ივლისი 2023 - Page 4

შსს ირწმუნება, რომ პრაიდის ფესტივალის უსაფრთხოებას დაიცავს

//

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალის უსაფრთხოებას დაიცავს.

მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც “არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”.

გარდა ამისა, უწყება მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა 2 დახურული ღონისძიება.

8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.

აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.

ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი პრაიდი: არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ფესტივალი დახურულ ტერიტორიაზეა

//

თბილისი პრაიდი ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე იქნება.

მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან აქვთ მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი დაცული იქნება.

“ხვალ პრაიდის ფესტივალი გაიმართება – დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია ვატარებთ.

რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.

ფესტივალზე ველით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები.

მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს”, – წერია განცხადებაში.

ფესტივალი ხვალ, 8 ივლისს გაიმართება.

ეპისკოპალური ეკლესია: თბილისი პრაიდის ღონისძიებას მხარს ვუჭერთ

//

ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში თბილისი პრაიდის ღონისძიებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ეკლესიის განცხადებაშია აღნიშნული.

“მხარს ვუჭერთ თბილისი პრაიდის ღონისძიებას, როგორც გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტქ თემის ღირსების მანიფესტაციას.
ქრისტე ტანჯულშია და არა მტანჯველში. ასევეა მისი ეკლესიაც – ტანჯულისა და დევნილის გვერდით.

თბილისი პრაიდის მონაწილეებისადმი ჩვენი გზავნილია ის, რომ არაფერს ძალუძს თქვენი ჩამოშორება ღმერთის სიყვარულისაგან, ჩვენი ეკლესია კი თავისი შესაძლებლობებისამებრ შეეცდება იყოს თქვენთვის ამ სიყვარულის მომნიჭებელი. “დარჩით ჩემს სიყვარულში”. იოანე 15:9″, – ნათქვამია განცხადებაში.

პრაიდის დასკვნითი ღონისძიება – ფესტივალი ხვალ, 8 ივლისს გაიმართება.

პუბლიკაცია ხელმისაწვდომია აქ.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს შსს-ს, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს

//

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაანონსებული ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“მნიშვნელოვანია, რომ წელს 2022 წლისგან განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ.

ასეთი განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს იმის ფონზე, რომ „პრაიდ კვირეულის“ ღონისძიებების დაანონსებას მალევე მოჰყვა კრემლისტური, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის (კონკრეტულად, „ალტ ინფოს“) წარმომადგენლების მუქარა. კერძოდ, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, ალტ ინფოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე ითხოვდა ფინანსების მობილიზებას „პრაიდ ფესტის“ ჩაშლის მიზნით.

ამას გარდა, 1 ივლისს გავრცელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადება. აღნიშნული განცხადების ფარგლებში, საპატრიარქო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ლგბტ კვირეული“ არ უნდა ჩატარდეს დახურულ სივრცეშიც კი მისი „უარყოფითი გავლენებიდან“ გამომდინარე. განცხადება შეიცავს არაერთ ჰომოფობიურ ფორმულირებებას, რამაც შესაძლოა “პრაიდ კვირეულის” ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე ძალადობა წაახალისოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ ვიხილეთ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი და კონკრეტულად უკანასკნელი თვეები გამოირჩეოდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჰომოფობიური შინაარსის შემცველი განცხადებების სიმრავლით, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრმა არაერთი საჯარო გამოსვლისდროს გამოიყენა ისეთი ჰომოფობიური ფორმულირება, როგორიცაა „ლგბტ პროპაგანდა“ და ისაუბრა გარკვეული რეგულაციების საჭიროებაზე აღნიშნულის საპასუხოდ, ასევე, 2023 წლის მაისის თვეში, უნგრეთში, ის სიტყვით გამოვიდა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის (CPAC) კონფერენციაზე, რა დროსაც, არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, აღნიშნა, რომ „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობა დაუშვებელია“..

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ჩაგდების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ არასამთავრობო სექტორის მიერ საქართველოში გატარებული „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ, რასაც მოჰყვა ჰომოფობიური კამპანიის განსაკუთრებული გააქტიურება სამთავრობო მედიების მხრიდან.

ამასთან, აშკარაა, რომ ამავდროულად ხელისუფლება და მოძალადე ჯგუფები ჰომოფობიას იყენებენ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის დასაკნინებლად. ეს 2021 წლის 5 ივლისსაც ნათელი იყო, როდესაც მოძალადეებმა ორჯერ ჩამოხიეს და დემონსტრაციულად დაწვეს ევროკავშირის დროშა.

ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ დღეის მდგომარეობით, კვლავ არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისს ჯგუფური დანაშაულების ორგანიზატორი პირები, რომელთა მიზანიც, სწორედ, „პრაიდის კვირეულის“ დარბევა იყო.

ჰომოფობიის პოლიტიკური გამოყენება ხელისუფლების მხრიდან და დაუსჯელობის ის გარემო, რომელიც კრემლისტური, ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობის აშკარა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეწყნარებაში ჩანს, გარდა იმისა, რომ არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის ლგბტი ადამიანებისთვის და აქტივისტებისთვის, ის აზიანებს სოციალურ მშვიდობას და აღრმავებს პოლარიზაციას. სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის საბაზისო ვალდებულებების შეუსრულებლობას ნეგატიური გავლენა ექნება ევროინტეგრაციის პროცესისითვისაც”, – ნათქვამია განცხადებაში.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • გაატაროს ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებები „პრაიდ კვირეულის“ ყველა ღონისძიების მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, დაუყოვნებლივ განახორციელოს რეაგირება მუქარის ყველა აქტზე;
  • განახორციელოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება ექსტრემისტული ჯგუფების და მათ მიერ მობილიზებული ადამიანების მიერ
  • განხორციელებულ ყველა გადაცდომაზე.

საქართველოს პროკურატურას:

  • დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების მიმართ;

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  • შეწყვიტოს ჰომოფობიური კამპანია და ძალადობის, დისკრიმიანციის, ჩაგვრის წამახალისებელი ფორმულირების შემცველი საჯარო განცხადებები ყველა კონტექსტში;
  • შემუშავდეს კრემლისტურ, ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტულ ჯგუფებთან გამკლავების ყოველისმომცველი სტრატეგია.

თბილისი პრაიდის კვირეული 8 ივლისს, პრაიდფესტივალით დაიხურება.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო ლგბტქ+ კონფერენცია გაიმართა

//

თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში 6 ივლის რიგით მე-3 საერთაშორისო ლგბტქ+ კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე ლგბტქ+ აქტივისტებმა, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, დეზინფორმაციისა და უსაფრთხოების ექსპერტებმა ლგბტქ+ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის მდგომარეობა, ლგბტქ+ დეზინფორმაცია, ანტი-გენდერული მოძრაობები და დემოკრატიის უკუსვლა განიხილეს.

კონფერენციაზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, უნგრეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

კვირეული 8 ივლისს, პრაიდის ფესტივალით დასრულდება.

“დამოუკიდებლობა კინოცენტრს” – 12 ივლისს კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

//

“არა ცენზურას – დამოუკიდებლობა კინოცენტრს” – 12 ივლისს, 19:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის ორი მთავარი მოთხოვნაა, შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი.

“დღეს ცენზურის საფრთხე დღითიდღე უფრო და უფრო ღიად ემუქრება ხელოვნებას. სამთავრობო პოლიტიკა ცდილობს, ქართული თანამედროვე კინო პარტიის სამსახურში ჩააყენოს – შემოქმედებითი პროცესი მოაციოს ცენზურის ქვეშ, წაგვართვას წარმოსახვისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.

დღეს, ხელოვნების არც ერთი სფერო აღარაა თავისუფალი ამ ზეწოლისგან. ამიტომ, ჩვენი ერთიანობით უნდა დავიცვათ შემოქმედებითი თავისუფლება – ცენზურის დარყმის შემდეგი ობიექტი ნებისმიერი ჩვენგანის საყვარელი ფილმი, წიგნი, ნახატი, სასწავლებელი ან ლექტორი, მუსიკა ან მუსიკოსი, თეატრი ან მსახიობი რომ არ აღმოჩნდეს.

თითქმის ერთი თვეა, კინოს სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, პროტესტის სხვადასხვა ფორმით ვაყენებთ ორ მოთხოვნას:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი;
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი.

12 ივლისს სრულდება კინოცენტრში მიმდინარე გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული რეორგანიზაცია და ცენზურის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლაც ახალ ეტაპზე გადადის”, – ნათქვამია კიმენატოგრაფების განცხადებაში.

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და თანამდებობიდან ათავისუფლებენ. ასევე, ცნობილი გახდა, რომ წულუკიანმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოსტები გააუქმა და რეორგანიზაცია გამოაცხადა.

იქამდე განცხადება გაავრცელეს ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც წერდნენ, რომ ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, ეს განცხადება მალევე წაიშალა.

ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ჟურნალისტი ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მან ფორმულასთან თქვა, რომ კინოცენტრში “რეორგანიზაციაში ჩაერთვება”.

თბილისი პრაიდი: ტკივილი და უსამართლობის განცდა, რომელიც 5 ივლისს გამოვიარეთ, არ განელებულა

//

თბილისი პრაიდი 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“2021 წლის 5 ივლისის სასტიკი თავდასხმიდან 2 წელი გავიდა. ამ თარიღმა ღრმა და ტრაგიკული კვალი დატოვა ქვიარ ადამიანების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მეხსიერებაში.

ტკივილი და უსამართლობის განცდა, რომელიც 5 ივლისს გამოვიარეთ, არ განელებულა. Მას განსაკუთრებით ამძაფრებს თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა. ყველა მათგანი თავისუფალია და კვლავ ავრცელებს სიძულვილს.

5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და ღირსეულ ცხოვრებაზე. ეს იყო დარტყმა, რომელიც რუსული ფულით დაფინანსებულმა, სამშობლოს გამყიდველმა ადამიანებმა მოგვაყენეს.

ახლა, როცა ქვეყნის დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვიარ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყველა, ვისაც თანასწორობის და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სწამს, გავერთიანდეთ, დავდგეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე და მკაფიოდ დავანახოთ ჩვენს მტრებს, რომ გვინდა ისეთი ქვეყანა რომელშიც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები თანაბრად იქნება დაცული”, – წერია განცხადებაში.

2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ტერიტორია მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე იძალადეს. ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

საია: 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე არ არის სათანადოდ გამოძიებული

//

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ივლისის მოვლენებიდან 2 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული.

მათი თქმით, ნათელია, რომ, მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა, სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელ უწყებას არ აქვს სათანადო ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები.

“მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა, მისი მიმდინარეობა კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი. საია 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების უფლებებს იცავს. ამ ეტაპზე საია ჩართულია 19 პირის საქმეში. ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენლია”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია-ს განცხადება სრულად

2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა ტერიტორია მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს. მათ მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე იძალადეს. ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

PHR: სასამართლომ მწვრთნელის მიერ 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა

//

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის “მართვე” და მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა.

მათი თქმით, ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა.

“ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე, როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36 000 ლარის ოდენობით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სასამართლოში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმოადგენდა.

თბილისი პრაიდი ფესტივალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს

//

თბილისი პრაიდი ფესტივალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.

“თბილისი პრაიდის გუნდისთვის, რომელიც მიმდინარე კვირაში აორგანიზებს პრაიდის კვირეულს, უმთავრესი პრიორიტეტია კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

გუნდი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ იღებს სრულ პასუხისმგებლობას კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ასევე, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას უშუალოდ ღონისძიებების ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები. უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გიზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს:

  • ფესტივალის დღეს, გთხოვთ, მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული. ამ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას განვაახლებთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებზე;
  • გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად. თუ არ იცნობთ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად დაესწრებიან ფესტივალს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. შესაძლებელია ამ ნაწილში ფესტივალის სტუმრებს მიეცეთ დამატებითი რეკომენდაციები;
  • სამწუხაროდ წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ღია და ამაყ თვითგამოხატვას, შესაძლოა გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას;
  • დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს;
  • თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას.

“პრაიდის ფესტივალი არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მრავალფეროვნებისა და ჩვენი სიძლიერის განაცხადი. გმადლობთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის”, – ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

სამართლებრივი დახმარებისთვის, მიმართეთ შემდეგ ორგანიზაციებს:

თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
0 32 247 97 48
www.equality.ge
https://www.facebook.com/equalitymovementgeorgia
info@equality.ge

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
595 19 03 03
https://wisg.org/ka
https://www.facebook.com/WISG.org

საფარი (Sapari)
032 230 76 03

info@sapari.ge

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
032 272 80 08
www.gdi.ge
https://www.facebook.com/gdi.ge
info@gdi.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Former EMC)
599 65 66 11/ 032 2 233 706
www.socialjustice.org.ge
https://www.facebook.com/socialjustice.org.ge
info@socialjustice.org.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
032 299 50 76
https://gyla.ge/ge
https://www.facebook.com/GYLA.ge
gyla@gyla.ge