დეკემბერი 2022 - Page 6

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე — დღის მნიშვნელობა და ომბუდსმენის გამოხმაურება

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღნიშნავენ. წლევანდელი 10 დეკემბერი 75-ე ყოველწლიური აღნიშვნაა დღის დაფუძნების შემდეგ, ხოლო წლევანდელი სლოგანია — ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღებას უკავშირდება. სწორედ ეს თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.

ადამიანის სამოქალაქო, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური უფლების  რეალიზაციისთვის საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის ადამიანთა უფლებებსა და უფლებების დაცვის გამოწვევებზე საუბრობს.

 


გაეროს გენერალური მდივანი მიმოიხილავს
მოქმედებისკენ მოწოდების ინიციატივასაც, რომელიც ახალ ხედვას ეფუძნება და რომელიც ასახულია მის მოხსენაბაში “ჩვენი საერთო დღის წესრიგი”, რომელიც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური კონტრაქტის განახლებას მოითხოვს. გუტიერესი მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და სხვებს, დააყენონ ადამიანის უფლებები დღევანდელი დამაზიანებელი ტენდენციების უკუქცევისთვის მიმართული ძალისხმევის ცენტრში.

“მსოფლიო ადამიანის უფლებების უპრეცედენტო და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას. შიმშილი და სიღარიბე იზრდება, რაც ასობით მილიონი ადამიანის ეკონომიკური და სოციალური უფლებების შელახვას იწვევს. სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება სახიფათო მდგომარეობაშია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. ინსტიტუციებისადმი ნდობა ორთქლდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. COVID-19-ის პანდემიას შედეგად მოჰყვა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დონის ზრდა. რასიზმი, შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია მძვინვარებს. კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და დაბინძურების სამმაგი პლანეტარული კრიზისიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დაცვის ახალი გამოწვევები ჩნდება. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ რა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს ზოგიერთი ახალი ტექნოლოგია. განსაცდელის დრო მოგვიწოდებს, განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება ადამიანის ყველა უფლების მიმართ, მათ შორის, სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების ჩათვლით,” – აცხადებს გუტიერესი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც გამოეხმაურა და განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების შესავალში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს იმ ძირითად გამოწვევებს, რომლებიც, აპარატის შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას აფერხებს.

განცხადებაში განხილულია, როგორც პრობლემური, ასევე – მისასალმებელი საკითხები.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი აფასებს თანასწორობის პრინციპების დაცვის მიმართულებით მდგომარეობასაც. განცხადების მიხედვით, 2022 წელს არსებითი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. კვლავ გამოწვევად რჩება ერთიანი სახელმწიფო ხედვის და პოლიტიკის არ არსებობა, რაც ხელს შეუწყობდა თანასწორუფლებიანობის მიღწევას ქვეყანაში. მაგალითისთვის, ადამიანის უფლებების 2022-2030 წლების სტრატეგიაში ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ნაკლებად ვხვდებით მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერ განცხადებებს. ამის საპირისპიროდ, არაერთ დისკრიმინაციულ გამონათქვამის და მოწოდების მაგალითები ყოფილა.

სახალხო დამცველის აპარატის მიხედვით, გამოწვევად რჩება:

  • პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება;

  • პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტზე ობიექტური რეაგირება;

  • სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა;

  • პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური იერარქია, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად;

  • თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, მათ შორის, სისტემური პრობლემა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკით ვლინდება;

  • პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები. როგორიცაა ძველი ინფრასტრუქტურა, სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის სუსტი კავშირები, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა;

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშემწყობი პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობის დონეზე პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

  • ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე არაეფექტური რეაგირება, ძალადობის გამეორების რისკის არასათანადო შეფასება და პრევენციული ღონისძიებების არაეფექტიანობა, მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობა და გაუმართაობა;

  • ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები;

  • უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არ არსებობა და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა;

  • რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრობლემური პრაქტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასა და მანდატთან დაკავშირებული ხარვეზები;

  • ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება;

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუტის განსაზღვრის სოციალურ მოდელზე არგადასვლა, რომელიც, გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ, სოციალურ ფაქტორებზე და მორგებული იქნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე;

  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ასევე, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი;

  • 2018 წლიდან სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი მოსახლეობის დაბერების საკითხებზე, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და ერთიანი რეგულირების არარსებობა;
  • საკვებზე უფლების რეალიზაციის კუთხით სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2022 წელს ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში ამ უფლების რეალიზაციის კუთხით ბევრი გამოწვევის არსებობა. ბევრ შემთხვევაში უფასო სასადილო განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე და ხანდახან 30 კილომეტრზე უწევთ გადაადგილება. 


სახალხო დამცველი მიესალმება 2021 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებისას პაციენტის სამართლებრივი სტატუსის გადახედვის აუცილებლობა გაიწერა. თუმცა, აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები პრაქტიკაში სრულად უგულებელყოფილია;


განცხადების მიხედვით, მისასალმებელია, რომ 2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და ცვლილებები შეიტანა შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულებაში, რომლის საფუძველზეც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადა 20 წლიდან 15 წლამდე შემცირდა;

ამასთან, ომბუდსმენი მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესს და სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის გათვალისწინების პოზიტიური ტენდენციას;

სახალხო დამცველი ამბობს იმასაც, რომ მისასალმებელია სახელმწიფოს ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმებისთვის და ექთნებისთვის დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, თუმცა ნამდვილად არაა საკმარისი. 

“ამ ეტაპამდე მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა სამწუხაროდ არ არის მიმართული სიღარიბის დაძლევისაკენ არამედ ძირითადად მიმართულია მხოლოდ მინიმალური საჭიროებების მყისიერ დაკმაყოფილებაზე”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების სოციალური დახმარება 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი და საგანმანათლებლო პროცესის მიტოვების შემთხვევაში მიზეზების დეტალური მოკვლევა და ოჯახებთან მუშაობა. გარდა ამისა, ომბუდსმენი დადებითად აფასებს ქვეყანაში დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას, რაც მისი წლების განმავლობაში განმეორებადი რეკომენდაცია იყო.

ქალები აუნაზღაურებელ შრომას კვირაში 38,4 საათს უთმობენ, კაცები 11,5-ს — კვლევა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის (კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში) ფარგლებში საქსტატის მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ შრომას კვირაში დაახლოებით 38,4 საათს უთმობენ, ხოლო კაცები 11,5 საათს. ამასთან, ქალების 98,3% და კაცების 70,2% მონაწილეობს აუნაზღაურებელ შრომაში.

აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომად ითვლება ყველა ის აუნაზღაურებელი მომსახურება, ადამიანებზე ზრუნვისა და საშინაო შრომის ჩათვლით, რომელსაც ეწევა ინდივიდი შინამეურნეობაში ან თემში, ამ შინამეურნეობის თუ თემის წევრების სასარგებლოდ. კვლევის მიხედვით, აუნაზღაურებელი ზრუნვის და საოჯახო შრომა მთლიანი შიდა პროდუქტის 10 და 39 პროცენტს შეადგენს და ქვეყნების ეკონიკაში უფრო დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ვიდრე წარმოების, ვაჭრობის და ტრასნპორტირების სექტორებს.

დროის გამოყენების კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 97,2% საშინაო შრომაშია ჩართული, ხოლო კაცების მხოლოდ 53,5% და ქალები აღნიშნულ საქმიანობას კვირაში 28,4 საათს უთმობენ მაშინ, როცა კაცები სულ რაღაც 8,5 საათს უთმობენ. ამასთან, ქალების 50,9% და კაცების 32,5% ჩართულია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომაში.

სიღრმისეული ანალიზი კი აჩვენებს, რომ ქალების აუნაზღაურებელ შრომაზე სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებს. მაგალითად, ქორწინებაში მყოფი ქალები აუნაზღაურებელ შრომაში 4,7 საათით მეტს ატარებენ, 2,8 საათით მეტს, თუ მათი მეუღლე დასაქმებულია, როცა სახლში 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვ(ებ)ი ცხოვრობენ — 11,2 საათით მეტს.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობისა და აუნაზღაურებელ სამუშაოზე დახარჯულ დროზე მოქმედი ფაქტორები გენდერულად არის განაწილებული. ქორწინებაში ყოფნა და მცირეწლოვანი ბავშვების ყოლა ქალების მიერ შრომის ბაზარზე გატარებულ ყოველკვირეულ დროს 9,3 საათით ამცირებს, კაცების შემთხვევაში კი პირიქით ხდება, დაქორწინებული კაცები 5,6 საათით მეტს მუშაობენ ანაზღაურებად სამსახურში. აუნაზღაურებელ შრომაზე დახარჯული დრო პირდაპირ გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე თანამონაწილეობაზე, რაც კვლევამაც აჩვენა:  შრომის ბაზართან დაკავშირებულ აქტივობებში ქალების 62,1%-ია ჩართული, ხოლო კაცების 84,2%. ამასთან, ქალები აღნიშნულ აქტივობას კვირაში 36,5 საათს უთმობენ, კაცები კი 50,5 საათს.

სიღრმისეული ანალიზი კიდევ უფრო დიდ გენდერულ დისბალანსს აჩვენებს: ქალებს სამუშაო ძალის შემადგენლობაში ყოფნის 33,3%-ით ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე კაცებს. აღნიშნული შანსი 58,4%-ით ნაკლებია მაშინ, როცა ისინი მზრუნველის/მომვლელის ფუნქციას ასრულებენ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაცებთან შედარებით, 12-ჯერ მეტი ქალი აკეთებს დამატებით საშინაო საქმეს, სხვა საქმიანობების პარალელურად. ასევე, ქალები კვირაში საშუალოდ 8-11,2 საათს ატარებენ ზრუნვის შრომაში მაშინ, როდესაც პარალელურად ძირითადი, არაზრუნვითი საქმითაც არიან დაკავებულნი, ეს დრო კიდევ უფრო იზრდება თუ შინამეურნეობაში 10 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ.

დიდი სხვაობაა ზედამხედველობითი ზრუნვის (მდგომარეობა, როცა ზრუნვის ობიექტთან, ბავშვთან თუ დასუსტებულ ხანშიშესულ ადამიანთან, ახლოს ყოფნაა საჭირო) მიმართულებითაც. ქალების 49,5% ზედამხედველობით ზრუნვაში მონაწილეობს, კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 16,4%-ია. ზედამხედველობით ზრუნვაზე დახარჯული ყოველკვირეული დრო ქალების შემთხვევაში 13,9 საათია, ხოლო კაცების შემთხვევაში 6,5 საათი.

რაც შეეხება თავისუფალი დროის აქტივობებს, ამ მიმართულებით კაცები კვირაში 28,3 საათს ხარჯავენ, ხოლო ქალები 21,6 საათს, თუმცა თავისუფალ დროსაც კი, ქალების 78% პარალელურ საქმიანობას ეწევა, ხოლო კაცების — 73,3%.

ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის მონაცემები შესაბამისია დროითი სიღარიბის მაჩვენებლებთან, რაც ხანგრძლივი სამუშაო დღისა და დროის ერთ მონაკვეთში მრავალი საქმის კეთების საჭიროების გამო დაძაბულობისა და სტრესის შეგრძნებას უკავშირდება. დაბალი დროითი სიღარიბე ქალების 52%-ს და კაცების 40,9%-ს აქვს, ზომიერი დროითი სიღარიბე ქალების 29,6%-ს და კაცების 20,9%-ს, ხოლო მაღალი დროითი სიღარიბე ქალების 11,3%-ს და კაცების 8,9%-ს. ამასთან, თუ ინდივიდს დროითი სიღარიბე ახასიათებს, 12%-ით მატულობს იმისი ალბათობა, რომ მას სიჩქარეში ყოფნის მუდმივი განცდა ექნება, ხოლო თუ ქალია დამატებით 8%-ით. სამუშაო ასაკის მქონე ქალებში, კაცებთან შედარებით, 5%-ით მეტია იმ შეგრძნების ალბათობა, რომ ყოველთვის ეჩქარებათ.

 

 

კვლევაში ნათქვამია, რომ „აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის აღიარება უთანასწოროდ განაწილებული ზრუნვის შრომის საკითხის მოგვარებისა და ამ საკითხის განვითარების გეგმაში, დღის წესრიგში შესატანად პირველი ქმედითი ღონისძიებაა“. ამასთან, გაცემულია რეკომენდაციები, რომლებიც ზრუნვის ღირებულებისა და მისი წვლილის აღიარებისთვის აუცილებელია:

  • როგორც ანაზღაურებადი, ისე აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის შესახებ მონაცემებისა და სტატისტიკის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების გაძლიერება. ასევე, გაუმჯობესებული და გენდერულად უფრო მეტად მგრძნობიარე ზრუნვის პოლიტიკისა და სისტემების განვითარების მიზნით, ზრუნვასთან დაკავშირებული პოლიტიკებისა და ინვესტიციების შესახებ მონაცემებისა და სტატისტიკის წარმოების უკეთესი პრაქტიკის დანერგვა;
  • აუნაზღაურებელი შრომის მონეტარული ღირებულების შეფასება ტრადიციულ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-სთან) მიმართებაში და ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის საზომების ჩართვა ეროვნულ და საერთაშორისო სტატისტიკასა და ეკონომიკური პროგრესის საზომებში, რათა მომავალში მეტად წახალისდეს დიალოგი ზრუნვის შრომისა და პოლიტიკის ემპირიულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაგეგმვის შესახებ;
  • გენდერული უთანასწორობისა და ქალების გაძლიერების ირგვლივ მიმდინარე დებატებში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის ძირითად საკითხთა ჩამონათვალში შეტანა და მასზე რეგულარულად საუბარი პოლიტიკოსებთან, დონორთა თემთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. 

კვლევის მიხედვით, ქალებსა და კაცებს შორის აუნაზღაურებელი შრომის უფრო თანაბრად გადანაწილების უზრუნველსაყოფად, მთავრობისთვის, კერძო სექტორისთვის, თემებისა და შინამეურნეობებისთვის რეკომენდებულია:

  • დროისა და შრომის დამზოგავ ინფრასტრუქტურაში, ტექნოლოგიებსა და/ან პრაქტიკებში ინვესტირება, რათა შემცირდეს აუნაზღაურებელი შრომა, რომელიც ქალებს აწევთ მხრებზე და უამრავ დროს ართმევს მათ;
  • ზრუნვის საჯარო სისტემების გაძლიერება. ამისათვის საჭიროა, რომ ძირითადი ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ისეთ კონკრეტულ ვალდებულებებს ითვალისწინებდეს, როგორებიცაა ზრუნვის უნივერსალური სისტემების დანერგვა, დაფინანსება და შენარჩუნება, და ასევე, ხარისხიან, ფინანსურად და ფიზიკურად ყველასთვის ხელმისაწვდომ ზრუნვის სისტემებსა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირება;
  • ზრუნვაზე ორიენტირებული დასაქმების პოლიტიკის გატარება, მათ შორის, მოქნილი სამუშაო გრაფიკი/ დისტანციურად მუშაობა და მშობლებისთვის დეკრეტული შვებულება, რაც დააბალანსებს ქალებისა და კაცების მიერ სამსახურისა და ოჯახის წინაშე აღებულ ვალდებულებებს;
  • საჯარო სექტორმა უნდა უზრუნველყოს ზრუნვის ღირსეული სამუშაო, მოახდინოს ინვესტირება ზრუნვის სერვისებსა და ინფრასტრუქტურაში და გაუთანაბრდეს საჯარო სექტორს იმით, რომ მიიღონ და აღასრულონ ზრუნვასთან დაკავშირებული კანონები, რეგულაციები, პოლიტიკა და შრომის სტანდარტები;
  • კულტურულად რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამების და მედია და ადვოკატირების კამპანიების მეშვეობით, აღმოიფხვრას დისკრიმინაციული სოციალური ნორმები და გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ხელს უწყობს ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომის უთანასწორო განაწილებას;
  • იმგვარად წახალისდეს პოზიტიური მასკულინობა, რომ საშინაო საქმიანობებში დახმარება დიასახლისებს ქალებმაც გაუწიონ და კაცებმაც.

 2020 და 2021 წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად ჩატარდა დროის გამოყენების კვლევა (GTUS). აუნაზღაურებელ შრომაში და შრომის ბაზრის აქტივობებში მონაწილეობის მაჩვენებელი 25-62 წლის ქალებისა და კაცების მიერ ყოველ 10 წუთში მითითებულ მაჩვენებელს ემყარება. კვლევაში სულ 6074 რესპონდენტი მონაწილეობდა.

დედაენის ბაღში ირანის სოლიდარობის ღონისძიება გაიმართება

11 დეკემბერს, დედაენის ბაღში ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერი ღონისძიება, ირანის თავისუფლებისთვის გაიმართება, რომელზეც ქართველი ფოტოგრაფების სოლიდარობის ფოტო პროექტის პრეზენტაცია შედგება, ასევე საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეებისა და ქართველი არტისტების საპროტესტო მანიფესტი გაჟღერდება. 

სოლიდარობის ფოტო პროექტში დარო სულაკაური, გიორგი ნაკაშიძე, ტეტეშკა, ნანუკა კუტიბაშვილი, ანა ჭუმბურიძე და ბებე სესიტაშვილი მონაწილეობენ. 

იმავე დღეს სოლიდარობის ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბარშიც: 

  • გაიმართება ფოტო ინსტალაცია; 
  • წარდგენილი იქნება ქართველი არტისტის, ნატალია კალანდაძის ნამუშევარი; 
  • შედგება ირანელი რეჟისორის, აბას კიაროსტამის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება; 
  • გაიმართება საჯარო დისკუსია; 
  • შეკრებილების წინაშე წარდგება ირანელი ჰიპ-ჰოპ არტისტი, Interpreter (Iman Robinhood). 

16 სექტემბერს, ირანის ე.წ. ზნეობის პოლიცია 22 წლის ქალს ჰიჯაბის “არასწორად” ტარების გამო ფიზიკურად გაუსწორდა. მაჰსა ამინი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ირანელმა ქალებმა წინააღმდეგობის სიმბოლოდ თმა მოიჭრეს და ჰიჯაბები დაწვეს. ირანში საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება. მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქვეყანაში.

ქვიარ ფონდი Paints Georgia — ლუკა აბლოთიას ახალი წამოწყება

ქვიარ აქტივისტმა ლუკა აბლოთიამ ახალი ქვიარ პლატფორმა — Paints Georgia შექმნა, რომელიც ქვიარ ადამიანების ხმების გაჟღერებას და თემის სოციალურად გაჭირვებული წევრების დახმარებას ისახავს მიზნად.

ლუკა აბლოთიამ ქვიართან საუბრისას აღნიშნა, რომ პლატფორმის შექმნის იდეა ტიკტოკ აქტივობიდან დაიწყო, სადაც გამომწერებს ლგბტქი უფლებებზე ესაუბრებოდა, თუმცა გადაწყვიტა, შეექმნა ონლაინ სივრცე, რომელიც სრულად აღნიშნულ საკითხებს დაეთმობოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტი ონლაინ გვერდი თუ ორგანიზაცია საუბრობს ქვიარ ადამიანებზე, მაინც არის ბევრი, ვისაც ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი, ორგანიზაცია, პლატფორმა თუ სამოქალაქო მოძრაობა უნდა საუბრობდეს“ — ამბობს ლუკა.

მისი თქმით, სახელი Paints (საღებავები) იმიტომ შეარჩია, რომ „ყველა ადამიანი საღებავია ამ სამყაროში, რაც ამ სამყაროს ფერებით ღებავს და მრავალფეროვანს ხდის“.

ლუკა აბლოთია აღნიშნავს, რომ საღებავების უპირველესი მიზანი ფონდის გაკეთება იყო, რადგან ქვეყანაში მრავალი სოციალურად დაუცველი ადამიანია და ეს განსაკუთრებით მძაფრი გამოწვევაა ლგბტქი ადამიანებისა და ქალებისთვის, ამიტომ უნდოდა, მცირედი დახმარება მაინც გაეწია.

„მე და ერთმა ტრანსგენდერმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ასეთი ფონდი, რომელიც დახმარებას გაუწევდა ქვიარებს. თემი რამდენიმე წევრს უკვე დავეხმარეთ, ასევე, გვინდა, რომ დავეხმაროთ ქალებს. ჯერ-ჯერობით ამ ფონდს მე, დედაჩემი და ჩემი რამდენიმე ნათესავი ვაფინანსებთ, რომლებიც ქვიარების დასახმარებლად მზად არიან. გვქონდა თემის წევრების შემოწირულებებიც. ჩვენ სახალხო ორგანიზაცია ვართ, რომელიც ადამიანების საერთო იდეისთვის გაერთიანებას ისახავს მიზნად“, — აღნიშნავს ლუკა.

მისი თქმით, თემის წევრების აქტიურობა აუცილებელია, თუმცა ამას ის მოცემულობა ართულებს, რომ მრავალი ადამიანი საკუთარ იდენტობაზე ღიად არ საუბრობს, ამიტომ გადაწყვიტეს, ანონიმური facebook პოსტების სახით სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანების სათქმელი გაეჟღერებინათ.

Paints Georgia-ის იდეის ავტორის თქმით, საახალწლოდაც აპირებენ კამპანიას, რომელიც მიზნად დაისახავს სოციალურად შეჭირვებული ქვიარ ადამიანების საკვებით ან ფულად უზრუნველყოფას.

კინტოს სიმღერის მიხედვით შექმნილი ქართული ილუსტრაცია გეი სიყვარულზე

Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, Kalioras Lika-მ გრაფიკული ილუსტრაცია მიუძღვნა სსრკ-ში, 1950-იან წლებში ჩაწერილ კინტოს სიმღერას, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ვარაუდი, რომ ის ქვიარ სიყვარულზეა.

ილუსტრაციაზე გამოსახულია სამი კაცი — კინტო და მისი ორი თაყვანისმცემელი, მუჰამედი და აბდული, რომლებიც მას სიყვარულს ეფიცებიან და გაცოცხლებულია ერთ-ერთი კადრი სიმღერიდან: „ერთმა შარფი დამპირდა სიყვარულისთვის, მეორე კი თავს იკლავს ჩემი გულისთვის“.

გთავაზობთ სიმღერის ტექსტსაც:

აღარ ვიცი რა ვქნა მე

აღარ ვიცი რა ვუყო

გული მხოლოდ ერთი მაქვს

ორს კი როგორ გავუყო

მუჰამედ და აბდულიც

სიყვარულს მეფიცება

ორივეს შეყვარება

აბა როგორ იქნება

ერთმა შარფი დამპირდა

სიყვარულისთვის

მეორე კი თავს იკლავს

ჩემი გულისთვის

მე ორივე მომწონხართ

აბა რა ვქნა, რა გიყოთ

სიყვარული ორივეს

მითხარ, როგორ გაგიყოთ

მუჰამედ და აბდული

ასე ნუღა მაწვალებთ

ჩემს გულს და სიყვარულს

მხოლოდ ერთს ვანაცვალებ

ერთმა შარფი დამპირდა

სიყვარულისთვის

მეორე კი თავს იკლავს

ჩემი გულისთვის

კინტოს სიმღერა 2018 წელს მუსიკის ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილი აღმოაჩინა. დანამდვილებით უცნობია, სიმღერა მართლა ქვიარ სიყვარულზეა თუ არა. თუკი ასეა, როგორც ჩანს, ის არალეგალურად უნდა იყოს ჩაწერილი, რადგან სსრკ-ში ჰომოსექსუალობა კანონით იკრძალებოდა.

არსებობს მოსაზრება, რომ კინტოებს შორის ბევრი ჰომოსექსუალი იყო. 

„ეს თემა ტაბუირებული იყო. ამიტომ ამის შესახებ წერილობითი წყაროები, ფაქტობრივად, არ არსებობს. არის ზეპირი გადმოცემები მხოლოდ… კინტო ბისექსუალი იყო და ემსახურებოდა მდიდარ თბილისელებს. ამაზეა აკა მორჩილაძის რომანი „გადაფრენა მადათოვზე და უკან“. დავუკავშირდი აკა მორჩილაძეს. მან მითხრა, ისტორიები, რომლებსაც აღვწერ ამ წიგნში, რეალური ამბებია, ბაბუებმა მიამბესო“, — ამბობს ხელოვნებათმცოდნე შორენა გაბუნია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

გვანცა პერტია — არ უნდა დავმალოთ საკუთარი თავი, არასდროს, არავისთან

მე ვარ პერწო, 21 წლის და ვარ ძალიან კომუნიკაბელური — მგონი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მახასიათებს.

ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესზე და ვარ კონტენტ-არქიტექტორი საქართველოს ბანკში. აქამდეც ბევრგან მიმუშავია, ყველაფერი ვყოფილვარ და კიდევ ძალიან ბევრი რაღაც ვიქნები, თუმცა ჩემი ახლანდელი სამუშაო ძალიან მომწონს და სამომავლოდ ტექში, დიჯიტალ სფეროში ვაპირებ ყოფნას.

“რებელა” ბავშვი

გაგიკვირდებათ და პირველი კლასიდან გეი ვარ. დაწყებითი კლასებიდან ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, გოგოები ვისხედით ხოლმე და ვყვებოდით, ვის ვინ მოსწონდა და ყველა ბიჭის სახელებს რომ ამბობდა, მე — იმ გოგოსას, რომელიც ჩვენს ”სქვადში” არ იყო, მაგრამ, აი, ძაან მაგრად მევასებოდა.

ეგრე გამოდის, რომ მაგ დროიდან უკვე ვიცოდი, უბრალოდ, არ ვიცოდი რა იყო სიტყვა “გეი” და საერთოდ თუ არსებობდა რამე ტერმინი ამისთვის. ამისთვის რა, არც ვიცოდი, ეგ რაღაც რამე თუ იყო. ჩემი იდენტობა პრობლემად არასდროს ჩამითვლია და არც რამისგან გადახრილ ამბად. მართლა ეგრე იყო, არ ვიცი, რანაირად მოვახერხე. ბაღიდან რომ ერთად მოვდივართ, ეგეთ მეგობარს ვკითხე, ქამინგაუთი როდის გავაკეთე-მეთქი და, არ ვიცი, მგონი, არასდროს, თითქოს ყოველთვის ვიცოდითო. გამოდის, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ტვინშიც ისე იყო დალაგებული, რომ ყველამ ყველაფერი ყოველთვის იცოდა.

ლგბტ თემის არსებობის შესახებ 2013 წლის 17 მაისს გავიგე. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ლგბტ ტერმინებთან. ჰო, მაგარი საშინელებაა, შემთხვევით “შენიანები” რომ იპოვე, რომლებზეც არც იცოდი, რომ არსებობდნენ და მაგ შენიანებს სცემენ. ზუსტად მახსოვს, დივანზე ვიჯექი და კბილის ექიმის რიგს ველოდებოდი. ტელევიზორში იმ დღის კადრები გადიოდა. შოკი მქონდა, მეთქი — “ეს რა ჯანდაბა ხდება. რატომ ხდება? რა უნდათ ამ მამაოებს, კაცო?”. გვერდზე დედაჩემი მეჯდა და რა მიპასუხა, არც მახსოვს. უხეშად მომიშორებდა, იმიტომ, რომ თვითონაც არაფრის აზრზე არ იყო და მეეჭვება, რამე პოზიცია ჰქონოდა. ეს დღე იყო ჩემი პირველი თრიგერი, როცა საკუთარ თავს ვკითხე — ანუ, რო რამე, უნდა დამარტყან?! მაშინ 12 წლის ვიყავი, ძალიან დაბნეული, ალბათ, შეშინებულიც, მაგრამ მთელი განცდით მომინდა, რომ იქ მივსულიყავი — არ ვიცოდი, ვისთან, სად, რატომ, მაგრამ ის განცდა მახსოვს, ძაან “ხოდზე” რომ ვიყავი წასვლის.

მგონია, რომ დედა ამაყობს ჩემით, ოღონდ ამას მე არასდროს მეტყვის. მოვწონვარ, როგორც ტიპი, მაგრამ შანსი არაა, რომ აღიაროს ჩემი ქვიარობა

მთელი ჩემი ბავშვობა იყო Survival. ყველაზე კარგად ეს ერთი ინგლისური სიტყვა აღწერს ყველაფერს, რომელიც ქართულად გადარჩენის რეჟიმში ყოფნას ნიშნავს. რებელა ვიყავი — მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ვცდილობდი, ყველაფერი ისე დამელაგებინა ჩემ გარშემო, როგორც მე მინდოდა. დედაჩემმა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მეექვსე კლასიდან ვეკუაში, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადამიყვანა. ამან თავისუფლების პაწია ფანჯარა გამიხსნა, სადაც დედაჩემისგან დამოუკიდებლად ვაკეთებდი რაღაცებს ისე, რომ ვერ გაიგებდა, ან, თუ გაიგებდა, მაინც გადავრჩებოდი, რადგან სახლში მისვლამდე რამეს მოვიფიქრებდი. თან, განა მართლა რამე ისეთს ვაკეთებდი, მეგობრებთან ვატარებდი დიდ დროს. სკოლის მერე სმარტში მივდიოდით, ხან იქს-ფაქტორის ჩაწერაზე, ხან, მთაწმინდაზე — ნუ, რასაც ჩვენი ბავშვური ტვინი მოიფიქრებდა, იმას ვაკეთებდით. ჰოდა, ძალიან ასწორებდა ეგ ბავშვური გართობა და თავისუფლების განცდა, როდესაც ყველგან თვალი არ დაგყვება.

ფოტო: ვახო ქარელი

მთელი ბავშვობა survival იყო-მეთქი და, მართლა, სულ იმის ჩალიჩში ვიყავი, სახლში მაქსიმალურად ცოტა დრო გამეტარებინა. მე-11 კლასში, ზაფხულში, კონსულტანტად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სუპერმარკეტში. ვარკეთილში ვცხოვრობდი და სპეციალურად ვიპოვე ისეთი სამსახური, ძალიან შორს რომ მევლო. წარმოიდგინეთ, 15 წლის პერწო, რომელიც ყოველ დღე, დილის 6 საათზე დგება და ნუცუბიძის მესამე პლატოზე მიდის. “ნეტა არ მეზარებოდა?” — ახლა მაგას ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ აშკარად ძალიან დიდი დისკომფორტი მქონდა სახლში.

სახლში თავს დაცულად საერთოდ არ ვგრძნობდი. იყო სახლიდან გაქცევის მცდელობები, actually გაქცევები, მერე შემორიგებები, რომელიც მაინც არ იყო რეალური შერიგებები და ეგრე რა. მორბენალი სტრიქონივით მქონდა გონებაში სულ ეს წინადადება: “უნდა გადარჩეეეეე”. დიდად არ მიყვარს ჩემი ბავშვობა. ბევრი რაღაც ტვინს დაბლოკილი აქვს და თითქოს აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენჯერმე მოხდა, რომ ამომიტივტივდა ძველი, არც ისე სასიამოვნო მოგონებები.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ მუშტებშეკრულს მძინავს. ალბათ, იმიტომ, რომ სულ მზად ვიყო გასაქცევად და თავის დასაცავად.

ქამინგაუთი დედასთან

დედაჩემთან ქამინგაუთი რომ გავაკეთე, მამაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვობაშივე მივხვდი, ამაზე საუბარი რომ დამეწყო, მეჩხუბებოდნენ, ამიტომ, არც სურვილი მქონდა რამის მოყოლის. სულ ეგრე ვფიქრობდი, რომ არ არის ჩემი მშობლების საქმე, მე რას ვშვრები და ვინ მევასება. მე ხომ ცალკე პიროვნება ვარ, ცალკე ცხოვრებით და აქ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები. თან, მეგონა, რომ ისედაც იცოდა — ახლაც და მაშინაც მართლა ძააააააააააალიან აშკარა იყო ყველაფერი და ვერ ვუშვებდი, მართლა არ მჯეროდა, როგორ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა. ზოგადად, დედასთან ურთიერთობაში ეგეთი სტრატეგია მაქვს, რომ ნებისმიერ თემაზე ველაპარაკები თავიდან ბოლომდე. ჩემს დამოკიდებულებებსაც ვუყვები, რაზეც ძირითადად წინააღმდეგობები აქვს ხოლმე.

შემიძლია, მივიღო ჰომოფობი იმად, რომ ჰომოფობია და მერე საკუთარი თავი მივაღებინო იმად, რომ გეი ვარ.

ნამოხვანის აქციების პერიოდი იყო და ჩემი მეგობრები იყვნენ მისული სოლიდარობის გამოსახატად. ერთ-ერთს პრაიდის სამკლავური ეკეთა და რაც იქ მოხდა, სამწუხაროდ, არავის გაგაკვირვებთ. მაგ დღეს ძააააალიან გავმწარდი, ჩემი ფსიქიკა ითხოვდა, რომ რამე გამეკეთებინა. მოვიფიქრე, რომ მეც გამეკეთებინა სამკლავური და ყველგან ეგრე მევლო ყოველდღე. ერთი სული მქონდა, ვინმეს რამე ეთქვა…

ჰოდა, სახლში რომ მივედი, დედამ მკითხა სამკლავურზე, ეს რა არისო. მეც ავდექი და მოვუყევი მთელი ამ სამკლავურის სთორი — გურამ კაშიადან დაწყებული, ნამოხვანის აქციით დამთავრებული. და ტიპი უცებ მეკითხება — “და შენ რად გინდა, რატო გიკეთია?” გულში მაგრად ავფეთქდი და, შეძლებისდაგვარად, წყნარად ვუთხარი — “რას ჰქვია, რად მინდა?! თემის წევრიც ვარ და მხარდამჭერიც. მარტო ეგ კითხვა გაგიჩნდა ამხელა ისტორიის მერე?!”

შეძლებისდაგვარად წყნარად-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ, რეალურად, ვიყვირე…

მაგარი საშიში საუბარი შედგა ჩვენ შორის. სიგიჟე იყო. ორივემ ყვირილი დავიწყეთ, მაგრად ჩავიძაბეთ. შუა ჩხუბში მივხვდი, რომ რამენაირად უნდა გამენეიტრალებინა და პირველი, რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ ძააალიან ბევრი ტერმინი მივაყარე, მერე ამ ტერმინების ახსნა დავუწყე და რომ მივხვდი, დაიბნა, ოთახიდან გავედი და სხვა ოთახიდან დავუწყე სხვა თემაზე ლაპარაკი (ვახ, რანაირი ქამინგაუთი მქონდა, ყოჩაღ მე!).

ფოტო: ვახო ქარელი

ამ ქამინგაუთის მერე, მინიმუმ, 5-ჯერ კიდევ დავქამინგაუთდი დედაჩემთან. ყოველ ჯერზე მგონია, რომ იცის, მაგრამ, ისევ “არ ახსოვს”. რაღაც დროს მივხვდი, ამას იმიტომ შვრება, რომ ვერ იღებს მისი ტვინი ამ ინფოს და მესმის, მართლა. ასაკით დიდია, სხვანაირი ცხოვრება გამოიარა, სხვა მენტალობა აქვს… მააართლა ყველაფერი მესმის და მეც არ მეზარება ყოველ ჯერზე თავიდან ახსნა. ძალიან არ მევასება, როცა რამეს ვმალავ და მეზიზღება ტყუილების მენეჯმენტი. ხშირად დამჭირვებია ბავშვობაში და აღარ მინდა, რომ დამჭირდეს. ამიტომ, ვდგავარ და არ ვმალავ. მეკითხება? ვუპასუხებ.

სახლში აღარ ვცხოვრობ, ცალკე გადავედი და რაც უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ ერთად, მით უკეთესი ურთიერთობა გვიყალიბდება. ახლა უფრო ხშირად გვინდება, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ და ზოგჯერ მენატრება კიდეც. მიღებული არ ვყავარ, მაგრამ თან ვყავარ. იცის, მაგრამ არ აღიარებს. მე მგონია, რომ ამაყობს ჩემით, ოღონდ ამას მე არასდროს მეტყვის. მოვწონვარ, როგორც ტიპი, მაგრამ შანსი არაა, რომ აღიაროს ჩემი ქვიარობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. სხვასთან დაშვების დონეზეც კი არ იტყვის. მეგობარს რომ მოუყვეს და რჩევა ჰკითხოს, მაგასაც არ იზამს. “არავინ გაიგოს” — ჯერ კიდევ მაინც ეგეთ ხოდზეა, იმის მიუხედავად, რომ მე ეგეთი საერთოდ არ ვარ. აგერ, ამ ამას ვყვები და დედაჩემს მაინც ის ილუზია აქვს, რომ არავინ იცის.

მეც გავიზარდე, სხვა ფორმით ვაწვდი იმ ინფოებს, რასაც ადრეც ვაწვდიდი, მაგრამ შეიძლება — არასწორად. რომ ხედავს, გეი ვარ და ჯერ არაფერი დამიშავებია კონკრეტულად მაგ ფაქტით, ვფიქრობ, უფრო ხვდება რაღაცებს, თუმცა ბოლომდე მიღებას ჯერ ვერ ახერხებს. შეიძლება, ვერც ვერასდროს მიმიღოს ისე, რომ საჯაროდ შეძლოს ამაზე საუბარი, თუმცა მისი პიროვნების პროგრესს რომ ვუყურებ, ძალიანაც კმაყოფილი ვარ და არ გამოვრიცხავ, ოდესმე ჩემზე მეტად ქვიარიც გახდეს.

