ქალთა ფონდი საქართველოში

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი იქნება — ქალთა ფონდი საქართველოში.  კურსი მსმენელებს ქვიარ თეორიის შესახებ არსებულ ცოდნას გაუზიარებს, ასევე ფემინისტური და კრიტიკული

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, თელავიდან, თბილისიდან, დედოფლისწყაროდან, ამბროლაურიდან,

ფსიქოლოგი ნინო ბექაია სტრესის დაძლევის ტრენინგის შესახებ

ფსიქოლოგი ნინო ბექაია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია აქტივიზმში და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ონლაინ გამოცემა „ქვიარისთვისაც“ ხშირად წერს, სტრესის დაძლევისა და მართვის პროგრამის შესახებ გვიყვება,

არტ-თერაპია და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი უკრაინელი ქალებისთვის

ფემინისტური ორგანიზაცია ფემინა, რომლის მთავარი მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციასთან (GABP) პარტნიორობით ახორცილებს პროექტს “დალხენის (healing) პრაქტიკების სწავლება და ციფრული

არტ-თერაპია და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი უკრაინელი ქალებისთვის

ფემინისტური ორგანიზაცია ფემინა, რომლის მთავარი მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციასთან (GABP) პარტნიორობით ახორცილებს პროექტს “დალხენის (healing) პრაქტიკების სწავლება და ციფრული უნარების ხელშეწყობა ქალთა ჯგუფებში“.

პროექტში, რომელიც სხეულზე ორიენტირებული თერაპიისა და არტ-თერაპიის სესიებს მოიცავს, უკრაინელი ლტოლვილი, ძალადობაგამოვლილი, ქვიარ და ფემინისტი აქტივისტი ქალები იღებენ მონაწილეობას.

“პროექტი მიზნად ისახავს ტრავმული გამოცდილების მქონე ქალების მენტალურ გაძლიერებას, რათა მათ იოლად დაძლიონ ფსიქოლოგიური ტრავმა, გაზარდონ მედეგობა სტრესის მიმართ, შეამცირონ ფიზიკური ტკივილი, გაიუმჯობესონ სიამოვნებისა და საკუთარი სხეულის მიღების უნარი, მიაღწიონ სხეულებრივ ბალანსს”, — ვკითხულობთ ფემინას განცხადებაში.

ზემოთაღნიშნული სესიების გარდა, მონაწილეებს პირადი ციფრული მოწყობილობების ეფექტურად დაცვის მიზნით ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი ჩაუტარდებათ.

პროექტი საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით ხორციელდება.

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, თელავიდან, თბილისიდან, დედოფლისწყაროდან, ამბროლაურიდან, ზუგდიდიდან, ადიგენიდან და ბათუმიდან. ტრენინგში 25 ადამიანი მონაწილეობდა.

ტრენინგის მიზანი მონაწილეების ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების ამაღლება, ერთმანეთის გაცნობა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამომავლოდ თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ამბროლაურის რაიონიდან, ეთერ არსანიძე ამბობს, რომ შედეგად, შეძლებს საკუთარი ემოციები მეტად მართოს, რაც საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გახდის.

“აქტივისტებს, განსაკუთრებით ქვიარ აქტივისტებს, ჩვენს ქვეყანაში სტრესულ გარემოში ცხოვრება უწევთ. როდესაც სტრესული გარემო ყოფის ყოველდღიურობაა, გონებაში ილექება ყველაფერი, რაც შემდეგ ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორის გამომწვევია. სამწუხაროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა დავუხვდეთ ასეთ დაბრკოლებებს. სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიან ტრენინგზე ამ საკითხთან მიახლოებას ველოდი, რაც რეალურად მოხერხდა. ამ საქმის სპეციალისტად ვერ  გამოვდგები, თუმცა უკვე შემიძლია, თუნდაც უახლოესი რამდენიმე თვე ჩემი ემოციები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ვაკონტროლო და ვმართო, რაც ნაკლებად დამსტრესავს და საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გამხდის. ყველაზე ღირებული, რაც ტრენინგმა დამიტოვა, ამ 4 დღის განმავლობაში გაცნობილი ადამიანები არიან, რომელთა სახითაც ჩემს საქმიანობაში მეტი მხარდამჭერი მეყოლება”, – უთხრა ეთერ არსანიძემ ქვიარს.

ტრენინგს ესწრებოდა მარკეტინგის სპეციალისტი და თბილისი პრაიდის ბორდის წევრი, ტაო ჭალიძეც. მისი თქმით, გაუძლიერდა შეგრძნება, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო არ არის და შეუძლია, უკეთესის იმედი ჰქონდეს.

“ტრენინგთან დაკავშირებით ორი სახის მოლოდინი მქონდა: გავეცნობოდი სხვადასხვა გზას სტრესის დასაძლევად და შევხვდებოდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ის გამოწვევები, რის წინაშეც თავად ვდგავარ ხოლმე, გამიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს. ორივე მოლოდინი 100%-ით გამართლდა. ჩემთვის სავარჯიშოების ნაწილიც და თეორიაც საინტერესო აღმოჩნდა. ახალმა ცოდნამ და ახალი ადამიანების გაცნობამ გამიმძაფრა შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ და შემიძლია, უკეთესის იმედი მქონდეს”, – ამბობს ტაო.

ფოტო: ეთერ არსანიძე

იურისტი თბილისიდან, მარიამ ჯიქია კი აღნიშნავს, რომ ტრენინგებზე ფორმალურ გარემოს ელოდა, თუმცა ყველა ტრენერი, კლასიკური შემთხვევისგან განსხვავებით, მზრუნველ, უსაფრთხო და გუნდურ გარემოს ქმნიდა.

“სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგები ექსპერტების და ორგანიზატორების მიერ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით სრულად იყო მორგებული ჯგუფის წევრების ინტერესებზე. გარემო უსაფრთხო და მიმღებლური იყო. ტრენინგებზე პოზიციების გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება მეცნიერული ცოდნის მარტივად აღქმისა და გააზრების შესაძლებლობას გვაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგებზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ტრენერები და ორგანიზატორები ჯგუფის თითოეული წევრის საჭიროებებსა და ინტერესებს ითვალისწინებდნენ. რაც მთავარია, პრაქტიკული ჯგუფური თერაპიები, რომელშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ფრთხილად და წინდახედულად მიმდინარეობდა, რაც ჯგუფში საუბრის უხერხულობას არ ქმნიდა. ამასთან, სტრესის მართვის ტექნიკები, რომელიც დეტალურ და კონკრეტულ გამოყენებად საშუალებებს ეხებოდა, საკუთარი თავის უკეთ მართვის შესაძლებლობას მომცემს”, – გვითხრა მარიამმა.

საჯარო მმართველობის მაგისტრისა და აქტივისტისთვის თელავიდან, ნინო ბოჭორიძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ბავშვის საკითხზე საუბარი აღმოჩნდა.

“ვფიქრობ, ამ ტრენინგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან თეორიასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო პრაქტიკულ სავარჯიშოებში და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. ტრენინგი მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობდა. ჯგუფი იდეალურად იყო შერჩეული, რაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას ქმნიდა. ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გადაცდომას. ჩემთვის ყველა თემა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ჩვენს შინაგან ბავშვს, რომლის კარგად გამოკეტვასაც ვცდილობთ ხოლმე. ამ საკითხზე საუბარმა მიმახვედრა, რომ ჩემს შინაგან ბავშვს ყოველთვის პატივი უნდა ვცე და მოვუარო”, – ამბობს ის.

ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იურისტის და აქტივისტის, თანასწორობა 17-ის დამფუძნებლის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ტრენინგის მიმდინარეობამ ნათლად აჩვენა, რამდენად საჭიროა მსგავსი ღონისძიებები სამოქალაქო აქტივისტი ქალების, განსაკუთრებით კი, ქვიარ აქტივისტი ქალების მხარდაჭერის პროცესში.

“პროფესიული გადაწვის პრევენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სოციალურ, სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებს უწევენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ამას გარდა, თვალსაჩინო გახდა რეგიონებში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობა და მწვავე საჭიროება. საერთო ტრავმებზე კოლექტიური ზრუნვის ტექნიკები შესაძლებლობას გვაძლევს, დისკრიმინირებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევები, მათთან გამკლავების გზები, ინდივიდუალურად და ერთად გასაკეთებელი სამუშაო გავიაზროთ, იმისთვის, რომ გადავრჩეთ და შევამციროთ ზიანი, რომელსაც საზოგადოება გვაყენებს, გავაუმჯობესოთ ერთმანეთის ყოფა”, – ამბობს ნინო.

მისი ინფორმაციით, თანასწორობა 17 საქართველოს რეგიონებში ქალებისა და ქვიარ თემის მხარდასაჭერად მსგავსი ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდაც შეეცდება.

პროექტი თანასწორობა 17-ის ორგანიზებითა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ფსიქოლოგი ნინო ბექაია სტრესის დაძლევის ტრენინგის შესახებ

ფსიქოლოგი ნინო ბექაია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია აქტივიზმში და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ონლაინ გამოცემა „ქვიარისთვისაც“ ხშირად წერს, სტრესის დაძლევისა და მართვის პროგრამის შესახებ გვიყვება, რომელიც 1-4 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდება.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა, რომელიც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს. თეორიული ნაწილი არის ფსიქოგანათლება, რაც გულისხმობს: განსხვავებული სტრესის ამოცნობას, მათ განმარტებებს, რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს და როგორ აისახება ის ადამიანზე ფიზიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად. მათ შორის, ადიქციებსაც შევეხებით, რადგან ის პირდაპირ კავშირშია სტრესთან. ადიქციას ადამიანები ხშირ შემთხვევაში „გამკლავების მექანიზმად“ იყენებენ, თუმცა ის პირიქით, ხელს უწყობს სტრესის გაღრმავებას და დიდწილად, სწორედ ის იწვევს მას. ალკოჰოლი, სიგარეტი, სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლებსაც სტრესის წინააღმდეგ იყენებენ, სინამდვილეში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს“, – ამბობს ნინო ბექაია.

ტრენინგზე აქცენტი სტრესის მართვასა და შემცირებაზე იქნება დასმული. თეორიული ფსიქოგანათლების გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს, რომელზეც ნინოს კოლეგა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა იმუშავებს. მონაწილეებს წინ ერთი მხრივ ძალიან საინტერესო, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან საჭირო და სასარგებლო აქტივობები ელოდებათ.

როგორც ნინომ აღნიშნა, ტრენინგში მონაწილეობას აქტივისტები, უფლებადამცველები, ქვიარ ქალები იღებენ, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან სტრესს.

„სიტუაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაურესდა – გამოვიარეთ პანდემია, ამას დაემატა ომი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა და გართულდა აქტივისტების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა“.

ნინო ბექაიას თქმით, როდესაც სხვას ეხმარები, უფრო მარტივია პროფესიული გადაწვა დაგემართოს, გამოიფიტო და ვეღარ მოახერხო ძალების აღდგენა. როგორც წესი, საკუთარი თავის დახმარება და შველა ასეთ მომენტებში რთულდება, ამიტომ სტრესთან დაკავშირებულმა თემებმა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, წინ წამოიწია.

„მსგავსი პროექტები საქართველოში კიდევ ხორციელდება და ასეთი ჰოლისტური მიდგომა მისასალმებელია. დიდი ხანი ვფიქრობდით ამ ტრენინგის ჩატარებაზე და როდესაც შანსი მოგვეცა, ის ხელიდან არ გავუშვით“.

როგორც ნინო ამბობს, პროექტის ფარგლებში აქცენტი არა თბილისზე, არამედ ზოგადად, საქართველოს რეგიონებზე, ამ რეგიონებში მცხოვრებ აქტივისტ ქალებზე გააკეთეს.

„ჩვენი სურვილი აჭარაში მყოფ ქვიარ აქტივისტებთან შეხვედრა და სხვადასხვა რეგიონიდან ქალების ჩართულობა იყო, რაც ხელს შეუწყობდა ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებას. ამას გარდა, ზაფხული, ზღვა და მზე დადებითად აისახება ადამიანზე. ჩვენს აპლიკანტებს ტრენინგში მონაწილეობის გარდა, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაც ექნებათ“.

ტრენინგის მიმართ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა ინტერესი. მომართვიანობა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ტრენინგი იძლეოდა საშუალებას.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა პროექტს მიღმა. ასეთი დაინტერესება ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო წლების განმავლობაში ადამიანებს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწიათ – პანდემია, ომი და ამას დამატებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“.

როგორც ნინო ამბობს, საქართველოს  მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი ტიპის ტრენინგების საჭიროება დგას. ბოლო პერიოდში, ამ კუთხით გარკვეული ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც მსგავს ტრენინგებს ატარებენ. მისი თქმით, ასეთი ტრენინგი ქვიარ ადამიანებისთვისაც ჩატარდა.

„ასეთი ტიპის აქტივობები არასდროს არის ბევრი და საკმარისი, რადგან ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომელთან დაკავშირებითაც ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, გავავრცელოთ ინფორმაცია. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომის საშუალება, იქნება ეს ფსიქოგანათლება თუ პრაქტიკული ნაწილი, რომ შემდეგ ადამიანმა მარტივად შეძლოს თვითდახმარება ან პროფესიონალთან დაკავშირება“.

ნინო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობები, მაგალითად, ქრონიკული სტრესი, რომელიც ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საშიშია. ეს განსაკუთრებით ხშირია ისეთ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სოციალურ მუშაკებად, ადვოკატებად.

„ზოგადად, პროფესიული გადაწვა შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ მეტი შანსია ქვიარ ადამიანებთან მომუშავე ადამიანებში, ან თავად ქვიარ აქტივისტებში გამოვლინდეს“.

პროგრამა იმგვარადაა შედგენილი, რომ ტრენერებმა მაქსიმალურად მიიღონ ის ეფექტი, რომელიც მიზნად დაისახეს. მათი ძირითადი მიზანი ქვიარ ქალებისა და აქტივისტების ერთმანეთთან დაახლოება, ასევე, მონაწილეებისთვის ფსიქიკურ, მენტალურ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების გამომუშავებაში ხელშეწყობაა. ამას გარდა, ტრენინგზე შეეხებიან ფიზიკური უსაფრთხოების საკითხსაც.

„გვაქვს ქვეამოცანა, რომ ჰოლისტური მიდგომა და მისი კონცეფცია მაქსიმალურად გასაგები აღმოჩნდეს ჩვენი მონაწილეებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ, ოჯახის წევრების, თანამოაზრეებისა და თანამშრომლების ფიზიკურ თუ სხვა ტიპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სამუშაო სივრცის ორგანიზება. იყონ მეტად დაცულები, საჯარო შეკრების, თუნდაც სამოქალაქო აქციების დროს. ისინი მიიღებენ ისეთ ცოდნას, როგორიცაა ნერვული სისტემის მუშაობა, როგორ აირიდონ სტრეს-ფაქტორები და დაზიანება, ისწავლიან პროფესიული გადაწვის სიმპტომების იდენტიფიცირებას, მის მართვას და ასევე, თავიდან არიდებას, ადიქციური ქცევების დაძლევის ეფექტურ სტრატეგიებსა და ტექნიკებს. ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ქცევების დანერგვას, გაუზაირებენ ერთმანეთს გამოცდილებას, გამოწვევებსა და შთაბეჭდილებებს. ამ 4 დღის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან ყველაფერს, რაც მიზნად გვაქვს დასახული“.

ნინო ბექაია იმ ადამიანებსაც აძლევს რჩევებს, რომლებიც ტრენინგში მონაწილოებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იღებენ და აღნიშნავს, რომ სტრესის დროს თვითდახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ადამიანებს მაინც უჭირთ სტრესის იდენტიფიცირება.

„სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ დონეზე, მაგალითად: თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, სუნთქვის გაძნელება, უსიამოვნო შეგრძნება ყელის არეში, ასევე ემოციურადაც, მაგალითად: მოიწყინოთ, დაგეუფლოთ უიმედობის განცდა და აპათია, შეგექმნათ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. სტრესის დროს რამდენიმე სიმპტომი ერთად იყრის თავს. თუ ეს ყველაფერი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდება, აუცილებელია ყურადღების მიქცევა. არის მომენტები, როდესაც თვითდახმარებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სიმპტომებს, მაგრამ ხანდახან თვითდახმარება აღარ არის საკმარისი და ამ დროს სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგალითად მაშინ, როდესაც ყოველდღიური ფუნქციონირება რთულდება, ან გერევათ დღის რეჟიმი“.

ხშირად სტრესის დახმარებაში ფიზიკური აქტივობებიც გვეხმარება – 20 წუთი მუსიკის თანხლებით ფეხით გასეირნება, ტრენაჟორებით დატვირთვა, იოგა, ვარჯიში, ცეკვა. მთავარია, ხანდახან საკუთარ თავს გარკვეულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა დავაძალოთ. ეს ეხმარება ჰორმონალური ბალანსის აღდგენას.

„სტრესის დროს ადრენალინი და კორტიზოლი გამოიყოფა, რომელსაც საერთოდ სხვა რეჟიმში გადავყავართ, ამიტომ ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. როდესაც ძალიან დასტრესილები ვართ, მოქმედება გვიჭირს, თუმცა მოქმედების დასაწყებად საკუთარ თავს ძალა უნდა დავატანოთ, რადგან მოქმედებამდე მისვლა აუცილებელია. ხანდახან გვგონია, რომ არაფერი დაგვეხმარება, მაგრამ პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი მიგვიყვანს იმ მიზნისკენ, რაც არის კომფორტი, შინაგანი სიმშვიდე და სისავსე. მოქმედებად შეიძლება ჩავთვალოთ დახმარების თხოვნაც – მეგობართან დალაპარაკება, არასახარბიელო მდგომარეობის გაზიარება, შესაძლოა, ხანდახან ერთი ჩახუტებაც საკმარისი აღმოჩნდეს. მოქმედება, ინფორმაციის მიღება, სიმპტომებზე დაკვირვება, საკუთარი სხეულისა და ემოციების მოსმენა – აი, რაშია გამოსავალი“.

სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგის გარდა, ნინო ბექაიამ სტრესთან დაკავშირებული კიდევ ერთი გეგმა გაგვაცნო. მისი თქმით, იგეგმება ბროშურის გამოცემა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიზუალური მასალით კარგად გამოიკვეთოს სტრეს-ფაქტორები, სიმპტომები და ადამიანისთვის, რომელიც მას გადაშლის, ბევრ საინტერესო კითხვას გაეცეს პასუხი, დაეხმაროს მას თვითგამორკვევაში.

„ბროშურა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქვიარ ადამიანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები ჩართულები იქნებიან თუ არა აქტივიზმში. მისი მოცულობა დაახლოებით 30 გვერდს შეადგენს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე დაბეჭდილი სახით თბილისსა და რეგიონებში. ეს არის უახლოესი გეგმა, რომლის განხორციელებასაც „ქვიართან“ ერთად შემოდგომაზე ვაპირებთ“.

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი „თანასწორობა 17“-ის ორგანიზებითა და „ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„თუ მსგავსი ტრენინგები კიდევ დაიგეგმება, სხვა დროსაც დიდი სიამოვნებით გავაზიარებდი ჩემს ცოდნას, გამოცდილებასა და რესურსს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს მართლა სჭირდებათ“, — ამბობს ნინო ბექაია.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი იქნება — ქალთა ფონდი საქართველოში

კურსი მსმენელებს ქვიარ თეორიის შესახებ არსებულ ცოდნას გაუზიარებს, ასევე ფემინისტური და კრიტიკული რასის თეორიის შესახებ არსებულ ტექსტებსა და დებატებს, რომლის საფუძველზეც მსმენელებს თანამედროვე პოლიტიკასა და პოლიტიკურ აქტივიზმში ქვიარ პოლიტიკის გაფართოებული დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის კურსი თეორიული ნაწილის გარდა, ქვიარ და ფემინისტური კვლევის მეთოდოლოგიის საკითხებზე პრაქტიკულ სემინარებსაც მოიცავს, რომლის შემდეგაც მონაწილეები კვლევითი განაცხადების მომზადებას და პროექტის ფარგლებში მიკრო-კვლევების მომზადებას შეძლებენ. 

სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის კურსი ქვიარ და ფემინისტური თეორიის შესახებ მრავალფეროვან საკითხებს დაფარავს. ძირითადი თემები იქნება: 

  • ქვიარ თეორიის საფუძვლები და მისი კავშირი ფემინისტურ თეორიებთან; 
  • ფემინისტური წინააღმდეგობები და რადიკალური ფემინისტური თეორიები; 
  • ACT-UP მოძრობა და აქტივიზმის როლი ქვიარ თეორიის განვითარებაში; 
  • სექსუალობის და რეპრესიების ისტორია და მისი როლი ქვიარ თეორიაში; 
  • სექსუალური დეფინიციები და ტაქსონომიები: თეორიული და პოლიტიკური დაპირებები; 
  • გენდერის პერფორმატიულობის იდეა და დრეგ კულტურის როლი ქვიარ თეორიაში; 
  • ქვიარ თეორიის კავშირი კრიტიკული რასის თეორიასთან; 
  • სხეულის პოლიტიკა: სახელმწიფო და სექსუალობის მეთვალყურეობა. 

უფასო დისტანციურ კურსს გენდერის კვლევების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ექსპერტები და მკვლევრები 22 ივნისიდან, 2 კვირაში ერთხელ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ჩაატარებენ და ის ოქტომბრამდე გასტანს. კურსდამთავრებულები კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ. 

კურსზე დარეგისტრირებისთვის აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ.