ქალთა მოძრაობა

ქალი უფლებადამცველები აქტივისტების დაცვასა და ალტ-ინფოს დანაშაულების გამოძიებას ითხოვენ

პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისებს ხსნის, რასაც არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვა მოჰყვა — მესტიაში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, რასაც პრორუსულმა ძალამ აგრესიით უპასუხა და 10-მდე ადამიანი

ქალი უფლებადამცველები აქტივისტების დაცვასა და ალტ-ინფოს დანაშაულების გამოძიებას ითხოვენ

პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფება ალტ-ინფო საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოფისებს ხსნის, რასაც არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვა მოჰყვა — მესტიაში ალტ-ინფოს ოფისის გახსნის წინააღმდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ, რასაც პრორუსულმა ძალამ აგრესიით უპასუხა და 10-მდე ადამიანი სცემეს, იგივე განმეორდა ქობულეთშიც, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე კონსერვატიული მოძრაობის 12 წევრი და მხარდამჭერი დააკავეს, მოქალაქეთა ორგანიზებით მოეწყო აქცია ოზურგეთსა და ზუგდიდშიც. ალტ-ინფოს ოფისის გახსნა ამბროლაურშიც გააპროტესტეს, გორში ოფისის შენობას წითელი საღებავი შეასხეს, ახალციხეში ადგილობრივებმა ოფისის ბანერზე საბჭოთა ნოსტალგიების საწინააღმდეგო წარწერები გააკეთეს, ხულოსა და შუახევში კი პრორუსულ ძალას ოფისები გახსნის დღესვე დაატოვებინეს.

May be art of 1 person
Samira Bayramova / Facebook

განსაკუთრებული წინააღმდეგობით შეხვდნენ მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას პროტესტს, რომელმაც ალტ-ინფოს ოფისი უკრაინის ფერებში შეღება და ბანერზე წარწერა – „რუსეთი ოკუპანტია“ დატოვა. სამირა ბაირამოვას პროტესტს ალტ-ინფოს მხარდამჭერებისა და დაჯგუფების წევრების მუქარა მოჰყვა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავდა.

Nino Urushadze / Facebook

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციის ორგანიზატორები ძირითადად ქალი აქტივისტები იყვნენ, პრორუსული ძალის მხარდამჭერების განცხადებები კი, ხშირ შემთხვევაში, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა. სამირა ბაირამოვამ, ასევე ოზურგეთელმა აქტივისტებმა, სარჩელი მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით შეიტანეს, თუმცა ხელისუფლების მხირდან ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებების დაგმობა ღიად არ გვინახავს. გამონაკლისი იყო ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომელმაც სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, რომ სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ წამოწყებული სიძულვილის კამპანიასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტან გომელაურმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, თუმცა ალტ-ინფოსთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვის შესახებ თქვა, რომ ამისთვის გამართული კანონმდებლობაა საჭირო და მისი პირადი სურვილი ვერაფერს შეცვლის, რადგან მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, კანონის აღსრულება ევალება.

სამოქალაქო საზოგადოება მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ალტ-ინფოს ქმედებების მოკვლევა მოხდეს, მათ შორის, 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზება, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, დაარბიეს სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები და დალეწეს ორგანიზაციების პირადი ტექნიკა. აქციის ორგანიზატორები დღემდე არ დაუკავებიათ, ძალადობრივ ქმედებაში ბრალდებული პირებიდან კი მხოლოდ ერთი ადამიანის სამართლებრივი პასუხისგება დადგა. დაკავებული 6 ივლისს დაგეგმილი მდუმარე აქციის მოწინააღმდეგე პირია, რომელმაც პალიტრა ნიუსის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ხელისუფლების უმოქმედობის საპასუხოდ და აქტივისტებისთვის სოლიდარობის გამოსახატად, მათ შორის, სამირა ბაირამოვას მხარდასაჭერად, ქალთა მოძრაობამ ღია წერილი გამოაქვეყნა და მუქარის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებას, სამირა ბაირამოვასთვის დაცვის გარანტიების შექმნასა და კონსერვატიული პარტიის მოქმედებების შესწავლას ითხოვენ.

„ქალთა მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს უფლებადამცველ სამირა ბაირამოვას და სახელმწიფოსაგან მოითხოვს მისი დაცვის გარანტიებს და მყისიერ და ეფექტურ გამოძიებას სამირას მიმართ გამოთქმული მუქარის დანაშაულზე.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან შესწავლონ და შეაფასონ “კონსერვატული პარტიის” საქმიანობა და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს “კონსერვატული პარტიის” აკრძალვის მოთხოვნით ვინაიდან “კონსერვატურლი პარტია” ეწევა  ძალადობის პროპაგანდას და აღვივებს ეროვნულ და რელიგიურ შუღლს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეს, როცა რუსეთის აგრესიას უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან პროტესტი ბუნებრივია, ამასთან, ალტ-ინფო „იდეოლოგიურად და ფინანსურად საზრდოობს რუსეთიდან, საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს, ღიად აღვივებს ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს საქართველოში, გამოირჩევა მიზოგინიით და ჰომოფობიით, აორგანიზებს ძალადობრივ ჯგუფებს და 5-6 ივლისს თავს დაესხა ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს“.

საერთაშორისო ორგანიზაციის – ქალები საერთო მომავლისთვის და ქალთა მოძრაობის წევრი, უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ „განსაკუთრებით საფრთხისშემცველი სამირა ბაირამოვას წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად. ძალადობრივი ჯგუფები ჯვრის გადაღებაზე აკეთებენ აქცენტს, მაგრამ ეს არის რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, ყველა გადაჯვარედინებული სიმბოლო ჯვარი არ არის. სამირას პროტესტი არ მიემართებოდა ჯვარს და ჯდებოდა პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ფორმაში. გარდა ამისა, ეს პროცესი ქალის მისამართით ჩაგვრის მცდელობაა, მსგავსი ძალადობრივი ჯგუფები განსაკუთრებით სასტიკნი არიან ლგბტქი აქტივისტებისა და ქალების მისამართით. ხელისუფლების მხრიდან მათი ქმედებების ნაკლებად დასჯა იწვევს აგრესიის, ძალადობის წახალისებას. ქალების მიმართ აგრესიას ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მწვანე შუქს უნთებენ, მეტიც, თავად აჟღერებენ დისკრიმინაციულ განცხადებებს ტრიბუნიდან, რაც ასეთ ჯგუფებს კიდევ უფრო მეტ გამბედაობას სძენს.

დღეს გავავრცელეთ სოლიდარობის წერილი სამირა ბაირამოვას და იმ აქტივისტების მისამართითაც, რომლებიც ბოლო პერიოდია რეგიონებში ალტ-ინფოს ოფისების გახსნას აპროტესტებენ. პირველ რიგში, ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ამ დაჯგუფების მხირდან განხორციელებული ყველა მუქარისშემცველი ქმედება შეისწავლოს, რადგან ეს მყისიერ საფრთხეს უქმნის, როგორც სამირა ბაირამოვას, ისე სხვა აქტივისტებს. აუცილებელია, რომ ამ ქმედებებს სათანადო რეაგირება მოჰყვეს, ამას 5 ივლისიდან მოყოლებული ვითხოვთ და ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი დანაშაულის ორგანიზატორები. დაისაჯა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ორგანიზატორები დაუსჯელები არიან და ახლაც ძალადობის და მუქარისშემცველ ქმედებებს აორგანიზებენ რეგიონული აქტივისტების მისამართით. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფოსგან – პარლამენტის და პრეზიდენტისგან, რომ აკრძალონ ამ პარტიის საქმიანობა. ისინი ეროვნულ და რელიგიურ შუღლს აღვივებენ და არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ პარტიასთან.’’

ქალთა მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, ექსპერტი ადამიანის უფლებებისა და გენდერის საკითხებში, მორეტა ბობოხიძე კი აღნიშნავს, რომ ალტ-ინფო რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს აღვივებს და ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩევა, ამიტომ, გაუმართლებელია მსგავსი დაჯგუფების არსებობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის საბაბით.

ალტ-ინფოს ქმედებების მიმართ ინდიფერენტული მიდგომა იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას არ აქვს სათანადო ცოდნა რელიგიური ექსტრემიზმისა და ანტიგენდერულ მოძრაობებთან დაკავშირებით, ეს გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოში და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მწვავედ დგას. ალტ-ინფოს შევაფასებდი, როგორც ანტიგენდერულ მოძრაობას, გარდა ამისა, ისინი აღვივებენ ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს და აშკარად გამოხატულია მათი პრორუსული განწყობებიც. ეს არის ცუდი პროექტი, დადასტურებულად არ ვიცით, საიდან ფინანსდება, მაგრამ მახვილი გონება და დაკვირვებული თვალი მიხვდება – საიდან. შესაბამისად, დიდი საფრთხის წინაშე ვართ, განსაკუთრებით ქალები. მათი ოფისების გახსნის წინააღმდეგაც აქტიურად ილაშქრებენ ქალები – ზუგდიდშიც, მარნეულშიც, ოზურგეთშიც. ქალებმა ყველაზე უკეთ დავინახეთ, რომ ეს არის, მათ შორის, ქალების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაცია, რაც ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

შეიძლება, ხელისუფლებამ ალტ-ინფოს არსებობა სიტყვისა და გამოხატვის, პარტიის ჩამოყალიბების თავისუფლებით გაამართლოს, მაგრამ ამის საპირწონედ დგას უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა. აუცილებელია, შეფასდეს ამ დაჯგუფების გავლენა დემოკრატიული განვითარების პროცესზე, საზოგადოების კეთილდღეობაზე. ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველა პარტიის კეთილსინდისიერება და მიზნები გადაამოწმოს“, – ამბობს მორეტა ბობოხიძე.

მორეტა ბობოხიძე იმასაც ამბობს, რომ „ახლა ალტ-ინფოს მსგავსი ჯგუფებისთვის საუკეთესო ნიადაგია, რადგან ადამიანები დაბნეულები და შეშინებულები არიან, არის რეტრავმატიზირების შემთხვევები, დღეს უკრაინაში მიმდინარე ომი ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ამიტომ ხალხი დამფრთხალია, ყველანი მოწყვლადები ვართ და ადამიანთა სხვადასხვა მოძრაობაში გაუცნობიერებლად ჩათრევა ბევრად მარტივია, ამიტომ სახელმწიფომ ასმაგი ყურადღება უნდა მიმართოს ალტ-ინფოს მოქმედებებისა და გამონათქვამებისკენ და იმოქმედონ შესაბამისად. ახლა თითოეულ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს ბევრად დიდი წონა. ამ პროცესში დროის დაკარგვა იქნება უკუსვლა და რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

ვესაუბრეთ ადამიანთა უფლებათა სახლის ფონდის უფროს მრჩეველს ადამიანის უფლებათა საკითხებში, ქეთი აბაშიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ალტ-ინფოს ძალადობრივი ქმედებების არაერთი მტკიცებულება არსებობს, თუმცა ხელისუფლებას არ აქვს ნება ამ შემთხვევების გამოძიების.

„სახელმწიფოს გულგრილობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაც კი, რაც ჩვენ 5 ივლისსაც მოვისმინეთ, მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, შეაჩეროს ისინი და მათთვის მისაღებია ასეთი ქმედებები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი ჯგუფები ხშირად სწორედ უფლებადამცველებს ემუქრებიან, ალბათ ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დღეს მათი მუქარის სამიზნე სამირა ბაირამოვა გახდა. გვახსოვს ისიც, რომ ისინი ლგბტქი აქტივისტების მიმართ ძალადობის წამხალისებლები არიან და თვითონაც ძალადობენ, მაგრამ სახლემწიფო არც სიტყვით გმობს მათ ქმედებებს  და არც სამართლებრივი პასუხისგების საკითხს აყენებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს საგანგაშოა. უკვე დიდი ხანია ეს ჯგუფი მოქმედებს და ჟურნალისტებს შემონახული აქვთ მათი ყველა მოწოდება, საქმიანობა, ეს არ არის მხოლოდ ძალადობის მუქარა, გვაქვს მათ მიერ წახალისებული ძალადობრივი ქმედებების მაგალითები, მათი მონაწილეობით ან მათ მიერ ორგანიზებული ძალადობის ფაქტები, ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს მათი ქმედება და ასევე, ხმამაღლა და საჯაროდ დაგმოს კიდეც. სახელმწიფოს აქვს უფლებადამცველების მიმართ ნაკისრი ვალდებულებები – გაეროს სხვადასხვა რეზოლუციის მიხედვით, ამიტომ ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ აღებული ვალდებულებები. რეზოლუციებში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას უფლებადამცველები შესაძლო ძალადობისგან, მათ შორის, არასახელისუფლებო ჯგუფებისგან მომდინარე ძალადობისგან, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას კეთილგანწყობილი გარემო და ამ პროცესში მნიშნველოვანია მხარდაჭერის მკაფიო განცხადებები და სიტყვიერი მხარდაჭერაც უმაღლეს დონეზე, ეს მათი პოლიტიკური ვალდებულებაა, რომელსაც მეტწილად არ ასრულებენ“, – გვეუბნება ქეთი აბაშიძე.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ალტ-ინფოს ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები აშკარად გამოკვეთილია, ამიტომ არსებობს საფუძველი მათი საქმიანობის აღსაკვეთად, თუმცა ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს.

ალტ-ინფო არის რუსული ინტერესების გამტარი დაჯგუფება, რაც სახელმწიფოს, მოქალაქეების მიერ არჩეულ საგარეო კურსთან წინააღმდეგობაშია. ამ მიმართულებით სვლა ჩვენი კონსტიტუციითაც არის გარანტირებული. რუსეთის აგრესია, ომის შედეგები ყველას კარგად გვახსოვს და დღემდე ოკუპირებული აქვთ სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიები, ამ დროს რომელიმე ჯგუფი ოკუპანტის ინტერესებს თუ ატარებს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ინტერესებს. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ჯგუფების თარეში ქვეყანაში შესაძლებელი არ უნდა იყოს, ისინი ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს და ჩვენს კონსტიტუციურ წყობასთან აცდენაში არიან. ამ პრობლემას მეორე ნაწილიც აქვს, ისინი აღვივებენ ხან ეთნიკურ შუღლს, ხან – რელიგიურს, გვახსოვს 5 ივლისის მოვლენებიც, როცა ჰომოფობიური, ძალადობრივი აქცია დააორგანიზეს, ისინი ებრძვიან ყველაფერს, რაც დასავლურ ღირებულებებად მოიაზრება. ისინი ებრძვიან ადამიანების თავისუფლებას არა მხოლოდ გამოსვლებით, არამედ ფიზიკური ძალადობით და დაპირისპირებითაც. ისინი არიან დამნაშავეები, მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ ამისთვის სათანადოდ ისჯებიან, ხელისუფლება არ ატარებს სათანადო ზომებს, რაც მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს. როცა მომსწრეები ვართ ადმინისტრაციული შენობისთვის კვერცხის სროლის გამო დაკავების და ამის საპირწონედ მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ უმოქმედობაა, ისმის კითხვა ხელისუფლების ნებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ როცა მოძალადეს არ სჯი, შესაძლოა, მათი მდუმარე მოკავშირეც იყო“, – აღნიშნავს ნინო დოლიძე.

ქეთი აბაშიძის თქმით, ადამიანის უფლებათა სახლმა 2021 წელს რეგიონში კვლევა ჩაატარა, რომლითაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების რუსეთთან პირადაპირი თუ ირიბი კავშირი დგინდება, რაც ანტისახელმწიფოებრივია. გარდა ამისა, მისი თქმით, „კვლევების უმრავლესობის მიხედვით, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ქალი უფლებადამცველები, აქტივისტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებისთვის იბრძვიან, ლგბტქი უფლებადამცველები და ასევე ლგბტქი თემი, გარდა ამისა, გარემოსდამცველები, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები და ჟურნალისტები. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მკვეთრ პოზიციას“.

სამირა ბაირამოვას მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, 21 მარტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე, პოლიტიკოსი და უფლებადამცველი ქალები, მათ შორის, ნინო დოლიძე, ბაია პატარაია, ანა ნაცვლიშვილი და ხათუნა სამნიძე მარნეულში იყვნენ ჩასული, ამის ამსახველი ფოტოები ანა ნაცვლიშვილმა პირადი ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა.

აქტივისტების მიმართ სოლიდარობისა და ალტ-ინფოს ქმედებებთან დაკავშირებული წინააღმდეგობის ორგანიზატორები ხშირ შემთხვევაში უფლებადამცველი და პოლიტიკოსი ქალები არიან, რომლებიც ერთხმად მოითხოვენ სამირა ბაირამოვასთვის და სხვა აქტივისტებისთვის დაცვის გარანტიების შექმნას, ალტ-ინფოს ქმედებების გამოძიებას და ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განცხადებებს, მათ შორის, 5-6 ივლისის ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით. იდა ბახტურიძის თქმით, ელიან უფრო მეტს და ითხოვენ უფრო მეტს. 

ნინო დოლიძე კი აღნიშნავს, რომ „შსს აქტიური კი არა პროაქტიური უნდა იყოს და რეაგირება უნდა ჰქონოდათ მაშინვე, როცა მუქარა გაჟღერდა, მაგრამ გუშინ ამ ჯგუფებმა ენმ-ის ოფისიც გადაღებეს, რაც სამირას წინააღმდეგ მიმართული აგრესია იყო და არა ენმ-ზე ანგარიშსწორება. შსს-ს მოქმედებაში მხოლოდ გამოძიებას კი არ ვგულისხმობ, განცხადებების გავრცელებას, იმის ცხადად თქმას, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყანაში მიუღებელია. სახელმწიფოს პოლიტიკა და პოზიცია არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველას გვახსოვს, თუნდაც 5 ივლისთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება, რომელმაც ძალადობა წაახალისა“.