მაისი 2023 - Page 3

რუსეთთან ფრენების გაუქმება, დაკავებულების გათავისუფლება – აქციის მოთხოვნები

/

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ: რუსეთთან ფრენების გაუქმება და ყვარელში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ამისთვის ისინი ხელისუფლებას დროს 22:00 საათამდე აძლევენ.

გუშინ, 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებდა, ქორწილისთვის კი საქართველოში ასევე იმყოფებოდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი.ორივე სანქცირებულია. ამის გასაპროტესტებლად ჩავიდნენ დღეს აქტივისტები ყვარელში, პოლიციამ კი მათი დაკავება დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, სულ 16 პირია დაკავებული.

დღესვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ რუსებმა ქვეყანა დატოვეს და ქორწილი არ შედგება, ამის პირობა კი შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.

მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 19 მაისს დაჯდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა.

“აიკრძალოს ფრენები რუსეთთან” – 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

/

დღეს, 19 მაისს, 20:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მთავარი მოთხოვნა რუსეთთან ფრენების აკრძალვა იქნება.

“ვიკრიბებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მიკროფონების, გამომსვლელების და აქციის ლიდერების გარეშე. ყველა ერთად, პარტიული, უპარტიო, შუაშისტი, ა. შ და ისევ ვერთიანდებით საქართველოს ევროკავშირის გზაზე შექმნილი შეფერხების აღმოსაფხვრელად.

მოვითხოვთ, სასწრაფოდ აიკრძალოს რეისები რუსეთიდან და რუსეთში. ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ.

რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!

ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები – სასტვენები, დოლები, ა. შ. ხმაურით მოვთხოვოთ ხელისუფლებას, შეწყვიტონ ხელოვნური ბარიერების შექმნა და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაჯდა. აეროპორტთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა.

რუსეთთან ფრენები აღდგა – თვითმფრინავი თბილისში უკვე გამოფრინდა

/

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგა. პირველი თვითმფრინავი მოსკოვიდან უკვე გამოფრინდა და თბილისში 13:10 საათზე დაჯდება. პარალელურად იგეგმება საპროტესტო აქცია აეროპორტში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ კომპანია Азимут-მ ფრენის ნებართვა მიანიჭა, ფრენებს იწყებს ქართული Georgian Airways-იც.

წალენჯიხაში სკოლის კედელზე შესრულებული ნახატიდან ცისარტყელა გადაღებეს

//

წალენჯიხაში, სოფელ ლიის საჯარო სკოლის კედელზე თანასწორობის იდეის გამოსახატად შესრულებული ნახატიდან სკოლის ადმინისტრაციამ ცისარტყელა გადაღება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

სოფელ ლიაში მერის წარმომადგენელი თამთა ფიფია ათინათთან ამბობს, რომ ნახატის ყველა დეტალი სკოლასთან შეთანხმებული იყო, თუმცა მოგვიანებით “ცისარტყელის ფერები გამაღიზიანებელი აღმოჩნდა”.

“ეს იყო სათემო პროექტი, თემად ავირჩიეთ გენდერული თანასწორობა. კედელზე დავხატეთ წიგნების გორა, რომელზეც თანაბარ სიმაღლეზე დგანან გოგო და ბიჭი. ცისარტყელა თავიდან იყო მიხატული, მაგრამ გადაიშალა. ვერ გეტყვით, რატომ წაშალეს… სკოლის ინიციატივა იყო, სკოლასთან შეთანხმებული იყო ნახატის ყველა დეტალი. როცა პრეტენზია გაჩნდა, მივიღეთ ჩვენც ინფორმაცია. ცისარტყელას ფერები იყო გამაღიზიანებელი მათთვის, შესაძლოა, ცისარტყელას LGBTQ+ თემთან ასოცირება იყო პრობლემა”, – განაცხადა ლიის გამგებელმა.

სკოლის დირექტორი ელგუჯა როგავა ათინათთან ადასტურებს, რომ ცისარტყელა თავად გადაღებეს, რადგან არ მოეწონათ.

“დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიხატა. სოფლის გამგებლის ინიციატივით გაკეთდა. ეს ნამუშევარი იყო და ცისარტყელაც იყო დატანილი, მაგრამ არ მოგვეწონა და მოვშალეთ. რა მნიშვნელობა აქვს უკვე რატომ, მოშლილია. ნახატი დავხატეთ იმიტომ, რომ კედლის გაფერადება გვინდოდა, მაგრამ არ მოგვეწონა რაღაც და წავშალეთ. რატომ მეკითხებით ამას, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. არ მოეწონა ზოგ მშობელს და წავშალეთ”, – თქვა ელგუჯა როგავამ.

სკოლის კედელზე ნახატი 2022 წლის სასწავლოს წლის დაწყებამდე ადგილობრივი ქალების ინიაციტივითა და პროექტის “ქალთა ფონდი საქართველოსთვის” მხარდაჭერით განხოციელდა.

“პროექტის ფარგლებში მცირე სათემო ინიციატივების განხორციელება იყო დაგეგმილი. ეს ნახატი ადგილობრივი ქალების ინიციატივას წარმოადგენდა, რომელთა შვილებიც ამ სკოლაში სწავლობენ. თვითონ მოიძიეს ნახატი, ყველა საქმის კურსში იყო, სკოლის ადმინისტრაციაც და რესურსცენტრიც. ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა ამ ნამუშევარს, როცა 2022 წლის სასწავლო წელი დაიწყო, ბავშვებს დახვდათ ფერადი კედელი, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია მათში. ცისარტყელა მშობლებისთვის გასხივოსნებულ, მშვიდობიან მომავალთან ასოცირდებოდა. ვიმედოვნებ,რომ გაუგებრობა იყო და უკეთეს ნახატს შექმნიან ადგილზე”, – უთხრა რადიო ათინათს პროექტის კოორდინატორმა ნანა გოგოხიამ.

დადიანი: პოლიცია დამეძებს, საპატრიარქოდან გამოყვნენ კამერების ჩანაწერებს, მოვიდნენ სახლამდე

//

არტისტი ანდრო დადიანი, რომელმაც გუშინ, 17 მაისს საპატრიარქოსთან პროტესტის ნიშნად ხორცის ფარი დადგა, წერს, რომ პოლიციამ მაღაზიიდან კამერების ჩანაწერები ამოიღო და მისი “ქცევის განზრახულობას” იკვლევენ.

დადიანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გააკეთა ეს ინსტალაცია საპატრიარქოსთან.

“პოლიცია დამეძებს, საპატრიარქოდან გამოყვნენ კამერების ჩანაწერებს, მოვიდნენ ჩემს სახლამდე, მაღაზიიდან ამოიღეს ჩანაწერები და იკვლევენ ჩემი ქცევის განზრახულობას. აქედან განვუმარტავ და გავუმარტივებ საქმეს მათ: – არაფერი მეგობრებო, ბინძური ძალაუფლების ცენტრები უნდა მოირყეს, უნდა დაკარგონ სოციალური, პოლიტიკური მნიშვნელობა, იმისთვის, რომ ჩვენი ჩაგვრა ვეღარ შეძლონ.

ქართული ეკლესია არის ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, ადამიანის და ცხოვრების მოდერნულობის ყველაზე დიდი მტერი, მაგრამ ამის მიუხედავად მათ გაჟლეტას კი არა, უბრალოდ მათთან ზურგშექცევით დგომაში ვხედავ გამოსავალს. ამათმა მოკლეს ყველაფერი ახალი აღთქმისეული ეკლესიურ ცხოვრებაში და არაფერი გვესაქმება ასე ღვთივგანძარცვულ შენობებში არქიტექტურული ინტერესის გარდა.

ხშირად უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ მათზე, რომ უფრო და უფრო მეტი არგუმენტი გვქონდეს ამ ღმერთის გამანადგურებელი ინსტიტუციისგან განდგომისთვი. ვუყუროთ ვინ ახვევია მათ გარს, რა სურვილებით, როგორი ლექსიკით, რა არგუმენტებით ამაგრებენ თავიანთ “სულიერ ტაძარს” და მოვლენათა ჯაჭვის მარტივი, მიზეზ-შედეგობრივი ანალიზიც დაალაგებს ჩვენს მიმართებებს მათთან.

რამ გამაკეთებინა ეს ინსტალაცია, ამის შესახებ პირად სენტიმენტებს არ მოვყვები, ჩემი თანაგანცდა და წარმოდგენა არ ჭირდება მათი ბინძური, სასტიკი ძალის აღქმას სამწუხაროდ. ვიცი, რომ ყველას თქვენი წილი ჩაგვრა და ძალადობა გაქვთ განცდილი პირდაპირ თუ ირიბად ამათგან.

ამ ინსტალაციის და ჩემი მიზანი სრულიად მარტივი იყო, – კიდევ ერთხელ, ცოტა ხნით გვეფიქრა ამ უსინდისოთა უსინდისობებზე, გაგვემტკიცებინა ჩვენს ცზოვრებაში მათი ამ ფორმით საჭიროების არარსებობა და გაგვეგრძელებია ცხოვრება”, – აღნიშნავს დადიანი.

17 მაისთან დაკავშირებით არტისტმა ანდრო დადიანმა საპატრიარქოსთან პროტესტის ნიშნად ხორცის კალათბურთის ფარი დადგა. დადიანის განცხადებით, ეს დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა.

108 ორგანიზაცია ოცნებას მოუწოდებს, კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს

108 არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი შეწყვიტოს.

გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთთან ფრენების ნებართვის გაცემით ხელისუფლება სტატუსის მიღების საბოტაჟს ეწევა.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებისთვის ნებართვის გაცემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პირდაპირი საბოტაჟია.

ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ის და მისი პარტნიორები არ უშვებენ ფრენებს რუსეთიდან, ან რუსეთში, ხოლო საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს საქართველოს ვალდებულების კუთხით, რომ შეესაბამებოდეს საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირის დადგენილებებს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

ქართველი ხალხის 89%-ის ნებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლება აგრძელებს საგარეო კურსის შეცვლას. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ ამგვარი დემარში უგულებელყოფს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს, რამაც უკვე მოგვიტანა უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები ევროკავშირში და არა რუსეთში.

ჩვენი მოსახლეობა უკვე ზარალდება მთავრობის არსებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომლის ერთ-ერთი შედეგი რუსული იმიგრაციის ზრდაა საქართველში. ფასების მკვეთრი მატება და ინფლაცია ამ პოლიტიკით გამოწვეული დამატებითი საფასურია, რომლის გადახდაც საქართველოს მოქალაქეებს გვიწევს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი, დაუყოვნებლივ თქვას უარი საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებაზე რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ა(აიპ) ” ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  2. ა/ო “ვიმეგობროთ”; მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება – საქართველო”
  3. ააიპ “ურბანული განვითარების ინსტიტუტი”
  4. ააიპ „მთის თემი“
  5. ააიპ ფეა თრიიზ ფაუნდეიშენი
  6. ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC
  7. ასოციაცია “სოციალური ქოლგა
  8. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის”
  9. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  10. ახალგაზრდები ზესტაფონისთვის
  11. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  12. ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია
  13. ბრეს საქართველო
  14. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  15. განათლებისა და განვითარების სივრცე
  16. გარემოდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო
  17. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  18. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  19. დევნილები დევნილებისათვის
  20. დემოკრატ მესხთა კავშირი
  21. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  22. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  23. დემოკრატიის მცველები
  24. Რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
  25. ევროპის დროით
  26. ეზოტოპია
  27. ეკო ცენტრი
  28. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  29. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  30. თავისუფალი მედია სივრცე
  31. თანასწორობის მოძრაობა
  32. თბილისი პრაიდი
  33. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი
  34. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
  35. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  36. კანონის უზენაესობის ცენტრი
  37. კაქტუს მედია
  38. კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი
  39. კომლის თემი
  40. ლომეკი
  41. მაისის მოძრაობა
  42. მედია ცენტრი კახეთი
  43. მედიაომბუდსმენი
  44. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი “მედიახმა”
  45. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი
  46. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  47. მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრი
  48. მწვანე ალტერნატივა
  49. ოზურგეთი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  50. ორგანიზაციული, სტრატეგიული და დემოკრატიული პრიორიტეტების ცენტრი
  51. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  52. პრევენცია პროგრესისთვის
  53. პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
  54. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
  55. რეპროდუქციული განათლების ჰაბი
  56. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  57. საზოგადოება ბილიკი
  58. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
  59. საზოგადოებრივი მოძრაობა “სამოქალაქო თანხმობა”
  60. საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
  61. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  62. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
  63. სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი
  64. სამოქალაქო ინიციატივა
  65. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  66. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  67. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  68. საორსა
  69. საუნჯე
  70. საფარი
  71. საქართველო -დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება
  72. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  73. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  74. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ( GDI)
  75. საქართველოს მომავლის აკადემია
  76. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  77. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  78. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  79. საქართველოს ფსიქო სოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  80. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  81. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  82. სენტირე
  83. სოლიდარობის მუზეუმი
  84. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  85. სოციალური კეთილდღეობის ლიგა
  86. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  87. ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები
  88. უფლებები საქართველო
  89. ფორსეტი
  90. ფრანკლინის კლუბი
  91. ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP)
  92. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
  93. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
  94. ქალთა სათემო რადიო WW
  95. ქალი და განვითარება
  96. ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია
  97. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
  98. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  99. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  100. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  101. ღია სივრცე კავკასია (COS)
  102. ყვარლის ევროკლუბი
  103. შავი ზღვის ეკო აკადემია
  104. შშ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი
  105. ჩემი ხარაგაული
  106. წამების მსვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილოტაციის ცენტრი GCRT
  107. წერტილი
  108. ProActive Group Georgia

სტორმე დელარვერი – ლგბტქი უფლებების დაუმორჩილებელი მცველი

ლგბტქი აქტივიზმს მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. ის შქმნილია გამორჩეული პიროვნებების მიერ, რომლებიც დაუღალავად იბრძოდნენ თანასწორობისა და სამართლიანობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელი ცნობილი გახდა, არსებობენ უხსენებელი გმირები, რომელთა წვლილი შეუმჩნეველი რჩება. სტატიაში მოგიყვებით სტორმე დელარვერის შესახებ, მამაცი ფიგურის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლგბტქი უფლებების მოძრაობაში, განსაკუთრებით სტოუნვოლის აჯანყების დროს.

ადრეული ცხოვრება და ვინაობა

სტორმე დელარვერი დაიბადა 1920 წელს შავკანიანი დედისა და თეთრკანიანი მამის ოჯახში. იზრდებოდა ნიუ ორლეანში რასობრივი სეგრეგაციის დროს. სტორმეს ადრეული ასაკიდანვე შეექმნა გამოწვევები საკუთარი იდენტობის ჩამოსაყალიბებლად. მოგვიანებით მან მიიღო საკუთარი იდენტობა, როგორც ბუჩ ლესბოსელი, იპოვა ნუგეში და საზოგადოება ნიუ-იორკის ლგბტქი წრეებში.

სტოუნვოლის აჯანყება

1969 წლის 28 ივნისის საბედისწერო ღამეს, სტოუნუოლ ინნი გრინვიჩ-ვილიჯში, ნიუ-იორკში, გახდა ისტორიული აჯანყების ადგილი პოლიციის შევიწროებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. სტორმე, რეგულარული სტოუნუოლის კლიენტი იყო და ამ ღამესაც, როცა პოლიციამ დაარბია, იქ იმყოფებოდა. სტორმემ წინააღმდეგობა გაუწია დაპატიმრებას, რამაც გამოიწვია რამდენიმედღიანი აჯანყება და პროტესტი.

სტორმეს გადამწყვეტი როლი სტოუნვოლის აჯანყების დროს აღწერილია, როგორც კატალიზატორი, რომელმაც გააძლიერა ლგბტქი საზოგადოება. მისმა გამბედაობამ შთააგონა სხვები ხმა ამოეღოთ ჩაგვრის წინააღმდეგ და გამოიწვია მოძრაობა, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა ლგბტქი აქტივიზმის ლანდშაფტი.

ლესბოსელების მცველი სოფელში

სტოუნვოლის აჯანყებაში მონაწილეობის გარდა, სტორმე დელარვერი ცნობილი იყო, როგორც სოფელში ლესბოსელების მფარველი და მცველი. სტორმე 6 ფუტის სიმაღლეზე იდგა, პატრულირებდა ქუჩებს და ზრუნავდა თავისი საზოგადოების უსაფრთხოებაზე. შტორმის ეს საქციელი შემაკავებელი ძალა იყო შესაძლო თავდამსხმელებისგან. იგი უსაფრთხოების გრძნობას უქმნიდა მათ, ვისაც ძალადობისა და დისკრიმინაციის ეშინოდა.

წვლილი ლგბტქი აქტივიზმში

სტორმე დელარვერის გავლენა ლგბტქი აქტივიზმზე ბევრად სცდება მის მონაწილეობას სტოუნვოლის აჯანყებაში. სტორმე დრეგ კინგი იყო და თავის ნიჭს იყენებდა ხილვადობის ამაღლებისთვის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვს.

გარდა ამისა, სტორმე ცნობილი იყო ლგბტქი ორგანიზაციებში მონაწილეობით, როგორიცაა Stonewall-ის ვეტერანთა ასოციაცია. აქ სტორმე მუშაობდა მოძრაობის ისტორიის შესანარჩუნებლად. იგი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს გეებისა და ლესბოსელების წინააღმდეგ ძალადობის პროექტს, რომელიც მიეძღვნა ლგბტქი პირების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

მემკვიდრეობა და აღიარება

მიუხედავად მისი გადამწყვეტი როლისა ლგბტქი ისტორიის ჩამოყალიბებაში, სტორმე დელარველი შედარებით უცნობი დარჩა ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა, მისი ცხოვრების შემდგომ წლებში სტორმეს ღვაწლის აღიარება დაიწყეს. 2013 წელს მას მიენიჭა ნიუ-იორკის სიამაყის აღლუმის გრანდიოზული მარშალის პატივი და მისი სახე ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლასთან დაკავშირებული საკულტუო სურათი გახდა.

სტორმე დელარველი გარდაიცვალა 2014 წელს, 93 წლის ასაკში. მან დატოვა გამძლეობისა და აქტივიზმის ძლიერი მემკვიდრეობა. მისი ურყევი სული და სამართლიანობისადმი უშიშარი ერთგულება კვლავაც შთააგონებს ლგბტქი ინდივიდების თაობებს თანასწორობისთვის მიმდინარე ბრძოლაში.

 

 

 

პუბლიკაციის ავტორი ნინო ვანიშვილი

“სხვა სახლი” – დოკუმენტური ფილმი ქართველ ქვიარ ემიგრანტებზე

///

“თანასწორობა 17”  ქვიარ და ფემინისტურ საკითხებზე 2016 წლიდან მომუშავე ორგანიზაციაა. ადამიანის უფლებების ადვოკაციის პროცესში “თანასწორობა 17”-ის გუნდი ხელოვნების ისეთ დარგს მიმართავს, როგორიცაა სოციალური თეატრი, ასევე დოკუმენტური კინო. 

2019 წელს ორგანიზაციამ ფრიდრიხ ნაუმანის გერმანულ ფონდთან თანამშრომლობით გადაიღო დოკუმენტური ფილმი “კავკასიური მეტამორფოზა”, რომელიც ქვიარ საკითხებს ეძღვნებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში ფონდთან თანამშრომლობით შეიქმნა კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “სხვა სახლი”,  რომელიც სამი ქართველი ემიგრანტი ქვიარის ამბავს გვიყვება. 

“სხვა სახლის” გმირები სელენა, გვანცა და თენგო ბელგიის სახელმწიფოს ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს სთხოვენ, საქართველოში გაუსაძლისი ყოფის და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძვლით, მათ მიმართ, არსებული საფრთხეების გამო. 

“თანასწორობა 17-ის” გუნდი მადლობას უხდის ფილმის შექმნაში მონაწილე ყველა ადამიანს და ასევე ფრიდრის ნაუმანის სახელობის ფონდს ძლიერი მხარდაჭერისთვის. 

ონლაინ გამოცემა “ქვიარი”, რომელიც “თანასწორობა 17”-ის მედია პლატფორმას წარმოადგენს, გთავაზობთ “სხვა სახლის” სრულ ვერსიას: 

WISG: 10 წლის შემდეგ 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებელი კვლავ არავინაა

//

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცადებით, 2013 წლის 17 მაისიდან 10 წლის შემდეგაც ძალადობაზე პასუხისმგებელი არავინაა, 28 ადამიანი კი ამ დრომდე ელოდება დაზარალებულის სტატუსს.

WISG-ის თქმით, 10-წლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების რეალური პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა ხანგრძლივი მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური მიზოგინიისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის გატარება.

“2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. ამ დღის გამოცდილებასთან დაკავშირებული კოლექტიური ტრავმული მეხსიერება, რომელსაც ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილე აქტივისტები, ისევე როგორც, ზოგადად ქვიარ თემის წევრები 10 წელია ინახავენ, დღემდე საზოგადობრივად გაუზიარებელი და სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულია.

დღეს, 17 მაისის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ 28 ადამიანი, რომელთაც WISG-ი უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოძიების წინაშე წარმოადგენდა, კვლავ ელოდება დაზარალებულის სტატუსს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკასა და რიტორიკაზე დაკვირვება უფრო ნათლად გვაჩვენებს ფართო სურათს: ქართული ოცნების ხელისუფლების რეალური პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა ხანგრძლივი მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური მიზოგინიისა და ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის გატარება.

ამას აჩვენებს 2022-2023 წლებში „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე (2022−2030 წლებისთვის)“ მუშაობის პროცესიც, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების სრული უგულებელყოფით წარიმართა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სტრატეგიის დოკუმენტში ლგბტქი ჯგუფი ნახსენებიც კი არ არის. აღნიშნულს ცხადია მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარი უფლებრივი საჭიროებები უგულებელყო და სტრატეგიის არაინკლუზიური დოკუმენტი დაამტკიცა”, – ნათქვამია განცხადებაში.

არტისტმა ანდრო დადიანმა 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან ხორცის ფარი დადგა

//

17 მაისთან დაკავშირებით არტისტმა ანდრო დადიანმა საპატრიარქოსთან პროტესტის ნიშნად ხორცის კალათბურთის ფარი დადგა.

დადიანის განცხადებით, ეს დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა.

“10 წელი გავიდა 2013 წლის 17 მაისიდან. ტრაგიკულ მოვლენებს სახელებს ვერ ვარქმევთ ხოლმე და ასეთი უსახელო დღეა ჩვენს უახლეს ისტორიაში 17 მაისი, როგორც 9 აპრილი, 7 ნოემბერი, 20 ივნისი, 13 ივნისი და ა.შ. ეს დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა. იმ დღით სასოწარკვეთამ დამაკარგინა მეც სახე და მაქცია ნიღბიან, ფსევდონიმიან ადამიანად.

ადამიანებს მენტალურად, ეკონომიკურად, სოციალურად გატყავება და გამოშიგვნაა ამ ინსტიტუციის საქმე, ამიტომ საპატრიარქოს ჭიშკართან, მეგობართან ერთად დავდგი ხორცის კალათბურთის ფარი, როგორც მათი მეტაფორული პორტრეტი.

ჰომოფობია ქართველი ადამიანის კულტურული საჭიროება კი არა, ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის გამოკვეთის საშუალებაა. აქ თანასწორობა დასავლური, ხოლო ანტი-ლგბტ მოძრაობები რუსული, იმპერიალისტური პოლიტიკის ნიშანია, ამ დაპირისპირებაში ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადამიანის მხარდაჭერის ნაცვლად პოლიტიკური პოზიცია დაიკავა და საკუთარი ერის მოწინააღმდეგე სტრუქტურულ მოძალადედ ჩამოყალიბდა.

ჩვენ უნდა გამოვათრიოთ დუმილით ძალმოსილი ეს დღის წესრიგი საჯარო სივრცეში, ხშირი დისკუსიით თავიდან უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობები საზოგადოებრივი საჭიროების მიხედვით მას მაშინ, როცა სასულიერო პირები ზემოთ და ზემოთ ხტებიან, ახალ სიმაღლეებს იპყრობენ ადამიანისა და სიცოცხლის მნიშვნელობის მოსპობაში”, – განმარტავს არტისტი.

ის ნამუშევრის შესრულებაში გაწეული თანამშრომლობისთვის ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს (WISG) მადლობას უხდის.