ბისექსუალობა

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას აღწერენ. ბისექსუალობა გულისხმობს რომანტიკულ, ემოციურ ან/და სექსუალურ მიზიდულობას ერთზე მეტი სქესის ან გენდერის მიმართ. ბისექსუალ ადამიანს შეიძლება

რას ნიშნავს ბისექსუალობა? — მნიშვნელობა, მითები და რჩევები

სექსუალური და გენდერული იდენტობების სპექტრის უკეთ გასააზრებლად აუცილებელია იმ ტერმინების ცოდნა, რომლებითაც ადამიანები საკუთარ მიზიდულობას აღწერენ.

ბისექსუალობა გულისხმობს რომანტიკულ, ემოციურ ან/და სექსუალურ მიზიდულობას ერთზე მეტი სქესის ან გენდერის მიმართ. ბისექსუალ ადამიანს შეიძლება იზიდავდეს განსხვავებული და იმავე სქესის/გენდერის ადამიანები (მაგალითად, ქალები, კაცები ან არაბინარული ადამიანები).

ამ სტატიაში განხილულია, ზუსტად რას ნიშნავს ბისექსუალობა და რა გავრცელებული მითები არსებობს მასზე.

იხილეთ აგრეთვე ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

ზუსტად რას გულისხმობს ბისექსუალობა?

ბევრი ადამიანი „ბისექსუალს“ იყენებს როგორც ქოლგა-ტერმინს ორი ან მეტი გენდერის მიმართ მიზიდულობის აღსანიშნად. თუმცა, რამდენიმე ადამიანს რომ ჰკითხოთ, რას ნიშნავს მათთვის ბისექსუალობა, შეიძლება, განსხვავებული პასუხები მიიღოთ.

ეს შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ შეიძლება ბისექსუალი იყოთ; როცა იცნობთ ვინმეს, ვინც ბისექსუალია; ან როცა, უბრალოდ, გაინტერესებთ, რას ნიშნავს ბისექსუალობა.

ამიტომ, მოდით, განვიხილოთ რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ბისექსუალობის არსს.

ზოგი ადამიანისთვის ეს ტერმინი გენდერულ ბინარულობას აძლიერებს

ტერმინი „ბისექსუალი“ აუცილებლად მხოლოდ ქალებისა და კაცების მიმართ მიზიდულობას არ აღნიშნავს, თუმცა ზოგი ადამიანი ამ ტერმინს სწორედ ასე აღიქვამს. მათთვის ბისექსუალობა გამორიცხავს არაბინარულ გენდერულ იდენტობებს, ზოგჯერ კი, ტრანსგენდერ ადამიანებს.

სწორედ ამიტომ, მეტი ინკლუზიურობისთვის ისინი შეიძლება იყენებდნენ ტერმინებს „პანსექსუალი“ ან „ქვიარი“.

იხილეთ აგრეთვე რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

ზოგისთვის მას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს

ისტორიულად, ტერმინი „ბისექსუალი“ აღნიშნავდა არა „კაცსა და ქალს“, არამედ „იმავეს და საპირისპიროს“ — ანუ, მიზიდულობას შენი გენდერის და შენგან განსხვავებული გენდერის მქონე ადამიანების მიმართ.

ამ ტერმინის ერთ-ერთი პოპულარული განმარტება შექმნა ბისექსუალმა აქტივისტმა რობინ ოქსმა:

„მე საკუთარ თავს ბისექსუალს იმიტომ ვუწოდებ, რომ ვამბობ, რომ მაქვს იმის პოტენციალი, რომ რომანტიკულად და/ან სექსუალურად მიმიზიდონ ერთზე მეტი სქესის და/ან გენდერის ადამიანებმა. არააუცილებლად ერთდროულად, არააუცილებლად ერთნაირად და არააუცილებლად ერთი და იმავე დოზით“.

ეს განმარტება უფრო გასაგებია, როდესაც დავაკვირდებით, რას აღნიშნავს ტერმინი „ჰომოსექსუალი“ — მიზიდულობას იმავეს მიმართ — და „ჰეტეროსექსუალი“ — მიზიდულობას განსხვავებულის მიმართ. ბისექსუალობა შეიძლება მოიცავდეს „იმავესაც“ და „განსხვავებულსაც“.

ერთი რამ ყველასთვის ცხადია: ბისექსუალობა 50/50-ზე მიზიდულობა არაა

მართალია, ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსექსუალობის განმარტებები შეიძლება ბისექსუალობის გააზრებაში დაგეხმაროთ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ბისექსუალი ადამიანები „ნახევრად გეი“ და „ნახევრად ჰეტეროები“ არიან.

ბისექსუალობა დამოუკიდებელი, უნიკალური იდენტობაა და არა — გეიდ ან ჰეტეროსექსუალად ყოფნის განშტოება.

ზოგ ადამიანს იზიდავს სისგენდერი კაცები და სისგენდერი ქალები

შესაძლოა, შეხვდეთ ისეთ ბისექსუალ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ მას მხოლოდ სისგენდერი კაცები და სისგენდერი ქალები იზიდავს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის ყველა ბისექსუალისთვის.

ბისექსუალობის ეს განმარტება შეიძლება დაფუძნებული იყოს გარკვეულ მცდარ წარმოდგენებზე გენდერის შესახებ, ვინაიდან ყოველთვის არ არის შესაძლებელი ვინმეს დანახვისას იმის მიხვედრა, კაცია ის თუ ქალი და სისგენდერია ის თუ არა.

ზოგს კი გენდერის სპექტრზე მყოფი ადამიანები იზიდავს

უამრავ ბისექსუალ ადამიანს იზიდავს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანები, ასევე, უამრავი ბისექსუალი ადამიანი თავადაა ტრანსგენდერი ან არაბინარული. ამიტომაც ბევრისთვის „ბისექსუალობა“ ინკლუზიური ტერმინია, რომელიც გენდერის სპექტრს მთლიანად მოიცავს.

ზოგ ბისექსუალს ერთი გენდერი უფრო იზიდავს, ვიდრე მეორე

ბისექსუალობაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გამო შეიძლება გეგონოთ, რომ ბისექსუალად იდენტიფიცირების „უფლება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვთ, თუკი რამდენიმე გენდერი თანაბრად გიზიდავთ. ეს ასე ნამდვილად არ არის.

ბევრ ბისექსუალ ადამიანს ერთი გენდერი უფრო მეტად იზიდავს, ვიდრე სხვა და მათი ბისექსუალობა აბსოლუტურად ვალიდურია.

► გახსოვდეთ, რომ ვინც და რა დოზითაც არ უნდა გიზიდავდეთ, თქვენი გრძნობები ვალიდურია. თუკი ბისექსუალობის ჩვეულ აღწერაში საკუთარ თავს ვერ ხედავთ — არ იდარდოთ. სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბისექსუალად ყოფნის ბევრი გზა არსებობს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს სექსუალობის მრავალფეროვნებას.

გაითვალისწინეთ — რჩევები და მითები ბისექსუალობაზე

საპირისპირო გენდერის ადამიანთან ურთიერთობები ჰეტეროსექსუალად არ გაქცევთ

ურთიერთობაში ყოფნა კიდევ ერთი რამაა, რამაც შეიძლება დაგაფიქროთ, ხართ თუ არა „საკმარისად ბისექსუალი“. მაგალითად, თუკი ქალი ხართ და კაცთან მონოგამიური ურთიერთობა გაქვთ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბისექსუალი აღარ ხართ?

ცხადია, ეს ასე არ არის. ბისექსუალობა მიზიდულობაა და არა ის, თუ ვისთან გაქვთ ამჟამად ურთიერთობა და რა ტიპისაა ეს ურთიერთობა.

ზოგ ბისექსუალ ადამიანს სხვადასხვა ტიპის მიზიდულობა აქვს სხვადასხვა გენდერის მიმართ

ზოგჯერ ასევე შესაძლებელია, რომ ბისექსუალ ადამიანს სხვადასხვა ტიპის მიზიდულობა ჰქონდეს სხვადასხვა გენდერის მიმართ. მაგალითად, მას შეიძლება რომანტიკულად იზიდავდეს რამდენიმე გენდერი, მაგრამ სექსუალური მიზიდულობა მხოლოდ კაცების მიმართ ჰქონდეს. ან, შესაძლოა, სექსუალური მიზიდულობა საერთოდ არ გქონდეთ არავის მიმართ, მაგრამ გრძნობდეთ რომანტიკულ მიზიდულობას და იყოთ ბირომანტიკული.

ამას ზოგჯერ შერეულ ორიენტაციას უწოდებენ: რომანტიკული მიზიდულობის ქონა ერთი (ან არცერთი) გენდერის მიმართ, მაგრამ სექსუალური მიზიდულობა — მეორის (ან არცერთის) მიმართ.

თავისუფლად შეიძლება, იყოთ ერთდროულად ბისექსუალიც და ბირომანტიკულიც, ან იყოთ მხოლოდ რომელიმე მათგანი და შესაბამისად, პარალელურად არომანტიკული ან ასექსუალი.

იხილეთ აგრეთვე 7 რამ, რაც არომანტიკული ადამიანების შესახებ უნდა ვიცოდეთ

ბისექსუალობა არ არის „ფაზა“

ბისექსუალობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია ის, რომ ბისექსუალობა, სინამდვილეში, არ არსებობს და ის უბრალოდ „ფაზაა“, რომელსაც გეი ადამიანები გადიან.

ეს ასე არ არის. მართალია, ზოგ ქვიარ ადამიანს სექსუალური თვითგამორკვევის გზაზე უფიქრია, რომ ბისექსუალია, მოგვიანებით კი აღმოუჩენია, რომ მხოლოდ იმავე გენდერის მიმართ აქვს მიზიდულობა, თუმცა ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გზაა და არა — ზოგადი ჭეშმარიტება და ის არ უარყოფს ბისექსუალობის არსებობს. უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ბისექსუალად იდენტიფიცირდება და ორი ან მეტი გენდერის მიმართ აქვს მიზიდულობა.

თუკი ბისექსუალობის თქვენეული გაგება იცვლება, ეს ნორმალურია

თუკი აღმოჩნდა, რომ ბისექსუალობა ის არ არის, რასაც ფიქრობდით და თუ თქვენთვის მისი განმარტება შეიცვალა — ეს აბსოლუტურად ნორმალურია. მეტიც, ბევრი ბისექსუალი გადის მსგავს გზას, როდესაც საკუთარი სექსუალობის უკეთ გააზრებას ცდილობს.

არ ხართ ვალდებული, ბისექსუალობის რომელიმე განმარტებაში ან ჩარჩოებში მოიქციოთ თავი, თუკი ეს თქვენთვის არ არის კომფორტული. მიეცით საკუთარ თავს უფლება, გამოიკვლიოთ და განმარტოთ საკუთარი სექსუალობა ისე, როგორც ეს თავად გსურთ.

და თუკი აღარ ფიქრობთ, რომ ბისექსუალი ხართ, ესეც ნორმალურია

ზოგი ადამიანის სექსუალობა ფლუიდურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომ აბსოლუტურად ნორმალურია, თუ ერთ დროს ფიქრობდით, რომ ბისექსუალი იყავით, მაგრამ ახლა აღარ ხართ.

გარდა ამისა, შეიძლება, დროსთან ერთად უფრო მეტი რამ გაიგოთ საკუთარ თავსა და სექსუალობაზე და გაიაზროთ, რომ ბისექსუალი (ან რომელიმე სხვა ორიენტაცია) არც არასდროს ყოფილხართ. ამაში სამარცხვინო არაფერია — სექსუალური თვითგამორკვევის გზა ყველასთვის ინდივიდუალურია.

იხილეთ აგრეთვე როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვქვეშ ვაყენებთ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას?

სექსუალური ორიენტაცია იგივე არ არის, რაც სექსუალური გამოცდილება

გახსოვდეთ, რომ თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთი სქესის ან გენდერის ადამიანთან გქონდეთ სექსუალური ურთიერთობა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ აუცილებლად ჰომოსექსუალი ან ჰეტეროსექსუალი ხართ. სექსუალური ორიენტაცია მიზიდულობაა და არა — გამოცდილება.

გარდა ამისა, ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი შეიძლება იყოს პოლიამორული ან მონოგამი. ბისექსუალობა არ განსაზღვრავს იმას, რამდენად მონოგამი ხართ ან არ ხართ ან რამდენად ერთგული შეგიძლიათ იყოთ თქვენს პარტნიორთან. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე.

იხილეთ აგრეთვე ყველაფერი პოლიამორიის შესახებ

რაც მთავარია, შეგიძლიათ საკუთარ თავს ის უწოდოთ, რასაც ისურვებთ

ამ ყველაფრის წაკითხვის მერე თუ ფიქრობთ, რომ „ტექნიკურად“ ბისექსუალი ხართ, მაგრამ მაინც გგონიათ, რომ ეს ტერმინი კარგად ვერ აღწერს თქვენს გამოცდილებას ან არ მოგწონთ ის, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საკუთარი სექსუალური იდენტობა.

შესაძლოა, გსურდეთ, რომ საკუთარ თავს უწოდოთ „ბისექსუალი“, „პანსექსუალი“, „გეი“, „ქვიარი“, „სექსუალურად ფლუიდური“, ნებისმიერი სხვა ტერმინი ან, სულაც, არცერთი — ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

წყარო: Healthline