ივლისი 2023

არტ-თერაპია ადიქციის სამკურნალოდ

ართ-თერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გამოიყენება ადამიანების ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობის, ემოციური მდგომარეობის და კეთილდღეობის მხარდასაჭერად.  

არტ-თერაპია სხვადასხვა ადიქციის სამკურნალო, სარეაბილიტაციო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ეხმარება პროგრამის მონაწილეს გამოხატოს საკუთარი თავი, გაუმკლავდეს სტრესს და რთულ ემოციებს, იყოს თავდაჯერებული და კრეატიული. 

არტ თერაპიის ფარგლებში შექმნილი უსაფრთხო სივრცე უზრუნველყოფს ადამიანის კავშირს საკუთარ კომპლექსურ გრძნობებთან, რომელთა გამოხატვა მას არ შეუძლია ან არ სურს სიტყვების მეშვეობით. აღნიშნულის შედეგად შესაძლებელი ხდება რთული გამოცდილებების გააზრება და მიღება, სირთულეების დაძლევის ახალი სტრატეგიების განვითარება.

არტ-თერაპია გვაკავშირებს გარესამოყაროსთან. თერაპიის ეს ფორმატი მოსახერხებელია ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური თუ საოჯახი თერაპიირსთვისაც. 

 ადიქციის მკურნალობის ფარგლებში არტ-თერაპია გვასწავლის:

  • გავიგოთ და კონსტრუქციულად გამოვხატოთ ჩვენი ემოციები
  • გავუმკლავდეთ სტრესსა და შფოთვას აქამდე უცნობი გზებით 
  • განვავითაროთ საკუთარი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა
  • გამოვასწოროთ ადამიანებთან კომუნიკაცია და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები
  • დავამუშავოთ ჩვენი ტრავმები და რთული ცხოვრებისეული გამოცდილებები
  • აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ახალი ინტერესები და ნიჭი
  • დავძლიოთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტით განპირობებული აღკვეთის სინდრომი 
  • დავაიდენტიფიციროთ მოხმარების ტრიგერები
  • გავაცნობიეროთ მოხმარების მოტივაცია

ყველაფერთან ერთად, არტ-თერაპია ძალიან სახალისოა და კარგი გუნებაგანწყობილების შენარჩნებაშიც გვეხმარება!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

სტატიის ავტორი: Nuno Albuquerque

სამედიცინო მხარდაჭერა: Dr Mateen Durrani – MBBS, DPM, MSc, BCPsych

გამოქვეყნებული: Rehab treatment July 13th, 2023

 

 

ომბუდსმენი: ბათუმში აქციაზე 19 პირი დააკავეს, ერთ-ერთი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

//

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 19 პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი კი, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქეა. ისინი დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული სამ დაკავებულს შეხვდა, ერთ-ერთმა კი ისაუბრა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“დაკავებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კრუიზი ბათუმის პორტში ადრე დილით შემოვიდა, იქამდე პოლიციამ ნავსადგომთან მისასვლელი ყველა მონაკვეთი გადაკეტა. პარალელურად ადგილზე იმყოფებოდნენ აქტივისტები, რამდენჯერმე მოხდა მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.

კრუიზზე Astoria Grande რუსი პროპაგანდისტები და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერები იმყოფებიან. ეს უკვე მეორე კრუიზია, რომელიც ბათუმში გაჩერდა. პირველი 22 ივლისს შემოვიდა, თუმცა, პროტესტის გამო ბათუმი დროზე ადრე დატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Astoria Grande-მ შემდეგი კრუიზიდან ბათუმი ამოიღო.

“თანადგომა ბათუმს” – თბილისში დღეს რუსების კრუიზის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება

//

“თანადგომა ბათუმს! – რუსეთი მტერია და არა სტუმარი” – ამ სახელწოდებით დღეს, 31 ივლისს, 19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაზე რუსების კრუიზის ბათუმში შემოსვლას გააპროტესტებენ.

კრუიზი ბათუმის პორტში ადრე დილით შემოვიდა, იქამდე პოლიციამ ნავსადგომთან მისასვლელი ყველა მონაკვეთი გადაკეტა. პარალელურად ადგილზე იმყოფებოდნენ აქტივისტები, რამდენჯერმე მოხდა მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება. ამ დროისთვის 9 ადამიანი დაკავებული.

კრუიზზე Astoria Grande რუსი პროპაგანდისტები და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერები იმყოფებიან. ეს უკვე მეორე კრუიზია, რომელიც ბათუმში გაჩერდა. პირველი 22 ივლისს შემოვიდა, თუმცა, პროტესტის გამო ბათუმი დროზე ადრე დატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Astoria Grande-მ შემდეგი კრუიზიდან ბათუმი ამოიღო.

ინტერნეტ-დამოკიდებულება და ფიზიკური აქტივობა

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან კომფორტს უქმნის თანამედროვე ადამიანს. ამავდროულად ინტერნეტის უკონტროლო გამოყენებას ზიანის მოტანაც შეუძლია, რაც გამოიხატება ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაში, პროდუქტიულობის დაქვეითებაში, სწავლაში ჩამორჩენაში და ინტერნეტ-დამოკიდებულებაში. 

ინტერნეტ-დამოკიდებულება – ქცევითი დამოკიდებულების ნაირსახეობაა, რა დროსაც ინტერნეტის ჭარბად გამოყენების ფონზე ზიანდება დამოკიდებული ადამინიას სოციალური, ფსიქოლოგიური ფუნქციები, ადგილი აქვს ფსიქიკურ აშლილობებს, ფობიებს, იმპულსურობას, დეპრესიას, შფოთვას, ობსესიურ-კომპულსუს აშლილობას, ყურადღების დეფიციტს. კვლევები ადასტურებენ, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულებას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუარესოს სტუდენტების ძილის ხარისხი, ემოციური მდგომარეობა, უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე, ხელი შეუშალოს სწავლასა და შრომაში, კარიერული მიზნების მიღწევაში.

კვლევების მეშვეობით დგინდება, რომ ინტერნეტ-დამოკიდებულება დაკავშირებულია ვეგიტატიურ დისფუნქციასთან. გულისცემის სიხშირის შემოწმება  heart rate variability (HRV) ვეგეტატიური სისტემის ფუნქსიის შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და არაინვაზიური მეთოდია. ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებული იყო ინტერნეტ-დამოკიდებულ ბავშვებში. ამასთან რაც უფრო მძიმეა ინტერნე-დამოკიდებულება მით უფრო გამოხატულია ვეგეტატიური დისფუნქცია და ძილის დარღვევები. 

2022 წელს სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო ფიზიკური აქტივობების ეფექტის დადგენა ნერვული სისტემისა და  ინტერნეტზე დამოკიდებულების მიმართულებით. კვლევაში ჩართვამდე და შემდგომ სტუდენტებს  ჩაუტარდა ინტერნეტზე ადიქციის შეფასების ტესტი (Young’s Internet Addiction Test), დეპრესიის საზომი ტესტი  (Epidemiologic Studies Depression scale) და ძილის ხარისხის ტესტი (Pittsburgh sleep quality index), ასევე მოხდა გულისცემის სიხშირის გაზომვა (HRV)

ინტერვენციის სახით 12 კვირის განმავლობაში გამოყენებული იყო შემდეგი ფიზიკური აქტივობები: სირბილი, ქალათბურთის თამაში, ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში ღია სივრცეში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიზიკურმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად დააქვეითეს კვლევის მონაწილეებში ინტერნეტზე დამოკიდებულების და დეპრესიის ხარისხი, ამავდროულად გააუმჯობესეს ძილის ხარისხი და ვეგეტატიური სისტემის ფუნქცია.

კვლევამ დაადგინა, რომ ფიზიკურ აქტივობაზე დაფუძნებულ ინტერვენციებს აქვთ ინტერნეტზე ადიქციის შემცირების და დაძლევის პოტენციალი. 

გამოყენებული ლიტერატურა:

Yunyun, X. Sheng, and C. Jia, “Causative outcome and intervention effect of adolescent Internet addiction,” School Health in China, vol. 41, no. 2, pp. 316–320, 2020.
Younes, G. Halawi, H. Jabbour et al., “Internet addiction and relationships with insomnia, anxiety, depression, stress and self-esteem in university students: a cross-sectional designed study,” PLoS One, vol. 11, no. 9, article e0161126, 2016.
Lin, S. Y. Kuo, P. H. Lee, T. C. Sheen, and S. R. Chen, “Effects of Internet addiction on heart rate variability in school-aged children,” The Journal of Cardiovascular Nursing, vol. 29, no. 6, pp. 493–498, 2014.
Effect of Exercise Intervention on Internet Addiction and Autonomic Nervous Function in College Students, Wei Zhang, RuiLin Xu, DOI: 10.1155/2022/5935353, 2022

მენსტრუალური სიღარიბე – უხილავი პრობლემა საქართველოში

/

26 ივლისს, თბილისში, კვლევის „მენსტრუალური სიღარიბის ფსიქო-სოციალური გავლენები ქალებსა და გოგონებზე საქართველოში“ წარდგენა გაიმართა.

კვლევა მოამზადა „უხილავმა შრომამ“, „Spark Fund“-ის მხარდაჭერით. პროექტის ჯგუფის წევრები არიან: სოფო ჯაფარიძე, სალომე ადამია, თეონა სიმაშვილი, ხატია ტყეშელაშვილი და დავით ომსარაშვილი. ხოლო კვლევის ავტორია თეონა ქავთარაშვილი.

უხილავი შრომა ორგანიზაციაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცდილობს დღის წესრიგში დააყენოს ქალების წინაშე მდგარი პრობლემები და გამოწვევები. მათი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ქალების შრომის უფლებები და რეპროდუქციული ჯანმრთელობაა.

როგორც თავად ამბობენ კვლევას ორი მთავარი მიზანი აქვს, ერთი მხრივ, სურდათ ეკვლიათ მენსტრუალური სიღარიბე, რომელიც საქართველოში უხილავი პრობლემაა და არ არსებობს სათანადო ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ, სურთ ქალებისა და გოგონების წინაშე მდგარი პრობლემები პოლიტიკის დღის წესრიგში დააყენონ.

კვლევაში საკმაოდ კარგადაა განმარტებული რას ნიშნავს მენსტრუალური სიღარიბე და რა გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ეკონომიკურ შემოსავალზე, სკოლასა და სამსახურში გამოცხადებაზე.

მენსტრუალური სიღარიბე განმარტება, როგორც ფინანსური, სოციალური, პოლიტიკური ბარიერები მენსტრუალური პროდუქტებისა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი კვლევა იმიტომ, რომ პირველია საქართველოში, სადაც მოხდა სამეცნიერო ლიტერატურაში მენსტრუალური სიღარიბის ტერმინის განმარტება. ეს ტერმინი აქამდე განმარტებულიც კი არ იყო. მენსტრუალური სიღარიბე უხილავი პრობლემაა, რაზეც ქალებს უჭირთ საუბარი, შესაბამისად, ადამიანები არ არიან ინფორმირებულნი და ასე პრობლემაც ვერ მოგვარდება. ამგვარად, ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მომავალში დისკუსიები დაიწყოს და მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება“, – ამბობს თეონა ქავთარიშვილი.

კვლევა იყო მცირე შერჩევის და მასში მონაწილეობა 13-დან 43 წლამდე ასაკის ათმა გოგონამ და ქალმა მიიღო. როგორც თეონა ამბობს, ცოტა რთულია განვაზოგადოთ, მაგრამ ეს არის ბიძგი და ბაზისი სხვა კვლევებისთვის.

კვლევაში ჩართული ადამიანები იმედოვნებენ, რომ სხვა ბევრი ორგანიზაციაც ჩაერთვება ამ საკითხის კვლევაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოც დაინტერესდება.

„ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იმ უწყებებთან თანამშრომლობაა, რომელთაც ამ პრობლემებზე რეაგირება ხელეწიფებათ. ჩვენი მიზანია, რომ ეს ერთიანი სურათი ვაჩვენოთ და დავადასტუროთ საჭიროება, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ნაბიჯები გადადგას“, – ამბობს სალომე ადამია.

მშრომელი ქალების ფემინიზმი აუცილებლად გაიმარჯვებს!

ადიქცია და იოგა

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების აშლილობის (Substance Use Disorder) თერაპია კომპლექსური პროცესია. ამ პროცესში დეტოქსთან,  ჩანაცვლებით მკურნალობასთან, ფსიქოთერაპიასთან ერთად  სულ უფრო ხშირად მიმართავენ ფიზიკურ ვარჯიშს და იოგას. ასეთი თერაპიის ერთ-ერთი ამოცანაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ ლტოლვის შემცირება და ზოგადი ჯანმრთელობის მხარდაჭერა, ასევე სტრესის შემცირება და მოხმარების გამშვებ ტრიგერებთან გამკლავება. 

დასავლურ კულტურაში იოგას ხშირად უწოდებენ სავარჯიჭოების კომპლექსს, მედიტაციას, სუნთქვით ტექნიკებს, თუმცა ტრადიციული იოგა პირველ ადგილზე  პიროვნულ განვითარებას აყენებს. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა რომ იოგას პრაქტიკები ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვნად ამცირებენ სტრესის ჰორმონ კორტიზოლს. 

მედიტაცია, რომელიც იოგაში გამოიყენება, ნეირობიჰეივიორული ენერგიის მართვის ხელოვნებაა. ის შეიძლება შეიცავდეს  სხეულში მიმდინარე ფსიქიკური და სენსორული პროცესების გაცნობიერებას. მედიტაცია, როგორც წესი, შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ზოგადი დაკვირვება ან ფოკუსირებული ყურადღება. ორივე ამ მდგომარეობაში, ადამიანს შეუძლია შეიგრძნოს სპონტანური ყოფა, ეგოს, მეხსიერების, დროს გარეშე. რელაქსაციის რეაქცია, რომელიც მიიღწევა მედიტაციის მეშვეობით, გვეხმარება დავძლიოთ სხვადასხვა სირთულეები მშვიდი გონებით და უფრო ადვილად. მედიტაციის შედეგად ადამიანი აუმჯობესებს უნარს ფოკუსირება მოახდინოს აწმყო მოვლენებზე, ფიზიოლოგიურად იყოს კონცენტრირებული ან რელაქსირებული, შეცვალოს საკუთარი თავის აღქმა. ყოველივე აღნიშნული ეხმარება ადამიანს საკუთარი ემოციების რეგულაციაში და სტრესის შემცირებაში.

ნებისმიერი რეგულარული, ფიზიკური ვარჯიში თავისთავად ხელს უწყობს სხეულში სისხლის მიმოქცევას, იმუნური, ანდოკრინული და სხვა სისტემების გაჯანსაღებას და სწრაფ რეაბილიტაციას. ჯგუფში ვარჯიშს კი დამატებითი ბენეფიტები აქვს თანამოაზრეთა ჯგუფისადმი მოკუთვნებულობის განცდის და დროის საინტერესოდ გატარების სახით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

A narrative review of yoga and mindfulness as complementary therapies for addiction

Sudbhi Khanna, Jeffrey M Greeson, 2013, doi: 10.1016/j.ctim.2013.01.008

ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, ხულოში სამშობიარო განყოფილება გახსნას

//

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება.

მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. მათი განცხადებით, დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ყავს არცერთი გინეკოლოგი.

“ამის გამო ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის მათი და მათი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქვე, გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პრაქტიკა, რომელიც ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ზაფხულობით იალებზე ოჯახების ცხოვრების საჭიროებას და ტრადიციას უკავშირდება. ორსული ქალებისთვის მაღალმთიანი იალებიდან ჩამოსვლა კიდევ უფრო მეტად რთულდება და როცა მუნიციპალიტეტის ცენტრში ისინი სათანადო სერვისის მიღებას ართულებს, ეს ორმაგად ამძიმებს მათ ყოფას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 2023 წლის 17 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური პასუხის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას აწვდის სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა. სამშობიარო განყოფილების არ არსებობის მიზეზი კი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მშობიარობების რაოდენობის სიმცირეა (2022 წლის მონაცემების მიხედვით, სულ დარეგისტრირდა თვეში 2-3 მშობიარობა), რაც იწვევს კადრის დეკვალიფიკაციას და რისკს უქმნის ერთეული შემთხვევების მართვას.

“2023 წლის 1 ივნისიდან პირადი განცხადების საფუძველზე ექიმმა მეან-გინეკოლოგებმა შეწყვიტეს ხულოს კლინიკის სტაციონარში (სამშობიაროში) საქმიანობა. სამწუხაროდ, ეს მიდგომა ერთის მხრივ, არ ეფუძნება ამ მუნიციპალიტეტში შობადობის რეალურ სტატისტიკას, რომელიც მაღალია (მაგალითად 2015 წლიდან 2022 წლამდე ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა შესაბამისად, 446, 456, 470, 477, 429, 294, 322, 311, 285 ბავშვი) და უგულებელყოფს მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ მძიმე მდგომარეობას ქალების რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების შესახებ. ასვე აღსანიშნავია ისიც, რომ სამშობიარო განყოფილების გაუქმებამდე იქ მომუშავე პერსონალს, გინეკოლოგებს არ ჰქონდათ ღირსეული შრომითი პირობები. მათი მოთხოვნები ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით ევექსის კლინიკამ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად მათ მოუწიათ სამსახურის დატოვება”, – წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, წერილში ერთი მხრივ აღნიშნულია, რომ მაღალმთიან რეგიონში პერინატალური სერვისის არსებობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა ასევე საუბარია კომპანიასთან მიმდინარე შეთანხმების პროცესზე სერვისების განსაზღვრის თაობაზე, რაც გაურკვევლად/ბუნდოვნად ტოვებს იმას, თუ კონკრეტულად რა ვადებში გადაწყდება აღნიშნული საკითხი.

“ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჯანდაცვის სისტემის პრივატიზებისა და სუსტი რეგულირების მძიმე ადამიანურ და სოცილაურ შედეგებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების საბაზისო საჭიროებებს, ინტერესებსა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება.

ქალის რეპროდუქციული უფლებები დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებებით, რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. მათ შორის, ჯანმრთელობის უფლება აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (1946), ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (1948) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966). მოსაზრება, რომ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტის ხელმისაწვდომობის თანასწორი უფლება, ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომას და ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს მიმართ, რომ სისტემამ არ დაუშვას გენდერული დისკრიმინაცია ჯანდაცვის მომსახურების გაწევისას; მოხდეს სისტემის მკაცრი მონიტორინგი, რათა აღმოიფხვრას ახალი ჩაგვრის ფაქტები სერვისის მიწოდების მთელ ჯაჭვში; როგორც კერძო, ისე საჯარო ჯანდაცვის სერვის ცენტრებში სერვისის მიწოდება უნდა ექვემდებარებოდეს მონიტორინგს, რათა ქალებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორის პრაქტიკებზე დაფუძნებული ხარისხიანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება. . შესაბამისად, ქვეყანა ვალდებულია ყველა ქალისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ საჭირო სერვისზე ხელმისაწვდომობა, რომლებიც მათ ორსულობის, უსაფრთხო მშობიარობისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლაში დაეხმარება .

შექმნილი მძიმე ვითარება მიუთითებს არსებულ სისტემურ პრობლემაზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას, ვინაიდან საქმე ეხება ქალებისა და მუცლად მყოფი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ხულოს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალმთიანი რეგიონის სპეციალური საჭიროებები და აქ ჯანდაცვის სერვისების მიწოდება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი სახელმწიფოს მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს ხულოს მუნიციპალიტეტში სამშობიარო განყოფილების ამუშავება და ამისთვის საჭირო კვალიფიციური ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური და სამედიცინო საშუალებების მობილიზება და ამის შესახებ საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება.

გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო

//

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენის გამოცხადება სექტემბრამდე გადაიდო.

პროცესი დღეს, 27 ივლისს, 11:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, 31-ში კი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. მას პოლიციელების მიმართ ძალადობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანაზე ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მას 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

იშვიათი დაავადებების საბჭოზე აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცეს

//

იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოზე აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დამტკიცდა.

პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფის წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, შეხვედრაზე ტექნიკური საკითხები განიხილეს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატ ვოზორიტიდის დანერგვა.

ამ დრომდე კვლავ უცნობია წამლის საქართველოში შემოტანის საკითხი, თუმცა, საბჭოს წევრები ამბობენ, რომ ბავშვები მკურნალობაში 2023 წელს ჩაერთვებიან.

ჩხაიძის თქმით, პირველ ეტაპზე მკურნალობაში ჩაერთვება 5-6 ბავშვი, რომლებსაც ასაკის გამო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ მათზე პრეპარატმა ეფექტურად იმოქმედოს. მისივე განცხადებით, პირველი დოზების მიღება მოხდება არა სახლში, არამედ კლინიკაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამისთვის კი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო შეირჩა.

მისივე თქმით, მეორე ეტაპზე სხვა ბავშვებიც ჩაერთვებიან.

საგამოძიებო სამსახურმა 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა

//

ყოფილ ცოლზე ძალადობა, მოქალაქისთვის იარაღის ჩარტყმა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა – სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ივნისი-ივლისის თვეში თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 სამართალდამცავი ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.

უწყების განცხადება:

“დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი რ.დ., რომელმაც 2023 წლის 11 მაისს, ქ. თბილისში, შურისძიების მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულ მოქალაქეს. კერძოდ, იარაღი ჩაარტყა თავის არეში, ასევე, ძირს დაგდებულ მსხვერპლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კვლავ განაგრძო მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რის შედეგადაც მსხვერპლს თავის მიდამოში მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის და მუქარისთვის წარუდგინა ბრალდება.

დანაშაულში მხილებულია და დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ. ს., რომელიც ყოფილ მეუღლეს, 2017-2023 წლებში გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. აგრეთვე, 2023 წლის მაისში მას სიცოხლის მოსპობით დაემუქრა.

საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.

დანაშაულში მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ყ., რომელმაც 2023 წლის 4 აპრილს, თბილისში, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც მსხვერპლმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში, ასევე, მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ვ. გ., რომელმაც 2023 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში, ურთიერთშელაპარაკების დროს, მსხვერპლს ცემის შედეგად სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა. გარდა აღნიშნულისა, ვ. გ., 2023 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ნაცნობ ქალბატონს და დააზიანა დაზარალებულის ავტომანქანა.

საქართველოს პროკურატურამ, სამართალდამცავს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მუქარისთვის და ნივთის დაზიანებისთვის ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას, რომლის შედეგების და მიმდინარეობის თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად ძალადობრივ დანაშაულსა და არასათანადო მოპყრობაში 40 სამართალდამცავია მხილებული.