გვანცა პერტია — არ უნდა დავმალოთ საკუთარი თავი, არასდროს, არავისთან

მე ვარ პერწო, 21 წლის და ვარ ძალიან კომუნიკაბელური — მგონი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მახასიათებს.

ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნესზე და ვარ კონტენტ-არქიტექტორი საქართველოს ბანკში. აქამდეც ბევრგან მიმუშავია, ყველაფერი ვყოფილვარ და კიდევ ძალიან ბევრი რაღაც ვიქნები, თუმცა ჩემი ახლანდელი სამუშაო ძალიან მომწონს და სამომავლოდ ტექში, დიჯიტალ სფეროში ვაპირებ ყოფნას.

“რებელა” ბავშვი

გაგიკვირდებათ და პირველი კლასიდან გეი ვარ. დაწყებითი კლასებიდან ბევრი რამ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, გოგოები ვისხედით ხოლმე და ვყვებოდით, ვის ვინ მოსწონდა და ყველა ბიჭის სახელებს რომ ამბობდა, მე — იმ გოგოსას, რომელიც ჩვენს ”სქვადში” არ იყო, მაგრამ, აი, ძაან მაგრად მევასებოდა.

ეგრე გამოდის, რომ მაგ დროიდან უკვე ვიცოდი, უბრალოდ, არ ვიცოდი რა იყო სიტყვა “გეი” და საერთოდ თუ არსებობდა რამე ტერმინი ამისთვის. ამისთვის რა, არც ვიცოდი, ეგ რაღაც რამე თუ იყო. ჩემი იდენტობა პრობლემად არასდროს ჩამითვლია და არც რამისგან გადახრილ ამბად. მართლა ეგრე იყო, არ ვიცი, რანაირად მოვახერხე. ბაღიდან რომ ერთად მოვდივართ, ეგეთ მეგობარს ვკითხე, ქამინგაუთი როდის გავაკეთე-მეთქი და, არ ვიცი, მგონი, არასდროს, თითქოს ყოველთვის ვიცოდითო. გამოდის, რომ ჩემი და ჩემი მეგობრების ტვინშიც ისე იყო დალაგებული, რომ ყველამ ყველაფერი ყოველთვის იცოდა.

ლგბტ თემის არსებობის შესახებ 2013 წლის 17 მაისს გავიგე. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ლგბტ ტერმინებთან. ჰო, მაგარი საშინელებაა, შემთხვევით “შენიანები” რომ იპოვე, რომლებზეც არც იცოდი, რომ არსებობდნენ და მაგ შენიანებს სცემენ. ზუსტად მახსოვს, დივანზე ვიჯექი და კბილის ექიმის რიგს ველოდებოდი. ტელევიზორში იმ დღის კადრები გადიოდა. შოკი მქონდა, მეთქი — “ეს რა ჯანდაბა ხდება. რატომ ხდება? რა უნდათ ამ მამაოებს, კაცო?”. გვერდზე დედაჩემი მეჯდა და რა მიპასუხა, არც მახსოვს. უხეშად მომიშორებდა, იმიტომ, რომ თვითონაც არაფრის აზრზე არ იყო და მეეჭვება, რამე პოზიცია ჰქონოდა. ეს დღე იყო ჩემი პირველი თრიგერი, როცა საკუთარ თავს ვკითხე — ანუ, რო რამე, უნდა დამარტყან?! მაშინ 12 წლის ვიყავი, ძალიან დაბნეული, ალბათ, შეშინებულიც, მაგრამ მთელი განცდით მომინდა, რომ იქ მივსულიყავი — არ ვიცოდი, ვისთან, სად, რატომ, მაგრამ ის განცდა მახსოვს, ძაან “ხოდზე” რომ ვიყავი წასვლის.

მგონია, რომ დედა ამაყობს ჩემით, ოღონდ ამას მე არასდროს მეტყვის. მოვწონვარ, როგორც ტიპი, მაგრამ შანსი არაა, რომ აღიაროს ჩემი ქვიარობა

მთელი ჩემი ბავშვობა იყო Survival. ყველაზე კარგად ეს ერთი ინგლისური სიტყვა აღწერს ყველაფერს, რომელიც ქართულად გადარჩენის რეჟიმში ყოფნას ნიშნავს. რებელა ვიყავი — მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ვცდილობდი, ყველაფერი ისე დამელაგებინა ჩემ გარშემო, როგორც მე მინდოდა. დედაჩემმა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მეექვსე კლასიდან ვეკუაში, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადამიყვანა. ამან თავისუფლების პაწია ფანჯარა გამიხსნა, სადაც დედაჩემისგან დამოუკიდებლად ვაკეთებდი რაღაცებს ისე, რომ ვერ გაიგებდა, ან, თუ გაიგებდა, მაინც გადავრჩებოდი, რადგან სახლში მისვლამდე რამეს მოვიფიქრებდი. თან, განა მართლა რამე ისეთს ვაკეთებდი, მეგობრებთან ვატარებდი დიდ დროს. სკოლის მერე სმარტში მივდიოდით, ხან იქს-ფაქტორის ჩაწერაზე, ხან, მთაწმინდაზე — ნუ, რასაც ჩვენი ბავშვური ტვინი მოიფიქრებდა, იმას ვაკეთებდით. ჰოდა, ძალიან ასწორებდა ეგ ბავშვური გართობა და თავისუფლების განცდა, როდესაც ყველგან თვალი არ დაგყვება.

ფოტო: ვახო ქარელი

მთელი ბავშვობა survival იყო-მეთქი და, მართლა, სულ იმის ჩალიჩში ვიყავი, სახლში მაქსიმალურად ცოტა დრო გამეტარებინა. მე-11 კლასში, ზაფხულში, კონსულტანტად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სუპერმარკეტში. ვარკეთილში ვცხოვრობდი და სპეციალურად ვიპოვე ისეთი სამსახური, ძალიან შორს რომ მევლო. წარმოიდგინეთ, 15 წლის პერწო, რომელიც ყოველ დღე, დილის 6 საათზე დგება და ნუცუბიძის მესამე პლატოზე მიდის. “ნეტა არ მეზარებოდა?” — ახლა მაგას ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ აშკარად ძალიან დიდი დისკომფორტი მქონდა სახლში.

სახლში თავს დაცულად საერთოდ არ ვგრძნობდი. იყო სახლიდან გაქცევის მცდელობები, actually გაქცევები, მერე შემორიგებები, რომელიც მაინც არ იყო რეალური შერიგებები და ეგრე რა. მორბენალი სტრიქონივით მქონდა გონებაში სულ ეს წინადადება: “უნდა გადარჩეეეეე”. დიდად არ მიყვარს ჩემი ბავშვობა. ბევრი რაღაც ტვინს დაბლოკილი აქვს და თითქოს აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენჯერმე მოხდა, რომ ამომიტივტივდა ძველი, არც ისე სასიამოვნო მოგონებები.

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ მუშტებშეკრულს მძინავს. ალბათ, იმიტომ, რომ სულ მზად ვიყო გასაქცევად და თავის დასაცავად.

ქამინგაუთი დედასთან

დედაჩემთან ქამინგაუთი რომ გავაკეთე, მამაჩემი უკვე გარდაცვლილი იყო. ბავშვობაშივე მივხვდი, ამაზე საუბარი რომ დამეწყო, მეჩხუბებოდნენ, ამიტომ, არც სურვილი მქონდა რამის მოყოლის. სულ ეგრე ვფიქრობდი, რომ არ არის ჩემი მშობლების საქმე, მე რას ვშვრები და ვინ მევასება. მე ხომ ცალკე პიროვნება ვარ, ცალკე ცხოვრებით და აქ მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები. თან, მეგონა, რომ ისედაც იცოდა — ახლაც და მაშინაც მართლა ძააააააააააალიან აშკარა იყო ყველაფერი და ვერ ვუშვებდი, მართლა არ მჯეროდა, როგორ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა. ზოგადად, დედასთან ურთიერთობაში ეგეთი სტრატეგია მაქვს, რომ ნებისმიერ თემაზე ველაპარაკები თავიდან ბოლომდე. ჩემს დამოკიდებულებებსაც ვუყვები, რაზეც ძირითადად წინააღმდეგობები აქვს ხოლმე.

შემიძლია, მივიღო ჰომოფობი იმად, რომ ჰომოფობია და მერე საკუთარი თავი მივაღებინო იმად, რომ გეი ვარ.

ნამოხვანის აქციების პერიოდი იყო და ჩემი მეგობრები იყვნენ მისული სოლიდარობის გამოსახატად. ერთ-ერთს პრაიდის სამკლავური ეკეთა და რაც იქ მოხდა, სამწუხაროდ, არავის გაგაკვირვებთ. მაგ დღეს ძააააალიან გავმწარდი, ჩემი ფსიქიკა ითხოვდა, რომ რამე გამეკეთებინა. მოვიფიქრე, რომ მეც გამეკეთებინა სამკლავური და ყველგან ეგრე მევლო ყოველდღე. ერთი სული მქონდა, ვინმეს რამე ეთქვა…

ჰოდა, სახლში რომ მივედი, დედამ მკითხა სამკლავურზე, ეს რა არისო. მეც ავდექი და მოვუყევი მთელი ამ სამკლავურის სთორი — გურამ კაშიადან დაწყებული, ნამოხვანის აქციით დამთავრებული. და ტიპი უცებ მეკითხება — “და შენ რად გინდა, რატო გიკეთია?” გულში მაგრად ავფეთქდი და, შეძლებისდაგვარად, წყნარად ვუთხარი — “რას ჰქვია, რად მინდა?! თემის წევრიც ვარ და მხარდამჭერიც. მარტო ეგ კითხვა გაგიჩნდა ამხელა ისტორიის მერე?!”

შეძლებისდაგვარად წყნარად-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ, რეალურად, ვიყვირე…

მაგარი საშიში საუბარი შედგა ჩვენ შორის. სიგიჟე იყო. ორივემ ყვირილი დავიწყეთ, მაგრად ჩავიძაბეთ. შუა ჩხუბში მივხვდი, რომ რამენაირად უნდა გამენეიტრალებინა და პირველი, რაც მოვიფიქრე, ის იყო, რომ ძააალიან ბევრი ტერმინი მივაყარე, მერე ამ ტერმინების ახსნა დავუწყე და რომ მივხვდი, დაიბნა, ოთახიდან გავედი და სხვა ოთახიდან დავუწყე სხვა თემაზე ლაპარაკი (ვახ, რანაირი ქამინგაუთი მქონდა, ყოჩაღ მე!).

ფოტო: ვახო ქარელი

ამ ქამინგაუთის მერე, მინიმუმ, 5-ჯერ კიდევ დავქამინგაუთდი დედაჩემთან. ყოველ ჯერზე მგონია, რომ იცის, მაგრამ, ისევ “არ ახსოვს”. რაღაც დროს მივხვდი, ამას იმიტომ შვრება, რომ ვერ იღებს მისი ტვინი ამ ინფოს და მესმის, მართლა. ასაკით დიდია, სხვანაირი ცხოვრება გამოიარა, სხვა მენტალობა აქვს… მააართლა ყველაფერი მესმის და მეც არ მეზარება ყოველ ჯერზე თავიდან ახსნა. ძალიან არ მევასება, როცა რამეს ვმალავ და მეზიზღება ტყუილების მენეჯმენტი. ხშირად დამჭირვებია ბავშვობაში და აღარ მინდა, რომ დამჭირდეს. ამიტომ, ვდგავარ და არ ვმალავ. მეკითხება? ვუპასუხებ.

სახლში აღარ ვცხოვრობ, ცალკე გადავედი და რაც უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ ერთად, მით უკეთესი ურთიერთობა გვიყალიბდება. ახლა უფრო ხშირად გვინდება, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ და ზოგჯერ მენატრება კიდეც. მიღებული არ ვყავარ, მაგრამ თან ვყავარ. იცის, მაგრამ არ აღიარებს. მე მგონია, რომ ამაყობს ჩემით, ოღონდ ამას მე არასდროს მეტყვის. მოვწონვარ, როგორც ტიპი, მაგრამ შანსი არაა, რომ აღიაროს ჩემი ქვიარობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. სხვასთან დაშვების დონეზეც კი არ იტყვის. მეგობარს რომ მოუყვეს და რჩევა ჰკითხოს, მაგასაც არ იზამს. “არავინ გაიგოს” — ჯერ კიდევ მაინც ეგეთ ხოდზეა, იმის მიუხედავად, რომ მე ეგეთი საერთოდ არ ვარ. აგერ, ამ ამას ვყვები და დედაჩემს მაინც ის ილუზია აქვს, რომ არავინ იცის.

მეც გავიზარდე, სხვა ფორმით ვაწვდი იმ ინფოებს, რასაც ადრეც ვაწვდიდი, მაგრამ შეიძლება — არასწორად. რომ ხედავს, გეი ვარ და ჯერ არაფერი დამიშავებია კონკრეტულად მაგ ფაქტით, ვფიქრობ, უფრო ხვდება რაღაცებს, თუმცა ბოლომდე მიღებას ჯერ ვერ ახერხებს. შეიძლება, ვერც ვერასდროს მიმიღოს ისე, რომ საჯაროდ შეძლოს ამაზე საუბარი, თუმცა მისი პიროვნების პროგრესს რომ ვუყურებ, ძალიანაც კმაყოფილი ვარ და არ გამოვრიცხავ, ოდესმე ჩემზე მეტად ქვიარიც გახდეს.

Communication Is The Key

კომუნიკაბელურობა ტყუილად არ ვახსენე. კომუნიკაციით ადამიანების დამოკიდებულებები შემიცვლია და ეს ძალიან მაგარი რაღაც მგონია — ჩემი გამოცდილებით, ეს არის ის, რაც actually მუშაობს.

