LGBTQ

/

გერმანიაში LGBTQ+ უფლებების განმტკიცებისთვის პირველი კომისარი აირჩიეს

გერმანიაში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებზე სამუშაოდ კომისარი აირჩიეს. ახალი თანამდებობა მწვანეთა პარტიის წევრმა, სვენ ლეჰმანმა ჩაიბარა. ცენტრალური ხელისუფლების კომისარი სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს იმ

ქვიარები გაცნობის საიტებზე მიღებულ გამოცდილებას აფასებენ

Ხშირად, გაცნობის აპლიკაციები ქვიარ ადამიანებისთვის ერთადერთი გაცნობის საშუალებაა. არსებობს ქვიარ მეგობრული სივრცეები, სადაც სოციალური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მეგობრებთანაც კი არ საუბრობენ, სხვადასხვა სოციალური სივრცეც ნაკლებად ხელმისაწვდომია. PEW RESEARCH CENTER-ის 2019 წლის კვლევის

საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია აიკრძალა

საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია კანონის ძალით აიკრძალა. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვიარ ადამიანების გარდაქმნის პროცესში არიან ჩართული პატიმრობა და ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ. კანონის ძალით უფლებადამცველებსაც

ჰორმონალური თერაპია ტრანს ახალგაზრდებში სუიციდის რისკს ამცირებს

ახალი კვლევის მიხედვით, ჰორმონალური თერაპია, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციაში ეხმარება, ახალგაზრდებში სუიციდისა და დეპრესიის რისკს ამცირებს. ახალგაზრდების ჯანმრთელობის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა 9 ათასზე მეტი

თალიბანის ავღანეთში ლგბტქი ადამიანები სასიკვდილო საფრთხის წინაშე არიან

Human Rights Watch-ისა და OutRight Action International-ის ანგარიშის მიხედვით, ლესბოსელი, გეი და ტრანსგენდერი ავღანელები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც დაწესებულ გენდერულ ნორმებთან წინააღმდეგობაში მოდიან, უფრო და უფრო  უიმედო მდგომარეობაში ვარდებიან და თალიბანის ავღანეთში სასიკვდილო საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. 

43-გვერდიანი ანგარიში – „ცად რომ ამაღლდეთ, მაინც გიპოვით: ავღანეთში მცხოვრები LGBT ადამიანები თალიბანის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“ 60 ქვიარ ავღანელთან ინტერვიუს ემყარება. მათი დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ თალიბანის წევრები სექსუალური ორიენტაციის გამო თავს დაესხნენ ან დაემუქრნენ. სხვები ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან თუ იმ პარტნიორებისგან ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ, რომლებიც თალიბანს უჭერენ მხარს ან თვლიან, რომ LGBT ადამიანებზე თავდასხმა მათი პირადი უსაფრთხოებისთვის სასიკეთო იქნება. გამოკითხულთა ნაწილს, თალიბანის წევრების ან მათი მხარდამჭერების მხრიდან თავდასხმების გამო, სახლიდან გაქცევა მოუწია. სხვებს კი წლების განმავლობაში ნაშენები ცხოვრება ერთ ღამეში თვალწინ დაენგრათ და სამიზნედ იქცნენ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო. 

„ჯგუფური გაუპატიურების, თავდასხმის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ LGBT ავღანელებს ვესაუბრეთ, რომელთაც იმედი არ აქვთ, რომ სახელმწიფო უწყებები დაიცავენ. ქვეყნის დატოვების მსურველი LGBT ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ, რადგან ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებშიც კრიმინალიზებულია. ძნელია თქმა, რამდენად სამწუხარო და თავზარდამცემია LGBT ადამიანებისთვის თალიბანის რეჟიმის დაბრუნება“, – აღნიშნა . ლესტერ ფედერმა, OutRight Action International-ის საგანგებო კვლევების ხელმძღვანელმა.

რესპონდენტთა უმეტესობა ავღანეთში ცხოვრობს, ნაწილმა კი თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა. ამ ქვეყნების ანტი-LGBT კანონებზე დარდის გარდა, ემიგრანტების საზრუნავი ემიგრანტის სტატუსის მოპოვებაა, რაც დეპორტაციის რისკის წინაშე აყენებთ.

LGBT ადამიანებისთვის ავღანეთი თალიბანის რეჟიმის მიერ სრული კონტროლის მოპოვებამდეც საშიში ქვეყანა იყო. 2018 წელს, იმდროინდელმა პრეზიდენტმა, აშრაფ განიმ დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსუალურ კავშირს კრძალავდა და კრიმინალურ აქტად მიიჩნევდა. გამოკითხულ LGBT ადამიანებს თალიბანის დაბრუნებამდეც უწევდათ არაადამიანური მოპყრობის ატანა, მათ შორის, სექსუალური ძალადობის, ბავშვთა და იძულებითი ქორწინების, ფიზიკური ძალადობის, სკოლიდან გარიცხვის, მუქარისა და იძულებითი ქამინგაუთის. უმეტესობას საკუთარი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის ოჯახისგან, მეგობრებისგან თუ კოლეგებისგან დამალვა უწევდა

თუმცა, თალიბანის რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა. თალიბანმა იქამდე არსებულ ანტი-LGBT კანონებს გადახედა და ლიდერების ნაწილმა ფიცი დადო, რომ LGBT ადამიანების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებდნენ. გასულ წელს, თალიბანის პრესსამსახურის უფროსმა Reuters-ის ჟურნალისტს უთხრა: „LGBT… ეს შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება“.

თალიბანის წევრმა მოსამართლემ კი ქაბულის დაცემამდე, გერმანულ გამოცემა Bild-ს  განუცხადა, რომ „ჰომოსექსუალებისთვის მხოლოდ 2 ტიპის სასჯელი შეიძლება არსებობდეს: ჩაქოლვა ან კედელთან მიყენება, რომელიც ზედ დაექცევათ“. თალიბანის ღირსებისა და მანკიერების 2020 წლის გზამკვლევის მიხედვით, რელიგიურმა ლიდერებმა ერთი და იმავე სქესის ურთიერთობებზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ, ჰომოსექსუალობის მტკიცებულებები კი სამინისტროს რაიონულ ხელმძღვანელს შემდგომი შესწავლისა და სასჯელის დაკისრების მიზნით უნდა წარუდგინონ.

თალიბანის რეჟიმმა არაერთხელ გააჟღერა, რომ ადამიანების უფლებებს პატივს სცემენ, თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფლებების შელახვის არაერთი ფაქტი მოხდა, მათ შორის, შურისძიების მიზნით მკვლელობების, ქალთა მიმართ სისტემური დისკრიმინაციის, თავისუფალი გამოხატვისა და მედიის მუშაობაზე დაწესებული ცენზურის, ასევე მიწის მიტაცების. თალიბანის წევრებმა და მხარდამჭერებმა ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით LGBT ადამიანების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები წამოიწყეს.

გეი კაცის თქმით, თალიბანის წევრებმა საკონტროლო პუნქტთან დააკავეს, სცემეს და ჯგუფურად გააუპატიურეს, რა დროსაც მიმართავდნენ – „ამიერიდან, როცა შენი პოვნა მოგვინდება, ამას შევძლებთ და იმას დაგმართებთ, რაც მოგვესურვება“. ლესბოსელმა ქალმა კი აღნიშნა, რომ თალიბანის მოსვლის შემდეგ მისი ნაცნობები დაჯგუფებას შეუერთდნენ და სექსუალური ორიენტაციის გამო მოკვლით დაემუქრნენ.

გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია თავშესაფრის ისეთ ქვეყანაში ძიება იქნება, რომელიც LGBT ადამიანების უფლებებს სათანადოდ იცავს, მაგრამ ქვიარ ავღანელების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს დაცულ ქვეყნებამდე მიღწევას. გაერთიანებული სამეფო ერთადერთია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ LGBT ავღანელთა მცირე ნაწილი შეიფარა. LGBT ავღანელებთან მომუშავე ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ასობით ადამიანი უკავშირდება და საერთაშორისო დაცვასა და თავშესაფარს ითხოვს.

„თალიბანმა ფაქტობრივად პირობა დადო, რომ LGBT ავღანელების უფლებებს არ დაიცავს. აუცილებელია, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებამ თალიბანზე ზეწოლის გაძლიერებით LGBT ადამიანების უფლებებზე იზრუნოს და თავშესაფრის მსურველი ავღანელები შეიფაროს, რადგან მათ თალიბანის ავღანეთში და მეზობელ ქვეყნებში სერიოზული საფრთხე ემუქრებათ“, – განაცხადა ჰითერ ბარმა, HRW-ს ქალთა უფლებების ხელმძღვანელმა.

კონკრეტული შემთხვევები

(ყველა სახელი შეცვლილია)

 

რამიზ ს.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში, რამიზ ს. ხელფასის ასაღებად იმდროინდელ სამსახურში მივიდა. 20 წლის რამიზი ოფისში უკვე აღარ დადიოდა, რადგან მისი სამსახური თალიბანის პოტენციური სამიზნე იყო. საკონტროლო პუნქტის გავლისას შეიარაღებულმა კაცმა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული შეურაცხმყოფელი ტერმინით მიმართა. ერთმა კაცმა კისერში და მუცელში, შემდეგ კი ზურგში დაარტყა. რამიზი მანქანაში ჩატენეს და სხვა ადგილას გადაიყვანეს, სადაც ოთხმა კაცმა სცემა და 8 საათის განმავლობაში ჯგუფურად აუპატიურებდნენ. გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთმა კაცმა უთხრა, რომ ისევ იპოვიდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ, რამიზს აცნობეს, რომ მის ძველ სამსახურში 2 კაცი იყო მისული, რომლებიც მის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდნენ. რამიზი მიიმალა, თალიბანის წევრები კი მის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და რამიზის სახლში 3 დღე გაატარეს, ოჯახის წევრებს დაკითხვა მოუწყვეს და სცემეს. რამიზი სამალავ ადგილს თითქმის არ ტოვებდა, ერთადერთხელ მივიდა ექიმთან, რა დროსაც თალიბანის წევრმა სცემა, რომელმაც სავარაუდოდ წინა თავდასხმაზეც იცოდა.

ჰამიდ ნ.

თალიბანის მიერ ქაბულის აღებიდან 2 კვირის შემდეგ, ჰამიდს შეყვარებული ბიჭის მშობლები ესტუმრნენ. წყვილი ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდა და თითქმის ერთი წელი ურთიერთობაში იყვნენ, თუმცა, მშობლებს უბრალოდ მეგობრები ეგონათ. მშობლებმა განუცხადეს, რომ მათი ვაჟი 2-3 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, თუმცა, შეყვარებული არც ჰამიდს ჰყავდა ნანახი. მომდევნო დღეს ბიჭის სხეული მშობლებმა იპოვეს და ჰამიდს უთხრეს, რომ შესაძლოა მათი შვილი გეი ურთიერთობის გამო მოეკლათ. „ეს ჩემთვისაც გაფრთხილებასავით იყო“, – აღნიშნა ჰამიდმა, რომელმაც ქვეყნის სასწრაფოდ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრუშნა ი.

ბუშნა პატარა სოფელში, ბიძის ოჯახში ცხოვრობდა. გასული წლის ივლისში, ქაბულის აღებამდე 6 კვირით ადრე, ბრუშნას ნათესავებმა გოგო შეყვარებულთან ერთად შეამჩნიეს და ბრუშნას ბიძას აცნობეს. ბიძას მისი მოკვლა სურდა, რათა „რათა ოჯახი სირცხვილისგან ეხსნა“. ბრუშნამ გაქცევა შეძლო და ქალაქში, მშობლების სახლში დაბრუნდა, მისი ნათესავები და ბიძა კი ბრუშნას მოკვლას ითხოვდნენ, რაზეც მშობლებმა უარი განაცხადეს და გოგო კაცზე დანიშნეს, რომელმაც მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ არ იცოდა. ბიძა და ნათესავები არც ამან დააკმაყოფილა. წინა ხელისუფლების დროს ბრუშნა ისე არ წუხდა – „იმ დროს თალიბანი კი არა, პოლიცია იყო და ასე მარტივად ვერ მომკლავდნენ“, – აღნიშნა ბრუშნამ. თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბრუშნას ბიძა და ნათესავები დაჯგუფებას შეუერთდნენ და განაცხადეს, რომ გოგოს მოკვლის უფლება ჰქონდათ, თუ ამას მამამისი არ გააკეთებდა. მშობლებმა ქორწინება დააჩქარეს და ბრუშნა უარის გამო სცემეს, შემდეგ ქმარს ფული გადაუხადეს, რათა მეზობელ ქვეყანაში გადასულიყვნენ. ერთ-ერთმა ნათესავმა ბრუშნას ქმარს გოგოს ორიენტაციის შესახებ უთხრა. ბრუშნას თქმით, ამჟამად ქმარი თითქმის ყოველდღიურად სცემს და სახლიდან გასვლის უფლებას არ აძლევს. „ვშიშობ, რომ ქმარი ან ბიძაშვილი მომკლავს“, – აღნიშნა ბურშნამ მცირე სატელეფონო საუბრისას.

ფარიდ ქ.

20 წელს გადაცილებული ფარიდის თქმით, აგვისტოში მეზობელს გამოუტყდა, რომ მოსწონდა. მეზობლისგან უარყოფა არ უგრძნია, ამიტომ ჩათვალა, რომ შეიძლებოდა ურთიერთობა გაეგრძელებინათ. „თალიბანის მოსვლის შემდეგ ვწერდი და შევნიშნე, რომ თალიბანის წევრების ფოტო ედო. მივწერე და ვკითხე, რატომ შეუერთდა თალიბანს, რაზეც მიპასუხა, რომ მე კარგი ადამიანი არ ვიყავი, რადგან გეი ვარ. მუქარისშემცველ შეტყობინებებს მწერდა. მითხრა, ცაშიც რომ ამაღლდე, მაინც გიპოვით. დაგაპატიმრებთ, რადგან თალიბანის წევრებს შენს შესახებ ინფორმაცია მივაწოდე“, – იხსენებს ფარიდი, რომლის სახლშიც თალიბანის წევრები არაერთხელ მივიდნენ, თუმცა, ბიჭს ოჯახი მალავდა, სანამ ქვეყნიდან გაღწევას შეძლებდა.

რეზა

როცა თალიბანმა ქალაქი აიღო, აიმალ . და არიან . 2 სხვა ტრანსგენდერ ქალთან ერთად მიტოვებული ჰოსტელის ტერიტორიაზე დაიმალნენ და მეზობლების შეურაცხყოფის ატანა უწევდათ. მათი მეგობარი რეზა კაცივით ინიღბებოდა და მეგობრებს საკვებით ამარაგებდა. „ყოველ წუთს გვემუქრებოდნენ, გვირეკავდნენ. ბავშვებიც კი გვეუბნებოდნენ, ისევ აქ ხართ? თალიბანმა კიდევ არ დაგაკავათ?“, – ჰყვება აიმალი.

თალიბანის მმართველობის მე-6 კვირას მეზობლებმა მოქმედება გადაწყვიტეს და ოქტომბრის ერთ დილას, ვიღაცამ რეზას კარზე კაკუნი ატეხა, როცა კარი გააღო 20-ზე მეტი მეზობელი რეზას თავს დაესხა, სცემა და ტანსაცმელი შემოახია. არიანი ჩარევას შეეცადა და ერთ-ერთ ქალს ჰკითხა, ასე რატომ იქცეოდნენ. მან კი უპასუხა, რომ საზოგადოებას აბინძურებდნენ, რასაც თალიბანს შეატყობინებდნენ და ისინი გააქრობდნენ.

რეზას მეგობრები გაიქცნენ, კუთვნილი ნივთებიც არ წაუღიათ. აიმალმა გაქცევისას პოლიციის მანქანა დაინახა და თვალი მოჰკრა, როგორ დააბეს რეზა უცნობმა კაცებმა. მოგვიანებით, აიმალი სამეზობლოში მალულად მივიდა, რათა რეზას შესახებ რაიმე გაეგო, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ უთხრა, რომ შიშველი რეზა პოლიციის მანქანაში ჩასვეს. არიანმა და აიმალმა რეზას შესახებ 10 დღეზე მეტი არაფერი იცოდნენ, მეგობრები რეზამ მოძებნა, მას შემდეგ, რაც თალიბანის წევრებმა ქუჩაში კაცის ტანსაცმლით და უტელეფონოდ დააგდეს. რეზას სხეული დალურჯებებით იყო სავსე, ცხვირი გატეხილი, თავი გადაპარსული და დასერილი ჰქონდა, თალიბანის წევრებმა წარბებიც გადაპარსეს.

„საზოგადოებისთვის და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ნიშანი იქნები. ეს გაკვეთილია, რომელიც გართობაზე და სექს-სამუშაოზე უარს გათქმევინებს“, – უთხრეს რეზას თალიბანის წევრებმა, რომლებსაც რეზა პოლიციის შენობაში ჰყავდათ გამომწყვდეული და ყოველდღე სცემდნენ. არიანის თქმით, რეზა იხსენებდა, რომ ერთ-ერთი კაცი მოკვლით დაემუქრა, თუ ქალაქში თვალს მოჰკრავდა. არიანმა რეზას საკვები და ავტობუსის ბილეთი უყიდა, რათა ოჯახში დაბრუნებულიყო, მაგრამ მათ რეზა უარყვეს და სახლში დარჩენის უფლება არ მისცეს. არიანს რეზას შესახებ მას მერე არ სმენია.

საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია აიკრძალა

საფრანგეთში გარდაქმნის თერაპია კანონის ძალით აიკრძალა. იმ ადამიანებს, რომლებიც ქვიარ ადამიანების გარდაქმნის პროცესში არიან ჩართული პატიმრობა და ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ.

კანონის ძალით უფლებადამცველებსაც შეეძლებათ საჩივრის მომზადება, რაც იმ ადამიანების კეთილდღეობის დაცვას უზრუნველყოფს, რომელთაც საკუთარი უფლებების  სამართლებრივი დაცვის ბერკეტებით სარგებლობა ნაკლებად შეუძლიათ.

საფრანგეთის თანასწორობისა და მრავალფეროვნების მინისტრმა ელიზაბეთ მორენომ აღნიშნა, რომ გარდაქმნის თერაპია „ბარბაროსული“ პრაქტიკაა, რომელიც ადამიანების „გონებაზე და სხეულზე წარუშლელ კვალს ტოვებს“.

კანონდამრღვევებს 2 წლამდე პატიმრობა და 30 ათასი ევროს გადახდა დაეკისრებათ, რაც შეიძლება 3-წლიან საპატიმრო დრომდე და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმამდე გაიზარდოს.

კანონი ძალაში ოფიციალურად მომდევნო ორ კვირაში, პრეზიდენტ მაკრონის ხელმოწერის შემდეგ შევა, რომელმაც აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა: „უნდა ვიამაყოთ, რადგან დანაშაული არაა იყო საკუთარი თავი“.

წყარო: France24

ქვიარები გაცნობის საიტებზე მიღებულ გამოცდილებას აფასებენ

Ხშირად, გაცნობის აპლიკაციები ქვიარ ადამიანებისთვის ერთადერთი გაცნობის საშუალებაა. არსებობს ქვიარ მეგობრული სივრცეები, სადაც სოციალური ურთიერთობების დამყარება შესაძლებელია, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ მეგობრებთანაც კი არ საუბრობენ, სხვადასხვა სოციალური სივრცეც ნაკლებად ხელმისაწვდომია.

PEW RESEARCH CENTER-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, ქვიარ ადამიანების ნახევარზე მეტს გაცნობის აპლიკაციით ერთხელ მაინც უსარგებლია, რაც ჰეტეროსექსუალების შემთხვევაში სულ რაღაც 28%-ია. Სავარაუდოდ, პანდემიური რეალობა გაცნობის აპლიკაციებით სარგებლობის სტატისტიკას შეცვლიდა, რადგან იქამდე ხელმისაწვდომი რეალური სივრცეები ხელმისაწვდომი არ იყო.

ილუსტრაცია: Javier Zarracina / Vox

ჰეტეროსექსუალური ურთიერთობისგან განსხვავებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ქამინგაუთის პრობლემაა. ქვიარ გაცნობის აპლიკაციებში უმეტესად ინკოგნიტო ანგარიშებს შეხვდებით და ადამიანის გარეგნობის თუ მისწრაფებების შესახებ ხშირად მიმოწერისას იგებ, რაც, ძირითადად, დროის კარგვაა, ამას ქვიარის მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვაც მოწმობს.

გამოკითხვაში 37-მა ქვიარმა მიიღო მონაწილეობა და 24% აღნიშნავს, რომ ადამიანები მიმოწერას გარეგნობის გამო წყვეტენ, 30%-მა დააფიქსირა, რომ ხშირად აპლიკაციის მომხმარებლები ეძებენ ისეთ ადამიანს, რომელიც დაქამინგაუთებული არაა, ამდენივე აღნიშნავს, რომ ახალგაცნობილები უფრო მეტად მასკულინურ ადამიანს ეძებენ.

„რამდენიმეჯერ ვცადე და ჩემი პროფილის ფოტო დავაყენე, შევამჩნიე, რომ მიმოწერების რაოდენობა მკაფიოდ შემცირდა. როცა „უთავო-მხედრის“ ფოტო მიდევს, ბევრად მეტი ახალი ადამიანი იწერება და როცა სახეს ვაჩენ, მწერენ, მაგრამ თან აყოლებენ ხოლმე – „უი, შენ გაბაზრებული ხარ, ბრაატ“ და მბლოკავენ. დავაკვირდი და თუ  სახის ფოტო მიდევს ან ინსტაგრამი მაქვს მიბმული, უფრო რეალური ადამიანები იწერებიან ან არ სჯერათ ხოლმე, რომ ჩემი ფოტოა.  Ამას ორი მიზეზით ვხსნი: ერთი ის, რაც დავწერე უკვე და მეორე, ასეთ დროს მხოლოდ ის იწერება, ვინც მართლა დაინტერესებულია. ვისურვებდი, რომ მეტი ღია ანგარიში იყოს და იმის გადაწყვეტა შემეძლოს, ვის მივწერო და ვის – არა. როცა ცარიელ ანგარიშთან ვსაუბრობ, მილიონი კითხვის დასმა მიწევს, რაც ცოტა მოსაბეზრებელია. არადა, რა მარტივი იქნებოდა, ხედავ ინფორმაციას, ფოტოს და წყვეტ, გინდა თუ არ გინდა…“ — აღნიშნავს გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტისთვის არც ინფორმაციის მითითებაა გამოსავალი. ლუკას თქმით, ადამიანები იმავე კითხვებს უმეორებენ, რაც ისედაც მითითებული აქვს.

„4 წელი იქნება, რაც Grindr მაქვს, ბოლო დროს უფრო და უფრო ნაკლებად ვიყენებ, რამდენიმე თვით წაშლილიც მქონდა, მაგრამ, რეალურად, ვინმეს გაცნობისთვისაც არ არის ბევრი სივრცე და მალევე გადმოვწერე. თან, არც პირდაპირი ადამიანი ვარ, რომელსაც ბიჭებთან ფლირტი შეუძლია და აპლიკაცია უფრო მიმარტივებს გაცნობის პროცესს, მაგრამ მიმოწერა შეხვედრამდე იშვიათად მიდის – უმეტესობა იმავე კითხვებს მისვამს, რაც ისედაც მითითებული მაქვს და მაინც, Grindr-ზე ძირითადად ის აინტერესებთ, თმიანი ხარ თუ არა, ფემინური ხომ არ ხარ, არ ვიცი, ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გავცე – თითქოს ადამიანების მხოლოდ ორი კატეგორია არსებობს – ფემინურები და მასკულინურები, არადა ამ კითხვას 10-დან 9 ადამიანი სვამს, ისიც აინტერესებთ, „გაბაზრებული“ ხომ არ ხარ, ქამინგაუთი იშვიათად უხსენებიათ. არაერთს იმის გამოც დავუბლოკივარ, რომ ვუთხარი, მეგობრებმა იციან ორიენტაციის შესახებ-მეთქი, ეძებენ ადამიანს, რომელიც ორიენტაციას არავის უმხელს და მსგავს ტიპებთან შეხვედრა მეც არ შემიძლია. თუ უფრო ნორმალური კომუნიკაცია გინდა, ტინდერი ბევრად უკეთესია. ჩემი გამოცდილებით, ტინდერზე ბევრად ჯანსაღად გეურთიერთებიან“, – გვეუბნება ლუკა.

ილუსტრაცია: Mashable

ნინიმ საკუთარ იდენტობაზე კითხვები პირველად ცოტა ხნის წინ დასვა და მალევე ტინდერის ფილტრის ორივე სქესის ადამიანების საძიებლად გამოყენება გადაწყვიტა, თუმცა გვეუბნება, რომ აპლიკაციით გაცნობილ ადამიანს ჯერაც არ შეხვედრია, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ბიფობიაა.

„შარშან, 24 წლის ასაკში პირველად მომეწონა გოგო, რომელიც ჰეტერო იყო და არც რამე მიცდია. ბევრი არ მიფიქრია და ტინდერს ჩავუჯექი, მაგ პერიოდში ვინმე დამლაპარაკებელი უფრო მინდოდა, ვიდრე შეხვედრა, მაგრამ როცა იგებდნენ, რომ იქამდე გოგოსთან ურთიერთობა არ მქონია, მიმოწერას წყვეტდნენ. ერთადერთი გოგო გავიცანი, რომელიც ბისექსუალი იყო და ჩვენს გასაჭირზე ვისაუბრეთ, ბისექსუალ ადამიანებს ძირითადად არ ენდობიან, მაგ დროს ისიც არ ვიცოდი, ბისექსუალი ვიყავი თუ – არა, მაგრამ ეგ მიმოწერა მაინც დამეხმარა. ახლაც სულ რამდენიმე მეგობარმა იცის, რომ ბი ვარ და მაშინ ერთადერთი საშუალება იყო, ​​თვითგამორკვევის პროცესში მყოფ ადამიანთან მიმოწერისას ვხვდები, რომ ბევრისთვის მისაღები არაა, რადგან დაკარგულ დროდ თვლიან, მაგრამ ახლაც ბისექსუალობა განგაშის სიგნალივით არის“, – ამბობს ნინი. – ამბობს ნინი.

ბიფობიას მიმოწერის შეწყვეტის მიზეზად გამოკითხვის მონაწილე 2 სხვა ადამიანიც ასახელებს, 13 გამოკითხული კი ამბობს, რომ მიმოწერას თვითონ წყვეტენ, რის მიზეზადაც საერთო ინტერესების არქონას ასახელებენ. გაცნობის აპლიკაციებს ბევრი ერთჯერადი შეხვედრისთვის იყენებს, თუმცა გამოკითხულთა ნაწილი ამბობს, რომ მიმოწერას სწორედ ამის გამო წყვეტს. გამოკითხულთა 79% გაცნობის საიტებზე მყარი კავშირების დამყარებას მეტ-ნაკლებად ან შესაძლებლად თვლის, 21% კი მიიჩნევს, რომ გაცნობის საიტებზე მყარი ურთიერთობების დამყარება შეუძლებელია.

ილუსტრაცია: Choice

გამოკითხვაში მონაწილე ადამიანთა დიდი ნაწილი მიმოწერის შეწყვეტის მიზეზად აგრესიული შინაარსის ჰომოფობიურ შეტყობინებებს ასახელებს, რისი გამოცდილებაც ლუკასაც აქვს. მისი თქმით, გეი გაცნობის აპლიკაციებში არაერთ ჰომოფობს შეხვედრია, რომლებიც ბევრად აგრესიულები არიან.

„მიმოწერის უმეტესობა, ალბათ, ძირითადად იმ ადამიანებისთვისაა უარყოფითი, ვინც მხოლოდ სექსს არ ეძებს. გაცნობის საიტებზე მიმოწერა ვაჭრობას ჰგავს. უნდათ სახის, ტანის ფოტო, მონაცემები სიტყვიერად, უმეტესობა მხოლოდ ვირტუალურ ნაცნობობას ეძებს, მაგრამ მაგას პირდაპირ არ გეუბნება. ჩემთვის პირველივე შეხვედრაზე სექსი არც არის მისაღები, საერთოდაც, მირჩევნია, ადამიანი სხვა სოციალურ ქსელში დავამატო და ნაცნობობის დამყარების შემდეგ შევხვდე, მაგრამ უმეტესობას იმავე დღეს, ინკოგნიტო შეხვედრის მოლოდინი აქვს და თუ მიმოწერას ამჯობინებ, არც ჰომოფობიურ მესიჯებს ერიდებიან. ბევრისთვის გეი სექსი უბრალოდ გასართობია და თავს ჰეტეროდ მიიჩნევენ. რამდენიმე ადამიანმა, როცა გაიგო, რომ გეი ვარ, შეურაცხმყოფელი მესიჯები მომწერა და დამბლოკა, ბევრს მითითებულიც აქვს, რომ კაცურ გაგებას და მეგობრობას ეძებს, სიტყვა ,,სექსის’’ ხსენებაც კი ეუხერხულებათ. თუ თვითშეფასების პრობლემა გაქვს, საკუთარ ორიენტაციაში დარწმუნებული არ ხარ ან, უბრალოდ, ცუდი პერიოდი გაქვს, შეიძლება თავი ცუდად იგრძნო ან ჩათვალო, რომ რასაც ეძებ, არასწორია. ერთადერთი ადამიანი გავიცანი საიტზე, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ და პერიოდულად მიმოწერაც მაქვს. გაცნობის აპლიკაციებთან სიძულვილისა და მიჯაჭვულობის დამოკიდებულება მაქვს, საიტით სარგებლობაც არ შემიძლია და თან წაშლაც რთულია, რადგან თავს იზოლირებულად ვგრძნობ“, – აღნიშნავს ლუკა და იმასაც ამბობს, რომ რამდენიმეჯერ დანიშნულ პაემანზე მისვლაც მოუწია, რომელიც ჩაიშალა – „რამდენიმესთან შეხვედრაზე მივედი და არავინ მოვიდა, ერთხელ მომწერეს კიდეც, მოვედი და არ მომეწონეო, მსგავსი შემთხვევები თავისთავად უარყოფითად მოქმედებს. მსგავსი გამოცდილებების შემდეგ შეხვედრამდე ბევრად მეტს ვფიქრობ, ვცდილობ, ადამიანი უკეთ გავიცნო, სულ რომ ერთჯერადი სექსი მინდოდეს, მირჩევნია დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ის ადამიანია, ვინც გამოგზავნილ ფოტოში ჩანს“.

ქვიარის გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე შეხვედრამდე იმავე გზას გადის, რასაც ლუკა, ცდილობს დარწმუნდეს, რომ სანდო ადამიანთან აქვს მიმოწერა.

„მიმოწერას ვწყვეტ, თუ აგრესიას ვამჩნევ, თუ პროფილზე სხვა ფოტო უდევს და მერე სხვა აღმოჩნდება. კიდევ თუ ეგოისტური და ზედმეტად თავდაჯერებულები არიან ან შეურაცხყოფას თუ გაყენებს, ან არაესთეტიკურ, უგემოვნო შიშველ ფოტოს აგზავნის, ყველაზე მნიშვნელოვანი კი სახის ფოტოა, უნდა ვიცოდე, ვინ მწერს და თუ ცარიელი ანგარიშია, დასაწყისშივე ვთხოვ ხოლმე, ვინც უარს ამბობს, მიმოწერას აღარ ვუგრძელებ. კიდევ ვცდილობ ხოლმე, გადავამოწმო რეალურია თუ არა, ხშირად არის, რომ სხვის ფოტოებს მიგზავნიან. ჩემივე შიშველი ფოტოც გამოუგზავნიათ და ამიტომ, ინსტაგრამს ვთხოვ  და თუ უარზე არიან, ცოტა ნდობა მეკარგება, შეიძლება სურვილიც გამიქრეს. ისიც მესმის, რომ ამ გარემოში პერსონალურ ინფორმაციას მოფრთხილება სჭირდება“, — აღნიშნავს გამოკითხვის მონაწილე.

გამოკითხულთა 24% გაცნობის აპლიკაციებით სარგებლობისას მიღებულ გამოცდილებას ნეგატიურად აფასებს, 54% – ნეიტრალურად, 22%-ისთვის კი გამოცდილება პოზიტიურია. ამასთან, 49% გაცნობის აპლიკაციებს აღარ, 30% კი კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად იყენებს. გამოკითხვაში მონაწილე 19-მა ადამიანმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას მიღებული გამოცდილებაც შეაფასა. 13 ადამიანის აზრით, მოგზაურობისას საქართველოსთან შედარებით უკეთესი გამოცდილება აქვთ.

მთავარი ფოტო: Getty Image

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

გერმანიაში LGBTQ+ უფლებების განმტკიცებისთვის პირველი კომისარი აირჩიეს

/

გერმანიაში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებზე სამუშაოდ კომისარი აირჩიეს. ახალი თანამდებობა მწვანეთა პარტიის წევრმა, სვენ ლეჰმანმა ჩაიბარა. ცენტრალური ხელისუფლების კომისარი სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების მიმღებლობის საკითხებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავებს იმ საკითხებზე, რომლებიც  LGBTQ+ ადამიანების ყოველდღიურობაზე გავლენას ახდენს. სვენ ლეჰმანი უხელმძღვანელებს კოალიციური მთავრობის სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას.

ფოტო: Wikipedia

თანამდებობაზე დანიშვნისას, ლეჰმანმა განაცხადა, რომ „ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად, დაცულად და თანასწორუფლებიანად ცხოვრება. ყველა ადამიანის უსაფრთხოება კანონის შესაბამისად უნდა იყოს დაცული, მიუხედავად მისი სექსუალური თუ გენდერული იდენტობისა. ტრანსგენდერი, ინტერსექსი და არაბინარული ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვა სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ასევე, საჭიროა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის მიმართ სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიული ხედვა“.

2018 წელს, გერმანია იმ ქვეყნების მცირერიცხოვან სიას შეუერთდა, რომლებიც ორზე მეტ გენდერს აღიარებენ. ახლადარჩეულმა მთავრობამ კი პირობა დადო, რომ LGBTQ+ უფლებების დაცვის კუთხით რეფორმებს გაატარებდა, მათ შორის, გააუქმებდა გეი კაცებისთვის სისხლის დონაციაზე დაწესებულ შეზღუდვებს, ასევე გაამარტივებდა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის სამართლებრივად აღიარების პროცესს. ქვიარ უფლებებზე მომუშავე კომისარის თანამდებობის შექმნა, შესაძლოა, რეფორმების დასაწყისი იყოს.

წყარო: DW

ფოტო: Wikimedia

ჰორმონალური თერაპია ტრანს ახალგაზრდებში სუიციდის რისკს ამცირებს

ახალი კვლევის მიხედვით, ჰორმონალური თერაპია, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციაში ეხმარება, ახალგაზრდებში სუიციდისა და დეპრესიის რისკს ამცირებს. ახალგაზრდების ჯანმრთელობის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა 9 ათასზე მეტი ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ახალგაზრდის მონაცემებს აერთიანებს, რომლებიც 13-დან 24 წლამდე არიან. მოზარდთა სურვილის მიუხედავად, ხელმისაწვდომობის პრობლემის გამო ჰორმონალურ თერაპიაშია მცირე ნაწილია ჩართული. იმ ადამიანების პროგრამაში ჩართვა, რომელთაც ამის სურვილი აქვთ, დეპრესიისა და სუიციდის რისკს 40%-ით ამცირებს.

სახელმწიფოთა ნაწილი ტრანსგენდერი მოზარდების ჰორმონალურ თერაპიაში ჩართვას კრძალავს, რაც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო ასოციაცია ჰორმონალური თერაპიის დაწყების რეკომენდაციას 18 წლიდან იძლევა, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში არასრულწლოვნებისთვისაც დასაშვებად მიიჩნევს. სახელმწიფოთა უმეტესობაში ჰორმონალური თერაპია ლეგალური ასაკიდანაც ნაკლებად ხელმისაწვდომია, დამატებითი დაბრკოლება კი ის სოციალური გამოწვევებია, რაც ახალგაზრდებში იზოლაციის, გარიყვის შიშის და სხვა რისკების გამო მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მიღებას ხელს უშლის.

წყარო: NBC news

ილუსტრაცია: Yoppie

კონსერვატული ხელისუფლების პირობებში პოლონელ LGBTQI+ ადამიანებში დეპრესიის მაჩვენებელი გაიზარდა

პოლონეთში კონსერვატული ღირებულებების მქონე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ LGBTQI+ ადამიანებში დეპრესია 50%-ზე მეტით გაიზარდა. პოლონეთში რელიგიური განწყობების გაძლიერებამ და კათოლიკური ეკლესიის მტკიცებამ, რომ ქვიარ ადამიანები ტრადიციულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიან, ტოლერანტობის დონეს დიდი დარტყმა მიაყენა.

2020 წლის ბოლოს ვარშავის კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვიარ ადამიანების 44%-ს 2019-2020 წლებში დეპრესიის აშკარა სიმპტომები დაეწყო, რაც 2017 წლის მონაცემებს (28%) მნიშვნელოვნად აღემატება.

გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ოჯახის წევრები წინა კვლევის შემდეგ ნაკლებ ტოლერანტულნი გახდნენ. 2017 წელს დედების 68% და მამების 59% შვილს მხარს უჭერდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი დედების შემთხვევაში 61%-მდე, მამების შემთხვევაში კი – 54%-მდე შემცირდა.

წყარო: Reuters