ივლისი 2023 - Page 2

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სამინისტროს 5-დღიან ვადას აძლევენ

//

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს 5-დღიან ვადას აძლევენ, რათა განსაზღვროს პრეპარატ ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანის კონკრეტული თარიღი.

“დაგვისახელონ გონივრული ვადა, როდის მიიღებენ ბავშვები წამალს, რომელი წლის რომელ თვეში დაიწყებენ ბავშვები მკურნალობას. არის ეჭვებიც, რომ, შესაძლოა, 2024 წლამდე გაიწელოს, შესაძლოა, გაიწელოს დეკემბრამდე თუნდაც”, – თქვა ბრიფინგზე ერთ-ერთმა მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა.

მათი თქმით, თუ სამინისტრო ამ 5 დღეში თარიღს არ დაასახელებს, 24-საათიან პროტესტს გააგრძელებენ. მშობლები, ასევე, ითხოვენ, პროცესში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთოს.

მშობლებმა გუშინ, 23 ივლისს განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვადები დაარღვია.

მათი თქმით, ბოლო სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 15-დან 20 ივლისამდე დამტკიცდებოდა აქონდროპლაზიის პროტოკოლი და ამავე პერიოდში ჩაინიშნებოდა მორიგი საბჭო, სადაც მშობლებს უკვე მედიკამენტის დანერგვის შესახებაც მეტ ინფორმაციას მიაწვდიდნენ.

მათივე განცხადებით, 15-დან 20 ივლისამდე პერიოდში არათუ არ დაინიშნა საბჭო და არ დამტკიცდა პროტოკოლი, არამედ, საქმის კურსშიც არ ჩააყენეს მშობლები ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, სამინისტრომ ვადები დაარღვია

//

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ვადები დაარღვია.

მათი თქმით, ბოლო სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 15-დან 20 ივლისამდე დამტკიცდებოდა აქონდროპლაზიის პროტოკოლი და ამავე პერიოდში ჩაინიშნებოდა მორიგი საბჭო, სადაც მშობლებს უკვე მედიკამენტის დანერგვის შესახებაც მეტ ინფორმაციას მიაწვდიდნენ.

მათივე განცხადებით, 15-დან 20 ივლისამდე პერიოდში არათუ არ დაინიშნა საბჭო და არ დამტკიცდა პროტოკოლი, არამედ, საქმის კურსშიც არ ჩააყენეს მშობლები ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით.

მშობლების თქმით, ორშაბათს, 11:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან ბრიფინგს გამართავენ.

“მოგეხსენებათ, აქციის დაშლის დღიდან მოყოლებული, მშობლები აქტიურად ვართ ჩართული სამუშაო პროცესებში, ვესწრებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს და მონაწილეობას ვიღებთ ბავშვებისთვის საუკეთესო ინტერესების გამტარი პროტოკოლის შექმნაში.

წინა სხდომაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 15-დან 20 ივლისამდე დამტკიცდებოდა აქონდროპლაზიის პროტოკოლი და ამავე პერიოდში ჩაინიშნებოდა მორიგი საბჭო, სადაც უკვე მედიკამენტის დანერგვის შესახებაც მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ.

სამწუხაროდ, 15-დან 20 ივლისამდე პერიოდში არათუ არ დაინიშნა საბჭო და არ დამტკიცდა პროტოკოლი, არამედ, საქმის კურსშიც არ ჩაგვაყენეს, ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით.

გვესმის, რომ ზაფხულია და შვებულებების პერიოდიც, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან პირობის დარღვევასა და კომუნიკაციის უქონლობას არ აქვს გამართლება და იწვევს დიდ უნდობლობას.

ბავშვები სექტემბერში მედიკამენტს ელიან და ახლა დასვენება და მოდუნება მათი იმედების გაუცრუების ხარჯზე, დაუშვებელია.

ჩვენ, მშობლები რამდენიმე თვეა მოთმინებისა და კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის რეჟიმში ვართ, თუმცა ამგვარი უგულებელყოფა და უპასუხისმგებლობა გვაიძულებს, მივმართოთ მეტად ხისტ ზომებს.

ორშაბათს, 11:00 საათზე, კანცელარიის შენობასთან გავმართავთ ბრიფინგს და განვაცხადებთ, რა კონკრეტულ ვადას მივცემთ სახელმწიფოს, დაგვისახელოს კონკრეტული თვე, როდის დანერგავს მედიკამენტს.

ჩვენთვის დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს დრო იწელება გულგრილობისა თუ არაეფექტური მუშაობის გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ რეკლამა, რომელიც აპროტესტებს გენდერულ სტერეოტიპებს ქალების მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

/

2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ფრანგული რეკლამა ფეხბურთის სამყაროში გენდერულ ვარაუდებს ეჭვქვეშ აყენებს.

ის ბევრი სპორტული რეკლამის მსგავსად იწყება, სწრაფი ტემპის კლიპებით, სადაც ნაჩვენებია სპორტული მიღწევები ამაღელვებელ მუსიკასთან ერთად.

თავდაპირველად ვიდეოში ჩანან ფრანგი ვარსკვლავებული ანტუან გრიზმანი და კილიან მბაპე, რომლებიც თამაშობენ გუნდში Les Bleus.

“ფანტასტიკურია, რა ლამაზი გუნდია!” ამბობს კომენტატორი. შემდეგ ვხედავთ გულშემატკივრებს, რომლებიც აღფრთოვანებულები ყვირიან “ეს არის ფეხბურთი, რომელიც ჩვენ გვიყვარს!”

შემდეგ ეკრანი შავდება, და ჩანს ტექსტი: „მხოლოდ Les Bleus-ს შეუძლია მოგვცეს ეს ემოციები. მაგრამ, რაც ახლა ნახეთ ისინი არ იყვნენ.”

შემდეგ რეკლამაში ვხედავთ, რომ სინამდვილეში ქალი ფეხბურთელების თამაშს ვუყურებდით, რომლებიც დიფ ფეიკით იყო შეცვლილი.

 

“როდესაც მხარს ვუჭერთ les Bleus-ს, ჩვენ მხარს ვუჭერთ les Bleues-ს”, – ნათქვამია რეკლამის ბოლოს, რაც მიუთითებს საფრანგეთის ქალების  ეროვნული ნაკრების პოპულარულ მეტსახელზე.

რეკლამა, რომელიც თავდაპირველად ივნისში გამოქვეყნდა ქალების მსოფლიო ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის, უარყოფს სტერეოტიპს, რომ ქალების ფეხბურთი არ არის ისეთი საინტერესო და შთამბეჭდავი, როგორიც კაცებისაა.

წელს ფინალურ მსოფლიო ჩემპიონატში ორი საკულტო ქვიარ მოთამაშეც მიიღებს მონაწილეობას. ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა მარტა მეექვსედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატს. ხოლო ამერიკელი ფეხბურთის ვარსკვლავი მეგან რაპინოე მეოთხედ.

 

გაჩეჩილაძე რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების დასადგენად ომბუდსმენს მიმართავს

//

ანანია გაჩეჩილაძე სამთავრობო და პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების დასადგენად სახალხო დამცველს მიმართავს.

გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აუდიოჩანაწერის, რომლითაც სექსუალური შევიწროება დასტურდება, გავრცელებიდან 3 თვე გავიდა, თუმცა რამიშვილი არც კი გამოუკითხავთ. ის ადეკვატურ გამოძიებასა და რამიშვილის დასჯას ითხოვს.

გაჩეჩილაძე იმედს გამოთქვამს, რომ ომბუდსმენი სექსუალური შევიწროების ფაქტს დაადგენს. ის ამბობს, რომ ჩანაწერს სრულად დაასაჯაროვებს.

“მოლოდინი სახალხო დამცველისგან მაქვს შემდეგნაირი, რომ საბოლოო დასკვნა, რომელიც ეჭვი არ მეპარება, რომ უნდა იყოს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენა ჩემს სასარგებლოდ, შალვა რამიშვილი უნდა იქნას მხილებული უკვე ოფიციალური დასკვნითაც, იქნება და უნდა იყოს არანაკლებ იმ სტანდარტით, რაც ახასიათებდა სახალხო დამცველის აპარატს აქამდე”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

აუდიოჩანაწერი, რომლითაც რამიშვილის მხრიდან 22 წლის ანანია გაჩეჩილაძის შევიწროება დასტურდება, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

გაჩეჩილაძე არ არის პირველი ქალი, რომელმაც რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. რამიშვილს სასამართლო დავა მისმა ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემ მოუგო. რამდენიმე თვის წინ კი რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაზე რამდენიმე ქალმა ამხილა.

ევროპარლამენტართა ჯგუფი ძალადობრივი ალტ-ინფოსა და მორგოშიას დასანქცირებას ითხოვს

//

ევროპარლამენტის LBGT+ უფლელებზე მომუშავე ჯგუფი ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოსა და მისი ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით 157 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართავენ.

ისინი 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აღწერენ და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უთითებენ, ასევე, ხაზს უსვამენ, რომ თბილისი პრაიდის ფესტივალი ჩაშალა და დაარბია ძალადობრივმა ალტ-ინფომ.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ქვეყნა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ვალდებულია, დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

“მტკიცედ მოვუწოდებთ ალტ-ინფოსა და ამ ჯგუფის უკან მდგომი ოლიგაქრის, კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებისკენ. ცნობილია, რომ ალტ-ინფო ავრცელებს LGBTIQ-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედიაარხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისის თავდასხმებში. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ საქართველოში LGBTIQ-ფობიურ ძალადობას და რიტორიკას და იყვნენ ვალდებულები, უზრუნველყონ, განსაკუთრებით LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოება”, – აღნიშნულია წერილში.

8 ივლისს უსაფრთხოების რისკების გამო თბილისი პრაიდის ფესტივალი გაუქმდა. ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან პრაიდის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

პრაიდის განცხადებით, “განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

მოძალადეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფესტივალის ტერიტორიამდე ავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით, აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია. პოლიციასა და მოძალადეებს შორის ვითარება უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიასთან დაიძაბა. თბილისი პრაიდის წევრების გარიდების შემდეგ კი ისინი ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად არ დაიცვა ფესტივალის ტერიტორია.

ნიუ-იორკის მეტროს ხმა ტრანსგენდერ ქალს ეკუთვნის

//

თუ ოდესმე ნიუ იორკის მეტროთი გიმგზავრიათ, ალბათ, გაიგებდით დამამშვიდებელ ხმას, რომელიც გაცნობებთ როდის მოვა შემდეგი მატარებელი. დიდია ალბათობა არ იცოდეთ ვის ეკუთვნის ეს ხმა. ის 66 წლის ტრანსგენდერი ქალი ბერნი ვაგენბლასტია.

„ვფიქრობ, ჩემი ისტორია ხალხს ბავრი რამის გააცნობიერებაში ეხმარება“,- ამბობს ბერნი AMNY-სთან ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც იანვარში დაქამინგაუთდა ვაგენბლასტმა საჯაროდ მოჰყვა თავისი ცხოვრების ისტორია და მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ იცხოვროს ისე, როგორც სურს.

ბერნმა, რომელიც ნიუ ჯერსიში დაიბადა და გაიზარდა, ადრეული ასაკიდანვე იცოდა, რომ სურდა გოგონა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ის პატარაობაში საზოგადოების მხრიდან არსებული ზეწოლის გამო ფიქრობდა, რომ ეს მიუღებელი იყო. ერთადერთი რაც თინეიჯერობისას შეძლო იყო ერთადერთ ტრანსგენდერ ქალთან დაკავშირება, რომლის შესახებაც იცოდა. ეს იყო პაულა გროსმანი, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც მერილ სტრიპს ასწავლიდა და 1971 წელს სამედიცინო ტრანზიციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მხარდაჭერის ძიებაში,  ბერნი პაულას ტელეფონით დაუკავშირდა. იმ მომენტში ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბერნი ენდობოდა.

