პოლიტიკა - Page 33

/

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან

/

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა? ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი იდენტობის პოლიტიკისა და ქვიარ პოლიტიკის შეპირისპირებაა. ორივე სახის სტრატეგიას საკმაოდ ძლიერი და მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

/

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

შანტალ უონგი – პირველი აზიელ-ამერიკელი ლესბოსელი ქალი, რომელიც ელჩის პოზიციაზე დაინიშნა

/

შანტალ უონგი, რომელიც „აზიის განვითარების ბანკის“ დირექტორია, გახდა პირველი ლესბოსელი ქალი და, ზოგადად, ლგბტქი ადამიანი, რომელიც ქვეყანას ელჩის რანგში მოემსახურება.

Keep Reading

გერმანიაში LGBTQ+ უფლებების განმტკიცებისთვის პირველი კომისარი აირჩიეს

/

გერმანიაში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებზე სამუშაოდ კომისარი აირჩიეს. ახალი თანამდებობა მწვანეთა პარტიის წევრმა, სვენ ლეჰმანმა ჩაიბარა. ცენტრალური ხელისუფლების კომისარი სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც  LGBTQ+ ადამიანების ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. სვენ ლეჰმანი უხელმძღვანელებს კოალიციური მთავრობის სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას.

ფოტო: Wikipedia

თანამდებობაზე დანიშვნისას, ლეჰმანმა განაცხადა, რომ „ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად, დაცულად და თანასწორუფლებიანად ცხოვრება. ყველა ადამიანის უსაფრთხოება კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული, მიუხედავად მისი სექსუალური თუ გენდერული იდენტობისა. ტრანსგენდერი, ინტერსექსი და არაბინარული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, საჭიროა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიული ხედვა“.

2018 წელს, გერმანია იმ ქვეყნების მცირერიცხოვან სიას შეუერთდა, რომლებიც ორზე მეტ გენდერს აღიარებენ. ახლადარჩეულმა მთავრობამ კი პირობა დადო, რომ LGBTQ+ უფლებების დაცვის კუთხით რეფორმებს გაატარებდა, მათ შორის, გააუქმებდა გეი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე გაამარტივებდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის სამართლებრივად აღიარების პროცესს. ქვიარ უფლებებზე მომუშავე კომისარის თანამდებობის შექმნა, შესაძლოა, რეფორმების დასაწყისი იყოს.

წყარო: DW

ფოტო: Wikimedia

ბანგლადეშში პირველი ტრანსგენდერი მერი აირჩიეს

/

45-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, ბანგლადეშის ერთ-ერთ პატარა ქალაქში პირველი ტრანსგენდერი მერი, ნაზრულ ისლამ რიტუ აირჩიეს!

ნაზრულ ისლამ რიტუს თქმით, მისი გამარჯვება ნიშნავს, რომ „ჰიჯრას“ საზოგადოების მიმართ მიმღემლობა ქვეყანაში ნელ-ნელა იზრდება. ჰიჯრა ბანგლადეშის ქოლგა ტერმინია და აღნიშნავს ერთგვარ მესამე სქესს, როცა ადამიანი იბადება მამაკაცად და არ მიაკუთვნებს თავს არც ქალის და არც კაცის სქესს.

„ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ შუშის ჭერი იმსხვრევა და ამ ადამიანებს ნამდვილად ვუყვარვარ, მთელს ჩემს ცხოვრებას საჯარო საქმეს მივუძღვნი“. თქვა ტრილოჩანპურის ახალმა მერმა.

არაოფიციალური მონაცემებით, ბანგლადეშში დღესდღეობით 1.5 მილიონი ტრანსგენდერი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრის სხვადასხვა ფორმას. ძლიერი ტრანსფობიური განწყობების გამო, ტრანსგენდერების უმეტესობას ქვეყანაში არ აქვს საცხოვრებელი ადგილი და ღია ცის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო კი მოწყალების თხოვნაა.

ნაზრულ ისლამ რიტუს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ბანგლადეშის ლგბტ+ საზოგადოებისთვის. რიტუ მუსლიმურ ოჯახში, ტრილოჩანპურში დაიბადა, ცხოვრების გარკვეული ნაწილი დაკაში, ტრანსგენდერთა თემის გაძლიერებაში გაატარა, ხოლო შემდეგ კვლავ თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და გააგრძელა აქტივისტური საქმიანობა.

,,ალ ჯაზირას” ინფორმაციით, რიტუს გამარჯვება იყო სამართლიანი და ღირსეული, განსხვავებით სხვა ქალაქებში გამართული არჩევნებისგან. მისი მთავარი წინაასარჩევნო დაპირება, ქალაქის კორუფციისგან გათავისუფლება და მავნე ნარკოტიკულ ნივთიერებებთან ბრძოლა იყო.

ასეთ ქვეყანაში ტოლერანტობის დღის მილოცვა რთულია – ტარიელ ნაკაიძე

/

პარლამენტის ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე, ტოლერანტობის დღეს გამოეხმაურა.

„დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. წესით, ჩემი გამოსვლა მოლოცვით უნდა იწყებოდეს, თუმცა, როცა ქვეყანაში საფრთხეა, განსხვავებული რწმენის, ორიენტაციის, აზრის მქონე ადამიანს თავს დაესხან ქუჩაში; როცა ქვეყანაში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ პროფესიული მოვალეობის შესრულება; როცა გავეშებული ბრბო თავს ესხმის, კლავს და ამ სისასტიკის ორგანიზატორები კი არ ისჯებიან, წახალისებულები არიან; როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უფლება არ აქვს, ისარგებლოს, მინიმუმ, სრულყოფილი მკურნალობის უფლებით, აღარ ვსაუბრობ სასამართლო უფლებაზე; როცა სადისტურად ხელიდან გართმევენ თავისუფალი არჩევნების უფლებას და გიყალბებენ შედეგებს; როცა სახელმწიფო ინსტიტუტები მოქცეულია დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის გავლენის ქვეშ და ვერ ან არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას; როცა ქვეყნის მთავარსარდალი თვალს ხუჭავს წინამორბედის სიკვდილზე; როცა ქვეყნის პრემიერი ამბობს, ადამიანს კანონით აქვს თვითმკვლელობის უფლებაო, ასეთ ქვეყანაში ტოლერანტობის დღის მილოცვა რთულია.”

ტოლერანტობის დღეს ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე მისალოცი განცხადება გაავრცელა.

როცა ,,მებრძოლი დემოკრატია“ გარდაუვალია

//

ავტორი: თამარ ავალიანი

,,მებრძოლი დემოკრატიის“ იდეა (militant democracy)

კონცეფტი – ,,Militant democracy,’’ კარლ ლევენშტაინს ეკუთვნის, რომელმაც ის 1937 წელს შეიმუშავა და ევროპაში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ კონცეფტის მიზანია კონსტიტუციური დემოკრატიის დაცვა პოლიტიკური უფლებების კუთხით შემზღუდველი მეთოდების გამოყენებით.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ პრინციპი წარმოადგენს სამართლებრივად ავტორიზებულ საგამონაკლისო შეზღუდვას გარკვეული პოლიტიკური უფლებებისა იმისთვის, რათა შენარჩუნებულ იქნას ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ მიზანი ფაშისტური და ქსენოფობიური გამოვლინებების მარგინალიზება და კანონგარეშედ გამოცხადებაა. ,,მებრძოლი დემოკრატიის“ ამოცანაა, რეპრესიული ზომების გამოყენებით ებრძოლოს იმ საფრთხეებს, რომელებიც სახელმწიფოს დემოკრატიულ მომავალს ემუქრება.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ გამოვლინებას წარმოადგენს სიძულვილის ენის კანონმდებლობით რეგულირება, ფაშისტური და ქსენოფობიური ხასიათის, ძალადობაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიის შექმნის აკრძალვა და სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების კრიმინალიზება.

,,მებრძოლი დემოკრატიის“ პრინციპების გამოყენება ექსტრემისტული და ძალადობრივი დღის წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ,,მებრძოლი დემოკრატია“ (militant democracy) დემოკრატიის თვითდაცვის იდეას ეფუძნება.

პარტიის რეგისტრაციის აკრძალვის საფუძვლები

საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტრუმენტები პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვის პრაქტიკას საგამონაკლისო და მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში ითვალისწინებენ. პარტიის შექმნის აკრძალვა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას უნდა ემსახურებოდეს. პარტიის ამკრძალავი ზომები, ყველა შემთხვევაში, უნდა იყოს ობიექტური და აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებით, პარტიის შექმნის პრევენციული აკრძალვა უკიდურესად საგამონაკლისო ზომას წარმოადგენს. იგი შეიძლება განხორციელდეს მაშინ, როდესაც პარტია ეფუძნება ძალადობრივ მიზანს, რითაც ემუქრება საზოგადოებრივ მშვიდობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში.

ვენეციის კომისიის შეფასებით, შესაძლებელია, აიკრძალოს ისეთი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემქმნელია, ბაზისურ დემოკრატიულ წესრიგს აყენებს საფრთხეს, იყენებს ძალადობას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და აღვივებს ეთნიკურ, სოციალურ ან რელიგიურ სიძულვილს. დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია, რომელიც ახალისებს რასიზმს, ქსენოფობიას და არატოლერანტობას.

როგორც უნივერსალური, ისე რეგიონალური სამართლებრივი ინსტრუმენტები, პარტიის შექმნის აკრძალვის ან გაუქმების ვალიდურ საფუძვლად საჯარო წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, მორალის და ეროვნული უსაფრთხოების (ანტიტერორისტული და ანტიექსტრემისტული მიზნები) და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ლეგიტუმურ მიზანს მიიჩნევენ.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გამართებულ იქნას თუ პარტიის პოლიტიკური მიზანი ძალადობის ადვოკატირება და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა. მხოლოდ ის, რომ პოლიტიკური პარტია ითხოვს ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას, არ არის საკმარისი საფუძველი პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის.

პოლიტიკური პარტიის შექმნაზე უარი კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპებების დაცვით უნდა განხორციელდეს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვა მხოლოდ მცირე ადმინისტრაციული გადაცდომების შემთხვევაში. ასევე, დაუშვებელია, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციაზე უარი, თუ მისი პოლიტიკური შეხედულებები ვინმეს არ მოსწონს. პარტიის რეგისტრაციაზე უარი უნდა უკავშირდებოდეს მასობრივ ძალადობას, სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას და სახელმწიფოს დემოკრატიული წესწყობილების ხელყოფას. პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის, მნიშვნელოვანია, თავად პოლიტიკური პარტიის ლიდერები პარტიასთან ან საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებულ ძალადობის პროვოცირებას, ორგანიზებას ახდენდნენ ან/და თავადაც მონაწილეობდნენ ამგვარი ძალადობაში. პოლიტიკური გაერთიანება შეიძლება აიკრძალოს, თუ მისი საქმიანობა და მიზანი სისხლის სამართლის კანონს და ხალხთა შორის ურთიერთგაგების იდეას ეწინააღმდეგება.

სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციები პოლიტიკური გაერთიანებების პრევენციულ (პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აკრძალვა) და რეპრესიულ (მოქმედი პარტიის აკრძალვა) შემთხვევებს იცნობენ. პარტიის პრევენციული აკრძალვა აპრობირებული მექანიზმია ევროპულ ქვეყნებში:

გერმანიის ძირითადი კანონის 21-ე მუხლი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად დემოკრატიული ფასეულობებისა და კონსტიტუციური წესრიგისათვის საფრთხის შექმნას მიიჩნევს. პორტუგალიის კონსტიტუცია კრძალავს რასისტული და ფაშისტური პარტიების შექმნას, სლოვაკეთის კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად დანაშაულის თავიდან აცილების და ადამიანის უფლებების დაცვის მიზანს უთითებს. ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პარტია შეიძლება აიკრძალოს, თუ ორგანიზაცია კრიმინალურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანი დანაშაულის ჩადენა და სიძულვილის გაღვივებაა. ალბანეთის კონსტიტუციის თანახმად, შესაძლებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, რომლის მიზანი და ქმედებები ანტიდემოკრატიულ და ტოტალიტარულ ხასიათს ატარებს და პოლიტიკის კეთებისთვის ანტიდემოკრატიულ და ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. ჩეხეთის კონსტიტუცია პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად გაერთიანების მიერ მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფას მიიჩნევს. საფრანგეთისკონსტიტუცია პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, პატივი სცენ დემოკრატიულ ფასეულობებს. საფრანგეთის კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლად ადამიანთა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გავრცელებას და დისკრიმინაციულ მოპყრობას მიიჩნევს. ბულგარეთის კონსტიტუცია პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად პოლიტიკური პარტიის მიერ ფაშისტური და რასისტული იდეების პოპულარიზაციას განსაზღვრავს. ლიხტენშტაინის კონსტიტუცია კრძალავს ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნას, რომლის მიზნები და საქმიანობის მეთოდები სახელმწიფოსთვის სახიფათოა, იგივე დანაწესს განსაზღვრავს შვეიცარიის კონსტიტუციაც.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ კანონმდებლობა პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის აკრძალვის კუთხით, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნად ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მიიჩნევს.

პოლიტიკური პარტიის აკრძალვა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით“.  პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივება მიზნით და აშკარა ქმედებით განპირობებული ქცევა უნდა იყოს. სიტყვები „ეწევა” და „აღვივებს” უშუალო მოქმედებაზე მიუთითებს და არა მხოლოდ ამ მოქმედების მიზანზე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია: პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული, ჰომოფობიური შინაარსისა და ძალადობრივი განცხადებებით ცნობილი გაერთიანებაა. ამ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისის  მასობრივი ძალადობრივი ქმედებების შემოქმედები და შემსრულებლები, რაც საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ალტ-ინფოს წარმომადგენლები ეწეოდნენ არა მარტო ძალადობრივ პროპაგანდას, არამედ გეგმავდნენ და აღასრულებდნენ მასობრივ ძალადობას ლგბტიქ ადამიანების მიმართ და მათ ფიზიკურ განადგურებაზე საუბრობდნენ. ამ პარტიის თავმჯდომარე, ზურაბ მახარაძე, არის სწორედ ის პირი, რომელმაც ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მისით დღემდე საგამოძიებო ორგანოები არ ინტერესდებიან. შესაბამისად, ,,ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლს და დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესრიგს ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითა და საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლებიდან გამომდინარე, ალტ-ინფოს ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია სახელმწიფომ არ უნდა გაატაროს რეგისტრაციაში. იუსტიციის სამინისტროს მიერ მისი დარეგისტრირების შემთხვევაში, მიზანშეწონილია, ამოქმედდეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით მიმართვის პროცედურა.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვიარ თემისთვის კანონი არ მუშაობს – ელენე ხოშტარია

/

,,ახლა ამის დრო არ არის” – ფრაზა, რომელიც ხშირად მესმოდა, როდესაც ქვიარ თემის პრობლემებზე პოლიტიკოსებთან საუბარი დავიწყე. ელენე ხოშტარიასაც პირველი კითხვა იმ პოლიტიკოსების შესახებ დავუსვი, რომლებიც ქვიარ თემაზე საუბარს თავს არიდებენ.

ელენე ხოშტარია – ,,დროა”

,,მე, რა თქმა უნდა, მორალს ვერავის წავუკითხავ, როდის და რაზე ილაპარაკოს, თუმცა, ესაა საფუძველი იმის, რაზეც მერე ამ ჯგუფების ჩაგვრა დგას. ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ საჯარო პირი რომ რაღაც კონიუნქტურის გამო თავს იკავებს მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან, არასწორია.

პრობლემა ზედაპირზე დევს – მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვიარ თემისთვის კანონი არ მუშაობს. გავამახვილებდი ყურადღებას იმაზეც, თუ რამდენად რთულია ფსიქოლოგიურად თემის წევრებისთვის იმის გაცნობიერება, რომ დღევანდელ საქართველოში შენ ვიღაცებისთვის არასრულფასოვანი ხარ. კანონი შენზე არ ვრცელდება – გეუბნებიან, რომ სახლში რაც გინდა, ის აკეთო.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისასტიკეა ის, როგორ ანადგურებს უმრავლესობის გულგრილობა ამ ადამიანებს. ამის მაგალითად მახსენდება ისტორიები, როგორ რეაგირებენ პირველ ქამინგაუთზე ქვიარ თემის ოჯახის წევრები. მზაფრავს იმის წარმოდგენა, თუ რამხელა სტრესის გამოვლა უწევთ თემის წევრებს. რატომ ვუსვამ ხაზს ამას – ვიღაცა იკითხავს, რატომ უნდა ჩატარდეს პრაიდი ან რატომ უნდა გამოვიდნენ გარეთ. ამ ყველაფრის მიღმა დგას ადამიანთა ცხოვრება, მათი დანგრეული ფსიქიკა, ძალიან ბევრი ტანჯვა და ტკივილი.

თემის პრობლემების მოგვარებას სჭირდება ცენტრალური ხელისუფლების ძალისხმევა, ის, რომ პოლიცია ასრულებდეს თავის მოვალეობას, მთავრობა ასრულებდეს თავის მოვალეობას…

ცალკე აღებულ პოლიტიკოსებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ კონკრეტული მაგალითით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკურად ვიქნები მათ გვერდით და მათ უფლებებს დავიცავ. პოლიტიკოსები თემის ღიად დაცვას და მათ პრობლემებზე ლაპარაკს ხშირად ერიდებიან, ესეც ცვლის სიტუაციას. მე ვამბობ, რომ არ არსებობს კონიუნქტურა და სიტუაცია, როდესაც ჩემთვის თემის პრობლემა არ იქნება ყველაზე პრიორიტეტული საკითხი.”

 

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

მეტი დაინტერესება, მეტი ჩართულობა, მეტი კომუნიკაცია – მიხეილ სარჯველაძე

/

ამჯერად ,,ქვიარმა” LGBTQ+ თემის პრობლემებზე სასაუბროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, ის ,,ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.

მიხეილ სარჯველაძე – “ქართული ოცნება”, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე

,,ზოგადად, პრობლემების მთელი კომპლექსია და მხოლოდ ერთ ან ორ პრობლემას ვერ გამოვყოფ. ამ თემზე ღიად საუბარი, როგორც საქართველოში, ისე გლობალურადაც ახალი დაწყებულია. ეს ნიშნავს, რომ პრობლემები, რომელიც LGBTQ+ საზოგადოებას აქვს, საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს – დაწყებული ეკონომიკური, დამთავრებული მორალური კუთხით. რომელიმე კონკრეტულის გამოყოფა გამიჭირდება.

წინაღობები მუდმივად აქვს ქვიარ თემს, როგორც ზოგადი, ისე პრაქტიკული. მათ შორის არის სოციალური მიმართულებაც, რომელიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ასევე, გარემოს გათვალისწინება, სადაც მათ უწევთ ცხოვრება.

აქაც, პრობლემების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ერთიანი მიდგომა რამის გადაჭრის, ვფიქრობ, არ არსებობს, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ამ პრობლემატიკით მეტი დაინტერესება, მეტი ჩართულობა, მეტი კომუნიკაცია იქნება მთავარი ინსტრუმენტი, რომ დაიწყოს ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა. ამ წუთისთვის, ყველაზე აქტუალური რაც მგონია, ეს არის მიდგომების შემუშავების საჭიროება. ინსტიტუციური განვითარება არის მთავარი, საიდანაც უნდა დაიწყოს საუბარი ამ პრობლემებზე და შემდგომ უკვე ერთად მოიძებნოს მათი გადაჭრის გზები.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

საზოგადოებას არ უნდა პოლიტიკაში ის, ვინც ზიზღით ლაპარაკობს – თამარ კორძაია

/

როდესაც საუბარი ქვიარ თემსა და მათი უფლებების დაცვას ეხება, ქართველი პოლიტიკოსებიდან, ერთ-ერთი პირველი თამარ კორძაია გვახსენდება. წინასაარჩევნოდ, ,,ქვიარი” დაუკავშირდა მას და ვკითხეთ, რას ფიქრობს ეთიკისა და გენდერულ საბჭოებზე, სექსუალურ შევიწროებასა და ქვიარ თემის პრობლემების მოგვარების გზებზე.

,,ლგბტ თემის ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებაში უცხოობიისა და შიშის დაძლევაა. თუ უცხოობის შიში დაიძლევა, მგონი, მერე აღარ იქნება ასეთი პრობლემები, თუმცა ამისი დაძლევა ძალიან ძნელია. ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ მათი საზოგადოებაში თავისუფლად ყოფნა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის ნახვა არ უნდათ იმიტომ, რომ ამ სტერეოტიპებს ამყარებს ყალბი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, საზოგადოების ამ შიშით კვებავენ, ამის საწინააღმდეგო მექნიზმები კი სუსტია. ზოგი პოლიტიკური პარტია ახლა ხვდება, რომ უკვე საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ხმების ტყვედ არ უნდა ჩავარდე. მე მახსოვს, ნიკა მელია ძალიან სწორად მოიქცა, გამოვიდა და თქვა, რომ მას არ უნდოდა მჩაგვრელის ხმა.

ეთიკის საბჭო, პრაქტიკულად, უმოქმედოა, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, საქმე ბევრი აქვს ამ პარლამენტის პირობებში. პირადად მეც შევიტანე ეთიკის საბჭოს წევრობაზე განაცხადი. რაც შეეხება გენდერული თანასწორობის საბჭოს, გენდერული თანასწორობის საბჭო წერს გეგმებს და თითქოს ასრულებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს გეგმებიც შაბლონურია. ეს გეგმებიც იწერება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი კეთდება. როდესაც გენდერული თანასწორობის საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მისი თანამშრომელი მამაკაცი თავის თანამშრომელ ქალს ხელით ეხება და ამ კაცს ამართლებს, შეუძლებელია, ჰქონდეს გენდერული მგრძნობელობა. პარლამეტში არის მანდატური ქალი. რატომ? იმიტომ, რომ ქალი თუ მოიქცევა უსამართლოდ ან წესს დაარღვევს, მანდატური ქალი უნდა მივიდეს მასთან და არა მანდატური კაცი. შესაბამისად, ამ სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება რომ არ აქვს და პირიქით, თვლის, რომ ქალი არასწორად მოიქცა, მე არ მჯერა იმ გენდერული საბჭოს რეფორმების.

გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრი ცვლილება გვაქვს კანონმდებლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრს მუშაობენ ამ კანონების გაუმჯობესებისთვის. კანონში შევიდა ცვლილებები სექსუალური შევიწროების შესახებ, რეალურად კი, არაფერი ხდება იმისათვის, რომ შეიქმნას ინსტიტუციური მექანიზმები საჯარო დაწესებულებებში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირებისთვის. მექანიზმი ეფექტიანი მხოლოდ მაშინაა, როცა შენ შეგიძლია, მასზე საჯაროდ ისაუბრო და სამსახური არ დაკარგო. შიდა მექანიზმი ორ ორგანიზაციას აქვს მიღებული – საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მანდაც არის ხარვეზები, მაგრამ მთავარია, რომ ორმა უწყებამ მაინც გამოხატა ნება.

სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ პარლამენტში არ გვაქვს ასეთი მექანიზმები, მათთვის პარლამეტშიც კი არ არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებითაც, კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპით, სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე სამართლებლივი რეაგირების შესაძლებლობა ექნებათ. ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ გენდერული თანასწორობის ან ეთიკის საბჭოს არსებობა. მაგალითად, ეთიკის საბჭო ეხება პარლამენტის წევრის ქმედებას, მაგრამ პარლამენტში უამრავი თანამდებობაა, რომლებზეც ადამიანები მუშაობენ. ხომ შეიძლება, რომ გენდერული თანასწორობის საბჭომ ამის ინიცირება მაინც მოახდინოს პარლამენტში, შექმნას სამაგალითო და სანიმუშო ინსტრუმენტი სექსუალურ შევიწროებაზე. სამსახურში თუ გამწარდება ადამიანი, ცხოვრება დაენგრევა და მერე ამოიღებს ხმას, ეს არ არის ეფექტური მექანიზმების შემუშავება სახელმწიფოში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. მთავარი მიზანი არ არის, რომ შემვიწროვებელი დაისაჯოს სანიმუშოდ და რაღაც ჯარიმები დავაკისროთ. მთავარი მიზანი არის ის, რომ ადამიანს შეეძლოს მისი უფლებების დაცვა ისე, რომ მერე აღდგენა არ დასჭირდეს.

