//

4B, სამყარო კაცების გარეშე – სამხრეთ კორეული მოძრაობა, რომელიც პატრიარქატს ზურგს აქცევს

არა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებას, რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს და ბავშვის გაჩენას. 4B – სამხრეთ კორეული ფემინისტური მოძრაობაა, რომელიც პატრიარქატის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს ამბობს.

სამხრეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, ქვეყანამ უდიდესი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა და დღეისათვის აზიაში წამყვან პოზიციას იკავებს.

ე.წ „კორეული ტალღა“, მართლაც რომ ტალღისებური სისწრაფით ვრცელდება. კორეულ თანამედროვე კულტურას – კინო და ტელეინდუსტრიას, მუსიკასა და მოდას მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავს – სამხრეთ კორეა ბევრისთვის საოცნებო დანიშნულების ადგილია. თუმცა, ის კორეელი ქალებისთვის „ჯოჯოხეთად“ იქცა. ელ ჩოსონი – ჯოჯოხეთური ჩოსონი (ჩოსონი – კორეის ერთ-ერთი სახელწოდება), სწორედ ასე მოიხსენიებენ ახალგაზრდა კორეელები თანამედროვე კორეას.

4B სამხრეთ კორეული რადიკალური ფემინისტური მოძრაობაა, რომელიც 2018-2019 წლებში შეიქმნა. 4B (4ბი), ოთხ არას ნიშნავს. კორეელი ქალები ასე ცდილობენ ტრადიციული, პატრიარქალური კულტურისა და საზოგადოების მიერ მათზე მოხვეული ვალდებულებების უარყოფას:

  • ბიჰონ (비혼) – უარის თქმა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაზე
  • ბიჩულსან (비출산) – უარის თქმა ბავშვის გაჩენაზე
  • ბიიონე (비연애) – უარის თქმა კაცებთან რომანტიკულ ურთიერთობაზე
  • ბისექს (비섹스) – უარის თქმა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაზე

ასე განიმარტება რადიკალური მოძრაობისთვის დამახასიათებელი 4 აქტივობა, რომელიც უკვე მრავალი კორეელი ქალისთვის ცხოვრების წესად იქცა. სხვადასხვა მონაცემებით, მოძრაობას 50 000  მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი კი მზარდია, რადგან ფემინისტური მუხტი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ის ჩინეთშიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

რთულია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად სად და რატომ ჩამოყალიბდა 4B, თუმცა კორეის უახლოეს ისტორიაში ვხვდებით მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ამ მოვლენას წინ უსწრებს.

კორეული საზოგადოების დამოკიდებულება ქალის მიმართ ტრადიციული პატრიარქალურია. კორეელი ქალის ბუნებრივ მოწოდებად დედობა, საშინაო საქმეების გაძღოლა და ბავშვების აღზრდა მიიჩნევა. ამავდროულად, კორეული კულტურა მამაკაცს საზოგადოების სათავეში აყენებს, რის შედეგადაც, დღემდე კორეელ ქალებს თავის დასამკვიდრებლად უწევთ ბროლას.

ტრადიციულ შეხედულებებთან ერთად, ეკონომიკური კრიზისი, საცხოვრებელი სახლების ფასების რეკორდული ზრდა და კონკურენცია სასწავლო დაწესებულებასა და სამსახურებში კიდევ უფრო ართულებს ქალების ემანსიპაციას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გენდერული სახელფასო სხვაობა სწორედაც რომ კორეაშია. (კორეელი ქალების მამაკაცებზე 31 პროცენტით ნაკლებს შოულობენ.)

2013 წლის დასაწყისში, პირველად სამხრეთ კორეის ისტორიაში, ქალი სტუდენტების რაოდენობამ, კაცი სტუდენტებისას გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებითაც, ქალების ¾-ს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. ეს რიცხვი კაცებთან მხოლოდ 2/3-ია. შედეგად, მალევე ონლაინ ფორუმებზე გაჩნდა ახალი ტერმინი კიმჩინიოკიმჩი ქალი, რომლითაც კორეელი მამაკაცები უმაღლეს განათლება მიღებულ ქალებს მოიხსენიებდნენ. ამ სტერეოტიპის მიხედვით, კორეელი განათლებული ქალები არიან ამპარტავნები, საკუთარი თავით შეპყრობილები და „მამაკაცებს საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარენ“.