„მე ძალიან დამეხმარა ისეთი ადამიანის ყოლა, რომელსაც ვენდობოდი. ვიღაც, ვისთანაც შემეძლო საუბარი და ვიცოდი რომ მას ესმოდა რასაც ვგრძნობდი“, – თქვა ვაგენბლასტმა პოდკასტში Death, Sex & Money აპრილში.

© AP Photo/John Minchillo

მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ვაგენბლასტს უწევდა მამაკცის როლის შესრულება, რადგან თავს ვალდებულად თვლიდა ეს გაეკეთებინა. რადიოში მუშაობისას ის ახალი ამბების წამყვანი კაცი ჟურნალისტების ტონს ჰბაძავდა. თუმცა, დღეს მისი ხმა სულ სხვაგვარად ჟღერს, მას შემდეგ, რაც ვოკალურ თერაპევტთან იმუშავა საკუთარ ხმაზე.

„რადგან ჩემმა ხმამ ასეთი კრიტიკული როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხმა, რაც შეიძლება ავთენტურად, ქალურად ჟღერდეს. ეს არ არის მნიშვნელოვანი ყველა ტრანსგენდერი ქალისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემმა ხმამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის,“ – ამბობს ბერნი.

2017 წელს ახალი გამოსული იყო FaceApp, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სახე, ვარცხნილობა და ა.შ. ბერნი ამბობს, რომ მას ეს აპლიკაცია დაეხმარა.

„მეგონა, რომ უბრალოდ მომეწონებოდა, გრძელი თმა, შესაძლოა პომადა ან რამე მსგავსი. მაგრამ პირველად დავინახე ჩემი თავი ქალად. ეს ის იყო რასაც ვგრძნობდი და თუ როგორ გამოვიყურებოდი ჩემს წარმოდგენაში.  ხშირად უთქვამთ, რომ დედაჩემს უფრო ვგავარ, ვიდრე მამაჩემს, მაგრამ ვერასოდეს ვხვდებოდი რატომ. მე ეს პირველად FaceApp-ის გამოყენების დროს დავინახე. ეს ნათურის ანთებას ჰგავდა“, – ამბობს ბერნი.

ვფიქრობთ, ბერნის ისტორია ბევრ სხვა ტრანსგენდერ ადამიანთან ახლოს მივა, რადგან ისინიც იბრძვიან საკუთარი ხმების მოსაპოვებლად, რომ მსოფლიოს გააგონონ თუ ვინ არიან.  ვიმედოვნებთ, რომ ბერნიც ბედნიერია იმის ცოდნით, რომ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უამრავი ტრანსგენდერი ადამიანისთვის იმედის მომცემი იქნება და ზუსტად ისე შთააგონებს ახალ თაობას, როგორც თავად მიიღო ნუგეში და შთაგონება 50 წლის წინ.

 

რუსეთში სქესის შეცვლის ოპერაცია იკრძალება

//

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სქესის შეცვლის ოპერაციას კრძალავს. კანონპროექტი, ასევე, კრძალავს პირისთვის სქესის შეცვლას სახელმწიფო დოკუმენტებში.

კანონპროექტს დუმის ზედა პალატის მხარდაჭერა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერა სჭირდება, რაც ფორმალობას წარმოადგენს.

დუმაში აცხადებენ, რომ რუსეთი “ყველაფერს აკეთებს ოჯახებისა და ტრადიციული ღირებულებების” გადასარჩენად.

მთავრობის ანტილგბტ ქმედებების პარალელურად ბუდაპეშტის პრაიდს ათასობით ადამიანი შეუერთდა

//

უნგრეთის მთავრობის ანტილგბტ ქმედებების პარალელურად ბუდაპეშტის პრაიდს ათასობით ადამიანი შეუერთდა.

მარშის მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ ლგბტ თემის შევიწროებასა და ჰომოფობიურ კანონზე, რომლითაც წიგნების მაღაზია დააჯარიმეს.

პროპაგანდისტული კანონი, რომელიც უნგრეთმა 2021 წელს მიიღო, “არასრულწლოვანთა შორის “ჰომოსექსუალობის ამსახველი” ინფორმაციის გავრცელებას” კრძალავს. სწორედ ამ კანონის მიხედვით დააჯარიმეს წიგნების მაღაზია, რომელიც ბრიტანულ ნოველას, Heartstopper-ს ყიდდა – მთავრობის განმარტებით, წიგნის სპეციალური შეფუთვის გარეშე საბავშვო ლიტერატურასთან ერთად გაყიდვით მაღაზიამ კანონი დაარღვია.

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

//

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ აღკვეთი ღონისძიების სახით კაცს პატიმრობა შეუფარდა.

არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა 12 ივლისს დააკავეს. მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა, საქმეში ფსიქოლოგი ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

დეგნანი: თბილისში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, თუ მოძალადეებს დააკავებენ

//

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, თბილისში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, თუ ძალადობისკენ მომწოდებლებსა და მოძალადეებს დააკავებენ.

ელჩმა პრაიდის ჩაშლილ ფესტივალზე ისაუბრა და თქვა, რომ მოძალადეებს ნება დართეს, არათუ პოლიციის პერიმეტრი გაერღვიათ, არამედ ტერიტორიაზე შესულიყვნენ და კერძო საკუთრება გაენადგურებინათ, ამაზე კი პოლიციას საპასუხო ქმედება არ ჰქონია.

“მინდა, დავიწყო გასული შაბათის მოვლენების კომენტირებით. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ყურება, რომლებიც იყენებდნენ ძალადობას, კერძო კონცერტის თავიდან ასარიდებლად. განსაკუთრებით, როდესაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანები შესაძლოა ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის თანაგრძნობის, სიყვარულის, ტოლერანტობის პატივისცემის შესახებ და იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად.

გასული კვირის შაბათამდე ერთი დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ პროტესტანტებს არ დაუშვებდნენ ტერიტორიაზე და რომ პროტესტანტები უსაფრთხო დისტანციაზე ეყოლებოდათ ფესტივალისგან. არც ერთი არ მომხდარა. უმართავ ბრბოს ნება მისცეს, თბილისის ქუჩებში კილომეტრები გაევლოთ და ისინი ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. მათი ნება დართეს არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრი გაერღვიათ, არამედ ტერიტორიაზეც შესულიყვნენ და გაენადგურებინათ კერძო საკუთრება პოლიციისგან საპასუხო ქმედების გარეშე.

ძალიან შემაშფოთებელია ხალხზე, სავარაუდოდ, კოორდინირებული ძალადობის ყურება, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ესენი არიან იგივე ექსტრემისტები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ 2021 წელს. ისინი არიან Facebook-ზე, ისინი მოუწოდებენ ძალადობისკენ, ამბობენ, რომ დაუმტვრევენ ყბებს, დაღვრიან სისხლს და ამაყობენ იმით, რომ არიან ძალადობის მხარეს. თბილისში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს, თუ ამ ადამიანებს, რომლებიც ვიდეოებზე არიან, დააკავებენ”, – თქვა ელჩმა. [ფორმულას თარგმანი]

8 ივლისს უსაფრთხოების რისკების გამო თბილისი პრაიდის ფესტივალი გაუქმდა. ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან პრაიდის წევრების ევაკუაცია განხორციელდა.

პრაიდის განცხადებით, “განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ იყო კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის”.

მოძალადეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ფესტივალის ტერიტორიამდე ავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრევენციის მიზნით, აქციის არც ერთი მონაწილე არ დაუკავებია. პოლიციასა და მოძალადეებს შორის ვითარება უშუალოდ ფესტივალის ტერიტორიასთან დაიძაბა. თბილისი პრაიდის წევრების გარიდების შემდეგ კი ისინი ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

იურისტები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანმიმართულად არ დაიცვა ფესტივალის ტერიტორია.