ოქტომბერი 2022 - Page 2

ნატა ფერაძის მანქანა შეღებეს — რას ამბობს აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის მანქანა უცნობმა პირებმა შეღებეს და შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ნატა ფერაძის კამერით დაფიქსირებულ კადრებში ჩანს, როგორ მიდის 2 შენიღბული კაცი ავტომანქანასთან და მის შეღებვას იწყებს.

ნატა ფერაძე ქვიართან ამბობს, რომ აღნიშნული თავდასხმის ორი ვერსია აქვს, მათ შორის, კახა კალაძის მიმართ არსებული კრიტიკული პოზიცია.

„ჩემი შეფასებით, ეს მიზანმიმართული გაფრთხილება და დაშინების მცდელობაა, სხვა ახსნა არ მაქვს. ბევრ ფრონტზე მყავს ადამიანები გაღიზიანებული, რომელთაც ჩემ მიმართ აგრესია აქვთ, მაგრამ ყველაზე მეტად კახა კალაძეს ვუკავშირებ, რადგან, მის მიმართ განსაკუთრებით მწვავე ვიყავი ბოლო პერიოდში, შადრევნის შემთხვევის შემდეგ, როცა მისი დაუდევრობის გამო 13 წლის ბავშვი მოკვდა. შეიძლება იყოს ალტ-ინფოც, რომელთაც ვებრძვი, ანტირელიგიური მოწოდებებს ვაჟღერებ, ვეწინააღმდეგები პარლამენტის წინ მათ მიერ აღმართულ ჯვარს და ამის გამო აგრესია აქვთ“, — აღნიშნა ნატა ფერაძემ. 

ნატა ფერაძის თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრები მისმა კამერამ დააფიქსირა, თუმცა ოფიციალური უწყებებისგან მოითხოვა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რათა მოხდეს იმ პირების ნიღბის გარეშე გაშიფვრა, რომლებიც მისი საცხოვრებელი სახლისკენ გადაადგილდებოდნენ.

აქტივისტი აღნიშნავს, რომ პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იგრძნო, რაც შესაძლოა ეკლესიის მიმართ გაცხადებული წინააღმდეგობით იყოს განპირობებული.

„პოლიციის განყოფილებაში გასაოცარი მდგომარეობა დამხვდა. ხატებით იყო იქაურობა მოფენილი, ლამის ყველას ფსკვნილი ეჭირა ხელში, მოვიდა გამომძიებელი ოქროს ჯვრით და დამიდო წინ. ტიპებმა მაგრძნობინეს, რომ “ნათელ მხარეს” არიან. ეს არ არის სეკულარული ქვეყნის პოლიცია, როგორ შეიძლება რომელიმე ერთი რელიგიის სიმბოლოები იყოს ამ ოდენობით. დისკომფორტს უქმნის მოქალაქეს, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადების გადამხდელი, მაგრამ არ იყოს მიმდევარი იმათი რელიგიის“, — ამბობს ნატა ფერაძე.

ნატა ფერაძე ამბობს, რომ მისთვის პირად სივრცეში შეჭრა ის ზღვარია, რომლის გადაკვეთა კატეგორიულად მიუღებელია.

„ვაპირებ, სამართალდამცველები მაქსიმალურად გავააქტიურო, რადგან ეს არის პირად სივრცეში შემოჭრა, სადაც მყავს 2 შვილი და პირველ რიგში, მათთვის არის დისკომფორტი. ჩემი არჩევანია, თუმცა პირადად მე ყოველთვის ვარ კატეგორიულად წინააღმდეგი და მაგალითად, არასდროს მივსულვარ კალაძის ან ღარიბაშვილის სახლთან და მუდამ ვაპროტესტებ პირად სივრცეში შეჭრას. პირადი სივრცის დარღვევა არის ისეთი ზღვრის გადალახვა, რაც საშინელ შეგრძნებას იწვევს“, — აღნიშნავს ნატა.

აქტივისტის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერამ და ადამიანის უფლებათა სახლის გადაწყვეტილებამ, რომ ადვოკატი გამოეყოთ, საქმის ბოლომდე მიყვანის იმედი მისცა.

ბასილაშვილი გაამართლეს — რა მტკიცებულებები არსებობდა საქმეში

ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაამართლა. მან დასაბუთებისას „არასაკმარისი მტკიცებულებებზე” ისაუბრა. ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში აპირებს გასაჩივრებას.

ქვიარი გთავაზობთ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ და ბასილაშვილის ადვოკატებმა 19-20 ოქტომბერს, საქმის დასკვნით ეტაპზე შეაჯამეს. 

ბრალდების მხარის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად ედებოდა „გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლისა და შემდეგში უკვე ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, ასევე ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდი, მათ შორის, ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ძალადობამ თითოეულ შემთხვევაში გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი“.

ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდება — პროკურატურის მტკიცებულებები

პროკურორმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ოჯახში ძალადობის საქმეების სპეციფიკის შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ოჯახში ძალადობის საქმეები წარმოადგენს სპეციფიკური კატეგორიის დანაშაულებს, რადგან მათ ლატენტური ხასიათი გააჩნიათ და, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა ხორციელდება, არ ჰყავს ბევრი თვითმხილველი — ეს არც სასამართლოსთვის არის უცნობი და არც დაცვის მხარისთვის. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, დანაშაულის სპეციფიკური ხასიათის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის მიმართ ძალადობდა ფსიქოლოგიურად, აღნიშნულ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი და ძალადობის შედეგად ნელი დოროყაშვილმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ნელი დოროყაშვილმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს და 2013 წელს დაქორწინდნენ. დაზარალებული ჩვენების თანახმად, ბასილაშვილს ძალადობრივი ქცევა ქორწინებამდე არ გამოუვლენია, თუმცა პირველი ასეთი ფაქტი ქორწილის დღეს, მას შემდეგ მოხდა, რაც დოროყაშვილმა გააჟღერა, რომ ქორწილის გარკვეული მომენტიდან სჯობდა, მხოლოდ ახალგაზრდები დარჩენილიყვნენ. აღნიშნულს ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა ქორწილი დატოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტით გაბრაზებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საქორწინო სუფრასთან დაბრუნების შემდეგ ნელი დოროყაშვილს ხელი ძლიერად მოუჭირა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური და მორალური ტკივილი მიაყენა.

პროკურორმა საბოლოოდ შეაჯამა ჩანაწერები, რომლებიც საქმეში არსებობს. ამ ჩანაწერების თანახმად, ძალადობრივი შემთხვევები სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით იწყება და ბევრად მასშტაბურ, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის სახეს იღებს.

2017 წლის 8 ივლისის ჩანაწერი: „შენ თავში რა დაგარტყამს მე არ ვიცი, შენ მთელი დღე გაქვს თავისუფალი, ვიღაცა გიდებს ბანკში ანგარიშზე ფულს და შენ კიდევ [უცენზურო სიტყვა] რაღაცას ნუ აქანავებ და კიდევ რაღაც სურათებს დებ“, — ნელი დოროყაშვილის განმარტებით. აღნიშნული სიტყვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი დაზარალებულის მხრიდან სამოდელო კარიერის გაგრძელების მცდელობას ეპასუხება და აგრძელებს — „საერთოდ არაფერს არ აკეთებ ამ ქვეყნად, ერთადერთი გყავს ლუკასი მისახედი. შენ ხარ უსაქმური ადამიანი“, რასაც დოროყაშვილი ეწინააღმდეგება, პასუხად კი ბასილაშვილი ამბობს, რომ მისმა თავმა და ხასიათმა მიიყვანა აქამდე. ამავე დიალოგში ის ცოლისგან მოითხოვს, რომ მანქანიდან გადავიდეს, დოროყაშვილი კი ეუბნება, რომ მანქანა ორივესია, რასაც ბასილაშვილის მხრიდან გინება მოჰყვება. 

2018 წლის 20 აგვისტოს ჩანაწერი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის მხრიდან მისი ოჯახის ფინანსური ოპერაციებით დაინტერესების საპასუხოდ ნელი დოროყაშვილს მიმართავს — „აღარაფერს აღარ გეტყვი, შე სოფლელო, შე უმადურო სოფლელო“. 

2018 წლის 28 აგვისტოს ჩანაწერში ნიკოლოზ ბასილაშვილის სიტყვები ძნელად აღქმადია, თუმცა ქონოსკოპიურმა ექსპერტიზამ სიტყვიერი შეურაცხყოფა გაშიფრა.

2018 წლის 8 ოქტომბრის ჩანაწერი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს მიმართავს — „უბრალოდ პრეტენზია გამოვთქვი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან [ტერმინი შემსუბუქებულია ბრალდების მხარის მიერ] ნუ გაქვს თქო ურთიერთობა და შენი თავი არ დაიმახინჯო სახეზე მაინც თქო. სიმახინჯის განსახიერება“.

2018 წლის 31 დეკემბრის ჩანაწერი: ნელი დოროყაშვილი კონტრაქტის დადებას აპირებს სამოდელო საქმიანობის გაგრძელების მიზნით, რაზეც ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს: „მოტყლარწული ტანი გაქვს, რა მოდელობას აპირებ“. 

ნელი პასუხობს: „შენს გარეგნობას მიხედე“. 

ბასილაშვილი: „შენ თვითონ გაზარდე და მოუარე [გინება ორივეს მისამართით] მე დავამთავრე და ამ ბავშვზე ვამბობ უარს“.

2019 წლის 9 იანვრის ჩანაწერი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს: „შემარცხვენელი, გაუნათლებელი და ტუპი, იმენა შტერი ქალი, არარაობა ხარ“.

2019 წლის 9 თებერვალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს: „ფეკალიებში [სხვა სიტყვებით] გაყავი თავი, თანაც ღრმად“. ნელი ბოდიშს უხდის, რაზეც ნიკოლოზი პასუხობს: “უკანალში შეიტენე, შე [სასქესო ორგანოს სახელს უწოდებს], შენი ბოდიში. [შეურაცხმყოფელი სიტყვები]“.

2019 წლის 10 მარტი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს: „ჩემზე, მით უმეტეს ჩემზე ფინანსურად ხარ დამოკიდებული“. პასუხად ნელი ამბობს, თუ რამდენჯერ უნდა წამოაძახოს ეს.

2019 წლის 10 აპრილი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს: „ეგ სურათები ცოტა ზედმეტია, პროსტა ან ნათესავების არ გიტყდება ან რა ვიცი, ლუკასის სურათის გვერდით როგორ გიდევს“.

ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდება — ბასილაშვილის ადვოკატების მტკიცებულებები

ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარეს 3 ადვოკატი წარმოადგენს, რომელთაგან ერთ-ერთმა, თეონა გვაზავამ პროკურორის მტკიცებულებების საპასუხოდ ფსიქოლოგიურ ტერორში ნელი დოროყაშვილი დაადანაშაულა და განიხილა ნელი დოროყაშვილის მხრიდან ეჭვიანობის შესახებ არსებული მტკიცებულებები.

თეონა გვაზავამ ქორწილის ეპიზოდზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბუნებრივია, ნელი დოროყაშვილის მოთხოვნა, რომ ბასილაშვილის ოჯახის წევრების ქორწილი დაეტოვებინათ, გამოიწვევდა მათ განაწყენებას, თუმცა ქორწილის ფოტო-ვიდეო მასალაზე ფიზიკური ძალადობის კვალი არ არის ასახული. მისი შეფასებით, დაზარალებულმა ძალადობად ჩათვალა ბრალდებულის კომენტარი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დოროყაშვილს მეჯვარეებთან ფოტოს გადაღება არ უნდოდა.

ადვოკატმა გვაზავამ ტყუილი უწოდა დოროყაშვილის ჩვენებაში კარიერულ სირთულეებზე აღნიშნულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ნელი დოროყაშვილი ქორწინების დასრულებიდან წლების შემდეგაც არ არის პროფესიონალი მოდელი და ტყუილია, თითქოს ბასილაშვილის პროფესიულ განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობდა, რადგან მას ჩოგბურთის წესების შესახებ ცოდნა არ აქვს. მისივე მტკიცებით, 2018 წლის აგვისტოს ეპიზოდიც ადასტურებს, რომ დოროყაშვილი ბასილაშვილს ხელს უშლიდა წინსვლაში.

ბასილაშვილის დაცვის მხარე ნელი დოროყაშვილის მხრიდან სავარაუდო მრავალწლიანი ძალადობის მედიასთან საუბარსაც შეეხო და აღნიშნა: „[ნელი დოროყაშვილი] პროცესებზე გვეუბნება, ის, რაც მატრავმირებელი იყო ჩემთვის, ჩავკეტეო. გონებას არ ვაძლევო იმის უფლებასო, რომ ამით ვიცხოვროო. კი, მაგრამ, კაი, სასამართლოში ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ, ვალდებულება გვაქვს, უნდა ვთქვათ, რატომ მივდივარ საჯაროდ ტელევიზიებში ან იქამდე ან სასამართლოში დაკითხვის შემდგომ და რატომ მაქვს იმის უნარი, თუ ეს მატრავმირებელია და რაღაცა ჩავკეტე ჩოგბურთთან დაკავშირებით, მაშინ იმ მატრავმირებელ გარემოებებზე ესე საჯაროდ ვილაპარაკო, ესეც შეუსაბამოა“.

ეკონომიკური ძალადობის ბრალდებაზე გვაზავამ აღნიშნა, რომ დაცვის მხარის წარმოდგენელი მტკიცებულებებით, ბარათის დაბლოკვა არცერთ ამონაწერში არ ფიქსირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნელი დოროყაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა, ბრალდების მხარემ ბარათების დაბლოკვის შესახებ მტკიცებულებები არ წარმოადგინა.

„ნელი დოროყაშვილის წარდგენილი ჩანაწერით დგინდება, რომ მან ნიკოლოზ ბასილაშვილს ასესხა $50 ათასი, რათა ნიკოლოზ ბასილაშვილს თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ შეეძინა ბინა. როგორც ნელი დოროყაშვილი გვეუბნება, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ზღუდავს, არ ამუშავებს… $50-ათასიანი დანაზოგი როგორ შეაგროვა ადამიანმა იმ ფონზე, როცა ის არის ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. მე და თქვენ რამდენი წელი უნდა ვიმუშავოთ, რომ არათუ $50 ათასის დანაზოგი შევქმნათ, არამედ $50 ათასი მივიღოთ ანაზღაურების სახით“, — აღნიშნა თეონა გვაზავამ.

მან განიხილა სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს სიტყვით „სოფლელო“ მიმართავს. გვაზავამ აღნიშნა — „ცხოველი ხარო, ნიკა ეუბნება? ნელი არ ეუბნება, ცხოველი ხარ და ცხოველებთან ერთად უნდა იცხოვროო? როგორ შეიძლება, ადამიანი და ქალი ამბობდეს, რომ ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის და უყვიროდეს მოძალადეს მანქანაში, აყენებდეს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობის არ ეშინია ამ დროს?”.

გვაზავამ დასკვნით სიტყვაში მოიშველია 2017 წლის 8 ივლისის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს: „შენ ბევრჯერ გამოავლინე ისეთი რაღაცები, ძალიან დიდი ტყუილები, შენ თავთან ტყუილები, შენ უკვე ყველანაირ საზღვრებს გაცდი. მეშინია შენნაირ ადამიანთან ერთად ყოფნის“. ადვოკატის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი მიანიშნებს, რომ აღნიშნულ ქორწინებაში შიში ბასილაშვილს აქვს და არა ნელი დოროყაშვილს. 

ბასილაშვილის ადვოკატმა განიხილა იმ ჩანაწერის შინაარსის, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს ეუბნება, რომ „მოტყლარწული ტანი“ აქვს. თეონა გვაზავამ აღნიშნა, რომ ეს ნელი დოროყაშვილის ცხოვრების წესის შესახებ გაკეთებული შენიშვნაა [გააგრძელე სიგარეტის მოწევა, შენნაირი მოტყლარწული ტანი მე არ მინახავს, რა მოდელობას აპირებ, სახის კანი გაქვს ისეთ მდგომარეობაში], რადგან ნელი დოროყაშვილის სამომავლო მიზნები სამოდელო კარიერას უკავშირდება.

ადვოკატმა პროკურატურის მიერ წარდგენილ ჩანაწერებში ნეკა დოროყაშვილის მხრიდან ხმის აწევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოძალადე დაზარალებულს ყვირილის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, არადა “ეს პირიქით უნდა ყოფილიყო”. ჩანაწერებში, რომლებზეც გვაზავამ ისაუბრა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის კარიერაზე საუბრობს, რაც ნელი დოროყაშვილის გაღიზიანებას იწვევს და იმ დროს ქმარს ეუბნება, რომ მის კარიერაში ჩარევის უფლება არ აქვს.

ფიზიკური ძალადობის ბრალდება — პროკურატურის და ადვოკატების მტკიცებულებები

შესაძლო ფიზიკური ძალადობის პირველი ეპიზოდი, რომელიც ბრალდების მხარემ განიხილა, 2018 წლის აგვისტოში, აშშ-ში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოხდა.

ბასილაშვილის ადვოკატის თქმით, ნელი დოროყაშვილი საქართველოში იმყოფებოდა და ბასილაშვილების ოჯახის მიერ ძვირადღირებული უძრავი ქონების შესყიდვის ფაქტით დაინტერესდა, რის შესახებაც დედამთილს ჰკითხა კიდეც. მისივე ინფორმაციით, იმ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში ტურნირში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა და ნელი დოროყაშვილმაც ჩააკითხა. ბასილაშვილი სასტუმროს ნომერში გვიანობამდე არ დაბრუნდა. ნელი დოროყაშვილი აღელდა, რადგან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, ამიტომ მის ოჯახის წევრებს დაუკავშირდა. 

შემთხვევაზე საუბრისას პროკურორი აღნიშნავს, რომ ბასილაშვილი სასტუმროში გვიან ღამით დაბრუნდა და მალევე ნელი დოროყაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიაყენა, თუ როგორ ბედავდა მის ქონებებზე ინფორმაციის მოძიებას, რის შემდეგაც ფიზიკური ძალადობა დაიწყო. 

“თმაში ხელი მოჰკიდა, თმით ათრია. ნელი სთხოვდა, რომ თავი დაენებებინა, თუმცა ნიკოლოზმა ხელი ურტყა სხეულზე და წაქცეულს, მას შემდეგ, რაც თმაზე მოქაჩა, ფეხები ურტყა მუცლის არეში. ნელი დოროყაშვილი დაწვა საწოლში და ვინაიდან იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში და ბრალდებულის აგრესიიდან გამომდინარე, გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა ნიკოლოზს მისთვის უარესი გაეკეთებინა, გადაწყვიტა, რომ ტელეფონით ჩაეწერა კონფლიქტის ფრაგმენტი. დაზარალებულის განმარტებით, შესაძლოა მათი ურთიერთობის იმიჯიდან გამომდინარე, მეგობრებსაც კი არ დაეჯერებინათ მონათხრობი. მისივე განმარტებით, რამე რომ მოსვლოდა, სადმე ხომ უნდა ყოფილიყო ამის შესახებ ინფორმაცია. ნელი ნამტირალევი ხმით უკმაყოფილებას გამოთქვამდა ნიკოლოზის ძალადობასთან დაკავშირებით, ნიკოლოზი ამ დროს ტანსაცმლის ჩალაგებას განაგრძობდა და მოგვიანებით ჩოგნების ჩანთა, რომელშიც ნივთები ეწყო, საწოლში მისი მიმართულებით ისროლა და თავისა და ტანის არეში ჩაარტყა, რის შემდეგაც ბასილაშვილი გაურკვეველი მიმართულებით წავიდა“, — აღნიშნა პროკურორმა.

ბასილაშვილის ადვოკატმა ბრალდების მიერ აღწერილი გარემოებების გაბათილება სცადა და აღნიშნა, რომ ვიდეო სპეციალურად არის დადგმული ისე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობის შთაბეჭდილება შექმნას. გარდა ამისა, გვაზავამ აღნიშნა ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩოგნების ჩანთა ნელი დოროყაშვილის მიმართულებით საერთოდ არ უსვრია. ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა ფოტოებიც, რომლებიც, მისი მტკიცებით, 28 აგვისტოს არის გადაღებული და მათზე გამოსახული ნელი დოროყაშვილი იღიმის, რაც “ძალადობის გამოვლის ფაქტს გამორიცხავს”. (გავრცელებული მცდარი შეხედულებაა, რომ თუ ადამიანი იღიმის, ის ძალადობის მსხვერპლი ვერ იქნება — ავტორის შენიშვნა)

2019 წლის პირველი აპრილის შესაძლო ძალადობრივი შემთხვევა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედისა და შვილის თანდასწრებით მოხდა. პროკურორის თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვმა შემთხვევით ლარნაკი გატეხა, დედამთილმა, ნატალია ნაჭყებიამ შვილის არასათანადო აღზრდის გამო უსაყვედურა, რაზეც ნელი დოროყაშვილმა უპასუხა, რომ ლარნაკის გატეხვა არ ადარდებდა და ბავშვი მომხდარს ისედაც განიცდიდა.

პროკურორის განმარტებით, ბასილაშვილი გააბრაზა იმან, რომ დოროყაშვილი მის დედას “შეეპასუხა”, რის შემდეგაც მან ცოლს ხელი ძლიერად გადაუგრიხა და აღნიშნულის ფოტომასალა საქმესაც აქვს დართული.

ბასილაშვილის ადვოკატის მტკიცებით კი, აღნიშნულ ეპიზოდთან თანდართული ფოტომასალა ფრაგმენტულია, მხოლოდ სხეულის ნაწილი ჩანს და მისი ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.

სავარაუდო ფიზიკური ძალადობის მესამე შემთხვევა 2019 წლის 30 აპრილს მოხდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ დღეს დოროყაშვილი და ბასილაშვილი ერთმანეთს მანქანაში შეხვდნენ, რადგან ბასილაშვილმა დოროყაშვილს აცნობა, რომ მეგობარი ქალი ჰყავდა და აღნიშნულის განხილვა უნდოდა. პროკურორის ინფორმაციით, ბასილაშვილს ჰქონდა ეჭვი, რომ ცოლს ტელეფონში ძალადობის ამსახველი მასალა ჰქონდა და ტელეფონის წართმევა სცადა, რაც ვერ შეძლო. მან “ნელი დოროყაშვილს ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა. დოროყაშვილმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო”.

პროკურორის განმარტებით, საქმეში მომდევნო დღეებში გადაღებული ფოტომასალაც არის, სადაც დაზარალებულის მკლავზე არსებული დაზიანება ჩანს და მოყვანილია იმ მოწმეების ჩვენებებიც, რომლებსაც დოროყაშვილმა გაქცევის შემდეგ დაურეკა.

ბასილაშვილის მტკიცებით, საქმეში თანდართული ფოტომასალა და დაზიანებების მიყენება, რომლებიც დოროყაშვილს აღენიშნებოდა, მანქანის გაბარიტებიდან გამომდინარე ძნელად წარმოსადგენია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დოროყაშვილის ჩვენების გადამოწმების მიზნით შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიის კონსულტანტებიც არ დაკითხულან, რომელშიც დაზარალებული ძალადობის შემდეგ შევიდა. ამასთან, თეონა გვაზავას თქმით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები არ არსებობს და „რაც უფრო მეტი ეპიზოდი იქნებოდა, ეს აწყობს დაზარალებულს, რათა განავითაროს თავისი მოსაზრება — განა ამდენ ტყუილს ამბობს ნელი დოროყაშვილი? სწორედ ესაა მისი მიზანი“.

სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ბოლო ეპიზოდი 2020 წლის 21 მაისს მოხდა.

პროკურატურის განმარტებით, ნელი დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთად აღარ ცხოვრობდნენ, ბავშვი მამის ოჯახში იყო და დოროყაშვილი იქ შვილის წამოსაყვანად მივიდა, თუმცა ბასილაშვილი სახლიდან გამოვიდა და ბავშვი მანქანაში ჩასვა. როგორც პროკურორი ამბობს, მას შემდეგ, რაც ბავშვმა გააცნობიერა, რომ დედა მათთან ერთად არ მიდიოდა, ტირილი დაიწყო. მისივე განცხადებით, ამ პროცესის პარალელურად, შელაპარაკება ჰქონდათ ნატალია ნაჭყებიასა და ნელი დოროყაშვილს. 

პროკურორმა თქვა, რომ დედამ ბავშვის მანქანიდან გადმოყვანა ისევ სცადა, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილი მასთან მივიდა, მკლავზე ხელი მოუჭირა და თავში ჩაარტყა. მისივე ინფორმაციით, დოროყაშვილმა ბავშვის მანქანიდან გადმოყვანა შეძლო და ატირებული ბავშვი ბასილაშვილების ეზოში წყლის დასალევად შეიყვანა, სადაც მამამთილი დახვდა და შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. პროკურორის თქმით, ბასილაშვილი ბავშვის დაბრუნების მიზნით დოროყაშვილს გაჰყვა, მკლავში გასაღებიანი ხელი მოუჭირა, თავში ხელი ჩაარტყა და სახლში შებრუნდა, ხოლო დოროყაშვილმა მანქანა გააჩერა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა ხმოვანი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ნელი დოროყაშვილი 112-ში რეკავს და დახმარებას ითხოვს: 

ნელი დოროყაშვილი: ჩემს ქმარს ჰყავდა ბავშვი წაყვანილი და შეთანხმებულები ვიყავით, რომ უნდა წამომეყვანა. ბავშვი ტიროდა და მინდოდა წყალი დამელევინებინა. გამომივარდა მამამთილი ჯოხით, გინებით, ჩემმა ქმარმა დამარტყა. არ ვიცი, მართალს გეუბნებით, სრულიად შოკში ვარ. იქნებ, მოხვიდეთ

112: კი, აუცილებლად.

ნელი დოროყაშვილი: არ ვიცი, უბრალოდ, რა ვქნა?! [დაზარალებულის ტირილის ხმა].

112: არ ინერვიულოთ, მალე მოვა პოლიცია.

პროკურორის თქმით, დოროყაშვილს მკლავზე დაზიანება ჰქონდა, რასაც სასწრაფოს ექიმებიც ადასტურებენ, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მას მარჯვენა ხელზე სისხლნაჟღენთი დაზიანება ჰქონდა, რომელიც ხანდაზმულობით მომხდარის დროს შეესაბამება.

ბასილაშვილის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ კონფლიქტური სიტუაციისას, თანაც, როცა ბავშვი ტიროდა, ნელი დოროყაშვილი ნატალია ნაჭყებიასთან კამათისთვის ვერ მოიცლიდა. ადვოკატებმა წარადგინეს ნაწყვეტი იმ ადამიანის ჩვენებიდან, რომელმაც ნელი დოროყაშვილი და ბავშვი ადგილს გაარიდა. ჩვენების თანახმად, ბავშვმა მანქანაში ჩაჯდომისას ტირილი დაიწყო და თქვა, რომ მამასთან უნდოდა.

თეონა გვაზავამ წარადგინა სასწრაფოს ექიმების ჩვენებაც, რომელიც მიანიშნებს, რომ დაპირისპირებას, მათ შორის, ფიზიკურს ადგილი მართლაც უნდა ჰქონოდა.

„დავამშვიდეთ პატარა დამამშვიდებლით, მკლავზე ჰქონდა განაკაწრი… რომ ვკითხეთ, საიდან ჰქონდა, თქვა, რომ მიჭერდაო ხელსო, მაგრამ კონკრეტულად როდის მოხდა, ვერ გაიხსენა. დაზიანება მცირედი ექსკორიაციის [კანის ზედაპირის დაზიანება] სახით იყო, გაქერცლილი და შეწითლებული. მამამთილმა მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურზე მეუღლეზე იძახდა, რაც გაჯანჯღარებაში გამოიხატა. მას არ დაუკონკრეტებია ჩვენთან დანარჩენი, შემდეგ უკვე პატრულმა დააკონკრეტებინა ყველაფერი, თავში ხო არ დაგარტყაო და კიო, უპასუხა პატრულს”, — აღნიშნულია ჩვენებაში.

სასამართლო განხილვების ბოლო დღეს სასამართლოს წინაშე სიტყვით ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამოვიდა, თუმცა მისი მოთხოვნით სხდომის ეს ნაწილი დაიხურა. პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია ნელი დოროყაშვილი.

პროკურატურის მოწმეების ჩვენებები

ბრალდების მხარემ სასამართლოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც წარუდგინა, რომლის თანახმადაც, „ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად ნელი დოროყაშვილმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტის ჩვენების თანახმად, ნელი დოროყაშვილს ჰქონდა პოსტტრავმულ სტრესთან მიახლოებული მდგომარეობა, ასევე, დათრგუნულობიდან თავის დაღწევის სურვილის მდგომარეობა“.

ექსპერტიზის დასკვნას ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ამყარებს პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებებიც.

ცოტნე მოხევიშვილი ნელი დოროყაშვილთან 2018 წლის ბოლოდან, უფრო კი 2019 წლის დასაწყისიდან მეგობრობდა და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მოხევიშვილი დაზარალებულის ხშირი უგუნებობით დაინტერესდა და გაიგო, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მოწმის თქმით, შესწრებია სატელეფონო საუბრებს, რომლის დროსაც ბასილაშვილი დოროყაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა. 

კიდევ ერთი მოწმის, ნელი დოროყაშვილის მეგობრის, მარინე ებანოიძის თქმით, შესწრებია სატელეფონო საუბრებს, რომლის დროსაც ბასილაშვილი დოროყაშვილს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ერთ-ერთი ასეთი ზარის შემდეგ ნელი დოროყაშვილს დასამშვიდებლად შესაბამისი მედიკამენტებიც კი დასჭირდა. მარინე ებანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს დასჯის მიზნით საბანკო ბარათებს უბლოკავდა და აღნიშნულის დამადასტურებელი შეტყობინებებიც უნახავს.

ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მეგობარს, ეკა ფირცხალაიშვილს წყვილთან ახლომეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია. თუმცა, მოწმემ გაიხსენა 2016 ან 2017 წელს მომხდარი ერთ-ერთი შემთხვევა, როცა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბასილაშვილის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი ბასილაშვილისა და დოროყაშვილის სახლში იყვნენ სტუმრად. ფირცხალაიშვილის ჩვენებით, ნელი შვილის დაძინებას ცდილობდა, თუმცა მისაღები ოთახიდან შემომავალ ხმაურში ამას ვერ ახერხებდა და საძინებელ ოთახში შესულ ბასილაშვილთან გასაუბრების შემდეგ, ბასილაშვილმა სტუმრებს ალტერნატივად მოშორებულ ოთახში, სამზარეულოში გადასვლა ან საჭმელად გარეთ გასვლა შესთავაზა. აღნიშნულმა ფაქტმა თენგიზ ბასილაშვილი და მისი მეგობარი გააღიზიანა და ბინა დატოვეს. ამის შემდეგ ბასილაშვილი საძინებელში შევიდა და ნელი დოროყაშვილის ლანძღვა დაიწყო. ფირცხალაიშვილი, რომელმაც ბავშვის კონფლიქტისგან გარიდება სცადა, აღნიშნავს, რომ დოროყაშვილს ბავშვის დასაძინებლად შესვლისას თმა შეკრული ჰქონდა, ხოლო კამათის შემდეგ — აწეწილი. მოწმე აღნიშნავს იმასაც, რომ ნიკოლოზმა ნელის თენგიზისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და შეტყობინება მიაწერინა.

ბრალდების მხარის თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ის ნელი სოციალურად უთანასწოროდ აღიქვამდა და საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას, მისი უნარების დაკნინებას ცდილობდა.

დაზარალებულის დედის, მაკა სიმონიშვილის ჩვენების თანახმად, ნელი დოროყაშვილი ცდილობდა, რომ ოჯახური ცხოვრების პრობლემები დაეფარა და იდეალური ოჯახის იმიჯი შეენარჩუნებინა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მის შვილს ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე თქმით, შემჩნეული აქვს შვილის სხეულზე არსებული დალურჯებებიც. სიმონიშვილის განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს შესწრებია კიდეც, ერთხელ ნელის მშობლების ოჯახში დარჩენილი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაზარალებულს უყვიროდა და მაგიდას ხელებს ურტყამდა, ეუბნებოდა გაუზრდელი შვილი გყავსო. მაკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ შესწრებია სხვა შემთხვევებსაც, მათ შორის, 2019 წელს სახლიდან გამოგდების შემთხვევის მოწმეა, თუმცა ცდილობდა, რომ არ ჩარეულიყო და ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინა. მისი თქმით, ნელი დოროყაშვილმა თანაცხოვრებისას არსებული მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მშობლებს 2020 წელს გაუზიარა, ბოლო ფიზიკური ძალადობის შემთხვევის შემდეგ გაუზიარა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარის მოწმეები

ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარემ 20 ოქტომბერს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, თეონა გვაზავამ ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები განიხილა და ზოგადად მოიშველია მოწმეთა ჩვენებებში გაჟღერებული ინფორმაცია.

5 ოქტომბერს, სასამართლოს წინაშე ჩვენებით წარსდგა ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილ რძალთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„ძალიან დიდი სიყვარული და ზედმეტი თანაგრძნობაც კი იყო ნელისადმი ჩემი მხრიდან. ჩვენს მიმოწერაში ყველა სიტყვა იწყება “ჩემო საყვარელო, მიყვარხარ”. დღემდე მინდა შევინარჩუნო ის განცდა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ურთიერთობაში იყო, მაშინ იყო გულწრფელი და რაღაც გარემოებებმა გამოიწვია ეს შედეგი“, — აღნიშნა ნატალია ნაჭყებიამ და დასძინა, რომ ნელი დოროყაშვილის შრომასთან დაკავშირებულ ინიციატივებს, „თუგინდ ყოფილიყო სამოდელო“ მხარს უჭერდნენ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი სამოდელო საქმიანობას „პროფესიული თვალით უყურებდა“.

აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს თეონა გვაზავას მიერ წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით, ნელი დოროყაშვილი მიმოწერისას ნატალია ნაჭყებიას შვილიშვილის [ბასილაშვილისა და დოროყაშვილის შვილი] ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდამდე ცოტა ხნით ადრე, შვილიშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოტივით ნაჭყებიას წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

13 ოქტომბერს სასამართლოს წინაშე ჩვენებით წარსდგა ბრალდებულის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილთან განქორწინებაზე 2017 წლიდან ფიქრობდა, რის მიზეზადაც ძმის მიერ ნახსენები ეჭვიანობის შემთხვევები დაასახელა.

“ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებსო. ღალატს მაბრალებსო. სხვათაშორის, ნელის ჩემთანაც აქვს მოწერილი, რომ ძალიან დიდი ხელშემწყობი ჰყავხარ ნიკას ჩემს ღალატშიო. ჩემი ხელშეწყობა ნიკას ღალატს რაში სჭირდება? ნიკას წელიწადში 1 კვირით თუ ვნახავდი ხოლმე. მაშინ ნიკამ მითხრა, რომ [ნელი] მემუქრება სასამართლოში წაგიყვან და პასუხს გაგებინებ ყველაფერზეო, დედას გიტირებ, დაგაჩოქებ. ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა ნელი“, — თქვა თენგიზ ბასილაშვილმა.

თენგიზ ბასილაშვილის თქმით, 2018 წლის აგვისტოს, ამერიკის ეპიზოდის შემდეგ ძმამ უთხრა, რომ „ნელიმ ძალიან სერიოზული ისტერიკა“ მოუწყო, რის გამოც სასტუმროს სხვა ნომერში გადავიდა და ძმასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნელი დოროყაშვილსა და მას შორის „ყველაფერი მორჩა“.

როგორ დაასაბუთა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამამართლებელი გადაწყვეტილება

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოცხადების დასაწყისში დაზარალებულის ადვოკატის მხრიდან სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხო, რომლის თანახმადაც, 20 ოქტომბრის სხდომის შესვენებაზე სასამართლოს თანამშრომლებმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ფოტოები გადაიღეს.

„ცხადია, იმ დროს, როცა სასამართლომ ეს განცხადება მოისმინა, არ ვიყავი საქმის კურსში… როგორც კი სხდომა დასრულდა, სასამართლომ მოიკვლია ეს საკითხი, დავადგინე, რომ ნამდვილად ჰქონდა აღნიშნულს ადგილი და ჩავთვალე, რომ ეს იყო არაეთიკური ქცევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ამიტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ამ ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასება“, — აღნიშნა ხათუნა ხარჩილავამ.

ხათუნა ხარჩილავამ აღნიშნულის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ფსიქოლოგიური ძალადობისა და ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და 2020 წლის 21 მაისის შემდეგ დაკისრებული გირაოც გააუქმდა.

მოსამართლემ თითოეული ბრალდების გამამართლებელი გადაწყვეტილების დასაბუთება სცადა. ხარჩილავას თქმით აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან „არაეთიკური“ სიტყვების გამოყენება და „ბილწსიტყვაობა“ დასტურდება, თუმცა ამის საპირწონედ ნელი დოროყაშვილიც იყენებდა “შეურაცხმყოფელ”, “დამამცირებელ” სიტყვებს და „სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება“. გარდა ამისა, მოსამართლემ მოიშველია დაცვის მხარის დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მოსამართლის თქმით, აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის ტვირთი გაიზარდა:

  • ერთი მხრივ, პროკურატურას უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა;
  • მეორე მხრივ, ბრალდების, პროკურატურას უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა.

ხათუნა ხარჩილავამ აღნიშნა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი მცირე დროში, რათა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დასჯადი იყოს და „თუ პირმა პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 2017-ში, შემდეგ 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში თუ ისევ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს არ არის დასჯადი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებული არ არის“.

ეკონომიკური ძალადობის ნაწილში მოსამართლემ აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად საბანკო ბარათების დაბლოკვის ფაქტი არ ფიქსირდება. მისი თქმით, ბრალდების მხარესაც არ წარმოუდგენია აღნიშნულის მტკიცებულება და აქედან გამომდინარე, მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ამასთან, ნელი დოროყაშვილს, რომელიც აგროვებს ჩანაწერებს, აარქივებს, მას შეეძლო მინიმუმ მობაილბანკიდან ამოეღო ეს ინფორმაცია, ყველანი ვსარგებლობთ მობაილბანკით და ბარათის დაბლოკვის შემთხვევაში ეს ინფორმაცია ცხადად ჩანს ამ მობაილბანკში. თუმცა, ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ“, — დასძინა მოსამართლე ხარჩილავამ.

გენდერული დისკრიმინაციის ბრალდებაზე საუბრისას ხარჩილავამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ძირითადად ბრალდებულის დედის, ნატალია ნაჭყებიას მიერ წარდგენილი მიმოწერის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ბრალდებული დოროყაშვილს მუშაობას კი არ უკრძალავდა, „იგი სისტემატურად დაჰყვება მეუღლეს ტურნირებზე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კონტინენტზე, სწორედ აქედან გამომდინარე, იგი იძულებულია, რადგან ხელშეწყობა არ აქვს სამსახურში, წამოვიდეს აღნიშნული სამსახურიდან“. ხარჩილავა შეეხო ნელი დოროყაშვილის 2-თვიან კონტრაქტს თურქეთში და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მოწმესთან დაზარალებულის მიმოწერით დასტურდება, რომ ნელი დოროყაშვილმა კონტრაქტი იმიტომ გაწყვიტა, რომ მცირეწლოვანი შვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ენატრება, თანაც კონტრაქტის პირობები არ მოსწონს და იძულებულია ასე მოიქცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნაწილშიც უდანაშაულდო ცნეს.

მოსამართლის თქმით, ნელი დოროყაშვილის განცხადება, რომ ქმარი სიგარეტის მოწევას უკრძალავდა, ასევე არ დასტურდება, თანაც „ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასკვნით სიტყვაშიც აგვიხსნა, რომ სპორტსმენია და არ უნდოდა მანქანაში სიგარეტის კვამლში ჯდომა”. (შეგახსენებთ, რომ ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებებში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ჩანაწერის ნაწყვეტი ჩანს, რომელშიც ბასილაშვილი სიგარეტის მოწევას ახსენებს და ამასთან, ნელი დოროყაშვილის ფიზიკურ მონაცემებს განსჯის — ავტორის შენიშვნა).

ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებზე საუბრისას ხათუნა ხარჩილავა აღნიშნავს, რომ სასამართლო 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე ყველაზე მეტ მტკიცებულებებს ელოდა, რადგან ეს შემთხვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

„ჩვენ, იურისტები განსაკუთრებით ვთანხმდებით, რომ კერძო პირის მიერ ფარული ჩანაწერების გაკეთება გამართლებულია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ეს ემსახურება თვითდახმარების მიზანს და განსაკუთრებით, ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებში, თუ მსხვერპლი ჩანაწერს აკეთებს იმის გამო, რომ შექმნას მტკიცებულება და წარადგინოს პოლიციის განყოფილებაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის დასაშვები კერძო პირის მიერ ფარული ჩანაწერის გაკეთება, თუმცა ჩვენ შემთხვევაშ,ი სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

დაზარალებულმა განაცხადა, რომ ჩოგნებით სავსე, თითქმის 20 კილოგრამამდე ჩანთა ესროლა ბრალდებულმა და მაჩვენა, რომ სახის მარჯვენა მხარეს თითქმის ბოლო კიდურამდე. შესაბამისად, სასამართლოს გაუჩნდა გონივრული მოლოდინი, რომ თვითდახმარების მიზნით დაზარალებული ჩანაწერის გაკეთების შემდგომ წაბრძანდებოდა ამერიკაში, პოლიციის განყოფილებაში და ამ ჩანაწერს წარადგენდა, მაგრამ ვხედავთ რას? ამ ჩანაწერის წარმოდგენა ხდება 2 წლის შემდეგ საქართველოში, სახეზეა დაგვიანებული მიმართვიანობა“, — აღნიშნა მოსამართლემ და ისაუბრა სავარაუდო ძალადობის შემდგომ ეტაპზეც. მისი თქმით, ბასილაშვილმა დაზარალებული მართლაც მარტო დატოვა ნომერში, თუმცა ნელი დოროყაშვილი განყოფილებაში წასვლის ნაცვლად ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა, სადაც მეგობრის შეყვარებულიც იყო, რომელსაც კარგად იცნობდა (ძალიან ხშირად, ძალადობა გამოვლილი ქალები პოლიციას ძალადობის ფაქტიდან მალევე ვერ მიმართავენ. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, განმეორებითი ძალადობის შიში, პოლიციისადმი უნდობლობა და ა.შ. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაბადების დღეზე წასვლა/არ წასვლა ვერ იქნება ძალადობის დასტური ან უარყოფა — ავტორის შენიშვნა)

„ნელი დოროყაშვილს არ უთქვამს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, ის მთელი დაბადების დღის განმავლობაში საუბრობდა, რომ ჰყავს ცუდი დედამთილი, რომელიც უხეშად ერევა მისი და მისი მეუღლის ურთიერთობაში, უნგრევს ოჯახს და იქვე ითხოვს, რომ იქნებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილსამყოფელი დაედგინათ, რამეთუ ისე დატოვაო ნომერი, არ ვიცი სად წავიდა, ვღელავ, რაიმე არ დაემართოსო“, — აღნიშნავს ხათუნა ხარჩილავა და კიდევ ერთხელ აკონკრეტებს — „დაზარალებული საათნახევრიანი ძალადობის შემდეგ მიდის დაბადების დღეზე და იქ ინტერესდება, სად იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილი. იგივე მოწმე ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილს ტანსაცმლის დაუფარავ ადგილზე დაზიანების არანაირი კვალი არ ეტყობა“.

ხათუნა ხარჩილავამ სავარაუდოდ აშშ-ის ეპიზოდის შემდეგ გადაღებული ფოტოს შესწავლის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ამ ფოტოს მიხედვით, შესაძლო ძალადობის შემდეგ ნელი დოროყაშვილი იმყოფება ერთ-ერთ დაწესებულებაში, ჩანს კარგად თითქმის მთელი მისი სხეული, სახე, ყელი, ხელები, აცვია მოკლე ქვედაბოლო, ჩანს თითქმის მთელ რაკურსში მისი კიდურები, თუმცა არც ამ ფოტოზე ჩანს ძალადობის კვალი“.

იმავე ეპიზოდის ვიდეომტკიცებულებაზე საუბრისას ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა — „სიმართლე გითხრათ, ობიექტური დამკვირვებლის თვალში ძალადობის კვალი არ ჩანს. გვქონდა მოლოდინი, რომ ექსპერტიზა დაადგენდა ჩანს თუ არა ძალადობის კვალი, თუმცა საქმეში ამგვარი ექსპერტიზა არ გვაქვს“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე თანდართულ ფოტოზე სისხლნაჟღენთი მართლაც ჩანს, თუმცა პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ამიტომ, ხათუნა ხარჩილავას თქმით, ეს მტკიცებულება საკმარისი არ არის. ამავე ნაწილზე საუბრისას მოსამართლე ისევ მიუბრუნდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დასკვნით სიტყვას.

„ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასკვნით სიტყვაშიც ახსენა, რომ ნელი დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა და ის ტოტალურად აკონტროლებდა, ეჭვიანობდა ყველაზე, მათ შორის, მეგობრებზე, უმოწმებდა მიმოწერას“, — აღნიშნა მან.

2020 წლის 21 მაისის ეპიზოდის შემთხვევაში მოსამართლე ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ნელი დოროყაშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილის საცხოვრებელ მისამართზე მისვლის სურვილი არ უნდა ჰქონოდა, რადგან მისივე „მოთხოვნითა და ინიციატივით, გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მისამართით“. ამასთან, იმ დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში მისი მეგობარი გოგო იმყოფებოდა და „რადგან ნელი დოროყაშვილი მუდმივად ეჭვიანობდა“, ნიკოლოზ ბასილაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ „შესაძლოა ნელი დოროყაშვილი რამეს გეგმავდეს, ამიტომ კონსულტაციას გადის ადვოკატთან და ძმას სთხოვს, რომ იყიდოს სათვალთვალო კამერა ბინასთან დამონტაჟების მიზნით, რადგან აქვს ეჭვი, რომ ნელი დოროყაშვილი სახლში მოსვლის დროს პროვოკაციას მოაწყობს“.

მოსამართლის თქმით, ნელი დოროყაშვილი ამ ეპიზოდში ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა, რასაც ბრალდებული უარყოფდა, ამიტომ ნეიტრალურ წყაროს უნდა დაყრდნობოდნენ, ასეთი კი სათვალთვალო კამერა იყო. ხათუნა ხარჩილავა აღნიშნავს, რომ კამერის მონაცემებით „ცალსახა ძალადობის“ ფაქტი არ გამოვლინდა, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა და ექსპერტიზამ დაადასტურა, ნელი დოროყაშვილს მკლავზე სისხლნაჟენთი მართლაც ჰქონდა, რომელიც აღნიშნული ეპიზოდის დროსთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ხათუნა ხარჩილავამ განიხილა სისხლნაჟღენთის გაჩენის ორი შესაძლებლობა: „ისევ სათვალთვალო კამერების ინფორმაციას რომ დავუბრუნდეთ — ნელი დოროყაშვილს ბავშვი სისხლნაჟღენთის მხარეს ხელში ეჭირა და ბავშვი მოძრაობდა, შესაძლოა, სწორედ ბავშვის მოძრაობის შედეგად გაჩნდა სისხლნაჟღენთი. არ არის გამორიცხული, რომ როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს ბავშვს აწოდებს, გარკვეული კონტაქტიც არის არაძალადობრივი, სწორედ ამ მომენტში მას მიეღო ეს სისხლნაჟღენთი, თუმცა ვიდეოჩანაწერში არსად არ ჩანს განზრახ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობდა ობიექტური ფაქტი, რომელიც ცხადყოფდა ძალადობის ფაქტს“.

ხათუნა ხარჩილავამ შემაჯამებელი სიტყვის ბოლოს ძალადობის მსხვერპლ ქალებს “რჩევებიც” მისცა:

„მინდა, თითოეულ მსხვერპლს ან პოტენციურ მსხვერპლს მოვუწოდო, რომ მათ მყისიერად უნდა მიმართონ პოლიციას, თუ თავად ვერ მიმართავენ, სხვა პირებს სთხოვონ, რომ მათი დახმარებით როგორმე მოხდეს შეტყობინების მიღება პოლიციის განყოფილებაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხედავს ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მისი პირდაპირი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, ეს შეატყობინოს 112-ს ან პოლიციას. სასამართლო ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხებისადმი და ამის ნათელი მაგალითია სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საჯაროა და შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასამართლოდან“.

დოროყაშვილი მოსამართლეზე: განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამართლების შემდეგ ნელი დოროყაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს. მისი თქმით, ხარჩილავამ განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს.

“ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული. თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?! მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობა გამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს?! ეს არ მიანიშნებს ქართული, სტერეოტიპებით, ნაცნობებით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე?! ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?!”, — წერს დოროყაშვილი.

მისი თქმით, გაივლის ყველა ინსტანციას და ეს ქეისი გახდება მაგალითი.

“სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა. მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას, სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს! 2-წლიანი განხილვის შემდეგ, ბრალდებულის მხოლოდ 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო პირდაპირ 2 წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და ეთქვა მაშინვე, არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო”, — წერს ნელი დოროყაშვილი.

ის მადლობას უხდის მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს და აცხადებს, რომ ახლა იწყებს რეალურ ბრძოლას.

დღეს, 21 ოქტომბერს ნელი დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაამართლა. 

მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბასილაშვილი გაამართლა

ნელი დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაამართლა. მისი განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში სასამართლომ ბასილაშვილის გამართლების გადაწყვეტილება ბრალდებულის სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩანაწერების საპირწონედ ნელი დოროყაშვილის მიერ იმავე აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენების გათვალისწინებით მიიღო.

„სასამართლომ ჩათვალა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს“, — აღნიშნა ხარჩილავამ.

ეკონომიკური ძალადობის ნაწილში ხარჩილავამ განაცხადა, რომ სასამართლომ ვერ მოიკვლია ბრალდების მხარის მიერ გაცხადებული ჩვენება, რომლის თანახმადაც, ბასილაშვილი დოროყაშვილს დასჯის მიზნით საბანკო ბარათებს უბლოკავდა.

მოსამართლის განმარტებით, ფიზიკური ძალადობის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვიდეომასალის, რომელშიც ჩანს, რომ ბასილაშვილი დოროყაშვილს ჩოგნების ჩანთას ესვრის, ჩაწერა გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული აღნიშნულ მტკიცებულებას პოლიციას წარუდგენდა, თუმცა დოროყაშვილმა ეს მტკიცებულება მხოლოდ 2 წლის შემდეგ წარადგინა.

გარდა ამისა, მოსამართლე ხარჩილავას თქმით, არ არსებობს სამედიცინო შემოწმებით დამტკიცებული ძალადობის კვალი, სასტუმროს ეპიზოდიდან მალევე გამოქვეყნებულ ფოტოებში კი დაზარალებულს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ფიზიკური ძალადობის მტკიცებულებები არის, მოსამართლის თქმით, ფოტოებზე ადამიანის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან მხოლოდ კიდურები ჩანს.

2020 წლის 21 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით მოსამართლემ განაცხადა, რომ ადგილიდან ამოღებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ძალადობის ფაქტი არ ჩანს.

გადაწყვეტილების ბოლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ძალადობის მსხვერპლ ქალებს “რჩევებიც” მისცა: „მინდა, თითოეულ მსხვერპლს ან პოტენციურ მსხვერპლს მოვუწოდო, რომ მათ მყისიერად უნდა მიმართონ პოლიციას, თუ თავად ვერ მიმართავენ, სხვა პირებს სთხოვონ, რომ მათი დახმარებით როგორმე მოხდეს შეტყობინების მიღება პოლიციის განყოფილებაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხედავს ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მისი პირდაპირი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, ეს შეატყობინოს 112-ს ან პოლიციას. სასამართლო ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხებისადმი და ამის ნათელი მაგალითია სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საჯაროა და შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასამართლოდან“.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, სასამართლო სხდომის შესვენებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებმა ბასილაშვილთან ფოტოები გადაიღეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა გაავრცელეს. ხათუნა ხარჩილავამ გუშინ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს. დღეს მან ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს არაეთიკური ქცევა იყო და დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. 

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე მრავალწლიან ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ფიზიკური ძალადობის 4, მათ შორის, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მომხდარ ეპიზოდზე ედავებოდა. 2020 წლის 21 მაისს ბასილაშვილი პოლიციამ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

13 საუკეთესო ქვიარ წყვილი კომედიური სერიალებიდან

კომედიური სერიალები სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობების მქონე ადამიანების რეპრეზენტაციით ნამდვილად არ გამოირჩევა. მთავარი თუ მეორეხარისხოვანი ქვიარ პერსონაჟები უმეტესად გეები ან ლესბოსელები არიან და იშვიათად თუ გაიელვებენ სხვა პერსონაჟები, რომელთა გამოცდილებების ასახვაც ნაკლებად ხდება.

მიუხედავად ამ დანაკლისისა, არაერთი სერიალი თუნდაც გეი და ლესბოსელი პერსონაჟების ისტორიისა და რომანტიკული ურთიერთობის მრავალშრიანობის ასახვით გამორჩეულია. ამ სტატიაში 13 საუკეთესო ქვიარ წყვილს შეხვდებით, რომლებიც ყველასთვის კარგად ნაცნობ კომედიურ სერიალებში ერთ-ერთ მთავარ როლში გვევლინებიან.

Modern Family — კემერონი და მიჩელი

ABC

Modern Family, სერიალების მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი სიტკომი, რომელიც ჯეი პრიჩეტის დიდი ოჯახის შესახებ გვიყვება, არაერთი დაუვიწყარი ურთიერთობით არის დახუნძლული. ჯეისა და გლორიას, კლერისა და ფილის, ჰეილისა და დილანის, კემერონისა და მიჩელის წყვილის ურთიერთობაში ნებისმიერი მაყურებელი იპოვის საკუთარ თავს.

სერიალის პრემიერა 2009 წელს შედგა და იქამდე არსებული სხვა სიტკომებისგან განსხვავებით, რომლებშიც მთავარ როლებში ძირითადად ჰეტერო პერსონაჟები გვხვდებოდნენ, მრავალფეროვნების, სხვადასხვა გამოცდილებისა და იდენტობის მქონე პერსონაჟების ისტორიის ჩვენება დაისახა მიზნად.

კემერონისა და მიჩელის დრამატული, კომიკური და ამაღელვებელი სიყვარულის ამბავი მართლაც დაუვიწყარია. იმ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავება ქვიარ ადამიანებს უწევთ, თანამედროვე ოჯახის ეს წევრები მაყურებელს სერიალისთვის ჩვეული იუმორით აფიქრებენ.

ჩვენ თვალწინ ტრადიციული შეხედულებების მქონე ჯეი პრიჩეტის დამოკიდებულებები ნელ-ნელა იცვლება და ის სულ უფრო მეტად უსწორებს თვალს იმ შეცდომებს, რაც გეი შვილთან ურთიერთობისას ჰქონია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია შვილად აყვანასთან დაკავშირებული სირთულეები, ფრუსტრაცია და ოჯახის ცნების ხელახალი გააზრება თუ საგანმანათლებლო სისტემის ჰეტერონორმატიული დამოკიდებულება, რომელსაც ქვიარ წყვილებისა და მათ შვილების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულება აქვს.

თუ Modern Family ჯერაც არ გინახავთ, კემერონი და მიჩელი, ასევე, სერიალის სხვა პერსონაჟები ყველა ნეგატიური და პოზიტიური მახასიათებლების მიუხედავად, შეგიყვარდებათ და სერიალის დასრულების შემდეგ კიდევ არაერთხელ მიუბრუნდებით ამბებს, რომლებიც გვახვედრებს, რომ ოჯახი უპირობო სიყვარულით დაკავშირებული ადამიანების ერთობაა, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე სისხლით ნათესაობა.

Brooklyn Nine Nine — რეიმონდი და კევინი

NBC

ნიუ-იორკის პოლიციის კრიმინალური დეპარტამენტის წევრების პირადი ცხოვრებისა და საგამოძიებო საქმიანობის შესახებ გადაღებული სიტკომი 2013 წელს დაიწყო. სერიალის შემქმნელებს მასკულინური, ჰეტერონორმატული გარემოს შესახებ პირდაპირი კომენტარის გაკეთებაც შეეძლოთ, თუმცა სიტკომი უბრალოდ გვაცნობს კაპიტან რეიმონდ ჰოლტს — გაწონასწორებულ, ემოციურად ჩაკეტილ, დეპარტამენტის მკაცრ უფროსს, რომელიც გეია.

რაც დრო გადის, კაპიტან ჰოლტს სულ უფრო უკეთ ვეცნობით და ვხვდებით, რომ ამ პერსონაჟის მიღმა, რომელიც დეპარტამენტის სხვა წევრებისთვის, განსაკუთრებით ჯეიკ პერალტასთვის, მამის ფიგურაა, ისეთივე “იდიოტი” იმალება, როგორებიც სხვები არიან. სერიალი კაპიტან ჰოლტის წარსულის ჩანართებით გვიყვება იმ გამოწვევების, მცდარი წარმოდგენების, არატოლერანტული გარემოს შესახებაც, რაც საპოლიციო სისტემაში არსებობს.

განსაკუთრებით სასაცილო და ყურადსაღები კი რეიმონდისა და დოქტორ კევინ კოზნერის სიყვარულის ამბავია. ორი ემოციურად ჩაკეტილი ადამიანის ურთიერთობა გამოწვევებით, უთანხმოებით, დრამატული დეტალებით, შერიგებითა და მაინც, ურღვევი კავშირით მოგხიბლავთ. თანაც, ამ წყვილის პირად ცხოვრებაში დეპარტამენტის სხვა წევრები მუდამ ცხვირს ყოფენ, რაც განსაკუთრებით სასაცილოა.

Orange is the New Black — ალექსი და პაიპერი

Netflix

ამ სერიალის სიუჟეტი ქალთა ციხეში ვითარდება და 7 სეზონის განმავლობაში არაერთი ქალი პატიმრის ისტორიას, ყოველდღიურ გამოწვევებს ვეცნობით, რომელიც უკეთ გვიხსნის იმ გზას, რაც მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრამდე გაიარეს. პატიმრებს შორის არსებული სინაზის, სისასტიკის, ურთიერთზრუნვის, სიყვარულის ამბები სულ უფრო გვაახლოებს პერსონაჟებთან და მათ შორის არაერთი წყვილის გამორჩევაც შეიძლება.

თუმცა, სერიალის მთავარ პერსონაჟად პაიპერ ჩეპმენი ითვლება და მისი სასიყვარულო ისტორიაც ყველაზე ხანგრძლივად ვითარდება, თანაც, არაერთი გამოწვევითაა სავსე. ალექსსა და პეიპერს შორის არსებული დამოკიდებულების ასახსნელად მხოლოდ ისიც კმარა, რომ ჩეპმენის ციხეში მოხვედრა სწორედ ალექსთან კავშირის ბრალია.

ყველა გაუგებრობისა და წყვილს შორის არსებული უთანხმოებების, ღალატის, ბრაზის მიუხედავად, მათ შორის მიზიდულობა, ემოციური მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ ძნელი წარმოსადგენია, სერიალის ბოლოს ერთად არ დარჩნენ. ამ ინტრიგას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიგებთ, თუ სერიალის ყურებას დაიწყებთ.

Orange is the New Black — ფუსეი და სოსო

Netflix

სერიალის კიდევ ერთი, ფანებისთვის განსაკუთრებით საყვარელი წყვილი ფუსეი და სოსო არიან. მომხიბლავი, მხიარული, მეგობრული და გაბედული ფუსეი მაყურებლებისთვის დასაწყისიდანვე ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი იყო და როცა ახალ, დაბნეულ, შეშინებულ პატიმართან მისი დამეგობრების, შემდეგ კი რომანტიკული ურთიერთობის განვითარება ვიხილეთ, ბევრმა შეუფერებელ წყვილად მიიჩნია.

თუმცა, სერიალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი მაყურებლის წარმოდგენას სრულად ცვლის, თანაც, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე კომენტარსაც გვთავაზობს. არ დაგასპოილერებთ, მაგრამ ის კი უნდა ითქვას, რომ სერიალის მთავარი ხიბლი თუ ძლიერი მხარე სწორედ ამ პერსონაჟების ირგვლივ განვითარებული მოვლენებია, რაც მეხუთე, სერიალის ყველაზე მასშტაბურ სეზონში პიკს აღწევს. 

Schitt’s Creek — დეივიდი და პატრიკი

Lionsgate

Schitt’s Creek ჯონი და მოირა როუზებისა და მათი განებივრებული შვილების, დეივიდისა და ალექსისის ამბავია, რომლებიც გაკოტრდებიან და ყველასგან მივიწყებულ, უკაცრიელ ქალაქში გადადიან საცხოვრებლად.

სერიალი აუტანელ, ქედმაღალ პერსონაჟებს გვაცნობს, რომლებიც სერიიდან სერიამდე ჩვენს თვალწინ იცვლებიან და ერთმანეთთან თუ ადგილობრივ მცხოვრებებთან საერთო ენის გამონახვას, დაახლოებას, მეგობრული ურთიერთობის განვითარებას ახერხებენ.

ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის გზას კი დეივიდი გადის — შეუმდგარი, ფუფუნების მოყვარე ბისექსუალი ბიჭი, რომელიც დამოუკიდებელ, წარმატებულ, ნაკლებად ტოქსიკურ ადამიანად შედგომას ახერხებს და ცხოვრებაში პირველად მყარი ურთიერთობის შენარჩუნებაც გამოსდის.

პატრიკისა და დეივიდის წყვილი ერთმანეთს აბალანსებენ, სისუსტეების დაძლევაში ეხმარებიან და კარიერული თუ პირადი წარმატების გზასაც ერთად გადიან. შეიძლება ითქვას, რომ სიტკომების ისტორიაში დეივიდი და პატრიკი ერთ-ერთი ყველაზე არატოქსიკური წყვილია.

Glee — კურტი და ბლეინი

Glee დაუვიწყარ მუსიკალურ ნომრებთან ერთად მრავალფეროვანი გამოცდილებების ასახვითაც გამოირჩეოდა. სერიალის მთავარ პერსონაჟებს შორის კურტი, ღიად გეი მოსწავლეც იყო.

კურტისა და ბლეინის ურთიერთობა მხარდაჭერის, სირთულეებთან ერთობლივად გამკლავების, გრძნობების ღიად გამოხატვის საუკეთესო მაგალითია. თანაც, ორივე შესანიშნავად მღერის, კარგი ეკრანულ ურთიერთობას სხვა რა სჭირდება?!

Glee — სანტანა და ბრიტანი

Fox

Glee-ის კიდევ ერთი, არატოქსიკური და ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია მეგობრობით იწყება. სანტანასა და ბრიტნის ურთიერთობის შეუმჩნეველი დასაწყისი და ამის პარალელურად დიდი მეგობრობის შენარჩუნება ის საუკეთესო კომბინაციაა, რომელმაც მათი სიყვარული სრულყოფილად აქცია.

ისინი უპირველეს ყოვლისა მეგობრები არიან, რომლებსაც ერთმანეთის საუკეთესოდ ესმით, ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა, გაძლიერება, გრძნობების გამოხატვა შეძლონ.

Barry — ნოჰო ჰენკი და კრისტობალი

HBO

Barry დაქირავებული მკვლელის შესახებ გვიყვება, რომელიც სამსახიობო კარიერას იწყებს. შთამბეჭდავი პერსონაჟებითა და ისტორიებით დახუნძლული, აბსურდული, სატირული, დრამატული სერიალი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.

Barry შესანიშნავად ახერხებს, რომ კრიმინალური სამყაროს შესახებ ფილმებსა და სერიალებში დამკვიდრებული ფსევდო მასკულინური წარმოდგენები სასაცილოდ აიგდოს. ამასთან, მაყურებელი ერთი წამით არ მოიწყენს.

თუნდაც ნოჰო ჰენკისა და კრისტობალ სიფუენტესის ურთიერთობა რად ღირს, რომელიც რომეო და ჯულიეტას ქვიარ ვერსიას მოგაგონებთ. ჩეჩნური და ბოლივიური ნარკოსამყაროს ლიდერების სიყვარულს კრიმინალური დაჯგუფებები, შუღლი, ოჯახი, მკვლელობების სერია და გამოძიება წინ ვერ ეღობება. მეტიც, მთელ ამ აურზაურში მაინც რჩება დრო და ადგილი იმისთვის, რომ გეი წყვილს შორის რომანტიკული მომენტების წყება ვიხილოთ, მაგალითად, ისეთი უბრალო სიტუაციები, როგორიც ნეტფლიქსის ერთად ყურება ან ბანდების დაპირისპირებისას ერთმანეთის სიკვდილისგან დაცვაა.

Atypical — კეისი და იზი

Netflix

Atypical აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭის ცხოვრებასა და მისი ოჯახის ისტორიას გვიყვება და, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური სერიალია. Atypical-ის შემქმნელები ახერხებენ, რომ თითოეული პერსონაჟის გამოცდილება სრულყოფილად ასახონ.

მთავარი პერსონაჟის, სემ გარდნერის დის, კეისის თვითგამორკვევის, ძმასთან ურთიერთობის, ცხოვრების სირთულეებში გარკვევის, ზრდასრულობაში გადაბიჯებისა და სასიყვარულო ცხოვრების ამბავი გულგრილს არავის დატოვებს.

კეისისა და იზის რომანტიკული ურთიერთობა ბავშვობის მეგობრობიდან იწყება და უკვე ზრდასრული პერსონაჟები საკუთარი თავის ძიებისა და გაუცხოების შემდეგ ერთმანეთს პოულობენ. ისინი ერთმანეთს სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემაში ეხმარებიან, შიშებისა და უხერხულობის გადალახვას ერთად ცდილობენ.

Sex Education — ერიკი და ადამი

Netflix

Sex Education სერიალების ყველა მოყვარულისთვის კარგად არის ნაცნობი. საშუალო სკოლის მოსწავლეების სექსუალური თვითგამორკვევის შესახებ გადაღებული სერიალი მრავალფეროვან გამოცდილებებს, გარდატეხის ასაკის თანმდევ უხერხულობას, თვითშემეცნებას, სკოლაში სექსუალური განათლების არარსებობით გამოწვეულ სირთულეებსა და სხვა არაერთ თემას იკვლევს.

სერიალის განსაკუთრებით დრამატული ხაზი ერიკისა და ადამის ურთიერთობაა, რომელიც ფიზიკური და სექსუალური ძალადობით, ინტერნალიზებული ჰომოფობიისგან გამოწვეული აგრესიითა და თვითგამორკვევის თანმდევი სირთულეებით იწყება და სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მიმღებლობის, სიყვარულის ძალით ადამიანის გარდაქმნის ისტორიას ვეცნობით.

Sex Education — ლილი და ოლა

Sex Education-ის კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი ლილი და ოლა არიან. უცხოპლანეტელებით შეპყრობილი, მორცხვი ლილი სერიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია.

მისი და ოტისის ყოფილი შეყვარებულის, ოლას ურთიერთობა ურთიერთმხარდაჭერის, სინაზის, გაგებისა და პოზიტიური გამოცდილებების შესანიშნავი ილუსტრაციაა. ამიტომ, ფანებისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო ის ფაქტი, რომ ლილისა და ოლას სერიალის მეოთხე სეზონში ვერ ვიხილავთ.

Crazy Ex-Girlfriend — თეთრი ჯოში და დერილი

CW

Crazy Ex-Girlfriend მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის მქონე წარმატებული ქალის, რებეკა ბანჩის შესახებ გვიყვება, რომელიც გადაწყვეტს, რომ ყოფილი შეყვარებულის დასაბრუნებლად კარიერა მიატოვოს და საცხოვრებლად ახალ ქალაქში გადავიდეს.

კომედიურ მიუზიკლში არაერთი სახასიათო პერსონაჟი გვხვდება, რომლებიც რებეკა ბანჩთან ურთიერთობის თუ პირადი გაურკვევლობების გამო მუდმივად ახალ თავგადასავლებში ეხვევიან. სერიალის ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკული ხაზი თეთრი ჯოშისა და დერილის ურთიერთობაა, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან თემებს უსვამს ხაზს, როგორიც წყვილს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა, თვითგამორკვევა, ურთიერთობებში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი ბარიერებია, როგორიც შვილის ყოლის სურვილთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა და სხვა დეტალებია.

რაც არ უნდა იყოს, ყველა უთანხმოების მიუხედავად, თეთრი ჯოშისა და დერილის ურთიერთობა მაინც იმაზე ბევრად შემდგარი და არატოქსიკურია, ვიდრე სხვა პერსონაჟების თავგადასავლები.

Shameless — იანი და მიკი

Showtime

ტოქსიკური მრავალშვილიანი ოჯახის კომედიურ, ხშირ შემთხვევებში კი დრამატულ ისტორიას მილიონობით ერთგული ფანი ჰყავს, რაც მრავალფეროვანი, სახასიათო პერსონაჟების დამსახურებაა. სერიალი არც ქვიარ რეპრეზენტაციას უჩივის — იანი, მიკი, დები თუ სხვა, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები ამის ნათელი მაგალითია. თუმცა, ფანებისთვის განსაკუთრებით საყვარელი იანისა და მიკის წყვილია, რომელიც გარემოსგან ნაკარნახევი თვითსიძულვილის, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების, სიღარიბითა და ძალმომრეობით გამოწვეული კრიმინალური ქმედებების ისტორიას ასახავს, რის პარალელურადაც ურთიერთმიზიდულობა, სინაზის გამოვლინებები, სიყვარული სულ უფრო ძლიერდება და ამარცხებს საკუთარი თავის ვერ მიღებას თუ მჩაგვრელ გარემოს.

ჰელოუინზე მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება

/

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით 30 ოქტომბერს მორიგი დრეგ მეჯლისი გაიმართება.

დრეგ მეჯლისის თემა ჯადოსნური ჰელოუინის დღესასწაული იქნება და მასში მონაწილეობას დრეგ ქვინები Mariko Kardashian, IAMNIKITA, Rafaela Toxikana, Vanila Ice, Slutina Oblati, Femboy XXL და Lile მიიღებენ.

საღამოს მასპინძელი ტრადიციულად Matt Shally იქნება. მეჯლისის სპეციალური სტუმრები Creams და Meme Music იქნებიან, ხოლო სპეციალურ შემსრულებლად Lucrezia-ს ხილვას შეძლებთ.

ფოტო: Tbilisi Pride

THE DRAG BALL თბილისი პრაიდის და საინიციატივო ჯგუფის პროექტია, რომლის წევრებიც გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. ეს არის დრეგ პერფორმერების შეჯიბრებების სერია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ბოლის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას.

“მოხარულები ვართ დრეგ ბალის ახალი სეზონის დაწყებით და მოუთმენლად ველოდებით მონატრებულ აუდიტორიასთან შეხვედრას. დრეგ ბალის ჯგუფი დაუვიწყარ საღამოსა და ემოციებს გპირდებათ, რომელიც ქალაქში არსებულ ჰელოუინის ფართების სერიას დახურავს. გელოდებით 30 ოქტომბერს, კლუბ MTKVARZE, დრეგ ბალ ჰელოუნის ჯადოსნურ წვეულებაზე”, — აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გოგიშვილი.

ბილეთების მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია თბილისი პრაიდის ვებ-გვერდზე.

კონკურსი ჟურნალისტებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, ბლოგერებისა და სტუდენტებისთვის

ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველო (WECF Georgia) აცხადებს კონკურსს მედია თანასწორობისთვის 2022″, რათა დღის წესრიგში დააყენოს გენდერული თანასწორობის იდეის მნიშვნელობა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ბლოგერების, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებისა და ჟურნალისტიკის სტუდენტების საქმიანობაში.

ჯილდო ექვს სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა. თითოეულ კატეგორიაში გაიმარჯვებს ის ნამუშევარი, რომელიც გამოირჩევა გენდერულად მგრძნობიარე თხრობის სტილით, მიზნად ისახავს და ხელს უწყობს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის იდეის დღის წესრიგში დაყენებას, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და არსებული გამოწვევებისა და პრობლემების სისტემურ ჭრილში ჩვენებას.

საკონკურსო კატეგორიებია:

  • საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი  — ცენტრალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი;
  • საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტირეგიონულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტის მიერ შექმნილი სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო რეპორტაჟი, სტატია, ციფრული მედია პროდუქტი;
  • საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი — კედლის მხატვრობა, ფოტოამბავი, ინსტალაცია და სხვა;
  • საუკეთესო ციფრული პლატფორმა — ქალთა და გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმები. კატეგორია არ გულისხმობს სატელევიზიო თუ ონლაინ მედიების სოციალურ და ციფრული პლატფორმებს;
  • საუკეთესო დამოუკიდებელი/ინდივიდუალური კონტენტის შემქმნელი სოციალურ მედიაში — აპლიკანტი საკუთარ პლატფორმას უნდა იყენებდეს თანასწორობის იდეის გასავრცელებლად;
  • საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური პროდუქტი — აპლიკაციის გამოგზავნა შეუძლიათ ჟურნალისტიკის ან სხვა რელევანტური ფაკულტეტები სტუდენტებს. ამ კატეგორიაში მიიღება სტუდენტების მიერ მომზადებული მედია პროდუქტი: სატელევიზიო სიუჟეტი, სტატია, ვიდეო-სიუჟეტი, პოდკასტი, რადიო გადაცემა და ა.შ. მასალა გამოქვეყნებული უნდა იყოს ნებისმიერ სტუდენტურ ან სხვა მედია პლატფორმაზე).

პრიორიტეტი მიენიჭება ნამუშევრებს შემდეგ თემებზე:

  • ომი და მისი გენდერული ასპექტები;
  • ინკლუზიური საკითხების გაშუქება.

თითოეულ კატეგორიაში გაგზავნილი საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2021 წლის 11 ნოემბრიდან 2022 წლის 31 ოქტომბრამდე.

კონკურსს თითოეულ კატეგორიაში ეყოლება სამი გამარჯვებული, “თანასწორობის ჩემპიონი”. პრიზების ჩამონათვალი ასეთია:

  • პირველი ადგილი — 900 ევროს ექვივალენტი ლარში;
  • მეორე ადგილი — 500 ევროს ექვივალენტს ლარში;
  • მესამე ადგილი — 300 ევროს ექვივალენტს ლარში.

გარდა ამისა, WECF აღნიშნავს, რომ თითოეული ნომინანტი ორგანიზაციისგან მიიღებს საჯარო დაფასებას, ქალების გაძლიერებასა და მედიის გაუმჯობესებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

განცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2022  წლის 31 ოქტომბერი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ ორგანიზაციას დაუკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

როგორც WECF-ში აღნიშნავენ, კონკურსის მიზანია, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში ეთიკური მედიის, მულტიმედიისა და სოციალური მედიის პლატფორმების მნიშნვნელობის ხაზგასმა და ამით საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა. მათივე თქმით, სწორედ ამიტომ, კონკურსი წაახალისებს და მხარს დაუჭერს ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების მიმართულებით შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებსა და მათ ავტორებს.

შეგიძლიათ იხილოთ 2021 წლის გამარჯვებული ნამუშევრები

ცხოვრება რაჭაში, აქტივიზმი და ბრძოლა უკეთესობისთვის — ეთო არსანიძის ისტორია

მე ვარ ეთო არსანიძე, 34 წლის, სამოქალაქო აქტივისტი და რაჭის სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ვცხოვრობ რაჭაში, სოფელ კრიხში.

მიმაჩნია, რომ ვარ ადამიანი, ვისი იმედიც ამ რეგიონში შეიძლება ჰქონდეთ, განსაკუთრებით, ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ქალებს.

ბავშვობა

სტუდენტობის წლების გარდა, მთელი ცხოვრება რაჭაში მაქვს გატარებული. ქუთაისში ვსწავლობდი და 4 წელი იქ ვიყავი. ვფიქრობ, ჩემი ბავშვობა ისეთი იყო, როგორიც სოფელში მცხოვრები ნებისმიერი ახალგაზრდის. ზაფხული ხალისიანი და ხმაურიანი, რადგან თბილისიდან ბევრი ჩემი თანატოლი ჩამოდიოდა და ეს ბავშვობის ძალიან საინტერესო პერიოდად მახსენდება. სულ მაინტერესებდა, ზამთარს, რომელსაც ჩვენ უშუქობაში და დიდთოვლობაში ვატარებდით, როგორ ატარებდნენ ქალაქში მცხოვრები მოზარდები და ზაფხულობით ამ ცნობისმოყვარეობის შევსება შემეძლო. ტექნოლოგიები მაშინ ასეთი განვითარებული არ იყო, ამიტომ ჩვენი ძირითადი აქტივობები სიმინდის მოპარვით, მდინარეზე სიარულითა და თამაშით შემოიფარგლებოდა. ალბათ, ბავშვები ახლაც ასე ერთობიან, მაგრამ ახლანდელი დრო მაინც განსხვავებულია. ზაფხულის ნაწილი ძალიან მრავალფეროვნად და საინტერესოდ მახსენდება. უარყოფითი მოგონება, რაც ბავშვობასთან დაკავშირებით პირველი მომდის თავში, ზამთრის გრძელი ღამეებია, როდესაც შუქი არ გვქონდა და იძულებულები ვიყავით, ადრე დაგვეძინა. გათენებისას, თუ თოვლი ძალიან მაღალი არ იყო, სიცივეში სკოლამდე ფეხით მიწევდა სიარული.

ცხოვრება რაჭაში

დილით ძალიან ადრე ვიღვიძებ, ჩემი დისშვილი მიმყავს ბაღში და შემდეგ უკვე მუშაობას ვიწყებ. არ აქვს მნიშვნელობა კვირის რომელი დღეა, სამსახურში შაბათ-კვირასაც დავდივარ. თითქმის ყოველ დღე ვსეირნობ რაჭის სხვადასხვა ადგილას, ვიღებ ფოტოებს. ამას გარდა, ვმართავ ფეისბუქ ჯგუფს რაჭველები, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დღის რამდენიმე საათი მიაქვს. ჯგუფში შეუძლებელია არასანდო, გადაუმოწმებელ ინფორმაციას წააწყდე. ზაფხულობით უფრო ბევრი რამის გაკეთებას ვასწრებ — დღეც დიდია და შესაძლებლობაც.

წლების შემდეგ რაჭაში რა ცვლილებასაც ვხედავ, არის ის, რომ გლობალური დათბობიდან გამომდინარე, იმხელა თოვლი აღარ მოდის. ალბათ, ეს ფაქტი უფრო ცუდია, ვიდრე კარგი. ახლანდელი მოთხოვნილებები განსხვავებულია მაშინდელისგან. იმ დროს ელექტროენერგია გვინდოდა, ტელევიზორი რომ ჩაგვერთო. ინტერნეტიზაცია მაშინ არ არსებობდა. თუმცა, ახლაც, ზამთრის პირობებში დენი ხშირად ითიშება, ზოგიერთ სოფელში ნაკლები ხელმისაწვდომობაა ინტერნეტთან, ცუდ ამინდში ფაქტობრივად არ იჭერს, რის გარეშეც სწავლა და განვითარება წარმოუდგენელია. ეს ახალგაზრდების წინსვლას აფერხებს.

ფუნდამენტურ საჭიროებებზე რომ ვისაუბროთ, 2022 წელია და სოფლები ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული, თანაც ისეთ რეგიონში, სადაც ზამთარი განსაკუთრებულად დაბალი ტემპერატურით ხასიათდება. საკმაოდ რთულია ამ დროს სახლის გათბობა, შეშის ღუმელს ყველა ოთახში ვერ დადგამ. რაც შეეხება გზებს, ჩემს ბავშვობაში თოვლს არ წმენდდნენ, მაშინ საჭიროებაც ნაკლები იყო. ბოლო წლებში ეს შედარებით მოწესრიგებულია.

აქტივიზმი

სიმართლე რომ ვთქვა, საერთოდ არ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი „წოდება“ — სამოქალაქო აქტივისტი. ამის შესახებ რამდენიმე წლის წინ შევიტყვე, თუმცა აქტივისტი ყოველთვის ვიყავი, რადგან ჩემთვის ეს არის სასიკეთო ცვლილებებისკენ სწრაფვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ეს არის ჩემთვის აქტივიზმი და არა მხოლოდ წინააღმდეგობა. რამდენიმე წლის წინ, რაღაცების ქაოსურად გაპროტესტების დრო აღარ იყო, საჭირო იყო მოქმედება. მაშინ მე და ჩემმა მეგობარმა პირველი პეტიცია შევქმენით — რეანომობილი რაჭას. სწორედ რეანომობილის არქონას აქ ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ეს იყო პირველი რეალური პროტესტი, მთელს საქართველოს გავაგებინეთ ამის შესახებ. ხელმოწერები შევაგროვეთ და დაახლოებით ორ კვირაში რაჭას უკვე ჰყავდა საკუთარი რეანომობილი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ნეგატიური იყო, შედეგმა თავისი პოზიტივი მაინც მოიტანა. ხალხმაც გამოიჩინა ინიციატივა, მათგან დავინახე პროტესტის სურვილი და ამან მომცა ბიძგი, უფრო მეტი მეკეთებინა.

იმ პერიოდში, კერძო სექტორში ვმუშაობდი და ასე აქტიურად ვერ ვახერხებდი აქტივიზმში ჩართვას, მაგრამ მინიმალურს მაინც ვცდილობდი. ერთ დღესაც, გადავწყვიტე, რომ კერძო სექტორში მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ვიმუშავებდი, ბევრი დრო მეხარჯებოდა, როცა უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთება შემეძლო. ზუსტად ერთ დღეში მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამსახური უნდა დამეტოვებინა. სანამ კერძო სექტორიდან წამოვიდოდი, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაცია უკვე შექმნილი მქონდა და პარალელურ რეჟიმში პატარ-პატარა აქტივობებს ვგეგმავდით, შემდეგ კი, მთლიანად ორგანიზაციის საქმეებში გადავეშვი.

ამბროლაური პატარა ქალაქია, ჩემი სოფელი კიდევ უფრო პატარა. ის, რომ შენ ითხოვ, რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალოს, ხელისუფლებას აიძულო რაღაცები გააკეთოს, ზოგი ადამიანის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვერ ვიტყვი, რომ აქტივიზმში ჩართვის გამო ვინმემ დამკარგა, თუმცა ყოფილა შემთხვევები და სიტუაციები, როდესაც ჩემთვის თავი აურიდებიათ. ასეთი დამოკიდებულების მოლოდინი მქონდა. შევიწროებისა და ზეწოლის მცდელობები ყოფილა, რაზეც ყველაზე მეტად დედაჩემი ღელავს და ნერვიულობს. შარშან, 5 ივლისის მოვლენების პერიოდში, ოფისის ფანჯარაზე ფურცელზე დახატული ლგბტქი დროშა გამოვაკარი, ამას მოჰყვა აგრესიული დამოკიდებულება სოციალურ ქსელში, გვემუქრებოდნენ ოფისის ფანჯრების ჩამტვრევით, თუ ჩვენი ნებით არ ჩამოვხსნიდით დროშას.

ჩემი აზრით, კარგად დაორგანიზებულ აქტივიზმს შეუძლია იმაზე მეტი, ვიდრე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს. ორგანიზების გარდა, ამას ჭკუა და ხალხის ნდობა სჭირდება. ჩემი ამჟამინდელი მიზანია, სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები გახდნენ მნიშვნელოვანი ფიგურები ნებისმიერი სამთავრობო უწყებისთვის, იყვნენ პრიორიტეტები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურ საფრთხეს არ ვიგრძნობთ, რადგან მთაში ცხოვრება სტრესული და რთულია. ის, რომ თავისუფალი აზრის გამო შეიძლება შეგავიწროონ და იძალადონ კიდეც, საკმაოდ დამთრგუნველია. რა თქმა უნდა, ეს მე ვერ მაშინებს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას უშინდებიან. მინდა ჩემს ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა მქონდეს.

ნეგატიური ამბების შემდეგ აქტივიზმში დარჩენაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა მეხმარებოდა. ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ფაქტი გამისაჯაროებია, მხარდაჭერა მიგრძნია. ეს ყოველ ჯერზე ძალას მაძლევს, ვგრძნობ, რომ მარტო არ ვარ. შეიძლება რაჭაში ბევრი მხარდამჭერი არ მყავდეს, მაგრამ საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი გულშემატკივარი მყავს და ის, რაზეც ხმამაღლა ვსაუბრობ, მგონია, რომ სწორია.

რაჭის სათემო ორგანიზაცია

რაჭის სათემო ორგანიზაცია 2020 წლის იანვარში შეიქმნა და 15 ადამიანს გვაერთიანებდა. მთავარი იდეა იყო ის, რომ ორგანიზებულად გვემუშავა რაჭის განვითარებაზე და პოზიტიური პროცესები დაგვეძრა. წინ წამოგვეწია ისეთი თემები, როგორიცაა ტრანსპორტის, ინტერნეტიზაციის პრობლემა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები; ქალების ჩართულობის გაზრდა; ეკოლოგია და მწვანე მიმართულება.

იყო საკითხები, რომლებზეც სამეგობრო წრეებში ვსაუბრობდით, მაგრამ ასეთი სახე და იურიდიული ფორმა არ ჰქონია. იურიდიული ფორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გახდე, ვიდრე ცალკე მდგომი ადამიანი. რაღაც მომენტში შეიძლება ეთო არსანიძემ უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე ორგანიზაციამ, მაგრამ ორგანიზაციას მაინც სხვანაირი წონა აქვს.

თავდაპირველად, 15 ახალგაზრდა ვიყავით, მაგრამ ახლა აქტიური წევრების რაოდენობა შემცირებულია. ორგანიზაციაში 4 ადამიანია დასაქმებული. ამ პროექტის გაკეთებაში მხარი მთის ამბებმა დაგვიჭირა. მალევე წამოვიწყეთ კამპანიები ახალგაზრდა ფერმერის მხარდასაჭერად, ონი-ამბროლაურის საგზაო ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით. ევროკავშირის მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს — ქალების ძალა ინკლუზიისთვის, რომელიც მეორე წელია მიმდინარეობს; ვმუშაობთ მწვანე მიმართულებაზეც — ვართ ერთ-ერთი თანაავტორი ვიცავთ რაჭას კამპანიის, რომელიც გულისხმობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას რეგიონში, ხალხში ცნობიერების გაზრდას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიკეთეები მოაქვს დაცულ ტერიტორიებს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია მხარს უჭერს კულტურულ ღონისძიებებსაც, მათ შორის, ერთ-ერთი კინოჩვენებების მოწყობაა. დაარსებული გვაქვს Cinema Club in Racha, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ყოველ ოთხშაბათს გვქონდა ფილმის ჩვენება სხვადასხვა სეგმენტისთვის. როცა შემოდგომაზე გაუსაძლისი ზამთრის მოახლოება ვიგრძენით, სწორედ მაშინ გაჩნდა ამ კლუბის მოწყობის იდეა, რომელსაც ამ ეტაპზე იურიდიული სახე არ აქვს. პერიოდულად, ბავშვებისთვის ვაწყობთ განსაკუთრებულ ჩვენებებს, მაგრამ ძირითადად, დოკუმენტურ ფილმებს ვაჩვენებთ, რასაც საინტერესო დისკუსიები ახლავს თან.

“ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ყველას ბრძოლა”

დაცული სივრცის შესაქმნელად საჭიროა მხარდაჭერა სახელმწიფო ინსტიტუციებისგან. ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი. ადამიანები არ ისჯებიან თავიანთი ჩადენილი დანაშაულების გამო, ან ისჯებიან არასაკმარისად, რაც ქმნის განწყობას, რომ თუკი სხვაც ჩაიდენს დანაშაულს, არც ის დაისჯება. ამიტომ, პირველ რიგში, სამართალდამცავი უწყებების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი.

იდეალურ გარემოზე არ ვფიქრობ, ვფიქრობ ოდნავ უკეთეს გარემოზე, რადგან იდეალურობას ძალიან ბევრი ბარიერი გვაშორებს. ისეთ გარემოში ვიცხოვრებდი, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და მინიმუმ, არ ეზიზღებათ, თუნდაც მათი განსხვავებული აზრების, შეხედულებების, ცხოვრების წესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის გამო.

წლების შემდეგ ტერიტორიულად მინდა ისევ იქ ვიყო, სადაც ვარ. რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთში მქონდეს ყველაზე ძლიერი ფემინისტური ორგანიზაცია, ვიყო მისი ხელმძღვანელი და მქონდეს პატარ-პატარა ფილიალების გახსნის შესაძლებლობა სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში. რაც ყველაზე მეტად მაშინებს, არის ის, რომ არ მომიწიოს ქვეყნის დატოვება და საზღვარგარეთ წასვლა. ალბათ ვინმე იმასაც იტყვის, თუ არ გინდა, არ წახვიდეო, მაგრამ გარდა იმისა, რომ აქტივიზმში ხარ და უკეთესობისთვის იბრძვი, პირადი საჭიროებებიც გაქვს. ამ ბოლო დროს ჩემი სამეგობროდან იმდენი ადამიანი გავაცილე, ეს მაშინებს.

არ უნდა დავიღალოთ, არ უნდა ჩავცვივდეთ ნიჰილიზმში. თუ გვინდა, რეალურად შევცვალოთ რაღაც, პრინციპებს არ უნდა ვუღალატოთ და ბოლომდე მივყვეთ. შეიძლება აქტივისტები სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობდეთ — პოლიტიკური, მწვანე, ქვიარ მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ ჯამში, ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ყველას ბრძოლა. არ უნდა გავიხლიჩოთ, რაც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს. მთავარია, კონკრეტული მიზნებისთვის გავერთიანდეთ.

ტუვე იანსონი — ქვიარ მწერლის კეთილი სამყარო და ცხოვრების სიყვარული

ფინელი საბავშვო მწერალი, ილუსტრატორი, მხატვარი და კომიქსების ავტორი, ტუვე იანსონი გარდაცვალების შემდეგ ქვიარ ადამიანებისთვის განსაკუთრებით ძვირფას შემოქმედად იქცა. ამის მიზეზი ავტორის უშიშარი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები და ფასდაუდებელი შემოქმედებაა, რომელშიც ქვიარ გამოცდილებების დანახვაც შეიძლება. ის აქტივიზმში ჩაბმული არასდროს ყოფილა, მაგრამ საკუთარი ცხოვრება აქცია დემონსტრაციად.

იანსონი ამბიციური მხატვარი და ილუსტრატორი, საბავშვო გრაფიკული ნაწარმოებების თუ ზრდასრულთა საკითხავი წიგნების ავტორი იყო, რომელიც მკაცრად განსაზღვრულ გენდერულ როლებს მუდმივად ეწინააღმდეგებოდა და ურთიერთობა ჰქონდა როგორც კაცებთან, ისე ქალებთან. მას ბედნიერებისკენ სწრაფვა არ შეუწყვეტია მაშინაც კი, როცა ფინეთში ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლებოდა.

„მუდამ პიროვნება მიყვარდებოდა — ზოგჯერ კაცი, ზოგჯერ კი ქალი. მნიშვნელოვანი კი მხოლოდ ის იყო, რომ მე ისინი მიყვარდებოდნენ“, — ამბობდა ტუვე.

იანსონმა პირველი გრაფიკული წიგნი ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში შექმნა, რომლის სახელი სარა და პელი და ნეპტუნის ბავშვები იყო. აღნიშნული ტექსტი დაწერიდან 5 წლის შემდეგ, 1933 წელს გამოქვეყნდა.

გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული, ტუვეს მიერ შექმნილი სტუმართმოყვარე, მრავალფეროვანი, კეთილი ხეობა და თეთრი, მომრგვალებული, დიდდრუნჩიანი მუმინები თუ მათი დიდი სამეგობრო მსოფლიოს არაერთ პატარა თუ იანსონის ამბებზე გაზრდილ ადამიანს მასპინძლობს. თუმცა, ნაკლებმა ადამიანმა, განსაკუთრებით ქართულენოვანმა მკითხველმა, თუ იცის, რომ ქვიარ ავტორის ცხოვრებისეული გამოცდილებები, ქალები, რომლებიც უყვარდა, ოჯახის წევრები და მეგობრები არაერთი პერსონაჟის ინსპირაციად იქცა და მრავალფეროვანი, მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი სამყაროც სწორედ პირადი ისტორიების შთაგონებით შეიქმნა.

„ქალი შემიყვარდა სიგიჟემდე“

ტუვე იანსონი 45 წლის განმავლობაში ერთ ქალთან ერთად ცხოვრობდა, იქამდე კი რამდენიმე ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. როცა პირველად ქალი შეუყვარდა, ფინეთში ჰომოსექსუალობა კრიმინალად მიიჩნეოდა და ასე გაგრძელდა 1971 წლამდე.

1946 წელს, 32 წლის ტუვემ მეგობარ ევა კონიკოვს ასეთი წერილი მისწერა:

„რაღაც ისეთი შემემთხვა, რაც ვფიქრობ, უნდა გითხრა. უბედნიერესი ვარ, აღტაცებული და მშვიდი. იცი, თავს ათოსის ცოლივით ვგრძნობ და მგონი, მუდამ ასე ვიქნები, მაგრამ დავუბრუნდეთ სათქმელს — ქალი შემიყვარდა სიგიჟემდე. ეს ისეთი ბუნებრივი და გულწრფელია, რომ ვერავითარ პრობლემას ვხედავ. ამაყი და უკონტროლოდ ბედნიერი ვარ. ბოლო კვირები თავგადასავლებით სავსე ხანგრძლივ ცეკვას, სინაზეს, სიმძაფრეს ჰგავს — სიმარტივითა და სილამაზით გამორჩეულ ახალ მიწებზე ექსპედიციას“.

ტუვე იანსონის ქვიარ სიყვარულის საიდუმლო წერილები

ქალი, რომელიც ტუვეს შეუყვარდა, ვივიკა ბენდლერი იყო, აგრონომი და თეატრის რეჟისორი. ვნებიანი სასიყვარულო კავშირი ტუვესთვის ბედნიერების წყაროდ იქცა და სურდა, საკუთარი გრძნობების შესახებ მსოფლიოსთვის ეხარებინა. ვივიკას ღიად საუბარი არ სურდა, ამიტომ გახშირებული მიმოწერისას ტუვე ახალ-ახალ გზებს იფიქრებდა, რათა ვერავინ მიმხვდარიყო, რომ ვივიკას სახელზე გაგზავნილი წერილების მატება მისი ბრალი იყო.

„P.S. ყავისფერი კონვერტი ჩემი დალაქის სახელით გამოგიგზავნე, რათა წელი საშიში სცენით არ დაიწყო. რაციონალურიც შემიძლია ვიყო! მომდევნო ჯერზე მომვლელს დავითანხმებ, მის მერე კი ბოსტნეულის გამყიდველს“, — ვკითხულობთ ვივიკასთვის 1946 წელს გაგზავნილი წერილის მინაწერში.

ვივიკა ტუვეს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნამუშევარშიც ჩანს. წვეულება ქალაქში ჰელსინკის მერიის შენობაში მდებარე რესტორნის კედელზე დახატა, რომლისთვისაც თანხა ვივიკას მამამ, ქალაქის მერიის თავმჯდომარემ გადაუხადა. ტუვემ საკუთარი თავიც გამოსახა — მაგიდასთან მჯდომი, რომლის უკანაც კაცთან ერთად ცეკვით გართულ ვივიკას ვხედავთ.

ტუვეს და ვივიკას სიყვარული მუმინების ისტორიაშიც აისახა, ვიფსლას და ტოფსლას სახით. აღნიშნულ პერსონაჟებს მუმინების სერიის მესამე წიგნში, ჯადოქრის ქუდში ვხვდებით [საბავშვო წიგნი ქართულად სულაკაურის გამომცემლობამ თარგმნა].


„აგვისტოს დასაწყისში, დილაუთენია, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც სნიფმა ჯადოქრის ქუდი იპოვა, ტოფსლამ და ვიფსლამ გამოიარეს. ისინი მთის წვერზე გაჩერდნენ და მუმინების ხეობას გადახედეს. ტოფსლას წითელი ქუდი ეხურა, ვიფსლა კი უზარმაზარ ჩემოდანს მოათრევდა. მათ გრძელი გზა ჰქონდათ გამოვლილი და საკმაოდ დაღლილები იყვნენ. ქვევით, ვაშლისა და არყის ხეებში ჩაფლული მუმინების სახლის საკვამურიდან, კვამლი ამოდიოდა.

— კვამლსლა, — თქვა ვისფლამ.

— რაღაცსლა დუღსლა, — დაუდასტურა ტოფსლამ.

ისინი ხეობისკენ დაეშვნენ, თან გზადაგზა ტოფსლებისა და ვიფსლების უცნაურ ენაზე ლაპარაკობდნენ. მათი ენა ყველას არ ესმოდა, მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ თვითონ მშვენივრად აგებინებდნენ ერთმანეთს.

[ბაკურ სულაკაურის 2003 წლის თარგმანი შვედურიდან]


ვიფსლა და ტოფსლა საკუთარ, გამოგონილ ენაზე საუბრობენ და იმავე ფრაზებს იყენებენ, რომლებიც ტუვესა და ვივიკას წერილებში გვხვდება. ისინი დიდ საიდუმლოს დაატარებენ, მომნუსხველ სამეფო ლალს, რომელიც სამყაროში წითელ შუქს ასხივებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ამბავი ტუვესა და ვივიკას სახიფათო სიყვარულის ალეგორიაა.

თარგმანში დაკარგული ვიფსლა და ტოფსლა

ორიგინალ, შვედურ ვერსიაში პერსონაჟების სახელები ვიფსლა და ტოფსლაა, რაც ტუვესა და ვივიკას მეტსახელებს შეესაბამება, რომელთაც ტუვე ვივიკასთვის მიწერილ წერილებში იყენებდა. გენდერული თვალთახედვით, საინტერესოა, რომ ინგლისურ ენაზე მთარგმნელმა სახელები თინგუმი და ბობი გამოიყენა. ბობი, როგორც წესი, მასკულინურ სახელად ითვლება, სახელებს — ტოფსლასა და ვიფსლას კი შვედურ ენაში ფემინური წარმოშობა აქვს. ინგლისურ თარგმანში, რომელიც საყოველთაოდ გავრცელდა, ტუვესა და ვივიკას შესახებ მინიშნება დაკარგულია.

„ვიფსლა, იცი რა, ბოლო დროს ახალი, „სახლში დაბრუნების“ მსგავსი შეგრძნება მეუფლება, როცა სტუდიაში მივდივარ. შენთან დაბრუნების. რა თქმა უნდა, შეიძლება იქ წერილი მელოდეს, შენი ყელსაბამი კი ჩემი საწოლის თავთან კიდია. ვუყურებ დაძინებამდე და გაღვიძებისას და ხელში მიკავია, როცა ბედნიერი არ ვარ“, — სწერდა ტუვე ვივიკას 1947 წლის 3 იანვარს გაგზავნილ წერილში.

იმავე წლის 31 იანვარს კი ვივიკას შემდეგი წერილი გაუგზავნა — „ჩამეხუტე ამაღამ — მოგწონვარ, არა?! მიუხედავად იმისა, რომ ისე გამოვიყურები, როგორც რაღაც, რაც კატამ გარედან შემოათრია. ვერ გიგზავნი ლექსებს, რომლებიც, საკმარისად კომპეტენტური რომ ვიყო, შენთვის ყოველ დილა-საღამოს უნდა მეწერა, — გონებაგაფანტული ტოფსლა“.

ტუვეს და ვივიკას ურთიერთობამ რამდენიმე ამაღელვებელ კვირაზე დიდხანს ვერ გასტანა, რადგან ნათელი გახდა, რომ ვივიკა ქმრის მიტოვებას არ აპირებდა. მოგვიანებით ისიც დადასტურდა, რომ მას სხვა ქალი საყვარლებიც მრავლად ჰყავდა. ტუვე გულგატეხილი იყო, მაგრამ დროის სვლასთან ერთად, ისინი ერთგულ მეგობრებად იქცნენ, რომელთაც ერთმანეთი ეიმედებოდათ. ერთობლივად, ნაყოფიერი კოლაბორაციაც არაერთხელ ჰქონდათ, მუმინების ამბების შესახებ თეატრალური პროექტები განახორციელეს.

ვიფსლა და ტოფსლა მუმინების სერიაში ქვიარ გამოცდილების ალბათ ყველაზე პირდაპირი რეფერენსია, თუმცა წიგნებსა და კომიქსებში გენდერისა და ურთიერთობების შესახებ არაერთი საინტერესო პერსპექტივა ჩანს.

მუმინის ამბებში მუმინტროლის საუკეთესო მეგობარი, სნუსმუმრიკი მომთაბარეა, რომელსაც თავისუფლება უყვარს და არ უნდა, რომ ერთ ადგილს იყოს მიჯაჭვული, მუმინტროლს კი მუდამ მეგობართან ერთად სურს ყოფნა.

ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ურთიერთობა ტუვე იანსონსა და ავტორის ხანგრძლივ საყვარელს, ატოს ვიტანენს შორის არსებულ ურთიერთგანწყობებს ირეკლავს, რომელსაც ვივიკას გაცნობის პერიოდშიც ხვდებოდა. თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას ვივიკასთან ურთიერთობაზეც — ტუვეს ვივიკასთან მყარი ურთიერთობა უნდოდა, მაგრამ ვივიკას თავისუფლება სურდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სნუსმუმრიკის მცირე ნაწილი ტუვეშიც ცხოვრობდა — მასაც უნდოდა თავისუფლება, რათა საკუთარი შემოქმედებისთვის მეტი დრო ჰქონოდა და ცხოვრების გზა დამოუკიდებლად გაეკვალა, თანაც, იმ დროის ახალგაზრდა ქალებისგან განსხვავებულად ცხოვრობდა, წესებს არ ემორჩილებოდა. თუმცა, სნუსმუმრიკის ბენდლერთან პარალელი ბევრად აშკარად იკითხება. კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ იანსონმა საკუთარი ინსპირაციით პატარა მი და მუმინტროლი შექმნა.

ამორფული გენდერული როლები მუმინების ხეობაში

ზოგიერთმა მკითხველმა შეიძლება თქვას, რომ მუმინების ხეობაში გენდერული როლები სოციალურად განსაზღვრულ სტანდარტს შეესაბამება. მსგავსი შეფასება დედობრივი მზრუნველობით გამორჩეულ დედა მუმინსა და თავგადასავლების მოყვარულ, მასკულინურ მამა მუმინს ემყარება, ასევე დარდიმანდ ფრეკენ სნორკს.

თუმცა, მუმინების ხეობაში გენდერული როლები ძირითადად ნაკლებად არის გამიჯნული. მაგალითისთვის, ჰემულენები, რომლებიც შეიძლება მასკულინურებიც იყვნენ და ფემინურებიც, მაგრამ მუდამ ატარებენ გრძელ კაბებს ან ვომპერები, რომელთა გენდერიც თითქმის არაა განხილული.

ყველაზე ცალსახად გამოკვეთილი მდედრობითი პერსონაჟი მიმლაა, რომელსაც 30-ზე მეტი შვილი ჰყავს.

პერსონაჟის ორიგინალი სახელი, მიმლა, რომელიც მისი სახეობის სახელიც არის, იმ სიტყვისგან მოდის, რომელსაც ტუვე და მისი მეგობრები ხშირად იყენებდნენ სექსის ნაცვლად. ცხადია, მიმლას სექსი ხშირად უნდა ჰქონოდა, რომ ამდენი შვილი გაეჩინა. წერილებსა და დღიურებში სიტყვა მიმლას ტუვე სექსის ნაცვლად ხშირად იყენებს, ის შეიძლება მიემართებოდეს როგორც ჰეტეროსექსუალებს, ისე ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსს. იანსონი სიტყვას არსებითი სახელის ფორმითაც იყენებს — წერს, როგორ შეხვდა მოხუც მიმლას, როცა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად დადიოდა.

ქვიარ პერსპექტივიდან კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟი ინკია, პატარა ცუგა, რომელიც მუმინებზე დაწერილ წიგნებშიც ჩანს და კომიქსებშიც. 1956 წლის კომიქს დედა მუმინის მოსამსახურეში ინკის „დიდი და შავბნელი საიდუმლო“ აქვს. მას ძაღლები არ მოსწონს, კატებს ამჯობინებს და უნდა, რომ ერთ-ერთ მათგანთან დამეგობრდეს. როცა დედა მუმინი საიდუმლოს გაიგებს, პრობლემას გადაჭრის, ძაღლს ზოლებით მოხატავს და ამით ინკის საჭიროებას, რომ საკუთარ თავთან მართალი იყოს, აკმაყოფილებს.

მუმინების ხეობაში გენდერული როლების ამორფულობა და მრავალფეროვნება შესაძლოა ტუვეს პირადი სურვილიდან გამომდინარეობდეს. მას არ სურდა, რომ პირად ცხოვრებაში იარლიყები მიეწებებინათ. იანსონმა უარი თქვა შვილის გაჩენაზეც და არ უცხოვრია 40-50-იანი წლების გოგოებისთვის ტიპური ცხოვრებით, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ საკუთარი ჰომოსექსუალობის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო ადრეულ წლებშივე ვერ შეძლო.

„არ ვფიქრობ, რომ სრულად ლესბოსელი ვარ“

როცა ტუვე ვივიკას შეხვდა, მწერალი ჟურნალისტ და პარლამენტის წევრ ატოს ვირტანენთან 3-წლიან ურთიერთობაში იყო. ივა კონიკოვისთვის 1946 წელს, შობის წინა კვირაში გაგზავნილ წერილში ტუვე საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას ამგვარად აღწერს: „არ ვფიქრობ, რომ სრულად ლესბოსელი ვარ. მკაფიო შეგრძნება მაქვს, რომ ეს ვერ იქნებოდა ვერცერთი ქალი ვის გარდა და ჩემი ურთიერთობები კაცებთან შეუცვლელია. შესაძლოა უკეთესი, უფრო მარტივი, ბედნიერი, ნაკლებად შფოთიანი“.

მომდევნო წლებში ტუვე პირადი და პროფესიული ძიების პროცესს გადიოდა, ურთიერთობები კაცებთანაც ჰქონდა და ქალებთანაც, ამასთან, ცდილობდა ხატვა და მუმინების ამბებზე მუშაობა დაებალანსებინა. მაგრამ როცა 1955 წლის საშობაო წვეულებაზე დურგალსა და ხელოვანს, ტულეკი პეტილას შეხვდა, გააცნობიერა, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვა.

„იმდენად მიუჩვეველი ვარ ბედნიერებას, რომ მისი ყველა უპირატესობის ბოლომდე გათავისება მიჭირს… ისე ვგრძნობ თავს, როგორც ბაღი, რომელიც ბოლოსდაბოლოს მორწყეს და ჩემს ყვავილებს აყვავება შეუძლიათ“, — სწერდა ტუვე ტულეკის 1956 წლის ზაფხულში.

„განა გასაოცარი და ნამდვილად შესანიშნავი არაა, რომ ჩვენ შორის ერთი ჩრდილიც კი არ ჩამოწოლილა? და იცი, საუკეთესო ისაა, რომ ამ ჩრდილების არც მეშინია. როცა ისინი მოვლენ (და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად ხდება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ერთმანეთი ადარდებთ), ვფიქრობ, მათგან თავის დაღწევას შევძლებთ“, — სწერდა ტუვე ტულიკის იმავე წერილში, რომელშიც ტუუ-ტიკი პირველად გამოჩნდა. ურთიერთობის ადრეულ პერიოდში გამოთქმული ვარაუდი გამართლდა და მათი სიყვარული 45 წელზე მეტხანს გაგრძელდა, სანამ 2001 წელს, 86 წლის ტუვე იანსონს კიბო შეიწირავდა.

1956 წელს, გაცნობიდან მალევე, ტულეკისთვის გაგზავნილ კიდევ ერთ წერილში ტუვე აღნიშნავდა, რომ იპოვა ადამიანი, რომელთან ყოფნაც უნდა. წერილიდანვე დაიბადა მუმინების ხეობის კიდევ ერთი პერსონაჟი. 1956 წლის წერილში ტუვემ პაწაწინა არსება დახატა და ის ტულეკის სახელის შეცვლილი, კნინობით-ალერსობით ფორმით — ტუუ-ტიკი მოიხსენია.

ტუვე იანსონის პირველი ნახატი, რომელზეც ტუუ-ტიკი ჩანს

ტულეკი, რომლის მეტსახელიც ტუტი იყო, პერსონაჟ ტუუ-ტიკის პროტოტიპად იქცა. ტუუ-ტიკი მუმინების ზამთარში გვხვდება. ის ბრძენი და მშვიდი პერსონაჟია, რომელიც მუმინტროლს უცნაურ ზამთრის სამყაროში მიუძღვება მაშინ, როცა მის ოჯახს ჩვეული ზამთრის ძილით სძინავს.

ტუუ-ტიკი მუმინტროლს ზამთრის სამყაროს განსაკუთრებული არსებების შესახებ უყვება. რეალურ სამყაროსა და მუმინების ხეობას შორის ზედმეტად პირდაპირი პარალელების გარეშე მოთხრობილ სცენებში, შესაძლოა, ქვიარ ადამიანების ალეგორია დავინახოთ, რომლებსაც ნამდვილი ვინაობის გაცხადება არ შეეძლოთ.

მუმინების ზამთარი, 1958 [ლიკა ჩაფიძის თარგმანი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა]
თვით ტუვე აღნიშნავდა, რომ ცივი, უცხო სამყარო, რომელიც მუმინების ზამთარში აღწერა, მუმინების, როგორც ბიზნესის კომერციული მხარეა. მას მუდმივად უწევდა, რომ 50-იან წლებში მეტი და მეტი ფანის ყურადღება მიეპყრო.

ტულეკი მისი დიდი მხარდამჭერი იყო, რომელმაც სამუშაოსთან გამკლავებაში შეუწყო ხელი და მეგზურობაც შესთავაზა, ისევე, როგორც ნაწარმოებში ტუუ-ტიკიმ მუმინტროლს. ალბათ მის გარეშე ვერც მუმინების ზამთრის წერისას განცდილ კრეატიულ ჩიხს გადალახავდა მარტივად.

„მიყვარხარ, როგორც მოჯადოებულს…“

Moomin

ტუვემ ტულეკიში დაინახა თანამგზავრი, ისეთივე თავისუფლებისმოყვარე ადამიანი, როგორიც თვითონ იყო და პარტნიორი, რომელიც ხვდებოდა და პატივს სცემდა იმ ფაქტს, რომ მისთვის უმთავრესი სამუშაო და ხელოვნება იყო. როგორც ჩანს, ტუვემ საკუთარი იდენტობის წლობით ძიების შემდეგ სიმშვიდე იპოვა.

„მიყვარხარ, როგორც მოჯადოებულს. ამავე დროს, გასაოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ და არაფრის მეშინია, რასაც ცხოვრება გვიმზადებს“, — წერდა ტუვე დღიურში, 1956 წლის ივნისში.

ტუვე შეიცვალა, როგორც თვითონ ამბობდა, ის „მოჩვენებების მხარეს“ (იმ დროს მოჩვენებებს ლესბოსელი ქალების აღმნიშვნელ ტერმინად იყენებდნენ) გადავიდა. ტუვე და ტულეკი 45 წლის განმავლობაში პარტნიორები იყვნენ — ჯერ ჰელსინკიში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ფინეთის ყურეში მდებარე განმარტოებულ კუნძულზე სახლი აიშენეს, სადაც ზაფხულებს ატარებდნენ. იანსონის და პეტილას ერთობლივი ზაფხულები ტულეკიმ მრავალსაათიან ფირზე აღბეჭდა. ამ ჩანაწერების მიხედვით რამდენიმე დოკუმენტური ფილმი შეიქმნა.

სამართლიანი თამაში — ქვიარობის ყოველდღიური ზეიმი

East News

ტუვესა და ტულეკის მსგავსი წყვილი იანსონის გვიანდელ, 1989 წელს დაწერილ ნაწარმოებში, სამართლიან თამაშში აისახა. ეს არის იონასა და მარის, ორი 70 წლის ქალის ისტორია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ისეთივე, დერეფნით განცალკევებულ სხვენის ტიპის ბინაში, როგორშიც ტუვე და ტულეკი. ისინი ერთად მუშაობენ და მოგზაურობენ.

სამართლიანი თამაში ლესბოსური ურთიერთობისა და ქვიარობის ყოველდღიური ზეიმის შესახებ დაწერილი ნაწარმოებია, რომელიც სექსუალურ იდენტობას არ განიხილავს, როგორც რაღაც მოცემულობას, რასაც დაფარვა ან განხილვა სჭირდება. წიგნს ფინეთის ლგბტქი უფლებადაცვითი ორგანიზაციის, SETA-ს ჯილდო გადაეცა.

სამართლიან თამაშში აღწერილი ურთიერთობა ბევრად პოზიტიურია, ვიდრე ტუვეს ათი წლით ადრე დაწერილ მოკლე მოთხრობების კრებულში — ხელოვნება ბუნებაში.

ერთ-ერთ მოკლე მოთხრობაში, დიდი მოგზაურობა, რომელსაც ჰომოსექსუალი პროტაგონისტი ჰყავს, მთავარი პერსონაჟი, როზა ცდილობს, რომ პარტნიორის, ელენას მოლოდინებსა და მომთხოვნ, მიჯაჭვულ დედას შორის ბალანსი გამონახოს. ორივე მათგანს როზასთან ერთად ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლა უნდა. როზას დედა გოგოებს შორის რომანტიკულ ურთიერთობაზე თვალს ხუჭავს, რის საფუძველზეც მძაფრ დრამატულ მომენტებსა და შეფარულ, პასიურ აგრესიას ვადევნებთ თვალს.


ტუვეს შემოქმედების მკვლევრები აღნიშნავენ, რომ მწერალმა ქვიარ გამოცდილებების შესახებ ამბების მოყოლა 80-იანი წლებიდან ბევრად ღიად დაიწყო, რასაც სოციალურ ცვლილებებს, ხილვადობის ზრდასა და იანსონის მიერ საკუთარი იდენტობის გათავისებას უკავშირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტუვე აქტივისტი არასდროს ყოფილა, გაბედული, მამაცი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მცხოვრები ქვიარ ადამიანისთვის სამაგალითო ფიგურად აქცევს.

წყარო: Moomin.com

ნიქო გორგილაძე — მაქვს პრინციპი, რომ არასდროს დავმალო საკუთარი თავი

“სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან” — ამბობდა ნიქო 2018 წლის 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან, პოლიციითა და ჰომოფობებით გარშემორტყმულ აქციაზე. სწორედ ამ დროს, მასთან მოულოდნელად მივიდა უცხო ადამიანი და დაარტყა. ამის შემდეგ ნიქო რამდენჯერმე გახდა აგრესიის სამიზნე, რის შედეგადაც საცხოვრებლად გერმანიაში წავიდა. ბევრჯერ გაგვაოცა სულგრძელობით, მათ შორის, თავდამსხმელის მიმართ. ამბობს, რომ არ ნანობს და დღესაც გავიდოდა იმ აქციაზე, მაგრამ სურს, მთლიანად ამ დღით არ იყოს მოცული, ხალხს მხოლოდ ამით არ ახსოვდეს და 2018 წლის 17 მაისისგან გათავისუფლდეს, თუმცა იმასაც იაზრებს, რომ ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ქვიარი ნიქოს ბავშვობაზე, ეკლესიაზე, რელიგიაზე, ოჯახზე, ქამინგაუთზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე და ბევრ სხვა საკითხზე ესაუბრა.


მე ვარ ნიქო გორგილაძე, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ისტორიის სპეციალობით. მას მერე ვეძებ საკუთარ თავს.

ბავშვობა

ვიზრდებოდი ქობულეთში, ზღვაზე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველ ქვიარებთან შედარებით, პრივილეგირებული ვარ იმ მხრივ, რომ ჩემი ბავშვობა არ ყოფილა ტრავმული ორიენტაციის გამო. დამიცვა იმან, რომ ღიად არც მე გამომივლენია და არც სხვებს დაუფიქსირებიათ ჩემი იდენტობა. არ მაქვს ჩამოყალიბებული პასუხი, ეს კარგია თუ ცუდი. კარგია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ტრავმისგან დამიცვა, ხოლო ცუდია იმიტომ, რომ როცა ადამიანი ისე ამთავრებს სკოლას, რომ სექსუალურ იდენტობაზე არ აქვს სრულფასოვანი ცოდნა, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლების სისტემის ხარვეზს, სკოლაში სექსუალური განათლების მნიშვნელობას. 

ნიქო გორგილაძე

ასევე, დამიცვა სტიქაროსნობამ. რაღაცნაირი პატივისცემით იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილი, თუმცა მგონია, რომ ეს მხოლოდ სტიქაროსნობით არ იყო განპირობებული.

არ მიყვარს, როცა ბავშვობას იხსენებენ ან ძალიან მუქ, ან ძალიან ნათელ ფერებში. იყო ტრავმული გამოცდილებებიც, რაც ქართული რეალობიდან გამომდინარე, ყველას ჰქონდა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს არ ყოფილა იდენტობის გამო. საერთო ჯამში, საკუთარი თავი უბედური არ მახსოვს. 

ეკლესიაში ყოფნა ჩემთვის იყო აბსოლუტური სიხარულის განცდა. 9 წლისამ დავიწყე მარხვა, მაშინ ჩავიცვი სტიქარიც. ჩემი ოჯახი იყო აბსოლუტურად არარელიგიური, ჩემი ნებით მოვინათლე. ოჯახისგან არათუ დაძალება, არამედ ხელშეწყობაც კი არ მქონია. გაკვეთილების დაწყებამდე, დილის 07:00 ვესწრებოდი წირვას, ვეზიარებოდი და მერე მივდიოდი სკოლაში. 

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მახსენდება, როგორ ვსეირნობ ზღვაზე ბაბუასთან ერთად. ის იყო ადამიანი, რომელიც თითქმის არ ლაპარაკობდა. როცა ძალიან ვიღლები, მენატრება ის მომენტი, შენს საყვარელ ადამიანთან ერთად, ხელჩაკიდებული, უხმოდ რომ სეირნობ წინ და უკან, ზღვის სანაპიროზე.

“სამყაროს შეცნობა ეკლესიიდან დავიწყე”

ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ეკლესია დავტოვე, რადგან “ჰომოსექსუალი გავხდი”. ეს ასე არ ყოფილა. პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, მანამ, სანამ დავიწყებდი ფიქრს ჩემს იდენტობაზე. 

მე არ ვყოფილვარ უბრალოდ სტიქაროსანი, სამყაროს შეცნობა ეკლესიიდან დავიწყე. 10 წლის განმავლობაში ეკლესია იყო ჩემი ყოველდღიურობა. ეს იყო ჩემთვის ალტერნატიული სივრცე. ბევრ ჩემს მეგობარს ამაზე ეცინება, მაგრამ პატარა ქალაქში, სადაც არ არსებობს ის, რაც თუნდაც თბილისში, ეკლესია შეიძლება გახდეს ალტერნატიული სივრცე, თუ იქ არის სწორი ადამიანი და ასეთი სწორი ადამიანი ჩემთვის იმ დროსა და იმ ადგილას იყო ჩემი მოძღვარი. მან მე ძალიან ბევრი რამ მომცა და ვფიქრობ, რომ მეც ბევრი რამ მივეცი მას. გვქონდა ძალიან კარგი, ინტელექტუალური ურთიერთობა, ეკლესიაში 10 წელი მხოლოდ ლოცვისა და მარხვისთვის ვერ გავჩერდებოდი. 

ეკლესიაში ყოფნა ჩემთვის იყო აბსოლუტური სიხარულის განცდა. 9 წლისამ დავიწყე მარხვა, მაშინ ჩავიცვი სტიქარიც. ჩემი ოჯახი იყო აბსოლუტურად არარელიგიური, ჩემი ნებით მოვინათლე. ოჯახისგან არათუ დაძალება, არამედ ხელშეწყობაც კი არ მქონია. გაკვეთილების დაწყებამდე, დილის 07:00 ვესწრებოდი წირვას, ვეზიარებოდი და მერე მივდიოდი სკოლაში. 

მეც მქონდა ჰომოფობიური მოსაზრებები, მეც იმ კულტურის ნაწილი ვარ და თავისთავად ცხადია, როცა კულტურა არის ჰომოფობიური, მიუხედავად იმისა, გეი ხარ თუ არა, შენშიც არის ყველა ეს სიმახინჯე, მიზოგინია იქნება ეს თუ ჰომოფობია.

პირველივე დღიდან ვსწავლობდი თეოლოგიას, ვიცოდი ძველქართული კითხვა. ახლაც აქ მიდევს ძველქართული სახარება ნუსხახუცურად და დღემდე ვკითხულობ. ეს ენა არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ნუსხახუცურად უფრო სწრაფად ვკითხულობ, ვიდრე თანამედროვე ქართულად, რადგან მთელი ეს პერიოდი მედავითნეც ვიყავი.

2013 წლის 17 მაისს არ მქონია ერთმნიშვნელოვნად გეი მეგობრული პოზიცია. ფეისბუქიც მქონდა, ინტერნეტთან წვდომაც, მაგრამ როგორი სანაცნობო წრეც გყავს რეალობაში, იგივეა ფეისბუქში და ისეთივე ინფორმაცია მოდის. ჩემ ირგვლივ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოვიდა ადამიანთა ჯგუფი სერიოზული დაფინანსებით, გეგმით და გადაწყვიტეს გამიზნულად წაბილწონ ჩვენი შვილები, არიან შიშვლები, მამაოებს აიძულეს ძალადობა და ა.შ. 

როცა ეს კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ბავშვობის მეგობარ ბერთან ვიყავი სტუმრად. იქ იყვნენ სხვა ადამიანებიც ეკლესიიდან. ვხედავთ, რომ მღვდლები, სტიქაროსნები გავეშებული სახეებით დაერივნენ აქტივისტებს. ვიკითხე, მიაჩნდათ თუ არა ეს ნორმალურად და მახსოვს, ყველამ თქვა, რომ ძალადობა არ არის სწორი. თავისთავად, არც ის იყო სწორი, რომ სასულიერო პირები რუსთაველზე გავიდნენ, მაგრამ მაშინ მე არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რასაც წერდნენ სასულიერო პირები, მსგავსი შინაარსის ფეისბუქ გვერდები. ასეთი მოსაზრებაც არსებობდა, რომ ზოგი სასულიერო პირი გასაშველებლადაც იყო მისული. 

ყველა მოვლენას, რაც ხდებოდა ჩემ ირგვლივ, ვუყურებდი სახარებიდან

მეც ვიყავი მათ შორის, ვინც ამბობდა, რომ ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ. ჩემი პოზიცია იყო, რომ “ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ გარეთ ნუ გამოდიან”.

შემდეგ იყო ასეთი შემთხვევა — ერთ-ერთი სტიქაროსანი სკაიპში საუბრისას გამომიტყდა, რომ გეია. ყველა მოვლენას, რაც ხდებოდა ჩემ ირგვლივ, ვუყურებდი სახარებიდან. მქონდა აღქმა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ეს არის ღვთის ნება. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საერთოდ უცნობი იყო ჩემთვის ლიბერალური თეორია, ჩემთვის ღმერთი იყო არა ერთი ტიპი, რომელიც არის მკაცრი, არამედ აბსოლუტური სიყვარული, რომელსაც უყვარს ყველა. შესაბამისად, როცა ამ ბიჭმა მითხრა, რომ ასეთი დაიბადა, გამიჩნდა კითხვები — თუ ბიბლია ამბობს, რომ ჰომოსექსუალი მოხვდება ჯოჯოხეთში, მაშინ ღმერთმა რატომ გააჩინა იგი ასეთად? ამ დროიდან დავიწყე ლიტერატურის მოძიება, ჯერ თეოლოგიური, მერე სამედიცინო. ოღონდ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ გეი ვარ…

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროს მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა სასულიერო აკადემიაში ჩაბარება და მონასტერში წასვლა, სახლშიც მქონდა ნათქვამი, რომ დაოჯახებას არ ვაპირებდი. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ ჩემი სექსუალობა მქონდა ძალიან ჩაწიხლული, დაკონსერვებული. 

მერე თბილისში წავედი სასწავლებლად. ჯერ კიდევ სტიქაროსანი ვიყავი, უბრალოდ, უკვე მქონდა განსხვავებები ოფიციალურ ეკლესიასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ილია მეორე და საპატრიარქო არასოდეს აკეთებდნენ ძალადობრივ განცხადებებს, პირიქით, ოფიციალურად ემიჯნებოდნენ. ჩემამდე მოდიოდა მხოლოდ ეს ინფორმაცია. თბილისში გავიგე, რომ იმ ჯგუფების უკან სწორედ საპატრიარქო დგას. ქობულეთში ყოფნისას ვფიქრობდი, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, ეს კეთილი კაცი რა დღეში ჩააგდეს, რამდენს უნდა გაუმკლავდეს, როცა ბოროტი მღვდლები სჩადიან რაღაცებს, რაც პატრიარქს არ უნდა; რომ პატრიარქს რომ სცოდნოდა, ამას არ დაუშვებდა და ა.შ. ასეთი გულუბრყვილო ვიყავი.

მეც მქონდა ჰომოფობიური მოსაზრებები, მეც იმ კულტურის ნაწილი ვარ და თავისთავად ცხადია, როცა კულტურა არის ჰომოფობიური, მიუხედავად იმისა, გეი ხარ თუ არა, შენშიც არის ყველა ეს სიმახინჯე, მიზოგინია იქნება ეს თუ ჰომოფობია. თუმცა ეს აგრესიული, ძალადობრივი ჰომოფობია ჩემში არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რა ვიცოდი ამ იდენტობის შესახებ.

უნივერსიტეტამდე ჩემი სივრცე იყო ჩაკეტილი, შემდეგ გაიხსნა, სხვადასხვა ადამიანი შემოვიდა და შევძელი, გავცნობოდი ბევრ სხვადასხვა მოსაზრებას. უგონო და და სულელი არასდროს ვყოფილვარ, რომ ვერ შემძლებოდა ამ სხვადასხვა მოსაზრებებს შორის თავად გამომეტანა დასკვნა, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა. რა პოზიციაც ჩამომიყალიბდა, რადიკალურად განსხვავდებოდა ეკლესიის ოფიციალური პოზიციისგან.

ნიქო გორგილაძე

მანამდე სულ მქონდა განცდა, რომ პატრიარქი არის პროევროპელი კაცი, სულ ვაზიარებდი მის განცხადებებს. ჩემსა და მრევლს შორის დაპირისპირება პირველად მოხდა სპირიდონის განცხადების შემდეგ, რომელმაც უკრაინაში 2014 წელს რუსეთის შესვლის შემდეგ, 2015 წელს თქვა, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთი სახელმწიფო უნდა გახდეს და მრევლს ამისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. გავაზიარე ეს განცხადება და დავაწერე, *ლე ხარ-მეთქი. ამ დროს ჯერ კიდევ სტიქაროსანი ვიყავი. ქობულეთში რომ ჩავედი, ტაძარში ჩვეულებრივად მივედი, არც მიფიქრია, რომ რამე ისეთი გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. გამოვარდა ერთი სტიქაროსანი და მითხრა, გაეთრიე ტაძრიდან, შე ბოკერიაო, შე ბენდუქიძეო. მესამეც ახსენა, მგონი სოროსი. ფაქტობრივად, წირვა ჩაიშალა, მღვდელი გამოვიდა და თქვა, ორივემ დატოვეთ ეკლესიაო. მე ვთქვი, რომ არ წავიდოდი, რადგან მათთან კი არა, ღმერთთან ვიყავი მისული და ვისაც არ მოსწონს, შეუძლია თავად დატოვოს ეკლესია-მეთქი. 

ისე წამოვედი ეკლესიიდან, რომ ჩემს მოძღვარს არ უთქვამს, სტიქარი გაიხადეო. ერთხელ, დამიკავშირდა და შემომთავაზა, ფერიის დედათა მონასტერში წავიდეთო. იქ წირვა უნდა ჩაეტარებინა ღამისთევით. ურთიერთობა უკვე მეტ-ნაკლებად გაციებული იყო, ძალიან ბევრი განსხვავება იყო უკვე ჩვენს შორის, თუმცა ძალიან დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვიყავი განწყობილი. მომაკითხა მანქანით მგალობლებთან ერთად. ამ დროს მე მიკეთია პირსინგი. ალბათ ყველას ეგონა, რომ მოვიხსნიდი და ისე წავიდოდი. ცხადია, ასე არ მოხდა. მე თუ ქობულეთში მოვიხსნიდი პირსინგს, მაშინ აღარც თბილისში გავიკეთებდი. ჩავჯექი მანქანაში და წინა შუქი რომ აინთო, ამ ჩემმა ვერცხლისფერმა პირსინგმა გადაანათა ფერიცვალებასავით. 

მე მგონი ასეთი შემთხვევა არც ყოფილა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომ სტიქარით და პირსინგით იდგა ადამიანი ღამისთევის წირვაზე. მონაზვნები მიყურებდნენ გაოცებულები, მაგრამ ხმას არავინ იღებდა, რადგან ამ სისტემაში კაცი, მოძღვარია უპირატესი და მერე მოდის ქალი. ჩემს მოძღვარს საერთოდ არაფერი უთქვამს.

ოფიციალურად სტიქარი გავიხადე 2016 წელს. აღდგომის წირვა ერთი საათის დაწყებული იყო, როცა მივხვდი, რომ იქ შეკრებილ ადამიანებთან არაფერი მაკავშირებდა. ქრისტე ამბობს, 2 და 3 ადამიანი რომ შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარო. ანუ ამ ადამიანებს ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეთ სიყვარული, უნდა იყვნენ ერთნი. 

გავიხადე სტიქარი და წამოვედი. არავის არაფერი უთქვამს, ასეთ დროს იქ ისეა ყველა ყველაფერში ჩართული, რომ ყურადღებას ვერც მოგაქცევენ.  გამოვედი გარეთ, იყო ღამე და ღმერთთან თანაგანცდა ვიგრძენი იქ, აბსოლუტურად მარტომ, ყველანაირი შენობის გარეშე.

ჩემთვის ეკლესია, როგორც სისტემა ადრე იყო მშვიდობის, უსაფრთხოების და ეროვნულობის საერთო გარანტი და ახლა არის პროგრესის, თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და მომავლის პირველი მტერი საქართველოში, საპატრიარქო კი კრემლის მთავარი კანტორა საქართველოში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მრევლში ყოფნა ჩემთვის არ ყოფილა ცალსახად ნეგატიური გამოცდილება. თავისთავად ცხადია, ქრისტიანობიდან უამრავი სიკეთის მიღება და შემეცნებაა შესაძლებელი და ასეც მოხდა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამონაკლისი, რადგან, კარგად ვხედავთ, არათუ რიგითი მრევლისა თუ მღვდლის, სინოდის დონეზეც კი, ხალხი ეკლესიას შეაბერდა ისე რომ, ნაძირლობისა და კრიმინალის მეტი არაფერი უკეთებია. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი, სხვებისთვის მორალის კითხვის პარალელურად ხდება.

დღეს უკვე მე ვარ საკუთარი თავის ღმერთი, არ მჯერა მარადიული ცხოვრების. რაღაც ეტაპის შემდეგ, როცა ამ ორგანიზაციულ რელიგიას გავემიჯნე, ჩემთვის ღმერთები გახდნენ ის კარგი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობდი, რა როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში ბიბლიურ ღმერთს, რისიც მანამდე მწამდა. მივხვდი, რომ არანაირი და ამის საჭიროება არ მქონდა, აბსოლუტურად თვითკმარი ვიყავი. ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, ღმერთი საჭიროა მორალისთვის ან იმისთვის, რომ თავი მოთოკოს. მე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი მორალი, კარგად ვიცი რა არის ჩემთვის მისაღები და მიუღებელი, კარგი და ცუდი. ამისთვის არც არასდროს მჭირდებოდა ღმერთი და არც ახლა მჭირდება. ვერც იმის მტკიცების საჭიროებას ვხედავ, რომ რადგან რელიგიური არ ვარ, არ ნიშნავს, რომ კარგი არ ვარ. 

ჩემთვის ეკლესია, როგორც სისტემა ადრე იყო მშვიდობის, უსაფრთხოების და ეროვნულობის საერთო გარანტი და ახლა არის პროგრესის, თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და მომავლის პირველი მტერი საქართველოში, საპატრიარქო კი კრემლის მთავარი კანტორა საქართველოში.

პირველი სიყვარული და ქამინგაუთი

სტუდენტობამდე მე ჩემი იდენტობა არ მიპოვია, თუმცა ის, რომ ჩემი სექსუალობა გვიან ასაკში აღმოვაჩინე, ნორმალური არ არის. მაგრამ როგორც მოხდა, იმით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან როცა ჩემი თავი ვიპოვე, არც ერთი წამით არ მქონია ან საკუთარი თავის მიუღებლობა, ან დეპრესია. ვიყავი უბედნიერესი, როცა პასუხი გავეცი საკუთარ თავს.

რა თქმა უნდა, ღრმა ბავშვობიდან ვგრძნობდი მიზიდულობას ბიჭების მიმართ, მაგრამ ვერ ვხსნიდი, ეს რა იყო. როცა დაბალ კლასებში მეკითხებოდნენ, ვინ იყო ჩემი შეყვარებული, ყოველთვის გოგოს სახელს ვპასუხობდი, ოღონდ მართლა ასე ვფიქრობდი, რადგან სხვა მოდელი არ არსებობდა — კულტურა გეუბნება, რომ ბიჭი ხარ და უნდა გიყვარდეს გოგო.

მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი და პირველად დავქამინგაუთდი მათთან, ვუთხარი, რომ ვარ გეი. მათ ჰქონდათ ძალიან ადეკვატური რეაქცია, რამაც, პრინციპში, შემიქმნა ძალიან არასწორი წარმოდგენა, თითქოს მთელი სამყარო ასე შეხვდებოდა ჩემს ბედნიერებას.

უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა ქობულეთიდან თბილისისკენ მიმავალ მატარებელში შევხვდი ბიჭს, რომელსაც როგორც კი შევხედე, რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. დავინტერესდი ამ ადამიანით, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იყო ისეთი ინტერესი, რომელიც აქამდე არავის მიმართ არ მქონია. მომინდა, მისთვის მეკოცნა. ეს იყო პირველი დადასტურება საკუთარ თავთან, რომ ბიჭები მომწონს. 

როცა თბილისში ჩავედი, ძალიან ბედნიერი მივედი ბინაში, სადაც მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი და პირველად დავქამინგაუთდი მათთან, ვუთხარი, რომ ვარ გეი. მათ ჰქონდათ ძალიან ადეკვატური რეაქცია, რამაც, პრინციპში, შემიქმნა ძალიან არასწორი წარმოდგენა, თითქოს მთელი სამყარო ასე შეხვდებოდა ჩემს ბედნიერებას. მაგრამ ამის შემდეგ ძალიან, ძალიან ბევრი ბრძოლა დამჭირდა და მოხდა ისე, რომ ფაქტობრივად, მთელი ჩემი გარემოცვა შეიცვალა. ამას მაშინ აღვიქვამდი ტრაგედიად, თორემ ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ყველაფერი ლოგიკურად მოხდა.

რეალობაში არ ხდება დასავლური ფილმების მსგავსად: “დედა, მამა, მე გეი ვარ” და მერე ჩახუტება. როცა მეკითხებიან, ყოველთვის ვურჩევ ხოლმე, რომ სანამ არ იქნებიან მზად მენტალურად, ასევე, ფინანსურად იმისთვის, რომ ოჯახის გარეშე შეძლონ ცხოვრება, მანამ პრაგმატული თვალსაზრისით ქამინგაუთი არ იქნება სწორი, რადგან სამწუხაროდ, ხშირია, რომ დროებით მაინც უწევთ სახლის დატოვება. თუმცა ქამინგაუთი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამოსუნთქვასავითაა და დიდი ტვირთი გეხსნება. მე მესმის ყველასი, ვისაც ეს უნდა. მით უმეტეს, გინდა, რომ შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან გააკეთო ეს. გარდა ამისა, გინდა ერთგვარად გადაამოწმო — როცა გეუბნებიან, რომ უყვარხარ, მართლა უყვარხარ? მე ვფიქრობდი, რომ ვისაც მართლა ვუყვარვარ, დარჩება ჩემთან და თუ ადამიანს არ ვუყვარდი, რატომ უნდა დამწყდეს გული, თუკი ჩემი ცხოვრებიდან წავა? ჩემს ცხოვრებაში ასეც მოხდა. ბოლო პერიოდში რამდენიმე მეგობარი დაბრუნდა და არასდროს მითქვამს უარი მათ მიღებაზე.

არასდროს დამიმალავს ჩემი ორიენტაცია. ყოველთვის, როცა მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი სიმართლეს, მათ შორის, ძალიან საშიშ მომენტებში. მქონდა და დღემდე მაქვს პრინციპი, რომ არასდროს დავმალო საკუთარი თავი. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც შეიძლება საკუთარი თავისთვის მიმეყენებინა, იქნებოდა ის, რომ უარმეყო ის.

დედამ ბოლომდე იბრძოლა ჩემთვის, ისე, რომ ამის შესახებ არაფერი მოუყოლია. სხვებისგან ვიგებდი, რომ ვიღაცასთან აღარ მეგობრობს, ვიღაცას ეკამათა, რაღაც გადაიტანა. 

მინდა ვუთხრა ქვიარებს, რომ არ არსებობს არც ერთი სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი არ არის. იპოვონ ადამიანი, ვისთანაც კომფორტულად იქნებიან. თუ ასეთი ირგვლივ არავინ ჰყავთ, აუცილებლად შეიცვალონ მეგობრები, ალტერნატიული სივრცეები იპოვონ და ქამინგაუთიც დაიწყონ პატარ-პატარა ნაბიჯებით.

ოჯახი

ოჯახთან მქონდა დამოკიდებულება, რომ თუ მკითხავდნენ, ვეტყოდი. ვფიქრობდი, რომ ეშინოდათ ამ შეკითხვის დასმის და როცა მზად იქნებოდნენ, მერე ვუპასუხებდი. მე მგონია, რომ მშობელმა ყოველთვის იცის ამის შესახებ, მით უმეტეს, როცა არ მალავ. 

რეალურად, ოჯახთან ქამინგაუთი ორჯერ გამომივიდა, ორივეჯერ საჯაროდ — 2018 წლის 17 მაისის აქციაზე და გოგი გვახარიას გადაცემაში. თუმცა მაშინაც, 2018 წელს, ჩემებმა ეს არ მიიღეს, როგორც ქამინგაუთი. ყველა მედიაში მომიხსენიებდნენ, როგორც ქვიარ აქტივისტს, გეი აქტივისტს, მაგრამ ისინი თავს იკატუნებდნენ. დღემდე ასეა. მამაჩემს რამდენჯერ უკითხავს, გერმანელ გოგოს მოვიყვან ცოლად თუ ქართველს. უკვე მეცინება, აღარ მინდა ამაზე კამათი, თან როცა შორს ვარ, განსაკუთრებით ვუფრთხილდები ურთიერთობებს.

ნიქო გორგილაძე
ნიქო გორგილაძე 2018 წლის 17 მაისის შემდეგ, პოლიციის მიერ აქციაზე მიყვანილ ავტობუსში.

მგონი, გიორგი კიკონიშვილს ეწერა, რომ ქართველ მშობელს ყოველ ჯერზე თავიდან უნდა უთხრა გეი რომ ხარ, რადგან სულ აქვს განცდა, რომ შეიძლება “გადაგევდი”. 

დედაჩემი ისე ჩამოვიდა გერმანიაში, რომ ჩვენ ამაზე ნალაპარაკევი არ გვქონდა. ვუთხარი, რომ იქნებოდა გოგი გვახარიას გადაცემა ჩემ შესახებ. ცოტა დაიძაბა, რად გინდა, ყველა უნდა ალაპარაკოო და ა.შ. როცა ეს გადაცემა გამოქვეყნდა, ჩვეულებრივად გავაზიარე ფეისბუქზე, მისთვის აღარაფერი მითქვამს. ვიცოდი, რომ ნახავდა, მაგრამ დიდხანს არ გამოჩნდა და ავღელდი, თან ვბრაზდებოდი, როგორ შეიძლება რეაქცია არ ჰქონოდა, თუნდაც ცუდი. ამ დროს ვიდეოზე ვხედავ მის საჯარო კომენტარს: “როგორიც ხარ, ისეთი მიყვარხარ”.

ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ასეთ კომენტარს მაინც არ ველოდი. ჩემი ნებისმიერი ქვიარ მხარდამჭერი ნაცნობისგან, თუნდაც რომელიმე ყოფილიყო დედაჩემი, ეს სიტყვები არ იქნებოდა ასეთი ღირებული, რადგან მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რეაქცია. მაგრამ დედაჩემმა, რომელსაც ამის გამოცდილება არ ჰქონია, რომელსაც უმაღლესი განათლებაც კი არ აქვს, რომელსაც რეალურად არ აქვს ეს ღირებულებები, მისი სივრცისთვის ეს უცხოა, მაინც შეძლო ამის თქმა. ეს არის ჩემთვის უპირობო სიყვარული, რაც ძალიან ემოციურია. 

არ მინდა, რომ დედაჩემი იყოს მოცული მხოლოდ ჩემით. მან იმაზე მეტი გააკეთა ჩემთვის, ვიდრე ველოდი და პირიქით, მინდა, რომ არ დავტვირთო ჩემით. ქართველი ქალები ისედაც მუდმივად ცხოვრობენ შვილების ცხოვრებით

მან ბოლომდე იბრძოლა ჩემთვის, ისე, რომ ამის შესახებ არაფერი მოუყოლია. სხვებისგან ვიგებდი, რომ ვიღაცასთან აღარ მეგობრობს, ვიღაცას ეკამათა, რაღაც გადაიტანა.

ამ თემაზე ერთმანეთთან არასდროს გვისაუბრია. ამ ეტაპზე ვერც ვგრძნობ ამის საჭიროებას. შეიძლება ეს თავდაცვის მექანიზმიცაა, რომ არ მინდა, მათგან მოვისმინო ისეთ მოსაზრებები, რომლებიც არ მომეწონება. 

გარდა ამისა, არ მინდა, რომ დედაჩემი იყოს მოცული მხოლოდ ჩემით. მან იმაზე მეტი გააკეთა ჩემთვის, ვიდრე ველოდი და პირიქით, მინდა, რომ არ დავტვირთო ჩემით. ისედაც ქართველი ქალები მუდმივად ცხოვრობენ შვილების ცხოვრებით, მინიმუმ, ის თაობა, რომელზეც ახლა ვსაუბრობ. მე უკვე 26 წლის ვარ, არასრულწლოვანი აღარ ვარ. დედას კიდევ ჰყავს ჩემი უმცროსი ძმა, ლუკა. თვითონაც იმ ასაკშია, რომ მინდა მაქსიმალური დრო დაუთმოს იმას, რაც, მათ შორის, ჩემ გამო შეეზღუდა. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს არასწორია, მაგრამ ჩემთვის ასეა კომფორტული და მგონია, რომ დედაჩემისთვისაც. მისთვის მე აბსოლუტურად მისაღები ვარ.

ნიქო გორგილაძე
2018 წელს საქართველოდან წასვლის შემდეგ ნიქომ დედა პირველად 2022 წლის ზაფხულში ნახა. ის ნიქოს გერმანიაში სტუმრობდა.

მყავს უფროსი ძმაც. ზოგადად, მირჩევნია, მასზე არ ვილაპარაკო. როცა ეს ამბები მოხდა, 2018 წელს, ნათესავები ჩემთან კომუნიკაციას ვერ ბედავდნენ და ძირითადი წნეხი გადავიდა მასზე, მათ შორის, “ბირჟაზე” ეუბნებოდნენ: “უფროსმა ძმამ ხო უნდა მიხედოს თავის პატარა ძმას, ძმაო” და ა.შ. ახლაც არ მინდა სადმე რაიმე ფორმით ვახსენო — მე ვიცნობ ამ ხალხს და ძალიან კარგად, ვიცი, რომ რამეს მისწერენ.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, ბავშვობიდან ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან და გვქონდა არა ცუდი, მაგრამ დისტანცირებული ურთიერთობა. იდენტობის გამო მისგან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა. 2018 წლის 17 მაისის მერე მკითხა, რად მინდოდა ეს და მომიყვა, რა გადახდა ჩემს ოჯახს, რადგან ისინი არ მიყვებოდნენ. იმ დღის შემდეგ ამ თემაზე არ გვილაპარაკია არც ერთხელ. ურთიერთობა მაქვს ჩვეულებრივად, როცა ვრეკავ ოჯახში, მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ალბათ დაძაბული ურთიერთობა მექნებოდა ოჯახთან. ვიაზრებ, რომ დისტანციამ ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა, დაფიქრების უფრო მეტი საშუალება გაქვს. 

ცოტა ხნის წინ მეგობარი მეუბნებოდა, რომ დედასთან ურთიერთობა ბავშვობის მერე არ ჰქონია. უცხოეთში ცხოვრობს, ყველაფერი აქვს, რაც სურს, მაგრამ მითხრა, ჩემი ოცნებაა, ერთხელ მაინც მოვისმინო დედაჩემის იავნანა და ჩამეხუტოს, ყველაფერს ვაპატიებ და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდიო…

სულ ვცდილობ, ჩემები მაქსიმალურად დავიცვა ამ თემისგან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანიაში ვარ, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად აღარ შემეძლო საქართველოში ყოფნა და იძულებული გავხდი, ისიც არის, რომ მინდა მე ჩემი ცხოვრება მქონდეს და ჩემი ოჯახის წევრებს თავიანთი. ეს საქართველოში თითქმის შეუძლებელია.

გეების ძალიან დიდი ნაწილი იტანჯება დანაშაულის გრძნობით, მათ მენტალური პრობლემები ეწყებათ ამის გამო. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ოჯახები ბოროტად სარგებლობენ ამით და ყველანაირ თავისუფლებას უზღუდავენ. მე ამ მხრივაც პრივილეგირებული ვარ, ოჯახის შიგნით ძალადობა, წნეხი, ჩაგვრა არ გამომიცდია. 

ქვიარებს მინდა ვუთხრა, არასოდეს საკუთარი თავი არ დაადანაშაულონ. იცხოვრონ, დატკბნენ თავისუფლებით და არავის, მათ შორის არც ოჯახის გამო საკუთარ ცხოვრებაზე უარი არ თქვან. ამავდროულად, შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს გამოვთქვამ, მაგრამ მნიშვნელოვანია ქვიარებმაც სცადონ გაუგონ მშობლებს საერთო კონტექსტში — ძალიან ბევრი მიზეზია, კულტურული, ფინანსური, რელიგიური და უამრავი სხვა, რის გამოც ისინი ვერ უგებენ შვილებს. მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს არ უნდა იფიქრონ, რომ მშობლებს ისინი არ უყვართ. მე მგონია, რომ იმ სიტყვებს მათი მშობლების პირით ამბობს პატრიარქატი, სისტემა, მთელი ეს მახინჯი კულტურა და არა მათი დედა ან მამა. საბედნიეროდ, მე ასეთი სიტყვები არ გამიგია, მაგრამ ბევრ ადამიანს მოუსმენია და ვიცი, რომ რთულია მათ ახლა ჩემი ნათქვამი მიიღონ. 

საქართველოში ქვიარებს არ აძლევენ უფლებას, აღიქმებოდნენ ოჯახისგან დამოუკიდებლად. მუდმივად ხარ ოჯახის სირცხვილი, რომელსაც ვერც ოჯახი ჩამოიწმენდს და შენ ხომ თავისთავად მთელი ცხოვრება “სირცხვილჩამოუწმენდავი” დადიხარ.

ზოგჯერ ძალიან უხერხულად ვგრძნობდი ხოლმე თავს, როცა დედაჩემზე პოსტებს ვწერდი, რადგან ამის კომფორტი ძალიან ბევრ გეის არ აქვს. ცოტა ხნის წინ მეგობარი მეუბნებოდა, რომ დედასთან ურთიერთობა ბავშვობის მერე არ ჰქონია. უცხოეთში ცხოვრობს, ყველაფერი აქვს, რაც სურს, მაგრამ მითხრა, ჩემი ოცნებაა, ერთხელ მაინც მოვისმინო დედაჩემის იავნანა და ჩამეხუტოს, ყველაფერს ვაპატიებ და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდიო…

საზოგადოება და მეგობრები

ქვიარისთვის მთავარი წნეხი არის საზოგადოების მიერ ოჯახზე დარტყმა, რადგან ადამიანი საკუთარი თავის გარდა, და ხშირად, პირველ რიგშიც, ფიქრობს ოჯახზე. წნეხი სამეზობლოსგან, ნათესავებისგან, ჭორები, მათ შორის, ძალიან პრიმიტიული. ეს ჯანმრთელობაზეც აისახება. მაგალითად, დედაჩემს საცრემლე აპკი დაუზიანდა, მე ეს ძალიან გვიან გავიგე. მამაჩემს სამსახურში ეუბნებოდნენ, რომ მის ადგილას მომკლავდნენ, რომ ფსიქიატრიულში დამაწვენდნენ და ა.შ., რის შედეგადაც ის ცუდად გახდა. საქართველოში ხომ სამსახური ერთგვარად ოჯახიც არის, ძალიან ბევრ დროს ატარებ თანამშრომლებთან და წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები, ფაქტობრივად შენი ოჯახის წევრები, ამას გეუბნებიან.

საქართველოში ქვიარებს არ აძლევენ უფლებას, აღიქმებოდნენ ოჯახისგან დამოუკიდებლად. მუდმივად ხარ ოჯახის სირცხვილი, რომელსაც ვერც ოჯახი ჩამოიწმენდს და შენ ხომ თავისთავად მთელი ცხოვრება “სირცხვილჩამოუწმენდავი” დადიხარ. შენი ნებისმიერი გამოჩენა იქნება პრობლემა ოჯახისთვის. მე არსად ვაპირებდი წასვლას 2018 წლის 17 მაისის შემდეგ. ყველას კატეგორიულად ვეუბნებოდი: რამდენი მილიონიც ხართ, თქვენ მოგიწევთ წასვლა, მაგრამ მე არასდროს წავალ, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიცხოვრებ აქ. დღემდე ყელში მეჩხირება ეს სიტყვები, ძალიან მჯეროდა ამის… 

მე არ გავქცეულვარ, მზად ვიყავი იმისთვის, რომ გავმკლავებოდი ყველა გამოწვევას საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ჩემზე და არა ჩემს ოჯახზე.

17 მაისის შემდეგ ქობულეთში პირველად რომ ჩავედი, ვიყავი ჩვეულებრივად, არანაირ დაძაბულობას არ ვგრძნობდი, რადგან ჩემებს არაფერი უთქვამთ. ამ დროს მე მჭირდებოდა როგორც 17 მაისის ძალადობის ტრავმის გადალახვა, ასევე, შემდგომი ორი ძალადობის, როცა ჯგუფურად დამესხნენ თავს და ტრანსპორტიდან ჩამომაგდეს. ამის გადალახვაზე უნდა მემუშავა თუ ახალ ამებებზე, რომელიც მოჰყვა ამ ყველაფერს? ჩემი პატარა ძმა უკვე სპორტზე დადიოდა, ასევე, იმავე სკოლაში სწავლობდა, სადაც მე და დირექტორს უთქვამს, რომ მე შევარცხვინე ოჯახი. მე არ გავქცეულვარ, მზად ვიყავი იმისთვის, რომ გავმკლავებოდი ყველა გამოწვევას საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ჩემზე და არა ჩემს ოჯახზე, ჩემს უმცროს ძმაზე.

საზოგადოებისგან წნეხი დღემდე იქნება, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ამაზე ჩემები არ მიყვებიან. ჩვენი საზოგადოება ისეთია, რომ არ გამოტოვებს შანსს, პირდაპირ თუ ირიბად რამე არ წამოგაძახოს. დღემდე, სამარშრუტო ტაქსიში, იმდენ ხალხში შეიძლება ჰკითხონ დედაჩემს, “რამ შეშალა შენი შვილი, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი?!” და ა.შ. ამ დროს დედა ჩემს უმცროს ძმასთან ერთადაა.

მე წამოვედი, ამხელა მანძილით ვარ დაშორებული და ჩემები მაინც ვერ ახერხებენ, იცხოვრონ ჩემი ამბის გარეშე.

საქართველოში ჰომოსექსუალი ადამიანი უნდა აკონტროლებდეს თავის ყველა ქცევას. პარტნიორს ხელი ვერ უნდა ჩაკიდო, დამშვიდობებისას ვერ უნდა აკოცო და ა.შ. ვიღაცები ლაპარაკობენ მხოლოდ სიცოცხლის უფლებაზე, სამსახურზე, მაგრამ ადამიანის ჯანსაღი სოციალიზაციის განვითარებისთვის და ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს გამოხატავდეს. 

გეების მთელი ცხოვრება საქართველოში არის ასეთი, რომ სულ უნდა იფიქრო იმაზე, სხვამ ცუდად არ იგრძნოს თავი. და სად ხარ ამ დროს შენ? როგორც კი ერთხელ მაინც იტყვი, რომ შენც იქ ხარ, ეს ითვლება ეგოიზმად და რომ ამის დრო არ არის. და როდის არის ამის დრო? ვუყურებ საშუალო ასაკის ქვიარებს და მათი დრო არასდროს დადგა

ყოფილა სიტუაცია, როცა ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მარტო წავსულვარ და მაინც ჩემთვის ერთ-ერთი დიდი წნეხი იყო ის, რომ დალევის შემდეგ იწყებოდა ღლიცინი, თითქოს უწყინარი ხუმრობები, რომლებიც საბოლოოდ არის ჰომოფობიური. რატომღაც ადამიანებს ჰომოფობია მხოლოდ ძალადობა ჰგონიათ. ამ დროს შენ არ იცი რა გააკეთო, ორმაგი წნეხის ქვეშ ხარ — რომ შეეკამათო (და აუცილებლად უნდა შეეკამათო, რადგან შენი ღირსების საკითხია), გამოდის, რომ დაბადების დღის ზეიმის განწყობას აფუჭებ და არ გინდა ასეთი ტიპი იყო ან უნდა ითმინო, როგორ გლანძღავენ, როგორ გაყენებენ შეურაცხყოფას და არა, ეს არ არის ხუმრობა. ამ დროს კი მეგობრები გეუბნებიან: “კაი, რა გჭირს, ნიქო, ხო იცი, რომ ჩემს დაბადების დღეზე ჰომოფობიას არ მოვითმენ?!”. მე მასწავლის, რა არის ჰომოფობია.

გეების მთელი ცხოვრება საქართველოში არის ასეთი, რომ სულ უნდა იფიქრო იმაზე, სხვამ ცუდად არ იგრძნოს თავი. და სად ხარ ამ დროს შენ? როგორც კი ერთხელ მაინც იტყვი, რომ შენც იქ ხარ, ეს ითვლება ეგოიზმად და რომ ამის დრო არ არის. და როდის არის ამის დრო? ვუყურებ საშუალო ასაკის ქვიარებს და მათი დრო არასდროს დადგა

მე არ მომწონს, რომ ქვიარებს ძირითადად ჰყავთ ქვიარ მეგობრები. მაგრამ ეს ზუსტად ამ მიზეზების გამო ხდება. ყოველთვის ვცდილობდი, შევბრძოლებოდი ამას, მინდოდა ვყოფილიყავი არა გამოყოფილი, არამედ საზოგადოების ნაწილი. მაგრამ მერე უკვე ხვდები, რომ იღლები ამ ბრძოლით, ადამიანი არ მინდა ცხოვრობდეს ისეთ გარემოში, სადაც სულ უწევს ბრძოლა. ადეკვატური სამეგობრო იმიტომ გჭირდება, რომ მათთან მაინც არ გიწევდეს მუდმივი ახსნის რეჟიმში ყოფნა.

შეურაცხყოფას ვინც მაყენებდა, ვინც თავს დამესხა, ისინი ნაკლებად მახსოვს. მახსოვს ის ადამიანები, ვისაც რაღაც უნდა ეთქვა და არ მითხრა. მქონდა განცდა, რომ ვიმსახურებდი ამ თქმას…

ნიქო გორგილაძე

ბევრი ადამიანი წავიდა ჩემგან ორიენტაციის გამო. მაგრამ იმდენად მარტივად და მალე ვივიწყებ წყენას და ცუდ მომენტებს, რომ ყოველთვის მიჭირს გახსენება, რის გამო მიჩხუბია ან მიკამათია. გარდა ამისა, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო დროს გავხდი ძალიან სენსიტიური და მაინც არ მინდა მათ გული ვატკინო. ვხვდები, რომ იმათაც რაღაცნაირად ბევრი მიზეზი ჰქონდათ. ეს მათ არ ამართლებს, მაგრამ მაინც.

მქონდა პერიოდი, როცა საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, მათ შორის, ოჯახის დაზარალებაში. მერე მივედი იმ დასკვნამდე, რომ დამნაშავე იყო საზოგადოება და რომ მე მაქვს სრული უფლება, ვიცხოვრო. ჩემი ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ ვცხოვრობ და არ შეიძლება სიცოცხლის უფლება იყოს დანაშაული. 

წასვლა და მატარებლის ფანჯრიდან დანახული ზღვა

მახსოვს ქობულეთიდან წამოსვლა და ფანჯრიდან დანახული ზღვა. სპეციალურად ისე გავაკეთე, რომ რამდენიმე დღით ადრე ჩავსულიყავი თბილისში. ირგვლივ სრული სიგიჟე ხდებოდა და მინდოდა ცოტა ხნით მარტო ვყოფილიყავი. მინდოდა მევლო იმ ადგილებში, რომლებიც მიყვარდა და კარგა ხანს ვერ ვნახავდი. თუმცა არ ვიცოდი, რომ ამდენ ხანს ვერ ვნახავდი. 

ქვეყანა იძულებულს მხდიდა, წავსულიყავი. ამასთან შეგუება იყო ძალიან მძიმე — ბავშვობიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ძლიერი ვარ. მქონდა განცდაც, რომ დავმარცხდი და იმათ გაიმარჯვეს.

წასვლის პირველი მიზეზი იყო ფიზიკური უსაფრთხოება. ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა ჩემს დასაცავად. ხოლო მეორე მიზეზი იყოს ის, რომ გავიაზრე, უკვე არამხოლოდ მე მექმნებოდა პრობლემა, არამედ ჩემს ოჯახსაც. 

ჩემებმა ქობულეთიდან გამაცილეს. მაშინ დედაჩემი პირველად ვნახე ატირებული. ასეთი უსუსური არასდროს მინახავს და ეს იყო ძალიან მძიმე… როცა მატარებელში ჩავჯექი, ძალიან ბევრი ვიტირე. გაბრაზებული ვიყავი ჩემს ქვეყანაზე, მიმაჩნდა, რომ არ ვიმსახურებდი ასეთ მოპყრობას. ქობულეთს რომ გავცდი, მაშინ გავიაზრე, რომ ქვეყანა იძულებულს მხდიდა, წავსულიყავი. ამასთან შეგუება იყო ძალიან რთული — ბავშვობიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ძლიერი ვარ. მქონდა განცდაც, რომ დავმარცხდი და იმათ გაიმარჯვეს.

პირველად მივდიოდი საზღვარგარეთ, თვითმფრინავშიც პირველად ვიჯექი. წავედი სრულიად უცხო გარემოში, სრულიად მარტო. ამან ძალიან გამზარდა, საქართველოში ალბათ იმავეს ვერ მოვახერხებდი, ბევრი მიზეზის გამო. 

მიუხედავად იმისა, რომ აქ ცხოვრებას ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს, ყოველთვის მაქვს უსამართლობის განცდა, რომ აქ ნებით არ ჩამოვსულვარ, რომ ჩემი ქვეყანა სხვაგანაა. იშვიათად, მაგრამ მქონია შეგრძნებაც, რომ ვერ შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში სულ მეწინააღმდეგებიან. მაგრამ როცა ვფიქრობ, როგორი ვიქნებოდი, რომ არ წამოვსულიყავი, საერთოდ შევძლებდი კი, რამე გამეკეთებინა? მგონია, რომ წამოსვლით საკუთარ თავსაც და ოჯახსაც სწორად მოვექეცი.

ემიგრაცია

როცა საქართველოდან წამოვედი, არ იგეგმებოდა ბანაკში ჩემი ცხოვრება, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა. არ ვიყავი ამისთვის მზად. ამ გადასახედიდან ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გაუსაძლისი პირობები იყო, მაგრამ ჩემთვის შეგუება მძიმე აღმოჩნდა. უცებ მოვხვდი ამდენ უცხო ადამიანთან, ენა არ ვიცოდი. გარდა ამისა, იქ იყვნენ ქართველები, რომლებიც ჩემდამი მტრულად იყვნენ განწყობილნი და ვიღაცები ამიმხედრეს. ვერ ვეჩვეოდი საკვებს, საერთო საპირფარეშოებს. ახლა მეცინება, მაგრამ სამრეცხაოში ტანსაცმლის მიტანა დამაგვიანდა და არ დამატოვებინეს, კიდევ ერთი კვირა უნდა დავლოდებოდი და ამაზე მაშინ ძალიან ბევრი ვიტირე.

მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მეტირებოდა, რომ ამ ჩემთვის ძალიან რთულ პირობებშიც კი ერთი წამით არ ვფიქრობდი უკან დაბრუნებაზე. ძალიან ემოციური გამოდგა იმაზე ფიქრი, რომ საიდან უნდა მოდიოდე ადამიანი, რა პირობებიდან და რა გამოცდილებით, რომ გირჩევნია ამ რთულ ახალ გარემოს გაუმკლავდე, ვიდრე შენს ქვეყანაში წასვლაზე იფიქრო… მეგონა ამ თემებზე უკვე შემეძლო ემოციის გარეშე საუბარი, მაგრამ მაინც ემოციური გამოდგა…

ყველაზე მეტად ზღვა მენატრება. ოდესმე აუცილებლად მექნება სახლი ზღვასთან. 

ლაიფციგში სამი თვე ვიყავი, მერე წავედი დრეზდენში. გერმანიაში ჩამოსვლიდან 6 თვის თავზე მივიღე დადებითი პასუხი, მაგრამ ამას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოში დაზარალებულად მცნეს.

პირველ წელს ძალიან გამიჭირდა. ვიყავი ასოციალური, არ ვურთიერთობდი ადამიანებთან. ქუჩაში როცა გავდიოდი, მქონდა განცდა, რომ ვიღაც ადევნებული მყავდა. ენის კურსზე ჯგუფელი დაძახების მიზნით მხარზე შემეხო და შევკივლე, შიშები მქონდა და ვერ ვიტანდი შეხებას. 

ვერავის ვეტყვი, რომ საქართველოდან არ წავიდნენ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს ძალიან ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ძალიან დიდ ძალისხმევას, საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს.

ნიქო გორგილაძე

ახლა დრეზდენში ვსწავლობ, ვმუშაობ არქივში. რა თქმა უნდა, ჰომოფობები აქაც არიან, მაგრამ კანონი გიცავს და საზოგადოებაც ბევრად თავისუფალია. თბილისში უმეტესად გიწევდა მალვა, დამთრგუნველი იყო, რომ ადამიანებს, რომლებთანაც პაემანი გექნებოდა, ჰქონდათ შიშები, რამდენჯერმე ამოწმებდნენ ბინის უკვე დაკეტილ კარს და ა.შ. აქ შენი პირადი ცხოვრება არავის აინტერესებს. საქართველოში იმას თუ შეეგუებიან, რომ გეი ხარ, მერე აინტერესებთ, გყავს თუ არა სტაბილური პარტნიორი და თუ არ გყავს, თითქოს არასრულფასოვნად მიგიჩნევენ. არადა, მე მომწონს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, შემიძლია ბევრი პაემანი მქონდეს, შევხვდე ბევრ სხვადასხვა ადამიანს. ეს ძალიან საინტერესოა. 

ყველაზე მეტად ზღვა მენატრება. ოდესმე აუცილებლად მექნება სახლი ზღვასთან, იქნება ეს ქობულეთი თუ სხვა ქალაქი. ბავშვობაში, როცა ზღვაზე მივდიოდი, სულ მქონდა განცდა, რომ იმ ჰორიზონტის იქეთ იყო რაღაც სხვა სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთი მომწონდა გეოგრაფიულად, მიყვარდა ზღვა, ატმოსფერო, სულ მქონდა განცდა, რომ იქაურობის არ ვარ და სხვაგან მინდა.

ჯერ კიდევ ძებნის პროცესში ვარ, ვინ ვარ და სად არის ჩემი სახლი. ეს დაუსრულებელი პროცესია. მუდმივად ვიქნები გზაზე იმის საპოვნელად, რაც ამ ჰორიზონტს მიღმაა. ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი არ მიპოვია, უბრალოდ, ამ პროცესს დასრულებულს ვერ უწოდებ, სანამ თავად არ დასრულდები.