საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 2022 წლის 8 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება და პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი 1 დეკემბრამდე, კენჭისყრის გზით უნდა შეარჩიოს. სახალხო დამცველობის კანდიდატების სია 19 ადამიანისგან შედგება, რომელთა
საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც 7-9 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების მიმდინარეობა შეაფასა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ შსს-ის მხრიდან გამაფრთხილებელი განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და მისი შეწყვეტისა და ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
„სახალხო დამცველის შეფასებით, შსს-ის მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევებს, მათ მიმართ უნდა განხორციელებულიყო ინდივიდუალური, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, — განაცხადა სახალხო დამცველმა 7 მარტს, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ დარბევის ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ლევან იოსელიანმა 8 მარტს განხორციელებულ დარბევის ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული „ძალადობრივი მოქმედებები“ მთელი შეკრების ძალის გამოყენებით „გაუმართლებელი შეწყვეტის“ საფუძველი გახდა.
„მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირების განხორციელება, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ“, — აღნიშნა იოსელიანმა და თქვა ისიც, რომ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ადგილზე მოვალეობის შესრულების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ და გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც.
საქართველოს სახალხო დამცველმა შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ რიგ შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას.
„სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას. შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა“, — განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა აქციის დღეებში დაკავებული 96 პირი მოინახულეს და დაკავებულთა ნაწილმა აპარატს მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მიზნით მიმართა.
„რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შსს-ის რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში“, — აღნიშნა სახალხო დამცველმა.
ლევან იოსელიანის თქმით, აპარატი განაგრძობს დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლას და განახორციელებენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების მონიტორინგს. საქართველოს სახალხო დამცველმა საგამოძიებო უწყებებს არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
7-9 მარტის მასობრივი აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა რუსული კანონი შეიმუშავეს, რომელიც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციას გულისხმობდა, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის. პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით, 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიციირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.
მასობრივი აქციების შედეგად, მმართველ ძალას რუსული კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 133-ვე პირის გათავისუფლება მოუწია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირების მიერ გამოძიება არ შეწყვეტილა.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
ახლადარჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს აქციაზე შეკრებილების ნაწილმა კვერცხები დაუშინა. იოსელიანი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მივიდა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სურს პირადად დარწმუნდეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ მოხდება და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება.
მან არ უპასუხა კითხვებს, დაირღვა თუ არა რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი ადამიანების უფლებები, რის შემდეგაც, შეკრებილების ნაწილმა სტვენა დაიწყო და იოსელიანს კვერცხები ესროლა.
ახლადარჩელმა ომბუდსმენმა პარლამენტის შენობასთან მისვლამდე განცხადება Facebook გვერდზე გამოაქვეყნა და მოუწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენონ სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდა, არ გამცდარიყვნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად დღეს, 7 მარტს აირჩიეს.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად წარდგენის შესახებ. მათი თქმით, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე — გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს.
ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, წარდგენილი 19-ვე კანდიდატის პოზიციის განხილვა ჩავარდა. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე, რომელზეც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უჭირთ სუნთქვა და თვალების წვა აღენიშნებათ.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით 0-ის წინააღმდეგ მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღევანდელ სხდომაზე უყარა კენჭი.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია მოქალაქეებმა წარადგინა. მოგვიანებით კი, მმართველი პარტიიდან, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლევან იოსელიანს მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება, თუმცა დასძინა, რომ გადაწყვეტილება “საბოლოო ჯამში” საპარლამენეტო უმრავლესობის მისაღებია.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის პოსტს ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს.
კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად წარდგენის შესახებ. მათი თქმით, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე — გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს.
“ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად შესაძლო არჩევას. აღნიშნული პროცესი წარიმართა საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის გარეშე, რაც შეუსაბამოა ევროკავშირის მე-12 რეკომენდაციასთან, არღვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „პარიზის პრინციპებს“ და არ იწვევს საზოგადოებრივ ნდობას.
გამჭვირვალე კონკურსისა და ინკლუზიური ჩართულობის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოებამ დაასახელა ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებმაც პარლამენტს წარუდგინეს დეტალური ხედვა და საჯაროდ უპასუხეს დეპუტატებისა თუ დაინტერესებული ჯგუფების შეკითხვებს. ამ კანდიდატების დაუსაბუთებლად უკუგდება, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესის დახურულ კარს მიღმა წარმართვა და ქვეყნის მთავარ უფლებადამცველ პოზიციაზე პოლიტიკოსის არჩევა სრულად ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის, ისე — გაეროს (GANHRI) რეკომენდაციებს.
მაშინ როდესაც, საქართველოს პარლამენტში განიხილება სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო რუსული კანონპროექტები, რაც ცხადად გვაშორებს ევროპულ პერსპექტივას და საზოგადოების დაყოფას იწვევს, მიგვაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსის მიზანი უნდა იყოს ამ კანონპროექტის მიღების ხელშეშლა, ხოლო სახალხო დამცველად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმაციის მქონე პირის არჩევა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერებს შორის არიან:
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- დემოკრატიის მცველები (DemDef)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- მწვანე ალტერნატივა (Green Alternative)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI-Georgia)
- უფლებები საქართველო (Rights Georgia)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (Sovlab)
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- საფარი (Sapari)
- თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride)
- ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)
ლევან იოსელიანმა ომბუდსმენად არჩევის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სამ პოლიტიკოს ქალს, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს:
“ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი და მიუხედავად ამისა, მათ უერთგილეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები, რომლებიც აქ უბრალოდ იმიტომ არ სხედან, რომ ვერ შემომხედავდნენ თვალებში”, — აღნიშნა იოსელიანმა.
ყოფილი ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას, უფლებამოსილების ვადა გასულ, 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. მას შემდეგ, სახალხო დამცველის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებდა.
ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენამდე, საშემოდგომო სესიის ბოლოს, წარდგენილი 19-ვე კანდიდატის პოზიციის განხილვა ჩავარდა. კანდიდატებს შორის იყო არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილი და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი სამი კანდიდატი.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა რუსული კანონპროექტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად მისი შესწავლა დაიწყო.
ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა.
“ორგანიზაცია ხაზს უსვამს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ამ მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან გეგმავს თანამშრომლობას”, — აცხადებენ სახალხო დამცველის ოფისში.
ომბუდმსენის აპარატი აღნიშნავს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ეროვნული კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების გზით შეიმუშაოს და მიიღოს. კონსულტაციების საჭიროება კი განსაკუთრებით მაშინ დგება, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნებისრუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.
ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.
ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღნიშნავენ. წლევანდელი 10 დეკემბერი 75-ე ყოველწლიური აღნიშვნაა დღის დაფუძნების შემდეგ, ხოლო წლევანდელი სლოგანია — ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღებას უკავშირდება. სწორედ ეს თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.
ადამიანის სამოქალაქო, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური უფლების რეალიზაციისთვის საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინება.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის ადამიანთა უფლებებსა და უფლებების დაცვის გამოწვევებზე საუბრობს.
გაეროს გენერალური მდივანი მიმოიხილავს მოქმედებისკენ მოწოდების ინიციატივასაც, რომელიც ახალ ხედვას ეფუძნება და რომელიც ასახულია მის მოხსენაბაში “ჩვენი საერთო დღის წესრიგი”, რომელიც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური კონტრაქტის განახლებას მოითხოვს. გუტიერესი მოუწოდებს გაეროს წევრ სახელმწიფოებს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და სხვებს, დააყენონ ადამიანის უფლებები დღევანდელი დამაზიანებელი ტენდენციების უკუქცევისთვის მიმართული ძალისხმევის ცენტრში.
“მსოფლიო ადამიანის უფლებების უპრეცედენტო და ურთიერთდაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას. შიმშილი და სიღარიბე იზრდება, რაც ასობით მილიონი ადამიანის ეკონომიკური და სოციალური უფლებების შელახვას იწვევს. სამოქალაქო სივრცე ვიწროვდება. მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება სახიფათო მდგომარეობაშია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. ინსტიტუციებისადმი ნდობა ორთქლდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. COVID-19-ის პანდემიას შედეგად მოჰყვა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დონის ზრდა. რასიზმი, შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია მძვინვარებს. კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაკარგვისა და დაბინძურების სამმაგი პლანეტარული კრიზისიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დაცვის ახალი გამოწვევები ჩნდება. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ რა საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს ზოგიერთი ახალი ტექნოლოგია. განსაცდელის დრო მოგვიწოდებს, განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება ადამიანის ყველა უფლების მიმართ, მათ შორის, სამოქალაქო, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უფლებების ჩათვლით,” – აცხადებს გუტიერესი.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც გამოეხმაურა და განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების შესავალში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს იმ ძირითად გამოწვევებს, რომლებიც, აპარატის შეფასებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას აფერხებს.
განცხადებაში განხილულია, როგორც პრობლემური, ასევე – მისასალმებელი საკითხები.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი აფასებს თანასწორობის პრინციპების დაცვის მიმართულებით მდგომარეობასაც. განცხადების მიხედვით, 2022 წელს არსებითი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. კვლავ გამოწვევად რჩება ერთიანი სახელმწიფო ხედვის და პოლიტიკის არ არსებობა, რაც ხელს შეუწყობდა თანასწორუფლებიანობის მიღწევას ქვეყანაში. მაგალითისთვის, ადამიანის უფლებების 2022-2030 წლების სტრატეგიაში ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ნაკლებად ვხვდებით მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერ განცხადებებს. ამის საპირისპიროდ, არაერთ დისკრიმინაციულ გამონათქვამის და მოწოდების მაგალითები ყოფილა.
სახალხო დამცველის აპარატის მიხედვით, გამოწვევად რჩება:
- პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება;
- პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტზე ობიექტური რეაგირება;
- სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლებააღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა;
- პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური იერარქია, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად;
- თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, მათ შორის, სისტემური პრობლემა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკით ვლინდება;
- პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები. როგორიცაა ძველი ინფრასტრუქტურა, სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის სუსტი კავშირები, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა;
- პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშემწყობი პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობის დონეზე პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე არაეფექტური რეაგირება, ძალადობის გამეორების რისკის არასათანადო შეფასება და პრევენციული ღონისძიებების არაეფექტიანობა, მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობა და გაუმართაობა;
- ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები;
- უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არ არსებობა და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა;
- რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრობლემური პრაქტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასა და მანდატთან დაკავშირებული ხარვეზები;
- ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუტის განსაზღვრის სოციალურ მოდელზე არგადასვლა, რომელიც, გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ, სოციალურ ფაქტორებზე და მორგებული იქნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ასევე, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი;
- 2018 წლიდან სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი მოსახლეობის დაბერების საკითხებზე, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და ერთიანი რეგულირების არარსებობა;
- საკვებზე უფლების რეალიზაციის კუთხით სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2022 წელს ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში ამ უფლების რეალიზაციის კუთხით ბევრი გამოწვევის არსებობა. ბევრ შემთხვევაში უფასო სასადილო განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე და ხანდახან 30 კილომეტრზე უწევთ გადაადგილება.
სახალხო დამცველი მიესალმება 2021 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებისას პაციენტის სამართლებრივი სტატუსის გადახედვის აუცილებლობა გაიწერა. თუმცა, აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები პრაქტიკაში სრულად უგულებელყოფილია;
განცხადების მიხედვით, მისასალმებელია, რომ 2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და ცვლილებები შეიტანა შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულებაში, რომლის საფუძველზეც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადა 20 წლიდან 15 წლამდე შემცირდა;
ამასთან, ომბუდსმენი მიესალმება იუსტიციის სამინისტროს მიერ პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესს და სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის გათვალისწინების პოზიტიური ტენდენციას;
სახალხო დამცველი ამბობს იმასაც, რომ მისასალმებელია სახელმწიფოს ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმებისთვის და ექთნებისთვის დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, თუმცა ნამდვილად არაა საკმარისი.
“ამ ეტაპამდე მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა სამწუხაროდ არ არის მიმართული სიღარიბის დაძლევისაკენ არამედ ძირითადად მიმართულია მხოლოდ მინიმალური საჭიროებების მყისიერ დაკმაყოფილებაზე”, – აღნიშნავს ომბუდსმენი.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების სოციალური დახმარება 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი და საგანმანათლებლო პროცესის მიტოვების შემთხვევაში მიზეზების დეტალური მოკვლევა და ოჯახებთან მუშაობა. გარდა ამისა, ომბუდსმენი დადებითად აფასებს ქვეყანაში დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებას, რაც მისი წლების განმავლობაში განმეორებადი რეკომენდაცია იყო.
Don't Miss
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა
კატო მიქელაძის სახელობის პრემია ქალი უფლებადამცველებისთვის „ქალთა ფონდმა საქართველოში“ 2013 წელს დააწესა. კონკურსი ყოვეწლიურია და მიზნად ისახავს საქართველოში მომუშავე
24 დეკემბერს თბილისის ანგლიკანური ეკლესიის სამრევლო საშობაო ღვთისმსახურებას დაესწრო. წმინდა ნინოს სახელობის ანგლიკანური/ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში 2018 წლის 21
საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 2022 წლის 8 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება და პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი 1 დეკემბრამდე, კენჭისყრის გზით უნდა შეარჩიოს.
სახალხო დამცველობის კანდიდატების სია 19 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორის სამი ადამიანი — ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს.
ქვიარმა სახალხო დამცველობის კანდიდატებს ერთი და იმავე სტრუქტურის კითხვებით მიმართა და ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებით მათი ხედვა და შეფასებები უკვე გაგიზიარათ. ამ სტატიაში კი წაიკითხავთ მათ მოსაზრებებს ფემიციდთან და უსახლკარობის პრობლემასთან დაკავშირებით.
19 კანდიდატიდან ორმა, ქეთევან ჩაჩავამ და თინათინ ერქვანიამ ჩვენს შეკითხვებს წერილობით უპასუხეს, 16-თან სატელეფონო ინტერვიუები შედგა. ერთ-ერთ კანდიდატს, ნიკოლოზ ნიკოლაძეს ქვიარი მთელი კვირის განმავლობაში ეკონტაქტებოდა, თუმცა ინტერვიუს არაერთხელ გადადების შემდეგ, ნიკოლაძემ გვითხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასაუბრებას ვერ შეძლებდა და ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა, ამიტომ მის პასუხები სტატიაში არ ასახულა. გარდა ამისა, სტატიაზე მუშაობის პერიოდში კიდევ ერთმა კანდიდატმა, ჯემალ ნათელაშვილმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოითხოვა, ამიტომ მისი პასუხები მასალაში ასევე არ აისახა.
მითითება: სტატიაში გაჟღერებული სექსისტური, სტერეოტიპული შეხედულებები არ გამოხატავს ქვიარის პოზიციას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საკითხებზე სახალხო დამცველობის კანდიდატების აზრი არის საჯარო ინტერესის საგანი, მათ უცვლელად გთავაზობთ.
როგორია თქვენი ხედვა ფემიციდის შემთხვევებზე რეაგირების მიმართულებით, ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებისთვის რა სახის ძალისხმევაა საჭირო?