2014-2015 წლებში, სამხრეთ კორეაში ახალი ანტი-ფემინისტური, მემარჯვენე საზოგადოება ილბე ყალიბდება. მათი ინტერპრეტაციით, კორეელი ფემინისტური მოძრაობები დამატებით უფლებებსა და პრივილეგიებს ითხოვდნენ, როდესაც მათ ისედაც გააჩნდათ. ამის დამადასტურებლად კი კორეული სავალდებულo სამხედრო სამსახური მოჰყავდათ, რომელიც ყველა კორეელ მამაკაცს (18-დან 35 წლამდე) 18-დან 22 თვემდე ჯარში მსახურებას ავალდებულებს. ილბე-ს მიერ გავრცელებული განცხადებები ბევრისთვის მისაღები იყო, თუმცა ფემინისტური ჯგუფებისგან მათ მხოლოდ დამცინავი კომენტარები მიიღეს. ამ პერიოდში, ფემინისტურმა ჯგუფებმა ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვეს ონლაინ სივრცეში.

ერთ-ერთ უდიდეს გარდამტეხ მომენტად ითვლება 2016 წელი, როდესაც სეულში კორეელმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი საპირფარეშოში მოკლა. მკვლელმა აღიარა, რომ გარდაცვლილი ქალი მას მუდმივად აიგნორებდა და დანაშაული ამიტომ ჩაიდინა.

აღიარების მიუხედავად, კორეულმა პოლიციამ მკვლელობა სიძულვილის მოტივზე ჩადენილ დანაშაულად არ მიიჩნია. ამან ციფრულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მალევე კი წინააღმდეგობის ძალამ ქუჩებშიც გადაინაცვლა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ქალის მიმართ სიძულვილის ფონზე ჩადენილი დანაშაულის მიმალვას ცდილობდა. ამიტომაც, კორეული ფემინიზმი ციფრულ საზღვრებს, უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გასცდა. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ კორეელი ქალები მამაკაცებთან ქორწინებაზე ხმამაღლა უარის თქმას.

მალევე, კორეელმა ქალებმა წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებაში დამკვიდრებული სხვა წესების მიმართაც დაიწყეს. 2019 წელს ყალიბდება ახალი ორგანიზაცია – Escape the corset, რომელიც კორეელ ქალებს თანამედროვე სილამაზის სტანდარტებისთვის უარის თქმისკენ მოუწოდებდა.

ქალებისთვის დაწესებულ  სილამაზის სტანდარტებს ხშირად ულმობელსაც უწოდებენ და მისი დამსახურებაა, რომ სამხრეთ კორეა პლასტიკური ქირურგიის ლიდერია. სილამაზის მკაცრ სტანდარტებზე მორგების მცდელობები კი ხშირად ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვითი და კვებითი აშლილობები და სხვა. სწორედ ამიტომ, Escape the corset  ქალებს აქტიურად მოუწოდებდა, რომ მოკლედ შეეჭრათ თმები, უარი ეთქვათ მაკიაჟის ტარებაზე და ისეთი ტანსაცმელი ჩაეცვათ, რომელიც მათთვის ყველაზე კომფორტული იყო. 2019 წლის გამოკითხვით დადგინდა, რომ კორეელ ახალგაზრდა ქალთა 24%-მა შეამცირა თავის მოვლის საშუალებებსა და მაკიაჟში ფინანსების დახარჯვა.

ამ მოწოდებების გამოძახილს B4-ის მოძრაობაშიც შეხვდებით. თუმცა, აქტივისტები კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინააღმდეგ იბრძვიან, ვიდრე სილამაზის სტანდარტებია. სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სათვალთვალო კამერებია, რომლებსაც ჩუმად ათავსებენ ქალებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოებში, გამოსაცვლელ ოთახებში, სასტუმროებსა და ბინებში. 2013-2018 წლის მონაცემებით, სათვალთვალო კამერის აღმოჩენის შესახებ 30 000-ზე მეტი განცხადება შევიდა პოლიციაში. სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს საათებში, სათვალეებში, ფეხსაცმელში, ტელევიზორებსა და ფარდებზე. ჩუმად ჩაწერილი ვიდეოების დიდი ნაწილი კი პორნოგრაფიულ საიტებზე თავსდებოდა.

არალეგალური ჩანაწერების წინააღმდეგ გამართული პროტესტებმა შედეგი ვერ გამოიღო (აქციებს 70 000-ზე მეტი ქალი დაესწრო). იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სათვალთვალო კამერის პატრონებს იჭერდნენ და აჯარიმებდნენ (ან ციხეში უშვებდნენ), ხოლო საჯარო საპირფარეშოების შემოწმება ყოველთვიურად მიმდინარეობს – პოლიციაში შესული განცხადებების ნახევარი გამოძიების გარეშეა დარჩენილი, სათვალთვალო კამერები კი სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

ამასთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, რაც კორეაში შობადობის მაჩვენებელი ეცემა. 2016 წლის მონაცემებით, ის 1.2-მდე დაეცა. წელს  რეკორდულ, მსოფლიოში ყველაზე დაბალ – 0.78-ს მიაღწია. კორეულმა მთვრობამ ახალი ონლაინ კამპანია – „ნაციონალური შობადობის რუკა“ წამოიწყო. ეს რუკები აჩვენებდა, თუ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რამდენი რეპროდუქციის ასაკში მყოფი ქალი ცხოვრობდა და რა მოლოდინები გააჩნდა მთავრობას მათ მიმართ. (სამხრეთ კორეის მოქმედი პრეზიდენტი – იუნ სოკ იოლი შობადობის რიცხვის კლებას ფემინიზმს აბრალებდა. საარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ გენდერული თანასწორობისა და ოჯახის სამინისტროს გააუქმებდა).

სწორედ ამიტომ, B4-ი კორეელი ქალებისთვის ერთადერთი გზა გახდა ავტონომიურობის შესანარჩუნებლად. ისინი ფიქრობენ, რომ კორეელი მამაკაცების „გამოსწორება“ შეუძლებელია და კორეული კულტურა, უიმედოდ პატრიარქალურია. 2016 წლის გამოკითხვაში, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ოჯახის სამინისტრომ ჩაატარა, დადგინდა, რომ რომანტიკული პარტნიორების მიმართ ფიზიკური ძალადობა 41%-ს შეადგენდა (ეს რიცხვი, გლობალურ საშუალოზე 30%-ით მაღალია). სწორედ ამიტომ, B4-ს უნდა შეცვალოს საზოგადოება არა მარტო დემონსტრაციებითა და აქტივიზმით, არამედ ქალებისთვის ალტერნატიული ცხოვრების სტილის ჩვენებით. ისინი არ მიისწრაფვიან კაცების და მათი მსოფლმხედველობის შეცვლისკენ, არამედ მათ სრულიად აქცევენ ზურგს და ერთმანეთზე კონცენტრირდებიან. B4-ის წევრი ქალები ერთმანეთს ახალი ნაბიჯების გადადგმაში უწყობენ ხელს, ქალების მიერ წამოწყებულ ბიზნესებს უჭერენ მხარს და ეკონომიკურად გაძლიერებას ცდილობენ.

B4-ის ტალღა იმდენად ძლიერია, რომ ის ჩინეთშიც გავრცელდა, თუმცა ფორმაშეცვლილი. 6B4T – სხვა ყველაფერთან ერთად, სექსისტური პროდუქციის მოხმარებაზე ამბობს უარს და მოძრაობის წევრ ქალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამავდროულად – ისინი მკაცრად უარყოფენ სილამაზის სტანდარტებს, ქალების ჰიპერსექსუალიზაციას იაპონურ ოტაკუ კულტურაში, უარს ამბობენ რელიგიაზე და „აიდოლების“ კულტურაზე (აიდოლებ – სამხრეთ კორეელი სელებრითები, რომლებიც მიმზიდველი იმიჯით გამოირჩევიან).

6B4T-მ მალევე მიიპყრო ჩინეთის მთავრობის ყურადღება და რადიკალური შეხედულებების გამო აკრძალა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა არ გრძელდება. სამხრეთ კორეაში და ჩინეთში ქალები კვლავ უარს ამბობენ არსებულ სისტემაში ცხოვრებაზე და ცდილობენ მის შეცვლას.

 

პუბლიკაციის ავტორი ქვიარის მოხალისე 

თათია გოჩაშვილი 

წინა

საქართველოში გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების სახეობები

შემდეგი

The White Lotus-ის ვარსკვლავი ლუკას გეიჯი და ცნობილი სტილისტი კრის ეპლტონი ოფიციალურად დაქორწინდნენ

ბოლო სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი