MSW

როგორ მოვიქცეთ, თუ ეჭვქვეშ ვაყენებთ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას?

საკუთარი სექსუალობის ეჭვქვეშ დაყენება და სექსუალური თვითგამორკვევა, ხშირ შემთხვევაში, თინეიჯერობის წლებში ხდება, როდესაც ადამიანის იდენტობა ფორმირდება, თუმცა სექსუალურ ორიენტაციაზე დაფიქრება ადამიანმა შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს. ზრდასრულები, როგორც წესი, უკეთ არიან საიმისოდ „აღჭურვილები“, რომ უფრო სრულყოფილად გამოიკვლიონ და გაიაზრონ საკუთარი სექსუალური იდენტობები.

საკუთარ სექსუალობაში დაეჭვება შეიძლება ახალი აღმოჩენებით სავსე თავგადასავალი იყოს, თუმცა მას ასევე შეიძლება თან ახლდეს დიდი სტრესი და შიში. საკუთარ თავზე უფრო მეტის გაგება დაგეხმარებათ, მეტი ბედნიერება დაინახოთ ჯანსაღ სექსუალურ ურთიერთობებში და მეტად მიიღოთ საკუთარი სექსუალობა.

საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა, მხარდამჭერ ადამიანებთან საუბარი და ონლაინ-რესურსების კითხვა თუ ყურება მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია, რომელიც სექსუალობის გამოკვლევაში დაგეხმარებათ. ამ სტატიაში განხილულია რამდენიმე ლგბტქი იდენტობა, ასევე სტრატეგიები, რომლებიც სექსუალურ თვითგამორკვევაში შეგიწყობთ ხელს.

სექსუალური ორიენტაციები

განურჩევლად იმისა, თუ რა ასაკის ხართ, რა ურთიერთობა ან როგორი სექსუალური გამოცდილება გაქვთ, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის უფრო საფუძვლიანად გააზრებაზე ფიქრი ან მისი ეჭვქვეშ დაყენება აბსოლუტურად ნორმალურია. ერთ-ერთმა კვლევამ, რომელიც მოზარდობის ასაკიდან ზრდასრულობის ადრეულ ეტაპამდე ადამიანების სექსუალურ ორიენტაციებს შეისწავლიდა, აჩვენა, რომ სექსუალური ორიენტაციის განვითარება გრძელდება ზრდასრულობის მთელი ადრეული ეტაპის (18-29) განმავლობაში.

იმის უკეთ გასააზრებლად, თუ რას შეიძლება გრძნობდეთ სექსუალური თვითგამორკვევის პროცესში, ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე ცნობილი სექსუალური იდენტობები.


გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია

გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას ხშირად ერთად აჯგუფებენ, თუმცა ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია. თქვენი სექსუალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გიზიდავთ, ხოლო გენდერული იდენტობა არის ის, თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს, სხვებისგან დამოუკიდებლად.


  • ლესბოსელი — ლესბოსელი ეწოდება ქალს, რომელსაც მხოლოდ ქალები იზიდავს (სისგენდერი ან ტრანსგენდერი).
  • გეი — გეი ეწოდება კაცს, რომელსაც მხოლოდ კაცები იზიდავს (სისგენდერი ან ტრანსგენდერი). ამ ტერმინს „ქვიარის“ სინონიმადაც იყენებენ.
  • ბისექსუალი — ბისექსუალი არის ის, ვისაც ერთზე მეტი გენდერი იზიდავს (მაგ., ქალები, კაცები, გენდერფლუიდები და ა.შ.). თუკი ვინმე ფიქრობს, რომ შეიძლება ბისექსუალი იყოს, მაგრამ ამაში ჯერ არ არის დარწმუნებული, ის შეიძლება ბი-ცნობისმოყვარედ (ინგლ. Bi-curious) იდენტიფიცირდებოდეს.
  • ასექსუალი — ასექსუალი არის ადამიანი, რომელსაც ნაკლებად ან საერთოდ არ იზიდავს სხვა ადამიანები სექსუალურად. ასექსუალობა უფრო სპექტრადაა განხილული, ამიტომაც ზოგ ასექსუალ ადამიანს შეიძლება მიზიდულობა სხვებზე უფრო მეტად ან ნაკლებად ჰქონდეს.
    • გრეისექსუალი — ის, ვისაც იშვიათად აქვს მიზიდულობა სხვა ადამიანების მიმართ.
    • დემისექსუალი — ის, ვისაც ადამიანის მიმართ სექსუალური მიზიდულობა მხოლოდ მასთან ემოციური კავშირის დამყარების შემდეგ უჩნდება.
  • პანსექსუალი — ის, ვისაც სექსუალური მიზიდულობა სხვების მიმართ მათი გენდერისგან განურჩევლად აქვს.
  • ჰეტეროსექსუალი — ადამიანი, რომელსაც საპირისპირო სქესის ან გენდერის ადამიანები იზიდავს.
  • ქვიარი — ქოლგა-ტერმინი მათთვის, ვინც არ არის ჰეტეროსექსუალი. ეს ზოგადი ტერმინია, რომელიც არ აკონკრეტებს, რომელი გენდერი იზიდავს ადამიანს.
  • Questioning — ამ ტერმინით აღნიშნავენ ადამიანს, რომელიც სექსუალური თვითგამორკვევის პროცესშია და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში. საკუთარ სექსუალობაში დაეჭვება ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს.

იხილეთ აგრეთვე ქვიარ ლექსიკონი — ლგბტქი ტერმინების განმარტებები

როგორ გავერკვიოთ საკუთარ სექსუალურ იდენტობაში?

თუკი საკუთარ სექსუალობაში დაეჭვდით, არსებობს რამდენიმე მარტივი ემოციური სავარჯიშო, რომელიც დაგეხმარებათ, უფრო სიღრმისეულად გაიაზროთ საკუთარი თავი და თქვენი მიზიდულობა. დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვები:

  1. რომელი სურათი მოდის თქვენს გულთან უფრო ახლოს? — როდესაც წყვილების ან ოჯახების ფოტოებს უყურებთ, რომელი მოდის თქვენს გულთან ან ლიბიდოსთან უფრო ახლოს? როდესაც ერთი და იმავე სქესის წყვილებს ხედავთ, გიჩნდებათ იმედის გრძნობა ან იმის სურვილი, რომ თქვენ იყოთ მათ ადგილას?
  2. რა არის თქვენს წარმოსახვაში? — როდესაც თვალებს ხუჭავთ და თქვენთვის იდეალურ პარტნიორს წარმოიდგენთ, ის რომელიმე კონკრეტული გენდერისაა? თუკი ასეა, მისი გენდერი განსხვავდება იმათი გენდერისგან, ვინც აქამდე ყოფილა თქვენი პარტნიორი?
  3. ერთმანეთისგან განაცალკევეთ ჭეშმარიტი საკუთარი თავი და ის დოგმა და სტერეოტიპები, რომლებიც დაგასწავლეს — ცხოვრების განმავლობაში ჩვენ თავს გვახვევენ უამრავ იდეოლოგიას იმის შესახებ, თუ რა არის „სწორი“ და „კარგი“. თუკი შეეცდებით, რომ ეს დოგმები ჩამოიშოროთ, იცვლება თუ არა თქვენი წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ გიზიდავთ?
  4. რა მსურს? რა გამაბედნიერებდა? — საკუთარი სექსუალური თუ გენდერული იდენტობის გამოსაკვლევად აუცილებელი არაა, რომ 100%-ით იყოთ დარწმუნებული იმაში, თუ რა ან ვინ მოგწონთ. თუკი გინდათ საკუთარი ნაცვალსახელების შეცვლა, თმის შეჭრა ან გაზრდა, კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა ან იმის არჩევა, რომ არ გსურთ ურთიერთობა (თუ რამე სხვა) ეს საკმარისი მიზეზია საიმისოდ, რომ ასეთი რამ სცადოთ. არ ხართ ვალდებული, ვინმეს საკუთარი იდენტობა დაუმტკიცოთ. შეგიძლიათ, უბრალოდ, გააკეთოთ ის, რაც გაგაბედნიერებთ.

იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან

როდესაც საკუთარი სექსუალობის მიღების პროცესს გადიხართ, ერთგვარი იდენტობის კრიზისის ქონა აბსოლუტურად ნორმალურია. ბევრი ადამიანი ამ დროს საკუთარ თავს ეკითხება:

  • ამას მხოლოდ ყურადღებისთვის ხომ არ ვაკეთებ?
  • მართლა ასე ვფიქრობ/ვგრძნობ?
  • მაგრამ ამ გენდერთან არასდროს მქონია გამოცდილება. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში არ ვარ ის, ვინც მგონია, რომ შეიძლება ვიყო?

ყველა ეს ფიქრი ნორმალურია და ზოგი ლგბტქი ადამიანი, რომელიც უკვე „დაქამინგაუთებულია“ (ღიად აქვს გაცხადებული საკუთარი სექსუალური ორიენტაცია), ჯერ კიდევ გრძნობს ასე თავს. გაიაზრეთ და მიიღეთ ეს გრძნობები და ეცადეთ, არ განსაჯოთ საკუთარი თავი.

გადაამოწმეთ საკუთარ თავთან — რას გკარნახობთ გული? თუკი თავად იცით, რა არის თქვენი სექსუალობა, მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი. ვერავინ გეტყვით, რომ მართალი ხართ ან ცდებით, რადგან არავინ იცის, რას გრძნობთ თქვენ.

თუკი ეს დაგეხმარებათ, ჩაიწერეთ თქვენი შეგრძნებები. ზოგჯერ მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან რეფლექსია და გრძნობებთან მარტო დარჩენა. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • ვინ გიზიდავთ?
  • რას გრძნობთ, როდესაც საკუთარ თავს ახალი სექსუალური იდენტობით წარმოიდგენთ?
  • რას გრძნობთ, როდესაც საკუთარ თავს „ჰეტეროსექსუალს“ უწოდებთ?
  • ისეთ გარემოში რომ ცხოვრობდეთ, სადაც არ არის ჰეტერონორმატიული გავლენები (სადაც საზოგადოება არ მოგიწოდებთ, აუცილებლად ჰეტეროსექსუალი იყოთ), როგორი იქნებოდა თქვენი სექსუალური იდენტობა?
  • რას გრძნობთ, როდესაც საკუთარ თავს იმავე გენდერის ან გენდერული ბინარულობის ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანის გვერდით წარმოიდგენთ?
  • როგორი გრძნობა იქნებოდა საკუთარი სექსუალობის მიღება?

გახსოვდეთ, რომ სექსუალობის ცვლილება ნორმალურია. ეს არ ნიშნავს, რომ ის, რასაც ცხოვრებაში მანამდე გრძნობდით, არასწორი იყო. თქვენ, უბრალოდ, იცვლებით და არავის მისცეთ უფლება, გითხრათ, რომ ეს არ შეგიძლიათ.

რესურსები საკუთარი სექსუალური ორიენტაციის უკეთ გასააზრებლად

განურჩევლად იმისა, თუ რას განიცდით საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებით, საჭირო არ არის, ეს მარტომ გაიაროთ.

საკუთარი სექსუალობის ეჭვქვეშ დაყენება აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი რამაა და სხვა, სანდო ადამიანებთან მასზე საუბარი ამ პროცესის უფრო ეფექტურად გავლაში დაგეხმარებათ.

ხილვადობა მნიშვნელოვანია

ძალიან მნიშვნელოვანია, ხედავდეთ და იცნობდეთ იმას, რასაც გრძნობთ. უკეთ გაეცანით ქვიარ თემებსა და ადამიანებს. ისწავლეთ უფრო მეტი სექსუალური ორიენტაციებისა და ქვიარობის შესახებ, გაიგეთ ქვიარ-ისტორია, იკითხეთ წიგნები ამ თემაზე, გაეცანით ქვიარ სიახლეებსა და სხვა ქვიარების ისტორიებს Queer.ge-ზე, უყურეთ ქვიარ ფილმებს, ქვიარ კონტენტ-კრეატორებს (მაგალითად, TikTok-ზე ან YouTube-ზე), წადით ქვიარ ღონისძიებებსა და ქვიარ სივრცეებში. ამ ყველაფერზე მეტის გაგებამ და დანახვამ შეიძლება უკეთ გაგარკვიოთ საკუთარ იდენტობაში და მეტი თავდაჯერებულობა მოგცეთ მის გამოსახატად.

ესაუბრეთ მხარდამჭერ ადამიანებს

თუკი კომფორტულად გრძნობთ თავს საიმისოდ, რომ ეს საკითხი თქვენთვის ძვირფას ადამიანთან განიხილოთ, დაიწყეთ ამ თემაზე საუბარი მასთან. შეარჩიეთ მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელსაც იცით, რომ შეგიძლიათ, ენდოთ, რომელსაც არ აქვს ჰომოფობიური განწყობები და რომელიც, პირველ ყოვლისა, თქვენი ინტერესების დაცვას შეეცდება. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები მათ და უთხარით, რომ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ ორიენტაციაში.

არ გეგონოთ, რომ ვალდებული ხართ, ამ თემაზე ფიქრისას თუ საუბრისას რამე იარლიყი მიაკეროთ საკუთარ თავს — ამის გასააზრებლად იმდენი დრო გაქვთ, რამდენიც გსურთ და გჭირდებათ, თუკი საერთოდ ოდესმე მოგინდებათ ასეთი იარლიყი. ზოგჯერ ამდენი ტერმინის არსებობა შემაშინებელიც კია — უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ „არჩევანის გაკეთება“ არაა საჭირო, არც მყისიერად და არც ოდესმე. თქვენი სექსუალობა მაინც რეალურია, განურჩევლად ტერმინისა, რომელსაც იყენებთ საკუთარი თავის აღსაწერად.

ესაუბრეთ სხვა ქვიარ ადამიანებს

შესაძლოა, ძალიან კარგი და შვებისმომგვრელი გამოცდილება აღმოჩნდეს სხვა ისეთ ადამიანთან საუბარი, რომელმაც თვითგამორკვევის გზა უკვე გაიარა. სავარაუდოდ, ამ გზაზე მათაც ჰქონიათ მსგავსი ფიქრები და შეგრძნებები და შეუძლიათ, გითხრან, რა დაეხმარათ ამის გადალახვაში, უკეთ გააზრებასა და მიღებაში.

სხვა ქვიარ ადამიანებთან საუბარი ასევე შეგიქმნით ისეთ უსაფრთხო გარემოს, რომელშიც შეგეძლებათ, იყოთ გულწრფელი საკუთარი სექსუალობის შესახებ.

დაფიქრდით რამე ონლაინ-ჯგუფში გაწევრიანებაზე (ისეთზე, სადაც შეგეძლებათ ანონიმურად კომუნიკაცია) ან ესაუბრეთ მეგობრებს, რომლებიც უკვე არიან ქვიარ თემის წევრები. საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე საუბარი ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც უკვე აღმოაჩინეს საკუთარი სექსუალობა, შეიძლება გასაოცარი გამოცდილება აღმოჩნდეს. უსაფრთხო გარემოში ამის პირველად თქმა ან პირველად დაწერა განმათავისუფლებელი შეგრძნებაა.

ამ და სხვა ქვიარ თემებზე ონლაინ და ანონიმურად სასაუბროდ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ქვიარ მეგობრული ჯგუფი A Very Queer Hub • ძალიან ქვიარ ჰაბი

ესაუბრეთ პროფესიონალს

თუკი ძვირფას ადამიანებთან საუბარი საკმარისი არ არის, დაფიქრდით პროფესიონალ ფსიქოლოგთან საუბარზე. შეგიძლიათ, საამისოდ თავად მოძებნოთ ლგბტქი მეგობრული ფსიქოლოგი ან მიმართოთ საქართველოში მოქმედ ქვიარ ორგანიზაციებს, მაგალითად, თანასწორობის მოძრაობას ან თემიდას:

  • თანასწორობის მოძრაობა ლგბტ ადამიანებს უზრუნველყოფს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით. ფსიქოლოგის უფასო და ანონიმური კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ მიხვიდეთ თანასწორობის მოძრაობის ოფისში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის ქუჩა #19. ვიზიტამდე შეგიძლიათ ორგანიზაციას დაუკავშირდეთ ტელეფონით (0322 47 97 48) ან Facebook გვერდზე.
  • ქვიარ ასოციაცია თემიდა ტრანს/ქვიარ ადამიანებს სთავაზობს ფსიქოლოგის უფასო მომსახურებას. ფსიქოლოგის მომსახურებას გასცემენ მეგობრული სპეციალისტები, კონფიდენციალურობის სრული დაცვით. აღნიშნული მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციას ტელეფონით (995 599 42 83 31) ან ელ.ფოსტაზე: [email protected]

ასევე იხილეთ ქვიარ მეგობრული ორგანიზაციები საქართველოში — სია

დაუკავშირდით პოტენციურ პარტნიორებს

ბოლოს გეტყვით, რომ ონლაინ გაცნობის აპლიკაციები დაგეხმარებათ, იპოვოთ სხვა ქვიარ თუ სექსუალური თვითგამორკვევის პროცესში მყოფი ადამიანები. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციები: Tinder, Bumble, Grindr (ქვიარ კაცების გაცნობის აპლიკაცია), Her (ქვიარ ქალების გაცნობის აპლიკაცია) და სხვები. თუმცა, დარწმუნდით, რომ გულწრფელი ხართ პოტენციურ პარტნიორებთან და ღიად ესაუბრეთ მათ თქვენს გამოცდილებაზე, ფიქრებსა თუ სურვილებზე. ასევე, გაითვალისწინეთ ინტერნეტის გამოყენებისას საჭირო უსაფრთხოების წესები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სტატია: გაცნობის 10 აპლიკაცია ქვიარებისთვის და არამხოლოდ

თუმცა, ექსპერიმენტირება ყოველთვის არ არის შესაძლებელი. მაგალითად, თუკი უკვე ხართ ურთიერთობაში საპირისპირო გენდერის ადამიანთან და ამ დროს იაზრებთ, რომ შეიძლება ბისექსუალი იყოთ. ასეთ შემთხვევაში, ესაუბრეთ პარტნიორს. შესაძლოა, ის თანახმა იყოს ურთიერთობის ისეთ ფორმაზე, რომლის დროსაც შეგეძლებათ თქვენი გენდერის სხვა ადამიანთან ექსპერიმენტირება და გამოცდილების მიღება. ან, თუკი ასეთი რამ არ არის თქვენთვის კომფორტული, საკუთარ სექსუალობაზე პარტნიორთან საუბარი და გულწრფელობა ძალიან კარგი პირველი ნაბიჯია.

გარდა ამისა, თუკი ქვიარ ურთიერთობის გამოცდილება არასდროს გქონიათ, გახსოვდეთ, რომ თქვენი გრძნობები მაინც რეალური და ვალიდურია! სექსუალური ორიენტაცია მიზიდულობაა და არა — გამოცდილება. ბევრ ქვიარ ადამიანს, რომელიც ახლა იწყებს საკუთარი სექსუალობის გამოკვლევას ან ვინც უკვე მრავალი წელია იცის საკუთარი სექსუალობა, არ ჰქონია სექსი ქვიართან. შესაძლოა, ასე იმიტომ იყოს, რომ სხვა ურთიერთობაში ვართ, მსგავსი შესაძლებლობა არ მოგვეცა ან, უბრალოდ, ამ ნაბიჯის გადადგმა გვიჭირს — ეს აბსოლუტურად ნორმალურია და თქვენ მარტო არ ხართ. საკუთარი სექსუალობის ეჭვქვეშ დაყენების შემდეგ, საჭიროა ძალიან ბევრი ფიქრი და მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ შიშებზე, მათ მიღებასა და დაძლევაზე.

რომანტიკული მიზიდულობა და სექსუალური მიზიდულობა

სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრისას ზოგჯერ საქმეში ერთვება განსხვავება რომანტიკულ და სექსუალურ მიზიდულობას შორის.

მათ შორის განსხვავებების ცოდნა კარგია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ისინი ერთდროულად ხდება და ერთმანეთს ემთხვევა — ანუ, როგორც წესი, ადამიანებს რომანტიკული ურთიერთობები იმავე გენდერის ან გენდერების ადამიანების მიმართ აქვთ, ვინც სექსუალურად იზიდავთ — არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავდება.

მაგალითად, ადამიანს შეიძლება სექსუალურად იზიდავდეს ერთი გენდერი, მაგრამ არ უნდოდეს მასთან რომანტიკული ურთიერთობა ან არ მოსწონდეს, ან შეიძლება ადამიანს მოსწონდეს ურთიერთობის დინამიკა კონკრეტულ გენდერთან, მაგრამ ეს გენდერი არ იზიდავდეს სექსუალურად.

იხილეთ აგრეთვე 7 რამ, რაც არომანტიკული ადამიანების შესახებ უნდა ვიცოდეთ

ფლუიდურობა

თუკი თქვენს მიზიდულობებში ცვლილებას ამჩნევთ, ამაში არაფერი უჩვეულო ან არასწორი არ არის. პირველ ყოვლისა, ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენ უკეთ ვეცნობით საკუთარ თავს და შეიძლება გავიაზროთ საკუთარი თავის ის შრეები, რომლებსაც მანამდე არ ვიცნობდით.

გარდა ამისა, ასაკის მატებასთან ერთად, იცვლება ჩვენი პრიორიტეტები. ის, რაც ერთ დროს თქვენთვის მიმზიდველი იყო სხვებში, ახლა შეიძლება პირიქით, სურვილის გამქრობი იყოს. ზოგი ადამიანი სექსუალურად ფლუიდურია და მათი სექსუალობა მუდმივად იცვლება.

საკუთარი სექსუალობა შეიძლება ნებისმიერ ასაკში დააყენოთ ეჭვქვეშ. ბევრი სხვადასხვა სექსუალური იდენტობა არსებობს და შეიძლება დრო დასჭირდეს ისეთის პოვნას, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. გარდა ამისა, თქვენი სექსუალური იდენტობა შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების განმავლობაში.

არსებობს ბევრი რესურსი, რომელიც თქვენი ორიენტაციის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ, დაწყებული ინტერნეტ-რესურსებით, რომლებიც უკეთ გაგარკვევთ სხვადასხვა ცნებასა და იდენტობაში, დამთავრებული ქვიარ მეგობრული ორგანიზაციებით, რომლებიც პირდაპირი კონსულტაციების გზით დაგეხმარებიან თვითგამორკვევაში.

თუკი საკუთარ სექსუალობას ეჭვქვეშ აყენებთ, აუცილებელი არ არის, ეს პროცესი სტრესული იყოს — თქვენს ხელთაა მთელი ის დრო, რომელიც ამ პროცესის გასავლელად გჭირდებათ; უამრავი უფასო საინფორმაციო რესურსი, რომელიც თვითგამორკვევაში შეგიწყობთ ხელს; ასევე, ქვიარ და ქვიარ მეგობრული ადამიანები, რომლებიც მთელი ამ გზის განმავლობაში თქვენ გვერდით იქნებიან და მხარს დაგიჭერენ.

წყაროები: Verywell Mind, UWM.edu, Divethru

წინა

გაცნობის 10 აპლიკაცია ქვიარებისთვის და არამხოლოდ

შემდეგი

ავტობუსში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ კაცს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების