იანვარი 2023 - Page 2

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

„პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სქესისა.

პანსექსუალ ადამიანს შეიძლება იზიდავდეს როგორც სისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს) ქალები და კაცები, ასევე, არაბინარული ადამიანები, ტრანსგენდერები, გენდერფლუიდები და მრავალი სხვა. პანსექსუალობა არ არის შეზღუდული მხოლოდ სექსუალური მიზიდულობით და ის შეიძლება ასევე მოიცავდეს რომანტიკულ და/ან ემოციურ მიზიდულობას.

პანსექსუალობის განსაზღვრა და განსხვავებები სხვა სექსუალობებთან

მართალია, ზოგისთვის პანსექსუალობა ბისექსუალობის ერთ-ერთი ქვეკატეგორიაა, მაგრამ ეს ორი ტერმინი აუცილებლად ერთსა და იმავეს არ ნიშნავს.


პანსექსუალი და ბისექსუალი

პანსექსუალსაც და ბისექსუალსაც შეიძლება რამდენიმე გენდერის მიმართ ჰქონდეს მიზიდულობა (იმ მცდარი წარმოდგენის მიუხედავად, რომ ბისექსუალებს მხოლოდ ორი გენდერი ან მხოლოდ ქალები და კაცები იზიდავთ). მიუხედავად ამისა, პანსექსუალობა უფრო მრავლისმომცველია და გულისხმობს მიზიდულობას ყველა გენდერის მიმართ, მათ შორის ტრანს* და არაბინარული ადამიანების მიმართაც, და, როგორც წესი, პანსექსუალებისთვის გენდერი მიზიდულობის განმსაზღვრელი ნიშანი არ არის.

რას ნიშნავს ომნისექსუალი?

ომნისექსუალობა ნიშნავს მიზიდულობას ყველა გენდერის მიმართ. ზოგი ადამიანი „პანსექსუალის“ ნაცვლად იყენებს ამ ტერმინს, რათა ხაზი გაუსვას, რომ გენდერი მათთვის მიზიდულობის მნიშვნელოვანი ელემენტია.

რას ნიშნავს პოლისექსუალი?

იმას, ვინც პოლისექსუალია, რამდენიმე სხვადასხვა გენდერი იზიდავს. თუმცა, პოლისექსუალს შეიძლება არ იზიდავდეს ყველა გენდერი და მისთვის გენდერი მიზიდულობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ნიშანი შეიძლება იყოს ან არ იყოს. მართალია, ეს თითქოს ისევე ჟღერს, როგორც ბისექსუალი, და ბისექსუალ ადამიანებს აუცილებლად მხოლოდ სისგენდერი კაცები და ქალები არ მოსწონთ, თუმცა თვითონ ტერმინი „ბისექსუალი“ ისტორიუად გენდერულ ბინარულობასთანაა დაკავშირებული, რის გამოც ზოგი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ტერმინს „პოლისექსუალი“, რომელიც პირდაპირ უარყოფს გენდერულ ბინარულობას.


გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ადამიანის სექსუალობა არ განსაზღვრავს მისი ურთიერთობების ტიპებს. მაგალითად, ვიღაც შეიძლება იყოს პანსექსუალი და მონოგამი — რაც ნიშნავს, რომ მას ადამიანებისადმი მიზიდულობა გენდერისგან განურჩევლად აქვს, თუმცა ამჟამად ის მხოლოდ ერთ ადამიანთანაა ურთიერთობაში.

მეორე მხრივ, ადამიანი შეიძლება იყოს პანსექსუალი და პოლიამორული — რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტ ურთიერთობაში იყოს (ყველა მონაწილის ცოდნითა და თანხმობით).

კიდევ ერთი მსგავსი ტერმინი, რომელიც შეიძლება გსმენოდეთ, არის „პანრომანტიკული“. იმას, ვინც პანრომანტიკულია, შეიძლება რომანტიკული მიზიდულობა ჰქონდეს ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა. ადამიანი შეიძლება ერთდროულად იყოს პანსექსუალი და პანრომანტიკული, ანუ მას ადამიანების მიმართ ჰქონდეს როგორც სექსუალური, ისე რომანტიკული მიზიდულობა.

თუმცა, ადამიანი ასევე შეიძლება იყოს პანრომანტიკული და არ იყოს პანსექსუალი. ეს ნიშნავს, რომ მას ადამიანები რომანტიკულად იზიდავს მათი გენდერისგან განურჩევლად, თუმცა სექსუალური მიზიდულობა მხოლოდ კონკრეტულ გენდერებთან აქვს ან საერთოდ არ აქვს (ანუ ასექსუალია).

მართალია, სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის განმარტებებს შორის შეიძლება გარკვეული თანაკვეთები არსებობდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ის, თუ როგორ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

ტერმინ „პანსექსუალის“ ისტორია

Google Trends-ის მიხედვით, „პანსექსუალი“ ხშირად მოძიებადი ტერმინი გახდა შუა 2010-იანი წლებიდან, რა დროსაც ასევე გაიზარდა ტერმინების „არაბინარული“ და „აგენდერი“ გამოყენება.

თუმცა, ტერმინს უფრო დიდი ისტორია აქვს, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ადრეული წლების ფსიქოლოგიიდან. ფსიქოლოგიაში ჰიბრიდული სიტყვები „პანსექსუალი“ და „პანსექსუალიზმი“ პირველად 1914 წელს გამოიყენეს იმ იდეის აღსანიშნავად, რომ „სექსუალური ინსტინქტი (ლიბიდო) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ყველანაირ ადამიანურ აქტივობაში, იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური“.

სექსუალური იდენტობისა და ორიენტაციის აღსანიშნავად ტერმინ „პანსექსუალის“ გამოყენება 1990-იან წლებში დაიწყო, რათა „აღეწერათ ის სურვილები, რომლებიც უკვე არსებობდა ბევრი ადამიანისთვის“. 1991 წელის წიგნში „Bi Any Other Name“, რომელიც ბისექსუალთა უფლებების თანამედროვე მოძრაობის ერთ-ერთი ძირეული წიგნია, ნათქვამია, რომ „პანსექსუალი ადამიანები ბისექსუალთა თემში აქტიურად მონაწილეობდნენ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული“. სოციალურ ფსიქოლოგ ნიკი ჰეიფილდის თქმით, ტერმინს ადრეული გამოყენება ჰქონდა BDSM თემში.

2010 წელს ასევე შეიქმნა პანსექსუალობის სამფეროვანი დროშა, რომელზეც ცისფერი აღნიშნავს მიზიდულობას კაცების მიმართ, ვარდისფერი — მიზიდულობას ქალების მიმართ, ხოლო ყვითელი — მიზიდულობას არაბინარული ადამიანების მიმართ.

Wikimedia

როგორ გავიგო, ვარ თუ არა პანსექსუალი?

იმის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი, რომ პანსექსუალი ხართ, ისაა, რომ მიზიდულობას გრძნობთ არა მხოლოდ ქალების, კაცების ან არაბინარული ადამიანების მიმართ, არამედ გენდერის სპექტრზე არსებული ყველა ადამიანის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ თითოეული ადამიანი მოგწონთ, არამედ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი გენდერის ადამიანი თქვენთვის სექსუალურად სასურველია.

კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორი სერა ლაველი ამბობს: „ის, ვინც პანსექსუალია, იტყოდა, რომ მისი მიზიდულობები გენდერისადმი ბრმა ან გენდერულად ნეიტრალურია. ამგვარად, მისთვის გენდერი ან სქესი არ იქნება სექსუალური ან ემოციურ მიზიდულობების განმსაზღვრელი ფაქტორი“.

ზოგადად, პანსექსუალობა (და ნებისმიერი სხვა სექსუალური ორიენტაცია) ისეთი რამაა, რაც საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოთ საკუთარი მენტალური და ემოციური პროცესების ყურადღებით გააზრებითა და საკუთარი სექსუალური, რომანტიკული და ემოციური სურვილების გამოკვლევით.

ამ მხრივ, სექსუალური თვითგამორკვევის გზაზე მნიშვნელოვანია:

  • გაიაზროთ, რომ თქვენს სექსუალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. საკუთარი ორიენტაციის გაგების პირველი საფეხურია იმის მიღება და გააზრება, რომ თვითგამორკვევის გზაზე ხართ. არ განსაჯოთ თქვენი შეგრძნებები და გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანი აყენებს ეჭვქვეშ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას.
  • არ დააჩქაროთ საკუთარი თავი. საკუთარი ორიენტაციის გააზრებას დრო სჭირდება და ხშირად ის არცთუ ისე მარტივი პროცესია. მიეცით საკუთარ თავს დრო და არ იჩქაროთ — ყველა ადამიანს ინდივიდუალური ტემპი აქვს.
  • იცოდეთ, რომ თქვენი სექსუალური იდენტობა შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. შეიძლება, საკუთარ სექსუალობაში დარწმუნებული იყოთ, მაგრამ მერე აღმოაჩინოთ, რომ სინამდვილეში თქვენი ორიენტაცია განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე გეგონათ, რადგან დროის მსვლელობასთან ერთად ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე.
  • გაერკვიეთ განსხვავებულ ორიენტაციებში. ბევრი სხვადასხვა ორიენტაცია არსებობს: ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი, ასექსუალი და ა.შ. გაერკვიეთ თითოეულ მათგანში და იპოვეთ ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. გარდა ამისა, აუცილებელი სულაც არაა, საკუთარ თავს რაიმე იარლიყი მიაკრათ — ეს ტერმინები მხოლოდ იმისთვისაა განკუთვნილი, რომ თვითგამორკვევაში დაგეხმაროთ და გაჩვენოთ, რამდენად მრავალფეროვანია ადამიანური გამოცდილებები.
  • დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა. ეს აუცილებელია სექსუალური თვითგამორკვევისთვის. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ გიზიდავთ — ბიჭები, გოგოები, არაბინარული ადამიანები, რომელიმე ერთი გენდერი თუ ერთზე მეტი — და როგორ — იქნება ეს სექსუალურად, რომანტიკულად, ემოციურად, რომელიმეს კომბინაციით თუ არცერთით. ჰკითხეთ საკუთარ თავს:
    • რომელ გენდერთან წარმომიდგენია ურთიერთობა, თუკი საერთოდ წარმომიდგენია?
    • მხოლოდ ერთი სპეციფიკური გენდერი მომწონს თუ რამდენიმე?
    • ადამიანები რომანტიკულად მიზიდავს, სექსუალურად თუ რაიმე სხვა ფორმით?
    • მადარდებს თუ არა ჩემი პარტნიორის გენდერი? რომელიმე გენდერს ხომ არ ვანიჭებ უპირატესობას?

როგორ განვიხილოთ ჩვენი პანსექსუალობა სხვებთან?

პირველ ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, საკუთარი სექსუალური ორიენტაცია ვინმესთან განაცხადოთ, განმარტოთ ან იმის ახსნა დაიწყოთ, როგორ იპოვეთ საკუთარი თავის ეს ნაწილი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გგონიათ, რომ ამაზე საუბარი თქვენთვის დამაზიანებელი იქნება.

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც შეიძლება გსურდეთ საკუთარი იდენტობაზე ღიად საუბარი, იქნება ეს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან — მაგალითად, უახლოეს მეგობრებთან, რომანტიკულ პარტნიორებთან ან მშობლებთან — თუ ზოგადად. 

ასეთ შემთხვევებში, იყავით იმდენად გულწრფელი და გასაგები, რამდენადაც შეგიძლიათ. შესაძლოა, მოგიწიოთ პანსექსუალობის განმარტება, რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს ტერმინი უცნობია. თუკი რომანტიკულ პარტნიორს ესაუბრებით, აუხსენით, როგორ იმოქმედებს თქვენი იდენტობა თქვენს ურთიერთობაზე (თუ იმოქმედებს საერთოდ). ამის შემდეგ აუხსენით, რომ თქვენი შეგრძნებები არ არის უბრალოდ „ფაზა“ და ეს თქვენი იდენტობის ნაწილია.

როგორ დავუჭიროთ მხარი ჩვენთვის ძვირფას ადამიანს, რომელიც პანსექსუალია?

თუკი თქვენთვის ძვირფასი ადამიანი პანსექსუალად „დაქამინგაუთდა“ (გითხრათ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ) თქვენთან, იცოდეთ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო ადამიანი ხართ. საკუთარი პანსექსუალობის — ან ჰეტეროსექსუალობისგან განსხვავებული ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის — გამხელამ შეიძლება ბევრი ემოცია აღძრას ადამიანში. ზოგისთვის ეს ნაბიჯი უკიდურესად შიშისმომგვრელია, სხვებს კი შეიძლება ნაკლებად აშინებდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი რეაქცია იმოქმედებს თქვენს სამომავლო ურთიერთობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის მიმღებლობა გამოიჩინოთ.

დოქტორი ლაველი ამბობს: „ნებისმიერი მშობლისთვის თუ ძვირფასი ადამიანისთვის ჩემი რჩევა იქნება, რომ პანსექსუალობას ღიად და წინასწარგანწყობების გარეშე მოეკიდონ, განსაკუთრებით, თუ ამაზე ბავშვი საუბრობს. ვინაიდან, პანსექსუალობა ჯერ კიდევ არ არის მიღებული, ეს აღმოჩენა შეიძლება დამაბნეველი იყოს ახალგაზრდებისთვის და საკუთარი გრძნობების უკეთ გააზრების გზაზე მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. თუკი თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ღიაა და კომფორტულად გრძნობს თავს, ჰკითხეთ, სურს თუ არა ამ თემის განხილვა, რათა უფრო ღრმად და ინკლუზიურად გაიაზროთ, როგორ გრძნობს ის თავს და რას ნიშნავს ეს მისთვის“.

მითები და მცდარი წარმოდგენები

პანსექსუალობაზე ბევრი მითი არსებობს და სიმართლის ცოდნა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ასეთი მითებია:

  • მითი #1: პანსექსუალ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ და არ იციან, რა მოსწონთ — სინამდვილეში, პანსექსუალ ადამიანებს გულწრფელი მიზიდულობები აქვთ, რომლებიც სცდება გენდერულ ჩარჩოებს.
  • მითი #2: პანსექსუალობა ახალი, „ტრენდული“ ტერმინია და ის არ არის ნამდვილი სექსუალობა — სინამდვილეში, „პანსექსუალობა“, როგორც ტერმინი, პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და მას დიდი ისტორია აქვს, ახალი ტერმინები კი საჭიროა საიმისოდ, რომ ადამიანებმა უფრო ზუსტად გამოხატონ საკუთარი თავი და საკუთარი იდენტობები.
  • მითი #3: პანსექსუალ ადამიანებს მოსწონთ ყველა, ვისაც კი შეხვდებიან ცხოვრებაში — ეს ასე არ არის. მიზიდულობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. პანსექსუალებს არ იზიდავთ ყველა ადამიანი (ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალებს არ იზიდავთ საპირისპირო სქესის ყველა ადამიანი).

პანსექსუალობა პოპ-კულტურაში

ბოლო წლებში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ პანსექსუალია და შთაგონების წყარო გახდა სხვა ლგბტქი ადამიანებისთვის. ამ ადამიანებს შორის არიან მაილი საირუსი, კარა დელევინი, ბელა თორნი, ჟანელ მონე, კეილანი, ჯენა მელოუნი და სხვები.

პოპ-კულტურაში პანსექსუალ პერსონაჟებს ცნობილ სერიალებშიც ვაწყდებით. ასეთები არიან, მაგალითად, ალი ანიმაციური სერიალიდან „დიდი პირი“ (ინგლ. Big Mouth), რიკი ანიმაციური სერიალიდან „რიკი და მორტი“ (ინგლ. Rick and Morty), იარა გრეიჯოი „სამეფო კარის თამაშებიდან“ (ინგლ. Game of Thrones) და დევიდ როუზი „შითს კრიკიდან“ (ინგლ. Schitt’s Creek).

პანსექსუალობა გულისხმობს იარლიყების უგულებელყოფას, რაც თავისთავად ძალიან ლამაზი რამაა. განურჩევლად იმისა, თავად ხართ პანსექსუალი თუ იცნობთ ასეთ ადამიანს, გახსოვდეთ, რომ მთავარია სიყვარული, სითბო და მიმღებლობა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

წყაროები: Verywell Mind, WebMD, WikiHow

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის მაგალითია — Tbilisi Pride

თბილისი პრაიდი დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთ მაგალითს უწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, 5 ივლისის თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩადენის ნაწილში გამართლდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ვადა შეუმცირდათ.

“მიგვაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია. 5 ივლისის სასტიკი თავდასხმა ლგბტ/სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე სათანადოდ არ შეფასებულა არც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არც საქართველოს პროკურატურის მიერ, არ წარმოდგენილა რელევანტური მტკიცებულებები, რამაც განაპირობა სასამართლოში ამ შემაშფოთებელი შედეგის დადგომა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

თბილისი პრაიდის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შსს და პროკურატურა ხელს აფარებენ 5 ივლისის ძალადობის უშუალო ორგანიზატორებს, მათ შორის, ზურაბ მახარაძეს, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოსა და გიორგი ქარდავას. მიუხედავად თბილისი პრაიდის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის არაერთი მიმართვისა და მტკიცებულებების არსებობისა, დღემდე არცერთ მათგანს არ აქვს ბრალი წარდგენილი.

“მსგავსი ქმედებები ახალისებს სიძულვილის ჯგუფებს, განაგრძონ თავდასხმები უმცირესობების წარმომადგენლებზე და ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. 5 ივლისის ძალადობრივმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია, რის აღსადგენადაც აუცილებელია ძალადობრივი მოვლენების ეფექტური გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა”, — წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თანმიმდევრულად და ეფექტიანად გამოიძიონ 5 ივლისის საქმე და სათანადოდ დასაჯონ თავდასხმის ორგანიზატორები და მონაწილეები.

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება 16 იანვარს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.

5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი — დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი — მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა მსჯავრდადებულებს 4 წლამდე შეუმცირდათ.

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მეთიუ შეფარდის სახელობის აქტი — კანონის ისტორია

1998 წლის 7 ოქტომბერს, 21 წლის სტუდენტი, მეთიუ შეფარდი, აშშ-ში, ლერამის მახლობლად, ვაიომინგში, ორმა კაცმა გაიტაცა, ღობეზე მიაბა, სცემა და ღობეზე მიბმული სასიკვდილოდ დატოვა. მეთიუ 18 საათის შემდეგ ველოსიპედისტმა იპოვა. შეფარდი საავადმყოფოში 12 ოქტომბერს გარდაიცვალა.

შეფარდის მკვლელობამ ქვეყნის მასშტაბით აღშფოთება გამოიწვია. საზოგადოებამ ყურადღება ლგბტქი+ ადამიანების მიმართ არსებული სიძულვილის აღმოფხვრისკენ მიმართა. მეთიუს მშობლებმა, დენისმა და ჯუდიმ, შვილის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ თავიანთი ვაჟის ხსოვნის აღსანიშნავად მისივე სახელობის ფონდიც დააარსეს. მეთიუს მშობლების განცხადებით, ფონდის მიზანი სიძულვილის გაგებით, თანაგრძნობითა და მიმღებლობით ჩანაცვლება იყო — ხედვა, რომელიც მათი შვილის ოცნებებს, რწმენასა და ვნებებს შეესაბამებოდა.

1998 წელს მოკლეს ჯეიმს ბირდი უმცროსიც, აფროამერიკელი კაცი. ის სამმა თეთრკანიანმა სუპრემაცისტმა სატვირთო მანქანაზე მიაბა და თავი მოჰკვეთა.

მეთიუ შეფარდის მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ბირდის მკვლელებიდან ერთ-ერთს სამუდამო პატიმრობა, ხოლო დანარჩენ ორს — სიკვდილით დასჯა.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობების ჩადენის მომენტში აღნიშნული დანაშაულები სიძულვილით მოტივირებულად არ კვალიფიცირდებოდა, მოგვიანებით დადგინდა, რომ მკვლელობა სწორედ ჰომოფობიურ სიძულვილს უკავშირდებოდა.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დეფინიციის გაფართოების მომხრეებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნული დანაშაულები ბევრად უარესია და დამნაშავის წინასწარგანწყობებთანაა კავშირში. გარდა ამისა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა შემთხვევაში, ძალადობა გამოვლილი ადამიანების მენტალურად გასაჯანსაღებლად, ორჯერ უფრო მეტი დროა საჭირო, რაც ქვიარ ადამიანებს უბიძგებს საკუთარი თავის დადანაშაულებისკენ, თითქოს ისინი ისჯებიან თავიანთი სექსუალობის გამო. ამის გამო ბევრი ლგბტქი+ ადამიანი იტანჯება დეპრესიის, შფოთვისა და პოსტტრავმული აშლილობისგან. მხარდამჭერების თქმით, მეთიუ შეფარდის მკვლელობის შემდეგ, ბევრი მცირეწლოვანი ქვიარი უკან, “კარადაში” შებრუნდა და თავისი სექსუალობის მალვა დაიწყო. ეს კი გამოწვეული იყო შიშით, რომელიც გარშემომყოფებისგან მოდიოდა და საკუთარი თავის სიძულვილით, რომლის საფუძველიც ინტერნალიზებული ჰომოფობია იყო. ტერმინი “კარადაში ყოფნა” აღწერს სიტუაციას, როცა ადამიანი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას არავის ან ადამიანთა მცირე ჯგუფს უზიარებს.

2009 წელს, აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, თავისი ხელმოწერით დააკანონა ახალი აქტი, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს ეხებოდა. კანონი მეთიუ შეფარდისა და ჯეიმს ბირდ უმცროსის სახელობისაა. საპრევენციო აქტი წარმოადგენს ფედერალურ კანონს და კრძალავს ადამიანებზე თავდასხმას მათი სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობისა და ქმედუუნარობის საფუძველზე. კანონი ავალდებულებს გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI), მონიტორინგი გაუწიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებს და სტატისტიკა აწარმოოს.

წყაროები:

Huffpost,

history.com

ევროსასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მედიის წარმომადგენლების საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

ევროპულმა სასამართლომ მედიის 16 წარმომადგენლის სახელით 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ მომზადებული საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საიას განცხადებით, საჩივარი 2022 წლის 4 ნოემბერს გაგზავნა და საქმის არსებითი ეტაპზე გადასვლა შემჭიდროვებულ დროში მოხდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დავობს, რომ „ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ მომხდარზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სხვა ელემენტებს შორის, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით”.

საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისის მოვლენებში კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა.

„ამასთან, მომჩივნები, რომლებიც ძალადობას დაექვემდებარნენ, დავობენ, რომ ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ არიან მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები და/ან ისინი ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირებულნი იყვნენ ლგბტ+ თემთან“, — აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებთან დაკავშირებით დაიწყო. 

საიამ გაავრცელა იმ კითხვების ჩამონათვალი, რომლებითაც სასამართლომ სახელმწიფოს მიმართა და პასუხების წარდგენის ვადა 2023 წლის 9 მაისამდე განუსაზღვრა.

ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს შემდეგი კითხვებით მიმართა:

  1. ამოწურეს თუ არა მომჩივნებმა ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებები თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტი?
  2. 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, შეასრულეს თუ არა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა განმცხადებლების დაცვას კერძო პირების თავდასხმებისგან? გაამწვავა თუ არა პრაიდის მარშთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებმა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობა? 
  3. ჩაატარეს თუ არა კომპეტენტურმა შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება არასათანადო მოპყრობისა და პოლიციის დაცვის არარსებობის შესახებ მომჩივნების ბრალდებებზე, კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის ძალადობრივი ინციდენტების სავარაუდო წამქეზებლებთან მიმართებაში?
  4. იყო თუ არა წინამდებარე საქმეში გასაჩივრებული ძალადობრივი ქმედებები განმცხადებლების ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებული? შეასრულა თუ არა მთავრობამ კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული თავისი პოზიტიური   ვალდებულებები, როგორც ეს განსაზღვრულია სასამართლოს მიერ (იხ. Uzeyir Jafarov v. Azerbaijan, no. 54204/08, § 68, 2015 წლის 29 იანვარი)
  5. მომჩივნების საჩივრების გათვალისწინებით, რომ თავდასხმა მოტივირებული იყო ლგბტ თემისა და მის მხარდამჭერებად დანახულ პირთა მიმართ სიძულვილით, დაირღვა თუ არა კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც იკითხება კონვენციის მე-3 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში?
  6. ხელი მიუწვდებოდათ თუ არა მომჩივნებს ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი საშუალებისთვის თავიანთ საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი?

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. ძალადობრივი მოვლენებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

თემი ბოლდუინი — პირველი ქვიარ ქალი, რომელიც სენატორად აირჩიეს

2012 წელს, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, თემი ბოლდუინი პირველი ღიად ქვიარი და ვისკონსინის შტატში პირველი ქალი გახდა, რომელიც აშშ-ში სენატორად აირჩიეს. მან არჩევნებში რესპუბლიკელი ოპონენტი, ტომი ტომპსონი დაამარცხა.

ბოლდუინი დაიბადა და გაიზარდა ვისკონსინში, კერძოდ, მედისონში. დედის მენტალურად არასტაბილური მდგომარეობის გამო, თემი ბებიამ და ბაბუამ აღზარდეს. კვირის განმავლობაში თემი დედას მხოლოდ შაბათობით თუ სტუმრობდა, რომელიც 2017 წელს გარდაიცვალა.

1980 წელს თემიმ მედისონის სკოლა დაასრულა. მოგვიანებით, 1984 წელს, სმიტის კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, ხოლო 1989 წელს იურიდიული ხარისხი ვისკონსისნის სამართლის სკოლაში. თემიმ კარიერა ამ მიმართულებით განაგრძო და ადვოკატირების კერძო პრაქტიკას 1992 წლამდე გადიოდა. 

1992 წელსვე თემიმ, დემოკრატების სახელით, გაიმარჯვა ვისკონსინის 78-ე საოლქო უბანზე და მას შემდეგ პოლიტიკაში განაგრძო მოღვაწეობა.

1993 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მხარდაჭერით სამხედრო წყობის პოლიტიკისადმი, რომელიც ქვიარ თემს შეეხებოდა. მას ერქვა “არ იკითხო, არ თქვა” და გულისხმობდა წესს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო პერსონალის ლგბტქია+ სპექტრის დისკრიმინაცია იკრძალებოდა, თუმცა ღიად ქვიარ ადამიანების მიღება სამხედრო სამსახურში არ იყო ნებადართული.  

1994 წლის დასაწყისში თემი გამოვიდა ინიციატივით, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება ვისკონსინში ლეგალური ყოფილიყო, ხოლო 1995 წელს საზოგადოებას სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულების ლეგალიზება შესთავაზა.

Isthmus

2008 წელს, ბოლდუინმა, რომელიც ქვიარ თემის უფლებებს ადვოკატირებდა, ლგბტ თანასწორობის ჯგუფი დააარსა.

გარდა ლგბტქი უფლებების დაცვისა, თემი ბოლდუინს საზოგადოება ჰუმანური პოლიტიკის გატარებით იცნობს. ის არჩევის დღიდან ღიად უპირისპირდებოდა ბრალდებულთა სიკვდილით დასჯას. აღსანიშნავია, რომ ვისკონსინი სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებისას ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ კანონის არსებობის ისტორიაში, შტატში სიკვდილით დასჯის მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

2012 წელს, დემოკრატების კანდიდატმა მხარდამჭერებს სენატის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აცნობა და წინასაარჩევნო რესურსი ჯანდაცვაში არსებული პოლიტიკის გადასააზრებლად, საგადასახადო პოლიტიკასა და თანასწორობაზე სასაუბროდ გამოიყენა. ბოლდუინის იდეები განსაკუთრებულად იყო ორიენტირებული ჯანდაცვის რეფორმასა და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე. ცნობილია, რომ ის 2010 წელს პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის სისტემის განახლების აქტიური მხარდამჭერი იყო.

წინასაარჩევნო კამპანიისას, თემიმ დაფინანსება ორგანიზაციისგან “დემოკრატია ამერიკისთვის” და ფონდ EMILY’s List-სგან მიიღო. მისი ოპონენტი, რესპუბლიკელი ტომი ტომპსონი აცხადებდა, რომ თემის გამოსვლები და იდეოლოგია ქვეყნისთვის მეტისმეტად მემარცხენე იყო და საფრთხეში აყენებდა ვისკონსინის მოსახლეობას. ბოლდუინმა ოპონენტთან დებატებში მონაწილეობა 3-ჯერ მიიღო და ტონი არჩევნებშიც დაამარცხა.

მისი სექსუალობა და ლესბოსელობა არჩევნების პერიოდში კამპანიის ამოსავალი წერტილი არ ყოფილა. CNN-ის ცნობით, არჩევნების მიმდინარეობისას თემიმ განაცხადა, რომ ის კენჭს ცვლილებებისთვის იყრიდა და არა იმისთვის, რომ თავისი პრეცედენტული გამარჯვებით ისტორია შეექმნა. თემის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ სენატი მეტად ასახავდა ამერიკასა და ქალების ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

“როცა მაგიდასთან ადგილი გაქვს, ეს მნიშვნელოვანია და მგონი, ჩვენ დავინახავთ, რომ სენატი მეტად ასახავს ამერიკას. ჩვენ ჯერ მანდ არ ვართ, მაგრამ ეს ის ცვლილება იქნება, რომელიც წინ წაგვიყვანს”, — განაცხადა თემიმ.

ბოლდუინმა ლგბტქი უფლებების ადვოკატირება გამარჯვების შემდეგაც განაგრძო ქვიარ ადამიანების დაცვა და მათი მუდმივი რეპრეზენტაცია ჰეტერონორმატიულ საზოგადოებებში. 

CNN

2016 წელს, ორლანდოში მომხდარ მასობრივ მკვლელობას, როცა გეი კლუბზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, სენატორმა ბოლდუინმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავებს უნდა დავუსვათ, ისაა, ვაპირებთ თუ არა გაერთიანებასა და სიძულვილის, იარაღისა და ტერორიზმის  წინააღმდეგ ბრძოლას.

2017 წლის მაისში ბოლდუინი ხელმძღვანელობდა თანასწორობის აქტის კვლავ შემოღებას, რომელიც, წარმატებით გასვლის შემთხვევაში, აშშ-ში ლგბტქი+ ამერიკელებს დისკრიმინაციისგან დაიცავდა.

გარდა უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობისა, რომელიც ქვიარ თემისთვის ლესბოსელი პოლიტიკოსის გამარჯვებას ჰქონდა, პროგრესული ლიდერის გამარჯვება დემოკრატებს სენატის კონტროლშიც დაეხმარა.

2013 წელს ბოლდუინი სენატის შვიდი წევრიდან, რომლებმაც ლიბერალურ რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავეს, ერთ-ერთი იყო. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ის პროგრესული უფროა და ცდილობს, იბრძოლოს მათი სახელით, ვისაც ეს არ შეუძლია. 

თემი ბოლდუინი ფემინისტია, იბრძვის ქალების ემანსიპაციისთვის. მისი იდეოლოგიაც თანასწორობის პოლიტიკას ეფუძნება. იგი იბრძოდა ცვლილებების განსახორციელებლად, როდესაც აშშ-ში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნების გაფართოება მოხდა. თემის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, სამსახურებრივი ანაზღაურება გენდერისგან დაცლილი იყოს და აღიკვეთოს კაცებისათვის მეტის გადახდის პრაქტიკა.

აღსანიშნავია 2022 წელს ბოლდუინის ლიდერობა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ორად გახლეჩილი სენატისთვის ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების კანონპროექტთან მიმართებით. რამდენიმე საათით ადრე, სანამ სენატი კანონპროექტს დააკანონებდა, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების უფლების დაცვის შენარჩუნებას გულისხმობდა, თემიმ ორჯერ დააკაკუნა ხის მაგიდაზე:

“ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ეს მაინც უნდა გავაკეთო!” განუცხადა თემიმ CNN-ს.

თუმცა მისი შფოთვა უსაფუძვლო იყო — სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა

 

GOT-ის ვარსკვლავი, ბელა რემზი, გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა

სატელევიზიო შოუების, Game Of Thrones-სა და The Last Of Us-ის  ვარსკვლავი  ბელა რემზი გენდერფლუიდად დაქამინგაუთდა. გენდერფლუიდი არის ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც არა ფიქსირებული, არამედ – ცვალებადია და სხვადასხვა დროს შეიძლება, სხვადასხვა იყოს. 19 წლის მსახიობმა თავის გენდერულ იდენტობაზე საჯაროდ The New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“მგონი, ჩემი გენდერული იდენტობა ყოველთვის ფლუიდური იყო”, — განაცხადა ბელამ, — “ვიღაც თუ მდედრობითი სქესის ნაცვალსახელებით (she/her) მომმართავდა, ამაზე არაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ვინმე მამრობითი სქესის ნაცვალსახელს (he/him) დამიძახებდა, ეს ცოტა ამაღელვებელი იყო”.

მსახიობმა გაამხილა, რომ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში ის ყოველთვის არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირის გრაფას ნიშნავს. “უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. გენდერულად როცა განმსაზღვრავენ, დიდად არ მომწონს. თუმცა, რაც შეეხება ნაცვალსახელებს, ეს საერთოდ არ მადარდებს.”

ინგლისელმა მსახიობმა, ბელა რემზიმ, საყოველთაო პოპულარობა HBO-ს სატელევიზიო შოუს, Game Of Thrones-ში მონაწილეობით მოიპოვა. შოუში GOT ის ლიანა მორმონტს (Lyanna Mormont) პერსონაჟის როლს ასრულებს.
ამჟამად 19 წლის მსახიობი ახალი პოსტაპოკალიფსური სატელევიზიო შოუთი, The Last Of Us-თაა დაკავებული და ელი ვილიამსის (Ellie Williams) როლს ასრულებს.

წყარო: NME

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულები ჯგუფური ძალადობის ნაწილში გაამართლა და სასჯელი შეუმცირა

სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის საქმეზე მსჯავრდადებულებს სასჯელი შეუმცირა. გადაწყვეტილება დღეს, 16 იანვარს, მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა.

5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებული 6 პირი — დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი — მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილში გამართლდა, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ამ გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის მიერ შეფარდებული 5-წლიანი პატიმრობა მსჯავრდადებულებს 4 წლამდე შეუმცირდათ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მოსარჩელეებსა და ჟურნალისტებს და სცადეს ჟურნალისტების ვიდეოკამერების დაზიანება. სიტუაცია მანდატურმა განმუხტა.

2021 წლის 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ღირსების მარშის გამართვა იგეგმებოდა, ჰომოფობიურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს ქვიარ აქტივისტების ოფისები და ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მათ შორის TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, რომელსაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მოგვიანებით გარდაიცვალა. საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 6 პირს 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.

მსჯავრდებულებს ბრალი დაუდგინდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილსა და 154-ე და 156-ე მუხლებით, რომლებიც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და დევნას გულისხმობს.

პირველი ლესბოსური სექსი — რჩევები ახალბედებს

განურჩევლად იმისა, ვინ ხართ და ვისთან გაქვთ სექსი, პირველი სექსი შეიძლება ძალიან ამაღელვებელი და შიშისმომგვრელი რამ ჩანდეს.

ვინაიდან ლესბოსურ სექსზე უამრავი გავრცელებული მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს, მნიშვნელოვანია, მეტი გავიგოთ მასზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოება.

რას ნიშნავს „ლესბოსური სექსი“?

სანამ ლესბოსურ სექსზე დავიწყებდეთ საუბარს, მოდით, ჯერ განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ტერმინი.

როგორც წესი, ტერმინით „ლესბოსური სექსი“ აღნიშნავენ სექსს ორ ქალს შორის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს შეიძლება ეს ქალები სულაც არ იდენტიფიცირდებოდნენ ლესბოსელებად.

მაგალითად, ისინი შეიძლება იყვნენ ბისექსუალები, პანსექსუალები, ქვიარები ან ჰეტეროსექსუალებიც კი. ქალებს შორის სექსი მხოლოდ ლესბოსელობით არ შემოიფარგლება.

გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ „ლესბოსური სექსი” ასევე მოიცავს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ვაგინა, პენისი ან ინტერსექს გენიტალიები (სასქესო ორგანოები).

ამ სტატიაში „ლესბოსურ სექსად“ მოვიხსენიებთ სექსუალურ აქტივობას ორ ინდივიდს შორის, რომლებიც იდენტიფიცირდებიან ქალებად — განურჩევლად იმისა, სისგენდერები არიან ისინი თუ ტრანსგენდერები და ექსკლუზიურად ჰომოსექსუალები თუ არა. თქვენი სექსუალობა მხოლოდ თქვენი გამოსაკვლევია და მას არ სჭირდება სხვა ადამიანების დასტური თუ მოწონება.

ამგვარად, ის, თუ რა ითვლება „ლესბოსურ სექსად“, მხოლოდ მასში მონაწილე ადამიანების განსასაზღვრია. შეგიძლიათ, სექსი იმდენად ფართოდ ან ვიწროდ განმარტოთ, როგორც ამას თავად ისურვებთ.

მითები ლესბოსურ სექსზე

ლესბოსურ სექსზე უამრავი მითი არსებობს, აქ რამდენიმე მათგანია მოცემული:

  • მითი: საჭიროა, რომ ერთ-ერთმა ქალმა „კაცის“ როლი მოირგოს. ზოგ ადამიანს სჯერა, რომ ლესბოსური სექსის დროს ერთ-ერთი პარტნიორი ასრულებს ყველა სახის პენეტრაციას (შეღწევას), მეორე პარტნიორი კი ამ ყველაფრის მიმღებია. ზოგ წყვილს შეიძლება მართლაც ჰქონდეს ასეთი დინამიკა სექსში, მაგრამ არა ყველას — და გახსოვდეთ, რომ პენეტრაციის სათავეში ყოფნა „კაცად“ არ გაქცევთ.
  • მითი: ლესბოსური სექსი უფრო მარტივია, რადგან ორივე ქალი ხართ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორივე ქალი ხართ, არ ნიშნავს, რომ ერთნაირი სასქესო ორგანოები გაქვთ — მაგალითად, ლესბოსურ სექსში ერთი ადამიანი შეიძლება იყოს სისგენდერი ქალი ვაგინით, ხოლო მეორე — ტრანსგენდერი ქალი პენისით. თუნდაც ერთნაირი გენიტალიები გქონდეთ, ყველა სხეული განსხვავებულია. ის, რაც მოსწონს ერთ ადამიანს, შეიძლება არასასიამოვნო ან მოსაწყენი იყოს მეორისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ტიპის სექსამდე და სექსის დროს მნიშვნელოვანია პარტნიორთან მუდმივი კომუნიკაცია და ერთმანეთის სურვილებზე, ფანტაზიებსა და საზღვრებზე საუბარი, რათა გაიგოთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და რას ისურვებდით სექსის დროს.
  • მითი: აუცილებელია „სტრაპონის“ გამოყენება. „სტრაპონი“ (ინგლ. Strap-on) არის სექს-სათამაშო, რომელსაც ხშირად პენისის ფორმა აქვს. ის ერთ-ერთი პარტნიორის მენჯის უბანზე მაგრდება ქამრით ან საცვლის მსგავსი მისაბმელით. სტრაპონი სექსის დროს ვაგინაში ან ანუსში პენეტრაციისთვის გამოიყენება. მართალია, სტრაპონი შეიძლება სასიამოვნო და სახალისო იყოს, თუმცა ის ლესბოსური სექსის აუცილებელი ნაწილი არ არის. მხოლოდ თქვენი და თქვენი პარტნიორის გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა სტრაპონს.
  • მითი: ლესბოსური სექსისას აუცილებელია „სიზორინგი“. ე.წ. „სიზორინგი“ (ინგლ. Scissoring. მომდინარეობს სიტყვიდან „Scissor“ — „მაკრატელი“) არის სექსის პოზა, რომლის დროსაც ვაგინის მქონე ორი ადამიანი ფეხებგაშლილი უხახუნებს ვულვებს ერთმანეთს. მართალია, ზოგ ადამიანს ეს მოსწონს, თუმცა ძალიან დიდი მითია ის, თითქოს ამას ყველა ლესბოსელი აკეთებს. ბევრისთვის „სიზორინგი“ მოუხერხებელი და არასასიამოვნო რამაა.
  • მითი: საბოლოო მიზანი ორგაზმია. ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ სექსი მაშინ მთავრდება, როდესაც ერთი ან ორივე პარტნიორი ორგაზმს მიაღწევს. ეს ასე არ არის. სექსი შეიძლება სასიამოვნო აქტივობა იყოს ორგაზმიც გარეშეც და აბსოლუტურად ნორმალურია სექსის შეწყვეტა ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორის ორგაზმის გარეშე.
  • მითი: ლესბოსური სექსისას არ გიწევს დარდი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და ორსულობაზე. დაორსულება შესაძლებელია, თუკი ერთ-ერთ პარტნიორს პენისი აქვს, მეორეს კი — ვაგინა. გარდა ამისა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი-ები) შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი ტიპის სექსის დროს, განურჩევლად მასში მონაწილე ადამიანების გენიტალიებისა თუ ორიენტაციისა.

შეიცანით საკუთარი სხეული

მასტურბაციას შეუძლია დაგეხმაროთ მოდუნებასა და იმის შესწავლაში, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას.

შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ განსაზღვრულ ადგილებში და განსაზღვრული მოძრაობებით სხეულზე შეხება სასიამოვნოა. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს პარტნიორს, გაიგოთ, რა მოგწონთ.

თუკი თქვენს პარტნიორს იგივე ანატომია აქვს, რაც თქვენ, მასტურბაცია შეიძლება მისი ანატომიის უკეთ გაგებაში და მასში „ნავიგაციაშიც“ დაგეხმაროთ. ეს ასევე უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ რა შეიძლება ესიამოვნოს მას.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი და ყველა სხეული განსხვავებულია. ის, რაც მოგწონთ თქვენ, შეიძლება საერთოდ არ მოეწონოს თქვენს პარტნიორს და პირიქით.

Mary Long / Rewire

მზად იყავით პარტნიორთან კომუნიკაციისთვის

თანხმობა აუცილებელია.

თუნდაც პარტნიორს თქვენთვის მანამდე ეთქვა, რომ უნდა სექსი, მნიშვნელოვანია თანხმობის გადამოწმება უშუალოდ სექსამდეც. ასევე, გახსოვდეთ, რომ თქვენს პარტნიორს (და თქვენც) უფლება აქვს, ნებისმიერ დროს თქვას უარი სექსზე, მათ შორის, სექსის პროცესშიც.

თუკი ნერვიულობთ, ესაუბრეთ პარტნიორს ამაზე. გაუზიარეთ მას, რომ სექსი ჯერ არ გქონიათ ან რომ ჯერ არ გამოგიცდიათ კონკრეტული სექსუალური აქტივობები.

ჰკითხეთ მას, რა ანიჭებს სიამოვნებას და რა არ მოსწონს, ასევე გაუზიარეთ თქვენი იდეებიც. არასდროს უნდა გააკეთოთ დაშვებები, თუ რა მოეწონება და რა არ მოეწონებოდა თქვენს პარტნიორს სექსში. სანამ რაიმეს გააკეთებდეთ, ჰკითხეთ პარტნიორს.

თუკი არ ხართ დარწმუნებული, როგორ ისაუბროთ ამ თემაზე, აი, რამდენიმე ფრაზა, რომელიც შეგიძლიათ სექსამდე ან სექსის დროს გამოიყენოთ:

  • „შეიძლება, გაკოცო?“
  • „შეგვიძლია, [სექსუალური აქტივობა] ვქნათ?“
  • „შეიძლება, ტანზე გაგხადო?“
  • „მინდა, რომ [სექსუალური აქტივობა] ვცადო(თ). რას იტყვი?“
  • „შეიძლება, [სხეულის ნაწილი]-ზე შეგეხო?“
  • „თავს როგორ გრძნობ?“
  • „კომფორტულად ხარ?“
  • „ეს გსიამოვნებს/მოგწონს?“
  • „ხომ არ გავჩერდე?“
  • „გინდა უფრო ძლიერად?“

პრელუდია სექსამდე

სექსს შესაბამისი შემზადება და განწყობა სჭირდება. პრელუდია არის გარდამავალი საფეხური ინტიმურობის შეთავაზებასა და სექსით დაკავებას შორის — ეს არის ინტიმური ფიზიკური სიახლოვე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კოცნას, მოფერებას, ეროტიკულ მასაჟსა და სექსუალური ფანტაზიების გაზიარებას.

პრელუდიის მნიშვნელოვანი ნაწილია იმის გააზრება, რომ ეს არის დრო, რომელიც დადებითი ატმოსფეროსა და მოლოდინის შექმნას ემსახურება — ანუ იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენ და თქვენი პარტნიორი კომფორტულად გრძნობდეთ თავს, სანამ სექსით დაკავდებით. ძალდაუტანებლობა ინტიმურობას უფრო ნაკლებად სტრესულს, მეტად სახალისოსა და სასიამოვნოს ხდის.

პრელუდიისთვის დათმობილი დრო საშუალებას იძლევა, უფრო მარტივად შეამჩნიოთ, რას გრძნობს თქვენი პარტნიორი, რა პროცესებს გადის აღგზნების დროს და ზუსტად რა უწყობს ხელს მის აღგზნებას. ყველა ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია, თუ „რა ქმნის განწყობას“ — შესაბამისად, პრელუდიის არსებობა ურთიერთობაში შეიძლება თითოეული პარტნიორის სურვილების გამოკვლევის ამაღელვებელ გამოცდილებად იქცეს.

ძუძუ და ძუძუსთავები

გახსოვდეთ, რომ ზოგ ადამიანს მგრძნობიარე ძუძუსთავები აქვს, ამიტომ ნაზად დაიწყეთ და ჰკითხეთ პარტნიორს, რამდენად ძლიერად სურს (ან საერთოდ სურს თუ არა) ძუძუებისა და ძუძუსთავების სტიმულაცია.

ძუძუებისა და ძუძუსთავების სტიმულაციაში შეიძლება შედიოდეს:

  • ძუძუსთავის თითებს შორის მოქცევა და დაზელა;
  • ძუძუების ხელისგულში მოქცევა და ნაზად მოჭერა;
  • ძუძუსთავების ნაზად მოქაჩვა;
  • ძუძუების (ქვედა, ზედა ან გვერდითა ნაწილების) ან ძუძუსთავების (და არეოლების — მუქი შეფერილობის წრეების, რომლებიც ძუძუსთავებს აკრავს გარს) კოცნა, ლოკვა, წოვა ან კბენა (მსუბუქად, თუკი პარტნიორი გთხოვთ);
  • ძუძუსთავებზე სექს-სათამაშოების გამოყენება, მაგალითად, ძუძუსთავების სარჭების (ინგლ. Nipple clamps), ასევე ვიბრატორის ან ბუმბულის საღიტინებელის (ინგლ. Feather tickler).
  • ძუძუსთავებზე ყინულის ნატეხების ან მჩხვლეტი ლუბრიკანტის გამოყენება საინტერესო შეგრძნებების აღსაძვრელად

სასქესო ორგანოების ან ანუსის სტიმულაცია ხელით

სასქესო ორგანოების ან ანუსის ხელით სტიმულაციისას სცადეთ სხვადასხვა მოძრაობა, სიჩქარე და ძალა. აუცილებელია, დაიცვათ ჰიგიენა და სტიმულაციამდე კარგად დაიბანოთ ხელები.

თუ თქვენს პარტნიორს ვულვა აქვს

მისი ანატომიისა და პირადი პრეფერენციების მიხედვით, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი რაღაცები:

  • მსუბუქი შეხებები კლიტორის ან ვაგინის უბნების გარშემო, აღგზნების მიზნით.
  • კლიტორის სტიმულაცია წრიული და ზემოთ-ქვემოთ ტიპის მოძრაობებით. სცადეთ სხვადასხვა სიჩქარე და ძალა, სანამ ისეთს არ იპოვით, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს, შემდეგ კი შეინარჩუნეთ ტემპი. გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ადამიანს ძალიან მგრძნობიარე კლიტორი აქვს და შეიძლება მისი უშუალოდ სტიმულაცია მათთვის ძალიან მძაფრი ან არასასიამოვნო აღმოჩნდეს, რა შემთხვევაშიც შეგიძლიათ სცადოთ კლიტორის ჩუჩის (კანის ფენა, რომელიც ფარავს და იცავს კლიტორის თავს) დაზელა იმავე მოძრაობებით.
  • საშოს წიაღში თითის ან თითების მეშვეობით G-წერტილის (ე.წ. „ჯი-სფოთი“; ინგლ. G-spot) სტიმულაცია ოდნავ მორკალული, „მოქაჩვითი“ მოძრაობებით. G-წერტილი ეწოდება ნერვული დაბოლოებებით მდიდარ პატარა უბანს, რომელიც ვაგინის შიგნით, წინა კედლების ზემოთ, დაახლოებით 5-8 სმ-ის სიღრმეში მდებარეობს. ის ვაგინის შიდა გარსთან შედარებით ოდნავ უფრო ხაოიანია.
Caitlin Keegan

თუ თქვენს პარტნიორს პენისი აქვს

პენისის მქონე ადამიანის ხელით სტიმულაციის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. აი, რამდენიმე იდეა:

  • შეგიძლიათ, პარტნიორს გაუკეთოთ ე.წ. „ჰენდჯობი“ (ინგლ. Handjob) — ხელში მყარად მოიქციოთ მისი პენისი და ნაზად, ზემოთ-ქვემოთ ამოძრაოთ ხელი; ჰკითხეთ, რა სიჩქარე და ძალა ურჩევნია მას. უმჯობესია, თუ ამას მშრალად არ იზამთ — ეს შეიძლება ზოგს არ მოეწონოს — და რაიმე სახის ლუბრიკაციას (სისველეს) გამოიყენებთ, იქნება ეს ბუნებრივი (მაგალითად, ნერწყვი) თუ ხელოვნურად დამზადებული (მაგალითად, ინტიმური ლუბრიკანტი ან ზეთი).
  • პენისის თავის ნაზი და ნელი მასაჟი ან დაზელა; ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი (უშუალოდ პენისის თავზე შეხებით), ისე ირიბი (ჩუჩის გარედან) — იმის მიხედვით, თუ რა მოსწონს პარტნიორს და რამდენად მგრძნობიარეა მისი სასქესო ორგანო.
  • სათესლე პარკისა და პერინეუმის (შორისის) — უბანი სათესლე პარკსა და ანუსს შორის — დაზელა ან მათზე შეხება.

თუ პარტნიორის ანუსის სტიმულაცია გსურთ

თუკი პარტნიორი ღიაა ანალური სტიმულაციის მიმართ და სურს ამის ცდა, შეგიძლიათ, სცადოთ:

  • ანუსის ირგვლივ კანზე შეხება და ნაზი მასაჟის გაკეთება.
  • ანუსის პენეტრაცია (შეღწევა) თითებით. გაითვალისწინეთ, რომ როგორც ვაგინის, ისე (განსაკუთრებით) ანუსის პენეტრაციისას უმჯობესია დაჭრილი გქონდეთ ფრჩხილები, რადგან დაუჭრელი ფრჩხილები ზრდის იმის ალბათობას, რომ ანუსის თხელი და ფაქიზი კანი დაზიანდება და ბაქტერიების გავრცელების შანსი გაიზრდება.
  • თუკი თქვენს პარტნიორს პენისი აქვს, ანუსის პენეტრაციისას ასევე შეგიძლიათ მისი პროსტატის სტიმულაცია, რომელიც ანალურ ხვრელში დაახლოებით 5 სმ-ის სიღრმეზეა, წინა კედელზე, და შეგრძნებითად პატარა ბურთულას წააგავს. შეგიძლიათ სცადოთ წრიული მოძრაობა, დაჭერა/მიწოლა (სცადეთ სხვადასხვა ინტერვალი და იპოვეთ ისეთი, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს) ან მორკალული თითებით ნაზი „მოქაჩვითი“ მოძრაობა.

იხილეთ აგრეთვე ჩვენი სტატია როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს

სასქესო ორგანოების ან ანუსის ორალური სტიმულაცია

ორალური სტიმულაცია ნიშნავს პარტნიორის სექსუალურ სტიმულაციას პირისა და ენის მეშვეობით. ორალური სექსი შეიძლება სასიამოვნო იყოს როგორც მიმღებისთვის, ისე გამცემისთვის, თუკი ორივე კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს.

გახსოვდეთ, რომ ყველა სხეულს თავისებური სუნი და გემო აქვს. რამდენიც არ უნდა იბანოთ, ფეხებს შორის რაღაც სუნი მაინც დაგრჩებათ — ეს თქვენი ბუნებრივი სუნია და მისი ქონა სრულიად ნორმალურია. რაც შეეხება გემოს, თუკი ჯანმრთელი ხართ და ჰიგიენას იცავთ, წესით, გემოს არ უნდა უჩიოდეთ. ბევრს ნუ იდარდებთ ამაზე, სუნი და გემო სექსის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, დაიცავით ჰიგიენა და სექსამდე მიიღეთ შხაპი ან აბაზანა, ან, როგორც მინიმუმ, საპნითა და წყლით ჩამოიბანეთ სასქესო ორგანოს მიდამოები. თუ დაუგეგმავად მოგიწიათ ორალურ სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, სწრაფად მოსაწესრიგებლად გამოიყენეთ სველი ხელსახოცი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თქვენს სასქესო ორგანოზე სუნამო ან დეოდორანტი — ისინი არც გათვლილია საამისოდ და არც საჭირო.

ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, რამე ისეთით დაკავდეთ, რაც არ გინდათ ან რისთვისაც კომფორტულად არ გრძნობთ თავს. და გაითვალისწინეთ, რომ არც თქვენს პარტნიორს უნდა აიძულოთ ასეთი რაიმეს გაკეთება.

თუკი თქვენს პარტნიორს ვულვა აქვს

ვულვის ორალურ სტიმულაციას კუნილინგუსი ეწოდება. შეგიძლიათ სხეულის შემდეგი უბნების კოცნა, ლოკვა ან წოვა:

  • კლიტორი
  • კლიტორის ან ვაგინის გარშემო არსებული უბანი
  • საშოს შესასვლელი
  • ბარძაყების შიდა ნაწილი
  • შეგიძლიათ სცადოთ ანილინგუსი (ე.წ. „რიმინგი“; ინგლ. Rimming), ანუ ანუსის ორალური სტიმულაცია.

ხშირად დასმული კითხვები

  • კლიტორზე ენის „მირტყმა“ საჭიროა? შეგიძლიათ. ენით მსუბუქი „წკიპურტების“ კეთება შეიძლება სიამოვნების დაგროვების კარგი გზა იყოს. გააკეთეთ ეს ისე, როგორც ლეკვი ალოკავდა ნაყინს და არა ისე, როგორც კოდალა უკაკუნებს ნისკარტით ხეს.
  • ვაგინაში ენის შეყოფა საჭიროა თუ პენეტრაციის (შეღწევის) გარეშე სჯობს? ეს თქვენი პარტნიორის სურვილზეა დამოკიდებული. ზოგი ადამიანისთვის ძალიან აღმგზნებია ის ფიქრი, რომ მათში ენით აღწევენ. თუმცა, აქ ნაკლები ნერვული დაბოლოებაა, რაც ნაკლებ ფიზიკურ სიამოვნებას ნიშნავს. თუ თქვენს პარტნიორს ეს მოსწონს, სცადეთ.
  • რა ხდება, თუ პარტნიორს მენსტრუაცია აქვს ან ორსულადაა? თუკი პარტნიორი თანახმაა და თქვენც არ ხართ წინააღმდეგი, საქმეს შეუდექით. იმის ალბათობა არსებობს, რომ პროცესი შეიძლება ცოტა უსუფთაო იყოს, ამიტომაც, ალბათ, საუკეთესო გზა კლიტორზე ფოკუსირებაა. გახსოვდეთ, რომ სისხლს შეიძლება ჰქონდეს თავისებური სუნი და რკინის გემო. მეტი სისუფთავისთვის სტომატოლოგიური კაშხლის გამოყენებაც შეგიძლიათ (იხილეთ უსაფრთხო სექსის ქვეთავში).

ტექნიკა

სცადეთ ეს:

  1. ენა ბრტყლად, გრძელი მოძრაობებით აუსვით საცვალს, სანამ ქსოვილი — და თქვენი პარტნიორი — არ დასველდება.
  2. როდესაც პარტნიორი „ენით კანზე“ მოქმედებებისთვის იქნება მზად, ცოტა დრო დაუთმეთ კლიტორის ზემოთ არსებული რბილობიანი ბორცვის ლოკვას. კარგი იქნება, ბარძაყის შიდა ნაწილებსაც თუ მოეფერებით.
  3. სველი ენა ვულვის ქვედა ნაწილს ბრტყლად მიაბჯინეთ და ალოკეთ მთელს სიგრძეზე. გაიმეორეთ.
  4. ენა გაამაგრეთ და ენის წვერით პატარა წრიული მოძრაობებით ალოკეთ კლიტორის ჩუჩა — პატარა კანი კლიტორის თავის ზემოთ.
  5. თითებით ნაზად გადაწიეთ ჩუჩა ზემოთ, რათა დაჭიმული ენის წვერით კლიტორზე ფოკუსირება მოახერხოთ. დაიწყეთ უფრო მსუბუქად და ნელა, შემდეგ კი თანდათანობით გაზარდეთ მიწოლის ძალა და სიჩქარე.
  6. როდესაც ისეთ ტემპს იპოვით, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს, შეინარჩუნეთ ის, სანამ პარტნიორი ორგაზმს არ მიაღწევს.

თუკი თქვენს პარტნიორს პენისი აქვს

პენისის ორალურ სტიმულაციას მინეტი ეწოდება. შეგიძლიათ სხეულის შემდეგი უბნების კოცნა, ლოკვა ან წოვა:

  • პენისის ტანი და თავი
  • სათესლე პარკი და შორისი
  • ბარძაყების შიდა ნაწილი
  • ანუსი

ხშირად დასმული კითხვები

  • როგორ მოვიქცე, თუ პარტნიორს ჩუჩა აქვს? მინეტის ტექნიკებში დიდი განსხვავება არ არის იმის მიხედვით, აქვს თუ არა პარტნიორს წინადაცვეთა — ჩუჩის მოჭრა — გაკეთებული. თუკი პარტნიორს ჩუჩა აქვს, შეგიძლიათ დაიწყოთ ე.წ. „ჰენდჯობით“, რომლის დროსაც ჩუჩა თქვენი ხელის მოძრაობების კვალდაკვალ უნდა ჩამოვიდეს და ავიდეს პენისის თავზე. როდესაც ორალურ სექსზე გადასვლისთვის იქნებით მზად, ნაზად ჩამოწიეთ ჩუჩა ქვემოთ, რათა გამოჩნდეს პენისის თავი.
  • საჭიროა თუ არა ღრმა მინეტის გაკეთება? ღრმა მინეტი (იგივე „დიფსროუთი“; ინგლ. Deep Throat; სიტყვა-სიტყვით „ღრმა ყელი“) არის მინეტის ფორმა, როდესაც ერეგირებული პენისი მთელი სიგრძით შედის პარტნიორის პირის ღრუსა და ყელში. ამის გაკეთება საჭირო არ არის, თუ თქვენ ეს თავად არ გსურთ. სიღრმეებში გადასვლა ორალური სესიის სიკარგეში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. ამის მარტივად იმიტირება შეგიძლიათ ენის წვერის სასაზე (პირის ღრუს „ჭერზე“) მიბჯენით.
  • სპერმა უნდა გადმოაფურთხო, გადაყლაპო თუ საერთოდ არ გააკარო პირს? ეს ისეთი რამაა, რაც პარტნიორთან უნდა განიხილოთ ორალური სექსის დაწყებამდე — თუმცა, ზოგადად, საჭირო არ არის ისეთი რამის გაკეთება, რაც არ გსურთ. თუ თქვენს პარტნიორს ეს ვიზუალურად აღაგზნებს, საკმარისი უნდა იყოს დამუწულ ტუჩებზე ან ნიკაპზე გათავება — ან იმ ადგილას, რომელიც თქვენთვის კომფორტულია.

ტექნიკა

სცადეთ ეს მოძრაობები:

  • დაიწყეთ პენისის ტანის ქვედა ნაწილზე ენის წვერის გამოყენებით, ზემოთ და ქვემოთ. პენისის თავთან ოდნავ შეჩერდით და ენით წრე შემოხაზეთ.
  • პენისის ტანის ქვედა ნაწილს უფრო მეტად მოეფერეთ და შემდეგ ენის წვერი მსუბუქად აუსვით პენისის ლაგამს — კანის პატარა ნაოჭს, სადაც პენისის ტანი და თავი ერთდება.
  • ალოკეთ პენისი მთელს სიგრძეზე და გაიმეორეთ. კარგი იქნება, თან თუ ეტყვით პარტნიორს, რამდენად მოგწონთ ამის კეთება.
  • პენისის ტანი ხელით დაიჭირეთ და გააჩერეთ, დანარჩენი ნაწილი კი პირში ჩაიდეთ და ნელა აუყევით ზემოთ და ქვემოთ, თან მსუბუქად მოწოვეთ.
  • სიამოვნების ზრდასთან ერთად გაზარდეთ სისწრაფე.
Flipboard

„ფინგერინგი“, „ფისთინგი“ და სხვა პენეტრაცია

პენეტრაცია ხშირად ასოცირდება პენისთან, თუმცა ვაგინის ან ანუსის პენეტრაცია ბევრი სხვადასხვა რამითაა შესაძლებელი, მათ შორის თითებით, მუშტით ან სექს-სათამაშოთი.

ვაგინალური

გახსოვდეთ, რომ „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსს შეიძლება ორსულობა მოჰყვეს, ამიტომ ესაუბრეთ პარტნიორს თავის დაცვის საშუალებებზე.

შეგიძლიათ სცადოთ:

  • „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსი
  • ვაგინის ე.წ. „ფინგერინგი“ (იგივე „თითაობა“; ინგლ. Fingering)
  • ვაგინის ე.წ. „ფისთინგი“ (ინგლ. Fisting; მუშტით პენეტრაცია), თუკი პარტნიორს სურს ასეთი რამ და მზადაა ამისთვის
  • ვაგინის პენეტრაცია დილდოს, სტრაპონის ან ვიბრატორის მეშვეობით

ანალური

თუ აპირებთ, რომ ანალური სექსით დაკავდეთ, ამისთვის ცოტა მეტი შემზადებაა საჭირო. ანუსი არ აწარმოებს ბუნებრივ ლუბრიკაციას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლუბრიკანტის გამოყენება. ანალური პენეტრაცია აუცილებლად დაიწყეთ ნელა და ნაზად. ანუსის კედლები უფრო თხელი და ფაქიზია, ვიდრე ვაგინის და ის უფრო მარტივად ზიანდება.

შეგიძლიათ სცადოთ:

  • „პენისი ანუსში“ ტიპის სექსი
  • ანუსის „ფინგერინგი“
  • ანუსის „ფისთინგი“, თუ პარტნიორს სურს ასეთი რამ და მზადაა ამისთვის
  • ანუსის პენეტრაცია დილდოთი ან ვიბრატორით
  • ანალური საცობის (ე.წ. „ბატ-პლაგის“; ინგლ. Butt-plug) ან სხვა, სპეციფიკურად ანუსისთვის დამზადებული სექს-სათამაშოს გამოყენება

სექსის პოზები

სექსის ასობით სხვადასხვა პოზა არსებობს, თუმცა როდესაც სექსით პირველად კავდებით, ეროტიკული ტანვარჯიშისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამიტომ, უმჯობესია, თუკი კარგად ნაცადი და მარტივი პოზებით დაიწყებთ, როგორებიცაა:

  • ორალური ან ხელით სტიმულაციისთვის, სცადეთ ზურგზე დაწოლა, ფეხები კი გაშლილი გქონდეთ — შეგიძლიათ, მუხლებიც მოხაროთ, თუ ეს თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება. თქვენს პარტნიორს შეუძლია, ამ დროს მუცელზე გაწვეს და თავით თქვენს ფეხებს შორის მარტივად მოექცეს.
  • „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსისთვის, როგორც წესი, მისიონერული პოზა კარგად მუშაობს — მისიონერულს ცოტათი „მოსაწყენის“ რეპუტაცია აქვს, თუმცა აუცილებელი არაა, ასე იყოს. ამ პოზაში ადამიანი, რომელსაც ვაგინა აქვს, წვება ზურგზე, ხოლო პენისის (ან სტრაპონის) მქონე ადამიანი წვება ზემოდან, სახით ქვემოთ და პენისით (ან სტრაპონით) ვაგინაში ახდენს პენეტრაციას.
  • პენეტრაციული ანალური სექსისთვის, ყველაზე კომფორტული „დოგი-სთაილია“ (ინგლ. Doggy-style) — საამისოდ ის, ვინც პენეტრაციის მიმღებია, დგება ოთხზე და მუხლებს ოდნავ განზე შლის. მას შეუძლია, ხელები ბოლომდე გაშალოს, დაეყრდნოს მათ და უკანა ტანი უფრო სწორად დაიჭიროს, ან წინ გადაწვეს, თავი ჩამოდოს ხელებზე ან ბალიშზე და ზურგი უფრო მეტად „ჩატეხოს“. პენეტრაციის გამცემს შეუძლია პარტნიორის უკან მუხლებზე დადგეს და ანუსის პენეტრაცია მოახდინოს თითებით, პენისით ან სექს-სათამაშოთი. ეს პოზა ასევე მოსახერხებელია ანუსის ორალური სტიმულაციისთვისაც.

გახსოვდეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ანუ სგგი-ები, არის ის პათოგენები, რომლებიც სქესობრივი კავშირით გადადის. სგგი-ები გადაიცემა სხეულის დაინფიცირებული სითხეების მიმოცვლით, ყველაზე ხშირად ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. გადაცემის რისკი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა:

  • რა სექსუალური აქტივობებით კავდებით
  • თქვენი და თქვენი პარტნიორის სექსუალური ისტორია
  • იყენებთ თუ არა პრეზერვატივებს ან სხვა ბარიერულ კონტრაცეფციას

გახსოვდეთ, რომ სგგი-თ დაინფიცირება შესაძლებელია იმისგან განურჩევლად, თუ როგორია თქვენი და თქვენი პარტნიორის ანატომია.

უსაფრთხო სექსი — როგორ დავიცვათ თავი სექსის დროს?

სექსის დროს სგგი-ებისა და სხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად არსებობს რამდენიმე მეთოდი:

  • სტომატოლოგიური კაშხლები. ეს არის ლატექსის ან პოლიურეთანის ნაჭერი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ კუნილინგუსის ან რიმინგის დროს.
Healthline
  • გარე პრეზერვატივი. ის ფარავს პენისის თავსა და ტანს და გამოიყენება „პენისი ვაგინაში“ ან „პენისი ანუსში“ ტიპის სექსის დროს, ასევე, მინეტის გაკეთებისას.
Healthline
  • შიდა პრეზერვატივი. იდგმება ვაგინის ან ანუსის შიგნით და გამოიყენება „პენისი ვაგინაში“ ან „პენისი ანუსში“ ტიპის სექსის დროს.
Healthline
  • ხელთათმანები ან თითის პრეზერვატივები. მათ შეუძლიათ დაგიცვან სასქესო ორგანოების ხელით სტიმულაციის დროს, მაგალითად, თითაობის, „ჰენდჯობის“, კლიტორის ან ანუსის სტიმულაციისას. მათი გამოყენება უფრო კომფორტულია ლუბრიკანტთან ერთად.
  • ხელის ჰიგიენა. როდესაც საქმე სასქესო ორგანოების ხელით სტიმულაციას ეხება, ხელის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის დაიბანეთ ხელები სექსამდე, რათა ხელი არ შეუწყოთ მიკრობების გავრცელებას. ასევე, მიზანშეწონილია ფრჩხილების დაჭრა, თუკი თითებით აპირებთ პარტნიორის პენეტრაციას. ეს ამცირებს შიდა ქსოვილების დაზიანების რისკს, რაც ხშირად მტკივნეულია და ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას.
  • ლუბრიკაცია. ინტიმური ლუბრიკანტი ძალიან გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის პენეტრაციული სექსის დროს, რადგან ის ამცირებს ვაგინისა თუ ანუსის შიდა კედლების დაზიანებისა და გაღიზიანებს რისკს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალური სექსის დროს, რადგან ანუსს, ვაგინისგან განსხვავებით, არ აქვს ბუნებრივი სისველე.
  • გაასუფთავეთ სექს-სათამაშოები. სექს-სათამაშოებით შეიძლება გავრცელდეს ინფექციები, ამიტომაც მნიშვნელოვანია გამოყენებებს შორის მათი კარგად გაწმენდა. გარდა ამისა, დილდოებსა და სხვა პენეტრაციულ სათამაშოებზე ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეზერვატივები — ეს გაამარტივებს მათ გაწმენდას და თქვენს პარტნიორს განსხვავებულ შეგრძნებებსაც შესთავაზებს.
  • გაიტესტეთ რეგულარულად. განურჩევლად იმისა, ერთი მუდმივი პარტნიორი გყავთ თუ სხვადასხვა ხალხთან კავდებით სექსით, ტესტირება მნიშვნელოვანია. გაიტესტეთ წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ასევე, მას შემდეგ, რაც დაუცველი სექსი გექნებათ ადამიანთან, ვისთანაც მანამდე არ გქონიათ დაუცველი სექსი, ან სექსი გექნებათ ახალ პარტნიორთან. ამისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ადგილობრივ პოლიკლინიკას. თუკი ტესტზე დადებითი პასუხი იქნება, ექიმი მოგცემთ ინსტრუქციებს, თუ როგორ უმკურნალოთ ინფექციას.

მართალია, სექსის პირველად ქონა შეიძლება ამაღელვებელი და შიშისმომგვრელი ჩანდეს, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ მის შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა ქართული თუ არაქართული წყაროდან. რაც კიდევ უკეთესია, სექსი, უბრალოდ, ერთ-ერთი უნარია, რომელშიც გამოცდილებასთან ერთად გაიწაფებით. მთავარია პარტნიორთან ღიაობა, კომფორტი და ურთიერთპატივისცემა და ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის.

წყაროები:

საქართველოში ლგბტქი ადამიანები დისკრიმინაციას განიცდიან – Human Rights Watch-ის ანგარიში

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა მიმდინარე წლის 12 იანვარს ადამიანის უფლებებათა მიმართულებით 100-მდე ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ასახულია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2022 წელს განვითარებულ მოვლენებიც.

დოკუმენტის მიხედვით, შეშფოთებას იწვევს ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები.

ანგარიშის ნახსენებია ევროკავშირის განცხადება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც 12 პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული და  რომელთაგან ბევრი ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდება.

ანგარიშის ქვეთავში სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ვკითხულობთ, რომ საქართველოში ლგბტ ადამიანები კვლავ შევიწროებას, დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან.

  1. მაისში, თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება.
  2. ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოჰყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა ძალადობისთვის. სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.
  3. 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წელს საქართველოს სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან, რითაც დაირღვა შეკრების თავისუფლება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვა. 2013 წლის 17 მაისს მოძალადეთა ბრბო თავს დაესხა აქტივისტთა ჯგუფს, რომელიც ცდილობდა ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას. ამ ძალადობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

ანგარიშის ქვეთავში ქალთა უფლებები მოტანილია პროკურატურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, 13 ქალი მოკლეს და 11 ქალის მკვლელობა ოჯახის წევრებმა სცადეს.

HRW ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “სასამართლოები ხშირად გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ მოძალადე პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ მუქარას.”

ანგარიშში ასევე ნახსენებია 2021 წლის ნოემბერში გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW) დადგენილება, რომლის მიხედვითაც, საქართველომ დაარღვია ქალების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით.

“ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირებისა და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. CEDAW-მ დაადგინა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა; ასევე, ვერ დაიცვა ის გენდერული დისკრიმინაციისგან,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

სასტიპენდიო პროგრამა ForSet-ში

ფორსეტი, DW Akademie-სთან კოლაბორაციით, 6-კვირიან სასტიპენდიო პროგრამა Data for Crisis Fellowship-ზე მონაწილეებს იწვევს. პროგრამა მოიცავს მონაცემთა კომუნიკაციის სასწავლო მოდულს და მენტორების დახმარებით, მულტიმედიურ პროდუქტებზე მუშაობას. პროგრამის მიზანი საქართველოში რუსული მიგრაციის საკითხების შესწავლა და გაშუქებაა.

პროგრამის აღწერის თანახმად, სასტიპენდიო პროგრამა ორ მოდულს მოიცავს:

  1. მონაცემთა კომუნიკაციის შესწავლა, რაც ტრენერებისგან მონაცემების მოპოვების, დამუშავების, ვიზუალიზაციისა და ამბის თხრობის ტექნიკების შესწავლას მოიცავს;
  2. მულტიმედიურ ნაშრომებზე მუშაობა და მენტორობა, რაც ინდივიდუალური მენტორების დახმარებით, 3-წევრიან ჯგუფთან ერთად, მულტიმედიური ნაშრომის შექმნაზე მუშაობას მოიცავს. ამ ეტაპზე მონაწილეები სოციალური მედიის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიგრაციით გამოწვეულ პრობლემურ საკითხებს შეისწავლიან და გააშუქებენ. 

პროგრამა განკუთვნილია ჟურნალისტების, კომუნიკაციების სპეციალისტების, აქტივისტების, დიზაინერებისა და დეველოპერებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი აქტივისტურ ან მედია საქმიანობაში; ასევე, ადამიანებისთვის, რომლებიც, მონაცემების გამოყენებით, ამბების თხრობითა და სტატიების წერით არიან დაინტერესებულები და სურვილი აქვთ, იმუშაონ საქართველოში რუსულ მიგრაციასთან დაკავშირებულ ამბებზე (მაგ: სავიზო რეჟიმი, უძრავი ქონება, დისკრიმინაცია, ოკუპაცია, მარგინალიზაციის საფრთხეები და სხვა);

პროგრამის ხანგრძლივობა 6 კვირაა და 23 იანვრიდან 2 მარტამდე გაგრძელდება. სასწავლო მოდულის ფიზიკური შეხვედრები კვირის მანძილზე, სამუშაო დღეებში ჩატარდება. მონაწილეებისათვის აღნიშნულ დროში სავალდებულოა კვირაში 10-15 საათით ჩართულობა და მშობლიური ენის ფლობის გარდა, ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

სტიპენდიატების მაქსიმალური რაოდენობა 15-ია, ხოლო სტიპენდია 350 ევროთი განისაზღვრება (გადასახადების ჩათვლით, ნაშრომის დასრულების შემდეგ). სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეები შეუერთდებიან ფორსეტის მონაცემთა კომუნიკაციის ალუმნის ქსელს, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 100-მდე ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს 12 ქვეყნიდან.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 15 იანვარია, ხოლო პროგრამის მონაწილეთა შერჩევის შესახებ ინფორმაცია არაუგვიანეს 20 იანვარს გამოქვეყნდება.

აპლიკაციის შესავსებად უნდა შეავსოთ ეს ფორმა, ხოლო კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ფორსეტის წარმომადგენლობას: [email protected]