სალომე ესებუა, რელიგიათმცოდნე – მეც აქ ვარ!

”რელიგიურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ საზოგადოებას სურს, მათგან განსხვავებულმა ისე იარსებოს, რომ არ ჩანდეს. ერთ-ერთ მაგალითად მახსენდება, როდესაც სოფელ ჭელაში მუსლიმებს მინარეთი მოუჭრეს, არადა იქ მეჩეთი წლების განმავლობაში არსებობდა. ეს მინარეთი პრობლემა გახდა, რადგან ხილული დასტური იყო იმისა, რომ სოფელში მუსლიმები ცხოვრობენ. მათმა ხილვადობამ, გამოჩენამ, აღშფოთება და დაპირისპირება გამოიწვია. დაახლოებით იგივე ხდება ქვიარ თემთან დაკავშირებითაც. საზოგადოება მათ ეუბნება – “იყავი, მაგრამ არ გამოჩნდე, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს!”

უმრავლესობის არგუმენტია, რომ ქვიარ ადამაინებს არავინ ერჩის (რაც აბსურდია), და ყველას შეუძლია, თავის სახლში ის აკეთოს, რაც უნდა. ხშირად გვესმის კითხვები – ”რა უნდათ ქუჩაში?”, ”რა საჭიროა აფიშირება?” და ა.შ. სახლი კი მხოლოდ ის კედლები არ არის, რომელშიც ვცხოვრობთ – ეს ქვეყანა ყველას სახლია. ”სოლიდარობის მარშის” იდეა და სულისკვეთება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო ყველა ადამიანის სახლად გადააქციოს, განურჩევლად მისი იდენტობისა. სახლად, რომელშიც არავის შეეშინდება სიკვდილის, ძალადობის, ჩაგვრის, გარიყვის და ყველა თანაბრად, თავისუფლად შეძლებს თვითგამოხატვას. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შორის კედლების შენების ნაცვლად, ხიდების შენება უნდა დავიწყოთ, თუნდაც, ამ ხიდზე თავად ვერ გავიაროთ. ეს ხიდები სჭირდება მომავალს, ეს ხიდები სჭირდება საქართველოს!

ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, დავესწრები თუ არა სოლიდარობის მარშს. იმიტომ არა, რომ მის სულისკვეთებას არ ვიზიარებ – არამედ ჩემი ემოციური არამდგრადობისა და იმ ფსიქიკური ტრავმის გამო, რომელიც რამდენჯერმე მომადგა და შესაძლოა, კიდევ მომადგეს. მახსოვს, როდესაც ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც პრაიდის ან მხოლოდ ლგბტქ+ ადამიანების მხარდასაჭერი არ ყოფილა, როგორ მოვარდა ულტრამემარჯვენე ხალხის გავეშებული მასა კონტრაქციის მოსაწყობად და პოლიციის კორდონში ჩავიკეტე. მაშინ არ შემშინებია იმის, რომ ფიზიკურად რამე დამიშავდებოდა, მაგრამ ემოციურად ვერ დავიტიე სიძულვილი, რომელსაც ეს ხალხი გამოხატავდა. ვიდექი გაშეშებული და ამ ადამიანებზე ვფიქრობდი, ნეტავ, საერთოდ როგორ ახერხებენ სიცოცხლესა და თავისუფლად სუნთქვას-მეთქი?!

საზოგადოება რომ შედგეს, გახლეჩილობა და მტრობა რომ დავძლიოთ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი ქვიარ თემის მხარდაჭერა. სანამ საზოგადოება არ გადალახავს ურთიერთდაპირისპირებას, მანამდე ყოველთვის იარსებებენ გარეშე ძალები, ძალაუფლების მსურველნი თუ სხვა ამბიციებით სავსე ადამიანები, რომლებიც ამ დაყოფას სათავისოდ გამოიყენებენ, შექმნიან საზოგადოებაზე მორგებულ იდეოლოგიებს და ასეთ დროს, მასებით მანიპულირება და მათი მართვა მარტივია. რეალურად, ულტრამემარჯვენე ძალებს თავად არ აწყობთ საზოგადოების გაერთიანება საერთო პრობლემების წინააღმდეგ, რადგან თავად ყველაზე უკეთ იციან, რომ გაერთიანებულ საზოგადოებას მარტივად ვეღარ გააკონტროლებენ. მიუხედავად ყველა იდეოლოგიური წნეხისა, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს იდენტობები, იარლიყები, რომლებიც ერთმანეთს მივაკარით, ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ზრდის სიძულვილს და საშუალებას გვართმევს, ადამიანში დავინახოთ ადამიანი – უმაღლესი ღირებულება, რაც ამ სამყაროში არსებობს. ჩვენ თავად უნდა მივხვდეთ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნით, ამ ქვეყნის უმთავრეს პრობლემებს ვერასოდეს მოვაგვარებთ – ოკუპაციას, შიმშილს, სიღარიბეს, მიუსაფარი მოხუცებისა და ბავშვების, განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას, მოშლილ ჯანდაცვას, ეკოლოგიურ პრობლემებს, უსამართლო სასამართლო სისტემას და ა.შ. ჩვენ თავად არ უნდა მივცეთ უფლება არც ერთ პოლიტიკოსს, სასულიერო პირს, რომელიმე ლიდერს ან ძალაუფლების მქონე ოლიგარქს, რომ ჩვენივე სისუსტეები გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ და თავის სასარგებლოდ.

უპირველეს ყოვლისა, ქვიარ თემის მხარდაჭერა მსურს იმიტომ, რომ ჩემთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია. არ შემიძლია, იქ არ ვიდგე, სადაც უმრავლესობისგან მოძულებულ ადამიანებს ვჭირდები. ძალიან ბევრი ძიების, სწავლისა და დაღლის შემდეგ, ერთადერთი რამ გავიგე – თუ გვსურს, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას მივაღწიოთ, ადამიანების უპირობოდ მიღებასა და სიყვარულს ალტერნატივა არ აქვს.

ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთის სიძულვილის დაძლევა. უნდა დავინახოთ, რომ სამყარო ”გვაქვს უთვალავი ფერითა” და ის შავ-თეთრი არ არის. მხოლოდ საერთო ძალებით, ამ დაპირისპირებათა გადალახვით შევძლებთ, დავიწყოთ იმ უმწვავესი პრობლემების აღმოფხვრა, რომლის წინაშეც ჩვენი სახლი – ჩვენი ქვეყანა დგას.”

წინა

სელენა – მეც აქ ვარ!

შემდეგი

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

ბოლო სიახლეები

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

FacebookTweetLinkedInEmail საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.