იანვარი 2023

თანასწორობის მოძრაობა — 2023 წლის იანვრის მიმოხილვა

თანასწორობის მოძრაობა არის ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ლგბტქი თემისა და ქალების სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. თანასწორობის მოძრაობა იბრძვის საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და სექსიზმის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს საჭიროებებზე დაფუძნებულ სოციალური თუ სამართლებრივი სერვისებისა მიწოდებასა და თემის მობილიზაციას, ასევე, მუშაობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლისა და პოლიტიკის ადვოკატირებისთვის.

წარმოგიდგენთ თანასწორობის მოძრაობის აქტივობებს 2023 წლის იანვრის თვეში:

  • 2023 წლის იანვრის თვეში თანასწორობის მოძრაობამ სოციალური, იურიდიული და ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება მიაწოდა ლგბტქ+ თემის 96 წარმომადგენელს.
  • ჯანდაცვისა და შიდსის პრევენციის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციამ იანვრის თვის განმავლობაში გასცა პრევენციული საშუალებები 332 ადამიანზე, ხოლო სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (სგგი) ტესტირება გაიკეთა 298 ბენეფიციარმა. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში selftest.ge-ის მეშვეობით 231 ადამიანმა გამოიწერა პრევენციული ნაკრები და შიდსის თვით-ტესტი. ამასთან, PrEP პროგრამაში ჩაერთო 38 ახალი ბენეფიციარი და ქიმიური სექსის პაკეტი მიიღო 16-მა ადამიანმა.
  • თანასწორობის მოძრაობამ „მამაკაცთა ჯანმრთელობის ევრაზიულ კოალიციასა“ და ასოციაცია თემიდასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (CEDAW) „საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“ ანგარიში წარუდგინა. ანგარიში ლგბტ+ ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებსა და ძალადობის შემთხვევებს აფასებს. დოკუმენტში განხილულია ლბტ ქალების მიმართ გენდერის ნიშნით, აგრეთვე ოჯახში ჩადენილი და სექსუალური ძალადობები. დამატებით, ანგარიში მოიცავს გენდერის სამართლებრივი აღიარების, ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელებასთან, დასაქმებასა და საცხოვრისთან დაკავშირებულ დოკუმენტს.
  • 2022 წლის 13 იანვარს ორგანიზაციამ შვედეთის საელჩოს მიწვევით საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ფარა კარიმსა და ამავე კომიტეტის მომხსენებელ იოჰან ბიუზერთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და თემის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა.
  • 2023 წლის იანვარში თანასწორობის მოძრაობამ ნაციონალური დემოკრატიის ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით დაასრულა ვიდეოკამპანიაზე მუშაობა. კამპანიის კონცეფცია და ძირითადი მესიჯები ეფუძნება დოკუმენტს „ლგბტქი თემის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების კვლევა საქართველოში“. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სამი ვიდეო სოციალურ მედიაში გასავრცელებლად (ხანგრძლივობა — 90 წამი) და ერთი სოციალური რეკლამის ტიპის ვიდეო-რგოლი (ხანგრძლივობა — 30 წამი). ვიდეოკამპანია ძირითად ყურადღებას ამახვილებს სიღარიბესა და ჰომოფობიას შორის არსებულ კავშირებზე. ვიდეოებში ასახულია ის ბარიერები, რომლებიც საქართველოში ლგბტქი ადამიანებს ექმნებათ ღირსეულ შრომის პირობებზე, ხარისხიან განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე, ამასთან, საცხოვრისზე წვდომის მიმართულებით.

იხილეთ აგრეთვე:

5 ივლისის ორგანიზატორები LGBTQI ადამიანების მანიფესტაციების შეზღუდვას ითხოვენ — კანონპროექტი

/

ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის წევრები, რომლებიც 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებიც არიან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ. გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძეს, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოსა და კონსტანტინე მორგოშიას სურთ, აიკრძალოს ისეთი შეკრებები და მანიფესტაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც, შესაძლოა, “ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას”.

გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფის კანონპროექტში წერია, რომ უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, “თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომსა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას”.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გარდა, პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ითხოვენ ცვლილებას, რომლის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9, მე-10¹, მე-11 და 11¹ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია — დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები ითხოვენ, კოდექსს შეკრების ან მანიფესტაციის წესის განმეორებითი დარღვევის შემდეგი შინაარსის 347 პრიმა მუხლი დაემატოს:

“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებს საქართველოს კანონის მე-9, მე-10¹, მე-11 და მე-11¹ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების განმეორებითი დარღვევა — ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე”.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ცვლილებების მოთხოვნა უკავშირდება 2013-2021 წლების მოვლენებს, როდესაც “საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების მცდელობამ გამოიწვია საჯარო მღელვარება და მოსახლეობის მასობრივი პროტესტი, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სოციუმში ამ კულტურული და ეთნიკური ღირებულებების სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წარმოადგენს იმ ზღვრის გადაკვეთას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება საჯარო სივრცეში ქცევის ნორმებთან დაკავშირებით აწესებს”. 

მათი მტკიცებით, “საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით ბავშვების მიერ მსგავსი აქტივობების ხილვა, მოსახლეობისთვის მკვეთრად მიუღებელია, შესაბამისად, აუცილებელია, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესები, რადგან საზოგადოების სიმშვიდისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ღონისძიებები”.

ძალადობრივი ჯგუფები კანონპროექტის ინიცირების საფუძვლად დღეისთვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციების “ნაკლებობას” ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ “საკანონმდებლო რეგულაციები არ არის ამომწურავი, ტოვებს შესაძლებლობას ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფებისთვის, რათა მათ თავიანთი ინტერპრეტაციით, ბოროტად ისარგებლონ საკანონმდებლო რეგულაციით და მიაღწიონ უკანონო მიზანს”.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. ბიუროს 2022 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ “საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინადადების საფუძველზე, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი” კანონპროექტის განხილვა კომიტეტებსა და ფრაქციებში უნდა დაიწყოს. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად 2023 წლის 8 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდია მითითებული.

საქართველოში ამჟამად არსებული კანონმდებლობის მიხედვით, აქციის ჩატარებას ნებართვა არ სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, ორგანიზატორებმა ამის შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წინასწარ უნდა გააფრთხილონ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. მუნიციპალიტეტმა ორგანიზატორებთან ერთად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი 3 დღის ვადაში უნდა განიხილოს და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ:

  • შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას; 
  • სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.

კანონპროექტის ავტორები ითხოვენ, ყველა ცვლილება, რომელიც არსებულ კანონში შევა, კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდეს.

შენიშვნა: არასწორია ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მუდმივი მცდელობისა, დაუკავშირონ ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება “პროპაგანდას” თუ “პოპულარიზაციას”. გარდა იმისა, რომ შეუძლებელია სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის “პროპაგანდა”, საქართველოს კანონმდებლობით ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება.

თემიდა — 2023 წლის იანვრის მიმოხილვა

თემიდა ქვიარ-აქტივისტური, ტრანს* სათემო ორგანიზაციაა, რომელიც ორგანიზდება, მუშაობს და იბრძვის ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და ღირსეული პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის. ორგანიზაციის  მიზანია ტრანსი ადამიანებისთვის ღირსეული, თანასწორი და სამართლიანი პოლიტიკური, უფლებრივი და სოციალური გარემოს მშენებლობა, სადაც მათი საჭიროებები, წუხილები, გამოწვევები და უფლებები აღიარებულია და მხარდაჭერილი სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ.

წარმოგიდგენთ თემიდას აქტივობებს 2023 წლის იანვრის თვეში:

თემიდამ წლიური ანგარიში წარადგინა 

თემიდას აღმასრულებელმა დირექტორმა, ტონი სარასფატიმ წარადგინა თემიდას 2022 წლის ანგარიში. ანგარიშში საუბარია თემიდას მიერ განხორციელებულ საქმიანობებსა და სერვისებზე, რომლებიც წლის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი ტრანს* და ქვიარ ადამიანებისთვის. აღმასრულებელი დირექტორი ამ ანგარიშით ასევე დაემშვიდობა თემს და მხარდამჭერებს. 

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ თემიდას განახლებულ ვებგვერდზე.

დასაქმების ვორკშოპი

თემიდამ მუშაობა 9 იანვარს განაახლა. ახალი სამუშაო წლის ერთ-ერთი პირველი აქტივობა იყო 21 იანვარს გამართული დასაქმების ვორკშოპი, რომელიც ონლაინ ფორმატში წარიმართა, რათა დასწრება შეძლებოდათ ქვიარ და ტრანს* თემის იმ წევრებსაც, რომლებიც ფიზიკურ ფორმატში გამართულ ვორკშოპებში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებდნენ.

დასაქმების ვორკშოპების მიზანია სამუშაოს მაძიებელ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობებზე, მათ შრომით უფლებებზე, ხელი შეუწყოს იმ უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებაში, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას.

დასაქმების ვორკშოპები განკუთვნილი იყო ტრანს* და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირთათვის, 21 იანვარს გამართული ვორკშოპი ამ ეტაპისთვის იყო დასკვნითი შეხვედრა, თუმცა ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ტრანს* თემის დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზების ძიებაზე მუშაობას.

საქმიანობა ხორციელდება ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

მედიაკამპანია

დეკემბრის თვეში თემიდამ დაიწყო სოციალური მედიაკამპანია, რომელიც შეეხება ტრანს* და ქვიარ თემის მდგომარეობასა და გამოწვევებს დასაქმების სფეროში. კამპანიის მიზანია, წინ წამოსწიოს თემის საჭიროებები და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილზე ანტიდისკრიმინაციული და თემის საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის აქტუალიზებასა და დანერგვას.

იანვრის თვეში სოციალურ ქსელებში თემიდას გვერდზე  განთავსდა კამპანიის „ღირსეული დასაქმება ჩვენი უფლებაა“ ფარგლებში მომზადებული ორი ვიდეო. ერთ-ერთ ვიდეოში, ლგბტქ თემის გამოწვევები შრომის ბაზარზე: არსებული გამოცდილებები, სოციალური მუშაკი და დასაქმების კონსულტანტი, მაგდა მოდებაძე, საკუთარ სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საუბრობს იმ მდგომარეობაზე, რომელიც არსებობს ტრანს* და ქვიარ თემში და უკავშირდება დასაქმების კუთხით არსებულ პრობლემებსა თუ ბარიერებს, რომელიც თემის წევრებს ხშირად აშორებს შრომის ბაზარს და უზღუდავს წვდომას ღირსეული დასაქმების შესაძლებლობაზე.

კამპანიის ფარგლებში მომზადებულ მესამე ვიდეოში, რომელიც იანვრის თვეში ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე განთავსდა, აქტივისტი ნატა ტალიკიშვილი საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, რომელიც მნიშვნელოვან აქცენტს სვამს და გვაჩვენებს,  თუ რამდენად მოწყვლადს ხდის თემის წევრებს ინსტიტუციონალიზებული ჰომო/ბი და ტრანსფობია როგორც შრომით ბაზარზე, ასევე სხვა სფეროებში.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ასევე მომზადდება და თემიდას Facebook და Instagram  გვერდებზე განთავსდება საინფორმაციო ხასიათის პოსტერები შრომის ბაზარზე  ლგბტქ+ თემის გამოწვევებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრის შესახებ.

საქმიანობა ხორციელდება ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით. კამპანიის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

ალტერნატიული ანგარიში: საქართველოში  სექსუალური ორენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიში

იანვრის თვეში თემიდამ  ECOM-თან (ევრაზიის ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების კოალიცია) და თანასწორობის მოძრაობასთან ერთად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტსათვის (CEDAW) მოამზადა ალტერნატიული ანგარიში „საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“ შესახებ.

ანგარიში ტრანს* და ქვიარ ადამიანების მიმართ არსებულ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. მასში საუბარია სოციალური და კულტურული ექსკლუზიის შედეგებზე, საცხოვრისის, დასაქმების, ძალადობისაგან დაცვის, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებულ დარღვევებსა და საკითხებზე.

იხილეთ აგრეთვე:

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის უფასო ხდება

ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას 26 წლამდე ქალებიც უფასოდ შეძლებენ. აღნიშნული ცვლილება საქართველოში იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის გაფართოებას უკავშირდება და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გოგოებისა და ქალებისათვის 18-დან 26 წლამდე ზრდის. პაპილომა ვირუსი ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების, საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ინფექციაა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა (WHO, UNFPA) მხარი დაუჭირეს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და სკრინინგის პროგრამების დანერგვას დაავადების ტვირთის შესამცირებლად და აიღეს ვალდებულება, განაგრძონ მუშაობა ამ მიმართულებით WHO-ს საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოფხვრის სტრატეგიის შესაბამისად. აღნიშნულ სტრატეგიას WHO-მ 2020 წლის ნოემბერში ჩაუყარა საფუძველი. მასში წარმოდგენილია საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის სამი მიმართულება: აპვ ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და მკურნალობა.

“აპვ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის. ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამაში აპვ ვაქცინის ჩართვას. ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს აღმოსაფხვრელად,“ – აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე.

აპვ-ის ვაქცინით საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობის პრევენცია შესაძლებელია. ადრეული გამოვლენისა და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კი, მისი განკურნებაც შეიძლება, თუმცა, საშვილოსნოს ყელის კიბო მაინც რჩება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გამოწვევად ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება.

UNFPA-ს სტატისტიკით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება. საშვილოსნოს ყელის კიბო, ძირითად შემთხვევაში, აპვ-ითაა გამოწვეული, რომლის საწინააღმდეგო გეგმიური აცრით საქართველოში, 2022 წლის განმავლობაში, 10-12 წლის ასაკის გოგოების 50% აიცრა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

აპვ ვაქცინაცია 2019 წლიდან შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. ხოლო, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში მეორე რაუნდის ჩატარება. 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია.

ამჟამად ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:

•    10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

•    13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 — 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო უფასო აცრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში, პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. პირველ ყოვლისა, საჭიროა ოჯახის ექიმთან ვიზიტი, რათა აცრა დაიგეგმოს და პაციენტი შესაბამის კლინიკაში გადამისამართდეს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხება შესაძლებელია, თუ შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც გლობალური სტრატეგიით არის განსაზღვრული და ხაზს უსვამს საქართველოში მცხოვრები ქალების საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის აუცილებლობას.

“ჩვენი აზრით, საჭიროა ახალი მეთოდების დანერგვა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ქალებისთვის, განსაკუთრებით კი სოფლად და ძნელადმისაწვდომ ადგილებში მცხოვრები ქალებისთვის, რათა მივაღწიოთ კიბოს სკრინინგის მაღალ მოცვას, რაც, თავის მხრივ, არაერთი სიცოცხლის გადარჩენის საწინდარია”, — აცხადებს ლელა ბაქრაძე.

წაიკითხეთ:

პაპილომავირუსი, საშვილოსნოს ყელის კიბო და პრევენცია

ქალთა ფონდი საქართველოში — 2023 წლის იანვრის მიმოხილვა

ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის.

წარმოგიდგენთ ფონდის ქალთა ფონდის აქტივობებს 2023 წლის იანვრის თვეში:

  • იანვარში ფონდმა გამოაცხადა ახალი საგრანტო პროგრამა „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“, რომლის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, რომ თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე თუ სხვა.
  • ასევე, დაწყებულია ორგანიზაციის ღია კარის საგრანტო პროგრამა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძალაშია.
  • ქალთა ფონდმა დაიწყო ციფრული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების გაზრდისთვის ვიდეოების მომზადება, რომლებიც ძირითადად ფონდის გრანტისმიმღებებისთვის/აქტივისტებისთვის იქნება განკუთვნილი.
  • 27 იანვარს ფონდის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკის შესახებ.
  • 30 იანვარს ქალთა ფონდმა გამართა კონფერენცია გენდერული თანასწორობის შესახებ შრომით ურთიერთობებში, რომელზეც ორგანიზაციამ შეაჯამა 2022 წლის მიღწევები და გამოწვევები.

იხილეთ აგრეთვე:

თბილისი პრაიდი — 2023 წლის იანვრის მიმოხილვა

თბილისი პრაიდი არის ლგბტქი ადამიანებისა და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს პრაიდ კვირეულს თბილისში, პოლიტიკურ დღის წესრიგში აყენებს ლგბტქი საკითხებს, ატარებს გამოკითხვებს და იბრძვის ქვიარ ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისთვის საქართველოში.

წარმოგიდგენთ თბილისი პრაიდის აქტივობებს 2023 წლის იანვრის თვეში:

  • ორგანიზაციამ 2022 წელი დრეგ მეჯლისის გრანდიოზული ღამით გააცილა, რომელსაც კლუბმა „KHIDI“ უმასპინძლა. THE DRAG BALL:ALL STARS ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ღამედ იქცა — ნაცნობი და საყვარელი შემსრულებლების ახალი ნომრები, შესანიშნავი მუსიკა, საახალწლო განწყობა და მეჯლისის განსაკუთრებული სტუმარი, ჯაზის ქართველი ლეგენდა, გიული ჩოხელი მაყურებელს დიდხანს ემახსოვრება. რადიო თავისუფლებამ მეჯლისს მოკლე დოკუმენტური ფილმიც მიუძღვნა.
Photomaker D.k [Dato Koridze]
  • 2023 წელს თბილისი პრაიდის ოფისში ტრადიციულად გრძელდება სათემო შეხვედრები. ორგანიზაციამ 2023 წელი იოსებ (სოსო) ბლიაძის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმის, „ჩემი ოთახის“, ჩვენებით დაიწყო. ხალხმრავალი შეხვედრა ფილმის რეჟისორთან საუბრით და ფილმზე დისკუსიით დასრულდა.
  • 27 იანვარს თბილისი პრაიდმა კიდევ ერთ სათემო შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც ორგანიზაციის ოფისი თამაშების, გართობისა და თემის წევრებისა და თანამოაზრეების გაცნობის უსაფრთხო სივრცედ იქცა.
  • 2023 წლის იანვარში ორგანიზაციამ დაიწყო ახალი მულტიმედია პროექტი „საერთო ენა“. „საერთო ენა“ თბილისი პრაიდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტია — სივრცე, რომელშიც ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ თემებზე საინტერესო რესპონდენტების დიალოგის გზით საერთო ენის პოვნას შეეცდება. პროექტის Facebook გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ პირველი გადაცემა, რომელშიც ქალები და კაცები საუბრობენ ფემინიზმზე.

თებერვალში თბილისი პრაიდი ბევრ საინტერესო აქტივობას გეგმავს. გარდა ამისა, ახლოვდება ორგანიზაციის დაბადების დღე.

იხილეთ აგრეთვე:

ტესტი — გამოიცანი Game of Throne-ის ქვიარ პერსონაჟი ფრაზით

ტესტი — გამოიცანი Game of Throne-ის ქვიარ პერსონაჟი ფრაზით

შენიშვნა: ვინაიდან სერიალში ღიად არაა საუბარი კონკრეტულ სექსუალურ ორიენტაციებსა თუ გენდერულ იდენტობებზე, ეს ქვიზი ეფუძნება მხოლოდ პერსონაჟების ქცევებს, გადაწყვეტილებებსა თუ ინტერესებს, რომლებსაც ისინი ავლენენ სერიალში ან ჯორჯ მარტინის წიგნების სერიაში, ასევე ფანების ვარაუდებსა და თეორიებს.

როგორ შეცვალა კოალიცია ACT UP-მა შიდსის პანდემიაში მცხოვრები ამერიკა

1987 წელს, ნიუ-იორკში შექმნილი ჯანდაცვის სისტემის კრიზისის შესახებ ცნობადობის გასაზრდელად AIDS Coalition to Unleash Power, იგივე ACT UP ჩამოყალიბდა. ორგანიზაციამ საზოგადოების ყურადღება დაფუძნებისთანავე მიიპყრო და ეს ყურადღება მან გამიზნულად მიმართა შიდსის წინააღმდეგ მიმდინარე კვლევებისკენ.

ორგანიზაციის უპირველესი დემონსტრაციაც 1987 წელს, ვოლ სტრიტზე მოეწყო, ისევე, როგორც მომდევნო სამი დემონსტრაცია 1988, 1989 და 1997 წლებში. ვოლ სტრიტზე გამოსვლა არ იყო შემთხვევითობა. კოალიციის წევრების მოსაზრებით, ვოლ სტრიტზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრია, სამიზნე ფარმაცევტული კომპანიები იყვნენ, რომლებიც არამხოლოდ არ ცდილობდნენ შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ სარგებლობდნენ კიდეც ამ ეპიდემიით.

გასათვალისწინებელია კოალიციის დაფუძნებამდე არსებული გარემოებები, რომლებიც გლობალურად საგანგაშო იყო. 1980-იანი წლებისთვის უკვე ასიათასობით ამერიკელი, რომელთაგანაც უმრავლესობა გეი კაცი იყო, შიდსის დიაგნოზით დაიღუპა. შიდსის ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წერტილი, რომელიც უმძიმესად დაზარალდა, ნიუ-იორკი იყო. გარდაცვლილთა რიცხვი ყოველთვიურად მზარდი და საგანგაშო იყო, თუმცა არსებული გარემოებების მიმართ მთავრობა გულგრილი აღმოჩნდა. 

nyclgbtsites

მთავრობის უმოქმედობამ და საზოგადოების აპათიამ აქტივისტი, ლერი კრამერი იძულებული გახადა, საჯაროდ გამოსულიყო 1987 წლის 10 მარტს ლესბოსელებისა და გეების სათემო ცენტრში. ამაღელვებელი გამოსვლა შეკრებილი საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

“კარგი, მე მინდა, რომ ოთახში არსებულ ადამიანთა ნახევარი ადგეს”, — განაცხადა ლერიმ და გარშემო მიმოიხედა — “თქვენ ყველანი დაიხოცებით 5 წელიწადში, თითოეული თქვენგანი”, — გაბრაზებით იძახდა ლერი. მან შეკრებილ საზოგადოებას შესთავაზა მოქმედება იმისთვის, რომ მისი წინასწარმეტყველება რამდენიმე წელში რეალობად არ ქცეულიყო.

ლერის გამოსვლის შედეგად, ზუსტად ორი დღის შემდეგ, ACT UP დაარსდა. “დუმილი = სიკვდილი” — სწორედ ეს გახდა ორგანიზაციის დევიზი, რომელიც 1986 წლის კამპანიიდან იყო აღებული და რომლის მიზანი საზოგადოებრივი ფოკუსის შიდსის კრიზისისკენ მიმართვა იყო. 

ჯგუფის პირველი სამიზნე ფარმაცევტული ინდუსტრია იყო, რომელიც სარგებლობდა იმ წამლების გაყიდვით, რომელთა შეძენას შიდსით ინფიცირებულთა ოჯახები გაჭირვებით თუ ახერხებდნენ. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ორგანიზაციამ ფარმაცევტული ინდუსტრია შიდსის განსაკურნებელ კვლევებში ჩაურთველობასა და ასეთი კვლევების ნაკლებობაში დაადანაშაულა. 

პირველი დემონსტრაცია ბროდვეის გადატვირთულ გზაჯვარედინზე, ტაძრის მახლობლად გაიმართა. ლოკაცია იმ მიზნით შეირჩა, რომ პიკის საათებში ქალაქისთვის დიდი შეფერხება გამოეწვია. 250 დემონსტრანტს შორის, ზოგიერთს ბანერები ეჭირა და მთავრობას და კორპორაციებს მოქმედებისკენ მოუწოდებდა, ზოგი — ქუჩაში იწვა და შეუძლებელს ხდიდა ნიუ-იორკის დღის წესრიგი და ცხოვრების რიტმი გეგმისამებრ გაგრძელებულიყო. ჯგუფის ერთ-ერთი სამიზნე ფარმაცევტული კომპანია Burroughs Wellcome იყო, რომელიც მაღალფასიან AZT-ს, სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA)-ს მიერ შიდსის წინააღმდეგ მებრძოლ ერთადერთ ავტორიზებულ წამალს აწარმოებდა. 

ეკლესიის ფასადზე FDA-ის წარმომადგენლის, ფრენკ იანგის ფიგურა იყო ჩამოკიდებული, ხოლო მომიტინგეები ერთხმად სკანდირებდნენ: “გაბრაზებულები ვართ, მოქმედება გვინდა!”. დემონსტრაციაზე 17 ადამიანი დააკავეს.

nyclgbtsites

დემონსტრაციაზე დამსწრეთა ფლაერებზე რამდენიმე დაუყოვნებლივ შესასრულებელი მოთხოვნა იკითხებოდა. მათ შორის იყო წამლების მეტი ხელმისაწვდომობა ინფიცირებულებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ზრდა შიდსისა და აივ-ინფექციის შესახებ და შიდსთან დაკავშირებული ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ყველგან, მათ შორის სამუშაო ადგილებზე, საცხოვრისებში, სადაზღვევო კომპანიებსა და სამკურნალო პროცესისას გატარდებოდა. ACT UP-ის პირველი დემონსტრაციიდან მოკლე ხანში FDA-მ გამოაცხადა, რომ წამლების დამტკიცებისა და მოხმარებაში ჩაშვების პროცესი, რომელიც 9 წლამდე აღწევდა, 2 წლით შემცირდებოდა. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რადგან შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს არ შეეძლოთ 9 წლის განმავლობაში მოცდა.

nyclgbtsites

1988 წლის 14 მარტს, პირველი დემონსტრაციიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორგანიზაციამ მომდევნო და ბევრად ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია დაგეგმა. მასში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მიზანი კვლავაც ფარმაცევტული ინდუსტრიებისა და მთავრობის უმოქმედობის კრიტიკა იყო. დემონსტრანტები შეიკრიბნენ როგორც ეკლესიასთან, ასევე, რექტორის ქუჩაზე. აქციაზე 111 ადამიანი დააკავეს. გრენ ფურიმ გადაიღო დემონსტრაცია, რომელშიც დოლარის კუპიურების უკანა მხარეს ღონისძიების მესიჯები იყო გამოსახული და რომლებსაც დემონსტრანტები ქუჩაში მოსიარულეებისთვის ფანტავდნენ.

ACT UP-ის ვებ გვერდის მიხედვით, მეორე, 1988 წლის დემონსტრაციისთვის, ე.წ. შიდსის აქტივიზმს, როგორც კონცეპტს, სანდოობა საზოგადოებაში უკვე მოპოვებული ჰქონდა.

1989 წლის 14 სექტემბერს ACT UP-მა მომდევნო, მესამე დემონსტრაცია დაგეგმა. მსვლელობაში 350 ადამიანი მონაწილეობდა უცვლელი მიზნითა და უცვლელი მოთხოვნებით. ამ დღეს მსგავსი გამოსვლები ლონდონსა და სან-ფრანცისკოშიც იმართებოდა.

ჟურნალ Outweek-ის ინფორმაციით, ACT UP-ის ასობით საყვირი მანჰეტენის ვიწრო ქუჩებში ექოდ ეხმიანებოდა ადამიანებს, რომლებიც შენობების 30-ე სართულის ფანჯრებში იყვნენ გამოფენილები.

დემონსტრაციისგან განცალკევებით, ACT UP-ის რამდენიმე წევრმა საფონდო ბირჟის შენობაში შეაღწია. მათ თანაგუნდელი ფოტოგრაფები შეუერთდნენ, რომლებმაც იქ მომხდარი აღბეჭდეს. იქ კი ეს მოხდა: ACT UP-ის წევრებმა VIP აივანზე მიიჯაჭვეს თავები და სავაჭრო სართულზე ყალბი ასდოლარიანი კუპიურები ჩამოყარეს. ამ მოქმედებით მათ ისტორიაში პირველად საფონდო ბირჟის გახსნის ზარს შეუშალეს ხელი. იქ გადაღებული ფოტოები სწრაფად გავრცელდა. ამბის გასაჯაროებიდან ზუსტად 4 დღის შემდეგ, Burroughs Wellcome-მა მედიკამენტ AZT-ის ფასი მკვეთრად შეამცირა.

1997 წლის 24 მარტს პირველი, 1987 წლის დემონსტრაციის 10 წლისთავის აღსანიშნავი დემონსტრაცია სიმბოლურად კვლავ ვოლ სტრიტზე მოეწყო. აქცია სახელწოდებით “გაანადგურე ბაზარი” ნიუ-იორკის გარდა, ლოს-ანჯელესში, ატლანტაში, სან-ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ფილადელფიაში, ლას-ვეგასსა და სხვა ქალაქებში გაიმართა. დემონსტრანტები წამლებზე ფასების შემცირებასა და მეტ ხელმისაწვდომობას მოითხოვდნენ. მონაწილეები ასევე აპროტესტებდნენ შიდსის კვლევებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შემცირებას და ითხოვდნენ, რომ წამლების ფასების რეგულაცია კონგრესის მოსმენებზე გატანილიყო. 500 აქტივისტი გამთენიისას, 07:30 საათზე მერიის პარკის შადრევანთან შეიკრიბა. “ჩვენ ვიხოცებით — ისინი ფულს აკეთებენ” — სკანდირებდნენ მომიტინგეები. ამ აქციაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით 73 ადამიანი დააკავეს.

nyclgbtsites

აქტივისტურ წრეებსა და ქვიარ თემს შორის, შეცდომების მიუხედავად, კოალიცია ACT UP-ის წვლილი უდავოა. შიდსისა და აივ-ინფექციის მიმართ არსებული სტიგმისა და ინფიცირებული ადამიანებისადმი დისკრიმინაციის შემცირება, შიდსის წინააღმდეგ ავტორიზებული წამლების მოხმარებაში ჩაშვების ვადის შემცირება, წამლებზე მეტი ხელმისაწვდომობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შიდსის შესახებ სამეცნიერო კვლევებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ზრდა იმ მიღწევათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც კოალიციას მიეწერება. კოალიციის წევრებმა შეძლეს ორგანიზება გაეწიათ იმ ქაოსისთვის, რომელიც 1980-იანი წლების ამერიკაში შიდსის ტალღამ ქვიარ თემსა და განსაკუთრებით გეი კაცებში შემოიტანა. ACT UP-ის დამფუძნებლებმა გააერთიანეს ქვიარ თემის ხმები და შიდსისა და აივ-ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართეს.

წყაროები:

როგორი საბავშვო ბაღი იხსნება ბერლინში რეალურად

ბერლინის ერთ-ერთ არეაში, შენებერგში, ე.წ. ცისარტყელა ბაღი იხსნება. დაგეგმილია, რომ დღის ცენტრის პერსონალთა უმრავლესობა ლგბტქი ადამიანი იქნება.

ბავშვთა დღის ცენტრში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, ქვიარ ხილვადობა და რეპრეზენტაცია გაზრდილი იქნება. აღნიშნული დღის ცენტრი საპილოტე პროექტის ნაწილია, რომელიც ბერლინის გეი საკონსულტაციო სამსახურის მიერ არის ინიცირებული. 

დღის ცენტრის დირექტორი, მარსელ დე გრუტი, ხსნის საპილოტე ბაღებში არსებულ პედაგოგიურ მიდგომას. კონცეფცია იგივეა, რაც სხვა, ტიპური დღის ცენტრებისა, ერთი განსხვავებით — ექსპერიმენტულ ბაღებში ბავშვებისათვის თავიდანვე ცხადი იქნება, რომ გარდა ჰეტეროსექსუალი წყვილებისა, არსებობენ ქვიარ წყვილებიც და ეს ცხოვრების ნაწილია. დე გრუტის თქმით, ბავშვებისათვის ქვიარ ხილვადობა ხელმისაწვდომი იქნება წიგნების მეშვეობით, რომლებშიც არამხოლოდ პრინცსა და პრინცესას, არამედ პრინცსა და პრინცს უყვარდებათ ერთმანეთი. პირობითად, 10 წიგნიდან 3-ს ქვიარ გმირები ეყოლება. კონცეფციის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვები ჰეტეროსექსუალები არ იქნებიან, ეს ცოდნა მათ საკუთარი თავის მიღებას გაუმარტივებს.

“მშობლები იმედოვნებენ, რომ მეტ მიმღებლობას იპოვიან ჩვენთან, ვიდრე სხვა დღის ცენტრებში,” აცხადებს გრუტი.

ბაღი 93 აღსაზრდელისთვისაა განკუთვნილი. todaytimeslive.com-ის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ბაღში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა 60-ს შეადგენდა.

berliner-zeitung.de-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ამბობს, რომ ის და მისი პარტნიორი, რომლებსაც საერთო შვილები ჰყავთ, მიესალმებიან მსგავსი დღის ცენტრის გახსნას. 

“ჩვენს სანაცნობო წრეში ცისარტყელა ოჯახებს დიდი ხანია გვინდოდა მსგავსი ცენტრი. ეს იმის გამოა, რომ ბევრმა მათგანმა გამოიარა დისკრიმინაცია დღის ცენტრებში.” 

დედა, რომელმაც ანონიმურად ყოფნა არჩია, ამბობს, ყოველ დღე გრძელი მანძილის გავლა მოუწევს, რათა შვილი აღნიშნულ დღის ცენტრში ატაროს. მისი თქმით, ურჩევნია ნახევარი საათით მეტი იმგზავროს, მაგრამ მისი შვილი ისეთ ცენტრში იყოს, რომელშიც ქვიარ ადამიანების მეტი მიმღებლობა და რეპრეზენტაციაა.

დღის ცენტრში, სხვა ბაღების მსგავსად, აღსაზრდელებს უხსნიან, რომ ჰეტეროსექსუალი წყვილების გარდა, არსებობენ ქვიარ წყვილებიც. გარდა ამისა უზიარებენ სექსუალურ განათლებაზე მათთვის საჭირო ინფორმაციას, რაც გულისხმობს ასაკისთვის შესაბამისი თემების დაფარვას, მაგალითად: საკუთარი სხეულის შეცნობა, ძალადობის ნიშნების ამოცნობა და უფროსებისთვის ამის შეტყობინება, “არას” თქმა, როცა თავს არაკომფორტულად გრძნობენ, საზღვრების დაწესება/დაცვა და მსგავსი საკითხები.

გავრცელდა ინფორმაცია ბაღთან სოციოლოგ რუდიგერ ლაუტმანის კავშირის შესახებ, რომელმაც 1994 წელს გამოსცა წიგნი “ლტოლვა პატარებისადმი. პედოფილის პორტრეტი”. მისი თქმით, სურდა მეცნიერულად აეხსნა დამნაშავეების ქცევა, მაგრამ რადგან საზოგადოების ნაწილმა ეს გაიგო, როგორც პედოფილიის ლეგალიზებისკენ მოწოდება, წიგნი გაყიდვებიდან ამოიღო. გარდა ამისა, ბაღის მმართველი დირექტორის, მარსელ დე გრუტის განცხადებით, ლაუტმანს დღის ცენტრთან არავითარი კავშირი არ აქვს.

ქვიარი დაუკავშირდა ბერლინში მცხოვრებ სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტს, მარიკა ართმელაძეს, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ ბაღში აღმზრდელად მუშაობს.

მარიკას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული დღის ცენტრი ბავშვების სექსუალობის “ცვლილებას” შეუწყობს ხელს, არასწორია.

“ის ხელს შეუწყობს მიმღებლობას”, — აღნიშნავს მარიკა.

მისი თქმით, ზოგადად, გერმანული ბაღების ერთ-ერთი ამოცანაა, ბავშვები მოამზადონ მრავალფეროვან საზოგადოებაში ცხოვრებისთვის და არ განარჩიონ ადამიანები სხვადასხვა ნიშნით. 

“ჩვენი საზოგადოება მრავალფეროვანია, ის შედგება ინდივიდებისგან და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. საბავშვო ბაღის განათლების სისტემის ერთ-ერთი ამოცანა ესეცაა, რომ ბავშვები მოამზადო მრავალფეროვან საზოგადოებაში ცხოვრებისთვის და ბაღი არის ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც ხდება გაცნობიერებული განათლება და აღზრდის კონცეფციების დანერგვა, რისი მეშვეობითაც უნდა შეიქმნას ცნობიერების მრავალფეროვნების დანერგვა. ის, რომ მრავალფეროვნებამ შეიძლება რამე გავლენა იქონიოს ბავშვის სექსუალურ განვითარებაზე, არის აბსოლუტური აბსურდი და  იმ ადამიანებს, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებენ ამას, არავითარი მეცნიერული დასაბუთების შესაძლებლობა არ გააჩნიათ”, — ამბობს მარიკა.

ის ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანების მრავალფეროვნებას ბავშვი ბაღის ასაკიდანვე შეეჩვიოს. მარიკას თქმით, მისი, როგორც აღმზრდელის მოვალეობაა, ყველა ბავშვს თავის ინდივიდუალობაში შეუწყოს ხელი.

“არიან ბავშვები, რომლებიც მოდიან “Regenbogenfamilie”, იგივე “ცისარტყელა ოჯახიდან”; არიან ბავშვები ქვიარ თემის წევრი მშობლებით; არიან ბავშვები, რომელთა მშობლები არიან დაშორებულები; არიან ბავშვები, რომელთა ოჯახი ქალისა და კაცის ურთიერთობებს გულისხმობს. ეს მრავალფეროვნება გერმანიაში არსებობს და ბაღიც ერთ-ერთი პირველი ადგილია, სადაც ბავშვი გამოცდილებას იძენს”.

მარიკას განცხადებით, გერმანული ბაღები ხელმძღვანელობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონცეფციით, რომელიც ბავშვების სექსუალურ განათლებასთან მიმართებით  2011 წელს შეიმუშავეს. ბერლინის განათლების დებულებაში, რომლითაც ბერლინის ბაღები ხელმძღვანელობენ, ერთ-ერთია ჯანმრთელობის პუნქტი, სექსუალური განათლება და სექსუალური განათლების ხელშეწყობა კი სწორედ ჯანმრთელობის ქვეპუნქტია.

“ამაში იგულისხმება ცოდნა საკუთარი სხეულის შესახებ, საზღვრების დაცვა, “არას” თქმა, დახმარების თხოვნა და ა.შ. ეს არის ძალიან ფართო სპექტრი და ძალიან არასწორი იქნება, დავიყვანოთ და შევადაროთ უფროსთა სექსუალობას და ვთქვათ, რომ ბავშვების “გარყვნა” ხდება, აცხადებს მარიკა.

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის სექსუალური შინაარსის მასალის მიმოცვლა სხვა ადამიანთან ელექტრონულად.

იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც ამ ტიპის კომუნიკაციით კავდება, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მართალია, სექსტინგი ჩანაფიქრში ძალიან სახალისო უნდა იყოს, მაგრამ ის ასევე მონაწილეებს მოწყვლად პოზიციაში აყენებს, რადგან არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ტიპის მასალას სხვისთვის საზიანოდ გამოიყენებს, იქნება ეს ბოროტი განზრახვით თუ, უბრალოდ, თანხმობის ცნების გაუაზრებლობის გამო. თუნდაც მონაწილე მხარეებს შორის არსებობდეს თანხმობა, ნდობა და პატივისცემა, ბოლომდე მაინც არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ შინაარსის მიმოწერა პირად სივრცეში დარჩება და სხვა მას ვერ ნახავს.

რა არის „სექსტინგი“ და რატომ მიმართავს ხალხი მას?

სექსტინგი არის სექსუალური შინაარსის მქონე მასალის გაგზავნა და/ან მიღება ელექტრონული კომუნიკაციის პლატფორმების მეშვეობით, მაგალითად, ონლაინ მიმოწერის საიტებზე, ჩატ-ფორუმებში, SMS-ით და ა.შ. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გექნებათ თუ არა სექსტინგი, რა მიზნითა თუ მიზეზით მოხდება ეს და რა მეთოდებს გამოიყენებთ საამისოდ.

► ისევე, როგორც ინტიმური შინაარსის ნებისმიერი სხვა აქტივობის შემთხვევაში, სექსტინგის დროსაც უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენც და თქვენი პარტნიორიც თანახმა ხართ სექსტინგში მონაწილეობაზე და იაზრებთ, რა მოსდევს მას. მხოლოდ ის, რომ ეს ვირტუალურად ხდება, არ ნიშნავს, რომ რამე ისეთი უნდა თქვათ ან გააკეთოთ, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ.

სექსტინგი შეიძლება გულისხმობდეს შემდეგი რაღაცების მიმოცვლას:

  • სექსუალური შინაარსის მესიჯები

  • ინტიმური ლაივ-ჩატის სესიები

  • შიშველი ან ნახევრად შიშველი ფოტოები და ვიდეოები

  • სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტოები ან ვიდეოები

  • სექსუალური შინაარსის ხმოვანი ჩანაწერები

არსობრივად, სექსტინგი, უბრალოდ, კომუნიკაციის კიდევ ერთი ფორმაა და ბევრი ადამიანისთვის ამ შესაძლებლობის ქონა შეიძლება ძალიან კომფორტული იყოს ზოგიერთ სიტუაციაში. ამის რამდენიმე მაგალითია:

მათთვის, ვისაც საკუთარი სექსუალობის გამოკვლევა უნდა ისე, რომ ამისთვის ფიზიკური აქტებით არ დაკავდეს. ინტიმურ ქცევაში მონაწილეობისას ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი, ინდივიდუალური ტემპის დაცვა — მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როდის და რისთვის ხართ მზად — და სექსტინგი შეიძლება იყოს ერთგვარი „ხიდი“ ფლირტსა და ფიზიკურ ინტიმურობას შორის.

მათთვის, ვისთვისაც შეიძლება რთული იყოს გარეთ გასვლა და ახალი ხალხის გაცნობა. სოციალური შფოთვა, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობა ან თავისუფალი დროის არქონა სამსახურისა თუ სხვა რამის გამო — ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს ვინმესთან ფიზიკურად შეხვედრა. ბევრი ადამიანი ონლაინ პლატფორმებს იყენებს ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, მათ შორის ინტიმური შინაარსისაც.

მათთვის, ვინც შორსაა პარტნიორისგან. შეიძლება პარტნიორთან ფიზიკურად შეხვედრა შეუძლებელი ან რთული იყოს უბრალოდ იმის გამო, რომ თქვენ ერთმანეთისგან შორს ხართ გეოგრაფიულად (ვთქვათ, სხვადასხვა ქალაქში ან ქვეყანაში). ასეთ დროს სექსტინგი კარგი საშუალებაა ერთმანეთთან ინტიმური კონტაქტის დასამყარებლად.

მათთვის, ვინც ურთიერთობაშია და ვისაც სურს, თავის პარტნიორთან ინტიმურობის ახალი ფორმები გამოცადოს. სექსტინგმა შეიძლება წაახალისოს უფრო ღია საუბარი (რადგან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება უფრო კომფორტული იყოს საკუთარი ფიქრებისა და სურვილების თქმა მიმოწერაში) და ახალი გზები მოგცეთ თვითგამოხატვისთვის.

რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ სექსტინგით დავკავდებით?

თუკი ვინმესთან სექსტინგს აპირებთ, რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ. აი, რამდენიმე კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ:

რა ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანთან? ვენდობი მას? ინტიმური ქცევით მხოლოდ იმ ადამიანთან უნდა დაკავდეთ, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ინტიმურობა ჩვენ მოწყვლადს გვხდის და არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მოწყვლადობა გზას ხსნის ძალადობისთვის. ანონიმური ჩატის გამოყენება შეიძლება სახალისო ჩანდეს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მეორე მხარეს მყოფი ადამიანის განზრახვები არ იცით. არასდროს ჩაიგდოთ თავი ისეთ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება თქვენთვის საფრთხის შემცველი იყოს.

ნამდვილად მსურს ამის გაკეთება? უარის თქმა ყოველთვის შეგიძლიათ. თუმცა, უცნაური არ არის, თუკი ზოგჯერ გგონიათ, რომ „კი“ უნდა თქვათ, თუნდაც ეს არ გსურდეთ. შეიძლება, არ გინდოდეთ ვინმეს იმედგაცრუება, გინდოდეთ რაიმეს დამტკიცება ან, უბრალოდ, გეგონოთ, რომ დათანხმება უფრო მარტივი იქნება — ამ და სხვა მიზეზების გამო ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ სჯობს, ყური არ უგდოთ საკუთარ თავს. არა — გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით როცა სექსუალურ თანხმობაზეა საუბარი, ყოველთვის მოუსმინეთ საკუთარ თავს და ეჭვების არსებობის შემთხვევაში დააკვირდით, რას გეუბნებათ თქვენი ინტუიცია და რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს. თანხმობა მხოლოდ თქვენი არჩევანია.

რატომ მინდა ამის გაკეთება? არის შანსი, რომ ამას ვინანებ? ზოგჯერ ის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც გსურთ, არ არის სწორი გადაწყვეტილება. ერთი წუთით დაფიქრდით არსებულ სიტუაციაზე. როგორ განწყობაზე ხართ? როდესაც საქმე ციფრულ ინფორმაციას ეხება, „მომენტით ტკბობას“ თავისი ფასი აქვს — როცა ინტიმური შინაარსის მასალას გაგზავნით, მორჩა, ის უკვე გაგზავნილია და მასზე წვდომა სხვა ადამიანს აქვს.

რამდენად სამართლიანი ვარ იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ვსექსტინგობ? მართალია, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ გრძნობთ თავს თქვენ, მაგრამ ამდენადვე მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ ვინმეზე არ ახდენთ ზეწოლას. ზოგჯერ შეიძლება ვიღაცებს რაღაცას ვავალდებულებდეთ ან მათზე ზეწოლას ვახდენდეთ ისე, რომ ვერ ვიაზრებდეთ. ამის თავიდან ასარიდებლად ისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებთ. დაუსვით კითხვები და დარწმუნდით, რომ ორივეს გესმით ერთმანეთის საზღვრები.

► არ შეიძლება, ადამიანს აიძულოთ „კის“ თქმა. იძულებით მიღებული თანხმობა არ არის თანხმობა.

ახლა სწორი დროა? გაითვალისწინეთ ადამიანი, რომელსაც წერთ, და მისი მდგომარეობა. შეიძლება, ინტიმური მესიჯისა თუ სურათის მიღება არ გინდოდეთ კონკრეტულ სიტუაციებში, ვთქვათ, სამსახურის შეხვედრის დროს ან გასვენებაში.

► თქვენი გადასაწყვეტია, რა ტიპის პირად ფოტო/ვიდეომასალას გაუზიარებთ სხვას, თუმცა რეკომენდებულია, რომ სექსტინგისას შიშველი ფოტოების, ე.წ. „ნუდების“, გაგზავნისას ფოტოში არ ჩანდეს თქვენს ვინაობაზე მიმანიშნებელი მახასიათებლები (მაგალითად, სახე, ტატუები, პირსინგები და ა.შ.).

Tricia Lim

სექსტინგის ბნელი მხარე — დამცირება და შანტაჟი

ონლაინ ჩატები და სამესიჯო პლატფორმები კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბევრ ქვეყანაში მოზარდებისთვის სექსტინგი ფლირტის მარტივ მეთოდად იქცა — მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობაში არასრულწლოვანი ადამიანის მონაწილეობით სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

მართალია, მოზარდებს საკუთარი გონებისა და სხეულის გამოკვლევა აინტერესებთ, მაგრამ ისინი უფრო დაუცველები არიან პოტენციურად საზიანო გარეშე გავლენების მიმართ. მოზარდი შეიძლება უფრო დიდი ალბათობით ჩაერთოს სექსტინგში, რომელშიც არ იქნება დარწმუნებული, ან რაიმე დაუფიქრებელ თუ იძულებით ნაკარნახევ ქცევაში თანატოლების მხრიდან ზეწოლის გამო, თვითშეფასების ასამაღლებლად ან ხუმრობით.

► თუკი მშობელი ხართ, შვილებთან სექსტინგზე საუბარი მათ დაეხმარებათ, თავი აარიდონ საზიანო სიტუაციებს. ისევე, როგორც მათ გააფრთხილებდით იმაზე, რომ უცნობ ადამიანს მანქანაში არ ჩაუსხდნენ, ბავშვებსა და მოზარდებთან ონლაინ კომუნიკაციის უსაფრთხოების ზომებიც უნდა განიხილოთ, როგორც კი მათ ინტერნეტზე ექნებათ წვდომა.

ონლაინ პლატფორმების გამოყენებას თავისი რისკები ახლავს თან — ონლაინ კომუნიკაცია ტოვებს „კვალს“ და ჩვენ თითქმის არ გვაქვს გავლენა იმაზე, თუ რა მოუვა იმ მასალას, რომელიც ვიღაცას გავუზიარეთ. თუნდაც ისეთ აპლიკაციას ვიყენებდეთ, რომელიც გვპირდება, რომ გადაღებული მასალა წინასწარგანსაზღვრული დროის შემდეგ ქრება, მაინც შესაძლებელია, მესამე მხარე მის ასლს ინახავდეს. ამ გზით მოპოვებული პირადი მასალა შეიძლება ბოროტი მიზნებით იქნას გამოყენებული.

შემაშფოთებლად ხშირია სიტყვიერი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა სექსუალური მიმოწერის პირად მიმოცვლაზე დაყრდნობით. სექსტინგი შეიძლება კიბერბულინგის წყარო გახდეს: სურათები და ტექსტები შეიძლება სხვასთან გაიგზავნოს და დაცინვის წყარო გახდეს ადამიანის დასამცირებლად, შესარცხვენად თუ დასაზიანებლად, და ინტერნეტში უცნობი ადამიანები ხშირად დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ამ ვირტუალურ ზიზღში.

ისეთმა მასალამაც კი, რომელიც წლების წინ თანხმობის საფუძველზე გაზიარდა, შეიძლება მოულოდნელად ამოყოს თავი ბევრად უფრო საშიშ კონტექსტში მასში მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე. პორნოშურისძიება (ინგლ. Revenge porn) არის სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება მასში მონაწილე მხარის თანხმობის გარეშე, თუნდაც ეს უშუალოდ შურისძიებასთან არ იყოს დაკავშირებული.

► სამწუხაროდ, სექსუალური შინაარსის მასალას არამიზნობრივად ყველაზე ხშირად ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც ის ჩვენვე მივანდეთ.

პორნოშურისძიება შეიძლება შანტაჟის წყარო გახდეს, რათა მსხვერპლს აიძულოს სექს-პარტნიორობის ან არასასურველი ურთიერთობის გაგრძელება ან დააშინოს ის, რომ გაჩუმდეს. სურათების გავრცელებას ხშირად ახლავს პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია და სახლის მისამართი, ზოგჯერ იმის წახალისებით, რომ ხალხმა ეს ადამიანი დააბულინგოს და შეავიწროოს.

პორნოშურისძიებისა და კიბერბულინგის სხვა ფორმების მსხვერპლები ხშირად გრძნობენ დიდ შიშს, სტრესს, დეპრესიასა და შფოთვას. როდესაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას, პიროვნულ იდენტობას, სამსახურსა და ურთიერთობებს ეხება, ხშირად ზიანდება ჩვენი კონცენტრაციის უნარი, გუნება-განწყობა, ენერგია, მოტივაცია, ძილი და მადა — ზოგჯერ მოვლენიდან ათწლეულების განმავლობაშიც კი.

როგორ მოვიქცეთ, თუკი შანტაჟის მსხვერპლი ვართ

როდესაც, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ მოქცევა სჯობს. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც შეიძლება ასეთ სიტუაციაში ყოფნისას გამოგადგეთ:

  • არ წაშალოთ არაფერი! შესაძლოა, ეს თქვენი პირველი ინსტინქტი იყოს, მაგრამ წაშლა არ არის კარგი იდეა. როგორც კი მტკიცებულებების წაშლას იწყებთ, მოძალადეს უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევთ.

  • არაფერი არ მისცეთ მოძალადეს! არავითარი დამატებითი ფოტოები თუ მესიჯები, არავითარი პასუხები მის კითხვებზე — საერთოდ არაფერი. არ ეკონტაქტოთ მას.

  • გაუძელით მოლაპარაკების ცდუნებას. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უიმედოდ გრძნობთ თავს, მოლაპარაკებას ნუ დაიწყებთ. ეს მოძალადესთან თანამშრომლობის მზაობაზე მეტყველებს.

  • მზად იყავით მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარებისთვის. იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის გაჟონვამ იმოქმედოს თქვენზე და რა რეაქცია გექნებათ ამაზე, ისეთი ნაბიჯია, რომელსაც მოძალადეები არ ელიან — ისინი თავიანთ ქმედებებს მხოლოდ თქვენს შიშზე ამყარებენ. ეს სიტუაციაზე ძალაუფლების დაბრუნების ერთ-ერთი გზაა.

  • სირცხვილის გრძნობის გამო დახმარების თხოვნაზე ნუ იტყვით უარს! თქვენ მარტო არ ხართ — ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეემთხვეს. ესაუბრეთ თქვენს მეგობრებს, ნათესავებს, მასწავლებლებსა თუ თქვენთვის სანდო სხვა პირებს; დაუკავშირდით პოლიციას ან გაესაუბრეთ ადვოკატს.

გახსოვდეთ, რომ როდესაც საკუთარი საზღვრების გაფართოებას ცდილობთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თუკი უსაფრთხოდ ხართ, სექსტინგი შეიძლება საკუთარი სექსუალობის გამოკვლევის, ინტიმურობის გაზრდისა და, უბრალოდ, სახალისო აქტივობით დაკავების ძალიან კარგი გზა იყოს.

► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;

  • ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;

  • საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56

  • უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03

♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.