Cosmopolitan

პირველი ლესბოსური სექსი — რჩევები ახალბედებს

განურჩევლად იმისა, ვინ ხართ და ვისთან გაქვთ სექსი, პირველი სექსი შეიძლება ძალიან ამაღელვებელი და შიშისმომგვრელი რამ ჩანდეს.

ვინაიდან ლესბოსურ სექსზე უამრავი გავრცელებული მითი და მცდარი წარმოდგენა არსებობს, მნიშვნელოვანია, მეტი გავიგოთ მასზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოება.

რას ნიშნავს „ლესბოსური სექსი“?

სანამ ლესბოსურ სექსზე დავიწყებდეთ საუბარს, მოდით, ჯერ განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ტერმინი.

როგორც წესი, ტერმინით „ლესბოსური სექსი“ აღნიშნავენ სექსს ორ ქალს შორის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს შეიძლება ეს ქალები სულაც არ იდენტიფიცირდებოდნენ ლესბოსელებად.

მაგალითად, ისინი შეიძლება იყვნენ ბისექსუალები, პანსექსუალები, ქვიარები ან ჰეტეროსექსუალებიც კი. ქალებს შორის სექსი მხოლოდ ლესბოსელობით არ შემოიფარგლება.

გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ „ლესბოსური სექსი” ასევე მოიცავს იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ვაგინა, პენისი ან ინტერსექს გენიტალიები (სასქესო ორგანოები).

ამ სტატიაში „ლესბოსურ სექსად“ მოვიხსენიებთ სექსუალურ აქტივობას ორ ინდივიდს შორის, რომლებიც იდენტიფიცირდებიან ქალებად — განურჩევლად იმისა, სისგენდერები არიან ისინი თუ ტრანსგენდერები და ექსკლუზიურად ჰომოსექსუალები თუ არა. თქვენი სექსუალობა მხოლოდ თქვენი გამოსაკვლევია და მას არ სჭირდება სხვა ადამიანების დასტური თუ მოწონება.

ამგვარად, ის, თუ რა ითვლება „ლესბოსურ სექსად“, მხოლოდ მასში მონაწილე ადამიანების განსასაზღვრია. შეგიძლიათ, სექსი იმდენად ფართოდ ან ვიწროდ განმარტოთ, როგორც ამას თავად ისურვებთ.

მითები ლესბოსურ სექსზე

ლესბოსურ სექსზე უამრავი მითი არსებობს, აქ რამდენიმე მათგანია მოცემული:

  • მითი: საჭიროა, რომ ერთ-ერთმა ქალმა „კაცის“ როლი მოირგოს. ზოგ ადამიანს სჯერა, რომ ლესბოსური სექსის დროს ერთ-ერთი პარტნიორი ასრულებს ყველა სახის პენეტრაციას (შეღწევას), მეორე პარტნიორი კი ამ ყველაფრის მიმღებია. ზოგ წყვილს შეიძლება მართლაც ჰქონდეს ასეთი დინამიკა სექსში, მაგრამ არა ყველას — და გახსოვდეთ, რომ პენეტრაციის სათავეში ყოფნა „კაცად“ არ გაქცევთ.
  • მითი: ლესბოსური სექსი უფრო მარტივია, რადგან ორივე ქალი ხართ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ორივე ქალი ხართ, არ ნიშნავს, რომ ერთნაირი სასქესო ორგანოები გაქვთ — მაგალითად, ლესბოსურ სექსში ერთი ადამიანი შეიძლება იყოს სისგენდერი ქალი ვაგინით, ხოლო მეორე — ტრანსგენდერი ქალი პენისით. თუნდაც ერთნაირი გენიტალიები გქონდეთ, ყველა სხეული განსხვავებულია. ის, რაც მოსწონს ერთ ადამიანს, შეიძლება არასასიამოვნო ან მოსაწყენი იყოს მეორისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ტიპის სექსამდე და სექსის დროს მნიშვნელოვანია პარტნიორთან მუდმივი კომუნიკაცია და ერთმანეთის სურვილებზე, ფანტაზიებსა და საზღვრებზე საუბარი, რათა გაიგოთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და რას ისურვებდით სექსის დროს.
  • მითი: აუცილებელია „სტრაპონის“ გამოყენება. „სტრაპონი“ (ინგლ. Strap-on) არის სექს-სათამაშო, რომელსაც ხშირად პენისის ფორმა აქვს. ის ერთ-ერთი პარტნიორის მენჯის უბანზე მაგრდება ქამრით ან საცვლის მსგავსი მისაბმელით. სტრაპონი სექსის დროს ვაგინაში ან ანუსში პენეტრაციისთვის გამოიყენება. მართალია, სტრაპონი შეიძლება სასიამოვნო და სახალისო იყოს, თუმცა ის ლესბოსური სექსის აუცილებელი ნაწილი არ არის. მხოლოდ თქვენი და თქვენი პარტნიორის გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა სტრაპონს.
  • მითი: ლესბოსური სექსისას აუცილებელია „სიზორინგი“. ე.წ. „სიზორინგი“ (ინგლ. Scissoring. მომდინარეობს სიტყვიდან „Scissor“ — „მაკრატელი“) არის სექსის პოზა, რომლის დროსაც ვაგინის მქონე ორი ადამიანი ფეხებგაშლილი უხახუნებს ვულვებს ერთმანეთს. მართალია, ზოგ ადამიანს ეს მოსწონს, თუმცა ძალიან დიდი მითია ის, თითქოს ამას ყველა ლესბოსელი აკეთებს. ბევრისთვის „სიზორინგი“ მოუხერხებელი და არასასიამოვნო რამაა.
  • მითი: საბოლოო მიზანი ორგაზმია. ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ სექსი მაშინ მთავრდება, როდესაც ერთი ან ორივე პარტნიორი ორგაზმს მიაღწევს. ეს ასე არ არის. სექსი შეიძლება სასიამოვნო აქტივობა იყოს ორგაზმიც გარეშეც და აბსოლუტურად ნორმალურია სექსის შეწყვეტა ერთ-ერთი ან ორივე პარტნიორის ორგაზმის გარეშე.
  • მითი: ლესბოსური სექსისას არ გიწევს დარდი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და ორსულობაზე. დაორსულება შესაძლებელია, თუკი ერთ-ერთ პარტნიორს პენისი აქვს, მეორეს კი — ვაგინა. გარდა ამისა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი-ები) შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი ტიპის სექსის დროს, განურჩევლად მასში მონაწილე ადამიანების გენიტალიებისა თუ ორიენტაციისა.

შეიცანით საკუთარი სხეული

მასტურბაციას შეუძლია დაგეხმაროთ მოდუნებასა და იმის შესწავლაში, თუ რა განიჭებთ სიამოვნებას.

შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ განსაზღვრულ ადგილებში და განსაზღვრული მოძრაობებით სხეულზე შეხება სასიამოვნოა. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს პარტნიორს, გაიგოთ, რა მოგწონთ.

თუკი თქვენს პარტნიორს იგივე ანატომია აქვს, რაც თქვენ, მასტურბაცია შეიძლება მისი ანატომიის უკეთ გაგებაში და მასში „ნავიგაციაშიც“ დაგეხმაროთ. ეს ასევე უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე, თუ რა შეიძლება ესიამოვნოს მას.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი და ყველა სხეული განსხვავებულია. ის, რაც მოგწონთ თქვენ, შეიძლება საერთოდ არ მოეწონოს თქვენს პარტნიორს და პირიქით.

Mary Long / Rewire

მზად იყავით პარტნიორთან კომუნიკაციისთვის

თანხმობა აუცილებელია.

თუნდაც პარტნიორს თქვენთვის მანამდე ეთქვა, რომ უნდა სექსი, მნიშვნელოვანია თანხმობის გადამოწმება უშუალოდ სექსამდეც. ასევე, გახსოვდეთ, რომ თქვენს პარტნიორს (და თქვენც) უფლება აქვს, ნებისმიერ დროს თქვას უარი სექსზე, მათ შორის, სექსის პროცესშიც.

თუკი ნერვიულობთ, ესაუბრეთ პარტნიორს ამაზე. გაუზიარეთ მას, რომ სექსი ჯერ არ გქონიათ ან რომ ჯერ არ გამოგიცდიათ კონკრეტული სექსუალური აქტივობები.

ჰკითხეთ მას, რა ანიჭებს სიამოვნებას და რა არ მოსწონს, ასევე გაუზიარეთ თქვენი იდეებიც. არასდროს უნდა გააკეთოთ დაშვებები, თუ რა მოეწონება და რა არ მოეწონებოდა თქვენს პარტნიორს სექსში. სანამ რაიმეს გააკეთებდეთ, ჰკითხეთ პარტნიორს.

თუკი არ ხართ დარწმუნებული, როგორ ისაუბროთ ამ თემაზე, აი, რამდენიმე ფრაზა, რომელიც შეგიძლიათ სექსამდე ან სექსის დროს გამოიყენოთ:

  • „შეიძლება, გაკოცო?“
  • „შეგვიძლია, [სექსუალური აქტივობა] ვქნათ?“
  • „შეიძლება, ტანზე გაგხადო?“
  • „მინდა, რომ [სექსუალური აქტივობა] ვცადო(თ). რას იტყვი?“
  • „შეიძლება, [სხეულის ნაწილი]-ზე შეგეხო?“
  • „თავს როგორ გრძნობ?“
  • „კომფორტულად ხარ?“
  • „ეს გსიამოვნებს/მოგწონს?“
  • „ხომ არ გავჩერდე?“
  • „გინდა უფრო ძლიერად?“

პრელუდია სექსამდე

სექსს შესაბამისი შემზადება და განწყობა სჭირდება. პრელუდია არის გარდამავალი საფეხური ინტიმურობის შეთავაზებასა და სექსით დაკავებას შორის — ეს არის ინტიმური ფიზიკური სიახლოვე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კოცნას, მოფერებას, ეროტიკულ მასაჟსა და სექსუალური ფანტაზიების გაზიარებას.

პრელუდიის მნიშვნელოვანი ნაწილია იმის გააზრება, რომ ეს არის დრო, რომელიც დადებითი ატმოსფეროსა და მოლოდინის შექმნას ემსახურება — ანუ იმის გააზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თქვენ და თქვენი პარტნიორი კომფორტულად გრძნობდეთ თავს, სანამ სექსით დაკავდებით. ძალდაუტანებლობა ინტიმურობას უფრო ნაკლებად სტრესულს, მეტად სახალისოსა და სასიამოვნოს ხდის.

პრელუდიისთვის დათმობილი დრო საშუალებას იძლევა, უფრო მარტივად შეამჩნიოთ, რას გრძნობს თქვენი პარტნიორი, რა პროცესებს გადის აღგზნების დროს და ზუსტად რა უწყობს ხელს მის აღგზნებას. ყველა ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია, თუ „რა ქმნის განწყობას“ — შესაბამისად, პრელუდიის არსებობა ურთიერთობაში შეიძლება თითოეული პარტნიორის სურვილების გამოკვლევის ამაღელვებელ გამოცდილებად იქცეს.

ძუძუ და ძუძუსთავები

გახსოვდეთ, რომ ზოგ ადამიანს მგრძნობიარე ძუძუსთავები აქვს, ამიტომ ნაზად დაიწყეთ და ჰკითხეთ პარტნიორს, რამდენად ძლიერად სურს (ან საერთოდ სურს თუ არა) ძუძუებისა და ძუძუსთავების სტიმულაცია.

ძუძუებისა და ძუძუსთავების სტიმულაციაში შეიძლება შედიოდეს:

  • ძუძუსთავის თითებს შორის მოქცევა და დაზელა;
  • ძუძუების ხელისგულში მოქცევა და ნაზად მოჭერა;
  • ძუძუსთავების ნაზად მოქაჩვა;
  • ძუძუების (ქვედა, ზედა ან გვერდითა ნაწილების) ან ძუძუსთავების (და არეოლების — მუქი შეფერილობის წრეების, რომლებიც ძუძუსთავებს აკრავს გარს) კოცნა, ლოკვა, წოვა ან კბენა (მსუბუქად, თუკი პარტნიორი გთხოვთ);
  • ძუძუსთავებზე სექს-სათამაშოების გამოყენება, მაგალითად, ძუძუსთავების სარჭების (ინგლ. Nipple clamps), ასევე ვიბრატორის ან ბუმბულის საღიტინებელის (ინგლ. Feather tickler).
  • ძუძუსთავებზე ყინულის ნატეხების ან მჩხვლეტი ლუბრიკანტის გამოყენება საინტერესო შეგრძნებების აღსაძვრელად

სასქესო ორგანოების ან ანუსის სტიმულაცია ხელით

სასქესო ორგანოების ან ანუსის ხელით სტიმულაციისას სცადეთ სხვადასხვა მოძრაობა, სიჩქარე და ძალა. აუცილებელია, დაიცვათ ჰიგიენა და სტიმულაციამდე კარგად დაიბანოთ ხელები.

თუ თქვენს პარტნიორს ვულვა აქვს

მისი ანატომიისა და პირადი პრეფერენციების მიხედვით, შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი რაღაცები:

  • მსუბუქი შეხებები კლიტორის ან ვაგინის უბნების გარშემო, აღგზნების მიზნით.
  • კლიტორის სტიმულაცია წრიული და ზემოთ-ქვემოთ ტიპის მოძრაობებით. სცადეთ სხვადასხვა სიჩქარე და ძალა, სანამ ისეთს არ იპოვით, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს, შემდეგ კი შეინარჩუნეთ ტემპი. გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ადამიანს ძალიან მგრძნობიარე კლიტორი აქვს და შეიძლება მისი უშუალოდ სტიმულაცია მათთვის ძალიან მძაფრი ან არასასიამოვნო აღმოჩნდეს, რა შემთხვევაშიც შეგიძლიათ სცადოთ კლიტორის ჩუჩის (კანის ფენა, რომელიც ფარავს და იცავს კლიტორის თავს) დაზელა იმავე მოძრაობებით.
  • საშოს წიაღში თითის ან თითების მეშვეობით G-წერტილის (ე.წ. „ჯი-სფოთი“; ინგლ. G-spot) სტიმულაცია ოდნავ მორკალული, „მოქაჩვითი“ მოძრაობებით. G-წერტილი ეწოდება ნერვული დაბოლოებებით მდიდარ პატარა უბანს, რომელიც ვაგინის შიგნით, წინა კედლების ზემოთ, დაახლოებით 5-8 სმ-ის სიღრმეში მდებარეობს. ის ვაგინის შიდა გარსთან შედარებით ოდნავ უფრო ხაოიანია.
Caitlin Keegan

თუ თქვენს პარტნიორს პენისი აქვს

პენისის მქონე ადამიანის ხელით სტიმულაციის ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. აი, რამდენიმე იდეა:

  • შეგიძლიათ, პარტნიორს გაუკეთოთ ე.წ. „ჰენდჯობი“ (ინგლ. Handjob) — ხელში მყარად მოიქციოთ მისი პენისი და ნაზად, ზემოთ-ქვემოთ ამოძრაოთ ხელი; ჰკითხეთ, რა სიჩქარე და ძალა ურჩევნია მას. უმჯობესია, თუ ამას მშრალად არ იზამთ — ეს შეიძლება ზოგს არ მოეწონოს — და რაიმე სახის ლუბრიკაციას (სისველეს) გამოიყენებთ, იქნება ეს ბუნებრივი (მაგალითად, ნერწყვი) თუ ხელოვნურად დამზადებული (მაგალითად, ინტიმური ლუბრიკანტი ან ზეთი).
  • პენისის თავის ნაზი და ნელი მასაჟი ან დაზელა; ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი (უშუალოდ პენისის თავზე შეხებით), ისე ირიბი (ჩუჩის გარედან) — იმის მიხედვით, თუ რა მოსწონს პარტნიორს და რამდენად მგრძნობიარეა მისი სასქესო ორგანო.
  • სათესლე პარკისა და პერინეუმის (შორისის) — უბანი სათესლე პარკსა და ანუსს შორის — დაზელა ან მათზე შეხება.

თუ პარტნიორის ანუსის სტიმულაცია გსურთ

თუკი პარტნიორი ღიაა ანალური სტიმულაციის მიმართ და სურს ამის ცდა, შეგიძლიათ, სცადოთ:

  • ანუსის ირგვლივ კანზე შეხება და ნაზი მასაჟის გაკეთება.
  • ანუსის პენეტრაცია (შეღწევა) თითებით. გაითვალისწინეთ, რომ როგორც ვაგინის, ისე (განსაკუთრებით) ანუსის პენეტრაციისას უმჯობესია დაჭრილი გქონდეთ ფრჩხილები, რადგან დაუჭრელი ფრჩხილები ზრდის იმის ალბათობას, რომ ანუსის თხელი და ფაქიზი კანი დაზიანდება და ბაქტერიების გავრცელების შანსი გაიზრდება.
  • თუკი თქვენს პარტნიორს პენისი აქვს, ანუსის პენეტრაციისას ასევე შეგიძლიათ მისი პროსტატის სტიმულაცია, რომელიც ანალურ ხვრელში დაახლოებით 5 სმ-ის სიღრმეზეა, წინა კედელზე, და შეგრძნებითად პატარა ბურთულას წააგავს. შეგიძლიათ სცადოთ წრიული მოძრაობა, დაჭერა/მიწოლა (სცადეთ სხვადასხვა ინტერვალი და იპოვეთ ისეთი, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს) ან მორკალული თითებით ნაზი „მოქაჩვითი“ მოძრაობა.

იხილეთ აგრეთვე ჩვენი სტატია როგორ გვქონდეს ანალური სექსი პასიურ როლში — რჩევები დამწყებებს

სასქესო ორგანოების ან ანუსის ორალური სტიმულაცია

ორალური სტიმულაცია ნიშნავს პარტნიორის სექსუალურ სტიმულაციას პირისა და ენის მეშვეობით. ორალური სექსი შეიძლება სასიამოვნო იყოს როგორც მიმღებისთვის, ისე გამცემისთვის, თუკი ორივე კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს.

გახსოვდეთ, რომ ყველა სხეულს თავისებური სუნი და გემო აქვს. რამდენიც არ უნდა იბანოთ, ფეხებს შორის რაღაც სუნი მაინც დაგრჩებათ — ეს თქვენი ბუნებრივი სუნია და მისი ქონა სრულიად ნორმალურია. რაც შეეხება გემოს, თუკი ჯანმრთელი ხართ და ჰიგიენას იცავთ, წესით, გემოს არ უნდა უჩიოდეთ. ბევრს ნუ იდარდებთ ამაზე, სუნი და გემო სექსის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, დაიცავით ჰიგიენა და სექსამდე მიიღეთ შხაპი ან აბაზანა, ან, როგორც მინიმუმ, საპნითა და წყლით ჩამოიბანეთ სასქესო ორგანოს მიდამოები. თუ დაუგეგმავად მოგიწიათ ორალურ სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, სწრაფად მოსაწესრიგებლად გამოიყენეთ სველი ხელსახოცი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ თქვენს სასქესო ორგანოზე სუნამო ან დეოდორანტი — ისინი არც გათვლილია საამისოდ და არც საჭირო.

ნებისმიერ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, რამე ისეთით დაკავდეთ, რაც არ გინდათ ან რისთვისაც კომფორტულად არ გრძნობთ თავს. და გაითვალისწინეთ, რომ არც თქვენს პარტნიორს უნდა აიძულოთ ასეთი რაიმეს გაკეთება.

თუკი თქვენს პარტნიორს ვულვა აქვს

ვულვის ორალურ სტიმულაციას კუნილინგუსი ეწოდება. შეგიძლიათ სხეულის შემდეგი უბნების კოცნა, ლოკვა ან წოვა:

  • კლიტორი
  • კლიტორის ან ვაგინის გარშემო არსებული უბანი
  • საშოს შესასვლელი
  • ბარძაყების შიდა ნაწილი
  • შეგიძლიათ სცადოთ ანილინგუსი (ე.წ. „რიმინგი“; ინგლ. Rimming), ანუ ანუსის ორალური სტიმულაცია.

ხშირად დასმული კითხვები

  • კლიტორზე ენის „მირტყმა“ საჭიროა? შეგიძლიათ. ენით მსუბუქი „წკიპურტების“ კეთება შეიძლება სიამოვნების დაგროვების კარგი გზა იყოს. გააკეთეთ ეს ისე, როგორც ლეკვი ალოკავდა ნაყინს და არა ისე, როგორც კოდალა უკაკუნებს ნისკარტით ხეს.
  • ვაგინაში ენის შეყოფა საჭიროა თუ პენეტრაციის (შეღწევის) გარეშე სჯობს? ეს თქვენი პარტნიორის სურვილზეა დამოკიდებული. ზოგი ადამიანისთვის ძალიან აღმგზნებია ის ფიქრი, რომ მათში ენით აღწევენ. თუმცა, აქ ნაკლები ნერვული დაბოლოებაა, რაც ნაკლებ ფიზიკურ სიამოვნებას ნიშნავს. თუ თქვენს პარტნიორს ეს მოსწონს, სცადეთ.
  • რა ხდება, თუ პარტნიორს მენსტრუაცია აქვს ან ორსულადაა? თუკი პარტნიორი თანახმაა და თქვენც არ ხართ წინააღმდეგი, საქმეს შეუდექით. იმის ალბათობა არსებობს, რომ პროცესი შეიძლება ცოტა უსუფთაო იყოს, ამიტომაც, ალბათ, საუკეთესო გზა კლიტორზე ფოკუსირებაა. გახსოვდეთ, რომ სისხლს შეიძლება ჰქონდეს თავისებური სუნი და რკინის გემო. მეტი სისუფთავისთვის სტომატოლოგიური კაშხლის გამოყენებაც შეგიძლიათ (იხილეთ უსაფრთხო სექსის ქვეთავში).

ტექნიკა

სცადეთ ეს:

  1. ენა ბრტყლად, გრძელი მოძრაობებით აუსვით საცვალს, სანამ ქსოვილი — და თქვენი პარტნიორი — არ დასველდება.
  2. როდესაც პარტნიორი „ენით კანზე“ მოქმედებებისთვის იქნება მზად, ცოტა დრო დაუთმეთ კლიტორის ზემოთ არსებული რბილობიანი ბორცვის ლოკვას. კარგი იქნება, ბარძაყის შიდა ნაწილებსაც თუ მოეფერებით.
  3. სველი ენა ვულვის ქვედა ნაწილს ბრტყლად მიაბჯინეთ და ალოკეთ მთელს სიგრძეზე. გაიმეორეთ.
  4. ენა გაამაგრეთ და ენის წვერით პატარა წრიული მოძრაობებით ალოკეთ კლიტორის ჩუჩა — პატარა კანი კლიტორის თავის ზემოთ.
  5. თითებით ნაზად გადაწიეთ ჩუჩა ზემოთ, რათა დაჭიმული ენის წვერით კლიტორზე ფოკუსირება მოახერხოთ. დაიწყეთ უფრო მსუბუქად და ნელა, შემდეგ კი თანდათანობით გაზარდეთ მიწოლის ძალა და სიჩქარე.
  6. როდესაც ისეთ ტემპს იპოვით, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს, შეინარჩუნეთ ის, სანამ პარტნიორი ორგაზმს არ მიაღწევს.

თუკი თქვენს პარტნიორს პენისი აქვს

პენისის ორალურ სტიმულაციას მინეტი ეწოდება. შეგიძლიათ სხეულის შემდეგი უბნების კოცნა, ლოკვა ან წოვა:

  • პენისის ტანი და თავი
  • სათესლე პარკი და შორისი
  • ბარძაყების შიდა ნაწილი
  • ანუსი

ხშირად დასმული კითხვები

  • როგორ მოვიქცე, თუ პარტნიორს ჩუჩა აქვს? მინეტის ტექნიკებში დიდი განსხვავება არ არის იმის მიხედვით, აქვს თუ არა პარტნიორს წინადაცვეთა — ჩუჩის მოჭრა — გაკეთებული. თუკი პარტნიორს ჩუჩა აქვს, შეგიძლიათ დაიწყოთ ე.წ. „ჰენდჯობით“, რომლის დროსაც ჩუჩა თქვენი ხელის მოძრაობების კვალდაკვალ უნდა ჩამოვიდეს და ავიდეს პენისის თავზე. როდესაც ორალურ სექსზე გადასვლისთვის იქნებით მზად, ნაზად ჩამოწიეთ ჩუჩა ქვემოთ, რათა გამოჩნდეს პენისის თავი.
  • საჭიროა თუ არა ღრმა მინეტის გაკეთება? ღრმა მინეტი (იგივე „დიფსროუთი“; ინგლ. Deep Throat; სიტყვა-სიტყვით „ღრმა ყელი“) არის მინეტის ფორმა, როდესაც ერეგირებული პენისი მთელი სიგრძით შედის პარტნიორის პირის ღრუსა და ყელში. ამის გაკეთება საჭირო არ არის, თუ თქვენ ეს თავად არ გსურთ. სიღრმეებში გადასვლა ორალური სესიის სიკარგეში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. ამის მარტივად იმიტირება შეგიძლიათ ენის წვერის სასაზე (პირის ღრუს „ჭერზე“) მიბჯენით.
  • სპერმა უნდა გადმოაფურთხო, გადაყლაპო თუ საერთოდ არ გააკარო პირს? ეს ისეთი რამაა, რაც პარტნიორთან უნდა განიხილოთ ორალური სექსის დაწყებამდე — თუმცა, ზოგადად, საჭირო არ არის ისეთი რამის გაკეთება, რაც არ გსურთ. თუ თქვენს პარტნიორს ეს ვიზუალურად აღაგზნებს, საკმარისი უნდა იყოს დამუწულ ტუჩებზე ან ნიკაპზე გათავება — ან იმ ადგილას, რომელიც თქვენთვის კომფორტულია.

ტექნიკა

სცადეთ ეს მოძრაობები:

  • დაიწყეთ პენისის ტანის ქვედა ნაწილზე ენის წვერის გამოყენებით, ზემოთ და ქვემოთ. პენისის თავთან ოდნავ შეჩერდით და ენით წრე შემოხაზეთ.
  • პენისის ტანის ქვედა ნაწილს უფრო მეტად მოეფერეთ და შემდეგ ენის წვერი მსუბუქად აუსვით პენისის ლაგამს — კანის პატარა ნაოჭს, სადაც პენისის ტანი და თავი ერთდება.
  • ალოკეთ პენისი მთელს სიგრძეზე და გაიმეორეთ. კარგი იქნება, თან თუ ეტყვით პარტნიორს, რამდენად მოგწონთ ამის კეთება.
  • პენისის ტანი ხელით დაიჭირეთ და გააჩერეთ, დანარჩენი ნაწილი კი პირში ჩაიდეთ და ნელა აუყევით ზემოთ და ქვემოთ, თან მსუბუქად მოწოვეთ.
  • სიამოვნების ზრდასთან ერთად გაზარდეთ სისწრაფე.
Flipboard

„ფინგერინგი“, „ფისთინგი“ და სხვა პენეტრაცია

პენეტრაცია ხშირად ასოცირდება პენისთან, თუმცა ვაგინის ან ანუსის პენეტრაცია ბევრი სხვადასხვა რამითაა შესაძლებელი, მათ შორის თითებით, მუშტით ან სექს-სათამაშოთი.

ვაგინალური

გახსოვდეთ, რომ „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსს შეიძლება ორსულობა მოჰყვეს, ამიტომ ესაუბრეთ პარტნიორს თავის დაცვის საშუალებებზე.

შეგიძლიათ სცადოთ:

  • „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსი
  • ვაგინის ე.წ. „ფინგერინგი“ (იგივე „თითაობა“; ინგლ. Fingering)
  • ვაგინის ე.წ. „ფისთინგი“ (ინგლ. Fisting; მუშტით პენეტრაცია), თუკი პარტნიორს სურს ასეთი რამ და მზადაა ამისთვის
  • ვაგინის პენეტრაცია დილდოს, სტრაპონის ან ვიბრატორის მეშვეობით

ანალური

თუ აპირებთ, რომ ანალური სექსით დაკავდეთ, ამისთვის ცოტა მეტი შემზადებაა საჭირო. ანუსი არ აწარმოებს ბუნებრივ ლუბრიკაციას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლუბრიკანტის გამოყენება. ანალური პენეტრაცია აუცილებლად დაიწყეთ ნელა და ნაზად. ანუსის კედლები უფრო თხელი და ფაქიზია, ვიდრე ვაგინის და ის უფრო მარტივად ზიანდება.

შეგიძლიათ სცადოთ:

  • „პენისი ანუსში“ ტიპის სექსი
  • ანუსის „ფინგერინგი“
  • ანუსის „ფისთინგი“, თუ პარტნიორს სურს ასეთი რამ და მზადაა ამისთვის
  • ანუსის პენეტრაცია დილდოთი ან ვიბრატორით
  • ანალური საცობის (ე.წ. „ბატ-პლაგის“; ინგლ. Butt-plug) ან სხვა, სპეციფიკურად ანუსისთვის დამზადებული სექს-სათამაშოს გამოყენება

სექსის პოზები

სექსის ასობით სხვადასხვა პოზა არსებობს, თუმცა როდესაც სექსით პირველად კავდებით, ეროტიკული ტანვარჯიშისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამიტომ, უმჯობესია, თუკი კარგად ნაცადი და მარტივი პოზებით დაიწყებთ, როგორებიცაა:

  • ორალური ან ხელით სტიმულაციისთვის, სცადეთ ზურგზე დაწოლა, ფეხები კი გაშლილი გქონდეთ — შეგიძლიათ, მუხლებიც მოხაროთ, თუ ეს თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება. თქვენს პარტნიორს შეუძლია, ამ დროს მუცელზე გაწვეს და თავით თქვენს ფეხებს შორის მარტივად მოექცეს.
  • „პენისი ვაგინაში“ ტიპის სექსისთვის, როგორც წესი, მისიონერული პოზა კარგად მუშაობს — მისიონერულს ცოტათი „მოსაწყენის“ რეპუტაცია აქვს, თუმცა აუცილებელი არაა, ასე იყოს. ამ პოზაში ადამიანი, რომელსაც ვაგინა აქვს, წვება ზურგზე, ხოლო პენისის (ან სტრაპონის) მქონე ადამიანი წვება ზემოდან, სახით ქვემოთ და პენისით (ან სტრაპონით) ვაგინაში ახდენს პენეტრაციას.
  • პენეტრაციული ანალური სექსისთვის, ყველაზე კომფორტული „დოგი-სთაილია“ (ინგლ. Doggy-style) — საამისოდ ის, ვინც პენეტრაციის მიმღებია, დგება ოთხზე და მუხლებს ოდნავ განზე შლის. მას შეუძლია, ხელები ბოლომდე გაშალოს, დაეყრდნოს მათ და უკანა ტანი უფრო სწორად დაიჭიროს, ან წინ გადაწვეს, თავი ჩამოდოს ხელებზე ან ბალიშზე და ზურგი უფრო მეტად „ჩატეხოს“. პენეტრაციის გამცემს შეუძლია პარტნიორის უკან მუხლებზე დადგეს და ანუსის პენეტრაცია მოახდინოს თითებით, პენისით ან სექს-სათამაშოთი. ეს პოზა ასევე მოსახერხებელია ანუსის ორალური სტიმულაციისთვისაც.

გახსოვდეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ანუ სგგი-ები, არის ის პათოგენები, რომლებიც სქესობრივი კავშირით გადადის. სგგი-ები გადაიცემა სხეულის დაინფიცირებული სითხეების მიმოცვლით, ყველაზე ხშირად ვაგინალური, ანალური ან ორალური სექსის დროს. გადაცემის რისკი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა:

  • რა სექსუალური აქტივობებით კავდებით
  • თქვენი და თქვენი პარტნიორის სექსუალური ისტორია
  • იყენებთ თუ არა პრეზერვატივებს ან სხვა ბარიერულ კონტრაცეფციას

გახსოვდეთ, რომ სგგი-თ დაინფიცირება შესაძლებელია იმისგან განურჩევლად, თუ როგორია თქვენი და თქვენი პარტნიორის ანატომია.

უსაფრთხო სექსი — როგორ დავიცვათ თავი სექსის დროს?

სექსის დროს სგგი-ებისა და სხვა ინფექციებისგან თავის დასაცავად არსებობს რამდენიმე მეთოდი:

  • სტომატოლოგიური კაშხლები. ეს არის ლატექსის ან პოლიურეთანის ნაჭერი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ კუნილინგუსის ან რიმინგის დროს.
Healthline
  • გარე პრეზერვატივი. ის ფარავს პენისის თავსა და ტანს და გამოიყენება „პენისი ვაგინაში“ ან „პენისი ანუსში“ ტიპის სექსის დროს, ასევე, მინეტის გაკეთებისას.
Healthline
  • შიდა პრეზერვატივი. იდგმება ვაგინის ან ანუსის შიგნით და გამოიყენება „პენისი ვაგინაში“ ან „პენისი ანუსში“ ტიპის სექსის დროს.
Healthline
  • ხელთათმანები ან თითის პრეზერვატივები. მათ შეუძლიათ დაგიცვან სასქესო ორგანოების ხელით სტიმულაციის დროს, მაგალითად, თითაობის, „ჰენდჯობის“, კლიტორის ან ანუსის სტიმულაციისას. მათი გამოყენება უფრო კომფორტულია ლუბრიკანტთან ერთად.
  • ხელის ჰიგიენა. როდესაც საქმე სასქესო ორგანოების ხელით სტიმულაციას ეხება, ხელის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის დაიბანეთ ხელები სექსამდე, რათა ხელი არ შეუწყოთ მიკრობების გავრცელებას. ასევე, მიზანშეწონილია ფრჩხილების დაჭრა, თუკი თითებით აპირებთ პარტნიორის პენეტრაციას. ეს ამცირებს შიდა ქსოვილების დაზიანების რისკს, რაც ხშირად მტკივნეულია და ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებას.
  • ლუბრიკაცია. ინტიმური ლუბრიკანტი ძალიან გამოსადეგია ნებისმიერი ტიპის პენეტრაციული სექსის დროს, რადგან ის ამცირებს ვაგინისა თუ ანუსის შიდა კედლების დაზიანებისა და გაღიზიანებს რისკს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანალური სექსის დროს, რადგან ანუსს, ვაგინისგან განსხვავებით, არ აქვს ბუნებრივი სისველე.
  • გაასუფთავეთ სექს-სათამაშოები. სექს-სათამაშოებით შეიძლება გავრცელდეს ინფექციები, ამიტომაც მნიშვნელოვანია გამოყენებებს შორის მათი კარგად გაწმენდა. გარდა ამისა, დილდოებსა და სხვა პენეტრაციულ სათამაშოებზე ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეზერვატივები — ეს გაამარტივებს მათ გაწმენდას და თქვენს პარტნიორს განსხვავებულ შეგრძნებებსაც შესთავაზებს.
  • გაიტესტეთ რეგულარულად. განურჩევლად იმისა, ერთი მუდმივი პარტნიორი გყავთ თუ სხვადასხვა ხალხთან კავდებით სექსით, ტესტირება მნიშვნელოვანია. გაიტესტეთ წელიწადში მინიმუმ ერთხელ, ასევე, მას შემდეგ, რაც დაუცველი სექსი გექნებათ ადამიანთან, ვისთანაც მანამდე არ გქონიათ დაუცველი სექსი, ან სექსი გექნებათ ახალ პარტნიორთან. ამისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ადგილობრივ პოლიკლინიკას. თუკი ტესტზე დადებითი პასუხი იქნება, ექიმი მოგცემთ ინსტრუქციებს, თუ როგორ უმკურნალოთ ინფექციას.

მართალია, სექსის პირველად ქონა შეიძლება ამაღელვებელი და შიშისმომგვრელი ჩანდეს, მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ მის შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა ქართული თუ არაქართული წყაროდან. რაც კიდევ უკეთესია, სექსი, უბრალოდ, ერთ-ერთი უნარია, რომელშიც გამოცდილებასთან ერთად გაიწაფებით. მთავარია პარტნიორთან ღიაობა, კომფორტი და ურთიერთპატივისცემა და ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის.

წყაროები:

წინა

საქართველოში ლგბტქი ადამიანები დისკრიმინაციას განიცდიან – Human Rights Watch-ის ანგარიში

შემდეგი

სააპელაციომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულები ჯგუფური ძალადობის ნაწილში გაამართლა და სასჯელი შეუმცირა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების