პოლიტიკა - Page 36

/

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან

/

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა? ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი იდენტობის პოლიტიკისა და ქვიარ პოლიტიკის შეპირისპირებაა. ორივე სახის სტრატეგიას საკმაოდ ძლიერი და მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

/

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

Amazon-მა უარი თქვა, ტრანსფობიური წიგნი გაყიდვიდან ამოეღო

/

მას შემდეგ, რაც Amazon-მა უარი თქვა, ტრასფობიური წიგნი გაყიდვიდან ამოეღო, Amazon-ი ორმა თანამშრომელმა დატოვა. ამ წიგნმა აზრთა სხვადასხვაობა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, გამოქვეყნებისთანავე გამოიწვია.

აპრილში, Amazon-ის 467 თანამშრომელმა მხარი დაუჭირა ორგანიზაციულ საჩივარს წიგნის – Irreversible Damage-ის (”შეუქცევადი ზიანი”) წინააღმდეგ, რომელიც Wall Street Journal-ის მიმომხილველმა, აბიგაილ შრიერმა დაწერა. წიგნის ქვესათაური მკითხველს აფრთხილებს, რომ ”ტრანსგენდერების სიგიჟე” ახალგაზრდა გოგონებს ”უბიძგებს” ტრანზიციისკენ. Amazon-ის თანამშრომლების მტკიცებით, მწერლის პოზიცია არ შეესაბამება Amazon-ის პოლიტიკას, რომელიც კრძალვს ისეთი წიგნების გაყიდვას, სადაც ლგბტქ+ იდენტობა ფსიქიკურ დაავადებად მიიჩნევა. აღნიშნული პოლიტიკა ძალაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა.

Amazon-ის წიგნის შინაარსისა და ხარისხის დირექტორი ამტკიცებს, რომ ”წიგნი არ არღვევს კომპანიის პოლიტიკას” და ზემოაღნიშნული წიგნის საცალო გაყიდვები გაგრძელდება. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ორი თანამშრომლის სამსახურიდან წასვლა.

აბიგაილ შრიერი თავის წიგნში ამბობს, რომ ტრანსგენდერი ახალგაზრდების რეკორდული ზრდა გამოწვეულია არა საზოგადოების მიმღებლობით, არამედ სწრაფად მზარდი გენდერული დისფორიით. წიგნში ხაზგასმულია, რომ ტრასგენდერობა ტრენდადაა ქცეული, სისგენდერი ქალები ფიქრობენ, რომ ეს “მაგარია” და ტრასგენდერობისკენ მიისწრაფვიან.

მიუხედავად ამისა, შრიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი წიგნი არ არის ტრანსფობიური. ”ვინც ფიქრობს, რომ ჩემი წიგნი ტრანსგენდერობას დაავადებად წარმოაჩენს, ან არ წაუკითხავს, ან კეთილსინდისიერი იდიოტია”, – დაწერა მან Twitter-ზე.

ავტორმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის პატივს სცემს ტრანსი მოზარდების გადაწყვეტილებას და დასძენს, რომ მისი მთვარი მიზანი მათი მშობლების გაფრთხილება იყო ტრანზიციის პროცესთან დაკავშირებით.

დოქტორმა ჯეკ ტურბანმა, Stanford Medicine-ის ბავშვთა ფსიქიატრიის საზოგადოების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შრიერმა რეალურად ვერ შეძლო ინტერვიუ ჩაეტარებინა იმ თინეიჯერებთან, რომელთა ისტორიებიც წიგნში გვიამბო. მან დასძინა, რომ მოზარდობის შემდეგ იშვიათია ტრანსგენდერი ახალგაზრდა, რომელიც მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ სისგენდერია.

ბევრი ამბობს, რომ ამაზონის გადაწყვეტილება, გააგრძელოს წიგნის გაყიდვა, საფრთხეს უქმნის ტრანსი ახალგაზრდების უსაფრთხოებას. Amazon-ის თანამშრომლები შეშფოთებული არიან იმით, რომ ტრანსგენდერთა საძიებო ჩამონათვალში Irreversible Damage პირველ ადგილს იკავებს.

NBC News ავრცელებს Amazon-ის ერთ-ერთი თანამშრომლის შიდა ფორუმზე დაწერილ განცხადებას: ”ჩვენი პლატფორმის მასშტაბურობის გამო, ტრანსგენდერი ადამიანების მშობლები შემოვლენ ჩვენს საიტზე ინფორმაციის მისაღებად და ჩვენ ვალდებული ვართ დავრწმუნდეთ, რომ არ გამოვიყენებთ ჩვენს უპირატესობას ამ წიგნით მიყენებული ზიანის გასაზრდელად.”

მიუხედავად ვნებათაღელვისა, Amazon-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ არ შეცვლის გადაწყვეტილებას და წიგნს გაყიდვაში დატოვებს. ერთ-ერთმა დიდმა ონლაინ მაღაზია ”თარგეთმა” ნოემბერში განაცხადა, რომ წიგნს გაყიდვიდან ამოიღებდა, შემდეგ ცენზურის გამო დროებით გადაიფიქრა, თუმცა მარტის თვიდან წიგნი მათ ვებსაიტზე აღარ იძებნება.

წყარო: them.us

უნგრეთი ანტი-LGBTQ+ კანონის დასაცავად რეფერენდუმს ჩაატარებს

/

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი გეგმავს, რომ რეფერენდუმის გზით დაიცვას გასულ თვეში მიღებული ანტი-ლგბტქ+ კანონი. ოთხშაბათს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ორბანმა განაცხადა, რომ ჩატარდება ეროვნული რეფერენდუმი, რომლის საშუალებითაც, უნგრელი ამომრჩეველი შეაფასებს ამ კანონს, რომელსაც ცოტა ხნის ევროკავშირმა ”სამარცხვინო” უწოდა და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში.

კანონი კრძალავს, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა ინფორმაცია მიიღონ ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის შესახებ სკოლებსა და მედიაში. ”ჩვენი ბავშვების მომავალი საფრთხის ქვეშ დგას, ამიტომ ამ საკითხს ასე ვერ დავთმობთ. ბოლო კვირების განმავლობაში, ბრიუსელმა აშკარად შეუტია უნგრეთს ბავშვების დაცვის კანონის გამო.” – ამბობს ორბანი.

ეს ნაბიჯი საპასუხო რეაქციაა ევროკავშირის ლიდერების განცხადებების წინააღმდეგ, რომლებმაც მკაცრად დაგმეს ანტი-ლგბტქ + კანონი. ჰოლანდიის პრემიერმინისტრმა, მარკ რუტერმა, უნგრეთს მოუწოდა, დაეტოვებინა ევროკავშირი და თქვა, რომ ევროკავშირში უნგრეთის ადგილი არ არის. როგორც ცნობილია, ივნისში ორბანს დახურულ შეხვედრაზე დაუპირისპირდა ლუქსემბურგის ღიად გეი პრემიერმინისტრი ქსავიერ ბეთელი.

”ბაბუაჩემი ებრაელი იყო, მე გეი ვარ და შემიძლია, თავისუფლად ვიცხოვრო. მე წავიკითხე ეს კანონი, მე ვიცი, რა ხდება, როდესაც თქვენ ხალხს უმცირესობად აქცევთ.” – თქვა ბეთელმა ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე.

საბოლოოდ, საკითხს ევროპული სასამართლო გადაწყვეტს, რომელსაც შეუძლია, უნგრეთს მნიშვნელოვანი ჯარიმები დაუწესოს.

ფოტო: Mark Kerrison/Getty Images

წყარო: them.us

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

/

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა.

”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან ყოფნა, ამ ოთახში ყოფნა, ამ შენობაში ყოფნა, არ ეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ეს ეხება იმას, რასაც ჩვენ ამერიკელი ხალხის სახელით ვაკეთებთ.”

ადვოკატირების ჯგუფის, MoveOn-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი მთავარი ოფიცერი ჟან-პიერი, ბაიდენის პრეზიდენტობის პირველივე თვეებში მოექცა ყურადღების ცენტრში და შევიდა ისტორიაში. პირველად 2020 წელს, როდესაც ის ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიისას, შტაბის უფროსად დაინიშნა – ის იყო პირველი ლგბტქ + ადამიანი ამ როლში. ასევე, ის არის პრეზიდენტის პრესმდივნის მთავარი მოადგილე.

როგორც კარინი ამბობს, თეთრ სახლში მისი ყოფნა უპრეცედენტო ამბავია და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თანასწორობის იდეის ერთგულებას ასახავს. თანამდებობაზე მუშაობის პირველ დღეს ბაიდენმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც ფედერალური მთავრობის ყველა განყოფილებას დაავალა, შეესწავლათ და გამოეკვლიათ ლგბტქ+ ადამიანების საწინააღდეგო პროცესები და რამდენიმე დღეში გააუქმა დონალდ ტრამპის ტრანს სამხედრო აკრძალვა.

”პრეზიდენტს სჯერა, რომ ქვიარ წარმომადგენლობას მნიშვნელობა აქვს და მე ვაფასებ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ისტორიაში ეს არის პრეზიდენტის ყველაზე მრავალფეროვანი ადმინისტრაცია .” – ამბობს კარინ ჟან-პიერი.

ჟან-პიერთან ერთად ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს ტრანსგენდერი ქალი, დოქტორი რეიჩელ ლევინი, რომელიც მუშაობდა ჯანდაცვის მდივნის თანაშემწედ, ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების დეპარტამენტში (HHS).

წყარო: them.us

ევროკავშირმა უნგრეთსა და პოლონეთში ანტი-ლგბტქ+ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო

/

ევროკავშირი ოფიციალურად უჩივის სასამართლოში უნგრეთსა და პოლონეთს ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტის გამო. ევროკომისიამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ იწყებს მოქმედებას. გასულ თვეში უნგრეთმა ანტი-ლგბტქ+ ”პროპაგანდისტული” კანონი მიიღო, ხოლო პოლონეთის 100-ზე მეტმა მუნიციპალიტეტმა თავი “ლგბტ თემისგან თავისუფლად” გამოაცხადა.

ივნისში, უნგრეთმა მიიღო რუსეთის ტიპის ”ანტიპროპაგანდისტული” კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის ”პოპულარიზაციას” არასრულწლოვნებში. აკრძალვა ეხება როგორც სკოლებს, ასევე, მედიას – სატელევიზიო გადაცემებსა და რეკლამებსაც კი.

ევროკომისიის განმარტების თანახმად, ასეთი პოლიტიკა არღვევს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლს. მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის დეკლარაციაში კონკრეტულად არ არის ნახსენები LGBTQ+ თანასწორობა, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებაში მოცემულია ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები – თანასწორობა, ღირსებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ”კომისია გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ამ ღირებულებების დასაცავად” – ნათქვამია პრესრელიზში.

ევროკავშირის მხრიდან ეს ღონისძიებები მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, გასულ კვირას პირობა დადო, რომ ევროკავშირი გამოიყენებდა ყველა შესაძლო საშუალებას უნგრეთსა და პოლონეთში ანტი-ლგბტქ+ კანონის წინააღმდეგ. ამ კანონის გარდა, უნგრეთმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც 2020 წლიდან უკრძალავს ტრანს ადამიანებს სქესის შეცვლასა და ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანას. ”ევროპა არასდროს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების რომელიმე წევრის სტიგმატიზირებას, იქნება ეს იმის გამო, თუ ვინ უყვართ, მათი ასაკის, ეთნიკური ნიშნის, პოლიტიკური მოსაზრებებისა თუ რელიგიური მრწამსის გამო.” – თქვა ფონ დერ ლეიენმა.

უნგრეთსა და პოლონეთს ორი თვე აქვთ იმისთვის, რომ უპასუხონ ევროკავშირის საჩივარს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლო მიიღებს, ევროკავშირის უმაღლესი იურიდიული ორგანო, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, დააკისროს მნიშვნელოვანი ჯარიმები ამ ქვეყნებს.

კანონი, რომელიც ოფიციალურად გასულ კვირას ამოქმედდა, უკვე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ლგბტქ+ თემს. ბუდაპეშტში წიგნის მაღაზია 700 დოლარით დააჯარიმეს ერთნაირსქესიანთა ოჯახების შესახებ წიგნის გაყიდვის გამო, ასევე, ტრანსგენდერმა მასწავლებელმა ცოტა ხნის წინ უთხრა Reuters- ს, რომ ნერვიულობს, რაგან შეიძლება სამსახურიდან გააგდონ. ”მე ყურადღებით გავეცანი კანონს, რომ ვნახო, შეიძლება თუ არა ჩემთვის მასწავლებლად მუშაობის გაგრძელება” – ამბობს ფლორის ფელეგი-ბალტა, რომელიც საშუალო სკოლაში ქიმიას ასწავლის. ”კანონის ერთი ინტერპრეტაცია ის არის, რომ სკოლაში უბრალო მისვლითაც, მე ტრანსსექსუალობას გამოვხატავ.”

მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა უცხოელი ლიდერების მხრიდანაც, რომლებიც მოითხოვენ, რომ უნგრეთმა ევროკავშირი დატოვოს, უნგრეთი უკან არ იხევს.

წყარო: them.us

ფოტო: NurPhoto

ერთადერთი განაცხადი, რასაც უნდა ამზადებდეს, გადადგომის შესახებ განცხადებაა – გიორგი თაბაგარი

/

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 2024 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადისთვის ემზადება, Tbilsi Pride-ს დირექტორმა, გიორგი თაბაგარმა ფეისბუქზე დაწერა:

”ირაკლი ღარიბაშვილი ურცხვად აცხადებს, რომ მისი მთავრობა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება.

ამ კაცმაცუნას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ევროპული ღირებულებები და რაში მდგომარეობს ევროკავშირის იდეა!

ერთადერთი განაცხადი, რასაც ღარიბაშვილი ახლა უნდა ამზადებდეს, არის გადადგომის შესახებ განცხადება!”

რწმენა ისაა, როცა გჯერა, რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია – მაკა ჩიჩუა

/

”ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა და ა.შ. აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, ხმამაღლა და, რა თქმა უნდა, ძალადობის გარეშე.

ზოგადად, ჩვენი შვილები დღეს ძალიან ფერადები და თავისუფლები არიან, უყვართ სიცოცხლე. მე არ მინდა, რომ ისინი იყვნენ დათრგუნულები, შეშინებულები და არ შეეძლოთ, ისე გაიკეთონ თმა, როგორც უნდათ, რაც უნდათ, ის ჩაიცვან და ამის გამო, მშობლებს ჰქონდეთ შიში, რომ ბავშვი ფერადი მაისურით გავიდა. ეს ხომ მარაზმია?! ეს ხომ ჩვენ ძალიან ბნელ მხარეს მიგვაქანებს?!

ისტორიას რომ გადახედოთ, ყველაფერი უმცირესობებმა ბრძოლით მოიპოვეს. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა უსისხლოდ, რა თქმა უნდა, ძალადობის გარეშე. მაგრამ ძლიერი რწმენით. რწმენა ზუსტად ამაში მდგომარეობს, რწმენა არის ის, რომ შენ გჯერა, ყველა ადამიანი ღმერთის შვილია და ყველას აქვს უფლება, ამ მზის ქვეშ თავისუფლად ისუნთქოს და იაროს.

ნუ აფუჭებთ და აბნელებთ ქრისტეს მოძღვრებას.”

Front Line Defenders საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

/

Front Line Defenders ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მისია ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე აქტივისტების უფლებების დაცვა და მათი მხარდაჭერაა.

Front Line Defenders-მა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც 5 ივლისსა და შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დაგმო ”თბილისი პრაიდის” ოფისზე, აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმები.

წერილში საუბარია იმაზე, რომ 1-5 ივლისის პრაიდის კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს თავს ესხმოდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები. 1 ივლისს, კვირეულის გახსნაზე, დახურულ კინოჩვენებაზე მისულ დიპლომატიურ კორპუსსაც დაესხნენ თავს და კვერცხებს ესროდნენ. დაანონსებული ”ღირსების მარში” გაუქმდა, რადგან საპატრიარქომ მოუწოდა ხალხს, ქუჩაში გამოსულიყვენენ და ელოცათ, რათა მარში არ გამართულიყო. მრევლთან ერთად ქუჩებში დათარეშობდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედებდნენ და პოლიცია მათ არ აჩერებდა. იძალადეს 50-მდე ჟურნალისტზე, რასაც მოგვიანებით მოჰყვა ჟურნალისტის – ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, ასევე, დაარბიეს ”თბილის პრაიდის” ოფისი და თავად აქტივისტებსაც დევნიდნენ საჯარო სივრცეებიდან.

Front Line Defenders გმობს ლგბტქი+ უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების დაშინებასა და მიზანში ამოღებას. მიმდინარე მოვლენები ქვეყანაში არ ქმნის გარემოს, სადაც ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

Front Line Defenders მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას: მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს ”თბილისი პრაიდისა” და სხვა აქტივისტურ ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვა და უსაფრთხოება;

აწარმოოს სასწრაფო და სრულყოფილი გამოძიება LGBTQI+ უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებსა და ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე, ისევე, როგორც ჟურნალისტ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე. გასაჯაროვდეს გამოძიების შედეგები და დაისაჯონ პასუხისმგებელი პირები;

მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ სახელისუფლებო და სხვა საჯარო პირებმა თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც ხელს უწყობს LGBTQI+ უფლებათა დამცველების სამუშაოს მიმართ სტიგმას და საჯაროდ დაგმონ LGBTQI+ ადამიანების ცილისწამება;

გასცენ გარანტია იმისა, რომ საქართველოში ყველა უფლებადამცველი ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს, განახორციელოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ლეგიტიმური საქმიანობა ყველა შეზღუდვის, მათ შორის, სამართლებრივი დევნის შიშის გარეშე.

ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს! – მეღვინეები

/

საქართველოს პრო-დასავლელი მეღვინეები მიმართვას ავრცელებენ:

”საქართველოს მეღვინეები, ვინც ამ წერილს ვუერთდებით, მოგმართავთ ყველას, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენი ღვინის მსმელებს, დამფასებლებსა და ჩვენი ცხოვრების წესის მცოდნე ხალხს, ჩვენს მეგობრებს, ჩვენი საქმიანობის ნიუანსების მცოდნე და თანამონაწილე ადამიანებს, პარტნიორებს, პროფესიონალებს, მოყვარულებს, ძველსა თუ ახალ თაობას. მოგმართავთ ადამიანები, რომლებიც ვაგრძელებთ, ვქმნით და წარმოვადგენთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტრადიციას, მეღვინეობას, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს და ქვეყნის სავიზიტო ბარათს.

ამ წერილის ხელმომწერთა უდიდესი ნაწილი ვართ მცირე მარნების მფლობელი მეღვინეები, ვისთვისაც, როცა ამ საქმეს ხელს ვკიდებდით, ძირითადი მიზანი არასოდეს ყოფილა ფულის კეთება. ამ საქმეს მივყვებით ჩვენი ქვეყნის, ტრადიციების სიყვარულით, სისხლში გამჯდარი ინტერესით მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ და იმის შეგნებით, რომ მნიშვნელოვან და დასაფასებელ როლს ვასრულებთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის განვითარების საქმეში, სადაც ჩვენს წილ აგურს პირნათლად ვდებთ.

საქართველოს აწმყოსა და მომავალს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვქმნით, ჩვენ ჩვენი სფეროების განვითარებითა და საუკეთესოდ წარმოჩინებით. ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლოდ ჭირდება მშვიდობა, ეკონომიკის ზრდა და განვითარება, რომ შევქმნათ თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობისთვის აუცილებელი გრძელვადიანი პირობები. ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, შიდა დაძაბულობა ერთიანად გვაზარალებს როგორც მეღვინეებს, ისე ჩვენი ეკონომიკის თითოეულ სფეროს. პრობლემა იმდენად ჩვენს ჯიბეებზე ასახული ზარალი არ არის, რამდენადაც – თითოეული დარგის განვითარების შეფერხება, წლობით ნაშენები იმიჯის ჩამოშლა, ბაზრების დაკარგვა და ტურიზმის კვდომა, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეების ჯიბესა და კეთილდღეობაზე აისახება.

დასავლეთის ბაზრებზე გასვლა გადამწყვეტი იყო მეღვინეობის განვითარებისთვის. რუსული ბაზრებიდან იძულებითმა რეორიენტაციამ შესანიშნავი სამსახური გაუწია ჩვენი დარგის განვითარებას. დღეს ჩვენ არა მხოლოდ უფრო ძვირად ვყიდით ღვინოს, არამედ – ვაწარმოებთ გაცილებით უკეთეს პროდუქტს და მყარად ვიმკვიდრებთ ადგილს მსოფლიო ღვინის ოჯახში, საიდანაც ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ უსამართლოდ გაგვაქრეს. დღეს ჩვენ საქართველოს ეკონომიკის გაცილებით დიდ სეგმენტს ვკვებავთ, ვიდრე ეს შეგვეძლო 10-15-20 წლის წინ. ჩვენი დარგის განვითარება სისხლხორცეულად არის დამოკიდებული ჩვენს ღირებულებით და ბიზნეს კავშირებზე დასავლეთთან, რომელიც არის ცოდნის წყარო და იდეებითა და ახალი შემოქმედებითი იმპულსებით კვებავს საქართველოს მეღვინეობას.

როგორც ეკონომიკის, ისე ზოგადად საზოგადოების განვითარება პირდაპირაა დამოკიდებული თავისუფლების ხარისხზე ქვეყანაში. თავისუფლება გადამწყვეტია ყველა ასპექტში – როგორც მორალური და ფილოსოფიური პრინციპი და როგორც განსაკუთრებული დინამიზმის მიმცემი საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფეროსადმი. მრავალფეროვნება, შემწყნარებლობა, მშვიდობა, სოციალური კაპიტალი… არასრული ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც მოაქვს თავისუფლებას საზოგადოებისათვის. ქვეყნისთვის საშიში და პრინციპულად სრულიად მიუღებელია, როცა საქართველოს იმიჯი, დინამიურად განვითარებადი, ძალიან საინტერესო დასავლური ქვეყნიდან გადაიქცევა შინააშლილობის, შეუწყნარებლობის, ქაოსის, ჩამორჩენილობის სიმბოლოდ. ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩვენი ეკონომიკის ყველა დარგს, მძიმედ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ამ წერილს ხელს ვაწერთ იმ იმედით, რომ საზოგადოება ნახავს სხვა ანალოგიურ გამოხმაურებებს სხვადასხვა პროფესიული წრეების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოების ნაწილის, ვალია, სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საზოგადოების საქმიანი და შემოქმედებითი ნაწილი მკვეთრად ვემიჯნებით და ვგმობთ ჰომოფობიას, ძალადობასა და ანტი-დასავლურ განწყობებს, რასაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება აღვივებს.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მტერია უმცირესობების შეუწყნარებლობა, რამაც წარსულშიც მძიმე შედეგები გვაწვნია და მომავალშიც მხოლოდ ნგრევითა და სტანგაციით გვემუქრება. მიგვაჩნია, ასევე, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა დაიცვას კონსტიტუციით მოქალაქეთათვის გარანტირებული უფლებები და კანონის წინაშე მკაცრად აგებინოს პასუხი ნებისმიერს, ვინც ავლენს ჰომოფობიას, შეუწყნარებლობას, ახორციელებს თუ მოუწოდებს ძალადობისაკენ, იქნება ეს საერო პირი თუ სასულიერო წოდების წარმომადგენელი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, ბიზნესმენი თუ – უბრალო მოქალაქე.

ამ წერილზე ხელმოწერით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია საქართველოს განვითარება და თვითმყოფადობა, თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლება, კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფა, სამოქალაქო მშვიდობის დაცვა და განუხრელი ინტეგრაცია დასავლეთთან, სადაც ისტორიულად ყოველთვის იყო ჩვენი ცივილიზაციური ადგილი. ჩვენ, საქართველოს მეღვინეები, საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოველთვის ამ პრინციპების მიხედვით მივიღებთ პირად გადაწყვეტილებებს!”

ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების წერილი საქართველოს მთავრობას

/

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს მთავრობას პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილი გაუგზავნეს: 

”ბატონო მინისტრო,

მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.

მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.

კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. 

მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.

ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. და ბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ.

ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

დაბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის.

ხელმომწერები:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო

ბელგიის სამეფოს საელჩო

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

დანიის სამეფოს საელჩო

ესპანეთის სამეფოს საელჩო

ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო

ირლანდიის საელჩოს

იტალიის რესპუბლიკის საელჩო

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო

პორტუგალიის საელჩო

რუმინეთის საელჩო

საბერძნეთის საელჩო

საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო

სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო

უნგრეთის საელჩო

ფინეთის საელჩო

შვედეთის სამეფოს საელჩო

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო”

მხოლოდ ხეობის გადასარჩენად?

/

მათეს 24:10 – მაშინ ცდუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს

განცხადება, რომელიც ”რიონის ხეობის გადარჩენისთვის” საინიციატივო ჯგუფმა გაავრცელა, სწორედ იმ ადამიანების შეურაცხყოფა და მარგინალიზებაა, რომლებმაც მათი ბრძოლა ერთი ხეობის პრიზმიდან გამოიყვანეს და საერთო გახადეს.

მიმართვა ხეობის მცველებს – ამდენი ადამიანი მხარს სწორედ იმიტომ გიჭერთ, რომ სჯერათ, თქვენ ხართ ის ნაპერწკალი, რომელმაც ჯერ რიონში, შემდეგ კი სრულიად საქართველოში სამართლიანობისა და თანასწორობის ცეცხლი უნდა დაანთოს. ეს ცეცხლი თქვენ გვერდით მდგომ ახალგაზრდებს გულით დააქვთ და ცდილობენ, თავიანთ გარშემო პატარ-პატარა კოცონებად გაარცელონ, რადგანაც სწორედ ამ კოცონს მოჰყვება დიდი ხანძარი, მე ამის მჯერა. ნუ ეცდებით ამ ცეცხლის ჩაქრობას, ამით მხოლოდ საკუთარ თავს არ დააზიანებთ, არამედ ყველას თქვენ გარშემო. ეს პასუხისმგებლობა თქვენ უნდა აიღოთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ განსხვავებულობა გვხდის უნიკალურს და განსაკუთრებულს. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ქვეყანა თავისი მრავალფეროვნებით ყოველთვის ჰგავდა აღმოსავლურ ფერად ხალიჩას და ამიტომ იყო საინტერესო თუ მიმზიდველი დანარჩენი მსოფლიოსთვის.

ეს ბრძოლა და ეს ხეობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, მეგობრებო, ხეობა ყველა ქართველისაა. არავის უნდა, სახლში მისასვლელი გზები გადაუკეტონ, ან ქუჩაში გამოსვლის ეშინოდეს, საკუთარი იდენტობის გამო თავს ესხმოდნენ, მდინარეს უშრობდნენ.

როცა ხეობას უჭირდა და დახმარებას ითხოვდით, ქვიარები გვერდში დაგიდგნენ, თქვენი განცხადებით კი, სამწუხაროდ, ყველანი დავსუსტდით.

მათეს 5:39 – ვინც ერთ ლოყაში გაგარტყას მეორეც მიუშვირე

რიონის ხეობის მცველები დახმარებას ითხოვდნენ და მიიღეს კიდეც. არა მხოლოდ 250 დღე, უკვე წლებია, საქართველოში LGBTQ+ თემი იგივე მდგომარეობაშია. სისტემა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ეფარება, ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას არაფრად თვლის, აღარაფერს ვამბობ ქართულ მიწასა და ბუნებაზე. ორივე შემთხვევაში, ბრძოლა ერთ იდეას ემსახურება და ერთიანობის გარეშე მარცხი გარდაუვალია.

მხარდაჭერის ნაცვლად, LGBTQ+ თემს დაუპირისპირდნენ. მხარდამჭერების დაკარგვის შეეშინდათ. ეს უკვე პოლიტიკის ლაბირინთია ადამიანურ შიშებთან ერთად, თავი დაიზღვიეს და ადამიანების იმ ჯგუფზე მიიტანეს იერიში, რომლებსაც იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მათი მხარდაჭერა. დაუცველს დაარტყეს, რაც აბსოლუტურად საპირისპირო ქმედებაა იმისა, რასაც ისინი აქტივისტებისგან ითხოვენ ხოლმე, ან რაც ადამიანურ თუ ქრისტიანულ მორალში ჯდება. იგივე გაიმეორეს, რასაც უმრავლესობა აკეთებს ყოველდღიურად საქართველოშ ი. ეს მათი სისუსტეა, ქვიარების – არა. ქვიარ საზოგადოებამ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას.

ნამახვანელების განცხადებამ თემის წევრებს იმედები გაუცრუა და ეს იმედგაცრუება სოციალურ ქსელში გამოხატეს (”სჯობდა ჰესი აეშენებინათ” და ა.შ.). აბსოლუტურად მესმის ამ ადამიანების. მათთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო ხეობის მცველების განცხადება, რომლის გაკეთების საჭიროება სრულებით არ არსებობდა და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ნამახვანელების დუმილი ოქრო იქნებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, მგონია, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს და მათი განცხადების გამო, განსხვავებული აზრი ამაზე არცერთ ქვიარს არ უნდა გაუჩნდეს, რადგან პროექტი საფრთხის შემცველი და დამანგრეველია, როგორც ბუნებისთვის, ასევე ადამიანებისთვის.

ეფესელთა 4:32 – იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ

მინდა, ხეობის მცველებმა გაიაზრონ ერთი რამ – ქვიარი ადამიანი პირველ რიგში თანასწორობის დროშით მიიწევს წინ და ამ გზაზე მილიონჯერ მარცხდება. იმარჯვებს, მარცხდება და გზას მაინც აგრძელებს, რადგან თავისუფლება და თანასწორობა არასდროსაა სტატიკური, პირიქით, ის მუდმივ ბრძოლაში იბადება, იზრდება და იწრთობა.

ნამახვანელებო, მჯერა, რომ ის ქვიარი ადამიანები, რომლებიც ახლა კარვებში თქვენთან ერთად ტეხენ პურს და ღამეებს ათენებენ, ისევ დარჩებიან ამ ბრძოლაში – მათ არ აინტერესებთ თქვენი აღმსარებლობა თუ სექსუალური ორიენტაცია, იმ შეურაცხყოფაზეც კი შეუძლიათ თვალი დახუჭონ, რომელიც მიაყენეთ და მინდა, სწორედ მათგან ისწავლოთ მიტევება და შენგან განსხვავებულის პატივისცემა.

როცა ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება (მე ამის მჯერა), როცა ახალი საომარი ველი გადაგვეშლება წინ, იმედია, მაშინ მაინც გამოფხიზლდებით, ბოდიშს მოუხდით ამ ადამიანებს და ეტყვით, თუ რამდენად დიდი შეცდომა დაუშვით და როგორ ნანობთ ამას.

ირაკლი კირკიტაძე