ფემინიზმი

გაიცანი უფლებადამცველი: ნათია გვიანიშვილის მრავალწლიანი ბრძოლა ლგბტქი უფლებებისთვის

თუ ღვინო, დუდუკი, ქალები, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ქვიარების, ნათია გვიანიშვილისა და თინი ნოღაიდელის „ჟიზნენი პოდკასტი-სუფრა“ არ მოგისმენიათ, ქვიარ და ფემინისტური თემების, მათ შორის, ქართული სოციალური თავისებურებების, წარსულის გამოცდილებებისა და ხშირად, კომიკური სიტუაციების

თანასწორობის მოძრაობისა და WISG-ის საზაფხულო სკოლა ქვიარ და ფემინისტური საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

23-დან 28 ივლისის ჩათვლით, თანასწორობის მოძრაობისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) თანაორგანიზებით, ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლა მოეწყობა. საზაფხულო სკოლაში მოხვედრის შესაძლებლობა იმ ადამიანებს ექნებათ, რომელთაც ქვიარ და ფემინისტური თეორიებისა და მოძრაობების შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება და აქტივიზმისა და ადვოკატირების გზით,

მწვანეები ქვიარ და ფემინისტურ პარტიას აფუძნებენ

საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები პირველ ქვიარ და ფემინისტურ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან. როგორც თანადამფუძნებელი, თამარ ჯაყელი ქვიართან ამბობს, მათი მთავარი მიმართულება იქნება მწვანე პოლიტიკა, ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი იქნება — ქალთა ფონდი საქართველოში.  კურსი მსმენელებს ქვიარ თეორიის

მწვანეები ქვიარ და ფემინისტურ პარტიას აფუძნებენ

საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები პირველ ქვიარ და ფემინისტურ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან. როგორც თანადამფუძნებელი, თამარ ჯაყელი ქვიართან ამბობს, მათი მთავარი მიმართულება იქნება მწვანე პოლიტიკა, ეკოლოგია, კლიმატის ცვლილება და თანასწორობა, ქვიარ უფლებები, ფემინიზმი, სოციალური პოლიტიკა.

“უკვე რამდენიმე წელია ვსაუბრობთ ამ იდეაზე ახალგაზრდა მწვანეები, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ჯერ არ ვართ ამისთვის მზად, არ არის ამისთვის კარგი პოლიტიკური სიტუაცია, არ გვაქვს დაფინანსება, ძლიერი მხარდაჭერა და ა.შ. ბევრჯერ გადავდეთ სამომავლოდ, მაგრამ წელს უკვე მივხვდით, რომ არ ღირს დაცდა და ახლავე უნდა დავიწყოთ, თუნდაც პატარა ნაბიჯებით და შევქმნათ პარტია, რომელიც მართლა იქნება მწვანე და მართლა იქნება თანასწორობისთვის”, — ამბობს ჯაყელი.

თორნიკე კუსიანი, რომელიც ასევე პარტიის თანადამფუძნებელია, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არის უთანასწორო გარემო ქვიარებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, ქალებისთვის და ახალი პარტია სწორედ ამ უთანასწორობის აღმოფხვრას შეეცდება.

თორნიკე კუსიანი
თორნიკე კუსიანი

“რაც გვინდა პარლამენტში გავაკეთოთ, ეს, პირველ რიგში, უნდა წამოვიდეს იმ ადამიანებისგან, ვინც მხარს დაგვიჭერს, ვინც მოვა ყრილობაზე და ვინც განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რომლითაც მწვანეებმა უნდა ვიმუშაოთ. ჩვენთვის თანამონაწილეობითი დემოკრატია არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ცხადია, როგორც გუნდს, გვაქვს ჩვენი პრიორიტეტები, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი არის თანასწორობისთვის ბრძოლა, შესაბამისად, პრიორიტეტული იქნება ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანასწორობას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას. მწვანეებისთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტები, რომლებიც დაცლილია კორუფციისგან და რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ რეგულაციების გზით განახორციელოს სწორი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა”, — აღნიშნავს კუსიანი.

როგორც თამარ ჯაყელი ამბობს, იციან, რომ წინ რთული გზა ელოდებათ, მაგრამ საქართველოში სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება და საზოგადოება ასე თუ ისე მზადაა ცვლილებისთვის.

“თუმცა ამ ცვლილების აგენტები ამ დროისთვის დიდად არ ჩანან ჰორიზონტზე. ხალხი დაიღალა ძველი პარტიებით, ერთი და იმავე სახეების ყურებით და მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში ახლებური ტიპის პოლიტიკისთვის მზაობა არსებობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ყურადღება მივმართოთ საზოგადოების პროგრესული პოლიტიკის მომთხოვნი სეგმენტისთვის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ბევრად ეკომეგობრული ქვეყანა, იყოს მეტი მწვანე სივრცე, მოწესრიგდეს ტრანსპორტი, უარი ითქვას ისეთ არამიზნობრივ ენერგოპროექტებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფოს ზერელე დამოკიდებულება აქვს და კარგად არ აფასებს სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს. გარდა ამისა, ჩვენი პარტია იქნება ღიად ქვიარი, ღიად ფემინისტური. სამწუხაროდ, საქართველოში ფუფუნებაა, რომ ღიად ქვიარ ადამიანებმა გადაწყვიტონ პოლიტიკაში წასვლა და პარტია ღიად ფემინისტურ იდეებს ატარებდეს”, — ამბობს ჯაყელი.

თამარ ჯაყელი
თამარ ჯაყელი

მისივე ინფორმაციით, ახალი პარტია აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას შშმ პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ყველა იმ ჯგუფის უფლებებს, რომლებიც თავს ჩაგრულად მიიჩნევენ.

ახალი პარტიის სახელწოდებაა მწვანეები, მთავარი სლოგანით — თანასწორობისთვის. პირველი ყრილობა 27 ნოემბერს გაიმართება. როგორც მწვანეების წარმომადგენლები ქვიართან აღნიშნავენ, აპირებენ მონაწილეობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და იმედი აქვთ, რომ პარლამენტში მოხვდებიან. თამარ ჯაყელის თქმით, ცდილობენ, რეალისტური იმედები დაისახონ.

“რეალისტურია ერთი კანდიდატი, თუკი სწორად ვიმუშავებთ და მოსახლეობას სწორად მივაწვდით მესიჯებს. და რომც ვერ მივაღწიოთ ამ მიზანს, ეს საარჩევნო კამპანია კარგი გამოცდილება იქნება და გვეცოდინება, რა უნდა შევცვალოთ, რადგან არცერთი არ ვართ პოლიტიკოსი. ყველა ვართ ახალგაზრდა, რომელიც სხვადასხვა გამოცდილებით მოდის”, — ამბობს თამარ ჯაყელი.

თორნიკე კუსიანის თქმით, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც მწვანეებს სპეციფიკური ამომრჩეველი ჰყავს: ახალგაზრდები, ქალები, ქვიარ ადამიანები. მისივე თქმით, მწვანეებს სჯერათ, რომ ქვეყანაში უთანასწორო გარემოს შეცვლისთვის აუცილებელია მოქალაქეების გაერთიანება ერთი და იმავე ღირებულებების გარშემო. ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკას სჭირდება ტრანსფორმაცია და საერთოდ უნდა დავივიწყოთ ის ტრადიციები, რომლითაც ქვეყანაში პოლიტიკა წარიმართება.

“ჩვენ ვქმნით მწვანე პლატფორმას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ უთანასწორობა, გარემოს დაცვა, დემოკრატიის პრობლემა ქვეყანაში და სწორედ ამ ადამიანებთან ერთად ვხედავთ საკუთარ თავს 2024 წლის არჩევნებში. ჩვენი პლატფორმა ღიაა ყველასთვის, ვისაც შეუძლია ორიენტირდეს საერთო ენის გამონახვაზე, ვისთვისაც ქვეყნის და პლანეტის მომავალი არის მნიშვნელოვანი. პოლიტიკა დიდი ხნის განმავლობაში ასოცირებულია ბინძურ აქტივობასთან. სახეზე გვაქვს პოლარიზაცია, პოლიტიკას აკეთებენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები და გვინდა ეს შევცვალოთ. გვჯერა, რომ პოლიტიკა უნდა აკეთონ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ღირებულებები, ჩვეულებრივმა ადამიანებმა უნდა გააკეთონ პოლიტიკა”, — ამბობს ის.

თორნიკე კუსიანი აღნიშნავს, რომ მწვანეები 2008 წელს დაფუძნდნენ, როგორც საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და ეს იყო მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, თუმცა განსხვავებებიდან გამომდინარე, პარტიას გამოეყვნენ და 14-წლიანი გზა გაიარეს იქამდე, რომ დაეფუძნებინათ პროგრესული, მემარცხენე ცენტრისტული მწვანე პარტია. პარტიის დაფუძნების შემდეგ, მწვანეები აპირებენ გახდნენ ევროპის მწვანეთა პარტიის წევრები, რაც, მათი თქმით, არის გარანტია, რომ ევროპის მხარდაჭერა უფრო გაძლიერდება.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. თამარ ჯაყელის თქმით, ჯერ დრო არის და ახლა ძირითადად იდეებისა და ღირებულებების განხილვა მიმდინარეობს.

6-9 ოქტომბერს WISG-ის ფემინისტური ფორუმი გაიმართება

2022 წლის 6-9 ოქტომბერს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ორგანიზებით, თბილისში ფემინისტური ფორუმი გაიმართება.

ფემინისტური ფორუმი უსაფრთხო სივრცისა და ინტერდისციპლინური ქსელის შექმნის ინიციატივაა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიის მიზნით მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციებისა და ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

“ფემინისტური ფორუმის მიზანს ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს“, — ვკითხულობთ WISG-ის ღონისძიების აღწერაში.

ღონისძიების აღწერაში ასევე ნათქვამია, რომ წლევანდელი ფორუმი განსაკუთრებით საყურადღებოა “ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისა და მათთვის, ვისაც აინტერესებს კულტურის კვლევების, ფსიქოლოგიის, ურბანისტიკის, ეკოლოგიის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით სოციალური კვლევის გენდერული ასპექტები”.

თუ ფემინისტურ ფორუმში მონაწილეობა გსურთ, 30 სექტემბრამდე სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ. გაითვალისწინეთ, რომ შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ფორუმზე სრულად დასწრებას გეგმავენ.

ღონისძიება ქალთა ფონდთან თანამშრომლობით და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით ტარდება. ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და დღის წესრიგის სრულად ნახვა WISG-ის ვებგვერდზე შეგიძლიათ.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი იქნება — ქალთა ფონდი საქართველოში

კურსი მსმენელებს ქვიარ თეორიის შესახებ არსებულ ცოდნას გაუზიარებს, ასევე ფემინისტური და კრიტიკული რასის თეორიის შესახებ არსებულ ტექსტებსა და დებატებს, რომლის საფუძველზეც მსმენელებს თანამედროვე პოლიტიკასა და პოლიტიკურ აქტივიზმში ქვიარ პოლიტიკის გაფართოებული დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის კურსი თეორიული ნაწილის გარდა, ქვიარ და ფემინისტური კვლევის მეთოდოლოგიის საკითხებზე პრაქტიკულ სემინარებსაც მოიცავს, რომლის შემდეგაც მონაწილეები კვლევითი განაცხადების მომზადებას და პროექტის ფარგლებში მიკრო-კვლევების მომზადებას შეძლებენ. 

სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის კურსი ქვიარ და ფემინისტური თეორიის შესახებ მრავალფეროვან საკითხებს დაფარავს. ძირითადი თემები იქნება: 

  • ქვიარ თეორიის საფუძვლები და მისი კავშირი ფემინისტურ თეორიებთან; 
  • ფემინისტური წინააღმდეგობები და რადიკალური ფემინისტური თეორიები; 
  • ACT-UP მოძრობა და აქტივიზმის როლი ქვიარ თეორიის განვითარებაში; 
  • სექსუალობის და რეპრესიების ისტორია და მისი როლი ქვიარ თეორიაში; 
  • სექსუალური დეფინიციები და ტაქსონომიები: თეორიული და პოლიტიკური დაპირებები; 
  • გენდერის პერფორმატიულობის იდეა და დრეგ კულტურის როლი ქვიარ თეორიაში; 
  • ქვიარ თეორიის კავშირი კრიტიკული რასის თეორიასთან; 
  • სხეულის პოლიტიკა: სახელმწიფო და სექსუალობის მეთვალყურეობა. 

უფასო დისტანციურ კურსს გენდერის კვლევების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ექსპერტები და მკვლევრები 22 ივნისიდან, 2 კვირაში ერთხელ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ჩაატარებენ და ის ოქტომბრამდე გასტანს. კურსდამთავრებულები კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ. 

კურსზე დარეგისტრირებისთვის აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ.

თანასწორობის მოძრაობისა და WISG-ის საზაფხულო სკოლა ქვიარ და ფემინისტური საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

23-დან 28 ივლისის ჩათვლით, თანასწორობის მოძრაობისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) თანაორგანიზებით, ქვიარ-ფემინისტური საზაფხულო სკოლა მოეწყობა. საზაფხულო სკოლაში მოხვედრის შესაძლებლობა იმ ადამიანებს ექნებათ, რომელთაც ქვიარ და ფემინისტური თეორიებისა და მოძრაობების შესახებ საბაზისო ცოდნის მიღება და აქტივიზმისა და ადვოკატირების გზით, ემანსიპატორული პოლიტიკის შექმნაში ჩართვა სურს.

საზაფხულო სკოლის პროგრამა მოწვეული გენდერის, სექსუალობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვლევრებისა და სპეციალისტების, ასევე ქვიარ და ფემინისტურ სათემო ორგანიზებაში ჩართული აქტივისტებისა და ავტორების მიერ არის მომზადებული და ორ ნაწილად იყოფა:

პირველი ნაწილი: 

  • ქვიარ-ფემინისტური აზრი;
  • ფემინისტური და ქვიარ თეორიის საფუძვლები;
  • ფემინიზმის ტალღები, მნიშვნელოვანი ფემინისტური და ქვიარ მოძრაობები;
  • ქვიარ-ფემინისტური მემარცხენე აზრი, დეკოლონიური/პოსტკოლონიური ხედვა;
  • საქართველოში ფემინისტური და ქვიარ მოძრაობების განვითარება და პოლიტიკა.

მეორე ნაწილი: 

  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები (SRHR);
  • ფემინისტური პერსპექტივა SRHR-ზე;
  • სხეულის აგებულება, მენსტრუაცია და სტიგმა;
  • ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და თვითზრუნვის პრაქტიკები.

საზაფხულო სკოლაში მოხვედრის შანსი 20 ადამიანს აქვს, ამიტომ, თუ 18-30 წლის ხართ და ქვიარ და ფემინისტური საკითხების მიმართ ინტერესი, აქტივიზმში ჩართვის მოტივაცია გაქვთ, 20 ივნისის ჩათვლით სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ.

გაიცანი უფლებადამცველი: ნათია გვიანიშვილის მრავალწლიანი ბრძოლა ლგბტქი უფლებებისთვის

თუ ღვინო, დუდუკი, ქალები, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ქვიარების, ნათია გვიანიშვილისა და თინი ნოღაიდელის „ჟიზნენი პოდკასტი-სუფრა“ არ მოგისმენიათ, ქვიარ და ფემინისტური თემების, მათ შორის, ქართული სოციალური თავისებურებების, წარსულის გამოცდილებებისა და ხშირად, კომიკური სიტუაციების შესანიშნავი იუმორით განხილვას მოკლებიხართ. თანაც, პოდკასტის ავტორები საკუთარ პირად თუ აქტივისტურ გამოცდილებას იშველიებენ და რთულ თემებზე მსუბუქად, ყველასთვის გასაგებად ჰყვებიან.

ნათია გვიანიშვილი, ჩვენი სტატიის გმირი, 8 წლის განმავლობაში ქართულ ქვიარ და ფემინისტურ აქტივიზმში იყო ჩართული, სანამ ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტდა, მაგრამ ადამიანის უფლებებისთვის შრომა არც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მიუტოვებია. ამ წლების განმავლობაში მის თვალწინ თითქმის ყველა იმ მნიშვნელოვანმა ამბავმა გაიარა, რომელმაც ლგბტქი უფლებების გაუმჯობესება მოიტანა. უფლებადაცვით საქმიანობამდე კი იყო თვითგამორკვევის პროცესი და გადაწყვეტილება, რომ აქტივიზმში ჩართულიყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლგბტქი თემებზე საჯაროდ საუბარი განსაკუთრებით საფრთხილო იყო. 

თვითაღმოჩენა გარემოში, რომლისთვისაც ქვიარ საკითხები არ არსებობს

თანასწორობის მოძრაობა

იმ დროს ლგბტქი თემის ნებისმიერი წარმომადგენელი ორ — ლესბოსელისა და გეის კატეგორიაში იხარშებოდა და, ფაქტობრივად, არ არსებობდა საუბარი ტრანსგენდერ ადამიანებზე. ეს განხილვა ხდებოდა ძირითადად ჩურჩულით და ნეგატიურ ჭრილში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გამო, ბევრად დიდი დრო დამჭირდა თვითგამორკვევისთვის, ვიდრე, როგორც წესი, დღევანდელ ახალგაზრდებს სჭირდებათ.

„მე, როგორც 1986 წელს დაბადებული ადამიანი, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს, ზოგად საშინელ მდგომარეობას და უინტერნეტობას მოესწრო, ინფორმაციაზე წვდომის ბევრად ნაკლები შესაძლებლობა მქონდა. სექსუალობის შესახებ დამოუკიდებლად რომ მოგეპოვებინა ინფორმაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და ამასთან, სასკოლო მასალებში საერთოდ ვერ იპოვიდი სექსუალური განათლების საკითხებს. იმ დროს ლგბტქი თემის ნებისმიერი წარმომადგენელი ორ — ლესბოსელისა და გეის კატეგორიაში იხარშებოდა და, ფაქტობრივად, არ არსებობდა საუბარი ტრანსგენდერ ადამიანებზე. ეს განხილვა ხდებოდა ძირითადად ჩურჩულით და ნეგატიურ ჭრილში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გამო, ბევრად დიდი დრო დამჭირდა თვითგამორკვევისთვის, ვიდრე, როგორც წესი, დღევანდელ ახალგაზრდებს სჭირდებათ. საბედნიეროდ, გამიმართლა და ჩემს ოჯახში ჰომოფობიური განწყობები არ იყო. როცა მოზარდობისას ვიკითხე, რა იყო ჰომოსექსუალობა, დედაჩემმა დამსვა და ნეიტრალურად, მეცნიერული ტერმინებით ამიხსნა. იმას არ ვამბობ, რომ ჩემს მშობლებს სტერეოტიპული განწყობები არ ჰქონდათ, ბუნებრივია, ექნებოდათ იმ ინფორმაციისა და ცოდნიდან გამომდინარე, რომელიც თავის დროზე მათ საბჭოთა სისტემაში მიიღეს. მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან უარყოფის და სიძულვილის დამოკიდებულება არ ყოფილა, რამაც საკუთარი თავის მიღება გამიადვილა“, — ჰყვება ნათია 90-იან წლებზე, როცა ლგბტქი თემებს არ განიხილავდნენ, ან განიხილავდნენ ნეგატიურ ჭრილში – ჩურჩულით, და იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა საკუთარ სექსუალობაზე კითხვები პირველად დასვა.  

„პირველად იმაზე ფიქრი, რომ ჰეტეროსექსუალი არ ვარ, 15-16 წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ ძალიან დიდი ხანი ეს მეგონა ფაზა, რომელიც ჩემი განვითარების ერთ-ერთი ნაწილი იყო და „გამივლიდა“. ამიტომ ამ თემაზე მეგობრებისთვისაც კი არ მითქვამს რამე, ველოდი, როდის მომეწონებოდა ბიჭი, რაც, რა თქმა უნდა, არა და არ ხდებოდა. მერე უკვე იმის გაცნობიერება მოვიდა, რომ ეს ფაზა არ არის, რომელიც გადაივლის. რაღაც კონვერსიული დახმარების ძიება არასდროს დამიწყია, რადგან ვთვლიდი, რომ ან გამივლიდა, ან მომიწევდა დათანხმება, რომ ეგაა, რაცაა. საბოლოოდ, საკუთარ თავთან თანხმობა ვიპოვე და 22-23 წლის ვიქნებოდი, როცა ორგანიზაციაში მივედი. პროცესი ამგვარი იყო და რთულია, როცა მარტო ხარ, მაგრამ კარგია ის, რომ ოჯახისგან წნეხი არ მქონია. როცა თავიდან კითხვები დავსვი, ეს ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილად აღვიქვი და გარეთ პასუხების ძიება არ დამიწყია, თუმცა სექსუალობასთან დაკავშირებით ქართულენოვანი მასალები ფაქტობრივად არც არსებობდა და წყარო უცხოენოვანი იყო. ჩემი თავდაპირველი მიდგომა, რაც, ალბათ, ერთგვარი თავდაცვა იყო, პასუხების ძიებაზე უარის თქმა იყო, მოგვიანებით ფონდი ინკლუზივი და ჟურნალი „მე“ იქცა იმ წყაროებად, რომლებიც საკუთარ სექსუალობაზე ინფორმაციის ძიების გზად იქცა ბევრისთვის. სტუდენტობისას ბევრად გაიოლდა ინფორმაციის მოძიება და ბევრი ადამიანიც გავიცანი, პირველი ადამიანიც, რომელიც მომეწონა ქვიარ სოციალური სიტუაციიდან არ გამიცნია. სულ სხვა ჯგუფიდან გავიცანით ერთმანეთი და იმის დაფიქსირებაც მარტივად მოხდა, რომ ერთმანეთი მოგვწონს. მისგან ბევრ რამეს ვიგებდი და ორგანიზაციის შესახებაც მოგვიანებით მისგან გავიგე“.

ფონდ ინკლუზივში მისვლა — აქტივისტური საქმიანობის დასაწყისი

ნეტგაზეთი

ვხვდებოდი, რომ საზოგადოება მაჩუმებდა და ამასთან შეგუება მიჭირდა. მინდოდა, რომ ჩემთვის საჭირბოროტო საკითხები, ნაცნობებისთვის მნიშვნელოვანი თემები თუ იმ ადამიანების გამოცდილებები, რომლებიც ოფისში მოდიოდნენ, საჯაროდ თემის წევრს გაეჟღერებინა.

აქტივიზმში 2009 წლიდან ჩაერთო. უფლებადაცვითი საქმიანობით ფონდ ინკლუზივისა და WISG-ის საერთო ოფისში მისვლიდან მალევე დაინტერესდა და რისკების მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ ესაუბრა. როგორც იხსენებს, ლგბტქი საკითხების განხილვა ქვიარ ადამიანების გარეშე, ხშირად ნაკლები მგრძნობელობით ხდებოდა და ვერ უმკლავდებოდა განცდას, თითქოს საზოგადოება მის გაჩუმებას ცდილობდა.

„აქტივიზმში 2009 წლიდან ვიყავი ჩართული. როცა ორგანიზაციაში მივედი, ფონდი ინკლუზივი და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) იზიარებდნენ ოფისს, სადაც კინოჩვენებები, დისკუსიები ეწყობოდა და თემის წევრები უბრალოდ უსაფრთხო სივრცეში ერთიანდებოდნენ. იქამდე ხელს მიწყობდა ის ფაქტი, რომ ინგლისური ვიცოდი და ინფორმაციის ძიება შემეძლო, თუმცა მაგ პერიოდში ადამიანები გავიცანი, ფემინისტური აქტივიზმით, ქვიარ და ფემინისტური თეორიითა თუ დისკუსიით დავინტერესდი. თავიდან შეხვედრების ორგანიზებაში თუ სხვა აქტივობებში ვიღებდი მონაწილეობას, მოგვიანებით იდენტობა დაარსდა და იქ ვმუშაობდი, მერე ისევ WISG-ში დავბრუნდი.

რისკების მიუხედავად, აქტივიზმში ჩართვა და საჯაროდ ქამინგაუთი რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე: პირველი ის იყო, რომ ოჯახში იცოდნენ ჩემი ორიენტაციის შესახებ და მიუხედავად მათი ლოგიკური შიშისა, არ მიწევდა რაღაცების მალვა, რაც საჯაროდ საუბრის თავისუფლებას მაძლევდა, მეორე ფაქტორი ის იყო, რომ ქამინგაუთის სირთულის გამო, ნებისმიერი სახის დისკუსია ჩვენ გარეშე ხდებოდა და ან ჰომოფობები საუბრობდნენ ჩვენს უფლებებზე ან თემის მხარდამჭერები. ერთეული იყო შემთხვევები, როცა თემის წევრები მედიასაშუალებებით აქტიურად განიხილავდნენ ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც უსუსურობის განცდას მიქმნიდა. ვხვდებოდი, რომ საზოგადოება მაჩუმებდა და ამასთან შეგუება მიჭირდა. მინდოდა, რომ ჩემთვის საჭირბოროტო საკითხები, ნაცნობებისთვის მნიშვნელოვანი თემები თუ იმ ადამიანების გამოცდილებები, რომლებიც ოფისში მოდიოდნენ, საჯაროდ თემის წევრს გაეჟღერებინა და ხალხს ჩვენი ხმა გაეგო“, — გვიყვება ნათია აქტივისტური საქმიანობის დასაწყისისა და საჯაროდ ქამინგაუთის შესახებ საუბრისას. 

პირველი შეჯახება სისტემასთან და ქვიარ ადამიანებზე თავდასხმა, რომელიც სახელმწიფოს არ აღელვებდა

გიორგი გოგუა / ლიბერალი

ქართველი ლგბტქი ადამიანისთვის არცერთი ხელისუფლება არაა და იმ დროს მით უფრო არასერიოზულად ეკიდებოდნენ ქვიარ ადამიანებზე თავდასხმას.

ერთ-ერთი პირველი ღიად ლესბოსელი ადამიანი იყო, რომელიც ლგბტქი უფლებებისთვის აქტიურად მუშაობდა კვლევების, სათემო მობილიზაციის თუ ადვოკატირების მიმართულებით. აქციაზე იყო 2012 და 2013 წლებშიც, როცა ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები მოხდა, თუმცა სისტემის გულგრილობას, მეტიც, ძალმომრეობას, პირველად მაშინ შეეჯახა, როცა 2009 წელს ფონდ ინკლუზივის ოფისი დაარბიეს.

„2009 წელს, როცა ფონდი ინკლუზივის ოფისი პოლიციამ დაარბია, უკვე ჩართული ვიყავი აქტივიზმში. დახურული გამოფენისთვის ვემზადებოდით და ხშირად საღამოებს ოფისში ვატარებდით. იმ დღეს არ ვიყავი ადგილზე და მეგობრებს ვწერდი, რომლებიც არ მპასუხობდნენ, მერე ერთ-ერთმა მეგობარმა მომწერა, რომელმაც მითხრა, რომ ოფისში პოლიცია შეიჭრა. კარგა ხნის განმავლობაში ვერაფერს ვიგებდით, მერე აქტივისტებს ტელეფონებიც ჩამოართვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში დამამცირებელი მოპყრობის, საჯაროდ დაქამინგაუთების მუქარის ატანა უწევდათ. მეორე დღეს მივედი ადგილზე და ოფისიც ამოტრიალებული იყო. ლგბტქი თემები საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციის იარაღია და ისიც ვიცოდი, რომ ჰომოფობიურ გარემოში გვიწევდა ყოფნა, თუმცა ეს იყო პირველი შეჯახება სისტემასთან, რომელმაც ეს არასამართლებრივი ქმედებები არც კი გამოიძია. ქართველი ლგბტქი ადამიანისთვის არცერთი ხელისუფლება არაა და იმ დროს მით უფრო არასერიოზულად ეკიდებოდნენ ქვიარ ადამიანებზე თავდასხმას“, — იხსენებს ფონდ ინკლუზივის დარბევას და ჰყვება ხელისუფლების გულგრილობის საპირწონედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის შესახებ.

ქვეყნის დასავლური კურსი და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა

File:European Gay Flag.png - Wikimedia Commons

ლგბტქი ადამიანები ვარსებობდით ყოველთვის და ყველგან, როცა ხელისუფლებისგან ვერავითარ დახმარებას ვერ ხედავ, მხარდაჭერას ეძებ სხვაგან.

„2009 წელს ადვოკატირების პროცესში ჯერ კიდევ არ ვიყავი აქტიურად ჩართული, თუმცა იმ დროიდანვე საერთაშორისო საზოგადოება იყო ქვიარ ორგანიზაციების ყველაზე აქტიური მხარდამჭერი. აქტივისტურ საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის ანაზღაურება, ოფისი,  უწყებებთან ურთიერთობისას დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მაშინ უკვე არსებობდა დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობები. ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, ქვეყანა აშკარად გამოხატავდა დასავლურ სივრცესთან დაახლოების სურვილს და ვალდებულებებიც არსებობდა, დასავლელი პარტნიორებისგან მხარდაჭერაც მუდმივად იყო, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ინკლუზიური ხდება ეს პროცესი. ამის მიზეზი იმ საზოგადოებების ცვლილებაა, რომლებსაც სხვადასხვა უფლებადაცვითი ინსტიტუტები წარმოადგენენ. 2012 და 2013 წელსაც დიდი მხარდაჭერა არსებობდა, რადგან ძალადობის ცალსახა ფაქტები არსებობდა და ასევე, საუბარი იყო შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვაზე, ძალადობისგან თავისუფალ საცხოვრებელ პირობებზე, ამიტომ საერთაშორისო პარტნიორების, საელჩოების გამოხმაურება აქტიური იყო’’, — გვეუბნება ნათია და ამატებს — „ლგბტქი უფლებებს დასავლეთის გასაშავებლად ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფები აქტიურად იყენებენ, თითქოს ლგბტქი საკითხები დასავლეთის „შემოგდებული“ თემაა, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ლგბტქი ადამიანები ვარსებობდით ყოველთვის და ყველგან, როცა ხელისუფლებისგან ვერავითარ დახმარებას ვერ ხედავ, მხარდაჭერას ეძებ სხვაგან, მათ შორის, იმ ქვეყნებთან, რომელთაც იგივე პროცესი უკვე გაიარეს“. 

შეუქცევადი პროგრესი და პოლიტიკური პროცესი, რომელიც თანასწორობის მიღწევას ართულებს

თბილისი პრაიდის 2019 წლის მარში. ანა ზურაბაშვილი-წურწუმია

2013 წელს კონტრაქციაზე იყო ბევრი ადამიანი, რომელსაც ცალსახად ვერ მიაკუთვნებდი მობილიზებულ ჯგუფს, ხოლო 5 ივლისს კარგად ორგანიზებული, ადგილზე ხალხის საცემრად მისული ულტრამემარჯვენე ადამიანთა ჯგუფი ვიხილეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ძალადობრივ ჯგუფებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვთ.

2000-იანი წლებიდან დღემდე მიღწეულ პროგრესზე საუბრისას, არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას იხსენებს. მისი თქმით, უმთავრესი ცვლილება სოციალიზაციის სივრცეების გაჩენა და ინფორმაციაზე წვდომის გაიოლებაა.

„პროგრესი შეუქცევადი პროცესია, ახალგაზრდებს ბევრად უკეთ აქვთ გააზრებული თანასწორობის მნიშვნელობა, ინფორმაციის მოძიების და დამუშავების ბევრად მეტი შესაძლებლობა არსებობს და შეიძლება პოლიტიკური პროცესი შენელდეს, თუმცა ცვლილებებს ვერ შეაჩერებ. 2009 წელს, როცა ინკლუზივის ოფისში მივდიოდი და რა შფოთვაც მქონდა, რომ შეიძლება ვინმე ნაცნობს გადავყროდი, დღეს ნაკლებად რელევანტურია. იმ დროს სივრცეები არ არსებობდა, ახლა კი არა მხოლოდ ლგბტქი ორგანიზაციების ოფისებია უსაფრთხო, ბარები, კლუბები, ინიციატივები არსებობს, რომლებშიც ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან ადამიანები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონებში არსებული ინიციატივებია, რაც აქტივისტებს გაძლიერების საშუალებას აძლევს, რადგან ხშირად ეს პროცესი მაინც ცენტრალიზებულია და თუმცა მცირე ოდენობის, მაგრამ რეგიონებში არსებული წამოწყებები მდგომარეობას მნიშვნელოვნად ცვლის. თემიც მნიშვნელოვნად შეიცვალა და იდეოლოგიური ხაზები უკეთ გამოიკვეთა, რის გამოც შეიძლება სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ ეს საინტერესო პროცესია, რომელიც ხილვადობის პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დისკუსიას უწყობს ხელს. ცალსახაა, რომ ბევრად მეტი ძლიერი ორგანიზაცია და ინდივიდუალური აქტივისტები არსებობენ, თბილისში თუ რეგიონებში, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია. საკანონმდებლო ბაზაც, განსაკუთრებით რაღაც პერიოდში, აქტიურად უმჯობესდებოდა, რაც ისევ ორგანიზაციებისა და აქტივისტების დამსახურებაა“, — ამბობს ნათია და მედიის მიმართულებით მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაზეც ჰყვება, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მიღწეული პროგრესი ხშირად საგანმანათლებლო სივრცეში თუ საკანონმდებლო ბაზაში ფართოდ არ აისახება — „ასევე, მედიაგარემო გარდაიქმნა და ბევრად მეტი მედიასაშუალება არსებობს, რომელიც ქვიარ საკითხებს ბევრად ობიექტურად აშუქებს. სკანდალური გაშუქებისკენ მიმართული, ფასადურად ობიექტური მიდგომა ისევ არსებობს, როცა ითვლება, თითქოს უფლებადაცვითი მიმართულებით მომუშავე ადამიანები და გურამ ფალავანდიშვილი ორი მხარეა, თუმცა შედარებით შემცირებულია. პრობლემა ისაა, რომ ეს ცვლილებები საგანმანათლებლო სისტემაში ფართოდ არსად აისახება. დიდი გავლენა აქვს საპატრიარქოს და ქართული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა მთავრობაში მყოფი ადამიანები, ქვიარ და ფემინისტური საკითხების მიმართ კონსერვატორები არიან. მაინც მგონია, რომ ხალხის აზრი იცვლება და ხვდებიან, რომ ქვიარ საკითხებით სპეკულაცია და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ სტერეოტიპების განმტკიცება რეალობას აცდენილია. 2013 წლის 17 მაისსა და გასული წლის 5 ივლისს შორის დიდი განსხვავებაა. 2013 წელს კონტრაქციაზე იყო ბევრი ადამიანი, რომელსაც ცალსახად ვერ მიაკუთვნებდი მობილიზებულ ჯგუფს, ხოლო 5 ივლისს კარგად ორგანიზებული, ადგილზე ხალხის საცემრად მისული ულტრამემარჯვენე ადამიანთა ჯგუფი ვიხილეთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ძალადობრივ ჯგუფებს ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვთ, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი აღსანიშნავი ცვლილება სოციო-ეკონომიკურ უფლებებზე საუბრის გააქტიურებაა, რადგან აქტივისტური საქმიანობის დასაწყისში იდენტობის პოლიტიკა იყო ცენტრი და მყისიერ საფრთხეებზე რეაქცია, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდით, ჩაგვრას სოციო-ეკონომიკური საფუძველი ამძაფრებს. პანდემიისას კიდევ უფრო გამოიკვეთა ქვიარ თემში სიღარიბის პრობლემა და დისკუსია გააქტიურდა. ყოველივე ზემოთაღნიშნული პროგრესის მანიშნებელია, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ გაუმჯობესებას ანელებს, ხელისუფლება ცვლილებებს ხელს არ უწყობს, სოციალურ ცვლილებებზე, თუნდაც საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწითა და იმპლემენტაციით არ ზრუნავს“.

აქტივისტურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის წაშლილი ზღვარი

სალომე ცოფურაშვილი

ჩემი ცხოვრება სრულად აქტივიზმით იყო მოცული, რაც ბუნებრივი ჩანს, ლესბოსელი ქალი ვარ და ჩემი ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ ეხება ჩემს ცხოვრებას, ჩემი მეგობრების ცხოვრებას, რომელთა დიდი ნაწილი თემის წევრია. თუმცა, ეს მდგომარეობა ადამიანისგან ტოვებს მხოლოდ აქტივისტურ ნაწილს და აუფასურებს ნებისმიერ სხვა ღირებულებას.

აქტივისტური საქმიანობა მუდმივ სტრესში ყოფნას გულისხმობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკვეთრად ჰომოფობიური გარემოს გარდაქმნას ცდილობ და საკუთარ რესურსს ვეღარ ანაწილებ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელზე საუბარი და შრომა მნიშვნელოვანია. ნათია გვიანიშვილი გვეუბნება, რომ წლების განმავლობაში არ ჰქონია გამკლავების არავითარი მექანიზმი, რამაც, ფაქტობრივად, მოშალა ზღვარი აქტივისტურ საქმიანობასა და მის პირად ცხოვრებას შორის, ეს კი გადაწვის წინაპირობად ექცა. 

„გამკლავების მექანიზმების მნიშვნელობასთან დაკავშირებით გაკვეთილი მწარედ ვისწავლე, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ მქონია არავითარი ხერხი. ხშირად მქონდა ბრაზი, რომელთან გამკლავების გზა ამ აგრესიის კონსტრუქციულ ენერგიად გარდაქმნა იყო, ცვლილებების მოტანის საშუალებად ქცევა. ბევრ რამეს არ ვუფიქრდებოდი, მათ შორის, უდიერად ვეპყრობოდი საკუთარ რესურსს, ფაქტობრივად, წაშლილი მქონდა ზღვარი პირად ცხოვრებასა და აქტივიზმს, სამუშაოს შორის. ჩემი ცხოვრება სრულად აქტივიზმით იყო მოცული, რაც ბუნებრივი ჩანს, ლესბოსელი ქალი ვარ და ჩემი ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ ეხება ჩემს ცხოვრებას, ჩემი მეგობრების ცხოვრებას, რომელთა დიდი ნაწილი თემის წევრია. თუმცა, ეს მდგომარეობა ადამიანისგან ტოვებს მხოლოდ აქტივისტურ ნაწილს და აუფასურებს ნებისმიერ სხვა ღირებულებას გარდა აქტივიზმისა, სწორედ ამან მოიტანა გადაწვა, დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, რასთან გამკლავებასაც დღემდე ვცდილობ. ჩემი გამოცდილების გამო სხვებსაც ვურჩევ, რომ, პირველ რიგში, დაფიქრდნენ, როგორია მათი გამკლავების მექანიზმები, ეს შეიძლება მარტივად დასვენება, სოციალური ქსელებისგან მოწყვეტა იყოს ან მიმდინარე პროცესებზე რაღაც პერიოდულობით თვალის მიდევნება, რადგან შეუძლებელია, 24 საათის განმავლობაში აქტივიზმით იყო დაკავებული, ეს აიტანო, რაღაც მომენტში ძირს არ დაგაგდოს“, — იხსენებს ნათია.

საკუთარი თავის აქტივიზმის მიღმა დანახვის სურვილით ქვეყნიდან წასვლა

მე ნათია ვარ, მე განსხვავებული ვარ
დათო ქორიძე / რადიო თავისუფლება

განცდა შემექმნა, რომ წრეზე ვტრიალებ, რაღაცებს ინერციით ვაკეთებ და ვეღარ ვვითარდები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თავი აქტივიზმის მიღმაც დამენახა, რასაც ვერ ვახერხებდი.

ნათია გვიანიშვილი 2017 წელს სასწავლებლად შვედეთში წავიდა, რასაც წინ უძღოდა აქტივისტური საქმიანობის 8-წლიანი გამოცდილება და არაერთი უსამართლობა, რომელთან დაკავშირებითაც სამართალს ვერ პოულობდნენ. მიხვდა, რომ სურდა, საკუთარი თავი აქტივიზმის მიღმაც დაენახა და სასწავლო პროგრამით საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა.

„2017 წელს, როცა ქვეყანა დავტოვე ისევ გადაწვის ზღვარზე ვიყავი. უკვე მომხდარი იყო 2012 და 2013 წლის ამბები, სადაც ვერავითარი სამართალი ვიპოვეთ, ამას დაემატა რამდენიმე თემის წევრის, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალება, რომელთა ნაწილი ძალადობრივად მოკლეს ან სოციალური მდგომარეობა, სიღარიბე იქცა გარდაცვალების მიზეზად. ყველაფერმა ერთად ჩემზე იმოქმედა და განცდა შემექმნა, რომ წრეზე ვტრიალებ, რაღაცებს ინერციით ვაკეთებ და ვეღარ ვვითარდები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თავი აქტივიზმის მიღმაც დამენახა, რასაც ვერ ვახერხებდი. ამას ემატებოდა არასამთავრობო სექტორში მუშაობისას მუდმივი გადატვირთვა, საკეთებელი საქმის სიმრავლე და რესურსი, რომელიც საკმარისი არ არის. სხვადასხვა გზებითა და პროექტებით გიწევს დანაკლისის შევსება და მუდმივმა სტრესმა მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ დროებით რაღაც უნდა შემეცვალა. შვედეთში გლობალური პოლიტიკის სწავლისთვის სტიპენდია მოვიპოვე, რაც ადვოკატირების გამოცდილების გამო საინტერესო იყო. ვფიქრობდი, რომ ერთი წელი გავჩერდებოდი, გამოვერკვეოდი, მაგრამ სწავლისას გამოჩნდა ადგილობრივ ორგანიზაციაში დასაქმების შესაძლებლობა, რომელიც საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგომარეობაზეც აკეთებს აქცენტს. საქართველოში აქტივისტურ სივრცეში ბევრი მიცნობდა და აქ დიდი გამოწვევა იყო ისიც, რომ ფაქტობრივად ნულიდან უნდა დამეწყო ყველაფერი, რაც კიდევ ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც ვაკანსიამ დამაინტერესა, თანაც, ზოგადად, რეგიონში არსებული მდგომარეობა მაინტერესებს და მინდოდა, საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებზეც მემუშავა. ახლაც ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ ადვოკატირების მიმართულებით, გაეროს სტრუქტურებთან ვურთიერთობ აქტიურად და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხებზე ვმუშაობ, ამჟამად კონკრეტულად უკრაინის მდგომარეობაზე“, — ამბობს ნათია ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას და ამბობს, რომ ამ ამბავს თან სინდისის ქენჯნა ახლდა. საქართველოში ის თემი დარჩა, რომელთანაც დიდი ბმა აქვს, თუმცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თემებზე მუშაობას არანაკლებ მნიშვნელოვნად თვლის — „ქვეყნიდან წამოსვლას თან ახლდა სინდისის ქენჯნა, რადგან ვიცოდი, რომ საქართველოში დარჩენილებს ბევრად მძიმე ყოველდღიურობის ატანა უწევდათ. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეღო ფაქტი, მეც ადამიანი ვარ და უფლება მაქვს ჩემთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღო, თანაც აქტივიზმიდან არ წავსულვარ და მგონია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მუშაობა ზრდის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ჩემი კონტრიბუციაც მნიშვნელოვანი მგონია. ჩემი თემი საქართველოშია, ბევრად დიდი ბმა მაქვს და წამოსვლის მერე კიდევ უფრო გადავაფასე და დავაფასე ბევრი რამ, შორიდან უკეთ დავინახე, რამდენად დიდი პროგრესი მიიღწა და იმ თანამებრძოლების შრომაც აღვიქვი, რომლებიც ბევრ რამეს აკეთებდნენ, აკეთებენ და ცვლილებების მოტანას ხელი შეუწყვეს. მიჭირდა და ჯერ კიდევ მიჭირს იმის გაანალიზება, რა ფორმით შეიძლება ვიყო ქართულ აქტივიზმში ჩართული, თან მგონია, რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს აუცილებლად უნდა ეთქმოდეთ სიტყვა, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ ყოველდღიურობაში აღარ ვართ, რომელშიც საქართველოში დარჩენილი თემის წევრები არიან. მე აღარ მაქვს 100%-იანი აღქმა იმ პროცესების, რაც მანდ ყოველდღიურად მიმდინარეობს, ყოველდღიურად კი ვეცნობი მდგომარეობას, მაგრამ განცდის დონეზე მაინც მოწყვეტილი ვარ გარემოს. შესაბამისად, რთულია ბალანსის დაცვა, იმ პოზიციის განსაზღვრა, რომლიდანაც ადგილობრივ თემებზე საუბარს თავისუფლად შევძლებ. მუდამ ვეძებ ჩართულობის გზებს, თუმცა, პირველ რიგში, პატივისცემის საკითხია, რომ ვინმეს ჭკუა არ ვასწავლო და დაშვებები არ ვაკეთო“.

ქვიარ პოდკასტით გამოთავისუფლებული სათქმელი

ღვინო, დუდუკი, ქალები

ქვიარობა ძალიან რთულია, მაგრამ ბევრი ბედნიერებაც არის და ადამიანები ახერხებენ, რომ ეს აღმოჩენები გააკეთონ, რაღაცები პოზიტიურად დაინახონ.

თინი ნოღაიდელისა და ნათია გვიანიშვილის ქვიარ და ლესბოსური პოდკასტი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ნათიას თქმით, ეს იყო საქართველოში დარჩენილ თემის წევრებთან კონტაქტის, წლების განმავლობაში დაგროვებული ცინიზმის გამოთავისუფლებისა და მწვავე თემებზე იუმორით საუბრის შესაძლებლობა.

„ფემინსტრიმის პოდკასტების სერიაში ვიყავი ჩართული და იმ პერიოდიდან მიყვარს კეთება, ადამიანებთან საუბარიც მიყვარს და ამავდროულად, ქართულ თემთან ურთიერთობის დანაკლისის შევსებაც იყო ღვინო, დუდუკი, ქალები. დიდი ხნის წინ მქონდა ანონიმური ბლოგი, რომელზეც სექსუალობაზე ვწერდი და უამრავი ადამიანი მიკავშირდებოდა და მეუბნებოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს აქტივობა, მერე უკვე, როცა საჯაროდ დავიწყე საუბარი და უცნობი თემის წევრებისგან დადებით უკუკავშირს ვიღებდი, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. მიმაჩნია, რომ გარკვეულ თემებზე მსგავსი კონტენტის შექმნა მომგებიანია. მე და თინიმ ერთმანეთი სტოკჰოლმში გავიცანით და დავმეგობრდით. ერთ საღამოს აქტივიზმზე ვსაუბრობდით და პოდკასტის იდეაც მანდედან, რეალურად, ხუმრობებიდან დაიბადა. თინი ექსპრესიული, ექსტრავერტი ადამიანია, მე ბევრად მშვიდი, უფრო ინტროვერტი და პოდკასტშიც მსგავსი დინამიკა იგრძნობა, ერთმანეთს ვაბალანსებთ. ჩემთვის სათქმელის იუმორის მეშვეობით გაჟღერება მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდი ხნის განმავლობაში, როცა მუდმივად სტრესში ვიყავი, რიგ საკითხებზე ხუმრობა მიჭირდა, ზედმეტად სერიოზულად ვუყურებდი ყველაფერს. წლების განმავლობაში დაგროვებული სარკაზმი პოდკასტმა გამომათავისუფლებინა, თან ამ პროცესს თვითკრიტიკა, თვითირონიაც ახლავს. იუმორი სერიოზული თემების ხალხამდე მარტივად მიტანას უწყობს ხელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარემო მძიმეა. ძირითადად, ქვიარ საკითხები ძალადობრივი ამბების გაშუქებამდე დადიოდა და ბოლო დროს პოზიტიური ხილვადობის ზრდა მნიშვნელოვანია, რასაც ამ პოდკასტითაც ვუწყობთ ხელს“, — გვიყვება ნათია პოდკასტზე და საუბრის დასასრულს ქართველ ქვიარებს სოლიდარობას უცხადებს — „თემის წევრებს უკუკავშირისთვის, მოწონებისთვის მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან ეს მანიშნებს, რომ რაღაცებს სწორად ვშვრებით. მინდა, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოში მყოფი თემის ნებისმიერი წევრის მიმართ, რადგან ქვიარობა ძალიან რთულია, მაგრამ ბევრი ბედნიერებაც არის და ადამიანები ახერხებენ, რომ ეს აღმოჩენები გააკეთონ, რაღაცები პოზიტიურად დაინახონ“.

ღვინო, დუდუკი, ქალების მოსმენა dudukiqalebiii.buzzsprout.com-ზე, Spotify-ზე და Amazon Music-ზე შეგიძლიათ.