”ჩემთვის პრაიდი წინააღმდეგობისა და ზეიმის კომბინაციაა – ერთად ვეწინააღმდეგებით სიძულვილსა და გაუნათლებლობას, ამავდროულად, ვზეიმობთ ერთმანეთს. მე ყველა ქვიარ ადამიანი მეამაყება, რადგან თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჭიდილი უწევს. ეს პროცესები არასდროსაა მარტივი და მძიმედ აისახება ადამიანის მენტალურ ჯამრთელობაზე. ამის მიუხედავად, აქ ვართ, არ ვნებდებით, ვცხოვრობთ, გვიყვარს და გვიხარია.
დღის ბოლოს ყველანი უბრალოდ ადამიანები ვართ და ვცდილობთ, ბედნიერები ვიყოთ. ხშირად ვფიქრობ, რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო, ერთმანეთის მიმართ უფრო ემპათიურები რომ ვიყოთ. არავინ ვიმსახურებთ, ვიყოთ დისკრიმინაციის მსხვერპლი ჩვენი ორიენტაციის, გენდერის, რასის, რელიგიისა და სხვა ფაქტორების გამო.
მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა უნდოდეს თანასწორი საზოგადოება. მე მტკივა სხვა ადამიანების უბედურება. იმედი მაქვს, მათაც ექნებათ სურვილი, მომისმინონ და დამეხმარონ პრობლემის აღმოფხვრაში. დღეს მე ვიბრძვი ჩემთვის, ხვალ სხვა იბრძოლებს. თუ ერთმანეთს სოლიდარობას გამოვუცხადებთ და გვერდით დავუდგებით, ჩვენს ბრძოლებს წარმატების შანსი გაეზრდება.
დიახ, მე მივდივარ პრაიდზე. ონლაინ აქტივიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფიზიკურ სივრცეში შეკრება აუცილებელია. ფიზიკურ სივრცეში ადამიანებს ეკრანს მიღმა ხედავ, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ამ ქვეყნის ნაწილი ვართ და არსად მივდივართ, რომ ვდგავართ და ვიბრძვით თანასწორი პირობებისათვის და უკეთესი მომავლისთვის.”