ივნისი 2021 - Page 3

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

/

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა,

რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება,
ამ ადამიანებზე იძალადოს.

მისი აზრით, ნეოფაშისტური ჯგუფები ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ.

“ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათთვის, გინდაც, რელიგიური მწარმსი იყოს. სად მოუწოდა უფალმა, სად წერია, რომ შენ ვინც არ მოგწონს, მას უნდა დაუპირისპირდე? ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველას, ამიტომ ვარ ყველა იმ ადამიანის მხარეს, ვისაც თავისუფლებას ურღვევენ.” – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.

სალომე ესებუა, რელიგიათმცოდნე – მეც აქ ვარ!

”რელიგიურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საზოგადოებას სურს, მათგან განსხვავებულმა ისე იარსებოს, რომ არ ჩანდეს. ერთ-ერთ მაგალითად მახსენდება, როდესაც სოფელ ჭელაში მუსლიმებს მინარეთი მოუჭრეს, არადა იქ მეჩეთი წლების განმავლობაში არსებობდა. ეს მინარეთი პრობლემა გახდა, რადგან ხილული დასტური იყო იმისა, რომ სოფელში მუსლიმები ცხოვრობენ. მათმა ხილვადობამ, გამოჩენამ, აღშფოთება და დაპირისპირება გამოიწვია. დაახლოებით იგივე ხდება ქვიარ თემთან დაკავშირებითაც. საზოგადოება მათ ეუბნება – “იყავი, მაგრამ არ გამოჩნდე, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს!”

უმრავლესობის არგუმენტია, რომ ქვიარ ადამაინებს არავინ ერჩის (რაც აბსურდია), და ყველას შეუძლია, თავის სახლში ის აკეთოს, რაც უნდა. ხშირად გვესმის კითხვები – ”რა უნდათ ქუჩაში?”, ”რა საჭიროა აფიშირება?” და ა.შ. სახლი კი მხოლოდ ის კედლები არ არის, რომელშიც ვცხოვრობთ – ეს ქვეყანა ყველას სახლია. ”სოლიდარობის მარშის” იდეა და სულისკვეთება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ყველა ადამიანის სახლად გადააქციოს, განურჩევლად მისი იდენტობისა. სახლად, რომელშიც არავის შეეშინდება სიკვდილის, ძალადობის, ჩაგვრის, გარიყვის და ყველა თანაბრად, თავისუფლად შეძლებს თვითგამოხატვას. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შორის კედლების შენების ნაცვლად, ხიდების შენება უნდა დავიწყოთ, თუნდაც, ამ ხიდზე თავად ვერ გავიაროთ. ეს ხიდები სჭირდება მომავალს, ეს ხიდები სჭირდება საქართველოს!

ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, დავესწრები თუ არა სოლიდარობის მარშს. იმიტომ არა, რომ მის სულისკვეთებას არ ვიზიარებ – არამედ ჩემი ემოციური არამდგრადობისა და იმ ფსიქიკური ტრავმის გამო, რომელიც რამდენჯერმე მომადგა და შესაძლოა, კიდევ მომადგეს. მახსოვს, როდესაც ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც პრაიდის ან მხოლოდ ლგბტქ+ ადამიანების მხარდასაჭერი არ ყოფილა, როგორ მოვარდა ულტრამემარჯვენე ხალხის გავეშებული მასა კონტრაქციის მოსაწყობად და პოლიციის კორდონში ჩავიკეტე. მაშინ არ შემშინებია იმის, რომ ფიზიკურად რამე დამიშავდებოდა, მაგრამ ემოციურად ვერ დავიტიე სიძულვილი, რომელსაც ეს ხალხი გამოხატავდა. ვიდექი გაშეშებული და ამ ადამიანებზე ვფიქრობდი, ნეტავ, საერთოდ როგორ ახერხებენ სიცოცხლესა და თავისუფლად სუნთქვას-მეთქი?!

საზოგადოება რომ შედგეს, გახლეჩილობა და მტრობა რომ დავძლიოთ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი ქვიარ თემის მხარდაჭერა. სანამ საზოგადოება არ გადალახავს ურთიერთდაპირისპირებას, მანამდე ყოველთვის იარსებებენ გარეშე ძალები, ძალაუფლების მსურველნი თუ სხვა ამბიციებით სავსე ადამიანები, რომლებიც ამ დაყოფას სათავისოდ გამოიყენებენ, შექმნიან საზოგადოებაზე მორგებულ იდეოლოგიებს და ასეთ დროს, მასებით მანიპულირება და მათი მართვა მარტივია. რეალურად, ულტრამემარჯვენე ძალებს თავად არ აწყობთ საზოგადოების გაერთიანება საერთო პრობლემების წინააღმდეგ, რადგან თავად ყველაზე უკეთ იციან, რომ გაერთიანებულ საზოგადოებას მარტივად ვეღარ გააკონტროლებენ. მიუხედავად ყველა იდეოლოგიური წნეხისა, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს იდენტობები, იარლიყები, რომლებიც ერთმანეთს მივაკარით, ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ზრდის სიძულვილს და საშუალებას გვართმევს, ადამიანში დავინახოთ ადამიანი – უმაღლესი ღირებულება, რაც ამ სამყაროში არსებობს. ჩვენ თავად უნდა მივხვდეთ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნით, ამ ქვეყნის უმთავრეს პრობლემებს ვერასოდეს მოვაგვარებთ – ოკუპაციას, შიმშილს, სიღარიბეს, მიუსაფარი მოხუცებისა და ბავშვების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას, მოშლილ ჯანდაცვას, ეკოლოგიურ პრობლემებს, უსამართლო სასამართლო სისტემას და ა.შ. ჩვენ თავად არ უნდა მივცეთ უფლება არც ერთ პოლიტიკოსს, სასულიერო პირს, რომელიმე ლიდერს ან ძალაუფლების მქონე ოლიგარქს, რომ ჩვენივე სისუსტეები გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ და თავის სასარგებლოდ.

უპირველეს ყოვლისა, ქვიარ თემის მხარდაჭერა მსურს იმიტომ, რომ ჩემთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია. არ შემიძლია, იქ არ ვიდგე, სადაც უმრავლესობისგან მოძულებულ ადამიანებს ვჭირდები. ძალიან ბევრი ძიების, სწავლისა და დაღლის შემდეგ, ერთადერთი რამ გავიგე – თუ გვსურს, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიოთ, ადამიანების უპირობოდ მიღებასა და სიყვარულს ალტერნატივა არ აქვს.

ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთის სიძულვილის დაძლევა. უნდა დავინახოთ, რომ სამყარო ”გვაქვს უთვალავი ფერითა” და ის შავ-თეთრი არ არის. მხოლოდ საერთო ძალებით, ამ დაპირისპირებათა გადალახვით შევძლებთ, დავიწყოთ იმ უმწვავესი პრობლემების აღმოფხვრა, რომლის წინაშეც ჩვენი სახლი – ჩვენი ქვეყანა დგას.”

სელენა – მეც აქ ვარ!

ჩემთვის პრაიდი სიმშვიდის, ერთიანობის, სოლიდარობისა და სიყვარულის გაერთიანებაა. ფერადი ცხოვრება, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია. რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს პრაიდში მონაწილეობას, ხალხიც უფრო დაინახავს, რომ ჩვენც ადამიანები ვართ და უნდა მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ. არა მარტო ქვიარ თემისთვის, ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და საჭიროა ოჯახისა და საზოგადოების მხარდაჭერა.

ძალიან მინდა, რომ პრაიდს დავესწრო, მაგრამ დაუცველობის შეგრძნება იმდენად მაღალია, ვამჯობინებ, არ გავიდე. რაც შეეხება იმას, თუ რას მოგვიტანს საჯარო გამოსვლები, ამაზე თემშიც კი ორად შეიძლება იყოს აზრი გაყოფილი – იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს ძალიან ფაქიზი თემაა და დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ  მივაწოდებთ ამას საზოგადოებას, რომ ისევ ჩვენ, თემის წევრები არ დავზარალდეთ.

ჩვენ, ყველას საერთო პრობლემები გვაერთიანებს და ამ პრობლემების წინააღმდეგაც ერთად უნდა ვიბრძოლოთ. პოლიტიკასაც საზოგადოება ცვლის, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა და არა მხოლოდ  ერთეულების.

UEFA-მ შეწყვიტა პრაიდის თვეში EURO 2020-ზე მანუელ ნოიერის მიერ ცისარტყელიანი სამკლაურის ტარების საკითხის განხილვა

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ UEFA-მ შეწყვიტა მოკვლევა გერმანიის ნაკრების კაპიტნის, მანულ ნოიერის მიერ, EURO 2020-ის მატჩებზე ცისარტყელიანი სამკალურის ტარების ფაქტზე. ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ივნისში, პრაიდის თვეში, ნოიერს ცისარტყელას სამკლაური პირველად ლატვიის წინააღმდეგ მატჩში ეკეთა, ასე გააგრძელა თამაში EURO 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩების განმავლობაშიც – საფრანგეთთან და პორტუგალიასთან.

UEFA განიხილავდა, არღვევდა თუ არა სამკლაური წესს, რომელიც მოედანზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას კრძალავს, თუმცა განხილვა შეწყდა და განმარტეს, რომ ნოიერის ჟესტი სოლიდარობას გამოხატავს ლგბტქ თემის მიმართ და ”კარგ მიზნებს” ემსახურება. სამკლაური, როგორც მრავალფეროვნების სიმბოლო, ისე შეფასდა. 

ოთხშაბათს, უნგრეთის წინააღმდეგ მატჩის დროს, გერმანია მიუნხენის სტადიონის – ”ალიანც არენას” განათებას პრაიდის დროშის ფერებში გეგმავს. მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა კვირას განაცხადა, რომ ის UEFA-ს ”ალიანც არენის” პრაიდის დროშის ფერებში განათების ნებართვას სთხოვს. ”ეს ტოლერანტობისა და თანასწორობის ნიშანი იქნება.” – თქვა რეიტერმა ახალ ამბებში.

მიუნხენის საკრებულომ უკვე მოითხოვა სტადიონის ცისარტყელის ფერებით განათება, რისი მიზანიც უნგრეთის დეპუტატების მიერ, სამშაბათს მიღებული ახალი კანონის გაპროტესტებაა, რომელიც ჰომოსექსუალობის ან სქესის შეცვლის შესახებ ნებისმიერი შინაარსის კონტენტის კარასრულწლოვნებთან გაზიარებას კრძალავს. ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ამ კანონს გმობენ, როგორც ანტი-ლგბტქ-სა და დისკრიმინაციულს.

”მნიშვნელოვანია, რომ მიუნხენმა გამოიჩინოს სოლიდარობა უნგრეთის ლგბტ+ საზოგადოების მიმართ, რომელიც უნგრეთის მთავრობის ამჟამინდელი ჰომოფობიური და ტრანსფობიური კანონმდებლობით იჩაგრება.”- განაცხადა მიუნხენის საბჭომ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, საბოლოო გადაწყვეტილებას UEFA მიიღებს.

ამავდროულად, UEFA-მ დაადასტურა, რომ იგი იძიებს სავარაუდო დისკრიმინაციულ ინციდენტებს, რომელიც EURO 2020-ის პირველი ორი მატჩის დროს, უნგრეთში, ”პუშკაშის” სახელობის არენაზე მოხდა.

ანტიდისკრიმინაციულმა ჯგუფის მიერ გაგზავნილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამშაბათს, ბუდაპეშტში, პორტუგალიასთან მატჩის დროს, ტრიბუნებზე ჰომოფობიური ბანერი იდგა.

ასევე, დისკრიმინაციული შეძახილები გაისმა შავკანიანების მიმართ შაბათს, უნგრეთის საფრანგეთთან შეხვედრის დროს. აღნიშნული ფაქტის გამოსაძიებლად, ეთიკისა და დისციპლინური ინსპექტორი დაინიშნა.

ლისაბონი პრაიდი 2021- ბრძოლა და ზეიმი

ლისაბონის პრაიდის ფესტივალი ორი განსხვავებული შინაარსის მატარებელია – ეს არის ღირსების აღლუმი ”Marcha do Orgulho”, რომელიც პრაიდის პირველ კვირას იმართება, მეორე მხრივ კი, ეს არის ბრძოლა გაზრდილი დისკრიმინაციული შემთხვევებისა და იმ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა მცირე ჯგუფებისგან მოდის.

იმისთვის, რომ ლგბტქი თემის წევრებისა და პრაიდის სტუმრების ხმა ყველამ გაიგოს, ფესტივალის კვირეულის ფარგლებში, ისინი ქალაქის ქუჩებს სრულად დაიკავებენ – იზეიმებენ იმას, რაც უკვე მიღწეულია და გააგრძელებენ ბრძოლას იმისთვის, რაც ჯერ ვერ მოიპოვეს.

პრაიდის ფესტივალის მსვლელობისას, გაიმართება გამოფენები, მუსიკალური საღამოები, ღირსების მარში და მსვლელობები..

აღსანიშნავია ისიც, რომ გეი აღლუმის სოფელში პოლიტიკური შეკრებები და გასართობი პროგრამები ერთად უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიიდან გამომდინარე, 25-27 ივნისის ღონისძიებები გაუქმდა.

ოსლო პრაიდი დღეს იწყება

ოსლოს პრაიდ ფესტივალი წელს 23 ივნისიდან დაიწყება. მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება როგორც ონლაინ სივრცეში, ასევე – ქალაქში. 2020 წლის მოვლენების შემდეგ ( COVID-19-ის გამო, 2020 წლის ოსლოს პრაიდი ციფრულ ფორმატში გაიმართა), წელს აღლუმი ქალაქის ქუჩებში მოეწყობა და მსვლელობას მორთული ავტობუსები და სატვირთო მანქანებიც გააფორმებენ. ოსლოს ლგბტქი ორგანიზაციები 150-ზე მეტი ღონისძიების გამართვას გეგმავენ.

Pride Park და Pride House ღია სივრცეებს დაიკავებენ. ოსლოს გეი პრაიდი, რომელიც Skeive Dager-ის სახელითაა ცნობილი, ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანახაობაა. ძირითადი ღონისძიებები ოსლოს ფერწერულ ჰავანაში, კარვების სოფელში იმართება, აქ ეწყობა ფერადი ბაზრობა, სადაც სტუმრებს მათთვის სასურველი ნივთის შეძენა შეუძლიათ.

Pride Park-ი ”თაუნ სკვერში” იხსნება და იქ იმართება კულტურული, მუსიკალური და სხვადასხვა სახელოვნებო წარმოდგენა. ყოველწლიურად, ამ სანახაობებს 40000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. ყველაზე მიმზიდველ გეი ბარად კი ოსლოში, 70-იან წლებში გახსნილი ლონდონური პაბი ითვლება, რომელიც ორსართულიან სახლშია მოწყობილი და თავისი პირვანდელი იერსახით დღესაც საუკეთესო ადგილია დასასვენებლად. ადგილობრივი ლგბტქი ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ოსლოს პრაიდის კვირეულის დროს, ”მზე თითქმის არ ჩადის”.

მეუფე სტეფანე – “ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა”

/

ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე სტეფანეს თქმით, თბილისი პრაიდის “სოლიდარობის მარშის” ჩატარება არ არის ადამიანების უფლება და ის ამ დღეს “სულიწმინდის მადლით აავსებს რუსთველს”, თუმცა, შეიძლება, თვითონ აქციაზე არც მივიდეს:

“მე არ ვაპირებ პრაიდის ჩაშლას, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ვაპირებ სულიწმინდის მადლით ლოცვას, რომ ვერ ჩატარდეს იმიტომ, რომ ეს არის სულიწმიდის გმობა. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა.”

მეუფე სტეფანე უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ “სოდომისტებს” არავინ აფრთხილებს, გაჩერდნენ და ამაში პოლიტიკური პარტიები, ელჩები და ტელევიზიებიც ხელს უწყობენ.

მისივე თქმით, არეულობა სასულიერო პირების გამო არ ხდება, თუმცა, თუ საჭირო იქნება, “სოდომური ცოდვის” დასაგმობად ციხეშიც წავა.

ზურაბ მაისურაძე – მეც აქ ვარ!

”პრაიდი ჩემთვის, პირველ რიგში, თავისუფლების გამოხატვაა. სოლიდარობა და ერთად ყოფნა, განურჩევლად ორიენტაციისა.

ადამიანები ბევრი განსხვავებული ფერი ვართ. პრაიდი უნდა ჩატარდეს, ჰომოფობიურად განწყობილმა ხალხმა რომ დაინახოს და ყველას მოვუწოდოთ, პატივი სცენ ერთმანეთის პირად თავისუფლებას.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მიგვიღოს, რადგან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ქმნიან ჯანსაღ გარემოს, სადაც თანაცხოვრება ყველას შეუძლია. ამის არარსებობა განსხვავებულ ადამიანს უბიძგებს, სხვაგან, სხვა ქვეყანაში ეძებოს ბედნიერება. ეს მხოლოდ ორიენტაციის საკითხი არაა – ზოგადად, სიახლის მიმღებლობაზეა საუბარი. ეს თუ ჩამკვდარია, მაშინ ვართ იქ, სადაც ვართ, სამწუხაროდ…

ქვიარები ერთად ძლიერები ვართ და თუ ბევრი მეგობარი და მოკავშირე გვყავს, რომლებიც ჩვენით იამაყებენ და სოლიდარობას გამოგვიცხადებენ – ყველაზე ამაყები და ძლიერები ვიქნებით. ”

საკრამენტოს პრაიდი 2021

2021 წლის საკრამენტოს პრაიდის კვირეული 21 ივნისს გაიხსნება. ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში ლგბტქი საზეიმო მსვლელობა გაიმართება. ღონისძიებების მთავარი მიზანი ლგბტქი ადამიანების მიმართ მიმღებლობის გაზრდა და ქვიარ თემის მრავალფეროვნების აღიარებაა.

ძირითადი სანახაობები, მათ შორის, “ღირსების მარში” – სამხრეთის მესამე ქუჩიდან დაიწყება და ჩრდილოეთის ქუჩისკენ გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, საზეიმო საღამო კაპიტოლიუმის სავაჭრო ცენტრში, ღია სივრცეში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმდა: “ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია ლგბტქი ორგანიზაციებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად მცირეა და გაზრდილია ვაქცინაცია, მრავალათასიანი ღონისძიებების მოწყობისგან თავს მაინც ვიკავებთ, როგორც ამას პანდემიამდე ვაკეთებდით. მიუხედავად დიდი სამზადისისა, ჩვენი მოსახლეობისა და სტუმრების ჯანმრთელობა უპირველესია.” – განაცხადა ლგბტქი ცენტრის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჰეიტუმანმა.

შეგახსენებთ, რომ საკრამენტოში პრაიდის ფესტივალი ბოლოს 2019 წელს ჩატარდა.

ჰომოფობიური ტექსტების სკანდირების გამო, ფეხბურთის მექსიკელი გულშემატკივრები მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩებს ვერ დაესწრებიან

FIFA-ს დისციპლინური კომიტეტის განცხადებით, მექსიკის ეროვნულ გუნდს მსოფლიო თასის შესარჩევი ორი მატჩის ჩატარება – 2 სექტემბერს იამაიკასთან და 7 ოქტომბერს კანადასთან, ცარიელ სტადიონზე, გულშემატკივრების გარეშე მოუწევს. მარტში, მექსიკის ნაკრების გულშემატკივრები ჰომოფობიურ ტექსტებს სკანდირებდნენ ოლიმპიური ტურნირის საკვალიფიკაციო მატჩში დომინიკის რესპუბლიკისა და აშშ-ს ნაკრებების წინააღმდეგ.

გუნდი 73,000 აშშ დოლარითაც დაჯარიმდა.

მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იონ დე ლუიზამ სანქციების შესახებ ისაუბრა და გულშემატკივრებს მიმართა: ”გთხოვთ, ახლავე შევწყვიტოთ! მსგავსი ქცევა დისკრიმინაციულია და გვაშორებს FIFA-ს შეჯიბრებებს. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს სახალისოა, ახალი ამბავი მაქვს – ეს ასე არ არის.”

გულშემატკივარების მატჩებზე არდასწრება ყველაზე მკაცრი სანქციაა, რაც მექსიკის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ აქამდე გამოუყენებიათ და შესაძლოა, ეს სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

FIFA-მ დისციპლინური კოდექსი მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ საბრძოლველად, 2019 წლის ივლისში მიიღო. კოდექსის თანახმად, ასეთ დროს, ოფიციალურმა პირებმა მაყურებლები ჯერ უნდა გააფრთხილონ და თუ ისინი კვლავ გააგრძელებენ შეურაცხმყოფელ შეძახილებს, მათ უარი უნდა თქვან მატჩის ჩატარებაზე.

დიდი ხანია, მექსიკელი გულშემატკივრები ჰომოფობიურ ტექსტებს იყენებენ, რაც წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრების დაჯარიმების საფუძველი ხდებოდა.

“თქვენი გუნდის მიმართ სიყვარულის გამოხატვის მილიონი გზა არსებობს, ჩვენ პოზიტიურ გზებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და არა – დისკრიმინაციულზე. ეს არ არის საამაყო და არ არის ის, რისი ჩვენებაც გვინდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ჩვენი საზოგადოებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის.”- განაცხადა იონ დე ლუიზამ.