ოქტომბერი 2022 - Page 3

12 ქვიარ ჰორორ ფილმი ჰელოუინისთვის

/

ჰელოუინის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჰორორის ჟანრის ფილმები. ქვიარ თემატიკას ჰორორის ჟანრში მრავალწლიანი ისტორია აქვს. თუ გასულ საუკუნეში ქვიარ პერსონაჟები მეორეხარისხოვან პერსონაჟად ან ფილმის მთავარ ბოროტმოქმედებად იყვნენ წარმოდგენილები, დროსთან ერთად ამ ტენდენციამ სახე იცვალა და ჰორორის შემქმნელები ქვიარ ადამიანების უფრო მრავალფეროვან და საინტერესო რეპრეზენტაციას გვთავაზობენ.

გთავაზობთ ქვიარ ჰორორ ფილმების ჩამონათვალს, რომელთა შორის არის როგორც ჟანრის საკულტო, ასევე შედარებით ახალი ფილმები, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოვიდა ეკრანებზე.

Knife + Heart

 

Knife + Heart იენ გონსალესის 2018 წლის ჰორორ ფილმია, რომელიც მეოცე საუკუნის იტალიური კინოს საკულტო ჟანრის, ჯიალოს ტრადიციებს იმეორებს. ფილმში მოქმედება 70-იან წლებში ვითარდება და ეფუძნება გეი პორნოგრაფიის პროდიუსერის, ენ-მარი ტენსის ისტორიას, რომლის როლსაც ვანესა პარადისი ასრულებს.

წითელი განათებებით და ღამის კლუბების ხმაურით გაჟღენთილი ფილმი გვიამბობს გეი პორნო პროდიუსერი ქალის, ენის და მისი მარჯვენა ხელის, არჩიბალდის ისტორიას. ენი ლესბოსელ საყვარელთან შერიგებას ამბიციური პორნო ფილმის გადაღებით ცდილობს, თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა ფილმის ერთ-ერთ მსახიობს სასტიკად მოკლავენ და ენი უცნაურ გამოძიებაში ჩაერთვება.

The Haunting

The Haunting შირლი ჯექსონის 1959 წლის საკულტო ჰორორის ჟანრის წიგნს, „ჰილჰაუსის მოჩვენებას“ ეფუძნება და გვიამბობს ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეს მიყრუებულ აგარაკზე ატარებენ და ცდილობენ ამოხსნან, რა საიდუმლოებებს მალავს სახლი.

2018 წლის წიგნის ნეტფლიქსისეულ ადაპტაციაში ერთ-ერთი პერსონაჟი, თეო ქვიარია, თუმცა წიგნის 1963 წლის ეკრანიზაციაში ეს არ ჩანს. ამის შესახებ ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წელში მსახიობმა კლერ ბლუმმა ისაუბრა კიდეც და თქვა, რომ კინოსტუდიამ სცენარიდან ამოჭრა ყველა ის სცენა, სადაც ნახსენები იყო, რომ თეო ქვიარია.

Bit

Bit 2019 წლის ჰორორ ფილმია, რომლის მთავარ როლში ტრანსგენდერი მსახიობი, ნიკოლ მაინსი გვევლინება. ეს კიდევ ერთი ფილმია ვამპირებზე, თუმცა სხვა მრავალი ფილმისგან განსხვავებით, ბრედ მიშელ ელმორის ფილმში ვერ შეხვდებით ვამპირი ქალების გადამეტებულ სექსუალიზებას.

Coming-of-age ჟანრის ფილმი ახალგაზრდა ტრანს გოგოს ისტორიას გვიამბობს. ლორელი სკოლის დამთავრების შემდეგ ძმასთან ერთად ლოს-ანჯელესში გადადის საცხოვრებლად. ერთ-ერთი ღამის გართობის დროს, გოგო ვამპირებს გადაეყრება და მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. ვამპირებით და ზებუნებრივ არსებებზე მონადირეებით დატვირთული ფილმი საუკეთესო თავშესაქცევია ოქტომბრის დღეებში.

Jennifer’s Body

Jennifer’s Body 2009 წლის ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელიც თავის დროზე კრიტიკოსებმა არაერთგვაროვნად შეაფასეს. ფილმმა ვერ დაიმსახურა დიდი მოწონება, თუმცა წლების შემდეგ, განსაკუთრებით Me Too მოძრაობის გააქტიურების მერე ის მრავალმა მაყურებელმა შეიყვარა და საკულტო ჰორორის ჟანრის ფილმად იქცა.

ფილმი იწყება წარწერით „ჯოჯოხეთი არის თინეიჯერი გოგო“ და მასში მთავარ როლებს მეგან ფოქსი და ამანდა სეიფრიდი ასრულებენ. ფილმი გვიამბობს თინეიჯერული ურთიერთობების სისასტიკეზე და დემონური ძალებით შეპყრობილ ჯენიფერზე, რომელიც თანასკოლელ მამაკაცებს სასტიკად უსწორდება, მისი მეგობარი გოგო, ნიდი კი მის შეჩერებას ცდილობს.

Daughters of Darkness

Daughters of Darkness 1971 წლის ეროტიკული ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელიც რეალურ ფაქტებს და ისტორიულ ფიგურას, ელიზაბეტ ბატორის, იგივე სისხლიანი გრაფინიას ბიოგრაფიას ეფუძნება. ბატორ ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი. იგი მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ცხოვრობდა და მას 600-მდე ქალი ჰყავს მოკლული.

ფილმი ახალდაქორწინებული წყვილის გაცნობით იწყება, რომელიც თაფლობის თვეს ბელგიის ერთ-ერთი ქალაქში ატარებს. ისინი მალევე შეხვდებიან ახალგაზრდა, მისტიკურ გრაფინიას, რომელიც იმავე სასტუმროში დაბინავდება. ჟანრის კლასიკად მიჩნეულ ფილმში მთავარ როლში დელფინ სეირიგი გვევლინება.

Let the Right One In


Let the Right One In 2008 წლის შვედური ფილმია, რომელიც ამავე სახელწოდების 2004 წლის ჰორორის ჟანრის რომანს ეფუძნება. ფილმმა, რომელიც ადამიანური ბუნების ბნელ მხარეებზე და ბულინგზე გვიამბობს, მალევე მოიპოვა პოპულარობა და არაერთი პრესტიჟული პრემია. ფილმის გამოსვლიდან 2 წელში კი ამერიკული რიმეიქიც გადაიღეს

მთავარ როლში ოსკარი გვევლინება, რომელიც სტოკჰოლმის გარეუბანში დედასთან ერთად ცხოვრობს. ოსკარი სკოლაში ბულინგის მსხვერპლია და ცდილობს, შური იძიოს თანატოლებზე, რის გამოც მეზობელ გოგოს, ელის დაუმეგობრდება.

The Hunger

The Hunger 1983 წლის საკულტო ჟანრის ეროტიკული ჰორორია, რომელშიც მთავარ როლებში სიუზენ სარანდონი, კეტრინ დენევი და დევიდ ბოუვი გვევლინებიან. ფილმი ვიტლი სტრაიბერის რომანს ეფუძნება და იგი მრავალი თაობის მაყურებლის საყვარელ ფილმად არის მიჩნეული.

The Hunger გვიამბობს ექიმი სარა რობერტსის და ვამპირი წყვილის სასიყვარულო სამკუთხედზე. ჯონი, რომელიც ორი საუკუნეა ვამპირია, დაბერებას იწყებს, სწორედ ამიტომ თავის პარტნიორ ვამპირთან, მირიანთან ერთად გადაწყვეტს გერონტოლოგ სარა რობერტსთან დაახლოებას, რომელიც დაბერების და ძილის ფენომენს იკვლევს.

Stranger by the Lake

Stranger by the Lake 2013 წლის ეროტიკული ჟანრის ფრანგული ჰორორია, რომელიც ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიმსახურა კინოს კრიტიკოსების დადებითი შეფასება. ფილმი კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც მოხვდა და Queer Palm-ის პრიზით დაჯილდოვდა.

Stranger by the Lake გვიამბობს ორი კაცის, ფრენკის და მიშელის ურთიერთობაზე. ფრენკი რეგულარულად სტუმრობს ნუდისტურ პლაჟს, რომელიც პოპულარული გასართობია გეი კაცებისთვის. სწორედ ნუდისტურ პლაჟზე დაუმეგობრდება მიშელს, რომლის მიმართაც მალევე გაუჩნდება რომანტიკული მიჯაჭვულობა, თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ მიშელი ცივსისხლიანი მკვლელია.

Thelma

 

Thelma 2017 წლის ტრილერის ჟანრის ნორვეგიული ფილმია, რომელიც გასული წლის გახმაურებული ფილმის, The Worst Person in The World-ის რეჟისორს, ჯოაკიმ ტრიერს ეკუთვნის. ფილმი ნორვეგიამ ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც გააგზავნა, თუმცა ნომინაცია ვერ მიიღო.

Thelma ახალგაზრდა ქალის, თელმას ისტორიას გვიამბობს, რომელიც ულტრა-რელიგიურ ოჯახში კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და უჭირს მეგობრების გაჩენა. ერთ დღესაც, გოგო უნივერსიტეტში სასწავლებლად სხვა ქალაქში მიემგზავრება და რომანტიკული გრძნობები უჩნდება ანიას მიმართ, თუმცა მისი დანახვისას ყოველთვის ეწყება ეპილეფსიური შეტევები. იგი მალევე აღმოაჩენს, რომ ახალმა გრძნობამ ზებუნებრივი ძალები შესძინა.

Hellbent

 

Hellbent კიდევ ერთი ამერიკული ფილმია, რომელიც ჰორორის საკულტო ქვეჟანრის, სლეშერის ტრადიციებს იმეორებს. 2004 წელს გადაღებული Hellbent პირველი ქვიარ სლეშერ ფილმია, რომელიც სტერეოტიპების გარეშე წარმოაჩენს ქვიარ ადამიანებს ჰორორის ჟანრში. შემზარავ ფილმში უხვად შეხვდებით სისხლს და დაუნდობელ სცენებს.

სიუჟეტი დასავლეთ ჰოლივუდში ვითარდება. მეგობრების ჯგუფი ჰელოუინის აღნიშვნას გადაწყვეტს, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ნიღბიანი მკვლელი მათზე ნადირობას დაიწყებს. ფილმი იმეორებს 80-იანი წლების ჰორორ ფილმებისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, თუმცა ამასთან ერთად ახალ პერსპექტივას სთავაზობს მაყურებელს.

Fear Street ტრილოგია

Fear Street Netflix-ის კინო პროდუქტია. ფილმი რ.ლ. სტაინის წიგნების სერიას ეფუძნება, რომელიც პირველად 1989 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ 80 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გამოვიდა. ტრილოგიის სამივე ფილმი ეკრანებზე 2021 წელს გამოვიდა და იგეგმება მისი გაგრძელებაც.

ტრილოგიის პირველ ფილმში მაყურებელი 1994 წელში მოგზაურობს და თინეიჯერებთან ერთად ცდილობს, გადაარჩინოს დაწყევლილი ქალაქი. მეორე ნაწილში მოქმედება 1978 წელში ინაცვლებს, სადაც მთავარი პერსონაჟები აგრძელებენ ბოროტ ძალებთან ბრძოლას. ფილმის მესამე ნაწილში თინეიჯერების გუნდს შორეულ 1666 წელში მოუწევს გადანაცვლება.

Interview With the Vampire

Interview With the Vampire 1994 წლის საკულტო ჰორორის ჟანრის ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი, ტომ კრუზი და კირსტენ დანსტი ასრულებენ. ფილმი, რომელიც ენ რაისის წიგნების სერიას ეფუძნება, ვამპირების თემატიკაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია. ის ორი ოსკარის ნომინაციით დაჯილდოვდა.

Interview With the Vampire-ში მოქმედება ორი ვამპირის, ლესტატის და ლუისის გარშემო ვითარდება. ისტორია შორეული 1791 წლიდან იწყება, როცა ლესტატმა ლუისი ვამპირად გადააქცია. ფილმი გვიამბობს თითქმის ორსაუკუნოვან ისტორიას. მართალია, სიუჟეტში ნაკლებად არის ნაჩვენები ლესტატის და ლუისის ქვიარობა, თუმცა წიგნების მოყვარულები მარტივად შენიშნავენ ქვეტექსტებს ამერიკელი ავტორის რომანში.

11 საუკეთესო ლგბტქი ეპიზოდი გრეის ანატომიაში

7 ოქტომბერს, ბევრისთვის საყვარელი სერიალი გრეის ანატომია მე-19 სეზონით დაბრუნდა. სანამ გულშემატკივრები ახალი სერიების სანახავად თბილად მოკალათდებით, მანამდე საუკეთესო ლგბტქი ეპიზოდები გავიხსენოთ, რომლის ნაკლებობასაც გრეის ანატომია არ განიცდის.

“Where The Boys Are” — სეზონი 3, ეპიზოდი 7

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გრეის ანატომიაში ტრანსგენდერი ადამიანი გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, როგორ ექცევიან ექიმები ტრანსგენდერ ადამიანებს საზოგადოებაში. ეს თემა აქტუალურია და ის ფაქტი, რომ დონას როლის შემსრულებელი ალექსანდრა ბილინგსი თავად ტრანსგენდერი ადამიანია, ამ როლს ნამდვილობას მატებს.

სერიაში ექიმი მერედით გრეი მარკ სლოუნს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციაში ეხმარება, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც სლოუნი აღმოაჩენს, რომ მის პაციენტს ძუძუს კიბო აქვს. დონას გული სწყდება, რომ თავისი ოცნების ასრულება, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. მარკი და მერედითი მის გამხნევებას ცდილობენ.

“The Becoming” — სეზონი 4, ეპიზოდი 14

 

ამ ეპიზოდში მერედითი ხაზს უსვამს იმ უსამართლობას, როდესაც შენი სიყვარულის დამალვა გიწევს. გეი ურთიერთობები კაცებს შორის და ემოციები, რომლებსაც ისინი სერიალში გამოხატავენ და აზიარებენ, გამამხნევებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მერედითი და დერეკი კლინიკურ კვლევას ატარებენ. მათი შემდეგი პაციენტი ჯარისკაცი დარენია. მისი მეგობარი ბიჭი ტოდი, ოპერაციის დაწყებამდე, საავადმყოფოში დარენის მოსანახულებლად მიდის. შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან, რასაც დარენის მამა დაინახავს.

“Life During Wartime” — სეზონი 5, ეპიზოდი 6

 

ქირურგი ერიკა ჰანი ამ ეპიზოდში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ფრაზას ამბობს. ის კალი ტორესს უყვება, რომ ლესბოსელობის გაცნობიერება იგივეა, რაც პირველად სათვალით სამყაროს დანახვა. მას და ტორესს სერიალში ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდათ, სანამ ერიკა მოულოდნელად დატოვებდა შოუს. მისმა წასვლამ ბევრ გულშემატკივარს გაუცრუა იმედი.

ერიკას გრძნობები არ შეესაბამება იმას, რასაც კალი განიცდის. კალისთვის ეს ერთგვარი კარის გახსნაა სექსუალობის შესასწავლად. მოგვიანებით, ის აცხადებს, რომ ბისექსუალია.

“Invasion” — სეზონი 6, ეპიზოდი 5

ტრავმატოლოგი კალი ტორესის მამა სიეტლ გრეისის ჰოსპიტალში ეკლესიის პასტორთან ერთად მიდის, რათა ქალიშვილი დაარწმუნოს, რომ გეი არ არის. ეპიზოდი აჩვენებს რეალურ ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოექცნენ ლგბტქი თემის წევრებს საყვარელი ადამიანები.

კალის მამა მისთვის ბიბლიის ჩანაწერების ციტირებას იწყებს, რაზეც კალის გული სწყდება. ის პარტნიორს, არიზონას ეუბნება, რომ არ სჭირდება ისეთი ოჯახი, რომელიც მას ვერ მიიღებს ისეთს, როგორიც არის.

არიზონა კალის მამასთან დალაპარაკებას გადაწყვეტს და ეტყვის, რომ საკუთარი მამისგანაც იგივე რეაქციას ელოდა, როდესაც გაიაზრა თავისი სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ ამის მაგივრად, მამამ ჰკითხა, იყო თუ არა იგივე ადამიანი, რომელიც მან აღზარდა, რადგან იცოდა, რომ მისი შვილი, რომელიც ასე ძლიერ უყვარს, სექსუალური ორიენტაციის გამო როგორც ადამიანი ვერ შეიცვლებოდა.

“Start Me Up” — სეზონი 7, ეპიზოდი 12

 

სამოქალაქო პარტნიორობის საბუთების შესატანად წასულ პაციენტს ცხენის ეტლი ფეხქვეშ თელავს. კაილი კალის უხსნის, რომ სურდა, ეს დღე განსაკუთრებული ყოფილიყო, რადგან ვაშინგტონის შტატმა გეი ქორწინება ნამდვილ ქორწინებად არ აღიარა და სიეტლში გადაწყვიტეს ჩამოსვლა.

მის მიერ წარმოთქმული სიტყვები გულსატკენია. კაილი ამბობს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს არ აქვთ ისეთივე აღიარება, როგორიც ჰეტეროსექსუალ წყვილებს. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში გეი ქორწინება 2012 წელს, ამ ეპიზოდის ეთერში გასვლიდან ერთი წლის შემდეგ.

“White Wedding” — სეზონი 7, ეპიზოდი 20

ამ ეპიზოდში არიზონასა და კალის ქორწილის დღეა. მასში კარგად ჩანს ის რთული პერიოდი, რომელიც სერიალის ერთ-ერთმა საუკეთესო წყვილმა გამოიარა. ქორწილამდე ორივეს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მათ შორის, მშობლების მხრიდან, რომლებსაც ამ ქორწინების აღიარება არ სურდათ.

ექიმი ბეილი კალის ამხნევებს და ეუბნება, რომ ეკლესია და დედამისი ჯერ კიდევ არ არიან მზად ამისთვის, მაგრამ ამან არ უნდა შეაჩეროს და უნდა დაქორწინდეს იმ ქალზე, რომელიც უყვარს. მაყურებელი ხედავს მკვეთრ კონტრასტს მერედითისა და დერეკის ოფიციალურ ქორწინებასა და კალისა და არიზონას წინააღმდეგობებით სავსე ქორწინებას შორის. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ჰეტეროსექსუალი წყვილები პრივილეგიებით სარგებლობენ.

“The Face Of Change” — სეზონი 9, ეპიზოდი 14

გრეის ანატომიის ტრანსგენდერი პერსონაჟები ბრაიანი და ჯესი ტრანსგენდერ თინეიჯერებს ძლიერ მესიჯს უგზავნიან. ბრაიანი ოპერაციისთვის საავადმყოფოში მიდის. ბრაიანის მამა, მისტერ უესტონი არასწორ აზრს ავრცელებს, როდესაც ამბობს, რომ ბრაიანი გარკვეულ ფაზას გადის და ეს დროებითია. ჯესი ცდილობს აუხსნას, რომ მან არ იცის, რას ნიშნავს სხვის სხეულში ყოფნა.

მოგვიანებით, ჯესი მისტერ უესტონს იმის შესახებ ესაუბრება, თუ როგორ უყვარს ბრაიანს მამამისი და სურს, მომავალში მისნაირი გახდეს.

“Sledgehammer”— სეზონი 12, ეპიზოდი 1

ეს ეპიზოდი ზიანისმომტან გარდაქმნის თერაპიას ეხება.

მას შემდეგ რაც მშობლებმა ჯესის უთხრეს, რომ გამოსასწორებელ ბანაკში აგზავნიდნენ, ორი თინეიჯერი გოგო მატარებლის ლიანდაგებს ჩაუვარდა, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ასე შეძლებდნენ ერთად ყოფნას. როდესაც კალი გოგოების ისტორიას გაიგებს, სურს ჯესის დაეხმაროს და ყველას გაუზიაროს საკუთარი აზრი გარდაქმნის თერაპიასთან და იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც შედეგად მოზარდს შეიძლება მიადგეს. ეპიზოდი პოზიტიურად სრულდება, რადგან ჯესის მამა ცოლს უპირისიპირდება და შვილის მხარეს გადადის.

Some Kind Of Tomorrow” — სეზონი 18, ეპიზოდი 2

მერედითს და ამელიას პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ მილიონობით დოლარს სთავაზობენ. დაწესებულებაში ყოფნისას, ისინი ხვდებიან ექიმ კაი ბარტლს, შთამბეჭდავ ნეირომეცნიერს, რომელიც უჯრედული კვლევებითაა ცნობილი და სერიალში პირველი არაბინარული პერსონაჟია. სერიალში ჩანს კაისა და ამელიას ურთიერთობა, რომლებიც პანდემიის დროს, Zoom-ის მეშვეობით, ფლირტს იწყებენ.

“Should I Stay or Should I Go” — სეზონი 18, ეპიზოდი 16

ამ ეპიზოდის დასაწყისში ოუენი და ტედი ბავშვებთან ერთად საავადმყოფოში შედიან. მათი შვილი, ლეო ფლანელის პერანგში და კოვბოის ქუდშია გამოწყობილი. ოუენი აღნიშნავს, რომ ის კოვბოის ჰგავს, მაგრამ ლეო ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ გოგოა. ტედი ცდილობს აუხსნას, რომ ის კოვბოის კოსტიუმში გამოწყობილი ბიჭია. საბოლოოდ, ლეო ეთანხმება.

ტედი ფიქრობს, რომ ლეო დაბნეულია საკუთარ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით და ამ თემის განსახილველად ოუენს თერაპევტთან კონსულტაციას სთავაზობს. ოუენი გაკვირვებული არ არის და ფიქრობს, რომ შესაძლოა, ლეო ტრანსგენდერი ადამიანი აღმოჩნდეს, მშობლების მოვალეობა კი, ნებისმიერ სიტუაციაში შვილის მხარდაჭერაა.

სერიაში ჩანს, რომ მათ საბოლოოდ მაინც ვერ გადაწყვიტეს, როგორ მოეგვარებინათ ეს საკითხი, ამიტომ შეთანხმდნენ, სიტუაციაში გასარკვევად თავად მისულიყვნენ თერაპიაზე. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ლეოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები ახალ სეზონში.

გრეის ანატომიაში ეს პირველი ეპიზოდი არ არის, რომელშიც ტედი და ოუენი შვილს მხარს უჭერენ. ლეო სერიალში ანიმაციურ გმირ ელსას კოსტიუმითა და ბალერინას კაბითაც გვხვდება. “ელსა, მიყვარხარ”, — ასე მიმართავს ოუენი შვილს დამშვიდობებისას, ხოლო დედის კითხვაზე, რომელსაც აინტერესებს, რატომ აცვია ლეოს ბალერინას კაბა, ოუენი პასუხობს, რომ ლეოს მოსწონს ასეთი კაბები, რითაც ხაზს უსვამს, რომ ამაში უცნაური არაფერია.

“You Are the Blood” — სეზონი 18, ეპიზოდი 20

მე-18 სეზონის ფინალურმა, მე-20 სერიამ მაყურებლის ყურადღება კიდევ ერთხელ მიმართა იმ დისკრიმინაციულ მიდგომაზე, რომელიც არამხოლოდ ქვიარ ადამიანებისთვის არის საზიანო. ამჯერად სერიალი სისხლის დონაციაზე გეი და ბისექსუალი კაცებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა.

“ეს აბსურდული, საზიზღარი იდეა, რომ ჩემი სისხლი, ჩემი სექსუალურად აქტიური გეი სისხლი… ჩემი სისხლი ისეთივეა, როგორიც ყოველთვის იყო“, — ამბობს ჯეიკ ბორელის პერსონაჟი, როცა გამოუვალი მდგომარეობით აღელვებული  ქირურგიული განყოფილების უფროსს ესაუბრება.

სისხლის დონაციაზე დაწესებული აკრძალვა 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა აივ-პანდემიის შესახებ არც ცოდნა არსებობდა და არც შესაბამისად გამართული სამედიცინო აღჭურვილობა, რაც სისხლის ტესტირებას მარტივს გახდიდა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ მეცნიერება მნიშვნელოვნად განვითარდა, აკრძალვა უამრავ ქვეყანაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ქვეყანამ სისხლის დონაციაზე შეზღუდვის გაუქმება ან შემსუბუქება სწორედ პანდემიისას დაიწყო, როცა სისხლის მარაგის პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტიურად დადგა.


გრეის ანატომია უფრო და უფრო ორიენტირებული ხდება ქვიარ თემატიკაზე. საინტერესოა, რა სიახლეები გველოდება სერიალის ახალ სეზონში, რომლის პირველი სერიაც უკვე გამოსულია.

რა არის SAFE YOU და როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება

Safe You აპლიკაციაა, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ქალების დასახმარებლადაა განკუთვნილი. პროექტი ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია საფარმა ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნა.

აპლიკაციას ბევრი სხვადასხვა ფუნქცია აქვს, თუმცა მთავარი ალბათ მოძალადის წინააღმდეგ დარჩენილი ქალის დახმარებაა. Safe You შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ სანდო პირები, მაგალითად, მეგობრები, რომლებსაც თქვენი SOS შეტყობინება მიუვათ, გამოიძახოთ პოლიცია ან დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს მიმართოთ. თუ არ გსურთ, სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინოთ მომხდარის შესახებ, შეტყობინებას მხოლოდ თქვენ მიერ არჩეული სანდო პირები და ორგანიზაციები მიიღებენ.

აპლიკაცია აუდიოჩანაწერის შექმნის საშუალებასაც გაძლევთ, რომელიც შეიძლება მოძალადის წინააღმდეგ სასამართლო დავის დროს ან პოლიციაში წარსადგენად გამოგადგეთ. გარდა ამისა, Safe You-ს აქვს ფორუმი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტსთან კითხვების დასმის საშუალებას იძლევა.

ამ ეტაპზე აპლიკაციას 20 000-მდე მომხმარებელი ჰყავს და 7 ფორუმს აერთიანებს:

  • აივ ინფექცია და სგგი;
  • სოციალური საკითხები;
  • რეპროდუქცია;
  • ფსიქოლოგია;
  • თინეიჯერული კლუბი;
  • აპლიკაციის ინსტრუქცია;
  • იურიდიული საკითხები.

აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ ქართული ნომრით, ჩართული გქონდეთ ინტერნეტი და აპლიკაციას მისცეთ წვდომა ლოკაციასა და აუდიო/ფოტო გალერეაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრიანელ ქალებს შეუძლიათ მშობლიურ ენაზე ისარგებლონ აპლიკაციის ყველა სერვისით – დაწყებული SOS ღილაკით, დასრულებული თემატური ფორუმებით.

აპლიკაცია Safe You-ს გადმოსაწერად სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯია საჭირო:

  • ჩართეთ სმარტფონის კამერა;
  • მიმართეთ კამერა ამ ფოტოზე ნაჩვენები QR კოდისკენ;
  • მიჰყევით ბმულს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულებითაც:

Android: https://bit.ly/318nSsl

IOS: https://apple.co/2Z7s3Cq

გოჩა გაბოძე — უნდა იბრძოდე სხვებისთვისაც, ეს ბევრად აძლიერებს თემს

მე ვარ გოჩა გაბოძე, 32 წლის, ქვიარ აქტივისტი. ამჟამად პოლიტიკურ პარტია დროაში ვმუშაობ და ვარ სოციალური პოლიტიკის მდივანი.

მაინტერესებს ადამიანები, განსაკუთრებით განსხვავებული ადამიანები.

ბავშვობა

ბავშვობა 90-იანი წლების თბილისში, იტალიური ეზოს ტიპის ბინაში გავატარე, სტანდარტულ უშუქობასა და უგაზობაში. თუმცა ის პერიოდი და მაშინდელი ურთიერთთანადგომა მაინც კარგად მახსენდება – სერიალები, მუსიკა, ძიების პროცესი… ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თან ახლდა.

ქვიარობა ადამიანის დაბადებითი მდგომარეობაა, უბრალოდ, სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა დროს არქმევს ამას თავის სახელს. ბავშვობაში ვთვლიდი, რომ არ იყო საჭირო ამის ხაზგასმა და აფიშირება, მიმაჩნდა, რომ ეს ისედაც ნათელი იყო.

ჩემს შემთხვევაში გამოხატულება იყო, მაგალითად, ხმის ტემბრი, რომელიც ნაკლებად მასკულინური მქონდა. ეს ის ასაკია, როცა ადამიანები განსხვავებულობას განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამენ ხოლმე, თუმცა ეს არ მაკომპლექსებდა. მყავდა ძალიან ახლო მეგობარი კლასელები და ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, ერთმანეთს ვეხუმრებოდით ხოლმე, მაგრამ ამას არ ჰქონდა ბულინგის სახე. მეც ძალიან მიყვარდა საკუთარ თავზე სიცილი და ვფიქრობ, რომ კარგი თვისებაა, როცა საკუთარ თავზე ხუმრობა შეგიძლია. შეიძლება, ეს ერთგვარი ტაქტიკაც იყო. ახლა აღარ ვიყენებ ამას, არ მჭირდება, მაგრამ მაშინ, როცა ვხედავდი, რომ ადამიანები ჩემ გარშემო მხიარული გარემოს შექმნას ცდილობდნენ, მეც ვიწყებდი საკუთარ თავზე მხიარულებას და ეს ყოველთვის ამართლებდა.

ამავდროულად, ჩემი ინტერესები ყოველთვის იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან: ვხატავდი, მუსიკა მიყვარდა, ფილმებს ვუყურებდი, ჟურნალებს ვკითხულობდი, შემგროვებელი ვიყავი… ელტონ ჯონი, მადონა და მისი ქვიარ-მეგობრული შემოქმედება იყო ჩემთვის დიდი მოვლენა, ასევე, ინსპირაციის წყარო იყო ფრედი მერკური, ქვინი. ხელოვნება იყო ის მედიუმი, საიდანაც იმ კითხვებზე, რომლებიც თინეიჯერობის ასაკში მქონდა, პასუხებს ვიღებდი. იმ პერიოდში ლათინოამერიკულ სერიალებში თუ შეხვდებოდი ქვიარ პერსონაჟებს, ახლა ნეტფლიქსი არსებობს, სადაც, ჩემი აზრით, ცოტა გადაჭარბებულად, მაგრამ მეტ-ნაკლებად სწორი ფორმით ხდება ქვიარების რეპრეზენტაცია და ეს რაღაც ჩუმად სანახავი აღარ არის.

თინეიჯერობის დროს, როდესაც მარტო რჩები და კითხვებზე პასუხს ეძებ, მაინც ფიქრობ, რატომ არ ხარ შენც სხვებივით. ამასთან დაკავშირებული დეპრესიები ალბათ ყველას აქვს, მაგრამ მე მხარდამჭერი ადამიანები მყავდა გვერდით – სამეგობრო, მასწავლებლები. ხშირია ისტორიები, როდესაც პირიქით ხდება, თუმცა მე კარგი გამოცდილება მაქვს. სკოლაში იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ცდილობდნენ, მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთმანეთთან ურთიერთობა და პატივისცემა გვესწავლა, ეს დღემდე მოგვყვება. შეიძლება, ოჯახი არ აძლევდეს ადამიანს იმდენს, რამდენსაც სკოლა და სამეგობრო, ამიტომ, ვთვლი, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო სკოლებს, მასწავლებლობა კი არის ის პროფესია, რომელიც მოქალაქეებს უნდა ზრდიდეს და ქმნიდეს საზოგადოებას, რომელიც სწორ ღირებულებებს ეფუძნება.

ვარდისფერი სათვალე

ქამინგაუთი 20-21 წლის ასაკში იყო. როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს, ან თამაში უნდა დაიწყო, ან პასუხი გასცე. ჩემს შემთხვევაში, პასუხი გავეცი. არასდროს მიყვარდა, როდესაც ზურგს უკან საუბრის თემა ჩნდებოდა. ამ ასაკში უკვე ბლოგი მქონდა, სადაც ისეთ თემებზე ვწერდი, რომლებიც დღემდე მაინტერესებს – ადამიანებზე, რომლებიც ამა თუ იმ ნიშნით განსხვავდებიან, ეს ყოველთვის იყო ჩემთვის ინტერესის საგანი. ჩემს ბავშვობისდროინდელ ნახატებსაც რომ ვუყურებ, იქაც არ არის ტიპური ქალი და კაცი, აბსტრაქციებს ვაკეთებდი, სადაც სქესს თითქმის არასდროს ვანიჭებდი. ადამიანებს სქესი არ ჰქონდათ და მომწონდა ეს ნეიტრალურობა.

იმ პერიოდში სხვა ქვიარებიც გავიცანი. ფეისბუქი, ღია თუ ანონიმური ბლოგები არსებობდა, სადაც ქვიარები წერდნენ საკუთარ ამბებს და ეს ჩემთვის მათთან დამეგობრების საშუალება იყო. იყო სივრცეები, სადაც ვიკრიბებოდით, ამას ფსიქოლოგიური გაძლიერების ეფექტიც ჰქონდა და პარალელურად, ახალი ურთიერთობები ყალიბდებოდა – ახალი ადამიანებს იცნობ და ის შფოთვები, რომლებიც გაქვს, ქრება. ერთმანეთს ვაძლიერებდით, თუნდაც უთქმელად. ასეთი შეხვედრებიდან ბევრად უფრო სხვა განწყობით გამოვდიოდით, ვიდრე სოციუმში ვიყავით ხოლმე. ვიყავით უფრო მხიარულები და ლაღები, თითქოს ადამიანები ნიღბებს გარეთ ტოვებდნენ და ის ჩარჩოები, რასაც საზოგადოება სთავაზობდა, დროებით ეხსნებოდათ.

ძირითადად თინეიჯერები ვიყავით, ვინც რაღაც ტიპის კონტენტს ვქმნიდით, ესეც თვალსაწიერის გაფართოების საშუალება იყო და იმ პერიოდში თითქოს ვარდისფერი სათვალეც მოვირგე. მაშინდელი მთავრობაც არატოლერანტული იყო, თუმცა იყვნენ ქვიარ-მეგობრული ადამიანებიც, რომლებიც საჯარო განცხადებებითაც ასე პოზიციონირებდნენ,  ამიტომ მქონდა ილუზიები, რომ, კი, საზოგადოების რაღაც ნაწილში არის პრობლემები, მაგრამ მოგვარებადია. მეგონა, რომ ის, რაც ადამიანებში თუნდაც 2013 წლის 17 მაისს ვნახე, წარმოუდგენელი რამ იყო.

17 მაისი

რეალობას პირველად 2012 წლის 17 მაისს შევეჯახე, როდესაც რადიო თავისუფლებაში სტაჟირებას გავდიოდი და 17 მაისის მსვლელობას ვაშუქებდი. რომელიღაც ეკლესიის მრევლმა დაინახა მსვლელობა და კონტრდემონსტრაცია ნახევარ საათში დაორგანიზდა. ვხედავდი, როგორ ქრებოდნენ ქვიარ აქტივისტები – პოლიციამ, რომელსაც კონტრდემონსტრანტები უნდა გაენეიტრალებინა, ქვიარ აქტივისტების გარიდება სცადა. თუმცა მეორე დღეს მაინც მოხერხდა რაღაც ტიპის აქციის გამართვა.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

შემდეგ უკვე 2013 წლის 17 მაისი იყო, რომელიც დღემდე ტრავმად მომყვება. მაშინ, ფაქტობრივად, წამებმა გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე. იქ როგორც აქტივისტი, ისე ვიყავი. ალბათ უფრო ორგანიზებული უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ის რისკები არ გვქონდა ბოლომდე გაცნობიერებული, რაც იქითა მხარეს იყო.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გამოცდილება – ვხედავდი გავეშებულ ბრბოს, რომელიც ჩვენკენ მოდიოდა და იქ ყველაფერზე წამსვლელი ხალხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხელში ჯვრები ეჭირათ.

მაშინ სახელმწიფომ და ეკლესიამ ძალის დემონსტრირება გადაწყვიტეს. ქვიარები ამ შემთხვევაში უბრალო გამტარები და საბაბი ვიყავით ამ ორი ხელისუფლების ურთიერთჯახის. ასეთი საბაბი ხდება ხოლმე სხვადასხვა ჯგუფი, 90-იან წლებში ეს ჯგუფი ეთნიკური უმცირესობები იყვნენ და საზოგადოების ზიზღი მათკენ იყო მიმართული. მაშინ ათასობით საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა დატოვა ქვეყანა და უმძიმესი ისტორია გაიარა. შემდგომში ეს პროპაგანდა ქვიარებზე გადავიდა და ახალი დემონი შეიქმნა. დიქტატორულ რეჟიმებს სჭირდებათ მტრის ხატი, რომელიც ხშირად ცვალებადია და მასების სამართავი ინსტრუმენტია. არც ჩვენი მთავრობები არიან ამისგან შორს და ასეთი ტიპის პოლიტიკას ირჩევენ. სახელმწიფომ იქ არ დაიცვა უსაფრთხოება და ეს იყო გამიზნული, შეთანხმებული ქცევა.

ფოტო: ლიბერალი

5 ივლისსაც ასე მოხდა და ეს ყველაფერი უშიშროების სამსახურის მიერ იმართება. როცა მსგავს აქტივისტურ ღონისძიებებში ვართ ჩართული, ყოველთვის ვგრძნობთ სუს-ის სუნთქვას თუნდაც ჩვენც ტელეფონებში, თუნდაც ამყოლ მანქანებზე და ამ პროცესებს მართავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მოძალადე ჯგუფების უკან დგას. ეს მოძალადე ჯგუფები ხან სკინჰედები, ხან ქართული მარშები და ხან ალტ-ინფო არიან. ჩვეულებრივი პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო მასების სამართავად და იარლიყების ასასხლეტად ქმნის და პროპაგანდისთვის იყენებს.

არა მხოლოდ ქვიარ აქტივიზმი

ქართული ქვიარ აქტივიზმი 2011 წლიდან ჩემ თვალწინ ვითარდებოდა. მანამდეც არსებობდა შეხვედრის სივრცეები, მაგრამ საჯარო 2011 წლიდან გახდა, როდესაც მტკვარზე ყვავილები გავუშვით. მას მერე ყველა აქტივობაში რაღაც ფორმით ვიღებდი მონაწილეობას.

2011 წლის 17 მაისი

ქვიარ აქტივიზმი ძალიან მძიმეა იმ კუთხით, რომ ყოველთვის საპირწონე არის სახელმწიფო, რომელიც გებრძვის.

ნაცვლად იმისა, რომ თემის კონსოლიდირებასა და მის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული, გიწევს ბევრ ისეთ საკითხზე რეაგირება, რომელზე რეაგირებაც არ მოგიწევდა, სახელმწიფო რომ მხარდამჭერი იყოს. შესაბამისად, ახლაც თითქმის იმავე თემებზე ვსაუბრობთ, რაზეც პირველად, როდესაც ქვიარ ორგანიზაციაში მოვხვდი. უფრო სწორად, იმაზეც ვეღარ ვსაუბრობთ, რაზეც ადრე ვსაუბრობდით – ქორწინების თანასწორობაზე, შვილად აყვანის უფლებაზე, სხვა ქვეყნების გამოცდილებებზე ამ კუთხით. დღეს ეს თემები ქვიარ ორგანიზაციებისთვის ტაბუირებულია. არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღეს ქვიარებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან უწევთ გამკლავება და ეს ყველაფერი მეორე რიგის ამოცანებია. როცა საბაზისო საჭიროებები არ გაქვს დაკმაყოფილებული, თანასწორ უფლებებზე ვეღარ ოცნებობ.

ძალიან ხშირია ინტერნალიზებული ჰომოფობია. ვფიქრობ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ გაძლიერებაში და ამ ინტერნალიზებული ჰომოფობიის დაძლევის საუკეთესო გზაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა. ყველა ისტორია განსხვავებულია, შეიძლება ერთი ადამიანის გავლილი გზა მეორისთვის არ იყოს მაგალითი – რეგიონებში, ეთნიკურ უმცირესობებში, შშმ პირებში, სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა გამოცდილებებია, თუმცა ამის გაზიარებას რაღაც ეფექტი აქვს.

ფოტო: Guram Muradov

საზოგადოების სტიგმა არ არის მხოლოდ ქვიარ ადამიანების მიმართ. როდესაც დავინახე, რომ სხვა ჯგუფებსაც მსგავსი ბარიერები ჰქონდათ, დავიწყე როგორც ჩემი, ასევე სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა, სოლიდარობა. წლების განმავლობაში სამუშაო და აქტივისტური ფორმით ვმუშაობდი შშმ პირთა საკითხებზე, რაზეც საკმაო ცოდნა დამიგროვდა. ვთვლი, რომ სოლიდარობა არის ის გზა, რაც საზოგადოებას, თემს ბევრად უფრო ძლიერს გვხდის. 17 მაისსაც მინახავს შშმ პირები დემონსტრაციებზე და სხვადასხვა ჯგუფის ეს ურთიერთსოლიდარობა, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

შეიძლება გამოცდილება განსხვავებული იყოს, მაგრამ პრობლემა ყოველთვის საერთოა. ჩემთვის ესეც აქტივიზმის ფორმაა, როდესაც არ თვლი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის უფლებებისთვის უნდა იბრძოდე – უნდა იბრძოდე სხვებისთვისაც, ეს ბევრად აძლიერებს თემს და პიროვნულ ზრდაშიც გეხმარება.

დროა

ადამიანი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ სახელმწიფოს ემსახუროს, სახელმწიფო არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანს ემსახუროს და ის ყველა ადამიანზე თანაბრად უნდა იყოს ორიენტირებული. არ უნდა არსებობდნენ პრივილეგირებული და ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფები. როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ეხება, სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანების მიზნებისა და ოცნებების აღსრულების ინსტრუმენტი.

ადამიანები განსხვავებულები ვართ და სწორედ ამ განსხვავებულობით ვაძლიერებთ ერთმანეთს, ჩვენი სიმდიდრე მრავალფეროვნებაშია.

ვთვლი, რომ ქართული კულტურაც ტოლერანტულია, თუნდაც ვეფხისტყაოსანში, თუნდაც ქართულ თქმულებებში ბევრი ისეთი იდეის ნახვა შეგვიძლია, რაც ევროპისთვის რენესანსის შემდგომ გახდა ღირებული. ჩვენი ღირებულებათა სისტემით არაფრით ვართ განსხვავებული განვითარებული საზოგადოებისგან. ის სტერეოტიპები, რომლებსაც დღეს ეროვნულ ღირებულებებად ასაღებენ, თავსმოხვეულია.

ფოტო: ვახო ქარელი

ქვიარობა არ არის განყენებული ცნება და ჩვენ საზოგადოების ყველა აქტივობაში უნდა ვიყოთ ჩართული, მათ შორის, პოლიტიკაში. ვთვლი, რომ დღეს ქვიარ პოლიტიკა მნიშვნელოვანი და ქვიარ პოლიტიკის დროა. ჩემთვის პოლიტიკური გაერთიანება დროა იყო ღირებულებათა სისტემის ერთობლიობა, რომელშიც საკუთარი თავი, შესაძლებლობები და ცვლილებების გზა დავინახე, რადგან ჩვენთვის მთავარი ადამიანია. დღეს, როგორც ამ პარტიის სოციალური პოლიტიკის მდივანი, ვმუშაობ სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების შესწავლაზე, რასაც შემდგომ ავსახავთ როგორც პარტიულ დოკუმენტებში, ასევე იმ საარჩევნო პროგრამებში, რომლითაც ამომრჩევლის წინაშე წარდგომას ვაპირებთ.

გვსურს, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა გვქონდეს: ვეცნობით სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევებს, სახალხო დამცველის ანგარიშებს, ვაკეთებთ გამოკითხვას და სიღრმისეულ ინტერვიუებს, რომ შემდგომ ჩვენი გადაჭრის გზები შევთავაზოთ ამომრჩეველს, რომელთა შორისაც ქვიარ და შშმ პირთა თემი გვეგულება. საარჩევნო პროგრამები ადამიანზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამომრჩევლებმა წინასწარ, კონკრეტულად უნდა იცოდნენ, როგორ გააუმჯობესებ მათ ცხოვრებას, ეს აღარ უნდა იყოს მხოლოდ სლოგანებზე დაყვანილი. ეს სლოგანებიც ძალიან ხშირად მხოლოდ პოეზიაა ნაკლები შინაარსით. ჩვენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ადამიანი და ამ ადამიანებისთვის ახალი იდეების, რწმენის შეთავაზება.

პირველი ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ქვიარ ადამიანებს აქვთ განათლების მიღების ბარიერები, დასაქმების პრობლემები, მით უფრო, როდესაც ქამინგაუთი აქვთ გაკეთებული, ამ დროს ბევრი დამსაქმებელი იკავებს თავს მათი დასაქმებისგან. ასევე, შშმ პირს შეიძლება უმაღლესი განათლება ჰქონდეს, მაგრამ კომპანიამ მხოლოდ იმიტომ უთხრას უარი დასაქმებაზე, რომ მას ადაპტირებული საპირფარეშო არ აქვს. ადამიანებმა შეიძლება მრავალწლიანი შრომის რეალიზება ვერ შეძლონ, რადგან სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს, რომ სივრცეები იყოს ყველასთვის და არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვის. თუნდაც ჯანდაცვის პოლიტიკა, სადაც ქვიარები მრავალ დისკრიმინაციას აწყდებიან. ნებისმიერი სერვისის მისაღებად კონკრეტულ ადგილებში უნდა მიხვიდე და მუდმივად ქვიარ-მეგობრულ ექიმს ეძებ, რაც წარმოუდგენელია. ადამიანები ქვეყნიდან გადიან, ბევრი ჩემი მეგობარი მიდის ემიგრაციაში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ემიგრაციის ამხელა ნაკადი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

საქართველო უნდა იყოს მიზიდულობის ცენტრი რეგიონში. ის უნდა იყოს თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი შესაძლებლობის რეალიზებას. სხვაგვარად ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია.

ყოველი დღე არის ახალი შესაძლებლობა

ქვიარებს ვეტყოდი, დრო არ დახარჯონ იმაზე ფიქრში, რომ რაღაც არ გამოუვათ და მათი იდენტობა ბარიერი იქნება. კი, ყველას გვიწევს რთული ეტაპის გავლა, მაგრამ ეს უფრო ძლიერს გხდის. საკუთარ თავზე უარის თქმა უფრო მძიმე პრობლემების წინაშე აყენებს ადამიანს, ვიდრე, თუნდაც პატარა ნაბიჯებით, საკუთარი თავის სიყვარულის სწავლა.

ფოტო: Emanuele Amighetti

არ არის აუცილებელი, რომ ერთ დღეს ყველამ ხმამაღლა თქვას თავისი სექსუალური იდენტობის შესახებ, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს კომფორტის სივრცეები. ადამიანებმა არასდროს უნდა თქვან უარი საკუთარ მიზნებსა და ოცნებებზე, ყოველი დღე კი არის შესაძლებლობა, ერთი ნაბიჯი გადადგა ამ ოცნების ასრულებისკენ.

სლოვაკეთში შეიარაღებულმა პირმა გეი ბართან ორი ადამიანი მოკლა

13 ოქტომბერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გეი ბართან, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 2 ადამიანი მოკლა.

პოლიციის თქმით, მკვლელობის მოტივი ჯერ დაუდგენელია. სლოვაკური მედია კი წერს, რომ დამნაშავე სოციალურ ქსელებში იყენებდა ფრაზას “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”, ასევე, იძებნება ჰეშთეგი #გეიბარი. ახალი ამბების სააგენტო The Dennik N-ის მტკიცებით, თავდამსხმელმა დანაშაულის ჩადენამდე ლგბტქი ადამიანებისა და ებრაელების საწინააღმდეგო მანიფესტიც გამოაქვეყნა.

“თეთრების ბატონობის, რასიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს გამართლება არ აქვს”, — დაწერა სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ტვიტერზე.

დანაშაულის ადგილი მოინახულა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ.

“მინდა ლგბტქი ადამიანებს ვუთხრა, რომ თქვენ არ ხართ ისინი, ვისაც საზოგადოებაში ადგილი არ აქვთ, თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ქუჩაში გავლის. სლოვაკეთში სიძულვილის ადგილი არაა”, — თქვა მან.

წყარო: Reuters

კომისიამ სახალხო დამცველობის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი ქულები NGO-ების კანდიდატებს მიანიჭა

სახალხო დამცველობის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფმა სახალხო დამცველობის მსურველი 19 კანდიდატის შეფასების პროცესი დაასრულა. მონაცემების მიხედვით, საუკეთესო შედეგი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, ანა აბაშიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს აქვთ.

სამუშაო ჯგუფის დაჯამებული შეფასება ასეთია:

  • ანა აბაშიძე — 321
  • ნაზი ჯანეზაშვილი — 288
  • ნუგზარ კოხრეიძე — 237
  • გიორგი ბურჯანაძე — 231
  • სერგო მახარაძე — 223
  • მარიკა არევაძე — 221
  • თინათინ ერქვანია — 221
  • გიორგი მარიამიძე — 171
  • ლელა გაფრინდაშვილი — 166
  • ქეთევან ჩაჩავა — 154
  • სოფიო დემეტრაშვილი — 152
  • ნიკოლოზ ნიკოლაძე — 105
  • ალექსანდრე კობაიძე — 78
  • იაგო ხვიჩია — 62
  • ჯემალ ნათელაშვილი — 56
  • ლევან კოკორაშვილი — 53
  • გიორგი ცობეხია — 53
  • მაკა მინდიაშვილი — 17
  • ევგენია თავაძე — 4

სამუშაო ჯგუფმა კანდიდატები 10-ქულიანი სისტემით, შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა:

  • კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია;
  • მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
  • სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა);
  • პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

სახალხო დამცველობის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფის წევრები დავით ასათიანი, თამარ ზარანდია, ნათია კუპრაშვილი, რაისა ლიპარტელიანი, ელენე რუსეცკაია, არნოლდ სტეფანიანი, ნინო ჩხობაძე, ეკა ციმაკურიძე და ლევან ცუცქირიძე იყვნენ. სამუშაო ჯგუფის მიერ შეფასებული სუბიექტებიდან ოპოზიციის, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უფრაქციო დეპუტატების 7-კაციანმა ჯგუფმა სახალხო დამცველობის არანაკლებ 7 კანდიდატი 21 ოქტომბრის ჩათვლით უნდა დაასახელოს. სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრის სარეკომენდაციო შეფასებების ნახვა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატების შერჩევის პროცესში 52 ორგანიზაცია მონაწილეობდა. კანდიდატის ნომინირებისა და შერჩევის სხვა პროცედურების, მათ შორის, კენჭისყრის შედეგად სახალხო დამცველობის 3 კანდიდატი შეირჩა:

  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა აბაშიძე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი;
  • სახალხო დამცველის მოქმედი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე.

მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს იწურება და Პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი 1 დეკემბრამდე, კენჭისყრის შედეგად უნდა შეარჩიოს. სახალხო დამცველის შერჩევისთვის სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა — მოქალაქეები კალაძის პასუხისმგებლობას ითხოვენ

დღეს, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში ახალხან აშენებულ შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგო გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი კლინიკაშია, მათ შორის, ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მეორე კონტაქტურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, თბილისის მერმა კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ თავზარდაცემულები არიან და „ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად”.

კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების წევრმა დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმაც, რომელმაც დენის დარტყმის ფაქტთან დაკავშირებით მთავარ არხთან აღნიშნა — „არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს — არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის? და ამას მეკითხები სერიოზულად?“. აღნიშნული განცხადების გამო ამილახვარმა ბოდიში მოიხადა და ფორმულასთან საუბრისას თქვა — „არ აქვს იმის ახსნას აზრი, თუ რა კონტექსტით გავაკეთე ის განცხადება, რაც გავაკეთე“.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ვებგვერდიდან და სოციალური ქსელებიდან წაშალეს სიახლე, რომლის მიხედვითაც, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულებული იყო.

განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, დღეს ორი აქცია დაიგეგმა.

პირველი აქციასიკვდილით სავსე ქალაქი! თბილისის მერიასთან, 17:00 საათზე დაიწყო და მისი ორგანიზატორები ითხოვენ, რომ „დადგეს კორუმპირებული მერიისა და მერის პასუხისმგებლობა”.

20:00 საათზე კი საქართველოს პარლამენტთან გაიმართება აქცია — არა სიკვდილით სავსე ქალაქს!

„კალაძემ, მორიგი კორუფციული სქემით იმსხვერპლა ბავშვის სიცოცხლე! ქალაქის მერი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს კორუფციული გზით ფლანგავს და მუდმივად საფრთხეს უქმნის ქალაქის მაცხოვრებელთა სიცოცხლეს – უნდა წავიდეს!

ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში 13 მილიონი დაიხარჯა, კომპანია, რომელმაც ტენდერი მოიგო არის “გრინსერვის+”, რომლის ხელმძღვანელიც 2013 წელს თავად ქართულმა ოცნებამ დაიჭირა!

აღნიშნულ კომპანიას 60მლნ-ზე მეტი ლარის ტენდერები და 43 გამარტოვებული შესყიდვა ჰქონდა განხორციელებული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს ტენდერი მოიგო!“, — ნათქვამია ღონისძიების აღწერაში, რომლის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ კახა კალაძემ პასუხი აგოს.

მადონა, ემილი რატაკოვსკი, შეი მიჩელი — ტიკტოკ ქამინგაუთის ტალღა?

ამერიკელმა მოდელმა, ემილი რატაკოვსკიმ ტიკტოკ ტრენდის საშუალებით გამომწერებს მიანიშნა, რომ ბისექსუალია. რატაკოვსკი ტრენდს შეურთდა, რომელშიც ვიდეო პლატფორმის მომხმარებლები აუდიტორიას საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას მწვანე დივნის მეშვეობით უზიარებენ.

“თუ ბისექსუალი ხარ, მწვანე დივანს ფლობ?”, — ისმის კითხვა ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში და ადამიანები ქამინგაუთისთვის მწვანე დივნის კადრებს ავრცელებენ.

@emrata #stitch with @shaymitchell ♬ original sound – Emrata

ემილი რატაკოვსკიმაც ჩაწერა მსგავსი ვიდეო და ფანებს მწვანე დივანიც უჩვენა. აღსანიშნავია, რომ რატკოვსკიმდე აღნიშნულ ტრენდს Pretty Little Liars-ის ვარსკვლავი, შეი მიჩელიც შეუერთდა, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ იარლიყებს თავს არიდებს და მას ადამიანები შინაგანი სამყაროს მიხედვით უყვარდება.

„საკუთარ თავს იარლიყებს არ ვაწებებ. ადამიანის შინაგანი სამყარო მიყვარდება. სიყვარული სიყვარულია და მუდამ ამას გავიმეორებ“, — აღნიშნავდა მიჩელი 2017 წლის ინტერვიუში.

@shaymitchell #duet with @keepitspooky #Stitch ♬ original sound – Kayla 🙂

სხვა ტიკტოკ ტრენდის საშუალებით საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე პოპის დედოფალმა, მადონამაც მიანიშნა. მომღერალმა ვიდეო ჩაწერა, რომელშიც საცვლებს ნაგვის ურნის მიმართულებით ისვრის, წარწერაში კი ვკითხულობთ: „თუ ავაცილებ, გეი ვარ“ — პოპ ვარსკვლავი მიზანს დემონსტრაციულად აცილებს, რაც ფანების აზრით, ქამინგაუთია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მადონამ სექსუალურ ორიენტაციაზე მინიშნება ჯერ კიდევ 1991 წელს გააკეთა, როცა ინტერვიუში განაცხადა — „ვთვლი, რომ ყველა ადამიანი ბუნებით ბისექსუალია“.

@madonna♬ original sound – nudy georges

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში “მოქცევის თერაპია” აიკრძალა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში კანონი მიიღეს, რომლითაც “მოქცევის თერაპია” აიკრძალა. ეს არის სიცოცხლისთვის საშიში ცრუ პრაქტიკა, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის “გარდაქმნას” ისახავს მიზნად. 

სექსუალური და გენდერული იდენტობის “გარდაქმნის” ფსიქოლოგიურ, რელიგიურ თუ ელექტროშოკის თერაპიაში ჩართულ ადამიანებს 5 წლამდე პატიმრობა დაემუქრებათ, არასრულწლოვანი ლგბტქი ადამიანების “მოქცევის” პრაქტიკაში ჩართულებს კი კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი.

ახალი კანონის თანახმად, “მოქცევის თერაპია” განისაზღვრა, როგორც ადამიანის გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამოხატვასთან “ბრძოლის, გარდაქმნის, დამცრობის” მცდელობა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მეხიკო ქვეყნის პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ თანასწორი ქორწინების დაკანონება მექსიკაში თავდაპირველად მეხიკოში მიიღწა, ჯერ კიდევ 2009 წელს.

წყარო: Reuters

თეატრი, ლიტერატურა და ადამიანის უფლებები — ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან

ჟუჟა, ჩემი საყვარელი ორეული, მერვე სიცოცხლე ბრილკას — გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის შემოქმედება გერმანელ და ქართველ მკითხველებში თანაბარი პოპულარობით სარგებლობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარატიშვილის როგორც რეჟისორისა და დრამატურგის შემოქმედება. მის კარიერას თეატრი და ლიტერატურა მუდამ პარალელურად გასდევს და საკუთარ სათქმელს ხელოვნების ამ ორი დარგის მეშვეობით უზიარებს მკითხველს.

2021 წელს, სამეფო უბნის თეატრში საკუთარი პიესის მიხედვით მსახურთა შემოდგომა დადგა, რომელშიც მთავარ როლებს ნინო ბურდული, ნატუკა კახიძე და ნატა მურვანიძე ასრულებდნენ. პიესა სამოქალაქო ომის გამო სასახლეში გამოკეტილი სამი ქალის ამბავს გვიყვება, რომლებიც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ერთვებიან, სანამ გარეთ ომი მძვინვარებს. სასახლეში გამოკეტილი პერსონაჟების ამბავი კი ჩვენი დროის აქტუალურ მოვლენას, პანდემიის გამო ოთხ კედელში გამოკეტვას ეხმიანება, რაც ჩვენში მიძინებულ ურჩხულებს აღვიძებს. მსახურთა შემოდგომა სამეფო უბნის თეატრის რეპერტუარში ახლაც არის და მისი ნახვა შეგიძლიათ.

სანამ ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნები — კატა და გენერალი, ასევე უკმარი სინათლე ქართველ მკითხველამდე მიაღწევს, ხელოვანის ახალი სპექტაკლის, ფედრა ცეცხლის ალში ნახვა შეგიძლიათ, რომლის პრემიერა 28, 29, 30 ოქტომბერს სამეფო უბნის თეატრშია დაგეგმილი. ბერძნული მითის ხარატიშვილისეული ინტერპრეტაცია 5 ივლისის მოვლენებს ეხმიანება და საპრემიერო სეანსის ბილეთები დაანონსებიდან ორ დღეში სრულად გაიყიდა.

მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი ახალი პიესის, ლიტერატურისა და თეატრის, ურთიერთობების, ჩვენი წარსულის გააზრებისა და ჩაგრული ჯგუფების დაცვის აუცილებლობის შესახებ ქვიარს ესაუბრა.

— თქვენს შემოქმედებას თეატრი და ლიტერატურა მუდმივად პარალელურად გასდევს. როგორ ავსებს ეს ორი ერთმანეთს?

Danny Merz / Sollsuchstelle Photographie

ნინო-მწერალი და ნინო-რეჟისორი გამიჯნული მაქვს. როცა რეჟისორის სამუშაოს ვასრულებ, როგორც ახლა თბილისში, ნინო-ავტორს ვთიშავ, ის იმ პერიოდში უმნიშვნელოა, არ არსებობს.

ლიტერატურაც ორ ნაწილად არის გაყოფილი. თუ ვსაუბრობთ პროზაზე, მას თეატრთან საერთო არ აქვს. მე დრამატურგიც ვარ და ეს უკვე სპეციფიკური დარგია, რომელიც იწერება იმისთვის, რომ დაიდგას. ცოტა ადამიანი კითხულობს პიესებს, ძირითადად ისინი, ვისაც შეხება არ აქვთ თეატრთან, რაც სამწუხაროა. როცა პიესას ვწერ, განზრახვა მაქვს, რომ უნდა დაიდგას. ეს არის შესანიშნავი კომბინაცია, როცა ტექსტს, რომელზეც ვმუშაობ, აცოცხლებენ მსახიობები. რაც ჩემს ტვინში ხდებოდა, ცოცხლდება და გადადის სცენაზე — ეს ერთი.

მეორე ნაწილი ისაა, რომ მე პროფესიით რეჟისორი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში პროზამ, ლიტერატურამ წინა პლანზე გადმოიწია, ამ საქმეს ვერასდროს შევეშვები. გამორჩეული ამ პროცესში ისაა, რომ ეს გუნდური სამუშაოა. წერა მარტოსული პროცესია, საკუთარ თავთან დარჩენას მოითხოვს, თეატრი კი გუნდურ სამუშაოს გულისხმობს და სხვა ადამიანების გარეშე ვერაფერს გახდები — ყველა, გამნათებლიდან დაწყებული, მსახიობის ჩათვლით ერთ მიზანს ემსახურება. ეს ზოგჯერ ძალიან დამღლელია. მუშაობის პროცესს ბრაზი და ფრუსტრაციაც შეიძლება ახლდეს, მაგრამ თუ გუნდი ერთ მიზანს ემსახურება და თითოეული ადამიანი საკუთარ ეგოზე მაღლა დგას, ეს ფანტასტიკური გამოცდილებაა.

თეატრს კიდევ ის აქვს გამორჩეული, რომ ის ცოცხლად, იქ და იმ მომენტში, მაყურებელთან ერთად ყოველდღიურად ხდება. საშუალება გეძლევა, დააკვირდე რეაქციებს. წიგნის შემთხვევაში კი ვიცი, რომ მკითხველი კითხულობს, მაგრამ ამაზე თვალის მიდევნება არ შემიძლია, წერის პროცესს ვასრულებ და ტექსტი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს, თვითონ აღწევს მკითხველამდე. მე უკვე აღარ ვარ ჩართული იმ პროცესში, რაც მკითხველსა და ტექსტს შორის ხდება, ვერ ვიგებ, როგორ რეაგირებს და არც მინდა, მკითხველს თავთან ვეჯდე და ვაკვირდებოდე, რა პროცესს გადის.

კიდევ ერთს დავამატებ, რომ ნინო-მწერალი და ნინო-რეჟისორი გამიჯნული მაქვს. როცა რეჟისორის სამუშაოს ვასრულებ, როგორც ახლა თბილისში, ნინო-ავტორს ვთიშავ, ის იმ პერიოდში უმნიშვნელოა, არ არსებობს. თუნდაც ჩემ დაწერილ პიესას ვდგამდე, როგორც ახლა, მე მაქვს ბევრი კითხვა, რომლის მოძიებასაც დასთან ერთად ვცდილობ. 

— ხშირად სპექტაკლს თქვენივე დაწერილი პიესის მიხედვით დგამთ. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სასცენო დადგმის ეს ორივე ნაწილი თქვენივე ხელში იყოს? 

როცა სწავლა დავასრულე და სარეჟისორო საქმიანობა დავიწყე, სხვის დაწერილ პიესებსაც აქტიურად ვდგამდი, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს ავტომატურად არის ჩემი სურვილი. ხშირად ხდება ისეც, რომ სხვისთვის ვწერ პიესას და ვიცი, რომ სხვა რეჟისორი დადგამს. საბედნიეროდ, ჩემი პიესები ჩემგან დამოუკიდებლადაც არსებობენ. ჩემს შემთხვევაში ხშირად ასე ხდება, რადგან ასეთია დაკვეთა. მე არც გერმანიაში და არც საქართველოში არ ვარ რომელიმე თეატრის შტატში, ვერც ვიქნებოდი. მაგრამ როცა თეატრიდან მიკავშირდებიან, ძირითადად თხოვნა არის, რომ მათთვის პიესა დავწერო, რომელსაც მევე დავდგამ. თუმცა, ამას საერთო არ აქვს სასცენო დადგმაზე სრული კონტროლის მოპოვებასთან, რადგან როგორც უკვე ვახსენე, დადგმის პროცესში ავტორს ვთიშავ, ვივიწყებ, რომ ჩემი პიესაა და ტექსტს ისევე ვუდგები, როგორც იბსენს ან ჩეხოვს მივუდგებოდი. თუ ყველაფერი ვიცი, ყველაფერზე პასუხი მაქვს და ყველაფერი ისე ხდება, როგორც წარმოვიდგინე, მაშინ არ უნდა დავდგა, რადგან ეს აბსოლუტურად მკვდარი პროცესი იქნება და არც ვინმეს დააინტერესებს. ამიტომ, ჩემთვის უმთავრესი დისტანცირებაა, როცა ნინო-ავტორსა და ნინო-რეჟისორს შორის მკვეთრი ზღვარია გავლებული. 

— სპექტაკლში ქართული თეატრის ვარსკვლავები მონაწილეობენ. იმთავითვე იცოდით, რომ ვთქვათ, ნინო ბურდულს, ნატა მურვანიძეს, ნატუკა კახიძეს თუ სხვებს უნდა შეესრულებინათ კონკრეტული როლები? 

ხშირად მსახიობებს ჩემით არ ვარჩევ, თეატრი მინაწილებს, თუმცა ამ შემთხვევაში მქონდა ეს ფუფუნება. ერთი წლის წინ დაიგეგმა და ფაქტობრივად ეს პიესა ამ მსახიობებისთვის დავწერე. შარშან სამეფო უბნის თეატრში მსახურთა შემოდგომა დავდგით, რომელიც ასევე ჩემი პიესის მიხედვით იყო. ეს სპონტანურად გადაწყდა, კოვიდის პერიოდი იყო, მეც აქ ვიყავი და დრო დაემთხვა. ანა კორძაია-სამადაშვილს პიესა უკვე ჰქონდა ქართულად ნათარგმნი და ბარემ დავიწყეთ დადგმაზე მუშაობა. ნინო ბურდულთან წლებია ვთანამშრომლობ, მასთან ერთად არაერთი სპექტაკლი მაქვს დადგმული, ნატა მურვანიძეს და ნატუკა კახიძესაც ვიცნობდი შორიდან, მათი საქმიანობა მხიბლავდა და ასე გადაწყდა როლების განაწილება.

მასშტაბური პროექტია, დიდი და რთული პიესაა, ბევრი ადამიანია ჩართული, ამიტომ აქტიურად დავიწყე ზრუნვა, რომ სამეფო უბნის თეატრში ეს პროექტი განხორციელებულიყო. დასის ნაწილი, მხატვარი, კოსტიუმების დიზაინერი და სხვები გერმანიიდან არიან და შედგა ერთგვარი კოლაბორაცია. პასუხი რომ შევაჯამო, ვიტყვი, რომ კი, ამ შემთხვევაში ჩემი გამიზნული სურვილი იყო, პირველ რიგში ეს სამი ადამიანი ყოფილიყო ჩართული და შემდეგ უკვე დავიწყეთ სხვა მსახიობების შერჩევა. გაგა შიშინაშვილიც ვიცოდი სამეფო უბნის თეატრიდან და მომწონდა, ისევე, როგორც ზალიკო ჩიქობავა. ანანო მახარაძე კი ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ახალ თეატრ ჰარაკშია. მირჩიეს, პატარა კასტინგიც ჩავატარეთ და მივხვდი, რომ ეს სწორი არჩევანი იქნებოდა. 

— თქვენს ტექსტებში მითოლოგიას ხშირად უბრუნდებით. ამ შემთხვევაში ამბის ღერძი ფედრაა. რით მოგხიბლათ ამ მითოლოგიურმა პერსონაჟმა, რა იყოს ის უმთავრესი ნიშანი, რის გამოც გადაწყვიტეთ, რომ სწორედ ის უნდა გექციათ თხრობის ცენტრად? 

ბერძნული მითოლოგია ძალიან მიყვარს, ბევრი ახლებური ინტერპრეტაცია მაქვს სხვადასხვა მითის, მაგალითად, მედეასი, ელექტრასი. ფედრაც ძალიან მაინტერესებდა, მომწონდა. მითოლოგია, ანტიკური საბერძნეთი ზოგადად ძალიან მომწონს, რადგან უნივერსალური თემებია. მედეა თუ ოიდიპოსი რა დროშიც არ უნდა დადგა, ყოველთვის ურთიერთკავშირში იქნება აწმყოსთან. ფედრას შემთხვევაში განსაკუთრებით მაინტერესებდა ცილისწამების თემა, რაც ამ მითში არის, თუმცა შარშან, როცა პიესაზე მუშაობა დავიწყე, თბილისში ვიყავი და 5 ივლისის მოვლენები სწორედ იმ დროს მოხდა. ამ ამბებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, იმდენად დამთრგუნა, რომ ფაბულის შეცვლა გადავწყვიტე. კლასიკურად ასე ხდება, რომ ფედრას საკუთარი გერი უყვარდება, რომელსაც საპასუხო გრძნობა არ აქვს და ამ უარყოფის გამო ტრაგედიამდე მიდის. მე ფაბულა შევცვალე და ჩემეულ ვერსიაში ფედრას უყვარდება ქალი, ფაქტობრივად მცირე საერთოღა თუ დარჩა ორიგინალი მითის სიუჟეტთან. ამგვარად სულ სხვა ისტორია შეიკრა, რომელიც დიდ კავშირშია დღევანდელობასთან, მათ შორის, საქართველოსთან და წინ წამოიწია ისეთი თემები, რომლებიც თავიდან არ გამითვლია. ისე გამოვიდა, რომ რეაგირება მქონდა იმაზე, რაც იმ მომენტში მეტკინა თუ წყობიდან გამომიყვანა. თავს უფლება მივეცი, ამ ფორმით გარდამექმნა ისტორია. მითებს ესეც აქვს განსაკუთრებული — იმდენად უნივერსალურია, დიდია, რომ პლასტილინივით დამყოლია. ისე მოხდა, რომ მარტივად ჩაესხა ამ ყალიბში.

— ჟუჟას პირველივე გვერდებზე არის სცენა, რომელშიც ორ ქალს შორის ინტიმური სიახლოვე ჩაგვრის საწინააღმდეგო იარაღად გარდაიქმნება. ფედრაშიც მეორდება მსგავსი სიუჟეტი. როგორ ფიქრობთ, ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, რამდენად შეიძლება იქცეს იმ ბერკეტად, რომელსაც მჩაგვრელი სისტემისთვის საყრდენის გამოცლა შეუძლია?

ჩვენი საზოგადოება ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას სკანდალის, ინტრიგის საბაბად იყენებს. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ რაიმე უცნაურია, თუმცა ხდება, ყველაფერი ხდება და ამ პიესაშიც ასე მოხდა.

ურთიერთობები იმდენად ინდივიდუალურია და იმდენად კონტექსტშია, იმდენად იცვლება გარემოს მიხედვით, რომ ზოგადად ვერ ვიტყვი. ხანდახან შეიძლება ეს ასე იყოს და სასიყვარულო ურთიერთობა პოლიტიკად იქცეს ან იარაღად სხვის ხელში, რაც, მაგალითად, ამ პიესაში ხდება — მთავარ პერსონაჟებს შორის ურთიერთობა მმართველების ხელში იარაღად იქცევა და გარემოცვაც მანიპულირებს ამით. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ჩაგვრისა და ინდივიდუალური ურთიერთობის მიმართებას ზოგადად ასე ვუყურებ. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ გვიყვარდება, ეს ასე ხდება, რაც კარგია.

კი, ეს ასეა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის სიყვარული არ აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და ანომალიადაც კი ითვლება ხოლმე. მე მიმაჩნია, რომ ჩემი პიესა არ არის რაიმეზე ხაზგასმა, ეს არის ორი ადამიანის ისტორია, რომელთაც ერთმანეთი უყვარდებათ. ჩვენი საზოგადოება ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის ურთიერთობას სკანდალის, ინტრიგის საბაბად იყენებენ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ რაიმე უცნაურია, თუმცა ხდება, ყველაფერი ხდება და ამ პიესაშიც ასე მოხდა. მინდოდა ბუნებრიობაზე გამეკეთებინა აქცენტი და ხაზგასმა არ ყოფილიყო სკანდალზე და სენსაციაზე, რადგან ეს ჩემთვის ასე არ არის.

— როგორც სპექტაკლის ანონსიდან ვიგებთ, ფედრა ცეცხლის ალში რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლების თამაშისა და ინდივიდუალური ბედნიერების შეპირისპირების ამბავს გვიყვება. ქართულ სახელოვნებო სივრცეში, განსაკუთრებით რელიგიურ ძალმომრეობაზე, ძალაუფლებაზე ხშირად მინიშნებებით საუბრობენ, ეს საფრთხილო თემად ითვლება. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სათქმელში პირდაპირი, მახვილი ყოფილიყავით? 

ესეც გარკვეულწილად 5 ივლისის გავლენით მოხდა, როგორც უკვე ვახსენე. ეს ჩემი საწყისი ჩანაფიქრი არ ყოფილა, მაგრამ რეაქცია მქონდა იმაზე, რამაც შემაძრწუნა. ეს პიესა, რა თქმა უნდა, არ არის ბანერი, რომლითაც ქუჩაში გამოხვალ, არ არის ტექსტი, რომელსაც მიტინგზე მეგაფონით იტყვი. ჭეშმარიტებების მაყურებლისთვის პირდაპირ სახეში მიხლა მე სწორი არ მგონია და ჩემი, როგორც ხელოვანის მიზანი ეს არ არის. მაგრამ მე ჩემი, როგორც ავტორისა და რეჟისორის პოზიცია და იმედი მაქვს, რომ პრემიერის შემდეგ მაყურებელიც დაინახავს ამას, მკაფიოდ მაქვს დაფიქსირებული, რამდენადაც ეს პიესაში შეიძლება. სიუჟეტი ანტიკურ საბერძნეთში ვითარდება, თუმცა მკვეთრად ვეხებით რელიგიისა და რელიგიური ინსტიტუციების თემას, რომელიც განსხვავებულ აზრს თუ პირადი ბედნიერებისთვის ბრძოლას ეწინააღმდეგება, ეღობება. ვეცადე, რომ პასუხები მაყურებლისთვის არ დამეღეჭა და ასე არ მიმეწოდებინა, რადგან ვთვლი, რომ ხელოვნება პირველ რიგში კითხვებს ბადებს და არა მზა პასუხებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პიესა დისკუსიის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

არასდროს ვწერ წიგნს, პიესას იმისთვის, რომ მნახველს, მკითხველს ჭეშმარიტება პირდაპირ გავუზიარო. მინდა საუბარი იმ თემებზე, რაც მაწუხებს, რაზეც შესაძლოა მეც არ მაქვს პასუხი და მინდა ეს ძიება კოლექტიურად შედგეს მაყურებელთან თუ მკითხველთან ერთად. შეიძლება ამ პროცესმა დისპუტი, დისკუსია, კამათიც გამოიწვიოს, მაგრამ ეს კარგია, არაა აუცილებელი, რომ ჩემი წარმოდგენა ყველამ გაიზიაროს. მსახიობები სცენაზე დგანან და პერსონაჟების გავლით ყველა საკუთარ სიმართლეს ჰყვება. ეს ამბივალენტურია, ყველაზე ბოროტ პერსონაჟსაც კი აქვს საკუთარი ჭეშმარიტება. მაინც ვიტყვი, რომ პიესაში თავისუფლების, საზოგადოებისა და ინდივიდის ჭიდილის, ქალის თემა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ვეცადეთ, რომ სწორხაზოვანი, ტრაფარეტულები არ ვყოფილიყავით. თვითონ მითიც ასეთია და იმედია, პიესაც არაა მარტივი. ბევრი თემა შემოდის, დისკუსიის საშუალებას იძლევა და ყველა პერსონაჟი საკუთარ ისტორიას უზიარებს მაყურებელს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რა ეხება მეტად, რა არის მისთვის გადამწყვეტი. ეს უკვე ჩემს ხელთ აღარ არის. იმედი მაქვს, დიალოგი შედგება. 

— თქვენს ტექსტებში მრავალფეროვანი გამოცდილებების, წარსულის მქონე ადამიანები ორგანულად შემოდიან, თუმცა ხშირად, როდესაც მნახველი თუ მკითხველი სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური და გენდერული იდენტობის პერსონაჟებს ხედავს, მარტივად იყენებს იარლიყს — ხელოვნური. როგორ ფიქრობთ, ეს იმის ბრალია, რომ საზოგადოება ნაჩვევი არ არის მრავალფეროვან გამოცდილებებს თუ ეს ხელოვნებაში არსებულ პრობლემაზე მიანიშნებს? 

ABC

მახსოვს, ადრე, თეატრში რომ დავდიოდი ხოლმე, ვხედავდი მსხვერპლ ქალებს ან მოფარფატე შეყვარებულ გოგოებს, რაც ერთგვარად კაცების ფანტაზიით დანახული ქალის განსხეულება იყო, არადა ჩემს ირგვლივ ასეთი ქალები არ იყვნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ დასავლურ ლიტერატურაშიც მრავალი თემა ახალია. უკვე რამდენი ათასწლეულია ლიტერატურა არსებობს, ბოლო 50 წელში კი მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება. უნდა ითქვას, რომ მრავალი თემა იყო ტაბუდადებული ან ვხვდებოდით შეფასებას, რომ რაღაც არ შეიძლება, ცუდია, ავადმყოფობაა. მაგალითად,  რასობრივი წარმომავლობის კუთხით ვრცელდებოდა კლიშე, რომ ადამიანი მხოლოდ წარმომავლობის გამო არის ცუდი, ნეგატიური. ბევრ თემაზე საუბარი უბრალოდ არ მიდიოდა. დრამატურგიასაც რომ გადავხედოთ, ქალი ყოველთვის იყო მსხვერპლი, შეყვარებული გოგო, ფატალური, მაცდუნებელი ან სექს-მუშაკი და ერთეულ შემთხვევებში, როცა ეს ჩარჩოები ირღვეოდა, ეს ავტომატურად სკანდალად აღიქმებოდა ან გამონათების გამონაკლისი შემთხვევები გვქონდა.

ლიტერატურაში, თეატრში, ხელოვნებაში თუ ზოგადად ცხოვრებაში გამოცდილება იმდენად გვაკლია, იმდენად მცირე დროა, რაც მრავალფეროვან გამოცდილებებზე საუბარი დავიწყეთ (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ საქართველოს), რომ ხშირად ბუნებრივად  ვერ ვიღებთ თემებს, რომლებთან შეხების გამოცდილებაც არ გვაქვს. ამ დროს, ზოგიერთი თემა კომფორტს საერთოდ არ გვირღვევს. მახსოვს, ადრე, თეატრში რომ დავდიოდი ხოლმე, ვხედავდი მსხვერპლ ქალებს ან მოფარფატე შეყვარებულ გოგოებს, რაც ერთგვარად კაცების ფანტაზიით დანახული ქალის განსხეულება იყო, არადა ჩემს ირგვლივ ასეთი ქალები არ იყვნენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვეული, ხანგრძლივი პროცესი არაა, როცა ქალები ჩვენს გამოცდილებებზე, ამბებზე ავლაპარაკდით. ძირითადად კაცები ჰყვებოდნენ, ქმნიდნენ გარე მზერით დანახულ ქალ პერსონაჟებს. შეიძლება ბევრ ქალს გადასარევი რამე ჰქონდა კიდეც დაწერილი, მაგრამ ეს ისტორიას არ შემორჩენია.

ხელოვნების ისტორიას თუ გადავხედავთ, კომპოზიტორი, მხატვარი ქალებიც აშკარა უმცირესობაში არიან, რაც იმის ბრალია, რომ ქალებს ასპარეზი არ ეძლეოდათ ან საშუალება არ იყო. ვირჯინია ვულფს რომ დავესესხო, იმისთვის, რომ დაჯდე და დაწერო, საკუთარი ოთახი, კუთხე გჭირდება, რაც ქალებისთვის ასწლეულების განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი. კითხვას რომ დავუბრუნდე, ვიტყვი, რომ კი, აუცილებლად გამოცდილების არქონასთან არის დაკავშირებული, რომ მრავალი ამბავი უჩვეულოდ აღიქმება ან უხერხულობას იწვევს, შემფასებლის კომფორტს არღვევს. შეიძლება ითქვას, რომ მე ამისკენ ვილტვი, რომ სხვადასხვა გამოცდილების პერსონაჟების ამბავი მოვყვე ისე, რომ ხაზგასმას გვერდი ავუარო, არ გავაკეთო შეფასებები. რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ ვიღაცამ მაინც სკანდალურად აღიქვას სათქმელი, მაგრამ ჩემი თვითმიზანი სენსაციურობით ყურადღების მიქცევა არ არის. მეტიც, ამის დიდი წინააღმდეგი ვარ, ეპატაჟურობისადმი ლტოლვა არ არის ჩემი. 

— კაცების ფანტაზია და კაცი ავტორების მიერ შექმნილი ქალი პერსონაჟები ახსენეთ და ბოლო დროს ხელოვნებაში გააქტიურდა საუბარი ქალების მზერაზე. რამდენად განსხვავდება კაცი ავტორების თვალით დანახული ქალების გამოცდილებები და ქალის მზერა? 

G2 Baranlak

ეგეც სადაო საკითხია, რომელზეც ცალსახა პასუხი არ მაქვს. ხშირად უკითხავთ, თუ არსებობს ქალური ლიტერატურა და ქალების ამბები და თითქოს ეს მიდგომა გარკვეულწილად აკნინებს მთხრობელს, აღქმას მიმართავს განსხვავებულობისკენ. ბოლო დროს გადამხდა ასეთი ამბავი — ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, ჩათვალა, რომ ალბათ ვწერდი სასიყვარულო რომანებს, რამაც ავტომატურად პროტესტის გრძნობა გამიჩინა. ეს კითხვა, რა თქმა უნდა, კაცმა დამისვა და პირდაპირ ვუპასუხე, არა, პოლიტიკაზე ვწერ-მეთქი. რაღაცნაირი უხერხულობა შეიქმნა, თუმცა ფართოდ არის გავრცელებული კლიშე, რომ რაკი ქალი ავტორი ხარ, აუცილებლად უნდა წერო მელოდრამები. რა თქმა უნდა, ისიც დამაკნინებელია, რომ სიყვარულზე წერა ითვლება დაბალხარისხიან, მეორად ლიტერატურად, არადა ეს ის თემაა, რომელიც ყველას ეხება და აერთიანებს, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი. თუმცა, ხშირად როცა ქალ ავტორებზე ვსაუბრობთ, ჩნდება სასიყვარულო რომანების თემა და ძალიან მინდა, რომ ეს კლიშე რაღაცნაირად დაიმსხვრეს. ჯერ კიდევ არ ვართ იმ იდეალურ მდგომარეობამდე მისული, რასაც ვისურვებდი, რომ ავტორის გენდერი იყოს სულ ერთი, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ხდებოდეს. თუნდაც არ მეკითხებოდნენ გამუდმებით, რატომ ვწერ ქალებზე, თითქოს ეს რაიმე განსაკუთრებული იყოს და ვწერდე უცხოპლანეტელებზე, თითქოს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ქალი არ იყოს და ისედაც, მე ქალი ვარ და აბა რაზე უნდა ვწერო.

ყველა რეცენზიაში, ინტერვიუში, სიუჟეტში ხაზგასმით არის მითითება ქალების ამბებზე და ხშირად ეს კომპლიმენტის სახით აღინიშნება. ძალიან გამაოცა, რომ 21-ე საუკუნეში, გერმანიაში აქცენტი იყო იმაზე, რომ ქალი პერსონაჟები მყავს ფოკუსში და ამ მიდგომამ ძალიან დამაფიქრა. ამას რაღაცნაირად შევეჩვიე და ახლა უკვე ვიცი, რომ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ ამ ჩვეულ მოვლენას სენსაციურობის იარლიყს აღარ მიაწებებენ. დარწმუნებული ვარ, რომ კაცებს, რომლებიც წერენ კაცებზე, არავინ ეკითხება — რატომ წერთ კაცებზე? მეტიც, ქალებზეც რომ წერდნენ, მაშინაც არ დაუსვამდნენ ამ კითხვას. მე არ მინდა კაცი ავტორების დაკნინება, რა სისულელეა, არაერთი კარგი ავტორია, რომლებსაც, მათ შორის, შესანიშნავი ქალი პერსონაჟები ჰყავთ შექმნილი და არც მტრის ხატის შექმნას ვაპირებ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ ქალების ხმები უფრო მეტად, ხმამაღლა უნდა ისმოდეს და ჩვენ ჩვენს გამოცდილებებზე, ტკივილზე, წუხილზე, მნიშვნელოვან თემებზე საუბრით რაღაცნაირად უნდა წამოვეწიოთ, აღმოვფხვრათ ხანგრძლივი დანაკლისი.

რაღაცნაირად უნდა გარდაიქმნას აღქმა და მოლოდინი, რაც ქალი ავტორების მიმართ არსებობს და საბოლოოდ უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როცა დაყოფა და ხაზგასმა აღარ მოხდება. იქამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ კარგზეც და ცუდზეც, ღირებულზე თუ ნაკლებ ღირებულზე — მთავარი ისაა, რომ ეს პროცესი დაწყებულია, ძვრები შესამჩნევია და ქალების ხმები უფრო და უფრო მეტად ისმის. არასწორი იქნებოდა ის, რომ ქალები ეცადონ, ისე წერონ, როგორც დაწერდა კაცი, მიამსგავსონ სტილი თუ სათქმელი. არა, ეს ასე არ უნდა მოხდეს. ახლა უნდა ამოივსოს ის დანაკლისი, რომელიც ასწლეულებია არსებობს და დიდი დრო კი დაგვჭირდება, თუმცა მისასალმებელია პერმანენტულად მუშაობა იმ სხვაობის აღმოფხვრაზე, რაც ქალებისთვის მრავალი წლის განმავლობაში ნაკლები შესაძლებლობის, ასპარეზის მიცემის გამო არსებობს.

— არაერთ ინტერვიუში გისაუბრიათ, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოების მთავარი პრობლემა, რაც წინსვლაში ხელს გვიშლის, ისაა, რომ წარსული არ გვაქვს გააზრებული. სად, რა მდგომარეობაში ვართ ახლა და თქვენი აზრით, ბოლო 10-15 წლის მანძილზე მცირე პროგრესის გზას მაინც თუ დავადექით? 

ჩემთვის ბევრად მარტივი იყო სტალინზე მასალების მოძიება, ვიდრე ამ უახლეს წარსულზე. ეს ყოველივე მაფიქრებინებს, რომ დიდი დეფიციტები არსებობს, რომლებიც უნდა შეივსოს.

ვფიქრობ, რომ პროგრესი არის ძალიან მწირი, ძნელად შესამჩნევი და ფარავს საზოგადოების ძალიან მცირე წრეს, არ არის ტოტალური. წარსულის გადაფასება არ მომხდარა და ახლაც ვერ ვატყობ, რომ მსგავსი პროცესები მიდის. ხშირად ამას იმით ვამართლებ, რომ როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, თუნდაც მძიმ სოციალური პრობლემები, ეგზისტენციალურ თემებზე ფიქრი ფუფუნებაა, რადგან როცა იმაზე დარდობ, შვილს რა აჭამო, არ გაქვს დრო, რომ გაიაზრო წარსული, ისტორია, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ. მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაიწყოს იმ წერტილებში, იმ სივრცეებში მაინც, სადაც ამის ფუფუნება მეტად არსებობს. პირველ რიგში, გულდასაწყვეტია, რომ 30 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა განათლების რეფორმა. სკოლაში თუნდაც საბჭოთა კავშირის შესახებ რაც ისწავლება, ზერელეა, ამიტომ ადამიანებმა არ იციან ბევრი რამ ჩვენს უახლოეს წარსულზე. მაგალითად, მეც ბევრი კითხვა მქონდა, როცა აქედან წავედი და იქ ცხოვრებისას გავაცნობიერე, რამდენად დიდი დეფიციტი მქონდა. კი, შეიძლება არ იყო ეს თემები ბოლომდე ტაბუდადებული, თუმცა ჩვენს ყურადღებას არ მიმართავდნენ ამისკენ, არ გვასწავლიდნენ და ისტორიები ოჯახის წევრების, ბებია-ბაბუების მიერ მოყოლილ ამბებზე იყო დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ როცა დავიბადე და სკოლაში შევედი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, ცოდნა, რომელიც მქონდა, მაინც ფრაგმენტული იყო, თანაც, მაშინ ბავშვი ვიყავი და ბევრი რამე ასე ცხადად არ მახსოვს. ამ დეფიციტის შევსების დიდი წყურვილი მქონდა და რაღაც დოზით შევსება, მათ შორის, ჩემი ნაწარმოებების საშუალებით ვცადე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებას გააზრებული არ აქვს წარსული. თუნდაც, 90-იან წლებს რომ შევეხოთ, ჩემი ბოლო რომანი [უკმარი სინათლე — ნაწარმოების ქართულენოვან თარგმანზე მაია ფანჯიკიძე მუშაობს და წიგნს გამომცემლობა ინტელექტი გამოსცემს] სწორედ ამ პერიოდზეა. უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს ხარისხიანი სამეცნიერო, ისტორიული მასალები, მაგალითად, აფხაზეთის ომებზე და ამის თქმისას Youtube ვიდეოებს, ფრაგმენტებს, კადრებს არ ვგულისხმობ. აუცილებელია სამეცნიერო და ისტორიული მასალების სიმრავლე, სადაც არ იქნება ინტერპრეტაცია, ფაქტები იქნება მოყოლილი, სრული სურათის დანახვა შეგვეძლება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ისტორიები, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის მტკივნეულია და ამ ამბების მოყოლაც აუცილებელი, თუმცა ობიექტური ფაქტების მიგნება ძალიან რთულია. ჩვენ ამ დროის მომსწრეები ვართ და მაინც, ჩემთვის ბევრად მარტივი იყო სტალინზე მასალების მოძიება, ვიდრე ამ უახლეს წარსულზე.

ეს ყოველივე მაფიქრებინებს, რომ დიდი დეფიციტები არსებობს, რომლებიც უნდა შეივსოს. აქამდეც მიხსენებია და გავიმეორებ, რომ მაგალითად, გორში სტალინის მუზეუმის ამ ფორმით არსებობაზე დიდი სკანდალი ვერ წარმომიდგენია რა უნდა იყოს — იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს იმის ამბიცია, რომ ევროპული ფასეულობებით ცხოვრება უნდა. მე მუზეუმის არსებობის ფაქტს კი არ ვებრძვი, უბრალოდ არ შეიძლება მისი შენარჩუნება იმ ფორმით, რომლითაც აშენდა. ეს მდგომარეობა პირველ რიგში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა მგონია, რადგან თუ ღიად ვაფიქსირებთ ევროპულ გეზს, ეს არ უნდა ხდებოდეს. ხელოვნებაში თითქოს უფრო შესამჩნევია გააზრების მცდელობა, თუმცა არა ისე, როგორც ეს გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, როცა საზოგადოება იძულებული გახდა, რომ კონფრონტაცია გამოეცხადებინა და პასუხისმგებლობაც ეკისრა. 

— დღევანდელ დღემდე, მუდმივად ვიგებთ ქალებზე ძალადობის, მკვლელობის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრებზე, სექსუალური და გენდერული იდენტობის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსის ადამიანებზე ძალადობის ფაქტებს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გავთავისუფლდეთ ამ ხელშესახები ჩაგვრის მდგომარეობისგან, რომელიც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის? 

Dina Oganova

პირველ რიგში, კანონის აღსრულებით, თანასწორი მიდგომების დანერგვით, რაც პოლიტიკოსების უპირველესი, უმთავრესი დანიშნულებაა. კანონის არსებობა, დაცვა და მისი აღსრულება არის უმთავრესი. მაგალითად, გერმანიაშიც შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჰომოფობი, რასისტი, ზოგადად მოძალადეები არიან, მაგრამ იშვიათია ფაქტი, როცა ადამიანი გადაწყვეტს, რომ ადგეს და ვინმეს ქვები დაუშინოს, თავს დაესხას. მან იცის, რომ ის საკუთარი საქციელის გამო ციხეში აღმოჩნდება, პასუხს აგებს და ამის შიში ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს აქვს. თუნდაც, რამდენი ქალი აფარებს პარტნიორს ხელს და ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, გამოდის, რომ მცდელობათა უმეტესობა სწორ დანიშნულებამდე ვერ აღწევს ან ადამიანებს არ აქვთ უკეთესობის იმედი. ეს მდგომარეობაც საბჭოთა დროიდან არის გამოყოლილი.

მოწყვლად ჯგუფებს არ აქვთ იმედი, რომ სახელმწიფო მათ დაიცავს და ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რადგან თანამედროვე სამყაროში ეს ასე არ უნდა იყოს. გასაგებია, რომ ტრაგიკული გზა გვაქვს გამოვლილი, ეს ისტორია ჩვენთვის ჯერ კიდევ არაა დასრულებული და ჯერაც საკუთარი იდენტობის დაბრუნების პროცესში ვართ, მაგრამ თუ ევროპული გეზი გვაქვს აღებული, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მთავარი ევროპული ფასეულობა, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს, ისაა, რომ ადამიანები ვართ თანასწორი. ჩემი პირადი სიმპათიისა და ანტიპათიის გამო უფლება არ მეძლევა, რომ სხვა დავაზიანო. აქ ეს იდეა კიდევ არ გვაქვს გათავისებული, რაღაცნაირად ინფანტილურად ვუდგებით. ხშირად მაქვს მოსმენილი ასეთი ფრაზაც: “რა მოხდა მერე, ხელი წაუცდა”. ქმედებებს არ ეძლევა ადეკვატური შეფასება.

ხილვადობაზე თუ ვილაპარაკებთ, გავრცელებულია მოსაზრება, რატომ გამოდიან და რატომ საუბრობენ ადამიანები საკუთარ პრობლემებზე — ესეც არაჯანსაღი, არასწორი დამოკიდებულებაა. ეს პრობლემა ეხება ეთნიკურ ჯგუფებს, სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს თუ ლგბტქი ადამიანებს. ინფორმაციის ქონა და კანონის აღსრულება ხელს უწყობს, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს მოწყვლად ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევები. ბაღიდან, სკოლიდან, ყველა სივრცეში უნდა ხდებოდეს იმის შეგონება, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს გვაქვს თანაბარი უფლებები. აშკარად შესამჩნევია ეს დაყოფა. მაგალითად, თბილისში ისე ცხადად იგრძნობა ეს განსხვავება, სნობიზმი, ელიტისკენ ლტოლვა, რომ საზოგადოების სხვადასხვა ფენას, ჯგუფს შორის მაკრატელი ფართოდ არის გახსნილი, უზარმაზარი ხრამია, რომელიც ადამიანების გაუცხოებას იწვევს. შეიძლება ადამიანები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, მაგრამ მეორე ადამიანის გასაჭირი არ ეხებათ, რადგან არ გვინდა სხვის პრობლემაზე ვიფიქროთ.

მე იმედს მაძლევს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და იზრდებიან, ინტერნეტზე წვდომა აქვთ, ბევრად თანამედროვედ ფიქრობენ. მათ აქვთ წვდომა იმ რესურსებზე, რაზეც ბევრ სხვას არა, მაგრამ სანამ თანასწორობის გააზრების საერთო მდგომარეობამდე მივალთ, აუცილებელია კანონის ძალა. მე ვიღაცის კეთილგანწყობის იმედად ვერ ვიქნები, თუ არ მიცავს სახელმწიფო, ჩემ მიერ არჩეული მთავრობა, მაშინ ის უვარგისია. სამწუხაროდ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, რომ მთავრობას ეს საკითხები არ ადარდებს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული კანონები, მას არ აქვს ისეთი ძალა, რომ ვიღაცის შემაფერხებლად იქცეს. გერმანიაში ეს ასე არ მოხდება და კანონი ადამიანს აუცილებლად დაიცავს. 

— დაბოლოს, გერმანულენოვან და ქართულენოვან თეატრში მუშაობის გამოცდილება გაქვთ. როგორ განსხვავდება დადგმა იქ და აქ. ასევე, რა განსხვავება არსებობს მაყურებელს შორის? 

ესეც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მსახიობებზე. ზოგს სჭირდება ბევრად ტექნიკური მიდგომა, ფსიქოლოგიურად შემზადება. რაც შეეხება მაყურებელს, ბევრად უკეთ ვიცნობ გერმანულ აუდიტორიას, მაგრამ ხშირად მაბნევს, როცა ადამიანები დარბაზში ტელეფონებით სხედან. ჩემთვის ეს დიდი სკანდალი, უპატივცემულობა, აღმაშფოთებელი ქცევაა. ეს მაკვირვებს, რადგან თითქოს საწინააღმდეგოდ უნდა ყოფილიყო. ქართველი მაყურებელი თითქოს უფრო თავშეკავებულია, არადა წარმომედგინა, რომ ეს პირიქით უნდა ყოფილიყო. ითვლება, რომ ქართველი მაყურებელი მკაცრია და მაღალი სტანდარტი აქვს. შეიძლება ეს ასეც არის, არ ვიცი. წინა სპექტაკლს, მსახურთა შემოდგომას ვესწრებოდი და აღშფოთებული ვიყავი, რომ სპექტაკლის პარალელურად ტელეფონის ეკრანები ციმციმებდა, ფოტოებს იღებდნენ თუ ინსტაგრამზე შედიოდნენ. ამ ქცევის ვერც აზრს, ვერც დანიშნულებას ვხვდები. ეს დიდი უკულტურობა, სცენაზე მდგომი ადამიანისადმი უპატივცემულობა.

არავინ აძალებს ადამიანს სპექტაკლზე მისვლას, ყველა თავისი ნებით ყიდულობს ბილეთს და სპექტაკლს ესწრება, ამიტომ მუდამ მაბნევს ადამიანების მსგავსი ქცევა. ამის გამო ყოველთვის შინაგანი კონფლიქტი მაქვს და მინდა უკეთ მოვიხელთო ქართველი მაყურებლის რეაქცია. გერმანელი მაყურებელი ბევრად ღიად გამოხატავს, როცა რაღაც არ მოსწონს ან აღფრთოვანებულია. იცინიან, ტირიან, აღშფოთდებიან ან ტაშით გამოხატავენ რეაქციას, საქართველოში კი ყოველთვის ერთგვარია დამოკიდებულება. მახსოვს ბავშვობაში ქართულ თეატრში სიარულიც, მაგრამ მაინც ნაკლებად ვიცნობ ქართულ სივრცეს. თუმცა მე, როგორც მაყურებელი, ცოცხალი ვარ და ღიად ვრეაგირებ, თეატრის ხიბლიც ესაა და აქ ყოფნისას მუდამ მენატრება ეს ღიაობა, ცოცხალ პროცესში მაყურებლის თანამონაწილეობა. თითქოს გარკვეული თვითცენზურის გამო იკავებენ თავს, ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება.

___________

მართალია, ფედრას პრემიერის ბილეთები უკვე გაიყიდა, მაგრამ ნინო ხარატიშვილის ახალი სპექტაკლის ნახვას ნოემბრის მიწურულსაც შეძლებთ.

პიესა, რომელშიც მთავარ როლებს ისევ ნინო ბურდული, ნატუკა კახიძე და ნატა მურვანიძე ასრულებენ, ადამიანის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ ნორმებს შორის ურთიერთკავშირისა და პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციის მეშვეობით მოგვითხრობს. სპექტაკლის სცენოგრაფიაზე იულია ბ. ნოვიკოვამ იზრუნა, კოსტიუმებზე გუნა მაიერმა, ხოლო ორიგინალური სიმღერა ღიად ლესბოსელმა მუსიკოსმა თინათინ ნოღაიდელმა, სასცენო სახელით Rémmée-მ შექმნა.

„ფედრა, ათენის მეფის, თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა: საკუთარი თავი“, — აღნიშნულია სამეფო უბნის თეატრის მიერ გამოქვეყნებული აფიშის აღწერაში.