ვახო ქარელი / ქვიარი

თბილისში ყოველთვიური დრეგ მეჯლისის პირველი საღამო გაიმართა

მეჯლისები ქვიარ კულტურის ნაწილად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იქცა. აფრიკელ-ამერიკელი და ლათინო ლგბტქი ადამიანების მიერ დაწყებული ქვიარ საღამოები ერთადერთი თავშესაფარი იყო მარგინალიზებული ადამიანებისთვის, რომელთაც დრეგ მეჯლისზე მცირე ხნით მაინც შეეძლოთ საკუთარი იდენტობის უსაფრთხოდ გამოხატვა.

დრეგ მეჯლისებისთვის დამახასიათებელია საპირისპირო სქესთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარება, საცეკვაო ნომრები, ვოგინგი, მუსიკალური ნომრების შესრულება, ლიფ სინქი და სხვა. დრეგ მეჯლისების 50-60-იანი წლებიდან კიდევ უფრო განვითარდა და იმდროინდელი სოციუმისგან გარიყული ბევრად მეტი ადამიანი გააერთიანა.

ქვიარ საღამოების შესახებ ფართო საზოგადოებამ 1990 წლის დოკუმენტური ფილმით – Paris is Burning – გაიგო, იმავე წელს გამოვიდა მადონას სიმღერა – Vogue, რაც ქვიარ ანდერგრაუნდ სივრცეების განუყოფელი ცეკვის მიმდინარეობის საყოველთაო აღიარება იყო. ვოგინგი სტილიზებული ცეკვა, გნებავთ, პოზირებაა, რომელიც იმეორებს მოდელების მოძრაობებს, რომელთა გავლენითაც ის შეიქმნა, მეტიც, ვოგინგი სცდება ამ ჩარჩოს და ქმნის გამოცდილებას, რომელშიც მრავალი ინსპირაცია ახლებური, თავბრუდამხვევი სანახაობით არის გაერთიანებული.

დრეგ კულტურა მეინსტრიმულ სივრცეებში სულ უფრო აქტიურად მკვიდრდება, რასაც ხელი ლეგენდარული დრეგ ქვინის, რუპოლის რეალითი შოუმ შეუწყო.

ვახო ქარელი / ქვიარი

მიუხედავად მზარდი გავლენისა, იმ ქვეყნებში, სადაც ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, დრეგ კულტურა სულ უფრო ნელა ვითარდება, ამიტომ დავით გოგიშვილის, ვატო კერძაიას, გიორგი ჩემინავას და მათე ხიდეშელის მიერ ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფის იდეა, რომ საქართველოში ყოველთვიური დრეგ მეჯლისები გაემართათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ლგბტქი ადამიანებისთვის. საინიციატივო ჯგუფის წამოწყებას Tbilisi Pride-იც შეუერთდა და ერთობლივი ძალებით იდეა რეალობად აქციეს.

ვახო ქარელი / ქვიარი

24 მარტს, მტკვარზე პირველი დრეგ მეჯლისი გაიმართა, რომლის თემატიკა ვედრება და ყვავილები იყო. საღამომ დრეგ მეჯლისების ხანგრძლივი ისტორიისთვის დამახასიათებელი არაერთი კულტურული თავისებურება გაიმეორა – დრეგ პერფორმანსი, დრეგ ქვინების შეჯიბრი, პოზირება, ვოგინგი და, რა თქმა უნდა, ცეკვა, რომელმაც ლგბტქი ადამიანები და მხარდამჭერები უსაფრთხო სივრცეში გააერთიანა.

დრეგ შემსრულებლების შეჯიბრება თვეში ერთხელ გაიმართება და „მიზნად ისახავს საქართველოში ბალის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას, სადაც ყველას შეეძლება თვითგამოხატვა თავისუფლად და შეუზღუდავად“.

პირველ დრეგ მეჯლისზე საკუთარი ნამუშევარი შეასრულა ქვიარ არტისტმა / მომღერალმა THE MADLENA-მ, რომლის სიმღერის – Manifest – განახლებული ვერსია მეჯლისის სტუმრებმა უკრაინის მხარდამჭერი ვიზუალური გაფორმების ფონზე მოისმინეს. უკრავდნენ ქართული ელექტრონული სცენის გამორჩეული არტისტები Moku T და Kravai.

ვახო ქარელი / ქვიარი

რაც ყველაზე მთავარია, Matt Shelly-ს მასპინძლობით გამართულ დრეგ შეჯიბრში 8 დრეგ შემსრულებელი მონაწილეობდა, რომლებიც ჟიურის და აუდიტორიის წინაშე სანახაობრივი ლიფ სინქებით წარსდგნენ. ლიფ სინქ ნომრები პოლიტიკურ სიტუაციას, სოციალურ გამოწვევებს, მენტალურ ჯანმრთელობას, ურთიერთობის პრობლემებს ეხმიანებოდა.

შეჯიბრის პირველ ტურში BIPOLARA, Lile, Pusseidon, Lucy Lou, Gerilyn Stone, Sofio McQueen და Not So Virgin Mari მონაწილეობდნენ, მათ შორის სამმა ჟიურის ერთნაირი ქულები დაიმსახურა და მეორე ტურში გამარჯვებულის გამოსავლენად ლიფ სინქის შესრულება ერთდროულად მოუწიათ. ჟიურის რჩეული Gerilyn Stone გახდა, საკუთარი რჩეული დაასახელეს კონსულებმა, მათი რჩეული Lile გახდა, რომელიც დრეგ ქვინების ფავორიტადაც დასახელდა, საკუთარი რჩეული გამოავლინა Tbilisi Pride-მაც.

ვახო ქარელი / ქვიარი

დრეგ მეჯლისი ვოგინგით გაგრძელდა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

პირველ დრეგ მეჯლისზე არსებული დონაციის ყუთებიდან და QR კოდის დასკანერებით შემოსული თანხა KyivPride-ს გადაერიცხება და უკრაინაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ: „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც უკრაინელ ხალხს მათ ბრძოლაში, რადგან ომი, რომელშიც ისინი ჩაებნენ, არ არის ომი ორ ქვეყანას შორის. ეს არის სიმართლის და სიცრუის, კეთილისა და ბოროტის ომი. ამ ომში წყდება: ადამიანის უფლებებს დაიცავენ თუ ფეხქვეშ გათელავენ; ვიცხოვრებთ უსაფრთხო გარემოში თუ ქიმიურ და ბირთვულ კატასტროფას მივიღებთ. ეს ჩვენი ომიცაა. ამ ომში უკრაინელი ქვიარ ადამიანები მამაცურად იბრძვიან და პირველ ღამეს შემოსული შემოწირულებები სწორედ მათ დასახმარებლად გადაირიცხება“.

თუ პირველ დრეგ მეჯლისს დააკლდით, გული ნუ დაგწყდებათ, მომდევნო ქვიარ საღამო ერთ თვეში ისევ მტკვარზე გაიმართება, თანაც,  24 მარტს შეჯიბრში მონაწილე დრეგ შემსრულებლების ნიჭი ქართული დრეგ სცენის იმედისმომცემ მომავალს გვპირდება, რომელიც, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს და, ალბათ, დრეგ მეჯლისები ახალ შემსრულებლებსაც გაუხსნის გზას.

წინა

ერაყში ლგბტქი ადამიანებზე ძალადობა დაუსჯელი რჩება – HRW-ის ანგარიში

შემდეგი

არიანა დებოუსი პირველი ფერადკანიანი ქვიარ ოსკაროსანი გახდა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების