/

სოლიდარობა სოციალურ მოძრაობებს შორის: რა გვასწავლა რიონის მცველების მაგალითმა

ბოლო პერიოდის ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი ,,არა ნამახვანჰესს!” 2020 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გაიშალა პირველი საპროტესტო კარავი ჰესების აშენების წინააღმდეგ. პროტესტმა სტარტი სოფელ ჟონეთში აიღო, იმ ადგილას, სადაც კომპანია ენკას ტექნიკა მუშაობდა. მალევე პოლიციამ აქტივისტებს კარავი დაურბია და კარვებმა სოფელ ნამოხვანში, ლალი ეფრემიძის სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გადაინაცვლა. ამ დღის შემდეგ პროტესტმა, რომელსაც ადგილობრივების გარდა უამრავი ადამიანი შეუერთდა, უფრო მასშტაბური სახე მიიღო. მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა დიდ ქალაქებშიც.

2021 წლის 28 თებერვალს საპროტესტო აქცია ქუთაისში გაიმართა. აქტივისტების თქმით, თავდაპირველი გეგმის მიხედვით, შეკრება უშუალოდ ხეობაში უნდა გაემართათ, მაგრამ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქციის ჩატარების ადგილი მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო შეცვალეს. მომდევნო აქცია ქუთაისში, 14 მარტს შედგა, ხოლო 2021 წლის 23 მაისს პროტესტმა დედაქალაქში გადმოინაცვლა.

ვარლამ გოლეთიანი, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. რიონის მცველები ითხოვდნენ: ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას, 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვის გაუქმებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას, ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებასა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესებში. აქციაში რიონის ხეობის მცველები, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები, ოპოზიციური პარტიების წევრები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები მონაწილეობდნენ. რიონის მცველებს მხარდაჭერა ქვიარ თემმაც გამოუცხადა. ლგბტქი აქტივისტებმა სოლიდარობის კამპანია ,,ქვიარ სოლიდარობა რიონის ხეობას” წამოიწყეს და სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს:

„დღეს სახელმწიფო გვეუბნება, რომ უნდა მოვკვდეთ, დაბინძურებული წყლით და უწყლობით, მოწამლული ჰაერით და უჰაერობით, რადგან ფულზე იცვლება ჩვენი სიცოცხლე, წყალიც, ჰაერიც და მიწაც.

ის უტიფრად გვიცხადებს, რომ რიონის ხეობაში სიცოცხლის განკარგვის უფლება, „ყველა წესის დაცვით“, 99 წლით, ინვესტორს გადასცა.

გვაჯერებს, რომ ბუნების და ადამიანების წინააღმდეგ ბიზნეს გარიგებას, თურმე, განვითარება ჰქვია, რომლის სახელითაც ახლა ხეობას გველეშაპივით უნდა დაეპატრონონ, ადგილობრივები გადაასახლონ, სიცოცხლე პოლიციის ძალით ამოძირკვონ.

რიონის ხეობის მცველების ბრძოლა დღეს სამართლიანობის, საერთო სივრცისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაა.

მდინარის მეორე ნაპირზე კი, ინვესტორი და სახელმწიფოა, რომელიც ბიზნეს ინტერესებს სპეცრაზმის ძალით იცავს და ამბობს, რომ ხეობის გადასარჩენად ჰომოფობები და ქსენოფობები  იბრძვიან. ძველ, ნაცნობ მეთოდს იყენებს – დავყოფ და ვიბატონებო;

ჩვენ კი ვამბობთ,  რომ კარგად გვახსოვს როდის გვიხსენებთ პოლიტიკოსები: ქვიარი ხომ, საჯილდაო ქვაა, რომელსაც მაშინ ეჭიდებით, როცა სიკვდილსა და შიმშილზე  პასუხი არ გაქვთ.

ვინ თუ არა ჩვენ, ქვიარებმა, ვიცით, თუ რას ნიშნავს ბრძოლა სიცოცხლისა და გადარჩენისთვის, ამიტომაც, ვამბობთ, რომ რიონი დღეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ბიზნესთან გარიგებული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ეს არის ბრძოლა სიკვდილის მაწარმოებელი სისტემის წინააღმდეგ.

ამიტომაც, მადლობას ვუხდით რიონის მცველებს სამაგალითო და იმედისმომცემი ერთობისთვის, და უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლაში.“

 

თბილისში გამართული ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მეორე დღეს, პუტინისტური, ჰომოფობიური ჯგუფის წევრმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა სამოქალაქო აქტივისტ სალომე ბარკერს, რომელსაც ცისარტყელას სამკლაური ეკეთა, მისი მოხსნა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. აქტივისტს პროვოკატორობას აბრალებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აქციიდან გამოაგდეს. მოხდა მეორე შემთხვევაც – ფალავადიშვილებმა ლგბტქი აქტივისტს ბანერი დაუხიეს. მიუხედავად იმისა, რომ ვარლამ გოლეთიანი წინა დღეს ამტკიცებდა, აზრის გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ ადამიანს აქვსო, სამწუხაროდ, ამ ინციდენტთან დაკავშირებით აქციის ორგანიზატორებს სათანადო ზომები არ მიუღიათ.

აქტივისტი თამარ ჯაყელი, რომელიც მიმდინარე პროცესებში უშუალოდ იყო ჩართული და რიონის ხეობაში საკუთარი კარვით რამდენიმე დღის განმავლობაში აპროტესტებდა ჰესის მშენებლობას, ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება თბილისში გამართულ აქციებზე რიონის მცველების მოქმედებებმა რადიკალურად შეცვალა:

„ბრძოლა რიონის ხეობის დასაცავად იყო და რჩება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან პროტესტად, რომელმაც სხვადასხვა პერიოდში მრავალი სოციალური ჯგუფი სამართლიანი მოთხოვნების ირგვლივ გააერთიანა. როდესაც რიონის ხეობის მოძრაობა მაისის ბოლოს თბილისში ჩამოვიდა, ამ მოძრაობას ფიზიკურად ქვიარ ადამიანებიც შეუერთდნენ. როგორც გადმოცემით ვიცი, თბილისის აქციაზე დაფიქსირდა რამდენიმე ჰომოფობიური ფაქტი, თუმცა ეს ჰომოფობია ძირითადად იმ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისგან მოდიოდა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ აქციას. მაგალითად, ყველამ ვიცით, ფალავანდიშვილების აგრესია ცისარტყელას სამკლაურის ირგვლივ. მაგ ეტაპზე, თვითონ რიონის ხეობის მოძრაობის მხრიდან პრობლემატური ის იყო, რომ სათანადოდ არ დაგმეს მოძალადეები და არ გააძევეს ისინი აქციიდან.“

ამ შემთხვევებს 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც დაემატა – რიონის მცველები ეკლესიის მიერ დაორგანიზებულ კონტრაქციას შეუერთდნენ იმ დროს, როდესაც ჰომოფობიური ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მოძრაობის პოზიციამ ბევრ ადამიანს იმედი გაუცრუა.

„მანამდეც და მერეც, ადგილზეც, გუმათშიც, ხშირად უერთებოდნენ ქვიარ ადამიანები ადგილობრივ მოსახლეობას. გუმათში ხუთი ღამით მეც ჩავედი ჩემი კარვით ივნისის დასაწყისში. გუმათში ჩავედი როგორც რიგითი მხარდამჭერი და ადამიანი, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხებითაა დაინტერესებული. იქ ჩემი ქვიარობის შესახებ არაფერი გამომიხატავს აშკარად. მთელი ხუთი დღე ყველა მეგობრულად იყო ჩემ მიმართ განწყობილი. მეც ვაპირებდი, რომ უახლოეს მომავალში ისევ დავბრუნებოდი რიონის ხეობას და გამეგრძელებინა ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. თუმცა მერე მოძრაობამ ჰომოფობიური განცხადება გაავრცელა პრაიდის წინააღმდეგ, შემდეგ კი იმ პარაკლისს შეუერთდა 5 ივლისს, რომელიც თითქმის ადამიანების ცემისა და ჩაგვრის პარალელურად იმართებოდა. ჩემთვის და მრავალი სხვა ქვიარ ადამიანისთვის, ვინც მოძრაობას თვეობით ყველანაირად უჭერდა მხარს, გაკეთებული განცხადება და 5 ივლისს თბილისში ჩამოსვლა ზურგში დანის ჩაცემა იყო. მას მერე ძალიან დისტანცირებული ვარ ემოციურად ნამახვანჰესის საკითხისგან იმიტომ, რომ ძალიან გული დამწყვიტა და ყოველგვარი იმედი გამიქრო რიონის ხეობის მცველების საქციელმა. შორიდან მაინც ვგულშემატკივრობ, რადგან მათი ბრძოლა ყოვლად გამანადგურებელი პროექტის წინააღმდეგ სამართლიანი და საჭიროა, თუმცა ჩემს ადგილს ივლისის მოვლენების შემდეგ მოძრაობის ნაწილად ვეღარ ვხედავ.“

ღირსების მარშთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციისა და მის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობის გამო, არასამთავრობოებმა რიონის ხეობის მცველებთან კავშირის გაწყვეტა გადაწყვიტეს. ორგანიზაციებს შეუერთდნენ ქვიარებიც, რომლებიც მოძრაობას – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, თავიდანვე უჭერდნენ მხარს. მიუხედავად უდიდესი გულისტკენისა, თამარ ჯაყელი ამბობს, რომ მაინც ჩაგრული ჯგუფების მხარეს დგას, რადგან ეს ნებისმიერი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია.

„მე პირადად კარგად დავინახე, რომ საქართველოში ქვიარ ადამიანების მიმართ სოლიდარობა სხვა ჩაგრული ჯგუფების მხრიდან, ხშირად ცალმხრივია, თუმცა ამ გამოცდილების მიუხედავად, მომავალშიც ვიქნები მათი სოლიდარული. ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონი უბრალოდ არ გამოსწორდება მხოლოდ ლგბტქ უფლებებისთვის ბრძოლით და ნამახვანჰესისნაირი პროექტები, მათ შორის, ქვიარ ადამიანებსაც გვაზარალებს. შესაბამისად, ვრჩები ყველა ჩაგრული ჯგუფის სოლიდარული და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ეს სოლიდარობა ქვიარებსაც დაგვიბრუნდება.“

საბოლოოდ, ENKA Renewables-მა საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა და მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა დაასახელა. 11 აპრილს, ფეისბუქზე გავრცელდა განცხადება, რომ ენკა რიონის ხეობას ტოვებს. მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 7 მაისს, გუმათში, კარვებით პროტესტის შემაჯამებელი აქცია დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ ქვიარ თემი ყოველთვის იქ დგას, სადაც ერთიანობა და სწორი პოზიციების დაცვაა საჭირო. გამონაკლისი არც ნამახვანჰესის პროტესტი ყოფილა, მაგრამ მაშინ, როდესაც ლგბტქი საზოგადოება საკუთარი უფლებებისათვის იწყებს ბრძოლასა და ხმამაღლა საუბარს, მარტო რჩება – მხოლოდ საკუთარი თავის იმედად.

საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვიარებსაც ისევე გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, როგორც ნებისმიერ ადამიანს და სხვა თუ არაფერი, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის მიზეზი. იმედია, მოცემულობა დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვლება და საზოგადოება ქვიარების უფლებების დასაცავადაც ისეთივე ერთიანი გახდება, როგორც ნამახვანჰესის პროტესტის შემთხვევაში იყო.

 

წინა

Pabllo Vittar – პირველი დრეგ ქვინი კოაჩელას ფესტივალზე

შემდეგი

10 საბავშვო ანიმაციური სერიალი, რომლებშიც ქვიარ პერსონაჟებს შეხვდებით

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების