მუსიკა - Page 2

/

ჯენესის ბრაიერ პი-ორიჯი – ხელოვნება, როგორც ცხოვრება

“Life is a vacuum pump, always sucking me dry Anyway, I love you anyway you say” 2020 წლის 14 მარტს გარდაიცვალა ინდუსტრიული სუბკულტურის დამაარსებელი, პოეტი, ვიზუალური არტისტი, ოკულტისტი და ბრიტანელი საკულტო ხელოვანი

/

ლედი გაგას შემოდგომა: დედა მონსტრმა ალბომ “Chromatica”-ს რემიქსი გამოუშვა

პატარა მონსტრებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ლედი გაგამ ცოტა ხნის წინ მისი ბოლო სტუდიური ალბომის „Chromatica”-ს რემიქსi გამოუშვა. ალბომის ერთ-ერთი სინგლის „Rain on me”-ს რემიქსს არაბინარული დიჯეი და მუსიკოსი Arca აკეთებს. ალბომში ასევე შესულია ისეთი ავტორების რემიქსები, როგორებიც არიან: Charli XCX,

12 ქვიარ მუსიკოსი, რომელთა გარეშე 2021 წელი ბევრად მოსაწყენი იქნებოდა

/

2021 წელი მრავალი გამოწვევით იყო სავსე, თუმცა ერთ-ერთი ნათელი წერტილი ქვიარ არტისტების არაერთი კარგი ნამუშევარი იყო. Lil Nas, St. Vincent, Demi Lovato თუ სხვა

ქვიარ მოდის საკულტო პერსონაჟები

//////

  მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე ტანსაცმელი კულტურული იდენტობის კომუნიკაციის

ნახეთ, როგორ ამბობს ბიონსე „ტრანსი მშვენიერია“ რენესანსის ტურნეს დროს

///

ბიონსეს შედევრი რენესანსის ტურნე, ნაწილობრივ სასიყვარულო წერილია იმ სუბკულტურებისადმი, რომლებიც შავკანიანი ტრანს ქალების პიონერები იყვნენ. გასულ კვირას მან ტრანსგენედრთა საზოგადოებას მიმართა, რამაც გულშემატკივარი გაახარა.

კენდის პერსუასიანმა, ტრანსგენდერმა დრეგ არტისტმა, TikTok-ზე მომღერლის კონცერტიდან ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ბიონსე როდესაც მაყურებლებს მადლობას უხდის ამჩნევს პლაკატს, რომელიც პერსუასიანის უჭირავს და მიკროფონში კითხულობს მას: „ტრანსი ლამაზია“.

პერსუასიანი TikTok-ზე წერს: „ბიონსემ ჩემი პლაკატი წაიკითხა! გმადლობთ დედოფალს, რომ შექმნა უსაფრთხო ადგილები ქვიარ და ტრანს ადამიანებისთვის“!

„ვიცოდი, რომ ეს მომენტი ჩემზე დიდი იყო, ეს იყო ყველასთვის, ვინც ტრანს საზოგადოების ნაწილია. ბიონსე ნამდვილად გვხედავს და სურს, რომ დაფასებულნი ვიყოთ“!

თუ გავითვალისწინებთ ლგბტქი ადამიანების, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ქალების მიმართ სიძულვილის ამჟამინდელ მასშტაბებს, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურნეზე ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ მცირე შეძახილიც კი განსხვავებას ქმნის. გარდა ამისა, გასულ კვირას, ბიონსემ მოკლედ განაახლა თავისი ვებ-გვერდი, რათა პატივი მიაგო ო’შა სიბლისადმი, რომელიც ბრუკლინის ბენზინგასამართ სადგურზე მისი მუსიკის მოსმენის დროს ვოგის ცეკვის გამო მოკლეს.

 

© James Factora/Them

ქვიარ მოდის საკულტო პერსონაჟები

//////

 

მოდა მარადიული და მუდმივად ცვალებადი გამოხატვის ფორმა და პიროვნების უნიკალურობისა და შემოქმედობითობის განცახებაა. ანტიკური ცივილიზაციებიდან მეოცე საუკუნის მოდის რევოლუციამდე ტანსაცმელი კულტურული იდენტობის კომუნიკაციის განუყოფელი საშუალება იყო. ტანსაცმელი ადამიანებს საშუალებას აძლევს იყვნენ თავიანთი უნიკალური ნარატივების კურატორები და გათავისუფლდნენ კონფორმულობის ბორკილებისგან. 

მოდის სამყაროს ნორმებსა და კონვენციებში მოქცევისგან გათავისუფლებას დიდი ხანია ემსახურება ქვიარ საზოგადოება. სწორედ ლგბტქი თემის გავლენა ეხმარება მოდას იყოს მუდმივად „ვერტიკალური და თან ბრუნვადი“.  ინოვაციურობით, კრეატიულობის ახალი ტალღით, ინკლუზიურობისა და რეპრეზენტაციის ხელშეწყობით ქვიარ მოდის „აიქონები“ არღვევენ სტატუს-კვოს და ახერხებენ მოდის ინდუსტრიის მუდმივ ტრანსფორმაციას.

გავლენიანი არტისტებიდან მოდის პიონერებამდე, ამ ქვიარ ვარსკვლავებმა შთააგონეს თაობები, გვაჩუქეს ყველაზე საკულტო მოდის მომენტები და წლების განმავლობაში გახდნენ ტრენდსტერები

Marlene Dietrich

 

მოდის ისტორიის ჩანაწერებში მხოლოდ რამდენიმე პიროვნებამ დატოვა ისეთი ღრმა გავლენა ქვიარ ესთეტიკაზე, როგორც საკულტო მარლენ დიტრიხმა. ცნობილი თავისი ანდროგენული სტილით, უშიშარი დამოკიდებულებითა და ინოვაციური პერფორმანსებით, დიტრიხი დაუპირისპირდა ტრადიციულ გენდერულ ნორმებს და ქვიარ ინდივიდების მრავალი თაობის მთავარ შთაგონებად იქცა. ჰოლივუდის ოქროს ხანიდან თანამედროვე პოდიუმებამდე, მისი გავლენა აგრძელებს ბობოქრობას და ამტკიცებს, რომ მოდა შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი თვითგამოხატვისა და საზოგადოების ცვლილებისთვის.

დიტრიხის საკულტო მოდის მომენტებს შორის ყველაზე დასამახსოვრებელია მისი ლუქები მამაკაცის კოსტიუმებში, რაც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, ფაქტობრივად, რევოლუციური იყო. დიტრიხის ანდროგენული ჩაცმულობა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ სტილისტური გადაწყვეტილება. ეს იყო მისი სექსუალური ორიენტაციის გაბედული დეკლარაცია და საზოგადოების მოლოდინების წინააღმდეგ აჯანყება.

RuPaul

რუპოლ ანდრე ჩარლზმა, ან, უბრალოდ, რუპოლმა კარიერა ნიუ-იორკის კლუბის სცენაზე დაიწყო და გლობალურ ფენომენად გადაიქცა. მისმა უნარმა, გარდაიქმნას სხვადასხვა პერსონაჟებად მოხიბლა აუდიტორია მთელ მსოფლიოში და დრეგ მოდა ახალ სიმაღლეებაზე აიყვანა. რუპოლის მესიჯი საკუთარი თავის მიღებისა და ავთენტურობის შესახებ ღრმად ეხმიანება ლგბტქი საზოგადოებას. მისი შოუს მეშვეობით “RuPaul’s Drag Race”, რუპოლმა შექმნა კრეატიულობის გამოხატვის პლატფორმა დრეგ ქვინებისთვის და დრაგი მეინსტრიმ განზომილებაში გადმოიყვანა.

მისი საფირმო ლუქი, უზარმაზარი პარიკებითა და გლამურული კოსტიუმებით, კემპისა და ექსტრავაგანტულობის სულის განსახიერებაა. საზოგადოებაში მიღებული სილამაზის სტანდარტებთან დაპირისპირებითა და საკუთარი ზღაპრული ბრენდის შემუშავებით, რუპოლმა შთააგონა ქვიარ თემის მრავალი თაობა იყვნენ გაბედულები თავიანთ არჩევანში.

David Bowie

დევიდ ბოუი, ლეგენდარული მუსიკოსი და შემსრულებელი, საკულტო პერსონა და თრეილბლეიზერია არა მხოლოდ მუსიკის სამყაროში, არამედ მოდის სფეროშიც. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ბოუის მუდმივად განვითარებადი სტილი გახდა გენდერული ფლუიდურობის მძლავრი გამოხატულება. ბოუის გავლენა ქვიარ მოდაზე 1970-იანი წლებიდან, მისი ალტერ ეგოს, ზიგი სტარდასტის დაბადებიდან იწყება.

მუსიკოსის საკულტო ლუქები შედგებოდა მაკიაჟისა და კოსტიუმების ისეთი ელემენტებისგან, რომლებიც სცილდებოდა ტრადიციულ გენდერულ ნორმებს. ბრჭყვიალა თვალის ჩრდილი, ფრჩხილების ლაქი, ფერადი ტანსაცმელი ერთდროულად ფემინური და მასკულინარული ელემენტებით ქმნიდა გარეგნობას, რომელიც წაახალისებდა ფანებს თვიტგამოხატვისკენ.

ბოუის ჰქონდა მცდელობა, მუსიკისა და მოდის გავლით შეესწავლა იმ დროს ისეთი ტაბუდადებული თემები, როგორებიც გენდერი და სექსუალური ორიენტაცია იყო. ბოუის ანდროგენულმა გარეგნობამ ხელი შეუწყო ბარიერების ჩამოშლასა და არაბინარული და გენდერქვიარი იდენტობების მიღებას. მისი გავლენა ქვიარ მოდაზე 1970-იანი წლების გლემ-როკ ერას დიდი ხანია გასცდა. მუსიკოსის ნაკვალევს ათწლეულების განმავლობაში მრავალ სუბკულტურასა და მოდის მოძრაობაში შევხვდებით. 1980-იანი წლების ახალი რომანტიკული მოძრაობიდან დაწყებული 21-ე საუკუნის გენდერქვიარ და გენდერფლუიდურ მოდამდე, ბოუის მემკვიდრეობა კვლავ შთააგონებს დიზაინერებს, არტისტებსა და მოდის ენთუზიასტებს მთელ მსოფლიოში.

Madonna

პოპის დედოფლად წოდებული მადონა მრავალი წელია დომინირებს როგორც მუსიკალურ, ისე ქვიარ მოდის სამყაროში. თავისი პროვოკაციული სტილითა და მეამბოხე დამოკიდებულებით, მუსიკოსი უპირისპირდებოდა ქალურობის კონსერვატიულ ცნებებს. მადონა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში აპროტესტებდა ტაბუებს და მხარს უჭერდა სექსუალურ თავისუფლებას. 

მისი გავლენა ქვიარ მოდაზე 1980-იან წლებში და მის შემდგომ უდაო იყო. მუსიკოსის საკულტო ჟან პოლ გოტიეს კონუსური ბიუსტჰალტერი აგზავნიდა მძლავრ გზავნილს, რომ მოდა არ უნდა შემოიფარგლოს ტრადიციული გენდერული ნორმებით. მის ვიდეოში სიმღერისთვის „Like a Prayer“ ვხვდებით რელიგიურ იკონოგრაფიას და მრავალფეროვან ქასთს, როგორც ინკლუზიურობისა და მიმღებლობის აშკარა განცხადებას. საზღვრების გადალახვით და მოდაში მრავალფეროვნების ზეიმით, მადონა გახდა ლგბტქი თემის საკულტო პერსონაჟი. 

გარდა ამისა, მადონას თანამშრომლობამ ქვიარ დიზაინერებთან და არტისტებთან გააძლიერა მისი, როგორც ლგბტქი საზოგადოების ელაის სტატუსი. თავის შოუებში ლგბტქი დიზაინერების ნამუშევრების გამოყენებით, ქვიარ მოცეკვავეებთან და პერფორმერებთან კოლაბორაციით მან გამოიყენა თავისი პლატფორმა ინდუსტრიაში ქვიარ ხმების ასამაღლებლად. მადონას გზავნილებმა სექსუალური თავისუფლების, თვითგამოხატვისა და მიმღებლობის შესახებ არა მხოლოდ წარუშლელი კვალი დატოვა ქვიარ თემში, არამედ დაამკვირდა მუსიკოსი, როგორც ნამდვილი ქვიარ აიქონი.

 

საკულტო პერსონაჟები ქვიარ მოდის სამყაროში აღნიშნავენ იდენტობას, გამძლეობასა და გამბედაობას, დაუპირისპირდე საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებს. მარლენ დიტრიხის ანდროგენული ელეგანტურობიდან რუპოლის კაშკაშა გლამურამდე, ამ თრეილბლეიზერებმა წარუშლელი კვალი დატოვეს მოდის ლანდშაფტზე და ლგბტქი საზოგადოების გულებში. მათი უშიშარი ხასიათი, კრეატიულობა და ავთენტურობა მიმღებლობისა და რეპრეზენტაციის საქმეში უდიდეს როლს თამაშობს. ცხადია, რომ მათი გავლენა გაგრძელდება და შთააგონებს დიზაინერების, არტისტებისა და მოდის ენთუზიასტების ახალ თაობას გააგრძელონ საზღვრების გადალახვა და ინდივიდუალობის სილამაზის აღნიშვნა.

როკ-ენ-როლის დედოფალი ტინა ტერნერი გარდაიცვალა

///

მომღერალი ტინა ტერნერი, რომლის Soul კლასიკებმა და პოპ-ჰიტებმა, როგორიცაა The Best და What’s Love Got To Do With It, სუპერვარსკვლავად აქცია, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო წლებში ტერნერს ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის კიბო, ინსულტი და თირკმლის უკმარისობა.

ტინამ პოპულარობა ქმართან აიკთან ერთად მოიპოვა 1960-იან წლებში, სიმღერებით: Proud Mary და River Deep, Mountain High.

ტერნერი მოძალადე ქმარს 1978 წელს დაშორდა და როგორც სოლო არტისტმა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია.

როკ-ენ-როლის დედოფალად წოდებული ტინა ტერნერი განთქმული იყო თავისი მღელვარე და ენერგიული სასცენო შესრულებითა და ძლიერი ვოკალით.

მისი გარდაცვალების შესახებ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მისი მუსიკით და სიცოცხლისადმი უსაზღვრო გატაცებით მან მოხიბლა მილიონობით გულშემატკივარი მთელს მსოფლიოში და შთააგონა ხვალინდელი დღის ვარსკვლავები“ – ნათქვამია პოსტში.

“დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ძვირფას მეგობარს, რომელმაც დაგვიტოვა თავისი უდიდესი ნამუშევარი: მუსიკა.”

ტერნერმა რვა გრემის ჯილდო მოიგო და 2021 წელს შეიყვანეს Rock ‘n’ Roll Hall of Fame-ში, როგორც სოლო არტისტი, პირველად კი ეს წოდება აიკ ტერნერთან ერთად მიანიჭეს 1991 წელს.

Hall of Fame-მა აღნიშნა თუ როგორ შეცვალა ტინამ ოდესღაც შეზღუდული იდეა იმის შესახებ, შეეძლო თუ არა შავკანიან ქალს დაეპყრო სცენა და ერთდროულად ყოფილიყო ძლიერიც და მრავალმხრივიც.

ახალგაზრდა ვარსკვლავები, რომლებმაც განიცადეს ტინას გავლენა, არიან: ბიონსე, ჯანეტ ჯექსონი, ჯანელ მონა და რიანა.

ბუნების ძალა

როჯერ დევისმა, რომელიც ტერნერის მენეჯერი იყო 30 წელი განაცხადა, რომ ტინა იყო ბუნების უნიკალური და შესანიშნავი ძალა, წარმოუდგენელი ენერგიითა და უზარმაზარი ნიჭით”.

“პირველივე დღიდან, 1980 წელს, როცა მას შევხვდი, საკუთარი თავის სრულიად სჯეროდა, როცა სხვებს ცოტას თუ სჯეროდათ… ძალიან მომენატრება”- დასძინა მან.

ამერიკელმა მომღერალმა გლორია გეინორმა, რომელმაც ასევე 1960-იან წლებში მოიპოვა პოპულარობა თქვა, რომ ტერნერმა „უამრავ ქალს, თეთრკანიანსა თუ შავკანიანს, გზა გაუხსნა როკ მუსიკისკენ“.

სერ ელტონ ჯონმა, რომელიც თავის ავტობიოგრაფიაში იმ მწარე კამათების შესახებ წერდა, რომელიც 2997 წელს მას და ტინას ჰქონდათ ერთად მუშაობის პერიოდში, თქვა რომ ტინა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ელექტრული შემსრულებელი“.

მსახიობმა ვიოლა დევისმა შეაქო ტერნერი, როგორც “ჩვენი ბრწყინვალებისა და სექსუალობის აღვირახსნილი საკუთრების სიმბოლო!”

უბრალოდ საუკეთესო

სამეწარმეო ოჯახში, ტენესის შტატში დაბადებულმა, ტინამ პირველად პოპულარობა მოიპოვა, როგორც მისი მეუღლის ჯგუფის The Kings of Rhythm-ის ერთ-ერთ ბექ მომღერლად.

ტინა მალევე მოექცა ჯგუფის სათავეში და წყვილმა წარმატებას მიაღწია სიმღერებით: Fool in Love და It’s Gonna Work Out Fine, რომლებიც 60-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს ჩარტებში მოხვდნენ.

მათი სხვა ჰიტები მოიცავდა 1973 წლის Nutbush City Limits, პატარა ქალაქს, სადაც ტინა დაიბადა. თუმცა, აიკის ფიზიკურმა და ემოციურმა ძალადობამ ტინაზე თავისი შედეგი მოიტანა.

სწორედ აიკმა შეცვალა ტინას სახელი მისი დაბადების სახელიდან. მისი დაბადების სახელი იყო – ანა მეი ბულოკი. აიკმა კი ტინა ტერნერით შეცვალა და გადაწყვეტილება მარტომ მიიღო. ესაა აიკის მაკონტროლებელი ქცევის ერთ-ერთი მაგალითი.

ტინამ 2018 წელს მემუარებში My Love Story, გაიხსენა ერთ-ერთი ტრავმა და აიკთან სექსი შეადარა „ერთგვარ გაუპატიურებას“.

“მან იმდენჯერ გამოიყენა ჩემი ცხვირი, როგორც კრივის ტომარა, რომ სიმღერის დროს ყელში მიმავალი სისხლის გემო ვიგრძენი” – წერს ტინა.

მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ, ტინამ განაგრძო კარიერის აღდგენა და გახდა 80-90-იანი წლების ერთ-ერთი უდიდესი პოპ და როკ ვარსკვლავი, ჰიტებით, როგორიცაა:  Let’s Stay Together, Steamy Windows, Private Dancer, James Bond theme GoldenEye, I Don’t Wanna Fight და It Takes Two.

ტინამ ასევე ითამაშა 1985 წელს ფილმში Mad Max Beyond Thunderdome – რომელშიც შეასრულა მისი კიდევ ერთი ჰიტი,  We Don’t Need Another Hero და The Who’s 1975 წლის როკ ოპერა ტომი Acid Queen-ის როლში.

ტინამ ბედნიერება მეორე ქმართან, გერმანელი მუსიკის აღმასრულებელთან ერვინ ბაკთან ერთად იპოვა. მათ ურთიერთობა 80-იანი წლების შუა ხანებში დაიწყეს და 2013 წელს დაქორწინდნენ.

წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობდა და ტერნერმა შვეიცარიის მოქალაქეობა მიიღო.  2017 წელს ერვინმა ტინას ერთი თირკმელი გადაუნერგა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ტინა თირკმლის უკმარისობით იყო დაავადებული.

ტინამ ასევე განიცადა ტრაგედია 2018 წელს უფროსი ვაჟის, კრეიგის თვითმკვლელობით დაკარგვით. მისი მამა იყო ტერნერის ყოფილი ჯგუფის წევრი,  რეიმონდ ჰილი.

კიდევ ერთი ვაჟი, რონი, რომლის მამა იყო აიკ ტერნერი, გარდაიცვალა 2022 წელს. ტინას ასევე ჰყავდა ორი ნაშვილები ვაჟი, აიკ უმცროსი და მაიკლი, აიკის შვილები წინა ურთიერთობიდან.

1993 წელს ტინას ცხოვრებაზე გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი What’s Love Got To Do With It, რომელმაც ანჯელა ბასეტს ვარსკვლავის როლის შესრულებისთვის ოსკარის ნომინაცია მოუტანა. გარდა ამისა, 2021 წელს HBO გადაიღო დოკუმენტური ფილმი ტინაზე.

2018 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან Marie Claire-თან ინტერვიუში ტერნერმა თქვა: „ხალხი ფიქრობს, რომ ჩემი ცხოვრება რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მშვენიერი მოგზაურობა იყო. რაც უფრო ბერდები, მით უფრო ხვდები, რომ მნიშვნელოვანი ის კი არაა რა მოხდა, არამედ ის თუ როგორ გაუმკლავდი“.

სელინ დიონის ახალი სინგლი გამოვიდა

მომღერალმა დეკემბერში ღიად ისაუბრა მისი იშვიათი ნევროლოგიური  დაავადების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს სიმღერაზე. გასულ ხუთშაბათს კი, მის ინსტაგრამ გვერდზე სასიამოვნო სიახლე გამოქვეყნდა – სინგლი “Love again” გამოვიდა. 

აღნიშნული სინგლის სახელი არის ამავე სახელწოდების ფილმის საუნდრეკი. ფილმი ეკრანზე მალე გამოვა, მთავარ როლში პრიანკა ჩოპრა მონაწილეობს. ფილმის პრემიერა 5 მაისს იქნება, 12 მაისს კი სელინ დიონის ალბომის პრემიერა იგეგმება, ალბომში 5 ახალი სიმღერა იქნება შესული. 

გასული წლის დეკემბერში მომღერალს დაუდგინდა რიგიდული პერსონის სინდრომი – ნევროლოგიური დაავადება, რომელიც მილიონიდან ერთ ადამიანს აქვს. 

”მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ცოტა ვიცით ამ იშვიათი დაავადების შესახებ, ეს არის ის, რაც იწვევს ჩემს სპაზმს”, – თქვა მან სოციალურ მედიაში. ”სამწუხაროდ, ეს სპაზმები გავლენას ახდენს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე, ზოგჯერ იწვევს სირთულეებს სიარულის დროსაც და არ მაძლევს საშუალებას გამოვიყენო ვოკალური იოგები ისე, როგორც მიჩვეული ვარ, რომ  ვიმღერო.”

 

წყარო: https://advocatechannel.com/celine-dion-announces-new-music-amidst-health-battle 

12 ქვიარ მუსიკოსი, რომელთა გარეშე 2021 წელი ბევრად მოსაწყენი იქნებოდა

/

2021 წელი მრავალი გამოწვევით იყო სავსე, თუმცა ერთ-ერთი ნათელი წერტილი ქვიარ არტისტების არაერთი კარგი ნამუშევარი იყო. Lil Nas, St. Vincent, Demi Lovato თუ სხვა მუსიკოსები მთავარ სასაუბრო თემად იქცნენ და ჩარტებში ლიდერობაც მოიპოვეს. ამ სტატიაში ჩამოთვლილი 12 ალბომიდან, ალბათ, ნაწილი უკვე გსმენიათ, ზოგიერთსაც ახლა აღმოაჩენთ და მერწმუნეთ, დიდხანს იღიღინებთ.

12. Demi Lovato – Dancing with the Devil… the Art of Starting Over

2021 წელს დემი ლოვატომ ერთგულ ფანებს მრავალი სიახლე გაუზიარა. წლის დასაწყისში გამოსულ დოკუმენტურ სერიებში ნარკოტიკების ზედოზირების, სექსუალური ძალადობისა და დამოკიდებულების გადალახვის რთულ პროცესზე ისაუბრა, მოგვიანებით კი, საკუთარ გენდერულ იდენტობაზე ალაპარაკდა და თქვა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე არტისტია. შეიძლება, მისი მუსიკა ნაკლებად მოგწონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მომღერალმა საკუთარი პლატფორმა არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე სასაუბროდ გამოიყენა, რაც მის ალბომში – Dancing with the Devil… the Art of Starting Over – გაგრძელდა. „ვეძებდი პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც პასუხები არ არსებობს, ჯოჯოხეთი გამოვიარე“, – მღერის ლოვატო ყველაზე გულწრფელ ალბომში, რაც აქამდე ჩაუწერია და ცდილობს, მსმენელებს ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის გზა დაანახოს.

11. Cavetown – Man’s Best Friend

23 წლის ბრიტანელი არტისტი სასცენო სახელით – Cavetown, ახალ ალბომში მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებზე, დაშორებაზე, საკუთარი თავის ხელახლა შენებაზე მღერის. ინდი პოპ-როკ ალბომს სიმშვიდე, გულწრფელობა და იმედიანი ტექსტები გამოარჩევს, რაც, შესაძლოა, მსმენელს მსგავსი გამოწვევების გადალახვაში დაეხმაროს. თუ Cavetown-ის საუკეთესო ალბომი ჯერ არ მოგისმენიათ, შანსი აუცილებლად უნდა მისცეთ, შეიძლება, ზოგიერთმა სიმღერამ თქვენს ფლეილისთშიც დაიკავოს ადგილი.

10. St. Vincent

2 გრემის მფლობელმა St. Vincent-მა 2021 წელს გამოსული ალბომისთვის – Daddy’s Home, კიდევ ერთი ნომინაცია მოიპოვა. საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის ნომინირებული მუსიკოსი 70-იანების როკ-ენ-როლს მიაგებს პატივს და სასიყვარულო ურთიერთობაზე მღერის, რაც ხშირად საშიში და მოულოდნელობებით აღსავსეა. ალტერნატიული ჟღერადობის ალბომი მშობლობაზე, დაშვებულ შეცდომებს და შვილის ყოლასთან დაკავშირებულ შიშებზეა და 2021 წლის საუკეთესო ალბომებში ღირსეულად იკავებს ადგილს.

9. Girl in Red – if i can make it go quiet

22 წლის ნორვეგიელი მუსიკოსი ყველა იმ გამოწვევაზე მღერის, რომელიც ჯენზი თაობას ყველაზე მეტად აღელვებს. მენტალური ჯანმრთელობა, საკუთარი იდენტობის ძიება და ურთიერთობები ახალგაზრდა არტისტის მთავარი სათქმელია, რასაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და გულწრფელობით ახერხებს. Girl in Red ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მნიშვნელოვანი ფორმისა და შინაარსის ძიების საუკეთესო მაგალითია და ალბომის არაერთი სიმღერა შეძლებს თქვენს გონებაში კარგა ხანს დარჩეს.

8. Doja Cat – Planet Her

რამდენიმე წელია Doja Cat-ის სიმღერები ტიკტოკ ტრენდებად იქცა. პოპ შემსრულებლის მარტივად დასამახსოვრებელი ტექსტები და მუსიკა, რომელიც ცეკვის ხასიათზე დაგაყენებთ, თანამედროვე პოპ კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მომღერალი საკუთარ სიმღერებში დისკო ჟღერადობის და ფანკის გავლენის ასახვას შესანიშნავად ახერხებს და Planet Her ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

7. Adult Mom – Driver

შეყვარებულთან დაშორების, გულისტკივილის და რთული პერიოდის გადალახვის, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღების შესახებ ჩაწერილი Driver – შესანიშნავი ალბომია, რომელშიც ორგანულად არის ჩაშენებული სოციალური კომენტარი თუ მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები, რასაც კარგი იუმორი, საინტერესო ჟღერადობა და გამორჩეული ვოკალი ერთვის. შესაძლოა, ეს ალბომი ჯერ არ მოგისმენიათ, მაგრამ გირჩევთ, დღესვე ჩართოთ და მოზარდობის საყვარელი მუსიკის გავლენები და ახალი სათქმელიც აღმოაჩინოთ.

6. Joy Oladokun – In defense of my own happiness

ახალგაზრდა ქვიარ მუსიკოსის ეს ალბომი საკუთარი თავის მიღების, იდენტობის და ბედნიერების ძიებაზეა. გულწრფელი ტექსტები, შესანიშნავი ვოკალი და მარტივი, თუმცა საინტერესო ინსტრუმენტალური თანხლება ამ ალბომს გამორჩეულ სიამოვნების წყაროდ აქცევს. თუ არტისტს საკუთარი თავის ძიების გზაზე წაჰყვებით და ალბომს მოუსმენთ, მიხვდებით, რომ რაღაც ახალი თქვენი გამოწვევების შესახებაც ისწავლეთ.

5. Brockhampton – Roadrunner: New Light, New Machine

ჰიპ-ჰოპი მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჰეტერონორმატული ნარატივების გაჟღერების მთავარი წყარო იყო, თუმცა ბოლო წლებში ეს მდგომარეობა იცვლება, რისი დადასტურებაც Blockhampton-ია. ჰიპ-ჰოპ დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა სექსუალური იდენტობის და ეთნიკური წარმომავლობის არტისტებს აერთიანებს, აქამდე არსებულ ნარატივს ცვლის და ახალ სათქმელს ამბობს, თანაც, ამას საინტერესო მუსიკის შექმნით ახერხებს. დაჯგუფების ახალი ალბომი ამის კიდევ ერთი მაგალითია – ჰიპ-ჰოპ ტრადიციების გამეორება და სათქმელის ახლებურად მოყოლა ალბომის მოსმენას შესანიშნავ გამოცდილებად აქცევს.

4. Japanese Breakfast – Jubilee

მუსიკოსის თქმით, ბედნიერების დიდებაზე დაწერილი Jubilee ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც 2000-იანების საუკეთესო პოპ ნამუშევრებსაც გაგახსენებთ, ინდი მუსიკის ხიბლსაც გაგრძნობინებთ და ახალ ჟღერადობებს და სათქმელსაც გაგიზიარებთ. „როგორი გრძნობაა საკუთარი ძალაუფლების მწვერვალზე დგომა, ყველა გულის მოხიბლვა?“ — მღერის Japanese Breakfast და მსმენელსაც უზიარებს ბედნიერებას, რომელიც რთული პერიოდის დასრულებას მოსდევს.

https://youtu.be/zqrEVwTnlF4

3. Mykki Blanco – Broken Hearts and Beauty Sleep

კიდევ ერთი გამორჩეული ქვიარ არტისტი, რომელიც მეინსტრიმის ნაწილი არ არის, თუმცა ყველასგან გამორჩეულ მუსიკას ქმნის და ბევრად დიდ ყურადღებას იმსახურებს, რეპერი Mykki Blanco-ა. მუსიკოსი რეპის, ფანკის, ფოლკის, R&B-ს გაერთიანებას ახერხებს, მაგრამ ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, სიმარტივის, ჩამთრევი რითმებისა და ტექსტების შენარჩუნებას ახერხებს. დამსხვრეული გულებისა და გამაჯანსაღებელი ძილის შესანიშნავი მუსიკალური ამბავი ნებისმიერ მსმენელს კარგა ხანს დაამახსოვრებს თავს.

2. Tune-Yards – Sketchy.

თუ დიდი სიამოვნების მისაღებად და საცეკვაოდ მზად ხართ, ეს ალბომი უნდა მოისმინოთ, რომელიც ისეთ თემებზე მოგიყვებათ, როგორიც გენდერული დისფორია, კლიმატის ცვლილება, აბორტის უფლება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი სათქმელია, მაგრამ ამას თავბრუდამხვევი სიმსუბუქით შეძლებს. ქაოტური, ერთმანეთში აზელილი ჟღერადობები, შეძახილები, ინსტრუმენტები ალბომის მოსმენას სულაც არ ართულებს, მეტიც, 37 წუთი ისე გაივლის, ვერ შეამჩნევთ და ხელახლა მოსმენას მოგანდომებთ.

1. Lil Nas X – MONTERO

MONTERO ამ სიის ჩემი ფავორიტი ალბომი არაა, მაგრამ 2021 Lil Nas-ის წელი იყო. 22 წლის რეპერმა არაერთი ქვეყნის ჩარტების ლიდერობა მოიპოვა და 5 გრემის ნომინაცია მიიღო. საკუთარ იდენტობაზე ღიად მოსაუბრე არტისტი საკუთარი მუსიკით ცვლილებებს იწვევს, რაც ამ ალბომს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ძალას ანიჭებს. ამ ალბომის რომელიმე სიმღერა მაინც აუცილებლად მოსმენილი გექნებათ და მოგწონთ თუ – არა, თავს დაგამახსოვრებთ, ცეკვის განწყობაზე დაგაყენებთ, სიმარტივით მოგხიბლავთ. მეტი რა უნდა ქნას 22 წლის არტისტმა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო?!

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური

ლედი გაგას შემოდგომა: დედა მონსტრმა ალბომ “Chromatica”-ს რემიქსი გამოუშვა

/

პატარა მონსტრებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით! ლედი გაგამ ცოტა ხნის წინ მისი ბოლო სტუდიური ალბომის „Chromatica”-ს რემიქსi გამოუშვა. ალბომის ერთ-ერთი სინგლის „Rain on me”-ს რემიქსს არაბინარული დიჯეი და მუსიკოსი Arca აკეთებს.

ალბომში ასევე შესულია ისეთი ავტორების რემიქსები, როგორებიც არიან: Charli XCX, Bree Runway, LSDXOXO და ა.შ.

წყარო: them.us

ჯენესის ბრაიერ პი-ორიჯი – ხელოვნება, როგორც ცხოვრება

/

“Life is a vacuum pump, always sucking me dry

Anyway, I love you anyway you say”

2020 წლის 14 მარტს გარდაიცვალა ინდუსტრიული სუბკულტურის დამაარსებელი, პოეტი, ვიზუალური არტისტი, ოკულტისტი და ბრიტანელი საკულტო ხელოვანი – ჯენესის ბრაიერ პი-ორიჯი. მან თავისი შემოქმედება აქცია ბრძოლად, რომელიც იყო ერთგვარი რეაქცია, პროტესტი დასავლური მეინსტრიმული ხელოვნებისა და სოციუმის წინააღმდეგ.

პირველი ინფორმაცია, რომელსაც ჯენესის პი-ორიჯის შესახებ გუგლში ნახავთ, არის ის, რომ იგი არ იზიარებდა ტრადიციულ გენდერულ დაყოფას ქალად და კაცად. მისი მიდგომა საკუთარი იდენტობის, გარეგნობისა და სქესის მიმართ, იყო ცალსახა და ზოგისთვის რადიკალურიც კი. ჯენესისს და მის პარტნიორს – ჟაკლინ ბრაიერს (ლედი ჯეის), ყოველთვის მოიხსენიებენ ნაცვალსახელებით S/he H/er. მათ შეიმუშავეს პროექტი – The Pandrogeny Project, რომლის მიზანი იყო ”დაარღვია ბილოგიური სქესის შეზღუდვები და გამოეხატა ერთმანეთის მიმართ უპირობო სიყვარული”. ისინი ფიზიკურ სხეულს გამოყოფდნენ ”მე”-სგან და მიიჩნევდნენ, რომ ”მე” არის გონება, განცალკევებული სხეულისგან. ”ჩვენ (ჯენესისი და ჟაკლინი) არასდროს მივიჩნევდით თავს მომხიბვლელად, ჯეის რამდენიმე წელი დასჭირდა დავერწმუნებინე, რომ მე მშვენიერი ვიყავი და ეს არ იყო დაკავშირებული ფიზიკურ სხეულთან.”

 

ჯენესისის შემოქმედება ყოველთვის ხდებოდა მის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის წყარო. მან შექმნა ჯგუფი C.O.U.M. Transmissions, რომელმაც პრინციპული შეხედულებების გამო, უარი უთხრა ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდიას და დაარსა მიწისქვეშა (ანდერგრაუნდ) ლეიბლი Industrial Records. მაღალი ხარისხის გაწმენდილი ხმის ნაცვლად, ჯენესისს და მის ჯგუფს შემოჰქონდათ ახალი ჟღერადობა, ხმაური. ეს იყო როკ მუსიკის ერთგვარი გარდაქმნა სიურეალისტური ხედვებითა და პროვოკაციებით. ისინი მრავალი ახალგაზრდის ინსპირაციის წყაროდ იქცნენ. ”ჩვენ ძალიან გვანრისხებდა პრივილეგირებული კულტურული და კლასობრივი სისტემა, განსაკუთრებით, ბრიტანეთში, რომელიც წამლავდა ყველას და ყველაფერს.”

ჯგუფის სიმღერები აღწერდა ტოქსიკურ გარემოს და მის ზეგავლენას ფიზიკურ სხეულზე, ადამიანის ყოფასა და მის რეაქციაზე გარემოს მიმართ. კაპიტალიზმი ფიზიკურად ანადგურებდა დასაქმებული ადამიანების სხეულს, ინდუსტრიალური მუსიკა კი მიმართული იყო სისტემური ჩაგვრის წინააღმდეგ, სადაც ისმოდა ადამიანების, მათი პროტესტის ხმა.

Psychic TV-ის დაფუძნებისა და სახელოვნებო ოკულტისტური კოლექტივის შექმნის შემდეგ, ბრიტანული კონსერვატიული საზოგადოება მათ სატანისტებად მოიხსენიებდა. არაერთხელ გაჩხრიკეს პი-ორიჯის სახლის სხვადასხვა ბრალდების საფუძველზე. იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი ოჯახთან ერთად, რადგან პოლიციამ გამოუცხადა, რომ ვერ აძლევდა მათ უსაფრთხოების დაცვის გარანტიას. ”ამის საპასუხოდ, საუკეთესო გზად მიმაჩნდა ამერიკაში წასვლა და იმის დამტკიცება თითოეული ადამიანისთვის, რომ ჩვენც მათნაირი ვართ. ჩვენც მოაზროვნე და მოსიყვარულე ადამიანები ვართ.” – ამბობდა ჯენესისი. მოგვიანებით კი აღნიშნავდა, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, ახლა იგი უყვართ და ამერიკაც ძალიან კეთილი იყო მის მიმართ.

პი-ორიჯი ასევე უპირისპირდებოდა რელიგიის მიერ დაწესებულ დოგმებს, რომელიც ჩარჩოში აქცევდა ადამიანებს. მუსიკის გარდა, პი-ორიჯი ქმნიდა ინსტალაციებსა და ნახატებს, რომელიც სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში იკავებდა ადგილს.

 

 

 

ნიუ-იორკში ერთ-ერთი ვიზიტისას, როდესაც ჯენესისს ჯერ კიდევ Neil Andrew Magson ერქვა, იგი ხვდება ჟაკლინ ბრაიერს (ლედი ჯეის), რომელთან ერთადაც მოგვიანებით განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის. The Pandrogeny Project-ს. ”როდესაც ეს მშვენიერი არსება დავინახე, მაშინვე გავიფიქრე: სამყარო თუ მომცემს ნებას ამ ქალთან ერთად ყოფნის, ვიცი, ცხოვრების ბოლომდე მასთან ვიქნები” – ამბობს ჯენენსისი. მათი სიყვარულის ისტორია სრულიად უნიკალური იყო, ასევე ძალიან რომანტიკული და სევდიანიც. შვილის ყოლის ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ერთი მთლიანი პანდროგენული ადამიანი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მათ გაიკეთეს პლასტიკური ოპერაციები (სახის, მკერდის და ა.შ.) რომლის მეშვეობით, ისინი თანდათანობით დაემსგავსნენ ერთმანეთს და ბოლოს იდენტიფიცირდნენ როგორც ერთი არსება – Breyer P-orridge.

ლედი ჯეი 2007 წელს გარდაიცვალა მუცლის ღრუს სიმსივნით. ”ჯერ კიდევ მგონია, რომ კარებში შემოვა და რაღაცას მეტყვის. ხანდახან ხმამაღლა ველაპარაკები ხოლმე” – ამბობდა ჯენესისი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჯენესის პი-ორიჯის დაპირისპირება სოციუმთან და უმრავლესობასთან დაცლილი იყო ყოველგვარი ზედაპირულობისა და თვალთმაქცობისგან. არ ეშინოდა, იყო უკომპრომისო და ბოლომდე სჯეროდა იდეების. მან შეძლო საკუთარი თავის (”მე”-ს) რეალიზება მრავალმხრივ და შეცვალა დამოკიდებულება სქესთან/გენდერთან მიმართებაში.

ავტორი: ნინო ბექაია