Communication Is The Key

კომუნიკაბელურობა ტყუილად არ ვახსენე. კომუნიკაციით ადამიანების დამოკიდებულებები შემიცვლია და ეს ძალიან მაგარი რაღაც მგონია — ჩემი გამოცდილებით, ეს არის ის, რაც actually მუშაობს.

ამის გავლა არ უნდა გვიწევდეს, სხვანაირი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ. არ უნდა მადარდებდეს, რომ გეი ვარ. რატომ უნდა მიწევდეს იმაზე საუბარი, რომ არაფერს ვაშავებ?!

შემიძლია, მივიღო ჰომოფობი იმად, რომ ჰომოფობია და მერე საკუთარი თავი მივაღებინო იმად, რომ გეი ვარ. ამ ზაფხულს მოპედით მივდიოდი ბათუმში და სამტრედიაში გავჩერდი. ვიღაც ტიპი დავინახე, რომელიც ბენზინის ჩამსხმელს რაღაცას არასწორად ეუბნებოდა, ჩავერთე და ვუთხარი, როგორც ვიცი, ეგ ეგრე არ მუშაობს-მეთქი. ისე მოხდა, რომ ის ტიპიც ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა და ლაპარაკი გავაბით, მერე ბირჟაზე წამიყვანა და თავისი მეგობრები გამაცნო. ასე აღმოვჩნდი სამტრედიის ბირჟის ჰომოფობებთან. ცხადია, ლაპარაკი იქამდეც მივიდა, რომ მკითხა და არც მე დამიმალავს, რომ გოგოები მომწონს. მე არ მიმიხლია სახეში, თვითონ მკითხა და არც დავმალე და არც მოვატყუე. ძააააალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ახლა ვმეგობრობთ. რამდენჯერაც სამტრედია გავიარე, მივწერე და შევხვდი. ჯერ ისევ ჰომოფობია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრად ნაკლებად. დამოკიდებულებები შეეცვალა და შემდეგ ჩასვლებზე უფრო და უფრო უკეთესი გახდება. მე მართლა მჯერა მიხოსი და მისი ევროპული პერსპექტივის.

ბევრი ადამიანია ჩემ გარშემო, ჰომოფობები რომ არიან და მხოლოდ ჩემს გეობაზე არ აქვთ პრობლემა. ალბათ, ასე იმიტომ ხდება, რომ კომუნიკაბელური ვარ და, ალბათ, იმიტომაც, რომ სხვა გეებს არ იცნობენ. ბევრჯერ მითქვამს — ახლა მე რომ მიყურებ და ფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ვარ, უეჭველად არიან შენ გარშემო სხვა გეები, რომლებზეც არ იცი და არც გეუბნებიან, რადგან ეშინიათ. ათქმევინე, რა გინდა, შენ რა ხელს გიშლის მისი გეობა?!

ფოტო: ვახო ქარელი

Communication is the key — წლებია, ჩემს გონებაში ეს ფრაზა არსებობს და kinda ცხოვრების კრედოსავით მაქვს. საკუთარ თავში ერთი ეგ მომწონს, რომ მართლა ნებისმიერ ადამიანს შემიძლია გავუგო და დაველაპარაკო, რაღაც საერთოს უეჭველად გამოვნახავ და მერე მთელი კომუნიკაციას მაგ ერთი “საერთოდან” ავაწყობ. მართლა გამოსულა ასე კარგი რაღაცები. თუნდაც, სამტრედიელი მიხოს და მისი ბირჟის ჰომოფობიის დოზის შემცირება.

ხილვადობა

მე მგონია, რომ ხილვადობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა და თან, დომინოს პრინციპით მუშაობს. გადამდებია ხილვადობა, რაღაცნაირად ზურგი გაქვს, რომ მარტო არ ხარ. ამ დრომდე საკუთარი თავი არცერთი წამით არ დამიმალავს და ეგაა ჩემი ხილვადობის პოლიტიკა. ამით ვიღაცას კი არ ვუბიძგებ, რომ გეი იყოს, არა — ვინც არის, ისედაც არის, უბრალოდ, ეშინია და იმალება. ზოგს საკუთარი თავი არ ჰყავს მიღებული და ჰგონია, რომ რაღაცას აშავებს.

ჩემს წარსულს თვალს რომ გადავავლებ, სხვანაირი რომ ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირდებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი mindset (აზროვნება) მაქვს. მყოფნის გამბედაობა, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. ეს ყველას არ შეუძლია, ამას ხასიათიც სჭირდება და გარემოს ხელშეწყობაც და აქ გარემო ხელს ჯერ ვერ გვიწყობს, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს შეიცვალოს და აუცილებლად შევცვლით.

პრობლემები უფრო 50 წელს ზემოთ თაობაშია — ვერ გიღებენ, რადგან არ უნახავთ შენნაირი და არც უნდათ, რომ ნახონ. ან თუ უნახავთ, მხოლოდ სოციალურ ქსელებში და რუსული პროპაგანდის დახმარებით გაიგეს, რომ “გარყვნილი” ხარ. სჯერათ ყველაფრის, სიტყვა “დეზინფორმაცია” გაგებულიც კი არ აქვთ, არც უფიქრიათ, რომ ვიღაცები ამას პროპაგანდისთვის იყენებენ. თუმცა საზოგადოება დღეს მაინც უფრო მიმღებლურია — ახალი თაობა მოდის, მსოფლიო ვითარდება და ჩვენც ვვითარდებით, მართალია, უფრო ნელი ტემპით, მაგრამ ხელი არცერთი წამით არ გვაქვს ჩასაქნევი. მაინც უკეთესი სიტუაციაა დღეს, ვიდრე 2013 წელს, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისს მე ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც მუცელში ასაფეთქებელი მოხვდა.

სადარბაზოში აყუჟულები ვიმალებოდით, ვიღაცას დავუკაკუნეთ — “მოსაკლავად მოგვდევენ, შემოგვიშვით, თუ შეგიძლიათ”. იქედან გამოგვძახეს — “დროზე, აქედან წადით, თორემ მე თვითონ დავუძახებ მაგათ”.

დღეს მეტ ადგილას ვჩანვართ ქვიარები და შეიძლება თქმა, რომ ხდება ჩვენი რეპრეზენტაცია იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შევძლოთ არსებობა. გვყავს სელებრითები, რომლებიც გეები არიან და ვერ/არ ქამინგაუთდებიან. ვუყურებ, როგორი კარგი ტიპები არიან, ამდენმა ადამიანმა იცის, უყვართ, თუმცა მაინც საკუთარ ნაჭუჭში არიან, ძირითადად იმიტომ, რომ ეშინიათ. ცოტა ხისტი ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ვიცი, მე ასე არ ვიქნებოდი. არ უნდა დავმალოთ საკუთარი თავი არასდროს, არავის გამო, არავისთან, მით უმეტეს მაშინ, როცა სიტყვა გეთქმის ვიღაცებთან, შენი აუდიტორია და ფანები გყავს. მაგრამ, ჰო, მესმის რომ ყველას ინდივიდუალური გზა აქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა მივა ოდესმე იმ წერტილში, რომ შეძლონ, აღარ დამალონ საკუთარი თავი და სხვებსაც ზურგის ქარი დაუბერონ გამბედაობაში.

აქტივიზმი

რაც მადარდებს, ყველაფერში ჩართული ვარ — უკრაინის მხარდასაჭერი იქნება, საქართველოსი, ანტი-ქოცური თუ ლგბტქი თემის. ზოგადად, რასთანაც თავს ვაიდენტიფიცირებ, მინდა, რომ ყველას დავეხმარო. საკუთარი თავი ხშირად მგონებია დაჩაგრული, ამიტომ, ყველა ჩაგრულის გვერდში დგომა მინდება.

ჩემი ტვინი გამოსავლების ძიების აგრეგატორივითაა. როცა ვიგებ, რომ რაღაც მოხდა, რაც არ მომეწონა, ვცდილობ, რამე საპასუხო გავაკეთო — წავიდე აქციაზე, მივწერო ჩემს მეგობრებს და რამე დავგეგმოთ, თუნდაც, პულვერიზატორი ავიღო და სადმე რამე დავხატო… მგონია, რომ ესეც ხილვადობაა და თუ რაღაც არ მოგწონს, უნდა თქვა. როცა ვხედავ, გარკვეულ სივრცეში შეიძლება რაღაცის გამო დავიჩაგრო, ხმამაღლა ვამბობ, რა არ მომწონს და ამით ვცდილობ, იქ სხვაც აღარ იჩაგრებოდეს.

ფოტო: ვახო ქარელი

კომუნიკაციაც აქტივიზმია და, ალბათ, ესაა ის, რაც ქვიარებმა უნდა ვაკეთოთ — ყველამ, ვისაც ადარდებს და ვისაც ამის რესურსი აქვს. მეც მაქვს ხოლმე მომენტები, როცა აქტივიზმში ყოფნის რესურსი მეწურება, მაგრამ ხომ მოვა ისევ დრო, როცა აღდგება და დავბრუნდები — მთავარია, არ გაჩერდე.

საქართველოში მოქმედი ქვიარ ორგანიზაციების ხედვები შეიძლება განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის თანხვედრა შესაძლებელია ისე, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ. ერთად ბევრად ძლიერები ვიქნებით — შეიძლება, არ მეთანხმებოდე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, არ მემეგობრო და არ მეთანამშრომლო. ჩვენი თანამშრომლობა უნდა შედგეს იმიტომ, რომ ხალხს დავეხმაროთ.

5 ივლისი

5 ივლისისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით. მაშინ სირცხვილიაში აქტიურად ვიყავი ჩართული და, შესაბამისად, ჩართული ვიყავი ორგანიზების პროცესშიც იმ წუთიდან, როცა თბილისი პრაიდი მოვიდა ჩვენთან და გადაწყდა, რომ კვირეულს კოლაბორაციით გავაკეთებდით. კვირეული 1 ივლისს დაიწყო და 4 ივლისს უბედნიერესები ვიყავით. ყველაფერი ძალიან მაგრად მიდიოდა.

5 ივლისი ზეპირად მახსოვს. დილის 10-ზე გამოცდა მქონდა უნივერსიტეტში. 20 წუთში გამოვვარდი ძალიან კმაყოფილი. დიღმიდან რუსთაველისკენ დავიძარი და გზაში ძალიან ბევრი “მარშუტკა” შემხვდა. ვუყურებდი და აშკარად რეგიონიდან ჩამოყვანილი ხალხით იყო სავსე. რუსთაველის გამზირთან რომ მივედი, უკვე საცობი იყო, თავისუფლების მოედნისკენ გზა კი — გადაკეტილი. თურმე ჩვენი მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ ბანაკდებოდნენ და აქციას იწყებდნენ. საორგანიზაციო შტაბი პარლამენტის უკან გვქონდა და მაინც იქ მიწევდა მისვლა.

5 ივლისისთვის ხომ დიდი ხანი ვემზადებოდით და ერთი სული მქონდა, დამდგარიყო. დიდის ამბით ჩავიცვი — პრაიდის ფეხსაცმელი, პრაიდის წინდები, პრაიდის საათი, ტელეფონის ქეისი პრაიდის, ჩანთაზე პრაიდის პინები და დროშა დავამაგრე. აი, ძაააააააააააალიან ფერადი ვიყავი, იმიტო რო ეგრე მინდოდა ჩემი თავის გამოხატვა და საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა ეს საშიში ყოფილიყო. ისედაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ ეგრე ვმოძრაობ, აბა, რა ჯანდაბად მინდა ამდენი პრაიდის რამე, თუ არ გამოვიყენებ?! უცებ ვიღაც ტიპმა ძალიან დიდი ჯიპიდან მიღრიალა — “შენ დღეს დაგენძრევა”. იქვე პოლიცია იდგა, მივუყენე მოპედი და ვუთხარი, ამ წამს იმ მანქანიდან მძღოლი დამემუქრა-მეთქი. მინდოდა, პირველივე ჰომოფობი, რომელმაც ჩემთან გამოავლინა ჰომოფობია, დასჯილიყო. დაახლოებით 40 წუთი ველოდებოდი პოლიციელს, რომ რამე ექნა. ის ტიპი წავიდა, რაღა ამოცნობაზე იყო საუბარი.

როცა ვხედავ, გარკვეულ სივრცეში შეიძლება რაღაცის გამო დავიჩაგრო, ხმამაღლა ვამბობ, რა არ მომწონს და ამით ვცდილობ, იქ სხვაც აღარ იჩაგრებოდეს.

ამასობაში შტაბში შემოვლითი გზით მივედი, იმათ დაიკავეს მთელი რუსთაველი. მახსოვს, ტელევიზორი გვქონდა ჩართული და ვუყურებდით, გარეთ რა ხდებოდა. ვშფოთავდით. ჩემი მისვლიდან მალევე დაგვირეკეს და გვითხრეს — “გაიქეცით, მოდიან!” — გაიგეს, რომ იქ ვიყავით. საშინელება იყო. მე და ანა სუბელიანი ჯერ ანას მოპედის გადასარჩენად ჩავედით სადარბაზოსთან, ამ დროს დაგვინახეს. ვიღაცამ იყვირა, აქ არიანო და ჩვენკენ გამოიქცნენ. მერე ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. მოპედი სადარბაზოში შევტენეთ და როგორც კი კარი დავკეტე და 2 ნაბიჯი გადავდგი, დათო კუტალაძემ ხელებით დაიწყო შუშის კარის მტვრევა. უკანა კარიდან ქუჩაში გავვარდით — კადრებად მახსოვს, როგორი დუჟმორეულები ამორბოდნენ იმ ქუჩაზე, შავებში ჩაცმულები. სადღაც შევვარდით, სადარბაზოში აყუჟულები ვიმალებოდით, ვიღაცას დავუკაკუნეთ — “მოსაკლავად მოგვდევენ, შემოგვიშვით, თუ შეგიძლიათ”. იქედან გამოგვძახეს — “დროზე, აქედან წადით, თორემ მე თვითონ დავუძახებ მაგათ”. ძალიან ცუდი იყო.

ფოტო: ვახო ქარელი

ამ დროს გამახსენდა, რომ ჩემს ძლივს ნაყიდ მოპედს პრაიდის სტიკერები ეკრო და შტაბთან იყო. გული შემიღონდა იმის გაფიქრებაზე, რომ დალეწავდნენ. ყველაფერი დავიხსენი, რაც კი პრაიდის მეცვა და მეხსნებოდა და წავედი შტაბთან. მივედი ჩემს მოპედთან ახლოს, მაგრამ პრაიდის სტიკერების გამო, მთლად გვერდით არ დავუდექი. ამ დროს შემთხვევით დავინახე ნაცნობი, რომელსაც ჯერ ვკითხე, როგორ გადარჩა და მერე ვთხოვე, ერთი მხარე დაეფარა, მეორეს მე მივხედავდი და დავიწყე დაქოქვის პროცესი. ჩემი პირველი მოპედი საშინელება იყო, ჩვეულებრივ დღეებში ძლივს იქოქებოდა და მაგ დღესაც ერთი 20 წუთი დასჭირდა.

დაქოქვის პროცესში ერთ-ერთი ორკი მომიახლოვდა და მკითხა, დახმარება ხომ არ მინდოდა. ოღონდ ისეთი ეჭვის თვალებით მიყურებდა, მივხვდი, რომ მიხვდა, მთლად მაგისიანი რომ არ ვიყავი. არ ვიცი, მაშინ ჩემს ტვინში და ორგანიზმში რა მოხდა, ძალით არ მიქნია, მაგრამ ხმა დავიბოხე და ვუთხარი — “არა, ბრატ! კარბურატორი აქვს გაფუჭებული და უჭირს ხოლმე”. ეტყობა, გაუკვირდა, ასეთი “ხოდით” რომ დავხვდი და შემეშვა. როგორც კი თავი დამანება, მოპედიც დაიქოქა, წავედი და ამოვისუნთქე.

სახელმწიფო აშკარად იმ ხალხთან თანამშრომლობდა, რომლებიც ჩვენზე ძალადობდნენ. ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. საკომუნიკაციო სივრცე არ გაგვაჩნდა, სადაც სუსი არ გვეჯდა და ვერ გაიგებდნენ, სად მივდიოდით. შტაბის შემდეგ გაეროს ოფისში გავიქეცით და რაც იქ მოხდა, ჩემთვის ერთდროულად საშინლად ტრავმული და სასაცილო ამბავია. გაეროს ოფისში ვიყავით, ვმსჯელობდით, რა უნდა გვექნა. ყველა ვნერვიულობთ, მარტო სირცხვილია და თბილისი პრაიდი ხომ არ ვიყავით, სხვა ორგანიზაციები და მხარდამჭერებიც იყვნენ. ვწერდით ტექსტს, რომ მარშს ვაუქმებდით და ამ დროს გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით, რადგან იქ უსაფრთხოდ არ ვიყავით.

წარმოიდგინეთ, გაეროში ხართ და გეუბნებიან — “აქ უსაფრთხოდ არ ხართ, უნდა გახვიდეთ”. საშინელება იყო, ძალიან უსუსურად ვიგრძენი თავი და გავმწარდი. გაეროს კი არ ვადანაშაულებ რამეში, პირიქით, მადლობა, რომ შეგვიფარეს თუნდაც იმ 40 წუთით, ძალიან გვჭირდებოდა, უბრალოდ, ორკები უკვე მრგვალ ბაღთან იყვნენ და მანდ ვიყავით ჩვენც. ეგეც სუსის კვალი — ყველა ლოკაციაზე მოგვადგნენ, სადაც ვიყავით. გაეროსთანაც მოხდა ინციდენტი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, თორნიკე მანდარიას რომ თავს დაესხნენ და გიორგი თაბაგარი ძლივს გადარჩა. ამის ორგანიზატორები დასჯილები არ არიან. გაეროს ოფისიდან გამოქცეული და გამწარებული გმირთა მოედანზე საცობში ვყვიროდი — “სულ რომ მარტო ვიყო, მაინც გავივლი, მაინც გავალ და მარტო გავივლი”. მაგის კადრიც მახსოვს გონებაში. ჩემს ანარეკლს ვხედავდი ავტობუსის შუშაში და მახსოვს, ხალხი გაოცებული სახეებით რომ მიყურებდა. რატომ მიწევდა გაქცევა? იმის გამო, რომ მე უბრალოდ მე ვარ?! რატომ უნდა გავიქცე, რას გიშლი?!

მესამე ლოკაციას ბუნკერი ჰქონდა და ამ ბუნკერში დაახლოებით 30 ადამიანი ვიყავით. რაღაც დროს სიგარეტის მოსაწევად გავედით ეზოში, რასაც გასროლის ხმა და ბოლის ავარდნა მოჰყვა. სანამ შენობაში შევვარდით, ვიგრძენი, რომ მუცელში რაღაც მომხვდა, მაისური ავიწიე და სისხლიც დავინახე. ჩემი პირველი რეაქცია იყო ღრიალი: “დროზეეე, ვინმემ ფოტო გადამიღეთ ტვიტერისთვიიიისსს!”. ვფიქრობდი, რომ ერთადერთი ხსნა იყო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა ხმა.

ამის შემდეგ, კიდევ შევიცვალეთ ლოკაცია. მესამე ლოკაციაზეც მოხდა საშინელება და, საერთოდ, მაგ დღეს ძალიან ბევრი საშინელი რაღაც მოხდა. ბოლოს ემოციურად ისე დავიღალე, ისევ შტაბში დავბრუნდი, დივანზე ვიწექი და მახსოვს, რომ არაფრის ენერგია აღარ მქონდა, წაგებული ვიყავი.

მეორე დილაც სრული უიმედობის იყო. მერე ჯაფარამ ვიდეომიმართვა დადო და ხალხს გამოსვლისკენ მოუწოდა. აქციამდე იწვიმა და დიდი ცისარტყელა გამოჩნდა — ხომ არაფერი, მაგრამ ეს ჩვენთვის მაშინ ისეთი იმედის ნაპერწკალი იყო, რომ ვხტუნავდით, ვცმუკავდით, ბედნიერები ვიყავით. წვიმდა და ყველანი აივანზე ვიდექით იმიტომ, რომ ცისარტყელებს ვხედავდით. შემდეგ, როგორც ყოველი აქციის წინ ხდება ხოლმე, ავიღე სასტვენები, დროშები, ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა და პარლამენტთან ჩავედით. მაგ დღეს პოლიციამ დაინახა და იწვნია ორკების ნამდვილი სახე — ჯოხებს ირტყმევინებოდნენ და რკინებით სავსე შუშის ბოთლებს ისროდნენ. ეს ყველაფერი ჩვენამდე სანამ მოაღწევდა, პოლიციელებსაც ხვდებოდათ. მგონი, მაგ დღეს დაინახეს, ვინ ვიყავით ჩვენ და ვინ იყვნენ ისინი.

6-მა ივლისმა ძალა მოგვცა, თუმცა მერე იყო 11 ივლისი, როდესაც ლექსო გარდაიცვალა. მახსოვს, რომ უკვე ვეღარც ვტიროდი. 5-ში ლექსო მეც ვნახე, ჩვენთან იყო დილას. შტაბიდან რომ გავრბოდით, ლექსო და მირანდა ბოლოს გამოვიდნენ. ლექსომ თქვა კიდეც, ჟურნალისტები ვართ და არაფერს გვიზამენო…

ფოტო: ვახო ქარელი

5 ივლისმა ბევრი ფობია დამიტოვა. მათ შორის, ის, რომ როცა მოპედი ახლოს არ მყავს, ცუდად ვხდები. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი იქნება ისეთი, რაც ჯერ გააზრებული არ მაქვს.

ამის გავლა არ უნდა გვიწევდეს, სხვანაირი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ. არ უნდა მადარდებდეს, რომ გეი ვარ. რატომ უნდა მიწევდეს იმაზე საუბარი, რომ არაფერს ვაშავებ?! მინდა, ისეთი რაღაცები ვაკეთოთ და შევქმნათ, რაც ადამიანებს და ცხოველებს დაეხმარება. აი, სამყარო რომ უკეთესი გავხადოთ და სულ ტელევიზორის პულტივით მსგავსი რაღაცები შევქმნათ. უფრო მარტივი რომ გახდეს ცხოვრება, სულ მაგაზე რომ ვიყოთ ორიენტირებულები და არა იმაზე, თუ ვინ ვისთან წევს და შემთხვევით ამაზე ვინმე ხომ არ ინერვიულებს.

ჰოდა, რავი, რა, მინდა, უბრალოდ ვიცხოვროთ ისეთებმა, როგორებიც ვართ და ამის გამო ტვინი არავინ მოგვი****ს.

საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

/

გუშინ საღამოს, 3 დეკემბერს, ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ განაცხადა, რომ ირანის „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა „იმავე ადგილიდან, სადაც ის შეიქმნა“.

მან ხაზი გაუსვა, რომ ზნეობის პოლიციას „არაფერი ესაქმება“ ქვეყნის სასამართლო სისტემასთან. მიუხედავად ამისა, მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ სისტემა „გააგრძელებს ქცევების მონიტორინგს საზოგადოებრივ დონეზე“, ამიტომ უცნობია, კვლავ შეიქმნება თუ არა ზნეობის პოლიცია სხვა კონტექსტში ან სხვა სახელით.

მონტაზერის შენიშვნა გაჟღერდა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ გაქრა ქუჩებიდან ზნეობის პოლიცია, რომელიც სექტემბერში 22 წლის მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა.

ამ კვირაში მონტაზერიმ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტი, სასამართლო და კულტურის უზენაესი ორგანოები განიხილავენ ჰიჯაბის სავალდებულო ტარების კანონს და განხილვის შედეგი ორ კვირაში გამოცხადდება.

წყარო: aa.com.tr, DW

დემნა პერსონალურად იხდის ბოდიშს ბოლოდროინდელი სარეკლამო კამპანიების გამო

Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მოდის სახლის მიერ ჩატარებული სარეკლამო კამპანიების გამო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პირადად მოიხადა ბოდიში. 

“მინდა, რომ პირადად მოვიხადო ბოდიში საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორი არტისტული არჩევანისთვის, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამაზე. არასწორი იყო ბავშვების გამოყენება ისეთი პროდუქციის სარეკლამოდ, რომელსაც ბავშვებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რამდენადაც უნდა მომწონდეს ხანდახან პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმა, არასდროს განმიზრახავს, რომ ისეთ საშინელ საკითხს  შევხებოდი, როგორიც  ბავშვებზე ძალადობაა და რომელსაც მე ვგმობ. 

საჭიროა, რომ ამ შემთხვევისგან ვისწავლო, მოვუსმინო და ჩავერთო ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რათა წვლილი შევიტანო და დავეხმარო ამ საშინელი საკითხის მოგვარებაში.

ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ამ ფოტოების ვიზულებმა შეურაცხყო. Balenciaga გარანტიას იძლევა, რომ მიიღებს ადეკვატურ ზომებს სამომავლოდ, არა მხოლოდ მსგავსი შეცდომების თავიდან ასარიდებლად, არამედ — იღებს ვალდებულებას ბავშვთა კეთილდღეობის ყველა შესაძლო გზით დასაცავად, რომლითაც შეგვიძლია”, — ვკითხულობთ დემნას პოსტში.

ქართველი დიზაინერი ბოდიშს იხდის იმ კამპანიების გამო, რომელთა ფარგლებში ორი სხვადასხვა ფოტოსესიის ფოტოები გახდა საჯარო. მათგან ერთმა, სახელწოდებით Balenciaga Gift Shop საზოგადოების კრიტიკა იმ ფოტოების გამო დაიმსახურა, რომლებზეც ბავშვები რბილი სათამაშოების ფორმის ხელჩანთებით პოზირებენ. ხელჩანთები ბრენდის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდანაა აღებული. კრიტიკოსებმა თვალებამოშავებული სათამაშო დათვები, გამჭვირვალე მაისურები და ტყავის სახელოები BDSM (აბრევიატურა, რომელიც იშიფრება როგორც დომინირება და მორჩილება, სადიზმი და მაზოხიზმი) აქსესუარებს დაუკავშირეს. ამავე ფოტოებზე ბავშვებთან ერთად ღვინის ჭიქებსაც ვხედავთ.

რაც შეეხება მეორე ფოტოსესიას, სახელწოდებით Garde-Robe, სარეკლამო ფოტოებზე ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასამართლო გადაწყვეტილებების ამობეჭდილი მასალები ფიქსირდებოდა. კერძოდ, ერთ-ერთი ფოტოზე, რომელიც Balenciaga-სა და Adidas-ის კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ჩანთა ჩანს, ვხედავთ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების სიაც ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ 2008 წლის საქმეებზე.

Balenciaga Gift Shop-ის ფარგლებში გადაღებული ფოტოები ბრენდმა თავისი ოფიციალური გვერდებიდან წაშალა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ხოლო Garde-Robe-ის შემთხვევაში ნიუ-იორკის სასამართლოს 25-მილიონიანი სარჩელით მიმართა. სარჩელი კომპანია North Six-ის წინააღმდეგაა მიმართული, რომელმაც აღნიშნული კამპანია განახორციელა. სარჩელის მიხედვით, Balenciaga დავობს, რომ კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფოტოები მათთან შეთანხმების გარეშე გავრცელდა და ბრენდსა და ბავშვთა პორნოგრაფიას შორის პარალელი გაავლო, რამაც საზოგადოებას არასწორი ასოციაცია შეუქმნა.

ქვიარ ემიგრანტის დღიური ნიუ-იორკიდან

დედა და მამა ხშირად ჩხუბობდნენ. მამას საჭმლის ფულის დატოვება ენანებოდა, რის შემდეგაც დედას ისტერიკა ემართებოდა და გულწასული არაერთხელ გამხდარა ჩემი მოსასულიერებელი. სადღაც იქვე იყო მშიშარა დეიდა და პრობლემური უფროსი ძმა. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მარტო ვიყავი. ეს განცდა მუცელში ჩაბუდებულ დიდ შავ ხვრელს ჰგავს, რომლის არსებობასაც სულ ვგრძნობ. თითქოს შენთვის არავის სცალია, შენი აზრები არავის აინტერესებს, გადასარჩენად არავინ მოვა, რასაც გეტყვიან, უნდა გააკეთო, ბავშვი ხარ, შენ ვინ გეკითხება.

ოჯახში ნასწავლი მორჩილება და თავის მოწონების ისტერიული სურვილი ეზოშიც გამყვა და ყველაზე დაბალ საფეხურზე დამაყენა. ორიენტაციამ ბულინგი გააორმაგა. ხანდახან არ ვიცოდი, ორიენტაციის უფრო მრცხვენოდა, მოძალადე მამისა და უსუსური დედის თუ იმის, რომ ყველა კაცში გადამრჩენელის პოვნა მინდოდა.

ტელევიზორში ნანახმა გადამარჩინა — სადღაც იქ, შორს, ქალაქ ნიუ-იორკში თურმე ცხოვრება დუღს და ჩემნაირი “უცნაური” ტიპებითაა სავსე. ყოველ შემთხვევაში, მე ეს ვნახე MTV-ზე და როგორც კი კონფლიქტის, ჩაგვრის ქარიშხალი ჩაივლიდა, ტელევიზორთან მივდიოდი და გაზრდაზე, გაქცევაზე ვოცნებობდი.

მომენტებში სამყარო ცოტა უფრო ნათელი ხდებოდა. ზრდასთან ერთად, ახალი აღმოჩენა გავაკეთე — შეიძლება ადამიანებს შეაყვარო თავი, თუ მათ მოსაწონად მოიქცევი: მამასთან გაჩუმდი და “ქალურად” არ მოიქცე, დედასთვის ყველაზე გამგები შვილი გახდი, ეზოსა და სკოლაში ისე მოიქეცი, რომ ძალიან არ გააღიზიანო და სადღაც ამ ყველაფერში შენი ინდივიდუალიზმიც გაურიე, რომ ძალიან უბედურიც არ იყო. ომს და წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. არ შემიძლია.

ეს დამოკიდებულება სამსახურებზეც გადავიტანე: ყველაზე დიდ ტირანებს უსიტყვოდ დაემორჩილე, გამგებიან უფროსებთან ხუთოსანი იყავი, დანარჩენებთან ისე მოიქეცი, რომ არ გაღიზიანდნენ. ნიჭიერი აღმოვჩნდი და კარიერის შენებას შევუდექი. გამოვიდა.

ყველგან “თითქმის ლიდერი” ვიყავი — ნიჭიერი, მაგრამ მეორე. ჩემი წარსულის ადამიანისთვის ესეც კარგ შედეგად ითვლება, მადლობელი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ რაღაც ვერასდროს ვერ იყო სწორად, შინაგანად სულ მაწუხებდა ეს სიცარიელე, შავი ხვრელი, გატეხილობის შეგრძნება და ვერ ვხსნიდი, რა იყო. ახლა, როცა ასე შორს ვარ საქართველოდან, ვხვდები, რაც — არ ვიყავი მართალი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, არსად ბოლომდე არ ვიყავი მე: სახლისთვის სასახელო და სამაგალითო უნდა ვყოფილიყავი, სამსახურში რადიკალური აზრებისგან თავს ვიკავებდი, მეგობრებისთვის ისეთი კარგი ვიყავი, რომ ყოველ წუთს დავჭირვებოდი, ბოიფრენდებთან ისეთი გამგები, საინტერესო და მრავალფეროვანი, რომ ვერასდროს მივეტოვებინე. ახლა უკვე მეორე წელია არ მტოვებს შეგრძნება, რომ არაფერი ჩემს წინა ცხოვრებაში ნამდვილი არ იყო, იმიტომ, რომ მე არ ვიყავი არავისთან ნამდვილი.

დრომ ყველაფერი შეცვალა: მშობლები გარდაიცვალნენ, მეგობრებმა საკუთარი ოჯახები შექმნეს და ჩემთან გართობამ სიის ბოლოში გადაინაცვლა, სიყალბე გარეული პირადი ცხოვრება არ გამოვიდა, პანდემიამ სამსახურები შეაჩერა და “მეორე კაცობამ”, სხვების ხათრით თავშეკავებამ არ მომცა იმდენი შემოსავალი, რომ ყველასგან დამოუკიდებლად მეარსება. მოკვდა ოცნება, რომ ჩემი მონდომებით ერთ დღესაც ყველაფერს დავალაგებდი; ადამიანებს თავს ისე შევაყვარებდი, რომ ჩემი ორიენტაცია აღარ იქნებოდა მნიშვნელოვანი; რომ დამინახავდნენ, მიმიღებდნენ. მარტო დავრჩი და ავიაბილეთიც ვიყიდე.

დღეს იქ ვარ, საიდანაც გადარჩენის ოცნება დაიწყო — შორეულ ქალაქში, სადაც ქორწინების უფლებაც მაქვს და შვილიც შემიძლია მყავდეს, სადაც ხშირად მესმის, რომ ძალიან ნიჭიერი, საინტერესო და სიმპათიური ვარ, სადაც ადამიანებს ძალიან უკვირთ ჩემი რთული ხასიათი, ორჭოფობა სამსახურებში CV-ის გაგზავნისას, ჩემი ცვალებადი განწყობები და ვერაფრით გაუგიათ, ასეთ წარმოსადეგს, აქამდე როგორ არ მაქვს საკუთარი საქმე, რატომ ვიკეტები რამდენიმე დღით ჩემს ოთახში და რა მიშლის ხელს იმაში, რომ ცხოვრებით დავტკბე.

ღამ-ღამობით საწოლზე ვზივარ, საკუთარი თავისთვის პატიების ძალის პოვნას ვცდილობ და ერთსა და იმავე შეკითხვებს ვუმეორებ თავს: რატომ არ გადავალეწე ყველაფერი თავზე მამაჩემს? რატომ არ წამოვედი უთავმოყვარეო დედისგან, რომელმაც თავისი განუხორციელებელი სურვილები მე მომახვია თავზე? რატომ ვუთმინე გარშემომყოფებს ამდენი შეურაცხყოფა? რატომ ვიჯექი და ვითვალისწინებდი სხვების აზრებს იმის ნაცვლად, რომ აქტივიზმში ჩავრთულიყავი და ჩემი უფლებებისთვის მებრძოლა? რატომ დავხარჯე ამდენი დრო ჩემს მეგობრებზე და არა საკუთარ თავზე?

ვიცი, ჩემი ბრძოლაში ჩართვა გამარჯვებით არ დასრულდებოდა, მაგრამ საკუთარი თავის პატივისცემას მომიტანდა, რაც ნებისმიერი ჯანსაღი და ნორმალური არსებობის საფუძველია — იყო ის, ვინც ხარ, უკომპრომისოდ, მოუბოდიშებლად, ჩხუბით, თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფით, მაგრამ ხისტად, ხმაურიანად, ბოლომდე, თავაწეული, ამაყად. იმიტომ, რომ ბოლოს, საკუთარ თავებთან ისევ ჩვენ გვიწევს ცხოვრება და თუ საკუთარ თავთან მართალი არ ხარ, ყველაფერი წყალში გადასაყრელი ხდება.

როცა ჩემი ბოიფრენდი მის მეგობრებს მაცნობს, გაოცებული ვისმენ მათ პრობლემებს და სულ ვფიქრობ: ეს ჩემი მძიმე წარსული, ჩემი მსოფლმხედველობა და წინა ცხოვრება ტრავმაა, რომელსაც გადავლახავ და მეც ასე ხალისიანად მოვივლი ბარებსა და კლუბებს სისულელეებზე სიცილსა თუ წუწუნში? თუ უკვე ჩემი პიროვნების ნაწილია, რითიც რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება და სხვებისთვის გზის გაადვილება შემიძლია?

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ახალ ანტი-ლგბტქი კანონს დაუჭირა მხარი

/

წინა კვირაში, 24 ნოემბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ — რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატამ — მხარი დაუჭირა კანონს ლგბტქი „პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ.

ახალი კანონი კრძალავს ნებისმიერ რეკლამას, მედიას, წიგნს, ფილმსა თუ თეატრალურ დადგმას, რომელიც ჰომოსექსუალობის „პროპაგანდად“ მიიჩნევა, ასევე, ყველა მოქალაქეს უკრძალავს ბავშვებისთვის პედოფილიასა და გენდერულ ტრანზიციებზე ინფორმაციის მიწოდებას.

ეს ზომა მნიშვნელოვნად ზრდის ლგბტქი თემის რეპრესიას რუსეთში და აფართოებს 2013 წლის კანონს, რომლითაც ბავშვებსა და არასრულწლოვანებში ლგბტქი „პროპაგანდის“ გავრცელება აიკრძალა.

ისეთი მასალების გავრცელება, რომლებიც ლგბტქი უფლებებს, არაჰეტეროსექსუალურ სექსუალობასა და გენდერულ იდენტობას ეხება, დაისჯება ფულადი ჯარიმით 400 000 რუბლამდე (~₾17 800), ან 5 მილიონ რუბლამდე (~₾222 000) იურიდიული პირებისთვის. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

კანონი ჯერ კიდევ არ არის ძალაში შესული. ის უნდა გადაეცეს პარლამენტის ზედა პალატას, ფედერალურ საბჭოს, შემდეგ კი მას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა მოაწეროს ხელი. თუმცა, პრეცედენტით თუ ვიმსჯელებთ, ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები არ უნდა წარმოიშვას.

უფლებადამცველების თქმით, ეს კანონი გაზრდის ცენზურასა და ჰომოფობიას რუსეთში და ლგბტქი თემს „მიწისქვეშეთში“ გადასვლას აიძულებს. LGBT Network-მა კანონს ლგბტქი თემის დამცირებისა და დისკრიმინაციის „აბსურდული“ მცდელობა უწოდა.

წყარო: Euronews