ივნისი 2021 - Page 4

ფლორიდის პრაიდზე უბედური შემთხვევა მოხდა

19 ივნისს, უბედური შემთხვევა მოხდა მაიამიში, ფლორიდის შტატში – პრაიდის მიმდინარეობის დროს, პიკაპის მძღოლი გეი აღლუმის მონაწილეებს დაეჯახა.

მძღოლი ”Fort Lauderdale Gay Men’s Chorus” კოსტუმში იყო გამოწყობილი და მანქანაც  ლგბტქი დროშით ჰქონდა მორთული. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დაადგინა, რომ ინციდენტი შემთხვევით მოხდა და არ იყო გამიზნული ქმედება. დაკავებულმა მანამდე განაცხადა, რომ მას შემთხვევით აერია მანქანის პედლები. მომხდარმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთიც კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო, გეი აღლუმის ორგანიზატორებმა ”ღირსების მარშის” მსვლელობა გააუქმეს, დანარჩენი ღონისძიებები კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქართული ოცნების ლიდერების ჰომოფობიური განცხადებები დაგმეს

/

სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!“, “კოალიცია თანასწორობისათვის“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები გამოეხმაურნენ “თბილისი პრაიდის“ და პარტნიორების მიერ 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ამავე პარტიის წევრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებებს. “სამართლიანი არჩევნების“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

“ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებებს, როგორც ჰომოფობიურს და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებელს, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, ირაკლი კობახიძის სიტყვები „ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“ სრულიად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც პირდაპირაა გარანტირებული შეკრების თავისუფლება წინასწარი ნებართვის გარეშე. გარდა ამისა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის უნივერსალური და ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა. ამასთანავე, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შეკრების თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. კერძოდ, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „მშვიდობიანმა დემონსტრაციამ შეიძლება გააღიზიანოს ან შეურაცხყოფა მიაყენოს იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იმ იდეებსა თუ მოთხოვნებს, რომელთა გავრცელებას დემონსტრაცია ცდილობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დახმარებით მონაწილეეებს უნდა შეეძლოთ დემონსტრაციის ჩატარება იმ შიშის გარეშე, რომ ისინი მოწინააღმდეგეების მიერ ძალადობას დაექვემდებარებიან“ და „დემოკრატიულ საზოგადოებაში კონტრ-აქციის უფლება არ მოიცავს დემონსტრაციის უფლების რეალიზების ხელშეშლას“. შეკრების მონაწილეთა დაცვის ვალდებულების შესასრულებლად პრევენციული ზომების მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს, ლგბტ+ თემს და ხელისუფლებისთვის წინასწარ ცნობილია ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური კონტექსტი. კერძოდ, ამ დროს სახელმწიფო ორგანოები „ვალდებულნი არიან მიიღონ ნებისმიერი შესაძლო ზომა, მაგალითად დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების გაკეთებით, რათა ბუნდოვანების გარეშე მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ, მშვიდობიან პოზიციას და რათა პოტენციური სამართალდამრღვევები გააფრთხილონ შესაძლო სანქციების ბუნების შესახებ“.

ზემოაღნიშნული სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ღირსების მარშის ორგანიზატორებს („ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“ და „მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ“) და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სამართალდამცავ ორგანოებზე, რაც წარმოშობს იმის საფრთხეს, რომ სამართალდამცავები სათანადოდ არ უზრუნველყოფენ ღირსების მარშში მონაწილეთა უსაფრთხოებას. აღნიშნული საფრთხე რეალურია იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ წარსულშიც არ შეასრულა საკუთარი პოზიტიური ვალდებულება და არ მიიღო ზომები, რათა ლგბტ+ თემს მშვიდ და დაცულ გარემოში ესარგებლა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს:

1. არ გაავრცელონ ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებები;

2. გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ცხადად წარმოაჩინონ რომ ჰომოფობიური ძალადობა არ დარჩება პასუხგაუცემელი სახელმწიფოს მხრიდან;

3. უზრუნველყონ ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.“

სამოქალაქო პლატფორმა სამოქალაქო პლატფორმა “არა-ფობიას!” და “კოალიცია თანასწორობისათვის” წევრი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

უფლებები საქართველო (Rights Georgia)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)

თანასწორობის მოძრაობა

ადამიანის უფლებათა ცენტი (HRC)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

საფარი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოლიდარობის თემი

მსოფლიო ექიმები საფრანგეთი (MDM)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT

მანდალა

ქალები საერთო მომვლისთვის (WECF) საქართველო

ქალები საქართველოდან

ქალთა მოძრაობა

მოძრაობა სირცხვილია

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

პარტიზანული მებაღეობა თბილისში

აკესო

CENN

ჰარვი მილქი, როგორც ლგბტქ თემის მარტინ ლუთერ კინგი

„სთოუნვოლის მოვლენების ამ მემორიალურ დღეს, მე ვეაჯები ჩემს გეი დებსა და ძმებს, პირობა დადონ, რომ იბრძოლებენ. საკუთარი თავისთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის, ქვეყნისთვის… ჩირგვებში ჩამალულები, ჩვენ ვერ დავიცავთ ჩვენს უფლებებს… ჩვენ გამოვდივართ ტყუილთან, მითებთან, ცრურწმენებთან საბრძოლველად. ჩვენ გამოვდივართ, რათა ვილაპარაკოთ სიმართლე გეების შესახებ, რადგან მე დავიღალე დუმილით და აი, მე ვიწყებ ამაზე საუბარს. და მინდა, თქვენც ილაპარაკოთ ამის შესახებ. თქვენ უნდა გაეხსნათ თქვენს მშობლებს, ნათესავებს. ვიცი, ეს ძალიან ძნელი და მტკივნეული იქნება მათთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილის მოყენება შეუძლიათ მათ თქვენთვის, არჩევნებზე ხმის მისაცემ კაბინაში! 

გაეხსენით ნათესავებს, მეგობრებს, თუ ისინი ნამდვილად მეგობრები არიან. გაეხსენით მეზობლებს, კოლეგებს, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ იქ, სადაც სადილობთ, ან ვაჭრობთ, გაეხსენით მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც იცნობთ და რომლებიც გიცნობენ. სხვას არავის. მაგრამ, ერთხელ და სამუდამოდ, დაამსხვრიეთ მითები და ტყუილები, გააცამტვერეთ შეთითხნილი ამბები. თქვენთვის. მათთვის….“

ჰარვი მილქი. „იმედის სიტყვა“, 25 ივნისი, 1978 (თავისუფალი თარგმანი)

. . .

ჰარვი ბერნარდ მილქი 1930 წლის 22 მაისს, ნიუ-იორკში, ლიტველი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა პირველი სინაგოგის დამფუძნებელი იყო ლონგ აილენდზე, ასევე ფლობდა უნივერმაღსაც. ბავშვობაში უყვარდა ფეხბურთის თამაში და… ოპერა.

1951 წელს დაამთავრა შტატის კოლეჯი მათემატიკის ბაკალავრის ხარისხით. სტუდენტობისას, საუნივერსიტეტო გაზეთში მუშაობდა.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა გემზე მყინთავად. 1955 წელს, ლეიტენატის ჩინით გათავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან და მუშაობა სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლად გააგრძელა ლონგ აილენდზე. მალევე გამოემშვიდობა სკოლას და მომავალი 13 წლის მანძილზე, სად აღარ მუშაობდა – ხან ფინანსურ, ხან სადაზღვევო კომპანიებში…

ერთ დღეს კი მიატოვა უოლ სთრითი – თმა და წვერი მოუშვა და ჰიპების მოძრაობას შეუერთდა. ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო აქციაზე საჯაროდ დაწვა Bank of America-ს საკრედიტო ბარათი.

. . .

40 წლამდე საერთოდ არ აინტერესებდა პოლიტიკა და ადამიანის უფლებები.

ბოლო სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს, რომ ჰიპივით გამოიყურებოდა და ვარცხნილობის შეცვლაზე უარი განაცხადა. სამსახურის ძიებაში, ქალაქიდან ქალაქში გადადიოდა, ცოტა ფულს პროვინციულ თეატრებში შოულობდა.

1970 წელს სკოტი სმიტი გაიცნო. სან ფრანცისკოში ერთად ცხოვრება გადაწვიტეს და უკანასკნელი ფულით, კასტროს ქუჩაზე, ფოტო მოწყობილობების მაღაზია – ”Castro Camera” გახსნეს.

1974 წელს დააფუძნა „Castro Village“ – ადგილობრივ მოვაჭრეთა გაერთიანება და საფუძველი ჩაუყარა გამოფენა-გაყიდვებს, რომელიც ყოველწლიურ ღონისძიებად იქცა და რომელზეც ასი ათასობით ადამიანი იყრის თავს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სან ფრანცისკოში გეების მოზრდილი კოლონია ჩამოყალიბდა. პოლიცია განსაკუთრებულად მკაცრად, ხშირად კი სასტიკადაც ექცეოდა უმცირესობებს – ყრიდნენ ნაქირავები ბინებიდან, ხშირი იყო რეიდები გეი ბარებში მასობრივი დაპატიმრებებით.

ჰარვი აღშფოთებული იყო პოლიციის ქმედებების გამო.

ამასობაში, თემი სულ უფრო იზრდებოდა. ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხვდა, რომ თემის ხმები მნიშვნელოვანი იქნებოდა არჩევნებისას. და ჰარვიც მიხვდა, რომ გეებსაც შეეძლოთ, გავლენა მოეხდინათ ხელისუფლებაზე და დაიწყო მასობრივი ქვიარ მოძრაობის ფორმირება საკუთარი უფლებების დასაცავად. ასევე, ეძებდა მოკავშირეებს, თუმცა გავლენიან პოლიტიკოსთა წრეში თემის მხარდამჭერები ვერ იპოვა.

ზუსტად ამ დროს, მილქმა შეძლო, თანამშრომლობაზე დაეყოლიებინა სერიოზული ავტორიტეტის მქონე სატვირთო ავტომობილების მძღოლთა პროფკავშირები და როცა ლუდის კომპანია Coors-მა არ გაითვალისწინა პროფკავშირების მოთხოვნები მძღოლებთან კონტრაქტების გაფორმებისას, მილქმა შეკრიბა თემის წევრები – მათ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ მარკის ლუდს გეი ბარებში. სანაცვლოდ კი, პროფკავშირებმა დადეს პირობა, გეები კარგი პირობებით მიეღოთ სამუშაოზე.

ეს ყველაფერი მალევე მოხვდა მედიაში და ჰარვი მილქი გახდა ცნობადი სახე – მას ”კასტროს რაიონის მერს” ეძახდნენ.

. . .

1975 წელს, ჰარვიმ შეიცვალა ვარცხნილობა, გაიპარსა წვერი, კოსტუმი ჩაიცვა, შეეშვა მარიხუანას მოწევას და გეი აბანოებში სიარულს – სერიოზულად გადაწყვიტა, დაკავებულიყო პოლიტიკით.

იმავე წელს, ქალაქის მერად ჯორჯ მოსკონე აირჩიეს, მან კი პოლიციის შეფად დანიშნა ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ სამსახურში გეებსაც მიიღებდა. ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღაშფოთა.

მილქმა ორჯერ სცადა ბედი ქალაქის საბჭოში, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროისთვის პოლიტიკურ ელიტაში უკვე შეღწეულ გეებს მისი მარცხი უხაროდათ – იმედი ჰქონდათ, რომ ჩამოიშორეს ეს ”ოდიოზური” პერსონაჟი, თუმცა მათ იმედებს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა.

1976 წელს სან ფრანცისკომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ქალაქის საბჭოს არა მთელი ქალაქი, არამედ კონკრეტული რაიონები ირჩევდნენ. ქალაქის მოსახლეობა 750 000-ს შეადგენდა, საიდანაც, დაახლოებით 200 000 – ქვიარ ადამიანი იყო.

1977 წელს ჰარვი მილქი ქალაქის საბჭოში აირჩიეს – იგი გახდა პირველი გეი, რომელიც ასეთ თანამდებობაზე აირჩიეს და რომელიც თავის იდენტობას არ მალავდა.

წინასაარჩევნო კამპანიისას, გარდა გეების უფლებების საკითხებისა, იგი ყურადღებას ამახვილებდა ბავშთა ჯანმრთელობის დაცვაზე, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებაზე, ბინის იჯარის მაღალ ფასებზე, გამოვიდა ინიციატივით, შექმნილიყო პოლიციის ქმედებების მაკონტროლირებელი საზოგადოებრივი საბჭო.

სოციალური მრავალფეროვნებისთვის, იმავე წელს საბჭოში აირჩიეს მარტოხელა დედა – ჩინელი და აფროამერიკალი ქალი.

არჩევის შემდეგ, მან ამომრჩეველს მიმართა:

„ეს არის არა მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ყველა თქვენგანის გამარჯვებაა. თუკი გეის შეუძლია, გაიმარჯვოს არჩევნებზე, ესე იგი არსებობს იმედი, რომ სისტემა შეიძლება იყოს სამართლიანი ნებისმიერი უმცირესობის მიმართ, თუ ამისთვის ვიბრძოლებთ. ეს იმედი მათ ჩვენ მივეცით“

გეების უფლებებისთვის ბრძოლამ მთელი ქვეყანა მოიცვა და ამას მნიშვნელოვანი ბიძგი ჰარვი მილქმა მისცა – მისმა ორატორულმა ხელოვნებამ, მედიის სწორად გამოყენების უნარმა და იუმორმა.

ქალაქის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მილქი ებრძოდა დიდ კორპორაციებსა და კომპანიებს, რომლებიც უძრავ ქონებას მაღალ ფასად ყიდდნენ, იბრძოდა მოხუცი მოქალაქეების უფლებებისთვის. მისი წარდგინებით, ქალაქის საბჭომ მიიღო დადგენილება გეების უფლებათა შესახებ – 90 მომხრე, 1 წინააღმდეგი.

1978 წელს მილქმა დიდი დრო და ენერგია დაუთმო სენატორ ბრიქსის მიერ ინიცირებულ კანონში შესწორების წინააღმდეგ ბრძოლას. კანონპროექტი ითვალისწინებდა გეი მასწავლებლების სამსახურიდან დაუყონებლივ გათავისუფლებას. მის მიერ დაუღალავად წარმოებულმა კონტრ-კამპანიამ შედეგი გამოიღო – შესწორება ჩავარდა!

ამავე პერიოდში მილქი სკოტს დაშორდა.

მილქის სახლში მუდამ ხალხმრავლობა იყო, ხშირი სტუმრები იყვნენ ნაცნობები თუ უცნობები, უსახლკარო, გზააბნეული ახალგაზრდები… მისი ბოლო მეგობარი, ჯეკ ლირა, ალკოჰოლზე დამოკიდებული ახალგაზრდა იყო, რომელსაც დეპრესია ტანჯავდა. ერთ ჩვეულებრივ დღეს, მილქის ცხოვრებაში ტრადეგია დატრიალდა – ლირამ თავი ჩამოიხრჩო.

 

მილქთან ერთად, ქალაქის საბჭოში 32 წლის მეხანძრე, დენ უაიტი აირჩიეს. კარგი მეოჯახე და გმირი, რომელმაც ხანძრისას რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა. იგი კონსერვატორი და რელიგიური ადამიანი იყო, ”ოჯახის სიწმინდის” ერთგული ”რაინდი“, თუმცა მილქთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილი ჰქონდა, უაიტის რაიონში, ყოფილი მონასტრის შენობაში ფსიქიატრიული კლინიკა გაეხსნათ მოზარდებისთვის, მაგრამ ამომრჩევლები ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ამ თემამ ისე დაძაბა ურთიერთობა, რომ უაიტი ხმას აღარ სცემდა მილქს.

საბოლოოდ, უაიტი განაწყენდა ყველაზე და ყველაფერზე და საკუთარი სურვილით დატოვა ქალაქის საბჭო, თუმცა მალევე გადაიფიქრა და მერს სთხოვა, უკან დაებრუნებინა. მერს ურჩევდნენ, ვინმე ლიბერალურად განწყობილი მოქალაქით ჩაენაცვლებინა უაიტი.

1978 წლის 27 ნოემბერს, უაიტმა შეაღწია მერიის შენობაში, პისტოლეტიდან ხუთი გასროლით ჯერ მერი მოკლა, შემდეგ მილქის ოფისში შევარდა და ოთხი ტყვია დაახალა. მილქი იქვე ჩაიმუხლა და მეხუთე ტყვია უაიტმა მას შუბლში ესროლა.

ჰარვი მილქის ქალაქის საბჭოში არჩევიდან მხოლოდ თერთმეტი თვე იყო გასული.

ნაფიცმა მსაჯულებმა უიატი დამნაშავედ სცნეს არა წინასწარი განზრახვით ორი ადამიანის მკვლელობისთვის და სულ რაღაც შვიდი წლითა და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ასეთმა განაჩენმა გეი თემის სერიოზული აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომელიც „თეთრი ღამეები“-ს სახელითაა ცნობილი.

. . .

ჟურნალმა ”Time”-მა ჰარვი მილქი მე-20 საუკუნის 100 გმირს შორის დაასახელა;

2002 წელს ჰარვი მილქი აღიარეს ყველაზე მნიშვნელოვან და ცნობილ ღიად ქვიარ პოლიტიკოსად, რომელიც ოდესმე აურჩევიათ ამერიკელებს;

2009 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰარვი მილქი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით;

2009 წელს კალიფორნიის გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა ოფიციალურად დააკანონა ჰარვი მილქის დაბადების დღე – 22 მაისი, ჰარვი მილქის დღედ და შტატის დღესასწაულად;

2008 წელს, 15-წლიანი დავიდარაბის შემდეგ, კინოეკრანებზე გამოვიდა მხატვრული ფილმი ჰარვი მილქის შესახებ, რომელშიც მთავარ როლს შონ პენი ასრულებს;

ლგბტქი თემისთვის კი ის მათი მარტინ ლუთერ კინგი იყო.

განუზომელია ჰარვი მილქის წვლილი და როლი თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამერიკისთვის და ამერიკელებისთვის, ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის.

მისი მკვლელობა მწარე შეხსენებაა, რა მძიმე და ხიფათიანი გზაა გასავლელი თავისუფლებისთვის!

. . .

არჩევიდან ერთ კვირაში, ჰარვიმ მაგნიტოფონის ფირზე ჩაწერა თავისი ანდერძი:

”თუ ისე მოხდა, რომ ტყვიამ ჩემი ტვინი განგმირა, მაშინ ყველა კაბინეტის კარიც დალეწოს.”

პოლიტიკოსების განცხადებები პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით

/

დღეს პოლიტიკოსებმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან და ზოგადად, ღირსების მარშის ჩატარებასთან დაკავშირებით, კომენტარები გააკეთეს.

სალომე სამადაშვილი – პარლამენტის წევრი:

”ფაქტობრივად, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აანონსებს და პირდაპირ ამბობს, რომ ის მხარს უჭერს საკონსტიტუციო უფლების განხორციელების შეზღუდვას. დღეს თუ ამ უფლებას რომელიმე ერთი ჯგუფის წარმომადგენლებს უზღუდავენ, ხვალ აუცილებლად შეუზღუდავენ რომელიმე სხვა ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელსაც მიუღებლად ჩათვლის ბატონი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, ან ვინმე სხვა.”

თამარ კორძაია – პარლამენტის წევრი:

”ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ მისი პოლიტიკური კაპიტალი დგას ჩაგვრასა და ამ მჩაგვრელ ინსტიტუციასთან თანამშრომლობაზე. შევახსენებ, რომ კონსტიტუციით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ხელისუფლებამ მათ ღირსების მარში უნდა ჩაატარებინოს ღირსეულად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე.”

ხატია დეკანოიძე – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, პარლამენტის წევრი:

”თუ ისინი მოახერხებენ იმას, რომ ლევან ვასაძის გამონათქვამი კანონად გაიხადონ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მძიმე შეფასებების საფუძვლი, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.”

განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ”ქართული ოცნების” წევრი დავით სერგეენკო– ის ფიქრობს, რომ ორგანიზატორები საზოგადეობის სხვა ნაწილსაც უნდა დაეკითხონ, ჩატარდეს თუ არა ღირსების მარში:

”საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ, ალბათ, და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ, არავინ არაფერში უშლით ხელს, უბრალოდ, ალბათ, უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ჯობია.”

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, ”TV პირველზე”, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუს დროს, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლგბტქი ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ 1-5 ივლისს დაგეგმილი თბილისი პრაიდის ღონისძიებების, მათ შორის, ღირსების მარშის ჩატარებაზე. მანამდე კი, ლევან ვასაძემ ხელისუფლებას პრაიდის გასაუქმებლად 10-დღიანი ულტიმატუმის ვადა წაუყენა.

გიორგი გახარია – ქვიარ უფლებების დამცველი?

/

ნინო ბოლქვაძე, იურისტი, ქვიარ აქტივისტი:

ბოლო დღეებში ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს გიორგი გახარია არის ლგბტქი თემის აქტიური მხარდამჭერი. მას უკავშირდება 2020 წელს საქართველოში ლგბტქი თემისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაცემაც და თემის უფლებების, მათ შორის გამოხატვისა და საჯაროდ შეკრების თავისუფლების მხარდაჭერაც.

მოცემული მიმოხილვით გაგიზიარებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა. დასკვნები კი შემდეგ გავაკეთოთ.

2020 წლის 17 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება #116, რომლის ძალით ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში აისახა საქართველოს მთავრობის პოზიტიური ვალდებულებები დაიცვას ლგბტქი თემის უფლებები.

  • მოცემული ნორმატიული აქტის მიხედვით საქართველოს მთავრობა ვალდებულია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის დასაძლევად:
  • ჩაატაროს ცნობიერების ამაღლების სოციალური კამპანიები;
  • მოამზადოს და გაავრცელოს ბროშურები;
  • აღკვეთოს სიძულვილის ენა;
  • დააიდენტიფიციროს და აღკვეთოს სკოლის სახელმძღვანელოებში ლგბტქი თემის მიმართ სტიგმის წამახალისებელი მოსაზრებები;
  • საჯარო დაწესებულებებში გაატაროს ღონისძიებები შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოსაფხვრელად;
  • აწარმოოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების სეგრეგირებული სტატისტიკა;
  • გადაამზადოს გამომძიებლები და პროკურორები:
  • შეიმუშავოს პროტოკოლი ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე და შეისწავლოს ტრანსგენდერი ადამიანებისგან მიღებული საჩივრები სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით;
  • გამოიკვლიოს ინტერსექსი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და საჭიროებები;
  • აღკვეთოს ლგბტქი პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, დისკრიმინაცია და მათი სეგრეგაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
  • უზრუნველყოს ლგბტქი ადამიანებისთვის კრიზისული ცენტრის გამართული მუშაობა;
  • შეიმუშავოს დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის თავშესაფრის კონცეფცია.

ჩემი აზრით, აღნიშნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ქვიარ თემის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თუმცა ეს ცვლილებები საქართველოს მთავრობამ და არა პერსონალურად გიორგი გახარიამ მიიღო არა იმიტომ რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები არიან ქვიარ თემის მხარდამჭერები, არამედ იმიტომ რომ საქართველოს, საერთაშორისო დონეზე, სხვა სახელმწიფოებთან და საკუთარი მოქალაქეების წინაშე აღებული აქვს რიგი ვალდებულებები საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერით და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის უნდა შეასრულოს ეს ვალდებულებები.

აქვე უნდა ითქვას – რომ არა საქართველოში მოქმედი ლგბტქი უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა და შრომა, ზემოაღნიშნული დებულებები საქართველოს კანონმდებლობაში ვერასოდეს გაჩნდებოდა.

ასევე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაა რომ პანდემიის პირობებში ლგბტქი თემის ყველაზე მოწყვლადი წარმომადგენლებისთვის გამოიყო ჰუმანიტარული დახმარება ისეთი პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიც არის საკვები პროდუქტები, კომუნალური გადასახადები, ბინის ქირა. რომ არა ეს საკმაოდ მცირე, მაგრამ კრიტიკულად საჭირო დახმარება, თემის ყველაზე ღარიბი და დაუცველი წევრები, კარანტინის პირობებში, აღმოჩნდებოდნენ ღია ცის ქვეშ და მოუწევდათ შიმშილი.

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ეხება ტრანსგენდერი ადამიანისთვის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საპასპორტო სქესის აღიარებას, როდესაც სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი შეიცვალა ქირურგიული ოპერაციის შედეგად. აქვე უნდა ითქვას, რომ სტერილიზაციის გარეშე სქესის ჩანაწერის შეცვლა ისევ შეუძლებელია, რაც სამართლებრივად არაადამიანური მოპყრობად ფასდება.

ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი დაკვირვებით, საქართველოში მცხოვრებმა ლგბტქი თემის წარმომადგენლების უმეტესობამ ჯერ ვერ ვიგრძენით მოცემული ცვლილებების სასიკეთო შედეგები. რათქმაუნდა ფურცელზე შედგენილი რეგულაციების რეალურ ცხოვრებაში გადატანას სჭირდება დრო და შრომა. ასევე ხელისუფლების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი და აქაც არასამთავრობო ორგანიზაციების როლი შეუცვლელია.

თუმცა ყოველივე ზემოხსენებული ძალისხმევა არ არის საკმარისი იმისთვის რომ ქვიარ თემის წარმომადგენლებმა თავი სრულუფლებიან მოქალაქეებად ვიგრძნოთ იმ ქვეყენაში, სადაც ვცხოვრობთ და სახელმწიფო გადასახადებსაც ვიხდით, საიდანაც შემდეგ რიგდება ხელფასები, პრემიები, შემოწირულობები ჩვენი მაგინებლებისთვის და მჩაგვრელებისთვის.