ანა აბაშიძე: ჩვენ ბევრი წელია არასწორ მეთოდს მივმართავთ უთანასწორობასთან საბრძოლველად და უთანასწორობის ყველაზე მწვავე გამოხატულება არის ფემიციდი. ჩვენი ქვეყანა ძირითადად ორიენტირებულია სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებაზე, დასჯაზე, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მხოლოდ ეს არის შენი გამოსავალი, გარანტირებულად წარუმატებელი ხარ. შენ შეიძლება დასაჯო ადამიანი, რომელმაც უკვე გაანადგურა სიცოცხლე, მაგრამ ვერასდროს იქნები მშვიდად და ვერ იფიქრებ, რომ ამის გამო სხვა ადამიანი თავს შეიკავებს დანაშაულის ჩადენისგან. თეორია ამის შესახებ კარგად შესწავლილია, არსებობს პრევენციის სხვადასხვა დონე, სულ მცირე სამი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. სისხლის სამართლის პრაქტიკა არის ბოლო, მესამე დონე, რომელიც, მათ შორის, პრევენციისთვისაც გამოიყენება, მაგრამ მასზე უფრო მნიშვნელოვანი არის პირველი და მეორე დონის პრევენცია. პირველი, ეს არის პერიოდულად ვიკვლიოთ საზოგადოებრივი განწყობები, რათა შევხედოთ, პროგრესი არსებობს? რა შეიცვალა? რა კუთხით შეიცვალა? სად არის უფრო მეტი სამუშაო და ა.შ., ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული ნებისმიერი სამსახურის სამუშაო. მეორე დონე, რომელიც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, არის ადრეული პრევენცია. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც სახელმწიფოსთვის არის ცნობილი, რომ არსებობს გარკვეული დისფუნქციური ურთიერთობები, ადამიანი იმყოფება საშიშ გარემოში, რომელიც არ აღწევს იმ დონეს, რომ პირობითად ფიზიკური ძალადობის ან ფემიციდის რისკი იყოს, მაგრამ არის ძალადობრივი ნიშნები და ეს სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის, სად და როგორ არის. მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაშიც შეუძლია სახელმწიფოსგან მიიღოს მხარდაჭერა და გაეცალოს იმ გარემოს, რომელიც მისთვის სარისკოა. არა მძიმე შემთხვევებზე, არამედ სარისკო შემთხვევებზე უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ყველაზე მეტი რესურსი, რომელსაც დაახარჯავს მოქალაქეს, ვინც არ უნდა იყოს ის. ამ ნაწილში გვიჭირს ყველაზე მეტად, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს ხარისხიანი და არსებითი მხარდამჭერი მომსახურებები, ვგულისხმობ ფინანსურსაც, ფსიქო-ემოციურს, უსაფრთხოების თვალსაზრისით და სოციალურს. ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს და ძირითადად ვიყენებთ მძიმე შემთხვევებში, როდესაც უკვე ადამიანი თუ გადარჩა, მიმართავს სახელმწიფოს და სამწუხაროდ ძალიან ბევრია, ვინც ვერ გადარჩა და უბრალოდ ვერასდროს ისარგებლა სახელმწიფოს მხარდაჭერით. გამოსავალი პრობლემის ჰოლისტური მიდგომით გადაჭრაა. ასევე, ფემიციდი არ არის ჰომოგენური, ქალები ყველა ერთნაირები არ არიან. არ არის გამორიცხული, რომ ისინი კვლას დაექვემდებარონ მათი იდენტობის გამო, ორიენტაციის გამო, ესეც უნდა იცოდეს სახელმწიფომ. ოჯახში ძალადობა მხოლოდ სქესის გამო არ ხდება, ეს საკმაოდ რთული შემთხვევაა და შესაძლოა ადამიანს რამდენიმე იდენტობა ჰქონდეს, რის გამოც ის დასაჯონ. სწორი პოლიტიკის განსახორციელებლად სახელმწიფომ ეს უნდა იცოდეს და შესატყვისი მხარდამჭერი სერვისები, რაც მას აქვს, ასევე უნდა იყოს ორიენტირებული ყველა ქალზე, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდნენ სხვადასხვა ჯგუფს.
მარიკა არევაძე: ფემიციდი ნამდვილად დიდი პრობლემაა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც არსებობს, ჯანსაღად აღსრულდეს. მაგალითად, არსებობს შესაძლებლობა, რომ მოძალადის მიმართ იქნეს გამოყენებული ელექტრონული სამაჯური, რომელიც ჩემი ინფორმაციით, პრაქტიკაში არ არის დანერგილი. ეს იქნება კარგი პრევენცია, რომელიც ქალებს მეტად დაიცავს. მეორე მხრივ, სამუშაოა იმ საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომლის მიმართულებითაც შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ, მაგრამ დღემდე არ არის კანონმდებლობაში ასახული, ამასთან, ის კანონი, რაც უკვე გვაქვს, სათანადოდ უნდა აღსრულდეს. ასევე, საგამოძიებო ორგანოების, პოლიციის მხრიდან რეაგირება იყოს ადეკვატური, რომელიც გამოიხატება ყველა სტანდარტის დაცვაში, რაც ამ მიმართულებით არსებობს.
გიორგი ბურჯანაძე: სახალხო დამცველის უმთავრესი როლი ისაა, რომ მუდმივად მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფაქტები მიაწოდოს საზოგადოებას, აჩვენოს მდგომარეობა, რა გამოწვევები, რა ხარვეზებია, შეისწავლოს განაჩენები, წარმოაჩინოს პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ცალკე შესწავლის, სპეციალური მოპყრობის, მიდგომის საგანია. ბევრს აქვს განცდა, ვგულისხმობ კაცებს, რომ ქალზე ძალადობის უფლება აქვს, რადგან მან ის “შეარცხვინა”, “სუსტის” დაჩაგვრის უფლება აქვს და ეს მენტალობაში იმდენად გამჯდარია, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, რომ კაცებიც და ქალებიც ვართ სუსტები თუ ძლიერები და ძლიერმა სუსტი არ უნდა ჩაგროს. მთავარი არის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები, ბავშვებს უნდა ავუხსნათ და 10 წლის მერე ბევრად მცირე პრობლემა გვექნება. ასევე, როგორც კი ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდება, აქტიურად უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, ქალმა დააფიქსირა, რომ ძალადობის მსხვერპლია, კარგად უნდა ამოქმედდეს მექანიზმები, მაგალითისთვის, ელექტრონული სამაჯური ძალიან მცირე შემთხვევებისას გამოიყენება ჩვენთან, არადა, ძალიან კარგი მექანიზმია, მაგრამ წინა წელს მხოლოდ 20-მდე შემთხვევაში გვაქვს გამოყენებული. შსს ამბობს, რომ ქალები თანხმობას არ გამოხატავენ ხოლმეო. ვფიქრობ, აქ სათანადოდ ახსნის პრობლემაა, პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია. ასევე, ასეთი შემთხვევების დროს ადამიანის მკაცრ პასუხისგებაში მიცემა — მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება და ნულოვანი ტოლერანტობა.
ლელა გაფრინდაშვილი: ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტი მონაცემები გვქონდეს, ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ქალიც რომ კვდებოდეს მისი გენდერის ნიშნით, ამაზე არ უნდა რეაგირებდეს სახალხო დამცველი. საბედნიეროდ, ადამიანის სიცოცხლის კალკულაცია რაოდენობით არ შეიძლება და სახალხო დამცველი მხოლოდ ციფრებს არ უნდა იშველიებდეს, როდესაც ფემიციდზე საუბრობს, მაგრამ ციფრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ პრობლემის სიღრმე, პრობლემის სერიოზულობა შევიტანოთ პოლიტიკურ დღის წესრიგში. ვგულისხმობ, თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებებს ამ მიმართულებით. ოჯახში ძალადობის კანონი თუ არ მუშაობს და მაინც ფემიციდის საშინელი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში, მაშინ უნდა გამკაცრდეს ან დამატებით რაღაც მუხლები დაემატოს ან სპეციალური კანონი შეიქმნას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი სურათის ჩვენება. ამ სურათზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ არის შემთხვევები, რომლებიც საერთოდ არ ხვდება არავითარ სტატისტიკაში. კვლევებზე როცა ვსაუბრობ, მხოლოდ რაოდენობრივს არ ვგულისხმობ, მე ვსაუბრობ თვისებრივ კვლევებზე და სახალხო დამცველი პირადად უნდა აღმოაჩენდეს, პირადად უნდა იყოს დაინტერესებული იმ შემთხვევებით, რომლებიც საგანგებოდ იმალება, უნდა ტეხდეს განგაშს და პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ თემების შემოტანაზე უნდა ზრუნავდეს.
სოფიო დემეტრაშვილი: სახალხო დამცველს 6-წლიანი ვადა აქვს და პირველი, რასაც გავაკეთებ, არის საზოგადოებრივი საბჭოების, გაერთიანებების შექმნა, რადგან უმნიშვნელოვანესია, რომ ხალხმა გაიგოს, მათი თანამონაწილეობა იქნება აუცილებელი. უნდა მოხდეს მყისიერად ინფორმაციის მოპოვება და შემდეგ, როცა საზოგადოება იქნება მართვაში ჩართული და გარკვეული პრობლემების მოგვარებაში, რა თქმა უნდა, ეს პრობლემები ძალიან სწრაფად, ოპერატიულად აღმოიფხვრება. ხალხი უნდა იღებდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას, მათ შორის, ამ გაერთიანებებში ჩართული უნდა იყვნენ სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები. ყველა მიმართულებით უნდა შეიქმნას ეს საბჭოები.
თინათინ ერქვანია: ძალიან რთული საკითხია და უმძიმესი პრობლემაა, რაც განპირობებულია ალბათ კვლავ ქალის უფლებრივი სტატუსის გაუთვითცნობიერებლობით და მისი ჩაგვრით… ამის მიზეზი კვლავ გაუნათლებლობაა… უპირველესად, ალბათ მოქმედი კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და შემდეგ თუ ამავდროულად, მენტალიტეტიც. ზოგადად, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს საკანონმდებლო დონეზე და წლიდან წლამდე იცვლება მოქმედი კანონმდებლობა. მიუხედავად ამისა, არის საკითხები, რომლებიც გადახედვას და დამატებით რეგულაციას საჭიროებს. ეს მიმართულებაც ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ჩემზე გაკეთდება არჩევანი და გავხდები სახალხო დამცველი.
ევგენია თავაძე: პრობლემის გადაჭრა ისევ ისე, ადამიანზეა დამოკიდებული, რომელიც არის ჩაგრული, დევნილი, შევიწროებული, უფლებებჩამორთმეული. შედეგი, პირველ რიგში, ადამიანის ძალისხმევაზეა დამოკიდებული, შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულად ჩარევაზე. თუ ამას შედეგი არ მოაქვს, შემდეგ უკვე ომბუდსმენი, პარლამენტი ქმნიან საბჭოებს, სადაც ადამიანები ხსნიან უფრო დეტალებში თავიანთ შესახებ. რადგან სასამართლო ამას ყოველთვის ვერ პასუხობს, ესე იგი ადამიანმა ეს უნდა გაიაროს, ეს ეტაპები, რათა ფემიციდს ებრძოლოს. რა თქმა უნდა, ისიც არის გასათვალისწინებელი, რაც ევროკომისიამ გამოგზავნა, ის პუნქტები, ეს ადვილი შესასრულებელია, ამაზე დაიწყეს მუშაობა, მაგრამ ეს თავად ადამიანის ძალისხმევაზეა, როგორ აზროვნებს, საჩივარს როგორ აყალიბებს, როგორ კოორდინირებულად ერთვება ამაში, აი, ეს არის. რა თქმა უნდა, აქ მედიაც არის, აქ არის ურთიერთობები უფრო ქვედა რგოლში და სამართალდამცავებთან ურთიერთობა, რომ სწორი გზავნილები იყოს, რა მოუვიდა, ამას აქვს მნიშვნელობა, ჩამოყალიბებას.
ალექსანდრე კობაიძე: ფემიციდი არის ძალიან ტრაგიკული ჩვენს ქვეყანაში, ალბათ ეს იმით არის განპირობებული, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს მოქალაქეებზე. სახელმწიფო რომ ზრუნავდეს, აღარ იქნებოდა გენდერის ნიშნით დანაშაულები თუნდაც ოჯახში იმიტომ, რომ მეტი პროპაგანდა, რომ ქალსა და კაცს აქვთ ერთი და იგივე უფლებები და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მეტი ჩართულობა მოწყვლად ჯგუფებთან შედეგს გამოიღებს. სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ სჯის, ეს არის ტრაგედია, რადგან ამ შემთხვევაში ხშირად ისჯება თავად მსხვერპლიც და რატომ — თითქმის არ გადის დღე, რომ არ შემომივიდეს საქმე, რომელიც ეხება ოჯახში ძალადობას, რომელიც გენდერთან არის კავშირში, გამოძიების შედეგად, კაცი მიდის ციხეში და ქალი იცით რას აკეთებს? ცდილობს ყველანაირად, რომ გამოიყვანოს მეუღლე, ასეთი უკიდურესი მდგომარეობა არსებობს ჩვენს რეალობაში. ამიტომ, ჩემი შეფასებით, სახელმწიფომ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი პრევენციის მიმართულებით, მოწყვლად ჯგუფებთან, ოჯახებთან, რომლებიც არიან შედარებით დაბალი სოციალური სტატუსის მქონე, რადგან ხშირად ძალადობის შემთხვევები ასეთ ოჯახებში უფრო ხშირია და შესაბამისად, აქ მეტად უნდა იმუშაონ, რათა პრობლემის წინაშე არ დადგეს როგორც მსხვერპლი, ასევე ე.წ. მოძალადე. პრევენციისთვის სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა ჩაერიოს, ეს იქნება სხვადასხვა პროპაგანდით, მისვლით და საუბრებით და ათასი მექანიზმი არსებობს, რომლებსაც სახელმწიფო არ იყენებს, არადა ჩვენი პირდაპირი, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებაა. ასეთი მიდგომა აქვს პროკურატურას, რომ ყველანი ციხეში, აი, არ არსებობს ქალი რომ იძახის, რომ ეგრე იყო, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული სტანდარტი ქრება ეგრევე და ყველას იჭერენ. ეფექტიანად კი ხდება ეს პროცესი, მაგრამ შედეგზე ვერ გავდივართ, რადგან სახელმწიფო დასჯის მეტს არაფერს აკეთებს, არც ქალთან, არც კაცთან არ მუშაობს. არსებობს შემთხვევები, როცა კაცი გამოდის ციხიდან და კლავს ქალს. სახელმწიფომ მეტად უნდა იმუშაოს თუნდაც სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, სხვა ბერკეტების გააქტიურებით.
ლევან კოკორაშვილი: ეგ უმთავრესი პრობლემაა, აქ საზოგადოების განათლებაშია საქმე, საზოგადოება არ არის იმ დონეზე განვითარებული, ვგულისხმობ მამაკაცებს, რომ გააცნობიერონ, რომ ქალები იგივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებაში და ოჯახშიც, სხვათა შორის. მოკლედ, ერთ-ერთი მიმართულება არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.
ნუგზარ კოხრეიძე: მე გაწერილი მაქვს გეგმა და ვთვლი, რომ ფემიციდთან დაკავშირებით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს და მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, რადგან საზოგადოებაში მაინც არ ხდება გააზრება, ასე ვთქვათ, აპათიურია, ჩვენ უნდა ავამაღლოთ ცნობიერება, რას ნიშნავს ფემიციდი, რა განსხვავებები არსებობს. ორივე მიმართულებით — სისხლის სამართლის და საგანმანათლებლო მიმართულებით უნდა გააქტიურდეს მუშაობა.
გიორგი მარიამიძე: იურიდიულად რომ მივუდგეთ, ტერმინი ფემიციდი იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენთან გამოიყენება, არის არასწორი. თქვენ მე დამისახელებთ შემთხვევას, როცა ქუჩაში მიმავალი უცხო მამაკაცი უცხო ქალს მივარდა და სცემა, გალახა თუ სიცოცხლე მოუსპო? ასეთი შემთხვევა ძირითადად არ არსებობს ქართულ რეალობაში. ჩვენ თუ რაღაცა სიტყვას “-ციდს” ვუმატებთ, მაგალითად, გენოციდი, ეს არის ორგანიზებული, მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია რაღაც ჯგუფის მიმართ, როგორიც იყო ებრაელების გენოციდი, რაც შეეხება ფემიციდს, ფემიციდში უნდა ვიგულისხმოთ ქალების მიზანმიმართული, ორგანიზებული მკვლელობები კაცების მიერ. ეს არა გვაქვს ჩვენ. ეს არის ოჯახური ძალადობის თანმდევი მოვლენები, ჩვენ პრობლემა გვაქვს ოჯახის შიგნით, გარკვეული ნათესაობის მქონე ადამიანებს შორის, ამიტომ ეს ვერ იქნება ფემიციდი, არსშივე არასწორია მიდგომა. თუ ასე გავყვებით, გამოგვდის რომ ყველა კაცი არის მოძალადე. დამკვიდრებულია, რომ კაცები საშიშები არიან, ქალები კი ცოდოები. ასეთი მიდგომა სადამდე მიგვიყვანს, არ ვიცი. მაშინ ქალაქი უნდა გავყოთ შუაში, გავავლოთ დიდი მესერი და ვთქვათ, რომ რადგან საქართველოში ფემიციდი მძვინვარებს, როგორც პანდემია იყო, მოდი, ავაშენოთ ეს კედელი, უფრო სწორად კედლის აშენება არ გვინდა, აი, მტკვარი, ბუნებრივი საზღვარი, კაცები გადავრეკოთ იქით, ქალები გადმოვრეკოთ აქეთ და შუაში ჩავაყენოთ პოლიცია, ქალების მხარეს იდგეს ქალი პოლიცია და კაცების მხარეს კაცი პოლიცია და ალბათ შუაში პიტბულის ძაღლები და ასე ვიცხოვროთ?! ჩვენ გვესმის მეზობლებისგან წივილი, ყვირილი, გამოვარდნილები ცოლი ქმარს მისდევს, ქმარი ცოლს მისდევს, ასე შემდეგ, ამაზე რეაგირებას არავინ ახდენს, რატომ? ან ერთი მხარის ეშინიათ ან მეორე მხარის ან პოლიციის, რომ ყველას დაიჭერს ან უნდა აყურყუტონ საათობით. ადამიანები ისეთი გადაღლილები არიან, რომ ეს დამატებითი ტვირთი აღარ უნდათ. მოქალაქეები კი არა, ჩემს პრაქტიკაში მქონია შემთხვევა, რომ პოლიციელი არ წერს ახსნა-განმარტებას მარტო იმიტომ, რომ „ოჰ, მერე ახლა მატარე სასამართლოში”. ჩვენ ოჯახის ინსტიტუტს კი არ უნდა ვებრძოლოთ, რაც ასე ჩანს აი, ამ ფემიციდზე მოსაუბრე, ქალთა უფლებებზე მოსაუბრე ადამიანებისგან, სხვადასხვა ორგანიზაციებისგან, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება საზოგადოებაში, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ქორწინებას, ოჯახის ინსტიტუტს და უნდათ, რომ ეს დაინგრეს, სხვა ვერაფრით აიხსნება. აი, არის ასეთი ორგანიზაცია, იმეებით ყვირიან, რომ ჩემი ფუჩუ მე უნდა მეკუთვნოდეს, ჩემი სხეული ჩემი საკუთრებაა, აი, რა არის ასეთი რადიკალური მიდგომა, რომ მოუწოდებ საზოგადოებას არ გათხოვდეთ, არ გახდეთ ქმრების მონები, ამით დავიცავთ თავს?! პირიქით, ეს ხომ უფრო პროვოკაციაა, ადამიანებს აქეზებ. ყველას ხომ არ ეყოფა ახლა, ყველა, მაგალითად, გიორგი მარიამიძე ხომ არ არის, რომელიც დაფიქრდება ამ ყველაფერზე და იტყვის, რომ არა, ხალხო, მიუხედავად მაგ ყველაფრისა, ასე ვთქვათ, დავფიქრდეთ, ხომ. ყველა მოწყალე სამარიტელის პრინციპით ხომ არ მიუდგება, რომ მტერი შენი მოყვარეა და რაც არ უნდა მტერი იყოს, განსხვავებული რელიგიის და ასე შემდეგ, დავრდომილს რომ ნახავ მაინც უნდა მიეხმარო. ასე რომ იყოს, სალაპარაკოც არ გვექნებოდა, ასე რომ, ისე უნდა ვიცხოვროთ საზოგადოებაში, რომ ერთმანეთი არ გავაღიზიანოთ, ასე ვთქვათ, დავიცვათ ერთმანეთი. […] ვთავაზობ საზოგადოებასაც, იქნებ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაც ნორმები თავიდანვე დავარეგულიროთ, უნდა გავარკვიოთ, რა იწვევს კონფლიქტს ოჯახში და მერე ასეთ მიზეზებს დავაჯგუფებთ და საქორწინო კონტრაქტშიც ჩაიწერება, რომ შენ რომ გინდა, ექიმი ცოლი გყავდეს, შესაბამისად უნდა შეეგუო ფაქტს, რომ იმას მოუწევს ღამის მორიგეობები, ოპერაციებზე ყოფნა. მეორე საკითხი, თუ შენ მოგყავს დასაქმებული ქალბატონი, რომელიც რაიმე დაწესებულებას უძღვება, მაგალითად, ესთეტიკურ ცენტრს, ეს მოითხოვს, რომ მომზიდველად გამოიყურებოდეს, რათა მიიზიდოს კლიენტურა, იმ ქალბატონმა ცოტა მოკლეც უნდა ჩაიცვას, ცოტა უფრო მეტად გაიპრანჭოს და ასე შემდეგ, ეს მისი სამსახურის ნაწილია, მაშინ რაღა აუცილებელია ამ კაცმა ასეთი ქალბატონი მოიყვანოს, მაშინ წავიდეს და უფრო რაღაცა ტრადიციული ოჯახიდან მოიყვანოს, რომელიც რაღაც თავწაკრული იქნება, ასე ვთქვათ, წინსაფრიანი იქნება და 24 საათი იფიქრებს, რა გემრიელი გაუკეთოს ქმარს. ამიტომ, კონტრაქტშიც ჩაიწერება, რომ აი, მე ეს მისწრაფება მაქვს, ეს სისუსტე, ძლიერი მხარე, აი, მოიყვანენ ანგელოზივით გოგოს და მერე არ ზრუნავენ, რომ იმას ჩაცმა უნდა, გავლა უნდა, მოდელს რომ მოიყვან ცოლად ან ძალიან კარგი შეხედულების გოგოს ან, ასე ვთქვათ, გარკვეული ამბიციების ადამიანს, იმას სხვანაირი ჩაცმა უნდა და შენ თუ ვერ აძლევ, მაშინ იმას უწევს მუშაობა და შენ გაკლდება, ამ ყველაფერს ხომ უნდა შეთანხმება. კონტრაქტის დადება სავალდებულო გავხადოთ.
ბევრი ოჯახური დავის მომსწრე ვყოფილვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ დავა მოგვარდეს სასამართლოს გარეშე, აყალმაყალის გარეშე. კაცები უფრო ერიდებიან კონფლიქტური სიტუაციის სასამართლოში გადატანას, ქალები უფრო ძალაობენ ხოლმე, რომ ეს დაკანონდება და გადაწყვეტილებას რომ ავიღებ, ხელში რომ მეჭირება, მერე ყურებით ვატარებ და არ არის ასე, ყურებით კი არ ატარებ, შეიძლება მოგიხტეს სახლში და ყელი გამოგჭრას, იმას კანონი ვერ დაიჭერს.
სერგო მახარაძე: ფემიციდის შემცირების ერთ-ერთ გზად ცნობიერების ამაღლება მიმაჩნია ამ და დაკავშირებულ საკითხებზე. ხალხთან ურთიერთობა, სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვაა საჭირო, რადგან ეს ისეთი ურთიერთდაკავშირებული ყოფითი თემებია, რომ ჩემი აზრით, განცალკევება და მხოლოდ ერთ საკითხზე მსჯელობა მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ, უნდა მოხდეს კომპლექსურად და სათანადო გამოკვლევის საფუძველზე.
მაკა მინდიაშვილი: ეს არის ქალების მკვლელობა, ხომ? აი, მანდ ვარ ზუსტად, პრევენცია უნდა მოხდეს ყველა პრობლემის, ანუ ძირფესვიანად შესწავლა უნდა მოხდეს. ფემიციდი რის საფუძველზე ხდება? როცა ადამიანები შეყვარებულები არიან, ფემიციდი არ მოხდება, ხომ ასეა? ანუ სიძულვილის ნიადაგზე ხდება, ალკოჰოლური თრობის ნიადაგზე ხდება, ნარკოლოგიური და ნებისმიერი სხვა გარე ფაქტორის ზემოქმედების შემდეგ ხდება ფემიციდი, ხომ ასეა? თუნდაც ეჭვიანობის, ეჭვიანობის განსაკუთრებით, დღეს საზოგადოებაში, სამწუხაროდ, ქალებს ჰგონიათ, რომ მამაკაცზე მეტი უფლებები აქვთ, ზოგჯერ ისეთ რაღაცებს აკეთებენ, ნუ მოკლედ, გათხოვილი ქალები, ნუ არ ვიცი ახლა, არ არის სალაპარაკო თემა, მაგრამ სუსტი ნებისყოფის თუ თავშეუკავებლობის პრობლემაა, ვერ ვხვდები, ნუ, როცა ქალი თუ მამაკაცი გადაწყვეტს, რომ ოჯახი შექმნას, მას გარკვეულწილად რაღაცა უფლებამოვალეობები აკისრია, ხომ ასეა? საკუთარ თავთან პირველ რიგში და შემდეგ საზოგადოებასთან და შვილებთან. ამიტომ, თუ დავუშვათ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ფემიციდი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირკვეს ბრალეულობა. ახლა თქვენ რომ გღალატობდეთ მეუღლე, დავუშვათ, რას იზამთ? შეიძლება არ მოკლათ, მაგრამ ხომ ძალიან გაბრაზდებით? და შეიძლება გაიფიქროთ კიდეც [იცინის] ხომ ასეა? ძალიან მტკივნეული თემაა, მე მესმის ყველა იმ ადამიანის, ქალი იქნება ეს თუ კაცი. ნუ, ღალატი დაუშვებელია ჩემთვის. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს რა. როგორ არის იცით? თითოეულ ოჯახთან არის სამუშაო, ეს მარტო გლობალური პრობლემა არ არის.
ქეთევან ჩაჩავა: ფემიციდი იმდენად კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს, მას ერთი უწყება დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ გაუმკლავდება. ამისთვის საჭიროა ერთიანი, კონსტრუქციული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც აქტიურად იქნება ორიენტირებული არსებითი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. საჭიროა მრავალმხრივი და ერთდროული მუშაობა გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებაზე, არსებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სწორი კვალიფიკაციის მიცემაზე, ისევე, როგორც უკვე სასჯელის შეფარდების ეტაპზე პროპორციული სასჯელის განსაზღვრაზე. ამავდროულად, ძალისხმევა უნდა მივმართოთ საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების მსხვრევისა და ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებითაც.
გიორგი ცობეხია: ფემიციდის პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, სასკოლო განათლებაა მნიშვნელოვანი, აქედან უნდა დავიწყოთ. პრევენციისთვის კი ამ საკითხების აქტუალიზაცია, მაგრამ ჟურნალისტებს აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან, მათ შორის, გაშუქებამ შეიძლება წამახალისებელი ეფექტი იქონიოს, მაგრამ რთულია განსაზღვრა, სად გადის ზღვარი. ასე რომ, ეს არ არის მარტივი საკითხი და სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს, ვგულისხმობ იმას, რომ ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ეს პოლიტიკა უნდა შემუშავდეს ხელახლა.
იაგო ხვიჩია: ზოგადად, ნებისმიერი ტიპის დანაშაულს, იქნება ეს ძალადობა თუ ორგანიზებული ყაჩაღობა, სჭირდება დაფიქრება და ეს არ არის დაკავშირებული, რა ტიპის არის. ფემიციდთან დაკავშირებით რასაც მეკითხებით, ზოგადად ადამიანები ერთმანეთს კლავენ ბევრი სხვადასხვა მოტივით, მარტო ქალებს არ კლავენ, მამაკაცებსაც კლავენ, მოხუცებსაც, ძირითადად მამაკაცები კლავენ ერთმანეთს, როგორც წესი. არსებობს მეცნიერება, რომელიც ამის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს, რა შეიძლება იყოს, როგორ შეიძლება ეს შემცირდეს, არის კრიმინალისტიკა, კრიმინოლოგია, რომელიც ამ ყველაფერს სწავლობს, მაგრამ უფლებრივად ცალკე გამოყოფა, რომ ქალების მკვლელობის შემთხვევაში სხვა რამე უნდა ვაკეთოთ, კაცების შემთხვევაში სხვა და ბავშვების თუ მოხუცების შემთხვევაში სხვა რამე, სხვადასხვა პროფესიების მიხედვით კიდევ, ვთქვათ, პოლიციელის მკვლელობის შემთხვევაში ან ინჟინრის შემთხვევაში სხვანაირად, ეს მგონი საერთოდ სხვაგან წაგვიყვანს. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოება, სადაც ძალადობა არ არის წახალისებული და გარდაუვალად ისჯება. ასეთი წესრიგი სჭირდება იმას, რომ ნაკლები ფემიციდი მოხდეს, კაცებს შორის ნაკლები დაპირისპირება მოხდეს, მოხუცებს თუ ახალგაზრდებს შორის. ჩვენ ერთი ჯგუფისთვის განსაკუთრებით ზრუნვა რომ დავიწყოთ, მაშინ რა დააშავა დანარჩენმა, ეს ხომ სამართლის ლოგიკას ეწინააღმდეგება. ჩემი აზრით, ადამიანებზე უნდა ვიზრუნოთ თანაბრად, თანასწორად და უნდა ვეცადოთ, რომ არცერთი ადამიანის მკვლელობა არ დავუშვათ. ცხადია, ეს იდეალისტური მიზანია და მკვლელობები საზოგადოებაში ყოველთვის მოხდება, მაგრამ ჩვენი სისტემის მოწყობა უნდა იყოს ისეთი, რომ მკვლელობა მოხდეს ნაკლებად.
ნაზი ჯანეზაშვილი: ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას აქვს ძალიან ბევრი შრე. სახალხო დამცველის როლი ამ შემთხვევაშიც მართლმსაჯულებას უკავშირდება და ასეა ნებისმიერი უფლების რეალიზებისთვის. დიდი როლი და მნიშვნელობა სასამართლო ხელისუფლებას და ზოგადად მართლმსაჯულებას ენიჭება, ასევე, იქნებ ზედაპირულადაც ჩანდეს, მაგრამ აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა შესაბამის ორგანიზაციებთან. ის გზები, ის ნაბიჯები, რომლებიც აქამდე გადაიდგა, უნდა შეფასდეს, არის თუ არა ეფექტური, არის თუ არა მეტი სამუშაოები საჭირო. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უნდა გახადოს მეტად სენსიტიური ამ თემებზე. ფემიციდის რისკი შეიძლება დაუდგეს ნებისმიერ ქალს, დიასახლისს თუ კარიერულად შემდგარს, მაღალი თანამდებობის პირს თუ — არა, რადგან დღეს საქართველოში მძიმე ვითარებაა ამ მხრივ. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემის გადაჭრისთვის, სახელმწიფოს ჩართულობა უზრუნველყოფილი, პროვოცირებული უნდა იყოს სახალხო დამცველის მიერ. აქაც, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლების სათანადო მზაობაა, რათა მიმდინარე პროცესები წახალისების საფუძველი არ გახდეს. მუშაობა საჭიროა როგორც რეაგირების, ისე პრევენციის დონეზე, მოკლედ, ყველა მიმართულებით. სისტემური მუშაობით, ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება რაღაც მიიღწეს.
როგორ უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო უსახლკარობის პრობლემის გადასაჭრელად, როგორ გესახებათ ამ პროცესში სახალხო დამცველის თანამონაწილეობა?
ანა აბაშიძე: მე ყოველთვის ვამბობ, რომ სოციალური საკითხები და ადამიანების ყოველდღიური გამოწვევა უნდა იყოს ის დღის წესრიგი, რომლითაც უნდა იმუშაოს სახალხო დამცველმა და ერთ-ერთი ყველაზე მწვავე არის ღირსეული საცხოვრისის უფლების დარღვევა ჩვენს ქვეყანაში. ეს ხდება ძირითადად იმიტომ, რომ ზოგადად სოციალური პოლიტიკა ჩვენთან არ არის ორიენტირებული ადამიანზე და ის სრულყოფილად არ იძლევა გარანტიას, რომ ნებისმიერი მოქალაქე მეტ-ნაკლებად ღირსეულად ცხოვრობდეს. ბევრი ადამიანია, რომელსაც შია, რაღაცა აწუხებს, სტკივა და ელემენტარული მომსახურების მიღება არ შეუძლია. მათ რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც კარგავენ სამსახურს სხვადასხვა გამოწვევის გამო და რჩებიან სახლების გარეშე, ქუჩაში. ღირსეული საცხოვრისი არის ადამიანის უფლების საბაზისო ნაწილი, რომლის გარეშე და რომელზე საუბრის გარეშე შეუძლებელია სხვა თემებზე საუბარი, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა იყოს იმ საბაზისო უფლებებზე, რომლებიც ადამიანს გადარჩენისთვის სჭირდება, როგორიც არის საცხოვრისი, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. სახალხო დამცველი უნდა მუშაობდეს სოციალური პოლიტიკის კრიტიკაზე, უნდა სთავაზობდეს თავის გამოცდილებას, უნდა მუშაობდეს სახელმწიფოსთან ერთად ამ პროცესის გაუმჯობესებაზე და ამასთან, უნდა მუშაობდეს იმ ინდივიდუალურ შემთხვევებზე, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ, არიან ისინი თავშესაფარში თუ თავშესაფრის მაძიებლები. აქაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნდა იყოს ინტერსექციური მიდგომა, რადგან თავშესაფრის მაძიებლები არ არიან ერთგვაროვანი, მათ აქვთ მრავალფეროვანი გამოცდილება, საჭიროება და სახალხო დამცველიც ზუსტად ამ თვალით უნდა უყურებდეს.
მარიკა არევაძე: აუცილებელია ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და ამის ფარგლებში უსახლკარობის თუ სხვა ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, მათ შორის, ქალებსა და ლგბტქ ადამიანებს, იქნას დაძლეული ეტაპობრივად, თუმცა სწრაფი ტემპით, ამ მხრივაც ვგეგმავ, რომ აქტიურად ვიყო ჩართული შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობაში, ურთიერთობაში, რომ პოლიტიკა შემუშავდეს და აღსრულდეს.
გიორგი ბურჯანაძე: სპეციფიკურად შეიძლება რომელიმე ჯგუფთან მიმართებით არსებულ მდგომარეობას არ ვიცნობ, თუმცა ზოგადად უსახლკარობასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ დეფინიცია არის პრობლემური. საქართველოში კანონი გვაქვს, რომელიც გაუგებარ დეფინიციას შეიცავს. მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება უსახლკარო პირებზე ზრუნვის და ყველა მუნიციპალიტეტს თავისებურად აქვს და რაც საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული სტანდარტია, რომ ადამიანი უსახლკაროდ ჩაითვალოს, საქართველოში არსებულ მიდგომასთან შესაბამისობაში არ არის. უსახლკარო პირების რეალური საჭიროებების დაკმაყოფილება არ ხდება კანონმდებლობით და შესაძლოა, რეალურად საცხოვრისის საჭიროება გქონდეს, მაგრამ კანონი ვერ ფარავდეს ამ მიმართულებას. ამიტომ დავიწყეთ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა და გავასაჩივრეთ ბევრი მუნიციპალიტეტის კანონქვემდებარე აქტი და კანონი, რომელიც პარლამენტს აქვს მიღებული და ვდავობთ ღირსებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსება ილახება მაშინ, როცა უსახლკაროდ არის და სახელმწიფო დისკრიმინაციულად მოქმედებს, როცა ერთ კატეგორიას აძლევს სტატუსს და მეორეს — არა. საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ წლებია გასაჩივრებულია.
ლელა გაფრინდაშვილი: საცხოვრისის უფლება არის ფუნდამენტური. მეც მწერენ ამ საკითხებზე. სახალხო დამცველს ბევრი მექანიზმი აქვს, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხის აქტუალურად ქცევაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია და ისევ და ისევ გავიმეორებ, ზოგადი სურათი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს საკუთარი შეხედულების შეცვლის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით უნდა დავანახოთ, რომ დიახ, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგან აი, ასეთი სურათია და სახელმწიფომ უნდა გააუმჯობესოს.
სოფიო დემეტრაშვილი: სწორედ ამ პრობლემებს ვაწყდებოდი 10 და მეტი წელი, როცა საჯარო სამსახურში ვმუშაობდი და ყოველდღიურადაც, არა მარტო უსახლკარობის, არამედ სოციალურ ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების მიმართულებითაც, რომლებიც ქუჩაში არიან დარჩენილი ან ერთმანეთს შეფარებული ან შეფარებულები არიან ერთი მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ქონებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ ქონებას, შეჭრილები არიან უკანონოდ. ანალოგიური პრობლემა გვაქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართებით, ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ შევარდნაძისდროინდელი პოლიტიკის არარსებობის გამო გვქონდა. სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ იყო მზად ამდენი ადამიანის შემოდინებისთვის, სიდუხჭირე 90-იანი წლებიდან მოგვყვება. იმ პირებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ქონება და ფლობენ ამ ქონებას წლების განმავლობაში, ეს ქონება უნდა დაუმტკიცდეთ საკუთრებაში. კანონი გვეუბნება, რომ თუ მიწის ნაკვეთზე შენობა 2007 წლამდე იდგა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექვემდებარება რეგისტრაციას. არასწორია, 2022 წელია და ეს თარიღი უნდა გადმოიწიოს აქეთ. ტერიტორია განვითარდა, ქალაქი გაფართოვდა. ადამიანებს, რომლებსაც საკუთრება არ გააჩნიათ და შეფარებულნი არიან სხვის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ აქვთ, როგორიცაა ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, წყალი, კომუნიკაციები, არაფერი გააჩნიათ. 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება სახელმწიფოში იდგეს ეს პრობლემა. სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ეს ყველაფერი. საშინელი მდგომარეობაა რეგიონებში და კიდევ უფრო მეტი სიმძიმით. სახელმწიფოს პოლიტიკა, სტრატეგია უნდა ჰქონდეს, მცდელობა არის, მაგრამ არასათანადო.
თინათინ ერქვანია: უსახლკაროთა და განსაკუთრებით, ხანდაზმულთა სოციალური სტატუსი და უფლებები ჩემთვის მეცნიერული კვლევის საგანია. ზოგადად, ჩემი კვლევის საგანია სოციალური სახელმწიფოს პრინციპი (2017 წლიდან უკვე აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით) და მისი განხორციელების სტანდარტები საქართველოში. საერთოდ, რთულია განისაზღვროს, თუ რამდენად სოციალური უნდა იყოს სახელმწიფო. არის სოციალური დახმარებების სისტემა სახელმწიფოს მიერ გამოხატული მხოლოდ კეთილი ნება თუ იმ პოზიტიური ვალდებულების განხორციელება, რომელსაც სოციალური სახელმწიფოს პრინციპი მოიცავს? და ა.შ. კიდევ არის ბევრი სამართლებრივი ნიუანსი, რაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. ზოგადად, ხანდაზმულთა თავშესაფრები უნდა არსებობდეს და საერთოდ, ხანდაზმულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი თვითმმართველობის კომპეტენციაა სადღეისოდ საქართველოში, რაც შეიძლება პრობლემური იყოს. ჩემი უშუალო პრიორიტეტი იქნება, ამ თვალსაზრისით ზრუნვა ხანდაზმულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხის მოსაგვარებლად.
ევგენია თავაძე: რა თქმა უნდა, აუცილებელია სტატისტიკის შეგროვება ინდივიდუალური შემთხვევების, რასაც ჩვენ სტუდქალაქის ტერიტორიაზე ვხედავთ და არის რამდენიმე ასეთი ტერიტორია, რადგან შეიძლება გაორებაც მოხდეს და არის ესე, სქემა ყალიბდება, გაყალბებაც ხდება და ასევე კორუფციულ გარიგებაში ერთვებიან გარკვეული სტრუქტურები. აი, ამის გაკონტროლებაა საჭირო, რომ ის ადამიანი, რომელიც უბინაოდ არის, ერთი ბინის ფასი შესაძლებლობა ეძლეოდეს ესეთ ადამიანს, გაკონტროლდეს და დაცული იყოს. სწორედ ეს არის, უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და დევნილთა სამინისტროსთან ურთიერთობა, კულტურის სამინისტროსთან, ე.ი ეს არის ომბუდსმენის კოორდინირებული მუშაობა — სტატისტიკის შეგროვება, გადამოწმება და უზრუნველყოფაში მონაწილეობა მათი უფლებების აღდგენაში ბინის ფართთან და შრომის უფლებებთან. აი, ეს არის სახელმწიფო, ამაზე დგას სახელმწიფო. აქტიური მუშაობაა საჭირო, მაგრამ ვინც ფართის გარეშეა, იმის ძალისხმევაც.
ალექსანდრე კობაიძე: ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ისაა, რომ ყველა — ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა გარბის ქვეყნიდან. სამეგობროში რომ გავიხედოთ, ყველგან არის ეს პრობლემა. ამის მიზეზი ისაა, რომ პირველ რიგში, თავს გრძნობენ უღირსად და დაუცველად. უღირსად სამსახურში, მაგალითად, რადგან სათანადო ხელფასს ვერ იღებენ, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენენ, რადგან შერჩევითი სამართალია, ბანკების პრობლემაა, ოდნავ თუ გადაგიცდა, მთელი ცხოვრება ბანკზე ხარ დამოკიდებული და მთელი ცხოვრება იმას ემსახურები, რომ ბანკი არ დაგეწიოს, რათა არ დაგემუქროს უსახლკარობა. ათასი სხვა სოციალური პრობლემაა, ამიტომ ამ ყოველივეში სახალხო დამცველს აქვს გადამწყვეტი როლი. აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტების შემუშავება, რომ, მაგალითად, არ ხდებოდეს გამოსახლებები, როდესაც მას აქვს ერთი საცხოვრებელი სახლი, ასევე, უნდა არსებობდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრები. ამაზე არავინ ზრუნავს, არავინ ზრუნავს ნარკოდამოკიდებულებზე, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე. უნდა იყოს შესაბამისი პროგრამები, რეაბილიტაცია უნდა ხდებოდეს ხალხის, ეს არ არის უტოპია, ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება, მაგრამ არა ჩვენთან.
ლევან კოკორაშვილი: ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი, სადაც აღნიშნული საკითხი იყო წინა პლანზე. გვაკითხავდა უამრავი ადამიანი თბილისიდან უბინაობის პრობლემაზე, მაგრამ ბევრი იყო რაიონებიდან, რომელთაც თბილისში უნდოდათ საცხოვრებელი ფართი, მაგრამ შესწავლის გარეშე ხელს არ ვკიდებდით არაფერს და ვადგენდით, რომ ნაწილს ჰქონდა უძრავი ქონება. იყო შემთხვევები, როდესაც მართლა ჰქონდათ პრობლემა და მივმართავდით სახელმწიფოს. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სტრატეგია, რომ უსახლკარო ადამიანები დააკმაყოფილონ, მაგრამ აუცილებელია სათანადო შესწავლა.
ნუგზარ კოხრეიძე: უსახლკარობის პრობლემასთან დაკავშირებით მოქმედ სახალხო დამცველსაც აქვს გარკვეული რეკომენდაციები. პირველ რიგში, მან აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს პოლიტიკას, რადგან ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო პოლიტიკა არათანმიმდევრულია, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების მიმართ. ერთიანი პოლიტიკური ხედვის არქონა უნდა აღმოფხვრას სამუშაო ჯგუფმა, რაც მოგვცემს სამოქმედო ჩარჩოს. ამასთან, ჩვენ უნდა შევაღწიოთ ყველა უწყებაში, რათა მათ მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილებები, რათა სუბიექტურმა განწყობებმა არ შეაფერხოს პრობლემის გადაჭრა. უნდა გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობაც.
გიორგი მარიამიძე: არ ვიცი, ცალსახად როგორ ვუპასუხო. ერთი — ქალაქის ცენტრში გვაქვს კაზინოები, ეს მაცდური დაწესებულებები, რაც შეიძლება სახლის გაყიდვითაც დასრულდეს. მეორე — ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლდამოკიდებულება, რაც ყველაფრის დაკარგვამდე მიდის. ასევე, არის ჯგუფი, რომელსაც არც ადრე ჰქონიათ რამე, არც ახლა, ამიტომაც ამასაც ცოტა კომპლექსურად უნდა მივხედოთ. თუ ვიტყვით, რომ აზარტული თამაშები, სესხები იწვევს სიდუხჭირეს, ბევრი პრობლემაა სამართლებრივი თუ ყოფითი, რომელიც საჭიროებს მიხედვას, იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენ განათლების, გამოცდილების, ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა გვაქვს და შემდეგ მოდის პასუხისმგებლობის, ჩვენ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. იმისათვის რომ უსახლკარობის პრობლემა გადაიჭრას, უნდა მოვიძიოთ მაქსიმალურად ინფორმაცია და შემდეგ ვიმოქმედოთ, უნდა აღმოვფხვრათ მიზეზები, რომლებიც იწვევს უსახლკარობას.
სერგო მახარაძე: სოციალური საკითხები ჩემი პრიორიტეტი იქნება. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ჩემთვის ეს მიმართულება იქნება უმთავრესი, ანუ ის პრობლემა, რომელიც რეალურად ადამიანებს ადარდებთ. მათ შორის, ჩემი ერთ-ერთი შეთავაზება არის უმუშევრობის დაზღვევასთან დაკავშირებით. უმძიმესი ფონია მაგ მხრივ და მნიშვნელოვანი იქნება დაზღვევა. მოსმენაზე შევეხე საბანკო პროცენტებს, საცხოვრისის პრობლემას, მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების საცხოვრისით უზრუნველყოფაც. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებ, მათ შორის, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რადგან უმრავლესობა სტუდენტების არის რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ მნიშვნელოვანი ხელშეწყობა და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩემი ჩართულობა იქნება გადამწყვეტი.
მაკა მინდიაშვილი: მე დღემდე მიკვირს, როგორ ვერ მოახერხა ნებისმიერმა მთავრობამ. ამდენი ცარიელი ტერიტორია გვაქვს, თუნდაც თბილისის შემოგარენში რომ ჩადგან რამდენიმე კორპუსი, რომ მისცენ უსახლკარო ადამიანებს ეს ბინები და ნუ, ლტოლვილებს. ნუ, ჩემთვის ეს არის ორჯერ ორი, ძალიან მარტივი საკითხი, ამას სჭირდება სახელმწიფო ნება, მეტი არაფერი. ამდენი ფული იკარგება ბიუჯეტიდან ტყუილ უბრალოდ, როგორ ვერ მოახერხეს რამდენიმე კორპუსის ჩადგმა, სად მიდის ჩვენი გადახდილი გადასახადები, ესე უპრაგუნოდ იხარჯება ყველა სფეროში. მე აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს, რომ თუნდაც ტენდერი გამოცხადდეს და რამდენიმე კორპუსი ჩაიდგას ამ უსახლკარო, ადამიანებისთვის და ლტოლვილებისთვის, მაგრამ ეს თუ ნეპოტიზმით გაგრძელდა ისევ, მაშინ ამას აზრი არ აქვს. ეს უნდა იყოს ობიექტური.
ქეთევან ჩაჩავა: სათანადო საცხოვრებლის უფლება სოციალური უფლებებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას წარმოადგენს. სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებებზე მორგებული სოციალური სისტემის შექმნაში ძალიან მნიშვნელოვანია. სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ გამოიკვეთა პანდემიის ფონზე, რომელმაც მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ერთიანი, ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შემდეგ ეფექტიანი იმპლემენტაცია როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. ამისთვის საჭიროა, რომ უსახლკაროთა საკითხი იყოს პრიორიტეტული და უფრო აქტიურად იდგეს დღის წესრიგში.
გიორგი ცობეხია: სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება სახალხო დამცველი კომპეტენციის ფარგლებში არაა, თუმცა პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ნაწილში შეიძლება შემოვიდეს დამცველის როლი.
იაგო ხვიჩია: გადაჭრის გზა არის, რომ გავმდიდრდეთ, ღარიბი ქვეყანა ვართ. უსახლკარობის პრობლემა სულ არსებობს, მდიდარ საზოგადოებაშიც არსებობს. როდესაც ღატაკი საზოგადოება ვართ, ერთ ადგილას ვართ გაჩერებული, წინ არ მივდივართ. სახალხო დამცველმა რა უნდა გააკეთოს პრობლემის მოსაგვარებლად, გარდა იმისა, რომ ეკონომიკის განვითარებაზე პოზიციები ჰქონდეს. თქვენ თუ იმას მეკითხებით, სახლი უნდა ჰქონდეს თუ არა უსახლკაროებს, ეგ ფული, რომლითაც უნდა ააშენო, უნდა წაართვა ვიღაცას, ფულის წართმევაზე ხარ პასუხისმგებელი და მე სახალხო დამცველი ვარ, ფულის წამრთმევი ხომ არ ვარ. [ჟურნალისტი კითხულობს, რას ეუბნება სახელმწიფო ადამიანებს, რომლებსაც რიგი გამოწვევების გამო ამჟამად უდგათ უბინაოდ დარჩენის რისკი] რისი მონიტორინგი, რა უნდა გააკეთოს, მაგალითად, ქალბატონი ლომჯარია რას აკეთებდა, რომ უსახლკარო ადამიანებისთვის სახლი მიეცა, როგორ შეიძლება ეს სახალხო დამცველის კომპეტენცია იყოს ან მე რა უნდა გიპასუხოთ მაგაზე [ჟურნალისტი აზუსტებს, რომ, მაგალითად, სახელმწიფოს ყურადღება უკვე არსებულ საცხოვრისებში არსებულ მდგომარეობაზე შეუძლია მიმართოს] ვინმე არის ვალდებული, რომ მე სახლი ამიშენოს, სახლი უყიდოს კაცო, სახლი უყიდოს? სისულელეებს მეკითხებით [ჟურნალისტი აზუსტებს, რომ საუბარი არაა სახლის ყიდვაზე, არამედ დროებით საცხოვრისებზე, სივრცეზე, სადაც ადამიანი მოძლიერებას შეძლებს] თქვენ მგონი სერიოზულად არ მელაპარაკებით და გეხვეწებით თავი დამანებეთ, სახელმწიფო არ არის ვალდებული გინდა ქალი იყოს, გინდა ბავშვი, გინდა დიდი, სახლი აუშენოს, სახელმწიფომ შეიძლება იზრუნოს იმ ადამიანებზე, რომლებიც ვერ დაიცვა და მიწა-წყალი დაკარგა და თქვენ თუ მეუბნებით, რომ ქალი ძალადობაში ცხოვრობს, წასასვლელი არა აქვს, სახელმწიფო ვალდებული არაა სახლი უყიდოს. თქვენ გადაიხდიდით ამ ფულს თქვენი ჯიბიდან? [ისევ დაზუსტება, რომ საუბარი არაა ყიდვაზე, შესაძლოა ეს ალტერნატივა დროებითი საცხოვრისი იყოს] ერთადერთი, სახელმწიფო თუ ვინმეზეა ვალდებული, ეს არის გაჭირვებული ადამიანი ქუჩაში რომ კვდება, პურის ფული არა აქვს, წამლის ფული არა აქვს, შეიძლება პირველადი დახმარება აღმოუჩინოს, რომ მათი სიცოცხლე გადაარჩინოს, მაგრამ ქალების დაცვის მიზნით, ქმართან ნაჩხუბარ ქალებს სახლი უქირავოს, ეს არაფერში არ წერია.
ნაზი ჯანეზაშვილი: საცხოვრისის თემაზე სასაუბროდ სათანადო მზაობა არ მაქვს. პრობლემაზე მიფიქრია, მაგრამ არა გადაჭრის გზებზე. ამ შემთხვევაში რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ სახალხო დამცველობის შემთხვევაში მონიტორინგის მექანიზმებს გავაძლიერებდი. ასევე, მნიშვნელოვანია, გადაიხედოს ადვოკატირების მექანიზმები, შეფასდეს, რა მუშაობს და რა — არა. ადვოკატირება შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის, როგორც განცხადებების წარდგენა, ისე მეტი საუბარი. ამ ნაწილში ფინანსური უზრუნველყოფაა პრობლემური, თუმცა აუცილებელია ადამიანის უფლებების გათვალისწინებით მოხდეს სხვადასხვა უწყებას შორის დიალოგის წარმართვა. არაა მარტივად მოგვარებადი პრობლემა, თუმცა სისტემური მუშაობით შეიძლება, რომ რაღაცნაირად მოგვარდეს.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას 2022 წლის 8 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება და პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი 1 დეკემბრამდე, კენჭისყრის გზით უნდა შეარჩიოს.
სახალხო დამცველობის კანდიდატების სია 19 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორის სამი ადამიანი — ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს.
ქვიარმა გადაწყვიტა, ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველობის კანდიდატების ხედვა და შეფასებები გაეგო, ამიტომ თითოეულ კანდიდატს ერთი და იმავე კითხვებით მივმართეთ. 19 კანდიდატიდან ორმა, ქეთევან ჩაჩავამ და თინათინ ერქვანიამ ჩვენს შეკითხვებს წერილობით უპასუხეს, 16-თან სატელეფონო ინტერვიუები შედგა. ერთ-ერთ კანდიდატს, ნიკოლოზ ნიკოლაძეს ქვიარი მთელი კვირის განმავლობაში ეკონტაქტებოდა, თუმცა ინტერვიუს არაერთხელ გადადების შემდეგ, ნიკოლაძემ გვითხრა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გასაუბრებას ვერ შეძლებდა და ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა, ამიტომ მის პასუხები სტატიაში არ ასახულა. გარდა ამისა, სტატიაზე მუშაობის პერიოდში კიდევ ერთმა კანდიდატმა, ჯემალ ნათელაშვილმა საკუთარი კანდიდატის მოხსნა მოითხოვა, ამიტომ მისი პასუხები მასალაში ასევე არ აისახა.
მითითება: სტატიაში გაჟღერებული ჰომოფობიური, ტრანსფობიური, სექსისტური, სტერეოტიპული შეხედულებები არ გამოხატავს ქვიარის პოზიციას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ საკითხებზე სახალხო დამცველობის კანდიდატების აზრი არის საჯარო ინტერესის საგანი, მათ უცვლელად გთავაზობთ.
ქვიარის პირველი შეკითხვა შეეხებოდა ლგბტქი უფლებების შელახვას საქართველოში. გვაინტერესებდა კანდიდატების ზოგადი შეფასება. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანასი ლგბტქი ადამიანების უფლებები ილახება. იაგო ხვიჩიამ კი აღნიშნა, რომ „მგონი საქართველოში არ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, იქნება ეს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ასაკობრივი ჯგუფი, ეთნიკური თუ გინდა სხვანაირი ჯიშის დაყოფა, სადაც ვიტყვით, რომ ამ ჯგუფის ადამიანები არასდროს არ იჩაგრებიან“.
სოფიო დემეტრაშვილმა კი კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისი „სუბიექტური მოსაზრებით, ყველა თანასწორია კანონის წინაშე“ და მისივე თქმით, „არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სექსუალური მსოფლმხედველობა აქვს ინდივიდს”, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ეს უფლებები.
ევგენია თავაძის თქმით, „ინდივიდუალური ჩაგვრის შემთხვევები, რა თქმა უნდა, იქნება. მანიფესტაციის უფლებაც აქვთ, სიტყვით გამოსვლის საშუალებაც არის. გარკვეულ საზღვრებში აქვთ მათ თავისი თავისუფლება მიცემული, გარკვეულ არეალში“.
ლევან კოკორაშვილმა აღნიშნა, რომ ლგბტქი უფლებების შელახვა „გარკვეულწილად ხდება“ და განაცხადა, რომ „ძალიან ბევრ რამეს“ არ ეთანხმება.
გიორგი მარიამიძემ და სერგო მახარაძემ უფლებების შელახვის ფაქტი არც დაადასტურეს და არც უარყვეს. გიორგი მარიამიძემ აღნიშნა, რომ საადვოკატო საქმიანობის პერიოდში „ამ თემს მიკუთვნებულ“ არცერთ ადამიანს არ მიუმართავს და ამ კუთხით უფლებების შელახვაზე ინფორმაცია არ აქვს. სერგო მახარაძის თქმით კი, „როცა რაღაცას ვაცხადებთ, შესაბამისად უნდა შევისწავლოთ საკითხი და უკვე მერე უნდა გავცეთ პასუხი, ირღვევა თუ არა”. მან ქვიარს სთხოვა კონკრეტული “შემთხვევის” შესახებ ინფორმაციის მიწოდება და თქვა, რომ შეისწავლის, შემდეგ კი გვიპასუხებს.
სახალხო დამცველობის კანდიდატ მაკა მინდიაშვილის თქმით, არაფერი ისეთი აღარ ხდება, რაც ხდებოდა.
„ელგებეტე ადამიანების უფლებები?! დარღვევაში რას გულისხმობთ? მე მგონი არაფერი ისეთი ანუ რაც ხდებოდა, მგონი საზოგადოებამ შეიცვალა აზრი, ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ჩემი პასუხი ეს არის, ეხლა არ ირღვევა იმდენად, როგორც ირღვეოდა, ხო თუ არა, ესე როგორ გიპასუხოთ ეხლა. ხო ხვდებით, რას ვგულისხმობ, ადრე ვიღაცებს აღიზიანებდა, ეხლა უკვე შეჩვეულია ხალხი, მიდგომა შეიცვალა საზოგადოების ასეთი ადამიანების მიმართ“, — აღნიშნა მაკა მინდიაშვილმა.
შესავალი კითხვის შემდეგ, ქვიარმა სახალხო დამცველობის კანდიდატებს ლგბტქი უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საბაზისო საკითხებზე დაუსვა კითხვები, რომლებზე პასუხსაც უცვლელად გთავაზობთ.
თუ სახალხო დამცველი გახდებით, როგორი იქნება თქვენი ხედვა ლგბტქი უფლებების განმტკიცების მიმართულებით?
ანა აბაშიძე: მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს, თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება და ამაზე გამიზნული მუშაობაა, ყველა იმ რესურსით, რომელიც სახალხო დამცველს მანდატის ფარგლებში გააჩნია. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სპეციფიკაა, რომელიც პირველ რიგში, სახალხო დამცველმა უნდა იცოდეს, მუშაობდეს თემთან ძალიან ახლოს და გაითვალისწინოს მათი ხედვები და წარმოდგენები, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სიტუაცია. გარდა ამისა, სახალხო დამცველი უნდა იყოს ყოველთვის მკაფიო, არაორაზროვანი, არ უნდა მოერიდოს სხვადასხვა სენტიმენტებისა თუ წნეხის გამო თემაზე პირდაპირ და ძალიან ხაზგასმით საუბარს და რეალურად ყველა პლატფორმაზე, სადაც ის ისაუბრებს ადამიანის უფლებებზე, ერთ-ერთი წამყვანი თემა უნდა იყოს ლგბტქი ადამიანების უფლებები. რეკომენდაციები, რომლებზეც სახალხო დამცველი იმუშავებს, უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და ხანდახან მკვახეც, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. აქ არის პრობლემა ის, რომ არა ზოგადად ადამიანის უფლებების სტანდარტის განვითარება კარგია, ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანების ღირსების პატივისცემაზე და ხანდახან, სამწუხაროდ, მათი სიცოცხლის გადარჩენაზეც კი.
მარიკა არევაძე: აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დღეს არ არსებობს და ამ კუთხით, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, სიძულვილის ენის დაძლევის მიმართულებით არის სამუშაო.
გიორგი ბურჯანაძე: ორი მთავარი მიმართულება მგონია მნიშვნელოვანი. პირველი ცნობიერების ამაღლებაა, საზოგადოების ტოლერანტობისკენ მოწოდება ნებისმიერ სივრცეში და მეორეა უფლებადარღვევის შემთხვევებში პასუხისმგებელ პირთათვის პასუხისმგებლობის მოთხოვნა. ალბათ ეს არის ის, რაც, ასე ვთქვათ, აქტიურად უნდა განხორციელდეს და ამ ორის მიღმაც არსებობს საჭიროებები, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუქმებას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გზით, სასამართლოში შესაბამისი მოსაზრებების წარდგენას, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას. მთელი სპექტრი, პალიტრაა, რაც სახალხო დამცველის მანდატს აქვს და ალბათ ყველა მათგანის გამოყენება შეიძლება.
ლელა გაფრინდაშვილი: პირველი, რასაც გავაკეთებ, მე, რა თქმა უნდა, გენდერის მკვლევარი ვარ და ამ დისციპლინას ვასწავლი წლებია უნივერსიტეტში, მაგრამ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველს რაიმე მნიშვნელოვნის გაკეთების თვალსაზრისით სჭირდება უფრო მეტი კომპეტენცია, ვიდრე თეორიული, მას სჭირდება პრაქტიკულად დე ფაქტო რეალობაში რა პრობლემები აქვთ ამ ადამიანებს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება არა თეორიები, არამედ რეალობა და ამ რეალობის ამსახველი სრული სურათი იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ.
სოფიო დემეტრაშვილი: იყო საუბარი, რომ კანონმდებლობით მოხდეს გამოყოფაო. ამის წინააღმდეგი ვარ, არ უნდა მოხდეს გამოყოფა, გამორიცხულია, დაუშვებელია, მაშინ უნდა დაიყოს ყველა სექსუალური მსოფლმხედველობა და ყველას გარკვეული უფლება უნდა მიანიჭო ან უფლება უნდა შეუზღუდო. რა თქმა უნდა, ეს ყოვლად დაუშვებელია, ამიტომაც ვამბობ, მე თუ ვიქნები სახალხო დამცველი, ყველას სახალხო დამცველი ვიქნები, განურჩევლად მსოფლმხედველობისა, ნებისმიერი ნიშნისა. თუ იქნება დღის წესრიგში საჭიროება, რომ მათ სურთ აზრის გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, თუნდაც საჯარო გამოსვლები, თუნდაც ღონისძიების ჩატარება, ანალოგიური აი, იმ ულამაზესი ღონისძიების ჩატარება, რაც სხვა ქვეყანაში ტარდება, რა თქმა უნდა, არავითარი წინააღმდეგი არ ვიქნები და პირიქით, თუ ვინმე ამის წინააღმდეგი იქნება, მაქსიმალურად დავიცავ ყველას უფლებას, მათ შორის, იმისას, ვინც წინააღმდეგი იქნება და მაქსიმალურად ვეცდები, რომ თუნდაც საჯაროდ ავუხსნა, რომ ყველანი ვართ თანასწორები და ყველა მოვიაზრებით კონცეფციაში “ადამიანი”, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა.
თინათინ ერქვანია: ბოლო წლებია არ ვარ საქართველოში და გარკვეული დოზით ავცდი სოციალურ პრაქტიკას. თუმცა, ვადევნებ თვალყურს აქტიურად მიმდინარე მოვლენებს და ვცდილობ, მქონდეს დაწვრილებითი ინფორმაცია ამ ტიპის უმცირესობების უფლებრივი სტატუსის თუ მათ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ… ზოგადად, მაქსიმალურად ვეცდები მოქმედი კანონმდებლობა დაიხვეწოს იმ ხარისხით, რომ სექსუალური უმცირესობები თავს ჩაგრულ სოციალურ ჯგუფად არ აღიქვამდნენ… და ამავდროულად, იმ ფორმით, რომ ყოველივე ეს იყოს შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა სამართლის თანამედროვე მიღწევებთან. საერთოდ, უმცირესობების თემა ხშირად არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და სწორედ ამას ბოლო უნდა მოეღოს. და რა ფორმით? სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებრივი სტატუსის სრულფასოვნად განსაზღვრით და იმ მანკიერ სოციალურ პრაქტიკასთან ბრძოლით, რომელიც საქართველოშია.
ევგენია თავაძე: მე ჩემი მხრივ ვეცდები, რომ უმცირესობების უფლებები დაცული იყოს იმ მხრივ, რომ უხეში ჩარევა არ იყოს. ყურადღებას გავამახვილებდი მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე, ადამიანის სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაზე, თუ უხეშად ირღვევა, ამაზე გავამახვილებდი. სხვა მხრივ, ომბუდსმენს არა აქვს უფლება ჩაერიოს ინდივიდის ნებელობაში და ნებაყოფლობით ქმედებებში, თუ ის არ სცდება კანონს.
ალექსანდრე კობაიძე: საზოგადოების შეკრება არის მნიშვნელოვანი. სახელმწიფომ მეტი უნდა იმუშაოს, რომ ადამიანები არ განვსხვავდებოდეთ შეხედულებისამებრ. მე შევასრულებ მედიატორის როლს.
ლევან კოკორაშვილი: ჩემი მანდატის ფარგლებში, მაქსიმალურად გამოვიყენებ ყველა მოცემულ საშუალებასა და რესურსს, რათა დაცული იქნას სწორედ მაგ ჯგუფის უფლებები მაქსიმალურ, საკანონმდებლო დონეზე. მე ყველაფერს ვიზამ, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს საკუთარი უფლებების რეალიზება. მე ვარ კანდიდატი, რომელიც ბევრს ფიქრობს მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, ელგებეტე საზოგადოებაზე. ისინი საზოგადოებაა, ადამიანები, ხალხი არიან, არ შეიძლება მათი შევიწროება, მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და ა.შ.
ნუგზარ კოხრეიძე: მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველმა თავის ბოლო ანგარიშშიც ასახა გარკვეული რეკომენდაციები, რასაც ვეთანხმები და ვთვლი, რომ ძირითადი მიმართულება ამ კუთხით უნდა შენარჩუნდეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებასთან მუშაობა, ინფორმირებულობის გაზრდა, შიშებთან, მითებთან, არასწორ წარმოდგენებთან დაკავშირებით მუშაობა უნდა განვაგრძოთ, რათა გავზარდოთ მიმღებლობა. ამასთან, უნდა ვიმუშავოთ ლგბტქი თემის დაცვის მიმართულებით. ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის, საცხოვრისის თვალსაზრისით მათი უფლებები არ არის დაცული და ამ ყველაფერს სჭირდება მუშაობა. პანდემიამაც გაამწვავა არსებული მდგომარეობა და ამ კუთხით გვჭირდება გაძლიერება. მე ვფიქრობ, რომ უკვე არსებული მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელია არ არის საკმარისი, უნდა ამუშავდეს რეალურად. მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ დავიწყოთ დიალოგი. აუცილებელია მუდმივი დიალოგის, განმარტების რეჟიმი. ჩვენ ერთობლივად ვქმნით საზოგადოებას და უნდა მოვნახოთ შეხების წერტილები, რომ შევამციროთ აგრესია, ზეწოლა, მიუღებლობა და ადამიანებს მივცეთ მეტი თავისუფლება.
გიორგი მარიამიძე: ბევრ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აი, მართლმადიდებლობაა ყველაზე დიდი ბოროტება, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობამ მოაწყო ის დარბევა. გეთანხმებით, ფაქტი მოხდა და ძალიან ცუდი, მაგრამ ამას მართლმადიდებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ რწმენას, სიყვარულს ქადაგებს. თვითონ მაცხოვარი გვანახებს, რომ ქალის ჩასაქოლად რომ მივიდა მთელი სოფელი, პირველი იმათმა ესროლეთ, ვინც ნაკლები ცოდვილიაო. რა მაგალითი მისცა ქრისტემ? კი ბატონო, ამ ქალმა თქვენი წესები დაარღვია, ცუდად მოიქცა, მეძავია, კი ბატონო, მაგრამ შენ არ იქცევი ცუდად, რომ იტყუები, ვიღაცას ლანძღავ, საჩკაობ? ვინ ხართ უკეთესი? ჩვენ კიდევ ვებრძვით ამ ორგანიზაციას. ისინი სხვას კი არაფერს ამბობენ, ჩვენ გვიყვარხართ თქვენ და მოდი, თქვენ ნუ გვაიძულებთ, რომ აგრესიულები ვიყოთ. მე მქონია მოძღვრებთან საუბარი და უთქვამთ, რომ კაცო, ჩვენ მრევლში გვყავს ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, ასეთი გრძნობები აქვთ, ეს ადამიანები დადიან ეკლესიაში, ზოგი თვლის, რომ არ ვიცი, მაინც უნდა ეკლესიაში და სჭირდება სულიერი ხსნა და დადის და აცხადებს, რომ ასეთია და თუ მას სულიერი დახმარება სჭირდება, მოძღვარი უწევს ამ დახმარებას, თუ არის ისეთი, რომ არ სჭირდება, არ დადის. ეგრე ჰეტეროსექსუალების უმრავლესობაც არ დადის იქ. ვინ სადაც ჰპოვებს სულიერ სიმშვიდეს, იქ დადის. რომ ამბობენ, რომ ამათ სძულთ ასეთი ადამიანები, არ არის ასე. მე ვესაუბრე ამ ადამიანებს. უფრო ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ეს მცირე ჯგუფი ავლენს სიძულვილს. მე შეიძლება ჩემს უბანში არ ვუყვარვარ ბევრს, ვაკეში მით უმეტეს ან ვერაზე შეიძლება უფრო მეტს არ ვუყვარვარ, რადგან მე ნაძალადევის რაიონში ვცხოვრობ. რა ვქნა ახლა მე, გავიდე ვაკეში და დავიწერო, ვაკელებო, თქვენი დედაც, რატომ არ გიყვარვართ? არ იქნება სწორი. მე რომ, მაგალითად, შევდიოდი ციხეებში და პატიმრებს ვნახულობდი დალეწილს და დამტვრეულს და ყბაჩამოგდებულს და თვალდალურჯებულს რომ ვნახავდი, რომ მეკითხებოდა პატიმარი, რა ვქნათო, ვეუბნებოდი: რომ გავასაჩივროთ, ანუ უკიდურეს ზომას მივმართოთ და გავასაჩივროთ, ხვალ და ზეგ რომ მოვალ, შენ შეიძლება უკვე, ასე ვთქვათ, აქედან მორგში გატანილი გნახო, ხო? იმიტომ, რომ უარესად დაგლეწავენ, ამიტომ, მოდი სხვა მოვიფიქროთ რაღაც, ხო? უფლებისთვის ბრძოლისთვის თუ თავი დაკარგე, არაფერი გამოვა. მთავარი უფლება კი არა, ადამიანია, ჯერ ის არის დასაცავი. ანუ ბრძოლა გამოხატვისთვის, ეს არ მესმის. ბრძოლა ადამიანისთვის. სახალხო დამცველი უნდა ეცადოს, რომ მოუსმინოს ძალიან ბევრ ადამიანს, პოლიტიკურ ჯგუფს, აქტორს, რომელიც უფლებადაცვითი მიმართულებით არის და მიღებული ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფოს. მაქსიმალური კომუნიკაცია ერთმანეთთან. პრობლემების მოგვარება ხელის დატკაცუნებით არ მოხდება, ევროპული ღირებულებებით ცხოვრება თუ გვინდა, რატომ ველოდებით, რომ მიგვიღონ ევროკავშირში, ახლავე დავიწყოთ ევროპული ღირებულებებით ცხოვრება. ჩვენ უნდა გავცვალოთ ინფორმაცია, მივხედოთ ერთმანეთს და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ყველა პრობლემაზე. მე ახლა, სამწუხაროდ, ლოკალურად, მომართვის საფუძველზე ვიცნობ ბევრ შემთხვევას, მაგრამ სახალხო დამცველი თუ გავხდები, ბევრად მეტი შესაძლებლობა მექნება, რომ მეტი ინფორმაცია მივიღო.
სერგო მახარაძე: ჩემი უპირატესობა ისაა, რომ არჩევის შემთხვევაში ვაპირებ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობას, მათი გასაჭირის მოსმენას და ყველა გადაწყვეტილების მიღებას სათანადო გამოკვლევის საფუძველზე და არა, ვთქვათ, ცალმხრივად ან სადღაც მოსმენილის საფუძველზე და ასე შემდეგ. მხოლოდ და მხოლოდ გარემოებების სათანადო კვლევის საფუძველზე.
მაკა მინდიაშვილი: სახალხო დამცველი ძირითადად ორიენტირებულია, ნუ ასე იყო, საჩივრების თემაზე, ხომ ასეა? საჩივრები რომ შედის მასთან, უნდა მიაქციოს ყურადღება. აი, ზუსტად ის საჩივრები საიდანაც წამოვა, იმ წრეში, იმ საზოგადოებრივ ჯგუფში არის პრობლემები, ხომ? საჩივრები ისე არ შემოვა, რასაკვირველია. აი, მაგ შემთხვევაში შეიძლება მონიტორინგის ჩატარება, პირადად საუბრები, პრობლემებზე საუბარი და აი, იმ პრობლემების პრევენცია უნდა მოხდეს, რადგან ზედაპირულად რაღაცების მოგვარება არის შეუძლებელი.
ქეთევან ჩაჩავა: სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ვეცდები საზოგადოების წინაშე და განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებული სოციალური და ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაში ჩემი წვლილის შეტანას პირველ რიგში ამ ჯგუფებთან მჭიდრო მუშაობით, მაქსიმალური ჩართულობითა და მუდმივი უკუკავშირით. მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის მნიშვნელოვან ფუნქციებს წარმოადგენს ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ვინაიდან ამისთვის საჭირო იქნება საზოგადოებრივი კონსოლიდაცია.
გიორგი ცობეხია: როცა უფლებების განმტკიცებაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველის როლზე ვსაუბრობთ, უნდა ვიმსჯელოთ იმ სამი ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში, რა მიმართულებითაც სახალხო დამცველს შეუძლია იყოს პროაქტიული და აქტიური ზოგადად. პირველი საკონსტიტუციო სარჩელებია. ამ მიმართულებით ამჟამინდელი სახალხო დამცველის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რადგან ყველაზე მეტი სარჩელი აქვს გაგზავნილი საკონსტიტუციო სასამართლოში ანუ გამოყენებული აქვს სახალხო დამცველის ის უფლებამოსილება, რომელიც საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ და საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონით არის განმტკიცებული. მეორე — აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობასთან დაკავშირებით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულ იმ უფლებებზე, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი განიხილავს საჩივრებს და ამავე დროს არამხოლოდ ამ საჩივრებს განიხილავს, არამედ პროაქტიულად აქვს უფლება, თუ მისთვის ცნობილი გახდება რაიმე შემთხვევა, ამ საკითხზე რეაგირება მოახდინოს. და თუ ამ შემთხვევის მოკვლევისას სისხლის სამართლის გარემოებები გამოიკვეთება, მიმართოს შესაბამის ორგანოებს და მიიღოს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილება. ამ მხრივ სახალხო დამცველის უფლებამოსილება კანონში მარტივად არის გაწერილი და ვიტყოდი, რომ არცთუ ისე ცუდად, მთავარია, როგორ ასრულდება. რაც შეეხება მესამე ნაწილს, უფლებამოსილების ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი უფლება, რაც სახალხო დამცველს გააჩნია, უფლება კი არა უკვე ვალდებულება ერთი მხრივ, ეს არის ადამიანის უფლებების შესახებ მისი ზედამხედველობითი საქმიანობის ფარგლებში წარადგინოს ანგარიში საქართველოს პარლამენტის წინაშე და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები შესაბამის საკითხებთან მიმართებაში, როცა ის აღმოაჩენს ადამიანის უფლებების მკვეთრ დარღვევას. ოღონდ, მესამე ნაწილში გვაქვს პრობლემა — ერთი, როგორც ბოლო ანგარიშის მიხედვით შეგვიძლია, ოფიციალური სტატისტიკა არსებობს და დათვლილია, სახალხო დამცველის რეკომენდაციების მხოლოდ დაახლოებით 65% სრულდება. აღსრულების მიმართულებით პრობლემები სერიოზულია, ეს პრობლემები თავს იჩენს იმ მიმართულებითაც, რომ სახალხო დამცველი გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს ხარვეზები აქ და ახლა, ხელისუფლებას ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შესთავაზა, რომ აგერ აქ გვაქვს პრობლემა და ვიძლევი რეკომენდაციას, რომ გამოსწორდეს, ეს ცვლილება განხორციელდეს, ესაა გასაკეთებელი, მაგრამ პოლიტიკური ნების არქონის გამო, რაღაც საკითხებზე რეკომენდაციები გაზიარებული არ იქნა. პრობლემა არის ის, რომ რეკომენდაციასთან, არაპირდაპირ იურიდიულ ძალასთან გვაქვს საქმე. ამ მხრივ, რა შეიძლება, რომ მოვიმოქმედოთ? ბუნებრივია, ჩვენ სახალხო დამცველის რეკომენდაციას იმპერატიულ ხასიათს ვერ მივანიჭებთ, ეს ასე ვერ იქნება, ასე არ არის მოწყობილი არცერთი სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელსაც სამყარო იცნობს. ასეთ მოცემულობაში, ჩვენ გვაქვს ერთადერთი შესაძლებლობა, რომ სახალხო დამცველის როლის წარმოჩენა საზოგადოებაში ისე მოხდეს, მისი მნიშვნელობა იმდენად გაიზარდოს, რომ რეკომენდაციის არშესრულება ნიშნავდეს გარკვეული პოლიტიკური ფასის გადახდას საკანონმდებლო ორგანოს წევრებისათვის. აუცილებელია იმ ინსტიტუტის მეტად ინტეგრირება საზოგადოებაში, რომელიც მათ ინტერესებს აპრიორი დაიცავს. ჩემი აზრით, სახალხო დამცველის როლის გაზრდას დაეხმარება ერთი — ყველა დამეთანხმება, რომ 500 და 1000-გვერდიანი ანგარიშების წარდგენა, რომელშიც რეკომენდაციები არის რამდენიმე წინადადება, შეიძლება პროფესიულად დაინტერესებული ადამიანისთვის საინტერესო იყოს, მაგრამ ფორმაც კი ამ ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენის არის არასწორი. ამიტომ საჭიროა რაიმე ფორმატის მოფიქრება. ახლანდელი მდგომარეობით, სახალხო დამცველი ანგარიშვალდებულია პარლამენტთან, რაც არაპირდაპირი გზით ხალხთან ანგარიშვალდებულებას კი გულისხმობს, რადგან პარლამენტის შემადგენლობაც ემყარება ხალხს, მაგრამ საჭიროა შევქმნათ ხალხთან ანგარიშვალდებულების ერთგვარი პირდაპირი ფორმა. მაგალითად, პოლონეთს აქვს საინტერესო მექანიზმი — სახალხო დამცველი კვარტალში ერთხელ გამოდის ტელევიზიით და ხალხს წარუდგენს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს. ჩვენ შეგვიძლია ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებად ვაქციოთ, რომ გააშუქოს სახალხო დამცველის ანგარიში და მეორეს მხრივ სახალხო დამცველის შესახებ კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ ის ვალდებულია კვარტალში ერთხელ, წელიწადში 4-ჯერ ქვეყნის წინაშე წარადგინოს ანგარიში. ეს შესაძლებლობას შექმნის, რომ ადამიანის უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ ინფორმაცია თუ სახალხო დამცველის ვალდებულებები ხალხისთვის მეტად ნათელი გახდეს. ამასთან, რეკომენდაციები იქნება ყველასთვის გასაგები და მათი შესრულების შესაძლებლობაც გაიზრდება. სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჯერაც განვითარების პროცესშია და აუცილებელია, რომ მისი საზოგადოებრივი გავლენის გაფართოება მოხდეს. ჩემი მიზანი სწორედ ამ ინიციატივების წარდგენაა, რომელიც სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააძლიერებს. კომისიამ საკმაოდ დაბალი შეფასება მომცა პოლიტიკური აქტივობების გამო, რაც ჩემთვის სასაცილოა, რადგან სახალხო დამცველს აქვს დიდი პოლიტიკური გავლენა და პოლიტიკური ელემენტებიც ცალსახაა.
იაგო ხვიჩია: სახალხო დამცველის კომპეტენცია არის სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადამიანს შორის არსებულ კონფლიქტებში ჩარევა და იმის კონტროლი, რომელიმე უწყება ადამიანის უფლებებს ხომ არ არღვევს. ჩემი აზრით, ადამიანებს შორის კონფლიქტების გარკვევა არ არის სახალხო დამცველის საქმე, ამისთვის არსებობს სხვა დაწესებულებები, რომელთაც ეს ევალებათ. შეიძლება სახალხო დამცველმაც შეამოწმოს რაღაცნაირად, მაგრამ არა ის, რომ მეზობლებმა, ვიღაცებმა იჩხუბეს და გადაწყვიტოს მტყუან-მართალი. პირველ რიგში, ვაპირებ, რომ ვთქვა ღიად, მე ვარ პარლამენტის წარმომადგენელი, ვმოქმედებ მათი სახელით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევას დავინახავ. ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობის ის ტიპი, რომელიც ეხება ადამიანის თავისუფლების აღკვეთას, საპატიმრო დაწესებულებაში მათ მოხვედრას და ასე შემდეგ. მგონია, რომ ამ ადგილას არის მოქალაქისა და სახელმწიფოს შემხებლობა ყველაზე ცალსახა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზოგადოება დამაჯერებლად დავარწმუნოთ, რომ უფლებადარღვევებთან გვაქვს საქმე, როგორც პრაქტიკულ, ისე ნორმატიულ დონეზე ძირითადად ძალოვანი უწყებებისგან და იმ უწყებებისგან, რომელთა საქმიანობა ადამიანის თავისუფლების აღკვეთას უკავშირდება. ინდივიდუალურად შევისწავლით ყველა საქმეს და მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ნაზი ჯანეზაშვილი: ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად სწორი კამპანიის გზით უნდა ვისაუბროთ არსებულ პრობლემებზე და არამხოლოდ ორგანიზაციებმა, ზოგადად, რათა საზოგადოების ცნობიერება გაიზარდოს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გზა, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. სახალხო დამცველს რაც შეეხება, მან უნდა დაიცვას ყველა ის ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებით არიან საფრთხის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ვაცხადებ ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იქნება მართლმსაჯულება, რომელიც ვრცელდება ყველაზე იქნება ეს ლგბტქი ადამიანი თუ ნებისმიერი სხვა, რომელსაც სამეზობლო დავა აქვს სასამართლოში, ჭიანურდება პროცესი და მისი უფლებები ამ მხრივ ილახება. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი არამხოლოდ სწორად უნდა რეაგირებდეს და იცავდეს ამ ღირებულებებს არადისკრიმინაციულობის ნაწილში და ამ პოლიტიკას უჭერდეს მხარეს, არამედ, ვფიქრობ, რომ მან ყველასთან, თითოეულ ადამიანთან უნდა შეძლოს მუშაობა, რათა საზოგადოების განწყობები, დამოკიდებულებები ამ საკითხებთან დაკავშირებით იყოს შესაბამისი, რაციონალური, არადისკრიმინაციული. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნებოდა უმცირესობების უფლებები, რადგან ამ ინსტიტუტის არსი ისაა, რომ ამ საკითხებს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, უნდა იყოს პრიორიტეტი, თუმცა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ეს.
რას ფიქრობთ შეკრების, მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობის შესახებ და სახელმწიფომ როგორ უნდა იზრუნოს, რომ ამ უფლებით სარგებლობა მოხდეს?
ანა აბაშიძე: მანდატიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის პირველი ფუნქცია არის, რომ ძალიან ფხიზლად იყოს და დააკვირდეს ადამიანის უფლებების რეალიზების მდგომარეობას საქართველოში და დააკვირდეს იმ უწყებების მუშაობას, რომლებიც ვალდებულნი არიან იმოქმედონ, რომ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში მისცენ საშუალება, უფლებით ისარგებლონ. ზედამხედველობითი ნაწილი არის სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ მეორე ის არის, რომ სახალხო დამცველი პროაქტიულად ხვდებოდეს ადამიანებს, პროფესიონალებს, სხვადასხვა პროფესიის, თემის წარმომადგენლებს და უზიარებდეს მის დამოკიდებულებას, მის წუხილებს და ეხმარებოდეს საზოგადოებას იმაში, რომ ჩაგვრითი ცხოვრების წესი ნელ-ნელა ჩაბარდეს წარსულს. რაც შეეხება სტანდარტს ადამიანის უფლებების, ყოველგვარი მაგრამების და ა.შ, ყველა ადამიანს აქვს ზუსტად ერთნაირი უფლება თვითგამოხატვის — რას ჩაიცვამს, როგორ გამოიყურება, რა იდენტობა აქვს და ასე შემდეგ, მათ შორის ისიც, ამას გააკეთებს საჯაროდ, შეიკრიბება სხვებთან ერთად, ტრანსპარანტებით, რომელ ქუჩაზე იქნება, სად იქნება, ეს უფლება ყველას მიემართება თანაბრად და არცერთი წინასწარგანწყობა, სტერეოტიპები, მასის მიუღებლობა და ა.შ. არ არის ის გამართლება, რომელიც ადამიანის უფლების შეზღუდვისას ვინმემ უნდა მოიხსენიოს. ამაზე უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ცალსახა ნებისმიერი ოფისი.
მარიკა არევაძე: კანონით გარანტირებულია აზრის გამოხატვისა და შეკრების უფლება, თუმცა აღსრულების მიმართულებით გვხვდება პრობლემა, ამიტომ უმთავრესია, რომ შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მერე გეგმაზომიერად შესრულდება და ყველა ჯგუფს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, რომ მისთვის მინიჭებული უფლებით ისარგებლოს.
გიორგი ბურჯანაძე: სახალხო დამცველის მთავარი როლია, ნებისმიერი თანამდებობის პირს შეახსენოს, რომ ნებისმიერი მშვიდობიანი შეკრება, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ის, დაცულია და ბუნებრივია, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გამოთქვას აზრი, გამოვიდეს ქუჩაში, გამოხატვა უნდა იყოს დაცული. სახალხო დამცველის როლი კი შეხსენებაა, წინა წლის მაგალითი რომ გავიხსენო, გარკვეულ ჯგუფებთან მოლაპარაკებების წარმოება და ასევე, თუ ვინმე დაარღვევს, პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა. 5 ივლისის საშინელი მოვლენები რომ გავიხსენოთ, ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორთა პასუხისგებაში მიცემას ვითხოვთ და პროკურატურას მივმართეთ წინადადებით, რომ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს ორი კონკრეტული პირის მიმართ, რომელთა მიმართაც არსებობს სტანდარტი საჯაროდ გავრცელებული ვიდეოჩანაწერების შესაბამისად.
ლელა გაფრინდაშვილი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა და არ უნდა არსებობდეს სახელმწიფოში არანაირი ჯგუფი, რომელსაც ეს უფლება ეზღუდება. სახელმწიფო ყველანაირად უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხოებას იმ მომენტში, როდესაც რომელიმე ჯგუფი ამ უფლებით სარგებლობს.
სოფიო დემეტრაშვილი: მე არც გამოსვლის წინააღმდეგი ვარ, ან რა უფლება მაქვს, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიყო, მათ შორის, აქციას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა განვითარებულ სახელმწიფოში ხდება, მგონი ჩვენთანაც არ უნდა იყოს მსგავსი პრობლემა. შესაბამისად ჩემთვის ყველა იდენტურია, განურჩევლად ყოველნაირი ნიშნისა. უპრობლემოდ, სწორედ მაგას ვამბობ, ჩემო კარგო, უპრობლემოდ, რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ავიღოთ აშშ თუნდაც, იქ გამოსვლები სრულიად ღიად, სრულიად საჯაროდ, ერთი სრული დღე ეთმობა მთლიანად, უზარმაზარი და ულამაზესი ღონისძიებაა, ალბათ გინახავთ, მგონი ტელევიზორში ყველას უნახავს. არანაირი წინააღმდეგობა არ გამაჩნია, ყველასთვის ღია ვარ.
თინათინ ერქვანია: ძალიან მარტივია. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სოციალური ჯგუფის წევრი, ფლობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მე საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, გამართონ დემონსტრაცია საჯაროდ საკუთარი უფლებების დასაცავად. უბრალოდ, აუცილებელია დემონსტრანტების დაცვა ძლიერი საპოლიციო კორდონის მეშვეობით, საიმისოდ, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ექსცესი. ამასთან, რელიგიურ ფუნდამენტალისტებს, რომლებიც საერთოდ ყველა ქვეყანაში არიან და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, როგორღაც ასევე უნდა ავუხსნათ სამართლებრივ ენაზე, რომ არღვევენ სხვათა ძირითად უფლებებს და რომ ეს საერთოდ არ არის შესაბამისობაში ქრისტიანობასთან. და ამავდროულად, ხელისუფლება უმკაცრესად უნდა მოეპყროს ყველა პირს, რომელიც შეეცდება ძალადობის პროვოცირებას სექსუალური უმცირესობების მისამართით! მე თვითონ მართლმადიდებელი ვარ და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია სექსუალური უმცირესობების ჩაგვრა, ისევე, როგორც რელიგიით „ახსნილი“ ძალადობა და რელიგიური ფუნდამენტალიზმი. თეოლოგიით ვარ დაინტერესებული ბავშვობიდან და არსად, არცერთ კომპონენტში ჩაგვრას, დევნას და ძალადობას გამართლება არ აქვს. ჩვენ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქე თავს იგრძნობს დაცულად. ქრისტიანობით სექსუალური უმცირესობების ჩაგვრის გამართლება ანტიქრისტიანობაა. ქრისტიანულ სოციალურ ეთიკაზე სტატიას ვწერ ეს დღეებია და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რელიგიური თუ პოლიტიკური განათლება და ზოგადად, განათლება ძალიან მოისაკლისებს საქართველოში.
ევგენია თავაძე: სახელმწიფომ რა უნდა უზრუნველყოს?! თავისუფალი შეხვედრები ელჯიბიტის უმცირესობებში ისედაც არის გარანტირებული. მე ვამბობ, რომ თუ ელჯიბიტის შეეზღუდება, დავუშვათ, შრომითი უფლება, სამუშაო ადგილზე ჩაგვრაა, მაშინ მე ვიტყვი, რომ ესეთ ადამიანს ნამდვილად უნდა ჩარევა და უფლებების დაცვა. სხვა, მე ვფიქრობ, რომ არანაირი შეზღუდვა ელჯიბიტის არა აქვს. თავისუფლად გავლა, შეკრება და რაღაც ტერიტორიაზე მანიფესტაცია, რაღაც არეალში, ორგანიზებულად, არავის არაფერს არ ავნებს და მგონი მათ აქვთ ეს თავისუფლება მიცემული. [ჟურნალისტის მიერ წარსული გამოცდილებების, მათ შორის, 5 ივლისის მოვლენების აღნიშვნისა და იმაზე ყურადღების გამახვილების შემდეგ, რომ საჯარო სივრცეში შეკრება და მანიფესტაციას კონსტიტუცია იცავს] რა თქმა უნდა, ომბუდსმენი უნდა იყოს ყურადღებით და უნდა ეყრდნობოდეს, უხეში ჩარევა არ უნდა მოხდეს და უნდა ეყრდნობოდეს კანონმდებლობას, იმას მკაცრად უნდა ასრულებდეს. სხვა მხრივ, ინდივიდუალურ ჩაგვრას უნდა მიექცეს ყურადღება, ასევე, უნდა მიექცეს ყურადღება შრომითი უფლებების შელახვას. რა ხდება? თუ ინდივიდუალურად ამ ადამიანს აქვს უფლების შელახვა, ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. სხვა მხრივ, ის რომ თავისუფლად გაიაროს, შეიკრიბოს, აზრი გამოხატოს, ეს თავისუფლება აქვთ მათ. ის, რომ უზრუნველყოს, არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მოაგროვოს მანიფესტანტები მის ირგვლივ. მე ვხვდები, რასაც მეუბნებით, თქვენ გინდათ, რომ სახელმწიფომ მოაგროვოს მანიფესტანტები, უზრუნველყოს, რომ ფაქტობრივად მათი პროცენტული შემადგენლობა გაიზარდოს. [ჟურნალისტი აზუსტებს, რომ საჭირო დაცვის ბერკეტებზეა საუბარი და არა “მანიფესტანტების მოგროვებაზე”] ხომ არსებობს რაღაც პედაგოგიური დაჯგუფება, რომელიც ავრცელებს, რომ მე მინდა თქვენზე გავავრცელო, სხვა მხრივ, თავისუფლება აქვთ.
ალექსანდრე კობაიძე: რაც შეეხება თავისუფალი აზრის გამოხატვას, როდესაც სახელმწიფო გისმენს და არაერთი დადასტურებული საქმეა, რომ გისმენს, პირველ რიგში სახელმწიფომ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ შენ, როგორც მოქალაქეს, არ გისმენდნენ. მე ვფიქრობ, რომ მოსმენები პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის თავისუფლებასთან, აზრის გამოხატვასთან, იმიტომ, რომ თუ სახელმწიფო არ მოგისმენს, გამოხატვის მეტი შესაძლებლობა იქნება. ადამიანს როცა განცდა აქვს, რომ სახელმწიფო უსმენს, ის გინდა-არ გინდა აღარ არის თავისუფალი. პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას. საჯარო შეკრებასთან დაკავშირებით, არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომელთა ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება, ეს პირდაპირ არის შსს-ის პრეროგატივა.
ლევან კოკორაშვილი: კონსტიტუციით გარანტირებული აქვს ყველას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც უნდა იქნას დაცული სახელმწიფოს მიერ. ყველა მონაწილე პირის უფლებები და უსაფრთხოება უნდა დაიცვას და უნდა მიეცეს ყველას თავისუფალ გარემოში თავისი თავი გამოხატოს და აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების მიზნით შეიკრიბოს, რა თქმა უნდა.
ნუგზარ კოხრეიძე: საჯარო შეკრებისა და გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს, უნდა ისაუბროს ყველა სახელმწიფო უწყებასთან, რომ წინასწარი სამუშაოები ჩატარდეს, უზრუნველყოფილი იყოს პროცესები, რათა ამ ადამიანების გამოხატვის უფლების რეალიზება განხორციელდეს, მათ შორის, შესაბამის ჯგუფებთან, ადამიანებთან ურთიერთობაა აუცილებელი, რომლებიც ხელს უშლიან თვითგამოხატვის უფლებას. ხელისუფლებას კონსტიტუცია ავალდებულებს, რომ აღნიშნული უფლებით სარგებლობა განხორციელდეს.
გიორგი მარიამიძე: ნებისმიერი უფლების განხორციელება უნდა ემსახურებოდეს რაიმე მიზანს, თუ, მაგალითად, შეკრება ემსახურება ამ თემის უფლებების დაცვას და ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ დაცული იყოს უფლებები, კი ბატონო, მაგრამ განიხილება თუ არა სხვა საშუალებები იმისათვის, რომ შეკრება არ იყოს საჭირო. რადგან საზოგადოებაში ეს იწვევს მღელვარებას და ძალიან ბევრ საფრთხეს უკავშირებენ აი, ამ კონკრეტულ შეკრებას, ხომ არ არის მიზანშეწონილი, რომ რაიმე სხვა ფორმები მოინახოს უფლებების დასაცავად და რატომ მივმართავთ რადიკალურ ფორმას. საზოგადოებაში, ხალხში ვტრიალებ და ადამიანების არგუმენტია ასეთი, რა საჭიროა პრაიდის ჩატარება, მოდი, მოვნახოთ სხვა საშუალებები. საზოგადოების წევრები უნდა ვთანხმდებოდეთ ერთ რაღაცაზე, რომ ვიკრიბები უბრალოდ შეკრებისთვის, რადგან ასე მინდა თუ ეს შეკრება რამეს ემსახურება. თუ რაიმე კონკრეტული მიზანი მაქვს, ჩემი უფლებები ირღვევა და მე სხვა ნებისმიერი ფორმით ვერ ვიცავ, კი ბატონო, მაგრამ მოდი, ჯერ ვცადოთ სხვა საშუალებები და არ დავთესოთ შუღლი, რადგან რაღაც ნაწილი საზოგადოების თვლის, რომ თემი ზეიმობს გამარჯვებას რაღაცაზე, საზოგადოების მეორე წევრზე. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოების არცერთ ჯგუფს არა აქვს მორალური უფლება იმის, რომ იზეიმოს რაიმე გამარჯვება საზოგადოებასთან მიმართებაში, ასე გამოვა, რომ ერთიანი კი არა, მტრული საზოგადოება გვექნება, რაც ადრე თუ გვიან მივა ძალადობამდე. მე, მაგალითად, სამწუხაროდ არასდროს არ მქონია შეხება ამ თემის წარმომადგენელთან, უბრალოდ მესაუბრა, ხომ არ არსებობს რაიმე სხვა საშუალება, რომ დაცული იყოს უფლებები. ერთმა მხარემაც და მეორემაც რაღაც უნდა დათმოს, რომ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, რადიკალური მიდგომა არავის არგებს. ასეთი აზროვნება არცერთ მხარეს არგებს, რადგან მეორე მხარემ რომ ასე იაზროვნა, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ — გამოკიდებები, ცემა-ტყეპა და ასე შემდეგ, რის გამოც ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული. ახლა წარმოიდგინეთ, მე, როგორც სახალხო დამცველმა, ერთი მხრივ, უნდა ვთქვა, რომ ცემა-ტყეპა ამ ადამიანების ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ციხეში დაკავებულ ადამიანები უნდა მოვინახულო და მათ უფლებებზე ვიზრუნო. ასე რომ, თქვენც რომ არ იყოთ დასაცავი და არც ისინი, იქნებ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, იქნებ არსებობს სხვა საშუალებები.
სერგო მახარაძე: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა ადამიანისთვის თანაბრად და, მათ შორის, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიმდევრობის არის ადამიანი და რა სოციალური კუთვნილების. თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა უფლება.
მაკა მინდიაშვილი: თქვენ გულისხმობთ პრაიდის თემას ალბათ, ხო? [ჟურნალისტი აკონკრეტებს, რომ საუბარი არ არის მხოლოდ პრაიდზე და იგულისხმება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება] ჩემი აზრი და ჩემი შეხედულება ცოტა კრიტიკული იქნება ამასთან დაკავშირებით, გეტყვით რატომაც. ახლა, ხვალ მაქვს მოსმენა და კითხვა იქნება, ეკუთვნის თუ არა ადამიანს საკუთარი სხეული? [ავტორის მითითება: აღნიშნულ კითხვას გირჩის წევრები სახალხო დამცველობის კანდიდატებს საპარლამენტო მოსმენისას უსვამდნენ] რა თქმა უნდა, ეკუთვნის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების აზრი, მათი მიდგომები და შეხედულებები, რომელ სოციუმშიც ვცხოვრობთ, ხომ ასეა?! თუ, დავუშვათ, ელგებეტე წარმომადგენელი პრაიდს აწყობს იმიტომ, რომ გამოხატოს ეს, თითქოს თავის თავისუფლებად მიაჩნია ხომ, თითქოს თავისუფლება და თავისი დამოკიდებულება, მაშინ, მოდი ხო, შენ რატომ მირღვევ თავისუფლებას მე, სწორი ორიენტაციის ვარ, მიმაჩნია ასე ხომ, რომ მე ვარ სწორი ორიენტაციის და, დავუშვათ, მიმაჩნია, რომ ელგებეტე არ არის სწორი ორიენტაციის ადამიანი, ხომ ასეა? იმას პირიქით მივაჩნივარ, ხო? დამოკიდებულება გვაქვს სხვადასხვა და მოდით, პროპაგანდას ნუ გავუწევთ ნურც ერთ დამოკიდებულებას. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ამ შემთხვევაში პრაიდი არც სწორი ორიენტაციის ხალხისთვის არის საჭირო და არც არანაირი ორიენტაციის ადამიანისთვის. მე პრაიდს პირადად არ მივესალმები.
ქეთევან ჩაჩავა: ყველა ჯგუფის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, ისევე, როგორც გამოხატვის თავისუფლება სამართლებრივ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში უნდა იყოს დაცული. ეს არის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვადასხვა საერთაშორისო აქტებით დაცული უფლებები. ცალსახად, ამ უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს. კონკრეტულად, სამართალდამცავი უწყებების ფუნქციაა ამ უფლებების განსახორციელებლად უზრუნველყოს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. აქვე აღსანიშნავია სახელმწიფოს როლი ცნობიერების ამაღლების ნაწილშიც — სახელმწიფო აქტიურად უნდა მუშაობდეს საზოგადოებასთან ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური განწყობების გასაქარწყლებლად, რაც ასევე ხელს შეუწყობს ძალადობის პრევენციას.
გიორგი ცობეხია: შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით გამოსავალი არის კონსტიტუცია. თუ ვამბობთ, რომ უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია, უნდა ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციით, რომ არ გამოვარჩიოთ ადამიანები ამა თუ იმ ნიშნით. ამ მიმართულებით კანონის ჩანაწერის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა პრობლემაა კანონის აღსრულება. სახელმწიფომაც და სახალხო დამცველმაც უნდა იხელმძღვანელოს კანონითა და კონსტიტუციით.
იაგო ხვიჩია: ადამიანს აქვს უფლება ილაპარაკოს ის, რაც სწორად მიაჩნია. ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება. ამ უფლებას მე ვიცავდი ყოველთვის, ყველა პოზიციიდან, რითაც შემეძლო, როგორც სახალხო დამცველიც ამ პოზიციას დავაფიქსირებ და ვეცდები, რომ ის, რისიც მჯერა, პრაქტიკაში არ დავუშვა — დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან. დანარჩენი, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლება საკანონმდებლო დონეზე ჯერ-ჯერობით საკმაოდ დაცულია, ასევე, ვეცდები, რომ ამას ნაკლები საფრთხეები შეექმნას, რადგან პარლამენტშიც მიდის ხოლმე საუბარი სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ ახალ-ახალ კანონებზე. მე ვეცდები, რომ ამას წინააღმდეგობა გავუწიო. დავიცავ ყველა უფლებას, რომელსაც სახელმწიფო უნდა აზღვევდეს, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მტკივნეულ თემებს, მაგრამ თუ მეკითხებით, ვემხრობი თუ არა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრებას, რა თქმა უნდა, ვემხრობი და მეც ბევრჯერ მისარგებლია ამ უფლებით.
ნაზი ჯანეზაშვილი: მახსოვს პერიოდები, როდესაც შეკრებები იმართებოდა, მაგალითად, პოლიციის თანდასწრებით, ჩუმად, ისე, რომ ფართო საზოგადოებას ინფორმაცია არ ჰქონდა იმ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, რაც წარსულში უკვე გამოვცადეთ. ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, რადგან თავისუფლად შეკრებისა და გამოხატვის უფლება ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი მუშაობა. ეს, ჩემი აზრით, არ არის ერთდღიანი აქტი, ამას სჭირდება ხანგრძლივი, მუდმივი მუშაობა საზოგადოებასთან, ინფორმაციის მიწოდება, ისეთი კამპანიის დაგეგმვა, რომელიც საზოგადოებას უფრო მგრძნობიარეს გახდის იმ საკითხის მიმართ, რომ ადამიანები რეალურად არიან ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება სახალხო დამცველის მხრიდან, უნდა იყოს ფართო ჩართულობით, რომელშიც პირველ რიგში იქნება თემი ჩართული და საზოგადოებაც და ამ გზით, ერთობლივი ჩართულობით უნდა მოხდეს. შეიძლება ლამაზ ფერებში ვხატავ ახლა, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი იქნება მიღწევადი.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაული
სახალხო დამცველობის კანდიდატებს დამატებით ვკითხეთ, მათი აზრით, რამდენად ეფექტიანად ხდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მოკვლევა და ამ მიმართულებით რა ხარვეზები არსებობს.
ანა აბაშიძემ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი და ნებისმიერი ადამიანი, ვისი მოვალეობაც არის, პირველ რიგში უნდა მუშაობდეს იმაზე, რომ ადამიანებში სიძულვილის დონე მაქსიმალურ მინიმუმამდე დავიდეს. ასევე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კონკრეტული შემთხვევები შეისწავლონ და დამნაშავეები შესაბამისად დაისაჯონ.
მარიკა არევაძის თქმით, ამ თემებზე სიღრმისეულად არ უმუშავია და დეტალების წარმოდგენა გაუჭირდება, თუმცა სახალხო დამცველად გახდომის შემთხვევაში ამ მიმართულებით ყველა კომპონენტს შეისწავლის. მსგავსი კომენტარი გააკეთა ლელა გაფრინდაშვილმაც და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იქნება “უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანებთან საუბარი და მათი ინფორმაციის გაზიარება”.
გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, რომ “უნდა არსებობდეს სპეციალიზებული საგამოძიებო ორგანო, რომელიც მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიებაზე იქნება პასუხისმგებელი”. მისი თქმით, შსს-ში არის დეპარტამენტი, რომელიც მსგავსი საქმეების გამოძიებას მონიტორინგს უწევს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სპეციალიზებული დანაყოფი არსებობდეს.
სოფიო დემეტრაშვილმა აღნიშნა, რომ „მთავარი პრობლემა, საიდანაც ყველა სხვა პრობლემა მომდინარეობს, არის განათლება, ინფორმირებულობა. ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, სკოლის ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვების განათლება ამ მიმართულებით“.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემცირების გზად სისხლის სამართლის მიმართულების გაძლიერება ესახება თინათინ ერქვანიას.
ევგენია თავაძემ კი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დანაშაულების სათანადოდ გამოძიება ვერ მოხდება, თუ დაზარალებული სათქმელს ბოლომდე ვერ აყალიბებს, აანალიზებს და “ადამიანს, სჭირდება ძალისხმევა”.
ალექსანდრე კობაიძის შეფასებით, „გამოძიება არის ტენდენციური ანუ ვიღაცას სჯის კანონი, ვიღაცას არა”, რაც ასე არ უნდა იყოს, რადგან ასე ხდება დანაშაული წახალისება.
ლევან კოკორაშვილის თქმით, არის მოკვლევის გაჭიანურების შემთხვევები და სახალხო დამცველი თუ გახდება, ამ მიმართულებით აქტიურ მონიტორინგს აპირებს. მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა ნუგზარ კოხრეიძემ, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ როცა საქმე ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს ეხება, საგამოძიებო უწყებები პრაქტიკულად არ იძიებენ მსგავს შემთხვევებს. მისი აზრით, “ეს დასახვეწია, გასაუმჯობესებელიც, თავად საგამოძიებო სისტემაში უნდა ჩატარდეს საინფორმაციო, საგანმანათლებლო გადამზადება, რათა განმასხვავებელი ნიშნების გამოვლენა შეძლონ”.
გიორგი მარიამიძე კი აცხადებს, რომ ძალადობის მოტივს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და სისხლის სამართალში მოტივს არ აქვს დიდი დატვირთვა: “მე ადამიანის ჩაცმულობა არ მომეწონა, ტუჩსაცხი, თმის ფერი არ მომეწონა, რა მნიშვნელობა აქვს, თუ კაცი მოდის კაბაში და ის არის მომეტებული საფრთხის მქონე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია ან რაღაცა სხვანაირი მიხვრა-მოხვრა აქვს და არა მამაკაცისთვის დამახასიათებელი და ასე შემდეგ და ამის გამო ვინმე ესხმის თავს, ეს კონკრეტული შემთხვევები ჩემთვის უცნობია”.
გიორგი მარიამიძის მსგავსად, მოტივი უგულებელყო იაგო ხვიჩიამაც და განაცხადა, რომ “სიძულვილით მოტივირებული მკვდარი და სიყვარულით მოტივირებული მკვდარი, ორივე მკვდარია და ორივე მკვლელობაა. და არ მესმის ლოგიკა, რომ ეს ორი განსხვავებულად უნდა განვიხილოთ”.
სერგო მახარაძემ გვითხრა, რომ სათანადო მოკვლევის გარეშე პასუხის გაცემა გაუჭირდებოდა, გიორგი ცობეხიამ კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია სახალხო დამცველის მანდატის ეფექტიანად გამოყენება.
მაკა მინდიაშვილმა კითხვის დასმის შემდეგ ზოგადად საზოგადოებაში არსებულ სიძულვილზე დაიწყო საუბარი: „ანუ ნებისმიერ დანაშაულზეა საუბარი? [ჟურნალისტი აკონკრეტებს, რომ საუბარია სიძულვილის მოტივზე] სიძულვილი. ჰმმ… კი, სიძულვილი ძალიან ბევრმა რაღაცამ გამოიწვია დღეს. ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ადამიანებს ერთმანეთი გვეზიზღება, არ ვიცი რატომ მოხდა ეს, რამ განაპირობა, არ ვიცი ფსიქიკური პრობლემები გვაქვს თუ რა“, — ჟურნალისტმა კანდიდატს განუმარტა, რას ნიშნავს სიძულვილის მოტივი, რის შემდეგაც მინდიაშვილმა ჰომოფობიური კომენტარები გააჟღერა — „მონიტორინგი აუცილებლად ჩატარდება ამასთან დაკავშირებით, ტრენინგი ჩატარდება სკოლებში განსაკუთრებით. არ შეიძლება ასეთი ადამიანების არც სიძულვილი და პირიქით, გვერდში უნდა ამოვუდგეთ, იქნებ რამ განაპირობა მისი ასეთი ქმედება, ხომ? ანუ ასეთი ცხოვრების წესი, დავუშვათ, რაღაცა ფაქტორებმა განაპირობეს და ჩვენ შეგვიძლია ასეთ ადამიანებს მხარში ამოვუდგეთ, ჩემი აზრი ასეთია“.
ქეთევან ჩაჩავამ აღნიშნა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება გამოწვევაა და აუცილებელია, „ვიხილოთ აქამდე ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი მართლმსაჯულება”. მან მაგალითად მოიყვანა 5 ივლისის მოვლენები და თქვა, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ ორგანიზატორებიც.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებაში ერთ-ერთი პრობლემა არის მოსამართლეთა არაპროფესიონალიზმი და საჭიროა სასამართლოში, სამართალდამცავ უწყებებში დასაქმებული ადამიანების გადამზადება.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მაკა მინდიაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე ტარიელ ნაკაიძის კითხვის საპასუხოდ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.
პარლამენტის წევრმა, ტარიელ ნაკაიძემ მაკა მინდიაშვილს ჰკითხა, უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის რა გახმაურებული ფაქტი ახსენდებოდა. სახალხო დამცველობის კანდიდატმა პასუხად სატელეფონო ზარი გაიხსენა, რომლის დროსაც იგივე კითხვა დაუსვეს და მისი თქმით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებას დაიცავს, ოღონდ ერთი პირობით — პრაიდის მომხრე არაა.
„გუშინ იყო, სხვათა შორის, ზარი ჩემთან, ელგებეტეს წარმომადგენელმა დამირეკა და მეკითხება, მე დავიცავ თუ არა მათ უფლებებს, თუ გავხდი სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, მე დავიცავ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის უფლებას, ოღონდ ერთი პირობით-თქო რა და რა არისო და პრაიდის მომხრე არ ვარ-თქო. მე არ მომწონს, როცა პროვოცირებას უ… ანუ პროპაგანდას უკეთებ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები და მიზანშეწონილი“[სტილი დაცულია], — აღნიშნა მაკა მინდიაშვილმა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯაროდ შეკრების უფლებით სარგებლობის შესახებ საუბრისას.
სახალხო დამცველობის კანდიდატმა სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე ჰომოფობიური კომენტარებიც გააკეთა.
„კი ბატონო, იყავი როგორიც ხარ, მაგრამ შენ ნუ მოახვევ შენს ქმედებას დავუშვათ სხვას და ნუ ჩაითრევ იმ ქმედებაში, რაც თუნდაც შეგნებით არასწორად მიგაჩნია, მაგრამ შეიძლება რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე გამოუვალ მდგომარეობაში ხარ, ეს გააკეთო, თუმცა ყოფილა შემთხვევა. ასეთ ტიპ ადამიანებს ორ ჯგუფად დავყოფდი, რომლებიც ანუ დაბადებიდანვე ესეთები არიან და მე მათ არც სამკურნალოებად მივიჩნევ და არც, დავუშვათ, რაღაც გადახრებით — არა, ისინი ბუნებამ დაბადა ასეთი და ასეთები არიან და მეორე ჯგუფია, რომლებიც ცხოვრებამ ანუ ეტაპობრივად გახდნენ ასეთები, იყვნენ ვაჟკაცურები, დავუშვათ, ან ქალი — პირიქით და გახდნენ, ცხოვრებამ გახადა ესეთი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მე აუცილებლად დავიცავ მათ უფლებებს“ [სტილი დაცულია], — განაცხადა მაკა მინდიაშვილმა.
მაკა მინდიაშვილის კომენტარი სატელეფონო ზარის შესახებ შეიძლება შეეხებოდეს 31 ოქტომბერს, ქვიარის ჟურნალისტთან სატელეფონო ინტერვიუს, რომლის დროსაც სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლგბტქი ადამიანებისთვის საზიანო კომენტარები გააკეთა. მაკა მინდიაშვილის ხედვას ლგბტქი უფლებების შესახებ ქვიარის ვრცელ სტატიაში სულ მალე ნახავთ.
მაკა მინდიაშვილი 2012 წელს გურჯაანის რაიონში გამგებლის კანდიდატი იყო, 2013 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, იმავე პარტიის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის წევრი იყო 2018 წელს, 2020 წელს კი კოორდინატორი სოფელ ახაშენში. 2013 წლის დეკემბრიდან გახდა თავისუფალი ზონის წევრი. 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო, მის პარტიას შეუერთდა. პოლიტიკური პარტიის დატოვების შემდეგ, თავისუფალ ზონაში დაბრუნდა და მოგვიანებით საკუთარი ორგანიზაცია, ხალხის ხმა დააარსა. 2021 წელს გურჯაანის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
რუსული კანონის მიღებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი რუსული კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის ვადა ამოიწურა და ცნობილი გახდა, რომ ამ თანამდებობაზე წარდგენილია 19 ადამიანი.
- ანა აბაშიძე — პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR) ხელმძღვანელი
- მარიკა არევაძე — საადვოკატო ბიურო არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების ადვოკატი
- გიორგი ბურჯანაძე — საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
- ლელა გაფრინდაშვილი — ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის ხელმძღვანელი
- სოფიო დემეტრაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
- თინათინ ერქვანია — საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
- ევგენია თავაძე — დროებით უმუშევარი
- ალექსანდრე კობაიძე — ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია თავმჯდომარე
- ლევან კოკორაშვილი — ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
- ნუგზარ კოხრეიძე — სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ თაობათა დიალოგის თავმჯდომარე
- გიორგი მარიამიძე — მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის დამფუძნებელი, დირექტორი
- სერგო მახარაძე — საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
- მაკა მინდიაშვილი — ხალხის ხმის დამფუძნებელი
- ჯემალ ნათელაშვილი — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
- ნიკოლოზ ნიკოლაძე — საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
- ქეთევან ჩაჩავა — განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი ცობეხია — საადვოკატო ბიუროს გიორგი ცობეხია და პარტნიორები მმართველი პარტნიორი, დირექტორი
- იაგო ხვიჩია — საქართველოს პარლამეტის წევრი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი
- ნაზი ჯანეზაშვილი — საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი
კანდიდატებიდან სამი: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად წარადგინეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “პროცედურა მიდის ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად”.
მისივე თქმით, კანდიდატების შეფასებას შემფასებელთა ჯგუფი 13 ოქტომბრამდე წარადგენს და ისინი იმსჯელებენ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი.
“ეს არის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განთლება და გამოცდილება”, — დასძინა მან.
რაც შეეხება შემფსებელთა ჯგუფს, რომელმაც უნდა იმსჯელოს კანდიდატების შესახებ, წევრები არიან:
- დავით ასათიანი — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე
- თამარ ზარანდია — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი
- ნათია კუპრაშვილი — საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე
- რაისა ლიპარტელიანი — საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე
- ელენე რუსეცკაია — ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი
- არნოლდ სტეფანიანი — საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს თავმჯდომარე
- ნინო ჩხობაძე — საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები − საქართველოს თავმჯდომარე
- ეკატერინე ციმაკურიძე — დემოკრატიის ინდექსი − საქართველოს თავმჯდომარე
- ლევან ცუცქირიძე — ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის აღმასრულებელი დირექტორი.
მოქმედ ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიას ვადა 2022 წლის დეკემბერში ეწურება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს, 6 წლის ვადით.
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ კანონის თანახმად, ომბუდსმენი ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში. ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებების და თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასა და პატივისცემას; გარდა ამისა, სახალხო დამცველი ავლენს ადამიანის უფლებების დარღვევის, მათ შორის, დისკრიმინაციის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას; ომბუსმენი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში, ასევე, ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და
საქართველოს სახალხო დამცველმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ დღის მიზანს „ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ“.
განცხადებაში საუბარია ლგბტქი თემის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ნათქვამია, რომ გაზრდილი ხილვადობისა და დისკრიმინაციული განწყობების შემცირების მიუხედავად, „ამ პროცესს თან არ ახლავს სახელმწიფოს თანმიმდევრული და გააზრებული პოლიტიკა. უფრო მეტიც, სახელმწიფოს სამართლებრივი უმოქმედობა ახალისებს ლგბტ+ ადამიანების მიმართ უთანასწორობას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვერ აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და დაუცველს ტოვებს მათ ძალადობისა და დისკრიმინაციის პირისპირ“. გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების ხარვეზებზე და ამ მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობის შესახებ.
განცხადებაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ „როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერები და სხვა წევრები საზოგადოებას ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიმართ ძალადობისკენ პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებდნენ. 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა“.
საქართველოს სახალხო დამცველმა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და საჯარო პირებს მოუწოდა, „ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და