2022 წლის შეჯამება

2022 წლის მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები საქართველოში

2022 წელი ლგბტქი უფლებების მიმართულებით გამოწვევებით იყო სავსე. მსოფლიოში არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა, თუმცა ამის საპირწონედ, მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერება და უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევებიც ვიხილეთ. მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები 2022 წელს იმავეს

2022 წლის ლიტერატურული შეჯამება — ინტერვიუ დავით გაბუნიასთან

როგორი იყო 2022 წელი ქართული ლიტერატურისთვის, რა განაპირობებს საქართველოში წიგნის წარმატებას, არსებობს თუ არა ქართულ ლიტერატურაში ქვიარ პერსპექტივა და როგორია ქართული საგამომცემლო საქმიანობა პოსტ პანდემიურ რეალობაში — ამ თემებზე მწერალ და დრამატურგ დავით გაბუნიას ვესაუბრეთ, რომელმაც Queer.ge-ის ბოლო რამდენიმე წლის

2022 წლის მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები საქართველოში

2022 წელი ლგბტქი უფლებების მიმართულებით გამოწვევებით იყო სავსე. მსოფლიოში არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა, თუმცა ამის საპირწონედ, მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერება და უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევებიც ვიხილეთ.


მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები 2022 წელს


იმავეს თქმა შეიძლება საქართველოზეც — ერთი მხრივ, გაუმჯობესდა სიტუაცია ლგბტქი მიმღებლობის მიმართულებით, თუმცა, მეორე მხრივ, საშიში პროცესის მომსწრეები ვართ, როცა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ლგბტქი უფლებების სრული უარყოფა ხდება.

აღნიშნულ სტატიაში იმ მნიშვნელოვან ლგბტქი მოვლენებს გადაავლებთ თვალს, რომლებიც 2022 წელს, საქართველოში მოხდა.

დროებითი ლგბტქი საცხოვრისის გახსნა

Temida

2022 წლის დასაწყისში თემიდამ ლგბტქი თემის წევრებისთვის დროებითი საცხოვრისის სერვისი დანერგა, რაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვიარ ადამიანებისთვის, რომელთაც საცხოვრისი დაკარგეს, უმნიშვნელოვანესია. 

თემიდას დროებითი ქვიარ საცხოვრისი ადამიანების გაძლიერებაზე ზრუნავს და გამოწვევებთან გამკლავებისთვის დროს აძლევს. ამასთან, საცხოვრისის მულტიფუნქციური გუნდი მუდმივად ცდილობს, თემის წევრებს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმაროს და დასაქმების შესაძლებლობებზე წვდომა გაუადვილოს, რათა დროებითი საცხოვრისის დატოვების შემდეგ, საკუთარ თავზე ზრუნვა მეტი შემართებით შეძლონ. 

მაშინ, როცა სახელმწიფოს არ აქვს საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გამოწვევებს გაითვალისწინებდა და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მხარდამჭერის შესაძლებლობას შექმნიდა, თემიდას საცხოვრისი ის წამოწყებაა, რომელიც ქვიარ ადამიანების რეალობას ცვლის.

დრეგ სცენის განვითარება

ქართული დრეგ სცენა მრავალ წელს ითვლის. დრეგი, ერთი მხრივ, ქვიარ ხელოვნების განვითარებას უწყობს ხელს და თემის არაერთი წევრისთვის შემოსავლის წყაროა, მეორე მხრივ, ქვიარ ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. ამიტომ, საინიციატივო ჯგუფისა და თბილისი პრაიდის დრეგ მეჯლისი, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო, დრეგ ხელოვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. 

დრეგ მეჯლისი შემსრულებელთა ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს, ახალ-ახალ ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი ამ მიმართულებით განავითარონ. აღსანიშნავია ყოველკვირეული დრეგ ღონისძიებები ქვიარ და ქვიარ მეგობრულ სივრცეებში, რაც დრეგის მზარდ პოპულარობაზე და მუდმივად განვითარებად ხარისხზე მიანიშნებს. 

დრეგ ხელოვნების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, დრეგ კოლექტივ KOSA-ს ღონისძიებებია, რომლებიც წარმატებით იმართება ქართულ ქვიარ სივრცეებში და მეტიც, პროგრამა სომხეთშიც წარადგინეს. 

პრაიდ ფესტივალი შედგა

ტატა შოშიაშვილი / OC Media

Tbilisi Pride-მა 2022 წლის ზაფხულში პრაიდ ფესტივალი გამართა, რომელიც რეგიონულ კონფერენციას, ქართულ ქვიარ ფილმ სველი ქვიშის პრემიერასა და მუსიკალურ ფესტივალს მოიცავდა. 2022 წლის პრაიდ ფესტივალი 3 სხვადასხვა დახურულ ღონისძიებას აერთიანებდა და წლევანდელი წელი გაძლიერების, გაერთიანების წელი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ჯგუფების მუქარა გარკვეულ რისკებს ქმნიდა, ფესტივალი მშვიდ გარემოში მაინც შედგა და ათასობით ადამიანი უსაფრთხო სივრცეში გააერთიანა. 

გენდერის მარკერის ცვლილებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

MIGUEL SOTOMAYOR

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი. 

საიას განცხადების მიხედვით, “სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა”. 

აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, რადგან ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს არ აქვს გამჭვირვალე, მოქალაქეზე მორგებული გენდერის მარკერის ცვლილების სამართლებრივი მექანიზმი და შესაძლოა ტრანს* უფლებებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს.

პოლიტიკური, ინსტიტუციური ჰომოფობიისა და ტრანსფობიის სახიფათო პროცესი

აღნიშნულ ქვეთავში არა ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, არამედ იმ სახიფათო პროცესებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 2022 წელს ხდებოდა. 

როგორც ყოველ წელს, საჯარო, გადაწყვეტილების მიმღები პირები პირდაპირ თუ ირიბ ჰომოფობიურ განცხადებებს წელსაც აკეთებდნენ, მათ შორის, გამორჩეული ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზა იყო, რომელმაც კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მცდელობას “ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა. 

გარდა ამისა, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაში შევიდა ჩასწორება და გაჩნდა ჩანაწერი, რომ „კონცეფციის ყველა დებულებაში გენდერის ნიშნით თანასწორობის/გენდერული თანასწორობის შინაარსი განიმარტება იმგვარად, რომ ის მოიცავს ქალსა და კაცს შორის თანასწორობას“. მოცემული ფორმით გენდერული თანასწორობის კონცეფცია სრულად გამორიცხავს ტრანსგენდერ ქალებს თუ ადამიანებს, რომლებიც გენდერული თვითაღქმის არაბინარულ სპექტრზე იმყოფებიან. 

კიდევ ერთი სახიფათო პროცესი, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების საფუძველი შეიძლება გახდეს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ლგბტქი უფლებების გაუმჯობესების ხედვას არ ითვალისწინებს, მეტიც, ლგბტქი თემი საერთოდ არ არის ნახსენები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სტრატეგიას სამოქმედო გეგმა უნდა დაეფუძნოს, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დღის წესრიგიდან ლგბტქი ადამიანების უფლებების სრულად გაქრობას ცდილობს. ეს საშიში პროცესი ადამიანის უფლებების აშკარა რეგრესს, პოლიტიკურ, ინსტიტუციურ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას ცხადყოფს.

სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებული პროცესები

2022 წლის დეკემბერში, საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ამოიწურა. 

რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველობის კანდიდატების დასახელების პროცესი დაიწყო. სულ 19 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 3-ს — ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს. სახალხო დამცველობის კანდიდატების სამუშაო ჯგუფმა კანდიდატები შეაფასეს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მაღალი ქულებიც მიანიჭეს. ამავდროულად, საპარლამენტო მოსმენების პროცესმა ცხადყო, რომ,  კანდიდატების დიდ ნაწილს არ გააჩნდა ადამიანის უფლებათა განმტკიცების ხედვა და ბევრი მათგანი მოსმენებისას აკეთებდა ჰომოფობიურ კომენტარებს. გარდა ამისა, ქვიარი ესაუბრა სახალხო დამცველობის ჯანდიდატებს, რომლებმაც ჩვენთან არაერთი საზიანო მოსაზრება გააჟღერეს ქვიარ და ქალთა უფლებების შესახებ. 

ამასთან, პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ. საბოლოოდ, ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის არ არსებობის გამო ჩავარდა და განახლება მომავალი წლიდან იგეგმება. 

დაფუძნდა შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი

Creative Collective Spectrum / Facebook

2022 წელს არტისტების, მკვლევრებისა და პუბლიცისტების შემოქმედებითი გაერთიანება, სპექტრი ჩამოყალიბდა, რომელმაც მიზნად დაისახა „ქვიარ სექსუალობის, ემოციების პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების გარშემო მიმდინარე მოვლენების გამოკვლევა, შესწავლა, ანალიზი და მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით ღია დისკუსიების გახსნა ისეთ საკითხებზე, რომელიც დომინანტური, რეპრესიული, ჰეტერონორმატიული კულტურის რადარებს მიღმა იმალება“. 

სპექტრმა ქვიარ არტისტების ცნობადობის გასაზრდელად არაერთი ღონისძიება დაგეგმა, ასევე, ტრანსგენდერი აქტივისტის, ნატა ტალიკიშვილის ქვიარ-იუმორისტული მონოლოგების სერია წამოიწყო, ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებით ღონისძიებები გამართა, რაც ქართული ქვიარ ხელოვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. 

2022 წლის მნიშვნელოვანი კვლევები

Civil.ge

2022 წელს, საზოგადოებრივ განწყობებთან და ქვეყანაში ლგბტქი უფლებების განმტკიცებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი განწყობები უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ეს სამართლებრივ, პოლიტიკურ დონეზე არ აისახება. 

მაგალითისთვის, WISG-ის კვლევის მიხედვით, 25%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა აეკრძალოთ და 53%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 38,6% კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით (სოგი) დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებს. 

იმედისმომცემი შედეგი აჩვენა NDI-ის კვლევამაც — მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან დღემდე 17%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. შედეგად, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 

უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ განწყობების გაუმჯობესებისა და სახელმწიფოს მიდგომების შეუსაბამობა აისახა ILGA-Europe-ის ყოველწლიურ უფლებრივ რუკაში. ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა, რაც 2021 წლის იგივე მაჩვენებელს 2 საფეხურით ჩამორჩება. 

5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირები და მართლმსაჯულება

Reuters

2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან 19-ს პატიმრობა შეეფარდა. გაჭიანურებული პროცესი საბოლოოდ ძალადობრივად განწყობილი პირებისთვის თავისუფლების აღკვეთით დასრულდა. 

ამასთან, თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრაში ბრალდებული 3 პირი 5000-5000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სასამართლომ ორგანიზებული დანაშაულის ნიშანი გამორიცხა. 

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლო იმსჯელებს, სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას ადგილი ჰქონდა თუ — არა. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მოწოდებების მიუხედავად, 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 

საქართველოში პირველი ქვიარ-ფემინისტური პარტია დაფუძნდა

2022 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ღიად ქვიარ-ფემინისტური მწვანეთა პარტიის შექმნაც უნდა აღინიშნოს. სტატიაში არაერთხელ ნახსენები სახიფათო პოლიტიკური პროცესების პირობებში პოლიტიკურ დღის წესრიგში ქვიარ და ფემინისტური საკითხების შემოტანა აუცილებელია. ეს ხელს უწყობს საზოგადოების ყურადღების მიმართვას ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობისკენ და შესაძლოა სხვა პარტიების ყურადღებაც მიმართოს იმისკენ, რამდენად არიან ინკლუზიურები და პასუხობენ თუ არა ყველა სოციალური ჯგუფის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

პარტია ახალი დაფუძნებულია და ჯერ-ჯერობით მათი საქმიანობის შეფასება ნაადრევი იქნებოდა, თუმცა 2023 წელს შესაძლებლობა გვექნება, მათ აქტივობებს უკეთ მივადევნოთ თვალი.

2022 წლის ლიტერატურული შეჯამება — ინტერვიუ დავით გაბუნიასთან

როგორი იყო 2022 წელი ქართული ლიტერატურისთვის, რა განაპირობებს საქართველოში წიგნის წარმატებას, არსებობს თუ არა ქართულ ლიტერატურაში ქვიარ პერსპექტივა და როგორია ქართული საგამომცემლო საქმიანობა პოსტ პანდემიურ რეალობაში — ამ თემებზე მწერალ და დრამატურგ დავით გაბუნიას ვესაუბრეთ, რომელმაც Queer.ge-ის ბოლო რამდენიმე წლის ლიტერატურულ პროცესებზე და ლიტერატურაში მიმდინარე დადებით ცვლილებებზე თავისი დაკვირვებები გაუზიარა

— როგორი იყო 2022 წელი ქართული ლიტერატურისთვის, რა თემები ჭარბობდა წელს გამოცემულ ქართულ ტექსტებში და როგორია ბოლო რამდენიმე წლის ლიტერატურული ტენდენციები?

— ბოლო 2-3 წლის ლიტერატურულ პროცესებს რომ დავაკვირდეთ, ვიგრძნობთ, რომ განსხვავებები გამოიკვეთა. გაჩნდა ბევრი ახალი თემა, ბევრი ახალი ხმა. ეს შეიძლება არ იყოს კონკრეტულად 2-3 წლის ამბავი, უბრალოდ, ბოლო წლებმა ეს კარგად აჩვენა — ლიტერატურა უფრო მრავალფეროვანი გახდა, გვხვდება სხვადასხვა ტიპის გამოცდილების აღწერა, სექსუალური პრაქტიკიდან დაწყებული, ცხოვრებისეული ფართო ფილოსოფიით დამთავრებული. ეს ყველაფერი ძალიან ვიწრო იყო 90-იან წლებში, 2000-იანების დასაწყისში, როცა ლიტერატურის ყურადღების ფოკუსში იყო ასეთი ზოგადი პერსონაჟი – თბილისის ცენტრალურ უბანში მცხოვრები ახალგაზრდა ან არც თუ ისე ახალგაზრდა კაცი. ეს კაცი არსად წასულა, ისევ ძალიან კარგად გრძნობს თავს ქართულ ლიტერატურაში, თუმცა მის გვერდით სრულიად განსხვავებული პერსონაჟები გაჩნდნენ — პირველ რიგში – ქალები, ასევე, გეი პერსონაჟები, ლესბოსელები, სხვადასხვა იდენტობისა და გამოცდილების მქონე ადამიანები, ქართულის გარდა სხვა ეთნიკური ჯგუფები, სოციალური, რელიგიური იდენტობები და ა.შ.

იგივე ადამიანები, იგივე რედაქტორები, რომლებიც რაღაც ტექსტებს 2005 წელს არ დაბეჭდავდნენ, იმიტომ, რომ ქვიარ ტექსტი იყო, ამას ასე არ გააკეთებენ დღეს. თითქოს ეტიკეტი გკარნახობს, რომ ასე არ მოიქცე. რაღაც თემების მიმართ ეს მოჩვენებითი მიმღებლობა სულ არ ნიშნავს, რომ ემპათიურები არიან. ისინი გრძნობენ ვალდებულებას თანამედროვე ტენდენციების მიმართ, ბნელებად რომ არ გამოჩნდნენ თავიანთ გარემოცვაში და საერთოდ, საზოგადოებაში

2022 წლის ლიტერატურულ პროცესებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ჩემი დაკვირვებით, მიმდინარე წლის ლიტერატურული ტექსტების შეფასება, როგორც წესი, მომდევნო წლის შუაში იწყება, როცა იდება ლიტერატურული კონკურსების გრძელი სიები. თანაც, ჩვენს გამომცემლობებს ძალიან უყვართ იანვარ-თებერვალში დაგვიანებული გამოცემების მოყრა და წინა წლის ზედ მიწერა, ასე რომ, დაველოდოთ. გამორჩეული წელი თითქოს არ ყოფილა — თარგმანებს თუ არ ჩავთვლით, რომელიმე ქართულ ტექსტს დიდად არ უხმაურია. რაც შეეხება ბოლო წლების ტენდენციებს, რთული სათქმელია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველაფერი იბეჭდება და წიგნის ბაზარი არ არის ისე განვითარებული, რომ სტაბილურ ტენდენციებზე ვისაუბროთ. ძირითადად, ხდება თვითაღიარებები მწერლების მხრიდან და არა ბაზრის მიერ, ბაზრის ტენდენციებს ხშირ შემთხვევაში არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, რადგან მეტწილად არის დაბალი ხარისხის მასობრივი ლიტერატურა. მაგრამ არის ერთი ტენდენცია, რაც ბოლო დროს გამოიკვეთა და შეუიარაღებელი თავლითაც კარგად ჩანს — ქართველი ავტორების წიგნები იყიდება უკეთ, არ აქვს მნიშვნელობა კარგია, ცუდია თუ საშუალო ხარისხისაა ეს წიგნები (ზოგი კარგია, ზოგიც – საშინელი). თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი გაზრდილია, ბესტსელერებში ხშირად ნახავთ ქართველ ავტორებს და ეს ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.

ფოტო: გიკო დადიანი

— რამ გამოიწვია ეს ცვლილება?

— ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ავტორების რაოდენობის ზრდა. ბაზარიც გაიზარდა. თუ გადავხედავთ თარგმანების, გამოცემული წიგნების რაოდენობას და შევადარებთ 10-15 წლის წინანდელ მონაცემებს, მივხვდებით, რომ მათი რაოდენობა ძალიან გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ზოგად პროცესებზე, მაინც ბოლომდე ვერ შეუშალა ხელი ამ დინამიკას. ამასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლური დამოკიდებულება ლიტერატურის მიმართ, ადამიანები ისევ იყენებენ ლიტერატურას რეკრეაციული მიზნით. ეს დამოკიდებულება იგრძნობა ახალ თაობაშიც, რაც დიდწილად თარგმანების დამსახურებაა. მოზარდები უკვე კითხულობენ მათთვის განკუთვნილ, თავისნაირ პერსონაჟებზე დაწერილ წიგნებს. არ შეიძლება, ამ და კიდევ ბევრ ფაქტორს არ ემოქმედა ქართველი ავტორების პოპულარობის გაზრდაზე. როცა ზოგადად ბევრს კითხულობ, ხელთ შენი თანამემამულეებიც მოგხვდებიან.

— გასულ წელს შენ იყავი ლიტერატურული პრემია საბას ჟიურის წევრი. როგორ შეაფასებ ამ გამოცდილებას?

— ეს იყო ძალიან ინტენსიური წელი, რადგან ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ქართულ ენაზე გამოიცა — თარგმანს, ქართული ტექსტს… ისეთ ჟანრებსაც, რომლებიც დამოუკიდებლად შეიძლება არც წამეკითხა, მაგალითად, არასდროს წავიკითხავდი ამდენ დოკუმენტურ პროზას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძლიერია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და ყველაზე დიდი არჩევანი ამ ჟანრში გვაქვს. განვაახლე ჩემი წარმოდგენები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. ანათალს რომ აკეთებენ მიკროსკოპისთვის, დაახლოებით მაგ პროცესს ჰგავდა. ძალიან ახლოდან დავინახე ბევრი რამე, შევივსე ყველა ის დანაკლისი, რომელიც მქონდა და ეს მწერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ კარგად იაზრებ საკუთარ თავს, სად ხარ, რა ვითარებაში ხარ, რას წერენ შენი თანამედროვეები. ვიღაცის შემთხვევაში გრძნობ, რომ ამაზე შენ უკეთ დაწერდი, ვიღაცების შემთხვევაში აღფრთოვანდები, რა კარგად ეხერხება წერა.

— ქვიარ ლიტერატურა ერთგვარ ქვეჟანრად ჩამოყალიბდა, წამყვანი გამომცემლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად გამოსცემენ წიგნებს ლგბტქი+ თემატიკაზე. რა ხდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, არსებობს თუ არა ქართული ქვიარ ლიტერატურა და რა მახასიათებლები აქვს მას?

— ქართულ ლიტერატურაში ქვიარ თემები ბოლო წლების მონაპოვარია, მანამდე მხოლოდ თუ გაკრთებოდა, ისიც არაქვიარ პერსპექტივიდან (უფრო პაროდიულ-გროტესკული პერსონაჟების სახით). საერთოდ, სადავოა, რას ნიშნავს ქვიარ ლიტერატურა — ეს არის ლიტერატურა, რომელსაც წერს ქვიარ ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად არის აქტივისტიც და უფლებებისთვის იბრძვის, თუ ტექსტი, რომელშიც ჩნდება ქვიარ პერსონაჟი ან თემატიკა, როგორიც არის, მაგალითად, აკა მორჩილაძის „მათადოვი“ . მიუხედავად დეფინიციის სირთულისა, ასეთი ტექსტები იქმნება. მართალია, ბევრი არაა, თუმცა თითქმის ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ბოლო პერიოდის გამორჩეული ქვიარ ტექსტი იყო მაგდა კალანდაძის „მეორე ოთახი“, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ ლიტერატურაში. ქალების რეპრეზენტაცია ქვიარ ლიტერატურაში ნაკლებია და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და თამამი განაცხადი იყო ქალი ავტორის და ქალი პერსონაჟების ასე უბოდიშოდ შემოჭრა ამ სივრცეში. აქტივისტურ გამოცდილებაზეც არის ეს წიგნი და ძალიან არაკონვენციურია ამ თვალსაზრისით, ძალიან სადავოც. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქტივიზმს — თან კი, თან არა. გაცილებით სცდება უბრალო კეთილშობილურ განზრახვას, იბრძოლოს მეტი თანასწორობისთვის. არ არის მხოლოდ იმისთვის დაწერილი, რომ ადამიანებს მეტი ემპათია გაუჩნდეთ და ამიტომაც არის საინტერესო, არ გემათხოვრება თანაგრძნობას, არამედ თავს გაკითხებს.

— თეატრზეც რომ ვისაუბროთ, რა ხდება ქართულ თეატრებში, ეთმობა თუ არა თეატრის სცენა უმცირესობების თემებს, ქალთა საკითხებს?

— რაც 10-15 წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო გვენახა ან მოგვესმინა თეატრის სცენიდან, დღეს უკვე ლამის ჩვეულებრივი ამბავია. ადრე ეს იყო ერთი ან ორი დასის ექსკლუზივი, იშვიათად ხდებოდა და ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა, დღეს კი, თითქოს მეინსტრიმში გაჟონა და რეგულარულად შეგიძლია ნახო სპექტაკლები აქტუალურ საკითხებზე ბევრ თეატრში. ქვიარ რევოლუცია, რა თქმა უნდა, არ მომხდარა ამ ყველაფრით, მაგრამ ამ გაჟონვას აუცილებლად მოჰყვება უფრო სერიოზული პროცესები. თუმცა ეს გადააზრების მცდელობები თეატრისთვის ჯერ მაინც არ არის ისეთი წარმატებული და ეფექტური, როგორც, ვთქვათ, ლიტერატურისთვის. 

ფოტო: მაგდა კალანდაძე

— შენი აზრით, ვის და რატომ ეშინია ქვიარ და ფემინისტური თემების ლიტერატურაში, კინოში, თეატრში და ა.შ. რატომ მოჰყვება ამ თემების გაჟღერებას ხშირ შემთხვევაში სირთულე და ერთგვარი უხერხულობა?

— მე ძალიან მარტივად ვუყურებ ამ საკითხს, შეიძლება მეტისმეტად მარტივადაც. ერთი არის მოჩვენებითი ტოლერანტულობა, როდესაც საზოგადოებრივი წესრიგი ან მოწყობა, ტენდენციები თუ მოდა, რაც გინდა ის დაარქვი, გკარნახობს, რომ იყო ტოლერანტული — იგივე ადამიანები, იგივე რედაქტორები, რომლებიც რაღაც ტექსტებს 2005 წელს არ დაბეჭდავდნენ, იმიტომ, რომ ქვიარ ტექსტი იყო, ამას ასე არ გააკეთებენ დღეს. თითქოს ეტიკეტი გკარნახობს, რომ ასე არ მოიქცე. რაღაც თემების მიმართ ეს მოჩვენებითი მიმღებლობა სულ არ ნიშნავს, რომ ემპათიურები არიან. ისინი გრძნობენ ვალდებულებას თანამედროვე ტენდენციების მიმართ, ბნელებად რომ არ გამოჩნდნენ თავიანთ გარემოცვაში და საერთოდ, საზოგადოებაში და კოჭს უგორებენ ტენდენციას, მაგრამ როდესაც მათგან კოჭის გაგორებაზე მეტს ვითხოვთ, როდესაც ხვდებიან, რომ ეს „თემა“ არ სრულდება, რადგან არსად მიდის ქვიარ თუ ფემინისტური საკითხები,  გაბრაზება ეტყობათ და ამბობენ, რომ უკვე მეტისმეტია, ერთხელ ხომ  გამოვეცით ამ თემაზე, მეტი რა გინდა, ერთხელ ხომ გადაგისვით თავზე ხელი, ახლა საკმარისია. თუ დავუკვირდებით მსგავსი ფრაზების შინაარსს, ძალიან მარტივია მიხვდე მათ აბსურდულობას — რანაირად შეიძლება მოგეჩვენოს მეტისმეტად ქვიარ „საკითხები“, როცა არ გეჩვენება მეტისმეტად ქართველი კაცების დაუსრულებელი მცდელობა ლიტერატურაში, რომ დაამტკიცონ, რამდენად მაჩოები არიან. თითქოს გეუბნებიან — დასაშვებ ნორმაში ჩაჯექი და შენი ნიშა დაიკავე, თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა, რომ შენც საჭირო ხარ რაღაც დოზითო. როგორც მდიდარ გართობის მოყვარულ ქალს სჭირდება გეი მეგობარი, რომელიც ბევრ რამეში ერკვევა, ასეა ეს ამბავიც — „ჩვენ ვართ ტოლერანტული საზოგადოება და არა უშავს ერთი-ორი ავტორი თუ გვეყოლება გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი, თუმცა ძალიანაც ნუ გამოეჩხირებიან და წერონ ლიმიტირებულად“. ვითარება თითქოს შეიცვალა, მაგრამ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გადასააზრებელი.

ქართულ რეალობაში ავტორის და წიგნის პოპულარობას ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ავტორის პარალელური საქმიანობა. ავტორი არ „მომკვდარა“, პირიქით, თანამედროვე წიგნის ბაზარზე, ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც, ავტორი, როგორც სოციალურად აქტიური ან რაიმე სხვა სახელოვნებო დარგში პოპულარული და წარმატებული ფიგურა, ძალიან ფასობს.

— რის ნაკლებობას განიცდის ქართული ლიტერატურა ყველაზე მეტად და პირიქით, რა ჭარბობს?

— თემატური თვალსაზრისით, უახლესი ქართული ლიტერატურა დიდად ნაკლებობას არ განიცდის. თუ გაინტერესებს რაიმე თემა, რომელიმე ჯგუფის რეპრეზენტაცია, ამ ყველაფერს აუცილებლად იპოვი წიგნის თაროებზე. შეიძლება მეტი გინდოდეს, უფრო მრავალფეროვნად, მაგრამ აუცილებლად იპოვი რაღაცას მაინც. ჩვენი პრობლემა უფრო ის არის, რომ ჩვენი მწერლობა, საგამომცემლო საქმიანობა, წიგნების გაყიდვა, მკითხველამდე მიტანა მაინც არის ძალიან სუსტი და ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალური. არსებობს რედაქტირების პრობლემაც. ტექსტების უმრავლესობა, მათ შორის, ძალიან პოპულარულებიც და ახალგაზრდა ავტორებისაც, არის არაპროფესიონალურად დაწერილი. ძალიან რთულია მათი წაკითხვა. არადა, მგონია, რომ პროფესიონალიზაციის შესაძლებლობა არსებობს და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ისეთი საეჭვო ხარისხის არაქართული წიგნებიც კი, რომელთაც აეროპორტების წიგნის მაღაზიებში ვყიდულობთ, ენის ფლობის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, იგრძნობა ნამუშევარი. მიუხედავად იმისა, კომერციულია პროდუქტი თუ არა, ქართული ტექსტების უდიდესი ნაწილი ამ ხარისხიდან ძალიან შორს დგას. დამწყებმა ავტორმა შეიძლება იცოდეს სიუჟეტის აგება, მაგრამ წერის გამოცდილება არ ჰქონდეს და ეს დიდი პრობლემაა. ასეთი წიგნები ჩვენთან პოპულარული ხდება და ამკვიდრებს ცუდ ტენდენციებს. მე არ ვერჩი პოპულარულ წიგნებს, პირიქით, კარგია, უნდა იყოს, ყველგან არის და ჩვენც გვჭირდება, მაგრამ ასეთი წიგნების გამოცემას პროფესიონალიზმი სჭირდება. რაც ყველაზე მეტად ჭარბობს, ალბათ ამორფული ტექსტებია, ტექსტები, რომლებსაც ვერ გაიგებ, რატომ დაიბეჭდა. ამას მაშინ მივხვდი, როცა საბას პრემიის დროს მომიწია ამდენი წიგნის ერთად წაკითხვა და სულ მქონდა კითხვა, ესა თუ ის წიგნი საერთოდ რატომ გამოიცა, ვისთვის არის განკუთვნილი, ვინ უნდა წაიკითხოს. ძირითადად მცირე ტირაჟით იბეჭდება და მერე რეკლამა, გაყიდვა, მკითხველამდე მიტანა, რასაც უნდა აკეთებდეს გამომცემლობა, სრულიად გაუაზრებელია. ეს არ ეხება მხოლოდ პატარა გამომცემლობებს, დიდ გამომცემლობებშიც შემიმჩნევია ასეთი რამ, როცა წიგნს კითხულობ და ფიქრობ, რომ სავარაუდოდ, ეს წიგნი გამოცემამდე არავის არ წაუკითხავს, მოიტანა ავტორმა და პირდაპირ დაუბეჭდეს, ყოველგვარი გააზრების გარეშე. ცხადია, ასეთი წიგნები სხვებთან კონკურენციაში ვეღარ გადარჩებიან, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამომცემლობების ამგვარი ნაბიჯები საერთო პროცესს აზარალებს. ამ პრინციპით გამოსცემენ ცნობილი ავტორების წიგნებსაც, რომლებსაც მხოლოდ მათი ფანების არმია, 20-30 ადამიანი წაიკითხავს.

დაშლის გერმანულენოვანი გამოცემის გარეკანი, გამომცემლობა Rowohlt

— როგორია ქართველი მკითხველი, რა თვისებები აქვს მას, რისთვის არის და რისთვის არ არის მზად?

— ეს ძალიან რთული საკითხია, რომელსაც ბევრი სხვა საკითხის მსგავსად, დიდი კვლევა სჭირდება და ამას ქართველი გამომცემლები უნდა აკეთებდნენ. ჩვენ მაინც არ ვიცით, ვინ არის ჩვენი მკითხველი, თუმცა შეუიარაღებელი თვალით თუ შევხედავთ, მკითხველი ძირითადად არის ახალგაზრდა ქალი. ამას მოწმობს აქტივობები სოციალურ ქსელებში, ძირითადად მაინც ქალები გამოირჩევიან აქტიურობით სხვადასხვა ლიტერატურულ პლატფორმაზე. თუმცა, ამის გარდა, რთულია თქმა, რა მახასიათებლებით გამოირჩევა ქართველი მკითხველი. ასევე შესამჩნევია, რომ გაიზარდა მკითხველების ახალი თაობა, რომელესაც თავის დროზე მიეწოდა ძალიან ბევრი ჟანრული, დასავლური ლიტერატურა, მათთვის განკუთვნილი ე.წ. young-adult (საყმაწვილო) წიგნები. დროსთან ერთად, ასეთი მკითხველის რიცხვი უფრო გაიზრდება და ამ ფაქტის დადებითი შედეგები უფრო და უფრო ნათელი გახდება. ქართველი მკითხველიც ისეთივე ხდება, როგორიც რიგითი დასავლელი მკითხველი, იმავე გამოცდილებაზე გაზრდილი ადამიანი, რომელიც უფრო მეტად არის ახლოს გლობალურ თემებთან და ესთეტიკასთან. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თარგმანების მომრავლებამ განაპირობა. ამა თუ იმ წიგნის თარგმნას დიდი დრო აღარ სჭირდება და ქართველი მოზარდიც სწრაფადვე იღებს იმას, რასაც რიგითი 19 წლის ამერიკელი მოზარდი კითხულობს.

— რა განაპირობებს ქართულ რეალობაში ავტორის პოპულარობას? როგორ ჩნდება ბესტსელერები ჩვენს ქვეყანაში?

— ქართულ რეალობაში ავტორის და წიგნის პოპულარობას ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ავტორის პარალელური საქმიანობა. ავტორი არ „მომკვდარა“, პირიქით, თანამედროვე წიგნის ბაზარზე, ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც, ავტორი, როგორც სოციალურად აქტიური ან რაიმე სხვა სახელოვნებო დარგში პოპულარული და წარმატებული ფიგურა, ძალიან ფასობს. პარალელური სახელი, რომელიც მას აქვს სამწერლო საქმიანობასთან ერთად, აუცილებლად განაპირობებს მის პოპულარობას. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ თემურ ბაბლუანი — მისი რომანი დღემდე პოპულარულია და ეს იმანაც განაპირობა, რომ რეპუტაციამ, რომელიც კინოდან აქვს შექმნილი, ავტომატურად გაზარდა მოლოდინი რომანის მიმართ. რა თქმა უნდა, წიგნის ხარისხიც მნიშვნელოვანია, მარტო რეპუტაცია არ არის საკმარისი, თუმცა პარალელური საქმიანობა ავტორისთვის მნიშვნელოვანი სასტარტო ბიძგი შეიძლება აღმოჩნდეს. სხვადასხვაგვარი შემთხვევა არსებობს — ავტორის ფიგურა, მისი საინტერესოობა, ხანდახან მისი „კაი ტიპობა“ ან პირიქით, „ცუდი ტიპობა“. საინტერესო შემთხვევაა ნინო ხარატიშვილი, რომელიც მიუხედავად მისი წარმოშობისა, არ არის ქართველი ავტორი, გერმანელი ავტორია, რომელიც გერმანულად წერს. ის ფაქტი, რომ ნინო არის ძალიან პოპულარული გერმანიაში და მისი პოპულარობა იზრდება და იზრდება, ქართულ ბაზარზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ის რეპუტაცია, რაც მას მოჰყვა გერმანიიდან, უკვე ამუშავდა საქართველოში. 5-6 წლის წინ ეს ასე არ მუშაობდა, კი, კითხულობდნენ მის წიგნებს, უყურებდნენ მის სპექტაკლებს, თუმცა დღეს მის გარშემო არის ბუმი. დასავლურ სამყაროში წარმატება ჩვენს ქვეყანაშიც გადმოითარგმნა ქართულ წარმატებად. მხოლოდ ცალკე ტექსტი თითქოს აღარ არსებობს, მას აუცილებლად სჭირდება რამე გამაძლიერებელი ავტორის ბიოგრაფიიდან.

კადრი სპექტაკლიდან ტროელი ქალები – სამეფო უბნის თეატრი

— „დაშლის“ გერმანულენოვან გამოცემაზე რომ ვისაუბროთ, რა მოიტანა ამ გამოცდილებამ? ხომ არ მუშაობ ახალ რომანზე?

— „დაშლის“ გერმანულენოვანი გამოცემა შეიძლება მივიჩნიოთ საშუალოდ წარმატებულად. ეს არ იყო უდიდესი წარმატება, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რადგან გერმანული მასშტაბები ქართულთან შედარებით წარმოუდგენელია. გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ წიგნს გერმანიაში პარალელურად სხვა შლეიფი მოჰყვება, მაგალითად, როცა გერმანიიდან მთხოვენ, რომ დავწერო სტატია გერმანული ჟურნალისთვის ან თეატრთან დაკავშირებით რაიმე პროექტში ჩავერთო, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემი წიგნის გერმანულენოვან თარგმანს, რადგან მათ იციან, რომ შენი წიგნი არსებობს, წაკითხული აქვთ და გიცნობენ, როგორც ავტორს. თავიდან უფრო მეტი შეფასება იყო და სხვადასხვა გერმანულ ლიტერატურულ პლატფორმაზე დაკვირვებით, ყოველი 10 შეფასებიდან ერთი იყო უარყოფითი. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, განსხვავებული და დასაკვირვებლად საინტერესო. ჩვენი სივრცისგან განსხვავებით, გერმანიაში პროცესი არის ბევრად დიდი. ჩვენთან წიგნის გამოცემას დიდი-დიდი ორი რეცენზია მოჰყვეს, აქედან ერთმან რეცენზენტმა, როგორც წესი, წერა-კითხვა ცუდად იცის, მეორე თავისთვის გადაშვებულია ბოდვებში, არსებითს და არაარსებითს ვერ ასხვავებს ტექსტში. და მორჩა. მეტი არაფერი.- იქ ბევრი იყო, სულ მხვდებოდა თაგები ინსტაგრამზე, ბლოგებზე.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მთლიანად ვარ დაკავებული „ხელოვნური სუნთქვის“ მესამე სეზონის სცენარის წერით და ამის პარალელურად სხვა რამის კეთება არის სრულიად წარმოუდგენელი, მთლიანად იკავებს ჩემს დროს. 2 რომანი, რომელზეც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი, გაჩერებულია და ჯერ-ჯერობით არ ვიცი, როდის გავაგრძელებ.