებზე საუბარი გააქტიურდეს. მსგავსი ინიციატივები, უმეტეს შემთხვევაში, დასახულ მიზანს ვერ აღწევს და დაგეგმვის სირთულეების, განგრძობითი ხასიათის არარსებობის გამო, ამ ინიციატივებს მალევე ივიწყებენ.

24 მარტს, სირიელმა აქტივისტებმა და ლგბტქი თემის ნაწილმა სირიული ორგანიზაცია Guardians of Equality Movement (თანასწორობის მოძრაობის მცველები) დააარსეს, რომელიც მიზნად ლგბტქი ადამიანთა უფლებების დაცვას ისახავს. აღნიშნული ორგანიზაცია პირველი ნაბიჯია სირიელი ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ განმეორებითი დანაშაულების შესაჩერებლად და დაცვის გარანტიების შესაქმნელად.

„GEM განსაკუთრებით მოწყვლადი სირიელი ლგბტქი ადამიანების დაცვასა და ადამიანის უფლებების ადვოკატირებას ისახავს მიზნად, როგორც სოციალურ, ისე დიპლომატიურ დონეზე და არ ითვალისწინებს ადამიანთა პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ კუთვნილებას. ჩვენი პროგრამები სირიელი ლგბტქი ადამიანების აუცილებელ საჭიროებებს უზრუნველყოფს და მათ, მათ შორის, ნაკლებად უსაფრთხო გარემოში, ჰოლისტური დაცვის სერვისებს აწოდებს, აღვრიცხავთ ლგბტქი უფლებების დარღვევებს, ვატარებთ კვლევებს და ადვოკატირებას ვუწევთ ლგბტქი უფლებების დაცვას“, — ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებსაიტზე.

Al-Monitor-თან საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა და თქვა — „წარსულში ორიენტაციის გამო დამაკავეს და იძალადეს, ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ სირიაში ლგბტქი უფლებების დაცვისთვის არცერთი ორგანიზაცია არ მუშაობდა. ამან მიბიძგა, რომ თანამოაზრეები, აქტივისტები შემომეკრიბა და GEM დამეარსებინა. სამიზნე აუდიტორიამდე მედიის, სოციალური მედიის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ჩვენივე წევრების დახმარებით ვაღწევთ. ბენეფიციართა უსაფრთხოების და ანონიმურობის დასაცავად მონაცემთა დაცვის ძლიერ მექანიზმებს ვიყენებთ. მას შემდეგ, რაც ძალადობის ფაქტს გამოვიძიებთ, მსხვერპლებს ფინანსურ დახმარებას და უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ვთავაზობთ.

„გასულ წელს დროებით დამაკავეს. ოჯახთან კონტაქტი და ადვოკატის აყვანა შემიზღუდეს. დაკავებიდან 4 დღეში, როცა ცემის გამო ჩემი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა, კლინიკაში გადამიყვანეს და ამის შემდეგ გამომიშვეს. არც მერე მომასვენეს და ჩემს სახლს გამუდმებით არბევდნენ. GEM-ისგან $7-ათასიანი გრანტი მივიღე და ქალაქგარეთ გადავცხოვრდი. ახლა თურქეთში გაღწევა და ევროპაში გადასვლა მინდა“, — აღნიშნა ლგბტქი ორგანიზაციის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა. 

სირია ათწლეულზე მეტია, სისხლიან კონფლიქტშია ჩართული და ამ დროის განმავლობაში ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის, მათ შორის, გატაცების, დაკავების, სექსუალური ძალადობის შემთხვევები სირიის არაერთ რეგიონში გახშირდა. საერთაშორისო ორგანიზაციები გამოსავლის პოვნას ვერ ახერხებენ, საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების დახმარება რომ შეძლონ, რასაც ძალადობის ფაქტებზე საერთაშორისო მედიის დუმილი ემატება. სირიის ლგბტქი თემის შესახებ მიახლოებული სტატისტიკაც კი არ არსებობს, რადგან უმეტესობა საკუთარი იდენტობის გამხელას ერიდება.

ფადელ აბდულ განი, ადამიანის უფლებათა დამცველი სირიული ქსელის დირექტორი აღნიშნავს, რომ უფლებადაცვით საქმიანობას სირიაში არსებული უარყოფის მდგომარეობა და საზოგადოების ლგბტქი თემის საწინააღმდეგო განწყობა ართულებს, ამიტომ „ორგანიზაციები ადამიანთა დაცვას ვერ ახერხებენ. ლგბტქი სირიელებზე თავდასხმების, მათ შორის, მკვლელობის, წამებისა და იძულებითი გასახლების შემთხვევები გრძელდება, სანამ უფლებადაცვითი ორგანიზაციები მდგომარეობის დიდ აუდიტორიამდე მიტანისგან თავს იკავებენ“.

წყარო: AL-Monitor