ლგბტქი უსაფრთხოება - Page 3

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ლგბტქი აქტივისტი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს

22 თებერვალს, აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჟურნალისტი და ლგბტქი აქტივისტი, ავაზ შიხმამედოვი (პროფესიულ საქმიანობაში ცნობილი როგორც ავაზ ჰაფიზლი), ნათესავმა, ამრულა გულალიევმა მოკლა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის ოფისმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელეს.

ლგბტქი ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინაში ქვიარ თემს ეხმარებიან

იმ მომენტიდან, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო, ქვეყანაში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი ძალისხმევა  ხალხის დახმარებისკენ მიმართა.

ქვიარის ჟურნალისტს ახმეტელის მეტროსთან თავს დაესხნენ

6 აპრილს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიარის ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით, ფიზიკურად იძალადეს.

ტიკტოკმა ტრანსფობიური და გარდაქმნის თერაპიის მხარდამჭერი მასალის აკრძალვისთვის წესდება შეიმუშავა

სოციალური მედიის პლატფორმა ტიკტოკი გენდერული ნაცვალსახელებისა და მიმართვის ფორმის არასწორი გამოყენების, ტრანსგენდერი ადამიანისთვის დაბადებისას მინიჭებული სახელის გამოყენების, მიზოგინიის და ,,გარდაქმნის თერაპიის” მხარდამჭერი კონტენტის წინააღმდეგ

ქვიარის ჟურნალისტს ახმეტელის მეტროსთან თავს დაესხნენ

6 აპრილს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვიარის ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიური მოტივით, ფიზიკურად იძალადეს. Keep Reading

არ დანებდეთ, დაიღალოთ ან მოგბეზრდეთ უკრაინაში მიმდინარე ამბები – KyivPride-ის დირექტორი

KyivPride-ის დირექტორმა, ლენი ემსონმა ჟურნალ DIVA-სთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის ომისას არსებულ გამოწვევებზე, საფრთხეებზე და იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლითაც უკრაინელების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარებას ცდილობენ.

„მსოფლიო ელოდა, რომ უკრაინა 2 დღეში ოკუპირებული იქნებოდა. ჩვენ, უკრაინელებმა, საპასუხოდ ბრძოლა დავიწყეთ და უკვე ერთი თვეა ომი გრძელდება, ბრძოლას არ შევწყვეტთ. საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, რომ არ დანებდნენ, არ დაიღალონ, არ მოსწყინდეთ მიმდინარე სიტუაცია. განაგრძონ ჩვენი მხარდაჭერა მსვლელობებით, პროტესტებით, უკრაინის დროშებით, რათა ყველას შეახსენონ, რომ უკრაინა ისევ საფრთხეშია. 

რუსეთს სწორედ ის უნდა, რომ ყველა დაიღალოს ომით, რათა უკრაინის დაპყრობა მარტივად შეძლონ. ეს არ უნდა დავუშვათ. თუ მსოფლიო რუსეთს უკრაინის შეჭმის უფლებას მისცემს, შემდეგი ვინ იქნება? მოლდოვა, პოლონეთი, უნგრეთი, ლიტვა? არ მგონია, რომ მსოფლიოს ამ თამაშში ჩართვა უნდა, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ჩვენთან ერთად იბრძოლოთ“, — აღნიშნა ლენიმ.

უკრაინელების უმეტესობას ლენის მსგავსად სჯერა, რომ უფრო მძლავრი საერთაშორისო ქმედებებია საჭირო, რათა რუსულმა ძალებმა უკრაინა დატოვონ.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები აუცილებელია, რათა ომის დაფინანსება ვეღარ შეძლონ. ვიცი, ნატოს განცხადება, რომ ცის დაკეტვა შეუძლებელია, მაგრამ ეს არ გვეხმარება. არ ვიცით, მომდევნო ბომბი რომელ სახლს დაეცემა – მეზობლის სახლს თუ მეგობრის ბინას. ახლა ყველაზე მეტად იმ საფრთხისგან გვჭირდება დაცვა, რომელიც ციდან გვემუქრება“, – ამბობს ლენი.

გაეროს ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 1100 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 მილიონზე მეტ ადამიანს კი სახლის დატოვება მოუწია. უკრაინის ინფრასტურქტურაზე მიტანილი ზარალი $63 მილიარდს შეადგენს და, სავარაუდოდ, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. 

მიუხედავად იმისა, რომ კიევი, სადაც ლენი ცხოვრობს, საგანგებოდ არის დაცული, აფეთქებების ხმები მუდმივად ისმის.

„ეს ყველასთვის შიშისმომგვრელია. ყველას სიცოცხლე საფრთხეშია. არ აქვს მნიშვნელობა სექსუალურ ორიენტაციას, გენდერულ იდენტობას, რელიგიურ მრწამსს, ასაკს – ყველა ყოველდღიური საფრთხის წინაშე ვართ. რუსები ყოველ ღამით ბომბავენ ჩვენს ქალაქებს, რაც რუსულ რულეტს ჰგავს, არ იცი, რომელ სახლს დაეცემა მომდევნო ბომბი. მარიუპოლში ცხოვრება შეჩერდა. ქუჩაში ცხედრებია მიმოფანტული და ადგილობრივებს მათი დაკრძალვა არ შეუძლიათ, რადგან მუდმივი დაბომბვებია. ეს დაუჯერებელი მდგომარეობა უნდა შეწყდეს“, – აღნიშნავს ლენი.

კიევპრაიდი და სხვა ლგბტქი და საქველმოქმედო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ რუსეთის დანაშაულებებზე და ცდილობენ ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარონ, მიუხედავად იმისა, რომ სასიცოცხლო საფრთხის წინაშე არიან.

„რუსული ოკუპაცია ლგბტქი თემისთვის უბრალოდ საფრთხე კი არაა, სავარაუდოდ, სრულად გაგვანადგურებენ. ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის 30 წელი ფუჭად ჩავლილი აღმოჩნდება. უკრაინაში ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია 1991 წელს მოხდა, 1996 წელს პირველი ლგბტქი ორგანიზაცია დაფუძნდა. დღეს უკრაინაში 20-ზე მეტი ლგბტქი ორგანიზაცია მუშაობს და თითქმის ყველა რეგიონს ლგბტქი ცენტრი აქვს. თემი ძლიერდება, აქტიური ტრანს მოძრაობა გვაქვს და ამ მიმართულებითაც დიდი პროგრესი მიიღწა. ყოველ წელს, უკრაინის რამდენიმე ქალაქში ღირსების მარში ტარდება“, – ჰყვება ლენი ლგბტქი უფლებების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე საუბრისას. 

რუსეთის თავდასხმამდე კიევპრაიდი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე მუშაობდა და ხელისუფლებასთან თანასწორ ქორწინებაზე დიალოგს აპირებდნენ.

„ინიციატივა უკვე მომზადებული გვქონდა და პარლამენტისთვის წარდგენას ვაპირებდით, რა თქმა უნდა, ეს პროგრესი დაიკარგება თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას შეძლებს. ყველაფერი განადგურდება, ჩვენი თემის ჩათვლით. ამიტომ, ახლა გვჭირდება დახმარება მათ შესაჩერებლად. თუ რუსეთი მიზნებს შეასრულებს, ლგბტქი ადამიანების ცხოვრება შეუძლებელი გახდება, ჩვენ ვიქნებით მკვლელობებისა და წამების პირველი სამიზნე. ომი უნდა შეწყდეს, რუსეთი ჩვენს ქვეყანას უნდა შეეშვას. თემის უდიდესი ნაწილი უკრაინაში რჩება და მათ დახმარებას ვცდილობთ. ნაწილმა კი ქვეყანა დატოვა. რეალურად რომ შევხედოთ, 44 მილიონის ევაკუაცია შეუძლებელია, თანაც, აუცილებელია, რომ დავრჩეთ და ვიბრძოლოთ. გვჭირდება საერთაშორისო დახმარებაც“, – ამბობს კიევპრაიდის დირექტორი.

კიევპრაიდი რამდენიმე გზით ცდილობს ზოგადად უკრაინელების და ლგბტქი თემის დახმარებას.

„ვთანამშრომლობთ ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც გეი ალიანსია, რათა თავშესაფარი შევთავაზოთ მათ, ვინც კიევში ან კიევის შემოგარენში მოდის ან სხვა ქალაქებისკენ მიემართება. ლგბტქი ორგანიზაციების ხელშეწყობით, დასავლეთ უკრაინაში უსაფრთხო თავშესაფრები მოეწყო, ასევე სხვა რეგიონებში, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს უსაფრთხოდ ცხოვრება შეძლებოდათ. თავშესაფრები ლგბტქი ადამიანებისთვისაც უსაფრთხოა, რადგან მათ განსაკუთრებით სჭირდებათ დაცვა ძალადობრივი ჯგუფებისგან. ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, – აღნიშნავს ლენი.

საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით, თავშესაფრები საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით მარაგდება, მაგრამ ქვეყანა პირველადი საჭიროების ნივთების კრიზისს მაინც განიცდის.

„სიტუაცია მძიმეა. ბევრ ადამიანს საკვები და მედიკამენტები არ აქვს, სხვა აუცილებელი სურსათის მარაგიც სწრაფად ილევა. დედაქალაქიდან 3-5 კილომეტრში მდებარე ქალაქებიც კი იმავე პრობლემების წინაშე არიან. სურსათის მაღაზიებში უზარმაზარი რიგებია, მთავრდება პური, ხორცი და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტი. მედიკამენტებზე წვდომაც გართულებულია, მათ შორის, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საჭირო ჰორმონებზე“, – ამბობს ლენი.

ლენი საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის და მუდმივ მხარდაჭერას ითხოვს.

„სამოქალაქო საზოგადოებამ უკრაინის გვერდით დგომითა და მსვლელობებში მონაწილეობით პოლიტიკური ცვლილებების გამოწვევა შეძლო, მათ ქმედებებისკენ მოუწოდეს. საერთაშორისო საზოგადოება უკრაინას დონაციებით, საცხოვრისების დათმობით, საზღვარზე ხალხის დახმარებით, ქვეყანაში დარჩენილებზე ზრუნვით, ასევე სოციალური ქსელებით ინფორმაციის გავრცელებით და პოლიტიკოსების იძულებით დაეხმარა. სწორედ ამან განაპირობა სამხედრო აღჭურვილობისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. ეს სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს“, – თქვა საუბრის დასასრულს ლენი ემსონმა. 

გზები, რომლითაც უკრაინელების დახმარებას შეძლებთ

წყარო: DIVA

ლგბტქი თავშესაფრებს დახმარება სჭირდებათ – უკრაინელი აქტივისტის წერილი

უკრაინელმა აქტივისტმა, ანდრიი ჩერნიშევმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩერნივცის, კიევის, დნეპრისა და სხვა ქალაქების თავშესაფრებში მყოფი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებზე წერს. Keep Reading

ერაყში ლგბტქი ადამიანებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება – HRW-ის ანგარიში

Human Rights Watch-ის IraQueer-თან თანამშრომლობით მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ერაყში, შეიარაღებული ჯგუფები იტაცებენ, აუპატიურებენ, აწამებენ და კლავენ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ ადამიანებს, რასაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მოსდევს, მეტიც, პოლიცია ლგბტქი ადამიანების დაკავებაში და ძალადობრივ ქმედებებში თანამონაწილეა.

86-გვერდიანი ანგარიში – ყველას ჩემი სიკვდილი სურს: მკვლელობა, გატაცება, წამება და სექსუალური ძალადობა ერაყში, რომელსაც ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები ახორციელებენ – აერთიანებს ლგბტქი ადამიანების მკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ დანაშაულებში „სახალხო მობილიზაციის ძალები“ მონაწილეობენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელისუფლების მხრიდან ფინანსდებიან და ქვეყნის პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში არიან. Human Rights Watch-ის ანგარიშში მრავლად არის გატაცების, ხელისუფლების მხრიდან ოფიციალურად გამოტანილი განაჩენის გარეშე მკვლელობის, სექსუალური ძალადობისა და ონლაინ თვალთვალის შემთხვევებიც, რომლებსაც პოლიცია და შეიარაღებული ჯგუფები ახორციელებენ. ლგბტქი ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ერაყის ხელისუფლებაა, მაგრამ მოძალადეებს არ სჯიან.

John Holmes / Human Rights Watch

კვლევის ფარგლებში 54 ერაყელი ლგბტ ადამიანი გამოიკითხა, რომელთაც შეიარაღებული ჯგუფებისა და პოლიციის მხრიდან ძალადობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. გამოიკითხა 9 უფლებადაცვითი ორგანიზაცია და საერთაშორისო მისიის 7 წარმომადგენელიც, ასევე ლგბტქი უფლებების ადვოკატირებაზე მომუშავე ჯგუფები, რომლებიც ერაყში მუშაობენ. გამოკითხულებს ბაღდადში და ერაყის სხვა ქალაქებში, ასევე ქურდისტანის რეგიონში უფლებების შელახვა გამოუცდიათ. Human Rights Watch-მა ონლაინ დოკუმენტაციაც შეისწავლა, რომელშიც საუბარია ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმის შესახებ. დოკუმენტაცია მოიცავს ვიდეოებს, ფოტოებს და ციფრულ არხებში გაჟღერებულ მუქარის შემთხვევებს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ლგბტქი ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა და სურვილი, რომ ძალადობის შემთხვევების შესახებ პოლიციას განუცხადონ, რადგან მათი ქმედებები „მორალურ“ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის, არ არსებობს საჩივრის დაფიქსირების მოწესრიგებული სისტემა, ამასთან, კანონით არ არის განსაზღვრული დისკრიმინაციისგან დაცვის წესდება.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ქმნის მდგომარეობას, რომელიც ხელისუფლების შეიარაღებულ წარმომადგენლებს, მათ შორის, პოლიციელებს ლგბტქი ადამიანებზე ძალადობის შესაძლებლობას აძლევს, რასაც სამართლებრივი პასუხისგება არ მოჰყვება.

31 წლის ერაყელმა ტრანსგენდერმა ქალმა თქვა, რომ 2021 წლის თებერვალში სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 6 კაცი დაბურულშუშებიანი ჰამერით დაედევნა, ნაგავსაყრელთან შეაჩერეს და სხეული ბასრი საგნებით დაუსერეს, რის შემდეგაც საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

John Holmes / Human Rights Watch

27 წლის გეი კაცი ბაღდადიდან ჰყვება, როგორ აწამა მისი შეყვარებული ბიჭი ოთხმა შეიარაღებულმა ადამიანმა მის თვალწინ. შემთხვევა 2020 წელს მოხდა, რა დროსაც დაზარალებულს 5-ჯერ ესროლეს. 

8 შემთხვევაში პოლიციისა და შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან არასრულწლოვანთა დროებითი დაკავებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტები გამოაშკარავდა. დაზარალებულთა უმეტესობამ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ამოცნობა შეძლო და ისინი პასუხისგებაშიც მისცეს.

John Holmes / Human Rights Watch

გამოკითხულები ჰყვებიან დაკავებისა და გამუდმებული ძალადობის შემთხვევებზე, რომლებშიც დამნაშავე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები არიან. მოძალადეები გამოკითხულებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, დროებით აკავებდნენ, იტაცებდნენ, ხშირად ლეგალური საფუძვლის არქონის მიუხედავად.

ლგტქი ადამიანების თქმით, გატაცებისას არ ჰქონდათ საკვებზე და წყალზე წვდომა, ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა, ასევე სამედიცინო დახმარებაზე წვდომა. მათი თქმით, პოლიცია სექსუალურად ძალადობდა ან სცემდა და აიძულებდა ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

2021 წლის ივნისში, ქურდისტანის რეგიონში 11 ლგბტქი აქტივისტი დააკავეს „საჯარო ადგილებში ამორალური ქცევისთვის“. ყველა მათგანი ორგანიზაცია Rasan-ის წევრია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობას. შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა აქტივისტები პატიმრობაში აღარ არიან.

John Holmes / Human Rights Watch

გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ახლობლების მხირდან სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო ძალადობის გამოცდილება ერთხელ მაინც ჰქონიათ. ძალადობის ფორმები ოთახში დიდი დროით ჩაკეტვას, საკვებზე და წყალზე წვდომის შეზღუდვას, დამწვრობებს, ცემას, გაუპატიურებას, ელექტრო შოკის გამოყენებას, იარაღით მუქარას, „გარდაქმნის თერაპიაში“ იძულებით ჩართვას, იძულებით ქორწინებას და ანაზღაურების გარეშე ხანგრძლივი დროით მუშაობას მოიცავს.

Human Rights Watch-ში აღნიშნავენ, რომ ერაყის ოფიციალური უწყების წარმომადგენლები შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული გამოხატვისა და იდენტობის ნიშნით ძალადობის შემთხვევებს უნდა იძიებდენენ და დამნაშავეებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებდნენ, ასევე საჯაროდ გმობდნენ ყველა მსგავს შემთხვევას. აუცილებელია დაზარალებულთათვის და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდაც. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ერაყს სამხედრო, თავდაცვის და სადაზვერვო აღჭურვილობას აწოდებენ, მათ შორის, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებს შემთხვევების გამოძიება, შეიარაღებული ჯგუფების ქმედებების შესწავლა და ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებების გამოძიება უნდა დააკისრონ ან დახმარების მიწოდებაზე უარი საჯაროდ განაცხადონ.

„ერაყელი ლგბტქი ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გაგრძელდება, თუ ხელისუფლება ძალადობის დასრულებისთვის და დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად არაფერს გააკეთებს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ლგბტქი ადამიანებზე ძალადობა და უზრუნველყონ მათი დაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნავს იუნისი.

წყარო: Human Rights Watch

პუტინი რუსეთის მარცხს უფლებადამცველებს დააბრალებს – ლგბტქი აქტივისტები რუსეთს ტოვებენ

/

პეტერბურგში მყოფი ლგბტქი ჯგუფ Coming Out-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ვორონოვმა Pink News-თან საუბარში აღნიშნა, რომ პუტინის უკრაინაზე თავდასხმაზე თვალის მიდევნებით, ნათელი გახდა, რა მოხდებოდა მომავალში. 

მისი ჯგუფი და სხვა ადამიანის უფლებადამცველები რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები და ომის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები არიან, ამიტომ კრემლისთვის მომავალში ნომერ პირველი მტრები გახდებიან. მსგავს საბაბს ხელისუფლება ათწლეულებია ეძებს.

დევნა უკვე დაიწყო. ვორონოვის თქმით, ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებმა, ომის დაწყების პარალელურად, აქტივისტების სახლები და ოფისები დაარბიეს, ზოგიერთი კი ქაღალდის ნაგლეჯის აღმოჩენისთვის დააკავეს.

„რუსეთმა ომი უკვე წააგო: მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის არმია ვერაფერს უხერხებს ბევრად პატარა ქვეყანას, რომელზეც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სუსტია“, – ამბობს ვორონოვი და ამატებს – „აქ გაურკვეველი ომის მოგება ან წაგება კი არაა, საკითხავია, რას მოიმიზეზებენ, როცა ომს წააგებენ: მარცხი დაბრალდება უფლებადამცველებს, მათი თქმით, „უცხოეთის ჯაშუშებს“ და „ტრადიციული ღირებულებების“ მოღალატეებს, ყველას, ვინც ომის წინააღმდეგ იყო. ომის წაგების ტვირთს ჩვენ აგვკიდებენ“.

მომავლის მოლოდინით დაზაფრულმა ვორონოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრების საზღვარგარეთ გადაყვანა იგეგმება, რაც უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად აუცილებელია. მისი თქმით, მხარდაჭერის სერვისებისა და ადვოკატირების პროცესს ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ.

„ვშიშობ, რუსეთიდან საქმიანობის გაგრძელება ციხისკენ გზა იქნება“, – ამბობს ვორონოვი.

უკრაინაში მიმდინარე სასტიკ ქმედებებს დასასრული არ უჩანს. 24 თებერვლიდან დღემდე, სულ მცირე, 847 სამოქალაქო პირი მოკლეს, უკრაინელთა ნაწილმა, 3 მილიონზე მეტმა, ქვეყანა დატოვა.

„როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც შოკში ვიყავით. ამას არავინ ელოდა და, რა თქმა უნდა, შეგვეშინდა კიდეც“, – აღნიშნავს ვორონოვი.

ლგბტქი რუსებისთვის უბრალოდ არსებობაც კი წლებია არალეგალური იყო, თუ, რა თქმა უნდა, მათ არსებობას ვინმე აღიარებდა, მაგრამ ომის დროს მდგომარეობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

პუტინის პოლიტიკური გზამკვლევი დიდი ხანია საბჭოთა დროის ნოსტალგიაა. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონის შემოღება, რაც „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ ხსენებასაც კი კრძალავს, მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტმა ქორწინების თანასწორობაზე დაწესებული აკრძალვები კიდევ უფრო გაამკაცრა და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის ლეგალურად აღიარების ყველა შესაძლებლობის მოსპობაც განიზრახა. ამიტომ, ვორონოვს არ გაჰკვირვებია ხელისუფლების ქმედებები ომის პერიოდში. 

„ომის პირველ კვირებში უამრავი ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ დამოუკიდებელი აქტივისტი იქცა პოლიციის ჩხრეკის სამიზნედ, დაარბიეს ოფისები და სახლები. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს ვორონოვი.

პუტინმა აქამდე არნახული სიმკაცრე გამოიჩინა სიტყვისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

ახალმა კანონმა აკრძალა მნიშვნელოვანი სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა, ამავე დროს ოპონენტებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს სისხლისღვრის შესახებ ინფორმაციის გაშუქება აეკრძალათ და ეს კრიმინალურ ქმედებად ჩაითვალა. ზოგიერთი რუსული გამოცემა სასჯელის შიშით დაიხურა, რამაც რუსები მხოლოდ სახელისუფლებო მედიის იმედად დატოვა.

რუსეთის ქმედებებისთვის ,,ომის’’ პირდაპირ დაძახებაც კი კრიმინალურ აქტად ჩაითვალა – კრემლი კვირებია ამტკიცებს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“.

„არც ისე რთულია, აკონტროლო ადამიანები, რომელთაც საჭიროებები აქვთ და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა – არა“, – ამბობს Comin Out-ის დირექტორი.

ვორონოვის თქმით, ნახა, როგორ აკავებდნენ არა მხოლოდ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ ომის გასაპროტესტებლად, არამედ ადამიანებს, რომელთაც უბრალოდ სუფთა ქაღალდი ეჭირათ ხელში.

„რუსების უმეტესობას არ ესმის, რა კატასტროფა ხდება. ისინი უბრალოდ ვერ ფიქრობენ ამ პოლიტიკურ ამბებზე – ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რა ჭამონ, როგორ გადაიხადონ ქირა და ასე შემდეგ. უკვე 20 წელია, სახელმწიფო ამას აკეთებს“, – აღნიშნავს ვორონოვი.

ვორონოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ მის ორგანიზაციას, რომელიც ქვიარ ადამიანებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს რუსეთიდან წასვლის სურვილით.

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ არ უნდათ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა აიძულონ, სხვები კი რუსეთს გართულებული საცხოვრებელი პირობების გამო ტოვებენ. ვორონოვმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ლგბტქი რუსები ბევრად მოწყვლადები არიან, ძალადობრივი თავდასხმის მუდმივი საფრთხე აქვთ, გამოიმუშავებენ ბევრად ნაკლებს და აქვთ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის ბევრად უარესი მდგომარეობა.

„ახლა რუსეთში ახალი ერა იწყება – ბნელი და ღარიბი. როგორც ჩანს, ამ ახალ ერაში ლგბტქი ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება და ამას უმეტესობა ხვდება. რუსეთის ხელისუფლება მუდამ მტრებს ეძებს და ეს მტრები ახლა უფლებადამცველები, ლგბტქი ხალხი და აქტივისტები არიან, ასევე პოლიტიკური ოპოზიცია, დასავლეთი და სხვები“, – ამბობს ვორონოვი.

Coming Out-ის დირექტორის თქმით, პუტინის რუსეთს მთელი მსოფლიო მტრად მიიჩნევს და იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ეს მაინც გააერთიანებს – „ვიმედოვნებ და ვნატრობ, რომ უკრაინაში მალე ყველაფერი მშვიდობიანად იქნება“.

ირანული მანქანის ჰომოეროტიკული გარდაქმნა ლგბტქი უფლებებზე დისკუსიის გააქტიურების მიზნით

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ხელოვანებს 1974 წლის, ისტორიული მანქანის, პაიკან ჰილმანის გარდაქმნისთვის ჰონორარს უხდის. წამოწყების მიზანი ადამიანთა უფლებების მხარდაჭერაა. 

1967 წელს, ირანში პირველი ეროვნული მანქანის, პაიკანის წარმოება დასრულდა, რომელიც ბრიტანული ჰილმან ჰანტერის რეპლიკა იყო. ავტომობილი ირანის თანამედროვეობისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმბოლოდ იქცა. იმავე პერიოდში დიდ ბრიტანეთში სექსუალური ურთიერთობების რეგულირების აქტი მიიღეს, რომლითაც 21 წელს გადაცილებულ კაცებს შორის ნებაყოფლობითი სექსი დაშვებული გახდა. აქტმა თანასწორი უფლებებისკენ გზა გაკვალა, მაგრამ საპირისპირო მოხდა ირანში, ისლამური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლამ ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა შეუძლებლად აქცია, მეტიც, ჰომოსექსუალობა ძალადობის, შევიწროების მიზეზია. 

1979 წლიდან 2008 წლამდე 4 ათასიდან 6 ათასამდე გეი კაცი და ლესბოსელი ქალი სიკვდილით დასაჯეს. ლგბტქი ადამიანების სიკვდილით დასჯა, დაპატიმრება, შევიწროება, ძალადობა ირანში ყოველდღიურად ხდება, მათ არ აქვთ სამართლიან სასამართლოზე წვდომა. 2019 წელს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გეი ადამიანების მკვლელობა „მორალური პრინციპებით“ გაამართლა, რაც რეჟიმის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში მოდის. გარდა ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენისა, ქვიარ ადამიანებს ღირსების სახელით ოჯახის წევრებიც სიკვდილით სჯიან და ამისთვის სამართლებრივი პასუხისგებაც იშვიათად დგება. 

ბოროტების საპასუხოდ ირანელი ხელოვანები, რომელთაც ქვეყანა დატოვეს, სოციალური სამართლიანობისა და თავისუფლების დასაცავად ადვოკატირების პროცესში არიან ჩართული. 

PaykanArtCar

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ერთ წელზე ნაკლებია ჩამოყალიბდა და სამართლიანობისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად. ორგანიზაციის სიმბოლოდ 1974 წლის პაიკან ჰილმან ჰანტერი იქცა, რომელიც ირანის შაჰმა რუმინელ დიქტატორ ნიკოლაი ჩაუშესკუს აჩუქა, როგორც ეროვნული სიამაყის ნათელი დადასტურება, ახლახან კი ორგანიზაციის საკუთრებად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ პაიკანი ირანის ეროვნული ღირსების სიმბოლოა, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის კარგი საშუალებაც არის. 

ორგანიზაციის პირველი კოლაბორაცია ირანელ ლგბტქი ხელოვან ალირეზა შოჯაიანთან შედგა. თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებისთვის ირანული ძალმომრეობის შეხსენებაა, რომელიც ლგბტქი თემს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის. ასევე, ეს არის მცდელობა, რომ აღდგეს დაკარგული ირანული ღირსება, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს მიუხედავად რასობრივი კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციისა. 

პირველი ირანული ავტომობილი ალირეზასთვის ტილოდ იქცა, რომელზეც ანტიკური სპარსული ლიტერატურის გავლენით ნახატი შექმნა. ნამუშევარზე ირანული ეპოსის შაჰნამეს პერსონაჟები სოჰრაბი და შაბანი შირაზის ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ რომანტიკულ მომენტს იზიარებენ. მანქანის მეორე მხარეს კი მათი სიკვდილის სცენას ვხედავთ, რაც საშიში ტრფობის სიმბოლოა. შოჯაიანის ინტერპრეტაცია ირანული კანონმდებლობის 234-ე მუხლს ემყარება, რომლითაც კაცებს შორის სექსუალური აქტი სიკვდილით დასჯის წინაპირობაა. 

ხელოვნება ისტორიის მანძილზე ამბოხის დასაყრდენი იყო, რომელიც მარგინალიზებულ ჯგუფებს საკუთარი ხმის გაჟღერების საშუალებას აძლევდა. ირანული ხელოვნება კი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ გზას არ მიჰყვება, ხელოვნება პროგრესის ხელშემწყობ იარაღად ვერ იქცა, ამიტომ PaykanArtCar-მა ირანული ხელოვნების ინსპირაციით მარგინალიზებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების მოყოლა გადაწყვიტა. 

მხოლოდ ხელოვნება ისლამური რესპუბლიკის მიდგომების შესუსტების წყაროდ ვერ იქცევა, ლგბტქი თემმა ირანის ძალმომრეობას თავდაღწეული ადამიანებისთვის შესაძლებლობები უნდა შექმნას, რაც იმ ბოროტებაზე საუბარს გაააქტიურებს, რაც ირანში ხდება. დასავლურმა საზოგადოებამ კი მეტად უნდა მოინდომოს და ხელისუფლებებს აიძულოს, ყურადღება მიმართოს ქვეყნებისკენ, რომლებშიც ადამიანთა უფლებებს არ იცავენ, მეტიც, ადამიანების სიკვდილით დასჯა სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია. 

PaykanArtCar სწორედ დისკუსიის გააქტიურებას ემსახურება, რომელმაც სულ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოაფხიზლოს და მათი ყურადღება მსოფლიოში არსებულ დანაშაულებზე ფიქრისკენ მიმართოს.

წყარო: Attitude

ლგბტქი ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინაში ქვიარ თემს ეხმარებიან

იმ მომენტიდან, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და ომი წამოიწყო, ქვეყანაში მოქმედი ლგბტქი ორგანიზაციების უმეტესობამ ამ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი ძალისხმევა  ხალხის დახმარებისკენ მიმართა. Keep Reading

ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან – KyivPride-ის დირექტორი

„სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ“, – ამბობს KyivPride-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბიგენდერი აქტივისტი ლენი ემსონი Pride Source-თან ინტერვიუში. 

ახლა უკრაინაში ტრანსგენდერი ადამიანები იძულებულნი არიან, ჰორმონალური მედიკამენტების გარეშე იყვნენ, რადგან ლენი ემსონის თქმით, „აფთიაქებში თითქმის ყველანაირი მედიკამენტის მარაგი გამოილია“.

აღნიშნული ინტერვიუ ელენ შანა კნოპოვმა ემსონთან 6 მარტს ჩაწერა.

უკრაინაში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებს რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით რა შიშები აქვთ?

პირველ რიგში, უკრაინელების მიმართ სოლიდარულები ვართ. ვთვლით, რომ თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო და მზად ვართ, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლოთ. რუსული კანონმდებლობის პირობებში არასდროს ვიცხოვრებთ. რუსეთს არასდროს დავემორჩილებით. არ დავუშვებთ ოკუპაციას და არ ვიცხოვრებთ ისე, როგორც რუსეთში: ადამიანური უფლებების, ნებისმიერი უფლების გარეშე, ფაქტობრივად, მუხლებზე მდგარნი.

ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა რუსეთში ბევრად სავალალოა ვიდრე უკრაინაში, როგორ ფიქრობთ, ეს უკრაინელებისთვის საფრთხისშემცველია?

ერთადერთი რისკი, რომელზეც ვფიქრობთ, ლგბტქი ადამიანებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული წნეხი და რეპრესიებია.

ახლა ლგბტქი აქტივისტები არ ვფიქრობთ: „რა უნდა ვქნათ, როცა რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს?“, სულ სხვა ფიქრები გვაწუხებს, მაგალითად: რა უნდა ვქნათ, რომ ეს ასე არ მოხდეს, ასე რომ, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ:

  1. მოწყვლადი ჯგუფების ევაკუაცია – ქვეყნის დატოვებაში ვეხმარებით ტრანსგენდერ ადამიანებს და ლგბტქი თემის წევრებს, რომელთაც ბავშვები ჰყავთ.
  2. ვისაც ბრძოლა, ტერიტორიების დაცვაში დახმარება, არმიაში გაწევრიანება შეუძლია – იბრძვის. 

პირადად ვიცნობ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც არმიას შეუერთდნენ, რათა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლონ, ქვიარ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო დაცვის დანაყოფებს შეუერთდნენ. მინდა, მსოფლიომ გაიგოს, რომ ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან.

რის გაკეთება შეგვიძლია დასახმარებლად?

მადლობელი ვიქნები, თუ დახმარების გზების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებთ. KyivPride ნებისმიერი ადამიანის დახმარებას ცდილობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორია ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა უკრაინაში?

აფთიაქებში თითქმის ყველაფრის მარაგი ამოწურულია. საზღვრებს მიღმა პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა სამედიცინო მედიკამენტების მობილიზება შევძლოთ კიევსა და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხს სჭირდება. ეს პრობლემა ახლახან წარმოიშვა, დაახლოებით ერთი კვირაა.

რა გსურთ, სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ლგბტქი ადამიანებმა უკრაინის ლგბტქი თემზე იცოდეს?

გვინდა იცოდეთ, რომ ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის 30-წლიანი ისტორია გვაქვს. ამ უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ახლაც ვიბრძვით და არასდროს შევწყვეტთ. გასულ წელს, KyivPride-მა კიევის ქუჩებში 7 ათასი ადამიანის მობილიზება შეძლო. ლგბტქი უფლებებისთვის ერთობლივად გამოვედით. ასე რომ, რუსეთზე ძლიერები ვართ და თავისუფლებას ვაფასებთ. რუსეთისგან განვსხვავდებით და რუსულ კანონებს არასდროს დავემორჩილებით, ადამიანის უფლებების შელახვის იმ გამოცდილებას არ მივიღებთ, რაც რუსეთში მრავალი წელია არსებობს.

რა შეუძლიათ ინდივიდებს ან ხელისუფლებებს, რომ მოიმოქმედონ?

ინდივიდების და ხელისუფლების დახმარების გზები ერთმანეთთან არის კავშირში. მოსთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება კარგი საქმის საკეთებლად გამოიყენონ. უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა აუცილებელია, ამ ნარატივს, ფაქტობრივად, ომის დაწყების დღიდან ვაჟღერებთ, რადგან რუსული ბომბდამშენების შეჩერებისთვის რეალური გზაა. ეს ჩვენთვის აუცილებელია, რადგან გვინდა – ვიცოცხლოთ. ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლისთვის ცოცხლები უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ლგბტქი ადამიანების მთავარი მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მიმართ – ცის დაკეტვაა.

ინდივიდებს მხოლოდ დონაციებით დახმარებას კი არა, სიტყვიერ მხარდაჭერასაც ვთხოვთ, მაგალითად, თუ სოციალურ ქსელებში რუსეთის მხარდამჭერ პოსტებს გადააწყდებით ან პროპაგანდას, თითქოს უკრაინაში ომი არაა – დაარეპორტეთ, გააკრიტიკეთ. რუსული პროპაგანდის ადგილი სოციალურ ქსელებში არ უნდა დარჩეს, რუსულ ტყუილებს ინტერნეტში არაფერი ესაქმება. გთხოვთ, ამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი დახმარება იქნება.

რამეს ხომ არ დაამატებდით?

რთულია რაიმეს თქმა, რადგან ამას არავინ ელოდა. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებების შესახებაც ვიცი, დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში ეს მართლაც მოხდებოდა? ვინ იფიქრებდა, რომ პუტინი ადგებოდა და უკრაინის ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა, ახლაც რთულია დაჯერება, რომ ეს მართლაც ხდება, ყველას გონება ცდილობს, რომ ეს ფაქტი უარყოს. დიდი სტრესია იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩვენ თავს ხდება… სიტყვები ზედმეტია. რა შეიძლება ვთქვათ?

წყარო: Pride Source

უკრაინის მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების დასაცავად უმნიშვნელოვანესია – GLAAD

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილი და დეზინფორმაცია უმაგრებს ზურგს და განსაკუთრებით მძიმე გავლენა აქვს უკრაინელ ლგბტქი ადამიანებზე, რომელთაც ცოტა ხანია, რაც ხილვადობა მოიპოვეს და თანასწორობისკენ გადადგეს  ნაბიჯები.

როცა რუსეთის ჯარმა უკრაინას შეუტია, უკრაინელთა დიდი ნაწილი ქვეყნის დასაცავად გაერთიანდა.

„ვხედავთ, რომ ლგბტქი უკრაინელები გმირულ ბრძოლაში ერთვებიან და ქვეყნის თავისუფლების დაცვას ცდილობენ. უკრაინის მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების დასაცავად უმნიშვნელოვანესია. ეს დეზინფორმაციაზე დამყარებული ომია, რომლის სამიზნეც უკრაინა, დემოკრატია და ლგბტქი თემია. ვაგრძელებთ ლგბტქი თემთან დაკავშირებულ ტყუილებთან და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლას, როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ“, – აღნიშნა როს მიურეიმ, GLAAD-ის მედია ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა.

GLAAD თვალყურს ადევნებს ადგილობრივ აქტივისტებს და ლგბტქი უკრაინელების დასახმარებლად მიმდინარე კამპანიებს მხარს უჭერს. ომის დროსაც კი რუსეთი ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ საზიანო ინფორმაციის გავრცელებისთვის იცლის. კრემლმა ისტერია უწოდა აშშ-ის განცხადებებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მოლოდინებთან დაკავშირებით და უარყო იმ უკრაინელი ინდივიდებისა თუ ჯგუფების სიის ქონა, რომელთა მოკვლას ან ბანაკებში გაგზავნასაც აპირებდნენ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. სია მოიცავს ლგბტქი ადამიანებსა და ჯგუფებს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს. რუსეთში დააკავეს ქვიარ კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის მსხვერპლი გახდა. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ კი ომის დაწყება გეი ღირსების მარშის წინააღმდეგ დონბასელთა განწყობებს დაუკავშირა.

სანამ ლგბტქი უკრაინელები იბრძვიან ან ქვეყანას ტოვებენ, ტრანსგენდერი ქალები და არაბინარული უკრაინელები იძულებულნი არიან, ომში ჩაებან, რადგან მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერის გასწვრივ ,,მამრობითი” წერია. მრავლად არის ქალი და ლგბტქი ადამიანი, რომელიც არმიას უერთდება, მაგრამ უმეტესობას არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს. ლგბტქი ლტოლვილები კი მეზობელ კონსერვატიულ ქვეყნებში დისკრიმინაციის სამიზნე ხდებიან. დამატებით, არაერთ შავკანიან სტუდენტს ექმნება პრობლემა ქვეყნის დატოვებისას, რადგან რასიზმი და ქსენოფობიური განწყობები გაძლიერებულია.

უკრაინელების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარება იმ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გავლით შეგიძლიათ, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან, მაგალითად:

უკრაინაში ლგბტქი ადვოკატირებამ შედეგი გამოიღო და განწყობები ნელ-ნელა იცვლებოდა. თავდაპირველად ღირსების მარშები ძალადობრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ ქვეყანაში პროგრესი შეინიშნებოდა, რასაც საომარი სიტუაცია ართულებს.

წყარო: GLAAD

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ლგბტქი აქტივისტი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს

22 თებერვალს, აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჟურნალისტი და ლგბტქი აქტივისტი, ავაზ შიხმამედოვი (პროფესიულ საქმიანობაში ცნობილი როგორც ავაზ ჰაფიზლი), ნათესავმა, ამრულა გულალიევმა მოკლა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მთავარი პროკურორის ოფისმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელეს. გულალიევის თქმით, მკვლელობის მოტივი პირადი უთანხმოება იყო.

გულალიევი მკვლელობის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ის უკვე დააკავეს და გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, ჰაფიზლის მეგობრები და კოლეგები განსხვავებულ მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. ოფიციალურად დადასტურებული არაფერია, მაგრამ ჰაფიზლი ბოლო თვეებში აქტიურად გმობდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყების უმოქმედობას. ჟურნალისტმა გასული წლის სექტემბერში თავი მთავარი პროკურორის ოფისზე ბორკილებით მიიბა, რათა უმოქმედობა გაეპროტესტებინა. იმავე პერიოდში, ქალაქის ცენტრში მშვიდობიანი დემონსტრაციისას ჟურნალისტი პოლიციამ დააკავა.

ჰაფიზლის მეგობრებსა და კოლეგებს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ, რადგან ჟურნალისტი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰაფიზლის თავი და სასქესო ორგანოები მოკვეთილი ჰქონდა.

ქვიარი ჰაფიზლის კოლეგას, საფრანგეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, მირზალი მოჰამედს დაუკავშირდა, რომელსაც გარდაცვლილი აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეომასალას უგზავნიდა. მოჰამედის თქმით, ჰაფიზლის მკვლელთან ურთიერთობა არ ჰქონია, ამიტომ პირად ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

„მეც უამრავი კითხვა მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ მკვლელობა აზერბაიჯანის ხელისუფლების დაგეგმილია. გარდაცვლილს ბიძაშვილთან ურთიერთობა არ ჰქონია, რა უნდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი? დამნაშავემ გარდაცვლილს თავი და გენიტალიები მოჰკვეთა. ავაზი აზერბაიჯანში დიდი საფრთხის წინაშე იყო, რაც ლგბტქი ადამიანების სიძულვილით არის განპირობებული.“ – აღნიშნა მოჰამედმა.

ამასთან, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ჟურნალისტის სხეულის მორგში გადასვენებისას, სამართალდამცავებმა მის სხეულთან შეხებაზე უარი განაცხადეს და გარდაცვლილს „ბინძური“ უწოდეს.

მირზალი მოჰამედმა გარდაცვლილის სხეულის გადასვენებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „მკვლელობის ადგილზე საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა და გარდაცვლილი ნაგვის პარკებით გადაასვენეს“.

დეტალების გადამოწმების მიზნით, ავაზ ჰაფიზლის მეგობარს, აზერბაიჯანში მცხოვრებ ლგბტქი აქტივისტ ჯავიდ ნაბიევს დავუკავშირდით. ნაბიევის თქმით, ჰაფიზლის უთანხმოება ნათესავებთან მართლაც ჰქონდა, რაც გარდაცვლილის სექსუალურ ორიენტაციას და აქტივისტურ საქმიანობას უკავშირდება.

„ავაზი პირად საუბრებში ხშირად აღნიშნავდა, რომ ოჯახს მის სექსუალურ ორიენტაციასთან და აქტივისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა. ბიძამისის ოჯახი მკვეთრად რელიგიურია და ავაზის წინააღმდეგ აგრესიაც აქედან გამომდინარეობდა. მკვლელმა თქვა, რომ დანაშაულის მიზეზი პირადი უთანხმოება იყო, თუმცა სასტიკი მკვლელობა სიძულვილის მოტივში გვარწმუნებს“, – აღნიშნა ჯავიდმა და დაგვიდასტურა, რომ გარდაცვლილის სხეული მართლაც დასახიჩრებული იყო – „ჩვენ ავაზის ოჯახში ვიყავით მისული, გვინდოდა, ოჯახს სხეულის გაპატიოსნებაში დავხმარებოდით, რისი წინააღმდეგებიც იყვნენ, თუმცა იქამდე გავრცელებული მოსაზრების დადასტურება შემიძლია – გარდაცვლილს გენიტალიები მოკვეთილი აქვს, რაც პირდაპირ მიანიშნებს სიძულვილის მოტივზე.”

ნაბიევმა დაგვიდასტურა პოლიციელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის ფაქტიც და აღნიშნა, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებიც უარს ამბობდნენ სხეულის გადასვენებაზე.

„დანაშაულის ადგილზე მისულმა პოლიციამ და სასწრაფო დახმარებამ სხეულის გადასვენებაზე უარი განაცხადეს, მათ სხეულთან შეხება არ სურდათ. სხეულის გადასვენების ორგანიზება ავაზის კოლეგებმა შეძლეს, თუმცა ის მორგში ნაგვის მანქანით გადაასვენეს.“ – აღნიშნა ჯავიდ ნაბიევმა.