ამის გავლა არ უნდა გვიწევდეს, სხვანაირი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ. არ უნდა მადარდებდეს, რომ გეი ვარ. რატომ უნდა მიწევდეს იმაზე საუბარი, რომ არაფერს ვაშავებ?!

შემიძლია, მივიღო ჰომოფობი იმად, რომ ჰომოფობია და მერე საკუთარი თავი მივაღებინო იმად, რომ გეი ვარ. ამ ზაფხულს მოპედით მივდიოდი ბათუმში და სამტრედიაში გავჩერდი. ვიღაც ტიპი დავინახე, რომელიც ბენზინის ჩამსხმელს რაღაცას არასწორად ეუბნებოდა, ჩავერთე და ვუთხარი, როგორც ვიცი, ეგ ეგრე არ მუშაობს-მეთქი. ისე მოხდა, რომ ის ტიპიც ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა და ლაპარაკი გავაბით, მერე ბირჟაზე წამიყვანა და თავისი მეგობრები გამაცნო. ასე აღმოვჩნდი სამტრედიის ბირჟის ჰომოფობებთან. ცხადია, ლაპარაკი იქამდეც მივიდა, რომ მკითხა და არც მე დამიმალავს, რომ გოგოები მომწონს. მე არ მიმიხლია სახეში, თვითონ მკითხა და არც დავმალე და არც მოვატყუე. ძააააალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ახლა ვმეგობრობთ. რამდენჯერაც სამტრედია გავიარე, მივწერე და შევხვდი. ჯერ ისევ ჰომოფობია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრად ნაკლებად. დამოკიდებულებები შეეცვალა და შემდეგ ჩასვლებზე უფრო და უფრო უკეთესი გახდება. მე მართლა მჯერა მიხოსი და მისი ევროპული პერსპექტივის.

ბევრი ადამიანია ჩემ გარშემო, ჰომოფობები რომ არიან და მხოლოდ ჩემს გეობაზე არ აქვთ პრობლემა. ალბათ, ასე იმიტომ ხდება, რომ კომუნიკაბელური ვარ და, ალბათ, იმიტომაც, რომ სხვა გეებს არ იცნობენ. ბევრჯერ მითქვამს — ახლა მე რომ მიყურებ და ფიქრობ, რომ კარგი ადამიანი ვარ, უეჭველად არიან შენ გარშემო სხვა გეები, რომლებზეც არ იცი და არც გეუბნებიან, რადგან ეშინიათ. ათქმევინე, რა გინდა, შენ რა ხელს გიშლის მისი გეობა?!

ფოტო: ვახო ქარელი

Communication is the key — წლებია, ჩემს გონებაში ეს ფრაზა არსებობს და kinda ცხოვრების კრედოსავით მაქვს. საკუთარ თავში ერთი ეგ მომწონს, რომ მართლა ნებისმიერ ადამიანს შემიძლია გავუგო და დაველაპარაკო, რაღაც საერთოს უეჭველად გამოვნახავ და მერე მთელი კომუნიკაციას მაგ ერთი “საერთოდან” ავაწყობ. მართლა გამოსულა ასე კარგი რაღაცები. თუნდაც, სამტრედიელი მიხოს და მისი ბირჟის ჰომოფობიის დოზის შემცირება.

ხილვადობა

მე მგონია, რომ ხილვადობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა და თან, დომინოს პრინციპით მუშაობს. გადამდებია ხილვადობა, რაღაცნაირად ზურგი გაქვს, რომ მარტო არ ხარ. ამ დრომდე საკუთარი თავი არცერთი წამით არ დამიმალავს და ეგაა ჩემი ხილვადობის პოლიტიკა. ამით ვიღაცას კი არ ვუბიძგებ, რომ გეი იყოს, არა — ვინც არის, ისედაც არის, უბრალოდ, ეშინია და იმალება. ზოგს საკუთარი თავი არ ჰყავს მიღებული და ჰგონია, რომ რაღაცას აშავებს.

ჩემს წარსულს თვალს რომ გადავავლებ, სხვანაირი რომ ვყოფილიყავი, ძალიან გამიჭირდებოდა. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი mindset (აზროვნება) მაქვს. მყოფნის გამბედაობა, რომ ვიყო ის, ვინც ვარ. ეს ყველას არ შეუძლია, ამას ხასიათიც სჭირდება და გარემოს ხელშეწყობაც და აქ გარემო ხელს ჯერ ვერ გვიწყობს, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს შეიცვალოს და აუცილებლად შევცვლით.

პრობლემები უფრო 50 წელს ზემოთ თაობაშია — ვერ გიღებენ, რადგან არ უნახავთ შენნაირი და არც უნდათ, რომ ნახონ. ან თუ უნახავთ, მხოლოდ სოციალურ ქსელებში და რუსული პროპაგანდის დახმარებით გაიგეს, რომ “გარყვნილი” ხარ. სჯერათ ყველაფრის, სიტყვა “დეზინფორმაცია” გაგებულიც კი არ აქვთ, არც უფიქრიათ, რომ ვიღაცები ამას პროპაგანდისთვის იყენებენ. თუმცა საზოგადოება დღეს მაინც უფრო მიმღებლურია — ახალი თაობა მოდის, მსოფლიო ვითარდება და ჩვენც ვვითარდებით, მართალია, უფრო ნელი ტემპით, მაგრამ ხელი არცერთი წამით არ გვაქვს ჩასაქნევი. მაინც უკეთესი სიტუაციაა დღეს, ვიდრე 2013 წელს, მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისს მე ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც მუცელში ასაფეთქებელი მოხვდა.

სადარბაზოში აყუჟულები ვიმალებოდით, ვიღაცას დავუკაკუნეთ — “მოსაკლავად მოგვდევენ, შემოგვიშვით, თუ შეგიძლიათ”. იქედან გამოგვძახეს — “დროზე, აქედან წადით, თორემ მე თვითონ დავუძახებ მაგათ”.

დღეს მეტ ადგილას ვჩანვართ ქვიარები და შეიძლება თქმა, რომ ხდება ჩვენი რეპრეზენტაცია იმისთვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შევძლოთ არსებობა. გვყავს სელებრითები, რომლებიც გეები არიან და ვერ/არ ქამინგაუთდებიან. ვუყურებ, როგორი კარგი ტიპები არიან, ამდენმა ადამიანმა იცის, უყვართ, თუმცა მაინც საკუთარ ნაჭუჭში არიან, ძირითადად იმიტომ, რომ ეშინიათ. ცოტა ხისტი ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ვიცი, მე ასე არ ვიქნებოდი. არ უნდა დავმალოთ საკუთარი თავი არასდროს, არავის გამო, არავისთან, მით უმეტეს მაშინ, როცა სიტყვა გეთქმის ვიღაცებთან, შენი აუდიტორია და ფანები გყავს. მაგრამ, ჰო, მესმის რომ ყველას ინდივიდუალური გზა აქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა მივა ოდესმე იმ წერტილში, რომ შეძლონ, აღარ დამალონ საკუთარი თავი და სხვებსაც ზურგის ქარი დაუბერონ გამბედაობაში.

აქტივიზმი

რაც მადარდებს, ყველაფერში ჩართული ვარ — უკრაინის მხარდასაჭერი იქნება, საქართველოსი, ანტი-ქოცური თუ ლგბტქი თემის. ზოგადად, რასთანაც თავს ვაიდენტიფიცირებ, მინდა, რომ ყველას დავეხმარო. საკუთარი თავი ხშირად მგონებია დაჩაგრული, ამიტომ, ყველა ჩაგრულის გვერდში დგომა მინდება.

ჩემი ტვინი გამოსავლების ძიების აგრეგატორივითაა. როცა ვიგებ, რომ რაღაც მოხდა, რაც არ მომეწონა, ვცდილობ, რამე საპასუხო გავაკეთო — წავიდე აქციაზე, მივწერო ჩემს მეგობრებს და რამე დავგეგმოთ, თუნდაც, პულვერიზატორი ავიღო და სადმე რამე დავხატო… მგონია, რომ ესეც ხილვადობაა და თუ რაღაც არ მოგწონს, უნდა თქვა. როცა ვხედავ, გარკვეულ სივრცეში შეიძლება რაღაცის გამო დავიჩაგრო, ხმამაღლა ვამბობ, რა არ მომწონს და ამით ვცდილობ, იქ სხვაც აღარ იჩაგრებოდეს.

ფოტო: ვახო ქარელი

კომუნიკაციაც აქტივიზმია და, ალბათ, ესაა ის, რაც ქვიარებმა უნდა ვაკეთოთ — ყველამ, ვისაც ადარდებს და ვისაც ამის რესურსი აქვს. მეც მაქვს ხოლმე მომენტები, როცა აქტივიზმში ყოფნის რესურსი მეწურება, მაგრამ ხომ მოვა ისევ დრო, როცა აღდგება და დავბრუნდები — მთავარია, არ გაჩერდე.

საქართველოში მოქმედი ქვიარ ორგანიზაციების ხედვები შეიძლება განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის თანხვედრა შესაძლებელია ისე, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ. ერთად ბევრად ძლიერები ვიქნებით — შეიძლება, არ მეთანხმებოდე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი, არ მემეგობრო და არ მეთანამშრომლო. ჩვენი თანამშრომლობა უნდა შედგეს იმიტომ, რომ ხალხს დავეხმაროთ.

5 ივლისი

5 ივლისისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით. მაშინ სირცხვილიაში აქტიურად ვიყავი ჩართული და, შესაბამისად, ჩართული ვიყავი ორგანიზების პროცესშიც იმ წუთიდან, როცა თბილისი პრაიდი მოვიდა ჩვენთან და გადაწყდა, რომ კვირეულს კოლაბორაციით გავაკეთებდით. კვირეული 1 ივლისს დაიწყო და 4 ივლისს უბედნიერესები ვიყავით. ყველაფერი ძალიან მაგრად მიდიოდა.

5 ივლისი ზეპირად მახსოვს. დილის 10-ზე გამოცდა მქონდა უნივერსიტეტში. 20 წუთში გამოვვარდი ძალიან კმაყოფილი. დიღმიდან რუსთაველისკენ დავიძარი და გზაში ძალიან ბევრი “მარშუტკა” შემხვდა. ვუყურებდი და აშკარად რეგიონიდან ჩამოყვანილი ხალხით იყო სავსე. რუსთაველის გამზირთან რომ მივედი, უკვე საცობი იყო, თავისუფლების მოედნისკენ გზა კი — გადაკეტილი. თურმე ჩვენი მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ ბანაკდებოდნენ და აქციას იწყებდნენ. საორგანიზაციო შტაბი პარლამენტის უკან გვქონდა და მაინც იქ მიწევდა მისვლა.

5 ივლისისთვის ხომ დიდი ხანი ვემზადებოდით და ერთი სული მქონდა, დამდგარიყო. დიდის ამბით ჩავიცვი — პრაიდის ფეხსაცმელი, პრაიდის წინდები, პრაიდის საათი, ტელეფონის ქეისი პრაიდის, ჩანთაზე პრაიდის პინები და დროშა დავამაგრე. აი, ძაააააააააააალიან ფერადი ვიყავი, იმიტო რო ეგრე მინდოდა ჩემი თავის გამოხატვა და საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლებოდა ეს საშიში ყოფილიყო. ისედაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ ეგრე ვმოძრაობ, აბა, რა ჯანდაბად მინდა ამდენი პრაიდის რამე, თუ არ გამოვიყენებ?! უცებ ვიღაც ტიპმა ძალიან დიდი ჯიპიდან მიღრიალა — “შენ დღეს დაგენძრევა”. იქვე პოლიცია იდგა, მივუყენე მოპედი და ვუთხარი, ამ წამს იმ მანქანიდან მძღოლი დამემუქრა-მეთქი. მინდოდა, პირველივე ჰომოფობი, რომელმაც ჩემთან გამოავლინა ჰომოფობია, დასჯილიყო. დაახლოებით 40 წუთი ველოდებოდი პოლიციელს, რომ რამე ექნა. ის ტიპი წავიდა, რაღა ამოცნობაზე იყო საუბარი.

როცა ვხედავ, გარკვეულ სივრცეში შეიძლება რაღაცის გამო დავიჩაგრო, ხმამაღლა ვამბობ, რა არ მომწონს და ამით ვცდილობ, იქ სხვაც აღარ იჩაგრებოდეს.

ამასობაში შტაბში შემოვლითი გზით მივედი, იმათ დაიკავეს მთელი რუსთაველი. მახსოვს, ტელევიზორი გვქონდა ჩართული და ვუყურებდით, გარეთ რა ხდებოდა. ვშფოთავდით. ჩემი მისვლიდან მალევე დაგვირეკეს და გვითხრეს — “გაიქეცით, მოდიან!” — გაიგეს, რომ იქ ვიყავით. საშინელება იყო. მე და ანა სუბელიანი ჯერ ანას მოპედის გადასარჩენად ჩავედით სადარბაზოსთან, ამ დროს დაგვინახეს. ვიღაცამ იყვირა, აქ არიანო და ჩვენკენ გამოიქცნენ. მერე ყველაფერი ძალიან ჩქარა მოხდა. მოპედი სადარბაზოში შევტენეთ და როგორც კი კარი დავკეტე და 2 ნაბიჯი გადავდგი, დათო კუტალაძემ ხელებით დაიწყო შუშის კარის მტვრევა. უკანა კარიდან ქუჩაში გავვარდით — კადრებად მახსოვს, როგორი დუჟმორეულები ამორბოდნენ იმ ქუჩაზე, შავებში ჩაცმულები. სადღაც შევვარდით, სადარბაზოში აყუჟულები ვიმალებოდით, ვიღაცას დავუკაკუნეთ — “მოსაკლავად მოგვდევენ, შემოგვიშვით, თუ შეგიძლიათ”. იქედან გამოგვძახეს — “დროზე, აქედან წადით, თორემ მე თვითონ დავუძახებ მაგათ”. ძალიან ცუდი იყო.

ფოტო: ვახო ქარელი

ამ დროს გამახსენდა, რომ ჩემს ძლივს ნაყიდ მოპედს პრაიდის სტიკერები ეკრო და შტაბთან იყო. გული შემიღონდა იმის გაფიქრებაზე, რომ დალეწავდნენ. ყველაფერი დავიხსენი, რაც კი პრაიდის მეცვა და მეხსნებოდა და წავედი შტაბთან. მივედი ჩემს მოპედთან ახლოს, მაგრამ პრაიდის სტიკერების გამო, მთლად გვერდით არ დავუდექი. ამ დროს შემთხვევით დავინახე ნაცნობი, რომელსაც ჯერ ვკითხე, როგორ გადარჩა და მერე ვთხოვე, ერთი მხარე დაეფარა, მეორეს მე მივხედავდი და დავიწყე დაქოქვის პროცესი. ჩემი პირველი მოპედი საშინელება იყო, ჩვეულებრივ დღეებში ძლივს იქოქებოდა და მაგ დღესაც ერთი 20 წუთი დასჭირდა.

დაქოქვის პროცესში ერთ-ერთი ორკი მომიახლოვდა და მკითხა, დახმარება ხომ არ მინდოდა. ოღონდ ისეთი ეჭვის თვალებით მიყურებდა, მივხვდი, რომ მიხვდა, მთლად მაგისიანი რომ არ ვიყავი. არ ვიცი, მაშინ ჩემს ტვინში და ორგანიზმში რა მოხდა, ძალით არ მიქნია, მაგრამ ხმა დავიბოხე და ვუთხარი — “არა, ბრატ! კარბურატორი აქვს გაფუჭებული და უჭირს ხოლმე”. ეტყობა, გაუკვირდა, ასეთი “ხოდით” რომ დავხვდი და შემეშვა. როგორც კი თავი დამანება, მოპედიც დაიქოქა, წავედი და ამოვისუნთქე.

სახელმწიფო აშკარად იმ ხალხთან თანამშრომლობდა, რომლებიც ჩვენზე ძალადობდნენ. ამის ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს. საკომუნიკაციო სივრცე არ გაგვაჩნდა, სადაც სუსი არ გვეჯდა და ვერ გაიგებდნენ, სად მივდიოდით. შტაბის შემდეგ გაეროს ოფისში გავიქეცით და რაც იქ მოხდა, ჩემთვის ერთდროულად საშინლად ტრავმული და სასაცილო ამბავია. გაეროს ოფისში ვიყავით, ვმსჯელობდით, რა უნდა გვექნა. ყველა ვნერვიულობთ, მარტო სირცხვილია და თბილისი პრაიდი ხომ არ ვიყავით, სხვა ორგანიზაციები და მხარდამჭერებიც იყვნენ. ვწერდით ტექსტს, რომ მარშს ვაუქმებდით და ამ დროს გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით, რადგან იქ უსაფრთხოდ არ ვიყავით.

წარმოიდგინეთ, გაეროში ხართ და გეუბნებიან — “აქ უსაფრთხოდ არ ხართ, უნდა გახვიდეთ”. საშინელება იყო, ძალიან უსუსურად ვიგრძენი თავი და გავმწარდი. გაეროს კი არ ვადანაშაულებ რამეში, პირიქით, მადლობა, რომ შეგვიფარეს თუნდაც იმ 40 წუთით, ძალიან გვჭირდებოდა, უბრალოდ, ორკები უკვე მრგვალ ბაღთან იყვნენ და მანდ ვიყავით ჩვენც. ეგეც სუსის კვალი — ყველა ლოკაციაზე მოგვადგნენ, სადაც ვიყავით. გაეროსთანაც მოხდა ინციდენტი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, თორნიკე მანდარიას რომ თავს დაესხნენ და გიორგი თაბაგარი ძლივს გადარჩა. ამის ორგანიზატორები დასჯილები არ არიან. გაეროს ოფისიდან გამოქცეული და გამწარებული გმირთა მოედანზე საცობში ვყვიროდი — “სულ რომ მარტო ვიყო, მაინც გავივლი, მაინც გავალ და მარტო გავივლი”. მაგის კადრიც მახსოვს გონებაში. ჩემს ანარეკლს ვხედავდი ავტობუსის შუშაში და მახსოვს, ხალხი გაოცებული სახეებით რომ მიყურებდა. რატომ მიწევდა გაქცევა? იმის გამო, რომ მე უბრალოდ მე ვარ?! რატომ უნდა გავიქცე, რას გიშლი?!

მესამე ლოკაციას ბუნკერი ჰქონდა და ამ ბუნკერში დაახლოებით 30 ადამიანი ვიყავით. რაღაც დროს სიგარეტის მოსაწევად გავედით ეზოში, რასაც გასროლის ხმა და ბოლის ავარდნა მოჰყვა. სანამ შენობაში შევვარდით, ვიგრძენი, რომ მუცელში რაღაც მომხვდა, მაისური ავიწიე და სისხლიც დავინახე. ჩემი პირველი რეაქცია იყო ღრიალი: “დროზეეე, ვინმემ ფოტო გადამიღეთ ტვიტერისთვიიიისსს!”. ვფიქრობდი, რომ ერთადერთი ხსნა იყო, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა ხმა.

ამის შემდეგ, კიდევ შევიცვალეთ ლოკაცია. მესამე ლოკაციაზეც მოხდა საშინელება და, საერთოდ, მაგ დღეს ძალიან ბევრი საშინელი რაღაც მოხდა. ბოლოს ემოციურად ისე დავიღალე, ისევ შტაბში დავბრუნდი, დივანზე ვიწექი და მახსოვს, რომ არაფრის ენერგია აღარ მქონდა, წაგებული ვიყავი.

მეორე დილაც სრული უიმედობის იყო. მერე ჯაფარამ ვიდეომიმართვა დადო და ხალხს გამოსვლისკენ მოუწოდა. აქციამდე იწვიმა და დიდი ცისარტყელა გამოჩნდა — ხომ არაფერი, მაგრამ ეს ჩვენთვის მაშინ ისეთი იმედის ნაპერწკალი იყო, რომ ვხტუნავდით, ვცმუკავდით, ბედნიერები ვიყავით. წვიმდა და ყველანი აივანზე ვიდექით იმიტომ, რომ ცისარტყელებს ვხედავდით. შემდეგ, როგორც ყოველი აქციის წინ ხდება ხოლმე, ავიღე სასტვენები, დროშები, ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა და პარლამენტთან ჩავედით. მაგ დღეს პოლიციამ დაინახა და იწვნია ორკების ნამდვილი სახე — ჯოხებს ირტყმევინებოდნენ და რკინებით სავსე შუშის ბოთლებს ისროდნენ. ეს ყველაფერი ჩვენამდე სანამ მოაღწევდა, პოლიციელებსაც ხვდებოდათ. მგონი, მაგ დღეს დაინახეს, ვინ ვიყავით ჩვენ და ვინ იყვნენ ისინი.

6-მა ივლისმა ძალა მოგვცა, თუმცა მერე იყო 11 ივლისი, როდესაც ლექსო გარდაიცვალა. მახსოვს, რომ უკვე ვეღარც ვტიროდი. 5-ში ლექსო მეც ვნახე, ჩვენთან იყო დილას. შტაბიდან რომ გავრბოდით, ლექსო და მირანდა ბოლოს გამოვიდნენ. ლექსომ თქვა კიდეც, ჟურნალისტები ვართ და არაფერს გვიზამენო…

ფოტო: ვახო ქარელი

5 ივლისმა ბევრი ფობია დამიტოვა. მათ შორის, ის, რომ როცა მოპედი ახლოს არ მყავს, ცუდად ვხდები. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი იქნება ისეთი, რაც ჯერ გააზრებული არ მაქვს.

ამის გავლა არ უნდა გვიწევდეს, სხვანაირი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ. არ უნდა მადარდებდეს, რომ გეი ვარ. რატომ უნდა მიწევდეს იმაზე საუბარი, რომ არაფერს ვაშავებ?! მინდა, ისეთი რაღაცები ვაკეთოთ და შევქმნათ, რაც ადამიანებს და ცხოველებს დაეხმარება. აი, სამყარო რომ უკეთესი გავხადოთ და სულ ტელევიზორის პულტივით მსგავსი რაღაცები შევქმნათ. უფრო მარტივი რომ გახდეს ცხოვრება, სულ მაგაზე რომ ვიყოთ ორიენტირებულები და არა იმაზე, თუ ვინ ვისთან წევს და შემთხვევით ამაზე ვინმე ხომ არ ინერვიულებს.

ჰოდა, რავი, რა, მინდა, უბრალოდ ვიცხოვროთ ისეთებმა, როგორებიც ვართ და ამის გამო ტვინი არავინ მოგვი****ს.

წინა

საპროტესტო აქციების შემდეგ ირანში „ზნეობის პოლიცია“ გაუქმდა

შემდეგი

კინტოს სიმღერის მიხედვით შექმნილი ქართული ილუსტრაცია გეი სიყვარულზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების