მაისი 2023 - Page 2

WISG: სფფ ქალი ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას დააფინანსებს

//

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას სრულად დააფინანსებს.

“მიმდინარე წელს განსაკუთრებული მნიშვნელობის ცვლილებებს მივაღწიეთ ფეხბურთელ ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ფეხბურთელ ქალებთან და სახალხო დამცველთან 4 წლიანი მუშაობის წარმატებულ შედეგად მივიჩნევთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) 1 მაისის განცხადებას, რომლის თანახმად სფფ ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას სრულად დააფინანსებს.

ფეხბურთელ ქალებს არ ჰქონდათ ჯანმრთელობის დაზღვევა და დამსაქმებელი კლუბი მათ არ უნაზღაურებდა ვარჯიშისა და თამაშის დროს მიღებული ტრავმების მკურნალობის ხარჯებს. საფეხბურთო კლუბი არამხოლოდ დასაქმებულთა სპორტული ტრავმების მკურნალობა/რეაბილიტაციას უგულებელყოფდა, არამედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული მთელი რიგი საბაზისო საჭიროებების იგნორირებით ატარებდა ვარჯიშებსა და თამაშებს”, – ნათქვამია WISG-ის განცხადებაში.

როკ-ენ-როლის დედოფალი ტინა ტერნერი გარდაიცვალა

///

მომღერალი ტინა ტერნერი, რომლის Soul კლასიკებმა და პოპ-ჰიტებმა, როგორიცაა The Best და What’s Love Got To Do With It, სუპერვარსკვლავად აქცია, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო წლებში ტერნერს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის კიბო, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა.

ტინამ პოპულარობა ქმართან აიკთან ერთად მოიპოვა 1960-იან წლებში, სიმღერებით: Proud Mary და River Deep, Mountain High.

ტერნერი მოძალადე ქმარს 1978 წელს დაშორდა და როგორც სოლო არტისტმა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია.

როკ-ენ-როლის დედოფალად წოდებული ტინა ტერნერი განთქმული იყო თავისი მღელვარე და ენერგიული სასცენო შესრულებითა და ძლიერი ვოკალით.

მისი გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მისი მუსიკით და სიცოცხლისადმი უსაზღვრო გატაცებით მან მოხიბლა მილიონობით გულშემატკივარი მთელს მსოფლიოში და შთააგონა ხვალინდელი დღის ვარსკვლავები“ – ნათქვამია პოსტში.

“დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ძვირფას მეგობარს, რომელმაც დაგვიტოვა თავისი უდიდესი ნამუშევარი: მუსიკა.”

ტერნერმა რვა გრემის ჯილდო მოიგო და 2021 წელს შეიყვანეს Rock ‘n’ Roll Hall of Fame-ში, როგორც სოლო არტისტი, პირველად კი ეს წოდება აიკ ტერნერთან ერთად მიანიჭეს 1991 წელს.

Hall of Fame-მა აღნიშნა თუ როგორ შეცვალა ტინამ ოდესღაც შეზღუდული იდეა იმის შესახებ, შეეძლო თუ არა შავკანიან ქალს დაეპყრო სცენა და ერთდროულად ყოფილიყო ძლიერიც და მრავალმხრივიც.

ახალგაზრდა ვარსკვლავები, რომლებმაც განიცადეს ტინას გავლენა, არიან: ბიონსე, ჯანეტ ჯექსონი, ჯანელ მონა და რიანა.

ბუნების ძალა

როჯერ დევისმა, რომელიც ტერნერის მენეჯერი იყო 30 წელი განაცხადა, რომ ტინა იყო ბუნების უნიკალური და შესანიშნავი ძალა, წარმოუდგენელი ენერგიითა და უზარმაზარი ნიჭით”.

“პირველივე დღიდან, 1980 წელს, როცა მას შევხვდი, საკუთარი თავის სრულიად სჯეროდა, როცა სხვებს ცოტას თუ სჯეროდათ… ძალიან მომენატრება”- დასძინა მან.

ამერიკელმა მომღერალმა გლორია გეინორმა, რომელმაც ასევე 1960-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა თქვა, რომ ტერნერმა „უამრავ ქალს, თეთრკანიანსა თუ შავკანიანს, გზა გაუხსნა როკ მუსიკისკენ“.

სერ ელტონ ჯონმა, რომელიც თავის ავტობიოგრაფიაში იმ მწარე კამათების შესახებ წერდა, რომელიც 2997 წელს მას და ტინას ჰქონდათ ერთად მუშაობის პერიოდში, თქვა რომ ტინა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ელექტრული შემსრულებელი“.

მსახიობმა ვიოლა დევისმა შეაქო ტერნერი, როგორც “ჩვენი ბრწყინვალებისა და სექსუალობის აღვირახსნილი საკუთრების სიმბოლო!”

უბრალოდ საუკეთესო

სამეწარმეო ოჯახში, ტენესის შტატში დაბადებულმა, ტინამ პირველად პოპულარობა მოიპოვა, როგორც მისი მეუღლის ჯგუფის The Kings of Rhythm-ის ერთ-ერთ ბექ მომღერლად.

ტინა მალევე მოექცა ჯგუფის სათავეში და წყვილმა წარმატებას მიაღწია სიმღერებით: Fool in Love და It’s Gonna Work Out Fine, რომლებიც 60-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს ჩარტებში მოხვდნენ.

მათი სხვა ჰიტები მოიცავდა 1973 წლის Nutbush City Limits, პატარა ქალაქს, სადაც ტინა დაიბადა. თუმცა, აიკის ფიზიკურმა და ემოციურმა ძალადობამ ტინაზე თავისი შედეგი მოიტანა.

სწორედ აიკმა შეცვალა ტინას სახელი მისი დაბადების სახელიდან. მისი დაბადების სახელი იყო – ანა მეი ბულოკი. აიკმა კი ტინა ტერნერით შეცვალა და გადაწყვეტილება მარტომ მიიღო. ესაა აიკის მაკონტროლებელი ქცევის ერთ-ერთი მაგალითი.

ტინამ 2018 წელს მემუარებში My Love Story, გაიხსენა ერთ-ერთი ტრავმა და აიკთან სექსი შეადარა „ერთგვარ გაუპატიურებას“.

“მან იმდენჯერ გამოიყენა ჩემი ცხვირი, როგორც კრივის ტომარა, რომ სიმღერის დროს ყელში მიმავალი სისხლის გემო ვიგრძენი” – წერს ტინა.

მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ, ტინამ განაგრძო კარიერის აღდგენა და გახდა 80-90-იანი წლების ერთ-ერთი უდიდესი პოპ და როკ ვარსკვლავი, ჰიტებით, როგორიცაა:  Let’s Stay Together, Steamy Windows, Private Dancer, James Bond theme GoldenEye, I Don’t Wanna Fight და It Takes Two.

ტინამ ასევე ითამაშა 1985 წელს ფილმში Mad Max Beyond Thunderdome – რომელშიც შეასრულა მისი კიდევ ერთი ჰიტი,  We Don’t Need Another Hero და The Who’s 1975 წლის როკ ოპერა ტომი Acid Queen-ის როლში.

ტინამ ბედნიერება მეორე ქმართან, გერმანელი მუსიკის აღმასრულებელთან ერვინ ბაკთან ერთად იპოვა. მათ ურთიერთობა 80-იანი წლების შუა ხანებში დაიწყეს და 2013 წელს დაქორწინდნენ.

წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობდა და ტერნერმა შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო.  2017 წელს ერვინმა ტინას ერთი თირკმელი გადაუნერგა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ტინა თირკმლის უკმარისობით იყო დაავადებული.

ტინამ ასევე განიცადა ტრაგედია 2018 წელს უფროსი ვაჟის, კრეიგის თვითმკვლელობით დაკარგვით. მისი მამა იყო ტერნერის ყოფილი ჯგუფის წევრი,  რეიმონდ ჰილი.

კიდევ ერთი ვაჟი, რონი, რომლის მამა იყო აიკ ტერნერი, გარდაიცვალა 2022 წელს. ტინას ასევე ჰყავდა ორი ნაშვილები ვაჟი, აიკ უმცროსი და მაიკლი, აიკის შვილები წინა ურთიერთობიდან.

1993 წელს ტინას ცხოვრებაზე გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი What’s Love Got To Do With It, რომელმაც ანჯელა ბასეტს ვარსკვლავის როლის შესრულებისთვის ოსკარის ნომინაცია მოუტანა. გარდა ამისა, 2021 წელს HBO გადაიღო დოკუმენტური ფილმი ტინაზე.

2018 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან Marie Claire-თან ინტერვიუში ტერნერმა თქვა: „ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი ცხოვრება რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მშვენიერი მოგზაურობა იყო. რაც უფრო ბერდები, მით უფრო ხვდები, რომ მნიშვნელოვანი ის კი არაა რა მოხდა, არამედ ის თუ როგორ გაუმკლავდი“.

მორგოშია: წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!

//

მოძალადე ჯგუფის ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა, რაც დასაფასებელია.

მისი თქმით, “რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა”.

“რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა!!! მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! დიდება უფალს!!! გაუმარჯოს საქართველოს!” – დაწერა მორგოშიამ.

წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართულმა ოცნებამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა არ გამოფინა.

სიამაყით თამაში: ვიდეო თამაშების ლგბტქი პერსონაჟები

ბოლო წლებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდეო თამაშებში მრავალფეროვანი პერსონაჟების ჩართვა. რამდენადაც საზოგადოებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება ხილვადობა, ვიდეო თამაშების სამყაროშიც სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ქვიარ პერსონაჟები. ვიდეო თამაშებში ქვიარ პერსონაჟების ჩართვა გადამწყვეტი ნაბიჯია ინკლუზიური და მრავალფეროვანი სათამაშო ლანდშაფტის შესაქმნელად.

Ellie – Last Of Us

The Last of Us, Left Behind და The Last of Us ნაწილი 2-ის განმავლობაში ელიმ გამოავლინა, რომ არაჩვეულებრივად რთული პერსონაჟია. ის არის გამძლე, დაუნდობელი, კეთილი, დამცავი, შურისმაძიებელი და, საბოლოო ჯამში, შეუძლია დიდი ცვლილებების მოხდენა. მისი პირველი სიყვარული რაილი გადარჩენისთვის ბრძოლის დროს წაართვეს და შემდეგ ამ დანაშაულის გრძნობას წლების განმავლობაში თან ატარებდა. ვიდეო თამაშის მეორე ნაწილის დასასრულს მას ისევ შეუყვარდა, ამჯერად დინა, მასთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელიც შემდეგ მიატოვა. ვიდეო თამაშის ბოლოს ელის ბედი გაურკვეველია. საინტერესოა შეძლებს თუ არა ის კიდევ ერთხელ იპოვოს საკუთარი თავი.

Alex Chen – Life is Strange: True Colors

ალექს ჩენი არის ფრენჩაიზის Life is Strange-ის პერსონაჟი. მახვილგონივრული და დამოუკიდებელი ალექსი ღრმად მომხიბვლელი პერსონაჟია. მისი მოგზაურობის განვითარების მრავალი გზა არსებობს, რაც დამოკიდებულია მოთამაშის არჩევანზე. მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს ალექსის სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც შეიძლება იყოს ბიჭი, გოგო ან საერთოდ არავინ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რას აირჩევს მოთამაშე არ არსებობს სწორი ან არასწორი არჩევანი. სწორედ ესაა მომხიბლავი Life Is Strange-ში.

Ryan and Dylan  – The quarry

The Quarry არის ინტერაქტიური საშინელებათა ჟანრის ვიდეო თამაში. მოთამაშეები აკონტროლებენ ცხრა თინეიჯერს, რომლებიც ცდილობენ გადარჩნენ ბოლო ღამეს  Hackett’s Quarry-ის საზაფხულო ბანაკში ზებუნებრივ არსებებსა და მოძალადე ადგილობრივებს შორის. მოთამაშეები ვიდეო თამაშში რიგრიგობით აკონტროლებენ ყველა მთავარ პერსონაჟს და მათი ცხოვრებაც რამდენიმე გზით შეიძლება განვითარდეს. მოთამაშის სურვილისამებრ შეიძლება რაიანისა და დილანის წყვილის შექმნა. მათ შორის ისეთი ქიმიაა, რომ მალე მოიპოვეს პოპულარობა და The Quarry-ის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი პერსონაჟები გახდნენ.

Gregg – Night in the Woods

შეუძლებელია ითამაშო Night in the Woods და გრეგის პერსონაჟი არ შეგიყვარდეს. გრეგი არის პატარა, მეამბოხე სულის მელია. გრეგი პანიკიორია და სულ თავად იწვევს არეულობას, მაგრამ იმდენად უყვარს მეგობრები და მისი შეყვარებული, რომ გამუდმებით ეშინია არეულობის. გრეგი არის გეი და ჰყავს შეყვარებული დათვი ანგუსი. ანგუსი გრეგისგან სრულიად საპირისპიროა, მშვიდი და აუღელვებელია. ეს კიდევ უფრო იდეალურს ხდის მათ წყვილს, რადგან როგორც ამბობენ, გრეგი და ანგუსი ერთმანეთს ავსებენ. გრეგის პერსონაჟი ძალიან კარგადაა დაწერილი და რეალურია. თამაშში სასიამოვნოა ისეთი პერსონაჟის დანახვა, რომელიც ჩვეულებრივი ბიჭია ნორმალური პრობლემებით და არა ის, ვინც სამყაროს გადარჩენას ცდილობს.

Undyne – Undertale

ანდერთეილის ანდაინი წარმოუდგენლად ძლიერი პერსონაჟია, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი ლოდების დანგრევა და უყვარს ანიმე. ანდაინი ლესბოსელი პერსონაჟია. მას შეუძლია იყოს ძალიან მკაცრი და, ამავდროულად, შესანიშნავი მეგობარი. იმის მიხედვით თუ თამაშის რა გზას ირჩევს მოთამაშე შეგვიძლია დავინახოთ ანდაინის ორი მხარე. თუ მონსტრების მოკვლას გადაწყვეტ ანდაინს გაიცნობ, როგორც დაუნდობელ მეომარს, მაგრამ თუ გადაწყვეტ მონსტრები არ მოკლა მაშინ ანდიანი შენთვის გმირი გახდება. ანდაინის მკაცრი გარეგნობის ქვეშ იმალება პიროვნება, რომელსაც სურს, რომ მისი მეგობრები და ახლობლები საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიები იყვნენ. ჩვენ ყველანი უნდა ვისწრაფოდეთ ცოტათი მაინც დავემსგავსოთ ანდაინს.

დასკვნა

ვიდეო თამაშებში ქვიარ პერსონაჟების ჩართვა სასიცოცხლო და მნიშვნელოვანი ნაბიჯია გეიმინგ სფეროში ინკლუზიურობის, წარმომადგენლობისა და მიღების ხელშეწყობისკენ. ეს პერსონაჟები უზრუნველყოფენ ვალიდაციის და ხილვადობის განცდას ლგბტქი ინდივიდებისთვის, რომლებიც ხშირად ებრძვიან მარგინალიზაციას.

გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ სტერეოტიპების დაშლას და მოთამაშეებს შორის თანაგრძნობისა და გაგების ხელშეწყობას. რადგან სათამაშო ინდუსტრია აგრძელებს განვითარებას და მრავალფეროვნების ათვისებას, დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია, აღიარონ წარმომადგენლობის ძალა და აქტიურად იბრძოლონ თავიანთი შემოქმედების ინკლუზიურობისკენ. ამით ისინი არა მხოლოდ ამდიდრებენ თამაშის გამოცდილებას, არამედ ხელს უწყობენ უფრო ინკლუზიურ და მისასალმებელ გარემოს ყველა მოთამაშისთვის.

ვიდეო თამაშებში ქვიარ პერსონაჟების პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, როგორც საშუალება, შევქმნათ უფრო ინკლუზიური და მრავალფეროვანი გეიმინგ პეიზაჟი, რომელიც ასახავს და პატივს სცემს მრავალფეროვან მოთამაშეთა რეალობას.

 

მშობლები: აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში დაემატა

//

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ცნობით, აქონდროპლაზია იაშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში დაემატა.

მშობლები მოქალაქეებს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის მადლობას უხდიან.

“ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე გვინდა გაგიზიაროთ – თუკი 2023 წლის 22 მაისამდე იშვიათ დაავადებებს სახელმწიფო პროგრამით მკურნალობდნენ და აქონდროპლაზიის სინდრომი არ იყო გათვალისწინებული, გუშინ 22 მაისს, პრემიერის განკარგულებით, მას ჩვენი ბავშვების დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა.კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდექით კანცელარიასთანც და მხარს გვიჭერდით სოციალურ ქსელებშიც!” – წერენ მშობლები განცხადებაში.

ასევე ნახეთ: რა ეტაპზეა აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანის საკითხი

ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 4 ქალია

/

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 4 ქალია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

სტატისტიკური მონაცემები საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივ მდგომარეობაზე

/

ლგბტქი საზოგადოება დიდი ხანია იბრძვის თანაბარი უფლებებისა და მიმღებლობისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. იმის მიღებისთვის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფორმირება, რომელიც პატივს სცემს და იცავს ლგბტქი ინდივიდების უფლებებს, გადამწყვეტია სამი ძირითადი ასპექტის განხილვა: გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება და დასაქმების შესაძლებლობები. სტატიაში განვიხილავთ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით.

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოში ლგბტქი უფლებების განვითარებისთვის. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, ღიად გამოხატოს თავისი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა დისკრიმინაციის ან შიშის გარეშე. ლგბტქი პირებისთვის შეკრების უსაფრთხო სივრცეების უზრუნველყოფით, როგორიცაა პრაიდ აღლუმები, საპროტესტო აქციები და საზოგადოებრივი ღონისძიებები, საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს ხილვადობას და წაახალისოს დიალოგი ლგბტქი საკითხებზე. გამოხატვისა და შეკრების უფლების დაცვა ნიშნავს ლგბტქი ხმების მოსმენას და პატივისცემას, რაც იწვევს ცნობიერების, გაგებისა და სოციალური პროგრესის გაზრდას.

საქართველოში ლგბტქი პირთა მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა კვლავ არსებითი პრობლემაა, რაც საზოგადოებაში ცალკეული ჯგუფების მხრიდან საჯარო სივრცის პრივატიზების მცდელობას უკავშირდება. დომინანტი რელიგიური, ასევე, ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტქ თემის მხრიდან შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ლიმიტირებულია და საჯარო სივრცეში ლგბტქ პირთა ნებისმიერი ფორმით გამოჩენა „ჰომოსექსუალობის პროპაგანდად აღიქმება“.

2019 წლის მოვლენები

17 მაისი (IDAHOT), როგორც ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, წლიდან წლამდე ინსტიტუციური და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების მანიფესტირების დღედ იქცა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფების მხრიდან ძალადობისკენ არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ამ ქმედებებს შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მაგალითისთვის, 2019 წლის ივნისში, „თბილისი პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში „ღირსების მარშის“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ულტრაკონსერვატიული და ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან შეკრების საწინააღმდეგოდ არაერთი საჯარო ძალადობრივი მოწოდება (ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება) გაკეთდა. მათ „სახალხო ლეგიონების“ შექმნა და ქუჩებში პატრულირება დაანონსეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ამ ფაქტზე, ფორმალურად გამოძიება დაიწყო, მას შედეგი დღემდე არ მოჰყოლია.

ასევე უნდა აღინიშნოს 2019 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, პრემიერისას განვითარებული მოვლენები. კინოთეატრთან შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები ღიად დაუპირისპირდნენ როგორც ფილმის სანახავად მისულ მაყურებელს, ისე პოლიციის თანამშრომლებს. ადგილზე 27 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მოხდა, რომელთა მიმართაც დაიწყო გამოძიება, კერძოდ, პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით. თუმცა აღსანიშნავია სახელმწიფოს უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯარო მუქარას მიმართავდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ.

2019 წლის ივნისში, „თბილისი პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში, „ღირსების მარშის“ ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა შეკრების შემთხვევაში უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება, ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური მოწოდება გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, არ დაეშვა „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ გამართვა. საპასუხოდ, 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა გამართეს აქცია, სახელმწიფოსგან მათი შეკრების უფლების გარანტირების მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორებისა და აქტივისტების ნაწილს ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური და კლერიკალური ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომელთა ლიდერები და წევრები ღიად გამოხატავდნენ ძალადობრივ ქმედებებსა და განზრახვებს.

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები

1-5 ივლისის კვირის განმავლობაში ლგბტ+ ჯგუფმა და მათმა მხარდაჭერებმა, სამოქალაქო მოძრაობა „თბილისის პრაიდმა“, ასევე, მოძრაობამ, „სირცხვილია“ და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა ორგანიზება გაუწიეს პრაიდის ღონისძებათა ციკლს. 5 ივლისი ამ ღონისძიებათა კულმინაცია უნდა გამხდარიყო, და დასრულებულიყო საღამოს 18:00 საათზე „ღირსების მარშით“ თბილისის ცენტრალურ უბანში. საქართველოში არსებულმა რადიკალურმა, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიულმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა, ღონისძიების დაანონსებისთანავე დაიწყეს სოციალური ქსელების საშუალებით მობილიზება და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სიძულვილის ენის საჯარო ტირაჟირება და ძალადობისკენ მოწოდება, მათ შორის, ტელევიზიის საშუალებით („ალტ-ინფო“).

სამართალდამცავ ორგანოებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სიტუაციის კრიტიკულად დაძაბვამდე ევალებოდათ შესაბამისი ზომების მიღება შეკრების ან მანიფესტაციის დაუყოვნებელი შეწყვეტისთვის. თუმცა, მიუხედავად კონტრდემონსტრაციაზე გაჟღერებული სიძულვილის ენისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდებისა, სამართალდამცავ უწყებებს აქციის შესაწყვეტად შესაბამისი ზომები არ გამოუყენებიათ.

ძალადობრივ ქმედებები განვითარდა 6 ივლისსაც, როდესაც მოქალაქეები ლგბტ+ ადამიანთა უფლებებისა და ჟურნალისტთა მხარდასაჭერად შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან. ეს მშვიდობიანი შეკრება კვლავ ძალადობრივი კონტრდეონსტრაციის სამიზნე გახდა, ადგილზე მყოფი სამართალდამცავი ორგანოების რაოდენობა კი კვლავ კრიტიკულად მცირე იყო. 

ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება

ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს ყველა ინდივიდისთვის, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ლგბტქი პირები საქართველოში ხშირად აწყდებიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას, შევიწროებას, ძალადობის ღრმად ფესვგადგმული საზოგადოების გამო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) 2020 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ:

  • რესპონდენტების 52% ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი მთლიანად ან ნაწილობრივ, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის გამო.
  • გამოკითხული რესპონდენტებიდან ძალადობის გამოცდილება ყველაზე მაღალია გეი (65.5%) და ტრანსგენდერ (61.8%) რესპონდენტებში.
  • ძალადობის გამოცდილება მაღალია თბილისში (57%), აჭარასა (53.3%) და იმერეთში (43.8%) მცხოვრები რესპონდენტების შემთხვევებში.
  • რესპონდენტები ყველაზე ხშირად დაექვემდებარნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას (91%) და ფსიქოლოგიურ ძალადობას (81%).
  • რესპონდენტების მესამედის შემთხვევაში, ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის მუქარისა (75%) და ბულინგის (ფიზიკურ ან ონლაინ სივრცეში) შემთხვევებს (73%).

აღსანიშნავია, რომ რომ მოძალადედ ყველაზე ხშირად დასახელდა უცხო ადამიანი (40) და ადამიანი სანაცნობო წრიდან (39). შემთხვევები, როდესაც ძალადობა განხორციელდა რადიკალი, ნეოკონსერვატული დაჯგუფებების წევრების მხრიდან, გამოკითხვაში შეადგენს 13-ს. თითქმის თანაბარი სიხშირით დასახელდა რესპონდენტების მხრიდან მოძალადედ ოჯახის წევრი/მეურვე (10 შემთხვევა) ან პარტნიორი (9 შემთხვევა).

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა არსებითად გაუმჯობესდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო უწყებების მხრიდან დანაშაულთა მიმართ რეაგირების ხარისხის ასამაღლებლად, ასევე, სამართალდამცავ უწყებებსა და სასამართლოს შორის ერთიანი სტატისტიკის საწარმოებლად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია, რაც უზრუნველყოფდა ამგვარ დანაშაულთა ნეგატიური სოციალური ეფექტის გამოვლენას, რაც, შესაძლოა, არსებით საფრთხეს უქმნიდეს როგორც საზოგადოებაში პლურალიზმისა და თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას, ისე დემოკრატიული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

დასაქმების უფლება

თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველყოფა გადამწყვეტია, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა იცხოვრონ სრულფასოვნად  და წვლილი შეიტანონ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაში. სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დასაქმების დისკრიმინაციამ შეიძლება შეზღუდოს კარიერული პერსპექტივები, გააძლიეროს ეკონომიკური უთანასწორობა და შეაფერხოს პიროვნული ზრდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მკაცრი კანონმდებლობის დანერგვა, რომელიც კრძალავს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას და იცავს ლგბტქი პირებს უსამართლო მოპყრობისგან.

2018 წელს ჩატარებული კვლევა (Aghdgomelashvili E., From Prejudice to Equality: LGBT persons in Georgia) აჩვენებს, რომ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა 28.2% მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული გამოხატვის გამო დაექვემდებარა დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, უმეტეს შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას სამუშაოზე მიღებისას – 21.4%, შესაძლებლობების უთანასწორობას და დაწინაურების პროცესში დისკრიმინაციას 11.2% და 6.5% დაექვემდებარა. კვლევის თანახმად, შრომით ბაზარზე დისკრიმინაციის პრობლემა წარმოეშვებათ იმ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებს, რომლებიც გენდერულად არაკონფორმულად/ არაბინარულად გამოიყურებიან. მთლიანობაში, დისკრიმინაციული გამოცდილება კერძო სექტორში (32.6%) არსებითად აღემატება საჯარო სექტორში არსებულ უთანასწორო მოპყრობის პრაქტიკას.

2020 წელს ჩატარებული კვლევის (ჯალაღანია ლ. ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევა საქართველოში) მიხედვით, მოსაზრებას – „ლგბტქი ადამიანებს, სხვებთან შედარებით, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დასაქმებაზე“, ლგბტქი რესპონდენტთა 93.1% ეთანხმება. რაც ასევე მიუთითებს, არა მხოლოდ ობიექტურად არსებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე, სამუშაო ადგილებზე, არამედ დისკრიმინაციის მოლოდინზეც, რამაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ბარიერები შეუქმნას ლგბტქი ჯგუფს სამუშაოს ძიების პროცესში და კვლავ ისეთ სამუშაოს დათანხმდნენ, სადაც, შესაძლოა, უფრო მიმღებლური გარემო იყოს, მაგრამ არ ჰქონდეთ სოციალური ბენეფიტები და ადეკვატური ანაზღაურება. ამასვე ადასტურებს კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა გადანაწილება დასაქმების სექტორის მიხედვით, სადაც ჩანს, რომ რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი ხელოვნების, გართობის, დასვენებისა (32.7%) და განთავსების, კვების მომსახურების გაწევის (19.20%) სექტორშია დასაქმებული.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) 2020 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ:

  • ლგბტქ პირთა საშუალო ანაზღაურება რესპონდენტთა 60.5%-ის შემთხვევაში 1000 ლარის ფარგლებს არ სცდება.
  • დასაქმებულ რესპონდენტთა მეხუთედზე მეტი (22.3%) ერთდროულად ორ სამუშაო ადგილსაა დასაქმებული, რისი მიზეზიც რესპონდენტთა 9%ის შემთხვევაში ანაზღაურების სიმცირეა.
  • რესპონდენტების 60.5% უთითებს, რომ სრულ განაკვეთზე კვირაში საშუალოდ 47.4 საათს მუშაობს. თავისუფალი გრაფიკით მუშაობს რესპონდენტთა 20.9%, მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი კვირაში საშუალოდ 28.9 საათია, რესპონდენტთა მეხუთედზე ნაკლები (18.6%) ნახევარ განაკვეთზეა დასაქმებული, რაც საშუალოდ კვირაში 25.1-საათიან დატვირთვას ნიშნავს.
  • დასაქმებული რესპონდენტების 23.2% ხელშეკრულების გარეშე, ხოლო რესპონდენტების ნახევარი (50%) ვადიანი კონტრაქტით მუშაობს. 16.8%ს უტოლდება მათი წილი, ვინც უვადო ხელშეკრულებითაა დასაქმებული.

დასკვნა

საქართველოში ლგბტქი პირთა უფლებების აღიარება და დაცვა აუცილებელია ინკლუზიური, სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების შესაქმნელად. გამოხატვისა და შეკრების უფლების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, საქართველოს შეუძლია შექმნას გარემო, სადაც ყველა ინდივიდს, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, შეუძლია იცხოვროს ავთენტურად და შიშის გარეშე. სტატიაში იხილეთ იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელიც დღეს საქართველოში დგას ლგბტქი თემის უფლებების დაცვის კუთხით.

 

რა ეტაპზეა აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანის საკითხი

///

რა ეტაპზეა აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანის საკითხი – ამასთან დაკავშირებით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ.

ისინი ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ 3 შეხვედრას აჯამებენ:

“ჩვენი სამ კვირიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ, გვინდა, გაცნობოთ, თქვენთან ერთად მიღწეული დღევანდელი შედეგების შესახებ. ანუ, რა ეტაპზე ვართ ახლა, 22 მაისს?

მოგეხსენებათ, ჩვენი პროტესტის ფორმა – აქციები კანცელარიასთან – 5 მაისს დავასრულეთ, იმ პირობით, რომ სამუშაო ჯგუფში გადავინაცვლებდით და დავიცდიდით ივნისის შუა რიცხვებამდე – პროტოკოლის შექმნასა და დამტკიცებამდე – რომელშიც ჩვენი მოთხოვნილი წამალი იქნებოდა გათვალისწინებული.

მანამდე, 22 აპრილს, სახალხო დამცველის შუამდგომლობის შედეგად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ,,იშვიათი დაავადებების მართვის საკოორდინაციო საბჭოს” წევრები გავხდით, რომელიც ყოველ კვირეულად იმართება.

გვსურს მოკლედ შევაჯამოთ აქამდე ჩატარებული საბჭოს სამივე შეხვედრა:

საბჭოს პირველი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტრო, 2 მაისი:

გავიცანით საბჭოს წევრები და მოგვცეს ინსტრუქცია, როგორ მივიღოთ ჩვენი შვილებისთვის შშმ სტატუსი.
სტატუსის წყალობით, ბავშვები შეძლებენ პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის თერაპიებითა მედიკამენტით სარგებლობას.

ასევე, დაგვითქვეს გონივრული ვადა პროტოკოლის დასრულებამდე: მათი მტკიცებით, ის მაისის ბოლოსთვის მზად იქნება, შემდეგ კი მის ფორმალურად დამტკიცებას 1-2 კვირა დასჭირდება.

ამავე სხდომაზე დაგვპირდნენ, რომ მომდევნო შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაესწრებოდა და განაცხადებდა მზაობას ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე.

პირველი შეხვედრის შემდეგ, დედები არ დავშლილვართ, უწყვეტი აქციები კანცელარიასთან კვლავ განვაგრძეთ და იმედიანად ველოდით მეტ გარანტიას შემდეგი შეხვედრისგან.

საბჭოს მეორე შეხვედრა, 5 მაისი:

გავეცანით ექიმების სამუშაო ჯგუფს, რომლებსაც პროტოკოლზე მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდათ.
გავეცანით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს, რომლის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ 2023-ის ბიუჯეტში თანხა ჩვენი წამლისთვის არ არის გამოყოფილი, პროტოკოლის დამტკიცების შემდეგ, ისინი გამოყოფენ სარეზერვო თანხიდან საჭირო ფინანსებს. “ამას ერთი დღე დასჭირდება”, განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამავე შეხვედრაზე ისაუბრეს ბიომარინთან კომუნიკაციის შესახებ. მათი თქმით, მოლაპარაკება გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს.

შეხვედრის შემდეგ, მშობლები სახალხო დამცველის აპარატის ოფისში შევიკრიბეთ. მივიღეთ მათგან პირობა – მშობლებთან ერთად, საბჭოს ყველა სხდომას დაესწროს აპარატის წარმომადგენელი და იყოს ნეიტრალური მხარე, რომელიც დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაიცავს ჩვენს ინტერესებს.

სანამ საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართებოდა, 11 მაისს, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა შედგა და მას მშობლების ერთ-ერთი წარმომადგენელიც დაესწრო.

სხდომაზე განიხილეს ჩვენი პეტიცია – 5000 ხელმოწერით – ვოსორიტიდის დანერგვასთან დაკავშირებით.
კომიტეტის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, პეტიციის გადაგზავნას ჯანდაცვის სამინისტროში.

საბჭოს მესამე შეხვედრა, 15 მაისი:

პროტოკოლი თითქმის მომზადებული დაგვახვედრა ექიმების სამუშაო ჯგუფმა.

ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდოკრინილოგმა, ეკა კვარაცხელიამ, პრეზენტაციის სახით გაგვაცნო პროტოკოლის დრაფტი და უნდა ვაღიაროთ, თავადაც მეტი გავიგეთ სინდრომისა და მედიკამენტის შესახებ.

დიახ, “ვოზორიტიდი” გათვალისწინებულია პროტოკოლში, როგორც ერთადერთი ავტორიზებული მედიკამენტი.
ამავე სხდომაზე ვისაუბრეთ ყველა იმ საჭირო ნაბიჯზე, რაც ჩვენც, მშობლებმაც უნდა გადავდგათ, რათა მომზადებული შევხვდეთ პროტოკოლის დასრულებას. ესენია, შშმ სტატუსის მიღება, გენეტიკური ანალიზის ჩატარება, ვისაც ჯერ არ ჩაუტარებია, და სხვა.
წამლის მწარმოებელთან, Biomarin-თან კომუნიკაციაზე კი გვითხრეს, რომ ისევ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მიდის მუშაობა.

მომდევნო შეხვედრა დაახლოებით 1 კვირაში გაიმართება და ვიმედოვნებთ, რომ საქმე კიდევ უფრო წინ წაწეული დაგვხვდება – პროტოკოლი საბოლოოდ მომზადებული და ბიომარინთან გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მუშაობაც დასრულებული. მადლობას გიხდით ჩვენს ყველა მხარდამჭერს!

ვუსურვებთ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში მეტ მზრუნველობას უფროსებისგან, მეტ ძალისხმევას მათთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და ლაღი გარემოს შექმნაში ჩადებულს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მოლდოვაში EU-ში გაწევრიანების მომხრეთა მასშტაბური აქცია გაიმართა

//

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა მასშტაბური აქცია გაიმართა. გამოსვლა ქვეყნის პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ იყო ორგანიზებული. აქციას, დაახლოებით, 75 000 ადამიანი ესწრებოდა.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სანდუ, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვას აღარ სურს, იყოს ევროპის მიღმა და არ სურს, აიტანოს კრემლის შანტაჟი.

აქციას ესწრებოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელმაც მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და რუსეთის მუქარის მიუხედავად, ქუჩაში გამოსვლისთვის შეაქო. გარდა ამისა, მან BBC-სთან ისაუბრა, რომ ევროკავშირი მოლდოვას “გაშლილი ხელებითა და გულით” მიესალმება და რომ შესაძლოა, ევროკავშირი მოლდოვასთან ერთად უფრო ძლიერი იყოს. მეცოლამ მოლდოვის მთავრობა გატარებული რეფორმები მოუწონა.

მოლდოვის მთავრობა რუსეთს, მოლდოვის ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით, ქვეყანაში დაძაბულობის და დაპირისპირების გაღვივებაში ადანაშაულებს. აქცია კი სწორედ ამის საპასუხოდ გაიმართა.

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დაასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადილების საშუალებას არ აძლევდა.

მათივე ცნობით, ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.