პოლიტიკა - Page 39

/

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან

/

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებზე იძალადოს. მისი აზრით, ნეოფაშისტური ჯგუფები ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ. “ჩაიარონ, დიახ! არავის

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

/

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა? ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

თამარ ჩერგოლეიშვილი 17 მაისის შესახებ

/

(თამარ ჩერგოლეიშვილი – ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალ ტაბულას დამფუძნებელი)

წელიწადის 365 დღიდან ნებისმიერი დღე ეკუთვნის ყველას, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს. წელიწადის ნებისმიერ დღეს, 17 მაისი იქნება, თუ რომელიმე სხვა დღე,

ვისაც უნდა მოუნდეს შეკრება და საკუთარი, თუნდაც სხვისთვის კატეგორიულად მიუღებელი აზრის გამოხატვა, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რადგან მას ამის თანდაყოლილი უფლება აქვს.

სახელმწიფო ვალდებულია, მისი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება უზრუნველყოს, მიუხედავად მოქალაქის სექსუალური და გენდერული იდენტობისა, კანის ფერისა, რელიგიური კუთვნილებისა, ეთნიკური წარმომავლობისა და ა.შ. ეს არის აუცილებელი პირობა საზოგადოების წინსვლისთვის. ეს არ არის ერთი რომელიმე ჯგუფის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი განუზომლად მეტად განიცდის თავისუფლების შეზღუდვას. ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. საზოგადოების ქსოვილი ჯანსაღი მაშინაა, როდესაც ყველა ჯგუფს შეუძლია თვითრეალიზება და თამაშგარედ არავინაა დარჩენილი.

გასაგებია, რომ იდეალური სურათი არსადაა, ადამიანის უფლებები ყველგან ირღვევა, მაგრამ წინ ის ქვეყნებია და ადამიანები იმ ქვეყნებისკენ ისწრაფვიან, სადაც საზოგადოება მუდმივად იბრძვის თავისუფლებისთვის და ილტვის მსგავსი ჰარმონიისკენ.

ჩემთვის ეს ჰარმონია ყველაზე კარგად რუსთაველმა აღწერა „ვეფხისტყაოსნის“ ჰეფი-ენდში, ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის ქორწილში:

„ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,

ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,

ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,

შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.“

მე ამ სტროფს კანონის წინაშე თანასწორობად, გაჭირვებულის დახმარებად, დამნაშავისგან კანონმორჩილის დაცვად და დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიან თანაცხოვრებად აღვიქვამ, სწორედ იმად, რასაც ლიბერალური დემოკრატია განასახიერებს.

ამგვარი საზოგადოებისკენ სწრაფვა ჩემთვის ერთგვარი კოდია, რომელიც პასუხს სცემს კითხვას, რატომ მოვევლინეთ სამყაროს.

ქართული საზოგადოება პოსტტოტალიტარული, ნახევრადაგრარული საზოგადოებაა, რომლის მოდერნიზაცია ახლაც მიმდინარეობს. ტოტალიტარულ საზოგადოებაში ადამიანებს პათოლოგიურად ეშინიათ იმ სახის დაკარგვის, რასაც მათ საზოგადოება უსაზღვრავს.

ამდენად, ასეთ საზოგადოებებში განსხვავებულის მიმართ შიში კანონზომიერია, მაგრამ – დაძლევადი. 90-იან წლებში ასეთ შიშებს რელიგიური უმცირესობები აღძრავდნენ და მათ მიმართ აგრესიის არაერთი შემთხვევა გვახსოვს. სექსუალური უმცირესობები მაშინ საზოგადოებრივ ცხოვრებაში „არ არსებობდნენ“, მათ უფლებებზე არავინ საუბრობდა.

რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა მოძალადეების დასჯა ნორმად იქცა და სახელმწიფომ ნათელი გახადა, რომ რელიგიური უმცირესობების შევიწროვებას აღარ მოითმენს. ვითარება იდეალურისგან შორსაა, მაგრამ ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო.

გასულ ათწლეულში უკვე LGBTQ თემი გააქტიურდა და დაიწყო უფლებებისთვის ბრძოლა, შესაბამისად, გააქტიურდა მათ მიმართ აგრესიაც. განსხვავებულის მიმართ შიში რეალურია და საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს. ამ შიშებს კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მტერი, ასევე მასთან დაახლოებული პოლიტიკური ძალებიც გეოპოლიტიკური მიზნებისთვის და ოპონენტის დისკრედიტაციისთვის იყენებენ. ამის გამო LGBTQ თემის წევრები, გარდა საზოგადოების შიშისა, გეოპოლიტიკური თამაშის მსხვერპლებიც არიან.

რაც შეეხება ჰომოსექსუალობის თემას ეკლესიასთან მიმართებაში და იქ აგორებულ სკანდალებს, ეკლესია ფარისევლობისთვის ისჯება და არა ჰომოსექსუალობისთვის. თავად აიღეს ეს მახვილი ხელში. მე დარწმუნებული ვარ, LGBTQ თემის წევრები ბევრად ლმობიერად მოექცევიან ეკლესიაში მოღვაწე ჰომოსექსუალებს, ვიდრე ესენი ექცეოდნენ თემის წევრებს. ისინი „ტაბურეტებით“ მათ არ დაედევნებიან.

საქართველოში 17 მაისის, როგორც ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის შესახებ მე არ მივცემ თავს უფლებას, სხვის ომში ჭკუა ვარიგო ვინმეს, რადგან მე ვერასოდეს განვიცდი იმას, რასაც ამ თემის წევრები განიცდიან. ჩემი მხრიდან შემიძლია, მხოლოდ იმას დავპირდე, რომ ვინც სექსუალური იდენტობის ნიშნით ადამიანებს ჩაგრავს, იმათთვის მეც სექსუალური უმცირესობა ვიქნები. მე მჯერა, რომ აქ და ახლა ბოროტება მაშინ გაიმარჯვებს, თუ კარგი ხალხი უქმად ვიქნებით.

უჩა ნანუაშვილი 17 მაისის შესახებ

/

(უჩა ნანუაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი)

მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს მხრიდან არსებული პოლიტიკა, რომელიც საჯარო სივრციდან აძევებს ლგბტ თემს. ეს სამწუხარო პრაქტიკა წლებია გრძელდება და სახელმწიფოს რაიმე მკვეთრი ნაბიჯი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ გადაუდგამს.

დღემდე არ არიან სათანადოდ დასჯილი ძალადობაში მონაწილე ჯგუფები 2013 წლიდან. დაუსჯელობის სინდრომით კიდევ უფრო მეტი წახალისება ხდება ახალი დანაშაულებისა, ხოლო ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლების ამ პოლიტიკით სარგებლობენ.

ცალკე საკითხია საზოგადოებრივი ცნობიერება, ის სტერეოტიპები, რაც არსებობს და ასაზრდოებს სტიგმას და ძალადობას ლგბტ პირთა მიმართ. ხელისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს და არა თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე დამყარებული პოლიტიკით, სადაც ყველა ჯგუფის უფლებები იქნება დაცული.

როდესაც ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის მხარდაჭერა, კონსტიტუციაში ცვლილებებიც შეაქვს, როცა სჭირდება ევროკავშირში ასოცირება და საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, შესაბამის კანონსაც იღებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, წლებია ლგბტ აქტივისტებს ღიად, საჯაროდ შეკრების თავისუფლების შესაძლებლობა არ ეძლევათ ან ეძლევათ უკიდურესი შეზღუდვებით.

ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურებული არიან ძალადობრივი ჯგუფები, ასევე გაზრდილია ძალადობრივი დანაშაული თემის წევრებზე და ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არასაკმარისია, ან საერთოდ არაა. ქვიარი ადამიანებისადმი ძალადობის მასშტაბები საგრძნობლად გაზრდილია.

ცალკე პრობლემაა ხელისუფლების წარმომადგენლების და ზოგადად არაერთი პოლიტიკოსის მიერ საჯარო მოწოდებები და გამოთქმები, რომელიც თავისი შინაარსით ჰომოფობიურია და კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზაციას უწყობს ხელს. სახელმწიფოს სჭირდება სწორი პოლიტიკა ამ მდგომარეობის შესაცვლელად და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება.

ლგბტქი თემის წევრებმა საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენონ, რაც კი არსებობს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. აუცილებელია, ყველა ეფექტური ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული და ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლებების დარღვევის ყველა ფაქტის დაფიქსირება, დოკუმენტირება, ასევე უფლებადაცვით ორგანიზაციებთან, მედიასთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან აქტიური მუშაობა.

რა მიზანს ემსახურება 17 მაისს საქართველოს ეკლესიის მიერ ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება? ნებისმიერი სხვა დღის გამოცხადება შეიძლებოდა ამის აღსანიშნად, ასევე ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შეუძლია, გამოაცხადოს ესა თუ ის დღე რაიმეს დაცვის დღედ, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება და თანასწორობა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ეს ვალდებულება სახელმწიფოს გააჩნია, რომელსაც სამწუხაროდ არ ასრულებს.