ყველა თვითმმართველი ორგანო ვალდებულია, ჰყავდეს მოხელე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს და ყველა საკითხი გაივლის ამ ადამიანის ექსპერტიზას გენდერული თანასწორობის ჭრილში. როცა გადავხედე და დავიწყე ამის შესწავლა, არაეფექტიანი მექანიზმი ხშირად არ მუშაობდა და არც ესმით ამ მექანიზმის. გენდერული თანასწორობის საბჭოს ხმა არ ამოუღია, როდესაც საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები. ერთადერთი, საკონსტიტუციო სასამართლოს იმედზე უნდა ვიყოთ, რომელმაც თქვა, რომ 3-იდან 1 განსხვავებული სქესის უნდა იყოს კენჭისყრისას. ყველაფერი ეს განაპირობს იმას, რომ ამ მიმართულებით არ გვაქვს წინსვლა, იგივე მდგომარეობა გვაქვს რაც გვქონდა მაშინ, მაგალითად, 2015 წელს.

ჩემთვის სანიმუშოა, როდესაც ნინო ბოლქვაძემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში – გამოვიდა და თქვა, ვინ იყო და რისი გაკეთება უნდოდა. აღმოჩნდა, რომ ბევრზე ჭკვიანი და კვალიფიციურია, ეთიკურია, თავდასხმას ზომიერად იღებს და არ ბრაზდება, ის მზად იყო სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით. მართალია, შედეგი ვერ დადო, მაგრამ სხვებმაც ვერ დადეს შედეგი, ვინც ჰომოფობიური ტექსტებით მოდიოდა პოლიტიკაში.

მაგალითად, უკანასკნელი იყო ვატო შაქარაშვილი. საზოგადოებას არ უნდა პოლიტიკაში ის, ვინც ზიზღით ლაპარაკობს. თუ პოლიტიკაში მოდიხარ პროგრესისთვის, მშენებლობისთვის უნდა მოხვიდე და როდესაც მოდიხარ სიძულვილითა და ნგრევით, თუნდაც, ერთი ადამიანის ცხოვრების ნგრევით, თუ ამბობ, რომ ვიღაც სახლში უნდა იჯდეს და არ უნდა გამოვიდეს, იმ ვიღაცის ცხოვრებას ანგრევ. ამიტომ შინაგანად საზოგადოებას ეს არ უნდა, ეს ჩანს და დასტურება.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

როგორ შეიძლება მოგვარდეს ქვიარ თემის პრობლემები საქართველოში – პოლიტიკოსების კომენტარები

/

30 ოქტომბერს, 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. პოლიტიკოსები 24/7-ზე მუშაობენ ამომრჩევლების დასარწმუნებლად.

ჩვენ კვლავ შევეხმიანეთ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და დავუსვით მხოლოდ ორი კითხვა – რა იციან LGBTQ+ თემის პრობლემებზე და როგორ ესახებათ ამ პრობლემების მოგვარება. ჩემი, როგორც ქვიარ თემებზე მომუშავე ჟურნალისტის მიზანია, რომ ამ საკითხებზე არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსებმა ისაუბრონ, ვისაც ხშირად მიმართავენ ჟურნალისტები – ზოგადად, ყველამ. ფაქტი ერთია, პოლიტიკოსები მეტ-ნაკლებად შეცვლილები არიან და თვლიან, რომ ქვიარ თემის პრობლემები სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

გიორგი კანდელაკი – ევროპული საქართველო

,,საქართველოში LGBTQ თემი მძიმე უფლებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ქვიარ ადამიანები ყოველდღიურად დგანან სიცოცხლისა და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და წართმეული აქვთ კონსტიტუციური უფლებები – მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ტრანს თემისთვის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია საქართველოში.

საქართველოს ხელისუფლება ჰომოფობიური, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წამხალისებელია – როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითა და დამნაშავეების დაუსჯელობით. ის წლების განმავლობაში ქმნის და ახალისებს ძალადობრივ, მარბიელ ჯგუფებს, რომლებიც ქვიარ ადამიანებზე ნადირობენ. ამავე დროს, მთავრობა ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებით ინსტრუმენტალიზაციას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში აკეთებს ამას პუტინის რეჟიმი – ქვეყნის ცივილიზებული დასავლური გზით განვითარების დისკრედიტაციის მიზნით. ამიტომ, ეს საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანისა და უმცირესობების უფლებებით, ეს ეროვნული უსაფრთხოების თემაცაა. ამ ყველაფრის ტრაგიკული ილუსტრაცია იყო 5 ივლისი, როცა მთავრობა ღია და დაუფარავ ალიანსში შევიდა ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ძალადობრივ ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან და მათ დაუსჯელობის გარანტია მისცა.

ამავე დროს, ამ ყველაფერში საპატრიარქოც არცთუ ისე უმნიშვნელო როლს თამაშობს. საპატრიარქოს სწორედ იმ ფიგურების აქტიურობა, რომლებიც პოლიტიკური და ანტიდასავლური გეოპოლიტიკური განცხადებებით გამოირჩევიან, გვაფიქრებინებს, რომ მათ არა თეოლოგიური, არამედ სრულიად სხვა რამ ამოძრავებთ – მათი სულისკვეთება ეწინააღმდეგება ტოლერანტურ და არსით ევროპულ მსოფლმხედველობას, რომელსაც ტოტალიტარული რეჟიმების მიერ განადგურებული ისეთი ლიდერები ატარებდნენ, როგორებიც ამბროსი ხელაია და გრიგოლ ფერაძე იყვნენ.

ჯამში, ქვიარ თემის მდგომარეობა, სიმძიმის თვალსაზრისით, შეიძლება შეფასდეს მეტაფორით – ჯოჯოხეთური. ამ პრობლემების გადაჭრის მთავარი გასაღები იმგვარ ხელისუფლებაშია, რომელიც უზრუნველყოფს ყველას უსაფრთხოებას და სპეციალურ საჭიროებებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც სათანადოდ ვერ იცავს. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღმოფხვრას სჭირდება მტკიცე ნება, დემოკრატიული და თავისუფლების იდეალების რწმენა და კანონის წინაშე თანასწორი გარემოს უზრუნველსაყოფად გადადგმული მრავალი ნაბიჯი.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, გაჩნდეს იმის აღქმა, რომ კანონით უზრუნველყოფილ უფლებებზე ერთი რომელიმე ჯგუფისთვის უარის თქმა ანგრევს მთლიანად სახელმწიფო კონსტრუქციას და ახეირებს მათ, ვინც საქართველოს თავისუფალი სამყაროს ნაწილად გახდომას ეწინააღმდეგება.”

ზურა გირჩი ჯაფარიძე- ,,გირჩი – მეტი თავისუფლება”

,,მთავარი პრობლემა ადამიანების ტვინებშია, მოსახლეობის ნაწილს ტვინში აქვს გამჯდარი ჰომოფობია და ქსენოფობია. დანარჩენი პრობლემებიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. საბოლოოდ, გამოსავალი არის განათლება და ისევ განათლება. წარმოდგენების შეცვლა ძალიან რთულია, განსაკუთრებით, უფროს თაობაში. მინდა, გითხრათ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პრობლემების მოგვარება რთულია.

ჩემი აზრით, აქედან გამოსავალი არის ეკონომიკური განვითარება და განათლება. მე არ მჯერა, რომ ჩვენი ტიპის საზოგადოებაში შეიძლება ჩაერიო და რაღაც შეცვალო. ჰომოფობია ხომ არ არის ერთი ან ორი ადამიანის პრობლემა, ჰომოფობია არის სახელისუფლებო სტრუქტურებში, ძალოვან უწყებებში, ყველგან… ამიტომ, მე ნაკლებად მჯერა, რომ რომელიღაც კოდექსში შეიძლება რაღაც ჩაასწორო და ამან რამეს უშველოს. მე მჯერა იმისი, რომ ამას სჭირდება ეკონომიკური განვითარება, ადამიანების აზროვნების შეცვლა და ნელ-ნელა მოიხსნება ეს პრობლემა. ზოგადად, ბევრი და საჯაროდ ამ პრობლემებზე საუბარი – ეს არის გამოსავალი.

პოლიტიკური სპექტრი ცდილობს, არ გაანაწყენოს მოსახლეობა და თუ თვლის, რომ მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა არის ჰომოფობიური, ცხადია, ერიდებიან საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებას. არის რაღაც, სადაც მე მაქვს განსხვავებული აზრი ლგბტ ჯგუფების მოთხოვნებზე, მაგრამ მათი უფლებები რომ უნდა იყოს დაცული და ძალადობის მსხვერპლი არ უნდა იყვნენ, მაგ ნაწილში მაქვს სრული თანხვედრა. პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, იმას უყურებენ, თუ რა იქნება მათთვის ელექტორალურად მომგებიანი. იმის გამო, რომ მე ყოველთვის ღიად ვიცავ ლგბტქ+ თემის უფლებებს და ამას ღიად ვაფიქსირებ, ჩემი ოპონენტები, განსაკუთრებით რეგიონებში, დადიან ხალხში და ჩემზე ამბობენ, რომ აი, ეს არის ,,პიდარასტი.”

მე რომ მიწევს რთული კონცეფციის ახსნა, თუ როგორ უნდა გამოვიყვანო ქვეყანა ეკონომიკური პრობლემებიდან და ა.შ. ისინი ამ მარტივი მესიჯით მოძრაობენ. იმ ნაწილშიც, რომ მე მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ვარ, ამბობენ ჩემზე, რომ აი, ნარკომანია. აი, ასე ხდება ამ საზოგადოებაში, ასეთი მესიჯბოქსები მუშაობს.”

ოთო ზაკალაშვილი – გირჩი

,,ზოგადად, არავის უფლებები არ არის დაცული ქვეყანაში და მათ შორის, არც ქვიარ თემის. ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. მე ვთვლი, რომ ადამიანს აქვს უფლება, იყოს ჰომოფობი, რა თქმა უნდა, იმ ფარგლებში, როდესაც ის არ აზიანებს სხვას და არ ძალადობს, მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები ჰომოფობებს.

მე არაერთხელ გამიგონია, რომ ტრანსგენდერ ადამიანებზე მომხდარა ძალადობა და ეს ყოველთვის დამიგმია.ზოგადად, ჰომოფობიურ საზოგადოებაში რაც უნდა არაჰომოფობიურად იყო წარმოდგენილი, მაინც რთულია ეს სოციუმის გამო. აი, მაგალითად, ზოგი ვერ აქირავებს თემის წევრზე ბინას იმის გამო, რომ ეს მის რეპუტაციაზე იმოქმედებს ცუდად. ამ ადამიანებისაც მესმის, უჭირთ საზოგადოების წინააღმდეგ ღიად წასვლა.

მიმაჩნია, რომ პრობლემების მოსაგვარებლად, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ქვიარ თემზე, თემის პრობლემებზე. თუნდაც იმაზე, რომ ჰომოფობია სირცხვილია. ადამიანის უფლებების ჭრილში რომ ვისაუბროთ, ქვიარ თემისთვის და არა მარტო ქვიარ თემისთვის, გვჭირდება სასამართლო რეფორმა. მხოლოდ ასე შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემები. ჩვენ თუ ამას არ მოვაგვარებთ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, მუდამ დავრჩებით პრობლემების ამარა იმიტომ, რომ არ გვექნება სამართლიანი სასამართლო და ჰომოფობიური განწყობის მქონე ხალხი ყოველთვის იმას გააკეთებს, რაც უნდათ.”

სერგო ჩიხლაძე – სტრატეგია აღმაშენებელი

,,ბევრი პრობლემაა და პირადადაც მიმუშავია ამაზე – ჯანმრთელობის, სამედიცინო სერვისების მიუწვდომლობა და ა.შ. სხვადასხვა კვლევებშიც ჩანს, რომ მარტო სამედიცინო პრობლემები არ არის, თემს ასევე აქვს იურიდიულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. მაგრამ მე, როგორც სპეციალისტი, აქცენტს სამედიცინო სერვისებზე ვაკეთებ.

ბოლო 15 წელს რომ გადავხედოთ, იმ სტიგმისა და დისკრიმინაციის მხრივ, რაც თემის მიმართ არსებობს, თითქოს რაღაც პრობლემები შემცირებულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის პრობლემები, პირიქით. ჩემი აზრით, გამოსავალია საზოგადოების განათლების გაზრდა, მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომ რაღაც მითებითა და სტერეოტიპებით არ იაზროვნოს. ზოგადად, არა მხოლოდ ლგბტქ+ თემს, ყველას აწუხებს სოციალური პრობლემები, მაგრამ თემის შემთხვევაში, ეს ორმაგად რთულია. სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი კონსტიტუციის, კონსტიტუციაში კი გარკვევით წერია, რომ ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება.

ქვეყანაში ძალადობრივ ჯგუფებს არ უნდა ახალისებდნენ. აი, გავიხსენოთ 5 ივლისი – თუ წახალისება არ იქნება სახელმწიფოსგან, ასეთი ჯგუფები მსგავს ღია ქმედებებს ვერ გაბედავენ. ერთი მიმართულებაა სახელმწიფოს სწორი ქმედებები, მტკიცე და მკაცრი პოზიცია, რომ ქვიარ თემის უფლებები უნდა იყოს დაცული და ყველა ძალადობრივი შემთხვევა სათანადოდ იყოს გამოძიებულ-დასჯილი. მეორე ხაზი – ესაა საზოგადოების განათლება, ინფორმირება, რასაც აკეთებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტების ფარგლებში. მაგრამ ესაა ზღვაში წვეთი, ამაში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია.

ჩვენ არ ვართ ტოლერანტულები განსხვავებული პოზიციების მიმართ, განსხვავებული აზრისადმი. ზოგადად, აგრესიასაც სწორედ ჩაგრული ჯგუფების მიმართ გამოვხატავთ. ცალკეული ორგანიზაციებისა თუ მედიასაშუალებების მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს შეუძლებელია. სახელმწიფოსთან ერთად ამ ორგანიზაციებთან კოორდინაციით, შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგი მივიღოთ.”

ანა წითლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

,,მე ბევრი რამ ვიცი ქვიარ თემის პრობლემებზე და პირადადაც ხშირად დავხმარებივარ. მაგალითად, დაახლოებით ერთი წლის წინ მქონდა შემთხვევა,როცა საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდა თემის წარმომადგენელს. ზოგადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა ჰქონდა და მე უბრალოდ ჩართული ვიყავი ამ ამბავში, ვეხმარებოდი საცხოვრებლის მოძიებაში, პრობლემების მოგვარებაში. თქვენც იცით, რომ რეგიონში განსაკუთრებულად პრობლემურია ასეთი საკითხების მოგვარება. პირადად მქონია ჩემს გარემოცვაში, მიმუშავია იმაზე, რომ საცხოვრებელი ჰქონოდათ, საზოგადოებისგან წნეხის ქვეშ არ ყოფილიყვნენ და თავი კომფორტულად ეგრძნოთ.

მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს როლი – ის უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ამ ადამიანების უფლებები იქნება დაცული, მან უნდა შეძლოს თავისი მოქალაქეების დაცვა. ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია მაშინ იქნება, როდესაც პოლიტიკაში განათლებული პირები იქნებიან, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ლგბტქ თემის წევრებს ჰქონდეთ უფლება, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ და სახელმწიფომ უნდა მისცეს ამის საშუალება.

უბრალოდ, მთავარია, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს საჯარო განცხადებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.”

ვატო სურგულაძე – ლელო

,,ეს ძალიან კომპლექსური საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაკლია განათლება და პატივისცემა სხვების მიმართ. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრი და მისი გამოხატვის უფლება. უნდა ისწავლებოდეს ადამიანის აზრის მიღება, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი არ გაწუხებს და არ აგებს შენზე პასუხს.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ტოლერანტული ერი ვართ. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება ახსნით. ჩვენ რაც უფრო მეტს ავუხსნით მათ და დავანახებთ, რომ დისკრიმინაცია და ჰომოფობია ცუდია, მეტი ტრენინგით, მეტი განათლებით, ასე მესახება ამის მოგვარება.

ამისთვის დიდი გზის გავლა მოგვიწევს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხელშეწყობით. თუმცა, მოგეხსენებათ, როგორ ნეგატიურ როლს თამაშობს სახელმწიფო ამ ამბავში, მხოლოდ 17 მაისი და 5 ივლისი კმარა გასახსენებლად. მართლაც რომ ყოველდღიურ ჩაგვრას განიცდიან თემის წევრები და ამის აღმოსაფხვრელად სახელმწიფო არაფერს აკეთებს.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე

როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ქვიარ საკითხებზე

/

ახლოვდება 30 ოქტომბერი – დღე, როდესაც ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და მათ შორის, თბილისშიც, არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პოლიტიკოსები ამ დროს განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობენ და ხშირად, ამ პერიოდში თავს არიდებენ არასასურველ თუ მათთვის არამომგებიან თემაზე კომენტარის გაკეთებას.

ნინო წილოსანი, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენს, გამონაკლისი გამოდგა და ,,ქვიარისთვის” საინტერესო საკითხებს წერილობით უპასუხა.

წილოსანი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელია.

  • ლგბტ თემის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან (სკოლებში სასწავლო მოდული, საგანმანათლებლო კამპანიები და ა. შ.)

,,გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმით, გათვალისწინებულია დიალოგის გაღრმავება მცირედწარმოდგენილ ჯგუფებთან, მათ შორის, ლბგტ+ თემის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაღრმავდება თანამშრომლობა საკონსულტაციო საბჭოებთან, საკონსულტაციო საბჭოებში ჩართულები არიან LGBTQI, შშმ, ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა მცირედწარმოდგენილი ჯგუფების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები.

2021 წლის მაისში, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან შეიქმნა ელჩების საკონსულტაციო საბჭო (EDI) თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, მათ შორის, ლგბტ+ თემის გამოწვევებისა და საჭიროებების საკითხებზე სამუშაოდ. საბჭოში შედიან ის საელჩოები, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს გენდერული თანასწორობის პროცესებს ქვეყანაში. აღნიშნული ჯგუფი პროაქტიულად იღებს ინფორმაციას პარლამენტისგან თანასწორობის საკითხზე მიმდინარე საქმიანობის შესახებ, რასაც ამ მოწვევის პარლამენტი ახორციელებს და განახორციელებს მომდევნო წლების მანძილზე. მიმდინარე წლის ივლისის თვის ბოლოს გაიგზავნა პირველი კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი. წელიწადში ორჯერ დაგეგმილია ყოველწლიური შეხვედრები. აღნიშნულ პროცესებში მხარდამჭერი დონორია ორგანიზაცია NDI.

2021 წლის 17 მაისს, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. პოსტში, საბჭომ ცალსახად დაგმო დისკრიმინაცია, ჰომო/ტრანსფობიური თავდასხმები ლგბტ+ წარმომადგენლებზე და ხაზი გაუსვა COVID-19-ის პანდემიის მძიმე გავლენას ლგბტ+ თემზე. მიმდინარე პერიოდში საბჭოს ჰქონდა კომუნიკაცია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და NDI-სთან ლგბტ+ თემის საკითხებზე სისტემური მუშაობის დასაწყებად.”

  • პარლამენტარების მხრიდან ქვიარ თემის მიმართ სიძულვილის ენის გაკონტროლება და დისციპლინარული ზომების მიღება საპარლამენტო ეთიკის კომისიის მხრიდან

,,საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას, ხელმძღვანელობს რიგი ძირითადი პრინციპებით. მათ შორის, თანასწორობის პრინციპით, რომელიც განამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა სხვა პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეებს; იგი რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობის მიმართ არ იყენებს სიძულვილის ენას. საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება. პარლამენტის ეთიკის საბჭო შეისწავლის და მონიტორინგს უწევს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს. ზოგადად, ეთიკის საბჭოს მუშაობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საბჭოს საქმიანობაში ჰქონდა გარკვეული შეფერხებები, მათ შორის, სამწუხაროდ, არ ჰყავდა თავმჯდომარე. აუცილებელია, მალე აღმოიფხვრას საბჭოს ნორმალური ფუნქციონირების შემაფერხებელი გარემოებები, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს ხოლმე პარლამენტის წევრების მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის ყველა სავარაუდო შემთხვევას.”

  • დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე კვალიფიკაციის ამაღლება სახელმწიფო ორგანოებში

,,გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მუშაობს პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის ინდიკატორის შემუშავებაზე, რომლის საფუძველზეც გამოჩნდება პარლამენტში შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის საჭიროებები, მათ შორის, დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარების საჭიროება.”

  • დისკრიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში

,,საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ – აღნიშნული კანონის პირველი მუხლით, აკრძალულია შემდეგი ნიშნების მიხედვით დისკრიმინაცია: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიხედვით.”

  • სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან ბრძოლა – ეფექტური გამოძიება და სათანადო სასჯელი, სოგის (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის) ნიშნით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ სტატისტიკის მოგროვება – რამდენი საქმე გამოიძიეს, რამდენი პირი დაისაჯა, რა სასჯელი შეუფარდეს დამნაშავეს, სოგის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა პენიტენციურ დაწესებულებებში

,,გენდერული თანასწორობის საბჭო რეგულარულად ისმენს ანგარიშებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების საქმიანობის შესახებ, მათ შორის, 2021 წლის პერიოდში საბჭომ მოისმინა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა შესაბამისი უწყებების ანგარიშები. გარდა ამისა, საბჭო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, რეგულარულად გამოითხოვს სტატისტიკურ ინფორმაციას როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისაგან, აგრეთვე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისაგან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლისათვის, საბჭო გეგმავს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან ბრძოლის, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხზე თემატური მოკვლევის ჩატარებას.”

  • ლგბტქი თემისთვის ხელმისაწვდომი სერვისების კვლევა – რამდენად უზრუნველყოფილია საჭირო სერვისები და რამდენად ხარისხიანი სერვისების მიწოდება ხდება (აივ ტესტირება, სოციალური, სამედიცინო, იურიდიული, ფსიქოლოგიური მომსახურეობა და ა. შ.)

,,ამჟამად, საბჭო მუშაობს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განახლებაზე, რომელიც მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე ჯანდაცვის, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ასპექტებს. მათ შორის, (ამონარიდი კონცეფციის პროექტიდან): ,,სახელმწიფო ახდენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების, სრული უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი ზომების მიღებას, მათ შორის სერვისების განვითარებითა და სათანადო დაფინანსებით, სერვისებზე ინფორმირებულობის გაზრდით, ჯანდაცვის პროვაიდერების გადამზადებისა და შესაბამისი აქტორების ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელის შეწყობით. სახელმწიფო განსაკუთრებულ ზომებს იღებს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ადამიანების სექსუალური და რეპორდუქციული უფლებების დასაცავად და მათი წვდომის გასაზრდელად აღნიშნულ სერვისებზე, რომელთა შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები, LGBTQI+ ადამიანები, პროსტიტუციაში ჩართული ქალები, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ქალები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები.“

  • ტრანსგენდერი პირებისთვის სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება; ტრანსგენდერი პირებისთვის საპასპორტო სქესის შეცვლის გაადვილება; ინტერსექსი პირების საჭიროებების კვლევა – საჭიროებების განსაზღვრა; უსახლკარო და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ლგბტქი თემის წევრებისთვის თავშესაფრის ორგანიზება; სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ კანონის მიღება

,,აღნიშნული საკითხები სხვადასხვა მოკვლევებსა და ანგარიშებში აისახება, თუმცა, რადგან 2022-2024 წლის სამოქმედო გეგმა ახლა უნდა იქნას შემუშავებული, საბჭო გეგმავს, უფრო დეტალურად მოიკვლიოს LGBTQI თემის საჭიროებები. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით გამოვკვეთოთ ის პრიორიტეტული საკითხები, რაზეც საბჭომ განსაკუთრებულად უნდა იმუშაოს.”

ავტორი: თამარ ქუთათელაძე