შეიძლება გაიფიქროთ – მეტი რაღა გინდათ? “მეტი” არ გვინდა. გვინდა ზუსტად იმდენი რაც ყველა დანარჩენს აქვს, არც მეტი არც ნაკლები. შევეცდები ავხსნა ის მთავარი დაბრკოლება, რაც ხელს გვიშლის სოციუმში ჰარმონიულად, წარმატებულად ინტეგრირებაში და რაზეც, ჩემი აზრით, დგას ქვიარ თემის ჩაგვრა ზოგადად.

რა არის ეს საძირკველი, რომელიც ქვიარ თემის მიმართ სტიგმას ასაზრდოებს? რა არის ეს საძირკველი, რომლის გარეშეც უცხოს შიშით ნაშენები ციხესიმაგრე ბანქოს სახლივით ჩამოექცევა და ვეღარასოდეს აეგება ახლიდან? რისი გაგება უჭირთ არა მხოლოდ ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებს, არამედ ქვიარ თემის მხარდამჭერებსაც და ხანდახან თავად თემის წევრებსაც?

ბოლო წლების განმავლობაში თავად ლგბტქი თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს შორის იმართება დისკუსია იმასთან დაკავშირებით თუ რაში შეიძლება გვჭირდებოდეს საჯარო ღონისძიებები – საჯარო შეკრება თუ მარში. ამ საკითხის გადააზრებას დაეთმო არა ერთი საჯარო მსჯელობა, რა დროსაც გამოხატვის თავისუფლება განხილულ იქნა, ჩემი აზრით, ოდნავ ვიწრო მნიშვნელობით – ძირითადად როგორც ლგბტქი თემის უფლებების ადვოკატირების ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ ხერხი, რომლის გამოყენებით თემს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი სათქმელი მიიტანოს საზოგადოებასთან და ხელისუფალთან, რომლისგანაც ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს თუ კანონის ეფექტურ გამოყენებას.

თუ ადამიანის ან სოციალური ჯგუფის გამოხატვის საჭიროებას დავიყვანთ ასეთ ვიწრო გაგებამდე, მაშინ მართლაც გამოდის რომ აღარ გვჭირდება საკმაოდ დისკომფორტული და სარისკო საჯარო შეკრებების თუ მარშების გამართვა, რადგან საზოგადოებამ უკვე გაიგო ქართველი ქვიარ ადამიანების არსებობის შესახებ – თემი გახდა ხილვადი და ხელისუფლამა გაატარა საკმაოდ საფუძვლიანი საკანონმდებლო რეფორმა ლგბტქი ადამიანების უფლებების დასაცავად.

სწორედ ამ საკითხის მეტად გადააზრება გვჭირდება – რა არის გამოხატვის თავისუფლება ქვიარ თემისთვის? არის ეს მხოლოდ თემის ხილვადობის გაზრდის და პრობლემებზე საუბრის ინსტრუმენტი თუ ამავდროულად არის სტიგმის დაძლევის საშუალება?

წელს 17 მაისთან დაკავშირებით ჩატარებული ონლაინ დისკუსიისას, ქვიარ თემის ერთ-ერთი მხარდამჭერისგან მოვისმინე ასეთი მოსაზრება რომ ლგბტქი თემი სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით არის უხილავი თემი და იმისთვის რომ მან საკუთარი უფლებები მოითხოვოს ჯერ ხილვადი უნდა გახდეს და ამას ემხასურება ისეთი საჯარო შეკრება, რომელიც 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღმნიშვნას ეხება. ჩემი აზრით, ქვიარ თემის ნაწილი არის ხილვადი არა მხოლოდ 17 მაისს და არა მხოლოდ ცისარტყელის ფერებიანი დროშით ხელში, არამედ ისედაც. კი რათქმაუნდა არიან არაფემინური გეები და ფემინური ლესბოსელებიც, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ ვისაც ასე ვთქვათ “გვეტყობა” ჩვენი სექსუალური ორიენტაცია თუ გენდერული იდენტობა? ტრანსგენდერმა ადამიანებმა რა ქნან? რა ვქნათ არაბინარული გენდერული იდენტობა ვისაც გვაქვს? ინტერსექს ადამიანებმა? ხშირად ჩვენ ხილვადები ვართ მანამდე სანამ ჩვენ თავადვე გავაცნობიერებთ ჩვენი პიროვნების ამ სხვადასხვა იდენტობებს და პირველად გაგვიჩნდება ვინმეს მიმართ რომანტიული გრძნობები. და სწორედ იმის გამო რომ ამ იდენტობების გარეგნული მახასიათებლები ამოცნობადია გარშემომყოფთათვის გვექმნება საფრთხე ადრეული ბავშვობიდან და ინტერსექს ადამიანებისთვის დაბადების პირველივე დღიდან.

ამიტომ ლგბტქი თემისთვის გამოხატვის თავისუფლება არ არის მხოლოდ უფლებების ადვოკაციის ინსტრუმენტი. საზოგადოება ჩემი პიროვნების გარეგნული მახასიათებლების დამალვას მაიძულებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს მანგრევს შინაგანად, მისპობს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მართმევს სიცოცხლეს, ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობას. ჩემი გამოხატვა ამ შემთხვევაში ჩემი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. და ჩემი პიროვნების აკრძალვაზე გადის ჩემი ჩაგვრა.

თუ ჩვენ გვინდა რომ ქვიარ ადამიანებს არ კლავდნენ, არ ასახიჩრებდნენ, არ აწამებდნენ, არ ტოვებდნენ საარსებო წყაროს გარეშე, მაშინ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მათ უფლებას იყონ ისინი ვინც არიან საჯარო სივრცეში და წინ აღვუდგეთ მათ ვინც დამალვას აიძულებს.

მოდით ახლა გადავხედოთ გიორგი გახარიას მოღვაწეობას – რამდენად მხარდამჭერი იყო ის ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლების საკითხში. გიორგი გახარია დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად 2017 წლის ნოემბერში. მას შემდეგ ლგბტქი თემის საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის თვისუფლების შეზღუდვა დაიწყო სამი მიმართულებით:

ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარები ლგბტქი აქტივისტების მისამართით; 

ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება და აქამდე უპრეცენდენტო დანაშაულებრივი და სრულიად დაუსჯელი საქმიანობა; 

კანონის სხვადასხვა დებულებების გამოყენება ლგბტქი თემის წევრების შეკრებების და გამოხატვის თავისუფლების აკრძავლისთვის, რასაც რუსეთის ფედერაციაში გავრცელებული პრაქტიკის მსგავსად საფუძვლად ედება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, ასევე მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებების დაცვის მიზნები. 

ამგვრად, გიორგი გახარიას მოღვაწეობის დროს ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა რეალურად კი არ გაუმჯობესდა არამედ გაუარესდა.

ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება ქართულ პოლიტიკაში შემდეგი ხერხით – ქართული ოცნება იქნება ორიენტირებული მეტად კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველზე, ხოლო გიორგი გახარიას ხელით ის შეეცდება მოიპოვოს იმ ამომრჩეველის ხმები, რომელიც ქართულმა ოცნებამ თავისი ძალადობრივი ქმედებებით და აშკარად დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხარდაჭერით დაკარგა.

მე, კი, როგორც საქართველოში მცხოვრებ ლესბოსელ ქალს, და ლგბტქი თემის აქტიურ წევრს, რომელიც ყოველდღიურად ისმენს ძალადობის ისტორიებს თემის წევრების მხრიდან და პოლიციის უმოქმედობის ისტორიებს, ისღა დამრჩენია მქონდეს ჩვენი ხალხის იმედი, რომ ისინი არ მისცემენ თვალთხარია მოძალადეს უფლებას გააგრძელოს თავისი “მოღვაწეობა” მთლიანად ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ფოტო ეკუტვნის სააგენტოს ტაო ნიუს

ეკლესია და ჰომოსექსუალობა

გიგა ბერიაშვილი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მშვიდობის კათედრალი

(წინამდებარე ესსე მიმოხილვაა დევიდ გაშის წიგნის – “სხვაგვარად ვფიქრობთ”, ქართული თარგმანისა. მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი. გამომცემლობა: ახალი ეონის ბიბლიოთეკა)

ქრისტიანულმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი უღმერთო მხარე და სიძულვილის ქადაგებას შეუდგა ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ, როგორც ასე ერთხელ უკვე მოექცა ებრაელებს თუ მონად გაყიდულ აფრიკელ ხალხს. ამ უღმერთო მხარესაც საფუძვლად ახალი აღთქმისა და ებრაული საღმრთო წერილის ზოგიერთი მუხლი დაუდეს, რომელიც შესაძლოა, სულაც სხვა რამეზე აკეთებდეს აქცენტს, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ თეზისებს იმდენად დიდი გავლენა და მნიშვნელობა შესძინეს, რომ ეკლესიის მიერ იდეოლოგიურად დამუშავებულმა მრევლმა, ლგბტქ ადამიანები არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ საჯარო სივრცეშიც თავიანთ თავად ყოფნის გამო შეიზიზღეს და მათ დემონიზირებას ეწევიან. ეკლესიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ლგბტქ ადამიანების არა მხოლოდ სექსუალური სწრაფვებისა და რომანტიული ურთიერთობების უარყოფის მხრივ, არამედ მათი პიროვნების განდევნასა და მოძულებაშიც. ეკლესია, რომლის უმთავრესი მიზანი ადამიანებს შორის სიყვარულის გავრცელება უნდა იყოს, ანტიქრისტედ გადაიქცა და იმ სიძულვილის თესვა დაიწყო, რომლის გამოც არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დღემდე საფრთხის ქვეშ დგას.

ეკლესიას დიდი როლი მიუძღვის იმ დანაშაულში, რასაც ოჯახების მიერ შვილების სახლიდან გამოყრა და ქუჩაში ცხოვრებისთვის გაწირვა ჰქვია. სამწუხაროდ, რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც თავიანთი სექსუალური იდენტობის გამო ოჯახებმა უარყვეს, ძალიან დიდია. ქეითლინ რაიანი, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც ორიენტირებულია ოჯახებმა თავიანთი შვილები მიიღონ და მათი იდენტობა აღიარონ (Family Acceptance Project), აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვით, მხოლოდ ამერიკაში, ლგბტქ ადამიანად თვითიდენტიფიცირების გამო ხშირია ოჯახის წევრების მხრიდან მოზარდის ცემა, სხვადასხვა სახის ფიზიკური დამცირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაცინვა, აგდებული მიმართვა, დამამცირებელი სახელების ძახილი, კაცურობის ან ქალურობის დაძალება, ღვთისგან მოვლენილი სასჯელით დამუქრება, ლოცვის იძულება, ლგბტქ იდენტობის შეცვლისთვის ეკლესიაში იძულებითი მსახურება, ოჯახის, მეზობლებისა და მეგობრების წინაშე შერცხვენა ან მათი იდენტობის ტაბუირება და ამაზე საუბრის აკრძალვა. ამავე კვლევებმა აჩვენეს, რომ ოჯახისგან განდევნილმა ლგბტქ თინეიჯერებმა, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ და ძირითადად ქუჩაში ცხოვრობენ, რვაზე მეტჯერ სცადეს თვითმკვლელობა, ექვსჯერ ან მეტჯერ ებრძოდნენ დეპრესიას, სამჯერ ან მეტჯერ გამოიყენეს არალეგალური მძიმე ნარკოტიკები, ხუთჯერ ან მეტჯერ ყოფილან სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი, ერთხელ ან მეტჯერ გაუუპატიურებიათ… ოჯახებისგან მოძულებული ლგბტქ ადამიანების დიდი ნაწილი თავს პროსტიტუციით ირჩენს, არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ვერ იღებს საშუალო განათლებასაც კი, ხშირად იყენებს ნარკოტიკულ საშუალებებს ან ალკოჰოლს და საბოლოოდ, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს. ეს მხოლოდ ერთი პატარა ჩამონათვალია, რომელზეც აღნიშნული კვლევა საუბრობს და რომელზე უფრო ვრცლად დევიდ გაში საუბრობს წიგნში “სხვაგვარად ვფიქრობთ”. ამ ჩამონათვალს დასასრული თითქმის არ აქვს.

ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიძულვილი ნაწარმოებია იმ ინსტიტუციის მიერ, რომელიც საზოგადოებრივი მორალისა და ქცევის წესების დადგენაში უდიდეს როლს თამაშობს; ინსტიტუციის მიერ, რომელსაც განუზომლად დიდი გავლენა აქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. დიახ, თავისი უღმერთო რიტორიკის გამო ლგბტქ ადამინების ტანჯვაზე პასუხისმგებლობა უპირველესად ეკლესიას ეკისრება. ეკლესიამ ამ სიძულვილს წმინდა წერილის მუხლები დაუდო საფუძვლად, მაგრამ როგორ მოიქცევი, როდესაც აღმოაჩენ, რომ შენთვის კარგად ცნობილი ბიბლიური იგავები სრულებით დაცლილია ანტი-გეი შინაარსისგან? რა ხდება მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში განმტკიცებული ჰომოფობიური პოზიციები უცაბედად ჩამოიშლებიან? ამ ძალიან რთულ და მძიმე პროცესებზე ლამის აღსარებად დაწერილ წიგნში – “სხვაგვარად ვფიქრობთ”, ამერიკელი თეოლოგი, მერსერის უნივერსიტეტის პროფესორი, ოცამდე თეოლოგიური შრომის ავტორი და არაერთი აკადემიური ჯილდოს მფლობელი, დევიდ გაში გვიყვება.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დაწერილია ამერიკელი საზოგადოებისთვის, ის, რაზეც დევიდი საუბრობს, ქართველი ხალხისთვისაც ძალიან ნაცნობი და ახლობელია. პრობლემა, რომელსაც დევიდი ახმოვანებს, საერთოდ არ არის უცხო ჩვენთვის და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი პირველი მიზეზი ამ წიგნის თარგმნისა. თეოლოგიური ნაშრომების მკითხველები განებივრებულები არა ვართ ამის მსგავსი შინაარსის მქონე ლიტერატურითა და თარგმანებით, რადგან დაგვაჯერეს, რომ სახარება და ებრაული საღმრთო წერილი ცალსახად ჰომოფობიურია, შესაბამისად დიდად არც არავინ ცდილობს აკადემიურ მსჯელობას აღნიშნულ თემებთან მიმართებაში, რაც ინფორმაციულ სიმწირეს იწვევს და აღვივებს განწყობას, რომ ვერ გადავწონით კონსერვატორების არგუმენტებს, თუმცა დევიდ გაშის “სხვაგვარად ვფიქრობთ”, აი, ამ კარგად ცნობილი იგავების, თეზისებისა და მოწოდებების აბსოლუტურად სხვა მხარეს გვაჩვენებს, რომლითაც გვეუბნება, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეკლესიის კონსერვატორმა მამებმა დახატეს, რომ ამ თემაზე ლგბტქ ადამიანების სასარგებლოდ იმდენი არგუმენტი მოიძებნება, რამდენიც კონსერვატორ მხარეს არ აქვს. ამ ესსეს მიზანიც სწორედ ესაა: მოკლედ მიმოვიხილო წიგნი და რამდენადაც შევძლებ, ჯეროვნად მოგახსენოთ ზოგიერთი არგუმენტის შესახებ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აქ მოყვანილი ინფორმაცია ვერანაირად ვერ ამოწურავს წიგნს და უფრო გაშლილი მსჯელობისთვის, აუცილებლად უნდა მიმართოთ უშუალოდ ნაშრომს.

დევიდ გაში ჩვეულებრივ, ტრადიციულ ბაპტისტურ ოჯახში გაიზარდა. სანამ ატლანტაში გადავიდოდა საცხოვრებლად და დეკატურის ეკლესიაში დაიწყებდა სიარულს, მისი შეხება ლგბტქ ადამიანებთან თითქმის ნულოვანი იყო. დევიდის დამოკიდებულება რადიკალურად უარყოფითი არ ყოფილა და მათ ფიზიკურ განადგურებას ან საზოგადოებიდან განდევნასა და მოძულებას არ უჭერდა მხარს, თუმცა რელიგიურ პრიზმაში გატარება მაინც მოახერხა და მათ ცოდვის მატარებლებად, ღვთისგან მოწყვეტილ ადამიანებად თვლიდა. შესაბამისად, მომდევნო წლებში მისი ქადაგებებიც სწორედ ამით იყო გაჯერებული: ლგბტქ ადამიანები არიან ცოდვილები, რომლებმაც უნდა მოინანიონ თუკი ქრისტეს ეკლესიის წიაღში დაბრუნება სურთ.

ამ პოზიციიდან მისი ლგბტქ ადამიანების აქტიურად მხარდამჭერ სასულიერო პირად ტრანსფორმაცია, ძალიან საინტერესო პროცესია. მისი ისტორია არის ამბავი, რომელიც მაგალითსა და იმედს იძლევა, რომ პიროვნების და შემდგომში საზოგადოების, გარდასახვა შესაძლებელია, რომ ცვალება ნამდვილად ხდება და ამ ცვალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ლგბტქ ადამიანების მხრიდან მასობრივი გამხელაა თავიანთი სექსუალური იდენტობის შესახებ. ყველაზე დიდი როლი, რამაც დევიდის გონების გადასხვაფერებას შეუწყო ხელი, მისი დის, ქეითის, ისტორიაა. ქეითი წლების განმავლობაში დეპრესიით იტანჯებოდა. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ თვითმკვლელობის მცდელობების გამო სტაციონარულ-მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდა და სპეციალურ ყურადღებას საჭიროებდა. ხოლო როდესაც სიტუაცია გაუსაძლისი გახდა და მკურნალობასაც აღარ გამოჰქონდა შედეგი, ქეითიმ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო გაამხილა, საიდუმლო, რომელსაც გულით დაათრევდა და რომელიც ამდენი წლის განმავლობაში სტანჯავდა: ქეითიმ გაამხილა, რომ ლესბოსელია. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი გამოჯანმრთელების პროცესი.

გასაკვირი სულაც არ არის, რომ კონსერვატორების პროპაგანდირებული მოსაზრებები და მიდგომები სასოწარკვეთილებას იწვევს ლგბტქ ადამიანებში. როდესაც კონსერვატორები თავიანთი ძალაუფლებისა და გავლენის განმტკიცებისთვის ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ გამოდიან, ისინი შეგნებულად ან შეუგნებლად ადამიანების ტანჯვის გახანგრძლივებას, სიცოცხლეშივე მათ სულიერ დაცემასა და ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ სიკვდილამდე მიყვანას უწყობენ ხელს და აქეზებენ. როცა ქეითიმ თავისი სექსუალობის შესახებ აღიარა, დევიდისთვის ეს სრული შოკი იყო. მიხვდა, როგორი მტკივნეული იქნებოდა თავისი ქადაგებები მისთვის. ახსენდებოდა თითოეული სიტყვა, რომელსაც ამბიონიდან ამაყად, ხმამაღლა გაიძახოდა, თანაც ღმერთის სახელით, თავის სიტყვებს ღვთის ნების საბურველში ახვევდა და უამრავ ადამიანს ტკივილისთვის სწირავდა, უპირველესად კი საკუთარ დას. იმ სიმწარის განცდა, რასაც ლგბტქ ადამიანები კონსერვატორი ფრთის მხრიდან გაჟღერებული სიძულვილით სავსე რიტორიკის შედეგად ყოველდღიურად განიცდიან, კონსერვატორებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ აღიქვან, როდესაც ეს ყველაფერი მათი ოჯახის წევრს მიემართება და მაშინღა ხვდებიან, რომ თურმე მგლები არიან ცხვრის ტყავში. დევიდი მიხვდა, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც იმის თქმა აღარ შეეძლო, რასაც აქამდე ამბობდა. ასე დაიწყო მისი ძალიან რთული და მძიმე ტრანსფორმაცია. ამ ტრანსფორმაციის პერიოდში, როდესაც ხმამაღლა ამბობდა, რომ უკვე სხვაგვარად ფიქრობს, რომ მისი შეხედულებები გარდაისახა, რადგან უფალი მას ლესბოსელი დის სახით მოევლინა და სამყაროს ახალი მხარეები აჩვენა, დევიდმა მეგობრების უმეტესობა დაკარგა, მიატოვეს მოსწავლეებმა და საჯაროდ დაუპირისპირდნენ, გარიცხეს ევანგელური საზოგადოებიდან, ჩამოართვეს აკადემიური ჯილდოები, უარი უთხრეს წიგნების გამოცემაზე, განდევნეს ეკლესიიდან და სცადეს სრულ იზოლაციაში მოექციათ. დევიდმა საკუთარ თავზე განიცადა ის ყველაფერი, რასაც ლგბტქ ადამიანები განიცდიან.

იგი იხსენებს, რომ მისი დის ამბავი არ იყო ერთადერთი მოვლენა, რომელმაც შეძრა. მის ცხოვრებაში რამდენიმე ისეთ ტრანსფორმაციულ შეხვედრას ჰქონდა ადგილი, მისი ხედვები ფესვებშივე რომ შეარყია. ერთ-ერთი მოხსენების დროს, რომელიც სრულებით არ იყო კავშირში ლგბტქ თემასთან, დარბაზში უცხო ადამიანი შემოვიდა და მაშინვე მიიპყრო ყურადღება. მიშელ გოლდი, რომელიც ებრაელია და გეი, დევიდ გაშს ღიად, ხმამაღლა მიმართავდა. მიშელმა ყოველგვარი ცერემონიების გარეშე თავისი და კონსერვატორ წრეებში აღზრდილი სხვა ჰომოსექსუალების ამბის თხრობა დაიწყო. ამბობდა, რომ 21-ე დაბადების დღეზე, როდესაც ცხადად გაიაზრა, რომ გეია, დევიდის მიერ წახალისებულ სიძულვილს ვერ გაუძლო და დღისით, მზისით, არაერთი თანატოლის წინაშე, თავის მოკვლა სცადა. დევიდი წერს: “შემდეგ, მიშელი ფეხზე წამოდგა, სახელით მომმართა და ჩემი ერთ-ერთი წიგნიდან ციტატები ამოიკითხა, სადაც ლგბტქ ადამიანების დევნასა და ჩაგვრას ვახალისებ. ბოლოს, ჰოლოკოსტზე დაწერილი ჩემი სადისერტაციო ნაშრომი გაიხსენა, სადაც ადამიანების სიყვარულის რღვევაზე ვწერ და ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებისა და ჩემს გონებაში მიმდინარე სერიოზული ჯახის შედეგად, მთელი ჩემი სიტყვები, ყველა ჩემი ფიქრი, როგორც ისრები, ისე მესობოდა გულში. საშინელება იყო, მაგრამ ნაწილი ჩემი ცვალებისა.” (დევიდ გაში, სხვაგვარად ვფიქრობთ, თავი 19, გვ. 129)

ეს და მრავალი სხვა შემთხვევა, რომელზეც უფრო დაწვრილებით წიგნში წაიკითხავთ, გახდა მიზეზი, რომ ძიება უფრო სერიოზულ საფეხურზე ასულიყო და დევიდმა წმინდა წერილის კვლევა ამ კუთხით დაიწყო.

უმეტესად, როდესაც ლგბტქ ადამიანების კავშირებზე საუბრობენ, მას ცოდვად განიხილავენ და ამის მიზეზად ყველასთვის ცნობილი სოდომისა და გომორას ამბავი მოჰყავთ, მაგრამ რეალურად რა ხდება ამ იგავში?

ებრაულ საღმრთო წერილში, დაბადების მე-19 და მსაჯულთა მე-19 თავებში მოთხრობილი ამბები, შინაარსობრივად ერთმანეთის იდენტურია. ორივე ისტორიაში მოთხრობილია კაცების ჯგუფებზე, რომლებიც პატივისცემით მიღებული სტუმრების გაუპატიურებას ლამობენ და რომლებსაც კაცების ნაცვლად გასაუპატიურებლად ქალებს სთავაზობენ: დაბადების წიგნში მასპინძლის ასულებს, რომლებზეც ისინი უარს ამბობს, ხოლო მსაჯულთა წიგნში, – დაუცველ ხარჭას, რომელსაც კაცები დიდი სიამოვნებით მიიღებენ, სექსუალურად ძალადობენ და თითქმის სიკვდილამდე მიჰყავთ. მოგვიანებით, მასზე აღარავინ დარდობს, აღარც კი ახსენდებათ. ადამიანის ღირსების შელახვის მსგავსი ისტორია წმინდა წერილში სხვაგან არ გვხვდება. მკვლევარები თანხმდებიან, რომ ამ ორი წიგნის ეს ორი პასაჟი საშინელ ადამიანურ სიმხეცეებს აღწერს და უმძიმეს ნაშრომებადაა მიჩნეული.

სოდომისა და გომორას ამბავი ყველას სმენია, მაგრამ დეტალებში თუ ვინმეს გაურჩევია, პირველი კითხვა, რაც მას უთუოდ გაუჩნდება არის: “რა შუაშია აქ ჰომოსექსუალობა?”

“ყველაზე საინტერესო, რაც ამ ამბავში ხდება, ქალაქების აოხრებისგან დასახსნელად გამართული მოლაპარაკებებია აბრაამსა და ღმერთს შორის. აბრაამი განსაკუთრებული ხვედრის მტვირთველია, როდესაც ღმერთთან შეთანხმებისთვის მიდის; იმ ღმერთთან, რომელიც ერთთავად სამართლიანობასა და ხსნას განასახიერებს.

აბრაამი ეკითხება, თუკი ქალაქში 50, 40, 30, 20 ან 10 მართალი მაინც აღმოჩნდება, დაიხსნის თუ არა სოდომს სასჯელისგან (18:22-33) და ღმერთი ცალსახად პასუხობს: „ჰო!“. უფალი თანახმაა, რომ შეიწყალოს მრავალი მცირეთა სიმართლის გამო.

მაგრამ როდესაც სოდომს მივა ორი ანგელოზი, 10 მართალსაც ვერსად ჰპოვებენ. ლოტი, აბრაამის ძმისწული, რომელიც სოდომში ცხოვრობს, ამ ორ „კაცს“ სახლში შეიპატიჟებს. შუაღამისას, ლოტის სახლთან შეიყრებიან ქალაქის მაცხოვრებელი კაცები, ანთებულნი სურვილით, „შეიცნონ“ მისი სტუმრები. გამოვა ლოტი კარის ზღურბლზე და უარს ეტყვის მათ, შემდეგ ბრბოს ყიჟინის დასამშვიდებლად თავის ქალწულ ასულებს შესთავაზებს მათ, მაგრამ კაცები უარზე არიან და ეტყვიან: „მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ.“ (დაბადება 19:9) როდესაც კაცები შეტევაზე გადადიან, საქმეში ანგელოზები ერევიან. მომდევნო დღეს, როდესაც ანგელოზები ლოტსა და მის ოჯახს სამშვიდობოზე გაიყვანენ, სოდომი და გომორა სრულად აღიგვება.” (დევიდ გაში, სხვაგვარად ვფიქრობთ, თავი 11. გვ. 77)

სოდომისა და გომორას ცოდვილობის შესახებ ცნობები, ჯერ კიდევ მე-19 თავამდე გვხვდება, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიცით თუ რაში მდგომარეობს მათი ცოდვიანობა. როდესაც კაცები ლოტსა და მის სტუმრებს ესხმიან თავს, აქ უკვე ვიგებთ ამის შესახებ. დევიდი ამბობს, რომ ეს არის ამბავი, სადაც ძალმომრეობაზეა საუბარი, ადამიანებისთვის ტკივილისა და ტანჯვის მიყენების ვნებაზე, რადგან ამ პატარა ისტორიაში აღწერილია გაუპატიურების მძვინვარე სურვილი, დაუოკებელი სექსუალური ჟინი. მსაჯულთა 20:5 დაახლოებით ასეთივე ამბავს აღწერს და ბევრად უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ ის დანაშაული, რომლის ჩადენაც კაცებს სურდათ, სექსუალური და ფიზიკური ხასიათის ძალადობაა.

აუცილებელია ითქვას, რომ წმინდა წერილში, სადაც კი სოდომისა და გომორას ამბავია ნახსენები, იგი ყოველთვის ადამიანური ბოროტების, ღვთით მოვლენილი სასჯელისა და ზეციერი მრისხანების ნიშნადაა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ებრაულ საღმრთო წერილში სოდომი და გომორა ბევრგანაა ნახსენები, საერთოდ არსად გვხვდება ერთნაირსქესიანი ურთიერთობების ან ლტოლვების აღსაწერად, შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ: მეორე რჯული 29:23, 32:33; ესაია 1:9, 3:9, 13:19; იერემია 23:14, 49:18, 50:40; ეზეკიელი 16:46-50; ამოსი 4:11; მათე 10:15; ლუკა 10:10-12; რომაელთა 9:29; მეორე პეტრესი 2:6-10; იუდეველთა 6-7. ერთადერთი შედარება სოდომისა სექსუალურ ურთიერთობებთან მეორე პეტრესი 2:6-7 და იუდა 6-8 მუხლებია, სადაც საუბარია სხვისი სხეულის მიმართ უწმინდური ლტოლვის შესახებ, რაც მრუშობის ცოდვაზე აკეთებს აქცენტს.

დევიდი წერს: “სოდომისა და გომორას ისტორიაში აღწერილი ამბავი, თავისი ძალადობრივი მიზნებითა და გარემოთი, ერთთავად ციხეში მომხდარ ჯგუფურ გაუპატიურებას მოგვაგონებს. სოდომელი კაცებიც ამ სურვილით არიან ანთებულნი. ისინი კაცის მიმართ ლტოლვით უფრო მეტად არიან სავსენი, ვიდრე ლოტის ქალიშვილებით, რადგან პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცს ბევრად მეტი ღირებულება გააჩნდა და ამიტომ მათი დამცირება ქალის დამცირებაზე უფრო „ფასეული“ იყო. ვფიქრობ, ამ კაცებს სურდათ სტუმარ კაცებზე დომინირება, მათი დამცირება, ტკივილის მიყენება და სწორედ ამიტომაც ითხოვენ მათ და არა დაუცველ ქალებს. როდესაც სექსისტურ საზოგადოებაში კაცს ამცირებ, ამით მის კაცობას ამდაბლებ და ქალთან ათანაბრებ. სოდომის ისტორია კაცების პირის შეკვრაა გააუპატიურონ სტუმრად მოსული კაცები, რადგან ისინი უცხოები არიან, დაუცველები არიან, დამცირებისა და შეურაცხყოფის ადვილი სამიზნეები. ეს არის ამბავი ქალაქზე, რომელიც ციხის კანონებსა და სისასტიკეს გვახსენებს.

დაბადება 19-ისა და მსაჯულთა 19-ის ძირითადი საზრისი ომისა და ციხის კანონებზე, სქესთა შორის ჯახსა და დანაშაულზე გადის. არც ერთ მათგანს არ აქვს კავშირი ჰომოსექსუალობასთან, ერთნაირსქესიან ურთიერთობებთან ისევე, როგორც არანაირი კავშირი არ აქვთ ჰეტეროსექსუალობასთან, საწინააღმდეგო სქესების მქონე ადამიანთა სექსუალურ და რომანტიულ ურთიერთობებთან.” (დევიდ გაში, სხვაგვარად ვფიქრობთ, თავი 11. გვ. 77)

ეკლესიის დამოკიდებულება ცოდვის, როგორც ასეთის მიმართ, ძალიან კარგადაა ასახული მომაკვდინებელ ცოდვებში. ცოდვის ბუნების გასარკვევად ავიღოთ შური. როგორც ყველაფერს, შურსაც ორი მხარე გააჩნია. გშურდეს, ნიშნავს მოგწონდეს სხვისი კარგი და იგივე გინდოდეს შენთვის. შურის კეთილი გამოვლინებაა, როდესაც მოგწონს ვინმეს მიღწევა რაიმე საქმეში და მის შემხედვარეს შენც გიჩნდება მოტივაცია, იგივეს მიაღწიო. შურის მეორე მხარეა, როდესაც მოგწონს ვინმეს მიღწევა რაიმე საქმეში და მისი შემხედვარე ბრაზდები, გული რისხვით გევსება, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გიჩნდება და განცდა: “ის ვინაა, რომ მაჯობა და ამას მიაღწია!” ერთიანად მძიმე სულიერ მდგომარეობაში გაგდებს. ეს არის შურის უარყოფითი გამოვლინება. ეკლესია მიუთითებს ამ ორს შორის ჯანსაღი პოზიციის დაჭერაზე და ცოდვად მიიჩნევს ისეთ საქმეებს, რასაც შეუძლია ადამიანში ქაოსის შეტანა და მის ბუნებაში დეკადენსის წამოწყება. ეს დამოკიდებულება ეკლესიისა, ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად: გადაარჩინოს ადამიანი ცოდვაში ჩავარდნას. ცოდვის ბუნება ადამიანის მოწყვეტაა ღვთიურისაგან და მისი გადასროლაა უკონტროლო ცხოველურ ბუნებაში. სწორედ ეს იგულისხმება, როდესაც ეკლესიას საუბარი აქვს მრუშობაზე. სწორედ ეს ხდება სოდომისა და გომორას ამბავში. აღტყინებული ბრბო თავიანთ ველურ ბუნებაში არიან გამოკეტილები და სტუმრად მოსული ადამიანის გაუპატიურება სწადიათ, რათა მათზე ძალადობით დომინირების განცდა დაიკმაყოფილონ. დომინირების სურვილი მოძალადე ბუნებისგანაა წარმოებული და მასში ღვთიურის პოვნა წარმოუდგენელია, ვინაიდან დომინირება გაუკუღმართებული შეგნებიდან მოდის და ბუნებაში არსებულ დისბალანსზე მეტყველებს.

ეკლესიის დამოკიდებულება მრუშობისა და სიძვის მიმართ ცალსახად უარყოფითია და მას ცოდვად განიხილავს, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია სექსუალური ურთიერთობების წინააღმდეგია. პირიქით, იგი აღიარებს, რომ სექსუალური ცხოვრება ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი მოშთობა არის მიზეზი სექსუალური გაუკუღმართებებისა, ძალადობისა, სიძვისა. მრუშობა და სიძვა არის სწორედ ეს, როდესაც ადამიანს არ შეუძლია აკონტროლოს თავისი სექსუალური ლტოლვები, როდესაც ამ მხეცური სურვილების განხორციელების მომენტში არა სრულყოფას და სავსებას განიცდის ან მიელტვის, როგორც ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ურთიერთობა აქვთ სიყვარულით, არამედ სრულიად იცლება და ცარიელდება. მრუშობას შეუძლია ადამიანს არა მხოლოდ ღვთიური ბუნება წაჰგვაროს, არამედ ადამიანურიც წაართვას, მისგან დაცალოს და სოდომელად აქციოს.

როდესაც ეკლესია ამბობს, რომ ადამიანი უნდა განეშოროს თავის მეძავ ბუნებას და მისგან განთავისუფლდეს, ეს ეხებათ არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ, არამედ ლგბტქ ადამიანებსაც. ღვთის კანონები ყველა ადამიანზე ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ვერც ერთი ეკლესია ვერ აკურთხებს ისეთ ურთიერთობას, რომელიც სიყვარულზე არ იქნება დაფუძნებული და რომელიც ცალსახად ფიზიკური ლტოლვების შედეგია, ვის შორისაც არ უნდა იდგას ეს კავშირი, გინდა ჰეტეროსექსუალ, გინდა – ლგბტქ ადამიანთა შორის. ასევე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სიყვარული, რომელიც ადამიანებს შორის იბადება, ყოველთვის კურთხეულია ზეციერი ეკლესიის მიერ, რადგან სიყვარული არის ის, რაზეც მიწიერი ეკლესიაა დაშენებული, შესაბამისად, თუკი იგი აკურთხებს ჰეტეროსექსუალთა ურთიერთობას, უნდა აკურთხებდეს ლგბტქ ადამიანების ურთიერთობებსაც. თუ ეკლესია არ აკურთხებს ლგბტქ ადამიანთა ურთიერთობებს, მაშინ ის არ უნდა აკურთხებდეს არც ჰეტეროსექსუალ ადამიანთა ურთიერთობებს, რადგან რომელიმე ერთისთვის უარის თქმით, იგი სიყვარულის კურთხევაზე ამბობს უარს, ხოლო ვის შეუძლია განსაზღვროს ვის ვინ რამდენად უყვარს? ეს საკითხი დგას იმ ინტიმურ საკითხთა შორის, რომელიც შეყვარებულ ადამიანებს შორის რჩება. თუკი წყვილი ითხოვს ეკლესიისგან დალოცვას, ეკლესია მზად უნდა იყოს ამისთვის, რადგან მას, როგორც უფლის ნების განსხეულებას, უფლება არა აქვს სიყვარულის კურთხევაზე უარის თქმისა, “რადგან სიყვარული ღვთისაგან არის, ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.” (პირველი იოანესი 4:7)

სიყვარულს ყოველი ადამიანის გულის აღვსება შეუძლია. თითოეული ჩვენგანი, ვინც არ უნდა ვიყოთ, განურჩევლად ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობისა, უფალი მხსნელად გვევლინება, ღმერთს ვუყვარვართ, ცოდვებს მოგვიტევებს, ბრძოლის ძალით აღგვავსებს და ჭრილობებს გვიშუშებს, ამიტომაც ეკლესიამ, თუკი მას ღვთის წიაღში ყოფნაზე აქვს პრეტენზია, ფართოდ უნდა გაუღოს თავისი კარი თითოეულ ადამიანს და ისეთებად მიიღოს ისინი, როგორებიც არიან. ეკლესიამ უნდა გააცნობიეროს, რომ დევნილი და მოძულებული ადამიანების, პირველ რიგში, ფიზიკური გადარჩენაა მისი ვალი, ხოლო კარის გაღება, მათი სატკივარის მოსმენა და ვარამის გაზიარება არის ის სულიერი მალამო, რომლის გაცემის ვალდებულება მას აკისრია, რადგან სწორედ ეს არის ის, რაც ეკლესიით უფლის წიაღში გვაბრუნებს. როდესაც ეკლესია გაიაზრებს და განახორციელებს თავის უპირველეს მოვალეობას, რომელიც მან ეკლესიად შედგომით მოყვასისა და ღვთის წინაშე აიღო, შემდეგ უკვე შეიძლება სასულიერო პირების დასხდომა და იმ ეგზეგეტიკური საკითხების ჯეროვანი განხილვა, რომელზეც ამ ესსეში ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ.

უფალმა დაგვიხსნას ჩვენი უმეცრებისაგან, სიბრძნე შეგვძინოს და სიცოცხლის სიყვარულითა და ნებით აღგვავსოს, რათა ერთ დღესაც, ყველამ ერთად, სიყვარულის გამარჯვება ვიზეიმოთ. ამინ.

მონტევერჯინეს ღვთისმშობელი – ერთნაირსქესიან წყვილთა მფარველი მარიამი

თომა ლიპარტიანი – ეპისკოპალური/ანგლიკანური ეკლესიის ღვთისმსახური:

ორი წლის წინ პირველად გავიგე, რომ მონტევერჯინეს ღვთისმშობელი ქვიარი ადამიანებისა და განსაკუთრებით, ერთნაირსქესიანი წყვილების მფარველად ითვლება. მახსოვს, დიდი ინტერესით მოვეკიდე ამ ფაქტს და მაშინვე განვიზრახე, რომ ამის შესახებ ქართველი მკითხველისთვისაც მიმეწვდინა ხმა, რადგან წმინდა მარიამისადმი მოწიწება საქართველოს მოსახლეობაშიც საკმაოდ ფესვგადგმულია.

სოფელი მონტევერჯინე იტალიაში, კამპანიანის რეგიონში მდებარეობს, რომელიც იტალიელი მორწმუნეებისათვის (და არა მხოლოდ მათთვის) პილიგრიმობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ამ ადგილზე VII საუკუნეში წმინდა მარიამისადმი მიძღვნილი სამლოცველო აიგო, 1119 წელს კი აქ ნავსაყუდელი დაიდო განდეგილმა ბერმა (შემდგომში წმინდანად შერაცხულმა) – წმინდა უილიამ მონტევერჯინელმა, რომელმაც იქვე ახლოს, მთებში, მონასტერი ააგო.

უილიამის სიწმიდის შესახებ ხმა გავრცელდა, რის გამოც მრავალი შეუერთდა მას მონასტრულ ცხოვრებაში. 1126 წელს მათ წმინდა მარიამის სახელზე ეკლესია ააგეს, რომელიც დღეს მომლოცველების საყვარელი ადგილია. აქვე არის წმინდა მარიამის ხატის საწმიდარი, რომელსაც მორწმუნეები განსაკუთრებულ სასწაულმოქმედ ძალასაც მიაწერენ.

ეკლესიის ისტორია ინახავს სასწაულს, რომელიც 1256 წელს მოხდა და რომლის დროსაც მონტევერჯინეს ღვთისმშობელმა ჰომოფობიური ბრბოსაგან სასიკვდილოდ განწირული გეი წყვილი სიკვდილისაგან იხსნა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

ორი ახალგაზრდა კაცი ერთმანეთისადმი იმდენად ძლიერ სიყვარულს განიცდიდა, რომ მათი ურთიერთობისა და გრძნობის გარშემომყოფთათვის დამალვა შეუძლებელი იყო. 1256 წლის ზამთრის ცივ და პირქუშ დღეს, როცა ისინი ეკლესიისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდნენ ღვთისმსახურებაზე დასასწრებად, ერთმანეთს ტრფობით შეეხნენ და აკოცეს კიდეც. ამის მხილველმა გაბრაზებულმა ბრბომ ისინი გააშიშვლა და სცემა. ნაცემი შეყვარებულები მთა პარტენიოს ტყეში წაიყვანეს, სადაც მონტევერჯინეს ღვთისმშობლის სამლოცველო მდებარეობს, იქ კი წყვილი გამხმარ ხეზე მიაბეს (ზოგიერთი წყაროს თანახმად, ისინი თოვლისა და ყინულის მასაში ჩაფლეს). ამის შემდეგ ბრბომ იქაურობა იმ იმედით დატოვა, რომ შეყვარებულ წყვილს ან მგლები შეჭამდნენ, ან ყინვისაგან დაიღუპებოდნენ. ლეგენდა გვეუბნება, რომ ამ ფაქტით მონტევერჯინეს ღვთისმშობელი შეიძრა, ამიტომაც მზის სიკაშკაშე და სითბო მიუვლინა მათ – ყინული დადნა, მათი გაყინული სხეულები გათბა, ხოლო ისინი სასწაულებრივად გათავისუფლდნენ თოკებისგან, რომლითაც ხეზე იყვნენ მიბმული.

თურმე, ამ სასწაულით გაოცებული ბრბო აღარ შეეწინააღმდეგა წმინდა მარიამის ნებას და გეი წყვილს სიყვარულის საჯაროდ გამოხატვის უფლება მისცა. ეს სასწაული მოწმობს, თუ როგორ გადაარჩინა ღვთისმშობელმა გეი წყვილი, როგორ ღირსყო მათი სიყვარული, ჰომოფობი ბრბოს გული კი მიმღებელი გახადა.

2 თებერვალს მომლოცველები მონტევერჯინეს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ მსვლელობას აწყობენ, რომელშიც ლგბტქ მორწმუნე ქრისტიანებიც მონაწილეობენ. ყოველი წლის ამ დღეს, მონტევერჯინეს მონასტერი იქცევა ადგილად, სადაც მორწმუნე ადამიანები, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა, ერთად ზეიმობენ და იხსენებენ ღვთისმშობლის კეთილ სასწაულს, რომელმაც არა მარტო გეი წყვილი იხსნა სიკვდილისაგან, არამედ ჰომოფობი ადამიანებიც ტოლერანტულებად და მიმღებლებად აქცია, რაც ასე ძალიან სჭირდება თანამედროვე საზოგადოებასაც.

ლოცვა მონტევერჯინეს ღვთისმშობლისადმი:

ჰოი მარიამ, დედაო ჩვენო. როგორც მონტევერჯინეში შენი სასწაულით აჩვენე  სიყვარულისა და შემწეობის უსაზღვრობა, დაე, ახლაც შთააგონე ადამიანებს, დაივიწყონ სიძულვილი და ისწავლონ სიყვარული ყველას მიმართ. წმინდაო მარიამ, ილოცე ჩვენთვის აწ და ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა. ამენ.

მაინც მგონია, რომ მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება — სალომე ასათიანი

/

ყოველი თქვენი ზიზღიანი ფრაზის უკან დგას პატარა ბიჭი, რომელსაც “არასაკმარისად კაცური” ქცევების და ბუნების გამო ახლაც, ამ წუთებშიც დასცინიან და თავში წამოარტყამენ – მამა, ძმები, კლასელები და უბნელები. ყოველი თქვენი “ეგენი გარეთ ვერ გამოვლენ” შხამად ეღვრება პატარა გოგოს, რომელიც გრძნობს, რომ განსხვავებულია და ფიქრობს, რომ “რაღაც ჭირს”.

ამ სიძულვილის მორევის უკან დგას ბევრი ადამიანი, რომლებსაც ღირსეული და ბედნიერი კი არა, ჩვეულებრივი, ორდინარული, ტრივიალური ცხოვრების საშუალებას არ ვაძლევთ. რომლებსაც ხშირად საკუთარი მშობლები ჩაგრავენ, ძალადობენ ან “მკურნალობენ”, რომლებიც საყვარელ ადამიანთან ერთად საჯაროდ ვერ ჩნდებიან, რომლებსაც მრავალწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად არანაირი უფლებები არ აქვთ, როგორც წყვილს.

არაადამიანობა და სისასტიკეა ეს სიძულვილი, რა უფლებით ვუშლით საჯაროდ გამოსვლას ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ საზოგადოებისთვის რაღაც აქვთ სათქმელი. რამდენი სიძულვილიც უნდა ანთხიოთ, რეალობა არ შეიცვლება და ადამიანის ბუნება და სექსუალობაც იდუმალი და კომპლექსური იქნება. კი, კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი, და ქალს შეიძლება უყვარდეს ქალი, ეს ასეა და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის.

მე მაინც მგონია, რომ მოვა დრო და ეს სიძულვილი სამარცხვინო გახდება. ტრაგიკული ისაა, რომ ეს პროცესი კიდევ ბევრი კარგი ადამიანის ცხოვრებას, ბედნიერებას, ფსიქიკას და სხეულს დაასვამს ტკივილიან დაღს. და რის გამო? მხოლოდ იმის, რომ მათ პატივცემული უმრავლესობისგან განსხვავებულად უყვართ. აი ამ აბსურდში ვიწამლებით წლებია.

ლევან ბერძენიშვილი 17 მაისის შესახებ

/

(ლევან ბერძენიშვილი – ფილოლოგი, პოლიტიკოსი, რესპუბლიკური პარტიის დამაარსებელი)

უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ეს გახლავთ განათლების საკითხი.კანტმა გვასწავლა, რომ გაუნათლებლობა პირადად ჩვენი ბრალია, ჩვენი შიშებისა და მათთან გამკლავების უუნარობის ბრალი.

ვინაა დამნაშავე, რომ ჩვენი მოსახლეობა, საზოგადოება არ აღმოჩნდა იმ დონეზე, რომ 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიან დემონსტრანტებზე დარბევა არ დაეშვა ან, რომ არ სთხოვს ხელისუფლებას უმცირესობების უფლებების დაცვას? სწორედ საზოგადოების ბრალია, რომ ის გაუნათლებელია. ამაში ჩვენ ვერავის დავადანაშაულებთ, – ვერც მეზობლებს, ვერც მშობლებს, ვერც სკოლას, ვერც ქუჩას, ვერც კომკავშირს და ვერც პარტიებს.

უმცირესობა უნდა იყოს დაცული – ამით უნდა იწყებოდეს სწავლა და არა „აი ია“-თი.

ამას ეშველება, რადგან მოდის ახალგაზრდობა, რომელსაც სხვა მოსაზრებები აქვს. მე, როგორც ლექტორი, გეტყვით, რომ სიბნელის პიკი 2006 წელს იყო. ეს გამოღვიძება ნელ-ნელა მოხდება, მაგრამ მანამდე საჭიროა, საზოგადოებამ საქართველოს მთავრობას მოსთხოვოს უმცირესობების დაცვა არსებული კანონების მიხედვით.

მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები თვითონ შინაგანად არ ეთანხმებიან იმ თავიანთ მიღებულ კანონებს, რადგან თავად არიან გაუნათლებლები. საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო 111 ხმით ნულის წინააღმდეგ. ეს ფარისევლობა იყო, რეალურად ამ კანონს მხარს უჭერდა მხოლოდ 11 ადამიანი. პარლამენტის წევრი, ბატონი შალვა შავგულიძე ხმამაღლა იბრძოდა – ითხოვდა კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების დამატებას. მისნაირ ბნელ პოზიციაზე ყველა პარტიაში მოიძებნება ბევრი ადამიანი. გასაკვირი არც არის, როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტში სიბნელეა.

მაგალითად, თქვენ რომ დაუსვათ კითხვები ირაკლი ღარიბაშვილს, ვერ მიიღებთ იმ პასუხებს, რომლებიც ევროპელ ლიდერებს შეეფერებათ, მიუხედავად იმისა, რომ მას დიპლომი აქვს, სიბნელის თვალსაზრისით ვერ ვხედავ განსხვავებას ღარიბაშვილსა და ვასაძეს შორის. ქვეყანაში პრემიერი უვიცია, პრეზიდენტი უვიცია, პატრიარქია უვიცი, პარლამენტის თავმჯდომარე – უვიცი. ამ მიმართულებით ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ახალი მოლაპარაკებების შედეგად, ადამიანის უფლებათა კომიტეტი უნდა გადავიდეს ოპოზიციის ხელში და მე დარწმუნებული ვარ ოპოზიციის ხელშიც იგივე პრობლემები იქნება. აქ საქმე ასე მარტივად არ არის.

როდესაც შსს ლგბტქი ადამიანებს გეუბნებათ – „მე თქვენ ვერ დაგიცავთ, რადგან ისინი (ულტრამემარჯვენე ჯგუფები) მხეცები არიან“, – მათი ეს პასუხიც ფარისევლურია. ხელისუფლება არც აპირებს მათი ქმედებების აღკვეთას, რადგან თავად აფინანსებს მათ და როცა უნდა და სჭირდება, იყენებს. სინამდვილეში არანაირი ულტრამემარჯვენე ძალები არ არსებობს – ეს არის ცენტრალური ძალები, სახელისუფლებო ძალები.

მე ვერ გეტყვით, რომ ახლო მომავალში ხელისუფლებაში მოვა ისეთი ძალა, რომელიც გულწრფელად იქნება უმცირესობების დამცველი. თუმცა პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს ვითარება აიძულებთ, სხვანაირად მოიქცნენ. ამას დასავლეთთან უფრო მეტი სიახლოვეც გამოიწვევს. ზოგადად კი, უმცირესობების დამცველები უმცირესობაში არიან.

რაც შეეხება 17 მაისს დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეს, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, ყველაზე უფრო გაუნათლებელი ფიგურაა საქართველოს ეკლესიის მესაჭე. ოჯახის სიწმინდეზე ლაპარაკობს და თავის ოჯახში ვერ მოუგვარებია, საპატრიარქოს წარმომადგენლები ერთმანეთზეც ძალადობენ, ერთმანეთს ხელით ეხებიან, დედას აგინებენ. რელიგია დიდი ხანია მოკვდა. მეცხრამეტე საუკუნიდან მკვდარი ორგანო გველაპარაკება. ეს ჩემი პირადი აზრია, რა თქმა უნდა, სხვას შეუძლია, სხვა აზრი ჰქონდეს. მათ უფლება აქვთ, იყვნენ რელიგიურები, როგორც უნდათ, ისე იფიქრონ, მაგრამ ძალადობის უფლება არ აქვთ. ჩვენ ხომ არ ვთხოვთ, შეგვიყვარონ; ამ საზოგადოებაში ვასაძის ადგილიცაა, ამ სულელის, რომელსაც ეშინია, პროპაგანდის გამო არ დაკარგოს მამაკაცობა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ დავუშლით ვერც ვასაძეს, ვერც საპატრიარქოს, როცა უნდა, რომელ დღესაც უნდა, რაც უნდა, ის დანიშნონ და აღნიშნონ, თუ კანონს დაიცავენ და მშვიდობიანად შეიკრიბებიან. ამავდროულად, ლგბტქი თემს უნდა ჰქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება, არავინ უნდა უშლიდეს ამაში ხელს. ამისთვის ჯერ საბრძოლველი გვაქვს და მე ვიბრძვი ჩემს სტუდენტებთან ერთად – სამ სასწავლებელში ვასწავლი და ყველგან ამ საკითხს ღიად ვაყენებ. ნებისმიერ საკითხს, ზოგადად ეს ეხება ეკლესიას თუ უმცირესობებს, უნდა გაეცეს პასუხი. ადამიანი უმთავრესი ღირებულებაა.

დარწმუნებული ვარ, ვასაძეები და ასეთი ძალები ისევ გამოჩნდებიან, როგორც კი იქნება პრაიდის ჩატარების მცდელობა. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ პრაიდის ჩატარებით დაინტერესებული პირები მუდმივად უნდა ატარებდნენ ამ ღონისძიებას. თუ დარბევაა, იყოს დარბევა, უნდა დავღალოთ თავიანთ ძალადობაში. საზოგადოებას მოუწევს ამის ატანა. უნდა აგვიტანონ სხვადასხვა უმცირესობები. მე ვარ ლიბერალიზმის მომხრე და ვარ უმცირესობაში. უმცირესობაშია ლიბერალიზმი ყველა ქვეყანაში, ინგლისშიც არიან ჰომოფობები და საფრანგეთშიც.

გახსნილობა და ლაპარაკია საჭირო. ფაქტობრივად მოწამეობრივ გზაზეა საუბარი, რადგან თავის დროზე რელიგიაც, რომელიც ახლა ასე საშიშია, იმავე დღეში იყო. რელიგიური ადამიანები დევნის მიუხედავად ცდილობდნენ, არ დამალულიყვნენ, არ დაემალათ საკუთარი იდენტობა. დამალული იდენტობა არის საშიში, რადგან არაფერს იძლევა. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, არ უნდა გვრცხვენოდეს, მაგრამ მესმის, რომ ეს ადვილი არ არის.

ასევე საჭიროა მეტი სოლიდარობა. თბილისი, რომელსაც ნაკლებად უჭირს ამ მხრივ, უნდა ეხმარებოდეს რეგიონებს. საერთოდ დიდი პროექტები და ამბები არის ცენტრისთვის. გასაგებია, რომ ადამიანი რეგიონში ვერ გრძნობს თავს დაცულად. ჩვენ განათლება რეგიონებში უფრო მეტად უნდა ჩაგვქონდეს, ვუხსნიდეთ, რომ ეს ყველამ გამოიარა. რეგიონებს სჭირდება მეტი დახმარება, იქ მცხოვრებ ლგბტ თემის წევრებს მეტი –მხარდაჭერა. უნდა ვუთხრათ, რომ მათ გვერდით ვდგავართ.ჰომოფობებს უყვართ ტაბურეტკებით ბრძოლა, ჩვენ არგუმენტებით უნდა ვაჯობოთ, რადგან არგუმენტებით უსუსურები არიან.

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

/

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა?

ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი იდენტობის პოლიტიკისა და ქვიარ პოლიტიკის შეპირისპირებაა. ორივე სახის სტრატეგიას საკმაოდ ძლიერი და მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ისტორია აქვს. მიუხედავად ამისა, საქართველოს კონტექსტში, სადაც აქტივისტებსაც ხშირად არაკოოპერაციულ და აგრესიული კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა, ჩნდება შესაძლებლობები, რომ აღნიშნული სტრატეგიული მიდგომები რადიკალიზდეს და პოლარიზაციის კიდევ ერთ ღერძად იქცეს. მოცემული სტატია მიზნად ისახავს, განმარტოს და შეადაროს ერთმანეთთან „იდენტობის პოლიტიკა“ და „ქვიარ პოლიტიკა“, წარმოაჩინოს თითოეული მათგანის „ძლიერი მხარეები“ ანუ პოზიტიური მახასიათებლები, ისევე როგორც, მათი თანმხლები რისკები. გარდა ამისა, სტატიაში ვეცდები ვუპასუხო კითხვებს: ა) როგორ ხდება პრაქტიკაში ამ მიდგომების ერთმანეთთან შეთავსება; ბ) როგორი შეიძლება იყოს ამ მიდგომებს შორის სასურველი ურთიერთმიმართება.

მეთოდოლოგია

ამ სტატიაზე მუშაობისას, ერთი მხრივ, ვეყრდნობი თეორიულ ტექსტებს, კერძოდ, იდენტობის პოლიტიკის თეორიას და ქვიარ თეორიას. მეორე მხრივ, ჩემი ანალიზი ასევე ეფუძნება სათემო ცხოვრებაში ჩართულობის გამოცდილებებსა და შესაბამის დაკვირვებებს. ამ კონტექსტში ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტივისტური ჯგუფების კულტურა და პოლიტიკა, ვინაიდან ეს ჯგუფები „თემის ლიდერების“ პოზიციაში გვევლინებიან და სხვადასხვა მიდგომისა და სტრატეგიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.

 როგორ გვესმის „იდენტობა“ და „ქვიარი?“

პირველ რიგში, განვმარტავ იმ მნიშვნელობებს, რომელიც „იდენტობას“ და „ქვიარს“ ენიჭება. „იდენტობა“ აღნიშნავს სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობას, რომელთანაც ინდივიდს საერთო გამოცდილებები აერთიანებს. თუმცა იდენტობის პოლიტიკის შემთხვევაში, ეს ვერ იქნება ნებისმიერი სოციალური ჯგუფი; თეორიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ეს ჩაგრული სოციალური ჯგუფია. ჩაგრულ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ ისინი, ვინც არ შეესაბამება კულტურულად დომინანტურ ნორმებს და ჯგუფის წევრობის საფუძველზე სტრუქტურულ და სისტემურ ჩაგვრას ექვემდებარება. გლობალურად, კულტურულად დომინანტური ნორმა თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი, ჯანმრთელი სხეულის მქონე კაცია. შესაბამისად, მაგალითად, ქალები, ლგბტქ თემი, არათეთრკანიანები, შშმ პირები ჩაგრულ სოციალურ ჯგუფებს წარმოადგენენ. თითოეულ ამ ჯგუფს შეუძლია იდენტობის პოლიტიკის სუბიექტი გახდეს. იდენტობის პოლიტიკა მიზნად ისახავს არა უბრალოდ „განსხვავების“ აღნიშვნას, არამედ იმ მჩაგვრელი პირობების ცვლილებას, რომელშიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფები იმყოფებიან.

„იდენტობა“ აღნიშნავს ჩაგრულ სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნებულობას, ამის საფუძველზე თვითგანსაზღვრას და ამის პოლიტიზაციას. ამგვარი იდენტობის პოლიტიკა მიზნად ისახავს არა უბრალოდ „განსხვავების“ აღნიშვნას, არამედ მჩაგვრელი პირობების ტრანსფორმაციას (ზერილი 2016).

იდენტობის პოლიტიკური ფორმაციები, როგორც წესი, მიზნად ისახავს კონკრეტული მარგინალიზებული ჯგუფის პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფას. ამ ჯგუფის წევრები თავისი გასხვავებულობის გააზრებას განამტკიცებენ, რითიც უპირისპირდებიან დომინანტურ განსაზღვრებებს და მიზნად ისახავენ თვითგანსაზღვრას (ჰეიესი 2020).

როგორც აღვნიშნეთ, ლგბტქ (ან ქვიარ) თემი ერთ-ერთი ჩაგრული სოციალური ჯგუფია, შესაბამისად, მას შეიძლება ჰქონდეს თავისი იდენტობის პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრის გადალახვას და თემის წევრების ემანსიპაციას ესწრაფვის. თუმცა მეორე მხრივ, ქვიარ თეორიტიკოსები გვთავაზობენ „ქვიარობის“ განსაზღვრას როგორც არა უბრალოდ განსხვავებული ჯგუფის წევრობად, არამედ პოლიტიკურ და ფილოსოფიურ პერსპექტივად. ამ კონტექსტში ქვიარობა განსაკუთრებული სოციალური პოზიციაა, რომელიც შესაძლებელს ხდის არსებული სისტემის მრავალმხრივი და ფუნდამენტური უსამართლობის დანახვას. სოციალური ჯგუფების ჩაგვრის ხარისხი და მასშტაბი განსხვავებულია, მარტივად რომ ვთქვათ, ზოგი მეტად ჩაგრულია, ზოგი ნაკლებად. ზოგიერთი ჯგუფი შესაძლებელია მარტივად ასიმილირდეს სისტემაში რამდენიმე „სისტემური ხარვეზის“ გასწორების შემდეგ, ამიტომ იდენტობის პოლიტიკა ზოგჯერ რეფორმატორულ და ასიმილაციონისტურ პოლიტიკასთან ასოცირდება. „ქვიარობის“ შესაძლო დაპირისპირება „იდენტობის პოლიტიკასთან“ იქიდან მომდინარეობს, რომ ქვიარობა გააზრებულია ანტისისტემურობად და შესაბამისად, ქვიარ პოლიტიკა არა სისტემის კორექტირებას, არამედ მის ფუნდამენტურ გარდაქმნას ესწრაფვის.

ყოველმა ინდივიდმა, რომელიც მიდის ქვიარად თვითიდენტიფიკაციამდე, იცის, რომ მისი სტიგმატიზაცია განპირობებულია გენდერით, ოჯახით, ინდივიდუალური თავისუფლების ცნებებით, სახელმწიფოთი, საჯარო გამოსვლებით, მომხმარებლობითა და სურვილით, ბუნებითა და კულტურით, მომწიფებით, რეპროდუქციული პოლიტიკით, რასობრივი და ნაციონალური ფანტაზიით, კლასობრივი იდენტობით, სიმართლითა და ნდობით, ცენზურით, ინტიმური ცხოვრებითა და სოციალური დემონსტრაციით, ტერორითა და ძალადობით, ჯანდაცვით, სხეულის ფლობის ღრმა კულტურული ნორმებით. ქვიარად ყოფნა ამ თემებთან მუდმივ, თუმცა ყოველთვის შედეგიან ბრძოლას გულისხმობს, ლოკალურად და თანდათან (მაიკლ უორნერი, “ქვიარ პლანეტის შიში”).

იდენტობის პოლიტიკა და ქვიარ პოლიტიკა: ძირითადი მახასიათებლები და თანმხლები რისკები

შეგვიძლია გამოვყოთ იდენტობის პოლიტიკისა და ქვიარ პოლიტიკის რამდენიმე პოზიტიური მახასიათებელი და თანმხლები რისკები.

როგორც აღინიშნა, იდენტობის პოლიტიკისთვის დამახასიათებელია ჯგუფის განსხვავებულობის ხაზგასმა, ამის საფუძველზე კი შესაძლებელი ხდება ჯგუფის თვითგანსაზღვრა და უფლებებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, იდენტობის პოლიტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეპრეზენტაციას. ჯგუფის – ამ შემთხვევაში, ქვიარ თემის – წევრი წარმოგვიდგება სპეციფიკური იდენტობის მატარებლად, ის საუბრობს ან მოქმედებს ჯგუფის სახელით და ჯგუფის რეპრეზენტაციისთვის. ლგბტქ იდენტობის პოლიტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია „ქამინგ აუთი“ (გამოსვლა) და ხილვადობის პოლიტიკა. ქვიარ თემი, სხვა სოციალური ჯგუფებისგან განსხვავებით, „ფარული“ სოციალური ჯგუფია, სწორედ ამიტომ მის წევრებს სხვადასხვა სოციალურ წრესა და კონტექსტში „ქამინგ აუთი“ ესაჭიროებათ. „ქამინგ აუთს“ ინდივიდისთვის სხვადასხვა პირადული და პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. იდენტობის პოლიტიკის კონტექსტში „ქამინგ აუთი“ არის განსხვავების აღიარებისა და უფლებებისთვის ბრძოლის საფუძველი და წინგადადგმული ნაბიჯი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვიარ თემს არ შეუძლია, აწარმოოს იდენტობის პოლიტიკა „ქამინგ აუთების“ და ხილვადობის პოლიტიკის გარეშე.[1] იდენტობის პოლიტიკის ნაწილია ასევე ჯგუფისთვის მნიშვნელოვან უფლებებზე – ლგბტქ უფლებებზე – მუშაობა და კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილებების ადვოკატირება. ლგბტ უფლებები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დისკრიმინაციის აღმოფხვრა, გენდერის სამართლებრივი აღიარება, ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა და სხვა.

იდენტობის პოლიტიკის აღნიშნულ პოზიტიურ მახასიათებლებთან ერთად შეგვიძლია განვიხილოთ შესაბამისი რისკებიც. მაგალითად, ფოკუსი ჯგუფის განსხვავებულობაზე ქმნის რისკს, რომ ჯგუფი ჩაიკეტება საკუთარ თავში და მოახდენს სხვა სოციალური ჯგუფების იგნორირებას. რეპრეზენტაცია და ხილვადობის პოლიტიკა ახალისებს მომხმარებლურ კულტურას და ზრდის ჯგუფის დამოკიდებულებას მედიაზე. რეპრეზენტაციის, განსხვავების გამოკვეთის და თვითგამოხატვისთვის ჯგუფს ესაჭიროება გარკვეული სივრცეები და პროდუქტები, სწორედ ამიტომ, ის ზრდის მოხმარებას. ხილვადობის პოლიტიკაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის გამოჩენას სხვადასხვა სივრცეში, მათ შორის, მედია-საშუალებების გამოყენებით, რაც ქმნის რისკს, რომ ჯგუფი მეტისმეტად გახდება დამოკიდებული მედიაზე, რომელიც მისთვის გარეშე აქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, ჰომოფობიურ საზოგადოებებში „ქამინგ აუთი“ და ხილვადობის პოლიტიკის აქტივობები სარისკო ქცევაა. „ქამინგ აუთმა“ შესაძლოა თემის წევრები მოწყვლადი გახადოს ძალადობისა და ექსკლუზიის მიმართ. დაბოლოს, ჯგუფის უფლებებისთვის ბრძოლამ და შესაბამისმა მუშაობამ შესაძლოა ჩაგვრების კომპლექსურობისა და ინტერსექციის (გადაკვეთის) უგულებელყოფა გამოიწვიოს – იდენტობის პოლიტიკის სტრატეგია პოტენციურად შეიძლება ადამიანის უფლებების ვიწრო ჩარჩოში ჩაიკეტოს.

რაც შეეხება ქვიარ პოლიტიკას და მის პოზიტიურ მახასიათებლებს: შეიძლება ითქვას, რომ ქვიარ პოლიტიკას ახასიათებს არა უბრალოდ ჯგუფის კონკრეტული უფლებებისთვის, არამედ სისტემის ფუნდამენტური ტრანსფორმაციისთვისბრძოლა; ამავდროულად, ქვიარ პერსპექტივა უფრო თვითკრიტიკულია და სვამს ისეთ კითხვებს, როგორიცაა: „საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის პროცესში სხვას ხომ არ ვაზიანებ?“ ქვიარ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფენომენია აფექტი. აფექტის თეორია „აფექტს“ სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებს, თუმცა ამ შემთხვევაში, „აფექტში“ მოვიაზრებ გაუცნობიერებელი სხეულებრივი შეგრძნებებისა და გაცნობიერებული ემოციების ერთობლიობას. რეპრეზენტაციისგან განსხვავებით, სადაც მოვლენების აღქმა ვიზუალურად ან სმენით ხდება, აფექტის ველში მნიშვნელობა ენიჭება აღქმას შეგრძნებების და ემოციების საშუალებით, შეხებას, მოძრაობას და ა.შ.[2] გარდა ამისა, ქვიარ პოლიტიკისთვის დამახასიათებელია ინტერსექციური მიდგომა და სწრაფვა კოალიციური მუშაობისკენ. ინტერსექციურობა ითვალისწინებს ჩაგვრების მრავალფეროვნებას, მათ შესაძლო გადაკვეთებს და გადაკვეთების შედეგად შექმნილ სპეციფიკურ პირობებს. ინტერსექციური მიდგომა ასევე განაპირობებს სენსიტიურობას სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მჩაგვრელი პირობებისა და შესაბამისი ბრძოლების მიმართ. ეს მიდგომა საფუძველს უქმნის იმგვარ ნორმატიულობას, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ ერთმანეთის ჩაგვრას აღიარებისა და ურთიერთსოლიდარული ქმედებებისკენ არის მოწოდებული. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, თუ ვიტყვით, რომ ქვიარ პოლიტიკა არ შემოიფარგლება ლგბტქ უფლებებისთვის ბრძოლით და მოიცავს სხვადასხვა მიზნებისთვის მუშაობას ან მხარდაჭერას, როგორიცაა მაგალითად, ქალთა უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და სხვა.

ქვიარ პოლიტიკას თავისი თანმხლები რისკებიც აქვს. მაგალითად, სისტემის ფუნდამენტური გარდაქმნის სურვილი ინდივიდებს რთული გამოწვევების წინაშე აყენებს, ხოლო თვითკრიტიკული მიდგომები ანელებს და აფერხებს გარკვეულ ეფექტიან ქმედებებს. ყოველივე ამან შესაძლოა იმედგაცრუება, აპათია და ნიჰილიზმი გამოიწვიოს. ქვიარ პოლიტიკის აქცენტი აფექტსა და ემოციაზე შეიცავს რისკს, რომ გამრავლდება ნეგატიური აფექტი, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ემოციურ „გადაწვას“ და აპათიის კიდევ ერთ საფუძვლად იქცევა. ინტერსექციური მიდგომისა თუ კოალიციური მუშაობის მეთოდის გამოყენებისას ქვიარ პოლიტიკა შეიძლება მეტისმეტად დისტანცირდეს „ქამინგ აუთისგან“ და სხვადასხვა მიზნისთვის „არახილვადად“ მუშაობას მიანიჭოს უპირატესობა. ამ ტენდენციის თანმხლები რისკი კარიერიზმი და ნეოლიბერალური სუბიექტურობის წინწამოწევაა – ამ კონტექსტში ინდივიდი ჰომოფობიური საზოგადოებისთვის საძულველ ლგბტქ იდენტობებს/თემს ემიჯნება და მნიშვნელობას ანიჭებს მხოლოდ პირად კარიერულ წინსვლასა და „წარმატებას“. დაბოლოს, ბევრი სხვადასხვა მიზნისთვის ერთდროულად მუშაობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ეგოცენტრული პერსპექტივის ჩამოყალიბებას, რომელიც საკუთარი განსაკუთრებულობის შეგრძნებას ეფუძნება. აქ თანმხლები რისკია პარანოიაც – ის, რასაც ქვიარ თეორიტიკოსი ივ კოსოვსკი სეჯვიკი „პარანოიდულ წაკითხვას“ უწოდებს; პარანოიდული ხედვით, მხოლოდ „ნამდვილმა ქვიარებმა“ იციან რა არის სწორი, ყველა გარეშე აქტორი კი (მათ შორის, პოტენციური მხარდამჭერები) წარმოდგენილია საშიშ ძალად, რომელიც ქვიარებს სწორი გზიდან ააცდენს ან ქვიარ პოლიტიკას ბოროტად გამოიყენებს. პარანოიდული ჩიხიდან ვერგამოსვლის შემთხვევაში ქვიარ პოლიტიკა თვითდესტრუქციული ხდება.

იდენტობის პოლიტიკა და ქვიარ პოლიტიკა: სასურველი ურთიერთმიმართება

როგორც ვხედავთ, ორივე მიდგომას გააჩნია თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ კონტექსტში სუბიექტების იმგვარი პოლარიზაცია, რომელიც ერთი რომელიმე მიდგომის ცალსახა უპირატესობას ამტკიცებს, არარელევანტურია და შესაძლოა, განხილული რისკების ხორცშესხმის კიდევ ერთ ფორმად განვიხილოთ. შესაბამისად, მოცემულ სტატიაში არ ვინტერესდები იმით, თუ რომელი მიდგომაა უპირატესი, არამედ ვსვამ შემდეგ კითხვებს: ა) როგორ ხდება პრაქტიკაში ამ მიდგომების ერთმანეთთან შეთავსება? ბ) როგორი შეიძლება იყოს ამ მიდგომებს შორის სასურველი ურთიერთმიმართება?

საქართველოში უკვე რამდენიმე ქვიარ ორგანიზაციაა. შეიძლება ითქვას, რომ ზოგი მათგანი უფრო იდენტობის პოლიტიკის სტრატეგიით მუშაობს, ზოგი კი – ქვიარ პოლიტიკის სტრატეგიით. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, თითოეული ორგანიზაციის მუშაობაში იკვეთება იდენტობის პოლიტიკისა და ქვიარ პოლიტიკის ერთგვარი სინთეზი. მაგალითად, ყველა არსებული ორგანიზაცია რაიმე ფორმით ჩართულია ლგბტქ უფლებების ადვოკატირებაში ან/და ლგბტქ საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. მეორე მხრივ, ვფიქრობ, ყველა ორგანიზაცია იზიარებს ინტერსექციურ მიდგომას და სხვადასხვა ფორმით მუშაობს სოციალურ ჯგუფებს შორის სოლიდარობის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციებისა და აქტივისტების აქტივობები არ არის დაცლილი არც იდენტობის პოლიტიკისა და არც ქვიარ პოლიტიკის მახასიათებლებისგან.

იმ შემთხვევაში, თუ უარს ვამბობთ იდენტობის პოლიტიკისა და ქვიარ პოლიტიკის რადიკალურ შეპირისპირებაზე, ლოგიკურია, ისინი განვიხილოთ ურთიერთშემავსებელ ან/და ურთიერთდამაბალანსებელ მიდგომებად. სასურველია, ორივე მიდგომის ძლიერი მხარეების წინწამოწევა გამოყენებული იქნას იმ თანმხლები რისკების გასანეიტრალებლად, რომელიც მეორე მიდგომას ახასიათებს. ამას ხელს შეუწყობს როგორც რისკების აღიარება და მათი მონიტორინგი, ასევე აქტივისტურ ჯგუფებს შორის მეტად კოოპერაციული მიდგომისა და მუშაობის ჩამოყალიბება.

 

ბიბლიოგრაფია

 თბილისი პრაიდი. 2020. „ხილვადობის პოლიტიკა – დისკუსიების სერია.“ https://www.facebook.com/watch/?v=2954006818060190

პუარი, ჯასბირ. „ქვიარ დრო, ქვიარ კრებულები.“ https://platforma.ge/?p=2948

სოზაშვილი, თამაზ. 2020. „აქტივისტური პერსპექტივა: გამოცდილება, ბრძოლა და დებატები ბრძოლის სტრატეგიებზე.“ https://tbilisipride.ge/ka-GE/News/Details/57

უორნერი, მაიკლ. „შესავალი: ქვიარ პლანეტის შიში.“ http://www.equality.ge/2660

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. 2020. ქვიარ გრძნობები – თარგმანების კრებული. https://ge.boell.org/ka/2021/01/21/kviar-grdznobebi

 Heyes, Cressida. 2020. “Identity Politics.” The Stanford Encyclopedia of Philosophy, ed. Edward N. Zalta. https://plato.stanford.edu/archives/fall2020/entries/identity-politics/

 Sedgwick, Eve Kosofsky. 2003. “Paranoid Reading and Reparative Reading, or, You’re so Paranoid, You Probably Think this Essay is about You.” In Touching Feeling: Affect, Pedagogy, Perfomativity. Durham: Duke University Press.

Zerilli, Linda M.G. 2016. “Politics.” In The Oxford Handbook of Feminist Theory, eds. Lisa Disch and Mary Hawkesworth, 631-650. New York: Oxford University Press.

სტატიის ავტორი აია ბერაია

გენდერის მკვლევარი, ლგბტ აქტივისტი, თბილისი პრაიდის წევრი

[1] ქართულ კონტექსტში ხილვადობის პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული დისკუსია: https://www.facebook.com/watch/?v=2954006818060190; ასევე, აქტივისტ თამაზ სოზაშვილის სტატია „აქტივისტური პერსპექტივა: გამოცდილება, ბრძოლა და დებატები ბრძოლის სტრატეგიებზე,“ https://tbilisipride.ge/ka-GE/News/Details/57

[2] აფექტის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჯასბირ პუარის სტატიაში „ქვიარ დრო, ქვიარ კრებულები,“ https://platforma.ge/?p=2948; ასევე, კრებულში „ქვიარ გრძნობები,“ https://ge.boell.org/ka/2021/01/21/kviar-grdznobebi