ბარბარა ჰამერი ამერიკელი ქვიარ არტისტი და კინორეჟისორია, რომელიც სამოცდაათიანი წლების დასაწყისში სან-ფრანცისკოში სწავლობდა კინორეჟისურას. სწავლის დამთავრების შემდეგ, არტისტმა გადაწყვიტა, ქამინგაუთი გაეკეთებინა, გაშორებოდა ქმარს და ექსპერიმენტული ფილმების გადაღება დაეწყო თავის პერსონალურ გამოცდილებაზე.
კინორეჟისორისა და ფოტოგრაფის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი Dyketactics, რომელიც 1974 წელს გამოვიდა, პირველ ლესბოსურ ფილმად მიიჩნევა. ქვიარ არტისტი 50 წლის განმავლობაში იღებდა ფილმებს და ცდილობდა, დაენგრია ლესბოსელი ქალებისა და, ზოგადად, ქალების გარშემო არსებული ტაბუები და ნორმები, ამასთან ერთად, სათქმელის გადმოსაცემად არტისტი ყოველთვის ეძებდა სხვადასხვა გზას, პიონერ კინორეჟისორს ეკუთვნის სხვადასხვა არტისტული ინსტალაცია, პერფორმანსი, ფოტოების სერია, ნახატები და კოლაჟები.
2019 წელს გარდაცვლილი არტისტის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ქალების ცხოვრება მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში, ჰომოსექსუალი წყვილების გამოცდილება, სიბერე, სიყვარული და სიკვდილი. კინორეჟისორის ფილმოგრაფია 80-მდე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმს იტევს, მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით – Nitrate Kisses, 1992 წელს გამოვიდა.
გთავაზობთ ბარბარა ჰამერის ფოტოებს, რომელიც 1970-იან წლებში არის გადაღებული და შესანიშნავად ასახავს ქალების სიყვარულს, სამყაროს, რომელიც დაცლილია სიძულვილისგან, მალვისა და შიშისგან:
ბარბარა ჰამერი 1970-იან წლებში