პოლიტიკა - Page 7

/

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

43 წლის კარინ ჟან-პიერი ჰაიტელი ემიგრანტების შვილი და პირველი შავკანიანი ქვიარ ქალია, რომელმაც მაისში თეთრი სახლის საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ”ვაფასებ ამ მოვლენის ისტორიულ ხასიათს, ნამდვილად ასეა, მაგრამ მჯერა, რომ ტრიბუნის უკან

/

თამრიკო ჭოხონელიძე – “ჩაიარონ, დიახ! არავის აქვს უფლება, იძალადოს ადამიანზე”

თამრიკო ჭოხონელიძემ, რომელიც ბოლო წლებში ქვიარ ადამიანების მხარდამჭერია, ”ტაბულასთან” სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისი პრაიდის მიერ 5 ივლისს დაგეგმილი სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებზე იძალადოს. მისი აზრით, ნეოფაშისტური ჯგუფები ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ. “ჩაიარონ, დიახ! არავის

იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა

/

ლგბტქ იდენტობის პოლიტიკა თუ ქვიარ პოლიტიკა? ჩვეულებრივ, ქვიარ თემისთვის დამახასიათებელია განსხვავებული პერსპექტივები, მიდგომები და მოქმედების სტრატეგიები. თეორიული თუ პრაქტიკული მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ხაზი

ყველაზე მეგობრული ქალაქები ლგბტ ადამიანებისთვის

/

მე-20 საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ და გაჩნდა ისეთი ქალაქები, რომლებიც მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას.

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა

//

აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მოაწერა.

იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოზე აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი 27 ივლისს დამტკიცდა.

ამ დრომდე კვლავ უცნობია პრეპარატ ვოზორიტიდის საქართველოში შემოტანის საკითხი, თუმცა, პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფის წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვები მკურნალობაში 2023 წელს ჩაერთვებიან.

პირველ ეტაპზე მკურნალობაში ჩაერთვება 5-6 ბავშვი, რომლებსაც ასაკის გამო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ მათზე პრეპარატმა ეფექტურად იმოქმედოს. მისივე განცხადებით, პირველი დოზების მიღება მოხდება არა სახლში, არამედ კლინიკაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამისთვის კი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო შეირჩა. მისივე თქმით, მეორე ეტაპზე სხვა ბავშვებიც ჩაერთვებიან.

PHR: აბიტურიენტის არდაშვების გამო გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ შსს-ს მივმართეთ

//

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელძღვანელის, ანა არგანაშვილის ინფორმაციით, აბიტურიენტის გამოცდაზე არდაშავების გამო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.

გარდა ამისა, მისი თქმით, აღსრულების მოთხოვნით უახლოეს საათებში მიმართავენ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

“სასამართლოს მივმართეთ განმარტების გაკეთების თაობაზე; სსიპ შეფასების და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით; უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, სასამართლო სისტემას და კონატიტუციურ უფლებებს, ვერ გავაუქმებინებთ. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს “რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები.

ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას, მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა”, – წერს არგანაშვილი.

გუშინ, 2 აგვისტოს PHR-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ყველა დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა და აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება შეუძლებელია.

ყველაფერი, რაც ჰოლივუდის გაფიცვების შესახებ უნდა იცოდეთ

////

2023 წლის მაისში ამერიკის მწერალთა გილდია (Writers Guild of America), რომელიც 11 500 სცენარისტისგან შედგება გაიფიცა კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსთან (Alliance of Motion Picture and Television Producers) შრომითი დავის გამო. ივლისში გაფიცვებს SAG-AFTRA-ს მსახიობებიც შეურთდნენ, მათი გაფიცვის საფუძველიც შრომითი დავა და ფინანსური უკმაყოფილებაა. 1960 წლის შემდეგ ეს მწერლებისა და მსახიობების პირველი ერთდროული პიკეტირების შემთხვევაა.

გაფიცვებს უკვე აქვს გავლენა მთელ მსოფლიოში: ემის დაჯილდოების ცერემონიის თარიღები გაურკვეველია, ბიზნესები, მათ შორის რესტორნები, სასტუმროები და ქიმწმენდებიც კი ემზადებიან დიდი ფინანსური ვარდნისთვის.

ვინ არის ჩართული გაფიცვებში და რა არის პროტესტების მონაწილეების მთავარი მოთხოვნები? სტატიაში შეიტყობთ ყველაფერს, რაც ჰოლივუდის გაფიცვების შესახებ უნდა იცოდეთ.

ვინ არიან პროტესტის მონაწილეები?

ამერიკის მწერალთა გილდიამ (WGA) გაფიცვების პირველი ტალღა მაისში დაიწყო. გაფიცვების მთავარი მიზეზი სტრიმინგის ქსელებისგან არასამართლიანი ფინანსური კომპენსაციების მიღება იყო. WGA-ი ამტკიცებს, რომ კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსმა (AMPTP) ფინანსური კომპენსაციები საგრძნობლად შეამცირა ბოლო ათწლეულის განმავლობაში 

ჰოლივუდში არსებობს შეთანხმებები, რომლებშიც მწერლების მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, თუმცა ეს შეთანხმებები მხოლოდ იმ მწერლებისთვისაა, რომლებიც სცენარებს სამაუწყებლო არხებისთვის წერენ და არა სტრიმინგ სერვისებისთვის — მეორის შემთხვევებში, მწერლებს ინდივიდუალურად უწევთ ანაზღაურებაზე მოლაპარაკება სტრიმინგ კომპანიებთან. ერთი რამ აშკარაა: სტრიმინგ სერვისები იმავე რაოდენობის შრომის გაწევისთვის შესამჩნევად ნაკლებს უხდიან თავიანთ მწერლებს. არსებული შეთანხმებები ივნისში დასრულდა, ხელახალი მოლაპარაკებები კი ვეღარ შედგა, რამაც გამოიწვია მასობრივი გაფიცვების დაწყება. 

WGA-ს სტატისტიკის მიხედვით, სერიალების მწერალთა ნახევარი ახლა მინიმალური ხელფასით მუშაობს, მათი ახლანდელი ანაზღაურება 2013-14 წლების შემოსავლის მესამედს შეადგენს. კიდევ ერთი პრობლემა ხელოვნური ინტელექტის საკითხია: მწერლებს სურთ, რომ ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT, მხოლოდ კვლევის დასახმარებლად ან სცენარის იდეების გენერაციის გასამარტივებლად გამოიყენონ და არა მწერლების საერთოდ ჩანაცვლებისთვის.

AMPTP-მ მაისში თქვა, რომ მან მწერლებს „კომპენსაციის გულუხვი ზრდა“ შესთავაზა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას  ვერ მიაღწიეს.

როდის შეურთდნენ მსახიობები გაფიცვებს?

ივლისში, მსახიობთა გაერთიანება — ამერიკის ტელევიზიისა და რადიოს არტისტების ფედერაცია (SAG-AFTRA) გაიფიცა AMPTP-თან მათივე მიმდინარე უთანხმოების შედეგად. მსახიობებისთვის, მწერლების მსგავსად, ფინანსური ანაზღაურება გაფიცვების მთავარი საკითხია: ისინი არ იღებენ საკმარის კომპენსაციას სტრიმინგ სერვისებზე უკვე დასრულებული შოუებს ხელახლა გაშვების დროს (Re-runs). მომლაპარაკებლები ითხოვენ, რომ ანაზღაურება მაყურებელთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვროს, მაგრამ ისეთ სტუდიებს, როგორებიცაა ნეტფლიქსი და ამაზონი არ სურთ მაყურებლის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მსგავს მოლაპარაკებებზე წასვლა.

ვინ არიან ის დიდი სახელები, რომლებიც გაფიცვების მონაწილეებს მხარს უჭერენ?

 

SAG-AFTRA-ს გაფიცვის სურვილის გამომხატველ წერილს ხელს აწერდა უამრავი A-List-ერი, მათ შორის: მერილ სტრიპი, ჯენიფერ ლოურენსი, შარლიზ ტერონი, ხოაკინ ფენიქსი, ჯეიმი ლი კურტისი და ევან მაკგრეგორი. ჯორჯ კლუნიმ გაფიცვებს უწოდა „ჩვენს ინდუსტრიაში გარდამტეხი წერტილი“ და თქვა, რომ ცვლილებაა საჭირო იმისათვის, რომ „ინდუსტრია გადარჩეს“

სხვა ცნობილი სახელები არიან ჯონ კიუზაკი და მარკ რუფალო, ხოლო ბევრი ვარსკვლავი  პლაკატებით ხელში პიკეტის ხაზზე იდგა: ჯეისონ სუდეიკისი, სიუზან სარანდონი, ამერიკა ფერერა, ოლივია უაილდი, ბრენდან ფრეიზერი.

რა ხდება პროდაქშენში?

გვიან ღამის და სკეჩ-შოუებმა არსებობა გაფიცვების დაწყებისთანავე შეწყვიტეს. ჯიმი ფელონი, ჯიმი კიმელი, სტივენ კოლბერი — ყველა მათგანის შოუს განუყოფელი ნაწილია მწერალი, ამიტომ გაფიცვებმა, პირველ რიგში, მათ მოახვედრა მსახვრალი ხელი. შეწყდა SNL-ის პროდაქშენიც, ახლა NBC-ზე ყოველ შაბათს განმეორებითი ჩვენებები გადის.

გაფიცვებმა უკვე გამოიწვია ემის დაჯილდოების უვადოდ გადაწევა და შეიძლება უფრო მეტი დაჯილდოების შოუს გადადებაც გამოიწვიოს. სამივე შემოდგომის კინოფესტივალი – ვენეცია, ტელურიდი და ტორონტო, როგორც ჩანს, გადაიდება, თუ ვარსკვლავები არ მოხვდებიან დამსწრეთა შორის.

გაფიცვები: ინდი ფილმების რენესანსი?

18 ივლისს SAG-AFTRA-მ მწვანე შუქი აუნთო 39 დამოუკიდებელ პროექტს, და კონკრეტულ ინდი სტუდიებს მისცა ნებართვა გააგრძელონ პროდაქშენი გაფიცვის დროს მას შემდეგ, რაც ინდი სტუდიებმა დაამტკიცეს, რომ ისინი არ იყვნენ AMPTP-თან ასოცირებულები. პროექტებს შორისაა სამი ფილმი ყველასათვის საყვარელი კომპანია A24-სგან, რომელიც დათანხმდა SAG-ის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.  A24-მა უკვე დაიწყო პრე-პროდაქშენი ფილმისა „Mother Mary“, რომელშიც მთავარ როლს ენ ჰეთუეი შეასრულებს, ხოლო ფილმ „Death of a Unicorn“-ის გადაღებები, რომელშიც ჯენა ორტეგა და პოლ რადი თამაშობენ, უნგრეთში უკვე დაიწყო.

PHR: სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვეს

//

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა და აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაუშვა.

მათი ინფორმაციით, აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.

“28 ივლისს, მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით. 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა. თუმცა, 25 ივლისს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გეგმიური დამატებითი გამოცდა, ხოლო სასამართლო განჩინებით დავალების შემთხვევაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას.

ორგანიზაცია მიმართავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყოს აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცეს აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ყველა დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა და აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება შეუძლებელია.

ევროკომისიის 12 პირობიდან სრულად შესრულებულია მხოლოდ 1 – სტატუსმეტრის მორიგი შეფასება

//

სტატუსმეტრი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აქვეყნებს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მოცემულ პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა; მეტწილად შესრულებულია ორი პირობა; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და ჯერ კიდევ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).

მათი თქმით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში მცირე პროგრესი შეიმჩნევა დამოუკიდებელი მედიისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებით. პირველ კონტექსტში, პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა, მეორე მხრივ კი, რიგი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა.

“ფაქტობრივად, ორი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეფასება სრულად

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.

NGO-ებმა მთავრობას ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაზე ერთობლივი მოსაზრებები გაუგზავნეს

//

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზანშეწონილია ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის, წერილობითი ერთობლივი მოსაზრებები გაუგზავნეს.

მათი თქმით, აღნიშნული მოსაზრებები დარჩება მხოლოდ ფაკულტატური ბუნების მქონე დოკუმენტად, თუკი სახელმწიფოს მხრიდან არ გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წლებისთვის) აღსრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯეროვანი ჩართულობისთვის.

ამასთან, გარდა დოკუმენტში ადამიანის უფლებათა საკითხებზე წარმოდგენილი მოსაზრებებისა, ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეასრულოს ევროკომისიის 12-ვე პირობა, მათ შორის, ჩართოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა დონეზე და უზრუნველყოს ინკლუზიური პროცესი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად.

ერთობლივი მოსაზრებები

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; კანონის უზენაესობის ცენტრი; უფლებები საქართველო; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო; ღია სივრცე კავკასია (COS);  დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი; თანასწორობის მოძრაობა; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);  თანასწორობა 17; თბილისი პრაიდი;  ქვიარ ასოციაცია – თემიდა; ასოციაცია ანიკა; ასოციაცია ,,დეა”; საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია; თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის;  ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი;  საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია; კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;  სოლიდარობის თემი;  ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD); ა/ო „ვიმეგობროთ“; მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება საქართველო.

საგამოძიებო სამსახურმა 2 თვეში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 8 პირი ამხილა

//

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალდება წარუდგინეს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადება:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, 1989 წელს დაბადებულმა ი.ხ.-მ, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვან დაზარალებულს, საქმროსთან სქესობრივი აქტისას, მანქანიდან მობილური ტელეფონით ფარულად გადაუღო ფოტოები. მოგვიანებით ქუჩაში გააჩერა არასრულწლოვანი გოგონა, წარუდგინა მას ფარულად გადაღებული ინტიმური შინაარსის ფოტოები, მისი გავრცელების და გახმაურების მუქარით ჩასვა მანქანაში და მასთან არანებაყოფლობით სქესობრივი აქტი დაამყარა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბრალდებული დააკავა. მას ბრალდება გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია ბოლნისის რაიონში მცხოვრები 1985 წ-ს დაბადებული ი. ა., რომელმაც 2022 წლის 28 მაისს, შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს იძულებით გადაუღო ფოტოები და შემდეგ გააუპატიურა, რა დროსაც, კუთვნილი მობილური ტელეფონით მოახდინა აღნიშნული პროცესის უკანონოდ გადაღება. ბრალდებულმა, უკანონოდ გადაღებული ფოტოსურათი „ფეისბუქ მესენჯერის“ საშუალებით, გადაუგზავნა დაზარალებულის არასრულწლოვან შვილს.
გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით ი.ა-ს მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის მას ბრალდება წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ 6 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს სოციალური ქსელით გაცნობილ ქალბატონებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ და მათი პირადი მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ. ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს სოციალური ქსელის „facebook”-ის და „watsapp”-ის საშუალებით სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებით დაირღვა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო, რის შემდეგაც მოხდა ბრალდებულების მხილება და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება”.

მათი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

ომბუდსმენი: ბათუმში აქციაზე 19 პირი დააკავეს, ერთ-ერთი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

//

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 19 პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი კი, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქეა. ისინი დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული სამ დაკავებულს შეხვდა, ერთ-ერთმა კი ისაუბრა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

“დაკავებულის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კრუიზი ბათუმის პორტში ადრე დილით შემოვიდა, იქამდე პოლიციამ ნავსადგომთან მისასვლელი ყველა მონაკვეთი გადაკეტა. პარალელურად ადგილზე იმყოფებოდნენ აქტივისტები, რამდენჯერმე მოხდა მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება.

კრუიზზე Astoria Grande რუსი პროპაგანდისტები და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერები იმყოფებიან. ეს უკვე მეორე კრუიზია, რომელიც ბათუმში გაჩერდა. პირველი 22 ივლისს შემოვიდა, თუმცა, პროტესტის გამო ბათუმი დროზე ადრე დატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Astoria Grande-მ შემდეგი კრუიზიდან ბათუმი ამოიღო.

“თანადგომა ბათუმს” – თბილისში დღეს რუსების კრუიზის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება

//

“თანადგომა ბათუმს! – რუსეთი მტერია და არა სტუმარი” – ამ სახელწოდებით დღეს, 31 ივლისს, 19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაზე რუსების კრუიზის ბათუმში შემოსვლას გააპროტესტებენ.

კრუიზი ბათუმის პორტში ადრე დილით შემოვიდა, იქამდე პოლიციამ ნავსადგომთან მისასვლელი ყველა მონაკვეთი გადაკეტა. პარალელურად ადგილზე იმყოფებოდნენ აქტივისტები, რამდენჯერმე მოხდა მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება. ამ დროისთვის 9 ადამიანი დაკავებული.

კრუიზზე Astoria Grande რუსი პროპაგანდისტები და პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერები იმყოფებიან. ეს უკვე მეორე კრუიზია, რომელიც ბათუმში გაჩერდა. პირველი 22 ივლისს შემოვიდა, თუმცა, პროტესტის გამო ბათუმი დროზე ადრე დატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ Astoria Grande-მ შემდეგი კრუიზიდან ბათუმი ამოიღო.

ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, ხულოში სამშობიარო განყოფილება გახსნას

//

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი მოუწოდებენ ჯანდაცვის სამინისტროს, ხულოს მუნიციპალიტეტში უზრუნველყოს სამშობიარო განყოფილების გახსნა და სხვა საჭირო სერვისების მობილიზება.

მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა, ხულოს მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი. მათი განცხადებით, დღეს არსებული მდგომარეობით, ხულოში, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ არსებობს სამშობიარო განყოფილება და მუნიციპალიტეტს აღარ ყავს არცერთი გინეკოლოგი.

“ამის გამო ქალები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, რაც საფრთხეს უქმნის მათი და მათი შვილების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აქვე, გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პრაქტიკა, რომელიც ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას და ზაფხულობით იალებზე ოჯახების ცხოვრების საჭიროებას და ტრადიციას უკავშირდება. ორსული ქალებისთვის მაღალმთიანი იალებიდან ჩამოსვლა კიდევ უფრო მეტად რთულდება და როცა მუნიციპალიტეტის ცენტრში ისინი სათანადო სერვისის მიღებას ართულებს, ეს ორმაგად ამძიმებს მათ ყოფას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 2023 წლის 17 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური პასუხის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას აწვდის სს „ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა. სამშობიარო განყოფილების არ არსებობის მიზეზი კი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მშობიარობების რაოდენობის სიმცირეა (2022 წლის მონაცემების მიხედვით, სულ დარეგისტრირდა თვეში 2-3 მშობიარობა), რაც იწვევს კადრის დეკვალიფიკაციას და რისკს უქმნის ერთეული შემთხვევების მართვას.

“2023 წლის 1 ივნისიდან პირადი განცხადების საფუძველზე ექიმმა მეან-გინეკოლოგებმა შეწყვიტეს ხულოს კლინიკის სტაციონარში (სამშობიაროში) საქმიანობა. სამწუხაროდ, ეს მიდგომა ერთის მხრივ, არ ეფუძნება ამ მუნიციპალიტეტში შობადობის რეალურ სტატისტიკას, რომელიც მაღალია (მაგალითად 2015 წლიდან 2022 წლამდე ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა შესაბამისად, 446, 456, 470, 477, 429, 294, 322, 311, 285 ბავშვი) და უგულებელყოფს მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებულ მძიმე მდგომარეობას ქალების რეპროდუქციული უფლებებისა და საჭიროებების შესახებ. ასვე აღსანიშნავია ისიც, რომ სამშობიარო განყოფილების გაუქმებამდე იქ მომუშავე პერსონალს, გინეკოლოგებს არ ჰქონდათ ღირსეული შრომითი პირობები. მათი მოთხოვნები ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით ევექსის კლინიკამ არ დააკმაყოფილა, შესაბამისად მათ მოუწიათ სამსახურის დატოვება”, – წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, წერილში ერთი მხრივ აღნიშნულია, რომ მაღალმთიან რეგიონში პერინატალური სერვისის არსებობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა ასევე საუბარია კომპანიასთან მიმდინარე შეთანხმების პროცესზე სერვისების განსაზღვრის თაობაზე, რაც გაურკვევლად/ბუნდოვნად ტოვებს იმას, თუ კონკრეტულად რა ვადებში გადაწყდება აღნიშნული საკითხი.

“ეს მიდგომა კიდევ ერთხელ აჩვენებს ჯანდაცვის სისტემის პრივატიზებისა და სუსტი რეგულირების მძიმე ადამიანურ და სოცილაურ შედეგებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების საბაზისო საჭიროებებს, ინტერესებსა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება.

ქალის რეპროდუქციული უფლებები დაცულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებებით, რომლებიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. მათ შორის, ჯანმრთელობის უფლება აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (1946), ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (1948) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (1966). მოსაზრება, რომ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტის ხელმისაწვდომობის თანასწორი უფლება, ეფუძნება არადისკრიმინაციულ მიდგომას და ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქალთა ჯანმრთელობის საკითხებს მიმართ, რომ სისტემამ არ დაუშვას გენდერული დისკრიმინაცია ჯანდაცვის მომსახურების გაწევისას; მოხდეს სისტემის მკაცრი მონიტორინგი, რათა აღმოიფხვრას ახალი ჩაგვრის ფაქტები სერვისის მიწოდების მთელ ჯაჭვში; როგორც კერძო, ისე საჯარო ჯანდაცვის სერვის ცენტრებში სერვისის მიწოდება უნდა ექვემდებარებოდეს მონიტორინგს, რათა ქალებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორის პრაქტიკებზე დაფუძნებული ხარისხიანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება. . შესაბამისად, ქვეყანა ვალდებულია ყველა ქალისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ საჭირო სერვისზე ხელმისაწვდომობა, რომლებიც მათ ორსულობის, უსაფრთხო მშობიარობისა და ჯანმრთელი ბავშვის ყოლაში დაეხმარება .

შექმნილი მძიმე ვითარება მიუთითებს არსებულ სისტემურ პრობლემაზე, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას, ვინაიდან საქმე ეხება ქალებისა და მუცლად მყოფი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ხულოს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გათვალისწინებული უნდა იყოს მაღალმთიანი რეგიონის სპეციალური საჭიროებები და აქ ჯანდაცვის სერვისების მიწოდება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და სოლიდარობის თემი სახელმწიფოს მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს ხულოს მუნიციპალიტეტში სამშობიარო განყოფილების ამუშავება და ამისთვის საჭირო კვალიფიციური ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური და სამედიცინო საშუალებების მობილიზება და ამის შესახებ საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირება.