ოქტომბერი 2022

სემ სმიტი და კიმ პეტრასი ბილბორდის ასეულის ლიდერები გახდნენ

ინგლისელი მომღერალი სემ სმიტი და გერმანელი პოპ შემსრულებელი კიმ პეტრასი ისტორიაში შევიდნენ და გახდნენ პირველი ღიად არაბინარული და ტრანსგენდერი არტისტები, რომლებიც ერთობლივი სიმღერით “Unholy” ბილბორდის ჩარტების ასეულის სათავეში მოხვდნენ.

“Unholy” მეორე სიმღერაა სემ სმიტის მეოთხე სტუდიური ალბომიდან “Gloria”, რომელიც იანვარში გამოვა. სიმღერა ჩარტების სათავეში გასულ თვეს მოხვდა და იუთუბზე 35 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კიმ პეტრასისთვის “Unholy” პირველი სიმღერაა, რომლითაც ბილბორდის ჩარტების ასეულში შევიდა. ის იმედოვნებს, რომ უკანასკნელი ტრანსგენდერი შემსრულებელი არაა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური რეიტინგის პირველობას მიაღწია. მომღერალი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ტრანსგენდერი შემსრულებლები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევდა.

კომპოზიციის “Unholy” ნაწყვეტი სმიტმა ჯერ კიდევ აგვისტოში, ტიკტოკის საშუალებით გააზიარა, რის შემდეგაც ვირუსულად გავრცელდა.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი ჰომოფობიური ღონისძიების ჩატარებას უარყოფს

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი უარყოფს ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჰომოფობიურად განწყობილ მოწვეულ სპიკერთან, ნათია ქოლუსისთან ერთად განიხილეს თემა: „ლგბტ მოძრაობა, მისი მხარდამჭერობიდან მოწინააღმდეგეობამდე“.

ონლაინ შეხვედრის ჩატარების შესახებ ინფორმაცია Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ ორგანიზაციის სამუშაო ჩატიდან მიაწოდა. 

ქვიარი საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს დაუკავშირდა, ორგანიზაციამ აღნიშნული ღონისძიების ჩატარება უარყო.

თავად ნათია ქოლუსიმ კი Facebook-ზე დაწერა — „სტუდენტურ პარლამენტს აქენსელებენ ეხლა იმიტომ, რომ მე მომიწვიეს სპიკერად“.

საქართველოს პარლამენტში ქვიარს უთხრეს, რომ სტუდენტურ პარლამენტს მათთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საფრანგეთმა ლგბტქი უფლებების განმტკიცებისთვის ქვეყნის ისტორიაში პირველი ელჩი დანიშნა

საფრანგეთმა ლგბტქი უფლებების განმტკიცებისთვის ქვეყნის ისტორიაში პირველი ელჩი დანიშნა. ჟან-მარკ ბერტონი ლგბტქი უფლებებს საერთაშორისო დონეზე დაიცავს.

„ის ჰომოსექსუალობის საყოველთაო დეკრიმინალიზაციას შეუწყობს ხელს“, — აღნიშნა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა ჯერ კიდევ აგვისტოში, როცა ახალი თანამდებობის შექმნა დააანონსა.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Amnesty International-ის ლგბტქი გამოწვევებზე პასუხისმგებელმა პირმა, სებასტიენ ტულერმა ელჩის არჩევას სასიამოვნო სიახლე უწოდა, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ „ახლა აუცილებელია რესურსების სწორად გადანაწილდეს და ამბიციურ სამოქმედო გეგმას გონივრულად მოხმარდეს“.

ჟან-მარკ ბერტონს „მოქცევის თერაპიის“ გაუქმებისთვის, თავშესაფრის მაძიებელ ლგბტქი ადამიანებთან და ინკლუზიური ადმინისტრაციული მოწყობისთვის მუშაობის გამოცდილება აქვს და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უფროსი მრჩეველი იყო ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

წყარო: Têtu

ქვიარ სექსის საუკეთესო სცენები სატელევიზიო შოუებიდან

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სატელევიზიო სივრცეში ძალიან ბევრი სერიალი გაჩნდა, რომელშიც ქვიარ თემატიკა წინა პლანზეა წამოწეული. თუ ადრე ქვიარ პერსონაჟების რეპრეზენტაცია სატელევიზიო პროდუქტებში არასწორი კუთხიდან, ან ცალმხრივად ხდებოდა, დღეს ეს პრობლემა ნაკლებად აქტუალურია.

გთავაზობთ სექსის 12 საუკეთესო სცენას სატელევიზიო შოუების ისტორიიდან.

იანი და მიკი — უსირცხვილო

„უსირცხვილო“ 2011 წლის ამერიკული სერიალია, რომელიც ამავე სახელწოდების ბრიტანული სერიალს ეფუძნება და გვიამბობს დისფუნქციური ოჯახის, გალაჰერების და მათი მამის, ფრენკის ისტორიას.

კომედიის, სატირის და დრამის ნაზავი სერიალი 10 წლის განმავლობაში გადიოდა მცირე ეკრანებზე და მაყურებელმა გალაჰერების ოჯახის არაერთი დაუვიწყარი ისტორია იხილა, მათ შორის, იან გალაჰერის და მიკი მალკოვიჩის სიყვარულის ისტორია, მათი სექსის შეულამაზებელი და ხშირ შემთხვევაში ბრუტალური სცენები კი მართლაც გამორჩეულია სატელევიზიო შოუების ისტორიაში.

ოდრი, აკი და მაქსი — ჭორიკანა

„ჭორიკანა“ HBO Max-ის 2021 წლის სერიალია, რომლის ერთი სეზონი მაყურებელმა უკვე იხილა. სერიალი ამავე სახელწოდების გვიანი 2000-იანების საკულტო სერიალს ეფუძნება, რომელიც მანჰეტენზე მცხოვრები მდიდარი მოზარდების ცხოვრებაზე გვიამბობს.

CW საკულტო სერიალის რიმეიქში მოქმედება თითქმის ათი წლის შემდეგ ვითარდება და მაყურებელი თვალს ადევნებს, რამდენად შეიცვალა ცხოვრება ნიუ იორკში სერიალის ფინალური ეპიზოდების შემდეგ და რამდენად შემოიჭრა სოციალური ქსელები მოზარდების ყოველდღიურობაში. სერიალში ასევე მრავლად გვხდება სექსის თამამი სცენები და ქვიარ პერსონაჟები.

 ლილი და ოლა — სექსუალური განათლება

„სექსუალური განათლება“ Netflix-ის 2019 წლის ბრიტანული სერიალია, რომელიც მორდეილის უმაღლესი სკოლის მოსწავლეების ისტორიას და მათ სექსუალურ მოგზაურობაზე გვიამბობს.

სერიალმა, რომელიც გამოირჩევა გულწრფელობით, იუმორით, დივერსიული პერსონაჟებით და მწვავე თემების წამოჭრით, არაერთი დასამახსოვრებელი ქვიარ სექს სცენა შესთავაზა მაყურებელს, თუმცა გამორჩეული მაინც ოლის და ლილის ისტორიაა, რომლებიც პირველი ორი სეზონის განმავლობაში მეორეხარისხოვანი გმირები იყვნენ, თუმცა გასულ სეზონში მათი ისტორია უფრო წინა პლანზე წამოიწია.

 რუ და ჯულსი — ეიფორია

„ეიფორია“ HBO-ს 2019 წლის გახმაურებული სერიალია, რომელიც ფიქციურ ქალაქში მცხოვრები მოზარდების რთულ და წინააღმდეგობრივ ცხოვრებაზე გვიამბობს. ცენტრალურ გმირებად კი ნარკოდამოკიდებული რუ  და ტრანსგენდერი ჯულსი გვევლინებიან.

სერიალი, რომელიც გამოსვლის დღიდან გამოირჩევა თამამი სცენების სიუხვით, იდეალურად წარმოაჩენს ქვიარ ურთიერთობების თავისებურებებს. ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ კი მეორე სეზონის ერთ-ერთი სერია შეიძლება მოვიშველიოთ, სადაც ნაჩვენებია რუს და ჯულსის სექსის სცენა.

პრეიტელი და რიკი — პოუზი

„პოუზი“ რაიან მერფის 2018 წლის სერიალია, სადაც მოქმედება 80-იანი წლების ნიუ-იორკში, ბოლრუმის გარშემო ვითარდება, ცენტრალურ გმირებად კი ძირითადად ფერადკანიანი ტრანსგენდერი ადამიანები გვევლინებიან, რომლებიც შიდსის ეპიდემიის კვალდაკვალ ცდილობენ გადარჩენას.

“პოუზი”, რომლის სამი სეზონი მაყურებელმა უკვე იხილა, ერთ-ერთი გამორჩეული ქვიარ სერიალია, სადაც მაქსიმალური სიზუსტით არის ნაჩვენები დრეგ კულტურისა და ბალის ისტორია, ხოლო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, პრეიტელის და მისი შეყვარებული კაცის სექსის სცენა კი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ სატელევიზიო ისტორიაში ქვიარ სექსის საუკეთესო სცენად.

ანდერი, ომარი და პატრიკი — ელიტა

„ელიტა“ ნეტფლიქსის 2018 წლის ესპანურენოვანი სერიალია, რომლის ხუთი სეზონი მაყურებელმა უკვე იხილა. სერიალი ესპანური ელიტარული სკოლის მოსწავლეების სისხლით, ვნებებითა და ინტრიგებით სავსე ისტორიას გვიამბობს.

ტრილერის ჟანრის სერიალი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქვიარ პერსონაჟების სიუხვითაც გამოირჩევა. 40 სერიისგან შემდგარი სერიალის ბოლო, მეხუთე სეზონი სტრიმინგ სერვისზე მიმდინარე წლის აპრილში გამოვიდა და ფანებმა ერთ-ერთ სცენაში, სერიალის ცენტრალური გმირების, ანდერის, ომარის და პატრიკის საშხაპის სექსის კადრებიც იხილეს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ანდერის წარმოსახვაში ხდებოდა.

ნაომი და ამანიტა — Sense8

Sense8 ლანა და ლილი ვაჩოვსკების 2015 წლის ამბიციური პროექტია. მაყურებელმა სერიალის ორი სეზონი იხილა. Sense8 გვიამბობს 8 ადამიანის ისტორიას, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ და ერთმანეთთან ზებუნებრივი ძალებით არიან დაკავშირებულები.

სხვადასხვა ინტერვიუში საუბრისას, დები ვაჩოვსკები აღნიშნავენ, რომ სერიალი ერთგვარი მცდელობა იყო, სატელევიზიო სივრცეში გაჩენილიყო გენდერზე, იდენტობაზე და სექსუალობაზე საუბრის აუცილებლობა, მათ სურდათ მაყურებლისთვის ეჩვენებინათ, რამდენად დაკავშირებულები არიან ადამიანები ერთმანეთთან, მიუხედავად მანძილისა და დროისა. სერიალი ქვიარ პერსონაჟების სწორი რეპრეზენტაციით და ქვიარ სექსის სიუხვითაც გამოირჩევა.

სალიმი და ჯინი — ამერიკელი ღმერთები

„ამერიკელი ღმერთები“ 2017 წლის სერიალია, რომელიც გახმაურებული ბრიტანელი ავტორის, ნილ გეიმანის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება. ფენტეზის ჟანრის სერიალს უძველესი მითები და ლეგენდები უდევს სათავედ და გვიამბობს შემზარავ ომზე ახალ და ძველ ღმერთებს შორის.

სერიალში ცენტრალურ გმირად შედოუ მუნი გვევლინება, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩენს, რომ ცოლი გარდაიცვალა, სახლში დაბრუნება არც ისე მარტივია, სამყარო ძალიან შეცვლილია და გარშემო ბევრი ამოუხსნელი და მისტიკური მოვლენა ხდება. სერიალი გამოირჩევა ძალადობისა და სექსის სცენებით. ერთ-ერთი ასეთი სცენა სალიმის და ტაქსის მძღოლად მოვლენილი უძველესი მითიური არსების, ჯინის სექსის სცენაა. სპეცეფექტებით გაჯერებული სექსის სცენა ერთ-ერთი შთამბეჭდავია სატელევიზიო შოუების ისტორიაში.

ჯეისონი და ერიკი — ნამდვილი სისხლი

„ნამდვილი სისხლი“ HBO-ის 2008 წლის სერიალია, რომელიც ფიქციური სამყაროს შესახებ გვიამბობს, სადაც ვამპირები ადამიანებთან ერთად მალვის გარეშე ცხოვრობენ. სერიალის მთავარ პერსონაჟად კი სუკი გვევლინება, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად ფერიაა. საკულტო სერიალში მრავლად შეხვდებით სხვა მითიურ არსებებსაც.

სერიალი, რომელიც მცირე ეკრანებზე 2008-2014 წლებში გადიოდა, ვამპირების თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და სვამს კითხვას, რამდენად შეუძლიათ თანაცხოვრება სისხლისმსმელ მითიურ არსებებს და ადამიანებს. სერიალში ასევე საინტერესოდ არის წარმოჩენილი ქვიარ პერსონაჟები და ქვიარ სექსი.

 პაიპერი და ალექსი — ნარინჯისფერი ახალი შავია

„ნარინჯისფერი ახალი შავია“ ნეტფლიქსის 2013 წლის სერიალია, რომელიც პაიპერ კერმანის მემუარებს ეფუძნება და გვიამბობს ქალთა საპატიმროს ისტორიებს. სერიალი, რომლის 7 სეზონი იხილა მაყურებელმა, დაუფარავად გადმოგვცემს ამერიკის ქალთა საპატიმროებში გაბატონებულ სისასტიკეს.

არაერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი სერიალი 30 წელს გადაცილებული პაიპერის ისტორიას გვიამბობს, რომელიც ყოფილი შეყვარებულის დამსახურებით ლიჩფილდის საპატიმროში ამოყოფს თავს, რის შემდეგაც მაყურებელი ციხეში მყოფი ქალების ისტორიებს ეცნობა. სერიალი გამოირჩევა ლესბოსური სექსის შეულამაზებლად და გადამეტებული რომანტიზების გარეშე წარმოჩენით.

ემილი და სუ — დიკინსონი

„დიკინსონი“ Apple TV-ის 2019 წლის სერიალია, რომლის სამი სეზონი იხილა მაყურებელმა. სერიალი კლასიკოსი ამერიკელი პოეტის, ემილი დიკინსონის მოზარდობის წლებზე გვიყვება და მის პიროვნებას ახალი პერსპექტივიდან გვაჩვენებს.

სერიალში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება და გვიამბობს მოზარდი ემილი დიკინსონის ისტორიას, რომელსაც უჭირს საზოგადოებასთან ერთად თანაცხოვრება და უსწრებს დროს. სწორედ ამიტომ, ავტორი თავს პოეზიას აფარებს. სერიალში ასევე იდეალურად არის გადმოცემული ემილისა და მისი ძმის ცოლის, სუ გილბერტის სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც მესამე სეზონის ერთ-ერთ სერიაში სექსის სცენითაც დაგვირგვინდა.

რიჩის პირველი სექსი — It’s a Sin

It’s a Sin 2021 წლის ბრიტანული მინი სერიალია, რომელიც სულ ხუთი სერიისგან შედგება და გვიჩვენებს ბრიტანეთში განვითარებულ მოვლენებს გასული საუკუნის 80-იან წლებში, შიდსის ეპიდემიის კვალდაკვალ.

სერიალი, რომელშიც მთავარ როლში ქვიარ მსახიობი, ოლი ალექსანდერი გვევლინება, იდეალურად ასახავს, თუ როგორ გავრცელდა უცნობი ვირუსი ქვიარ საზოგადოებაში და როგორი იყო მაშინდელი საზოგადოების დამოკიდებულება ახალ ვირუსთან. სერიალში მრავლად შეხვდებით სექსის სცენებს, ერთ-ერთი გამორჩეული კი ოლი ალექსანდერის გმირის, რიჩის სექსის სცენებია.

Civil Rights Defenders-მა თბილისში ოფისი გახსნა

ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ, Civil Rights Defenders-მა თბილისში ოფისი გახსნა. როგორც საქართველოსა და უკრაინის პროგრამის ხელმძღვანელი, თამარ კიკაჩეიშვილი ქვიართან ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებების მიმართულებით ქვეყანაში საკმაოდ ცუდ ტენდენციებს ხედავენ, იმუშავებენ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე.

“მათ შორის, ქალების უფლებები, ქალთა გაძლიერება, ლგბტქი თემის გაძლიერება, ასევე, დემოკრატიასთან დაკავშირებული სხვადასხვა რეფორმა და ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ამ რეფორმებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოფისის ზუსტად ახლა გახსნა, რადგან ვხედავთ, როგორი შეტევაა მედიაზეც. ერთ-ერთი მიმართულება იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაც. საკმაოდ მრავალფეროვანი პროფილი გვექნება და იმედი გვაქვს, გავაგრძელებთ იმას, რისი კეთებაც ამ ორგანიზაციამ 40 წლის წინ დაიწყო და რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს”, — ამბობს კიკაჩეიშვილი.

ამ დროისთვის Civil Rights Defenders საქართველოში ხუთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), თანასწორობის მოძრაობას, ქართული მედია ჯგუფი, რადიო მოზაიკა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი.

თანასწორობის მოძრაობის დირექტორი, დავით კახაბერი ქვიართან ამბობს, რომ Civil Rights Defenders ორგანიზაციას უსაფრთხოების პროტოკოლების მიმართულებით ეხმარება.

“გამომდინარე იქიდან, რაც ვნახეთ გასულ წელს, თბილისი პრაიდის ოფისის დარბევას ვგულისხმობ, გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად შეგვეცვალა პოლიტიკა და Civil Rights Defenders ზუსტად ამ მიმართულებით გვეხმარება. განვაახლეთ უსაფრთხოების პროტოკოლები, რაც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, საველე სამუშაოებს, დოკუმენტების შენახვას ისე, რომ არ ყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის და კიბერ უსაფრთხოებას. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, არასდროს ხარ დაზღვეული, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც 5 ივლისს მოხდა თბილისი პრაიდის შემთხვევაში. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ თემის ბევრ წევრს ვაწვდით სხვადასხვა სახის სერვისს, თანასწორობის მოძრაობაში, მართალია მინიმალური, მაგრამ საკმაოდ სენსიტიური ინფორმაცია გროვდება ხოლმე და ბენეფიციარებისთვის ჩვენი სანდოობა გაცილებით უფრო იზრდება, როცა იციან, რომ ყველა ის ინფორმაცია დაცულია და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ როგორი ფორსმაჟორიც არ უნდა იყოს, ეს ინფორმაცია ვერავის ჩაუვარდეს ხელში”, — აღნიშნავს დავით კახაბერი.

ქართული მედია ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო ჩიფჩიური ამბობს, რომ ორგანიზაცია 2014 წელს, გორში დააფუძნეს და უშუალოდ კონფლიქტებზე და ომით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად მუშაობენ.

“გასულ წელს, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა Civil Rights Defenders, გვქონდა 6-თვიანი პროექტი, სადაც საოკუპაციო ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები 30-მდე ქალი გადავამზადეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რადგან ამ ადამიანებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რითაც, მაგალითად, ქალ მეწარმეებს, ასევე, ომით დაზარალებულ მოქალაქეებს შეიძლება ესარგებლათ. ახლა ამ ადამიანებმა დაიწყეს ბიზნეს გეგმები, სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა თუ საკუთარი ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ეს არის მნიშვნელოვანი ხმა, როგორც ქალი ლიდერების”, — ამბობს ნინო ჩიფჩიური.

Civil Rights Defenders 1982 წელს დაფუძნდა, როგორც შვედეთის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კომიტეტი. დღეისთვის ორგანიზაცია თანამშრომლობს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე.

გეი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი კატარში დაგეგმილი პროტესტისას დააკავეს

ბრიტანელი გეი უფლებადამცველი, პიტერ ტეტჩელი კატარის პოლიციამ დააკავა, რადგან ლგბტქი ურთიერთობების კრიმინალიზების საპროტესტო აქციას გეგმავდა. კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე ეროვნულ მუზეუმთან დაგეგმილი პროტესტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინმსწრები აქტივობაა და ხალხის ყურადღებას ქვეყანაში არსებული საშიში კანონმდებლობისკენ მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე 1,2 მილიონ ვიზიტორს ელოდებიან.

როიტერის ცნობით, ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მათ ტეტჩელს ბანერი ჩამოართვეს და აქტივისტის და მისი თანმხლები პირების პასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს ფოტოები გადაუღეს.

ტეტჩელის თქმით, ის და მისი კოლეგა, საიმონ ჰარისი, რომელიც საპროტესტო აქტივობას იღებდა, პოლიციამ მცირე დროით დააკავა კიდეც.

„უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არამარკირებული მანქანით მოვიდნენ და ფოტოების გადაღება დაიწყეს. დაახლოებით 5 წუთში პოლიციაც გამოჩნდა, ბანერი ჩამომართვეს და ჩემი გამოკითხვა დაიწყეს. შენიშნეს, რომ ჩემი კოლეგა ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და ტელეფონი ჩამოართვეს, წაშალეს ფოტო-ვიდეო მასალა. ჩამოგვართვეს პასპორტები და თვითმფრინავის ბილეთები. ადგილის დატოვების ან პროტესტის გაგრძელების უფლებას არ გვაძლევდნენ. ძალადობრივ ან მუქარისშემცველ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ცხადად გვაგრძნობინეს, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა“, — აღნიშნა ტეტჩელმა.

პიტერ ტეტჩელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატარის ხელისუფლება უარყოფს.

„პიტერ ტეტჩელის ფონდის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ინდივიდი მოძრაობას აფერხებდა, ამიტომ პროფესიული წესების დაცვით მოსთხოვეს, რომ ტროტუარზე დამდგარიყო, დაკავებას ადგილი არ ჰქონია“, — განაცხადა კატარის ხელისუფლების პრესსამსახურმა.

კატარის კანონმდებლობა კრძალავს კაცებისა და ქალების ჰომოსექსუალურ კავშირებს, ზრდასრული ადამიანების ნებაყოფლობითი სექსი 1-დან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

„კატარი ლგბტქი ადამიანებს აპატიმრებს, საპყრობილეში კეტავს და მათ „მოქცევას“ ცდილობს. #კატარიანტიგეია“, — აღნიშნული იყო საპროტესტო ბანერზე, რომელიც, პიტერ ტეტჩელის ფონდის განცხადებით, კატარში ჩატარებული პირველი ლგბტქი პროტესტის ნაწილი იყო.

პიტერ ტეტჩელის საპროტესტო დემონსტრაციის ჩაშლა კატარის ხელისუფლების უფლებადაცვითი აქტივობების საწინააღმდეგო პოლიტიკასა და უთანასწორო მდგომარეობას ცხადყოფს.

„კატარის მოქალაქე ფეხბურთელმა ქამინგაუთი რომ გადაწყვიტოს, სავარაუდოდ, დააკავებენ და კატარის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას მოუსპობენ. ეს დისკრიმინაციაა, რაც ფიფას წესებთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ასოციაცია არაფერს აკეთებს“, — აღნიშნა ტეტჩელმა.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად არჩევას უფლებადამცველთა და ფეხბურთის ფანების კრიტიკა მოჰყვა. ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კატარის არაადამიანური პოლიტიკის ირიბი გამართლებაა.

წყარო: The Guardian

კვლევა გენდერული კვოტების შესახებ — თეორია და პრაქტიკა საქართველოში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამისა და გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კვლევა “სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის ანალიზი: 2020 და 2021 წლების არჩევნების თეორია და პრაქტიკა საქართველოში”.

კვლევა მიზნად ისახავდა სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმის და მისი პრაქტიკაში აღსრულების შესწავლას, არსებული პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენასა და სავალდებულო გენდერული კვოტების მიღების შემდეგ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას.

კვლევამ არჩევნებამდე არსებული მდგომარეობა, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი შეაფასა და ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები ჩამოაყალიბა:

  • გენდერული თანასწორობა, მათ შორის, პოლიტიკაში ქალების როლის გაძლიერება საზოგადოების მოთხოვნაა;
  • პოლიტიკურ პარტიებში სავალდებულო გენდერული კვოტის მიმართ დამოკიდებულება, ზოგადად, დადებითია;
  • პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ან სუსტად აქვთ გაწერილი და დანერგილი შიდაპარტიული გენდერული პოლიტიკა;
  • გამოწვევად რჩება სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედების ვადა;
  • გამოწვევად რჩება სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორცია;
  • პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ქალი კანდიდატების მოძიების, მოზიდვის, ჩართვის და დაწინაურების მკაფიოდ გაწერილი წესები, რაც თავისთავად აფერხებს მეტი ქალის ჩართვას პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  • ქალი კანდიდატების/პოლიტიკოსებისთვის საჯაროობა განსაკუთრებით რთულია;
  • პოლიტიკური პარტიებისთვის გამოწვევად რჩება არასაარჩევნო პერიოდში პარტიის ყოველდღიური საქმიანობა;
  • წამახალისებელი ფინანსური მექანიზმის არსებული მოდელი არაეფექტიანია და საჭიროებს გადახედვას.

რაც შეეხება ძირითად რეკომენდაციებს, კვლევის მიხედვით, მათ შორის არსებითია:

  • პოლიტიკაში ქალების წარმომადგენლობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი შინაარსობრივი მონაწილეობისა და ჩართულობის ზრდა. ამისთვის, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნან, განავითარონ და დანერგონ შიდაპარტიული გენდერული პოლიტიკა. მათ შორის, შიდაპარტიული გენდერული კვოტის დანერგვის, რესურსების თანაბარი გადანაწილების, კანდიდატების მოზიდვის და პროფესიული განვითარების სისტემების გაუმჯობესების გზით.
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საკანონმდებლო ჩარჩო და გაიზარდოს სავალდებულო გენდერული კვოტის მოქმედების ვადა. კერძოდ, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდირებულია, საარჩევნო კოდექსში გაუქმდეს ჩანაწერი სავალდებულო გენდერული კვოტის კონკრეტული ვადით (2028 და 2032 წლები) შეზღუდვის შესახებ.
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს საკანონმდებლო ჩარჩო და გაიზარდოს სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორცია. კერძოდ, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რეკომენდირებულია, საარჩევნო კოდექსით საქართველოს პარლამენტის 2024 წლის და მომდევნო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ყოველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის დადგენა, ხოლო 2032 წლიდან – პარიტეტის პრინციპზე გადასვლა (ორ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი). ადგილობრივი თვითმმართველობის 2025 წლის და მომდევნო არჩევნებისთვის პროპორციულ სიაში ორ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის დადგენა.
  • მნიშვნელოვანია, გადაიხედოს წამახალისებელი ფინანსური მექანიზმის მოქმედების ვადა და მისი მიზნობრიობის გაზრდისათვის, შეიცვალოს ფინანსური მექანიზმის გამოყენების ფორმულა.

კვლევის ფარგლებში 40 სიღრმისეული ინტერვიუ და 6 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელის, მოქალაქეების, გირჩის, საქართველოსთვის, საქარათველოს ლეიბორისტული პარტიის, დროას, ანა დოლიძე – ხალხისთვის პარტიის წევრებმა და სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

“სავალდებულო გენდერულ კვოტაზე საუბრისას, რესპონდენტი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მათი პარტიები მხარს უჭერენ გენდერულ კვოტირებას. მეტიც, რამდენიმე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩვენებისთვის „ბოლო წუთს შეცვლილმა კანონპროექტმა და გენდერული კვოტის პროცენტულობის შემცირებამ“ მათში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რაც შეეხება არასაპარლამენტო და ახლადშექმნილ პარტიებს, მათ არ აქვთ გენდერულ კვოტირებაზე გამოკვეთილი ოფიციალური პოზიცია და აცხადებენ, რომ სხვა პარტიების მსგავსად, აღნიშნულ თემას ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც”, — აღნიშნულოა დოკუმენტში.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, სავალდებულო გენდერულმა კვოტამ ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კერძოდ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას პროპორციული სიით 31.4% (441) ქალი, ხოლო მაჟორიტარული წესით 7.6% (50) ქალი აირჩა. ჯამში, ქალთა წარმომადგენლობა საკრებულოებში 24%-მდე გაიზარდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად პროგრესისა, საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ კრიტიკულ მასას (30%-40%), რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოსახდენად.

“თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით. ამ პროცესში არსებითად გადამწყვეტია ქალების პოლიტიკური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში”, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

კვლევა ჩატარდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროგრამის ფარგლებში, „ანგარიშვალდებული და ინკლუზიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საქართველოში“, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ასევე მომზადდა გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

აქონდროპლაზია — იშვიათი დიაგნოზი, რომელზეც მეტი უნდა გაიგოთ

25 ოქტომბერი აქონდროპლაზიის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა, რომელიც 25 ათას ბავშვში ერთს აქვს და დიაგნოზის მქონე პაციენტების 80%-ს მდგომარეობა სპონტანური მუტაციის შედეგად უვითარდება. 

აღნიშნული დიაგნოზისას ორგანული ცილა, ფიბრობლასტი, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის განვითარებისთვის საჭირო კომპონენტების ფორმირებას უწყობს ხელს, ანომალიურად იწყებს გამოყოფას, რაც ძვლოვანი სისტემის არაპროპორციული განვითარებას იწვევს, ლულოვანი ძვალი არ იზრდება, რაც სიმაღლეში ზრდის ტემპს აფერხებს და აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები ზრდასრულობაში 123-140 სანტიმეტრამდე სიმაღლის არიან. 

აქონდროპლაზიის დიაგნოზის დასმა ჯერ კიდევ ჩანასახოვან ეტაპზე ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით არის შესაძლებელი ან დაბადების შემდეგ ფიზიკური დათვალიერებითა და სამედიცინო ისტორიის გამოკვლევით. გარდა ამისა, შესაძლებელია ჩანასახოვან ეტაპზე დნმ ტესტის გაკეთება, რაც აქონდროპლაზიის დიაგნოზს დაადასტურებს. 

აქონდროპლაზიის დიაგნოზი მრავალი სიმპტომით ვლინდება, რაც ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია, მათ შორის: 

  • კიდურების ზრდის შეფერხება, არასათანადოდ განვითარება; 
  • შედარებით დიდი ზომის თავი; კბილთა წყობის არევა; 
  • ხერხემლის გამრუდება; ზურგის ტვინის არხის სიმცირე; 
  • ქვედა კიდურების გამრუდება; 
  • ბრტყელტერფიანობა; 
  • დამატებითი სივრცე შუა და არათითს შორის; 
  • ნაკლებად განვითარებული კუნთები და სახსრების სიმტკიცის დარღვევა; 
  • შუა ყურის ხშირი ინფექციები; 
  • გაჭიანურებული განვითარების საფეხურები — მაგალითისთვის, სიარულის 18-24 თვის ვადაში დაწყება. 

აღნიშნულმა სიმპტომებმა შესაძლოა არაერთი სამედიცინო პრობლემა წარმოშვას და ადამიანის ცხოვრების ხარისხზე მკვეთრად უარყოფითად აისახოს, ამიტომ აუცილებელია პროფესიონალთა მეთვალყურეობა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. 

მედიკამენტური მკურნალობის მეთოდებიდან ყველაზე აქტიურად წლების განმავლობაში იყენებდნენ ზრდის ჰორმონს, რომელიც აქონდროპლაზიის შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია და არაპროპორციული ზრდისგან გამოწვეულ პრობლემებს არ შველის. 

„ზრდის ჰორმონი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არაა, მეტიც, შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ტორსი ჩვეული ტემპით ვითარდება, თუმცა კიდურები არა და შეიძლება ჰორმონის გამოყენების შემთხვევაში კიდურებზე დატვირთვა კიდევ უფრო გაიზარდოს“, — გვეუბნება მაკა გოჩიაშვილი, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მშობელი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ დიაგნოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით დისკუსია გაეაქტიურებინათ. აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობელთა კავშირის მიზანი მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი უწყებების ყურადღების ახალი მკურნალობის მეთოდის, მედიკამენტ ვიზორიდიტისკენ მიმართვაა, რათა ძვირადღირებული ეფექტური საშუალება ქართველი ბენეფიციარებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახდეს. 

აქონდროპლაზიის მქონე კიდევ ერთი მოზარდის მშობელი, ქეთევან ბეგიაშვილი კი გვეუბნება, რომ მისი შვილი საქართველოში პირველი იყო, რომელმაც ზრდის ჰორმონის მიღება დაიწყო და კიდურების გამრუდებით გამოწვეული სირთულეების გადასაჭრელად ოპერაციაც ჩაუტარდა, მაგრამ საუკეთესო გამოსავლად ახალი მედიკამენტი ესახება, რომელიც აშშ-ში და ევროკავშირში პაციენტებს უფასოდ მიეწოდებათ. 

„ეს მედიკამენტი ზღუდავს ფიბრობლასტების ჭარბი ოდენობით წარმოქმნას და ხელს უწყობს, რომ ლულოვანი ძვალი განვითარდეს. მესმის, რომ მედიკამენტი ძვირია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბენეფიციარები ათეულობით არიან და მისი გამოყენება 15-16 წლამდე, ანუ იქამდე გრძელდება, სანამ ზრდის ზონები არ დაიხურება, იმედი მაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო შეასრულებს პირობას და მომდევნო წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს აქონდროპლაზიის მქონე დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის უმნიშვნელოვანეს მედიკამენტს“, — გვეუბნება ქეთევანი და გვიხსნის იმასაც, რომ მშობლები აღნიშნული სიახლისთვის კოსმეტიკური მიზნების გადასაჭრელად არ იბრძვიან, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების იმედი აქვთ — „ჩემს შვილს სულ 2 წელი მოუწევს მიღება, თუ ახლავე შემოვა, მაგრამ რამდენიმე სანტიმეტრის მომატება, დაწოლის შემცირება მოხდება და თუნდაც ის ფირფიტები, რაც კიდურებში ისევ აქვს, რადგან გაღუნვა გრძელდება, საჭირო აღარ იქნება. რამდენიმე სანტიმეტრი პროპორციულად რომ წავა, მისთვის მომგებიანი იქნება. ერთ-ერთი 3 წლის ბავშვს ხერხემლის გამრუდება აქვს, არასწორად ვითარდება ძვლოვანი სისტემა, მაგრამ თუ მედიკამენტის მიღებას დაიწყებს, ძვლოვანი სისტემა განვითარდება, ზრდა დაიწყება პროპორციულად და პრობლემები მოიხსნება. ჩვენ კოსმეტიკური მიზნით არ გვინდა მედიკამენტის გამოყენება, ეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს“.

ქეთევან ბეგიაშვილის თქმით, როცა ბავშვის დიაგნოზის შესახებ გაიგო, აქონდროპლაზიაზე არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა, მეტიც, სამედიცინო სფეროში არ არსებობდა სათანადო ცოდნა და მშობლებმა შეძლეს, რომ ჯანდაცვის სხვადასხვა უწყების ყურადღება მიემართათ იშვიათი დიაგნოზისკენ. გვეუბნება, რომ იგივე განმეორდა მაშინაც, როცა ვიზორიდიტმა ლიცენზია მიიღო – ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენა არ ჰქონდა მნიშვნელოვან სიახლეზე და მშობელთა მონდომებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგის ნაწილად იქცა. 

„რაც შეეხება საზოგადოებას, ბავშვს ბევრჯერ ჰქონია გულისტკენა, როცა ადამიანები იყენებენ სხვადასხვა სიტყვებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში, ღიმილნარევი კომენტარით ავლებენ პარალელს სხვადასხვა პერსონაჟთან და ამის მიღმა ვერ ხედავენ ჯანმრთელობის მდგომარეობას“, — აღნიშნავს ქეთევანი საზოგადოების განწყობებზე საუბრისას. 

სამედიცინო სფეროში თუ საზოგადოებაში ცნობიერების არქონას მაკა გოჩიაშვილიც გადაჰყრია და მაშინ, როცა ახალბედა მშობელი იყო, გუგლის საძიებო სისტემის ქართულენოვან ვერსიაში აქონდროპლაზიის დიაგნოზთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციაც კი არ იძებნებოდა. 

„როცა პეტრე გავაჩინე და გუგლში ქართულად ჩავწერე დიაგნოზის შესახებ, დახარისხებული, სწორი ინფორმაცია ნაკლებად იძებნებოდა და ერთმანეთში იყო არეული სხვადასხვა ტერმინი და დიაგნოზი. საკმაოდ კარგი პედიატრი მყავს, რომელმაც თავდაპირველად პირდაპირ მითხრა, რომ უნდა მოეძიებინა ინფორმაცია, რადგან სავარაუდოდ მის კარიერაში პირველი შემთხვევა იყო აქონდროპლაზიის მქონე პაციენტთან ურთიერთობის და სათანადო გამოცდილება თუ ცოდნა არ ჰქონდა, თუმცა ორიენტირებული იყო, რომ მეტი გაეგო. საზოგადოებაშიც ცოდნა არის ძალიან მწირი, არსებობს პატარ-პატარა მითები, რადგან უმეტესობას აღნიშნული დიაგნოზის შესახებ ყურმოკვრით თუ აქვს გაგებული, სხვადასხვა დიაგნოზს ერთმანეთში ურევენ. ხშირად იყო არასწორი დამოკიდებულებაც, მაგრამ ჯანსაღად ვუყურებთ საკითხს და ვცდილობთ, რომ ეს წარმოდგენები შევცვალოთ. სოციალიზაციაზე უარი არასდროს გვითქვამს და მცირე ასაკიდან აქტიური ცხოვრებით ცხოვრებაში ვუწყობ ხელს, თუმცა სირთულე არის ის, რომ გარემოც არაა სათანადოდ ადაპტირებული, ვგულისხმობ, მაგალითად, შესაბამის სიმაღლეს“, — აღნიშნავს მაკა და გვეუბნება, რომ ხშირად ბავშვები არ ფილტრავენ სათქმელს, რაც მისი შვილის გულისტკივილს იწვევს, სწყინს შეკითხვები მის ვიზუალურ ნიშნებთან დაკავშირებით. მაკა პეტრეს მუდმივად უხსნის, „რომ კითხვები არ უნდა ეწყინოს, უნდა აუხსნას, გააგებინოს, ინფორმაცია მიაწოდოს“. 

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა დიაგნოზის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ერთმანეთის გაძლიერების მიზნით ფეისბუკზე გვერდი შექმნეს, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ ადამიანებს რჩევებს უზიარებენ. თავდაპირველად, ინიციაივაში 7 მშობელი იყო ჩართული, ახლა კი ადვოკატირების, ადამიანთა გაძლიერებისა და ინფორმაციის გაზიარების პროცესში უკვე 18 მონაწილეობს.

„მივმართავ მშობლებს, თუ მათ შვილს მსგავსი ანატომიური აგებულება აქვს, თუ დიაგნოზი დაუსვეს და ეძებენ სივრცეს, სადაც რჩევების მიღება, შესაბამის პროფესიონალებთან კავშირის დამყარება შეეძლებათ, შემოგვიერთდნენ, შეგვიძლია ჩვენი გამოცდილებით გავუზიაროთ რჩევები თუ მორალურად გვერდში დავუდგეთ. მეც გავლილი მაქვს ეს ეტაპი და ვიცი, რომ ახალბედა მშობელი დაბნეული და დათრგუნვილია, არ იცის, რა ნაბიჯები გადადგას, როგორ მოიქცეს. როცა ახალბედა დედა ვიყავი, ბევრი მეუბნებოდა, არაფერია, შენი ჯვარია, შეეშვი, მაგრამ არ გავჩერებულვარ, მივმართე მასაჟებს, თერაპიას, ვეძებდი ყველა გზას და დიდი თანხა, მათ შორის, ტყუილადაც გადამიყრია, თითქოს ხავსს ვეჭიდებოდი, რადგან საკმარისი ცოდნა არ მქონდა“, — აღნიშნავს ქეთევანი. 

მაკა გოჩიაშვილი საზოგადოებას მეტის გაგებისკენ, ხელშეწყობისკენ, მშობლებს კი საუბრის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. 

„ადამიანებს მოვუწოდებ, რომ გაიგონ მეტი, რადგან რაც უფრო მეტს გაიგებენ, მით უკეთ შეძლებენ სხვა ადამიანების დახმარებას, მიღებას. უნდა დავსვათ კითხვები, მშობლებმაც ღიად უნდა ვისაუბროთ და ვეცადოთ, რომ მდგომარეობა, ცხოვრების ხარისხი გავუუმჯობესოთ ამ ადამიანებს, რადგან მათ ყოველდღიურად უწევთ სირთულეების გადალახვა“, — ამბობს მაკა.

ქეთევან ბეგიაშვილი მშობლებს მიმართავს, რომ ისწავლონ განსხვავებული ადამიანების მიღება და შვილებსაც ასწავლონ, რომ ადამიანის დაცინვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაკლებად გათვალისწინება ზედაპირული დამოკიდებულებაა და არაჯანსაღია. 

„ნოემბერში იქნება განხილვა და ველოდებით, გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ეს მედიკამენტი ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჩემი შვილი უკვე იმ ასაკშია, რომ ელის სიახლეს, ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცვლილება და აქვს იმედი, რომელსაც ვერ გავუცრუებ“, — გვეუბნება საუბრის დასასრულს ქეთევანი.

ომიდან პარიზის მოდის სახლამდე — დემნას ისტორია

ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ New York Times Style Magazine The Greats-სთან ინტერვიუში საკუთარ წარსულზე, ოჯახზე, შემოქმედებაზე, სიყვარულზე, მსოფლიოში არსებულ მდგომარეობასა და იმ მთავარ მიზეზზე ისაუბრა, რომლის გამოც საქართველოში დაბრუნება არ შეუძლია.

ფოტო: Lise Sarfati / New York Times Style Magazine The Greats

ჟურნალისტი წერს, რომ დემნა გვასალია თავის მუდამ პროვოკაციულ ნამუშევრებში გამუდმებით ავლენს საკუთარ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შეუმჩევლად დარჩენას ცდილობს.

“გასული ივლისის თბილ ღამეს, პარიზში, დე ლა კონკორდის მოედნის მახლობლად, იმავე ნეო-კლასიკურ სასახლეში, რომელშიც ოდესღაც იმპერატორ ნაპოლეონ I-ისა და მეფე ჩარლზ X-ის კორონაცია ტარდებოდა, ბალენსიაგამ ვახშამს უმასპინძლა დემნასთვის, რომელიც 7 წელია მოდის სახლის კრეატიული დირექტორია. 41 წლის ქართველმა დიზაინერმა ფრანგული მოდის სახლისთვის, რომელიც 1917 წელს ესპანელი დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ დაარსდა, თავისი მეორე კოლექცია წარადგინა.

დემნა გრძელ საბანკეტო მაგიდასთან კიმ კარდაშიანთან, კრის ჯენერთან, მსახიობ მიშელ იოუსთან, სუპერმოდელებთან — ნაომი კემპბელთან და ბელა ჰადიდთან, მუსიკოს კიტ ურბანთან, კინოვარსკვლავ ნიკოლ კიდმანთან ერთად იჯდა. ასეთ ღონისძიებებზე საკუთარი მძიმე სოციალური შფოთვის შესამსუბუქებლად დემნა ყოველთვის ნდობით აღჭურვილ პირებთან ახლოს ყოფნას არჩევს, განსაკუთრებით საკუთარ ქმართან, კომპოზიტორ და მუსიკოს ლოიკ გომესთან, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სასცენო სახელით BFRND. მათ ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს და მოგვიანებით, 2017 წელს დაქორწინდნენ”, — ვკითხულობთ სტატიაში.

დემნა ჟურნალისტს უყვება, რომ 2015 წელს ბალენსიაგამ მკაფიო დავალების შესასრულებლად დაიქირავა — მას ტანსაცმელი ძველებურად თვალისმომჭრელი უნდა გაეხადა. კრისტობალ ბალენსიაგას ჰქონდა პერფექციონისტური განზრახვა, მინიმალური კონსტურქციული ჩარევით სკულპტურული სიწმინდისთვის მიეღწია, რაც ყველაზე მიახლოებულად 1967 წლის გაზაფხულის კოლექციაში გამოუვიდა — მან შექნა საქორწინო კაბა მხოლოდ ერთი ნაკერით.

ფოტო: Lise Sarfati / ბალენსიაგა, 2016 წლის შემოდგომის კოლექცია
ფოტო: Lise Sarfati / ბალენსიაგა, 2020 წლის შემოდგომის კოლექცია

“დემნა, რომელიც თავისი დახეული ჯინსებით, დიდი ზომის მაისურებითა და საყურეებით მეტალის შემსრულებელს ჰგავს, მოდის ყველაზე დიდ სცენაზე ისე გამოვიდა, როგორც რამშტაინის კონცერტზე”, — წერს New York Times.

სტატიის მიხედვით, ბალენსიაგაში გამოჩენის შემდეგ, დემნა არა თუ ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ ყველაზე საინტერესო დიზაინერი გახდა. ინდუსტრიაში, რომელშიც გუნდები იბრძვიან სტრატეგიის შესამუშავებლად, რათა ხალხმა მათ ბრენდებზე ისაუბროს, დემნას ყოველი ფეხსაცმელი ისე არ გამოდის, რომ მომღერალ Cardi B-ის სიმღერის ტექსტად არ გადაიქცეს. ყველაზე გასაოცარი არის ის, როგორ ოსტატურად აკეთებს კრისტობალის კლასიკური ნამუშევრების ინტერპრეტაციას, ქმნის მაღალი მოდის ტანისამოსს არა მხოლოდ ატლასისა და ხავერდისგან, არამედ ნეილონისა და ჯინსისგანაც.

სტატიაში ნათქვამია, რომ რამდენჯერაც დემნას უკან დახევა უნდება, იმდენჯერ შეუძლია საკუთარი თავი ზედმიწევნით, გულდასმით შეისწავლოს. ის თავის წინამორბედს იხსენებს: ჯერ კიდევ 1940-იან და 50-იან წლებში ბალენსიაგა საერთაშორისო მოდის ვარსკვლავი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ანონიმურობის შენარჩუნებას ცდილობდა. როგორც წიგნ The Master of Us All: Balenciaga, His Workrooms, His World-ის ავტორმა, მერი ბლუმმა რადიო NPR-თან საუბრისას აღნიშნა, არავინ იცოდა, რამდენად გამხდარი ან მაღალი იყო ის და რამდენიმე ფრანგი ჟურნალისტი იმასაც ფიქრობდა, რომ ბალენსიაგა არ იყო ერთი ადამიანი, არამედ ეს იყო დიზაინერებით დაკომპლექტებული გუნდი და ამას მხოლოდ იმიტომ ფიქრობდნენ, რომ ის არსად ჩნდებოდა.

ფოტო: Lise Sarfati / დემნა ბალენსიაგას ტანსაცმელსა და ნიღაბში

2021 წელს დემნა Met Gala-ს კიმ კარდაშიანთან ერთად დაესწრო. ორივეს სახეს შავი ქსოვილი ფარავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დასწრება, როგორც ინდუსტრიის ვარსკვლავის, წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ადამიანები ვარაუდობდნენ, რომ კარდაშიანთან ერთად მისი ყოფილი ქმარი, ქანიე უესტი იყო. ნიღაბი სულ მცირე ორ მიზანს ემსახურებოდა: ნიღბის ტარება დემნას ამშვიდებდა და კამერებს არ აძლევდა საშუალებას, არასახარბიელო მომენტებში გადაეღოთ.

“ყოველთვის მქონდა პრობლემა სარკეში ჩახედვისას”, — ამბობს დემნა.

სტატიის მიხედვით, 11 წლის ასაკში დემნა დარწმუნებული იყო, რომ მოკვდებოდა — აფაზეთის ომის დროს, თვეების განმავლობაში, ყოველდღე, საღამოს 7 საათზე, საჰაერო დაბომბვის სირენის ხმა მიანიშნებდა, რომ დრო იყო მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს: ქართველ მამას, გურამს, ავტოსარემონტო მაღაზიის მფლობელს; რუს დედას, ელვირას, რომელიც დიასახლისობდა; მის უმცროს ძმას, ასევე გურამს; ორ ბიძას; ბიძების ოთხ შვილსა და ბებიას მიწისქვეშა ავტოფარეხში შეერთებოდა, სადაც დემნა აფეთქებული ჭურვის ჭექა-ქუხილის ჩასახშობად მუსიკას უკრავდა.

სანამ ტერიტორია ნანგრევებად გადაიქცეოდა, დემნა და მისი ოჯახი სახლიდან ევაკუირდნენ, მანქანაში რამდენიმე აუცილებელი ნივთი ჩაალაგეს — საკვები, თბილი ტანსაცმელი და ფოტოალბომი, ასევე, რამდენიმე იარაღი, რომლითაც თავს დაიცავდნენ და დაახლოებით 240 000 ქართველს ქვეყნის დედაქალაქისკენ მიმავალ გზაზე გაჰყვნენ, სადაც მათი ნათესავები ცხოვრობდნენ. სადამდეც შეძლეს, მანქანით მივიდნენ, წამოიღეს რისი ტარებაც შეეძლოთ და ფეხით განაგრძეს გზა. როდესაც დემნას ბებია ძალიან დასუსტდა და გზის გაგრძელება აღარ შეეძლო, დემნას დედამ, ელვირამ, ბუნებით მომლაპარაკებელმა, ავტომატი ცხენზე გადაცვალა.

თითქმის 3 კვირის განმავლობაში სოფელ-სოფელ მოგზაურობდნენ, ძირითადად, გარეთ და მიტოვებული მანქანების უკან ეძინათ. გადასახლებამდე დემნა გულკეთილი ბიჭი იყო, რომელსაც ოჯახისთვის მუსიკალური შოუების მოწყობა, ბებიისთვის მოდური რჩევების მიცემა და მის სამყაროს კონკურსის მონაწილეების დახატვა უყვარდა, შემდეგ კი, დასახიჩრების განსაკუთრებულად სადისტურ ფორმაზე ფიქრობდა, რომლის შესახებაც გაგებული ჰქონდა.

ერთ ღამეს, დემნა ყოფილ ჯარისკაც მამასთან ერთად მიდიოდა, რომელიც ბიძამისს ეუბნებოდა, რას იზამდა იმ შემთხვევაში, თუ მათ ოდესმე მძევლად აიყვანდნენ.

“ხელყუმბარები მაქვსო”, — იხსნებებს დემნა მამის ნათქვამს, რომელიც ამბობდა, რომ უფრო ადრე დაასრულებდა სიცოცხლეს თავის ბიჭებთან ერთად, ვიდრე საწამებლად და ტყვედ ჩავარდებოდა.

ჟურნალისტი წერს, რომ საუბრის ამ მომენტამდე, დემნა, რომელიც სამუშაო პერსონისგან განცალკევების მიზნით თავის გვარს პროფესიაში აღარ იყენებს, თავისი ოჯახის გაქცევის ამბავს ისე ჰყვებოდა, როგორც ომზე გადაღებული ფილმის სიუჟეტს. “მხოლოდ იმის გაფიქრება, რომ ის…” — ამბობს დემნა და წინადადების დასრულებას ვერ ახერხებს, ხმაში ტკივილი იკვეთება.

ვფიქრობ, ის ამას არასდროს გააკეთებდა, მაგრამ მაინც შემეშინდა მისი. მანამდე არასდროს შემშინებია მამის.

გვასალიები თბილისში უსაფრთხოდ, მაგრამ უსახსროდ ჩამოვიდნენ. დემნა დიდი ზომის იაფფასიან ტანსაცმელში, რომლის მკლავებიც ხელებს უფარავდა, რაც მოგვიანებით მან მხატვრულადაც გამოიყენა.

“საწოლზე ძილი — ეს არასდროს დამავიწყდება. მეტი რა გჭირდება ცხოვრებაში?“ — ამბობს ის.

მისი ბავშვობის გამოცდილება არასდროს არის მისგან შორს. გასულ მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 10 დღის შემდეგ, დემნამ პარიზთან ახლოს მდებარე საგამოფენო კომპლექსში ბალენსიაგას 2022 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენება მოაწყო. პრეზენტაცია გახდა ალეგორია იმ დაახლეობით ერთი მილიონი უკრაინელის, ძირითადად, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობისა, რომლებიც ომის პირველ კვირას მეზობელ ქვეყნებში გაიქცნენ.

შოუს თანმხლებ ჩანაწერებში დემნა წერდა:

უკრაინის ომმა ჩემში წარსული ტრავმის ტკივილი გააღვიძა, რომელიც 1993 წელს გადავიტანე, როდესაც იგივე მოხდა ჩემს სამშობლოში და სამუდამოდ ლტოლვილი გავხდი. სამუდამოდ, რადგან ეს არის ის, რაც შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის უნდიხარ.

“ამიტომაც მოდას არასდროს ჰქონია ჩემთვის მნიშნველობა. მიყვარს ამის კეთება, მაგრამ მართალი რომ გითხრათ, არ მაინტერესებს. ისეთი რაღაცები მინახავს, რასთან შედარებითაც მოდა შეუსაბამო ხდება”, — უთხრა დემნამ ჟურნალისტს.

დემნას ხშირად მოდის მხიარულ დივერსანტად მოიაზრებენ, რომელიც თავის ნამუშევრებს კომედიასთან შეზავებული ცრემლებით ავსებს. ამ ყველაფრის მიღმა ერთგვარი გულწრფელობა იმალება, რომლის გარჩევაც სპექტაკლის ფონზე ხშირად რთულია. ჟურნალისტი წერს, რომ სხვა არცერთი დიზაინერი არ არის ასეთი გულწრფელი — ყველა კოლექციის უკან, რომელიც ირონიულად შეიძლება მოგეჩვენოთ, ხშირად დემნას მიმდინარე ავტობიოგრაფია იმალება. მაგალითად ავიღოთ DHL-ის ბრენდის 270$-იანი მაისური, რომელიც 2016 წელს ვეტმენსისთვის შექმნა და რომელსაც კრიტიკოსები დასცინოდნენ, რადგან ბავშვურად და ანტიმოდურად აღიქვამდნენ.

ფოტო: Lise Sarfati / ბალენსიაგას 2021 წლის კოლექცია

“ყოველდღე ვხედავდი ამანათების მომწოდებელ ბიჭებს ჩვენს ოფისში, გვიწევდა DHL-ის გადასახადების გადახდა, რაც ჩვენთვის ბევრი იყო. ეს იყო ვიზუალური პრეზენტაცია ჩემი ყოველდღიური პროფესიული ცხოვრებისა. ამას ხშირად ვაკეთებ. რაღაცას ვიღებ და ვაკეთებ”, — იხსენებს დემნა.

ამის შემდეგ ბალენსიაგასთვის შექმნილი 2023 წლის Resort კოლექცია მოდის, რომელიც შალის ქურთუკებსა და ლატექსის კოსტუმებში გამოწყობილ მოდელებს მოიცავს — სხვა დიზაინერებისთვის სადომაზოხიზმისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა შესაძლოა იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ უცნაური გამოხატულება, მაგრამ დემნას თქმით, თავისი სექსუალური განათლების ნაწილი მისთვის ძალიან პირადული იყო.

ჟურნალისტი წერს, რომ დემნას სექსუალობა არის ის, რაზეც ისე არ შეუძლია საუბარი, რომ მის ხმაში გარკვეული სევდა არ შეიპაროს. მეზობლად მცხოვრებ მეგობართან ადრეული შეხვედრა მოულოდნელად დასრულდა, როდესაც მათთან ოჯახის წევრი შევიდა და დემნას ბიჭის ხელახლა ნახვა აუკრძალა. პირველმა კაცმა, რომელიც მას შეუყვარდა და სექსკლუბები და საკრუიზო ადგილები გააცნო, ასწავლა, როგორ ჰყვარებოდა თავად, მაგრამ, სამწუხაროდ, არ უსწავლებია, როგორ შეეყვარებინა საკუთარი თავი. მისთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რაც არ მომხდარა.

საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან მოკვლით მემუქრებიან. ერთ-ერთი  ბიძაჩემია.

მშობლებთან 32 წლამდე არ დაქამინგაუთებულა, თუმცა 25 წლის ასაკში უკვე ჰყავდა შეყვარებული. დემნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკაზე სწავლობდა, მაგრამ მაშინაც რეგულარულად ხატავდა ტანსაცმლის ესკიზებს. ის “ერთგვარი კრიმინალების” ჯგუფთან დაახლოვდა, რომლებმაც, სავარაუდოდ, იცოდნენ მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ეს არ აინტერესებდათ და მას იცავდნენ.

“ისეთ ქვეყანაში ვიზრდებოდი, სადაც ვერ ვიტყოდი, რომ გეი ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი, ისეთ მკაცრ ბიჭს დავმსგავსებოდი, რომელიც იმ უბნებში გადარჩებოდა, სადაც ვცხოვრობდი, მაგრამ შინაგანად თავს ასე არ ვგრძნობდი”, — ამბობს დემნა.

2020 წლის გაზაფხულის კოლექციის წარდგენა

სკოლის დამთავრების შემდეგ, დემნა ანტვერპენის სამეფო აკადემიის სახვითი ხელოვნების კოლეჯის შესახებ საგაზეთო სტატიას წააწყდა, რომელმაც Antwerp Six შექმნა — გავლენიანი მოდის დიზაინერები: დირკ ბიკემბერგსი, ენ დემეულემესტერი, ოუალტერ ვან ბეირენდონკი, დრის ვან ნოტენი, დირკ ვან საენი და მარინა ი, რომლებმაც სკოლა 1980-იანი წლების დასაწყისში დაამთავრეს. დედის სურვილის საწინააღმდეგოდ, დემნამ კოლეჯში განაცხადი შეიტანა. ვან ბეირენდოკმა, რომელიც იმ პერიოდში აკადემიის მოდის განყოფილებაში ასწავლიდა, მასში მონათესავე სული აღმოაჩინა.

“ჩვენ ორივე ჯიუტები ვართ და ხმამაღლა ოცნება გვსურს. კრიტიკული, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, ირონიისა და იუმორის დამატება ჩვენს საქმიანობაში მნიშნველოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სიყვარული სრულყოფილი სამკერვალოებისა და ლამაზი ქსოვილების მიმართ”, — წერია ვან ბეირენდონკის წერილში.

მოდის სკოლის შემდეგ დემნას პირველი დიდი სამუშაო მეისონ მარჯიელაში იყო, რომელიც ექსპერიმენტების ლაბორატორიად და ავანგარდული მოდის ლიდერადაა ცნობილი. დასაქმების კომიტეტმა მას პროექტის წასადგენად ერთი კვირა მისცა. დემნამ განსახილველად ცხიმიანი პიცის ყუთით 10 “ლუქი” გაგზავნა. ორი კვირის შემდეგ კი, პარიზში ცხოვრობდა. რამდენიმე წელიწადში ის ლუი ვიტონში დაიქირავეს.

ჟურნალისტი წერს, რომ დემნას ღლიდა მხოლოდ სხვა ადამიანების იდეების შემუშავება და საბოლოოდ, მეგობრებთან ერთად საკუთარი ლეიბლი გამოუშვა. სახელი Vetements, რომელიც ფრანგულად “ტანსაცმელს“ ნიშნავს. ეს აზრი ფალაფელის რესტორანში ლანჩის დროს მოუვიდა. სახელი ხუმრობას ჰგავდა, რადგან კოლექტივის არც ერთი წევრი არ იყო ფრანგი.

“როდესაც ვეტმენსი დავიწყე, იმედგაცრუებული ვიყავი ინდუსტრიით. არ ვიხდიდი გადასახადებს, არ მაინტერესებდა. მე მხოლოდ ტანსაცმლის შექმნა მინდოდა”, — იხსენებს დიზაინერი.

ფოტო: Lise Sarfati / ბალენსიაგას 2022 წლის კოლექცია

ბრენდის კრეატიულ დირექტორად მუშაობის 5 წლის განმავლობაში, ძმასთან, გურამთან ერთად, რომელიც აღმასრულებელი დირექტორი იყო, მოაწყო შოუ გეი კლუბის სარდაფში, რომელსაც ერთი კრიტიკოსი უჩიოდა, რომ საპირფარეშოს სუნი ასდიოდა (2015 წლის შემოდგომა); პარტნიორობდა 18 სხვადასხვა ბრენდთან და გამართა ის, რასაც მოიხსენიებდნენ, როგორც ნოუშოუს (no-show) — ციურიხში გადაღებული ადამიანების რეალური ზომის ფოტოებით, რომლებიც მოდელები არ იყვნენ და წარმოდგენილი იყო პარიზის ერთ-ერთ ავტოსადგომზე (2018 წლის გაზაფხული).

ვეტმენსი გახდა სენსაცია იმ დაბნეულობის გამო, რომელიც ხალხში გამოიწვია: ვერავინ გაიგო, დემნა ხუმრობდა თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდნენ, ის დროს კარგად ატარებდა, არსებობდა შიშიც, რომ ის შეიძლებოდა დასცინოდა მოდის ინდუსტრიასა და საზოგადოებას. ზოგიერთი ტანსაცმელი ცუდად იყო მორგებული, მოდელებს არ ეცვათ ცუდად, მაგრამ ამას არც ლამაზი ეთქმოდა.

“ეს უფრო პროვოკაცია იყო. მინდოდა ემოციის გამოწვევა, ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომლის”, — ამბობს დემნა.

ბალენსიაგას 2019 წლის გაზაფხულის ჩვენება

როდესაც დემნას არაბალანსირებულმა კაბებმა და დიდმა ქურთუკებმა უფრო მეტი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და მყისიერად მოხვდა მაღაზიებში, როგორიცაა Dover Street Market, ჟურნალისტებმა დემნას დეკონსტრუქციებსა და მარტინ მარჯიელას შორის პარალელების გავლება დაიწყეს.

“მართლა გავგიჟდი. უცებ ისეთ ადგილას აღმოვჩნდი, სადაც იმის კეთება შემეძლო, რაც მინდოდა”, — აღნიშნავს დიზაინერი.

2015 წელს, ვეტმენსის თავდაპირველი წარმატების შემდეგ, მრავალეროვნული კორპორაციის, Kering-ის აღმასრულებელმა, რომელიც Balenciaga-ს, Gucci-ს, Saint Laurent-ს, Alexander McQueen-ს და Bottega Veneta-ს ფლობს, დემნას კითხვით მიმართა, სურდა თუ არა უარი ეთქვა იმაზე, რასაც აკეთებდა და წასულიყო პარიზის დიდ სახლში.

“მან არ მითხრა, ზუსტად სად უნდა წავსულიყავი”, — იხსენებს დიზაინერი.

დემნა შემოთავაზებაზე იმ პირობით დათანხმდებოდა, თუ შეძლებდა ვეტმენსში მუშაობის გაგრძელებას. სახლში მიმავალ გზაზე მობილური გახსნა და შეხვდა სიახლე, რომ ალექსანდრ ვანგი ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის თანამდებობას ტოვებდა.

დიზაინერი ბალენსიაგაში ყოფნის გამოცდილებას იესოს ჯვრის ტარებას ადარებს.

“მემკვიდრეობა გასაოცარი და მასაზრდოებელია, მაგრამ ასევე ძალიან მძიმე”, — ამბობს ის.

როდესაც 2015 წელს პარიზის სახლში მივიდა, ამბობს, რომ “ეძინა”. ალესანდრო მიკელეს მსგავსად, რომელიც იმავე წელს გუჩის სათავეში ჩადგა, დემნამ ზუსტად იცოდა, რას ელოდნენ მისგან.

2019 წელს, თანამდებობაზე მისი დანიშვნიდან 4 წლის შემდეგ, ბალენსიაგამ წლიური შემოსავლის რეკორდული რიცხვი აჩვენა, რაც პირველად აღემატებოდა 1 მილიარდ ევროს (დაახლოებით 1.12 მილიარდი აშშ დოლარი).

ძვირადღირებული მოდის სახლის ყველა დიზაინერს ფისკალური პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ამის გარდა, მათ კიდევ სხვა რამ უნდა გააკეთონ: შექმნან ტანსაცმელი, რომელსაც არა მხოლოდ მოგება მოაქვს, არამედ კულტურული მომენტის სიმბოლოდ ქცევა შეუძლია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დემნას ასეთი უამრავი მაგალითი ჰქონდა.

ბალესიაგას 2021 წლის შემოდგომის პრეზენტაცია ვიდეო თამაშის სახით

კოვიდ პანდემიის დაწყებისას, როდესაც შოუების ლაივში ჩვენება აღარ შეიძლებოდა, დემნა Epic Games-თან პარტნიორობდა “Afterworld: The Age of Tomorrow” ვიდეოთამაშზე, რომელიც ბალენსიაგას 2021 წლის შემოდგომის კოლექციაში მოიცავდა NASA-ს შტამპით დატანილ ტანსაცმელს, წითლ ქურთუკსა და შუასაუკუნეების სტილს.

რეალურ სივრცეში დაბრუნების შემდეგ, დემნამ წითელი ხალიჩა ასაფრენ ბილიკად აქცია. საკუთარ შოუში გამოიყენა ცნობილი ადამიანების კადრები, როგორც თავად შოუ. ჩვენება სიმპსონების სპეციალური მინი ეპიზოდის პრემიერით დასრულდა, რომელშიც მარჯი და ბარტია ნაჩვენები პარიზში, სამოდელო კარიერის გაგრძელების დროს. რა თქმა უნდა, სერიაში ყველა ბალენსიაგას ტანსაცმელშია გამოწყობილი.

კადრი სიმპსონების მინი-ეპიზოდიდან ბალენსიაგაზე

მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, დემნა მოწინააღმდეგეების გარეშე არ რჩება. ერთმა ჟურნალისტმა ვეტმენსში მის ნამუშევარს “გატეხილი თაობის ნაბიჭვრული სტილი” უწოდა, ხოლო მეორემ ცოტა ხნის წინ შეატყობინა, რომ იმ ფასს, რაც მისი დახეული და შეღებილი ფეხსაცმელი ღირს, ზოგი ყოველთვიურად ბინის ქირაში იხდის. დემნას ასეთი რეაქცია გაუკვირდა.

“ეს უბრალოდ ჭუჭყიანი ფეხსაცმელია, მაგრამ თუ გინდა, რომ ეს ჩემი ფეხსაცმელი იყოს, ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოს ვიღაცამ ახლახან ამოთხარა მიწიდან”, — ამბობს ის.

ჟურნალისტი წერს, რომ ძნელი არ არის იმის გაგება, თუ რატომ უქმნის დიზაინერი დისკომფორტს ზოგიერთ კრიტიკოსს. ის ერთდროულად ძალიან ბევრ იდეაზე მუშაობს და ეს ყველა მათგანის ათვისებას შეუძლებელს ხდის. დემნამ მხოლოდ იმ დიზაინერის სელფი კი არ შემოგვთავაზა, რომელსაც ინტერნეტ კულტურა მართლაც ესმის, მან ქაოტური ციფრული სამყაროს კადრის ასახვაც შეძლო.

მე ვარ ლესბოსელი არტისტი და თავზე მახურავს ჩიხტიკოპი — თინი ნოღაიდელი

მე ვარ ბევრი ვიღაც. ახლა საკუთარ თავს ვეძებ, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემი იდენტობის მთლიანი სპექტრი:

ვიცი, რომ ვარ ფრანგი-ქართველი, 

ვიცი, რომ ვარ ქალი, 

ვიცი, რომ ვარ ლესბოსელი. 

ვიცი, რომ ვარ არტისტი. 

დიდი დრო დამჭირდა, რომ ეს მეთქვა, მაგრამ ახლა ვიცი.

შვედეთი

შვედეთში ჩამოსვლამდე, 12 წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი. პანდემიას დაემთხვა პერიოდი, როცა ყოფილი ქმრის ბინიდან წამოვედი. როგორც ბევრ სხვას, მეც იზოლაციამ საკუთარ თავს შემახვედრა. უცებ აღმოვჩნდი სრულიად მარტო ჩემს პიანინოსთან ერთად. წამოვიდა და წამოვიდა. ძალიან ბევრი სიმღერა დავწერე. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, 37 წლის ასაკში მექნა ის, რაც 17 წლის ასაკში ვერ გავაკეთე — წავსულიყავი, მარტო მეცხოვრა და საკუთარი თავი მეპოვა.

შვედეთი ბევრი მიზეზის გამო ავირჩიე. მინდოდა, საკმარისად ახლოს ვყოფილიყავი ჩემს შვილთან. მინდოდა ინგლისურენოვანი და გეი-მეგობრული ქვეყანა. ასე დავტოვე ყველაფერი და ჩამოვედი. მინდოდა, ჩემი ხელოვნებისთვის პატარა ოთახი გამომეყო, მაგრამ ფინანსური პრობლემები წამომეწია. ძალიან რთულია, როდესაც შვილი გყავს და მასზე ერთადერთი პასუხისმგებელი შენ ხარ. ესაა თემა, რომელზეც ქალები არ ლაპარაკობენ — როგორ არ ნახულობენ მათი საქვეყნოდ ცნობილი თუ უცნობი ყოფილი ქმრები და პარტნიორები შვილებს. ყველაფერი დედების კისერზე გადადის. დედობა როლია. ჩემ ირგვლივაც, ყველაფერი მოწყობილია იმისთვის, რომ ხელოვნებას შევეშვა, წავიდე და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დავბრუნდე. ნაწილობრივ დავბრუნდი კიდეც — რეალობაა ისაა, რომ სამსახურიდან გათიშული მოვდივარ, წერის და სიმღერის დროც ბევრად ნაკლებია.

სცენა

გონიოში ზღვაზე, ლეღვისა და მანდარინების ხეებზე გავიზარდე. დადგებოდა ბაბუაჩემი ხის ქვეშ და მიყვიროდა ხოლმე: “ჩამოდი! რბილი ტოტი აქვს, მოტყდება, არ ინდობა”. 5 წლამდე ბებია-ბაბუას გოგო ვიყავი და მერე ქობულეთში, დედ-მამასთან წავედი.

ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, 15 წლის ასაკში “ქრაში” რომ მქონდა გოგოზე, ეგ ნამდვილად “ქრაში” იყო.

მამაჩემთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა — სულ ინტელექტუალური დებატები და მთელი ამბები. მამაჩემისგან მივიღე მუსიკის ძალიან დიდი სიყვარული, რადგან მელომანია. მისი განტვირთვა 60-იანი წლების მუსიკის მოსმენა იყო. უზარმაზარი კოლექციები ჰქონდა, წლების მიხედვით დანომრილი კონცერტები, საყვარელი ჯგუფები. მასწავლიდა მუსიკის გარჩევას: “აბა, ახლა დრამებს მოუსმინე, აბა, ახლა ამას”… დღეს ჩვენი აზრები ხშირად აღარ ემთხვევა ერთმანეთს, მუსიკის სიყვარული — კი. მაგრამ მე რა მუსიკასაც ვაკეთებ, მამაჩემს ეგ მუსიკა მაინცდამაინც არ მოეწონება. მაინც “პაპსავიკი” მომღერალი გამოვედი.

ფეხი სცენაზე მაქვს ადგმული, ქობულეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოწაფე ვიყავი. მე და ჩემი და, ტყუპებივით ჩაცმულები, სულ რაღაცას ვმღეროდით. ძირითადად, ქართულ ხალხურ სიმღერებს.

მერე 17 წლის გავთხოვდი და გამიჩნდა შვილი. წერტილი.

მე რომ სცენაზე დავბრუნებულიყავი, უნდა გამევლო ის გზა, რომლის გავლაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ქალებს გვიწევს. როდესაც ჰეტერონორმატიული ოჯახი გაქვს, სასიმღეროდ და საცდელად დრო და ინვესტიცია გეძლევა მხოლოდ მაშინ, თუ გარანტირებულად გაქვს ხელფასი და ბავშვებს ნაკლები მიხედვა სჭირდებათ. შესაბამისად, მე ხელახლა სცენაზე ავდივარ მაშინ, როდესაც მასწავლებლის ლიცენზიას ვიღებ და ჩემს თავს ამის უფლებას ვაძლევ.

ჰეტერო ცხოვრებაში გამომწყვდევა

ისე არ ყოფილა, რომ ერთ დღეს გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ქალები მომწონდა. უბრალოდ, სანამ საკუთარ თავს კითხვები დავუსვი, უკვე გათხოვილი და სერიოზულ ურთიერთობაში აღმოვჩნდი. რამდენიც გინდა, იმდენი ქალია ასე. მე გათხოვების არჩევანი არ გამიკეთებია. მე არ ვიცოდი, რომ სხვა არჩევანის საშუალებაც არსებობდა — რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანთან მქონდეს ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა გენდერს, შეიძლება ვიყო ფლუიდური სექსუალობის, შეიძლება ვიყო ბისექსუალი.

მე დღეს ჩემს ქამინგაუთს არაფერზე გავცვლი. ერთი წამითაც არ ვნანობ, მაგრამ არავინ მითხრას, რომ ამის ძალა ყველას უნდა ჰქონდეს.

ჩემთვის გარდამტეხი მომენტი მეორე ქორწინების დასრულება იყო. მანამდე, ფაქტობრივად, 20 წელი ჰეტერო ცხოვრებაში ვიყავი გამომწყვდეული. ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, 15 წლის ასაკში “ქრაში” რომ მქონდა გოგოზე, ეგ ნამდვილად “ქრაში” იყო. ჰეტერონორმატიულ გარემოში სიტყვების პოვნა ძნელია. არ იცი, რას რა უნდა დაარქვა. მე ადრეულ ასაკში მკვეთრად გამოხატული გენდერული პრეფერენცია არ მქონდა, ამიტომ ბევრი დრო დამჭირდა.

სანამ საკუთარ თავს იმის ვალიდაციას მისცემ, რომ, მინიმუმ, ჰეტეროსექსუალი არ ხარ, დიდ გზას გადიხარ. ხშირად სვამ სულელურ კითხვებს. იმიტომ, რომ სხვანაირად არ იცი. ახლა, როდესაც მე მეკითხებიან ასეთ სისულელეებს, სულ “ამირან გულში მღეროდა” მემართება და ვფიქრობ, რომ მეც ვყოფილვარ მათ ადგილას, როდესაც საკუთარ თავზე ეჭვები მქონდა, ამის დასტურს ვეძებდი და ვფიქრობდი, რომ ეს მაინცდამაინც რაღაც აქტში უნდა განხორციელებულიყო. ეს არის წნეხი, რომელიც მხოლოდ ქვიარ ადამიანებს აქვთ.

წნეხი

ახლა 38 წლის ვარ. სანამ 30-ის გავხდებოდი, ყველა ახლო მეგობართან “აუთ” ვიყავი, როგორც ბისექსუალი. როგორც ძალიან ბევრი გეი, მეც, სულ თავიდან ასე ვაიდენტიფიცირებდი თავს. ჩემს მშობლებს წერილობით მივმართე და ვუთხარი, აი, ხალხს რომ უნდა, გემში ჩასვას, შორს გაიყვანოს და ჩაძიროს, ის ვარ-მეთქი. მამაჩემმა მომწერა, რომ დიდი ხანია, თვითონ ასე აღარ ფიქრობდა. სავარაუდოდ, გაახსენდებოდა ჩემი ხმალამოღებული დაცვა ქვიარ ხალხის, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ჩემი ქვიარობა მე თვითონაც არ მქონდა გააზრებული.

“იყავი, მაგრამ ნუ ამბობ” — ამას რომ გეუბნებიან, სადღაც ნიშნავს, რომ ლესბოსელად ყოფნა სირცხვილია. ამაზე ძალიან ვბრაზდები. მაინტერესებს, რისი უნდა მრცხვენოდეს? […] სირცხვილმა ბანაკი უნდა შეიცვალოს.

ზოგადად, ოჯახის ემოციური შანტაჟი არის ყველაზე ცუდი შანტაჟი. “შენ თუ ასე არ მოიქცევი, მე მოვკვდები” — მსგავსი ზეწოლა მხოლოდ ქვიარ ადამიანებს არ ეხებათ. ჩემს შემთხვევაშიც ეს იყო ყველაზე რთული.

სხვა მხრივ, მე მართლა მესმის, რომ ჩემს მშობლებს უჭირთ. მათზეც არანაკლები წნეხია — მე ხომ ვიცი, ვინ არიან მათი ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, რამდენია მათ შორის ღიად ჰომოფობი.  ჩემი მშობლებისთვის არ არსებობს სანდო სივრცე, სადაც მხარს დაუჭერენ. მას მერე, რაც საჯარო ქამინგაუთი გავაკეთე, ზოგმა ნათესავმა მომწერა, ზოგიც გაქრა. აღმოვაჩინე, რომ ვიღაცებმა ფეისბუქიდან წამშალეს, ზოგიც მე წავშალე. ვფიქრობ, კიდევ ჩავალ თუ არა სოფელში. შეიძლება, არც არაფერი მოხდეს და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩე, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ისიც, რომ ვიღაც ამომივარდეს და მართლა გამაგდოს.

კარადაში შებრუნება

“იყავი, მაგრამ ნუ ამბობ” — ამას რომ გეუბნებიან, სადღაც ნიშნავს, რომ ლესბოსელად ყოფნა სირცხვილია. ამაზე ძალიან ვბრაზდები. მაინტერესებს, რისი უნდა მრცხვენოდეს? არასდროს არავისთვის არაფერი მომიპარავს, ყველა ჩემს აქტზე პასუხისმგებელი ვარ, არასდროს მიღალატია სიტყვისთვის, ჩემი შვილის ერთადერთი აღმზრდელი და მასზე პასუხისმგებელი ვარ. როცა ირგვლივ ვიყურები და ვხედავ, რას პატიობენ კაცებს, დიდი ბოდიში, მაგრამ მე რისი უნდა მრცხვენოდეს? ვის რა დავუშავე? სირცხვილია დედის კისერზე ჯდომა, როცა 40 წლის ხარ; სირცხვილია, როცა მშობლებს, შვილებს სჭირდები და არ ეხმარები; სირცხვილია, როცა არაფრის მაქნისი არა ხარ; სირცხვილია, როცა შვილს ალიმენტს არ უხდი; სირცხვილია, როდესაც სამსახურში უპასუხისმგებლოდ იქცევი. სირცხვილი იმდენი რამეა, რამდენიც გაგიხარდება, თუმცა კაცებს ტოლერანტობის ზღვარი ბევრად მაღალი აქვთ. სირცხვილმა ბანაკი უნდა შეიცვალოს.

ოჯახის იმ წევრებმაც, რომლებმაც მიმიღეს, მიმიღეს იქამდე, სანამ შეყვარებულს ან სარძლოს წარვუდგენ. ყველა გიღებს, სანამ ეტყვი, რომ პაემანზე იყავი. რაღაც დონის მიმღებლობა ვისაც აქვთ, იმათაც არ ესმით, რად გინდა, სიტყვა “ლესბოსელს” რომ ამბობ? ამის აფიშირებას რომ აკეთებ?

ეს არის ის, რასაც აქტივიზმში “კარადაში შებრუნებას” ვეძახით.

რატომ არ უნდა ვილაპარაკო ჩემს პირად ცხოვრებაზე? უკაცრავად, მაგრამ ყველა ჰეტერო ადამიანი ამას ძალიან მარტივად აკეთებს. მაგალითად, ამბობს, რომ გუშინ ქმარმა მოაკითხა და ამას ამბობს ისე, რომ არ სჭირდება მილიონი შფოთვის ჩახშობა საკუთარ თავში.

როცა “იქეთა მხარეს” ვიყავი, მეც მქონდა ეს პრივილეგია და ზუსტად ვიცი, რომ არ ვფიქრობდი არცერთი წამი, მეხსენებინა თუ არა ჩემი ქმარი.

როგორც საჯარო მოხელე და მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, უნდა სცოდნოდათ თუ არა მოსწავლეებს, რომ ლესბოსელი ვარ. წელს მოსწავლემ არ მკითხა: “მადამ, ქმარი გყავთ?”. ვუპასუხე, რომ ლესბოსელი ვარ. ერთხელ, ბავშვები ჩხუბობდნენ და ერთმა მეორეს გასძახა: “გეი! გეი!”. მივუბრუნდი და მეძახდით-მეთქი?

ქალი, რომელიც გადაწყვეტს, საკუთარ თავს მისცეს ოთახი

ინსტიტუციებს ანუ ოჯახს, ან სხვა იერარქიებს, რომლებსაც ქალები კონტროლის ქვეშ ჰყავს, უნდათ, რომ ბნელში გამყოფონ. ქალი, რომელსაც კაცი არ აინტერესებს, საშიში ქალია, ეს მთელი სიმძაფრით ვიგრძენი. კაცმა, რომელიც ხედავს, რომ შენთან ფლირტის შანსიც არ აქვს, აუცილებლად რაღაც ძალიან ცუდი უნდა გითხრას. ბანჯგვლიანს დაგიძახებს და ჰგონია, რომ ამით შეურაცხყოფას მოგაყენებს. მე თავდაცვის მექანიზმად სარკაზმი და ირონია შემოვირტყი.

ვირჯინია ვულფის არ იყოს, ქალს, რომელიც გადაწყვეტს, საკუთარ თავს მისცეს ოთახი, ყველა დედობაში აბრუნებს. დედობაში, როგორც პასუხისმგებლობაში. რას ჰქვია, გინდა, რომ წერო?! ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ შენ ცუდი დედა ხარ. არ მახსენდება, რომ მამებზე ეთქვას ვინმეს იგივე, როდესაც ისინი თავიანთი, ვთქვათ, წერის კარიერით არიან დაკავებულები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საერთოდ გამქრალია შვილის ცხოვრებიდან, სადღეგრძელოებს თუ არ ჩავთვლით. ლეგიონია ისეთი ქალები, რომლებიც ჩარჩენილი არიან ქორწინებაში და ვერ გამოდიან. ქალები, რომლებიც ვერ “დააუთდნენ”, რადგან კაცები გვაკონტროლებენ — მამები, ქმრები, ძმები. ბიჭი შვილი რას იტყვის?

ფოტო: გვანცა სუთიძე

შეხედეთ, სცენაზე ვინ არიან, ვის უკრავენ ტაშს, ვის უსმენენ. მე ძალიან მიყვარს, როდესაც კაცი არტისტები ამბობენ, რომ სქესს არ აქვს მნიშვნელობა. მერე მათი ფეისბუქის პროფილებზე გადადიხარ და 95% ერთმანეთს აზიარებს, ერთმანეთს ასწავლიან უნივერსიტეტებში, ერთმანეთი შეჰყავთ სილაბუსებში, ერთმანეთს უჭერენ მხარს. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგება, რას ჰქვია კვოტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ქალია?! თითქოს საუკუნეებია თვითონ ზუსტად ამას არ აკეთებენ. საუკუნეებია ამაში ვართ, გადახედეთ ყველა ლიტერატურულ პრიზს, მუსიკალურ ინდუსტრიას, როლებს, გადანაწილებას — როგორც კი საქმე მიდის ძალაუფლებასთან, სადაც ფულია, იქ კაცები არიან. და როგორც კი საფრთხეს ქმნი, რადგან არა ხარ ის, ვინც დათმობებზე წავა, მით უმეტეს, თუ ქვიარი ხარ, შენ უნდა გაჩუმდე და მადლობა თქვა, რომ კვოტით მაინც მოხვდი სადღაც.

***

გამოსვლა და ხალხისთვის საკუთარი თავის დანახვება ნიშნავს, რომ არსებობ. შენი არსებობა არსებულ იერარქიებს საფრთხეს უქმნის. ამიტომ ყველას ურჩევნია, რომ მოჭუჭკული იყო კარადაში, რაც ჩემს შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ არ ვწერ ტექსტებს, არ ვწერ სიმღერებს, არ ვწერ ბლოგებს, არ ვწერ პოდკასტებს.

არადა, მე ვარ ჩემი სიტყვა, 

მე ვარ ჩემი სიმღერა,

მე ვარ ჩემი ტექსტები, 

მე ვარ ჩემი პოდკასტები, 

მე ვარ ჩემი ჩაცმულობა, 

მე ვარ ჩემი გარეგნობა.

და სამი წლის წინ, ანუ სანამ კარადაში ვიყავი, ყველაფერი ეს, რაც დღეს ჩემში ყველაზე მეტად მეძვირფასება, არ ვიყავი. 

ფოტო: გვანცა სუთიძე

სხვების სათქმელია, რამდენად კარგად ვმღერი, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ცუდ სიმღერებს ვწერდე. აბა, წარმოიდგინეთ რომელიმე ცნობილი ჰეტერო კაცის ან ქალი მომღერლის სიმღერა, რომელიც ადამიანებს უყვართ და დაუშვით, რომ ეს სიმღერა არ არსებულიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ჰეტერომ დაწერა. დაუშვით, რომ ქვიარები ვართ დომინანტური საზოგადოება და ვამბობთ: “ვაიმე, ღმერთო, ჰეტეროებმა სახლში იმღერეთ!”. როცა ამბობენ “შენთვის რაც გინდა, ის აკეთეო”, ეს კონკრეტულად ამას ნიშნავს: მე არ უნდა ვიარსებო. 

არცერთი გზა, რომელსაც ქვიარი ადამიანი ირჩევს ცხოვრებისთვის, არ არის არასწორი. თუ შენ გეშინია და კარადაში ხარ, მე არავისთვის გაკვეთილი არ მაქვს მისაცემი. არც არავის ვეხმალავები, რომ, აბა, ყველანი გამოდით. მაგრამ მე დღეს ჩემს ქამინგაუთს არაფერზე გავცვლი. ერთი წამითაც არ ვნანობ, მაგრამ არავინ მითხრას, რომ ამის ძალა ყველას უნდა ჰქონდეს. ამის ძალას ყველას ვერ მოსთხოვ.

ჩემზე ძალიან იმოქმედა, როცა გასული წლის სექტემბერში “ბათუმელებმა” მთხოვა ინტერვიუ და დედიკომ არ იცის-მეთქი, ვუთხარი ნახევრად ირონიით, თუმცა სრული  სიმართლე იყო. მაშინ მივხვდი, რომ არ შემეძლო. დგახარ სცენაზე იმ ქვიარი ხალხის წინ, რომელიც მოდის შენს კონცერტზე და გისმენს, გიყურებს და შენ ეუბნები: აუ, არ გადამიღო, არ მომნიშნო, არ გამავრცელო… არადა, ეს გჭირდება, რომ ალბომი ჩაწერო. მაგრამ დედიკომ არ იცის. ეს არ არის ცხოვრება.

არცერთი გზა, რომელსაც ქვიარი ადამიანი ირჩევს ცხოვრებისთვის, არ არის არასწორი. თუ შენ გეშინია და კარადაში ხარ, მე არავისთვის გაკვეთილი არ მაქვს მისაცემი. არც არავის ვეხმალავები, რომ, აბა, ყველანი გამოდით. მაგრამ მე დღეს ჩემს ქამინგაუთს არაფერზე გავცვლი. ერთი წამითაც არ ვნანობ, მაგრამ არავინ მითხრას, რომ ამის ძალა ყველას უნდა ჰქონდეს. ამის ძალას ყველას ვერ მოსთხოვ.

ადამიანები ამას ვუმკლავდებით ისე, როგორც შეგვიძლია, და კიდევ ერთხელ — სირცხვილმა ბანაკი უნდა შეიცვალოს.

მე რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ, ეს მე მჭირდება.

ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. იმისთვის, რომ როცა 60 წლის გავხდები, ვთქვა — ა, გენაცვალეთ. მე ლესბოსელი არტისტი ვარ და მაკოცეთ ტრაკზე!

ღვინო, დუდუკი, ქალები და ჟუჟუნა კლუბი

აზრზეც არ ვიყავი, რომ პოდკასტის გაკეთება მინდოდა. ამის უფლებას საკუთარ თავს მანამდე ვერ მივცემდი. ორი წლის წინ წიგნის წერა დავიწყე, მაგრამ მას მერე, რაც ქამინგაუთი გავაკეთე, სულ სხვაგან მიმყავს სიუჟეტი. ახლა ცხადზე უცხადესია, რომ ტექსტი ქამინგაუთზეც იქნება და ქვიარ ადამიანების სიყვარულზეც. აი, მანამდე ეს ყველაფერი ჩაკეტილი მქონდა.

გაშინებენ, რომ ახლა ყველა იტყვის, რომ “ლეზბიანკა” მომღერალი ხარ. თქვან! მე გადაწყვიტე ვუპასუხო: მადლობა! რა პატივია, რომ ამას მეუბნებით.

მე მგონია, რომ მთელ ამ ჰეტერო საზოგადოებას ბევრი რამე აქვს სასწავლი ქვიარ საზოგადოებისგან. ვურჩევ ყველას, რომ ჩვენს პოდკასტებს და კონტენტს თვალ-ყური მიადევნოს. ქვიარებს რომ უსმენდნენ სექსუალურ ცხოვრებაზე, შეიძლება მათი წყვილები გადარჩნენ.

პოდკასტთან ერთად, ონლაინ კონტენსტაც ვაკეთებთ. ჩემი ”თანადა”, ნათია, კულტურულ მოკითხვებს და მიმებს აკვარახჭინებს. კიდევ ჟუჟუნა კლუბი გავხსენით. ეს, მეგობრებო, ერთგვარი წრეა, სადაც სექს-რჩევებს ვიძლევით. ერთი დიდი დეკონსტრუქცია ყველა ჰეტერო წყვილს სჭირდება. ჩვენგან მათ წყვილში დინამიკის, სექსუალური ურთიერთობების, დალხენისა და კარგად ყოფნის სწავლა შეუძლიათ. მე პირადად ვურჩევდი, რომ თავიანთ ჰეტერო ურთიერთობაშიც ცოტა ქვიარები გახდნენ. ცოტა მოეშვან და მეტი ისიამოვნონ.

დაო

დაო აქტივისტური სიმღერაა. ძალიან მიყვარს და მეამაყება, რაც გავაკეთე, თუმცა ეს ჩემი საუკეთესო სიმღერა არ არის. კლიპი ქალთა ფონდის მხარდაჭერით გამოვიდა და ძალიან მიხარია.

ჩემს პროდუსინგზე მე თვითონ მაქვს შენიშვნები, მაგრამ ყველაფერი ძალიან აქტივისტურ დონეზეა გაკეთებული და ჩვენი შესაძლებლობებით რაც შევძელით, სული და გული ჩავდეთ.

ფოტო: ლინდა ჩიხლაძე

ჩემი ოცნება ალბომია. რამდენიმე ძალიან ლამაზი სიმღერა მაქვს გამზადებული. მე მინდა ქალების სიყვარულს ვუმღერო. იმ სიტყვით და ფორმით, რა ფორმითაც ყველაზე მეტად მიყვარს: მთელი ჩემი ქართულ-ხალხურ-პოპულარულ-ფანოღური შეჯვარებით. ჩემგან ნურავინ ელოდება, რომ ისეთი კარგი და დამჯერი არტისტი ვიქნები, თეა წულუკიანს რომ მოეწონება. მე ვიქნები ის არტისტი, რომელიც იქნება ვულგარულიც, პროტესტსაც გამოხატავს და ბრაზსაც. მაგრამ არის რაღაცები, რაც წმინდაა ჩემთვის – ქართული ფოლკი ჩემი დიდი სიყვარულია და მას ფრთხილად ვეპყრობი. მაგალითად, კლიპში ჩიხტიკოპი ამაყად მადევს თავზე. ხომ პატარა დეტალია, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, მაგრამ რამხელა ბედნიერებაა, რომ მე ვარ ლესბოსელი და თავზე მახურავს ჩიხტიკოპი. ბედნიერებაა ჩემთვის და იმ თინეიჯერი ბავშვებისთვის, თავიანთი კარადებიდან ჩვენს პოდკასტებს რომ უსმენენ და გვწერენ.

ფოტო: გვანცა სუთიძე

მაგ ბავშვებისთვის “დავაუთდი”. მე რომ ვიყავი ეგ ბავშვი, იმისთვის “დავაუთდი”. პირველ რიგში, იმ ბავშვს ვუმღერი, რომელიც ღამე დაწვებოდა და გოგოებზე ოცნებობდა, ოღონდ ეგონა, რომ ამისთვის ბიჭად უნდა გადაქცეულიყო. და მერე ვმღერი ყველა სხვა ქვიარისთვის, რომლებიც ჩვენ ირგვლივ, ყველგან არიან, მაგრამ არიან კარადაში. სწორედ მათ მინდა ვუთხრა, რომ ღმერთო ჩემო, ვარსებობთ. სიმღერებით იქნება თუ პოდკასტით, მათ მინდა დავანახო, რომ ქვიარად ყოფნა დიდი ბედნიერებაა!

სხვებს კი მინდა ვუთხრა, რომ ესა ვართ, ხალხნო. თქვენი შვილები ვართ, თქვენი დები ვართ, თქვენი დეიდები და მამიდები ვართ და ვართ ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები.