სალი მილერ გეარჰარტი – ლესბოსელი აქტივისტი და ლგბტქი უფლებების დამცველი

ამერიკელი მასწავლებელი, ფემინისტი, სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი სალი მილერ გეარჰარტი 1931 წლის 15 აპრილს დაიბადა სარა მილერ გეარჰარტისა და კაილ მონტეგი გეარჰარტის ოჯახში.

მან მთელი ბავშვობა ვირჯინიაში გაატარა, სადაც საზოგადოება კონსერვატიული იყო. მშობლების განქორწინების შემდეგ, ძირითადად, ბებია და დედა ზრდიდნენ. სალი ამბობდა, რომ ქალები ძალაუფლების წყარო და სიყვარულის მთავარი წერტილი არიან. მან, საკუთარ ცხოვრებაში არსებული ქალების სითბოთი გარშემორტყმულმა, უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა გაატარა. მისი ბებია თეატრის შენობას ფლობდა, ამიტომ სალის ფილმების უფასოდ ნახვა შეეძლო. თეატრმა დიდი გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე. როდესაც ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, გადაწყვიტა, მის გარშემო არსებულ სოციალურ კლიმატს დამორჩილებოდა, თუმცა ყოველთვის ხვდებოდა, რომ რაღაც განსხვავებული სურდა.

ათი წლის ასაკიდან იცოდა, რომ შვილების ყოლა არ უნდოდა. იმის მაგივრად, ქორწინებაზე ყოფილიყო ორიენტირებული, გეარჰარტმა ვირჯინიის მახლობლად არსებული ქალთა კოლეჯი (Sweet Briar College) დაასრულა, სადაც ძალიან ცდილობდნენ, მისგან „ნამდვილი ქალბატონი“ დამდგარიყო, მაგრამ ვერ შეძლეს. იქ კლასიკური განათლება მიიღო და 1952 წელს ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა დრამასა და ინგლისურში. სწორედ აქ იპოვა თავისი პირველი სიყვარულიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კიდევ ოცი წლის განმავლობაში იცხოვრა ქამინგაუთის გარეშე.

ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ფიქრობდა, რა მიმართულებით გაეგრძელებინა ცხოვრება და საბოლოოდ, სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. 1950-იან წლებში ქალების არჩევანი შეზღუდული იყო. კოლეჯში საკუთარი ლესბოსელობის აღმოჩენის შემდეგ გეარჰარტმა კარგად იცოდა, რომ არ სურდა მოსაწყენი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა, როგორც მისი თანატოლები ცხოვრობდნენ. საკუთარმა არჩევანმა ბოულინგ გრინის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მიიყვანა, სადაც მაგისტრის ხარისხი მიიღო. გეარჰარტმა სწავლა არც ამის შემდეგ შეწყვიტა და საბოლოოდ, 1956 წელს,  დოქტორის ხარისხიც მოიპოვა.

სწავლის დასრულებამ სალი აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩააბა, მან მასწავლებლობა დაიწყო სტივენ ფ. ოსტინის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტეხასში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სტუდენტებში, გეარჰარტის პირადი ცხოვრება მაინც სავსე იყო შინაგანი ბრძოლებითა და წინააღმდეგობებით. ის ჩაკეტილი იყო საკუთარ თავში, რადგან ლესბოსელობა ვერ დააკავშირა კონსერვატიულ ლუთერანულ ყოფასთან, რომლის ნაწილიც სურდა ყოფილიყო.

გეარჰარტმა სექსუალური ორიენტაციის დამალვის გადაწყვეტილებას „პარანოია“ უწოდა და ის ინციდენტიც აღწერა, როდესაც ლესბოსური რომანები გაანადგურა. მას არ სურდა, ვინმეს მისი ლესბოსელობის შესახებ სცოდნოდა. იდენტობის დამალვა კიდევ ორი მასწავლებლის პოზიციაზე მოუწია, მაგრამ საბოლოოდ, 1970 წელს სან-ფრანცისკოში გადასვლის შემდეგ, მალვა დასრულდა. სან-ფრანცისკო რადიკალურად განსხვავებულ სამყაროს წარმოადგენდა იმ ადგილებთან შედარებით, სადაც გეარჰარტი მანამდე ცხოვრობდა. ეს იყო პოლიტიკურად პროგრესული და სწრაფად მზარდი ჰომოსექსუალური საზოგადოების ცენტრი. სწორედ აქ იგრძნო იმის თავისუფლება, რომ საკუთარი ვინაობა და იდენტობა ხმამაღლა გაეჟღერებინა. მისი ცხოვრების პარტნიორი ჯეინ გურკო იყო.

Robert Giard

კალიფორნიაში დასახლებიდან სამი წლის შემდეგ სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური მუშაობა განაგრძო და გახდა პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი თანამდებობა მიიღო. ამ თანამდებობაზე ორი ათწლეულის განმავლობაში ასწავლიდა, რამაც მას ხელი შეუწყო ქალთა და გენდერული კვლევის ერთ-ერთი პირველი პროგრამის ჩამოყალიბებაში. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს, რომლებიც, ძირითადად, ლესბოსელობასა და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საზრუნავზე იყო ორიენტირებული. ის პოლიტიკურ საზოგადეობაშიც გააქტიურდა და რადიკალური ფემინისტური და ლესბოსური მიზნებისთვის დაიწყო ბრძოლა.

1978 წელს გამოქვეყნდა მისი ყველაზე ცნობილი რომანი “Wanderground”, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბეჭდებოდა. ამ სამეცნიერო ფანტასტიკას სხვა ნაწარმოებებიც მალევე მოჰყვა. გეარჰარტის კალამს ეკუთვნის წიგნი სახელწოდებით “Loving Women/Loving Men: Gay Liberation and the Church” – ის კონსერვატიული ქრისტიანული ეკლესიებისკენ არის მიმართული, რომლებიც ჰომოსექსუალობას კრძალავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მწერალს ქრისტიანული სარწმუნოება არასდროს მიუღია, ის აღიარებდა ქრისტიანობის გავლენას თავის ცხოვრებაზე და არც არასდროს შეუქცევია რწმენისთვის ზურგი, რადგან რწმენა მისთვის ბევრს ნიშნავდა.

„ვამაყობ, რომ ვიყავი იმ მოძრაობის ნაწილი, რომელმაც საზოგადოებაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მეტი ხილვადობა უზრუნველყო“ – წერდა სალი გეარჰარტი. Მიუხედავად იმისა, რომ ის აქტიური იყო ლგბტქი აქტივიზმში, მისი საქმიანობა გენდერული უფლებებით არ შემოიფარგლებოდა. იგი ჩართული იყო უამრავ სხვა პოლიტიკურ საქმეში. ის იყო ცხოველთა უფლებების დამცველი, ერთვებოდა სხვადასხვა ეკოლოგიურ კამპანიებში და ასევე, იყო ქალთა საზოგადოების მოძრაობის ლიდერი. პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი, გეარჰარტი აგრძელებდა მოღვაწეობას ლგბტქი ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს დაცვისთვის. ის იყო თანაგრძნობით სავსე ქალი, რომელიც თავის ენერგიებს ყოველთვის იქით მიმართავდა, საითაც გრძნობდა, რომ ყველაზე მეტად იყო საჭირო, მაგრამ მთავარი და ნამდვილი მოტივაციის აღმოჩენა მისივე სიტყვებშია შესაძლებელი: „სიყვარული უნივერსალური ჭეშმარიტებაა, რომელიც თითოეული ქმნილების გულში დევს.“

სალი მილერ გეარჰარტი, 2021 წლის 14 ივლისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წინა

ბისექსუალი კუ ჯონათანი მსოფლიოში ყველაზე ხნიერი არსებაა

შემდეგი

UK vs the World – დრეგ შეჯიბრის საერთაშორისო სეზონი დაიწყო

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების