ქალთა ფონდი საქართველოში

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები

ფსიქოლოგი ნინო ბექაია სტრესის დაძლევის ტრენინგის შესახებ

ფსიქოლოგი ნინო ბექაია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია აქტივიზმში და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ონლაინ გამოცემა „ქვიარისთვისაც“ ხშირად წერს, სტრესის დაძლევისა და მართვის პროგრამის შესახებ გვიყვება, რომელიც 1-4 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდება. „მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა, რომელიც როგორც

არტ-თერაპია და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი უკრაინელი ქალებისთვის

ფემინისტური ორგანიზაცია ფემინა, რომლის მთავარი მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციასთან (GABP) პარტნიორობით ახორცილებს პროექტს “დალხენის (healing) პრაქტიკების სწავლება და ციფრული

კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოების გარეშე გაიმართება

2022 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოებისა და ნომინანტების გარეშე ჩაივლის. ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ეს წელი დაჯილდოების შინაარსობრივი თუ ტექნიკური ნაწილის გადასინჯვას, რეფლექსიასა და

ქალთა ფონდი საქართველოში — 2023 წლის მარტის მიმოხილვა

ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის.

წარმოგიდგენთქალთა ფონდის აქტივობებს 2023 წლის მარტის თვეში:

  • მარტის თვეში ფონდმა ახალი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა ქალთა შრომითი უფლებების ადვოკატირების შესახებ. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალების, ქვიარ და ტრანს ადამიანების გაძლიერებას, შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას.
  • ასევე, ქალთა ფონდმა შექმნა ფემინისტი აქტივისტების მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ტრანსოფრმაციაზე იმუშავებს მომდევნო ნახევარი წლის განმავლობაში.
  • მარტში ქალთა ფონდმა შეიმუშავა ფემინისტური ფესტივალის დღის წესრიგი და ორგანიზაცია გადავიდა აქტიურ სამზადისზე ივლისში რაჭაში 3-დღიანი ღონისძიების ჩასატარებლად.
  • ორგანიზაციამ ასევე მოამზადა კატოს ჯილდოს მფლობელების შესახებ ყოველთვიური სერიის მეორე ვიდეო ქეთევან ხიდაშელზე. ვიდეო მალე გამოქვეყნდება ორგანიზაციის Facebook გვერდზე.

ქალთა ორგანიზაციები წილოსანს მოუწოდებენ, რუსულ კანონს მხარი არ დაუჭიროს

ქალთა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო წილოსანს მიმართავენ. ორგანიზაციები მოუწოდებენ დეპუტატს, რომ არ დაუჭიროს მხარი რუსულ კანონპროექტს და დაარწმუნოს მისი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ, ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგოები და ბავშვები.

განცხადების თანახმად, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს, ყველა მიღწევა, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის.

ორგანიზაციები მიმართვაში აღნიშნავენ, რომ რომ საკანონმდებლო აქტის სათაურის ცვლილება, რისი ინიციატორიც ნინო წილოსანი იყო, ვერ გამოიწვევს მისი არსის გაუმჯობესებას. შესაბამისად, მათ მსგავსი ინიციატივა რეალურ გამოსავლად არ ესახებათ.

ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ათწლეულებია ვიბრძვით საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალებისთვის თანაბარი უფლებებისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნისათვის. ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მრავალ მნიშვნელოვან პროცესს ჩავუყარეთ საფუძველი, რომელმაც თვისობრივად გააუმჯობესა ქალების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში.

ქალთა მოძრაობის დიდი ძალისხმევის და ადვოკატირების შედეგი იყო საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნაც. წლების განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებდით საბჭოსთან შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ერთობლივი მუშაობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩო და მრავალი მიმართულებით დაიხვეწა პოლიტიკა.

გაუმჯობესებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პოლიტიკის განხორციელება რეალობაში სწორედ ჩვენი გავლით ხდება. ჩვენ, ქალთა ორგანიზაციები, ვიდექით და ვდგავართ ადამიანების დაცვის სადარაჯოზე. ჩვენ ვმუშაობთ ძალადობა გამოვლილ ადამიანებთან, შშმ ქალებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებთან, სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებთან და გოგოებთან, ბავშვობის ასაკში ქორწინების რისკის წინაშე მდგომ ოჯახებთან, ახალგაზრდებთან, ხანდაზმულებთან, ბავშვებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ გვეამაყება, რასაც ვაკეთებთ და გვჯერა, რომ სწორედ ეს არის გზა ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლისაკენ.

ყველა ეს მიღწევა და ყველა აგური, რომელიც დაიდო გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე, ფუჭად ჩაივლის, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ინიცირებულ რუსულ კანონს.

ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ კანონის მიღება დააზიანებს არამხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას და ძირს გამოუთხრის ჩვენს პროდასავლურ გეზს, არამედ პირდაპირ იმოქმედებს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაზე და ბედზე, ვისაც ამდენი წელია ერთობლივად ვაძლიერებთ.

ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ადამიანი, რომელიც იმედად ესახება ბევრ ძალადობა გამოვლილ ქალს, და როგორც რიგითი მოქალაქე, ქალი, სრულიად იაზრებთ იმ საფრთხეს, რასაც აღნიშნული კანონები, მიღების შემთხვევაში, უქადის ჩვენ ქვეყანას.

შესაბამისად, მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი მას და დაარწმუნოთ თქვენი კოლეგები, რომ ეს კანონი დააზიანებს და გაანადგურებს არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ჩაახშობს თავისუფალ ეთიკურ მედიას, არამედ პირდაპირ იმოქმედებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, პირველ რიგში კი, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ქალები, გოგონები და ბავშვები.

ამას გარდა, ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო აქტის სათაურის ცვლილება ვერ გამოიწვევს მისი არსის გაუმჯობესებას. შესაბამისად, სამწუხაროდ, მსგავსი ინიციატივა არ გვესახება რეალურ გამოსავლად.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მხარს დაუჭერთ რუსულ კანონს, თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ ყველა იმ მიღწევას, რითაც ასე ამაყობთ.

კანონის მიღების შემთხვევაში, წარმოუდგენლად გვესახება თქვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგზე ორიენტირებული ერთობლივი საქმიანობა“, — ნათქვამია მიმართვაში.

განცხადებას ხელს ამ დროისთვის 69 ორგანიზაცია აწერს:

  1. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო;
  2. ქალები საქართველოდან;
  3. ფემეა – ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის;
  4. ქალთა ფონდი “სოხუმი”;
  5. იგი ქალთა ასოციაცია ”თანხმობა”;
  6. ასოციაცია “მერკური”;
  7. ააიპ “საქართველოს შემეცნებითი ცენტრი”;
  8. “ქალები ქალებისთის” და “მოხალისეთა ჰაბი”;
  9. საორსა;
  10. ფონდი “ფემინა”;
  11. აიწონა დაიწონა;
  12. ღია სივრცე კავკასია (COS);
  13. სამოქალაქო განათლების და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC);
  14. გორის სათემო რადიო “მოზაიკა”, mozaikanews.ge;
  15. შშმ ქალთა ეროვნული ქსელი;
  16. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო” და ქალთა სათემო რადიო, RadioWW;
  17. ქალთა ფონდი საქართველოში;
  18. ააიპ ”დავიწყოთ ახლა”;
  19. ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის;
  20. პანკისის უხუცეს ქალთა საბჭო;
  21. მედიაპლატფორმა “კაქტუსი” cactus-media.ge;
  22. ქვემო ქართლის მედია QvemoQartli;
  23. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის (ISC);
  24. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია / GABP/;
  25. ქალთა ხმები;
  26. სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისათვის;
  27. სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი (CARDC);
  28. საფარი;
  29. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG;
  30. ქალთა ასოციაცია “გვირილა”;
  31. ასოციაცია „მრავალეროვანი საქართველოს ქალები“;
  32. სოციალური კვლევის ცენტრი;
  33. ააიპ “ახალგაზრდები პანკისის განვითარებისათვის”;
  34. იორმუღანლოს სათემო ცენტრი;
  35. ფონდი ტასო;
  36. თანასწორობის მოძრაობა;
  37. ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC);
  38. პლატფორმა სალამ;
  39. ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად” (WAAT);
  40. მოძრავი არქივები;
  41. სამეგრელოს გენდერული ქსელი;
  42. “ახალგაზრდა ფემინისტები”;
  43. კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი;
  44. ა/ო “ქალები ქვეყნის მომავლისათვის”;
  45. თემიდა;
  46. ააიპ მეგობრობის ხიდი ქართლოსი;
  47. ააიპ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი;
  48. ა(ა)იპ “მირაბალდები’’;
  49. ა.(ა).ი.პ. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი;
  50. ა (ა).ი.პ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი;
  51. ა (ა).ი.პ სათემო ფონდი ლელი;
  52. ა(ა)იპ “ქართული მედია ჯგუფი”;
  53. ა(ა)იპ ნეო ტვ;
  54. ა(ა)იპ კოდის სათემო განათლების ცენტრი.;
  55. ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის;
  56. ა(ა)იპ ჩვენ ვიკვლევთ (WeResearch);
  57. რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი’’;
  58. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი (WPRC);
  59. კავკასიური ფემინისტური ინსტიტუტი (CFI);
  60. სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის;
  61. ა(ა)იპ “თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი”;
  62. ა(ა)იპ ასოციაცია HERA XXI;
  63. ა(ა)იპ ინიციატივების სახლი;
  64. ა(ა)იპ ნეოგენი;
  65. საინიციატივო ჯგუფი “დიმელი ქალები”;
  66. ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის ISFED-ის რეგიონალური ოფისი;
  67. საქართველო – დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება;
  68. განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური;
  69. სოციალური საწარმო “ჩირიგე”.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

ქალთა ფონდი საქართველოში — 2023 წლის თებერვლის მიმოხილვა

ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისთვის.

წარმოგიდგენთქალთა ფონდის აქტივობებს 2023 წლის თებერვლის თვეში:

  • თებერვალში ქალთა ფონდის თანამშრომლები გადავიდნენ 4-დღიან სამუშაო კვირაზე, რადგან ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამუშაო დღეების შემცირება ეწინააღმდეგება შრომის კაპიტალისტურ და პატრიარქალურ ლოგიკას და ექსპლუატაციური პრაქტიკების რომანტიზებას. გარდა ამისა, ფონდი ცდილობს, დანერგოს კოლექტიურ ზრუნვაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო, რათა დარჩეს დრო და სივრცე ღირსეული დასვენებისთვის.
  • თებერვალში ქალთა ფონდმა დაიწყო ვიდეოების სერიის გამოქვეყნება ქალთა შრომითი უფლებების შესახებ. სერიის მთავარი ფოკუსია დასაქმებულებზე მორგებული გარემოს მიერ მოტანილი სიკეთეების ხაზგასმა და სხვადასხვა პრაქტიკის ჩვენება, რომლებითაც დამსაქმებლებმა გაითვალისწინეს თანამშრომელი ქალების საჭიროებები. ამ ეტაპზე გამოქვეყნებული ვიდოები ეხება მენსტრუალურ შვებულებას და ლაქტაციის ოთახის მოწყობას სამუშაო ადგილზე.
  • წელს ორგანიზაციამ კატო მიქელაძის პრემიაზე 1-წლიანი პაუზა აიღო, ცვლილებებისა და რებრენდინგის გაკეთების მიზნით. ამის ნაცვლად, ქალთა ფონდმა გადაწყვიტა, ჯილდოს ყველა მფლობელის შესახებ პატარა ვიდეოების გაკეთება, რადგან ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოკვეთა, რომ კატოს გულშემატკივრებს აინტერესებთ, სად არიან გამარჯვებულები და რას საქმიანობენ. სწორედ ამიტომ, ყოველთვე კატოს მფლობელი თითო ადამიანი თავის ისტორიას მოკლედ მოყვება და თავად გადაიღებს საკუთარი ცხოვრების ყოველდღიურ მონაკვეთებს. ორგანიზაციამ უკვე მოამზადო პირველი სატესტო ვიდეო ნატა ტალიკიშვილთან ერთად.

იხილეთ აგრეთვე:

ქალთა ფონდი საქართველოში — 2023 წლის იანვრის მიმოხილვა

ქალთა ფონდი საქართველოში 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის.

წარმოგიდგენთ ფონდის ქალთა ფონდის აქტივობებს 2023 წლის იანვრის თვეში:

  • იანვარში ფონდმა გამოაცხადა ახალი საგრანტო პროგრამა „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“, რომლის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, რომ თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე თუ სხვა.
  • ასევე, დაწყებულია ორგანიზაციის ღია კარის საგრანტო პროგრამა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ძალაშია.
  • ქალთა ფონდმა დაიწყო ციფრული უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების გაზრდისთვის ვიდეოების მომზადება, რომლებიც ძირითადად ფონდის გრანტისმიმღებებისთვის/აქტივისტებისთვის იქნება განკუთვნილი.
  • 27 იანვარს ფონდის ორგანიზებით გაიმართა ვებინარი ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკის შესახებ.
  • 30 იანვარს ქალთა ფონდმა გამართა კონფერენცია გენდერული თანასწორობის შესახებ შრომით ურთიერთობებში, რომელზეც ორგანიზაციამ შეაჯამა 2022 წლის მიღწევები და გამოწვევები.

იხილეთ აგრეთვე:

ქალთა ფონდი საქართველოში — 2022 წლის დეკემბრის მიმოხილვა

ფონდი „ქალთა ფონდი საქართველოში“ 2005 წლიდან არსებობს და მისი მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის.

წარმოგიდგენთ ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ აქტივობებს 2022 წლის დეკემბრის თვეში:

  • დეკემბერში ფონდის მიერ დაფინანსებული და დაწყებული პროექტების რაოდენობა იყო 26: უკრაინელი და ბელორუსი სამოქალაქო აქტივისტი ქალების მხარდასაჭერად; ინტერსექციული ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობისთვის.
  • ფონდს ბოლნისში, დმანისსა და გარდაბანში გენდერული თანასწორობის საბჭოებთან ჰქონდა შეხვედრები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ. ორგანიზაციამ სტუმრებს გააცნო კონცეფცია, ტერმინები და განმარტებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს აქვს რატიფიცირებული. ორგანიზაციის ერთ-ერთმა გრანტის მიმღებმა გარდაბანში პაპილომავირუსზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა, მეორემ — ბოლნისში 500 ქალი წაიყვანა სკრინინგზე.
  • ფონდმა მოამზადა ვიდეო პაპილომავირუსისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. ასევე გაკეთდა მეორე ვიდეო ქალების, როგორც მშობიარე პაციენტების, უფლებებზე.
  • ფონდი აგრძელებს ვიდეოების სერიას კამპანიით ქალთა შრომითი უფლებების შესახებ, რომელიც ძირითად ფოკუსს გააკეთებს დასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული გარემოს აუცილებლობასა და სიკეთეებზე. უკვე მზადაა ვიდეოები: მენსტრუაციული შვებულების, ტრანს* ადამიანების დასაქმების პროგრამის, სამუშაო ადგილას ლაქტაციის ოთახისა და ჰიჯაბიანი ადამიანების დასაქმებასთან დაკავშირებით.
  • ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა კატო მიქელაძის პრემიის ტრანსფორმაციისთვის. გარდა ამისა, ამ ერთი წლის განმავლობაში ფონდი მხარდამჭერებს გაახსენებს ან გააცნობს პრემიის მფლობლებს და ამისთვის პირველ ვიდეოზე მუშაობის დასრულება მალე იგეგმება.

კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოების გარეშე გაიმართება

2022 წლის კატო მიქელაძის სახელობის პრემია დაჯილდოებისა და ნომინანტების გარეშე ჩაივლის.

ქალთა ფონდის გადაწყვეტილებით, ეს წელი დაჯილდოების შინაარსობრივი თუ ტექნიკური ნაწილის გადასინჯვას, რეფლექსიასა და განახლებას დაეთმობა. ღონისძიებაზე შეიკრიბებიან პრემიის გულშემატკივრები, რომელთაგან ქალთა ფონდი მოისმენს უკუკავშირს, კრიტიკასა და იდეებს, რასაც სამომავლო ცვლილებებში ასახავენ.

ღონისძიების დღის წესრიგის მიხედვით, წლევანდელი შეხვედრა ქალთა ფონდის მიერ მომზადებული კვლევით გაიხსნება, რომლისთვისაც 60 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა და პრემიის მიმართ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლების განწყობები გამოიკვეთა. პრეზენტაციის შემდეგ კი თამარ ცხადაძე, თამთა მელაშვილი და ნანა ფანცულაია გააკეთებენ მცირე მოხსენებებს.

ღონისძიება 29 ნოემბერს, 20:00 საათზე, IOTA HOTEL Tbilisi გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებისთვის სპეციალური სივრცეს იქნება გამოყოფილი, როგორც დაჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე, პირდაპირი თუ ანონიმური უკუკავშირის დასატოვებლად.

კატო მიქელაძის პრემიისთვის მიმდინარე, 2022 წელი საიუბილეოა და დაარსებიდან 10 წელს აღნიშნავს. კატო მიქელაძის, მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტისა და ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებლის სახელობის პრემია ქალთა ფონდის მიერაა დაარსებული და ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება. პრემიის მფლობელი ყოველწლიურად, 29 ნოემბერს ქალთა ფონდის დირექტორთა და მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება.

არტ-თერაპია და ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი უკრაინელი ქალებისთვის

ფემინისტური ორგანიზაცია ფემინა, რომლის მთავარი მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა, საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციასთან (GABP) პარტნიორობით ახორცილებს პროექტს “დალხენის (healing) პრაქტიკების სწავლება და ციფრული უნარების ხელშეწყობა ქალთა ჯგუფებში“.

პროექტში, რომელიც სხეულზე ორიენტირებული თერაპიისა და არტ-თერაპიის სესიებს მოიცავს, უკრაინელი ლტოლვილი, ძალადობაგამოვლილი, ქვიარ და ფემინისტი აქტივისტი ქალები იღებენ მონაწილეობას.

“პროექტი მიზნად ისახავს ტრავმული გამოცდილების მქონე ქალების მენტალურ გაძლიერებას, რათა მათ იოლად დაძლიონ ფსიქოლოგიური ტრავმა, გაზარდონ მედეგობა სტრესის მიმართ, შეამცირონ ფიზიკური ტკივილი, გაიუმჯობესონ სიამოვნებისა და საკუთარი სხეულის მიღების უნარი, მიაღწიონ სხეულებრივ ბალანსს”, — ვკითხულობთ ფემინას განცხადებაში.

ზემოთაღნიშნული სესიების გარდა, მონაწილეებს პირადი ციფრული მოწყობილობების ეფექტურად დაცვის მიზნით ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი ჩაუტარდებათ.

პროექტი საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით ხორციელდება.

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, თელავიდან, თბილისიდან, დედოფლისწყაროდან, ამბროლაურიდან, ზუგდიდიდან, ადიგენიდან და ბათუმიდან. ტრენინგში 25 ადამიანი მონაწილეობდა.

ტრენინგის მიზანი მონაწილეების ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების ამაღლება, ერთმანეთის გაცნობა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამომავლოდ თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ამბროლაურის რაიონიდან, ეთერ არსანიძე ამბობს, რომ შედეგად, შეძლებს საკუთარი ემოციები მეტად მართოს, რაც საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გახდის.

“აქტივისტებს, განსაკუთრებით ქვიარ აქტივისტებს, ჩვენს ქვეყანაში სტრესულ გარემოში ცხოვრება უწევთ. როდესაც სტრესული გარემო ყოფის ყოველდღიურობაა, გონებაში ილექება ყველაფერი, რაც შემდეგ ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორის გამომწვევია. სამწუხაროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა დავუხვდეთ ასეთ დაბრკოლებებს. სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიან ტრენინგზე ამ საკითხთან მიახლოებას ველოდი, რაც რეალურად მოხერხდა. ამ საქმის სპეციალისტად ვერ  გამოვდგები, თუმცა უკვე შემიძლია, თუნდაც უახლოესი რამდენიმე თვე ჩემი ემოციები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ვაკონტროლო და ვმართო, რაც ნაკლებად დამსტრესავს და საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გამხდის. ყველაზე ღირებული, რაც ტრენინგმა დამიტოვა, ამ 4 დღის განმავლობაში გაცნობილი ადამიანები არიან, რომელთა სახითაც ჩემს საქმიანობაში მეტი მხარდამჭერი მეყოლება”, – უთხრა ეთერ არსანიძემ ქვიარს.

ტრენინგს ესწრებოდა მარკეტინგის სპეციალისტი და თბილისი პრაიდის ბორდის წევრი, ტაო ჭალიძეც. მისი თქმით, გაუძლიერდა შეგრძნება, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო არ არის და შეუძლია, უკეთესის იმედი ჰქონდეს.

“ტრენინგთან დაკავშირებით ორი სახის მოლოდინი მქონდა: გავეცნობოდი სხვადასხვა გზას სტრესის დასაძლევად და შევხვდებოდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ის გამოწვევები, რის წინაშეც თავად ვდგავარ ხოლმე, გამიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს. ორივე მოლოდინი 100%-ით გამართლდა. ჩემთვის სავარჯიშოების ნაწილიც და თეორიაც საინტერესო აღმოჩნდა. ახალმა ცოდნამ და ახალი ადამიანების გაცნობამ გამიმძაფრა შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ და შემიძლია, უკეთესის იმედი მქონდეს”, – ამბობს ტაო.

ფოტო: ეთერ არსანიძე

იურისტი თბილისიდან, მარიამ ჯიქია კი აღნიშნავს, რომ ტრენინგებზე ფორმალურ გარემოს ელოდა, თუმცა ყველა ტრენერი, კლასიკური შემთხვევისგან განსხვავებით, მზრუნველ, უსაფრთხო და გუნდურ გარემოს ქმნიდა.

“სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგები ექსპერტების და ორგანიზატორების მიერ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით სრულად იყო მორგებული ჯგუფის წევრების ინტერესებზე. გარემო უსაფრთხო და მიმღებლური იყო. ტრენინგებზე პოზიციების გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება მეცნიერული ცოდნის მარტივად აღქმისა და გააზრების შესაძლებლობას გვაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგებზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ტრენერები და ორგანიზატორები ჯგუფის თითოეული წევრის საჭიროებებსა და ინტერესებს ითვალისწინებდნენ. რაც მთავარია, პრაქტიკული ჯგუფური თერაპიები, რომელშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ფრთხილად და წინდახედულად მიმდინარეობდა, რაც ჯგუფში საუბრის უხერხულობას არ ქმნიდა. ამასთან, სტრესის მართვის ტექნიკები, რომელიც დეტალურ და კონკრეტულ გამოყენებად საშუალებებს ეხებოდა, საკუთარი თავის უკეთ მართვის შესაძლებლობას მომცემს”, – გვითხრა მარიამმა.

საჯარო მმართველობის მაგისტრისა და აქტივისტისთვის თელავიდან, ნინო ბოჭორიძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ბავშვის საკითხზე საუბარი აღმოჩნდა.

“ვფიქრობ, ამ ტრენინგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან თეორიასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო პრაქტიკულ სავარჯიშოებში და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. ტრენინგი მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობდა. ჯგუფი იდეალურად იყო შერჩეული, რაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას ქმნიდა. ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გადაცდომას. ჩემთვის ყველა თემა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ჩვენს შინაგან ბავშვს, რომლის კარგად გამოკეტვასაც ვცდილობთ ხოლმე. ამ საკითხზე საუბარმა მიმახვედრა, რომ ჩემს შინაგან ბავშვს ყოველთვის პატივი უნდა ვცე და მოვუარო”, – ამბობს ის.

ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იურისტის და აქტივისტის, თანასწორობა 17-ის დამფუძნებლის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ტრენინგის მიმდინარეობამ ნათლად აჩვენა, რამდენად საჭიროა მსგავსი ღონისძიებები სამოქალაქო აქტივისტი ქალების, განსაკუთრებით კი, ქვიარ აქტივისტი ქალების მხარდაჭერის პროცესში.

“პროფესიული გადაწვის პრევენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სოციალურ, სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებს უწევენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ამას გარდა, თვალსაჩინო გახდა რეგიონებში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობა და მწვავე საჭიროება. საერთო ტრავმებზე კოლექტიური ზრუნვის ტექნიკები შესაძლებლობას გვაძლევს, დისკრიმინირებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევები, მათთან გამკლავების გზები, ინდივიდუალურად და ერთად გასაკეთებელი სამუშაო გავიაზროთ, იმისთვის, რომ გადავრჩეთ და შევამციროთ ზიანი, რომელსაც საზოგადოება გვაყენებს, გავაუმჯობესოთ ერთმანეთის ყოფა”, – ამბობს ნინო.

მისი ინფორმაციით, თანასწორობა 17 საქართველოს რეგიონებში ქალებისა და ქვიარ თემის მხარდასაჭერად მსგავსი ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდაც შეეცდება.

პროექტი თანასწორობა 17-ის ორგანიზებითა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ფსიქოლოგი ნინო ბექაია სტრესის დაძლევის ტრენინგის შესახებ

ფსიქოლოგი ნინო ბექაია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია აქტივიზმში და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ონლაინ გამოცემა „ქვიარისთვისაც“ ხშირად წერს, სტრესის დაძლევისა და მართვის პროგრამის შესახებ გვიყვება, რომელიც 1-4 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდება.

„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა, რომელიც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს. თეორიული ნაწილი არის ფსიქოგანათლება, რაც გულისხმობს: განსხვავებული სტრესის ამოცნობას, მათ განმარტებებს, რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს და როგორ აისახება ის ადამიანზე ფიზიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად. მათ შორის, ადიქციებსაც შევეხებით, რადგან ის პირდაპირ კავშირშია სტრესთან. ადიქციას ადამიანები ხშირ შემთხვევაში „გამკლავების მექანიზმად“ იყენებენ, თუმცა ის პირიქით, ხელს უწყობს სტრესის გაღრმავებას და დიდწილად, სწორედ ის იწვევს მას. ალკოჰოლი, სიგარეტი, სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლებსაც სტრესის წინააღმდეგ იყენებენ, სინამდვილეში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს“, – ამბობს ნინო ბექაია.

ტრენინგზე აქცენტი სტრესის მართვასა და შემცირებაზე იქნება დასმული. თეორიული ფსიქოგანათლების გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს, რომელზეც ნინოს კოლეგა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა იმუშავებს. მონაწილეებს წინ ერთი მხრივ ძალიან საინტერესო, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან საჭირო და სასარგებლო აქტივობები ელოდებათ.

როგორც ნინომ აღნიშნა, ტრენინგში მონაწილეობას აქტივისტები, უფლებადამცველები, ქვიარ ქალები იღებენ, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან სტრესს.

„სიტუაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაურესდა – გამოვიარეთ პანდემია, ამას დაემატა ომი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა და გართულდა აქტივისტების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა“.

ნინო ბექაიას თქმით, როდესაც სხვას ეხმარები, უფრო მარტივია პროფესიული გადაწვა დაგემართოს, გამოიფიტო და ვეღარ მოახერხო ძალების აღდგენა. როგორც წესი, საკუთარი თავის დახმარება და შველა ასეთ მომენტებში რთულდება, ამიტომ სტრესთან დაკავშირებულმა თემებმა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, წინ წამოიწია.

„მსგავსი პროექტები საქართველოში კიდევ ხორციელდება და ასეთი ჰოლისტური მიდგომა მისასალმებელია. დიდი ხანი ვფიქრობდით ამ ტრენინგის ჩატარებაზე და როდესაც შანსი მოგვეცა, ის ხელიდან არ გავუშვით“.

როგორც ნინო ამბობს, პროექტის ფარგლებში აქცენტი არა თბილისზე, არამედ ზოგადად, საქართველოს რეგიონებზე, ამ რეგიონებში მცხოვრებ აქტივისტ ქალებზე გააკეთეს.

„ჩვენი სურვილი აჭარაში მყოფ ქვიარ აქტივისტებთან შეხვედრა და სხვადასხვა რეგიონიდან ქალების ჩართულობა იყო, რაც ხელს შეუწყობდა ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებას. ამას გარდა, ზაფხული, ზღვა და მზე დადებითად აისახება ადამიანზე. ჩვენს აპლიკანტებს ტრენინგში მონაწილეობის გარდა, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაც ექნებათ“.

ტრენინგის მიმართ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა ინტერესი. მომართვიანობა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ტრენინგი იძლეოდა საშუალებას.

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა პროექტს მიღმა. ასეთი დაინტერესება ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო წლების განმავლობაში ადამიანებს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწიათ – პანდემია, ომი და ამას დამატებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“.

როგორც ნინო ამბობს, საქართველოს  მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი ტიპის ტრენინგების საჭიროება დგას. ბოლო პერიოდში, ამ კუთხით გარკვეული ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც მსგავს ტრენინგებს ატარებენ. მისი თქმით, ასეთი ტრენინგი ქვიარ ადამიანებისთვისაც ჩატარდა.

„ასეთი ტიპის აქტივობები არასდროს არის ბევრი და საკმარისი, რადგან ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომელთან დაკავშირებითაც ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, გავავრცელოთ ინფორმაცია. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომის საშუალება, იქნება ეს ფსიქოგანათლება თუ პრაქტიკული ნაწილი, რომ შემდეგ ადამიანმა მარტივად შეძლოს თვითდახმარება ან პროფესიონალთან დაკავშირება“.

ნინო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობები, მაგალითად, ქრონიკული სტრესი, რომელიც ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საშიშია. ეს განსაკუთრებით ხშირია ისეთ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სოციალურ მუშაკებად, ადვოკატებად.

„ზოგადად, პროფესიული გადაწვა შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ მეტი შანსია ქვიარ ადამიანებთან მომუშავე ადამიანებში, ან თავად ქვიარ აქტივისტებში გამოვლინდეს“.

პროგრამა იმგვარადაა შედგენილი, რომ ტრენერებმა მაქსიმალურად მიიღონ ის ეფექტი, რომელიც მიზნად დაისახეს. მათი ძირითადი მიზანი ქვიარ ქალებისა და აქტივისტების ერთმანეთთან დაახლოება, ასევე, მონაწილეებისთვის ფსიქიკურ, მენტალურ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების გამომუშავებაში ხელშეწყობაა. ამას გარდა, ტრენინგზე შეეხებიან ფიზიკური უსაფრთხოების საკითხსაც.

„გვაქვს ქვეამოცანა, რომ ჰოლისტური მიდგომა და მისი კონცეფცია მაქსიმალურად გასაგები აღმოჩნდეს ჩვენი მონაწილეებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ, ოჯახის წევრების, თანამოაზრეებისა და თანამშრომლების ფიზიკურ თუ სხვა ტიპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სამუშაო სივრცის ორგანიზება. იყონ მეტად დაცულები, საჯარო შეკრების, თუნდაც სამოქალაქო აქციების დროს. ისინი მიიღებენ ისეთ ცოდნას, როგორიცაა ნერვული სისტემის მუშაობა, როგორ აირიდონ სტრეს-ფაქტორები და დაზიანება, ისწავლიან პროფესიული გადაწვის სიმპტომების იდენტიფიცირებას, მის მართვას და ასევე, თავიდან არიდებას, ადიქციური ქცევების დაძლევის ეფექტურ სტრატეგიებსა და ტექნიკებს. ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ქცევების დანერგვას, გაუზაირებენ ერთმანეთს გამოცდილებას, გამოწვევებსა და შთაბეჭდილებებს. ამ 4 დღის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან ყველაფერს, რაც მიზნად გვაქვს დასახული“.

ნინო ბექაია იმ ადამიანებსაც აძლევს რჩევებს, რომლებიც ტრენინგში მონაწილოებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იღებენ და აღნიშნავს, რომ სტრესის დროს თვითდახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ადამიანებს მაინც უჭირთ სტრესის იდენტიფიცირება.

„სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ დონეზე, მაგალითად: თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, სუნთქვის გაძნელება, უსიამოვნო შეგრძნება ყელის არეში, ასევე ემოციურადაც, მაგალითად: მოიწყინოთ, დაგეუფლოთ უიმედობის განცდა და აპათია, შეგექმნათ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. სტრესის დროს რამდენიმე სიმპტომი ერთად იყრის თავს. თუ ეს ყველაფერი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდება, აუცილებელია ყურადღების მიქცევა. არის მომენტები, როდესაც თვითდახმარებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სიმპტომებს, მაგრამ ხანდახან თვითდახმარება აღარ არის საკმარისი და ამ დროს სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგალითად მაშინ, როდესაც ყოველდღიური ფუნქციონირება რთულდება, ან გერევათ დღის რეჟიმი“.

ხშირად სტრესის დახმარებაში ფიზიკური აქტივობებიც გვეხმარება – 20 წუთი მუსიკის თანხლებით ფეხით გასეირნება, ტრენაჟორებით დატვირთვა, იოგა, ვარჯიში, ცეკვა. მთავარია, ხანდახან საკუთარ თავს გარკვეულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა დავაძალოთ. ეს ეხმარება ჰორმონალური ბალანსის აღდგენას.

„სტრესის დროს ადრენალინი და კორტიზოლი გამოიყოფა, რომელსაც საერთოდ სხვა რეჟიმში გადავყავართ, ამიტომ ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. როდესაც ძალიან დასტრესილები ვართ, მოქმედება გვიჭირს, თუმცა მოქმედების დასაწყებად საკუთარ თავს ძალა უნდა დავატანოთ, რადგან მოქმედებამდე მისვლა აუცილებელია. ხანდახან გვგონია, რომ არაფერი დაგვეხმარება, მაგრამ პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი მიგვიყვანს იმ მიზნისკენ, რაც არის კომფორტი, შინაგანი სიმშვიდე და სისავსე. მოქმედებად შეიძლება ჩავთვალოთ დახმარების თხოვნაც – მეგობართან დალაპარაკება, არასახარბიელო მდგომარეობის გაზიარება, შესაძლოა, ხანდახან ერთი ჩახუტებაც საკმარისი აღმოჩნდეს. მოქმედება, ინფორმაციის მიღება, სიმპტომებზე დაკვირვება, საკუთარი სხეულისა და ემოციების მოსმენა – აი, რაშია გამოსავალი“.

სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგის გარდა, ნინო ბექაიამ სტრესთან დაკავშირებული კიდევ ერთი გეგმა გაგვაცნო. მისი თქმით, იგეგმება ბროშურის გამოცემა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიზუალური მასალით კარგად გამოიკვეთოს სტრეს-ფაქტორები, სიმპტომები და ადამიანისთვის, რომელიც მას გადაშლის, ბევრ საინტერესო კითხვას გაეცეს პასუხი, დაეხმაროს მას თვითგამორკვევაში.

„ბროშურა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქვიარ ადამიანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები ჩართულები იქნებიან თუ არა აქტივიზმში. მისი მოცულობა დაახლოებით 30 გვერდს შეადგენს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე დაბეჭდილი სახით თბილისსა და რეგიონებში. ეს არის უახლოესი გეგმა, რომლის განხორციელებასაც „ქვიართან“ ერთად შემოდგომაზე ვაპირებთ“.

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი „თანასწორობა 17“-ის ორგანიზებითა და „ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„თუ მსგავსი ტრენინგები კიდევ დაიგეგმება, სხვა დროსაც დიდი სიამოვნებით გავაზიარებდი ჩემს ცოდნას, გამოცდილებასა და რესურსს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს მართლა სჭირდებათ“, — ამბობს ნინო ბექაია.

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს, რომლის ფინანსური მხარდამჭერი იქნება — ქალთა ფონდი საქართველოში

კურსი მსმენელებს ქვიარ თეორიის შესახებ არსებულ ცოდნას გაუზიარებს, ასევე ფემინისტური და კრიტიკული რასის თეორიის შესახებ არსებულ ტექსტებსა და დებატებს, რომლის საფუძველზეც მსმენელებს თანამედროვე პოლიტიკასა და პოლიტიკურ აქტივიზმში ქვიარ პოლიტიკის გაფართოებული დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის კურსი თეორიული ნაწილის გარდა, ქვიარ და ფემინისტური კვლევის მეთოდოლოგიის საკითხებზე პრაქტიკულ სემინარებსაც მოიცავს, რომლის შემდეგაც მონაწილეები კვლევითი განაცხადების მომზადებას და პროექტის ფარგლებში მიკრო-კვლევების მომზადებას შეძლებენ. 

სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის კურსი ქვიარ და ფემინისტური თეორიის შესახებ მრავალფეროვან საკითხებს დაფარავს. ძირითადი თემები იქნება: 

  • ქვიარ თეორიის საფუძვლები და მისი კავშირი ფემინისტურ თეორიებთან; 
  • ფემინისტური წინააღმდეგობები და რადიკალური ფემინისტური თეორიები; 
  • ACT-UP მოძრობა და აქტივიზმის როლი ქვიარ თეორიის განვითარებაში; 
  • სექსუალობის და რეპრესიების ისტორია და მისი როლი ქვიარ თეორიაში; 
  • სექსუალური დეფინიციები და ტაქსონომიები: თეორიული და პოლიტიკური დაპირებები; 
  • გენდერის პერფორმატიულობის იდეა და დრეგ კულტურის როლი ქვიარ თეორიაში; 
  • ქვიარ თეორიის კავშირი კრიტიკული რასის თეორიასთან; 
  • სხეულის პოლიტიკა: სახელმწიფო და სექსუალობის მეთვალყურეობა. 

უფასო დისტანციურ კურსს გენდერის კვლევების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ექსპერტები და მკვლევრები 22 ივნისიდან, 2 კვირაში ერთხელ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ჩაატარებენ და ის ოქტომბრამდე გასტანს. კურსდამთავრებულები კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ. 

კურსზე დარეგისტრირებისთვის აღნიშნული სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ.