ივლისი 2023 - Page 5

კობახიძის თანახმად, პოლიცია პრაიდის უსაფრთხოებას დაიცავს

//

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიცია თბილისი პრაიდის ღონისძიებებზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავს.

მისი თქმით, პოლიცია ამისთვის მობილიზებულია.

“ამ დღეებშიც იმართება შესაბამისი შეკრებები და პოლიცია არის მობილიზებული იმისთვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული”, – განაცხადა კობახიძემ.

თბილისში პრაიდის კვირეული 8 ივლისს, ფესტივალით დასრულდება.

პლატფორმა “არა ფობიას” უწყებებს პრაიდის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

//

პლატფორმა “არა-ფობიას!” თბილისი პრაიდის კვირეულს ეხმაურება და  სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და ითანამშომლონ კვირეულის ორგანიზატორებთან.

მათი განცხადებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეებია, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველას მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება და ამავდროულად გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ.

“მიუხედავად იმისა, რომ წელს (მსგავსად წინა წლისა) პრაიდის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს რომ მხოლოდ დახურულ სივრცეში ჩაეტარებინათ ღონისძიებები და არ გაემართათ ღირსების მარში, ამ დრომდე გამოვლენილი აგრესია, მუქარა და ძალადობისკენ მოწოდებები კვირეულის მიმართ ისეთივე მასშტაბური და ინტენსიურია, როგორც ეს 2021 წლის ივლისში იყო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ძალადობას და აგრესიას საზღვარი არ აქვს, ხოლო მოძალადეთა (განსაკუთრებით ძალადობის ორგანიზატორთა) დაუსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ ზრდის დაუცველ გარემოს ყველასთვის. აღნიშნულს კი საგანგაშოდ ემატება ბოლო დროს ხელისუფლების მხრიდან გახშირებული ჰომოფობიური რიტორიკა.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს:

  • გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, კერძოდ, მობილიზება გაუკეთონ პოლიციელთა საკმარის რაოდენობას თითოეულ ღონისძიებაზე, რათა შეძლონ დროული რეაგირების მოხდენა ნებისმიერ პოტენციურ ძალადობის აქტზე პრაიდის ორგანიზატორებისა თუ მონაწილეების წინააღმდეგ;
  • გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ კი გამოავლინონ ძალადობისკენ მოწოდების და მუქარის შემთხვევები, ხოლო უკვე იდენტიფიცირებულ შემთხვევებზე დროულად დაიწყონ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა მათი გამხმოვანებლების წინააღმდეგ;
  • აქტიურად ითანამშრომლონ პრაიდის ორგანიზატორებთან და ჰქონდეთ მათთან უწყვეტი კომუნიკაცია უსაფრთხოების გეგმის შესამუშავებლად.

აღსანიშნავია, რომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებათა დაცვის გაძლიერება, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილია”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • უფლებები საქართველო
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

თბილისი პრაიდის კვირეული 8 ივლისს, ფესტივალით დასრულდება.

თბილისში პრაიდის კვირეული გაიხსნა

//

გუშინ, 2 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა. საღამოს თემის წევრები, მხარდამჭერები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გახსნაზე სიტყვით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი გამოვიდა, რომელმაც თანასწორობის მნიშვნელობასა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მან გასული წლების მძიმე გამოცდილებები გაიხსენა და თქვა, რომ ძალადობა მიუღებელია. მიატოვიჩის თქმით, სწორედ ეს გადასცა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრაზე.

სიტყვით გამოვიდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნიკ ბერესფორდიც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ყველა ადამიანის უფლებაა, იყოს ის, ვინც არის, გაერო კი ამას მხარს უჭერს.

საღამოს ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანიც.

თბილისი პრაიდის კვირეული 1 ივლისს დაიწყო და 8 ივლისს, პრაიდფესტივალით დასრულდება. კვირეულის წლევანდელი სლოგანია – სიყვარულს ვერ დაამარცხებ.

სულაკაურის გამომცემლობა მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

//

ქართული ოცნების მხრიდან ჰომოფობიური თავდასხმის ობიექტი სულაკაურის გამომცემლობა მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

გამომცემლობის განცხადებით, “მათი გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ იქნებიან იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს უღალატიათ”.

“ბოლო დროს ჩვენი გამომცემლობის მიმართ ღიად პრორუსული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის კვალდაკვალ, საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ვიგრძენით.

გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ამაღელვებელი და ემოციური შეტყობინებებისთვის, განცხადებებისა თუ კომენტარებისთვის, რომლებიც გვაძლიერებდა და სიმტკიცეს გვმატებდა ამ რთული დღეების განმავლობაში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია”, – წერია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ მაკდონალდსის შემდეგ “ლგბტ პროპაგანდა” სულაკაურის გამომცემლობას დააბრალა.

ზურაბიშვილის თქმით, პოტენციურ ჰომოფობიურ კანონს ვეტოს დაადებს

//

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჰომოფობიური კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტოს დაადებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართული ოცნების ჰომოფობიური რიტორიკა უნდა შეიცვალოს.

“რიტორიკა უთუოდ უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ ეს არის მიუღებელი ქვეყნისგან, რომელსაც აქვს არა მხოლოდ პრეტენზია, წარსული აქვს ევროპული და რომლის ყველა თაობა მოდიოდა იმით, რომ ევროპული ღირებულებები იყო ჩვენი ღირებულებები. რაც ეხება ლგბტ-ს, ჩვენი არიან კინტოები”, – თქვა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ოცნებას პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძლია.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრიარქო “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონზე ერთხმად ალაპარაკდნენ. ქართული ოცნების ჰომოფობიური კამპანია პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით გაგრძელდა. მან “ლგბტ პროპაგანდის” საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების შესახებ ისაუბრა. ღარიბაშვილის გამოსვლიდან მეორე დღეს იგივე რიტორიკის განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელიც კანონის მიღების საჭიროებაზე საუბრობს.

ღარიბაშვილი და საპატრიარქო “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონზე ერთხმად ალაპარაკდნენ

//

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრიარქო “ლგბტ პროპაგანდის” წინააღმდეგ კანონზე ერთხმად ალაპარაკდნენ.

ქართული ოცნების ჰომოფობიური კამპანია პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით გაგრძელდა. მან “ლგბტ პროპაგანდის” საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების შესახებ ისაუბრა.

“ჩემთვის მიუღებელია ბაღებსა და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და რაღაც საერთო კონსენსუსის მიღება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის გამოსვლიდან მეორე დღეს იგივე რიტორიკის განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელიც კანონის მიღების საჭიროებაზე საუბრობს.

“ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული “ლგბტ კვირეული”, რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს.

მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს.
პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა.

ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული
ლგბტ ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას.

მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით.

ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

იოსელიანი: უმნიშვნელოვანესია, პრაიდის კვირეული ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს

//

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თბილი იპრაიდის კვირეულს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.

ის მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.

“ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში.

ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას.

მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ მოწოდებებსა და მუქარებზე მოახდინონ სათანადო რეაგირება და უზრუნველყონ პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი პრაიდის კვირეული 8 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

კიბერანტიგონე – ექსპერიმენტული დადგმა ვასო აბაშიძის თეატრში

//

ქვიარ არტისტი ნიკიტა საუბრობს სოფოკლეს „ანტიგონეს“ პოსტდრამატულ დადგმაზე. სპექტაკლი ერთდროულად რიტუალი და მისი საკრალურისგან დაცლის აქტია ქვიარ ელემენტებით, მათ შორის დრაგ პერფორმანსით.

ვიდეოე მუშაობდნენ ნინო ვანიშვილი და მაშიკო გიორგობიანი