დღეს, 18 საათზე, პარლამენტის შენობასთან, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდასაჭერი აქცია – #GeorgiaSupportsUkraine გაიმართა. შეკრების მიზანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისგან თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა იყო. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ადვოკატ დავით გელაშვილის
ილუსტრაციების ავტორი: ნატალია ავალიანი
რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან და სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადებიდან 1 წელზე მეტი გავიდა. პუტინის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ გამოცხადებული ომის საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ რუსეთი საკუთარი ქმედებების ტრადიციული ღირებულებების დაცვის სახელით შეფუთვას ცდილობდა.
პუტინის თქმით, დასავლეთი „ცდილობს ტრადიციული ღირებულებების განადგურებას და ყალბ ღირებულებებს ავრცელებს, რომლებიც განადგურებას გვიქადის“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი კირილიც ალტი-ლგბტქი გზავნილებს იყენებს, რათა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გაამართლოს. აპოკალიფსის სურათის დახატვით, ის პუტინისთვის ხელსაყრელ ნარატივს ავრცელებს.
კირილი ადამიანების უფლებების დაცვას დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ფსევდოჰუმანურ ქვიარ დღის წესრიგად მოიხსენიებს, რაც, მისი მტკიცებით, სამყაროს განადგურებით ემუქრება და ამ პროცესში რუსეთი კაცობრიობის “უკანასკნელ მხსნელად” გვევლინება.
„თუ კაცობრიობა ჩათვლის, რომ ცოდვა ღმერთის გზიდან გადახვევა არ არის, თუ კაცობრიობა ჩათვლის, რომ ცოდვა ადამიანური ქცევის ნაირსახეობაა, ცივილიზაციის დასასრულამდე მივალთ“, — აცხადებდა კირილი ომის დაწყებისას და ამბობდა, რომ რუსეთის დონბასში შეჭრა დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ღირებულებებთან მებრძოლი ხალხის გადარჩენას ემსახურებოდა.
ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში, რუსულმა სახელისუფლებო მედიებმა ევრომაიდანი „ნაციონალისტების, ანტისემიტების, ნეონაცისტებისა და ჰომოსექსუალების“ მიერ მოწყობილ პროვოკაციად მონათლეს და ამ გზით პროტესტის მუხტის ჩახშობა სცადეს.
ბოლო დროის რუსული ანტიდასავლური და ჰომოფობიური ნარატივების ყველაზე აშკარა მაგალითი უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის შემდეგ გაკეთებული განცხადებებია. თუმცა, ანტიდასავლურ გზავნილებს, რომლებიც რუსეთის გავლენის გაძლიერებას ემსახურება, ქართველი პოლიტიკოსებიც არ ერიდებიან.
ბოლო მაგალითი, 2023 წლის მარტში „უცხოური გავლენების აგენტების“ შესახებ მმართველი პარტიის, ქართული ოცნების კანონია, რომელიც „მტრული გავლენების“ იდენტიფიცირებისა და მათივე თქმით, „გამჭვირვალობის გარანტიების შესაქმნელად“ დააინიცირეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასავლეთის კრიტიკა და საქართველოს მოქალაქეების მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.
კანონი, რომელიც პუტინის მიერ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მცდელობის ანალოგიური იყო, ქართულმა ოცნებამ უწყვეტი საპროტესტო ტალღის ფონზე გაიწვია. უკან დახევამდე კი საპროტესტო ტალღის ჩახშობას აქციების დარბევით ცდილობდნენ.
დასავლელი მეგობრების კრიტიკის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ „საკუთარ თავს მიხედონ“, აქციის მონაწილეებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ნაწილს „სატანისტების ფორმა ეცვათ“.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს „ორიენტაცია არეული“ და „გზას აცდენილი ახალგაზრდა“ უწოდა. კობახიძის განცხადება ზუსტად იმეორებს ანტიდასავლური დაჯგუფებების მცდელობას, რომ აქციაზე მყოფი ადამიანებისგან „მტრის ხატი“ შექმნან და ამ გზით მოსახლეობაზე გავლენა მოახდინონ.
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური პირების, რადიკალური დაჯგუფებების თუ საეკლესიო პირების განცხადებები რუსეთს გავლენების განმტკიცებაში პირდაპირ თუ ირიბად ეხმარება. ხოლო ის, თუ რა ნარატივებს ავრცელებენ კონკრეტული აქტორები, როგორ იგეგმება ანტიდასავლური კამპანიები და რას ისახავენ მიზნად, ახალი სულაც არ არის.
პუტინის მიერ არჩეული ბრძოლის გზები, ნარატივები, რომელთა გავრცელებასაც ცდილობს, ხერხები, რომლებსაც იყენებს, საბჭოთა დროის გამოძახილია. თუ საბჭოთა მეთოდებს თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ რუსეთი მუდმივად წრეზე ტრიალებს და პოსტ-საბჭოთა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული თემების გააქტიურებითა და არარსებული მტრების გამოგონებით გავლენის გამტკიცებას ცდილობს. ამიტომ, რუსეთის დღევანდელი ქმედებების უკეთ გასააზრებლად საბჭოთა წარსულის კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ანტიდასავლური და ანტი-ლგბტქი ნარატივების საწყისებთან
საბჭოთა ჰომოფობიური ნარატივების დამკვიდრების საწყის წერტილთან დასაბრუნებლად თვალი უნდა გადავავლოთ ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდს. 1917 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთში ხელისუფლება შეიცვალა, რადიკალური ცვლილებების პერიოდი დაიწყო. ახალმა ხელისუფლებამ სრულიად ახლებური საზოგადოების ფორმირება გადაწყვიტა. მეფის რუსეთის დროს არსებული კანონები ერთმანეთის მიყოლებით უქმდებოდა, ჩნდებოდა ჩასწორებები, რომლებიც თანასწორობისკენ იყო მიმართული. ბოლშევიკურ რუსეთში ქალი და კაცი თანასწორად გამოცხადდნენ და ოჯახურ ურთიერთობებშიც ორივე მხარეს თანაბარი უფლებები ჰქონდა, განქორწინების პროცესი ბევრად გამარტივდა, აბორტი ლეგალური გახდა და გაუქმდა 1903 წლის ჩანაწერი, რომელიც ჰომოსექსუალურ კავშირებს შეეხებოდა და ნებაყოფლობითი ურთიერთობების ლეგალიზება მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მეტად თანასწორი რეალობის შენებაზე მიანიშნებდა. ჰომოსექსუალობა, როგორც პოლიტიკური იარაღი, ისევ გამოიყენებოდა. ბოლშევიკებისთვის კლასობრივი ბრძოლის, ეკლესიის გავლენების ჩახშობის ერთ-ერთი მთავარი იარაღი სწორედ ჰომოსექსუალობა იყო.
გასული საუკუნის 20-იანი წლების რუსეთში ნებაყოფლობითი სექსის ასაკს მიუღწეველ პირებთან ძალადობრივი სექსუალური კავშირის ბრალდებით არაერთი საეკლესიო პირი წარსდგა სასამართლოს წინაშე.
მკვლევრების ნაწილი ბოლშევიკური რევოლუციის საწყის წლებს „პირველი გეი რევოლუციის” პერიოდსაც კი უწოდებს. 1922 წლის სისხლის სამართლის კოდექსში სრულად უარყვეს არქაული ტერმინები, რომლებსაც მედიცინასთან და მეცნიერებასთან საერთო არ ჰქონდათ. მათ შორის, სექსუალური დანაშაულები „პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების“ უფლების თავში გაერთიანდა. ახალი ხელისუფლება ცდილობდა, რომ მეფის დროის დრომოჭმული, არქაული მიდგომების საპირწონედ, მეცნიერება, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა განემტკიცებინა. ამიტომ, ეს პერიოდი ლგბტ ადამიანებისა და ქალებისთვის მცირეხნიანი შვების ხანად იქცა. იმ დროს ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ჰომოსექსუალობა ჯერ კიდევ კრიმინალიზებული იყო და, შეიძლება ითქვას, რომ ბოლშევიკური რუსეთის მიდგომა ბევრად პროგრესული იყო. თუმცა, ეს ახლებური, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომა დიდხანს არ გაგრძელებულა. 30-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც სტალინი საბჭოთა კავშირის ლიდერად იქცა, ლგბტქი საკითხები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, კიდევ უფრო გააქტიურდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრის, თამარ თოლორდავას თქმით, საბჭოთა კავშირში ტოტალიტარული ნიშნები სულ უფრო ძლიერდებოდა და სწორედ საზოგადოებისთვის ყველაზე მტკივნეული, სექსუალობის საკითხები იქცა პირველი აკრძალვების სამიზნედ, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვებისთვის ნიადაგის მოსინჯვას ჰგავდა.
„30-იან წლებში, როცა ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება ისევ მოხდა, ეს საბჭოთა პროპაგანდის ჭკვიანურად დაგეგმილი ნაბიჯი იყო. დეკრიმინალიზების გამოცდილება ჯერ კიდევ ახალი იყო და აღნიშნული ცვლილება შეიძლებოდა მტკივნეული ყოფილიყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ამიტომ სექსუალობასთან დაკავშირებული თავისუფლების შეზღუდვა მათთვის კარგი გზა იყო, რაც ნიადაგს შეამზადებდა სხვა უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგოდ. უნდა ითქვას ისიც, რომ აკრძალვა თავიდანვე პოლიტიკურ იარაღად იქცა — ჰომოსექსუალობაში “ბრალდებულ” ადამიანებს მიაწერდნენ სხვადასხვა დასავლური ქვეყნის ჯაშუშობას, მათგან მტრის ხატს ქმნიდნენ. ჰომოსექსუალობა ქვეყნის გამყიდველის სინონიმად აქციეს“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ირა როლდუგინა, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში მცხოვრები ქვიარ ადამიანების გამოცდილებებს მრავალი წელია იკვლევს, Open Democracy-ისთან საუბარში აღნიშნავს, რომ 20-იანი წლების რუსეთში არსებული იდეები დღევანდელი რეალობისთვისაც კი პროგრესულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი თქმით, აღნიშნულმა ცვლილებებმა ქვიარ ადამიანების მეტი ხილვადობა გამოიწვია. ამიტომ, 30-იან წლებში, როცა სტალინი ხელისუფლებაში მოვიდა, სექსუალობა აღიქმებოდა, როგორც პოლიტიკურ განაცხადი და ეს ხელახალი კრიმინალიზების ერთ-ერთ მიზეზად იქცა.
„30-იანი წლებისთვის, სექსუალობა პოლიტიკურად აღიქმებოდა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რევოლუციამდელი მდგომარეობისგან. უხეშად რომ ვთქვათ, ჰომოსექსუალები საფრთხედ აღიქმებოდნენ და „რევოლუციონერებთან“ და „ქვეყნის მოღალატეებთან“ იყვნენ გათანაბრებული. სექსუალობა ისეთივე დევნის მიზეზად იქცა, როგორც პოლიტიკური ქმედებები“, — აღნიშნავს როლდუგინა.
ჰომოსექსუალობის აკრძალვის, სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების სტიგმატიზებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ქალებისა და კაცების შემთხვევაში სხვადასხვა მიდგომა ამოქმედდა. ლესბოსელი ქალები ფსიქიატრიული მკურნალობის სამიზნედ იქცნენ, ჰომოსექსუალი კაცების შემთხვევაში კი, დაპატიმრება და შრომით-გამოსასწორებელ ბანაკებში გაგზავნა იქცა პრაქტიკად.
თამარ თოლორდავა აღნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის მომწიფების დროისთვის, სტალინისთვის მორალური საყრდენის იდეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, დღის წესრიგში დადგა სამშობლოს მხსნელი ჯარისკაცის სახე, რომელიც მასკულინური, ჰეროიკული ფიგურა უნდა ყოფილიყო და ამ მიზნებში ჰომოსექსუალობა აღარ ეწერებოდა.
„მეორე მსოფლიო ომის მომწიფების დროისთვის კაცური, მაჩოისტური, მასკულინური იდეალების დამკვიდრება იყო მნიშვნელოვანი. გენდერული თანასწორობაც ილუზია იყო. ერთი მხრივ, სისტემა სამშობლოს მხსნელი, გმირი კაცის იმიჯს ამკვიდრებდა, მეორე მხრივ, მოჩვენებითი გენდერული თანასწორობის იდეას ავრცელებდა, თუმცა ქალების როლი მაინც შემოსაზღვრული იყო სამშობლოსთვის გმირების აღზრდით და ჰომოსექსუალობა ამ ნარატივში ვეღარ ეწერებოდა. პოლიტიკის სახეს ქმნიდა “კაცური კაცი”, ჰომოსექსუალობა კი გაიგივებული იყო “ფემინურთან”. საბჭოთა სისტემა სწორედ ამ განწყობებით საზრდოობდა“, — ამბობს თამარ თოლორდავა.
1933-1934 წლების პირველი მასშტაბური დაკავებები, რომელთა სამიზნედ ლენინგრადში მცხოვრები გეი კაცები იქცნენ, ცხადყოფს, რომ, ერთი მხრივ, „გადახრები“ იყო დაკავების მიზეზი და, მეორე მხრივ, აღნიშნულ საქმეებს თან დაერთო „უცხო ქვეყნის ჯაშუშობის“, „ქვეყნის ღალატის“ სარჩული.
დენ ჰილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თანამედროვე რუსეთის ისტორიის მიმართულების სპეციალისტია, 30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალი კაცების წინააღმდეგ მიმართულ პრაქტიკას “სტალინური ჰეტეროსექსუალობის კონსტრუირების” პროცესად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ჰომოსექსუალობა „კაცურ“ გამოწვევად ჩაითვალა, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან იყო გადაჯაჭვული. მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ლესბოსელი ქალების წინააღმდეგ კანონი არ მიუღიათ.
„უმეტეს ქვეყანაში ასე მოხდა — ლესბოსელი ქალების წინააღმდეგ კანონები არ მიუღიათ, რადგან ისინი ისტორიულად კერძო სფეროთი იყვნენ შემოსაზღვრული და ქმრების კონტროლს ექვემდებარებოდნენ. სტალინი და მისი გარემოცვა ქალების ემანსიპაციის იდეას არ ეთანხმებოდა: პოლიტბიუროში ერთი ქალიც კი არ იყო. ჩემი აზრით, სტალინისთვის ჰომოსექსუალობა ეროვნულ უსაფრთხოებასთან გადაჯაჭვული „კაცური პრობლემა” იყო. ქალები არ მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში და უსაფრთხოების დაცვის ორგანოებში აქტიური როლი არ ჰქონდათ, ამიტომ ნაკლები რისკის შემცველნი იყვნენ“, — ამბობს დენ ჰილი.
დაკავებული გეი კაცები ძირითადად ბანაკებში იგზავნებოდნენ. საბჭოთა სისტემა მათგან „კარგი სოციალისტების“ გამოძერწვას ცდილობდა, რაც იმ დროისთვის პირველ რიგში სამშობლოსთვის გმირულ თავდადებას, ჯარისკაცად მსახურებას გულისხმობდა.
თუმცა, გაუგებარია, როგორ განმტკიცდა საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალობის, როგორც დასავლეთის „სენის“ ნარატივი მაშინ, როცა მკვლევრების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ იმ დროის რუსეთში ლგბტქი და ქალთა უფლებების მიმართულებით ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე რუსეთში.
თამარ თოლორდავას თქმით, საბჭოთა კავშირში აღნიშნული იდეის დასაყრდენად მეფის დროის რუსეთის შესახებ შემორჩენილი ცოცხალი მეხსიერება და ინფორმაციაზე დამყარებული ტოტალური კონტროლი იქცა. იმ დროს, როცა ნაცისტური გერმანია, კერძოდ კი ადოლფ ჰიტლერი რუსეთს „სექსუალური გაუკუღმართებას“ მიაწერდა, რუსული მხარე იმავეს ცდილობდა და ნარატივის დამკვიდრება ორივე შემთხვევაში წარმატებით მოხდა.
„პროპაგანდის მანქანისთვის შავის თეთრად სახელდებაა მიზანი და აღნიშნულის მიღწევა მით უფრო მარტივია, რაც მეტად ჩაკეტილია საზოგადოება, რაც მეტია ინფორმაციაზე კონტროლი. შეიძლება ძნელად წარმოსადგენი იყოს, როგორ მოხერხდა ჰომოსექსუალობისა და დასავლეთის დაკავშირება 30-იან წლებში — მაშინ, როცა ადამიანის უფლებების კუთხით დასავლეთშიც სავალალო მდგომარეობა იყო. თუმცა, პროპაგანდის მანქანისთვის ინფორმაციის გაყალბება, ფაქტების ისე ინტერპრეტირებაა მნიშვნელოვანი, რომ ამბის მეორე მხარე ნაკლებად წონიანი ჩანს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა გვიან გახდა შესაძლებელი, რაც კონტროლმა განაპირობა“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა.
საბჭოთა სოციალისტური სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო ერთგვაროვანი საზოგადოების შექმნა, რომლის თითოეული წევრი აღიქმებოდა არა ინდივიდად, არამედ საბჭოთა “დიადი რეალობის” შენების მექანიზმად. წარმატებით შედგა 30-იან წლებში დაწყებული მცდელობა, რომ ერთმანეთისგან გამიჯნულიყვნენ „კარგი საბჭოთა მოქალაქეები“ და „სხვები“, კავშირისთვის საშიში „წარმონაქმნები“.
საბჭოთა ფრაგმენტული ქვიარ გამოცდილებები
საბჭოთა დევნის პირობებში, ქვიარ კავშირები სრულად დახურულ კარს მიღმა იყო, ამიტომ, გამოცდილებების შესახებ სრული სურათის დანახვა შეუძლებელია. თუმცა, რაც დადასტურებით ვიცით, ისაა, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გეი კაცების თავშეყრის მთავარ საშუალებად, ე.წ. „პლეშკა“ — სხვადასხვა შემთხვევითი ლოკაცია იქცა, სადაც ჰომოსექსუალ კაცებს შეკრება და სოციალიზება შეეძლოთ.
უსაფრთხოების სამსახურები ამ ლოკაციებს არბევდნენ, ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდნენ, რისთვისაც აგენტურას იყენებდნენ და აღრიცხავდნენ ჰომოსექსუალურ კავშირებში შემჩნეულ ადამიანებს. თუმცა, არც ამ მიმართულებით არსებობს სრული ცოდნა. ყველაზე პოპულარული საქმე, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია, 80-იანი წლების პოლონეთის ჰიაცინტის (სუმბული) საქმეა.
ჰიაცინტის საქმე ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების სამსახურები ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში შემჩნეული კაცების სიებს აწარმოებდნენ, რომელში აღმოჩენილ ადამიანებს შანტაჟის გზით აგენტებად იყენებდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სიაში დაახლოებით 11 ათასი ჰომოსექსუალი კაცი და მათთან დაკავშირებული პირები იყვნენ აღრიცხული. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში მსგავსი საქმეების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არ არსებობს, რაც საბჭოთა გამოცდილებების კვლევას ართულებს.
მკვლევრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ლგბტქი ადამიანების გამოცდილებებს იკვლევენ, ერთხმად აღნიშნავენ, რომ რიგი მიზეზების გამო, ჩვენი ცოდნა ფრაგმენტულია. ირა როლდუგინას თქმით, კვლევითი მუშაობის დროს აღმოაჩინა, რომ არქივების ნაწილზე წვდომა უბრალოდ შეუძლებელია. ამას ემატება ჰომოფობიური განწყობები რუსეთსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, რაც ართულებს იმ ადამიანების მოძებნას, რომლებიც პირველი პირის მოწმეები არიან და ჰომოფობიური სისტემის მარწუხები საკუთარ თავზე გამოცადეს.
დენ ჰილი კი აღნიშნავს, რომ ჰომოსექსუალობის ბრალდებით დაკავებულთა რიცხვი დაახლოებით 250 ათასი უნდა იყოს, თუმცა ზუსტი რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტია.
რაც შეეხება ლესბოსელ ქალებს, რომლებიც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღმოჩნდნენ, ირა როლდუგინას თქმით, მკვლევრებს სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომა არ აქვთ. უფრო მარტივად საკვლევია ჰომოსექსუალი კაცების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ფრაგმენტული.
„საბჭოთა ქვიარ ქალების გამოცდილებების გასაგებად გასაღები შეიძლება მათივე მონათხრობი იყოს — რა გზებს მიმართავდნენ სოციალიზებისთვის, როგორი იყო მათი ქცევითი სტრატეგია, მაგრამ ფესვგადგმული ჰომოფობია და საკუთარ სექსუალობაზე საუბრის შიში იმ დროის მომსწრე ლესბოსელების მოძებნას შეუძლებელს ხდის“, — აღნიშნავს როლდუგინა.
ჰომოსექსუალობის ბრალდებით დაკავებების შესახებ ერთეული შემთხვევები თუ ვიცით, ისიც — საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების. მაგალითად, რეჟისორ სერგეი ფარაჯანოვის. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტალინის შემდეგი პერიოდის საბჭოთა ხელისუფლებისთვის ჰომოსექსუალობის ბრალდება სისტემისთვის საზიანო ინდივიდების გაჩუმების, სტიგმატიზების იარაღი იყო. ამიტომ, შესაძლოა, ამ საქმეების უმეტესობას არავითარი კავშირი არ ჰქონდეს ჰომოსექსუალობასთან.
საბჭოთა სენტიმენტები და ახალი მხსნელის დაბადება
საბჭოთა კავშირის დაშლამ გათავისუფლებულ ქვეყნებს თვითგამორკვევის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ მრავალწლიანი სისტემის ნარჩენებისგან გათავისუფლება მარტივი, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა. ამას დაემატა ახალი ლიდერების მცდელობა, რომ ჰომო სოვიეტიკუსი, რომელიც გაურკვეველ, მისთვის უცნობ რეალობაში აღმოჩნდა, წარსულის სენტიმენტებით გამოეკვება. ამიტომ, მათ შორის, სექსუალობასთან, გენდერთან დაკავშირებული საკითხების აღქმა ისევ საბჭოთა წრეზე დატრიალდა.
ისტორიკოსი, ვლასი ვაწაძე წერს, რომ ახალ რეალობაში კაცმა თავი უფუნქციოდ იგრძნო და იმ იდეალებს მიუბრუნდა, რომლითაც საბჭოთა სისტემამ აღზარდა.
„კაცმა თავი უფუნქციოდ, შევიწროებულად იგრძნო. საბჭოთა კავშირმა მას ასწავლა იარაღის ხელში ჭერა, რაც მხოლოდ ფასადურად უსვამდა ხაზს მის კაცურობას და ქალის ხარჯზე ანებივრებდა. დაბნეული და განებივრებული საბჭოთა კაცი კი ვერ აღმოჩნდა მზად რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან შესაჭიდებლად, შესაბამისად, გახდა აგრესიული და შეუდგა იმ საქმეს, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა – მისთვის განსხვავებული, არასტერეოტიპული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ აგრესიის ფრქვევას“, — წერს ვლასი ვაწაძე.
თამარ თოლორდავას თქმით, ახალი რეალობით იმედგაცრუებამ წარსულის სენტიმენტები ახალი ძალით გააცოცხლა, რაც რუსეთის ხელში იარაღად იქცა.
„კრემლმა პოსტ-საბჭოთა იმედგაცრუებით ნასაზრდოები სენტიმენტები ძალიან კარგად გამოიყენა. 70-წლიანი ჩაკეტილობის შემდეგ, თავისუფალ, ბევრად ღია რეალობაში არსებობა, გადარჩენა უნდა ისწავლო. იმედი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება ან ამიერიდან დასავლეთი გადაგარჩენს, ფუჭია. მთავარი თვითგამორკვევის პროცესია, რომელიც მრავალწლიანი, დამქანცველი პროცესია. ახალი რეალობით იმედგაცრუება წარსულის სენტიმენტებს აცოცხლებს. ამიტომ, ქალების უფლებებზე საუბარი საბჭოთა მშრომელი ადამიანის, ამ შრომაში “თანასწორობის” იდეით გადაიფარა, ლგბტქი უფლებები კი დასავლეთს მიეწერა. ყველაფერი ახალი, უცხო ან გაუცხოებული ტოტალიტარული სისტემისთვის იარაღად, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისთვის კი სასარგებლო მოცემულობად იქცა. ამას დაემატა ქრისტიანული ღირებულებების დაცვა, ტრადიციული საზოგადოების შენების იდეა”, — გვეუბნება თამარ თოლორდავა.
პუტინის, როგორც ახალი მხსნელის დაბადების ფენომენის უკეთ გასაგებად რამდენიმე ფაქტორი გამოდგება. ცივი ომის მრავალწლიანი პერიოდი საბჭოთა კავშირის დამარცხებით და დაშლით დასრულდა. საბჭოთა ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ „დიდ სამამულო ომში“ საბჭოთა კავშირის დიადი როლით იყო მონუსხული, თავს საყრდენგამოცლილად გრძნობდა. რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი, ბორის ელცინი, თუმცა ის ვერ იქცა ლიდერად, რომელიც ახალ რეალობაში რუსეთის როლს გასაგებს გახდიდა. ალკოჰოლდამოკიდებული, წარუმატებელი, რუსეთის იმპერიალისტური მიზნებისთვის შეუსაბამო (ამას მოწმობს რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში, მცირერიცხოვან, სათანადო შეიარაღების არმქონე ქვეყანასთან დამარცხება) პრეზიდენტი გაურკვევლობით გამოწვეულ სასოწარკვეთას კიდევ უფრო ამძაფრებდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰომო სოვიეტიკუსის კლასიკური მაგალითი, სუკ-ის (საბჭოთა უშიშროების კომიტეტი) ყოფილი აგენტი, ვლადიმირ პუტინი. ლიდერი, რომელიც არ სვამდა, საბჭოთა „დიდების“ დღეებს პატივს მიაგებდა, გამოირჩეოდა ფიზიკური სიძლიერით, მისდევდა ძიუდოს, ცხოვრობდა ჯანსაღი ცხოვრების წესით, საკუთარ პოლიტიკურ პოზიციაში და სათქმელში ხისტი და პირდაპირი იყო.
საბჭოთა ათწლეულებს მიჩვეული ადამიანებისთვის, რომლებსაც ხსნა ლიდერებში ესახებოდათ, პუტინი სათაყვანებელ ფიგურად იქცა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ თავად პუტინს საბჭოთა იდეის დღემდე სჯერა და სრულად უგულებელყოფს ახალი დროის გამოწვევებს.
კრისტოფ ნაიდჰარტი, შვეიცარიელი ჟურნალისტი, რომელიც 80-იანი წლებიდან მუშაობდა საბჭოთა კავშირის საკითხებზე, შემდგომ კი რუსეთში კორესპონდენტი იყო, 2006 წელს წერდა: „პუტინი საბჭოთა გადმონაშთია, ყავლგასული დროის კარგად შემონახული ნიმუში, ძველი საბჭოთა ტვინი 50-ს გადაცილებულ ჯანსაღ სხეულში. მისი მეტყველებაც კი საბჭოთა დროის გამოძახილია — როცა კომუნიკაცია მიმართული იყო ძალაუფლების ფასადის შენარჩუნებისკენ და არა სიმართლის, ფაქტების, განზრახვების გამოაშკარავებისკენ“.
პუტინმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო საბჭოთა მეთოდების, ნარატივების, იდეალების გაცოცხლება, „თაროდან გადმოღება“. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით გააქტიურდა მისი პრეზიდენტობის მეორე პერიოდში, როცა მის ხელახალ არჩევას საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. სუკ-ის ყოფილმა აგენტმა ჯერ „უცხოეთის აგენტების“ კანონი განაახლა, ბავშვებში “ლგბტ პროპაგანდის” ამკრძალავი კანონი მიიღო, ახლახან კი აღნიშნული კანონი ჩასწორდა და “პროპაგანდა” ყველა ასაკს მოიცავს. პუტინმა ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო აშკარა მარწუხებში მოაქცია თავისუფალი მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ქვეყანაში ინფორმაციული ვაკუუმი შექმნა. შედეგად, ჟღერდება მხოლოდ ის სათქმელი, რაც ხელისუფალს აწყობს.
თამარ თოლორდავას თქმით, პუტინის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ისევ ქვიარ ადამიანებისგან „მტრის ხატის“ შექმნაა, რაც რთული სულაც არ იყო, რადგან „ეს მეხსიერება“ საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანებისთვის კიდევ ცოცხალია.
„ანტი-ლგბტქი პროპაგანდა ორი მიმართულებით მუშაობს — ერთი მხრივ, დასავლეთისგან დაცვის, ოჯახის სიწმინდის იდეის გატარება, ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულების ნარატივების განმტკიცება ხდება, მეორე მხრივ, შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც რეალურად არარსებული პრობლემა, ყურადღების გამოგონილი მტრებისკენ მიმართვა, რათა გადაიფაროს ისეთი საკანონმდებლო თუ პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმს გააძლიერებს“, — ამბობს თამარ თოლორდავა.
რუსეთის ლგბტ ქსელის პრესსპიკერის თქმით, „რუსეთში ისევ არსებობს „ნორმალური“ ადამიანების უფლებებისა და ლგბტ უფლებების“ გამიჯვნა, რაც პროპაგანდის მიზნებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. იგივე განწყობები სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც გვხვდება და ლგბტქი ადამიანების თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლა „პრივილეგიებისთვის“ ბრძოლად არის აღქმული.
კრემლის მეგობრები
რუსეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებული საომარი მოქმედებების შიშებს, მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნის აუცილებლობას, ერთიანობის დაკარგვის საფრთხესა და ეროვნული იდენტობის გადარჩენის მისწრაფებას იყენებს. საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის მეხსიერებაა, რასაც 2008 წლის აგვისტოს ომის ახალი გამოცდილებაც ემატება. სომხეთ-აზერბაიჯანისთვის კი, ეს მტკივნეული თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია.
ამასთან, იმაში დასარწმუნებლად, რომ ომის ჭრილობები არ მოშუშდება, ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიში არ გაფერმკრთალდება, პუტინის რუსეთს „მეგობრები“ ყველა საბჭოთა ქვეყანაში ჰყავს — პოლიტიკური ფიგურები, პარტიები, ძალადობრივი, რადიკალური დაჯგუფებები თუ საეკლესიო პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად რუსულ საქმეს აკეთებენ, ხალხის ყურადღების გატანას რეალური პრობლემებიდან გამოგონილისკენ ცდილობენ და ევროპისა და ამერიკის მისამართით მტრული დამოკიდებულების განმტკიცებაზე მუშაობენ.
თამარ თოლორდავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი კავშირების დადასტურებით გამოვლენა რთულია, არსებობს ნიშნები, რომლებიც აღნიშნული აქტორების რუსულ სივრცესთან ბმას ცხადყოფს.
„ჰომოფობიურად განწყობილი აქტორების რუსულ გავლენებთან ბმა ბევრი დეტალით ხდება საცნაური. მათ შორის, აღსანიშნავია ლინგვისტური ბმა. მაგალითად, სიტყვა “ლიბერასტი”, რომელსაც რატომღაც არ ვაკავშირებდი რუსეთთან, დამკვიდრებულია სწორედ რუსული სივრციდან. იგივე შეიძლება ითქვას ჰომოფობიურ ტერმინებზე, რომლებსაც ქვეყანაში იყენებენ — მათი უმეტესობის გამოყენება იწყება რუსეთში და შემდეგ მკვიდრდება ჩვენთანაც. ალტ-ინფოზე [ულტრა-მემარჯვენე, ძალადობრივი დაჯგუფება საქართველოში, რომელსაც საკუთარი პარტია და მედია აქვს და რომელიც იყო 2021 წლის 5 ივლისს ლგბტქი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის შემსრულებელი] თუ ვისაუბრებთ, ისინი სტუმრობენ რუსეთს, ხვდებიან პოლიტიკოსებს, ილია მეორეს [საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი] აქვთ კავშირები რუსულ სივრცესთან, შეხვედრებს მართავენ. შეიძლება 100%-ით დადასტურება გაგვიჭირდეს, თუმცა ქმედებები, ტერმინები, იდეები, რომლების გავრცელებასაც ცდილობენ, ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივს, რაც მიანიშნებს, რომ ისინი არიან ინსტრუმენტი პუტინის ხელში“, — აღნიშნავს თამარ თოლორდავა და ამბობს იმასაც, რომ რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის მაინც არსებობს სხვაობა — „რუსეთში ეკლესია არ არის დამოუკიდებელი აქტორი, ის ზუსტად იმეორებს პუტინისთვის ხელსაყრელ იდეებს, ეს პუტინის მართვის ერთ-ერთი ელემენტია. საქართველოში კი, ეკლესიას მუდმივად აქვს ამბიცია, რომ იყოს დამოუკიდებელი აქტორი, რომელიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ახდენს. შეიძლება ვთქვათ ის, რომ ქართული ეკლესია რუსულის კარნახით მოქმედებს, თუმცა ის როლი, რაც ქვეყნის შიგნით აქვთ, განსხვავებულია“.
სომხეთში, ხელისუფლების უმოქმედობა იმ დროს, როცა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ხდება, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და საზოგადოებაში ძალმომრეობას ლეგიტიმაცია ეძლევა. ხელისუფლების უმოქმედობის, მეტიც, ჰომოფობიური განწყობების ერთ-ერთი მაგალითი 2018 წლის აგვისტოში, აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევაა. აქტივისტებს 30-მდე კაცი დაუპირისპირდა, იყენებდნენ ჰომოფობიურ ტერმინებს და აჟღერებდნენ მუქარებს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.
პოლიციამ თავდამსხმელები დაკითხა, მაგრამ იმავე წლის ნოემბერში ნაწილს ამნისტია შეეხო, ნაწილი კი საერთოდ არ დასჯილა.
ჰომოფობიური ნარატივების გავრცელების მთავარი საშუალება კი ულტრა-მემარჯვენე, რადიკალური ჯგუფები არიან, მათ შორის გამორჩეულია დაჯგუფება „ადეკვატი“. დაჯგუფებამ აქტიურობა ფეისბუკ ჯგუფიდან დაიწყო და იმ დღიდან დღემდე, როცა უკვე პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბეს, ავრცელებენ ევროპისა და ამერიკის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას, კონსპირაციის თეორიებს და მხარდამჭერების მობილიზებას „გეი პროპაგანდის“ შესახებ განცხადებებით, ქრისტიანობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის იდეებით ცდილობენ.
აზერბაიჯანში მდგომარეობა განსხვავებულია — პოლიტიკური პირები, მათ შორის, ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი გენდერულ სტერეოტიპებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს ევროპის დემონიზებისთვის იყენებს.
„სად გვინდა ინტეგრაცია — მათთან, ვინც კაცსა და ქალს შორის განსხვავებას ვერ ხედავს? არ მინდა უფრო ღრმად საუბარი. ჩვენ სულაც არ გვინდა იქ ინტეგრაცია“, — განაცხადა ალიევმა 2019 წელს.
ამასთან, OC Media-ს ონლაინ მოკვლევის შედეგად ჩანს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების 88% პრო-სახელისუფლებო მედია გამოცემებზე მოდის.
როგორ ვრცელდება რუსული ნარატივები საქართველოში
საქართველოში ჰომოფობიური, პოპულისტური განცხადებები მეტწილად ხელისუფლების წარმომადგენლების ხელწერაა. 2021 წელს, პრაიდის კვირეულისას რადიკალური დაჯგუფებების წევრები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს, იქამდე ხალხის მობილიზებას ალტ-ინფოს ეთერით ცდილობდნენ და ძალადობრივ მოწოდებებს აჟღერებდნენ. აღნიშნულის გაკრიტიკების და მარშის დაცვის გარანტიების ნაცვლად, ღარიბაშვილმა გააჟღერა, რომ უმცირესობის ძალადობრივი ხელწერით გადაწყვეტილებების მიღება წარსულს ჩაბარდა და “ქართული ოცნების” ხელისუფლება ანგარიშს უმრავლესობას გაუწევდა.
„როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ… ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს. ისე აღარ იქნება, როგორც უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როდესაც მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ძალადობრივი მოწოდებების შესახებ არაერთი ვიდეომტკიცებულება არსებობს, თავდასხმის არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დასჯილა. მეტიც, ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო განწყობები კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა მაშინ, როცა ქართულმა ოცნებამ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსეთისთვის ხელსაყრელი კანონის მიღება სცადა, რომელიც პუტინის რუსეთის მიერ განვლილი გზის ანალოგია. აღნიშნულ პროცესს მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომლის ჩახშობა წყლის ჭავლით, გაზითა და წიწაკის სპრეით სცადეს. თუმცა, საბოლოოდ გაუნელებელი პროტესტის გამო, კანონის გაწვევა მოუწიათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობრივი, პრორუსული ალტ-ინფოს წევრებმა საქართველოს პარლამენტში სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ლგბტქი საჯარო ღონისძიებებისა და მანიფესტაციების აკრძალვას გულისხმობს.
ახლახან, სახელისუფლებო ტელევიზიის, იმედის ეთერში Gallup-ის კვლევის შესახებ სიუჟეტი უჩვენეს, რომლის მიხედვით, აშშ-ში სულ უფრო მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც ლგბტქი თემის წევრად იდენტიფიცირდება. სიუჟეტში მოცემულობა, რომელიც ადამიანის უფლებების განმტკიცებამ განაპირობა, წარმოჩენილია როგორც გეი პროპაგანდის შედეგი. ამასთან, სიუჟეტში გამოყენებულია მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის კომენტარი, რომელიც ამბობს, რომ „გეი პროპაგანდა“ იწვევს ამ რიცხვის ზრდას.
„უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა და ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა… როგორც გამოჩნდა ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის შედეგებში, პროპაგანდას მოაქვს ასეთი შედეგები, რომ რაოდენობა შეიძლება იზრდებოდეს ამის გამო“, — განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა.
რუსეთი სამხრეთ კავკასიას ჰომოგენურ სივრცედ აღიქვამს და ცალკეულ ქვეყნებში არსებული ინფორმაციული დასაყრდენის გარდა, ერთიან პროპაგანდის ქსელსაც იყენებს, რომელში შემავალი მედია საშუალებები თუ „კვლევითი ორგანიზაციები“ სომხურ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე ერთი და იმავე შინაარსის მასალებს ავრცელებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა პრორუსული ინფორმაციის გავრცელების ხერხები და ფორმები იკვლია. ვრცელი ანალიტიკური მასალიდან სამაგალითოდ სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი შეიძლება გამოდგეს.
„დაკვირვებამ აჩვენა, რომ რუსული პროპაგანდის ქსელი, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში არსებულ ორ საიტს იყენებს. სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტი კვლევით ცენტრად პოზიციონირებს, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება, რაც წარმომავლობას საეჭვოს ხდის. ორი საიტიდან ერთი ქართულ და სომხურ ენებზეა, ხოლო მეორე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე… პოლიტიკური სტატიები, რომლებიც ქართულენოვან საიტზე ქვეყნდება ანტი-ამერიკულია, სომხური და აზერბაიჯანული მასალები კი, ძირითადად, პრო-რუსული“, — ვკითხულობთ ISFED-ის კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ძირითადად ერთი და იმავე, თანამკვეთი მეთოდებით შრომობს, ILGA Europe-ის ყოველწლიურ ლგბტქი უფლებრივ რუკაზე განსხვავებული შედეგები გვხვდება, რაც ადგილობრივი ლგბტქი ორგანიზაციების მუშაობით, საკანონმდებლო განსხვავებებით, დანაშაულების გამოძიების კოეფიციენტით თუ რელიგიური განწყობებით უნდა იყოს ნასაზრდოები.
მაგალითისთვის, 2022 წლის ევროპის რუკაზე, ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით აზერბაიჯანი ბოლო 49-ე ადგილს იკავებს, 47-ე ადგილზეა სომხეთი, საქართველო კი 34-ეზე. რუსეთი აღნიშნულ რუკაზე 46-ე ადგილზეა.
საბჭოთა არქივების გახსნა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრები ქვიარ ადამიანების გამოცდილებების საზოგადოებამდე მიტანა კიდევ უფრო ნათლად გააშიშვლებს, როგორ შეიქმნა მტრის ხატი და პუტინის რუსეთის საბჭოთა წრეზე ტრიალიც უფრო ცხადად აღქმადი გახდება.
თამარ თოლორდავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, უკრაინის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა ვეღარ მუშაობს.
„თითქოს, არარსებულ მტერთან ბრძოლის მეთოდი გაცვდა. გამოიყენა ერთხელ — გაუმართლა, გამოიყენა მეორედ — ისევ გაამართლა, მაგრამ ახლა, უკრაინის შემთხვევაში, ეს მეთოდი უკვე აღარ ამართლებს“, — ამბობს საუბრის დასასრულს თამარ თოლორდავა.
აღნიშნული მასალა მომზადდა ლგბტქი+ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit-ის მხარდაჭერით.
გამოყენებული წყაროები:
Gay life in Stalin’s Gulag — openDemocracy
The inner lives of queer comrades in early Soviet Russia — openDemocracy
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.
მათი მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული კანონპროექტი შეიმუშავეს, „გამჭვირვალობაა“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ ითვლება ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს. აღნიშნულ სიაში არ აღმოჩნდებიან მხოლოდ ერთეულები.
კანონპროექტის ღიად მხარდამჭერი ქართული ოცნება და ე.წ. ხალხის ძალა საუბრობენ დოკუმენტის კავშირზე ამერიკულ და უნგრულ ვერსიასთან და არ ეთანხმებიან აზრს, რომ ინიციატივას კავშირი აქვს რუსულ ვერსიასთან. უმრავლესობის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა გასათვალისწინებელია საზოგადოების დამოკიდებულება უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რასაც მკვეთრად გააუარესებს მათი დაკავშირება, გაიგივება უცხოეთის ინტერესებთან, აგენტურასთან. თანაც, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო ერთი ხელის მოსმით თითქმის არასდროს ახშობს თავისუფალ ხმას — ეს არის ხანგრძლივი ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რეგრესირდება და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აფერხებს სოციალური, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარების პროცესს, აუარესებს ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და საბოლოოდ ხელისუფლებების ხელში მძლავრ მაკონტროლებელ იარაღად იქცევა.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთშიც ფინანსური გამჭვირვალობის საბაბით მიიღეს და მას შემდეგ განვლილ 10 წელზე თვალის გადავლებით ნათელი ხდება, როგორ მკაცრდებოდა, უარესდებოდა საკანონმდებლო ჩარჩო და საბოლოოდ როგორ მივიდა მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებამდე.
როგორ იწყებოდა ყველაფერი რუსეთში
რუსეთში არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის საშიში ტენდენცია ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა სამართლებრივ აქტებში გაჩნდა დამატებები, რომლებიც ორგანიზაციების რეგისტრაციასა და საქმიანობას ფართო, ბუნდოვნად განსაზღვრულ ჩარჩოს უწესებდა. მათ შორის, ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გაფართოვდა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რეგისტრაციაზე უარს მიიღებდა ორგანიზაცია, რომლის მიზნები და ამოცანები რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ერთობას, უნიკალურ მახასიათებლებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. ამასთან, ორგანიზაციები ვალდებულნი გახდნენ, ყოველწლიური აუდიტის შედეგები, ფონდებისა და აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში, დაფინანსების წყარო და მიზნები, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აღერიცხათ და წარედგინათ. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება მიეცათ, გამართულ ღონისძიებებს სურვილისამებრ დასწრებოდნენ.
2009 წელს, მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა რუსეთს ეწვია, რათა ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეეფასებინა, კანონი მცირედით შერბილდა. მათ შორის, უარის თქმის კანონით განსაზღვრული საფუძვლებიდან ნაწილი ამოიღეს და ორგანიზაციებს აუდიტის წარდგენის ვალდებულება 3 წელში ერთხელ განესაზღვრათ.
2012 წელს, როცა პუტინი 4-წლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა, რასაც მასობრივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, არასამთავრობო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები რადიკალურად გამკაცრდა. იმავე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა დამატებები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც „პოლიტიკურ აქტივობებში“ მონაწილეობდნენ, უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა. „პოლიტიკური აქტივობების“ ბუნდოვანი შინაარსი, რომელიც ცხადად განსაზღვრულ ქმედებებს არ გულისხმობდა, შესაძლებლობას ქმნიდა, რომ ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდნენ, „უცხოეთის აგენტად“ სახელდებულიყვნენ.
სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, „უცხოეთის აგენტებს“ კანონით დაევალათ შემდეგი:
- კვარტალური ფინანსური ანგარიშის წარმოება განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების შესახებ და ყოველწლიური აუდიტის წარდგენა;
- დოკუმენტების წარმოება, რომლებშიც აღწერილი იქნებოდა ორგანიზაციის მმართველი ორგანოს შემადგენლობა და ნახევარ-წლიური აქტივობები;
- გეგმური აუდიტის წარდგენის ყოველწლიური ვალდებულების მიუხედავად, „უცხოეთის აგენტების“ დაუგეგმავი აუდიტი შეიძლება დაუგეგმავად, შეუზღუდავი რაოდენობით განხორციელებულიყო;
- პოლიტიკური აქტივობები უნდა შეთანხმებულიყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სანამ ორგანიზაციას მათში მონაწილეობის უფლება მიეცემოდათ;
- “უცხოეთის აგენტად” რეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეეზღუდებოდათ საჯარო დემონსტრაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშებზე წვდომა და დაეკისრებოდათ ჯარიმა 300 ათას რუბლამდე (დღევანდელი კურსით დაახლოებით 10 500 ლარი) ან თანამშრომლებს დაემუქრებოდათ პატიმრობა 2 წლამდე ვადით;
- 200 ათას რუბლზე (7 ათასი ლარი) მეტი ოდენობის დონაცია სავალდებულო მონიტორინგს დაექვემდებარებოდა;
- გარდა ამისა, „უცხოეთის აგენტები“ ვალდებულნი გახდნენ, მედიაში, ინტერნეტში ნებისმიერი მასალა შესაბამისი მითითებით გამოექვეყნებინათ;
- ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევებზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ფედერალური სააგენტოს იურისდიქცია გავრცელდა.
„პოლიტიკური აქტივობის“ საკანონმდებლო განმარტება მოიცავდა ხელისუფლების დღის წესრიგზე გავლენასა და ამ დღის წესრიგის შესახებ საზოგადოებრივ აზრის შეცვლის მცდელობას. აღნიშნული სამართლებრივი გაგება ფაქტობრივად ფარავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვითი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თუ სოციალური ორგანიზაცია ცდილობს, ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღება მიმართოს გამოწვევებისკენ და, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებების მიმღებებს დღის წესრიგის გადახედვისკენ მოუწოდოს.
„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისებსაც, მათ შორის, ღონისძიებებს, რომლებიც მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის, სოციალური ასისტირების, დედებისა და ბავშვების დაცვის, შშმ პირების მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, ფილანთროპიის, მოხალისეობის საკითხებს მოიცავდა. თუმცა, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებსაც კი არ ჰქონდათ აბსოლუტური იმუნიტეტი — მაგალითად, თუ გარკვეულ საკითხზე ორგანიზაცია ხელისუფლებას გააკრიტიკებდა, საპროტესტო დემონსტრაციას დაგეგმავდა ან პოლიტიკური პროცესის კრიტიკის სხვა ხერხს მიმართავდა, მისი სტატუსი განისაზღვრებოდა, როგორც “პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული”.
Amnesty International-ის 2016 წლის კვლევაში, სახელწოდებით “ხალხის აგენტები: 4 წელი რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან: საზოგადოებისთვის დამდგარი შედეგი”, აისახა 15 არასამთავრობო ორგანიზაციის გართულებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც „უცხოეთის აგენტების“ სიაში აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კვლევაში ნახსენები არაერთი ორგანიზაცია სწორედ გამონაკლისი მიმართულებების სიაში იყო, მათ შორის, გარემოსდაცვით თუ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან.
კვლევის თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ სიაში პირველ 4 წელში მოხვდა სულ მცირე 21 გარემოსდაცვითი, 10 მეცნიერების, განათლების პოპულარიზაციის ხელშემწყობი და კვლევით საქმიანობაში ჩართული ორგანიზაცია და 6 საგანმანათლებლო წამოწყება, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის შემონახვას ისახავდა მიზნად. სიაში ფოტოგრაფიის კლუბიც კი აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ორგანიზაციების, რომლებიც წესით გამონაკლისის სახით „უცხოურ აგენტად“ არ უნდა ჩათვლილიყვნენ. რა თქმა უნდა, სიის მიღმა არ დარჩნენ ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც პატიმრების უფლებებს იცავდნენ, წამებისგან დაცვისთვის სწევდნენ ძალისხმევას. გარდა ამისა, სიაში მოხვდა სულ მცირე 6 ქალთა უფლებების დაცვის, 12 ჟურნალისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის, 8 მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობითი, 2 ლგბტქი, 2 მიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების დიდი ნაწილი, მიუხედავად სამართლებრივი დათქმისა, სიაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა და არა მათი პოლიტიკური აქტივობის გამო.
შედეგად, კანონის გამკაცრებიდან კვლევის მომზადებამდე გასულ 3 წელში (2012-2015 წლები) უცხოეთის აგენტად რეგისტრირებული 148 ორგანიზაციიდან 27 დაიხურა. ორგანიზაციებისთვის გამოწვევად იქცა ფონდების მოძიება და მათი სამოქმედო არეალი მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რადგან მთელი რიგი აკრძალვები გაჩნდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუარესდა საზოგადოებრივი განწყობაც.
Amnesty International-ის რუსული ოფისის იმდროინდელი დირექტორის, სერგეი ნიკიტინის თქმით, რუსეთის შორსმიმავალ ინტერესებში კრიტიკული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები არ შედიოდა. მათ სახელისუფლებო უწყებებზე მიბმული ორგანიზაციები აწყობდათ.
„უცხოეთის აგენტების“ კანონი იმისთვის შეიქმნა, რომ შეებოჭა, სტიგმა გაეძლიერებინა და საბოლოოდ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები გაეჩუმებინა“, — აღნიშნავს სერგეი ნიკიტინი.
2017 წლიდან, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, პუტინმა პირდაპირი თავდასხმა დაიწყო თავისუფალ მედიაზეც.
პირდაპირი თავდასხმა მედიაზე
მედიის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ყველა უცხოური მედია შეიძლებოდა „უცხოეთის აგენტთა“ სიაში შეეყვანათ და მათთვისაც იგივე შეზღუდვები დაეწესებინათ, რაც იქამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ. „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭების მთავარ კრიტერიუმად უცხოური დაფინანსება იქცა. „უცხოეთის აგენტი“ მედიები ვალდებულები გახდნენ, რომ გამოქვეყნებული მასალებისთვის შესაბამისი იარლიყი დაერთოთ:
„მოცემული გზავნილი (მასალა) შეიქმნა ან / და ვრცელდება უცხოური მედია ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს, ან / და რუსული იურიდიული პირის მიერ, რომელიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებს“.
გარდა კვარტალური დაწვრილებითი ფინანსური ანგარიშების წარდგენის ტვირთისა, ცვლილებამ მედია ორგანიზაციებს დამატებითი გამოწვევებიც შეუქმნა — გართულდა ურთიერთობა პოლიტიკურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თუ რიგით რესპონდენტებთან, რომლებსაც არ სურდათ, რაიმე ფორმით დაკავშირებული ყოფილიყვნენ „უცხოეთის აგენტებთან“.
კანონი სულ უფრო მკაცრდებოდა და მალე საფრთხე შეექმნა ზოგადად ყველა დამოუკიდებელ მედია გამოცემას. უცხოური დაფინანსების დათქმაც კი იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერი სახის აქტივობა, იქნებოდა ეს საერთაშორისო შეხვედრებზე უცხოური ფინანსებით დასწრება თუ უცხოეთში მცხოვრები ადამიანისგან მიღებული ფინანსური სარგებელი, “აგენტად” შერაცხვის მიზეზად იქცა.
2019 წლიდან „უცხოეთის აგენტების“ კანონი გავრცელდა ინდივიდებზეც და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები სიაში აღმოჩნდნენ. 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ნავალნის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა, კანონი კიდევ გაფართოვდა და ნებისმიერი იმ გამოცემის დაჯარიმების შესაძლებლობა გაჩნდა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ მასალებს გააზიარებდა და არ დაურთავდა მათ სტატუსს.
International Press Institute-ის თანახმად, „2021 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 1500 აქტივისტი და ჟურნალისტი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. 100-ზე მეტი იურიდიული პირი და ინდივიდი გამოცხადდა მედია ორგანიზაციად, რომელიც „უცხოური აგენტი“ იყო. ქვეყანაში დარჩენილები კი ხშირად იძულებულები იყვნენ, რომ თვითცენზურისთვის მიემართათ, რათა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ“.
2022 წელს, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ომის გამოცხადების შემდეგ, პუტინისთვის ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ კანონი კიდევ ერთხელ გაფართოვდა.
უცხოეთის აგენტად გამოცხადების საფუძველი მხოლოდ უცხოური დაფინანსება კი არა, უბრალოდ „უცხოური გავლენის“ ქვეშ ყოფნაც გახდა. გარდა ამისა, დაიწყო ცალკე სიის წარმოება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „უცხოეთის აგენტებთან არიან დაკავშირებული“. აღნიშნული სია მოიცავს „აგენტი“ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ლიდერს, მონაწილეს, წევრს, დასაქმებულს, ასევე, ადამიანებს, რომელთაც დაფინანსება მიუღიათ „უცხოეთის აგენტებისგან“.
ახალი ცვლილებებით კიდევ უფრო გაფართოვდა პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელობაც. მაგალითად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაცია ავტომატურად პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულად ითვლება. იმ გამონაკლის მიმართულებებსაც კი, რომლებიც 2012 წლის შესწორებებით განისაზღვრა, სპეციალური მითითება დაემატა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებთან, სამოქალაქო სამართალთან, რუსეთის ფედერაციასთან და კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა ღირებულებებთან წინააღმდეგობის გამორიცხვას.
რა ხდება რუსეთში ახლა და რა შეიძლება მოხდეს საქართველოში?
ამ დროისთვის რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ სიაში 637 სუბიექტია, მათ შორის, 81 არაკომერციული ორგანიზაცია, 190 უცხოური მედია და ინდივიდი, 11 დაურეგისტრირებელი ასოციაცია, 62 ინდივიდი და 77 არასასურველი ორგანიზაცია.
მხოლოდ 2021 წლის შემდეგ 12 მედია საშუალება, 56 ჟურნალისტი და 12 არაკომერციული ორგანიზაცია გამოცხადდა „უცხოეთის აგენტად“.
პუტინის რუსეთში თავდაპირველად კანონის მიღების მიზეზად ფინანსური გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა დაასახელეს, თუმცა ნათელია, რომ რამდენიმე ვადით პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულ პუტინს საწინააღმდეგო პროტესტების ჩახშობა, სამოქალაქო საზოგადოების გაკონტროლება, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება და ყველაზე მთავარი — საზოგადოებრივი აზრის შეცვლა სურდა. 2012 წლიდან დღემდე გასული 10 წელზე მეტი აჩვენებს, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა შეძლო და არასამთავრობო სექტორისთვის მუშაობა შეუძლებელი ან / და სარისკო გახადა.
რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი აზრი „უცხოეთის აგენტებთან“ დაკავშირებით სწორედ იმგვარია, როგორიც პუტინს სურს.
კითხვაზე, რა ასოციაციები გაქვთ ფრაზაზე „უცხოეთის აგენტი?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- ნეგატიური, უსიამოვნო ასოციაციები — 15%
- ჯაშუში — 14%
- სამშობლოს მოღალატე — 7%
- მტერი / ხალხისა და სახელმწიფოს მტერი — 6%
- სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება — 4%
- ფულის უცხოეთიდან მიღება — 3%
- რუსეთის წინააღმდეგი / მტერი — 3%
- უცხოეთის დაზვერვა / საიდუმლო სამსახური — 3%
- შევიწროება / დევნა სახელმწიფოს მხრიდან — 2%
- ხელისუფლების წინააღმდეგ / ოპოზიცია / დისიდენტი — 2%
- მედია / ჟურნალისტები — 2%
- ხელისუფლების დამხობის მცდელობა — 2%
- უცხოელი / სხვა ქვეყნის მოქალაქე — 2%
- პოზიტიური ასოციაცია / დადებითი დამოკიდებულება — 2%
- ასოციაციის არქონა — 11%
- სხვა — 5%
- მიჭირს პასუხის გაცემა —24%
რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან გავლილი 10 წელზე მეტი — ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციების დახურვის ფაქტები, ქვეყნიდან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წასვლა, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის „უცხოეთის აგენტის“ მარკერით მონიშვნა უარყოფით, მოღალატეობრივ ასოციაციებს იწვევს ან საფრთხისშემცველ წარმოდგენებს აღძრავს და შედეგად დამდგარი რეალობა, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდაზე, გაყალბებულ ინფორმაციაზე დგას მხოლოდ მცირედ წარმოდგენას იძლევა იმ სახიფათო გზაზე, რომელსაც საქართველო ახლა გადის. პუტინის რუსეთმა არასამთავრობო სექტორისა და მედიის გაჩუმების ათწლოვანი (უფრო მეტი, თუ ამ ათვლას 2006 წლიდან დავიწყებთ) გზა გაიარა, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვას, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 10 წლის შემდეგ?
გამოყენებული მასალები: International Press Institute / Amnesty International / Inoteka / Freedom House
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
წინა კვირაში, 24 ნოემბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ — რუსეთის ფედერალური კრების ქვედა პალატამ — მხარი დაუჭირა კანონს ლგბტქი „პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ.
ახალი კანონი კრძალავს ნებისმიერ რეკლამას, მედიას, წიგნს, ფილმსა თუ თეატრალურ დადგმას, რომელიც ჰომოსექსუალობის „პროპაგანდად“ მიიჩნევა, ასევე, ყველა მოქალაქეს უკრძალავს ბავშვებისთვის პედოფილიასა და გენდერულ ტრანზიციებზე ინფორმაციის მიწოდებას.
ეს ზომა მნიშვნელოვნად ზრდის ლგბტქი თემის რეპრესიას რუსეთში და აფართოებს 2013 წლის კანონს, რომლითაც ბავშვებსა და არასრულწლოვანებში ლგბტქი „პროპაგანდის“ გავრცელება აიკრძალა.
ისეთი მასალების გავრცელება, რომლებიც ლგბტქი უფლებებს, არაჰეტეროსექსუალურ სექსუალობასა და გენდერულ იდენტობას ეხება, დაისჯება ფულადი ჯარიმით 400 000 რუბლამდე (~₾17 800), ან 5 მილიონ რუბლამდე (~₾222 000) იურიდიული პირებისთვის. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ.
კანონი ჯერ კიდევ არ არის ძალაში შესული. ის უნდა გადაეცეს პარლამენტის ზედა პალატას, ფედერალურ საბჭოს, შემდეგ კი მას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა მოაწეროს ხელი. თუმცა, პრეცედენტით თუ ვიმსჯელებთ, ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები არ უნდა წარმოიშვას.
უფლებადამცველების თქმით, ეს კანონი გაზრდის ცენზურასა და ჰომოფობიას რუსეთში და ლგბტქი თემს „მიწისქვეშეთში“ გადასვლას აიძულებს. LGBT Network-მა კანონს ლგბტქი თემის დამცირებისა და დისკრიმინაციის „აბსურდული“ მცდელობა უწოდა.
წყარო: Euronews
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
ქალთა საკალათბურთო ასოციაციის ათლეტები WNBA-ის დაბალი ანაზღაურების გამო აშშ-ის სპორტული კალენდრის ნაკლებად აქტიურ თვეებს საზღვარგარეთ ატარებენ და დამატებით შემოსავალს ასე გამოიმუშავებენ. ბრიტნი გრაინერი, ამერიკული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ღიად ლესბოსელი ათლეტი რუსეთში სათამაშოდ მიდიოდა, როცა აეროპორტში მარიხუანას დიდი ოდენობით გადატანისთვის დააკავეს. ის რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პარალელურად აშშ-თან დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობის ერთგვარ განტევების ვაცად იქცა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აღნიშნულმა შემთხვევამ ქალთა საკალათბურთო ასოციაციის სხვა ვარსკვლავები დააფიქრა, როგორ უნდა განსაზღვრონ ის ქვეყნები, სადაც უსამართლო მოპყრობა არ ემუქრებათ.
ასევე წაიკითხეთ: ბრიტნი გრაინერი: გაბედული ლესბოსელი კალათბურთელი, რომელიც პოლიტიკურ ტყვედ იქცა
გასულ ათწლეულებში რუსეთი WNBA-ის ვარსკვლავებისთვის საინტერესო მიმართულება იყო, რადგან ამ ქვეყანაში ანაზღაურება $1 მილიონსაც კი აჭარბებდა, მაგრამ ახლა აღნიშნული პრიორიტეტი შეიცვალა.
“გულწრფელად რომ გითხრათ, რუსეთში შესანიშნავ დროს ვატარებდი, მაგრამ განსაკუთრებით ახლა, როცა ბრიტნი გრაინერი ისევ უსამართლოდ არის დაკავებული, იქ არავინ წავა, სანამ მას სახლში არ დააბრუნებენ. ათლეტებს საზღვარგარეთ წასვლა უნდათ, მაგრამ როცა ანაზღაურება მნიშვნელოვნად განსხვავებული არაა, უკეთესი ქვეყნის მოძებნა სჯობს”, — აღნიშნავს ბრიანა სტიუარტი, ბრიტნის თანაგუნდელი.
სტიურატი მსოფლიო თასის შემდეგ თურქეთში გაემგზავრება და ფენერბახჩესთვის ითამაშებს — აღნიშნული კლუბის წამყვანი ათლეტები ასიათასობით დოლარს გამოიმუშავებენ, მაგრამ ეს ბევრად ჩამორჩება რუსეთში არსებულ ანაზღაურებას. ბრიანას თქმით, ასე ესპანეთში მცხოვრები ცოლის ოჯახთანაც უფრო ახლოს იქნება და მათ მონახულებას შეძლებს.
რუსეთში წასვლას არ აპირებენ ჟონკელ ჯოუნსი და კორტნი ვანდერსლუტიც, ასევე 10-12 სხვა კალათბურთელი, რომლებმაც გასული ზამთარი რუსეთში გაატარეს.
ვანდერსლუტი ზამთრის სეზონს მშობლიურ ქვეყანაში, უნგრეთში გაატარებს. ამის მიზეზიც გრაინერის ირგვლივ განვითარებული ამბებია.
“რუსული კლუბი კარგად გვეპყრობოდა, უამრავი კარგი ურთიერთობაც მახსოვს და ამ კარის დახურვაც არ მინდოდა, მაგრამ ბრიტნი გრაინერთან დაკავშირებული მთელი ეს ამბები მაფიქრებინებს, რომ იქ წასვლა უსაფრთხო არავისთვის არის”, — აღნიშნავს ვანდერსლუტი.
სტიუარტის მსგავსად, ზამთრის სეზონს ჯოუნსიც თურქეთში გაატარებს და მერსინისთვის ითამაშებს. მისი თქმით, რუსეთში გამგზავრებას იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვლება და გრაინერი აშშ-ში დაბრუნდება.
WNBA ცდილობს, ნაკლებად აქტიური სეზონებისას ათლეტების ამერიკაში დარჩენა უფრო მიმზიდველი გახადოს და წამყვანი მოთამაშეების ანაზღაურებამ, სარეკლამო კამპანიებში ჩართვამ თუ დაჯილდოებების ბონუსებმა შესაძლოა $700 ათასამდე მიაღწიოს. თუმცა, ეს ცვლილებები მხოლოდ ერთეული კალათბურთელებისთვის იქნება მიმზიდველი, სხვებს კი ისევ სხვა ქვეყნებში გამგზავრება მოუწევთ.
წყარო: ESPN
Don't Miss
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა
24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და
რუსეთი არასრულწლოვანებში „ლგბტ პროპაგანდის“ გავრცელებისთვის ჯარიმის გაორმაგებას განიხილავს, ხოლო ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ლგბტქი საკითხების შესახებ იქნება, ადმინისტრაციულ გადაცდომად ჩაითვლება.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ორგანიზაციების მიერ „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ არასრულწლოვნებისთვის წარდგენისთვის ჯარიმა 2 მილიონი რუბლი (92 000 ლარი) გახდება, ხოლო ონლაინ და მედიით გავრცელებული მასალებისთვის ჯარიმა 5 მილიონ რუბლს მიაღწევს.
„ლგბტ პროპაგანდის“ ინდივიდუალური შემთხვევებისთვის ჯარიმა 400 ათას რუბლამდე იქნება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, ქვეყნიდან დეპორტაცია დაემუქროთ.
რუსი კანონმდებლები „გეი პროპაგანდის“ არამხოლოდ არასრულწლოვნებს შორის, არამედ ზრდასრულებს შორის გავრცელებაზე ჯარიმის დაწესების შესახებაც საუბრობენ.
„ამჟამად ლგბტ პროპაგანდა მხოლოდ არასრულწლოვნებს შორის არის აკრძალული. ჩემი კოლეგები და მე ვფიქრობთ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების გავრცელება ასაკის მიუხედავად უნდა შეიზღუდოს“, — აღნიშნავს ალექსანდრ ხინშტეინი ახალ ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც დუმას საშემოდგომო სესიების დაწყებისას უნდა განიხილონ.
რუსეთის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ ისინი დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ, მორალურ წესრიგს იცავენ, ადამიანის უფლებათა დამცველები კი აღნიშნავენ, რომ კანონი რუსი ლგბტქი ადამიანებისა და ორგანიზაციების შესაშინებელი ბერკეტია.
Reuters-ის ცნობით, სამშაბათს, რუსეთმა ვიდეო-პლატფორმა ტიკტოკი „ლგბტ თემატიკის ვიდეოების“ გავრცელებისთვის 4 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის შესახებ გააფრთხილა. ქვეყნის მედიის მარეგულირებელმა კი საგამომცემლო სახლების გაერთიანებას ყველა იმ წიგნის გაყიდვიდან ამოღების შესახებ მოუწოდა, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდას“ ავრცელებენ.
ოფიციალურ უწყებებს ეს კანონი ღირსების მარშის აკრძალვისა და გეი უფლებადამცველების დაკავებისთვის არაერთხელ გამოუყენებიათ, მაგრამ თუ ახალი ინიციატივები რეალობად იქცევა, წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.
რუსეთმა „ლგბტ პროპაგანდის“ კანონი 2013 წელს მიიღო, რომელსაც ლგბტქი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ — რუსული ეკლესიის პატრიარქმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნებით ახსნა, სახელმწიფომ კი ლგბტქი აქტივისტების დიდი ნაწილი „უცხო ქვეყნის ჯაშუშთა“ სიაში შეიყვანა და მათი დევნა, ორგანიზაციების დარბევა ბევრად აქტიურად დაიწყო. ILGA-Europe-ის ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით, რუსეთი ლგბტქი მეგობრული ევროპის ქვეყნების სიაში ბოლოდან მე-3 ადგილზეა.
წყარო: Reuters
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ჟურნალისტი კარენ შაინიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღიად გეი ადამიანი იყო რუსულ ჟურნალისტიკაში. იმ ქვეყანაში, რომელშიც 2013 წლიდან „გეი პროპაგანდის“ მუხლით ადამიანებს ასამართლებენ, კარენი ლგბტქი ადამიანების ცხოვრების შესახებ წერდა.
შაინიანი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო პირველ საპროტესტო გამოსვლებს ომის დაწყებისთანავე შეუერთდა და რუსული ტანკების საზღვრის მიღმა შეყვანას გმობდა. მალევე მან მშობლიური ქვეყნიდან წასვლის გზების ძიება დაიწყო.
„უცხო ქვეყნის ჯაშუშთა სიაში შემიყვანეს, რამაც ჩემი ცხოვრება რუსეთში გაართულა, მეტიც საშიშად აქცია“, — აღნიშნა ჟურნალისტმა ტომას როიტერის ფონდთან საუბრისას. ინტერვიუ ბერლინში შედგა, ქალაქში, რომელშიც კარენი და მისი შეყვარებული ამჟამად ცხოვრობენ.
რუსეთი „უცხო ქვეყნის ჯაშუშის“ იარლიყს იყენებს და გმობს ყველა ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურობას უცხოეთის ფინანსური მხარდაჭერით ახერხებს.
„აქ ვარ, რადგან რუსეთში ქვიარ უფლებებზე მუშაობა უსაფრთხო აღარაა“, — ამბობს ის.
ბერლინში მცხოვრები შაინიანი შეყვარებულზე დაქორწინებას აპირებს, მაგრამ ამისთვის დანიაში უნდათ გადასვლა, რადგან იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაქორწინება ბევრად მარტივია. ის ომის შედეგად დამდგარი რეალობის გამო რუსეთისგან გარიდებას დიდი ხნით გეგმავს.
„მივხვდი, რომ მოსკოვი, რომელიც მენატრება, არ არის მოსკოვი, რომელში დაბრუნებასაც ვერ შევძლებ, რადგან… ჩემი გარშემომყოფების უმეტესობა იქ აღარაა. ჩემი მოსკოვი ახლა ყველგანაა“, — ამბობს შაინიანი.
კარენის მსგავსად, რუსი ლგბტქი ადამიანების დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა, მათ შორის, ჟურნალისტებმა, იურისტებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა. მათ რუსეთიდან წასვლა მას შემდეგ მოუწიათ, რაც მოსკოვმა, მათივე სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო, თუმცა როგორც უკრაინა, ისე მსოფლიოს დიდი ნაწილი უწოდებს, ეს არის ომი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობს.
რუსეთში სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისების დარბევა 24 თებერვალს, თავდასხმის დაწყებისთანავე დაიწყო. მიზანი ერთი იყო – დაეპატიმრებინათ ყველა, ვისაც რუსული ჯარის შესახებ „ყალბი“ ამბების გავრცელებაში, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დამნაშავედ მიიჩნევდნენ.
არაერთმა დამოუკიდებელმა მედიამ მაუწყებლობა შეწყვიტა ან შეაჩერა, მათ შორის, Novaya Gazeta-მ და Znak.com-მა. უფლებადამცველთა თქმით, სამიზნეები აღმოჩნდნენ ლგბტქი ადამიანთა დაცვის ჯგუფებიც.
ახლა კი, რუსული პარლამენტის ქვედა პალატის წევრები გამოდიან იდეით, რომ 2013 წლის აკრძალვა „არატრადიციული სექსუალური კავშირების“ შესახებ ზრდასრულებზეც გავრცელდეს. აქამდე შეზღუდვა მხოლოდ არასრულწლოვან აუდიტორიას მოიცავდა.
„ახლა აქტივისტების დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვების საფუძველიც კი მოუსპეს, რადგან ზოგი ორგანიზაციის ლიკვიდირება მოხდა ან არასასურველ უწყებებად დასახელდნენ, რომლებიც უცხოეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ“, — აღნიშნავს, სვეტლანა შაიტანოვა, Quarteera-ს, ბერლინში არსებული ლგბტქი ორგანიზაციის პრესსპიკერი, რომელიც რუსულენოვანი მოქალაქეების უფლებებზე მუშაობს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ, 300 ათასზე მეტმა რუსმა ქვეყანა დატოვა. ის ოფიციალური კიევისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილის ინიციატივის წინააღმდეგია, რომლითაც რუსებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა უნდა აეკრძალოთ.
პეტერბურგში დაარსებული ორგანიზაციის Coming Out-ის დირექტორის, ალექსანდრ ვორონოვის თქმით, ლგბტქი რუსების დიდმა ნაწილმა თავშესაფარი იმ ქვეყნებში იპოვა, სადაც უვიზოდ შეუძლიათ გამგზავრება, მათ შორის, თურქეთში, სომხეთსა და საქართველოში. ვორონოვმა ქვეყანა ჯერ კიდევ მარტში დატოვა და ამჟამად ლიეტუვას აფარებს თავს.
იაროსლაველმა ტრანსგენდერმა ბიჭმა, ალექსანდრ დერეკმა თქვა, რომ პუტინის საწინააღმდეგო პოლიტიკური აქტივიზმის გამო რისკებს გრძნობდა და ქვეყნის დატოვება ამჯობინა. 23 წლის დერეკი და მისი შეყვარებული სომხეთის დედაქალაქ ერევანში ცხოვრობენ. მათ სათემო ცენტრის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან ლტოლვილი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
„სომხეთში ბევრად თავისუფალი ვარ, თუმცა ეს მდგომარეობა სრულყოფილისგან შორს არის“, — ამბობს დერეკი.
ILGA-Europe-ის მონაცემების თანახმად, სომხეთი ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით ევროპაში 47-ე ადგილზეა, რუსეთი 46-ზე, ხოლო თურქეთი 48-ზე. ამ სიაში საქართველო 34-ე პოზიციას იკავებს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე უკეთესი მაჩვენებელიც კი აქვს, მათ შორის, ლიეტუვაზე, რუმინეთსა და პოლონეთზე.
საქართველოში, აჭარაში იმყოფება სტასია ეკმანი. მისი თქმით, ბევრად დაცულად გრძნობს თავს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ რუსეთში მდებარე ქალაქი ჩერეპოვეცი დატოვა.
„ობიექტურად, ბევრად დაცული ქვეყანაა, ციხეში მოხვედრის, ცემის ან გაუპატიურების შიში გაქრა. გრძნობ, რომ არ მოგკლავენ. მიუხედავად ამისა, პატრიარქატი, გენდერული სტერეოტიპები და ჰომოფობია მაინც შესამჩნევია. მადლიერი ვარ, რადგან საქართველომ მიგვიღო, მაგრამ ახლა გზის გაგრძელების დროა“, — აღნიშნავს სტასია, არაბინარული იდენტობის მქონე ლესბოსელი ადამიანი. 24 წლის ვებ დიზაინერი და მისი პარტნიორი დისტანციურად მუშაობენ და ორ ძაღლთან და ორ კატასთან ერთად სანაპიროზე ცხოვრობენ.
ბევრი რუსი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიეტუვას ირჩევს. ოფიციალური მონაცემებით, დროებით ცხოვრების უფლების მისაღებად 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2 200-მა ადამიანმა შეავსო განაცხადი, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყანა ევროკავშირში მიმდინარე განხილვის ეპიცენტრიც არის, რომლის თანახმადაც, რუს ტურისტებს ვიზის მიცემაზე უარი უნდა ეთქვათ. აღნიშნულ წინადადებას ესტონეთი და ფინეთი უჭერენ მხარს, რაც აქტივისტების თქმით, თავშესაფრის მაძიებელ ლგბტქი ადამიანებს ავნებს.
38 წლის მაქს პოლიაკოვმა ლიეტუვაში ჩასვლიდან ერთ თვეში ჟურნალისტის ვიზა მიიღო და ამ გზით საკუთარი პროფესიით მუშაობის გაგრძელება შეძლო. მედიასაშუალების ვებგვერდი, რომლისთვისაც პოლიაკოვი რუსეთში მუშაობდა, მარტის დასაწყისში დაიბლოკა, რადგან უარი განაცხადეს იმ მასალის აღებაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე რუსი ჯარისკაცების გაუსაძლის პირობებს ამხელდა. მათ არ ჰქონდათ წინდები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები
მისი კოლეგების დიდი ნაწილი ასევე ლიეტუვას აფარებს თავს და ეძებენ გზებს, რომლითაც კრემლის პროპაგანდასთან ბრძოლას შეძლებენ, ამავდროულად ცდილობენ, რუსულენოვან აუდიტორიას ტელეგრამის გავლით მიაწვდინონ ხმა. ამბობენ, რომ ვილნიუსში ცხოვრების ხელახლა დაწყება მარტივი არ ყოფილა.
„იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვარ. არ მესმის ენა, ჩემი მომავალი გაურკვეველია, ვის ენდომება ასეთ ბიჭთან ურთიერთობა?“, — ამბობს პოლიაკოვი.
რუსეთში ჰომოფობიური განწყობები ფართოდ არის გავრცელებული, რასაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო უმაგრებენ ზურგს. 2013 წლიდან აიკრძალა “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა” არასრულწლოვანთა შორის. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ კი ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა უკრაინაში ომი ლგბტქი ადამიანთა უფლებებს დაუკავშირა, რომელთა დაცვა დასავლური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. რუსული ომის დაწყების შემდეგ მოიმატა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე იერიშებმა და გაძლიერდა ცენზურა, რამაც უფლებადამცველები და ჟურნალისტები სამიზნეებად აქცია.
წყარო: The Thomson Reuters Fund
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
2013 წელს, ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელიც კოლეჯის წამყვანი მოთამაშეების თუ საერთაშორისო პროფესიონალებისთვის ყველაზე პრესტიჟული ლიგის კარს ხსნის, ბრიტნი გრაინერი ყველაზე დიდი პერსპექტივის მქონე კალათბურთელ ქალად დასახელდა.
იმ წამს, გრაინერი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ღიად ლესბოსელი კალათბურთელი გახდა. გრაინერს ყოველთვის უნდოდა, რომ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ესაუბრა, მაგრამ პრობლემა საჯაროდ გაცხადებისთვის სწორი დროის შერჩევა კი არა, ძალაუფლების მქონე ადამიანების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი ბარიერები იყო.
ყოველწლიურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლამდე ბრიტნი მამამისს, რეიმონდს ჩაეხუტა, შემდეგ კი სცენაზე ავიდა. სამოსის ფერებით და მკვეთრი ნარინჯისფერი ფრჩხილის ლაქით მომავალ გუნდს მიაგო პატივი, ყველას ყურადღება მასზე იყო მიმართული, რადგან იმ დღეს მისი მომავალი დაიწყო.
ცოტა ხნის შემდეგ ESPN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე: „როგორ ხედავთ უფრო მეტი თავისუფლებით თამაშს?“ ბრიტნიმ მიუგო: „ნამდვილად ველი თავისუფლებას”.
ბრიტნი გრაინერმა თითქმის 5 თვე გაატარა მოსკოვის საპატიმროში. თებერვალში, მარიხუანას დიდი ოდენობით გადატანისთვის დააკავეს მაშინ, როცა ეკატერინბურგში გუნდის წევრებთან მიდიოდა. WNBA-ის ბევრი მოთამაშე შემოსავლის გაზრდის მიზნით ზამთრის სეზონს ამგვარად, საზღვარგარეთ ატარებს. გრინერის დაკავებიდან ერთ კვირაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა. WNBA-ისა და გრასრუთ მოძრაობის ერთობლივი კამპანიის მიუხედავად, გრაინერის პატიმრობის დასასრული რთულად პროგნოზირებადია. მისი სასამართლო პროცესები გადამწყვეტ ფაზაში ახლაღა შედის.
7 ივლისს, ბრიტნი გრაინერი სასამართლოს წინაშე დანაშაულის აღიარების გადაწყვეტილებით წარსდგა, რასაც აშშ-სა და რუსეთს შორის მისი გადაცემის მოთხოვნით პოლიტიკური მოლაპარაკება უნდა გაემარტივებინა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები თვლიან, რომ მოლაპარაკებების მოლოდინი არარეალურია. გრაინერი დაუნდობელი ომის შუაგულში აღმოჩენილი დიპლომატიურ მძევალი აღმოჩნდა.
ამავდროულად, აშშ-ის მედია გამოცემებმა ვერ შეძლეს, რომ გრაინერის მიღწევების სრული გავლენის შესახებ საზოგადოების ყურადღება მიემართათ. მისი ამბავი ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე კალათბურთი — ჩემპიონატები თუ ოლიმპიური ოქროს მედლები. ეს დისკრიმინაციასთან ბრძოლის, უხილავი ბარიერების მსხვრევის, რადიკალური ცვლილებების ამბავია და აშშ-სა და მსოფლიოს ქალი კალათბურთელების ამბავსაც ასახავს, ყველა ქვიარ ადამიანის ამბავს, რომელიც სპორტში თავის დამკვიდრებას ცდილობს, გვიყვება, რომ WNBA-ის მოთამაშეებმა უნდა მოითხოვონ პატივისცემა, რომელიც უკვე დიდი ხანია დაიმსახურეს.
გრაინერი 1990 წელს დაიბადა. ქალთა საკალათბურთო ასოციაცია კი 1997 წელს, NBA-ის ხელმძღვანელობით დაარსდა. დაარსებისთანავე, ლიგა თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ჰეტეროსექსუალობისა და ტრადიციული ფემინური გენდერული როლის დამცველის იმიჯი შეექმნა. 1998 წელს, Washington Post-მა ახალი WNBA-ისთან დაკავშირებით ახალი სერია — გოგოების საუბარი წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა ფანებს კალათბურთელი ქალებისთვის შეყვარებულ ბიჭებზე ან ლიგის ვარსკვლავობამდე მიმავალ გზაზე კითხვების დასმა შეეძლოთ. იმ დროისთვის, თუ გინდოდა, რომ დაფასებულ ვარსკვლავად შემდგარიყავი გვერდით მეგობარი ბიჭის ყოლა აუცილებელიც კი იყო, საზიანოდ, საშიშად ითვლებოდა ათლეტი ქალი, რომელიც მარტოხელა იყო და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა.
ქალთა ლიგა დიდი მონდომებით ზღუდავდა ლესბოსელ და ბისექსუალ მოთამაშეებს და ამ ჩარჩოებისგან თავის დაღწევა ერთეულებმა თუ შეძლეს. თუ WNBA-ს მიერ განვლილ გზას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2002-2012 წლების 10-წლიან პერიოდში საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე საჯაროდ ერთადერთმა ათლეტმა, შერილ სვუპსმა, 2005 წელს განაცხადა.
„5 წლის წინ საჯაროდ საუბარს ალბათ ვერ გავბედავდი. ზედმეტად შეშინებული ვიყავი იმის წარმოდგენით, ამ ამბავს რა გავლენა ექნებოდა, ველოდი, რომ მხარდაჭერას დავკარგავდი“, — აღნიშნა სვუპსმა The New York Times-თან საუბარში. იმ დროისთვის კალათბურთელ ქალს ოლიმპიური ოქრო. WNBA-ის 4 ჩემპიონატი და ლიგის ყველაზე დამსახურებული მოთამაშის 3 ტიტული ჰქონდა მოგებული — ამან ემოციური და ფინანსური თავდაჯერება მიანიჭა, რათა საკუთარ ორიენტაციაზე საჯაროდ ელაპარაკა.
გრაინერი ჰიუსტონში, ტეხასში იზრდებოდა და საკუთარი განსხვავებულობის გამო წნეხს ადრეული ასაკიდან გრძნობდა.
„ალბათ თავი განსხვავებულად იმ პერიოდიდან ვიგრძენი, როცა ყველამ დაიწყო შეგონება, რომ ეს ასე იყო… მკერდი ფაქტობრივად არ მქონდა, გამხდარი ვიყავი და ხმაც დაბალი მქონდა“, — იხსენებს ბრიტნი 2014 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში — In My Skin. თანატოლები დერეფანში დასდევდნენ და მის დამცირებას ცდილობდნენ — „ალბათ ბიჭია. გოგო ნამდვილად არ არის“.
შეურაცხყოფებმა გრაინერის თავდაჯერება შეარყია და „ემოციური გაურკვევლობა“ მოუტანა, თუმცა Nimitz-ის საშუალო სკოლაში ჩაბარების შემდეგ კალათბურთი მოტივაციის გაღვივებაში დაეხმარა. გამორჩეულ ფიზიკურ მონაცემებს და მონდომებას გაუმჯობესებისთვის იყენებდა, სპორტმა ცხოვრების მიზანი და წინააღმდეგობის სურვილი გაუჩინა.
2007 წელს, გრაინერის შთამბეჭდავი „ჩატენის“ ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. 2008 წლის შემოდგომაზე, გრინერი Baylor-ის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც კამპუსში ლონგბორდზე დამდგარს ნახავდით ან პიკნიკებზე მეგობრებთან ხუმრობაში გართულს, ამავდროულად მოედანზე ოპონენტებს ჯაბნიდა. საუნივერსიტეტო ლიგაში საკუთარ გუნდს არაერთი ტრიუმფი მოუტანა და სხვადასხვა გამოცემები მის გამორჩეულ „ჩატენებზე“ ახალ ამბებს წერდნენ. მაგრამ უნივერსიტეტში სწავლისას, გრაინერი იძულებული იყო, რომ იდენტობის შესახებ დაემალა.
ერთ დღეს, სტუდენტური ჩემპიონატის მიმდინარეობისას მთავარმა მწვრთნელმა, კიმ მალკიმ დაიბარა. გრაინერი მემუარებში იხსენებს, რომ წინა დღეს, ვალენტინობის დღის აღსანიშნავად რესტორანში ქალთან ერთად იყო, რის შესახებაც ჭორებმა მწვრთნელამდე მიაღწია. მალკიმ გრინერს პირდაპირ უთხრა — „ამის კეთებისას არ უნდა დაგინახონ… სჯობს ყველაფერი ჩაკეტილი კარის მიღმა დამალო“.
იმ დროისთვის, უნივერსიტეტის ოფიციალური შიდაგანაწესი ჰომოსექსუალობას და ზოგადად ქორწინების გარეშე სექსს კრძალავდა, აკრძალული იყო „ადვოკატირების ჯგუფები, რომლებიც სექსუალობის შესახებ სწავლებით ბიბლიის დოგმებთან წინააღმდეგობაში“ იყო. ამ მიდგომით გრინერს თავისუფლება იმავე დაწესებულებამ შეუზღუდა, რომელიც მის საჯარო წარმატებაზე დიდ გავლენას ახდენდა, ფინანსურად უზრუნველყოფდა და პროფესიული წრეების ყურადღების ცენტრში აქცევდა. ბრიტნი მემუარებში წერს — „დიდი დრო დავკარგე იმაზე ფიქრში ისინი ბრიტნი გრინერს როგორც ადამიანს უჭერდნენ მხარს თუ ბრიტნი გრაინერს — კალათბურთელს“.
მცირე ხნის წინაც კი, 2013 წლისთვის, როცა ბრიტნი გრაინერი პროფესიონალურ ლიგაში გადავიდა, ჟურნალისტები და ლიგაში ძალაუფლების მფლობელნი შეპყრობილნი იყვნენ ყველაფრის გასაიდუმლოებით. WNBA არ აღიარებდა ლესბოსელი მოთამაშეების დიდ ოდენობასა და ქვიარ ფანების არმიას. ლიგის მხოლოდ ერთი მოთამაშე, სიმონე ავგუსტუსი იყო ღიად ლესბოსელი.
მალე, ერთი რიგითი ინტერვიუს დროს, პროფესიონალურ ლიგაში გადასვლიდან მცირე ხანში, ჟურნალისტმა გრაინერსა და მის ორ კოლეგას სპორტისა და სექსუალობის შესახებ ჰკითხა, რაზეც ბრიტნიმ უყოყმანოდ უპასუხა — „ყოველთვის ღია ვიყავი ჩემს თავზე და სექსუალობაზე ღიად საუბრისთვის. თუ შემეძლება ყველას დავანახო, რომ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ვსაუბრობ, ეს თავს კარგად მაგრძნობინებს და არაფერია უჩვეულო, იმედი მაქვს, ახალი თაობაც იმავეს იგრძნობს“.
WNBA-ის არჩევანი არ ჰქონდა და პროცესის მონაწილედ იქცა. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 2014 წელს, ეროვნული ტელევიზიით უჩვენეს ღირსების თამაში. WNBA-ში მიმდინარე პროგრესული გარდაქმნების გზა გრძელი, გამოწვევებით აღსავსე და კომპლექსურია, მაგრამ ბრიტნი გრაინერი დღევანდელი ლიგის საუკეთესო სახეა. ამ პროცესს ლაიშია კლარენდონი, მაია მური და ნატაშა ქლუდიც შეუერთდნენ და ადვოკატირების პროცესში ჩაერთნენ, რამაც ქალთა საკალათბურთო ასოციაცია სოციალური სამართლიანობის გამოწვევების გადაჭრის მნიშვნელოვან ფიგურად აქცია.
WNBA ახლა კიდევ ერთი პოლიტიკური გამოწვევის წინაშეა — ბრიტნი გრაინერის არასამართლებრივი პატიმრობა. გრაინერი კიდევ ერთხელ იქცა მნიშვნელოვანი პროცესის მთავარ ფიგურად, თუმცა, ამ შემთხვევაში მის წინაშე არსებული პრობლემა განსაკუთრებით რთულია. თავისუფლების აღკვეთის არასამართლებრივ შემთხვევებში პროცესი სიმართლის მტკიცების მიმართულებით კი არ მუშაობს, არამედ ემსახურება აღმკვეთი ქვეყნის პოლიტიკური სურვილების დაკმაყოფილებას. რუსეთს პატიმრების გაცვლა სურს, რაც აშშ-ის ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს არ აწყობს.
მომდევნო კვირების თუ თვეების განმავლობაში რუსული მედიის საშუალებით გრინერის შესახებ მცირედს თუ გავიგებთ — ვიხილავთ დაცვის თანხლებით, ბორკილებდადებულს, სასამართლოს დარბაზში შესვლისას, მაგრამ ეს მცირე გამოსახულებებიც კი დაგვანახებს მისი მდგომარეობის სიმძიმეს, რაც ბევრად დიდი სიმართლის დანახვას ართულებს.
გრაინერს ყოველთვის დიდი ძალა ჰქონდა: გადარჩენის, წარმატების მიღწევის და ამ შესაძლებლობის სხვებისთვის დანახვების ძალა. ახლა მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, იმავე მიზეზით, რის გამოც ამერიკული საზოგადოება ცდილობდა, რომ მისთვის ყურადღება არ მიექცია და რის გამოც ის პუტინისთვის საჭირო სამიზნეა. პრეზიდენტისთვის, რომელიც ანტი-გეი გადაწყვეტილებებით, კანონმდებლობით საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს. ამ გაგებით, გრაინერს ისევე, როგორც მრავალ სხვა ქვიარ, შავკანიან, გენდერულ ნორმებს აცდენილ ადამიანს შეიძლება თავისუფლებისთვის ბრძოლა მთელი ცხოვრების განმავლობაში მოუწიოს.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, როდის მოიპოვებს ბრიტნი გრაინერი თავისუფლებას.
წყარო: The Guardian
ავტორი: მაია გოლდბერგ-საფირი
Don't Miss
2024 წლის ოლიმპიური თამაშები პარიზში ჩატარდება და კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, დაიშვებიან თუ არა ტრანსგენდერი სპორტსმენები ოლიმპიადაზე. ბოლო წლების გამოცდილება
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, 2023 წლის 12 ოქტომბერს მათ მიმართეს ფეხბურთის ფედერაციას და მოითხოვეს ორი მწვრთნელისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ფეხბურთელი გოგოების
8 იანვარს ქვიარ ფეხბურთელი ჯოშ კავალო მინდორზე გამოჩნდა, Adelaide United და Macarthur FC-ის თამაშზე. ერთი წლის წინ ფეხბურთელმა მყესი დაიზიანა
24 წლის ავსტრალიელი მცველი ჯოშ კავალო ინსტაგრამ პროფილზე აქვეყნებს კომენტარს ჰომოფობიური მუქარების საპასუხოდ. ფეხბურთელმა ქამინგ აუთი 2021 წელს გააკეთა და
პეტერბურგის სასამართლომ რუსული ლგბტქი ორგანიზაციის, Sphere-ის ლიკვიდაციის ნებართვა გასცა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ თებერვალში შეიტანა სარჩელი, რომლითაც იმ ორგანიზაციის ლიკვიდაციას ითხოვდა, რომელიც რუსული ლგბტქი ქსელის მუშაობას უზრუნველყოფდა. სამინისტროს მტკიცებით, ორგანიზაცია „ტრადიციულ ღირებულებებთან“ წინააღმდეგობაში იყო.
სამინისტრომ ორგანიზაცია „ლგბტქი აზრების“ გავრცელებაშიც დაადანაშაულა, ასევე 18 წელს მიუღწეველ ადამიანებთან თანამშრომლობაში და „ლგბტქი მოძრაობის სასარგებლოდ რუსეთის ფედერაციული მოწყობის შეცვლის მცდელობაში“ — სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, „გეი პროპაგანდის“ შესახებ კანონის დარღვევაში.
2011 წელს დაარსებულ ორგანიზაციას 2016 წელს ოფიციალურმა უწყებებმა „უცხოეთის ჯაშუში“ უწოდეს, 2021 წელს იმავე სახელით მოიხსენიეს ლგბტქი ქსელი და Sphere-ის დამფუძნებელი, იგორ კოჩეტკოვი. იმავე დროს სახელმწიფო მედიებმა ლგბტქი მოძრაობის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყეს.
„ ორგანიზაციის 11-წლიან ისტორიაში Sphere არცერთი რეგულაციის დარღვევაში ყოფილა შემჩნეული. სახელმწიფოს მხრიდან საწინააღმდეგოს მტკიცება იდეოლოგიურია და კანონთან შესაბამისობაში არაა. არ ვტირი, ამაყი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც გასულ 11 წელში გავწიეთ. ცალსახაა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება არა სამართლებრივ საფუძველზე, არამედ იდეოლოგიური მიზეზებით მიიღო. რუსული კანონმდებლობა არ კრძალავს იმ ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც „ღირებულებებზე“ კომენტარს არ აკეთებენ. კანონმდებლობაში უბრალოდ არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის საფუძველი. მუშაობას მაინც გავაგრძელებთ. მათი ხელები ბინძურია, მაგრამ ზედმეტად მოკლე, რომ ჩვენი დაბლოკვა შეძლონ“, — აღნიშნა კოჩეტკოვმა.
ხელისუფლების ზეწოლის გამო არაერთი ორგანიზაცია და დამოუკიდებელი მედია მუშაობას წყვეტს ან იძულებით კრძალავენ. რუსული ხელისუფლება ადამიანის უფლებაზე მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის, ლგბტქი მოძრაობის შეჩერებას ცდილობს. სწორედ ამიტომ მრავალი უფლებადაცვითი ორგანიზაცია და აქტივისტი „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხეს და მათ წინააღმდეგ დევნა დაიწყეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად მუშაობა შეუფერხებლად შეძლონ.
წყარო: LA Blade
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების რეესტრში რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის, ცნობილი ჟურნალისტი და იუთუბერი, იური დუდი (მან გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი A Man in Time of War იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებიან რუსები უკრაინელ ლტოლვილებს ბუდაპეშტში); Keep Reading
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
ფლანგვის დეტექტორმა პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის ფინანსები და მთავრობასთან ურთიერთობა შეისწავლა, რომლითაც ქართულ ოცნებასთან სავარაუდო კავშირები იკვეთება.
კონსერვატიული პარტიის ოფისების გახსნას პროტესტი არაერთ ქალაქში მოჰყვა, თუმცა ფლანგვის დეტექტორის თანახმად, ზოგიერთ ქალაქში პარტიამ საოფისე ფართის ქირაობა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების დახმარებით შეძლო.
წყალტუბოს რეგიონული ოფისი ალტ-ინფომ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ავთანდილ მხეიძის შვილისგან, რეზო მხეიძისგან იქირავა. აღსანიშნავია, რომ ფართის თანამესაკუთრე რუსეთის მოქალაქე, აკაკი ლორთქიფანიძეა. გარდა ამისა, კონსერვატიული მოძრაობის რეგიონული ოფისების რამდენიმე ხელმძღვანელი და პარტიის წევრი ადგილობრივი მერიის ა(ა)იპ-ებშიც არიან დასაქმებული.
ფლანგვის დეტექტორმა კონსერვატიული მოძრაობის ფინანსებიც შეისწავლა და დაადგინა, რომ დაჯგუფების თქმით, პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი ალტ-ინფოს ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ორჯერ არის ნასამართლევი. პირველად წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ქონების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით, რა დროსაც მისი ადვოკატი ქართული ოცნების ამჟამინდელი ლიდერი მამუკა მდინარაძე იყო. მორგოშია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მეორედ 2016 წელს არის შემჩნეული, როცა პატრიოტთა ალიანსს კანონით გათვალისიწნებულ წლიურ შემოწირულობაზე, 60 ათას ლარზე მეტი თანხა შესწირა. მორგოშიას 180 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა, რაზეც უარი განაცხადა და ამის გამო 2017 წლიდან მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული.
მორგოშიას ქონება ვერ დაუყადაღეს, რადგან საკუთარ სახელზე არც აქტივები და არც უძრავი ქონება აქვს გაფორმებული. ალტ-ინფოს ლიდერი მამიდის, ციალა მორგოშიას და ძმის, გიორგი მორგოშიას დახმარებით წარმართავს ფინანსურ ოპერაციებს.
გარდა ამისა, ფლანგვის დეტექტორის მიგნებით, მორგოშიების ოჯახი მერიასთან კავშირებშია შემჩნეული. გიორგი მორგოშია მერიასთან დეველოპერული კომპანიის შუამავალი იყო და ამ გარიგების წყალობით 800 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და $110 ათასი გადაეცა. ალტ-ინფოს ლიდერის ძმამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად 3 თვე მოითხოვა, რაც აღნიშნული გარიგებისთვის მცირე დროა, ამასთან ის არქიტექტურის სამსახურის ჩანაწერებში არ იძებნება. გიორგი მორგოშია მერიასთან შუამავლის როლში კიდევ ერთ ეპიზოდში გვევლინება, რომლისთვისაც 400 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მიიღო.
ფლანგვის დეტექტორის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საეჭვოა, რადგან 2021 წელს გავრცელებულ სუს-ის ჩანაწერებს ჰგავს, რომელშიც ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და სხვა პრორუსული დაჯგუფების, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობენ, როგორ მისცა კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას უკანონო მშენებლობის უფლება ორჯერ.
ფლანგვის დეტექტორის მიერ მომზადებული სრული მასალის ნახვას აღნიშნულ ლინკზე შეძლებთ.
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს